აპოსტასია > ხელოვნება
ელექტროგადამცემ ხაზებში გაბლანდული ლუციფერი
მხატვარი პოლ ფრაიერი (Paul Fryer) ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში. მისი ნამუშევრები გახლავთ მასობრივი ინსტალაციები, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს მხატვრულ სახეს, რომელიც შექმნილია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების გამოყენებით. თავისი ობიექტების შესაქმნელად მხატვარი იყენებს უჟანგავ რკინას, სანთელს, მინას. იყენებს ასევე მაქსიმალურად პროვოკაციულ სივრცეებს გამოფენებისთვის. ასე, მაგალითად, თავისი მორიგი ინსტალაციისთვის მხატვარმა გამოიყენა ლონდონის ვესტმინსტერის წმიდა სამების ტაძარი, რომელიც სპეციალურად ააშენეს ნაპოლეონზე გამარჯვების ნიშნად. ღვთისმსახურება მასში არ ტარდება უკვე 80 წელზე მეტია. სწორედ ეს ტაძარი აირჩია პოლ ფრაიერმაც თანამედროვე ხელოვნებაში ლუციფერის სანთლისგან ჩამოქნილი ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ქანდაკების გამოსაფენად.
"ცისკრის ვარსკვლავი" (Morningstar), იგივე ლუციფერი - ეს არის სანთლის ქანდაკება, რომელიც გამოხატავს ეშმაკს, რომელიც ელექტროგადამცემ ხაზებში გაბლანდულა. ქანდაკება ერთსა და იმავე დროს გროტესკულია და მიმზიდველი, ამავდროულად ის შემაძრწუნებელიცაა. ლუციფერის ქანდაკება არის შავი და ზეთოვანი, მაგრამ უზარმაზარი თეთრი ფრთებით (რომელიც შექმნილია რეალური ბუმბულებისგან).
ძნელი სათქმელია, რატომ გამოიყენა პოლ ფრაიერმა სამების სახელობის ტაძარი ეშმაკის ქანდაკების საინსტალაციოდ. შეიძლება ეს მრავალმხრივ სიმბოლურიც იყოს - რაც დრო გადის, მით უფრო ახლოვდება სატანის ახსნის ჟამი, როგორც ნათქვამია აპოკალიფსისში: "ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დახსნილ იქნება" (აპოკ. 20:1-3). და რაც უფრო ახლოვდება ეს ჟამი მით უფრო ვრცელდება განდგომილება. განდგომილების დადგომა კი გამოაჩენს უსჯულოების ძეს - ანტიქრისტეს, რომლის მოსვლა იქნება სატანის შეწევნით. თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მე-2 ეპისტოლეში წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს: "არ მოიწევა ის დღე (უფლის მეორედ მოსვლა - "აპოკ." რედ.), ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:1-2).
მაგრამ, ლუციფერის ბედი წინდაწინვე ცნობილია. უფალმა არ დაგვიმალა და წმიდა ესაია წინასწარმეტყველის პირით გვამცნო "ცისკრის ანგელოზის" შესახებ: "ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ესაია 14:10-15).
ინტერნეტ მასალების მიხედვით. საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 16 აპრილი.