აპოსტასია > ხელოვნება
სახარება ლუციფერისგან
ფილიპ პულმანის ტრილოგიის "ბნელი საწყისები" შესახებ
ავტორი: ალექსანდრე დვორკინი.
ავტორისგან: ჩვენ საქმე გვაქვს ასპროცენტიან სატანურ თხზულებასთან, რომელიც ნამდვილად რყვნის ბავშვთა სულებს.
ანტიქრისტიანული ფილმი "ოქროს კომპასი", რომელიც წარმოადგენს ფილიპ პულმანის ტრილოგიის "ბნელი საწყისების" (His Dark Materials) პირველი რომანის ეკრანიზაციას.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2nZKDcA6dP4" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
2007 წელს საშობაოდ ქსელში გამოვიდა ხაზგასმით ანტიქრისტიანული ფილმი "ოქროს კომპასი", რომელიც წარმოადგენს ფილიპ პულმანის ფანტასტიკური ტრილოგიის ("His Dark Materials") პირველი რომანის ეკრანიზაციას. თამამად უნდა ითქვას, რომ ამ ვითომცდა საბავშვო წიგნის ნიღაბქვეშ საშინელი შხამი იმალება. 2003 წელს "ბნელმა საწყისებმა" BBC-ის ვერსიით 200 საუკეთესო წიგნს შორის მე-3 ადგილი დაიკავა. ხოლო გასული წლის მიწურულს იმავე ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ მალე გამოვა "ბნელი საწყისების" ტელევერსია, რომელიც კინოკომპანია "New Line Cinema"-მ გადაიღო.
დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ ვრცელ რეცენზიას პულმანის მთელ ტრილოგიაზე. რეცენზიის ავტორის დასკვნით: ჩვენ საქმე გვაქვს "ასპროცენტიან სატანურ თხზულებასთან, რომელიც ნამდვილად რყვნის ბავშვთა სულებს".
"თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი"
(ფსალმ. 13:1).
"როდესაც ადამიანს ღმერთის არა სწამს, ის იჯერებს ყველაფერ დანარჩენს"
გ. კ. ჩესტერტონი
ფილმი
2007 წელს მსოფლიო კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ოქროს კომპასი". ეფექტურად შესრულებული სარეკლამო პლაკატები, პირველი ეშელონის მსახიობთა მონაწილეობა, იმ დროისთვის გამაოგნებელი ვიდეოეფექტები - ყოველივე ამას ფილმისადმი პუბლიკის ყურადღება უნდა მიეპყრო. მიუხედავად ამისა, ფილმის შემოსავლები კატასტროფულად დაბალი აღმოჩნდა, ასე რომ გადაწყვიტეს მისი გაგრძელებების გადაღება შეეჩერებინათ.
მართლაც, ფილმი ახდენს უცნაურ შთაბეჭდილებას: ლამაზად გადაღებული ხედები, ბრწყინვალე კომპიუტერული გრაფიკა - და ამასთან სრულიად გაუგებარი სიუჟეტი, გმირების სიუხვე, რომლებიც ხვდებიან კადრში, წარუდგებიან მაყურებელ და შემდეგ ფილმში მეტად აღარ ჩნდებიან, ყოველგვარი რეალიების ხსენება, რომლებიც შემდეგ არანაირად არ ვითარდება... მოკლედ, შედევრი არ შედგა. ერთადერთი, რაც გვამახსოვრდება, ეს არის კარიკატურულად ბოროტი საეკლესიო მსახურები, რომლებიც აწყობენ ამაზრზენ კაცთმოძულეობრივ ხრიკებს, ოღონდ გაუგებარია რატომ და რისთვის.
რომის-კათოლიკურმა ეკლესიამ ამ ფილმის გამოსვლა გააპროტესტა, მაგრამ, თუ არ იცი კონტექსტი, პროტესტის მიზეზი არც ისე ნათელი იქნება: ანტიკლერიკალურ ფილმთა რაოდენობა ხომ საკმაოდ ბევრია, მითუმეტეს, რომ აქ ეკლესია, თუმც სრულიად ამოცნობადი, სხვა სიტყვით იხსენიება, მღვდლები ჯვრების ნაცვლად მკერდზე რაღაც უცნაურ სიმბოლოებს ატარებენ.
2002 წელს თავის ინტერვიუში ფილიპ პულმანმა განაცხადა: "მე ეშმაკის პარტიიდან ვარ და ეს ვიცი".
ვითარება უფრო ცხადი ხდება, როცა იგებ, რომ ფილმი წარმოადგენდა ინგლისელი მწერლის ფილიპ პულმანის ტრილოგიის პირველი ნაწილის ეკრანიზაციას, რომელიც გამოქვეყნდა სახელწოდებით "მისი ბნელი საფუძვლები" ("His Dark Materials"). პულმანი თავს მებრძოლ ათეისტად წარადგენს, და არა მარტო. 2002 წელს გაზეთ "The Daily Telegraph"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: "ბლეიკი მილტონს ნამდვილ პოეტს უწოდებდა და ის იყო ეშმაკის პარტიიდან, თუმცა არაფერი უწყოდა ამის შესახებ. მე კი ეშმაკის პარტიიდან ვარ და ვიცი ამის შესახებ".
ფილიპ პულმანი: "გული მერევა "ნარნიის ქრონიკებისგან". მე ის მძულს ღრმა და მშფოთვარე სიძულვილით"
პულმანი
პულმანი ხაზს უსვამს, რომ თავისი ტრილოგია დაწერა როგორც "ნარნიის ქრონიკების" ანტითეზა (თავის თხზულებას მან "ანტი-ნარნია" უწოდა). "ნარნიის ქრონიკები" დაწერა ინგლისელმა მწერალმა კლაივ ლუისმა. "ნარნიის ქრონიკები" - ეს არის ფანტაზიური საგა, რომელიც შედგება შვიდი საბავშვო წიგნისგან და, სადაც მოთხრობილია ბავშვთა ჯგუფის თავგადასავალი გამოგონილ ქვეყანაში.
კლაივ ლუისის მძაფრსიუჟეტიანი და თავგადასავლებით სავსე წიგნი დაწერილია ქრისტიანული ალეგორიის ჟანრში, რომელიც ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასაგებ სიმბოლოებში უხსნის მათ მრავალ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას. დრო და დრო მართლმადიდებელი მშობლები გვეკითხებიან, ხომ არ არის ბავშვებისთვის მავნე "ნარნიის ქრონიკების" კითხვა: მათ სმენიათ, რომ ლუისის წიგნები "სატანურია". მათთვის სასარგებლო იყო მოსმენა იმისა, რასაც "ნარნიის ქრონიკებზე" ამბობს ის, ვინც თავს "ეშმაკის პარტიას" განაკუთვნებს: "გულს მირევს "ნარნიის ქრონიკები". მე ღრმა და მშფოთვარე სიძულვილით მძულს ეს წიგნები, რომლებშიც ბავშვობა წარმოდგენილია როგორც ოქროს საუკუნე, თავისუფალი სექსუალიზმისა და ზრდასრულობისგან". პულმანი ნარნიის შესახებ დაწერილი წიგნების სერიას რელიგიურ პროპაგანდად მიიჩნევს და კლაივ ლუისის ამ ქმნილებას "ერთ-ერთ ყველაზე მახინჯ და შხამიან ნაწარმოებად მიიჩნევს მათ შორის, რომელიც კი ოდესმე წაუკითხავს".
"The Daily Telegraph"-ის მიმომხილველი პიტერ ჰიტჩენსი ადასტურებს, რომ პულმანი გაძლიერებულ ანტიქრისტიანულ საქმიანობას ეწევა და მოჰყავს მისი ინტერვიუ, სადაც მწერალი ამბობს: "მე ვცდილობ ძირი გამოვუთხარო ქრისტიანულ სარწმუნოებას". ჟურნალისტი პულმანის კვალობაზე "ბნელ საწყისებს" განიხილავს როგორც კლაივ ლუისის "ნარნიის ქრონიკების" პირდაპირ უარყოფას. აი როგორ შეაჯამა პულმანის შეხედულებები პიტერ ჰიტჩენსმა:
"პულმანს არ სწამს ღმერთის, უკიდურეს შემთხვევაში, მან ეს განაცხადა უამრავჯერ. ის ასევე გააფთრებულად ეწინააღმდეგება ორგანიზებულ რელიგიას - მის "ბნელ საწყისებში" ეკელსია სა სასულიერო დასი გამოსახულია როგორც ბოროტმოქმედთა და ბავშვების მკვლელთა რეპრესიული ძალა. ტრილოგია ნაწილობრივ ჩაფიქრებულია როგორც ჯ. მილტონის "დაკარგული სამოხთის" პარაფრაზი: ორი მოზარდი - ლაირა და უილი, - რომელთაც წილად ხვდათ ხვედრი გადაარჩინონ სამყარო, მონაწილეობენ ზეციურ ომში. მხოლო ამჯერად მხარეები გადაბრუნებულია. ლაირა და უილი გადმოაბრუნებენ დამყარებულ წესრიგს. მათი სამყაროები გამოსყიდულია, და ღმერთი, რომელიც ძველი და უძლური მარაზმატიკია, მისი სიცოცხლის შემნარჩუნებელი მექანიზმების ხარჯზე რომ ცხოვრობს, მტვერივით გაიფანტება".
თავის მხრივ პიტერ ჰიტჩენსის ძმამ კრიტოფერ ჰიტჩენსმა "ბნელი საწყისები" ტოლკიენისა და ლუისის ქრისტიანული წიგნების ცინცხალ ალტერნატივად მიიჩნია, ხოლო პულმანი აღიარა ავტორად, "რომლის წიგნები შლის ზღვარს ზრდასრულთა და მოზარდთათვის დაწერილ ფანტასტიკას შორის".
ზოგიერთი მართლმადიდებელი გაიტაცა ტოლკიენის, ლუისისა და სხვათა წიგნების მხილებამ, და ვერ შეამჩნია, როგორ შემოყარეს წიგნის ბაზრებზსე ასპროცენტიანი სატანური თხზულება, რომელიც ნამდვილად რყვნის ბავშვთა სულებს. ის მით უფრო საშიშია, რომ პულმანმა შეძლო დაეწერა საინტერესო წიგნი წარმტაცი სიუჟეტით და ფანტასტიკური სამყაროებით. უდავოდ, ტრილოგია სავსეა ლიტერატურული ნაკლოვანებებით: მძიმე დასაწყისი, მრავალი სიუჟეტური ალოგიკურობა, მთელი რიგი აღუწერელი დახასიათება, კვლავ და კვლავ განმეორებადი სიუჟეტები, რომლებიც ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციებიდან ვითარდება და ა. შ. მაგრამ ავტორის ფანტაზია, თხრობის წარმტაცობა და სიუჟეტის განვითარების სწრაფი ტემპი ფარავს მრავალრიცხოვან ნაკლოვანებას, ასე რომ, ისინი, სავარაუდოდ, მკითხველის ყურადღების მიღმა დარჩება. ჩვენი აზრით, წიგნის მთავარი საშიშროება იმაშია, რომ მისი ძირითადი და ბავშვებისთვის მომაკვდინებელ-შხამიანი შინაარსი უცებ როდი აშკარავდება, არამედ თანდათანობით და ნელ-ნელა.
პირველ ტომში მხოლოდ დასასრულს არის შესამჩნევი ანტიკლერიკალიზმი. წარმტაცი სიუჟეტით გატაცებული მოზარდი მკითხველი, რომელიც მძაფრად განიცდის მთავარი გმირების ბედს და თავგადასავალს, ვერ შეამჩნევს ამას და გააგრძელებს კითხვას. მეორე ტომში მას უკვე გადაეშლება ამბოხი ღმრთის წინააღმდეგ, მესამეში კი ამაზრზენი მკრეხელობები და გამხრწნელი ამორალიზმი.
ტრილოგიის სიუჟეტი
ტრილოგიის მთავარი გმირია - 12 წლის გოგონა ლაირა (რუსულ თარგმანში - ლირა). ის პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც ძალიან წააგავს ჩვენსას, მაგრამ ამავდროულად განსხვავდება კიდეც. მასში არის მისი მშობლიური საუნივერსიტეტო ქალაქი ოქსფორდიც, რომელიც ასევე ინგლისშია. პარალელური სამყაროების ქვეყნები მეტ-ნაკლებად შეესაბამებიან ჩვენსას, მაგრამ, კვლავაც, არც ისე: ნორვეგიას ეწოდეობა სვალბარდი, რუსეთს - მოსკოვია (გარდა იმისა, რომ არსებობს ერთგვარი ტარტარია, რომელიც, როგორც ჩანს, განლაგებულია ციმბირში); გაუგებარია არსებობს თუ არა იქ აშშ, მაგრამ ტეხასის რესპუბლიკა მოხსენიებულია... პარალელური სამყაროს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება დაახლოებით შეესაბამება ჩვენი XX ს-ის დასაწყისის დროინდელ ტექნიკას. სამაგიეროდ იქ ცხოვრობენ მოლაპარაკე ჩრდილოეთის დათვები, რომლებსაც შეუძლიათ შეიმოსონ ტყვიაგაუმტარი ჯავშნით, რომელიც მეტეორიტული რკინისგან მზადდება, არსებობენ ჯადოქართა მთელი კლანები, რომლებიც მატრიარქატის სისტემით ცხოვრობენ და ფიჭვის ცოცხებზე დაფრინავენ, არიან ასევე კლდის ღამურები და სხვა ველური ქმნილებები.
პარალელურ სამყაროში არის ეკლესიაც, რომელსაც მაგისტერიუმი ეწოდება და, რომელიც ღვთისმსახურებას ორატორიუმის შენობებში ატარებს. ეკლესია - ეს არის რაღაც საშუალო დაწესება რომაულ-კათოლიციზმსა და კალვინიზმს შორის (რომანის დასაწყისში ნათქვამია, რომ XVI ს-ში რომის პაპმა ჟან კალვინმა პაპის რეზიდენცია ჟენევაში გადაიტანა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ის საერთოდ გააუქმეს). ეკლესია კოლეგიალურად იმართება და ერთმანეთის მადუბლირებელი ინკვიზიციური ორგანოების მეშვეობით მკაცრად აკონტროლებს მთელ მსოფლიოს. ეკლესია ყველას უთვალთვალებს და დაუნდობლად ანადგურებს ყოველგვარ თავისუფალ აზროვნებასა და თავისუფლების მოყვარეობას.
ეს ეკლესია მსოფლიოში ერთადერთია. არანაირი სხვა მსოფლიო რელიგია აქ არ შეიმჩნევა. სამაგიეროდ ჩრდილოეთ და სამხრეთ კიდეებზე არსებობს შამანიზმი და ჯადოქრობა, რომლებშიც არის მოცემული მთელი ჭეშმარიტება, თანაც ისინი ინიციირებულ ადეპტებს აძლევენ ზებუნებრივ ძალას. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ პარალელური სამყარო ჩვენისგან განსხვავდება მით, რომ ყოველი ადამიანის სულის ნაწილი, რომელსაც რომანში ეწოდება daemon (ინგლისურად ეს სიტყვა წარმოითქმის, როგორც "დემონ" (demon)), მატერიალურ სამყაროში მისგან განცალკევებულად არსებობს და ამა თუ იმ მოლაპარაკე ცხოველში მყოფობს, რომელიც მუდამჟამ თან ახლავს ადამიანს. რომანის მსვლელობისას ერთ-ერთი გმირი ახსენებს ქრისტიანულ ანთროპოლოგიას და ადამიანის სამნაწილედობას (სხეული, სამშვინველი და სული), მაგრამ გადასხვაფერებულია როგორც სხეული, სული (ანუ მოჩვენება) და დემონი.
კადრი ფილმიდან "ოქროს კომპასი". მისის კოუტლერი და მისი "დემონი". ადამიანის სულის ნაწილს რომანში ეწოდება daemon - ინგლისურად ეს სიტყვა წარმოითქმის ისევე, როგორც demon, ანუ დემონი
ღმერთი, პულმანის მიხედვით, არ არის ყოვლისშემძლე და სინამდვილეში წარმოადგენს სასტიკ დიქტატორს
რომანის დასაწყისში მცხოვრები ობოლი ლაირა - გმირული პიროვნების, დამსახურებული პოლარელის ლორდ აზრიელის უკანნონო შვილია, რომელმაც ის გათხოვილი ქალისგან - მისის კოუტლეერისგან გააჩინა, რის შემდეგაც მოჰკლა მისი ქმარი. შევნიშნავთ, რომ ყველა სახელი - მეტყველია. ლაირა (Lyra - ქართული ტრანსკრიფციით - "ლაირა") ინგლისურად თითქმის ისევე წარმოითქმის, როგორც liar (ქართ. ტრანსკრ. "ლაია")- მატყუარა. მთავარი პერსონაჟი ქალი (რომანში ორიდან ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახე) მართლაც გაქნილი მატყუარაა, როგორც მას ახასიათებს ავტორი და როგორც თვითონაც ლაპარაკობს საკუთარ თავზე.
აზრიელი - ოდნავ სახეშეცვლილი Israel (ისრაელ)-ია (ბორხესის თანახმად "აზრიელი" ასევე წარმოადგენს კაბალისტური "ზოჰარის წიგნის" ტეტრამორფის ერთ-ერთ სახეს. გარდა ამისა, "აზრიელი" ასევე ასოცირდება იუდაიზმსა და ისლამში ცნობილ დემონ "აზრაელთან", რომელიც არის მიცვალებულთა გადამყვანი საიქიოში - "აპოკ". რედ.) - პროფესიონალი დისიდენტი, მეამბოხე და ღმრთისმებრძოლი. ის არის მებრძოლი ანტითეისტი, რომელმაც საკუთარი თავისთვის აღმოაჩინა "სიმართლე" ღმერთზე და ეკლესიაზე. მან იცის, რომ ღმერთი - არ არის ყოვლისშემზლე და სინამდვილეში სასტიკი დიქტატორია. აზრიელი მას ომს უცხადებს და თავის მიზნად მის მოკვლად განიზრახავს. ეკლესიას მართავენ უპრინციპო ძალაუფლებისმოყვარენი, რომლებსაც ძალაუფლება ტოტალური თვალთვალის, ტერორის და ღმერთსა და სამყაროზე სიმართლის მიჩქმალვის მეშვეობით უპყრიათ. თუმცა, თვით აზრიელიც ბევრად უკეთესი როდია თავის მტრებზე.
სხვა სამყაროებში რომ ფანჯრები გაჭრას, საიდანაც აპირებს ის თავისი ომის დაწყებას, აზრიელმა მსხვერპლად უნდა შეწიროს უმანკო ბავშვი, რასაც აკეთებს კიდეც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მისი ყოფილი შეყვარებული, ამჯერად კი ეკლესიის საიდუმლო აგენტი და ყოვლისშემძლე ქალი-ვამპირი მისის კოუტლერი (ინგლ. сoulter – მჭრელი), პირნათლად ასრულებს თავისი ხელმძღვანელობის დავალებას და უკიდურეს ჩრდილოეთში აშენებს თავის სადგურს ბავშვების "გამოსაჭრელად" მათ დემონთაგან, რის შემდეგ ისინი ან კვდებიან ან ზომბებად იქცევიან (გავიხსენოთ, რომ წიგნის მიხედვით "დემონი" ადამიანის სულის ნაწილია - "აპოკ". რედ.). სხვათა შორის, საბედისწერო ლამაზმანის სახე მეორადია: ის გადმოტანილია "სამი მუშკეტერის" პერსონაჟის, მილედის დახასიათებიდან. "სამ მუშკეერში" - მილედი კარდინალის აგენტია, პულმანის ტრილოგიაში კი კოუტლერი - ეკლესიის აგენტია, ორივე აჯადოვებენ და საკუთარ ნებას უქვემდებარებენ ნებისმიერ ადამიანს, ორივეს ზურგს უკან მათ მიერ გამოყენებული და შემდეგ ჩამოწერილ ყოფილ შეყვარებულთა გვამების გორებია.
მაცთური და სასტიკი დედისგან გაქცეული ლაირა უმეგობრდება ზღვის ხალხს "ციგანტებს" და უკიდურესი ჩრდილოეთისკენ მიემართება, სადაც განიცდის წარმტაც თავგადასავლებს, რთული ვითარებიდან დაიხსნის მოლაპარაკე დათვების მეფეს და ჯადოქართა კლანსაც მიიმხრობს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჯადოქრები აღიარებენ ნეოწარმართული ოკულტურ-ფემინისტური მოძრაობის "ვიკას" სრულიად თანამედროვე იდეოლოგიას. მეორე ტომში ახალგაზრდა პერსონაჟი მოხვდება ჩვენი სამყაროს ოქსფორდში, სადაც გაეცნობა ბიჭს სახელად უილი (ვილლი) და ასევე ახალგაზრდა მეცნიერ-ფიზიკოსს დოქტორ მერი მელოუნს.
მეცნიერი ქალი ყოფილი კათოლიკე მონაზონი აღმოჩნდება, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ რწმენა დაკარგა. უილ პარი (სახელი შეიძლება გადმოითარგმნოს, როგორც "ნება", "ნების ძალა", ხოლო გვარი - როგორც "მოგერიება") - პრაქტიკულად ობოლია, რადგან მისი დედა პარანოიდალური შიზოფრენიის მძიმე ფორმით არის დაავადებული, ხოლო მამა, პოლარული მკვლევარი, მისი პირმშოს დაბადებისთანავე დაიკარგა. შემდეგში მამა ლაირის სამყაროში გამოჩნდება, სადაც ტარტარები ნარკოზის გარეშე გაუხვრიტავენ მას თავის ქალაში რამოდენიმე ხვრელს და ისიც შამანი გახდება: მას შეუძლია ქარების, ღრუბლებისა და ფრინველთა მბრძანებლობა. ახლა ლაირა თავის მოგზაურობას სხვადასხვა სამყაროებში უილთან ერთად აგრძელებს, რომელიც ზემჭრელი, ძლიერ ბასრი დანის ბედნიერი მფლობელი აღმოჩნდება, რომელიც ქვეყნად უპრობლემოდ ჭრის ყველაფერს, ამასთანავე კვეთს ფანჯრებს სამყაროთა შორის.
რომანის ძირითადი "რელიგიური" ნაწილი - მესამე ტომშია, რომელიც ჯონ მილტონის ქრისტიანული პოემის "დაკარგული სამოთხის" თავისებურ ანტითეზას წარმოადგენს.
პირველდაწყებითმა ცოდვამ, პულმანის მიხედვით, მოიტანა განათლება, თავისუფლება და ბედნიერება, მან ასევე აზრი მიანიჭა სიცოცხლეს
სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ჩვენ ვიგებთ ე. წ. "მტვრის" ელემენტარულ ნაწილაკთა შესახებ. ეკლესიის განსაზღვრებით, მტვერი დაკავშირებულია პირველდაწყებით ცოდვასთან, და ცდილობს მის განადგურებას. მტვერი ედება ადამიანებს მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემდეგ, და ეკლესია თავის ამოცანად მიიჩნევს ხელი შეუშალოს მოზარდთა ზრდასრულობის მიღწევას, რისთვისაც ბოროტი მისის კოუტლერი იწყებს ბავშვების მოტაცებას და მათ ვივისექცირებას. ლაირა მეგობრების დახმარებით მიდის იმის შეგნებამდე, რომ მტვერი სინამდვილეში სიკეთეა და წარმოადგენს ერთგვარ კოლექტიურ გონებას, ანუ მსოფლიო ცნობიერებას. ცოდვა სამყაროში წარმოიშვა იმის შემდეგ, რასაც ეკლესია პირდველდაწყებით დაცემას უწოდებს და, რომელმაც ადამსა და ევას შესძინა ცოდნა, თავისუფლება, ბედნიერება და მათ ცხოვრებას აზრი შეჰმატა. მტვერი ლაირას მის მიერ ნაჩუქარი მოწყობილობის, "ალეტიომეტრის" (ბუკვ. "ჭეშმარიტების გამზომი") ელაპარაკება, ხოლო ფიზიკოს მერი მელოუნს - მისი კომპიუტერის მეშვეობით, შემდეგ კი საერთოდ ჩინური სამკითხაო ჩხირების დახმარებით. ამგვარად მტვერი ტრილოგიის პერსონაჟებს მრავალ ცნობას აწვდის, რჩევები და მითითებები, რომელსაც ის იძლევა, ყოველთვის სასარგებლო და უცთომელია. მეტიც, რომანის ყველა ის უთვალავი სიუჟეტური ჩავარდნა, აიხსნება თვით მტვრის გონივრული ჩანაფიქრით, ანუ თავისებური განგებულებით. ოღონდ არა ღმრთის განგებულებით, ცხადია, (ღმერთი ხომ არ არსებობს), არამედ, როგორც ჩანს "მტვრისეული" განგებულებით. რაოდენ "ღირსეული" მონაცვლეობაა!
სხვადასხვა სამყაროებში მრავალი თავგადასავლის შემდეგ, უილი და ლაირა შეიტყობენ, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს და, რომ ბოროტი ღმერთი მკვდრებს აგზავნის ბერძნული ჰადესის მსგავს ადგილში, სადაც მათი აჩრდილები საცოდავ არსებობას აგრძელებენ. ახალგაზრდა გმირები გადაწყვეტენ იქ ჩასვლას, სიკვდილის მოკვდინებას და მკვდართა გათავისუფლებას. ისინი ჩაიმალებიან ქარონის ნავში, რომელიც მათ მკვდართა ქვეყანაში გადაიყვანს, სადაც მეფობენ ბოროტი და საშინელი ჰარპიები, უბედურ და საცოდავ აჩრდილებს მათი ცოდვების გაუთავებელი შეხსენებით რომ აშინებენ.
მძიმე გამოცდების შემდეგ ორი ბავშვი სიკვდილის განადგურების ხრიკს მოიფიქრებს. ლაირა მონსტრ-ჰარპიებს შესთავაზებს უძლური აჩრდილების ტანჯვის ახალ მეთოდს: მკვდრები მათ თავიანთ ცხოვრებაზე ნამდვილ ისტორიებს მოუთხრობენ, ხოლო ისინი (ჰარპიები) გულწრფელი და საინტერესო მონათხრობის ნაცვლად, მათ მკვდართა ქვეყნიდან გამოსასვლელ გზებს აჩვენებენ. მოჩვენებებს, რომლებსაც საინტერესო არაფერი აქვთ სათქმელი თავიანთი ცხოვრებიდან, მკვდართა სამეფოში საუკუნოდ ჩარჩებიან. ხოლო ის აჩრდილები, რომლებიც ქვესკნელიდან აყვავილებულ მინდორ-ველებზე გამოვლენ, უეცარი ბედნიერებისგან მყის დაიშლებიან ატომებად, შეერწყმიან ბუნებას და იარსებებენ პეპლებში, ყვავილებში, ქარში, ნამის წვეთებში და ა. შ.
მოკლედ, როგორც ჯერ კიდევ XIX ს-ში თქვა ტურგენევის "მამებისა და შვილების" გმირმა ნიჰილისტმა ბაზაროვმა: "მოკვდები - და ოროვანდი ამოიზრდება". არც ისე ნუგეშისმომცემი დასასრულია: სიკვდილისგან თავდახსნის ნაცვლად, სადაც სიკვდილის დამარცხება საბოლოო და შეუქცევადია, პულმანის გმირები აჩრდილებს ცხოვრების დარჩენილ ნაწილს არარაობად გადააქცევენ. და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ღმრთის, მისი უზენაესი სიმართლისა და მოწყალების ნაცვლად, პულმანთან საბოლოო მსაჯულებად გამოდიან ბოროტი, ბრიყვი და სასტიკი ჰარპიები.
აზრიელი ღმერთს და ზეციურ სასუფეველს ომს უცხადებს და მის ზეციურ რესპუბლიკად გადაქცევას ცდილობს
ამ დროს ლორდი აზრიელი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაპატიმრებული იყო, განმარტოვებულ საკანში იჯდა და სხვა სამყაროში გაიქცა, რეკორდულ ვადებში მიუდგომელ ციხე-სიმაგრეს ააშენებს, მის ქვეშ მრავალკილომეტრიან და წარმოუდგენელი სიღრმის სარდაფებს გააშენებს. ასევე სწრაფად მოიშინაურებს დამხმარე-მონსტრებს (მარტო მდინარის ჭრიჭინებზე ამხედრებული ლილიპუტები რად ღირს მამლის დეზივით ქუსლებიდან მომაკვდინებელ შხამებს რომ აფრქვევენ) და ადამიანთა კბილებამდე შეიარაღებულ მრავალათასიან არმიებს, გონივრულ და ოსტატურ მანქანებს რომ ფლობენ. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს საურმანის კარიერის აღწერას "ბეჭდების მბრძანებლიდან", მაგრამ პულმანის გმირი, რა თქმა უნდა, ფორას აძლევს არა მარტო საურმანს, არამედ საურონსაც კი, რომელსაც მრავალი წლები დასჭირდა თავისი სამხედრო პოტენციალის ჩამოსაყალიბებლად.
ამ მიუდგომელ ციხე-სიმაგრეში, გიგანტური გრდემლების ხმაურისა და გამლღვარი მეტალის ოხშივარქვეშ, მხედართმთავარი აზრიელი ღმერთსა და ზეციურ სასუფეველს ომს გამოუცხადებს. ის ცდილობს ზეციური სასუფეველი ზეციურ რესპუბლიკად გადააქციოს. მასთან ერთად, მონსტრებისა და ადამიანების გარდა, იბრძვიან ანგელოზებიც, რომლებიც მრავალი ათასი წლის წინ ღმერთს აუმხედრდნენ თავიანთი დასაბამიერი ბელადის - ბრძენი, კეთილი და მზრუნველი "ლუციფერის" წინამძღოლობით. "ლუციფერი" ტრილოგიაში ქალის სქესის ანგელოზია სახელად ქსაფანია.
დიახ, პულმანის წიგნში ანგელოზები სქესობრივად არიან დაყოფილნი. მათ ასევე გააჩნიათ გამჭვირვალე სხეულები, და, როგორც ჩანს, რაც უფრო მაღალ იერარქიას ეკუთვნის ანგელოზი, მით უფრო გაუმჭვირვალეა მისი სხეული. პულმანს სწამს, რომ მთელ სამყაროში არაფერია სულიერი - ყველაფერი მატერიალურია, ოღონდ სხვადასხვანაირად.
ანგელოზები ადამიანებზე უფრო უძლურები არიან, რადგან მათი სხეულები ისე მკვრივი არ არის, როგორც ჩვენი. მათ წინააღმდეგ შეიძლება ბრძოლა, და მათზე გამარჯვებაც შეიძლება. თავისთავად ანგელოზები ძალიან ხანგრძლივად ცხოვრობენ, ოღონდ არა მარადიულად. ისინი ექვემდებარებიან სნეულებებს, შეიძლება მათი დაჭრა და მოკვლაც კი. მათ ასევე ახასიათებთ სექსუალურობა: მათ შეუძლიათ სქესობრივი კონტაქტის დამყარება როგორც ადამიანებთან, ასევე ერთმანეთთანაც.
პულმანი აღწერს ორ ანგელოზსაც კი, რომლებიც ერთმანეთში ჰომოსექსუალურ კავშირში არიან. თუმცა, ეს ორი ანგელოზი ღმრთის მოწინააღმდეგე პარტიას ეკუთვნიან და არც ისე სიმპათიურები არიან. შეიძლება ითქვას, რომ პულმანი საკმაოდ რეალისტურია (ოღონდ არა პოლიტკორექტული), როდესაც ამ ტიპიურ ჰომოსექსუალურ წყვილს აღწერს: ჭირვეულები, მშიშრები, ეჭვიანები, წყენიები, გაუბედავნი და მუდმივად თავმოყვარე არსებები.
პულმანის დახასიათებით ღმერთის ანგელოზები ამათზე უარესები არიან. მთელ ქვეყნიერებას მართავს ცეცხლოვანი ანგელოზი სახელად მეტატრონი, რომელსაც ჩვეულებისამებრ რეგენტს უწოდებენ. ის ოდესღაც ადამიანი იყო და ერქვა ენოქი, მაგრამ შემდეგ ის ღმერთმა ცაში აიყვანა და, როგორც ჩანს, გარდაქმნა ის იმ ანგელოზად, რომელსაც დღეს მიქაელს უწოდებენ.
ღმერთი (წიგნში ის იწოდება უბრალოდ ავტორიტეტად (Authority) იწოდება. ისიც ანგელოზია, ოღონდ ქრონოლოგიურად ყველაზე პირველი. უხსოვარი დროიდან ის რომელიღაც შემთხვევითობის წყალობით თავისთავად გაჩნდა არარაობიდან, ხოლო შემდეგ, როდესაც დაიწყეს გაჩენა სხვა ანგელოზებმაც, მოიტყუა, რომ ისინი მან შექმნა. დროთა განმავლობაში ის დაბერდა, რის გამოც "ძველი დღეთა" უწოდეს (მისის კოუტლერი, როდესაც ღმერთის დაბერებაზე საუბრობს, დანიელის წინასწარმეტყველების წიგნს იმოწმებს (დანიელ. 7:9), სადაც ბიბლია ღმერთს ამ ეპითეტით მოიხსენიებს), დღეისთვის კი ის სრულიად დაჩაჩანაკდა, ჩავარდა მარაზმში და დაუძლურდა.
იმის შემდეგ, რაც მეტატრონმა მოახდინა ძალაუფლების უზურპირება მან ღმერთი ბროლის კაფსულაში მოამწყვდია, რომლის გარეშე ის დიდი ხნის გარდაქცეული იქნებოდა ატომებად. მიუხედავად ამისა, ეს კაფსულა მას მაინც ვერ შველის. როდესაც, უკვე სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეტატრონი ავტორიტეტს მცველი ანგელოზების თანხლებით მფრინავი ღრუბლიანი მთიდან, სადაც ის დიდხანს ცხოვრობდა, უსაფრთხო ადგილზე გააგზავნის, ხდება ინციდენტი, - კაფსულა ჩამოვარდება და დაიმსხვრევა, ხოლო უკვე დიდი ხნის მხცოვან სკლეროზში ჩავარდნილი "ძველი დღეთა" უკვალოდ გაიფანტება ატმოსფეროში.
კლერიკოსები პულმანს მხოლოდ შავ ფერებში ჰყავს დახატული
რომანის გმირები ჯადოქრებისგან შეიტყობენ წინასწარმერტველებას ლაირას შესახებ: ის ახალი ევა უნდა გახდეს, კვლავ, ისევე როგორც კაცობრიობის პირველი დედა და განიცადოს საცთური, რომლისადმი დაქვემდებარების შემდეგ შეძლებს მთელი სამყაროს გადარჩენას. ეკლესია გაიგებს ამის შესახებ და შეეცდება გოგონას მოკვლას მანამ, სანამ ის ცოდვაში ჩავარდება.
საეკლესიო მსახურთა სახეები პულმანს მხოლოდ შავ ფერებში აქვს გამოსახული: ერთდროულად ფანატიკურები და ცინიკურები, სადისტურად სასტიკები, მაგრამ ამავდროულად ბრიყვი, უხეში და უხეიროები. გაუგებარია, როგორ შეძლეს ასეთმა წარუმატებელმა და სულელმა ადამიანებმა მსოფლიოს მართვა. ერთადერთი მეტ-ნაკლებად ადამიანური კლერიკოსი - ეს არის "მოსკოვიტელი" მღვდელი მამა სემიონი, რომელსაც უილი უკიდურეს ჩრდილოეთში შეხვდა. რა თქმა უნდა, ის არის ბინძური, უცერემონიო და ნახევრადგანათლებული (მართალია, ამასთან ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურს), პლუს ამას, სემიონი არის გამოუსწორებელი ლოთი. ოღონდ, უკიდურეს შემთხვევაში, გულკეთილი, თავისებურად სტუმართმოყვარე და არაბოროტი.
ცხადია, როგორც უმაღლესმა კლერიკოსებმა, რომლებმაც აამოქმედეს თერმობირთვული და სიმპათიური მაგიით მართული იარაღი, ასევე შაშხანით შეიარაღებულმა მოხეტიალე-კილერმა, ვერ მოახერხეს ლაირას მოკვლა. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ხდება, დრო რომ მოიგონ, გოგონას არადამაჯერებლად მონანულმა და კვლავ შეერთებულმა მშობლებმა შექმნეს დივერსიული გეგმა. დიადი მანიპულატორი ქალი და გამაოგნებელი ლამაზმანი მისის კოუტლერი იპყრობს რეგენტ მეტატრონის გულს, რომელიც, მთელი თავისი ძალაუფლებისმოყვარებისა და სიბრძნის მიუხედავად, სიამტკბილობის მოყვარულიც არის და მიამიტი ვნებიანი მამაკაცი, რომელსაც ქალის ჩვეულებრივი ფლირტისგან გონება ებინდება. ის გადაეშვება უფსკრულში, სადაც ლორდი აზრიელი და მისი ყოფილი ცოლი თავს დაესხმიან მას და გააფთრებულ ბრძოლაში მასთან ერთად დაიღუპებიან უძირო უფსკრულში.
ამ დროს ლაირა უილთან ერთად გამოაღწევენ ბრძოლის ველიდან და მოხვდებიან თითქმის იდეალურ ბუკოლისტურ სამყაროში, სადაც ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ გონიერი რომბისებრი ოთხფეხა ხორთუმიანი არსებები, რომლებიც ამავე დროს ბორბლებზე დასეირნობენ. ბრძენი გველის რჩევით მათ დიდი ხანია აითვისეს გადაადგილების ასეთი წესი, რომელმაც ეს რჩევა თითქოსდა პირველმშობელ დედას მისცა და უთხრა: "ფეხებზე ბორბლებს ჩაიცმევთ და იქნებით ვითარც ღმერთები".
აბორიგენები გველთან ამ საუბარს მთელი ერის სიცოცხლის კურთხევად განიხილავენ, რომელმაც მათ გადაადგილების სახეობა უბოძა, მასთან ერთად კი თავისუფლებაც და შემოქმედებაც. მათი ყოველდღიურობა მოგვაგონებს ამერიკელი ინდიელების ცხოვრების იდეალიზებას - ისინი არიან ერთდროულად მიამიტებიც და ბრძენნიც, იდეალურად იცავენ ეკოლოგიურ ბალანსს, მაგრამ უდანაშაულოდ იტანჯებიან თეთრ კოლონიზატორთა შემოსევის შედეგად.
ამ სამყაროში დაბერებულ და დაჭრილ ბავშვებს ელოდებათ ადრე იქ გადასახლებული და უკვე ადაპტირებული დოქტორი მელოუნი. ოთხფეხა ბორბლებიანები მას აუწყებენ, რომ სამყაროში ხდება კატასტროფა: გაუგებარი მიზეზებით, რომელიც უფრო დაკავშირებულია ადამიანის ტექნოგენურ განვითრებასთან, მსოფლიოდან მიდის გონიერი მტვერი, მასთან ერთად კი - სიცოცხლე, სიხარული და ევოლუციური განვითარების იმედი. მეტიც, სამყაროში, სადაც ცხოვრობენ უბედური და უდანაშაულო აბორიგენები, მტვრის არასაკმარისობის გამო კვდებიან გიგანტური ხეები, რომლებისგანაც ბორბლებს ამზადებენ, და ასევე სიმპათიური ოთხფეხა გონიერი არსებები, რომელთაც უკვე გადაადგილების საშუალებები უმცირდებათ და რომელთა გარეშე ისინი დიდხანს ვერ გასტანენ.
დოქტორი მელოუნი, ყოფილი მონაზონი, 12 წლის მოზარდებში გააღვიძებს სექსუალურ ვნებას და ისინი განმარტოებით სქესობრივ აქტს ეძლევიან
მერი მელოუნი, რომელსაც გამოსყიდვის ახალ დრამაში განკუთვნილი აქვს გველის როლი (რაზეც მას ადრევე აუწყებენ ქსაფანიის პარტიის ანგელოზები), დეტალურად მოუთხრობს ორ მოზარდს იმის შესახებ, თუ როგორ შთავარდა ის, ყოფილი მონაზონი სიძვის ცოდვაში, თუ როგორ მიეცა ის სამეცნიერო კონგრესზე იტალიელ მეცნიერსა და კოლეგას. ამან ის ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებამდე მიიყვანა, რის შემდეგაც დაკარგა რწმენა და თავისი ჯვარი ზღვაში მოისროლა.
ფაქტობრივად ის გვიყვება რელიგიური მოქცევის ისტორიას, ოღონდ უკუღმა. თავისი მოთხრობით დოქტორი მელოუნი რყვნის ბავშვებს, ის 12 წლის მოზარდებში აღვიძებს სექსუალურ ვნებას და ისინიც, განმარტოვდებიან რა, სქესობრივ ლტოლვაში იმავ საღამოს შეერწყმიან ერთურთს. ასე აღსრულდება ახალი ცოდვით დაცემა, სამყარო კვლავ გამდიდრდება, მტვერი მასში დარჩება და უხვად დაიწყებს ყველა არსებულის "დამტვერიანებას", მასთან ერთად კი გაჩნდება ცხოვრების აზრიც, იბადება იმედი და აღზევდება თვისუფლება შემოქმედებითი განვითარებითა და პროგრესით. დაღუპულ ლორდ აზრიელის არმია დაამარცხებს ზეციური სასუფევლის ურდოს. ღმერთი უკვე აღარ არის, იწყება ზეციური რესპუბლიკის მშენებლობა, ეკლესია დაკნინებული და დაუძლურებულია, მთელ სამყაროში თეორიულად გამეფდება მშვიდობა და ჰარმონია. "თეორიულად" იმიტომ, რომ მომხდარი დრამა ჯერ კიდევ შეუმჩნეველი ხდება ორი მთავარი გმირის სამყაროებში. თუმცა, გარეგნულად იქ ყველაფერი ძველებურად რჩება.
მაგრამ შეყვარებულები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს: სიცოცხლე საკუთარი სამყაროს გარეთ აუძლურებს დემონებს (სულის ნაწილს), რაც მათი პატრონების ნაადრევ სიკვდილს გამოიწვევს. ახლა ნაადრევად მომწიფებული მოზარდების წინაშე დგას უდიდესი ამოცანა: ყოველმა მათგანმა თავის მშობლიურ სამყაროში უნდა იქადაგოს ახალი რწმენა: იმის შესახებ, რომ ბორტი, მაგრამ უკვე არარსებული ღმერთის მიერ გამზადებული საცოდავი სიკვდილის შემდგომი არსებობა შეიძლება დაიძლიოს და ატომებად გაიფანტოს ნეტარ არარსებობაში, რომლებიც შემდეგ გარემომცველი ბუნების ნაწილები გახდებიან.
ამისთვის საჭიროა ისე იცხოვრო ამ ცხოვრებაში, რომ რაღაც მოსაყოლი გქონდეს ხარბი ჰარპიებისთვის. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ინგლისელი პულმანი რაღაცნაირად გაეცნო კომუნისტ ნიკოლოზ ოსტროვსკის საბჭოთა სკოლელებისთვის კარგად ცნობილ ციტატას: "ადამიანში ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაა. ის მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ, და უნდა გალიო ის ისე, რომ არ დაიტანჯო უმიზნოდ გავლილი ცხოვრებისთვის, რათა არ დაიწვა წვრილმანი და საძაგელი წარსულისთვის, რათა, სიკვდილის წინ შეგეძლოს თქმა: მთელი ცხოვრება და ძალები მიეცა სამყაროში ყველაზე ძვირფასს - ბრძოლას კაცობრიობის გათავისუფლებისთვის".
პულმანის წიგნის გმირებიც ზუსტად ასეთ ამოცანას ისახავენ მიზნად. ოღონდ კაცობრიობის გათავისუფლება, რომელსაც ისინი მთელ თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან, არის არა სოციალური, არამედ მეტაფიზიკური, ასევე რევოლუციური. თუმცა, როგორი იდეალიზირებაც გინდ მოახდინო, არარაობა მაინც არარაობადვე რჩება.
კადრი ფილმიდან "ოქროს კომპასი". გმირის უკან მართლმადიდებლური სამეუფო კარი
დასკვნა
ავტორი თავს აცხადებს ათეისტად, მაგრამ სინამდვილეში მზადაა ყველაფერი ირწმუნოს, ქრისტეს გარდა, რომელიც, სხვათა შორის, არც ერთხელ არ არის მოხსენიებული მის წიგნში. მაშინაც კი როდესაც ქრისტიანი მონაზონი ლაპარაკობს ღმრთისადმი მის სიყვარულზე, არ ასახელებს იმას, ვის სახელშიაც მდგომარეობს მისი სარწმუნოების არსი. ადრინდელი ქრისტიანი მოწამეც კი, რომელიც მკვდართა სამყაროში აცხადებს, რომ მოატყუეს და ამაოდ გაიღო მსხვერპლად თავისი ახალგაზრდა სიცოცხლე, არ ამბობს, ვისთვის განიცადა ამგვარი ტანჯვა და სიკვდილი.
ურწმუნო პულმანმა აშკარად, ძველბერძნულ მითთა მონათხრობთაგან, ასევე გნოსტიციზმისგან, თანამედროვე შამანობისგან, ვიკიანელობისგან, სიმპათიური მაგიისა და ნეოწარმართობისგან შეადგინა თავისი აშკარად ოკულტური მსოფლმხედველობა. მას ასევე გამოყენებული აქვს მორმონიზმი, მუნიზმი და სხვა სექტათა სწავლებები. მაგრამ მისი ფანატიკური რწმენის მთავარი ღერძი მაინც ლუციფერიანელობაა, რომელიც აშკარად და დაუფარავად გამოხატავს თავის სიძულვილს ქრისტიანობისდამი. როგორც მისი წიგნიდან ვხედავთ, თავის ომში ქრისტესა ("ძველი დღეთა") და მისი ეკლესიის წინააღმდეგ პულმანი მიდის უკიდურესი და ამაზრზენი დონის მკრეხელობამდე.
მართალია, მისი წიგნები ანონსირებულია, როგორც საბავშვო ლიტერატურა, მაგრამ ისინი არა მარტო მკრეხელურია, არამედ გარყვნილიც და აუცილებელია ბავშვები დავიცვათ მათგან ისევე, როგორც პორნოგრაფიისგან და დედის გინებისგან ვიცავთ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ თვით პულმანი ითხოვს მოიხსნას ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვები როგორც ლიტერატურული გამოცემებისთვის, ასევე კინო და აუდიოპროდუქციებისთვისაც და სურს ნებისმიერი ასაკის ბავშვსა და მოზარდს შესაძლებლობა ჰქონდეს იკითხოს, უყუროს და უსმინოს ყოველივე იმას, რაც მოესურვება.
ამბობენ, რომ ფილიპ პულმანი - სამაგალითო მეოჯახეა. მაგრამ მისი ეს მოთხოვნები, ტრილოგიაში რეალიზებული ავადმყოფურ-პედოფილური ფანტაზიებით, წარმოაჩენენ ყოფილი მასწავლებლის გონების მთელ ლატენტურ გარყვნილებას, რომელიც დღეს გახდა მოდური მწერალი. სხვათა შორის, სულიერი ცხოვრების კანონი შეუცვლელია: სულიერი სიძვა გარდაუვალად წააწყდება ფიზიკურ სიძვას, მაშინაც კი თუ მოცემულ შემთხვევაში ის მომდინარეობს მხოლოდ ქრისტეს სიძულვილით მოწამლული მწერლის გონებიდან.
დავუბრუნდეთ წიგნის სახელწოდებას: "მისი ბნელი მატერიები" ("ბნელი საწყისები"). ვის ბნელ საწყისებს გულისხმობს პულმანი? ვის ბნელ საწყისებზე მოგვითხრობს იგი? ყველაზე ფუმფულა ტრილოგია (1018 გვერდი) ამ კითხვას არ პასუხობს. მაგრამ თუ გავისხენებტ, რომ თვით მწერალი ღიად განაკუთვნებს თავს ეშმაკის პარტიას, პასუხიც თავისთავად მოგვდის. პულმანი წერს "ლუციფერის სახარებას" და ლიტერატურულ ჩანაფიქრში ახორციელებს ღმრთისადმი მთელ თავის სიძულვილს.
პულმანის მთელ ღმრთივმბრძოლ არქიტექტურაში არის მისთვის გამანადგურებელი კომიზმი. ის გააფთრებული გამოდის ნებისმიერი ორგანიზებული რელიგიის წინააღმდეგ, ყოველმხრივ ცდილობს, რათა "ამხილოს" და გაანადგუროს მისთვის საძულველი ქრისტიანობა, ამგრამ ამასთან აღწერს მის ნაცვლად ახალი რელიგიის აგების მექანიზმს. ლაირა და უილი მთელი თავიანთი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში - ყოველი თავის სამყაროში - ვალდებულნი არიან იქადაგონ ახალი რწმენა, რომელმაც ადამიანებს საბოლოო გათავისუფლება უნდა მოუტანოს. ცხადია მარტოკა ისინი ამას ვერ შეძლებენ: მათ დასჭირდებათ მოწაფეები და მიმდევრები, რომლებიც სხვადასხვა სამყაროებში ჩადენილ მათ გმირობებს სხვებს მოუთხრობენ. მაგრამ ახალი რელიგიის დამფუძნებლები - არ არიან მარადიულნი, მათი სიცოცხლე ადრე თუ გვიან დასრულდება, მაშასადამე, მათმა მოწაფეებმა უნდა დაწერონ წიგნები უილისა და ლაირას "სახარებები". შესაძლოა, ამ "სახარებების" გამოცემასაც დაჰყოფენ ორ სვეტებად, თავებად და მუხლებად და ჩასვამენ ტყავის გარეკანში.
შესაძლოა, ახალი რელიგიის ადეპტები მალე ისურვებენ აღნიშნონ ის დღე, როდესაც ბავშვები გამოვიდნენ ქვესკნელის სიკვდილის სამეფოდან. ოთხფეხა აბორიგენები ბუკოლისტური სამყაროდან იუწყებიან, რომ ააგებენ სალოცავს იმ ადგილზე, სადაც მკვდრების უსასრულო ნაკადი თავისუფლებაზე გამოდის, რათა აღასრულონ მარადიული ევთანაზია და ნეტარად განიფანტონ არარსებობაში. ალბათ, მოგვიანებით ამგვარი სალოცავები გაჩნდება სხვა ქვეყნებშიც. მოკლედ, პულმანმა ფეხი წაიმტვრია იმაზე, რასაც ებრძოდა... - ორგანიზებულ რელიგიას.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. პარალელურ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობს ლაირა, ყველაფერი მნიშნელოვნად განსხვავდება ჩვენი სამყაროსგან. ოქსფორდში მდებარეობენ არა ის უნივერსიტეტები, რაც ჩვენთან არის, ლიტერატურა და მეცნიერება შექმნეს სხვა მწერლებმა და მეცნიერებმა, მრავალი ქვეყანა და ერები ატარებენ სხვა სახელწოდებებს, ინგლისი არის ნახევარკუნძული, რომელიც უერთდება ჰოლანდიას, "ციგანტები", ჩვენი ფეხით მოსიარულე ბოშებისგან, წყალზე მოძრაობენ და ცხოვრობენ ბარჟებსა და ხომალდებში. შოკოლადი, მარციპანი და ელექტრობაც კი სხვაგარად იწოდება. ეკლესიაც განსხვავებულია, სხვა სახელწოდებას ატარებს და სხვაა მისი ისტორიაც. თუმცა, ბიბლია, რომელიც პულმანს ასე სძულს - იგივე რჩება. და პულმანი მას ვერსად გაექცევა. ეს ფაქტი ყველაზე კარგად წარმოაჩენს სატანის მიერ მოხიბლული მორიგი მკრეხელის ამაო დესტრუქციულ ძალისხმევას.
წყარო: k-istine.ru