ანტიერეტიკონი - იოსებ ვოლოკოლამელი - განმანათლებელი - 1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
 
განმანათლებელი
წმიდა სამება


სიტყვა პირველი
 
 
პირველი სიტყვა ნოვგოროდელ ერეტიკოსთა ახალი მწვალებლობის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა ყოვლისმპყრობელ მამა რმერთს არ ჰყავს არც ძე, არც წმიდა სული, მისი თანაარსნი და თანამოსაყდრენი, და რომ წმიდა სამება არ არსებობს. აქ კი წმიდა წერილდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ყოვლისმპყრობელ მამას ჰყავს ძე და სულიწმიდა, მისი თანაარსნი და თანამოსაყდრენი, და რომ წმიდა, ცხოველმყოფელი და ყოვლისშემძლე სამება ჯერ კიდევ ძველ პატრიარქთაგან, წინასწარმეტყველთაგან და მთელი წმიდა წერილის მიერ იყო დამოწმებული.
 
 
***
 
 
ნეტარი და დიდი მოციქული, უფლის ბაგე, პავლე ამბობს: "და თუ კიდევ არიან ეგრეთწოდებული ღმერთები ან ცაში, ან მიწაზე (რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი) ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ" (1 კორ. 8:5-6). ამიტომაც ყოველ ქრისტიანს უნდა სწამდეს ისე, როგორც მოინათლა: სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა; უნდა სწამდეს ერთი არსის, ბუნების და ღვთაების, ერთი სუფევის, ხელმწიფებისა და ძალის, სამი იპოსტასის, ანუ სამი პირის, მათ ხატებებსაც და თვისებებსაც ვუწოდებ. რადგან ერთია იპოსტასი, არსება კი - სხვა. არსებას უწოდებენ ყველა სამი იპოსტასისთვის საერთოს: რადგან სამი პირი ერთი ბუნება და ერთი არსებაა. იპოსტასებად კი იწოდებიან ბუნების შესაბამისი თვისებანი: რადგან ერთია მამა, სხვა არის - ძე, და მესამეა - სულიწმიდა; განსხვავებულია თვისებანი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იპოსტასები, მაგრამ არა ბუნება, რამეთუ ერთად - მამა, ძე და სულიწმიდა - ერთი ბუნება და ერთი არსებაა. ოღონდ მამა არაშობილია; ძე კი იშვება მამისგან, როგორც ნათელი მზისგან, როგორც სიტყვა გონებისგან. სულიწმიდა კი გამოვალს მამისგან.
 
ამრიგად, მამას ახასიათებს უშობელობა და სახელწოდება "მამა"; ძეს ახასიათებს ძეობა და მამისგან შობილობა; სულს კი ეწოდება სულიწმიდა და გამოდის მამისგან. სამივე პირს, ანუ იპოსტასს - ერთი აქვს ბუნება, ერთი ნება, ერთი ქმედება, ერთი მადლი, ერთი ძალა, ერთი სიბრძნე. ამიტომაც გვმართებს აღვიარებდეთ ერთ ღმერთს და არა სამს. ღვთის პირები, ადამიანთაგან განსხვავებით, განცალკევებულნი არ არიან ერთურთისგან, არ განსხვავდებიან ხასიათბით, არამედ მამა, ძე და სულიწმიდა შეურევნელად და განუყოფლად არიან შეერთებულნი ერთმანეთთან. ყოველი პირი ინარჩუნებს თავის თვისებას: ერთი - მამობას, მეორე - ძეობას, მესამე კი - გამომავლობას.
 
თუკი გვკითხავენ: "ვინ არის მამა?" - ჩვენ ვუპასუხებთ: "ის, ვინც წარმოადგენს ძეს და სულიწმიდას, და რჩება მამად". თუ გვკითხავენ: "ვინ არის ძე"?" - ჩვენ ვუპასუხებთ, როგორც უწინ: "ის, ვინც წარმოადგენს მამას და სულიწმიდას, და რჩება ძედ". ასევე ვიტყვით სულიწმიდაზეც: "ის, ვინც წარმოადგენს მამას და ძეს, და რჩება სულიწმიდად". თვისება, გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, უცვალებელია, რადგან როგორ არის შესაძლებელი მერყეობდეს და იცვლებოდეს თვისება? მოკლედ, რომ ვთქვათ, ღმერთი განუყოფელია და დაცალკევებულია: განუყოფელია ის - თავის ბუნებაში, დაცალკევებულია - იპოსტასებში, - მსგავსად სამი მზის ერთ ნათებად შეერთებისა, რომლებიც ერთად არიან. როდესაც თაყვანს ვცემთ ღმერთს ერთ ბუნებაში, პირველმიზეზსა და პირველდასაბამს, მაშინ თაყვანს ვცემთ და გონებით ვჭვრეტთ განუყოფელს. როდესაც მივმართავთ თვისებებს და პირებს, მაშინ თაყვანს ვცემთ სამივეს.
 
როგორ ავხსნათ ეს სიტყვებით? გრიგოლ დიდმა თქვა: წარმოვიდგინოთ მზე, ნათელი და სხივები; გონება, სიტყვა და სული; წყარო, ნაკადული და მდინარე. მაგრამ, გრიგოლ დიდის თქმით, შემეცნებას წინ უძღვის რწმენა, ამიტომაც ყოველ ადამიანს მართებს წმიდა და ღმრთითშთაგონებულ საქმეებში წინამძღოლად ჰყავდეს სულიწმიდა, რათა, ნათლით მიიღებს რა ნათელს, სწამდეს მამისა, ძისა და სულიწმიდისა, ერთი ღმრთისა და ერთი ძალისა, რომელიც შეიმეცნება და განიდიდება სამ იპოსტასში.
 
ასე გვწამს და ასე ვფიქრობთ, ამით ვკმაყოფილდებით, ამაშია - ჩვენი სიბრძნე და ჩვენი გონიერება; ამას მივყვებით და ვაღიარებთ ყოველი ამოსუნთქვისას! ჩვენ ვწყევლით ყოველგვარ მწვალებლობას, განსაკუთრებით ახლა გამოჩენილს, ვწყევლით ათასგზის წყეულ დეკანოზ ალექსის, სულთა გამხრწნელს, სატანის პირმშოს, და დენისს, ანტიქრისტეს მღვდელს, და თევდორე კურიცინს, და ყველას, ვინც მათ მწვალებლობას აღიარებდა და აღიარებს, ვინც იუდაური სწავლების მრავალი თესლი ჩათესა ადამიანთა შორის. ცხოვრება შეიბილწა მათ გამო: ცოდვილი და ბნელი იუდაური სწავლებები გავრცელდა სხვადასხვა მწვალებლობებისა და საცდურების სახით.
 
ახლა ვილაპარაკოთ ამ მწვალებლობათაგან ერთ-ერთის შესახებ: კერძოდ, ისინი უარყოფენ და არ აღიარებენ ჭეშმარიტ, წმიდა, ერთარს, ცხოველმყოფელ და განუყოფელ სამებას, არამედ ცრუობენ და ამბობენ, თითქოსდა ყოვლისმპყრობელ მამას არ ჰყავს არც ძე და არც სულიწმიდა, რომლებიც არიან მისი ერთარსნი და თანამოსაყდრენი; რომ თითქოსდა წმიდა სამება არ არსებობს. და თუკი წერილში ნათქვამია, რომ ღმერთს აქვს სიტყვა და სული, ეს, მათი თქმით, თითქოსდა ნიშნავს იმას, რომ ღმერთს აქვს პირით წარმოთქმადი სიტყვა, რომელიც ჰაერში იფანტება; რომ წინასწარმეტყველთა ნათქვამი ღმრთის ძეზე, იესუ ქრისტეზე გულისხმობს არა არსებით ძეობას, არამედ მადლისმიერს, ისეთსავე, როგორებიც იყვნენ წმიდა წინასწარმეტყველები მოსე, დავითი და სხვები; და სულიწმიდაც, რომლის შესახებაც წერენ წინასწარმეტყველები, არ მიაჩნიათ ღმერთად არც იპოსტასურად და არც არსებითად, არამედ მას მხოლოდ სუნთქვას უწოდებენ, რომელიც თითქოსდა ღმრთის პირიდან მომდინარობს და ჰაერში იფანტება.  
 
ჩვენ კი გვაქვს ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის ჭეშმარიტი მოწმობა, რადგან ჯერ კიდევ ძველთაგან, ძველ აღთქმაში, ნათელი იყო და ამაღლებულად ქადაგებულ იქნა ერთარსი სამების სამეფო და ყოვლისმპყრობელი სიდიადე: მამები, პატრიარქები და ღმრთისმქადაგებელი წინასწარმეტყველები ამ ჭეშმარიტებას მრავალ სიმბოლოსა და ხატებაში აღგვიწერდნენ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ ღმრთის ერთარს ძეზე, რომ ის ძეა ღმრთისა, მხოლოდშობილია და თანამოსაყდრეა მამისა ღმრთეებით; ხოლო კაცის ხატით იწოდება ქრისტედ და ძედ კაცისად. ბევრ რამეს ამბობდნენ ისინი სულიწმიდაზეც, აღიარებდნენ მას ღმერთად არსებითადაც და იპოსტასურადაც. მაგრამ იუდეველთა გამო მათ ეს დაფარულად, სიმბოლოთა მეშვეობით, საიდუმლოდ გააცხადეს. რადგან, უწყოდა მოსემ, იუდეველთა უგუნურება ისეთი იყო, რომ უსაზღვრო და აუწერელ სასწაულთა შემდეგაც კი, რომელიც მათ ღმერთმა უჩვენა, ისინი მაინც მრავალღმერთობისკენ მიისწრაფოდნენ და ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად კერპებს ეთაყვანებოდნენ; ცდილობდნენ ჩაექოლათ თვით მოსეც. ამიტომ თავიდან მათ ისწავლეს რწმენა ერთი ღმერთისადმი, რათა იპოსტასთა განსხვავებულობის გამო არსთა შორის გაყოფა არ გამოეცხადებინათ და მით კერპთაყვანისმცემლობაში არ შთავარდნილიყვნენ. გარკვეული დროის შემდეგ ისინი ისწავლიდნენ სამიპოსტასოვანი და ერთარსი ღმრთისადმი რწმენას, როგორც ისწავლეს ეს საღმრთო მოციქულებმა, და უამრავ იუდეველთაც ასწავლეს, რომელთა დათვლა შეუძლებელია; როგორც შეიმეცნა ეს სწავლულმა და ბრძენმა ფილონ იუდეველმა (ფილონ ალექსანდრიელი დაახლ. 20 წ. ქრ. შ-დან - 40 წ. ქრ. შ. დან); როგორც ისწავლა და ირწმუნა წმიდა და ერთარსი სამება მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა თუ პატრიარქთა ნაწერებიდან.
 
წინასწარმეტყველებმა მრავალი რამ წარმოაჩინეს წმიდა და ერთარს სამებასთან დაკავშირებით, იუდეველებს მათ თავზე მოწევნდაი უდიდესი უბედურებანი ამცნეს, ჩვენ კი - კეთილდღეობა გვიწინასწარმეტყველეს. იუდეველებს რომ არ დაეხოცათ წინასწარმეტყველები, რომლებიც ამის შესახებ ღიად იქადაგებდნენ და არ წარეწყმიდათ წმიდა წერილი, საღმრთო წინასწარმეტყველებმა მათი ქადაგებების აზრი დაფარულად გადმოსცეს. ამიტომ დიდმა მოსემაც წმიდა სამების შესახებ დაფარულად იქადაგა, სიმბოლოთა მიერ; მას ხომ არც ანგელოზთა შესახებ დაუწერია რამე, და ჩაუარა საღმრთო და ზეციერ უხორცო ძალებს, რომლებსაც მეორე ნათელი ეწოდებათ პირველი, საღმრთო ნათლის შემდეგ. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ იუდეველებს არ გაეღმერთებინათ უბრწყინვალესი მხედრობა.
 
თუკი იუდეველები ეთაყვანებოდნენ ხბოს, ბაალს, ხამორს, ასტაროთს   - რაოდენ ძლიერ შეეძლიოთ საკვირველი ზეციური მხედრობისადმი თაყვანისცემა, როგორც ღმრთისადმი! ამიტომაც მოსემ ჯერ დაწერა ზეცისა და მიწის შექმნაზე და ყოველ დანარჩენ ქმნილებაზე, მაგრამ არა ანგელოზებზე, რომელთა არსებობას მთელი ძველი და ახალი აღთქმის წერილი მოწმობს.
 
ბევრია დაწერილი წმიდა მოქიცულთა და წმიდა მამათა მიერ წმიდა და ცხოველმყოფელ სამებაზე. მაგრამ იუდეველები და მწვალებლები უარყოფენ მოციქულთა და მამათა მოწმობებს და მხოლოდ წინასწარმეტყველთა წერილს შეიწყნარებენ, თანაც მათ საკუთარი უკეთური აზრით განმარტავენ. ამიტომაც ჩვენც აქ მხოლოდ წინასწარმეტყველთა სიტყვებს დავიმოწმებთ, რადგან მივმართავთ ერეტიკოსებს, რომლებიც იუდეველობას მისდევენ.
 
დავიწყოთ ღმრთითშთაგონებული მოსეთი, რომელმაც პირველად დაწერა ჩვენი სიცოცხლისთვის სასარგებლოს შესახებ. დაბადების წიგნში ის ასე წერს: "თქვა ღმერთმა: ვქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად..." (დაბ. 1:26). რატომ არ თქვა "შევქმნი", არამდ თქვა "ვქმნათ"? იმიტომ თქვა ასე, რომ ამით ღვთაების ერთი იპოსტასი კი არ გააცხადა, არამედ სამი, ხოლო გამოთქმა "ჩვენს ხატად" - და არა "ხატებებად" - ავლენს წმიდა სამების არსს. როდესაც ამბობდა: "ვქმნათ კაცი", - ვის ელაპარაკებოდა ღმერთი? განა ცხადი არ არის, რომ მან ეს თავის მხოლოდშობილ ძესა და სიტყვას, და სულიწმიდას უთხრა?
 
მაგრამ, იუდეველები არ გვეთანხმებიან და ამბობენ: "ვის მიმართავდა ღმერთი? ღმერთმა ეს საკუთარ თავს უთხრა". ასე იგიჟებენ თავს მწვალებლები, ასე ეწინააღმდგებიან იუდეველები ჭეშმარიტებას და აუკუღმართებენ მას.
 
მაგრამ ღვთისმოსაობის სიტყვა დაუმარცხებელია, ღმრთის ნათელი მზეზე უმეტესად კაშკაშებს: წმიდა და ერთარსი სამება გაცხადდა საიდუმლოდ და არააშკარად იმ დიადი საღმრთო ჩანაფიქრების გამო, რომელთა შესახებაც ადრე ვილაპარაკეთ, და ამიტომაც ითქვა წერილში: "ვქმნათ კაცი". ვის მიმართა ღმერთმა? არავის სხვას, არამედ მხოლოდ თავის მხოლოდშობილ ძეს და ცხოველმყოფელ სულიწმიდას.
 
მწვალებლები გვეწინააღმდგებიან და ამბობენ: "არა, ღმერთმა ეს საკუთარ თვს უთხრა, არავინ სხვა მაშინ არ ყოფილა". რა შეიძლება ამ მტკიცებულებაზე უგუნური იყოს, ღმერთმა ეს საკუთარ თავს უთხრა?
 
რომელი მშენებელი, რომელი ხურო ან მეწაღე, მარტოკა, ყოველგვარი შემწის გარეშე რაიმე იარაღზე ან ნაგებობაზე საკუთარ თავს ეტყვის: "მოდი შევქმნათ იარაღი", ან "შევკრათ გუთანი", ან კიდევ: "შევღებოთ ტყავი", და უბრალოდ და მდუმარებაში არ იზამს თავის საქმეს? სიცრუეა ასეთი ლაპარაკი. ასეთი მოქმედებები მხოლოდ ბრიყვებს ახასიათებთ, და არა ბრძენთ: მარტოკა მყოფი ელაპარაკოს საკუთარ თავს და საკუთარი თავი დაარიგოს მუშაობის პროცესში. თუკი გონიერი ადამიანისთვის სისულელეა და ურიგოა ასეთი საქციელი, მითუმეტეს არ შეჰფერის ის ღმერთს.
 
ამიტომაც ღმერთმა არ თქვა: "შევქმნათ ცა, შევქმნათ მიწა, შევქმნათ ზღვა". არამედ ბრძანა: "თქვა ღმერთმა: იყოს ცა!" და იქმნა ასე. და ყველა დანარჩენი ქმნილება მათ ერთმა შექმნა.
 
ხოლო ადამიანს ღმერთი ასე როდი ქმნიდა, მან ბრძანა: "ვქმნათ კაცი". ცხადია, ღმერთი აქ სხვა პირს მიმართავს, რომელსაც ესაუბრება და ეთათბირება.
 
ვინ იყო ღმერთთან  მოთათბირე? მე მიპასუხებენ: წინასწარმეტყველები.
 
მაგრამ ესაია ლაპარაკობს ღმრთის მხოლოდშობილ ძეზე, რომ ის იყო ღმერთთან მოთათბირე, იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა არსით, და არა მადლით. ესაიამ თქვა: "შეგვეძინა ყრმა, მოგვეცა ძე ... და უწოდონ მას სახელი მისი დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანამზრახველი..." (ეს. 9:6). მას უთხრა მამამ: "ვქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად..." (დაბ. 1:26). შემდეგ, სურდა რა ეჩვენებინა, რომ ის (ქრისტე) უბრალო ყრმა და ერთ-ერთი ანგელოზთაგანი კი არ არის, არამედ ჭეშმარიტი ღმერთია, წინასწარმეტყველი ამატებს: "ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი" (ეს. 9:6).
 
შემდეგ, რომ არ გვეფიქრა, თითქოსდა ის (ქრისტე) ღმერთი არ არის არსით, არამედ მხოლოდ მადლით, როგორც მოსე და დავითი იყვნენ (რადგან ღმერთმა უთხრა მოსეს: "იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის" (გამ. 7:1); და დავითიც ამბობს: "მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები" (ფსალმ. 81:6), ესაიამ უფალ იესუ ქრისტეზე თქვა: "ღმერთი ძლიერი". მოსე და დავითი ძლიერნი არ ყოფილან თავისთავად, არამედ მათ ძალა ღმრთისგან მიიღეს და ვერ შეინახეს, არამედ შესცოდეს უფლის წინაშე და დაუძლურდნენ, ერთი გლოვობდა აღთქმული მიწის გამო, მეორე კი - საკუთარ ცოდვებზე.
 
შემდეგ, ესაია, მსჯელობს რა უფალ იესუ ქრისტეზე, ასკვნის: "მარადისობის მამა" (ეს. 9:6). ამით წინასწარმეტყველმა ყოველგვარი უკეთური გამონაგონი აღმოკვეთა, რადგან ვერავინ კაცთაგან ვერ იქნება "მარადისობის მამა", არამედ ამგვარი მხოლოდ ძე ღმრთისაა. ის არის - ყრმაც, და ქრისტეც ადამიანური ბუნებით, ანგელოზიც, ღმერთი ძლიერიც, და მამა მომავალ საუკუნეთა, მამის მრჩეველიც ადამიანის შექმნისას, და არა ისეთი, როგორებიც მოსე და დავითი იყვნენ.
 
მამის მრჩეველია ასევე წმიდა და ცხოველმყოფელი სული. მაგრამ დასაბამიდან წმიდა წერილი ჯერ მხოლოდშობილ ძეზე მსჯელობს, ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე, შემდეგ კი - წმიდა და ცხოველმყოფელ სულზე.
 
ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ იძლევა მწვალებელი ჩვენი არგუმენტებით, როდესაც ესმის, რომ არა მარტო ღმერთისთვის, არამედ გონიერი ადამიანისთვისაც სისულელეა მარტო ყოფნისას, რაიმე საქმის კეთების დროს, ელაპარაკოს საკუთარ თავს. მაგრამ იუდეველები მაინც ჯიუტობენ და ამბობენ, რომ სიტყვები: "ვქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსებად" - ღმერთმა ანგელოზებს უთხრა.
 
ჩვენ ასე ვუპასუხებთ იუდეველთ: ღმერთი რომ ასე ანგელოზებისთვის ეთქვა, მაშინ არ დაიწერებოდა: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად" (შეად. დაბ. 1:27), არამედ დაიწერებოდა, რომ ადამიანი შექმნილია ღმრთის ხატად და ანგელოზის ხატად და მსგავსად. ვერავინ ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ ღმრთის და ანგელოზის მსგავსება - ერთია; რადგან არსად წერია, თითქოსა ღმერთს ანგელოზები ღმრთის ხატად და მსგავსად ექმნას.
 
როდესაც ღმერთმა ანგელოზთა მირიადები და უთვალავი მთავარანგელოზები შექმნა, მას მრჩეველი არ დასჭირვებია. ხოლო როდესაც პატარა და უძლური ადამიანის შექმნა დასჭირდა - ნუთუ ღმერთს ამისთვის ანგელოზი უნდა დასჭირვებოდა მრჩევლად? ანგელოზები, ღმრთის ქმნილებები არიან, და მათ სამყაროს შექმნაში ღმერთთან ერთად მონაწილეობა არ მიუღიათ, როგორც ამას მოწმობს იობის წიგნი, როდესაც ამბობს: "როდესაც ვქმნიდი ვარსკვლავებს, მაქებდნენ მე დიდი ხმით ჩემი ანგელოზები" (იხ. იობი 38:7) (1).
 
____________________
 
1. სლავურ ბიბლიაშია: "Когда Я сотворил звезды, громко восхвалили Меня все ангелы и воспели Меня" (См. Иов 38, 7). სლავური ბიბლია - იოსებ ვოლოკოლამელის თანამედროვე გენადისეული ხელნაწერი ბიბლიიდან ვიდრე 1751 წლის სინოდალურ-ელიზავეტინურ ბიბლიამდე - ამ მონაკვეთში განსხვავდება ბიბლიის 1876 წლის სინოდალური თარგმანისგან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ძველი აღთქმის რუსულ-სინოდალური თარგმანი შესრულდა ძველებრაული ტექსტის საფუძველზე, ხოლო ძველი აღთქმის ყველა სლავური თარგმანი ბერძნულ ტექსტს - სეპტუაგინტას ეფუძნება. შემდეგში მსგავსი ციტატები, რომლებიც თარგმნილია სლავური ბიბლიიდან და განსხვავდებიან რუსულ-სინოდალური თარგმანისთან, დამოწმებული იქნება მინიშნებებით. - რედ.
 
"აპოკ. რედაქციისგან" - ძველქართული თარგმანიც სეპტუაგინტის თარგმანს მისდევს. იხ.: "მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი"
 
____________________
 
მაგრამ ადამიანის შექმნის შემდეგ ღმერთმა თქვა: "აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი" (დაბ. 3:22). ღმერთი ერთიპოსტასოვანი რომ იყოს, მაშინ იტყოდა: "აი, გახდა ადამი, როგორიც მე ვარ". მაგრამ ასე როდი ითქვა, არამედ ბრძანა: "როგორც ერთი ჩვენთაგანი". კიდევ ნათქვამია: "შექმნა ღმერთმა კაცი, ... ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (დაბ. 1:27). ღმერთს რომ ერთი იპოსტასი ჰქონდეს, მაშინ წიგნებში ნათქვამი იქნებოდა: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი". მაგრამ, ღმერთმა ადამიანის შექმნის წინ თქვა: "ვქმნათ კაცი"; შესაქმის შემდეგ კი ბრძანა: "აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი" (დაბ. 3:22); და კიდევ: "შექმნა ღმერთმა კაცი, ... ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (დაბ. 1:27). ასე რომ, წმიდა წერილი მრავალ ადგილას უთითებს იმაზე, რომ ღმერთი ერთიპოსტასოვანი არსება კი არ არის, არამედ სამიპოსტასოვანია!
 
შემდეგ წერილი ლაპარაკობს ხალხთა აღრევაზე: "მოდი, გარდავიდეთ და შევურიოთ მათ ენები" (იხ. დაბ. 11:7) (2). ვის უთხრა ეს ღმერთმა? განა ცხადი არ არის, რომ ღმერთმა ეს თავის ძესა და სულიწმიდას უთხრა?
 
____________________
 
2. სლავურ ბიბლიაშია: "Придите, сойдем и смешаем языки их". - რედ.
 
"აპოკ. რედაქციისგან" - ახალქართულ თარგმანში (ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი) ასეა: "აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს". ეს თარგმანი აშკარად სცილდება სეპტუაგინტას და სხვა ძველ ავტორიტეტულ თარგმანებს. ამ ახალქართულ თარგმანში ირღვევა ღმრთის სამიპოსტასოვნობის საიდუმლო, რომელიც მინიშნებულია მრავლობითი სიტყვებით: "გარდავიდეთ" და "შევურიოთ". ჩვენს თარგმანში წმიდა წერილის ადგილები ყველგან მოტანილია ძველქართული და სლავური თარგმანების შესაბამისად. ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის მიერ შესრულებული ახალქართული თარგმანი (საპატრიარქოს გამოცემა) გათვალისწინებული არ გვაქვს, რადგან ის აშკარად უვარგისია.
 
____________________
 
დაბადების წიგნში წერია: "გამოეცხადა მას ღმერთი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა შუადღე. თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი მოადგა მას; და როგორც კი იხილა, გაიქცა მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა. და უთხრა: უფალო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მორჩილს " (შეად.: დაბ. 18:1-3) (3).
 
____________________
 
3. მინიშნება "შეად." გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ციტირება ხდება: 1) შინაარსის გადმოცემის ელემენტებით; 2) როდესაც ციტატა აღებულია ბიბლიის ჩვენთვის უცნობი რედაქციიდან; 3) როდესაც ავტორისეული დამოწმება არაზუსტია, მაგრამ მაინც შეიძლება ანალოგის პოვნა წმიდა წერილთან - რედ.
 
____________________
 
 
აბრამმა სამი კაცის სახით იხილა წმიდა სამება. ნახა რა სამი, აბრაამი ერთს მიმართავდა, და ამით ღვთის იპოსტასთა ერთობა გააცხადა; რადგან სამება ერთია და სამიპოსტასოვანია: ერთია ის ბუნებით, სამია - იპოსტასებით.
 
შემდეგ წერილი ლაპარაკობს სოდომზე: "აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან" (დაბ. 19:24). რომელმა უფალმა და რომელი უფლისაგან, თუ არა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, და წმიდა და ცხოველმხოფელმა სულიწმიდამ ყოვლისმპყრობელი მამისაგან?
 
შემდეგ, გამოსვლათა წიგნში ნათქვამია: "თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე" (შეად. გამ. 33:19). თვითონ ღმერთი რომელი უფლის სახელს მოუხმობს? გულისხმაყოფ თუ არა, როგორ გვასწავლის წმიდა წერილი მამისა და ძის საიდუმლოს?
 
შემდეგ წერილი ამბობს: "ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო" (გამ. 34:5-6). ცოტა ქვემოთ წერია: "იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა. , - ანუ თაყვანი სცა ღმრთის ძეს, რომელიც მოუწოდებდა მამას,  - და თქვა: ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ" (გამ. 34:8-9).
 
შემდეგ, კიდევ ცნობილია, რომ მამა ღმერთს ჰყავს ძე, და ესაია ამბობს: "შენ ხარ ღმერთი, და შენშია ღმერთი" (შეად. ეს. 45:14-15. სლავურ ბიბლიაშია: "ибо в Тебе Бог... Нет Бога кроме Тебя, ибо Ты – Бог" - რედ.) (ძვ. ქართ.: "შენ შორის ღმერთი არს, და თქვან: არა არს ღმერთი თჳნიერ შენსა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი" – "აპოკ". რედ.). დავითი ღმრთისგან ამბობს: "ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო შენ; ღმერთი შენი ვარი მე" (ახ. ქართ.: ისმინე, ერო ჩემო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი" – "აპოკ." რედ.). ცოტა ქვემოთ ის ამბობს: "არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა" (ფსალმ. 49:9). და კიდევ: "ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ? მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი" (ფსალმ. 49:13-14).
 
თავად ღმერთი, კიდევ რომელ ღმერთს ავალებს მსხვერპლად ქების შეწირვას? თუ გესმის, რომ მამა აქ ძისა და სულიწმიდის შესახებ განაცხადებს და ბრძანებს მას ქების მსხვერპლი აღუვლინონ, და არა ხარებისა და ვაცების სისხლი? აქ ღმერთმა იუწყა ახალი რჯული: ძველ რჯულში ის ისრაელიანებს ავალებდა შეეწრიათ სისხლიანი მსხვერპლი და ყოვლადდასაწველნი, აქ კი ამბობს: "არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა" (ფსალმ. 49:9). - და ბრძანებს შეწირონ მას მსხვერპლი ქებისა, და არა სისხლიანი მსხვერპლი. ღმრთის ძის მოსვლის შემდეგ, რომელმაც გააუქმა ყველა მსხვერპლშეწირვა, ადამიანებ მას უკვე მსხვერპლად ქებას სწირავენ, როგორც მან ბრძანა. შემდეგ უფალი ამბობს: "შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი" (ფსალმ. 49:14). თავად უზენაესი, რომელ უზენაესს ავალებს აღუვლინონ ლოცვები? ცხადია, რომ სულიწმიდას. აქ წერილი ააშკარავებს წმიდა სამების ჭეშმარიტ რიცხვს და გვაუწყებს ახალ რჯულს; აქედან შევიმეცნებთ წმიდა სამებას, რადგან უფალმა განყო: მან ბრძანა ძეს მსხვერპლად შეწირონ ქება, და ილოცონ სულიწმიდის მიმართ. შემდეგ ღმერთმა თქვა: "მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ" (ფსალმ. 49:15). ღმერთმა ეს თქვა არა იმისთვის, რომ განყოს წმიდა და განუყოფელი სამების ქმედებანი, არამედ იმისთვის, რათა შემდეგ წინასწარმეტყველთა მეშვეობით ასწავლოს წმიდა სამების იპოსტასთა რაოდენობაზე.
 
და კიდევ: "უთხრა უფალმა ჩემს უფალს: იჯექი ჩემს მარჯვნივ" (ფსალმ. 109:1). ამის წინააღმდეგ იუდეველი ამბობს: "ის, რაც წერია დავითთან, მეფემ უთხრა მღვდელმთავარს, და არა ზეციერემა მამამ ძეს". მაგრამ ისმინე, შემდეგ რას ამბობს დავითი იმავე ფსალმუნში: "საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ" (ფსალმ. 109:3); და კიდევ: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით" (ფსალმ. 109:4). აქ მეფე რომ მიმართავდეს მღვდელმთავარს, არ იტყოდა: "საშოთ მთიებზე უწინ გშევ შენ"-ო, და: "მღვდელი ხარ უკუნისამდე"; ან კიდევ: "მელქისედეკის წესით"; რადგან არსად წერია, რომ მეფეს მთიებზე უწინარეს ეშვას მღვდელმთავარი, და არც მღვდელმთავრებიან არიან "უკუნისამდე", რადგან სიკვდილი ეღობება ამას. თანაც ძველ აღთქმაში მღვდელმთავრები იყვნენ არა მელქისედეკის წესით, არამედ აარონის წესით.
 
მხოლო ჩვენი უფალი იესუ ქრისტე "იშვა უწინარეს მთიებისა", რადგან მამისგან იშვა. მას უთხრა მამამ: "დაჯედ მარჯუენით ჩემსა", ასევე: "შენ ხარ მღდელი უკუნისამდე" და "მელქისედეკის წესით". მას "როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს" (შეად. ებრ. 7:24). მოციქულ პავლეს თქმით: "ის გახდა ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, ... უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით" (ებრ. 9:11).
 
ამის შესახებ ბრძანებს დანიელიც: "ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (დანიელ. 7:13-14).
 
დაე შერცხვნენ იუდეველნი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოსდა ღმერთი ერთპიროვნულია, თითქოსდა მამა ღმერთს, ყოვლისმპყრობელს, არ ჰყავს ძე, ერთარსი და თანამოსაყდრე, და თითქოსდა ქრისტე, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი, ღმრთის ძეა არა არსით, არამედ მადლისმიერ, როგორც იყვნენ დავითი და სოლომონი.
 
ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ვინ მოვიდა ძველ დღეთასთან? ვის მიეცა მეუფება, დიდება და ხელმწიფება? "მისი ხელმწიფება, - ნათქვამია, - საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა". ვის ხელმწიფებას არ ექნება ბოლო და ვისი ხელმწიფება არ დაიქცევა? დავითი, მეფეთაგან უმაღლესი, და უბრძენესი სოლომონი მეფობდნენ, შემდეგ გარდაიცვალნენ, და მათი მეფობა დასრულდა, და მათი სამეფოებიც დაიქცა. და რამდენი მეფეც მეფობდა ცისქვეშეთში, მათი მეუფება დასრულდა და მათი სამეფოები განადგურდნენ. მხოლოდ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა - მარადიულია. ის იწოდა ძედ კაცისად და ქრისტედ. ის ზეციური ღრუბლებით მოვიდა ძველ დღესთან, მას გადასცემს მამა, ყოვლისმპყრობელი, მარადიულ მეუფებას, რომელიც არ გადავა, და სამეფო მისი არ დაიქცევა.
 
ესაიაც ამბობს: "ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და ... გარშემო სერაფიმები ედგნენ, ... და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი!" (ეს. 6:1-3). უფალი რომ ერთი იპოსტასი იყოს, მაშინ სერაფიმები არ იტყოდნენ სამჯერ, არამედ ერთხელ უგალობდნენ მას: "წმიდა არს უფალი ცაბაოთი". მაგრამ, რადგან სერაფიმები სამგზის ამბობენ: "წმიდაა! წმიდაა! წმიდაა! უფალი ცაბაოთი" ამით ისინი ღმრთის სამპიროვნებას აცხადებენ. ისინი ამბობენ: "უფალი ცაბაოთი", რათა განაცხადოთ ღმრთის ერთარსებობა.
 
ბალაამი, თუმც ეკლესიის გარეთ იყო, ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე ასე თქვა: "გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან" (შეად.: რიცხვ. 24:17). მტრის მოწმობა უფრო ნამდვილია. უფალი იესუ ქრისტე ვარსკვლავად მისი ღვთაებრიობის გამო იწოდა: ვარსკლვავი - ეს არის ცეცხლი, რომელიც ანადგურებს საგნებს და ცოდვილ ბუნებას, როგორც ღვთაება განწმენდს შემცოდე მორწმუნეთ. ბალაამის სიტყვები: "აღდგება კაცი ისრაელიდან" აცხადებს იმას, რომ ქრისტე არა მარტო ღმერთია თავისი ბუნებით, არამედ კაციც თავისი ნებით, თავისი მოწყალებით და გამოუთქმელი კაცთმოყვარებით.
 
ბალაამმა კიდევ თქვა: "მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი" (შეად. რიცხვ. 24:17). მოაბი და ამონი ლოტის ძეები იყვნენ, მათი სამფლობელი არაბეთი, იდუმეა და გებალა გახლდათ; ჰკრებდნენ რა სხვა ხალხებს, ისინი მუდმივად თავს ესხმოდნენ ისრაელიანთ. ამიტომაც თქვა ბალაამმა: "მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას"-ო. იესუ ქრისტემ არა იარაღით, არა ომით, არამედ მოციქულთა ქადაგებით, ღვთისმოსაობით და სიმართლით გაანადგურა ყველა, როგორც სხვამ არავინ რაიმე დროში და ეს ყველასთვის ცნობილია.
 
მოსემ თქვა: "იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა" (შეად.: მეორე რჯლ. 4:5) და "როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად; წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე. თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, აღიხოცება კაცთა მოდგმიდან" (შეად.: მეორე რჯლ. 18:9, 15, 19). მან უფალ იესუ ქრისტეს წინასწარმეტყველი მისი განკაცების გამო უწოდა. მოსემ თქვა: "როგორც მე ვარ", საკუთარი თავი უფალ იესუს შეადარა არა ბუნებით, არამედ ქმედების მიხედვით, რადგან მოსედან ვიდრე ქრისტემდე არც ერთი წინასწარმეტყველი სჯულმდებელი არ ყოფილა, როგორც თვითონ, არა იმისთვის, რათა მეუფის თანასწორად ეჩვენებინა თავი და ქმნილება - შემოქმედის თანაბრად წარმოეჩინა. არამედ, იმისთვის, რათა შეეფარდებინა სხვადასხვა ეპოქები და ჭეშმარიტება წინასწარ ეუწყებინა.
 
მოსე ეგვიპტეში დაიბადა, უფალი ბეთლემში. მოსე ისრაელიანელი იყო, უფალიც ხორცით დავითისგან დაიბადა. მაშინ, მოსეს დაბადების დროს, ფარაონი ბავშვებს ხოცავდა, აწ, უფალ იესუ ქრისტეს შობის შემდეგ, ჰეროდემ ყრმები ამოწყვიტა. დედის წყალობით მოსე სიკვდილს გადაურჩა, და უფალიც დედასთან ერთად ჰეროდეს დაემალა. მოსე კალათში ჩააწვინეს და მდინარეს მიანდეს, უფალიც იყო ამ მდინარის ნაპირებზე ეგვიპტეში. მოსე უცხოტომელმა ქალმა გამოკვება, და უფალიც ეგვიპტურ ქალაქში აღიზარდა.
 
დავითი ამბობს: "რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, რათა შეისმინოს სულთქმაჲ შებორკილებულთა და განჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი. თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალჱმს" (ფსალმ. 101:20-22).
 
თვით უფალი - რომელი უფლის სახელს იუწყება სიონზე? - არავისას, გარდა ჩვენი უფლის იესუ ქრისტესი. მან მოწყალება მოიღო დედამიწაზე და გაგვათავისუფლა ადამისა და ევას მომკვდარი შვილები, შეკრულნი და შებორკილნი ცოდვის მიერ; და სიონზე გვაუწყა უფლის სახელი, რადგან ეკლესიაში მდგომი თავისი მამაზე ასწავლიდა და ამბობდა: "გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს..." (ინ. 17:6).
 
და კიდევ ნათქვამია: "უფალო! უფალო, მოდრიკე ცანი ... და გადმოდი..." (ფსალმ. 143:5); და "ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე. ... და მოდი ჩვენს სახსნელად" (ფსალმ. 79:2-3). და კიდევ ამბობს დავითი: "ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ. ... კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა" (ფსალმ. 117:26-27). სხვა არავისზე გვაუწყებს დავითი, ჩვენი ღმერთისა და უფლის იესუ ქრისტეს გარდა, რომელიც მოდის სახელითა უფლისათა და, ამბობს: "მე მოვედი მამაჩემის სახელით..." (ინ. 5:43). და ქრისტე არსით რომ არ ყოფილიყო ღმრთის ძე, არამედ როგორც დავითი და სოლომონი, მაშინ ასეთ შემთხვევაში ვის უწოდებდა დავითი ღმერთსა და უფალს, რომელიც მოდის სახელითა უფლისათა?
 
დავითი კიდევ ასეც ამბობს: "იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ. მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. ... მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი..." (ფსალმ. 71:6-7, 17). იუდეველები ამტკიცებენ, თითქოსდა ეს ითქვა სოლომონზე. არა, სოლომონზე არ თქმულა ეს სიტყვები. სოლომონი წვიმასავით არ გადმოსულა მოთიბულ მდელოზე, არამედ მისი მამა დავითი ამბობს: აჰა, "უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფსალმ. 50:7). დავითი უსჯულოებაში თუ იშვა, რამდენად უფრო უსჯულო იქნებოდა სოლომონის შობა, რომელიც მემრუშე დედაკაცისგან დაიბადა! არა, სოლომონზე კი არ არის ნათქვამი, კურთხეულ არს მისი სახელი უკუნისამდეო, ან მისი სახელი არსებობდა მზის გაჩენამდე და მუდამ ისე იბრწყინებს, რომ თაყვანს სცემს მას მიწის ყველა მეფე, და დაემორჩილება მას მიწის ყველა ხალხი, - რადგან მან შესცოდა უფლის წინაშე, განუდგა მას, და თაყვანი სცა მოაბელთა კერპსა და ასტაროთს, სიდონელთა კერპს, და ცოდვებში მოკვდა.
 
და კიდევ, დავითმა თქვა: "ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი" (ფსალმ. 8:3). არ არსებობს ამაზე უდიდესი სასწაული, და ამას იუდეველებიც კი არ უარყოფენ. ასეთი სასწაული შეიძლება მხოლოდ უფლის განკარგულებით მოხდეს, რადგან არა მარტო ჩვილები, არამედ ძუძუმწოვარი ბავშვებიც კი ხოტბას ასხამდნენ. წერილში ნათქვამია: "გამართე ხოტბა", - არა ზრდასრულ ბაგეთაგან მოაწყვე შენი ღვთაებრივი ძალის ქება. რადგან ელისეს დროსაც აღდგა მკვდარი და განიკურნა კეთროვანი, დავითის დროსაც განდევნილა დემონი. მაგრამ ძუძუმწოვარა ჩვულებმა პირველად იწინასწარმეტყველეს და მიმართეს უფალ იესუ ქრისტეს; მათ უბრალოდ კი არ იმეტყველეს, არამედ აჩვენეს სწრაფვა მამა ღმერთისკენ, როდესაც თქვეს: "ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა!" (ინ. 12:13). რატომ მაშინ არ გაისმა ანგელოზის ხმა? იმიტომ, რომ იუდეველები მას ჰალუცინაციას შეარქმევდნენ. ხოლო საკუთარ შვილებზე ვერაფერს იტყოდნენ სხვას, რადგან ისინი მათ გააჩინეს და მათვე აღზარდეს.
 
დავითი კიდევ ბრძანებს: "უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში" (ფსალმ. 118:89). წარმოთქმადი და ჰაერში განბნევადი სიტყვები შეუძლებელია საუკუნოდ დარჩეს.
 
და კიდევ: "უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად" (ფსალმ. 2:7-8). იუდეველი იტყვის: "ფსალმუნში ლაპარაკია სოლომონზე". მაშ, ისმინოს, რომ სოლომონი არასოდეს ფლობდა ქვეყნის კიდეებს, არ დაუპყრია ისინი რკინის კვერთხით, არ დაუმტვრევია თავისი მტრები როგორც თიხის ჭურჭელი, არამედ სიცოცხლის ბოლომდე თავად იყო დევნილი მტრების მიერ. დავითის სიტყვები: "დღეს გშობე შენ" - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან უფალ იესუ ქრისტეს ხორციელ შობაზეა ნათქვამი. ხოლო მის დაუსაბამო და მარადიულ შობაზე დავითი ასე ამბობს: "საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ" (ფსალმ. 109:3); და სოლომონიც ამბობს ამის შესახებ: "და უწინარეს უფსკრულთა ყოფისა, ვიდრე გამოსლვადმდე წყაროჲსა წყალთასა, ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშვა მე" (იგავნი 8:24-25). ამგვარად, დავითმა და სოლომონმა აჩვენეს, რომ ძე მამისგან და ღმერთი ღმრთისგან იშვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, უწინარეს მზისა, მთვარისა და ნებისმიერი ხალხისა.
 
ესაიაც ამბობს: "აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს" (ეს. 7:14), რაც ნიშნავს, "ჩვენთან არს ღმერთი". ღმერთს რომ ერთი იპოსტასი ჰქონდეს და ქრისტე მამის ერთარსი ღმერთი რომ არ იყოს, არამედ მსგავსი დავითისა, სოლომონისა და მოსესი, მაშინ ვის შობას იუწყება წინასწარმეტყველი და "ჩვენთან არსებულ ღმერთს" ვის უწოდებს?
 
კიდევ ასეც ამბობს ესაია: "აჰა, ღმერთი თქვენი, ... ის მოვა და გიხსნით თქვენ.  მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ" (ეს. 35:4-5). როდის მოხდა ეს? მხოლოდ მაშინ, როდესაც უფალი ზეციდან მიწაზე გარდამოხდა და გვიხსნა, მხოლოდ მაშინ აეხილათ თვალები ბრმებს და ყრუებს გაეხსნათ სასმენელი.
 
ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს უფალი: "ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ შერცხვება" (ეს. 28:16). ვინ არის ეს ქვა? პასუხს ღვთაებრივი პავლე გვაძლევს, რადგან ის ამბობს: "ეს კლდე იყო ქრისტე" (1 კორინთ. 10:4). მისდამი მორწმუნეებს მთავარმოციქული პეტრე შესძახებს: "ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის" (1პეტ. 2:7). ურწმუნოთათვის კი ესაია ამბობს: "აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად..." (28:16), ხოლო პეტრე ბრძანებს: "ლოდი შებრკოლების და კლდე საცთურებისა" (1 პეტ. 2:7) ურწმუნოთათვის, "ვინც ეურჩება სიტყვას" (იქვე), "წაიფორხილებენ მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან" (ეს. 8:15).
 
ამის მსგავსადვე ამბობს დავითიც: "ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა. უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში" (ფსალმ. 117:22-23). გიკვირდეს წინასწარმეტყველთა თანხმიერება, უფრო სწორედ - მადლი სულიწმიდისა, რომელსაც ეღირსნენ ღვთიური წინასწარმეტყველნი! ყველა ისინი მსგავსად და ერთნაირი სიტყვებით წინასწარმეტყველებდნენ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე.
 
კიდევ იერემია (4) ამბობს: "ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის" (ბარ. 3:36-38).
 
________________
 
4. აქ იერემია დამოწმებულია შეცდომით. ეს არის ბარუქის წინასწარმეტყველება - რედ.
 
________________
 
იცი თუ არა, რომ ეს ჭეშმარიტი და სანდო წინასწარმეტყველება არავის უარუყვია? რადგან, თუმც კი ეცხადებოდა ღმერთი წინასწარმეტყველთ, მას კაცთა შორის ხორციელად არასდროს უცხოვრია. მხოლოდ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე თავისი კაცთმოყვარეობით, იყო რა ღმერთი, გახდა კაცი, იშვა მიწაზე და კაცთა შორის ცხოვრობდა.
 
იერემიამ თქვა: "იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? ... ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა" (იერ. 30:6-7).
 
ზაქარიაც ამბობს: "იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ... ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე" (შეად.: ზაქ. 9:9-10).
 
წინასწარმეტყველი ზაქარია ბაბილონის ტყვეობაში ცხოვრობდა, ხოლო ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე იუდეველთ არც ერთი მეფე არ ჰყოლიათ, მეუფე ქრისტეს გარდა. ამის შესახებ ლაპარაკობს წინასწარმეტყველი: "აჰა, შენი მეფე მოდის თვინიერი და ცხონების მომტანი".
 
ესაია ქრისტეს შესახებ ბრძანებს: "ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და ღვთისმოსაობისა, სული უფლის შიშისა. ... იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი" (იხ. ეს. 11:1-3, 10).
 
მიქა ბრძანებს: "და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს (მთ. 2:5-6). შეიძლება თქვან, რომ აქ ლაპარაკია დავითზე. არა, დავითზე როდი ითქვა ეს: დავითი მიქამდე მრავალი თაობით უწინარეს ცხვორობდა, და არავითარი მეფე თავის წარმომავლობას არ იწყებს დასაბამიდან, მარადისობიდან, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს გარდა.
 
რა შეიძლება იმ მოწმობაზე უჭეშმარიტესი იყოს, რომ ყოვლისმპყრობელ მამას ჰყავს თანადაუსაბამო და ერთარსი ძე? წმიდა წინასწარმეტყველები ამის შესახებ მრავალგვარად წერდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. დანიელმა კი საკუთარი თვალით ნახა ის, რაზეც უკვე ითქვა, და იწინასწარმეტყველა დრო და წელი, როდის დაიბადებოდა იგი. რადგან დანიელი ამბობს: "მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე" (დან. 9:25). მოსესაც ეუბნება ღმერთი: "დაიცავით ჩემი მცნებები. თუ არ დაიცავთ მათ, უფალი მოგაყენებთ მრავალ ზიანს". ღმერთი რომ ერთიპოსტასოვანი იყოს, მაშინ იტყოდა: "მრავალ ზიანს მოგაყენებ". მაშ, განა აშკარა არ არის, რომ მამა მოწმობს ძეს, და სიტყვა ღმერთი მოწმობს მამაზე!
 
ამრიგად, მცირედ და მხოლოდ ნაწილობრივ განვმარტეთ წმიდა წერილისა და ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს შესახებ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებათა მიხედვით, რომ უფალია - ის, ვინც კაცობრივი ბუნებით იწოდება ქრისტედ და ძედ კაცისა, ხოლო ღვთაებრიობით ის არის - ძე ღმრთისა, ერთარსი და თანამოსაყდრე, მრჩეველი მამისა, ღმერთი ძლიერი, მეუფე, მშვიდობის მთავარი, მამა მომავალ საუკუნეთა, შემოქმედი ყოველი ხილულისა და არახილულისა მამასთან და სულიწმიდასთან ერთად - და სულაც არ არის ისეთი, როგორც მოსეა, დავითია და სხვა წინასწარმეტყველები არიან.
 
შემდეგ, წმიდა წერილის წინასწარმეტყველებათა დახმარებით ვთქვათ წმიდა და ცხოველმყოფელ სულზეც, რომელიც არის მამის ერთარსი და მრჩეველი. როგორც ძეა - მამის მრჩეველი, ასევე სულიწმიდაც მრჩეველია მამისა, ღმერთია, და მამასთან და ძესთან ერთად, მეუფეა და შემოქმედია ყოველი ხილულისა და არახილულისა. და თუკი სულიწმიდა ერთარსია და თანამოსაყდრეა მამისა და სულიწმიდისა, ღმერთია და მეუფეა, მაშინის მამისა და ძის მრჩეველიცაა. ასე ასწავლიანმამები, პატრიარქები და წმიდა წინასწარმეტყველნი. ხოლო დიდი თავადის მწვალებელი მსახურები ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და ამბობენ, თითქოსდა ყოვლისმპყრობელ მამა ღმერთს აქვს სუნთქვა, რომელიც გამოდის მისგან და ჰაერში იფანტება. მაგრამ, იხილეთ, უგუნურნო და უკეთურნო! რა შეიძლება ამ სიტყვებზე უფრო უგუნური იყოს? რა - ამ სიტყვებზე უფრო მკრეხელური? თქვენ სულიწმიდა არ შეადარეთ არც ანგელოზს და არც სულს. ანგელოზი, არის რა უხორცო, არ ითქვიფება ჰაერში, არამედ მარადის ცხოვრობს, ასევე სულიც. მაშ, რას შეადარეთ სულიწმიდა? ქარს? კვამლს? ისინი იფანტებიან ჰაერში და არარად იქცევიან.
 
სულიწმიდა ჰაერში რომ იფანტებოდეს, მაშინ, მასზე ლაპარაკისას, რატომ უწოდებდა მას სულს ღმრთისას, სულს სიბრძნისა, სულს გონიერებისა, სულს რჩევისა, სულს სიმტკიცისა, სულს შემეცნებისა, სულს ღვთისმოსაობისა, სულს ღმრთისმოშიშებისა? (იხ. ეს. 11:2-3). სუნთქვა, რომელიც ჰაერში ითქვიფება, არც სიბრძნეს იძლევა, არც გონიერებას, არც რჩევას, არც სიმტკიცეს, არც შემეცნებას, არც ღვთისმოსაობას, არც ღმრთის შიშს, არამედ გაჩენისთანავე არარად იქცევა.
 
მართალი იობი ბრძანებს: "ღვთის სულმა მოახდინა ეს ჩემზე" (შეად.: იობი 33:4) (5). განვსაზღვროთ სიტყვების მნიშვნელობა და ჭეშმარიტად გავიგებთ, თუ რას ნიშნავს იობის სიტყვები: "ღვთის სულმა მოახდინა ეს ჩემზე". წერილი ამბობს იმის შესახებ, რა შეუქმნა ღმერთმა იობს.
 
________________
 
5. ასეა ღირ. იოსებთან: "Дух Божий, сотворивший мне таковое". ბერძნულ, ქართულ და სლავურ ტექსტებშია: ძვ. ქართ.: "სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე". ბერძნ.: "Πνεῦμα θεῖον τὸ ποιῆσάν με"; სლავ.: "Духъ Божiй сотворивый мя". – "აპოკ." რედ.
 
________________
 
წერილი ამბობს იმის შესახებ, თუ რა მოახდინა ღმერთმა იობზე. მრავალი რამ ითქვა წერილში იობის შესახებ და ყოველთვის აღნიშნულია, რომ სწორედ ღმერთმა მოახდინა მასზე ეს ყოველივე. განა ეწინააღმდეგება იობის სიტყვები წმიდა წერილს? ნუმც იყოფინ! სურდა რა ეჩვენებინა ყველა ადამიანისთვის, რომ ერთია ძალი, ერთია არსი და ერთია ღმრთეება მამისა და სულისა წმიდისა, ეს მართალი, უბიწო, დიდი და მართალი კაცი ამბობს: "ღვთის სულმა მოახდინა ეს ჩემზე". სადაა მწვალებელთა სიტყვები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა ღმრთის სული გამოდის ღმრთისგან და ჰაერში იფანტება? აი, იობი მოწმობს მასზე როგორც ღმერთზე. ღმრთის სული ჰაერში რომ იფანტებოდეს, შეეძლო კი იობს ეთქვა: "ღვთის სულმა მოახდინა ეს ჩემზე"-ო? წერილი კი ამბობს, რომ სწორედ ღმერთმა მოახდინა ყველაფერი იობზე, რაც კი მოახდინა, - ანუ ყველაფერი ის, რაც იობს შეემთხვა.
 
მსგავსადვე მოწმობს დავითიც სულიწმიდაზე, როგორც ღმერთზე, მეუფეზე, კაცთა და ყოველ ქმნილებათა შემოქმედზე, რადგან დავითი ელაპარაკება ღმერთს ადამიანის ხრწნად და მოკვდავ ბუნებაზე: "სულს წაართმევ - დაიხოცებიან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან; გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას" (ფსალმ. 103:29-30). დაუფიქრდით ამ სიტყვებს! დავითმა თქვა: "სულს წაართმევ", ანუ მათი სულები, - "კვდებიან", არარსებობაში გადადიან; სიტყვები: "თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან" ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი შექმნილია მტვრისგან, და როდესაც მოკვდება, მაშინ კვლავ თავის მტვერს უბრუნდება; ხოლო სიტყვები "გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას" ნათქვამია საყოველთაო აღდგომაზე, რადგან მაშინ მამა ღმერთი გააგზავნის წმიდა, ცხოველმყოფელ და თავის ერტარს სულს და წარმოქმნის, ანუ მკვდრეთით აღადგენს სხეულებს და თავიანთ სულებს შეუერთებს.
 
ასე მოწმობდა დავითიც წმიდა სულზე, როგორც ღმერთზე, შემოქმედსა და დამფუძნებელზე! მან იცოდა, რომ იქ, სადაც სულიწმიდა არ არის, - ყოველგვარი ხრწნილება და უბედურება ისადგურებს, ამიტომაც დავითი ასე ევედრება ღმერთს: "სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში" (ფსალმ. 50:12). და კიდევ: "ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს" (ფსალმ. 50:13). თუკი, როგორც დავითმა თქვა, "სულს წრფელს განაახლებ ჩემს სხეულში" და "შენი სიწმიდის სულს არ წამართმევ", მაშინ "ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან" (ფსალმ. 50:15). და კიდევ წინასწარმეტყველი ამბობს: "მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში" (ფსალმ. 142:10). "სიმართლის ქვეყანა" - მართალთა ზეციური სამკვიდროა. და კიდევ: "უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი მხედრობა" (ფსალმ. 32:6). როგორ შეიძლება უფლის სიტყვით შეიქმნას ზეცა და მთელი მისი მხედრობა ჰაერში განქარვებადი სუნთქვით? დავითი სულიწმიდას შემოქმედსა და ფუძემდებელს უწოდებს, რომელიც სიმართლის ქვეყნისკენ მიგვიძღვის, სიტყვით ქმნის ზეცას და ყოველ მის მხედრობას, - მაშ, როგორ შეუძლიათ მწვალებლებს თქვან, რომ სული იფანტება ჰაერში?
 
ესაია ამბობს: "უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა" (ეს. 48:16); და კიდევ: "სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად" (ეს. 61:1); და კვლავაც: "ღმრთის სული განრისხდა იაკობის სახლზე", იუდეველებზე კი ამბობს: "ეურჩნენ, შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა" (იხ. ეს. 63:10). და თუკი სულიწმიდა წარაგზავნის წინასწარმეტყველთ, მათზევე დაივანებს, მრისხანებს იოკობის სახლზე და ურჩ იუდეველებზე, რომლებმაც განარისხეს იგი, როგორ შეუძლიათ მწვალებლებს თქვან სულიწმიდა ჰაერში იფანტებაო?
 
ელისე სთხოვს ილიას: "შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე" (4 მეფ. 2:9); ეზეკიელმა თქვა: "შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა" (ეზეკ. 2:2); და კიდევ თქვა: "მივცემ მათ ერთ გულს და ჩემს სულს ჩაგიდგამთ თქვენ" (შეად.: ეზეკ. 11:19); მანვე თქვა: "იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე" (იხ.: ეზეკ. 37:1); და კიდევ: "შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი" (შეად. ეზეკ. 37:10).
 
მეორე რჯულთა წიგნში ნათქვამია, რომ იესუ ნავეს ძე აღივსო სიბრძნის წმიდა სულით, როდესაც მოსემ მას ხელი დაადო (მეორე რჯლ. 34:9). და კიდევ: "ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით" (შეად.: გამ. 31:2; 35:30-31). სულიწმიდა შევიდა 70 მხცოვანზე მოსეს დროს, რადგან ნათქვამია: "ჩამოვიდა უფალი ღრუბელში ... აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს" (შეად. რიცხვ. 11:25). 68 მათგანი მივიდა კარავთან და იწინასწარმეტყველეს. ხოლო ელდადი და მოდადი არ მივიდნენ მოსესთან, მაგრამ მათაც დაიწყეს წინასწარმეტყველება; იესუმ, მოსეს მემკვიდრე განცვიფრდა და მივიდა მოსესთან და შეატყობინა მოსეს: "ელდადი და მოდადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში..." ისინი მოწოდებულნი იყვნენ კარვისკენ, მაგრამ არ მივიდნენ, მაშ "მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!". მოსემ კი უპასუხა: არ შემიძლია ავუკრძალო მათ, რადგან ეს ზეციური ნიჭია, და მეც ზეცისგან მომენიჭა იგი. არა მგონია, რომ შურით გეთქვა ეს, ნუ მისაყვედურებ, რომ ისინი წინასწარმეტყველებენ, შენ კი არა, დროს დაელოდა. "ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!" (რიცხვ. 11:29).
 
როდესაც წინასწარმეტყველურად ამბობს: "ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს", მოსე ნათლად აცხადებს, რომ უფალს ჯერაც არ წარმოუგზავნია თვისი სული და ამიტომაც არ გააჩნია წინასწარმეტყველების სული იესუ ნავეს ძეს, რადგან ახლა ნიჭები მხოლოდ ნაწილობრივაა, მაგრამ მოვა დრო, როდესაც უფალი ნიჭებს უხვად გარდმოავლენს. ასე იწინასწარმეტყველა მოსემ სულიწმიდის გარდამოსვლა წმიდა მოციქულებზე ორმოცდამეათე დღეს, რომლის შესახებ იოველიც ასე იუწყება: "ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები...  თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს" (იხ. იოველი 2:28-29), და იწინასწარმეტყველებენ. განა არ აღსრულდა ეს ყველაფერი ორმოცდამეათე დღეს, როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა მოციქულებზე?
 
წერილი ამბობს: "ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე" (იობი 33:4).
 
წინასწარმეტყველი ზაქარია ამბობს: "დე განმტკიცდეს ხელი ზორობაბელისა, და ხელი ოსედეკ მღვდლისა, და ხელი კაცთა, რადგან მე ვარ თქვანთან, და სიტყვა ჩემი, და სული ჩემი" (შეად.: ზაქ. 4:6). " მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ჩემი სულით ვუანდერძე ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამა-პაპას?" (იხ. ზაქ. 1:6).
 
დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში წერია: "ღმერთმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა" (იხ. დან. 13:45). ნაბუქოდონოსორმა უთხრა დანიელს: "ბელტეშაცარ, ბრძენთა მთავარო! ვიცი, შენში წმიდა ღმერთის სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი" (დან. 4:6).
 
დაბადების წიგნში წერია: "სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2), აცოცხლებდა ყოველივეს, რათა ღმრთის ქმნილება მკვდარი არ ყოფილიყო.და თუკი სულიწმიდამ ელისეს მისცა საკვირველთმოქმედების ნიჭი, დაარიგა ეზეკიელი, უჩვენა მკვდართა აღდგომა, სიბრძნით აღავსო იესუ ნავეს ძე, ბესელიელი აღავსო გონებითა და ხელოვნებით, გადმოვიდა 70 მხცოვანზე და გააქადაგა ისინი, რჯულმდებლად ქმნა მოსე, იოველის წინასწარმეტყველებით ბოლო დროს გადმოიღვარა და მიანიჭა მორწმუნეთ წინასწარმეტყველების ნიჭი, განაბრძნო დანიელი, განწმინდა ესაია და ქმნა წინასწარმეტყველად, დედის მუცლიდანვე აირჩია იერემია, - მითხარი მწვალებელო, თუკი ესოდენ საკვირველ და გამოუთქმელ საქმეთ იქმოდა სულიწმიდა, როგორ შეიძლება იქ ჰაერში იფანტებოდეს და განქარდებოდეს? რადგან ყველაფერი, რაც ჰაერში იფანტება, არარად იქცევა.
 
საკმარისია ჩვენთვის ვიდოეთ საცხონებლად, რომ მამას ჰყავს სიტყვა და სული, ანუ ძე და სულიწმიდა, რომლებიც არიან მამის ერთარსნი და თანამოსაყდრენი! ღმრთის სიტყვა ისეთი როდია, როგორც ჩემი, რომელიც მკერდიდან სამეტყველო ორგანოებით აღმოითქმის და ჰაერში იფანტება. მე მეტყველების სამი ორგანო მაქვს: ენა, კბილები და ტუჩები. ღმერთს კი არც მკერდი აქვს, არც ენა და არც კბილები, არც ჩვენი მსგავსი ტუჩები; ასევე მისი სიტყვა ჰაერში არ იფანტება, არამედ მარადის ცოცხალია და იპოსტასურად არსებობს ღმერთი. ის დასაბამიდანვე იყო ღმერთთან, რადგან - თვითონვეა ღმერთი. მას გააჩნია ღვთაებრივი არსი და სრულყოფილი იპოსტასი, ის არ იფანტება ჰაერში. გაიგე ღმრთის სამი მოქმედება: უფალი ბრძანებს, ძე თანამოქმედებს, სული განამტკიცებს. თუკი უსიტყვოდ და უსულოდ ადამიანი არ არსებობს, რამდენად აღმატებულია ღმერთი ადამიანზე!
 
მაგრამ აი კიდევ რას ამბობს ერეტიკოსი: "ადამიანს აქვს სული, რომელიც შობს სიტყვას, გამოთქმადს პირით და სუნთქვით, ის უხილავია ადამიანებისთვის; მხოლოდ სული ცხოვრობს სხეულში, სიტყვა და სუნთქვა კი გამოდიან და ქრებია, რადგან იფანტებიან ჰაერში. ასეა მამაც, ყოველივეს შემოქმედი, მას აქვს წარმოთქმადი სიტყვა და სუნთქვა, რომელიც იფანტება ჰაერში. ჩვენ იმიტომ არ ვლაპარაკობთ სამ პირზე ან ღმრთის სამ გვამოვნებაზე, რომ ადამიანი, რომელიც ღმრთის ხატად არის შექმნილი, არ არის სამპიროვანი ან სამ იპოსტასოვანი".
 
მათ ასე უნდა ვუპასუხოთ: "ნუთუ ასე მიამიტურად ფიქრობთ, რომ "ღმრთის ხატად" შექმნა უცვალებლად და ზუსტად იმეორებს პირველხატს? განა მოკვდავი მეფის ოსტატურად დახატულ სურათს ყველაფერი აქვს, რაც მეფეს? არა! მაგრამ იმდენად, რამდენადაც დაიტევს. მას რომ ყველაფერი ჰქონდეს, რაც მეფეს გააჩნია, მაშინ ის მეფის ხატი კი არ იქნებოდა, არამედ თვით მეფე. იგივეა ადამიანშიც! თუმც ადამიანი შეიქმნა ღმრთის ხატად, მაგრამ მიიღო მხოლოდ ის, რაც მას ერგებოდა და რასაც დაიტევდა".
 
მომისმინე, როგორ შეიქმნა ადამიანი ღმრთის ხატად და მსგავსად. "ხატად" - ითქვა არა ხორცის მიმართ, რადგან ხორცი გარსია, შექმნილია, მოკვდავია, ხილულია, - ღმერთი კი უხილავი, არაქმნილი და უკვდავია. ამიტომაც ლაპარაკია იმაზე, რაც უხილავია ადამიანში, ანუ მშვინვაზე, სიტყვასა და სულზე. ღმრთის ხატად ადამიანში არის სული, რომელიც გონებადაც იწოდება და თავის ქმედებებში ბაძავს ღმერთს. რადგან ის წამში მოივლის ყოველივეს, რაც დედამიწაზე და ცაშია, არა თავისი არსით, არამედ გონისმიერი აზრით; თუმცა, ის შეიძლება გზიდანაც გადაცდეს, რადგან ქმნილებაა. მხოლოდ ღმერთი მოიცავს ყოველივეს თავისი არსით, სიბრძნით და ძალით - ის არაქმნილია და არ გადაიხრება. გონიერ სულს მივამსგავსებთ მამას; სიტყვას, რომელსაც სული შობს - ძეს; სული გამოდის, გააჩნია რა განუყოფელი ყოფიერება სულთან და სიტყვასთან. და როგორც უფალია - მამა, ძე და სულიწმიდა, - უკვდავი და უსასრულო, ასევე ადამიანიც, შექმნილი ღმრთის ხატად, საკუთარ თავში ღმრთის მსგავსებას ატარებს: მშვინვას, სიტყვასა და სულს. ადამიანი სხეულსაც რომ გაეყაროს, მისი ღმრთის ხატისებრი სამება - სული, სიტყვა და სული - აქებს და განადიდებს უფალს, რადგან მიჩვეულია ღვთისმოსავ სხეულში ლოცვა და სხვა კეთილი საქმეები აღუვლინოს უფალს, განადიდოს იგი არა ოცნებებში, არამედ ჭეშმარიტად.
 
კიდევ ღმრთის "ხატად" ადამიანი შექმნილია, როგორც თავისუფალი და მბრძანებელი. როგორც არავინაა სხვა ღმერთი ერთი ჭეშმარიტი ღმრთის გარდა - ასევე დედამიწაზე არავინაა ადამიანზე უმეტესი, რადგან ღმერთმა ის ქმნა, რათა ყოველივეს მბრძანებელი ყოფილიყო. "ღმრთის მსგავსება" ადამიანში არის მოწოდება იყოს ყველაფერში კეთილმოწყალე, განსაკუთრებით კი მტერთა მიმართ, როგორც ღმერთი, რომელიც მზეს ყველა ადამიანზე ასხივებს, ბოროტებზეც და კეთილებზეც. აი ეს არის "ღმრთის ხატად და მსგავსად". ხოლო ეს თუ არ იგულისხმება და ღმრთისადმი სრული მსგავსება, მაშინ ადამიანი უკვე არც იქნებოდა ღმრთის ხატი, არამედ თავად იქნებოდა ღმერთი. ეს კი ასე არ არის!
 
მამა ღმერთი, თავისი არსით უხორცო, არაშექმნილი და არაშობილი არსებაა, ის მიუწვდომლად შობს ძეს და გამოავლენს სულიწმიდას. ძე და სულიწმიდა არიან ჭეშმარიტი, ცოცხალი და მამისგან განუყოფელი იპოსტასები; მათგან არც ერთი უსწრებდა მეორეს და არც ერთი არ გაჩენილა მეორეზე გვიან. მამა - მშობელია და მიზეზია თავისი ძისა და სულიწმიდისა, როგორც წყარო - მდინარისა, როგორც მზე - სხივისა და როგორც ცეცხლი - ალისა. ამიტომაც სიტყვა იშვა და სული გამოვიდა მამისგან, და მამაშივე იმყოფებიან ისინი, როგორც წყაროსგან მოედინება მდინარე, და მასშივეა, როგორც მზისგან გამოიფრქვევიან სხვები და მასშივე რჩებიან, როგორც ალი და ნათება გამოდიან ცეცხლისგან, მაგრამ იქვე არიან.
 
მე ამის შესახებ ვთქვი არა პირდაპირ, არამედ იგავებითა და სიმბოლოებით. ძე, იმყოფება რა მამაში, გარდამოხდა ზეცით, ანუ განკაცდა, მაგრმა მამასთანვე დარჩა ღმრთეებით და მასთან იქნება სამარადისოდ. "ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში" (ინ. 14:10). სულიწმიდა არ იშვება, არამედ გამოდის მამისგან და მამაშივე რჩება.
 
წმიდა წერილის მოწმობით, ისინი მოქმედებენ და ბრძანებენ, გვანიჭებენ მადლს და გვკურნავენ, მრისხანებენ და კაცთმოყვარებენ, და ეს - მათი ჭეშმარიტი და არსებული ბუნების მოქმედებაა, ისინი თავიანთი ქმედებებით შეიცნობიან, რომლებიც თავისუფლად არსებული ბუნების ყოვლადძლიერებაზე მეტყველებენ, რადგან არსებული ბუნება თავისუფლად მოქმედებს. ხოლო ადამიანის მშვინვა, სიტყვა და სული არ არიან ერთი არსის მქონე ბუნებანი და დამოუკიდებელ მოქმედებებს არ აღასრულებენ. თუ რომელიმე მათგანი იტყვის: "დაე იყოს ესა და ეს!" - არაფერი ისე, თავისით არ აღმოცენდება, როგორც ღმრთის სიტყვისა და სულის მიერ წარმოიშვა.
 
სამია იპოსტასი - მამა, ძე და სულიწმიდა, მაგრამ ერთია ღმერთი, რადგან ერთია არსი, ერთია ძალა, ერთია გონება, ერთია ნება, ერთია დიდება, ერთია მარადიული ყოფიერება - ერთარსი იპოსტასებისა; ერთია მათი მოსურვება, ერთად განიდიდებიან ისინი, თანადაუსაბამონი და ერთარსნი. აი რატომ არის ღმერთი - ერთი; ჭეშმარიტად, რომც წარმოვიდგინოთ, რომ ბევრნი იყვნენ ღმერთები, ყველა მათგანი არაარსებითებად უნდა ვაღიაროთ, რადგან ქმნილებებს არ შუძლიათ იყონ არსებითნი. ამრიგად, ღმერთი ერთია სამ იპოსტასში.
 
ხოლო ე. წ. ელინთა ღმერთები, სინამდვილეში არიან რა ქმნილებები, თუმც ერთი ბუნებისანი არიან, ყველაფერ დანარჩენში განიყოფიან არა მარტო ერთმანეთს შორის, არამედ საკუთარ თავშიც, რადგან ისინი, ისევე როგორც ადამიანები, ქმნილებები არიან, ექვემდებარებიან ცდუნებებს და ვნებებს.
 
ასე როდი უნდა ვიფიქროთ წმიდა სამებაზე: მამას, ძეს და სულიწმიდას ერთი აქვთ ნება, ერთი სიბრძნე, ერთი ძალი. არ არსებობდა ერთი ირომელიმე უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, სხვა კი საუკუნეთა შექმნის შემდგომ, არამედ ყოველთვის ერთად იყვნენ მამაც, ძეც და სულიწმიდაც: ძე მამაშია, სულიწმიდა ძეში - ერთობლივი ბუნება, ამიტომაც ღმრთის ბუნება და ღმრთეება ერთია, განიყოფა მხოლოდ სამი იპოსტასი, იმყოფებიან რა მარადიულ ერთობაში. ამიტომაც, მოვუწოდებთ რა მამას, ვადიდებთ ძეს და აღვიარებთ სულიწმიდას, ჩვენ მოვუწოდებთ ერთ ღმერთს, მას ვცემთ თაყვანს და მას მივაგებთ პატივს აწ და, მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



გაგრძელება იქნება.

წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва : Институт русской цивилизации, 2011.

პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2024 წ.
Назад к содержимому