აპოკალიფსისი > განმარტება
იოანეს სახარება - აპოკალიფსისის გასაღები
ადრე მოტანილი მსჯელობების გათვალისწინებით სრული დარწმუნებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცხადების წიგნი გახლავთ თორმეტიდან ერთ-ერთი მოციქულის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის შრომა. რომელიც, გარდა ამისა, ოთხი კანონიკური სახარებიდან ერთის ავტორია; მას ეკუთვნის ასევე სამი კათოლიკე ეპისტოლე, რომელიც წმიდა წერილის ღმრთივსულიერ კანონში შედის.
რადგან წმიდა წერილის კანონში არსებობს ერთი და იგივე ავტორის რამოდენიმე სხვადასხვა შრომა, - ქრისტიანებს აქვთ შესაძლებლობა ამ ტექსტებში განიხილონ ზოგიერთი ზოგადი ნიშანი, რომელიც ასახავენ და გამოხატავენ მოციქულ იოანესთვის დამახასიათებელ ლიტერატურულ და საღვთისმეტყველო თავისებურებებს, ანუ "საავტორო სტილს".
თუკი ასეთი განხილვის შემდეგ შესაძლებელი იქნება (ნაწილობრივ მაინც) განისაზღვროს, თუ რაშია ეს თავისებურებები და როგორ ვლინდებიან, - ამგვარი შესწავლა ძალზედ სასარგებლო აღმოჩნდება მოციქულ იოანეს ყველაზე რთული წიგნის გასაგებად, რომელიც, უდავოდ, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაა.
ამასთან უეჭველია, რომ იმ სტილისტური, აზრობრივი და საღვთისმეტყველო თავისებურებების განხილვის კონტექსტში, რომელიც დამახასიათებელია მოციქულ იოანეს შრომებისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ოთხი კანონიკური სახარებიდან ერთი, რომელიც "იოანეს სახარებად" იწოდება. და არა მარტო იმიტომ, რომ ეს მოციქულის ყველაზე მოცულობითი შრომაა, რომელშიც მოცემულია და სრულად გამოხატულია მისი წინასწარმეტყველური სიტყვის "ინდივიდუალური" თავისებურებები, - არამედ იმ მიზეზითაც, რომ წმიდა წერილში არის სამი სახარება, რომელთაც "სინოპტიკურები" ეწოდებათ (მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებები), ისინი ეძღვნებიან იმავე აზრებს და მოვლენებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მეოთხე სახარება განვიხილოთ არა მარტო "თავისთავად", არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედარებების პრიზმაში.
შედარებების დროს, სადაც ვაკვირდებით ერთი და იმავე მოვლენების გარეგან (ფორმალურ) განსხავვებებს (ანუ ინფორმატიული ასპექტის, მოვლენათა წარმოდგენის მეთოდების და ა. შ. პრიზმაში), უპირველეს ყოვლისა აუცილებელია განსაზღვრულ იქნას მეოთხე სახარების აზრობრივი და საღვთისმეტყველო თავისებურებანი.
გარდა ამისა, აქვს აზრი განვიხილოთ მიზეზები, თუ რატომ გაჩნდა მოციქულ იოანეს სახარებაში ზოგიერთი ეპიზოდი, დეტალი და დაწვრილმანება, რომლითაც ის თითქოსდა ავსებს სინოპტიკოსთა მოწმობებს.
თუკი შედეგად (თანაც ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვექნება მეოთხე სახარების სრული და ყოველმხრივი ანალიზის პრეტენზია) შესაძლებელი გახდება მივიდეთ რაიმე საერთო შედარებით დასკვნებამდე, რომელიც განსაზღვრავს მოციქულ იოანეს "საღვთისმეტყველო სტილის" სპეციფიკას, - ამგვარ საფუძველზე უფრო იოლი იქნება იმ საიდუმლო აზრების თავისებურებებზე მსჯელობა, რომლებიც იოანეს გამოცხადების წიგნშია მოცემული.