სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება
ავტორი: ნეტ. თეოდორიტე კვირელი (V ს.).
შესავალი
სხვა ცოდნისმოყვარე კაცებიც გვთავაზობდნენ იმ კითხვათა გადაწყვეტას, რომლებიც წარმოდგენილია საღვთო წერილში, და ცდილობდნენ ეჩვენებინათ და განემარტათ ზოგიერთი ადგილის მნიშვნელობა, ერთი სიტყვით, ნათელექმნათ ის, რაც მრავალს ბუნდოვნად ეჩვენება. ამიტომაც, ხორციელი ჯანმრთელობისდა მიუხედავად, გადავწყვიტე შევდგომოდი ამ შრომას, თუმცა არა საკუთარ თავზე დაიმედებით, არამედ იმაზე, ვინც ბრძანა, რათა ეს ყოველივე ასე დაწერილიყო. რადგან ის გვიჩვენებს წერილში დაფარულის მნიშვნელობას. მან წმიდა სახარებაშიც ზოგი რამ იგავურად შემოგვთავაზა, და ზოგიც, მის მიერ დაფარულად ნათქვამი, განგვიმარტა. ამიტომაც, შევთხოვ რა მას გონების განათლებას, ვეცდები ჩავწვდე ყოვლადწმიდა სულის საიდუმლოთ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველანი ერთი და იგივე მიზნით როდი სვამს შეკითხვას: ზოგს უკეთური ზრახვა ამოქმედებს, და ფიქრობს, რომ ამხელს წმიდა წერილს, თითქოსდა რაიმეს არასწორად ასწავლიდეს ან საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს; სხვებს კი ცოდნის წყურვილი ამოძრავებს და ცდილობენ დაფარულის წვდომას. ამიტომ ჩვენც, ღმრთის შეწევნით, პირველებს ღმრთის მგმობარ ბაგეთ დავუხშობთ, რადგან ვაჩვენებთ საღმრთო წერილის სწავლების უპირატესობას, და რომ ის ყველაფერში თანხმიერია; ხოლო მეორეთ, შეძლებისდაგვარად ვუპასუხებთ რთულ კითხვებზე. ყოველივე ამას კი დავიწყებთ ქმნილებათა დასაბამიდან; რადგან ის არის საწყისი და შესავალი ღვთითშთაგონებული წერილისა.
დაბადების წიგნის განმარტება
კითხვა 1. დაბადების აღმწერელმა სამყაროს შექმნის შესახებ თხრობას რატომ არ წაუმძღვარა ღვთისმეტყველება?
პასუხი: საღმრთო წერილისთვის ჩვეულია მოსწავლეთა ძალის შესაბამისად გადმოგვცეს სწავლება, და სრულყოფილთ მიაწოდოს სრულყოფილი, არასრულყოფილთ კი - პირველდაწყებითი და მათ ძალის შესაბამისი თხრობა. რადგან ეგვიპტელები ხილულ ქმნილებას აღმერთებდნენ, ხოლო ისრაელიტნი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მათთან, თანამოზიარენი გახდნენ იმავე უკეთურებისა, მწერალმა, აუცილებლობის გამო, მათ ჯერ შესთავაზა სწავლება ქმნილებაზე, რითაც ნათლად აჩვენა, რომ მისი შემოქმედი ღმერთია ყოველთა. თუმცა არც ღვთისმეტყველების შესახებ სწავლება დააყოვნა. რადგან თქმა იმისა, რომ ყოფიერებად მოყვანება ცისა, მიწისა და ქმნილების სხვა ნაწილებისა, და ჩვენება იმისა, რომ ყოველივე ამის შემოქმედი ყოველთა ღმერთია, ნიშნავს იმ დროისთვის ღვთისმეტყველების საკმარის გადმოცემას. მწერალმა გაამხილა ქმნილებათა დასაბამი, მაგრამ არაფერი უთქვამს შემოქმედის დასაბამიერობაზე. ამგვარად კი, აღიარა რა ღმერთი მარადიულად, და უწოდა რა მას სამყაროს კეთილი შემოქმედი, საკმაოდ გონივრულად და ბუნებრივად შეურწყა მას ღვთისმეტყველებაც. ღმრთის მარადიულობაზე კი მოსწავლეებს ადრეც სმენოდათ. რადგან ღვთაებრივ მოსეს, როდესაც ის ღმერთმა ეგვიპტეში წარაგზავნა, დაევალა თანატომელებისთვის ეთქვა: "რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან" (გამ. 3:14). ხოლო სიტყვით "რომელიც ვარ" მარადიულობა გამოიხატება. ცნობისმოყვარეთათვის კი ცნობილია, რომ ეს დაბადების წიგნში ჩაწერამდე ითქვა; რადგან ეს სწავლება მოსემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში მცხოვრებთ უთხრა, წიგნი კი მან უდაბნოში დაწერა.
კითხვა 2. რატომ არ ახსენა მოსემ ანგელოზების შექმნა?
ისრაელიტებში, რომელთაც სჯული ეძლეოდათ, არ იყო სიმტკიცე და მუდმივობა. ძალიან მალე, ესოდენ მრავალი და ენით აუწერელი სასწაულების შემდეგ, მათ ღმერთად ხბოს გამოსახულება აღიარეს. მაშ, რას იზამდნენ ისინი, ვინც ასე იოლად გააღმერთეს პირუტყვს მიმსგავსებული კერპი, უხილავ ბუნებათა შესახებ ცოდნაც რომ ჰქონოდათ? ამიტომაც ყოველთა ღმერთმა აბრაამამდე, რომელმაც მიაღწია სრულყოფილებას, ძველთაგან ანგელოზთა მიერ არავისთან ისაუბრა. და ღვთაებრივმა მოსემაც პირველად ანგელოზები აგარის ისტორიის გადმოცემისას ახსენა, რისთვისაც საკმაო საფუძველი არსებობდა. რადგან აგარი, ღვთაებრივი მოციქულის თქმით, წარმოადგენდა ძველი აღთქმის სიმბოლოს. "აგარი, - ბრძანებს იგი, - იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს..." (გალატ. 4:25). ამრიგად, რადგან სჯული მოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, როგორც ნათქვამია: "გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით" (გალატ. 3:19); და კიდევ: "ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო..." (ებრ. 2:2); შეეფერებოდა ღმერთს ანგელოზის მიერ შეეგონებინა აგარი მონობის გამო და ეწინასწარმეტყველა ძეზე, რომელსაც ის შობდა. ხოლო ანგელოზებს, მთავარანგელოზებს და სხვა უხორცო ძალთ, ყველას, გარდა წმიდისა სამებისა, ქმნილი ბუნება გააჩნიათ, ნათლად გვასწავლის წმიდა წერილი; რამეთუ მათაც უბრძანებს დავით წინასწარმეტყველი ღმრთის დიდებას: "აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი" (ფსალმ. 148:2); და აქვე შემატებს მიზეზსაც, როცა გვასწავლის: "რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს" (ფსალმ. 148:5); და კიდევ სხვა ფსალმუნში: "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ. 103:4). სამი ნეტარი ყრმაც, ცეცხლის სახმილში ჩაგდებულნი, მათ მიერ ამ ბრწყინვალე და აბსოლუტურად ღვთითსაკადრისი დასაწყისისა: "აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე" (დან. 3:57), იქვე მიამატეს: "აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!" (დან. 3:58, 61). მაგრამ ზედმეტად მიმაჩნია ამის შესახებ ბევრი ლაპარაკი, რადგან მთელი ღმრთივსულიერი წერილი აღსავსეა ამ სწავლებით.
კითხვა 3. ცისა და მიწის შექმნამდე არსებობდნენ ანგელოზები, თუ მათთან ერთად მოვიდნენ ყოფიერებად?
მსგავსი კითხვები ზედმეტად მიმაჩნია. რადგან რა სარგებლობას მოიტანს ანგელოზთა შექმნის დროება? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ღვთაებრივი მოციქული საკვირველ ტიმოთეს განუწესებს ამცნოს ზოგიერთს, რომ "ნუ ასწავლიან სხვა რამეს, და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით" (1 ტიმ. 1:3, 4). თუმცა ვიტყვი, საღმრთო წერილის მიზნის შესაბამისია ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ღმრთის ბუნებაა შეუზღუდავი, რადგან არაქმნილია, დაუსაბამოა და მარადიულია; ხოლო სხვა არსებებს, რომლებმაც მიიღეს დასაბამიერობა, ცხადია, შეზღუდულებიც არიან. ამიტომაც, თუმც ანგელოზებრივ ბუნებას უხორცო ეწოდება, ანგელოზთა არსება მაინც შემოფარგლულია. რადგან როგორც წარმოვიდგინოთ გონებით, რასაც ღვთაებრივი დანიელი ამბობს, "ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე" (დან. 7:10), თუკი ყოველ ანგელოზს განსაკუთრებული შემოფარგლულობით არ წარმოვიდგენთ?
ვფიქრობ არავინ დაიწყებს დავას, რომ ანგელოზებიც შემოსაზღვრული არსებები არიან. რადგან მეუფე ქრისტემ თქვა, რომ ყოველ ადამიანს მზრუნველად ერთი ანგელოზი ენიჭება. "ეკრძალეთო, - ბრძანებს, - ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მთ. 18:10).
საღმრთო წერილი ასევე მოწმობს, რომ ანგელოზები ყოველ ქალაქსაც იცავენ; რადგან დანიელთან მოლაპარაკე ანგელოზმა დაასახელა სპარსეთის თავადი, და ელინთა თავადი, და მიქაელი თავადი იუდეველთა. დიდი მოსეც საგალობელში ამბობს: "როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ანგელოზთა რიცხვისამებრ" (მეორე რჯლ. 32:8). ამიტომაც, თუკი ერთ ანგელოზს ევალება ამათი მეთაურობა, სხვას კი - სხვათა, და ყოველი ადამიანი ერთი ანგელოზის მეთვალყურეობით ცხოვრობს; მაშინ, უეჭველად, ანგელოზთა ბუნებაც შემოსაზღვრული ყოფილა. ხოლო თუ ეს სამართლიანია (და ეს ნამდვილად სამართლიანია), მაშინ ისინი, ყველანი ერთად, საჭიროებენ ადგილს, რადგან მხოლოდ ღმერთი, როგორც უსაზღვრო, შეუძლებელია ადგილით იყოს შემოფარგლული. და თუკი ანგელოზები შემოსაზღვრულნი არიან ადგილით, მაშინ როგორ იარსებებდნენ ისინი უადრეს ცისა და მიწისა? რადგან, სანამ არ არსებობს ჭურჭელი, შეიძლება თუ არა იარსებოს შიგთავსმა?
კითხვა 4. მაგრამ, ზოგიერთები ამბობენ: უნდა ვივარაუდოთ, რომ ანგელოზები არსებობდნენ ცისა და მიწის შექმნამდე, რადგან თუკი ანგელოზები არ იყვნენ, როგორ უგალობდნენ ყოველთა შემოქმედს?
ამის მთქმელებმა არ იციან, რომ ეს შეხედულება ანგელოზებს დაუსაბამო და მარადიულ არსებებად შეიქს. რადგან, თუკი ყოველთა შემოქმედი საჭიროებდა გალობას, და ეს მგალობლები ყოველთვის იყვნენ, მაშინ ანგელოზები ღმრთის თანამარადიულნი ყოფილან. მაგრამ ისინი ყოველთვის არ იყვნენ, არამედ, როდესაც ისურვა ღმერთმა, მაშინ შექმნა; ეს იყო დრო, როდესაც ყოველთა შემოქმედ ღმერთს არ ჰყავდა მადიდებელნი. შედეგად უფალ ღმერთს არ სჭირდებოდა მგალობელნი; რადგან მის ბუნებას არ გააჩნია რაიმე დანაკლისი და არაფერს საჭიროებს; მან მხოლოდ თავისი უსაზღვრო სიკეთის გამო მიანიჭა ყოფიერება ანგელოზებსაც, მთავარანგელოზებსაც და ყოველ ქმნილებას. ან რა სახის მსხურება უნდა ჰქონოდათ ანგელოზებს ქმნილებათა გაჩენამდე, როდესაც არ არსებობდნენ ისინი, ვისაც მათი შეწევნა დასჭირდებოდა? რადგან ისინი ყოველთა შემოქმედს ადამიანებზე ზრუნვაში რომ ემსახურებიან ადასტურებს ღვთაებრივი მოციქული პავლე, რომელიც ღაღადებს: "განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?" (ებრ. 1:14). აქედან ჩანს, რომ ჩვენ გვჭირდება მათი დახმარება, ხოლო ღმერთს იოტისოდენა დახმარება არ სჭირდება, არამედ, როგორც უსასრულო სიკეთემ ინება არასოდეს არსებულთათვის მიენიჭებინა ყოფიერება და სიცოცხლე.
ვინც ცდილობს ამტკიცოს, რომ ანგელოზები არსებობდნენ ცისა და მიწის შექმნამდე, და ეს ძლიერ და დაუძლეველ არგუმენტად მიაჩნია, გვიმოწმებს ყოველთა შემოქმედის სიტყვებს იობისადმი: "მაქებდა მე დიდი ხმით ჩემი ყველა ანგელოზი" (იობი. 38:7). მაგრამ ვერ ამჩნევენ ისინი, რომ ყოველთა შემოქმედმა ვარსკვლავები შექმნა მეოთხე დღეს მზესთან და მთვარესთან ერთად; ხოლო სავარაუდოდ, ანგელოზები შექმნილნი არიან ერთდროულად ცასთან და მიწასთან ერთად, რათა, ხედავდნენ, როგორც იქმნება სინათლე არაფრისგან, და მყარი სქელდება წყალთა შორის, ნოტიო არსი გამოეყოფა მიწას, და მიწაც, ღმრთის სიტყვით, მშენდება ყოველი სახის აღმონაცენით; და ასე, ყოველივე, ღმრთის ნებით, მოდის ყოფიერებაში. ამ ხილული ქმნილებიდან შეიმეცნეს მათ, რომ თვითონაც ქმნილი ბუნებისანი არიან, და თავიანთი ყოფიერება ღმრთისგან მიიღეს. ღვთაებრივი მოციქულიც ქვეყნიერებას უმატებს ანგელოზთ, როდესაც ამბობს: "ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ" (1 კორინთ. 4:9).
ამას ვამბობ არა დაბეჯითებით, რადგან კადნიერებად მიმაჩნია იმის მტკიცება, რასაც არ აზუსტებს საღმრთო წერილი. პირიქით, მე ვთქვი, რომ ასე უფრო გონივრული იქნებოდა გვეფიქრა; თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ყველა არსება, გარდა წმიდისა სამებისა, ქმნილი ბუნებისაა. ხოლო თუ ეს აღიარებული იქნება, არანაირად ავნებს ღვთისმოსაობის საიდუმლოს, თუკი ვიტყვით, რომ ანგელოზთა დასებმა თავიანთი ყოფიერება მიიღეს ცისა და მიწის წინარე. ხოლო "თავი ანებე სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს" (2 ტიმ. 2:14).
კითხვა 5. თუკი დედამიწა უკვე არსებობდა, როგორღა მოვიდა ის ყოფიერებად? მწერალი კი ამბობს: "მიწა იყო უსახო და უდაბური" (დაბ. 1:2).
ეს არის ფუჭი და უაზრო კითხვა. ვინც თქვა, "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1), არ უთქვამს, რომ მიწა მარადიულია, არამედ ამბობს, რომ ცის შემდეგ, ან ცასთან ერთად, მიწამაც მიიღო ყოფიერება. თანაც მწერალმა ეს თქვა არა განყენებული აზრით: "მიწა იყო", არამედ შემდეგიც დაუმატა: "მიწა იყო უსახო და უდაბური", ანუ ის ყოველთა შემოქმედმა მოიყვანა ყოფიერებად, მაგრამ ჯერაც უსახური იყო, რადგან წყალი ფარავდა, და უდაბურიც, რადგან ჯერ კიდევ არ დაფარულიყო მცენარეებით, აყვავილებული ველებით, კორომებითა და მობიბინე მიდვრებით.
კითხვა 6. მოსეს არ უსწავლებია ჩვენთვის, რომ წყლებიც ღმერთმა შექმნა.
როდესაც მან თქვა: "მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე" (დაბ. 1:2), ამით აჩვენა, რომ მიწასთან ერთად შეიქმნა წყლის სტიქიონიც. და აწესებდა რა შაბათს, ყოველთა შემოქმედმა თქვა: "ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია..." (გამ. 20:9-11). აქედან კი ჩნს, რომ ყოველ არსებას, ხილულსა თუ უხილავს, გრძნობისმიერს თუ საცნაურს, ყველას, ღმრთის არსების გარდა, ქმნილი ბუნება გააჩნია. თვით ღვთაებრივი დავითიც ამბობს: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა", შემდეგ კი მიამატა: "ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა" (ფსალმ. 145:5, 6).
კითხვა 7. ქვეყნიერებაში რომელი ადგილი იყო ნათელს მიუახლებელი, რომ "ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2)? (1).
განვსჯით, რომ ამ გრძნობისმიერ სამყარომდე თუ რამე არსებობდა, აშკარად, ის ნათელში იყო; რადგან ანგელოზთა დასები და უხორცო ძალთა მთელი მხედრობა ბნელში როდი იყვნენ, არამედ ნათელსა და ყოველგვარ სულიერ მხიარულებაში. და ამაში არავინ შემოგვედავება, ვინც კი აღთქმულ სიკეთეთა შორის მოიაზრებს იმ ზეციურ ნათელს, რომელზეც მეტყველებს სოლომონი: "მართალთა ნათელი მხიარულობს" (იგავნი 13:9). მოციქულმა კი თქვა: "სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში" (კოლას. 1:12).
_____________
1) ეს შეკითხვა, რომელიც გამოტოვებულია სირმონდის გამოცემაში, მოთავსებულია ევგენი ბულგარასის (1768 წ.) გამოცემაში.
_____________
ამრიგად, რადგან ზეცა, ღმრთის განკარგულებით, უეცრად გადაიშალა ყოვლისმომცველ მის საკუთარ შემოწირულობაზე, ხოლო ზეციურ კამარას აქვს სიმყარე, საკმარისი იმისთვის, რათ განყოს გარეგანი შინაგანისგან; ამ ზეციურმა კამარამ, აუცილებლობით, გადაჰკვეთა რა გარეგანი სხივები, ჩამოაყალიბა მისით მოცული ბნელი ადგილი. რადგან ჩრდილის წარმოსაქმნელად საჭიროა შეერთდეს სამი რამ: სინათლე, სხეული და გაუნათებელი ადგილი. ამიტომაც ეს მსოფლიო ბნელი წარმოიქმნა ზეციური კამარის მიერ.
კითხვა 8. თუკი ღმერთმა შექმნა ნათელი, როგორღა შექმნა მან ბნელი? ბნელი და ნათელი ხომ ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან.
ნათელი და ბნელი ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან, მაგრამ აუცილებელნი კაცთათვის. ნათელი ადამიანებს შეეწევა საქმიანობასა და შრომისმოყვარეობაში, აჩვენებს ხილულ საგნებს, და აღძრავს მას შემოქმედის სადიდებლად. ხოლო ბნელი ამშვიდებს და განაახლებს ადამიანებს, ბოლოს უღებს დაღლილობას, რომელსაც წარმოქმნის სამუშაო, და ადამიანებს ჰკრებს სახლებში, მხეცებს კი აძლევს თავისუფლებას ეძებონ საკვები. ამას ნათლად გვასწავლის ღვთაებრივი დავითი; რადგან ის ამბობს: "დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი, ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე" (ფსალმ. 103:20-24). ამის შემდეგ, შემოქმედის საქმეებით გაკვირვებული, აგრძელებს: "ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა" (ფსალმ. 103:24). ამგვარად, ზუსტად დადგენილია ჩვენ მიერ, რომ სიბნელეც აუცილებელია კაცთათვის.
იმის გაგება, ბნელი რომ არანაირი არსი არ არის და ნაწარმოებია შემთხვევით, იოლი გასაგებია; რადგან ის არის ჩრდილი, რომელსაც იძლევა ცა და მიწა, ამიტომაც ქრება სინათლის გამოჩენისთანავე. ხოლო სინათლე არსია, და დამოუკიდებელი; ის ჩადის, მაგრამ კვლავ ჩნდება, გვშორდება და კვლავ გვიბრუნდება.
როგორც ჩვენი სხეული არის ერთგვარი არსი, მის მიერ წარმოქმნილი ჩრდილი კი - შემთხვევითობა, და არა არსი: ასევე ცა და მიწაც; ეს უდიდესი სხეულები, განსხვავებულნი არიან არსით, მაგრამ მათ მიერ წარმოქმნილი ჩრდილი, სანამ სინათლე არ არის, ბნელად იწოდება. როგორც კი გამოჩნდება სინათლე ქრება ბნელი. ამისი დამტკიცება სხვაგვარადაც შეიძლება.
სახლი, რომელშიც არ არის ფანჯრები, ჩაბნელებულია, მაგრამ სანთლის შეტანისთანავე ნათდება; ამ დროს ბნელი სადმე სხვაგან კი არ გადადის, რადგან მას არ გააჩნია დამოუკიდებლობა და არის არარსობრივი; ის სრულიად იფანტება ნათლის შემოსვლისთანავე, რადგან ის არის ჩრდილი, რომელსაც წარმოქმნიან ჭერი, იატაკი და კდლები, შემდეგ კი გაიფანტება სინათლის სხივების შემოსვლით. და ეს ყოველდღიურად მეორდება.
სინათლის დაშორებით, ცისა და მიწის ჩრდილი წარმოქმნის სიბნელეს, ხოლო სინათლის გამოჩენისთანავე, სიბნელე იფანტება. ამიტომაც სიბნელე არ არის რაიმე შეუქმნელი არსი, ისევე როგორც რაიმე შექმნილი არსება; პირიქიტ, ის არის გარდაუვალი მოვლენა, რომელსაც წარმოქმნიან შექმნილი საგნები და ღმრთის სიბრძნე.
წინასწარმეტყველი მასშიც ხედავს ყოვლის შემოქმედი ღმერთის განდიდების მიზეზს, რადგან ამბობს: "მე ვარ, რომელმან ვქმენ ნათელი და შევმზადე ბნელი" (ეს. 45:7). ფრიად შესაფერისად გამოიყენა ერთი გამონათქვამიც და მეორეც, როდესაც ნათელზე თქვა - ვქმენ, ხოლო ბნელზე - შევამზადე, რადგან ბნელი შემთხვევითი რამეა, რომელიც საგნებზეა დამოკიდებული და იფანტება. სამი ნეტარი ყრმაც, რომლებმაც მთელ ქმნილებას მოუწოდეს ღმრთის ქებისკენ, დღეს ღამეს მიუმატეს და ნათელს ბნელიც. მათი მონაცვლეობით იზომება დრო, და მოეწყობა ადამიანური ცხოვრება.
კითხვა 9. რომელი სული იძვროდა წყლებს ზემოთ (დაბ. 1:2)?
ზოგიერთის აზრით, ყოვლადწმიდა სული, რომელიც ცხოველყოფს წყლის ბუნებას და წინასწარ მოასწავებს ნათლისღების მადლს. მაგრამ უფრო სამართლიანად მიმაჩნია აზრი, რომ მწერალი აქ სულში ჰაერს გულისხმობს. რადგან ჯერ თქვა, რომ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, და უფსკრულში იგულისხმა წყლები, აუცილებლობით ახსენა ჰაერიც, რომელიც განფენილია წყალთა ზედაპირიდან ცამდე, რადგან ჰაერის თვისებაა იძვროდეს იმ სხეულებზე ზემოთ, რომლებიც ქვემოთ არიან.
ფრიად შესაფერისად თქვა მწერალმა: იძვროდა, და არა ჰფარავდა, რადგან სიტყვით იძვროდა, გამოიხატება ჰაერის ადვილად მოძრავი არსი. ხოლო თუ ვინმე ამგვარ აზრს არ დაეთნხმება, რადგან წერილ არს: "სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ", ისმინოს, რას ამბობს ნეტარი დავითი ყოვლის შემოქმედ ღმერთზე: "ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი" (ფსალმ. 147:7). და რომც არაფერი ვთქვა, თავისთავად ნათელია, რომ ღმრთის სული დავითმა ქარს უწოდა; რადგან, როგორც კი დაუბერავს სამხრეთის ქარი, გაყინული წყალი ჩვეულებისამებრ დნება.
გაგრძელება იქნება.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
წყარო: Творения блаженного Феодорита, Епископа Кирского (Часть 1). Москва. 1855 г.