ufo - სასწაულნი ზეცით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ufo
ყურადღება!

საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.
მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი

"სასწაულნი ზეცით"

მართლმადიდებლობა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ომის შემდგომ ათწლეულებში, აღმოსავლური რელიგიური კულტების გასაოცარ ზრდასთან ერთად დასავლეთში, იზრდება და ფართოვდება კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ამ აღმოსავლურ კულტებთან ერთად, პოსტქრისტიანული ხანის კიდევ ერთ მანიშნებელი გახლავთ. მოგახსენებთ ე. წ. "ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე", რომლებიც, საფიქრებელია, დედამიწის ყველა კუთხეში უნახავთ მას შემდეგ, რაც 1947 წ. პირველი "მფრინავი თეფში" შენიშნეს.

"მფრინავი ობიექტების" ფენომენი მკვლევარებმა ექვს კატეგორიად დაჰყვეს.

პირველ კატეგორიას განეკუთვნება ე.წ. "ღამეული ნათება", რომელიც სხვა მოვლენებთან შედარებით გაცილებით ხშირია და ნაკლებ გაოცებას იწვევს მხილველებში. ზოგჯერ ის მეტეორი ან სხვა ციური სხეული ჰგონიათ, მაგრამ მოქმედება მისი გონებისმიერია და მზერის მიმპყრობი. იგი გაოცებასა და ეჭვს იწვევს ადამიანში. "ღამეულ ნათებას" ძირითადად ხედავენ პოლიციის მუშაკები, პილოტები და საჰაერო ოპერატორები.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
მეორე კატეგორიას განეკუთვნება "დისკოები დღის ნათელზე", ანუ ე. წ. "მფრინავი თეფშები". ფორმით დისკო მრგვალია ან სიგარის სახისა და "ღამეულ ნათებას" მოგვაგონებს. ის სადღეისოდ ცნობილი ყველა მფრინავი აპარატის შესაძლებლობებს აღემატება და "ღამეულ ნათებასავით" უხმაუროდ მოქმედებს. თვითმხილველები ზოგჯერ ორ ან რამდენიმე დისკოს ხედავენ ერთდროულად.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები შესანიშნავად არის დოკუმენტირებული და მათ ერთმანეთთან დამოუკიდებლად საიმედო და გამოცდილი ადამიანები ადასტურებენ.

მფრინავი ობიექტების მნახველთა ემოციური რეაქცია მეტად ძლიერია, ის იწვევს უაღრეს განცვიფრებასა და ერთგვარ აშლილობას. აუხსნელი მოვლენით თავბრუდახვეულ კაცს "ობიექტის" კიდევ ერთხელ ნახვის ძლიერი სურვილი ტანჯავს. პილოტებს კი, როგორც წესი, იპყრობს ძლიერი შიში და ძრწოლა. ისინი ითრგუნებიან რაღაც აუხსნელი ძალის წინაშე, რომელიც თავისი ტექნოლოგიით გაცილებით აღემატება დღეისათვის ცნობილ ნებისმიერ აპარატს.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ობიექტთან უფრო ახლო კონტაქტში შედის. ამ დროს მისი რეაქციაც მძაფრდება და ფენომენის ფსიქოლოგიური მხარეც უფრო აშკარად ვლინდება. "ახლო კონტაქტების" დროს ობიექტი, რომელიც გამოსცემს ნათებას, საკმაოდ ახლოს ეშვება დედამიწასთან. თვითმხილველთა აღწერით ეს ობიექტი ფორმით ოვალურია და ზოგიერთ შემთხვევაში გუმბათიც ახლავს თავზე. ხშირად ის ზუზუნით ეშვება დედამიწაზე, იშვიათად კი საერთოდ არავითარ ხმას არ გამოსცემს. ობიექტი საათის ისრის საპირისპიროდ მოძრაობს. დედამიწაზე დაშვების შემდგომ ის ჯერ მცირედ იწევს ზევით, შემდგომ კი უეცრად მოსწყდება ადგილს და საოცარი სისწრაფით უჩინარდება ცაში. აღწერილი შემთხვევები, როგორც წესი, ღამით, მცირედდასახლებულ რაიონებში ხდება.

არსებობს ზმოთხსენებული "ახლო კონტაქტების" რამოდენიმე ტიპი. პირველი ტიპი "ახლო კონტაქტებით: თავზარდაცემული და შეძრწუნებული ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ თავისუფლდებიან განცდილი შთაბეჭდილებებისგან. 1966 წ. ამ სახის ახლო კონტაქტის ტიპიური შემთხვევა მოხდა. 16 აპრილს, დილის 5 საათზე, შერიფის ორმა მოადგილემ გზაზე შესაკეთებლად შეაჩერა მანქანა. აქ მათ უეცრად შენიშნეს სახლივით დიდი ობიექტი, რომელიც სიმაღლით ხის კენწეროებს აღწევდა. რაც უფრო უახლოვდებოდა ობიექტი მანქანას, მით მეტ ნათებას გამოსცემდა და გარემოსაც მეტად ანათებდა. ის ზუზუნით შეჩერდა მანქანის თავზე და როგორც კი დაშორება იწყო, მანქანაში მყოფნიც მაშინვე გაედევნენ. მათ დაახლოებით 70 მილის მანძილზე 105 მილის სიჩქარით სდიეს. განთიადისას ობიექტი უეცრად ზეაიწია, ვერტიკალურად აიჭრა ცაში და წამში გაუჩინარდა. შერიფის მოადგილეების გარდა ეს ფაქტი ორმა პოლიციელმაც დაადასტურა. მათ ნათლად დაინახეს ობიექტი მაშინ, როდესაც ის მოსწყდა ადგილს და ელვის სისწრაფით აიჭრა ცაში. როგორც შემდგომ გაირკვა, ერთერთი პოლიციელის ცხოვრებაში ამის შემდგომ მოხდა ტრაგედია - მას დაენგრა ოჯახი, შეერყა ჯანმრთელობა და დაერღვა კარიერა. ნიშანდობლივია, რომ ამ ტიპის პირადი ტრაგედიები ძალიან ხშირია იმ ადამიანთა შორის, რომელთაც რაიმე კავშირი მაინც ჰქონიათ მსგავს ობიექტებთან.

მეორე ტიპის "ახლო კონტაქტები" საკმაოდ ჰგვანან პირველი ტიპის კონტაქტებს, მაგრამ მათთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერ ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ კვალს სტოვებენ ადამიანზე. და არა მხოლოდ ადამიანზე, ისინი თავის კვალს სტოვებენ თითქმის ყველაფერზე, რასაც ეხებიან. მათი გამოჩენის შემდგომ უცნაურად იგრიხებიან მცენარეები, შეინიშნება ცვლილებები დედამიწაზე, მოუსვენრობას იწყებენ ცხოველები, ცვლილებას განიცდიან ელექტრო სქემები, ბრკოლდება რადიოგადაცემები, ჩერდება მანქანათა ძრავები. ადამიანებს დროებით ემართებათ დამბლა, ერთმევათ ენა, ეწყებათ სიცხის, გულზიდვისა და წონაში კლების შეგრძნება, ადგილი აქვს ტკივილებისა და წყლულების უეცარ განკურნებასა და ნაირგვარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ცვლილებებს, ჩნდება უცნაური ნიშნები სხეულზე. ნიადაგის ზედაპირსა და მის შიდა ფენებში გამოწვეული ცვლილებები ძლიერ გაურკვევლობასა და დაბნეულობას იწვევს მეცნიერებში, მათ ვერაფრით აუხსნიათ მათ ირგვლივ დატრიალებული უცნაური მოვლენები.

ყველაზე მეტად უცნაური კი მაინც "მესამე ტიპის კონტაქტები" გახლავთ, რომელთა დროსაც ჩნდებიან ე. წ. "მკვიდრნი" ან "ჰუმანოიდები". აშშ-ში 1961 წ. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა: გვიან ღამით ოთხი კაცი ბრუნდებოდა ნადირობიდან. ერთერთმა შენიშნა მოელვარე ობიექტი, რომელიც ძირს ეშვებოდა. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ თვითმფრინავი იღუპებოდა, მაგრამ როდესაც მიუახლოვდნენ, დაინახეს სილოსის კოშკის მაგვარი ხომალდი, რომელიც კუთხით მიწაში ჩამჯდარიყო. 150 იარდის მანძილზე გაარჩიეს ადამიანის მსგავსი ფიგურები. ფარის შუქზე კი 4,5 ფუტის სიმაღლის კაცი გამოჩნდა. კაცს თეთრი კომბინეზონი ეცვა. ფიგურამ ადამიანებს ანიშნა გაშორდითო. მონადირეები პოლიციელის მოსაყვანად გაემგზავრნენ მახლობელ ქალაქში. როდესაც უკან მობრუნდნენ, ხომალდი ადგილზე აღარ დახვდათ. მხოლოდ რამდენიმე ცეცხლოვანი, მანქანის ფარების მსგავსი რამ ანათებდა. დაიძრნენ თუ არა მონადირეები და პოლიციელი მათ სანახავად, ისე უცნაურად გაქრნენ, რომ ტალახიან მინდორზეც კი არ დასტოვეს კვალი. როგორც კი ოფიცერი წავიდა, მაშინვე იელვა ცაზე ობიექტმა. ის მოწითალო ფერის შუქის ფრქვევით დაეშვა დედამიწაზე და მის გვერდით კვლავ შენიშნეს მონადირეებმა ორი ფიგურა. შეშინებულებმა ტყვია ესროლეს და ერთ ერთ ფიგურას მხარში მოარტყეს. გაისმა ყრუ რახუნის ხმა, "დაჭრილმა" ფიგურამ საკუთარი ღერძის ირგვლივ წრე შემოხაზა და მუხლებზე დაეცა. შეძრწუნებული მონადირეები ავტომობილისკენ გაიქცნენ. სახლში მიბრუნებულებს უცნაური შეგრძნება დაეუფლათ - თითქოს დროის რაღაც მონაკვეთი "დაიკარგაო" იმ ღამით. ზემოთ მოყვანილი ისტორია ტიპიურია მესამე ტიპის კონტაქტებისთვის საერთოდ. თვითმხილველებს უამრავი მსგავსი შემთხვევები აქვთ ფიქსირებული.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
დოქტორი ჰაინეკი მესამე ტიპის კონტაქტებისგან განასხვავებს ე. წ. "სისტემატიურ კონტაქტებს", რომლებიც მეორდება ხოლმე. ვითომცდა სხვა პლანეტათა "მკვიდრნი" მათთან კონტაქტში შესულ ადამიანებს ამ პლანეტების "მაღალგანვითარებულ მცხოვრებლებზე" მოუთხრობენ. ისინი განაცხადებენ, რომ მათი მისია დედამიწაზე მშვიდობის დამყარებაა.

"სისტემატური კონტაქტები" ხშირად მფრინავი ობიექტების რელიგიურ კულტთან არის დაკავშირებული. "მკვიდრები" ატარებენ ექსპერიმენტებს, ინტერესდებიან დედამიწის აგებულებით, თან მიაქვთ გრუნტისა და კლდეების ნიმუშები, ინტერესდებიან ადამიანთა მიზნებით, ტექნიკით, "არემონტებენ" საკუთარ "ხომალდს". მრავალი თვითმხილველის აღწერით "ჰუმანოიდებს" აქვთ დიდი თავები, პირის ნაცვლად ცარიელი ღრმულები, ფეხები გრძელი და წვრილი, კისერი არ გააჩნიათ, თვალები ან საერთოდ არა აქვთ ან ზომაზე დიდი, ცხვირიც ძალიან პატარა აქვთ ან საერთოდ არ გააჩნიათ, სიმაღლე ზოგჯერ ჩვეულებრივი კაცისა აქვთ, ზოგჯერ კი 3,5 ფუტს არ აღემატებიან.

ფიქსირებულია მრავალი შემთხვევა "მკვიდრების" მიერ ადამიანების "გატაცებისა", მაგრამ, როგორც წესი, ეს ადამიანები სწორედ მოტაცების შემდგომ მომენტს ვეღარ იხსენებენ. ამ შემთხვევების მონაცემებს ისინი მხოლოდ რეგრესიული ჰიპნოზის (ჰიპნოზის საშუალებით წარსულში დაბრუნება) საშუალებით იძლევიან. "მკვიდრებთან" ყოფნით მიღებული ტრავმა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის ცნობიერება უარს ამბობს მის გახსენებაზე და რეგრესიული ჰიპნოზის მეთოდსაც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ თუ თანხმდება.

ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული "გატაცება" მოხდა 1961 წ. 19 სექტემბერს. ეს ამბავი საფუძვლად დაედო ჯონ ფულერის წიგნს "შეწყვეტილი მოგზაურობა". იმ ღამით ცოლ-ქმარი მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. უეცრად მათი ავტომობილის წინ, გზისპირას დაეშვა მფრინავი ობიექტი, საიდანაც ვიღაც "ჰუმანოიდები" გადმოვიდნენ. ამის შემდეგ მათი მეხსიერება წყდება და ცოლქმარს აღარაფერი ახსოვს, გარდა იმისა, რომ მათმა ავტომობილმა 35 მილით თავისით ქვეგადაინაცვლა. ამ ამნეზიამ ისინი ფსიქიატრის კაბინეტამდე მიიყვანა. ჰიპნოზის საშუალებით გაირკვა, რომ "ჰუმანოიდებმა" ცოლქმარს ხომალდზე საშინელი ექსპერიმენტი ჩაუტარეს. ჯერ აიღეს მათი ფრჩხილებისა და კანის ნიმუშები, ხოლო შემდეგ ჩაუტარეს ჰიპნოტური სეანსი, რის შემდეგაც ისინი უკვე ვეღარ იხსენებდნენ მომდევნო მომენტებს. მთელი რეგრესიული ჰიპნოზის განმავლობაში ცოლქმარი ძლიერი ემოციური მღელვარებით იხსენებდა სავალალო შეხვედრას "ჰუმანოიდებთან".

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 1967 წ. 3 დეკემბერს, დღისით 2 საათსა და 30 წუთზე. პოლიციელმა გზაზე შენიშნა ობიექტი, რომელსაც თან რაღაც ნათება სდევდა. მაგრამ, როგორც კი მიუახლოვდება ობიექტს, ის მაშინვე ცაში აიჭრა. პოლიციელმა ხელმძღვანელობას "მფრინავი თეფშის" გამოჩენის შესახებ აცნობა და გზა განაგრძო. მალე თავის ძლიერი ტკივილი და ყურებში ზუზუნი დაეწყო; მარჯვენა ყურის ქვეშ უცნაური წითელი ნაიარევი აღებეჭდა. როგორც შემდეგ აღნიშნა, ღამით, როღაცა დროის მონაკვეთში თავს უცნაური რამ გადახდა, მაგრამ ვერ იხსენებდა კერძოდ რა. და ია, ჰიპნოზის ქვეშ მან გაიხსენა, რომ "მფრინავი თეფში" ხელმეორედ დაეშვა და იქიდან გადმოსულმა "ჰუმანოიდებმა" თავისი "ხომალდის" ბორტზე აიყვანეს. მათ ტანთ გველის გამოსახულებიანი კომბინეზონები ეცვათ და ამბობდნენ: მეზობელი გალაქტიკის მკვიდრნი ვართ. დედამიწაზე, კერძოდ აშშ-ში გვაქვს საკუთარი ბაზა, ჩვენი ხომალდი ელექტრომაგნიტური ველის პრინციპით მოქმედებს და ადამიანებთან კონტაქტში შემთხვევით შევდივართო. ჰუმანოიდებმა პოლიციელი ცოტა ხანში გაუშვეს და თან გააფრთხილეს მომხდარის შესახებ არავისთვის ეამბნა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოვლენები ოკულტიზმთან არის დაკავშირებული. "მფრინავი ობიექტის" გამოჩენამდე ადამიანები ხედავენ უცნაურ სიზმრებს, ესმით კაკუნის ხმა, კარს იქით კი არავინაა, ტელეპატიურ კავშირს ამყარებენ მფრინავ ობიექტთან, ზოგიერთს უცნაური არსებებიც კი ევლინება; არის შემთხვევები ამ ახლო კონტაქტების შედეგი, როგორც წესი, გახლავთ: ტრაგიკული ზეგავლენა ფსიქიკაზე, ადამიანის დასნეულება საერთოდ, პიროვნების გაუარესება, შეშლილობა, თვითმკვლელობა.

მკვლევარებმა შეამჩნიეს მსგავსება, რომელიც არსებობს მფრინავი ობიექტის ფენომენსა და 19-ე საუკუნისეულ სპირიტიზმს შორის. ეს უკანასკნელიც ათავსებდა უცნაურ ფიზიკურ ელემენტებს ფსიქიკურ მოვლენებთან, მაგრამ მას ბევრად მარტივი "ტექნოლოგია" ჰქონდა.



მფრინავ ობიექტთა ფენომენის ახსნა

მფრინავ ობიექტთან კონტაქტი ოკულტიზმის თანამედროვე ფორმა გახლავთ. ადამიანი კოსმოსიდან მხსნელებს ელის, ეშმაკი კი კოსმიური ხომალდისა და კოსმიური არსებების სახეს ღებულობს. საკმარისია კარგად დავუკვირდეთ იმ ადამიანთა ისტორია, რომელთაც "მფრინავ ობიექტთან" ჰქონიათ რაიმე კონტაქტი, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ მასში ოკულტიზმის ნიშნები სჭარბობს.

1936 წ. სამხრეთ კაროლინაში მოხდა ასეთი შემთხვევა: ივნისის ერთ ღამეს, პოლიციელმა ცაზე მფრინავი ობიექტი შენიშნა. ის დღე იყო და "ობიექტის" თითქმის ყოველ ღამე ევლინებოდა პოლიციელს. "ხომალდის" ამგვარმა სტუმრობამ ისე გააბრუა ის, რომ გული და გონება მთლიანად წარსტაცა და მისი ნახვის სურვილი უფრო გაუმძაფრა. პოლიციელმა მიატოვა ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და ზურგი აქცია ღმერთს. "ობიექტის" გამოჩენის დღიდან ის ხსნას "კოსმიური არსებებისგან" ელოდა. მაგრამ მალე "ობიექტმა" შეწყვიტა თავისი სტუმრობა, რითაც ძლიერ დააღონა პოლიციელი. ის თითქმის ლოცულობდა და კვლავ გამოჩენას ევედრებოდა მას. პოლიციელი ტელეპატიური კავშირის დამყარებასაც ეცადა მასთან. ის დარწმუნებული იყო, რომ უნდა მომხდარიყო რაღაც დიდმნიშვნელოვანი და გრანდიოზული. და ია, დადგა ნანატრი დღე და ობიექტმა კვლავ გაიელვა ცაზე, თუმცა ამჯერად სულ ერთი წამით. და პოლიციელი კვლავ მარტო დარჩა თავის მოლოდინთან. "ობიექტის" ნახვის სურვილს ის "კოსმიურ არსებებზე" წიგნების კითხვით იკმაყოფილებდა. გადიოდა დრო და კოსმოსიდან კი აღარაფერი ჩანდა. პოლიციელს იმედი გაუცრუვდა, ჩავარდა ღრმა დეპრესიაში, დაიწყო სმა და თვითმკვლელობაზე ფიქრი. სიცოცხლის სიყვარული მას მხოლოდ ქრისტესკენ მოქცევამ დაუბრუნა.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ზემოთაღწერილი შემთხვევებისთვის დამახასიათებელი ფიზიკურ-ფსიქიკური მოვლენების თანაარსებობა, რომელიც სრულ გაურკვევლობას იწვევს სამეცნიერო წრეებში, სავსებით გასაგებია იმ ქრისტეანისთვის, რომელიც იცნობს სულიერი ცხოვრების ძირითად ასპექტებსა და კითხულობს წმიდათა ცხოვრებებს. საქმე იმაშია, რომ ეშმაკს თითქმის "ფიზიკური" სხეული აქვს, მაგრამ მისი "მატერია" იმდენად თხელია, რომ სანამ ადამიანს სულიერი ხედვა არ გაეხსნება, მისი დანახვა შეუძლებელია. სულიერი თვალი ღვთის ნებით განეხვნებათ წმინდანებს, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ კი ოკულტიზმის და მაგიის მიმდევრებს.

მართლმადიდებლური პრაქტიკიდან ცნობილი უამრავი შემთხვევა ზუსტად ეთანხმება და თანხვდება "მფრინავი ობიექტების" მიერ შექმნილ სურათს. "მყარი" არსებებისა და ობიექტების სახით მოვლენილი დემონები აცდუნებენ და ხიბლავენ ადამიანებს. დემონებს ძალუძთ მატერიალიზაციაც და დემატერიალიზაციაც და ამს, რა თქმა უნდა, ადამიანის შეშინების, არევის და საბოლოო დაღუპვის მიზნით სჩადიან. ბევრ მსგავს ინციდენტს ვხვდებით, მაგალითად, წმიდა ანტონისა (IV ს.) და ყოფილი მაგის, კიპრიანეს ცხოვრებიდან, რომელიც დემონური ძალის "ფიზიკური" მანიფესტაციის ფრიად საინტერესო მაგალითს წარმოადგენს, და დღევანდელ "ახლო კონტაქტებს" სავსებით შეესაბამება.

ახალგაზრდა ბერი ანატოლიუსი თავისი ცუდი მორჩილების გამო მძიმე განსაცდელში ჩავარდა და ეშმაკის ცდუნებით წარმოიდგინა, რომ ანგელოზებს ელაპარაკება. ამპარტავნებით შეპყრობილს სხვებისთვისაც სურდა დაემტკიცებინა ეს და "ანგელოზებს" შესთხოვა ბრწყინვალე სამოსელი გარდმომივლინეთო ზეცით. ეს მისი ღმერთშემოსილობის ნიშანი იქნებოდა და ფიქრობდა, ბერებიც მსწრაფლ ერწმუნებოდნენ.

შუაღამე გადასული იყო, სენაკში ფეხთა დგრიალისა და ბუზღუნის ხმა რომ გაისმა. სენაკი უეცრად განათდა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ცოტა ხანში "ზეციურ სამოსელში" გამოწყობილი ანატოლიუსი გამოცხადდა თავისი სენაკიდან. სამოსელი საუცხოოდ ელვარებდა. სულიერ მოძღვარს ეჭვი შეეპარა, რომ აქ ეშმაკის მანქანებას უნდა ჰქონოდა ადგილი და მეორე დღესვე, განთიადისას, წმ. მარტინიუსთან წაიყვანა ანატოლიუსი. ის შიშით არ მიჰყვებოდა, მაგრამ როდესაც ბერებმა დაიყოლიეს, გზად წმინდანისკენ "ზეციური სამოსელი" უეცრად გაქრა. ასე ვეღარ შეძლო ეშმაკმა წმინდანის წინაშე თავისი ნამდვილი ბუნების დამალვა.

ღირსი ნილოს სინელის ცხოვრებაში მოთხრობილია ეშმაკის მიერ ბავშვობაში გატაცების ამბავი, რომელიც ძლიერ ჰგავს მფრინავი ობიექტების მიერ ადამიანთა გატაცების შემთხვევებს. ღირსი ნილოსი უკვე გარდაცვლილი იყო, მის დაარსებულ მონასტერში მღვდელმა რომ იწყო ცხოვრება თავის შვილით. ერთხელ გზად მიმავალ ბიჭს, მეტად უცნაური შესახედაობის კაცი გადაუდგა, ხელი დაავლო და ქარის უსწრაფესად გაიტაცა ტყისკენ. ტყეში სახლი იდგა, შიგ შეიყვანა და ფანჯარასთან დასვა. ცხარე ცრემლით ევედრებოდა მღვდელი წმინდა ნილოსს შემწეობას. მთელი მონასტერი ლოცულობდა მასთან ერთად. ისმინა წმინდანმა მათი ვედრება, გამოეცხადა ტყეში დამწყვდეულ ბიჭს და ოდეს თავისი კვერთხით ფანჯარაზე მაიკაკუნა, იძრა მთელი სახლი მაშინ, შეზანზარდა ერთთავად და განიფერთხა ერთ წამში ბოროტ სულთაგან სახლი. ატყდა საზარელი გნიასი, კვნესა, ბუზღუნი, საძაგლად ახმიანდნენ ეშმაკნი. წმინდანმა ეშმას უბრძანა - დააბრუნეო ბიჭი მამასთან. ეშმამ მსწრაფლ დააბრუნა ის მონასტერში. ბერებმა იცნეს ბიჭი და დიდი სიხარულით შეიტკბეს.

შუა საუკუნეებში ეშმაკის ასეთი მანქანება ყველასთვის იყო ცნობილი. და უსათუოდ ჩვენი დროის კრიზისის მანიშნებელია ის, რომ დღევანდელი "განათლებული" და "ბრძენი" საზოგადოება თუმცა ნელნელა კი მიდის ამ ტიპის მოვლენების აღიარებამდე, მაგრამ სულაც არ გააჩნია ქრისტეანული თვალსაზრისი მათ ასახსნელად.

"ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა" მკვლევარნი დღეს ფსიქოლოგებთან შეერთხმავებულან და რაღაც ერთიანი ველის თეორიის შეთხზვას ცდილობენ ფუჭად. რა ამაოა მათი ღწვა, ღმერთო! განა შეიძლება სულიერი სფეროს მეცნიერული კვლევა, აქ მხოლოდ რწმენით თუ მიხვალ. მატერიალური სამყარო ზნეობრივი თვალსაზრისით ნეიტრალურია და მის შესახებ მკვლევარმა ბევრი რამ შეიძლება იცოდეს, მაგრამ უხილავი სამყარო ხომ კეთილ და ავ სულთა სამკვიდრებელი გახლავთ და მათ განსხვავებას ის რა გზით შეიძლებს?

მკვლევარნი ფუჭნი წმიდა წერილსა და სატანის მიერ ინსპირირებულ გადმოცემას ერთ ხაზზე სდებენ და ანგელოზთა ნაღვაწსა და დემონთა ხრიკებს ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებენ. თუმცა ისინი დღეს უარყოფენ ადრე გაბატონეულ მატერიალისტურ შეხედულებებს და არამატერიალური სამყაროს რაელურ არსებობას აღიარებენ, მაგრამ ამ პრობლემას მეცნიერული თვალით განიხილავენ და როგორც "კონტაქტში შესულთაგან" ყველაზე გულუბრყვილონი ადვილ და მსწრაფლ ტყუვდებიან ეშმაკთაგან. საკმარისია კვლევა დაიწყონ - ვინ და რა დგასო "ობიექტის" უკან, ყოვლად უცნაურ მსჯელობას იწყებენ უმალ. და აი, დოქტორ ვალლე აღიარებს, რომ ჩიხში მოქცა და სულაც ვერ ძალუდევს ამ მოვლენათა წყაროს ძიება.

"ამოუცნობი მფრინავი ობიექტის" ფენომენის ჭეშმარიტი შეფასება მხოლოდ ქრისტეანული გამოცხადებისა და სულიერი გამოცდილების საფუძველზეა შესაძლებელი. მართალია მკვლევართა ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი ძიების საგანი თავისი არსით ახლოს დგას დემონურ საწყისებთან, მაგრამ განჭვრეტა მისი, მხოლოდ წმინდანთა 2000 წლიანი გამოცდილების მცოდნე, მართლმადიდებელს შეუძლია.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ამოუცნობი მფრინავი ობიექტის მნიშვნელობა

ახალი ძალით ამოხეთქა დღეს ეშმაკის ძალამ და ბორკილაყრილი სატანა დაატყდა თავს კაცობრიობას. კაცთა ცდუნებად აღმოხდა ის ქვესკნელიდან, სადაც აჩერებდა მას დღესამომდე მადლი იგი ეკლესიისა. დადგა ჟამი და უკანასკნელსა და საშინელ ბრძოლას იწყებს სატანა, და დღეს უკვე აღარ გვაქვს ერთიანობა მართლმადიდებლობაში. დადგა ჟამი აიწყვიტოს სატანამ, რათა აცდუნოს კაცი და განამზადოს ანტიქრისტეს სათაყვანებლად. დასაბამიდან არ ყოფილა ასეთი აშკარა და დაუფარავი ბრძოლა ეშმაკთან; დასაბამიდა არ ყოფილა ასეთი დარყმა, დღეს რომ გვაძრწუნებს. "უმაღლეს არსებათა" იდეას ამკვიდრებს დღეს სატანა და შეცდენილთ არწმუნებს, დედამიწას იხსნიანო "კოსმოსიდან მოსული ჰუმანოიდები".

განა სხვა რა არის "მფრინავი ობიექტების" ფენომენი, თუ არა სატანის მიერ ინსპირირებული მედიუმური ხერხი, ეშმათა ზეგავლენის გაძლიერებას რომ ემსახურება მხოლოდ. თუკი 19-ე საუკუნეში დემონებთან კონტაქტში შესვლა ბნელ ოთახში სეანსის ჩატარებას მოითხოვდა, დღეს, ღამით ცაზე ახედვაღა კმარა. ქრისტეანული ჭვრეტა დაჰკარგა დღეს კაცობრიობამ და ნებისმიერ ძალთა მორჩილებას ეძლევა ის. უკიდურესად ცრუმორწმუნე გახდა დღეს კაცი და ყოველგვარ უცხო ძალას გაჰყვება უმალ, ოღონდ კი ციდან ეჩვენოს და თვისთან იწვიოს გონწართმეული.

"კოსმიური არსებები" ანუ დემონები "მხსნელად" და "მსოფლიოს განმგებლად" სახავენ ქრისტეს მტერს და წინააღმდგომს, ბნელეთის მთავარს - ანტიქრისტეს და გონებაარული ცოდვის შვილნიც ხსნის იმედს მასზე ამყარებენ. ყოველნაირად ეცდება ქრისტეს ემსგავსოს ანტიქრისტე, ყოველგვარ ძალას იხმარს, ამაში არწმუნოს კაცნი. უმეტესი მსგავსებისთვის კი ის, შესაძლოა, ჰაერის გავლითაც კი შთამოხდეს დედამიწაზე და მით მეტი ეფექტი მოახდინოს კაცზე. შესაძლოა "კოსმოსის მკვიდრნი" დაეშვან კაცთა წინაშე და - "მეუფეს" ეცითო თაყვანი, მოუწოდონ ხალხს. ზეცით გარდამომავალი ცეცხლი კი მხოლოდ დასაწყისი იქნება იმ გრანდიოზული სპექტაკლებისა, ეშმაკის ძალით რომ უნდა მოხდეს უკანასკნელ ჟამს.

ასეა თუ ისე, ცდუნებულნი დღეს ქრისტესგან კი არ ელიან ხსნას, "კოსმიურ არსებებს" ეტრფიან და სასოებით თვალს აღაპყრობენ, - ეგებ გამოჩნდნენო ზეცაზე კვლავაც. ეს კი ნიშანი გახლავთ იმისა, რომ დადგა ჟამი უკანასკნელი და ვითარცა თქმულ არს: "იყვნენ საშინელებანი ზეცით და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ" (ლუკა 21:11). აი, სასაწაულთაც დაიწყეს ჩენა.

ძლიერი გულისტკივილით აღნიშნავდა, ჯერ კიდევ ასი წლის წინ, ეპისკოპოსი ეგნატე - საზოგადოებაში სასწაულის ნახვისა და ჩადენის სურვილმა იმძლავრა, რაც თავის მოტყუების ძლიერ ჟინს ცხადყოფს და სულში დამკვიდრებული ამპარტავნების ნაყოფიაო. შემდგომ კი წერს: "აი, კლებულობს ჭეშმარიტ სასწაულთმოქმედებათა რიცხვი, კაცნი კი მეტის წყურვილით ელიან ცრუსასწაულებს... "ჩვენ ნელ ნელა ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც ფართე ასპარეზი გადაეშლება გასაოცარ და მრავალრიცხოვან ცრუსასწაულებს, და ვაი მაშინ ამსოფლიური სიბრძნი შვილებს, რამეთუ ცდუნებით ცდუნდნენ ყოვლადუბადრუკნი და ცრუსასწაულთა შეფრფვინვით ერწმუნონ".

განმდგარ სამყაროს ბნელი მეუფე - ანტიქრისტე, თავის "სასწაულებს" უმეტესად ჰაერში მოახდენს. რამეთუ უფროისი ძალაუფლება მას სწორედ მან აქვს. ცეცხლსაც კი გარდამოავლენს ის ზეცით და იქნება "სასწაული" ესე უფრიადესი სხვა სიცრუეთა შორის. საშინელ სპექტაკლს გამართავს ის და ძლიერი ხიბლით მოხიბლავს გონებით და სულით დაბნეულ ადამიანებს.

აი, რას გვასწავლის სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: ღვაწლსა შინა შესული და მლოცველი კაცი იშვიათად უნდა შეჰყურებდესო ზეცას, რამეთუ ჰაერსა შინა დამკვიდრებული ბოროტნი სულნი მრავალსახე საცთურს უმზადებენ კაცთ... კაცთა არ ესმით და ვერ გულისხმაჰყოფენ, რამეთუ "სასწაულნი" ანტიქრისტესნი არა კეთილსა მიზანს ისახვენ და სიმართლე მათთან დამკვიდრებულ არს... და განძლიერდეს სანახაობა ეგე ბილწი უფროის, რათა შეაშფოთოს და არიოს კაცნი და თავდავიწყებას მისცეს ცრუდიდებით ატაცებულნი... სიცრუე ეშმაკთა და მზაკვრობანი ისეთ ზეგავლენას ახდენენ, სულ მცირე ინტერესიც რომ გამოიჩინოს კაცმა, წარმწყმედელ შთაბეჭდილებას მოახდენენ მასზე და მძიმე განსაცდელში ჩააგდებენ უცილობლად" (სათნოთმოყვარეობა - "ყურადღების სამი სახე").

ამ სიტყვების მწარე სიმართლე თავის თავზე გამოსცადეს "მფრინავ ობიექტთან" არა მხოლოდ კონტაქტში შესულმა ადამიანებმა, არამედ უბრალო თვითმხილველებმაც კი. როგორც წესი, ერთხელ მონუსხულნი, სულ უფრო და უფრო იხიბლებიან. "მფრინავი ობიექტის" მკვლევარნიც კი აფრთხილებენ ადამიანებს რა საშინელი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ამ "ობიექტთან" კავშირის შედეგად. ერთ ერთი ასეთი მკვლევარი ჯონ კილი წერს: "მფრინავი ობიექტების დილეტანტური კვლევა-ძიება ისეთსავე საფრთხეს უქადის ადამიანებს, როგორსაც მსუბუბქი გატაცება თეთრი მაგიით. ეს ფენომენი თავის მახეში ითრევს ნევროტიკებს, ადვილად მიმდობ და უმწიფარ ადამიანებს. კონტაქტის შედეგად შეიძლება განვითარდეს პარანოია, შიზოფრენია, დემონომანია და, რაც ყველაზე ხშირია, თვითმკვლელობა. მფრინავი ობიექტით ზომიერი დაინტერესებაც კი შეიძლება გადაიზარდოს შეშლილობაში.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
დღეს ეშმამ "ჰუმანოიდების" ნიღბით ათასობით ღვთის მადლს განშორებული ადამიანი აცდუნა და ძლიერი ხიბლით მოხიბლა. ძველად ქრისტეანები ძლიერ ფრთხილობდნენ ყოველგვარი უცნაური და ახალი მოვლენის მიმართ, რადგან კარგად იცნობდნენ ეშმაკის მრავალმხრივ მანქანებასა და საცდურის ნაირგვარ ხერხებს. დღეს კი, ჩვენს "განათლებულ" საუკუნეში ადამიანები განსაკუთრებული გატაცებით ელტვიან სწორედ "ზეუცნაურსა" და ყოველივე ახალს - და ადვილად ექცევიან მათი გავლენის ქვეშ. მათ დიდი ხანია "არქივს ჩააბარეს" ეშმაკი და ნახევრადფანტასტიკურ მოვლენათა რიგში მოაქციეს ის.

ყოველივე ეს მართლმადიდებელ ქრისტეანს სიფხიზლესა და წინდახედულობას უნდა ჰმატებდეს და მტკიცე მართლმადიდებლურ პოზიციაზე განამყარებდეს უცილობლად. თუმცა კი ეს იოლად არ გვეძლევა დღეს. ჩვენ უნდა დავძლიოთ სოფელი, რამეთუ დედამიწა ქვე და ვარსკვლავნი ზე ერთნაირად განეშორნენ სამოთხეს, და სულიერი საჭურველით უნდა შევიჭურვოთ სოფლის საცდურთან ბრძოლაში. მხოლოდ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი (რომელიც თავის ცხოვრებას წმ. წერილსა და მამათა ცხოვრებაზე აფუძნებს), შესძლებს გაუძლოს მომავალი რელიგიის ცდუნებას - ანტიქრისტეს რელიგიას, როგორი ფორმითაც უნდა მოგვევლინოს ის. და დარჩენილი ნაწილი კაცობრიობისა ღვთის სასწაულითა ხსნილი მოიპოვებს ჭეშმარიტ თავისუფლებას აწ და მარადის.

მასალა აღებულია თეოლოგიურ ალმანახ "ლაზარეს აღდგინების" IV ნომრიდან. გვ. 171-183.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Vgt_e5DqugU" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Vgt_e5DqugU" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
Назад к содержимому