წინასწარმეტყველებანი - ქრისტიანობის ჭეშმარიტების წინასწარმეტყველური არგუმენტები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ქრისტიანობის ჭეშმარიტების წინასწარმეტყველური არგუმენტები
მაცხოვრის წინასწარმეტყველებანი
ავტორი: პროფ. ა. ი. ოსიპოვი.
 
ერთ-ერთი შთამბეჭდავი არგუმენტი, რომელიც მოწმობს ქრისტეს ღვთაებრიობაზე და მის მიერ გამოცხადებულ ჭეშმარიტებებზე, გახლავთ ის სახარებისეული წინასწარმეტყველებები, რომლებიც აღსრულდნენ და დღემდე სრულდებიან.

ლუკას სახარებაში ვკითხულობთ ქრისტეს უარმყოფელ ებრაელთა მომავალ უბედურებებსა და იერუსალიმის ტრაგედიაზე: "ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი" (ლუკა 19:43-44); "ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი. ... მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე: დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში..." (ლუკა 21:22-24; იხ. ასევე მათე 23:35-36)ს.
 
ეს ტრაგედია მოხდა 70 წელს ქრისტეს შობიდან, როდესაც რომმა უსასტიკესად ჩაახშო ებრაელთა ამბოხი.
 
უნდა აღინიშნოს, რომ სახარებები (მათესი და ლუკასი), რომელშიც არის დამოწმებული ქრისტეს ეს წინასწარმეტყველური სიტყვები, ტრაგედიამდე დაიწერა: მათემ თავისი სახარება, სავარაუდოდ, შეადგინა 62 წელს ქრისტეს შობიდან, ხოლო ლუკამ 63 წელს.
 
სახარებაში ვპოულობთ ქალწულ მარიამის სიტყვებს: "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი" (ლუკა 1:48). მახარობელი არც დაეჭვებულა ჩაეწერა ახალგაზრდა ქალწულის ეს უტყუარი წინასწარმეტყველება, თუმცა მსგავსი რამის გაკეთება იმ ეპოქაში უცნაური იყო. და მთელ ქრისტიანულ ეპოქაში, სადაც კი ქადაგებულ იქნა სახარება, ყველგან, მართლაც იდიდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.
 
აღსანიშნავია ქრისტეს წინასწარმეტყველება ქალზე, რომელმაც მაცხოვარს ჯვარზე ვნებამდე მცირე ხნით ადრე მირონი სცხო: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად" (მათე 29:13; მარკოზი 14:9). და აი უკვე 2000 წელია, რაც ქრისტიანული სამყარო იხსენებს ამ ამბავს.
 
სრული სიცხადით სრულდება ქრისტეს წინასწარმეტყველური სიტყვები: "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). არ არსებობს წიგნი, რომელიც შეძლებდა მსოფლიოში გავრცელებულობის თვალსაზრისით კონკურენცია გაეწია სახარებისთვის.
 
იმავე თავში (მათე 24) ვკითხულობთ: "იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.  ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. ... მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. ... და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.  აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ" (მათე 24:4-5, 11, 24-26; შეად. ლუკა 21:8).
 
ქრისტიანობის მთელი ისტორიის განმავლობაში და ბოლო დროსაც გამოჩნდნენ ისეთი ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი (კრიშნამურტი, პორფირე ივანოვი, სეკო ასახარა, ბესარიონი, მუნი, გრაბოვოი და სხვები) თავიანთი "ნიშებითა და სასწაულებით". განსაკუთრებით მომრავლდნენ ე. წ. "მხცოვნები", რომელთაც გააჩნიათ წინასწარმეტყველთა, საკვირველთმოქმედთა და ეშმაკთა განდევნის პრეტენზიები.
 
ორი ათასი წლის წინ ქრისტემ თქვა: "მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო" (მათე 24:9). "უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. ...
 
გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო" (ლუკა 21:12, 16-17). "და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება" (მათე 10:21-22).
 
საკმარისია გავიხსენოთ ქრისტიანობის პირველი საუკუნეები კონსტანტინე დიდის მილანის ედიქტამდე (313 წ.), ან საფრანგეთის ე. წ. დიდი და ოქტომბრის რევოლუციები ქრისტიანთა შემაძრწუნებელი დარბევებით. დღესაც კი, მსოფლიო მასშტაბით, ყოველ 5-6 წუთში კვდება ქრისტიანი თავისი სარწმუნების გამო.
 
"14.01.2016. 2015 წელს სხვადასხვა ქვეყანაში მოკლულ იქნა 7 ათასი ქრისტიანი. ეს თითქმის 3 ათასი ადამიანით მეტია, ვიდრე 2014 წელს.

27.12.2016. გასულ წელს ქრისტეს სახელს ყოველ ექვს წუთში ეწირებოდა ერთი ადამიანი.

16.10.2017. როგორც ახალი სატისტიკური ანგარიშებიდან ვიცით, მსოფლიოში დღევანდელმა ანტიქრისტიანულმა დევნულებებმა მიიღო უპრეცედენტო მასშტაბები და უსასტიკესი ფორმები", - იუწყება The Christian Post.
 
2018 წელს საკუთარი სარწმუნოების გამო მოკლულ იქნა 4136 ქრისტიანი, ნათქვამია ქრისტიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის "Open Doors"-ის არცთუ დიდი ხნის წინათ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
 
ქრისტეს სიტყვები: "შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ" (მათე 10:21-22), - დღეს უფრო რეალურ მნიშვნელობას იძენს აშშ-სა და ევროპაში დამკვიდრებული ე. წ. იუვენალური იუსტიციის მეშვეობით. მისი არსია - ოჯახში ბავშვების სრული და უკონტროლო ქცევა (რის უფლებასაც რუსეთშიც აძლევს მრავალი მშობელი თავის შვილს). მშობლების ფუნქცია დაყვანილ იქნა ბავშვების ყველა მოთხოვნილების (და ახირებების) დაკმაყოფილებამდე, მათი აუცილებელი აღზრდის შესაძლებლობის გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსობლები, ფაქტიურად გახდნენ მონები, ბავშვები კი - ბატონები. ასე, მიზანმიმართულად მახინჯდება ბავშვების ფსიქოლოგია და იქმნება მძაფრი გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის. ლოგიკა და ფაქტები მოწმობენ, თუ როგორ ტრაგიკულ სედეგებამდე მივყავართ "აღზრდის" ამგვარ სისტემას.
 
განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ წინასწარმეტყველებებს ისტორიის აღსასრულის, ანტიქრისტესა და ეკლესიის მიწიერი მდგომარეობის შესახებ.
 
1. "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით. ... და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა" (ლუკა 21:10-11, 25). ეს მოვლენები დრო და დრო ყოველთვის იყო ჩვენს პლანეტაზე, მაგრამ აქ ლაპარაკია მათ კატასტროფულ გამრავლებაზე. ეს მოვლენები ისეთ გავლენას მოახდენენ ადამიანსა და გარემოზე, რომ "შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი" (ლუკა 21:26).
 
2. "ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:12). უფრო აშკარა ხდება, რომ კაცობრიობა მიემართება საბოლოო სულიერი და ზნეობრივი გარყვნილებისკენ. დგება ცოდვის სრული თავისუფლების ეპოქა. სწორედ ამიტომ ანტიქრისტე იქნება ადამიანთა საზოგადო ზნეობრივ-სულიერი მიმართულების ლოგიკური, სამართლიანი და ბუნებრივი შედეგი.
 
3. "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). დღეს, პრაქტიკულად ყველა ერში იქადაგება სახარება.  ხოლო ბოლო ჟამის დადგომის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანზე ჩვენი მაცხოვარი ასე უთითებს: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" (მათე 24:15). აქ, უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია არა ტაძრებსა და წმიდა ადგილებზე (რაც არ გამოირიცხება - "აპოკ". რედ.), არამედ ადამიანთა სულებზე, მორწმუნეთა ცნობიერების გაამსოფლიურებაზე (უპირველეს ყოვლისა ბერ-მონაზვნობაზე, სასულიერო დასზე, ღმრთისმეტყველებზე) და ქრისტიანული ეკლესიების ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც მათი საქმიანობის მთავარი მიმართულები იქნება არა სახარებისეული ცხოვრების ქადაგება, არა ადამიანთა კურნება ვნებათაგან, არამედ საერო პრობლემების: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, სპორტული, კულტურული და სხვა პრობლემების გადაწყვეტა. როდესაც თვით ღვთისმსახურება გადაიქცევა ღონისძიებად, რომელზეც ილოცებენ ფოტო-ვიდეო და კინოკამერების წინაშე; როდესაც მონასტრები სულიერი ღვაწლის ნაცვლად მიეცემიან ამსოფლიურ საქმიანობას და გადაიქცევიან სავაჭრო თუ ტურისტულ ცენტრებად; სადაც გაჩაღდება საერო ღონისძიებები; საეკლესიო დღესასწაულები გახდება წარმართული გართობების მიზეზი და სხვა. "გაპარტახების სიბილწე" ამგვარ უსჯულოებებსაც გულისხმობს.
 
დასავლეთში ეს მოვლენა უკვე დიდი ხანია ჩვეული ყოველდღიურობა გახდა, მაგრამ ის თანდათანობით ასეთივე ხდება მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში. განვითარების ამგვარმა მიმართულებამ უკვე გადააქცია რომის ეკლესია "პოლიტიკურ კორპორაციად" და სრულიად დაკარგა საკუთარ თავში ეკლესიის არსი.
 
ეს პროცესი ქრისტიანებს მიიყვანს უფალ იესუ ქრისტეს ფაქტობრივ უარყოფამდე, რომლის სანაცვლოდ აღიარებენ სხვას, ვის შესახებაც გვაფრთხილებდა უფალი: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). ეს სხვა - წუთისოფლის ღმერთია: ხორციელი და მხედველობითი გულისთქმები და ცხოვრებისეული სიამაყე. "ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის" (1 იოანე 2:16). მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა მას ზუსტად უწოდა ანტიქრისტე.
 
ის იქნება წუთისოფლის ღმერთი. მის დაღს მიიღებენ ცთუნებული ადამიანები, მათ შორის სატანურად მოაზროვნე და ამორალური ცხოვრების მქონე ქრისტიანებიც (ეს იქნება დაღი მარჯვენა ხელსა და შუბლზე) (გამოცხ. 13:16).
 
საერთოდ,  წმიდა მამათა სწავლებით, ბოროტების ყოველგვარი სახეობის საყოველთაო განვითარება და ღმრთის შეგრძნების სრული დაკარგვა გახდება კიდეც ანტიქრისტეს მოსვლისა და კაცობრიობის მიერ მისი მიღების უმთავრესი მიზეზი. ვინც არ შეიწყნარა საკუთარ თავში ღმრთის სასუფეველი, ის ვერ იცნობს ანტიქრისტეს; ის უეჭველი, მისდა უნებურად, ანტიქრისტეს მიმდევარი გახდება. ანტიქრისტე იქნება ადამიანთა ზნეობრივი და სულიერი მიმართულების (გარყვნილების) ლოგიკური, სამართლიანი, და ბუნებრივი შედეგი. "ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:11).
 
ამრიგად, ეკლესიის მრავალი გარეგანი წევრის ქრისტესგან განდგომისა (ლუკა 18:8) და ანტიქრისტესადმი თაყვანისცემის მიზეზი გახდება მათი უკეთური ცხოვრება, რომელიც მათ ხილული დაღის - ანტიქრისტეს სატანური კულტის მიღებამდე მიიყვანს.
 
წყარო: zen.yandex.ru

ა. ოსიპოვის წიგნიდან "მართლმადიდებლობა".

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 10 აპრილი. 2021 წ. დიდი მარხვა.
Назад к содержимому