სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
განმანათლებელი
სიტყვა მესამე
ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა მივდევდეთ მოსეს რჯულს, დავიცვათ იგი, აღვასრულოთ მსხვერპლშეწირვანი და წინადავიცვითოთ. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია განმარტება იმისა, რომ მოსეს რჯული მოცემული იყო ქრისტეს მოსვლამდე; რადგან დასაბამშიც არ სურდა ღმერთს მსხვერპლშეწირვა და დაუშვა იგი მხოლოდ აუცილებლობის გამო, თანაც არა ყველგან, არამედ მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში; ხოლო ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ რჯული შეწყდა, მსხვერპლშეწირვები და წინადაცვეთები კი გაუქმდა.
***
ნეტარი მოციქული და მახარობელი ლუკა მოციქულთა საქმეებში წერს: "მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!" (საქმე. 15:5-6, 22-23, 28-29).
ასევე ამბობს დიდი მოციქული პავლეც: "ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო, ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს" (ებრ. 7:18-19). რჯულს ჰქონდა "მომავალ სიკეთეთა აჩრდილი" (ებრ. 10:1), ანუ ახალი აღთქმისა. ამიტომაც ახალი აღთქმის შემოქმედი - იესუ, "კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით, არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. ... რადგან არა ხელთქმნილ წმიდაში შევიდა ქრისტე, ... არამედ თვით ცაში" (ებრ. 9:11-12,24); "მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ" (ებრ. 10:12); "მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად" (ებრ. 9:28); "რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც" (ებრ. 7:12); "ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისათვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ" (ებრ. 8:7).
ღვთაებრივმა მოციქულებმა წინასწარმეტყველთა წერილისდა კვალად ეკლესიას ამცნეს უკვე აღარ მიჰყოლოდნენ მოსეს რჯულს, რადგან წინასწარმეტყველებიც იგივეს ამბობდნენ. მაგრამ იუდეველობის მიმდევარი მწვალებლები ეწინააღმდეგებიან ამას - მე ვგულისხმობ დეკანოზ ალექსის, მღვდელ დენისს, თევდორე კურიცინსა და მათ თანამოაზრეებს, რომლებიც ამბობენ, რომ დღესაც უნდა მივდევდეთ მოსეს რჯულს, დავიცვათ იგი, აღვასრულოთ მსხვერპლშეწირვა და წინადავიცვითოთ. დაე მათ იარონ თავიანთი ცეცხლის შუქზე, დაე დაიწვან მის ალში, რომელიც საკუთარ თავში დაანთეს!
ხოლო ჩვენ, რომელთაც გვწამს მოციქულთა გადმოცემა და ვისმენთ წინასწარმეტყველთა წერილს, ვხედავთ, რომ მოსეს რჯული გაუქმდა, მსხვერპლშეწირვები და წინადაცვეთები ღმერთმა უარყო და სისაძაგლე გახდა მის წინაშე იმ დღიდან, რა დღიდანაც, როგორც მოციქული ამბობს: "გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი" (ტიტ. 2:11). და კიდევ: "რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესუ ქრისტეს მიერ იქმნა" (ინ. 1:17). ამიტომაც მადლი უკუნითი უკუნისამდე ჰგიებს, ხოლო მოსეს რჯული დროებით მოგვეცა, მანამ სანამ არ გამოჩნდებოდა ქრისტეს რჯული. ამის მსგავსად მისცა ღმერთმა რჯული ნოეს და უბრძანა მას აბრაამამდე ასე ყოფნა; შემდეგ ღმერთმა რჯული მისცა აბრაამს და უბრძანა მას მოსემდე ყოფნა; და მოსესაც მისცა რჯული და უბრძანა ქრისტემდე ყოფნა.
მაგრამ ვინმე იტყვის, რომ ნოეს და აბრაამს ღმერთმა მისცა არა რჯული, არამედ აღთქმა, რადგან ღმერთმა ნოეს უთხრა: "ვდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის, შენს თესლთან და მთელ ქვეყანასთან" (შეად. დაბ. 9:11-17). აბრაამსაც ღმერთმა მისცა მცნება წინადაცვეთაზე, და არა რჯული, რადგან ერთია რჯული, და სხვა - აღთქმა.
ვინც ასე ფიქრობს მან ისმინოს, რომ რჯული და აღთქმა ერთი და იგივეა, რადგან, როგორც წერილშია ნათქვამი, ღმერთმა აბრაამს უთხრა: "ვაძლევ ჩემს რჯულს შენს მოდგმას, და ეს იქნება აღთქმა ჩემსა და შენს შორის" (შეად. დაბ. 17:2, 9-11 და შემდგ.). უთხრა ღმერთმა იერემიას: "ისმინე ამ აღთქმის სიტყვები და გამოუცხადე იუდას ხალხს და იერუსალიმს. უთხარი მათ, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეული იყოს კაცი, ვინც არ გაიგონებს ამ აღთქმის სიტყვებს, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები" (იერ. 11:2-4). მაშ, ხედავ, რომ რჯული და აღთქმა ერთი და იგივეა.
აბრაამი მისთვის მიცემულ რჯულს რომ არ მიჰყოლოდა წინადაცვეთის შემდეგ, არამედ მიჰყოლოდა ნოესთვის მიცემულ აღთქმას, ღმრთის მეგობრად არ იქნებოდა წოდებული. და მოსეც, ადრინდელი რჯულის მიმდევარი რომ ყოფილიყო და არ ესურვა ახალი, ღმერთი არ ეტყოდა: "სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში" (გამ. 33:12). როდესაც ნოეს რჯული მისცა, ღმერთს არ უთქვამს მისთვის, რომ შემდეგ სხვა რჯულს მისცემდა; მაგრამ იმის შემდეგ, რაც აბრაამის მისცა რჯული აუწყა მას, რომ ამის შემდეგ სხვა რჯულს მისცემდა. როდესაც მოსეს მისცა რჯული, ღმერთმა მრავალი მოწმობებით აჩვენა, შემდეგ კი წინასწარმეტყველთა წერილით ზუსტად თქვა, რომ შეწყვეტდა ამ რჯულს და მისცემდა ახალს, უკეთესს და ბევრად უფრო სამართლიანს.
ვის შეუძლია დღეს მისდიოს მოსეს რჯულს - აღასრულოს მსხვერპლშეწირვები და წინადაიცვითოს, - თუკი ღმერთი ღაღადებს: "გავანადგურებ ამ რჯულს და მოგცემთ სხვას, გავაუქმებ მსხვერპლშეწირვას და წინადაცვეთებსო"? (1).
______________
1. მოცემულ შემთხვევაში ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი არ იმოწმებს ციტატას წმიდა წერილიდან, არამედ განზოგადოებულად გადმოსცემს ზემოთ და ქვემოთ ციტირებულ ადგილებს - რედ.
______________
იერემია ამბობს: "ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: "არ ვივლითო". მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: "ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური". მათ კი თქვეს: "არ დავუგდებთო ყურს". ამიტომაც ისმინეთ, ხალხებო! იცოდე, მოწმევ, რა მოუვა მათ. ისმინე, მიწავ! აჰა, ბოროტებას მოვაწევ ამ ხალხზე, მათი განზრახვების ნაყოფს. რადგან ყურს არ უგდებენ ჩემს სიტყვებს და ჩემს რჯულს, და შეიძულეს" (იერ. 6:16-19).
ასევე დავითიც ამბობს: "მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე. უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან" (ფსალმ. 88:39-40). აღთქმა კი გახლავთ რჯული, როგორც ეს ადრეც იყო აღნიშნული. შემდეგ კი ნათქვამია: "მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი" (ფსალმ. 88:40), ანუ ეკლესია. თუკი ღმერთმა მიწას დაანარცხა, უარყო, შეიძულა, განრისხდა და გააპარტახა, ვინღა იქნება ამგვარი რჯულის მიმდევარი? და თუკი ღმერთმა მიწას დაანარცხა ეკლესია და მის მსხვერპლშეწირვებსა და წინადაცვეთებს სისაძაგლე უწოდა მათ აღმსრულებელთა მზაკვრობის გამო, აწ ვინღა შეძლებს მის განწმენდას?
კიდევ, იერემია ამბობს: "აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, და მე უარვყავ ისინი, ამბობს უფალი" (იერ. 31:30-32). წინასწარმეტყველს ძველი რჯული რომ ეგულისხმა, არ იტყოდა "აჰა, დადგება ჟამი", რადგან ძველ რჯული მრავალი თაობით ადრე იქნა მოცემული იერემიას დაბადებამდე. ის კი ამბობს: "აჰა, დადგება ჟამი", რითაც აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ დამდგარა ეს დღეები, არამედ მომავალში დადგება; შემდეგ, კიდევ უფრო აზუსტებს, რომ ლაპარაკია არა ძველ რჯულზე, და ბრძანებს: "ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს". აი, როგორ განმარტავს ამ სიტყვებს მოციქული პავლე: ""ახალიო" რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია" (ებრ. 8:13).
უფალმა კიდევ თქვა: "არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას". გულისხმაყავ ამ წინასწარმეტყველების ყველაზე მართალი მოწმობა, რომლის დამახინჯება ვერანაირ კაცთმოძულეს ვერ ძალუძს! დაე შერცხვნენ იუდეველნი, რომელთაც არ სურთ ასეთი ნათელის დანახვა!
კიდევ ამბობს წმიდა წერილი: "ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის" (ბარ. 3:36-38).
ასეთია საღმრთო განკარგულებათა წიგნი, და ეს რჯული - საუკუნოა; ყველანი ვინც მას მიჰყვება მარადის იცოცხლებს, ხოლო ვინც მიატოვებს - მოჰკვდება. აი იესუ ქრისტემ, ჩვენმა დასაბამიერმა ღმერთმა, სიბრძნის ყველა გზა იპოვა. წმიდა ქალწულისგან იშვა ჩვენი ცხონებისთვის, განკაცდა დედამიწაზე და კაცთა შორის იცხოვრა; და ყველანი, ვინც მის რჯულს მისდევს, მარადიული ნეტარებით იცოცხლებს, ხოლო ვინც მიატოვებს მას სულის სიკვდილით მოკვდება (ანუ საუკუნოდ ჯოჯოხეთში მოხვდება - "აპოკ." რედ.).
მოსემ თქვა: "სიონიდან გამოვა რჯული" (მიქა 4:2). ასევე ესაია ამბობს: "რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" (ეს. 2:3). ღმერთმა, რომელმაც ისურვა აშკარად და ჭეშმარიტად ეჩვენებინა ახალი რჯულის მადლი, ის მრავალ წინასწარმეტყველთა მიერ იწინასწარმეტყველა. მიქა და ესაია ერთნაირად, სიტყვა სიტყვით ბრძანებენ ახალი რჯულის შესახებ იუდეველთა გულქვაობის გამო, რომლებიც "სმენით მოისმენენ, მაგრამ ვერ გაიგებენ" (შეად.: ეს. 6:9), - ამიტომაც ორივე წინასწარმეტყველმა ერთი და იგივე სიტყვებით თქვეს: "სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა" (მიქა 4:2; ეს. 2:3).
ნურავის ეგონება, რომ ეს სიტყვები მოსეს რჯულზე ითქვა: მოსეს რჯული ესაიამდე და მიქამდე იქნა მოცემული სინას მთაზე, და არა სიონზე და იერუსალიმში. სიონიდან და იერუსალიმიდან გამოვა ქრისტეს სახარების ახალი რჯული; იერუსალიმიდან დაიწყება სამოციქულო ქადაგება და გავრცელდება მთელ მსოფლიოში. - აი, რას ამბობს წმიდა წერილი.
ამის შესახებ მალაქია წერს; "როგორ შემოგხედოს კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? ამბობს ცაბაოთ უფალი. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი შელახეთ იგი ..." (მალაქ. 1:9, 11-12).
როდის აღსრულდა ეს სიტყვები? როდის დაუკმიეს საკმეველი ღმერთს? მხოლოდ ქრისტეს მოსვლის შემდეგ, რადგან მოსემ ბრძანა არა ნებისმიერ ადგილას შეეწირათ მსხვერპლი, არამედ მხოლოდიქ, რომელსაც აირჩევდა უფალი ღმერთი, - ერთ ქალაქში ბრძანა მოსემ მსხვერპლშეწირვები. მალაქია კი ამბობს: "ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ" (მალაქ. 1:9, 11-12).
ამაზე იტყვიან: მალაქია ეწინააღმდეგება და ედავება მოსესო. მაგრამ მალაქიას სიტყვებში არ არის არანაირი წინააღმდეგობა, არც დავა: რადგან მოსე ლაპარაკობდა პირველ მსხვერპლზე, მალაქიამ კი ქრისტეს მსხვერპლზე იწინასწარმეტყველა. არ იფიქრო, თითქოსდა ეს მალაქიამ თქვა ტყვეობამდე და ტყვეობაშივე აღსრულდა: წინასწარმეტყველი მალაქია, რომელაც ეს თქვა, ტყვეობის შემდეგ ცხოვრობდა, ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, რაც განაახლეს ქალაქი და განაახლეს ტაძარი.
ასევე სოფონიამაც თქვა: "საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან..." (სოფ. 2:11). მოსემ ბრძანა ღვთისმსახურება აღსრულებინათ ერთ ადგილას, სოფონია კი ამბობს: "მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან..." (სოფ. 2:11). არც ერთ სხვა დროში, არამედ მხოლოდ დღეს, ანუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ აღსრულდა ეს სიტყვები.
ამის მსგავსად ამბობს დავითიც: "კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა" (ფსალმ. 67:27). მოსემ ბრძანა მსხვერპლშეწირვები და ღმრთის დიდება ერთ ქალაქსა და ერთ ტაძარში აღესრულებინათ, დავითი კი ბრძანებს არა მხოლოდ ერთ ეკლესიაში (საკრებულოში), არამედ ყველა საკრებულოდან (ეკლესიებიდან) ადიდონ ღმერთი. განა ეწინააღმდეგება დავითი მოსეს? რა თქმა უნდა, არა! ასეთი სისულელე დაუშვებელია! მოსე ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს ძველი აღთქმის მიხედვით, დავითი კი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ახალი რჯულის მიხედვით - ხოლო ახალ რჯულში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე, ღმრთის ყველა ეკლესიაში, დავითის წინასწარმეტყველების მიხედვით, განადიდებენ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას.
კიდევ ვისმინოთ მოსესი, მის მიერ კი ღმრთისა, რომელიც მოუწოდებს და ამბობს: "ვერსად აღასრულებთ პასექს, გარდა იერუსალიმისა, ადგილზე, რომელიც ღმერთმა აირჩია, პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს; ასევე ორმოცდამეათე დღეს და კარვობის დღესასწაულს" (შეად.: ლევ. 23). იუდეველებიც არსად არ დღესასწაულობდნენ იერუსალიმის გარდა, როგორც ამას წერილი აჩვენებს და ამბობს: "უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელის ძეთ: თუკი მოგზაურობაში მყოფი პირველ თვეში ვერ მოასწრებს იერუსალიმში დაბრუნებას, დაე ნუ იზეიმებს პასექს ქალაქის გარეთ, არამედ მეორე თვეში აღასრულოს პასექი, როდესაც იერუსალიმში დაბრუნდება, დაე შესცოდოს დროის მიმართ, მაგრამ არა ქალაქის მიმართ" (შეად.: 2 პარ. 30).
ღვთაებრივი ოქროპირი ამის შესახებ ამბობს: "რას იტყვიან ისინი, ვინც პასექს ქალაქგარეთ აღასრულებენ, როდესაც წინასწარმეტყველები არ ასრულებდნენ პასექს და არ სწირავდნენ მსხვერპლს იერუსალიმის გარეთ?"
სამმა ყრმამ თქვეს: "აღარა გვყავს ამჟამად აღარც მთავარი, აღარც წინასწარმეტყველი, ... აღარც აღსავლენი გვაქვს, აღარც მსხვერპლები, ... და აღარც ადგილი, რომ მსხვერპლი შემოგწიროთ..." (დან. 3:38). მართალია ადგილი ვრცელი იყო, მაგრამ არც ტაძარი იყო იქ და არც ქალაქი იერუსალიმი, ამიტომაც იუდეველები მსხვერპლშეწირვას არ ასრულებდნენ.
ასე იქცეოდა დანიელიც, რომელმაც თქვა: "იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი. გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა. პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი. თვალები ავახილე და დავინახე ..." (დან. 10:2,4-7).
მაშ, გაიგე: მას არ აღუსრულებია პასექი, რადგან ხმიადების დღეებში იუდეველები არ უნდა მარხულობდნენ. დანიელმა, დაიწყო რა მარხვა პირველი თვის მესამე დღიდან, ანუ ხმიადების დღეებში, 21 დღე იმარხულა; პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს იუდეველები აღასრულებდნენ პასექს, - გამოდის, რომ დანიელი კიდევ 7 დღე და დამატებით 3 დღე მარხულობდა პასექის შემდეგ; მაგრამ იუდეველთა რჯულით დაუშვებელ იყო პასექის შესრულება მარხვით; მაშ, რატომ ბედავენ ეს ურჯულო ერეტიკოსები პასექიც და მსხვერპლშეწირვაც აღასრულონ ტაძრისა და იერუსალიმის გარეთ/
თავიდან ღმერთი არ შეიწირავდა მათ მსხვერპლს, რადგან ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით უთხრა მათ: "შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე. მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს" (ფსალმ. 39:7-8). ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: "მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ხორცი გამიმზადე", - აქ ლაპარაკია მეუფე ქრისტეს ხორცზე, საზოგადო მსოფლიო მხვერპლზე, რომლითაც ღმერთმა განწმინდა ჩვენი სულები, ჩაძირა ცოდვები და დაამარცხა სიკვდილი. "მაშინ, მე ვთქვი, - ვკითხულობთ შემდეგ, - აჰა, მოვალ". ქრისტე ნათლად ამბობს: "აჰა, მოვალ". და რომ არ იფიქრონ, თითქოსდა ის არ არის ღმერთი, ქრისტე წინასწარმეტყველის პირით ამბობს: "წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე". ანუ: ძველად ჩემი მოსვლა წინდაწინ იუწყეს წინასწარმეტყველებმა და წერილის გრაგნილში ადამიანებს გაუხსნეს სიბრძნე ჩემს ღვთაებრიობასთან დაკავშირებით.
კიდევ ნათქვამია: "არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა... ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა? შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი" (ახ. ქართ.: "არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს. ... ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ? მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი") (ფსალმ. 49:9, 13-14). და კიდევ: "რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ახ. ქართ.: რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ. შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო") (ფსალმ. 50:18-19). სხვა წინასწარმეტყველი ამბობს: "განმარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაურს, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს" (ამოსი 5:23). უფალი იერემიას პირით ამბობს: "არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი" (იერ. 7:22).
ამიტომ ნათელია, რომ განკარგულება მსხვერპლშეწირვის შესახებ არ არის რჯული, და ღვთის ნება ყოვლადდასაწველ მსხვერპლში როდია, არამედ აქამდე ღმერთი ჩამოვიდა ადამიანური უძლურების გამო. უფალი ეზეკიელის მიერ გვამცნობს: "მეც მივეცი მათ უვარგისი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ; გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით..." (ეზეკ. 20:25-26).
რადგან სანამ ისრაელიტელნი ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, მათ ეგვიპტელთაგან ისწავლეს კერპებისადმი და დემონებისადმი მსხვერპლშეწირვა, მხიარულობა, ცეკვა და საკუთარი სმენის მუსიკალური ინსტრუმენტებით დატკბობა. როდესაც ღმერთმა მათი გათავისუფლება ინება ეგვიპტის მონობისგან, ისინი უკვე კერპებისადმი მსხვერპლშეწირვას იყვნენ მიჩვეულნი; და როდესაც მსხვერპლის შეწირვა მოისურვეს, შექმნეს ხბო უდაბნოში და დემონებს სწირეს; სწორედ მაშინ, ღმერთმა, მათი უძლურებისდა გამო, დაუშვა მსხვერპლშეწირვათა აღსრულება. თუმცა ყოველი პირუტყვის შეწირვის უფლება როდი დართო მათ, არამედ მხოლოდ ხარისა, ცხვრისა, თხისა, მტრედისა და გვრიტისა, და ასევე ზოგიერთი სხვა პირუტყვისა; რადგან ღმერთმა უბრძანა მათ მსხვერპლი შეეწირათ არა კერპებისადმი, არამედ ერთი ჭეშმარიტი ღმრთისადმი, - ეგვიპტელები კი აღმერთებდნენ ხარს, ცხვარს, თხას, მტრედს, გვრიტს და კიდევ სხვა შესაჭმელად ვარგის ცხოველს. ღმერთმა იმ პირუტყვთა მსხვერპლშეწირვა ბრძანა, რომელთაც ეგვიპტელები აღმერთებდნენ, რათა მათი დაკვლით იუდეველები გადაჩვეულიყვნენ მათ გაღმერთებას და თაყვანისცემას; ხოლო ღორის ხორცის ჭამა უფალმა ისრაელიტებს აუკრძალა იმიტომ, რომ ეგვიპტელები მხოლოდ მას იყენებდნენ საჭმელად, - ამ მიზეზით შეირაცხა ის უწმინდურ პირუტყვთა შორისაც და უბრძანა ებრაელებს ეჭამათ ეგვიპტეში გაღმერთებული პირუტყვების ხორცი, რათა საღმრთო პირუტყვებად არ მიეჩნიათ ისინი.
მსხვერპლთა და მუსიკის გამო როდი უბრძანა ღმერთმა მსხვერპლშეწირვების აღსრულება და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, არამედ შეიწყნარა იუდეველთა უძლურება. ესაია ამის გამო ამბობს: "ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! ... თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!" (ეს. 1:10-11,14-15). ამიტომ ღმერთს თავიდანვე არ სურდა იუდეველთათვის მიეცა მსხვერპლშეწირვის მცნება.
მაგრამ როდესაც ციებ-ცხელებით დაავადებული ითხოვს ცივ წყალს და იმუქრება, თუ არ მისცემენ თავს ჩამოიხრცობს ან მდინარეში გადავარდება, - ექიმი, რათა ააცილოს მას უმეტესი ბოროტება და გაათავისუფლოს სნეული ნაადრევი აღსასრულისგან, ნებას აძლევს მას ჩაიდინოს უმცირესი ბოროტება. ასე მოიქცა ღმერთიც: ის ხედავდა, რომ იუდეველები გიჟდებიან და მზად არიან თავი გადადონ, ოღონდ მოითხოვონ მსხვერპლშეწირვა, და თუკი ნებას არ მისცემდა მათ, ისინი მზად იყვნენ თაყვანი ეცათ კერპებისთვის, - ბევრნი კი უკვე თაყვანს სცემდნენ მათ. და მაშინ ღმერთმა მისცა მათ მსხვერპლთა შეწირვის უფლება, ოღონდ თითქოსდა ასე უთხრა: "რადგან ასეთი გაშმაგებით ითხოვთ მსხვერპლშეწირვას, მე შემომწირეთ იგი". ეს აშკარაა, რადგან განკარგულება მსხვერპლშეწირვის შესახებ იუდეველებს მიეცათ იმის შემდეგ, რაც მათ მზაკვარ დემონებს ზეიმი მოუწყვეს.
თუმცა, ღმერთმა, თუმც კი უბრძანა მათ შეეწირათ მსხვერპლი, მაგრამ არცთუ სრულად - მან ბრძნული ხერხით განარიდა იუდეველნი კერპთაყვანისმცემლობას. ექიმი, რომლის მაგალითიც მოვიტანეთ, მცირედი დაუთმობს რა სნეულის სურვილს, განკარგულებას გასცემს მოუტანონ თასი თავისი სახლიდან და მხოლოდ იმისგან მისცემს უფლებას სნეულს დალიოს ცივი წყალი, შემდეგ კი საიდუმლოდ უბრძანებს მსახურთ დაამტვრიონ ეს თასი, რათა არაძალადობრივად და საყვედურების გარეშე განაშოროს ავადმყოფი მისთვის საზიანო მოსურვებას. ღმერთიც ასე მოიქცა: მან მსხვერპლის შეწირვის ნება მხოლოდ იერუსალიმში დართო, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დაამხო იერუსალიმი. როგორც ექიმმა, რომელმაც დაამტვრია თასი და მით ოსტატურად აარიდა სნეულს ცივი სასმელი, - ასევე ღმერთმა ქალაქის დანგრევით აარიდა მოწინააღმდეგე იუდეველთ მსხვერპლშეწირვა. ღმერთს რომ ასე არ ენება, მაშ, რატომ ინება მან, ყველგანმყოფმა და ყოველივეს აღმვსებმა, მსხვერპლის მხოლოდ ერთ ქალაქში შეწირვა?
კიდევ უფრო საიდუმლო და საკვირველია ის, რომ მთელი მსოფლიო, სადაც შეუძლებელია მსხვერპლშეწირვის აღსრულება, მისაწვდომი იყო იუდეველთათვის, და მხოლოდ იერუსალიმი, სადაც ნებადართული იყო მსხვერპლის შეწირვა, მათთვის მიუწვდომელი გახლდათ! მიუხვედრელიც კი გაიგებს და გაარკვევს ამ ქალაქის დანგრევის მიზეზს. არქიტექტორმა, ჩადო რა ფუნდამენტი, ააგო კედლები და შეკრა ზედაპირი და მთელი შენობის გუმბათი ერთი ლოდით შეკრა ისე, რომ ამ ლოდის მოცილება მთელ ნაგებობას დაანგრევდა. ასე გააკეთა ღმერთმაც, მან შექმა იერუსალიმი, როგორც იუდაური ღვთისმსახურების შემკვრელი ქალაქი, მაგრამ შემდეგ გაანადგურა იგი და ამით ერის ცხოვრების მთელი შენობა დაანგრია.
ამის შესახებ მოწმობს დანიელიც. წერილი მოგვითხრობს, თუ როგორ ინანიებდა და ლოცულობდა წინასწარმეტყველი ტყვეობის 53-ე წელიწადს, როდესაც გამოეცხადა მას მთავარანგელოზი გაბრიელი და ქრისტეს მოსვლის წელი უწინასწარმეტყველა: "ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს. შემაგონებდა იგი და მელაპარაკებოდა, მითხრა: დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გულისხმაჰყავ ხილვა. შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად. ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. ... სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი" (დან. 9:21-26).
წინასწარმეტყველი კიდევ ასეც ამბობს: ტყვეობის შემდეგ "შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დან. 9:27).
როდესაც დასასრულზე გესმის, სხვა რას ელოდები? წინასწარმეტყველის მიერ აღწერილის შემდეგ, ანუ რაც შეწყდება მსხვერპლი და ძღვენის შეწირვა - იქნება სხვა, უმეტესი ბოროტება. რომელი? გატიალების სისაძაგლე საწმიდარში. საწმიდარი - ეს ტაძარია, გატიალების სისაძაგლე კი - კერპი, რომელიც დამპყრობელმა ტაძრის შიგნით აღმართა. ამის შემდეგ, როგორც წინასწარმეტყველმა თქვა, - მოვა საბოლოო გატიალება. ამიტომაც წერილში ნათქვამია, რომ ქრისტე ხორციელად მოვიდა ანტიოქოსის შემდეგ, და, იწინასწარმეტყველა რა მომავალი გატიალება და მიუთითა, რომ ამის შესახებ დანიელიც წინასწარმეტყველებდა, ბრძანა: "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" (შეად.: მთ. 24:15; მკ. 13:14), - რადგან ყოველგვარი კერპი და ადამიანური გამოსახულება იუდეველებში სისაძაგლედ იწოდებოდა. მაცხოვარმა ეს კერპი, ტყვეობის დრო და დამპყრობლებიც მეტაფორულად დაასახელა. ხოლო იმის შესახებ, რომ ეს სიტყვები განეკუთვნებოდათ რომაელებს, იოსებ ფლავიუსმა გვაუწყა.
რა შეუძლიათ თქვან იუდეველებმა? იქნებ, ტყვეობის შემდეგ გაცხადდება სხვა საწმიდარი? წინასწარმეტყველები, რომლებიც სხვა შემთხვევებში დადგენილ ვადებზე იუწყებიან, ამისთვის არანაირ ვადას არ აწესებენ, არამედ, პირიქით, წინასწარმეტყველებდნენ, რომ გატიალება ბოლომდე იქნება. წარმოვადგენთ ისტორიულ მოწმობას იმისა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვები ჭეშმარიტია. ტყვეობის შემდეგ რომ გასულიყო ათი, ოცი, ან კიდევ ოცდათი, ან ორმოცდაათი წელი, დავის მსურველებს რაიმეს თქმის საფუძველი კიდევ ექნებოდათ, - თუმცა არც ისე ურცხვად, როგორც ამას ახლა იუდეველი მწვალებლები აკეთებენ. მაგრამ, გავიდა არა თუ ორმოცდაათი, არამედ ათასი და კიდევე ოთხასი წელი, და კიდევ მრავალი წელი გავა ტყვეობის დაწყებიდან, და არ არსებობს არანაირი ნიშანწყალი, და არც იუდეველთათვის მოსალოდნელი მინიშნების ცვლილებისა, - მაშ, რატომ იმედოვნებენ ურჯულო იუდეველნი ქალაქისა და ტაძრის დაბრუნებას?
ჩვენთვის კი ნათქვამიც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ უკვე ვეღარასოდეს დაიბრუნებენ ვერც ქალაქს და ვერც ტაძარს.
წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва: Институт русской цивилизации, 2011.
პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
