აპოკალიფსისი > განმარტება
დროთა სიმბოლოები იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში
როგორც წინა სტატიაში ვწერდით, ერთ-ერთი ყველაზე არსებითი თავისებურება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებისა მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს "დროით" სიმბოლოებს საყოველთაო ახალაღთქმისეული აზრით, და ერთ პანორამად შემოკრებს არა მარტო სხვადასხვა და, თითქოსდა ურთიერთ დაუკავშირებელ ძველაღთქმისეულ მითითებს ბუკვალურ საათებზე, დღეებზე, თვეებზე, სეზონებზე და წლებზე, არამედ იმ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებსაც, რომლებიც მონიშნული იყო ძველაღთქმისეული დღესასწაულების წეს-განგებებში.
თანაც ეს ყველაფერი წარმოდგენილია ისეთი გასაოცარი სახით, რომ აზრობრივ-შედეგობრივ პანორამაში უბრალოდ კი არ "იხსნება" დროისა და ვადების ლოგიკა, რომლებიც ძველ აღთქმაშია ნახსენები, - არამედ ხდება ამ სიმბოლოთა ახალი მნიშვნელობებით აღვსება, რომელიც სრულყოფილი აღთქმის სულიერი რეალობისთვის არის დამახასიათებელი.
ასე, რომ ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის სიმბოლურ-წინასწარმეტყველური პანორამები, თვით გამოცხადების წიგნიც ექცევიან ორგანულად ურთიერთდაკავშირებულ ახალაღთქმისეულ მოწმობათა ჩარჩოში, რომლებიც სულიერ დონეზე ყველაზე ამაღლებულ ქრისტიანულ მნიშვნელობებზე "მეტყველებენ".
(განსაზღვრულ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებაც ლაპარაკი იყო ადრინდელ პუბლიკაციებში, ეს მნიშვნელობები გამოცხადებაში პირდაპირ მტკიცებულებებში როდია დახატული, არამედ მეტაფორულ-სიმბოლური თხრობის ფორმით.
რადგან ძველაღთქმისეულ წერილში მონიშნულ დროთა ხატებანი, რომლებიც გამოცხადებაში არც პირდაპირ არის განმარტებული და არც ბუკვალური ძველაღთქმისეული დაწესებებისა და მოვლენების დამოწმებით, რომლებშიც ეს ხატებანი იყნენ წარმოჩენილნი, - ამგვარ ხატებათა (სიმბოლოთა) აზრი დაფარული რჩება მეტაფორულ აღწერებში და სრულიად მიუწვდომელია მათთვის, რისაც მაცხოვარი იგავთა განმარტების დროს "გარეშეებს" უწოდებს, შეად. - მკ. 4:11-12, ლკ. 8:10, ინ. 12:40, ებრ. 4:2 და სხვა).
ასეა თუ ისე, დროითი
სიმბოლოები, რომლებიც იოანეს გამოცხადებაშია წარმოდგენილი, საკმაოდ რთულია გასაგებად.
ამიტომ იმისთვის, რათა ვიგრძნოთ და შევიცნოთ მათი ამაღლებული ერთობა, აქვს აზრი ამ
სიმბოლოებს შევხედოთ არა იმ ცალკეული ხილვებისა და სიუჟეტების კონტექსტში, რომლებშიაც
ყოველი მათგანია მოხსენიებული, - არამედ შევადაროთ ერთურთს ერთიანი საზოგადო ჩამონათვალის
ჩარჩოებში.
(რადგან ბიბლიურ დროთა ჭეშმარიტი ხანგრძლივობა წარმოგვიდგება არა ბუკვალური მნიშვნელობებით, რომლებიც გვიხატავენ მათ ვადებს, არამედ იმ "შინაგან" ახალაღთქმისეულ მნიშვნელობებად, რომლებზეც ეს სიმბოლური ვადები უთითებენ, - განსახილველ დროით სიმბოლოთა თანმიმდევრობას, რომელთაც მიმართავს გამოცხადების წიგნი, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს).
ამრიგად, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნში სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია შვიდი დრო და ვადა:
1. "ათი დღე", რომელთა შესახებაც საკმაოდ დეტალურად იყო ლაპარაკი ცალკე პუბლიკაციაში, და რომელთა ბუკვალურ წაკითხვას უკავშირდება ჭირი, რომელიც ელოდება სმირნას ეკლესიას:
"ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (გამოცხ. 2:10).
2. "ხუთი თვე", რომლის განმავლობაშიც კალია, რომელიც "უფსკრულის ჭიდან" (გამოცხ. 9:2-3) ამოდის, ძალმოსილია ავნოს ადამიანებს, რომელთაც საკუთარ შუბლზე არ გააჩნიათ მაცხოვნებელი ღვთაებრივი ნიშანი (გამოცხ. 9:4).
"და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს" (გამოცხ. 9:5).
"ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში" (გამოცხ. 9:10).
3. "ორმოცდაორი თვე" (რაც წარმოადგენს ზუსტად სამ წელიწად ნახევარს, ანუ შვიდეულის ნახევარს) და "ათას ორას სამოცი დღე" (რაც პირობითად შეესაბამება ორმოცდა ორ თვეს: 1260 დღე / 30 დღე თვეში = 42).
(მიუხედავად ამისა, დღეებში შვიდი წლის გამოთვლის დროს 1260 დღე არ შეადგენს შვიდეულის ნახევარს: წელიწადში 365 დღე : 7-ზე / 2 = 1277,5 დღეს, ან 1278 დღესაც კი, თუკი, როგორც მინიმუმ გავითვალისწინებთ ერთ ნაკიან წელიწადს, რაც შესამჩნევად განსხვავდება 1260 დღიანი ვადისგან).
ამასთან "ორმოცდაორ" თვიანი ვადა - ეს არის დრო, როდესაც, გამოცხადების თქმით, წარმართებს ეძლევათ უფლება გაქელონ "წმიდა ქალაქი".
"ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:2).
ამავე "ორმოცდაორი თვის" განმავლობაში მხეცი, რომელსაც აპოკალიფსისში "ზღვიდან ამომავალი" ეწოდება, ხილულ ქვეყნიერებაში მოქმედებს და წარემატება:
"და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" (გამოცხ. 13:4-5).
ხოლო "ათას ორას სამოცი დღე" არის ის ვადა, რომელიც განსაზღვრულია ქვეყნად ქრისტეს "ბოლო ორი მოწმის" წინასწარმეტყველური მსახურებისთვის:
"მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი" (გამოცხ. 11:3).
და ეს 1260 დღე, "ქალი", რომელიც თავს "უდაბნოს" შეაფარებს, იქ ღმრთითბოძებული საკვებით გამოიკვებება:
"ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე" (გამოცხ. 12:6).
4. "სამდღენახევარი", ეს არის დროის მონაკვეთი იმ მომენტიდან, როდესაც "ორი მოწმე და წინასწარმეტყველი", რომელთაც დაასრულეს თავიანთი მოწმობა, მოკლულნი იქნებიან "უფსკრულიდან ამომავალი მხეცის მიერ". ეს არის დრო ამ წინასწარმეტყველთა მკვდრეთით აღდგომამდე და ცაში მათ ამაღლებამდე.
თანაც ცალკეა აღნიშნული, რომ ამ "სამდღენახევრის" განმავლობაში ორი მოწმე დაუმარხავი იქნება:
"ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. ... მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:7-12).
5. პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია "დროის, დროთა და ნახევარი დროის" მანძილით (ძვ. ქართ.: "... წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა..." (გამოცხ. 12:14). ეს არის დრო, როდესაც დედაკაცი გაერიდება ურჩხულს და გაფრინდება უდაბნოში, თავის ადგილას (გამოცხ. 12:14), და გამოიკვებება უფლის მიერ.
თანაც ეს დროება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც გველი-ურჩხული "გადმოაგდეს" დედამიწაზე, ხოლო ქალს (დედაკაცს) ეძლევა "ორი ფრთა ვეება არწივისა", რომლის წყალობით მას ადრე მიუწვდომელი ფრენის უნარი ეძლევა:
"მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" (გამოცხ. 12:14).
6. "ერთი საათი", რომლითაც აღნიშნულია მხეცთან ერთად ათი რქის მეფობის პერიოდი, რომელი მმართველებიც "მეფენი" ხდებიან ერთდროულად:
"ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს" (გამოცხ. 17:12-13).
ასეთივე "ბუკვალურ" დროში აღსრულდება უკანასკნელი სამსჯავრო "დიდ ბაბილონზე":
"და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა. ... თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა" (გამოცხ. 18:10, 19).
გარდა ამისა, სიტყვას "ჟამი" თუ გარკვეულ აზრს მივანიჭებთ (არა "გარკვეული დროის" გაგებით, არამედ "ბუკვალური საათის" მნიშვნელობით, რადგან ბერძნ. ტექსტში სიტყვა ὥρας დგას ნათესაობით ბრუნვაში), "ერთსაათიანი" ვადა უმძიმეს მსოფლიო განსაცდელს ნიშნავს:
"რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად" (გამოცხ. 3:10).
7. "ათასი წელი", რომლის განმავლობაში ურჩხული-გველი-სატანა შეპყრობილ იქნება უფსკრულში, ხოლო ზეციური ეკლესია იმეფებს ქრისტესთან ერთად:
"და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსკრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, ... ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა გათავისუფლდება" (გამოცხ. 20:2-7).
რა თქმა უნდა, კონკრეტული წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ზემოთმოტანილი სიმბოლოებიდან უმჯობესია განვიხილოთ იმ წინასწარმეტყველური ხილვის კონტექსტში, რომელსაც ის ეკუთვნის. მაგრამ სწორედ ზოგადი ჩამონათვალი გამოცხადების შვიდი "დროითი" ხატებისა შესაძლებლობას გვაძლევს შევნიშნოთ, რომ მათ უმეტესობას აქვს ერთიანი ახალაღთქმისეული აზრი, და უთითებს არა მომავლის რომელიღაც ცალკეულ ფრაგმენტზე, არამედ დროის მთელ სისავსეზე ქრისტეს პირველი მოსვლიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე.
ასე, მაგალითად, "ხუთი თვე" (გამოცხ. 9:5 და სხვა), ათვლილი "თესვისა და მკის დროითი შკალით" არის "უფლის ჟამის დროება" (შეად. - ეს. 61:2; ლკ. 4:19), - ანუ ეს არის ახალაღთქმისეული ზეციური მკის დროება. ეს მკა დაიწყო "მსოფლიო გაზაფხულით, როდესაც ძველაღთქმისეუოლი პასექის ზეიმზე ღმერთს "პირველი თავთავი" და "ერთწლიანი კრავი" (ანუ თვით მაცხოვარი, შეად. - ლევ. 23:10-12) შესწირეს; ხოლო დასრულდება იგი "წინასწარმეტყველურ შემოდგომას", მთელი ქმნილების განწმენდისა და განახლების დღეებში, როდესაც მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროს კარვობის მსოფლიო დღესასწაული დადგება (შეად. - ლევ. 16:29-33; ლევ. 23:26-36; 25:8-13 და სხვა).
(ახლო აღმოსავლეთის "ფიზიკურ" სასოფლო-სამეურნეო ციკლში ხორბლის საშემოდგომო და საგაზაფხულო თესვის გათვალისწინებით, რომლებიც სიმბოლურად წარმოადგენენ ისრაელს და წარმართებს, მკა გრძელდებოდა სწორედაც ხუთი თვის განმავლობაში: მარტის ბოლოდან სექტემბრამდე. შესაბამისად, ბუკვალური კალია ნათესებს ვნებდა სწორედ ამ დროს: ჯერ "ფეხებით" გამოდიოდა ნათესებში, - მოგვიანებით კი იძენდა დიდ მანძილზე გადაფრენის უნარს, შეად. – "გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად..." (გამოცხ. 9:3).
შემთხვევითი არ არის, რომ ამ ხუთი თვის განმავლობაში ელისაბედი ყველას უმალავდა, რომ მუცელში ყრმა ჰყავდა (ლკ. 1:24-25), შეად.:
"... ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის" (1 ინ. 3:2).
მაშასადამე ამ აზრით წინასწარმეტყველური "ხუთი თვე" წარმოგვიდგება დროდ, როდესაც ვერავინ გარეშეთაგან ვერც დაინახავს, ვერც გაიგებს, რომ "ელისაბედი" უკვე ატარებს "ყრმას", - ხოლო სიმბოლური "ხუთი თვის" გავლის შემდეგ დგება დრო, როდესაც "ყოველივე დაფარული უნდა გაცხადდეს", და უხრწნელი მემკვიდრეობისკენ მოწოდებულნი გაეხსნებიან მთელ სამყაროს თავიანთი მაცხოვრის დიდებითა და მარადიული საღმრთო აღთქმის ნათელმოსილებით (შეად. – 1 ინ. 3:2; ეფეს. 1:18; კოლას. 1:27 და სხვა).
(ფსალმუნის წიგნში რატომღაც ზუსტად ას ორმოცდაათი ფსალმუნია - თითქოსდა სპეციალურად თითო ფსალმუნი ყოველ "ახალაღთქმისეულ დღეზე" "ხუთთვიანი" ვადის განმავლობიდან).
ამასთან გამოცხ. 3:10-ში მინიშნებული "ერთი საათი" ნიშნავს არა მარტო "მხეცის სამეფოს სისავსის" დროებას (შეად. - გამოცხ. 17:12-13). და არა მარტო იმ დროს, რომლის პერიოდშიც უკეთური ბაბილონი სრულად დაიფერფლება (გამოცხ. 18:10). არამედ იმ განსაკუთრებულ დროებას, რომელიც თვით უფალმა მიანიშნა თავის მოწაფეებს იმ დროს, როდესაც მათ მასთან ერთად, ჯვარზე ვნებამდე, მღვიძარებისკენ მოუწოდა.
"დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა? იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური" (მკ. 14":37-38).
მეტიც, თუკი "განსაცდელის ჟამი" (შეად. მკ. 14:37-38), რომელიც "მთელ ქვეყნიერებაზე მოიწევა" (გამოცხ. 3:10), აღვიქვამთ დროდ, რომელშიც აუცილებელია მთელი სულიერი და ფიზიკური ძალებით "თავი შევიკავოთ ძილისგან", - ამგვარ "განსაცდელის ჟამს" იხსნება სახარებისეული იგავის აზრი ათ ქალწულზე, რომლებიც სიძეს ელიან (მთ. 25:1-12), და რომელთაგან ხუთი არ დაელოდა მაცხოვრის მოსვლას და არა სიმბოლური, არამედ პრაქტიკული და ბუკვალური "მკვდარი ძილით" დაიძინა. შეად.:
"შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა" (მთ. 25:1-13).
რაც შეეხება "სრული წინასწარმეტყველური შვიდეულის" სიმბოლოს (ანუ მთელი კაცობრიობის ისტორიისას, რომელიც შვიდწლეულის სახით არის წარმოდგენილი), - გლობალურ ახალაღთქმისეულ მნიშვნელობებთან შეფარდებაში ასეთი "შვიდეული" უნდა დაიყოს ორ მსგავს, თუმცა არცთუ თანაბარ ნაწილებად.
ამ "საყოველთაო შვიდეულის" პირველი ნაწილი აითვლება სამყაროს შექმნიდან (ანუ თიშრეს თვის 1-ლი რიცხვიდან), და მთავრდება მეოთხე წლის პასექით (შეად. - ლევ. 19:23-24). ამასთან სამი სრული წელი და მეოთხე წლის ნაწილი 1 სექტემბრიდან 15 მარტამდე (ეს პირობითი შესაბამისობაა, რადგან ებრაული კალენდარი არის არა მზის, არამედ მთვარისა და მზის) საერთო ჯამში შეადგენენ 1290 დღეს (3 წელი : 365 დღეზე + 6,5 თვე : 30 დღეზე = 1290 დღეს, შეად. - დან. 12:11).
ხოლო შვიდეულის მეორე ნახევარი (ანუ ის 1260 დღე, რომლის შესახებაც მოწმობს გამოცხადების წიგნი (გამოცხ. 11:3; 12:6) იწყება მეოთხე წლის პასექიდან, და მთავრდება "სრული საყოველთაო შვიდეულით", ანუ ყოველი შესაძლო დროების დასრულებით (3 წელი : 365 დღეზე + 5,5 თვე : 30 დღეზე = 1260 დღეს, 1290 + 1260 = 7 სრულ წელიწადს).
(მსგავსი აზრობრივი შესაბამისობები მოიცავს დროთა ყველა სიმბოლოს, რომელიც წმ. წერილშია ნახსენები, და აერთებს მათ ერთ მოწმობებში ახალ აღთქმაზე და იესუ ქრისტეზე, როგორც კაცობრიობის მაცხოვარზე, - ხოლო პირდაპირ და ირიბად ამ მოწმობებში არსებული "შვიდი" უთითებს იმაზე, რომ ყველა მოტანილი გამოთვლა აღსრულებული, დასრულებული და უცვალებელია).
ამრიგად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დროთა სიმბოლოების უმეტესობა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, ისევე როგორც წმ. წერილის სხვა წიგნების ყველა მნიშვნელოვანი "დროითი" და "სადღესასწაულო" სიმბოლო, უთითებს ერთსა და იმავე "წინასწარმეტყველურ" დროზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე, გამონაკლისის გარეშე, მთელი კაცობრიობისთვის.
სწორედ ამ დროს ხრწნად და გარდამავალ ქვეყნიერებაში გაიხსნება მარადისობა, - ხოლო კაცობრიობის მთელი ისტორია "დროთა შკალაზე" ერთ და მთლიან აზრობრივ პანორამად შეიკრიბება.
რადგან ყველაზე მთავარ, ფუძემდებლურ მოვლენად, რომელიც დროთა გლობალურ პანორამას ჰყოფს "მანამდელ" და "შემდგომ" პერიოდებად, და ასევე "ათვლის წერტილი" ხდება "ბოლო ჟამისთვის", წარმოადგენს ახალაღთქმისეული პასექი, - სწორედ უფლის პასექი განყოფს სამყაროს შექმნიდან გასულ დროებას "ზამთრად" და "ზაფხულად"; ღმრთისშემეცნების დროს - "ღამედ" და "დღედ"; ცხონების დროს - თესვისა და მკის დროებად და ა. შ.
ამასთან უფლისა და მისი აღთქმის გარეშე არანაირი არსებითი აზრი "ასტრონომიულ" დროით პერიოოდებს უბრალოდ არა აქვს. რადგან თავის ბუკვალურ მნიშვნელობებში ეს არის მხოლოდ ვადები, რომლებიც ასახავენ მიზერულ და გარდამავალ ცვლილებებს, - ასე რომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელობა მათთვის, ვინც გარდამავლის დასრულებას მოელის (2 კორ. 3:13), რათა იზეიმოს გარდაუვალი, უხრწნელი (1 პეტ. 1:4; 1 კორ. 9:25) და ურყევი მარადისობა (ებრ. 12:27-28).
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.