სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
წინასწარმეტყველი ელია და უღმერთო ხელისუფლება
სიდონის სარეპტაში მომხდარი მოვლენების შემდეგ (3 მეფ. 17) უფალი წინასწარმეტყველ ელიას უკან, ისრაელში აგზავნის მეფე აქაბთან, და აძლევს აღთქმას, რომ წვიმას მოუვლენს ქვეყანას ხანგრძლივი გვალვის შემდეგ (3 მეფ. 18:1).
წინასწარმეტყველი მიდის მეფესთან, უშიშრად ამხელს მას კერპთაყვანისმცემლობაში და მოუწოდებს მასაც და ისრაელის მთელ ხალხსაც, ქარმელის მთაზე მოეწყოს დაპირისპირება მხოლოდ მასა და ბაალის ყველა მსახურს შორის, რომელთა რაოდენობა იყო 450 კაცი (3 მეფ. 18:19).
მეფე და ხალხი დათანხმდნენ.
დაპირისპირების პირობები და მიზანი ასეთი იყო:
ელია წინასწარმეტყველმა თქვა: "მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ" (3 მეფ. 18:23).
შემდეგ წინასწარმეტყველმა ბაალის მსახურებსა და ხალხს უთხრა;
"ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი! უთხრა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველთ: ამოირჩიეთ რომელიმე კურატი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ" (3 მეფ. 18:24-25).
გააკეთეს მოგვებმა სამსხვერპლო ბაალის კერპის წინაშე, დადეს მასზე კურატი და "დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს" (3 მეფ. 18:26).
ნაშუადღევს ელია წინასწარმეტყველმა უკვე ვეღარ მოითმინა დაუწყო მათ დაცინვა და უთხრა: "მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებს" (3 მეფ. 18:28).
"დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი" (3 მეფ. 18:28-29).
უნდა ვიცოდეთ, რომ მოგვების მოვალეობაში, საკულტო რიტუალის გარდა, შედიოდა ჭეშმარიტი ღმერთის წინასწარმეტყველთა მოძებნა და მათი დასჯა, მეტიც, ისინი ამ წინასწარმეტყველთა შვილებსაც ჰკლავდნენ.
ბაალის (მოლოქის) მოგვები თავიან კერპ ბაალს ადამიანთა ყრმებსაც სწირავდნენ.
იმ დროდ, როდესაც იერუსალიმში იწყება მწუხრის ღვთისმსახურება, წინასწარმეტყველი ილია აჩერებს მოგვებს და ხალხს თავისკენ მოუწოდებს: "უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება" (3 მეფ. 18:30).
ელიამ სამსხვერპლო ააგო ღმრთის სჯულის მიხედვით, თორმეტი ქვისგან, ისრაელის თორმეტი ტომის მიხედვით. "აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა..." (3 მეფ. 18:31).
"და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. თქვა: აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას. თქვა: გაიმეორეთ. მათაც გაიმეორეს. თქვა: მესამედ გადაასხით, მათაც გადასხეს მესამედ. ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი" (3 მეფ. 18:32-35).
და ბოლოს, წინასწარმეტყველმა ილოცა ღმრთის მიმართ და მოუხმო ღმრთის სახელს:
"მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!" (3 მეფ. 18:36-39).
ამ ნიშით აღფრთოვანებულმა წინასწარმეტყველმა ელიამ ხალხს უთხრა: "შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა" (3 მეფ. 18:40).
არსებითად, ეს იყო შურისგება იმ ბოროტებისთვის, რომელიც მათ ისრაელის ხალხის წინაშე ჩაიდინეს.
ამის შემდეგ ელიამ კვლავ ილოცა ღმერთის მიმათ და მოიღრუბლა, ამოვარდა ქარი და წამოვიდა ესოდენ დიდი ხნის ნანატრი წვიმა.
მეფე აქაბს გაუმზადეს ეტლი და ისიც საკუთარი სასახლისკენ გაეშურა, ღმრთის მადლით აღვსილი წინასწარმეტყველი ელია კი მეფის ეტლის წინ მირბოთა თვით ქალაქამდე.
ეს იყო დიდი სიხარულის გამოხატულება, სიხარულისა იმის გამო, რომ, როგორც წვიმა მოევლინა გვალვისგან გამომშრალ მიწას, ასევე ღმრთის მადლი მოეფინა ადამიანთა გამხმარ გულებს.
ელია სიხარულით მირბოდა, როგორც პატარა ბავშვები ხარობენ წვიმის ქვეშ.
ის ხარობდა და მიხტუნაობდა ღმრთის წინაშე ისევე, როგორც დავითი ხტუნაობდა და ხარობდა აღთქმის კიდობნის წინაშე.
ელია სრულიად ბედნიერი იყო იმისგან, რომ ადამიანები, აქამომდე ღმერთი რომ არ ახსოვდათ, კვლავ რწმენას დაუბრუნდნენ, და ღმერთმაც არ დატოვა თავისი ერი წყალობის გარეშე.
მაგრამ წინასწარმეტყველ ელიას სიხარული დამთავრდა მაშინათვე, როგორც კი ისინი ისრაელში დაბრუნდნენ. რადგან მეფე აქაბმა თავის ცოლს იეზაბელს უთხრა, რაც მოხდა ქარმელის მთაზე და იეზაბელმაც დაიფიცა, რომ მოჰკლავდა ელიას.
ელია იძულებული გახდა მთებში გაქცეულიყო. მას აქ 40 დღისა და 40 ღამის განმავლობაში მოუწევს სინას მთისკენ გადასვლა უდაბნოს გავლით.
სულ რამოდენიმე საათის წინ ელია ხარობდა ღმრთისგან მოვლენილი წყალობის გამო, ახლა კი ის კვლავ იტანჯება და მჭმუნვარებს.
სულ ახლახან მან იხილა ღმრთის დიდება, მან იგრძნო, რომ ღმერთი ახლოსაა, რომ მას ესმის ელიას ლოცვა, ახლა კი კვლავ სასოწარკვეთილი სიკვდილს ითხოვს.
რას განიცდის ასეთ დროს ადამიანი?
ამგვარი გრძნობა, გარკვეული ზომით, ყოველ ჩვენგანს განუცდია, როდესაც თავის ლოცვებზე პასუხს იღებს ღმრთისგან. შემდეგ კი, უეცრად, თითქოსდა ღმერთი ტოვებს ადამიანს და მაშინ გეჩვენება, რომ ყოველგვარი შრომა და ღვაწლი ამაოა.
სასოწარკვეთა მიეახლა წინასწარმეტყველის გულსაც და ამ მიზეზით მთებს ეშურვის. ის შიშისგან გარბის საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, სიცოცხლეს კი უფრთხილდება იმიტომ, რომ სურს შეხვდეს უფალს, როგორც მოსე შეხვდა მას სინას მთაზე, და პასუხიც მისგან მიიღოს.
ის მიდის იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკებოდა მოსეს.
მას სურს ჰკითხოს, რა აზრი იყო იმაში, რომ აღენთო ღმრთის მოშურნეობით, უშიშრად ელაპარაკა მეფე აქაბს და მის მხედრობას, მოჰკლა ბაალის ყველა მსახური, და ერთი დედაკაცის მუქარის გამო მთებში გარბის.
წინასწარმეტყველი ეძებს პასუხს კითხვებზე, როგორ იცხოვროს მომავალში, რას ითხოს მისგან ღმერთი, რა უნდა გააკეთოს მან ღმრთისთვის, რათა ისრაელი კვლავ ღმრთისკენ მოაქციოს.
და აჰა, ელია წინასწარმეტყველი სინას მთაზე ღმერთს შეხვდება...
ამრიგად, გამარჯვების სიხარულიდან უღრმეს სასოწარკვეთამდე ერთმა წამმა გაირბინა, რას გვასწავლის ეს ბიბლიური ისტორია?
პირველი, ყველაზე სამწუხაროა ის, რომ არანაირ ნიშს, არანაირ სასწაულს, არანაირ ზებუნებრივ მოვლენას არ ძალუძს შეარყიოს და გული მოულბოს ღმრთისმბრძოლ ხელისუფლებას.
ამის დასტური მრავლადაა მსოფლიოს ისტორიაში.
მოწამეთა კურნების სასწაულები, მათი მედგრობა და გმირობა წამოუდგენელი ტანჯვა-წამებისას, ვერ ალბობდა იმპერატორთა, მეფეთა და მათთან დაახლოვებულ ადამიანთა გულებს.
კვლავ ისევ სწირავდნენ მსხვერპლს კერპებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ხოლო ქრისტიანთა ყველაზე მძვინვარე მდევნელები, თვით სიკვდილამდე განცხრომით ცხოვრობდნენ და უღრმეს სიბერესაც კი აღწევდნენ.
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ათასობით და ასიათასობით მოწამე და აღმსარებელი მისცა მსოფლიოს, და მიუხედავად მათი სისხლისა, ლოცვისა და სასწაულებისა, უღმერთო ხელისუფლება მაინც უღმერთო და მორწმუნეთადმი გასასტიკებული დარჩა.
სწორედ ის, რომ ღმრთისმბრძოლობა არ იკურნება არც ნიშებით, არც სასწაულებით, არც წმინდანთა ლოცვით, შეიგნო წინასწარმეტყველმა ელიამ და მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც.
მეორე გაკვეთილი, რომელიც ამ ისტორიიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ არის - ღმრთითმიტოვებულობის ცნება.
როდესაც ელია ისრაელში ბრუნდება სიდონის სარეფთიდან ის ხვდება აბდიას, მეფე აქაბის მხედართმთავარს. აბდია ბავშვობიდანვე ღმრთისმოშიში კაცი იყო და, როდესაც აქაბის უკეთურმა ცოლმა ისრაელის წინასწარმეტყველთა დევნა დაიწყო, მან ჭეშმარიტი ღმერთის 100 მსახური გამოქვაბულებში დამალა და იქ დიდი ხნის განმავლობაში ჰკვებავდა მათ, რითაც ყოველდღიური საფრთხის წინაშე აყენებდა საკუთარ თავს.
როდესაც ელია ღმერთს ხვდება სინას მთაზე და ეუბნება მას, რომ მხოლოდ ისღა დარჩა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი, რომ ისრაელის დანარჩენმა შვილებმა დაარღვიეს აღთქმა, უფალი პასუხობს: "დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის" (3 მეფ. 19:18).
ამ მამაკაცებს ჰყავთ ცოლები, ეს კი ნიშნავს, რომ შვიდი ათას ოჯახს მუხლი არ მოუდრეკია კერპთა წინაშე და უკეთურმა ხელისუფლებამ არაფერი იცის ამის შესახებ.
ღმერთი განაგებს რჩეულ ერს და არ დაუშვებს, რომ ადამიანებმა სრულიად დაკარგონ რწმენა.
ის თვითონ იცავს მისდამი მორწმუნეებს ღმრთისმბრძოლ სახელმწიფოში.
მაგრამ ისტორიაში ბევრია ისეთი მაგალითი, როდესაც ღმერთი მართლაცდა სრულიად ტოვებდა რომელიმე ერს და მასში მორწმუნეებიც აღარ რჩებოდნენ.
ხოლო როდესაც ერში ჭეშმარიტი ღმერთისადმი მორწმუნენი აღარ რჩებიან, ამ ხალხის არსებობას ბოლო ეღება.
ამ მიზეზით გაქრა დედამიწიდან მრავალი ეროვნება და მთელი ცივილიზაციებიც კი.
ეს არის სწორედ ღმრთითმიტოვებულობის მაჩვენებლი.
შემთხვევით როდია ნათქვამი: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26:1).
ამიტომაც, თუკი ღმერთი თავისი მადლით და ერში მცხოვრები წმიდა ადამიანების ლოცვა-ვედრებით შეწყვეტს მორწმუნეთა შობას და აღზრდას, ამ ეთნოსისთვის, ეროვნებისა და სახელმწიფოსთვის უმძიმესი დროება დადგება.
არსებობს კიდევ მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზემოთაღწერილი ბიბლიური ისტორიიდან. ეს არის მორჩილების გაკვეთილი, მაგრამ მას, თუკი უფალი გვიბოძებს, შემდეგ პუბლიკაციებში ავხსნით.
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია
მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.