აპოკალიფსისი > განმარტება
სოლომონის ტაძრის ორი სპილენძის სვეტის სიმბოლიზმი
სპილენძის სამსხვერპლოსა და უზარმაზარი სპილენძის ხელსაბანის გარდა, რომელიც "მემკვიდრეობად" შემორჩა ისრაელს მოსეს საველე კარვიდან, სოლომონის ტაძარში იმყოფებოდა ორი "საყოველთაო მთის კიდევ ერთი ხელთქმნილი სიმბოლო, რომელიც სპილენძის ორ სვეტშია მონიშნული, რომლებიც ჩარჩოსავით ამშვენებდნენ ტაძრის სტოას (შესასვლელს).
კადრი ფილმიდან: "მეფე სოლომონი": ბრძენ უბრძენესთა შორის" (1997). ფილმის შემქმნელებმა სწორად შენიშნეს, რომ სპილენძზე დროთა განმავლობაში ჩნდება ობი (მომწვანო ფერის ნადები), - მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ სპილენძის სატაძრო სვეტებს მუდმივად აპრიალებდნენ დამახასიათებელ ელვარებამდე (3 მეფ. 7:45).
ეს ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველური სიმბოლოები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ საკუთარი სახელებიც კი ჰქონდათ: ტაძრის სტოას მარჯვენა სვეტსეწოდებოდა "იახინი" (ანუ "ის ამტკიცებს") - ხოლო მარცხენას "ბოაზი" (ანუ "მასშია ძალა"):
"გამოსახა სპილენძის ორი სვეტი; ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თორმეტი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარშემო მეორე სვეტს... აღმართა სვეტები ტაძრის სტოასთან; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოაზი" (3 მეფ. 7:15, 21).
მაგრამ რადგან ეს "სატაძრო სიმაღლეები" არ იყვნენ ოქროსი, - მატერიალური სიმბოლიზმის შესაბამისად, რომელიც ხელთქმნილი კარვის ყველა დეტალს ახასიათბს, ისინი წარმოადგენდნენ "ხორციელი მცნებების რჯულს" (ანუ "ქრისტესთან მიმგვრელ აღმზრდელს" (შეად. გალატ. 3:24-25), და ვერ იქნებოდნენ ცხონების ჭეშმარიტი კარიბჭენი, შეად.:
"სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, ... დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს" (4 მეფ. 25:13, იგივე მნიშვნელობითაა ნახსენები ისინი იერ. 52:17-ში).
ამასთან ახალაღთქმისეული სატაძრო სასანთლის ორი ზეთისხილი "ოქროს სიმაღლეებია", - ასე რომ სწორედ ორი ზეთისხილის სასანთლე გამოდის აქ სახარების დროებისა და სულიერი ხატების სიმბოლოდ, რომელიც კაცობრიობას აუწყებს მარადიული ცხონების სიტყვას.
(სიტყვამ მოიტანა და, ელეონის მთა, რომელიც წინასწარმეტყველ ზაქარიას ხილვაში გაიყო ჩრდილოეთით და სამხრეთით, რითაც ისრაელის ხალხს გამოუჩინა ცხონების ველი, - ეს ბუკვალურად "ზეთისხილის" მთა, პირდაპირ შეესაბამება "ორი ზეთისხილის" სიმბოლოს და დაკავშირებულია ახალაღთქმისეულ სამეფო და სამღვდლო ზეთისცხებასთან, შეად.: "ეს არის უფლის სიტყვა ... არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით..." (ზაქ. 4:6); "შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ" (ებრ. 1:9).
ამრიგად, ის სიმბოლური ცვლილებები, რომლებიც ასახულია ორი "სატაძრო" მთის მდგომარეობაში, "ფორმასა" და "მატერიაში", მოწმობენ იმაზედ, რომ ახალი აღთქმის დროს იაქინ-ბოაზის სპილენძის სვეტების "ძალის რჯული" იცვლება ორი ოქროს ზეთისხილის სახარებით (ზაქ. 4:2-3, 6), - ხოლო ამასთან დაკავშირებული დაპირისპირებანი ხორციელ და სულიერ ძალთა შორის ასახავს ორი აღთქმის საღმრთო აღმშენებლობის ფუძემდებლურ პრინციპთა განსხვავებას (რომელთაგან პირველი მომდინარეობდა "მიწიერი" სინას მთიდან, ხოლო მეორე მტკიცდება ზეციური სიონის "ოქროს" სიმაღლეებიდან), შეად.:
"რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს, არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა. რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: "მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება". იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: "ვძრწი და ვკანკალებ". არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს, მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს, ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს" (ებრ. 12:18-24).
შედეგად ხორციელი ძალის ნაცვლად, რომლითაც განთქმული იყო ძველაღთქმისეული ისრაელი მის გარემომცველ ხალხთა შორის, ზეციური კარვის ხალხის განმასხვავებელ ნიშნად ხდებიან ძალები, რომელთაც აქვთ სულიერი ბუნება და ადამიანს ანიჭებენ "არა გარეგან სიმართლეს, არამედ იმ შინაგან სრულყოფილებას, რომლებიც კაცობრიობას გამოუჩინა მისმა უფალმა და მაცხოვარმა" (ანუ მორჩილება, თავმდაბლობა, თვინიერება და სხვა).
"აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს. არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას. მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს. და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს" (მთ. 12:18-21).