უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
იეზუიტური მორალი
ავტორი: ოლგა ჩეტვერიკოვა. ნაწყვეტი წიგნიდან "დასავლეთის კულტურა და რელიგია. ევროპის რელიგიური ტრადიციები: დასაბამიდან ჩვენს დრომდე" ("Культура и религия Запада. Религиозные традиции Европы: от истоков до наших дней").
პროტესტანტიზმის წინააღმდეგ იეზუიტების ორდენის უმთავრესი წარმატება დაკავშირებული იყო მათი, როგორც საერო ხელისუფალთა სულიერი და გავლენიანი მოძღვრების საქმიანობასთან. ამის გარეშე მცირერიცხოვანი და პატარა საზოგადოეება ვერასოდეს განახორციელებდა ასეთ ზეგავლენას.
ხელმძღვანელობდნენ რა პროტესტანტული პრინციპით "ვისიც არის ძალაუფლება, რწმენაც იმისია", მათ მიზნად დაისახეს მოეპოვებინათ მაღალი კლასების სრული ნდობა, შეეღწიათ სამეფო და სათავადაზნაურო წრეებში და იქ მრჩეველთა ადგილები დაეკავებინათ, რომლის შემდეგ დიპლომატიისა და ინტრიგების დახმარებით ატარებდნენ და იცავდნენ პაპიზმის ინტერესებს. ასე მოქმედებდნენ იეზუიტები გერმანიის საგრაფოებში, სადაც ისინი იყვნენ ჰენრიხ IV-ისა და ლუდოვიკო XIII-ის სულიერი მოძღვრები შვეიცარიაში. იეზუიტი იყო ინგლისის მეფის კარლოს II-ის სულიერი მოძღვარი. განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ იეზუიტები პორტუგალიის მეფესთან, რომელმაც არაერთი თანამდებობა მიუბოძა მათ სახელმწიფოსა და ეკლესიაში მათთან წინასწარი გასაუბრების გარეშე.
აღსარება იყო ზემოქმედების უძლიერესი საშუალება, ამიტომაც სულიერი მოძღვრის სანუკვარი ადგილის მოპოვება იეზუიტური სტრატეგიის უმთავრესი მიზანი გახლდათ, ხოლო სხვა მღვდლებსა და ბერებს ისინი დევნიდნენ ამ თანამდებობებიდან. იეზუიტების სიახლე გახდა ის, რომ მათ აქ დაამკვიდრეს "დანდობის აღსარება", რომელიც გახდა პასუხი პროტესტანტთა მიერ სინანულის საიდუმლოს გაუქმებისა, რომლებმაც ლუთერისა და კალვინის მიმდევრები საერთოდ გაათავისუფლეს ყოველგვარი აღსარებისგან.
მონანული ადამიანის სინდისზე კონტროლის დაწესებისთვის ისინი იჩენდნენ უკიდურეს შემწყნარებლობას ცოდვებისადმი, რითაც ხათრიანი და დამყოლი მოძღვრების ავტორიტეტი მოიპოვეს. იეზუიტი ღვთისმეტყველი სუარესი ამასთან დაკავშირებით ასწავლიდა: "თუ მოძღვარმა მონანულს დაუწესა მძიმე ეპითემია და, მიუხედავად მონანულის თხოვნისა, არ სურს მისი შეცვლა, ამ უკანასკნელს უფლება აქვს განტევების გარეშე განეშოროს მოძრვარს და უფრო შემწყნარებელი სასულიერო წინამძღოლი ეძებოს". სხვა იეზუიტი მორალისტი ლუგო წერდა: "მძიმე ეპითემიები, რომლებიც გულს ტკენენ მონანულებს, მათ შეაძულებდა აღსარებას და აიძულებდა მიემართათ უუნარო მოძღვრებისთვის, რომლებსაც არაფერი ესმით სულიერი მკურნალობისა" (1).
ასეთი მიდგომა უზრუნველყოფდა იეზუიტი მქადაგებლებისა და მოძღვრების პოპულარობასა და მიმზიდველობას, ასე რომ შრომაში, რომელიც ორდენმა გამოსცა თავისი ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, მათ გააკეთეს ასეთი შემაჯამებელი დასკვნა: "მონანულები ლამის კარებს გვიმტვრევენ... ჩვენი ღვთისმოსავი რელიგიური საზრიანობის წყალობით... დღეს უკეთურები უფრო სწრაფად იწმინდებიან ცოდვებისგან, ვიდრე ისვრებიან; ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დასვრილი ცოდვით, რომ ჩვენ უკვე მას ვწმენდთ და ვბანთ" (2).
რა თქმა უნდა ეს შემწყნარებლობა საკმაოდ მოწყვლადი იქნებოდა კრიტიკის მხრიდან, მას ზნეობრივი და სამეცნიერო გამართლება რომ არ ჰქონოდა. სწორედ ამას ემსახურებოდნენ თავისებური ზნეობრივი წესები, რომელსაც იეზუიტური მორალი ეწოდება.
იყენებდნენ რა მტკიცებულებების სქოლასტიკურ მეთოდს, მათ შექმნეს მდგომარეობა, რომელთან მიმართებაშიაც ნებისმიერი ცოდვა შეიძლება არ იქნეს განხილული დანაშაულად, ანუ აღიარებული ზნეობრივ-შეურაცხადად. ეს იყო ე. წ. "გამართლების თეორია", რომლის შესაბამისად ყოველგვარი მოქმედება შეიძლება ჩადენილ იქნას და ეს არ იქნება ზნეობრივი კანონების საწინააღმდეგო, თუ მის გასამართლებლად შეიძლება რომელიმე ავტორიტეტული ღვთისმეტყველის შეხედულების დამოწმება. ამისთვის იეზუიტები აწარმოებდნენ სხვადასხვა შეხედულებების სისტემატიზაციას, თუმცა, მათი შეჯერების შემთხვევაში, მათგან თვით ყველაზე ავტორიტეტული შეხედულებებიც კი ავლენდნენ წარმოუდგენელ უთანხმოებას. ამ პრობლემის გადასაწყვეტად იეზუიტებმა შეიმუშავეს მსგავსების ანუ პრობაბილიზმის თეორია (ლათ. probabilis - შესაძლებელი, საალბათო, დამაჯერებელი, სარწმუნო).
"ეს თეორია დადის იქამდე, რომ ორი წარმოდგენილი შეხედულებიდან ვერც ერთი ჩაითვლება უეჭველად სანდოდ, არამედ მხოლოდ დამაჯერებლად, და ავტორიტეტებს შორის უთანხმოების შემთხვევაში რაიმე საქციელის დასაშვებობა თუ დაუშვებლობა შეიძლება განპირობებულ იქნას მათი ნებისმიერი შეხედულების მიხედვით და მხოლოდ მათით შეიძლება ხელმძღვანელობა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში დასაშვებია დაეფუძნო ერთ-ერთ წინააღმდეგობრივ შეხედულებას, სხვა შემთხვევებში კი - ნებისმიერ სხვა აზრს, თუნდაც ის პირველის საწინააღმდეგო იყოს. სხვადასხვა შეხედულებებისგან გამომდინარე, ვითარებასთან შეთანაწყობით, მღვდელს მშვიდად შეუძლია აპატიოს ერთ რომელიმე თავის სულიერ შვილს მძიმე დანაშაული და მძიმე ეპითემია დაადოს სხვას, რომელიც ზუსტად პირველივით მოიქცა.
ამგვარად, იეზუიტების თეზისები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ აწყდებოდნენ პაპთა წინააღმდეგობას, ღაღადებდა: "დამაჯერებელია სწავლება, რომელიც ნებას აძლევს მსაჯულს განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იხელმძღვანელოს ნაკლებად დამაჯერებელი შეხედულებით" ან "როდესაც ორივე მხარეს საკუთარი პოზიციის გამამართლებელი არგუმენტები მოჰყავს, რომლებიც ორივე დამაჯერებელია, მსაჯულს შეუძლია აიღოს ფული ერთ-ერთ მოდავეთაგან, რათა გამოიტანოს განაჩენი მის სასარგებლოდ" (3).
საბოლოო ჯამში პრობაბილიზმი აუქმებს რა სინდისის ყოველგვარ შინაგან ხმას და ზნეობრივ განკარგულებას, ცვლის მათ აღიარებულ ავტორიტეტთა მსჯელობებით, რომლებშიც, როგორც წესი, ისევ იეზუიტი ღვთისმეტყველები იგულისხმებიან. ქრისტეანობის ზნეობრივი პრინციპები არა მარტო არაფრის მაქნისი ნორმა გახდა მათთვის, არამედ ისინი თვითონ ქმნიდნენ ამ ნორმებს იეზუიტებში მიღებული ზნეობრივი წესებისა და ჩვეულებების საფუძველზე. იეზუიტებმა ზნეობრივი ღვთისმეტყველების საკუთარ სისტემას "შემგუებლური თეოლოგია" უწოდეს. მოკლედ, ეს გახლდატ ცნობილ დროსა და ადგილას მცხოვრები ადამიანების ზნეობისა და შეხედულებებისადმი შეთანაწყობილი, მიმარჯვებული ნორმა.
პრობაბილიზმი გახდა ორდენის გაბატონებული სწავლება და სპეციფიკური კუთვნილება.
პირველი იეზუიტი, რომელმაც დაიცვა ეს სწავლება, იყო ვასკეზი, ხოლო უარესი დასკვნებისკენ განავითარეს იგი სანჩეზმა, კარამიუელმა, ესკობარმა (4) და ბუზენბაუმმა.
აი, როგორ გამოიყურება, მაგალითად, ბუზენბაუმის დასკვნა, რომელიც თავის შეხედულებებში შედარებით ზომიერი გახლდათ. მდიდრები, რომლებსაც სურთ თავი აარიდონ მოწყალების გაცემას, ის ასწავლიდა: "უპოვართ, თუნდაც მათი სიშიშვლე და ავადმყოფური მდგომარეობა წარმოაჩენდნენ მათ უკიდურეს გაჭირვებას, იშვიათად თუ ვინმე არის ვალდებული დაეხმაროს თავისი მონაგებისგან: ჯერ-ერთი იმიტომ, რომ ისინი ხშირად აბუქებენ თავიანთ უკიდურეს მდგომარეობას, მეორეც, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, მათ შეიძლება სხვები დაეხმარონ". მევახშე, რომელსაც სურს თავი აარიდოს მევახშეობის ცოდვისთვის დაწესებულ სასჯელს, ის ამართლებდა მით, რომ ამბობდა მევახშეობა სულაც არ არის ცოდვა, თუკი პროცენტებს ჩავთვლით მევალის გულითადი მადლიერების ან მეგობრობის გამოხატულებად, რომელსაც ღებულობს მევახშე სესხის შემოთავაზებით. თავადის შვილი თუ ელოდება მამის გარდაცვალებას, რომელიც მას მემკვიდრეობას დაუტოვებს, ესეც არ შეიძლება ჩაითვალოს ცოდვად: "შვილს უფლება აქვს განყენებული აზრით უსურვოს საკუთარ მამას სიკვდილი, - ცხადია არა როგორც მამისადმი მიმართული ბოროტება, არამედ როგორც სიკეთე საკუთარი თავისთვის, თუკი მას მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ელოდება" (5).
სხვა მორალისტი ალფონს ლიგუორი, "ზნეობრივი ღვთისმეტყველების" 8 ტომეულის ავტორი, რომელიც მართალია არ იყო იეზუიტი, მაგრამ მის კანონიზაციაში ორდენმა მორალზე საკუთარი სწავლების სრული ზეიმი მოიხილვა (მისი შეხედულებები, თხზულებები და მსჯელობები იეზუიტების მიერ აღიარებულია უცთომელად), ამტკიცებდა: თუ მაღალი წრის ადამიანი შეაცდენს ღარიბი ოჯახის გოგონას, ის ცოდვას არ ჩადის და არ არის ვალდებული მასზე იქორწინოს, თუკი პირობა მხოლოდ მოჩვენებითად მისცა: "მრავალი პასუხობს საკმაოდ დამაჯერებლად: რადგან დიდი სხვაობა საზოგადოებრივ მდგომარეობასა და სიმდიდრეში საკმაო საფუძველია დაპირების სინამდვილეში დასაეჭვებლად; და თუ გოგონა, ამისდა მიუხედავად, არ დაეჭვდება დამპირებლის განზრახვაში, რომ ის მასზე დაქორწინდებოდა, დამნაშავეც სწორედ გოგონა გახლავთ".
ჩადის თუ არა ადამიანი სიძვის ცოდვას, თუკი ის იცხოვრებს გათხოვილ ქალთან? ლიგუორი პასუხობს: "ვინც სიამტკბილობს დანაშაულებრივი კავშირით გათხოვილ ქალთან, მაგრამ არა როგორც გათხოვილთან, არამედ როგორც მზეთუნახავთან, და აბსტრაგირდება გათხოვილობის ვითარებისგან, ის ცოდავს არა მრუშობით, არამედ უბრალო სიძვით" (მისი გამოსყიდვა კი საკმაოდ ადვილია). ხოლო იეზუიტი მილე წერს: "ვინც ძალადობით ან ცთუნებით დააზიანა გოგონა, სინდისის მიხედვით, არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მას დანაკლისი, თუ ეს უკანასკნელი გაუხმაურებელი დარჩა" (6).
იეზუიტების ყველაზე საყვარელი ხრიკი გახლდათ მთლიანი ცნებების შერყვნა ან დაუშვებელი საქციელის დანაწევრება უწვრილეს მოქმედებებზე, რომელთაგან ყოველი მათგანი თავისთავად უბრალოა (უმანკოა), რათა ვამტკიცოთ მათი უცოდველობა. ასე მაგალითად, ეკლესია ყოველთვის კრძალავდა დუელს, და დუელის მონაწილეები თავიანთ მოძღვრებს მეტად უხერხულ მდგომარეობაში აყენებდნენ. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა იეზუიტმა მორალისტმა ასეთი გამართლება მოუძებნა დუელში მონაწილე მონანულს: "ადამიანი დილით ადრე გამოდის სახლიდან დაშნით ხელში. მაშ, რა ეს ცოდვაა? ის მიემართება განსაზღვრული ადგილისკენ - და რა, ცოდვა ხომ არ არის?! შემდეგ იქით-აქეთ იქნევს ამ დაშნას, სეირნობს - და ეს სრულიად უწყინარი მოქმედებაა. უცებ მას თავს ესხმის მოწინააღმდეგე; ბუნებრივია, რომ თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე ის შემართავს დაშნას და თავს იცავს; რაც გინდა მოხდეს ამის შემდეგ, ნუთუ ვინმე შეეცდება მის დადანაშაულებას?"
იქ, სადაც პრობაბილიზმის თეორია მიუღებელი იყო, აყალიბებდნენ სხვა თეორიებს: ამტკიცებდნენ, რომ დასაშვებია ნებისმიერი უზნეო საქციელის ჩადენა, თუ ასეთი ქმედება წარმოადგენს არა მთავარ მიზანს, არამედ მხოლოდ საშუალებას. ეს მდგომარეობა, ცნობილია დევიზით: "მიზანი ამართლებს საშუალებას", და იეზუიტების ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი გახდა.
ცოდვების გასამართლებლად და თვით სინანულის საჭიროების გასაუქმებლად იეზუიტები მიმართავდნენ ე. წ. "გონებრივი შესწორების" (reservation mentalis) ან "განმწმენდი შესწორების" პრაქტიკას. მაგალითად, არ შეიძლება ისურვო ცოდვა და არ შეიძლება თქვა "როგორი სიამოვნებით მოვკლავდი ამ ადამიანს", მაგრამ თუ ამ სიტყვებს თუნდაც გონებაში მივუმატებთ "ღმერთმა რომ მომცეს ამისი უფლება" ან "ეს რომ ცოდვა არ ყოფილიყო", ამგვარ მოქმედებაში ცოდვა უკვე არ მოიაზრება.
სხვა შემთხვევაში კითხვაზე, რომელიც მისცემენ მკვლელს, მან მოჰკლა თუ არა ესა და ეს ადამიანი? - მკვლელობის ჩამდენს თამამად შეუძლია იუაროს თავისი ქმედება, და ამ დროს გულში იფიქროს, რომ ის არ შეხებია მის მიერ მოკლული ადამიანის სიცოცხლეს "მის შობამდე". თუ ქმარი შეეკითხება თავის მოღალატე ცოლს, ხომ არ დაარღვია მან ქორწინების აღთქმა, მას თამამად შეუძლია უთხრას, რომ "არ დაურღვევია", რადგან საქორწინო კავშირი ჯერაც მოქმედებაშია. ხოლო თუ ქმარს ჯერაც აწუხებს ეჭვები, მას შეუძლია მისი დამშვიდება სიტყვებით: "მე არ ჩამიდენია მრუშობა", გულში კი თქვას: "მრუშობა, რომელიც მე შენს წინაშე უნდა მეღიარებინა" (7).
ადამიანი თუ რაიმე პირობას იძლევა ორაზროვან გამონათქვამებში, შედეგად მას ცოდვის შეგრძნების გარეშე შეუძლია ამტკიცოს, რომ დაპირებული იყო ეს, და არა ის. იეზუიტები სავალდებულოდ არ მიიჩნევენ ფიცს, რომელიც გამოთქმულია სიტყვებით: "ვფიცავ, რითაც შემიძლია", რადგან ეკლესია ნებისმიერ ფიცს კრძალავს. იეზუიტს შეუძლია უარი თქვას ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებაზე, თუ ფიცის სიტყვები წარმოითქმებოდა მექანიკურად, შინაგანი რწმენის გარეშე. ამის საფუძველზე იძლეოდნენ ცრუფიცობისა და ცრუ დაპირებების ნებართვას, თუ ამასთან გონებაში მოფიცარს ჰქონდა რაიმე შეზღუდული დაშვება ან ამ ფიცის უარყოფა.
ამგვარად, სწორედ იეზუიტთა მორალის სისტემაში, რომლებმაც აღზარდეს ევროპულ-კათოლიკური (და არა მარტო - გავიხსენოთ განმანათლებლობის ეპოქა) წარმომადგენლობის ელიტური თაობები, შეიძლება ვიპოვოთ "ორმაგი მორალის", "ორმაგი სტანდარტების" ის თავწყარო, რომელიც დასავლური დიპლომატიის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი და დასავლეთის მმართველი წრეების ინტერესთა დამცველი მექანიზმის გახდა მსოფლიო პოლიტიკაში.
__________________________
1. Михневич Д.Е. Указ. соч. С. 132.
2. Самарин Ю.Ф. Иезуиты и их отношение к России. - М., 1870. С.173.
3. Михневич Д.Е. Указ. соч. С. 134.
4. მისი სახელიდან მომდინარეობს ფრანგულ ენაში ზმნა "escоbarder", რაც ნიშნავს: პირმოთნეობას, ხოლო საზოგდო სახელს "Escobar" გააჩნია ორპირა, ფარისეველი და პირფერი ადამიანის მნიშვნელობა.
5. Там же. С.135.
6. Там же . С.137.
7. Бёмер Г. Указ. соч. С. 390-391
წყარო: http://suzhdeno.ru/blog/568.html