ხელოვნება - ყოველი გამოსახულება ხატი როდია, ანუ ხატი, რომელსაც არ დავწერდი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
ყოველი გამოსახულება ხატი როდია, ანუ ხატი, რომელსაც არ დავწერდი
ხატმწერლობა
ავტორი: დიმიტრი მარჩენკო.

ამ სტატიის ავტორი - მრავლისთვის ცნობილია, როგორც bizantinum-ი, კიეველი ხატმწერი, რომელსაც ЖЖ-ში მიჰყავს გვერდი "Журнал неполиткорректного изографа". თავის ჩანაწერებში დიმიტრი დიდ ადგილს უტმობს ხატწერას, განსაკუთრებით თანამედროვე ხატწერას: ვინ და როგორ წერს ხატებს, როგორი ტენდენციები და მოულოდნელობებია დღეს ამ სფეროში.

ხელოვნების ნებისმიერი მიმართულება, უპირველეს ყოფლისა, ასახავს ამ ეპოქის ადამიანთა სულიერ მდგომარეობას. ჩვენი ზნეობით არის აღბეჭდილი თანამედროვე იკონოგრაფიაც. რა ანაბეჭდია ეს და რის შესახებ მეტყველებს თანამედროვე ხატწერა? სწორედ ამის შესახებ მსჯელობს ავტორი მოცემულ პუბლიკაციაში.

ამ სერიის პირველი სტატია ეძღვნება ხატს "სატანა და მთავარანგელოზი მიქაელი სწონიან მიცვალებულთა სულებს".


* * *

სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ ხატის შეძენა, მითუმეტეს, ხელნაწერისა, ძალზედ რთული იყო. დრო შეიცვალა და ახლა ხატები თითქმის ყოველ ნაბიჯზე იყიდება. მაგრამ დღეს სხვა პრობლემა გაჩნდა. მართალია, ხატები საკმაოდ ბევრია, მაგრამ ყველა მათგანი როდი შეესაბამება მართლმადიდებლურ კანონიკას.

აი, მაგალითად, ამასწინათ წავაწყდი ასეთ ნაწარმოებს: "სატანა (ხატზე დიდი ასოებით არის წარწერილი!) და მთავარანგელოზი მიქაელი სწონიან მიცვალებულთა სულებს".

ხატი თითქოსდა საშინელი სამსჯავროს კლასიკური მაგალითია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთის შეხედვით. მოდი უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ მოცემულ ნამუშევარს.

პირველი: სიუჟეტი ამოგლეჯილია კონტექსტიდან. ეკლესიას სწამს, რომ სულებს გაასამართლებს თვით უფალი იესუ ქრისტე. მაგრამ ქრისტესთვის აქ ადგილი აღარ დარჩა.

მეორე: საშინელ სამსჯავროზე, როგორც ეს ეკლესიის სწავლებიდან ვიცით, განისჯებიან არა სულები, არა სხეულები, არამედ თვით მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები. "აიწონება" კაცთა საქმეები, და არა სულები, როგორც ამ გამოსახულების სათაურიდან და თვით გამოსახულებიდან ვხედავთ.

მოდი, ერთი წამით დავეთანხმოთ მხატვრის ვერსიას. მაშინ იბადება კიდევ ერთი შეკითხვა: თუ სულები უნდა აიწონონ, მაშინ რატომ არის სასწორის ერთ მხარეს სული, მეორე მხარეს კი - ეშმა?

მესამე: სრულიად დარღვეულია ხატის იერარქიული წყობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ხატში ფიგურების თვითნებური გადანაწილება, რაცდაუშვებელია - ის გარკვეულ პრინციპებს ექვემდებარება. ამ გამოსახულებაში კი სწორედაც რომ ყველაფერი გადმოყირავებულია. უფრო საპატიო ადგილზე (ხატის მარჯვნივ, ხატზე კი მარჯვენა და მარხცენა განისაზღვრება არა მაყურებლის, არამედ თვით ხატის პოზიციიდან) ვხედავთ სატანას, და ეს მაშინ, როდესაც გამოსახულება საშინელ სამსჯავროს გამოხატავს! მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ საშინელ სამსჯავროზე ყველაფერი საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ გადანაწილდება, ანუ ვინ დადგება მსაჯულ-ქრისტეს მარჯვნივ და ვინ მარცხნივ. შეიძლება გვეფიქრა, რომ აქ უბრალო შეცდომასთან ან დაუდევრობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ დავაკვირდეთ წარწერას: "სატანა და მთავარანგელოზი მიქაელი სწონიან მიცვალებულთა სულებს" (თვით წარწერაში გამოხატულ უმეცრებას მე განზე დავტოვებ). ამგვარად, წარწერაში სატანა უმთავრეს პერსონაჟად წარმოჩნდება.

ცალკე აღნიშნვის ღირსია მართლმადიდებლური ხატმწერლობისთვის სატანის სრულიად არატრადიციული გამოსახვა: მოცემულ შემთხვევაში ის რაღაცაშია შემოსილი, რომელიც ძალზედ წააგავს ანაფორას, ხოლო თავზე ებრაული კიპას მსგავსი ქუდი ახურავს.

შეგახსენებთ, რომ თავიდანვე, ბიზანტიურ ხატმწერლობაში ეშმაკთ არც რქები გააჩნდათ და არც ჩლიქები. მათი ხატება სრულიად შეესაბამებოდა დაცემულ ანგელოზთა გამოსახვას. კერძოდ, ეშმაკნი ადამიანთა მსგავსად გამოისახებოდნენ და ფრთოსანნი იყვნენ (როგორც ნათლის ანგელოზნი გამოისახებიან ხოლმე). მაგრამ იმ გამონაკლისით რომ, ანგელოსთაგან განსხვავებით, მათ, როგორც ნათელმოკლებულ არსებებს შავ ან მუქ ფერებში ხატავდნენ, იყვნენ ტიტველნი (ყოველგვარი სიკეთისგან განძარცვის სიმბოლო) და პატარები (უძლურების სიმბოლო). დროთა განმავლობაში ეშმაკთა გარეგნობა სხვადასხვა ფოლკლორული დეტალებით შეივსო, რომლებიც, როგორც წესი, დასავლური ტრადიციებიდან შემოვიდა. ეშმაკთა ფრთები, რომლებიც ადრე "ბუმბულოვანი" იყო, აპკოვანი გახდა. გაჩნდა რქები, ეშვები, კუდი, ჩლიქები, სამკაპი და მთელი მასა ატრიბუტებისა, რომელიც ხალხური წარმოსახვებით არის ნასაზრდოები.

გვიანი გოთიკისა და აღორძინების ეპოქის პერიოდში ეშმაკთ უკვე აღარ გამოსახავდნენ როგორც "მოწყენილ" არსებებს. მართალია, ისინი კვლავაც ამაზრზენნი იყვნენ, მაგრამ "უფრო საინტერესონი". ეს არაჯანსაღი ინტერესი დროთა განმავლობაში, კერძოდ, რომანტიზმისა და მოდერნის ეპოქაში, დემონიზმით გატაცებაში გადაიზარდა (ამისი დამახასიათებელი მაგალითია ვრუბელის დემონური ციკლი). მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

ამრიგად, გვიწევს იმ ფაქტის კონსტატირება, რომ ამგვარ გამოსახულებას არ შეიძლება ხატი ეწოდოს. რადგან ხატის ფუნქცია - უპირველეს ყოვლისა ლოცვითი (ლოცვა კი ამგვარ "ხატზე" შეუძლებელია), ან კიდევ სწავლა-მოძღვრებითი ფუნქციაა. ამ კონკრეტული ხატწერის მიზანი თუ საუკუნო სამსჯავროს ჩვენება იყო, ჩვენს მიერ ადრე ნათქვამის გათვალისწინებით, ხატმა თავისი მიზანი ვერ შეასრულა, რამეთუ გამოსახულება კი არ განანათლებს მლოცველს, არამედ პირიქით, შეცდომაში შეჰყავს. უფრო სწორედ, ჩვენს წინაშეა რომელიღაც აპოკრიფის ილუსტრაცია.

და ბოლოს დასკვნის სახით ვიტყვი - ყოველი გამოსახულება ხატი როდია, თუნდაც მათზე ნიმბები და მართლმადიდებლური წარწერები იყოს გამოსახული.

წყარო: orthodoxy.org.ua
Назад к содержимому