წინასწარმეტყველებანი - ესაია წინასწარმეტყველის გაფრთხილება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ესაია წინასწარმეტყველის გაფრთხილება:
 
"ვაი შეურაცხმყოფელთ, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ რჯულს.
შიში, მთხრებლი და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო!"
 
(ესაია 24:16-17)
ურჯულოთა წვეულება
"უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა":
 
"აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ. რა ერი და რა მღვდელი მაშინ, რა ყმა და რა მისი ბატონი, რა მოახლე და რა მისი ქალბატონი, რა მყიდველი და რა გამყიდველი, რა მოვალე და რა მევალე, რა მსესხებელი და რა მევასხე! მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა"  
 
(ბიბლია, ესაიას წინასწარმეტყველება  24:1-3)
 
 
აღზრდა ღმრთისგანაა
 
ცოდვები, ვითარც ინფექცია, ყოველთვის გარს ეკრა ადამიანებს და ანგრევდა მათ ხვედრსა და მომავალს, რადგან ადამიანები აიძულებდნენ ღმერთს დაესაჯა ისინი. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ, ვაი, რომ ადამიანები ღმრთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ და ღმრთითსაძულველ საქმეებს იქმან, უკიდურესად აივსნენ ცოდვებით, სისხლით, შურისგებით, ბოროტებით, დანაშაულობებით...
 
სამწუხაროდ, ყოველს როდი ესმის, რომ არა აქვს მნიშვნელობა დიდ ცოდვას ჩაიდენ ტუ მცირეს, არსი ერთია - ეს ადამიანი უფლის გზიდან გადაიხარა და უკვე დამნაშავეა. ის ანტიქრისტეს გზას ადგას. რადგან ყველაფერი, რაც კი ღმრთისსაწინააღმდეგოა, ერთგვარი ბალზამია ანტიქრისტესთვის, რომელიც დაუმსახურებლად ხარობს ადამიანთა ასეთი დაცემის გამო. მაგრამ როდესაც ამ ბოროტების ზღვარი მოიწევა, რომლის შესახებაც გვაფრთხილებს ესაია, მაშინ მოიწევა აღმზრდელობითი ხელი ღმრთისა:

ღმრთის სამსჯავროს მოლოდინში:
 
"მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა. დამწუხრდა, დაღონდა ქვეყანა; დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი.
 
წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა.
 
ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ.
 
გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული. გაცუდდა დაფდაფთა მხიარულება, შეწყდა მოზეიმეთა ყიჟინა, გაცუდდა ქნარის მხიარულება. აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს.
 
დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის. ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
 
უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე. რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი.
 
ხმას იმაღლებენ და ყიჟინებენ, ზღვიდან დასძახიან უფლის დიდებას. ამიტომ ადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღვთის სახელი - ზღვისპირეთში.
 
ქვეყნის კიდიდან გვესმის გალობა: დიდება მართალს! მაგრამ მე ვთქვი: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, მზაკვარნი ზაკვით იმოსებიან. შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო! შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება.
 
ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება.
 
მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე. შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან.
 
მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას

(ბიბლია, ესაიას წინასწარმეტყველება. 24:3-23).
 
 
ვისაც ღვთის შიში აქვს - ცხონდება
 
ჩვენ, მიწის მკვიდრნი და მსოფლიოში ურთულესი და ამაზრზენი მოვლენების მომსწრენი, არ უნდა ვივიწყებდეთ ჩვენს ნათლისღებას. იმას, თუ ვისი შვილები ვართ. არც იმას, რომ რაკიღა შვილნი ვართ ქრისტესი, მაშასადამე, ასე თუ ისე გამოგვზრდიან. ამიტომაც ცოდვას ისე უნდა გავექცეთ, ისე უნდა შემოვიზღუდოთ თავი მისგან, როგორც ვირუსისგან, როგორც ამაზრზენი სიბინძურისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაივლიან ადამიანები ზეციური სასუფევლის წმიდა კარიბჭეს.
 
მაგრამ, რა ბედი ეწევათ დანარჩენებს? - იკითხავს ვინმე. ისინი, როგორც სახარება გვამცნობს, განითესებიან, როგორც ნაგავი ჯანსაღი მარცვლისგან, როგორც ბზა - ხორბლისგან.
 
ბიბლიას მრავალი საუკუნეა კითხულობენ. და მაინც, ყოველ წელიწადს, ჩვენი თანამედროვე აწმყოს მოვლენები ასე თუ ისე ესადაგებიან ჩვენ წინასწარმეტყველთა აღწერას.
 
წინასწარმეტყველი ესაია ამბობს, რომ მთელ ქვეყნიერებას საღმრთო მსჯავრი ელოდება. მაგრამ თუკი ლაპარაკია მსჯავრზე, როგორი იქნება სასჯელი? გასაოცარია, მაგრამ სახელგანთქმულმა წინასწარმეტყველმა ამის შესახებ თავისი წიგნის 25-ე თავში ილაპარაკა და განაცხადა, რომ სასჯელი და სამართალი "უკეთურებზე მოიწევა".
 
აღწერს რა ამ სამსჯავროს ესაია ამბობს, რომ ვერავითარი მდგომარეობა, - ვერც სქესი, ვერც ასაკი, ვერც თანამდებობა ადამიანს ღმრთის სასჯელისგან ვერ გაათავისუფლებს. ადამიანი მხოლოდ თავისი კეთილი და ღვთითსათნო საქმეებით განიდიდება და ცხონდება. ამიტომაც შევიგნოთ წმიდა წინასწარმეტყველის ეს გაფრთხილება:
 
"რა ერი და რა მღვდელი მაშინ, რა ყმა და რა მისი ბატონი, რა მოახლე და რა მისი ქალბატონი, რა მყიდველი და რა გამყიდველი, რა მოვალე და რა მევალე, რა მსესხებელი და რა მევასხე! მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა" (ეს. 24:1-3).
 
იმიტომაც აგზავნიდა ღმერთი წინასწარმეტყველებს, რათა ესაუბრათ ჩვენთან, დავერწმუნებინეთ, რომ ბოროტება დაგვღუპავს და შევეჩერებინეთ, რათა შემოვბრუნებულიყავით და დაგვეწყო სიკეთის ქმნა, ღმრთის მცნებების აღსრულება. ამით გვაცხოვნებდნენ ჩვენ ჩვენი წინასწარმეტყველნი, მოციქულები და წმიდა მამები. რადგან ყველამ კარგად ვუწყით: ცხონდება და მარადიულ ნეტარებას დაიმკვიდრებს მხოლოდ ის, ვისაც ღმრთის შიში და ჭეშმარიტი სარწმუნოება გააჩნია.
 
 
მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მოამზადა საიტ "აპოკალიფსისი" რედაქციამ. 2024 წ.
Назад к содержимому