განმარტება - აპოკალიფსისი, როგორც ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა აღსრულების მოწმობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისი, როგორც ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა აღსრულების მოწმობა
წინასწარმეტყველებათა გადაშლილი წიგნი
მიუხედავად სრულიად აშკარა კავშირისა ძველაღთქმისეულ სიმბოლოებსა და ახალაღთქმისეულ რეალობას შორის, ბიბლიურ მოწმობათა სწორი გულისხმისყოფისთვის, რომლებიც სხვადასხვა ზეციურ "გრაგნილებთან" არის დაკავშირებული, შეუძლებელია მხოლოდ ძველაღთქმისეული ტექსტების კითხვით და მათი სიმბოლური თუ მეტაფორული მნიშვნელობების დაფიქსირებით მივიდეთ. ახალაღთქმისეული დროების სულიერი რეალობა ადამიანს არ ეხსნება ცალკეული "სატაძრო" დეტალებისა და ატრიბუტების ფორმალური განხილვით, რომლებიც ხელთქმნილი კარვის "არქიტექტურულ მოწყობაში" და ძველი აღთქმის სხვა წინასწარმეტყველურ სიმბოლოებშია მონიშნული.
 
მსგავსი ამაღლებული აღქმა შეუძლებელია თვით ახალი ზეციური რეალობის არსის გულისხმისყოფის გარეშე, რომელიც დახატულია გამოცხადების წიგნში, სადაც ანგელოზის ხილვა სპეციალურად (და არა შემთხვევით) "გადაშლილი" წიგნით ხელში (გამოცხ. 10:1-2), ასევე უკანასკნელი მკისთვის გამზადებული ნამგლიანი ანგელოზის გამოცხადება (გამოცხ. 14:17-19), და სხვა დანარჩენი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ძველაღთქმისეულ მოწმობებთან, შეკრებილია ერთ ხატებად და სულიერი გამოცდის ერთ განსაკუთრებულ გაგებად, რომელიც ახალაღთქმისეულ დროებაში ეგზავნება მთელ ქვეყნიერებას და ყოველ "შინაგან ადამიანს".
 
მეტიც, სხვადასხვა "სატაძრო" ხატებათა ურთიერთმოწმობის გათვალისწინებით ყოველი დეტალი და ყოველი ვითარება, რომელიც იოანეს გამოცხადებაშია აღნიშნული, იძენს უბრალო და სრულიად ახალაღთქმისეულ მნიშვნელობას.
 
ასე, მაგალითად, გამოცხადების წიგნის მე-10 თავიდან ანგელოზი იდუმალთმხილველს ეცხადება, როგორც "ციდან გადმომავალი და ღრუბელშემოსილი", - ანუ როგორც განსაკუთრებული ახალაღთქმისეული მისიის შემსრულებელი, რომელიც საღმრთო დიდებით არის შემოსილი (გამოცხ. 10:1).
 
რადგან, როგორც ადრე უკვე ითქვა, გამოცხადებაში მონიშნული ყველა "ზეციური" მისია მარადიული საღმრთო საყდრიდან მომდინარეობს, - ეს "ძლიერი ანგელოზი" ასევე განსაკუთრებული "აღთქმის სიმბოლოთია" აღნიშნული, კერძოდ, მას თავზე ადგას "ცისარტყელა ... და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი" (გამოცხ. 10:1, შეად. გამოცხ. 4:3).
 
შემდეგ ძლიერი და ბრწყინვალე ანგელოზი მარჯვენა ფეხს დგამს ზღვაზე (გავიხსენოთ, რომ ხელთქმნილ ტაძარში გამოსასვლელიდან მარჯვნივ იმყოფებოდა სპილენძის ზღვა), ხოლო მარცხენას - მიწაზე (ხელთქმნილ კარავში გამოსასვლელიდან მარცხნივ იმყოფებოდა სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც აგებული იყო "მიწისგანაც" (გამ. 20:24)). ამასთან ანგელოზის ფეხები, რომელიც იყო, როგორც "ცეცხლის სვეტნი", თავის მხრივ, მოგვაგონებს უზარმაზარ სპილენძის სვეტებს, რომლებიც არშიასავით ევლებოდნენ სოლომონის ტაძრის შესასვლელს (გამოცხ. 10:1, შეად.: "ყველა ეს ჭურჭელი, ... უფლის სახლისთვის, მბზინვარე სპილენძისგან იყო" – 3 მეფ. 7:45). ასე რომ გამოცხადების ანგელოზს ზეციური ტაძრის "ცოცხალი შესასვლელის" მდგომარეობა უპყრია. ხოლო თავად ხელთუქმნელი ტაძარი წარმოგვიდგება ახალი აღთქმის საღმრთო გამოცხადების წყაროდ (ანგელოზს თავზე ახალი აღთქმის სიმბოლო ადგას, ხელში კი "გადაშლილი წიგნი" უჭირავს, მოსეს ფიქალების მსგავსი და იმ წიგნისა, რომელიც ზეციურ საყდართან მიენდო საკვირველ კრავს, შეად.: "... აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას" (გამოცხ. 5:5)).
 
ამასთან ყველა ზემოთაღნიშნული სიმბოლოების შეჯამებით ანგელოზის ხატში, რომელსაც ხელში "გადაშლილი წიგნი" უჭირავს აღსრულდება სხვა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებანიც, როგორც, მაგალითად, "აღთქმის ანგელოზის" გამოცხადება, რომელიც წინასწარმეტყველ მალაქიას ეუწყა:
 
"აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალ. 3:1).
 
გარდა ამისა, როდესაც იდუმალთმხილველი ანგელოზის ხელიდან იღებს "გადაშლილ წიგნს", რომელიც, როგორც ნათქვამია, მან უნდა "შეჭამოს", - ეს წიგნი მას პირში ერთდროულად ეტკბილება, როგორც თაფლი (ბიბლიური ხარების სიმბოლო), და არის, როგორც "გრაგნილი ეზეკიელისა" (ეზეკ. 3:3). ხოლო რადგან საღმრთო გამოცხადება მოიცავს მამხილებელ მნიშვნელობებს, რომლებიც აღასრულებენ მსჯავრს "შინაგან ადამიანზე", - "ხარების თაფლი" თავიდანვე "მუცლის გამწარებას" იწვევს (გამოცხ. 10:10). იგივე სიმბოლო ერთმანეთთან აკავშირებს "ზეციურ წერილს" "ეჭვიანობის კანონთან" (სადაც "ცოლის ერთგულება" "ხარების თესლის" წინაშე, ანუ "თაფლის" წინაშე, განსაკუთრებული "მწარე წყლის" მოწმდებოდა. ამ მოქმედების წინასწარმეტყველური აზრი დაკავშირებულია კერპთაყვანისცემის დაწყევლასთან, ანუ "განადგურებული ხბოს ფერფლთან", შეად. - რიცხვ. 5:11-31; გამოცხ. 8:10-11 და სხვა). თანაც ამ კონტექსტში ნიშანდობლივად წარმოგვიდგება ის მცირე დეტალი, რომ აღთქმის ანგელოზმა კი არ გადასცა იდუმალთმხილველს ზეციური წიგნი, არამედ უთხრა: "მოდი და აიღე" (გამოცხ. 10:9). ყოველ ადამიანს თვითონ მიჰყავს საკუთარი თავი ღმრთის სამსჯავროსთან, - და, აიღებს რა "ხარების გადაშლილ წიგნს" საკუთარ ხელში (შეად. გამოცხ. 10:9 და 5:7), თავის სულსა და გულს გადაშლის მასში გამლღვარი "მწარე" მამხილებელი მნიშვნელობების დასანახად (შეად. - რიცხვ. 5:18-24; ებრ. 4:12):
 
"მივედი ანგელოზთან, და ვუთხარი მას: მომეცი წიგნი. მან კი მითხრა: აიღე და შეჭამე; მწარე იქნება იგი შენს მუცელში, მაგრამ ტკბილი იქნება პირში, როგორც თაფლი" (გამოცხ. 10:9).
 
შესაბამისად, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იდუმალთმხილველი ერთგულ ლევიტელთა მსგავსად გადის მისთვის შეთავაზებულ "სიმწრის გამოცდას", მას "განმეორებით" მიენდობა ახალაღთქმისეული ქრისტიანული მისია (ანუ "... წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" - გამოცხ. 10:11). ეს არის ხარების მისია და ამიტომაც მახარებელთა პირში ის ბიბლიური "თაფლის" მსგავსია.
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის 10-ე თავის წინასწარმეტყველური სიმბოლიზმი იდუმალმხილველს წარმოგვიდგენს ღმრთის ყველა ერთგული მსახურის კრებით ხატად, რომლებიც თავიანთ დასაბამს იღებენ ძველი აღთქმის მღვდელთა და წინასწარმეტყველთაგან, რომელიც ახალაღთქმისეულ მღვდლობამდე და წინასწარმეტყველურ მოწოდებამდე მიდის.

მეტიც, თვით ამ კრებითი მნიშვნელობის ამაღლებულ აზრში მოიპოვება ქრისტეს პატარძლის ნიშნები, რომელიც "ქმრისადმი ერთგულებას" "მწარე წყლის" მიღების, ანუ ეჭვიანობის რჯულის გამოცდით ადასტურებს - რიცხვ. 5:11-31).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 10-ე თავის მოწმობებში დახატულია გლობალური და დიადი სულიერი პანორამა, სადაც ზეციური ტაძრის სტოა (შესასვლელი), რომელსაც აღთქმის ანგელოზი წარმოადგენს, აღწევს მიწას და ზღვისა და სამსხვერპლოს "სპილენძის მთებს" შორის აღებს წინასწარმეტყველთათვის ნაუწყებ "ველს მსჯავრისა და ცხონებისა" (იხ. შესაბამისი პუბლიკაცია). თუმცა ამ "ელეონის ველზე" ღმრთის მომავალი რისხვისგან დამალვა შესაძლებელია მხოლოდ "ზეციური წიგნის შეჭმით", ანუ საკუთარი თავის შინაგან სამსჯავროზე დაყენებით, ანუ საღმრთო ჭეშმარიტებათა წინაშე საკუთარი თავის მიუკერძოებელი განსჯით, რაც "მწარეა მუცლისთვის", ანუ შინაგანი ადამიანისთვის.
 
ამავე სიმბოლოებში არის დახატული განსაკუთრებული ზეციური მღვდელმოქმედება, რომელიც შეესაბამება ძველაღთქმისეულ რჯულს ეჭვიანობის შესახებ, - რადგან ხარების მნიშვნელობებთან ერთად ადამიანი საკუთარი თავის შიგნით იღებს კაცობრიობის წყევლის მწარე წყლებს, რომელიც დამხობილი "ოქროს ხბოს" ფერფლითაა გაჯერებული, რომელიც მაცხოვარმა ზეციური კარვის "იატაკზე" დააბნია (შეად. – "აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის" - რიცხვ. 5:17; გამოცხ. 8:11; გამ. 32:20).
(სინანულის გრძნობაში ადამიანი ასეთ გამოცდას ნებაყოფლობით გადის, - ხოლო იმათში, ვინც თავიანთი ბოროტი გულის სიჯიუტით არ დგებიან ღმრთის შინაგან სამსჯავროზე, ეს ყველაფერი "იძულებით" მოხდება, აღსრულებად სიტყვებისა: "თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: გარდაუვალად შესვამთ!" (იერ. 25:28).
 
გარდა ამისა, სწორედ "ეჭვიანობის რჯულის" წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებთან არის დაკავშირებული იუდა გამცემლის საბოლოო ხვედრი: "... გასივდა, შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი" (საქმე 1:18); შეად. – "... გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო..." (რიცხვ. 5:27), - ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება მეძავ იეზაბელს, რომლის "მუცლის ნაყოფს" არ შეუძლია გაიაროს მწარე წყლის გამოცდა, შეად. – "სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი..." (გამოცხ. 2:23; შეად. - რიცხვ. 5:27; იერ. 17:10).
ასე რომ, საბოლოო ჯამში, ყველა ბიბლიური "გრაგნილი" (გამონაკლისის გარეშე) და "ტაძრის შესასვლელის" მათთან დაკავშირებული ხატებანი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში აღწევენ განსაკუთრებული "გადაშლილი წიგნის" მნიშვნელობას, რომელიც ხელში ცისარტყელით შემოსილ აღთქმის ანგელოზს უჭირავს და, რომელიც ცეცხლოვანი სვეტებით დგას "მიწაზე და ზღვაზე" (გამოცხ. 10:1-2; 10:8-11).
 
რაც შეეხება იმას, რომ ამ ანგელოზს უჭირავს"სატაძრო" მდგომარეობა ("ზღვაზე" და "ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოზე"), - ყველაზე ამაღლებული აზრით ასეთი მდგომარეობა უთითებს ქერუბიმზე, რომელიც ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ დაყენებულ იქნა სამოთხის კარიბჭეთა დარაჯად. მაგრამ ახალაღთქმისეულ დროებაში მისი ზეციური "მბრუნავი მახვილი" (დაბ. 3":24), რომელიც სამოთხის შესასვლელს კეტავდა, წარმოგვიდგება ახალაღთქმისეული გამოცხადების სიტყვით, რომელიც, როგორც ითქვა, "... ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს" (ებრ. 4:12), შეად.:
 
"აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას" (გამოცხ. 3:8).
 
"შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში..." (გამოცხ. 4:1).
 
"და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:12).
 
"მისი ბჭენი არ დაიხშვიან..." (გამოცხ. 21:25).
 
ეს კი ნიშნავს, რომ ზეციური მსჯავრის "სიმწრის" შეცნობა და კრავის პატარძლად გახდომა, ანუ მიერთებას მასთან, ვინც "რჯულიერად" შედის ზეციური ტაძრის კარებში და ზეციურ სამეფო სახლში, შეძლებენ მხოლოდ ისინი, ვინც აღთქმის ანგელოზის "მახვილისთვის" გადაშლის თავის საკუთარ სულს და პატივით გაივლის გულისა და სინდისის გამოცდას, რომელიც "ზეციურ წიგნშია" ჩაწერილი.
 
ამასთან ყველა ზემოთაღნიშნულ მნიშვნელობათა ერთობლიობა ერთ ახალაღთქმისეულ მოწმობად შემოჰკრებს მრავალ ფორმალურ და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა სიმბოლოებს, რომელთა შორისაც არიან:
 
     
  • "კურთხევისა" და "წყევლის" მთათა (ხარიზიმი და გებალა) სიმბოლოები, რომელთა შორის არის სამსჯავროს ველი, სადაც      სამსხვერპლოს ჩრდილოეთი მხრიდან იუწყებოდნენ წყევლას, ქვეყნიერებაში შემომავალი მისი ურჯულოების გამო, - ხოლო სამხრეთის მთასთან მდებარე სიცოცხლის წყლის წყაროდან      ქვეყნიერებაში "ჩამოედინება" ახალაღთქმისეული კურთხევა.
  •  
  • სპილენძის ორ მთას  შორის არსებული ხეობის სიმბოლო, საიდანაც წინასწარმეტყველ ზაქარიას ხილვაში გამოდის ოთხი      ეტლი, რომლებშიც შებმულნი არიან წითელი, შავი, თეთრი და ჭრელ-ნისლისფერი ცხენები; თანაც, ბუკვალურად, იქვე წინასწარმეტყველი იუწყება აღმოსავალს, ანუ კაცს, რომელიც ღმრთის ჭეშმარიტი დიდების ტაძარს აღაშენებს (ზაქ. 6).
  •  
  • უფლის დიდების ხატება, ტაძრის აღმოსავლეთი მხარის კარიბჭეზე მყოფი (ეზეკ. 10:18-19), შემდეგ შედგება ორად "გაყოფილ" ელეონის მთაზე, რომელთა      მწვერვალებზე იხსნება მსჯავრისა და ცხონების ხეობა (ამასთან უფლის დიდების მიერ მიტოვებული ბუკვალური იერუსალიმი, რომლის "აღმოსავლეთით" გაიხსნა მაცხოვნებელი ხეობა, ცეცხლისთვის განწირული ძველი ქვეყნიერების სიმბოლო გახდა (ეზეკ.      11:22-23; ზაქ. 14:4-7).
  •  
  • სპილენძის ორი სვეტის სიმბოლო, რომელიც იდგა ძველაღთქმისეული ტაძრის შესასვლელში, და მიანიშნებდნენ რჯულის მცნებებს ხორცისთვის (2 პარ. 3:17; 3 მეფ. 7:21-22). მათგან ერთი შეესაბამება სპილენძის ზღვას, მეორე კი "სპილენძის მიწას" (ანუ ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოს).
  •  
  • ოქროს ხბოს განადგურების სიმბოლოები, რომელიც "მტვრად აქცია" და "წყალს მოაფრქვია" (გამ. 32:20), რის შემდეგაც ლევიანთა ტომმა გაიარა გამოცდა "მწარე წყლით", შევიდა "უფლის წილხვედრილობაში" და ღირს იქნა მსახურებისა ხელთქმნილ ტაძარში.
  •  
  • უზარმაზარი მფრინვალე გრაგნილი ზაქარიას წიგნიდან, რომელიც იუწყება მსჯავრს ურჯულოებსა და უკეთურებზე (ზაქ. 5:1-4), ასევე გრაგნილი უწყებით: "გოდება, მოთქმა და ვაი" (ეზეკ. 2:9-10), რომელიც მსგავსია "მწარე წყლისა", და განიკითხავს "გულის ზრახვებსა თუ აზრებს" (რიცხვ. 5:23-24; ებრ. 4:12).
  •  
  • ღმრთის სიტყვის მსჯავრის სიმბოლო "შინაგან კაცზე", რომელიც "ეჭვიანობის რჯულშია" გამოხატული (რიცხვ. 5:11-31).
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ოთხი ზეციური ცხოველის სახით ნაჩვენები "ცოცხალი საყდრის"; "ცოცხალი სატაძრო სასანთლისა" (რაც სულიწმიდით ანთებული ეკლესიის სახეა); ყოვლადდასაწველი მსხვერპლის "ცოცხალი ქვებისა" და სხვა მსგავსი სიმბოლოების შემდეგ, - "ცოცხალი ახალაღთქმისეული კარვის" მნიშვნელობები გრძელდება ზეციური ტაძრის "ცოცხალ შესასვლელში", რომელსაც წარმოადგენს ანგელოზი გადაშლილი წიგნით ხელში, და რომელიც ახალაღთქმისეულ დროებაში დგას "მიწაზე" და "ზღვაზე".
(მიუხედავად ამისა, ყველა ზემოთხსენებული სიმბოლო ოდენ მცირედი ნაწილია მნიშვნელობათა იმ ამოუწურავი პანორამისა, რომლებიც გამოცხადების წიგნშია დახატული ზსეციური ტაძრის მეტაფორული სიმბოლიკით. ამიტომაც მრავალი "სატაძრო" ხატება შემდეგაც გახდება განხილვის საგანი, როდესაც ვისაუბრებთ წმ. წერილის ბოლო წიგნის არა საყოველთაო მნიშვნელობებზე, არამედ იმ ბიბლიურ მოწმობებზე, რომლებიც მის ხილვებსა და სიუჟეტებში დეტალურად და დაწვრილებით არიან წარმოდგენილნი).
(ყველა ღია-ყავისფრად მონიშნული თემები გამოქვეყნდება მომდევნო პუბლიკაციებში).

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому