Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება_გამოსვლათა წიგნი - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება
ავტორი: ნეტ. თეოდორიტე კვირელი (V ს.).


 
გამოსვლათა წიგნის განმარტება
 
 
კითხვა 1. როგორ უნდა გავიგოთ ნათქვამი: "გამრავლდნენ" (გამოსვლ. 1:7)?
 
"ისრაელის ძენი აღორძინდნენ და გამრავლდნენ, მრავალრიცხოვანნი იქმნეს და ფრიად განძლიერდნენ. განამრავლდებდა მათ ქვეყანა" (გამოსვლ. 1:7).
 
მოსემ ეს თქვა არა ისრაელიანთა შესარცხვენად, როგორც ზოგიერთმა იგულისხმა, არამედ გამოხატა მათი სიმრავლე, ანუ ისე გამრავლდნენ, რომ თითქოსდა მოედვნენ მთელ ქვეყანას. ასე თარგმნა აკვილამაც. იგივე ჩანს შემდგომიდანაც, რადგან ნათქვამია: "განამრავლდებდა მათ ქვეყანა" (გამოსვლ. 1:7), და რამდენიმე სიტყვის შემდეგ: "რაც უფრო ჩაგრავდნენ მათ, იმდენად უფრო მრავლდებოდნენ და ძლიერდებოდნენ ფრიად" (გამოსვლ. 1:12).


კითხვა 2. რას ნიშნავს ნათქვამი: "ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და მათაც აიშენეს სახლები" (გამოსვლ. 1:21)?
 
ფარაონმა ბრძანა გაეჟლიტათ მამრობითი სქესის ყველა ყრმა; მათ კი ღმრთისმოშიშების გამო არ ისურვეს ყრმათა მკვლელობის შესახებ დადგენილების აღსრულება. ამიტომ ღმერთმა, მათი დასაჯილდოვებლად მათ სიკეთეთა სიუხვე მიანიჭა.
 
 
კითხვა 3. რის მიხედვით შეიცნო ფარაონის ასულმა, რომ ყრმა ებრაელი იყო (გამოსვლ. 2:5)?
 
"ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა მხევალი და მოატანინა" (გამ. 2:5).
 
ამას წინადაცვეთა აჩვენებდა. აქედან ჩანს, რომ იმ დროს ეგვიპტელები ჯერ არ წინადაიცვითებოდნენ, ხოლო შემდგომში, ებრაელთადმი შურის გამო, მიიღეს რჯული წინადაცვეთისა. ამიტომაც ბრძანა ყოვლისმპყრობელმა იერემიას პირით: "დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად - ეგვიპტეს, იუდას, ედომს..." და ა. შ. (იერ. 9:25–26).
 
 
კითხვა 4. რისთვის იქორწინა მოსემ უცხოტომელზე (გამოსვლ. 2:21)?
 
"დაემკჳდრა მოსე ამ კაცთან, და მისცა სეფორა, თავისი ასული, მოსეს ცოლად" (გამოსვლ. 2:21).
 
ის იყო უფალ ქრისტეს ხატება, რომელმაც, ხორციელად წარმოშობილმა იუდეველთაგან, საცოლედ დაასახელა ეკლესია წარმართთაგან.
 
 
კითხვა 5. ზოგი ამბობს, რომ მოსეს მაყვლოვანში ანგელოზი ეჩვენა, მართალია?
 
ამ ადგილის საკითხავიც აჩვენებს, ვინ ეჩვენა. ნათქვამია: "გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში" (გამოსვლ. 3:2), და რამდენიმე სიტყვის შემდეგ: "დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან" (გამ. 3:4), და კიდევ რამდენიმე სიტყვის შემდეგ: "უთხრა: მე ვარ აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი" (გამ. 3:6); და ამის შემდეგვე ითქვა: "სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა" (იქვე); და კვლავ ითქვა: "ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი" (გამ. 3:7) და ა.შ., და კიდევ: "უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან" (გამ. 3:14).
 
მთელი ეს ადგილიც აჩვენებს, რომ მოსეს ვინც გამოეცხადა ღმერთია. მაგრამ მოსემ მას ანგელოზი უწოდა და ამით გვაცნობებს, რომ ეს გამოცხადებული არ არის მამა ღმერთი (რადგან ვისი ანგელოზი იქნება მამა?), არამედ მხოლოდშობილი ძე, დიდი რჩევის ანგელოზი, რომელმან წმიდა მოწაფეებს უთხრა: "გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან" (იოან. 15:15).
 
მაგრამ მოსემ, როგორც ანგელოზის სახელი მისცა მას, არა რაიმე მსახურებითი მნიშვნელობით, არამედ მხოლოდშობილის პიროვნებაზე მიუთითა, რითაც კვლავ იუწყა მისი ბუნება და ძალმოსილება და თქვა, რომ თავად ბრძანა: "მე ვარ, რომელიც ვარ. ... ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე" (გამ. 3:14-15).


6. რა გამოისახება იმით, რომ ალმოდებული მაყვალი არ იწვის (გამ. 3:2)?
 
"გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი" (გამ. 3:2).

ამით ცხადდება ღვთის ძლიერება და ღვთის კაცთმოყვარეობა, რამეთუ ჩაუქრობელმა ცეცხლმა არ მოსპო ხმელი მაყვალი. მაგრამ, ვფიქრობ, ამით სხვა რამაც გამოისახა, კერძოდ ის, რომ ისრაელი, რომლის წინააღმდეგაც ბოროტს იზრახავდნენ ეგვიპტელები, არ მოისპობოდა, არამედ სძლევდა მტრებს; ასევე ისიც, რომ მხოლოდშობილი, განკაცებული და ქალწულებრივ საშოში დამკვიდრებული, ხელუხლებელად შეინარჩუნებდა ქალწულებას. სხვები კი ამბობენ, რომ ღმერთი მაყვალში გამოცხადდა და არა სხვა მცენარეში, რადგან მაყვლისგან შეუძლებელია ღვთის გამოთლა. რამეთუ, სავარაუდოდ, იუდეველნი ამასაც გაბედავდნენ, ღმერთი სხვა მცენარეში რომ გამოცხადებულიყო.
 
 
კითხვა 7. რისთვის ებრძანა მოსეს ფეხსაცმლის გახდა (გამ. 3:5)?
 
"უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა" (გამ. 3:5).
 
სხვები ამბობენ: იმისთვის, რათა განეშორებინა თავისგან წუთისოფლის საზრუნავი, რომელიც მოკვდავ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, რამეთუ მკვდარია ფეხსაცმლის ტყავი. კიდევ სხვები კი ამბობენ: იმისთვის, რათა ფეხშიშველს გაეწმიდა მიწა. მე კი არც ერთს ვიზიარებ და არც მეორეს; უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მოსე ჯერ კიდევ არ იყო ხელდასხმული არც მღვდელმთავრად და არც წინასწარმეტყველად; და ამასთანავე, რადგან ღმერთმა უკვე განწმიდა ეს ადგილი და წმიდა უწოდა მას, ამაოდ მიმაჩნია მტკიცება, თითქოსდა მოსემ ფეხებით განწმიდა იგი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამით შემდეგი რამ გამოისახება: უპირველეს ყოვლისა, ღმერთი ამ სიტყვით თვით მოსეს შთააგონებს კრძალულებას, რათა შიშით დაუკვირდეს ნაბრძანებს, ხოლო შემდეგ წინასწარ გაკვეთილს იძლევა იმისა, თუ როგორ უნდა აღასრულონ მღვდლებმა მსახურება კარავში. რამეთუ ისინიც ფეხშიშველნი აღასრულებდნენ მღვდელმსახურებასა და მსხვერპლშეწირვას.
 
 
კითხვა 8. რატომ არ დასაჯა ღმერთმა ფარაონი თავიდანვე, თუმცა წინასწარ ხედავდა მის ურჩობას?
 
რაც ღმერთმა წინასწარ იცოდა ის აჩვენა, რადგან ამბობს: " ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა. მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით" (გამ. 3:19, 20). მაგრამ, რადგან კეთილი და კაცთმოყვარეა, მხოლოდ წინასწარხედვის საფუძველზე დასჯა არ ნებავს, არამედ ელოდება საქმეთა აღსასრულს და ყველას აჩვენებს სასჯელის სამართლიანობას. მეორე მხრივ კი, გაცილებით უფრო სამართლიანი იქნებოდა გამოვლენილიყო ფარაონის ბოროტება და მზაკვრობა, ვიდრე დამკვიდრებულიყო აზრი, თითქოსდა ღმერთი უმოწყალოა. ხოლო თუკი მხილებამდე დასჯიდა, სასტიკიც გამოჩნდებოდა და უსამართლოც. ახლა კი ღვთის სულგრძელებაც დამტკიცებულია და ფარაონის უღმრთოებაცა და მხეცობაც გამოაშკარავებულია.

 
კითხვა 9. რატომ მისცა ღმერთმა პირველ სასწაულად კვერთხის გველად ქცევა (გამ. 4:3)?
 
"უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე" (გამ. 4:3).

რადგან ფარაონი, რომელსაც გონიერი ბუნება ჰქონდა, სასტიკად მოეპყრო ებრაელებს და ღვთის მსგავსი ხატება მხეცურით შეცვალა, ამიტომ ღმერთმა უბრძანა გველად გარდაექმნა ის კვერთხი, რომლითაც მას სჯიდა, რათა გამოეაშკარავებინა მისი მხეცობა და გამოესახა მისი ბოროტგანზრახვა. რამეთუ გველის წყევლას ღმერთმა ესეც მიამატა: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის" და ა. შ. (დაბ. 3:15).
 
 
კითხვა 10. რას ნიშნავს ხელის გაკეთროვნება (გამ. 4:6)?
 
"კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი" (გამ. 4:6).

იაკობის მოდგმა ღვთისმოსაობით აღზრდილი შევიდა ეგვიპტეში, მაგრამ იქ ეგვიპტელთაგან ისწავლა უღმრთოება; ხოლო ეგვიპტური მონობისგან გათავისუფლებულმა ყოვლის შემოქმედი ღმერთი შეიმეცნა. ამიტომაც ხელის ცვალებადობით ღმერთმა მათი კეთროვნება გამოხატა, ხოლო შემდეგ – განწმენდა. გარდა ამისა, უფალი ღმერთი სხვა რამესაც განაგებს. რაკიღა აპირებდა კეთროვანთა შესახებ კანონის დაწესებასა და კეთროვანთა არაწმიდად გამოცხადებას (რამეთუ არაფერი უნებლიე არ არის არაწმიდა; და ამ კანონებს იგი აწესებდა განგებულებითად, რასაც, ღვთის შეწევნით, ავხსნით წმიდა წერილის შესაბამის ადგილებამდე რომ მივალთ), ამიტომაც კეთრით დაფარა სჯულის დამწესებლის ხელი, რათა ამით სრულყოფილად განსწავლულთათვის ესწავლებინა, რომ არაფერი მსგავსი არ არის არაწმიდა. რამეთუ მარჯვენა ხელი, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა, თავდაპირველად კეთროვანი იყო, შემდგომ კი ღვთიურ სასწაულთა გამოვლენას ემსახურა და სტიქიებს გარდაქმნიდა. ამით კი სჯულის დამდგენელსაც შთააგონებს ღმერთი, რათა თავი არ აიმაღლოს, არამედ შეიმეცნოს საკუთარი ბუნება, და ახსოვდეს თავისი კეთროვანი მარჯვენა.


გაგრძელება იქნება.

მასალა თარგმნილია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 26 წ.

Блаженный Феодорит Кирский (сочинения : пер. с греч.) - М.: Изд. совет Рус. православ. церкви, 2003 (Творения святых отцов и учителей церкви) / Т. 1. Изъяснение трудных мест Божественного Писания. - 2003 / Толкование на книгу Исход.

URL: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie-na-knigu-iskhod/#0_1
Назад к содержимому