საუბრები ბიბლიაზე - რომელმაც ქრისტე შეიყვარა. იობის წიგნის წმიდა მამებისეული განმარტება. 2_1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
რომელმაც ქრისტე შეიყვარა.
იობის წიგნის წმიდა მამებისეული განმარტება
მართალი იობი

ავტორი: პ. ი. მალკოვი, ღვთისმეტყველების კანდიდატი.

II. "იყო ერთი კაცი ავსიტისის (Αυσίτιδι)* ქვეყანაში, სახელად იობი": მიწიერი კეთილდღეობიდან ტანჯვამდე (იობი 1:1-2:13).

________________________

* გაახალქართულებული ტექსტი შედარებულია ძველქართულ ტექსტს და მისდევს მას. ამის გამო კერძო და გეოგრაფიული სახელები, ასევე ტექსტის შინაარსი აღებულია ძველქართული ტექსტებიდან. წყარო: ბიბლია. ძველი აღთქმა. წიგნი II. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი 2017 წ. – "აპოკ." რედ.

________________________

 
1. იობის პიროვნება (იობი 1:1-5)
 
2. ღმერთი და სატანა: პირველი დიალოგი (იობი 1:6-12).
 
3. იობის პირველი უბედურება: ქონებისა და შვილების დაკარგვა (იობი 1:13-22).
 
4. ღმერთი და სატანა: მეორე დიალოგი (იობი 2:1-6).
 
5. იობის ახალი უბედურებანი: სნეულებანი და განსაცდელნი (იობი 2:7-13).
 
 
მოდი, ახლა მივმართოთ ამ ბიბლიური ტექსტის პირველი ორი თავის სიუჟეტისა და სულიერი აზრის ძველ საეკლესიო მწერალთა განმარტებებს.
 
მოცემული ფრაგმენტი ესოდენ დეტალურ კომენტირებას ითხოვს სწორედ იმიტომ, რომ წმიდა მამებისეული ტრადიციისთვის წარმოადგენს ერთგვარ ფუნდამენტს იობის წიგნის მთელი ზნეობრივი სწავლების გასაგებად (პლიუს ამ ძველაღთქმისეული მართლის პიროვნების დასახასიათებლად); ამავდროულად ის არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ბიბლიური სწავლებისა ბოროტების ბუნების წარმომავლობის შესახებ.
 
 
 
1. იობის პიროვნება
 
(იობი 1:1-5).
 
 
როგორც ცნობილია, იობის ბიბლიური ისტორია ამ ძველაღთქმისეული მართლის პიროვნების "გაცნობით" იწყება:
 
"იყო ერთი კაცი ავსიტისის (Αυσίτιδι) ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი" (იობი 1:1).
 
იობის წიგნის უკვე ამ პირველ ფრაგმენტში, ძველი მამების აზრით, მოცემულია საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი ცნობები, რომლებიც აუცილებელია სიუჟეტური თავისებურებებისა და ბიბლიის მოცემული განყოფილების სულიერი მნიშვნელობის აღსაქმელად.
 
არ გავმეორდები, არამედ მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ, რომ, წმიდა მამებისეული განმარტებით, სახელი იობი ტრადიციულად ითარგმნება, როგორც "ტანჯული" (იხ. მაგ.: ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. Liber de Nominibus Hebraicis. PL. 23. Col. 839-840); ასევე კვლავ არ ვილაპარაკებ ძველ საეკლესიო მწერალთა სხვადასხვა შეხედულებაზე უცის მიწა-წყლის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით (სეპტუაგინტის ვერსიით ეს არის - ავსიტიის ქვეყანა).
 
ახლა აღვნიშნავ სხვა რამეს: წმ. იოანე ოქროპირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ ბიბლიური წიგნის პირველ მუხლში იობის სახელდებას "კაცად". წმიდა იოანეს აზრით, ეს შემთხვევითად არ გაკეთებულა: ამით წმიდა წერილი გვიჩვენებს, რომ ყველაფერი დიადი და წმიდა, რაც იობში იქნება წარმოჩენილი მთელი მისი ტანჯვის პერიოდში, მთელი ის უზარმაზარი საზომი მოთმინებისა და უბედურებისა, რომელსაც ის იტვირთავს, ყველაზე ჩვეულებრივ, ჩვენნაირ კაცობრივ ბუნებაში განხორციელდება.
 
მაგრამ, ამასთან, იობის ტანჯვა აღემატება კიდეც ამ ბუნებას, რადგან მას "სიმტკიცის" შეზღუდული მარაგი და ტკივილისა და ტანჯვის თავისი საკუთარი ზღვრული ზომა გააჩნია: იობი გაუძლებს იმაზე მეტს, რისი გაძლება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.
 
ამრიგად, ოქროპირის მიხედვით, ამ ბიბლიურ მუხლში ლაპარაკია "კაცობრივი ბუნების საზოგადო თვისებაზე იმისთვის, რათა აჩვენოს მისი გამოვლენის განსაკუთრებულობა, რადგან, ჰქონდა რა ყველასთან საზოგადო ბუნება, იობმა ბუნებაზე აღმატებული რამ იტვირთა, იმაზე მეტი, რასაც ადამიანები აკეთებენ" (წმ. იოანე ოქროპირი. Fragmenta in Beatum Job. 1. PG. 64. Col. 509В // Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 1 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1007).
 
ყურადღება მივაპყროთ იმასაც, რომ წმიდა მამები მოცემულ ბიბლიურ მუხლთან დაკავშირებით, ლაპარაკობენ რა იობის ცხოვრების ადგილზე, დროსა და ვითარებაზე, თავიანთ განმარტებებში განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ იობი წარმომავლობით იყო წარმართი ხალხისგან. ის წარმოადგენდა (იობის გვარტომობის ბერძნული ტრადიციის შესაბამისად) ცოდვილი ესავის ან (ლათინური ვერსიით) - მრავალღმერთობის ამღიარებელი ნაჰორის შთამომავლობას; მაგრამ ამასთანავე იობი, თავისი წინაპრებისგან განსხვავებით, ერთი ღმერთისადმი რწმენით გამოირჩეოდა.
 
წმ. იოანე ოქროპირის თქმით, "ეს ქვეყანა - არაბეთი - მოსახლეობის ბნელი და გარყვნილი ზნით გამოირჩეოდა. ყველა ისინი ურჯულოები და ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები იყვნენ, უვარგისები და ამპარტავნები, მათი მამის ესავის მსგავსად, ყველანი ცოდვას მისცემოდნენ. მაგრამ უწმინდურობის ამ ზღვამ ვერ შეძლო ღვთისმოსაობის ამ შუქურის ჩაქრობა; ესოდენ ბოროტმა ქვეყანამ ვერ შეძლო მისი სიწმინდის მშვენიერების დაბნელება. ამიტომაც მეტისმეტად იყო მონდომებული ეშმაკი ამგვარ მართალს რომ დასხმოდა თავს" (წმ. იოანე ოქროპირი. In Justum et Beatum Job. 1. 1. PG. 56. Col. 565. // Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 1. 1 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 913 // წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. X ტომი. ოთხი სიტყვა იობის შესახებ. თბილისი 2016 წ. გვ. 381).
 
"ვინ იყო ესავი? მეძავი და შემბილწველი. ვინ იყო იობი? გარყვნილისა და მრუშის შთამომავალი ეს კაცი, მართლაც ღვთისმოსავი და გაკვირვების ღირსი..." (წმ. იოანე ოქროპირი. In Justum et Beatum Job. 2. 1. PG. 56. Col. 568. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 2. 1 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 918. // წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. X ტომი. ოთხი სიტყვა იობის შესახებ. თბილისი 2016 წ. გვ. 388).
 
იგივეს ბრძანებს წმ. გრიგოლ დიალოგოსი: "ეს წმიდა კაცი ცხოვრობდა იქ, რათა წარმოეჩინა მისი სათნოების მნიშვნელობა. ვინ არ იცის, რომ უცი (ავსიტისის ქვეყანაში - "აპოკ." რედ.) - წარმართთა მიწაა? ხოლო ყოველგვარი ბიწიერებით მოცული წარმართობა გაჩნდა იმის შემდეგ, რაც ადამიანებმა თავიანთი შემოქმედი უარყვეს. შედეგად, ის წარმართთა შორის მცხოვრებად მოიხსენიება, რათა ქებულ იქნას იმისთვის, რომ კეთილი იყო ბოროტთა შორის. რადგან არც ისე საქებარია იყო კეთილი მართალთა შორის, რამდენადაც იყო კეთილი უკეთურთა შორის. ისევე, როგორც უმძიმესი დანაშაულია ცხოვრობდე კეთილთა შორის და არ იყო კეთილი, ასევე უდიდესი დამსახურებაა ცხოვრობდე ბოროტთა შორის და იყო კეთილი. ამიტომაც მოწმობს იობი ასე საკუთარ თავზე, როდესაც ამბობს: "ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს" (იობი 30:29; ვულგატა) (წმ. გრიგოლ დიალოგოსი. Moralia in Job. I. 1. PL. 75. Col. 528D-529A).
 
ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ წმ. გრიგოლი თავისი აზრის ილუსტრაციისთვის, თუ რაოდენ დიდი იყო იობის ღვაწლი, რომელმაც ზნეობრივ სრულყოფილებას წარმართულ გარემოშიც კი მიაღწია, მეგობრებთან გამართული იობის მომავალი დიალოგიდან იმოწმებს იობის სიტყვებს "ურჩხულებზე" (სინოდალურ თარგმანში - "ქვეწარმავლებზე") და "სირაქლემებზე". დიალოგოსის აზრით, იობი ასე უწოდებს მის გარემომცველ წარმართულ საზოგადოებას. მართლის გვერდით მცხოვრები მისი თანატომელები აღვსილნი არიან ურჩხულთა მსგავსი მზაკვარებით; გარდა ამისა, ისინი, თუმც ფლობენ ღვთისგან ბოძებულ ბუნებით სჯულს და ბუნებრივ ადამიანურ ნიჭებს, ვერ არიან შემძლენი მათი დახმარებით ამაღლდნენ ღმრთისკენ - სირაქლემათა მსგავსად, რომლებსაც ფრთები კი გააჩნიათ, მაგრამ ფრენა არ იციან" (წმ. გრიგოლ დიდი. Moralia in Job. XX. 75. PL. 76. Col. 183BC. შეად.: წმ. გრიგოლ დიდი. Moralia in Job. VII. 36. PL. 75. Col. 786AB).
 
ხატოვნად და მკაფიოდ წერს იობის გარემოცვაზე იოანე ოქროპირიც: "იყო ერთი კაცი უცის (ავსიტისის - ძვ. ქართ. – "აპოკ." რედ.) ქვეყანაში. მტრედი - შევარდენთა შორის, ცხვარი მგლებს შორის, ვარსკვლავი - ღრუბელთა შორის, შროშანი - ეკალთა შორის, სიმართლის ნერგი - უსამართლობის ველზე. "და იყო ეს კაცი ჭეშმარიტად უბიწო" (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 2. 1. PG. 56. Col. 569. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 2. 1 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 919).
 
აღვნიშნავთ, რომ ოქროპირის მიერ მოტანილ სიტყვებში მოტანილია ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო ბიბლიური ქება ქებათაგან - სულიერი პოემიდან, რომელიც წმიდა მამათა არსებული განმარტებების თანახმად სიმბოლურად აღწერს ღმერთ-სიძის სასიყვარულო მისწრაფებას მისი სატრფოს - მისდამი ერთგული სულის მიმართ, ან კიდევ, - უფრო ვრცლად რომ ვთქვათ - მისი ეკლესიის მიმართ. ეს სიმბოლო გამოიხატება სატრფოს სახელწოდებაში " "შროშანი ეკალთა შორის" (იხ. ქება 2:2). ქებათა ქების ამ სიტყვებს ოქროპირი იყენებს იობთან მიმართებაში და გულისხმობს, რომ ის თავისი სიმართლით ბევრად აღზევდა წარმართობის "ეკალთა" შორის, როგორც სუფთა "შროშანი", და გვიხატავს მისდამი ღმრთის იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რაც თან ახლდა იობს ზნეობრივი სიწმიდისკენ აღსვლის მთელ მის გზაზე.
 
აზრი ღმრთის ასეთი "შეყვარებულობის" შესახებ მისდამი უერთგულესი იობის სულისადმი - წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვების პარალელურად - ნათლად არის გამოხატული წმიდა გრიგოლ დიდის განმარტებაში იობის წიგნის პირველ მუხლზე. წმ. გრიგოლსაც იგივე სიტყვები მოჰყავს ქებათა ქებიდან სადაც, ამავდროულად, იობის პიროვნული სიმართლის ამ ბიბლიურ მტკიცებულებას მის ტიპოლოგიურ გაგებას უკავშირებს, ანუ: იდეას იმის შესახებ, რომ იობი - სხვა დანარჩენთან ერთად არის ახალაღთქმისეული ეკლესიის წინასახეც, რომელიც შეიყვარა მისმა ზეციერმა სიძემ - იესუ ქრისტემ: "წმიდა ეკლესია სიყვარულის საგალობელში სიძის ხმით იდიდება: "როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!" (ქება 2:2) (ამ თემას ჩვენ კიდევ არაერთხელ შევეხებით). მაშასადამე, ნეტარი იობი, სიძის სამართლიანი გამოთქმით, ზემოთხსენებულ წარმართულ ქვეყანაში, უკეთურთა გარემოცვაში, ბინადრობს როგორც "შროშანი ეკალთა შორის" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 1. PL. 75. Col. 529B).
 
საზოგადოდ თუ ვიტყვით, და ამას გულმოდგინებით ხაზს უსვამს იოანე ოქროპირი, ბიბლიური ავტორი თავისი წიგნის პირველივე სტროფებიდან იობს განსაკუთრებული, მკითხველისთვის შესამჩნევი სიყვარულით აღწერს. ახასიათებს რა ბიბლიის გამოთქმებს იობთან დაკავშირებით - უბიწო, მართალი, ღვთისმოშიში (იობი 1:1), ოქროპირი წერს: "როგორც შეყვარებული აღწერს დეტალურად თავისი საყვარელის სილამაზეს, ასეა აქაც" (Святитель Иоанн Златоуст. Commentaire sur Job. T. I. SC. 346. 1. 1. S. 84. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 1). და თუ გავიხსენებთ, რომ, მოციქულ პავლეს თქმით, მთელი წერილი ღმრთივსულიერია (2 ტიმ. 3:16) (ეს ნიშნავს, რომ ბიბლიის მთავარი ავტორი - რა თქმა უნდა, ადამიანის სინერგიული აქტიურობით, ანუ "თანა-ავტორობით" - არის თვით ღმერთი), გავიგებთ, თუ ვინ არის სინამდვილეში, წმ. იოანე ოქროპირის გამოთქმით, "შეყვარებული": ეს არის ღმერთი. სწორედ ის, ღმრთითგამოცხადებული ბიბლიური წიგნის მეშვეობით, წარგვიდგენს იობის ზნეობრივ ნიჭებსა და სრულყოფილებებს. ამგვარად, ჩვენ კვლავ და კვლავ ვუბრუნდებით იმავე აზრს საღმრთო სიყვარულის განსაკუთრებულ ზომაზე, რომლის ღირსიც იქნა, - შემოქმედისადმი საპასუხო სიყვარულის წყალობით, - ღმერთზე "დაწინდული" იობი.
 
წმიდა მამები ხაზს უსვამენ, რომ იობი დედამიწაზე ცხოვრობდა მანამ, სანამ უფალი თავის რჩეულ ერს უბოძებდა ძველაღთქმისეულ რჯულს და მაინც წმიდა და მართალი იყო იმდენად, რომ მრავალში - თავისი ცხოვრების სახით - არა თუ ასრულებდა ამ რჯულს, არამედ აღემატა კიდევაც მას, რადგან საკუთარ თავში აღასრულა ადამიანის ბუნებაში ჩადებული ბუნებითი რჯულის მთელი პოტენციალი: როგორც ღმერთთან ურთიერთობის წყურვილი და სრულყოფილებისადმი ლტოლვა. როგორც ოქროპირი ბრძანებს იობზე, "აი კაცი, ვინც დაწერილი რჯულის მორჩილების ქვეშ არ არის და გულით აღასრულებს დაუწერელ, ბუნებით რჯულს" (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 1. 1. PG. 56. Col. 564. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 1. 1 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 912).
 
იობმა ჭეშმარიტად მოახდინა საკუთარ თავში ადამიანთა ყველა ის საუკეთესო ზნეობრივი თვისებები, რომლის განხორციელებისკენ არის მოწოდებული თითოეული ჩვენთაგანი. მან ამას მიაღწია არა მარტო ქრისტეს მოსვლამდე, არამედ მოსემდეც, და უკვე იმ წლებში, - იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანი თითქოსდა სრულიად მოშორებული იყო ღმერთთან კავშირს - თავისი არსით სახარებისეულ ზნეობრივ მცნებებამდე ამაღლდა. ასე, მაგალითად, წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, "ღვთისმოსავი იყო რჯულისა და მადლის გამოჩენამდე... არათანაბარი საქმეა: ღვთისმოსაობა, როდესაც უკვე ქრისტე მოვიდა, აჩვენა საკუთარი თავი, ასწავლიდა და არიგებდა, და ამავდროულად ღვთისმოსავი იყო მის მოსვლამდე, ვიდრე მოიცემოდა რჯული და წინასწარმეტყველება" (Святитель Иоанн Златоуст. Homilia hortatoria IV. 3. PG. 63. Col. 481. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Беседа 4 увещательная, сказанная в храме Святой Анастасии в отношении отсутствующих. 3 // Творения. Т. 12. Кн. 1. С. 306). "ასეთი ღვთისმოსაობა ჰქონდა მას (იობს), ჯერაც მადლის მოსვლამდე, ვიდრე რჯული გამოჩნდებოდა, არ უსარგებლია სწავლებით, არ იცოდა წერილი და წიგნები, თავის მსგავსს ვერავის ხედავდა, არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა წინარე დროისთვის და სხვა კაცთა სათნო მაგალითებით ესარგბლა, რადგან მაშინ ჯერაც არ იყო წერილი და ისტორია, რომელიც წარსულს გადმოგვცემდა. გაუვალი გზით, უკვალავი ზღვით, უბედურებების წკვარამში ერთადერთი და პირველი ვიდოდა მაშინ ღვთისმოსაობის გზით, და ჭარბად მიაღწია უმაღლეს საფეხურს მასში, რაშიც მდგომარეობს მთავარი სათნოება" (Святитель Иоанн Златоуст, Fragmenta in Beatum Job. 2. PG. 64. Col. 573C. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 2 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1042).
 
ამრიგად, იობი ფლობდა უკიდურეს ზნეობრივ სრულყოფილებას, სიწმიდეს. იობს, წმ. იოანე ოქროპირის რწმენით, არ ჩაუდენია არათუ რაიმე პირადი ცოდვა, არამედ მისი ქცევები ოდნავ შენიშვნებსაც კი არ იმსახურებდა. წმიდა მამა სვამს კითხვას: რატომ არის ბიბლიის ტექსტში იობზე ნათქვამი არა "უდანაშაულო", არამედ სწორედ "უბიწო"? - და რატომ იქვე არ არის მოცემული ამისი პასუხი? ის წერს: "იმიტომ, რომ "დანაშაული" უკავშირდება მძიმე ცოდვებს, ხოლო "მანკიერება" მსუბუქს და ყველაზე უმნიშვნელოს.
 
ასე რომ, მას (იობს) არ ჩაუდენია, როგორც ნათქვამია, არა თუ მძიმე დანაშაულები, არამედ ცდილობდა არ დაქვემდებარებოდა ყველაზე მცირე, იოლ შეცდომებსაც კი, რომლებიც უფრო ნაკლად ჩაითვლება, ვიდრე დანაშაულად, და უფრო კიცხევას იმსახურებს, ვიდრე დასჯას" (Святитель Иоанн Златоуст. Fragmenta in Beatum Job. 1. PG. 64. Col. 512В. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 1 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1008–1009). ხოლო ბრმა დიდიმეს თქმით, "იობი სრულყოფილი კაცი იყო, რომელიც ყოველივეში განეშორებოდა ბოროტს და ეკვროდა სიკეთეს, რადგან უსრულყოფილესი კაცის თვისებაა განეშოროს არა მარტო ბოროტებას, არამედ მიაღწიოს სათნოებათა მწვერვალს, თავისუფლად და შეგნებულად გასცილდეს საწინააღმდეგო განწყობას" (Διδύμου Τυφλού. Υπόμνημα εις Ιώβ. ΒΕΠΕΣ. Т. 47. Σ. 12). ამასთან, როგორც ოქროპირი ბრძანებს, "იობი იყო მართალი, რომელიც სათნოებათა ნაწილს კი არ ფლობდა, არამედ მთელ ადამიანურ სათნოებას, მთლიანს და ყოვლისმომცველს; არ იყო ისე, რომ თავი შეეკავებინა ერთი მავნე საქმიანობისგან, და სხვა - ეკეთებინა" (Святитель Иоанн Златоуст. Fragmenta in Beatum Job. 1. PG. 64. Col. 516В. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 1 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1011).
 
ამრიგად, როგორც წმ. გრიგოლ დიდი წერს, და გვაძლევს ერთგვარ შეჯამებას იმ სიტყვებისა, რაც იობის წიგნის დასაწყისში ამ მართლის შესახებ ითქვა: "ნეტარი იობი, როგორც აქ არის ნათქვამი, იმდენად წმიდა იყო სიკეთეში, და იმდენად სრულყოფილად წარმოჩინდება, რამდენადაც გაუცხოვებული იყო ბოროტებისგან" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 3. PL. 75. Col. 530B).
 
ბიბლიური მონათხრობიდან ვიცით, რომ იობს დიდი ოჯახი ჰყავდა - "შვიდი ვაჟი და სამი ასული" (იხ. იობი 1:2); ის ფლობდა უზარმაზარ ქონებას: "ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური" (იობი 1:3). "აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი" (იობი 1:3). წმიდა გრიგოლ დიდის აზრით, ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ "იობი ფლობდა უჩვეულო სიმდიდრეს. ხოლო ვინ არ იცის, აღმოსავლელი კაცები საკმაოდ მდიდრები რომ არიან? მაშასადამე, იობი მდიდრად იწოდება, რადგან მათზე უმდიდრესი იყო" (Там же. I. 8. PL. 75. Col. 531C).
 
როდესაც იობის სიმდიდრეზე ლაპარაკობს, წმიდა მამებისეული ტრადიცია ამავდროულად გულმოდგინედ ხაზს უსვამს მისი სულიერი სიმდიდრის უპირატესობას მატერიალურზე. ღირ. ევსუქი იერუსალიმელის თქმით, "იობის ხილული სიმდიდრენი აღმაფრთოვანებელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო აღმაფრთოვანებელია მისი შინაგანი სიმდიდრე..." (Преподобный Исихий Иерусалимский. Homelies sur Job: version armenienne. 1.1.2–3. PO. 42. 1. 190. S. 70. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 2).
 
ამასთანავე, წმიდა მამები დაჟინებით იმეორებენ იმას, რომ იობის პირადი სიწმიდის მიზეზი, ისევე, როგორც მისი მატერიალური კეთილდღეობის საფუძველი, - მასში როდია. ღირ. ეფრემ ასურელის აზრით, დაუშვებელია, რათა ვინმემ იფიქროს, თითქოსდა "ეს ყველაფერი, - ღვთისმოსაობა, უმანკოება, დიდი პატივი - იობს გააჩნდა მხოლოდ მისი ადამიანური უნარების წყალობით" (Преподобный Ефрем Сирин. Commentarius in Job. 1. 1. Opera omnia. Т. 2. Col. 2BC. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 1). ამ ყველაფრის საფუძველი - საღმრთო ნიჭებია, ყოველგვარი სიკეთის ჭეშმარიტ პირველწყაროში - სამყაროს შემოქმედსა და გამგებელში. ეს ყველაფერი იობს მიენიჭა ღმრთისგან.
 
იობის სულიერი, ყოფა-ცხოვრებითი და მატერიალური კეთილდღეობის მოკლე საწყისი აღწერის შემდეგ ბიბლიური ტექსტი ხატავს მისი საოჯახო ცხოვრების იდეალურთან მიახლოვებულ სურათს:
 
"სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ. როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი" (იობი 1:4-5).
 
ამგვარად, იობი, კომენტატორების თქმით, თავის შვილებს ზრდიდა ერთსულოვნებაში, მშვიდობაში, სიყვარულში, იცავდა მათ პაექრობისა და კამათისგან. ოქროპირის აზრით, "დიდი ერთსულოვნება - სათნოებათაგან უდიადესი! ისინი განსწავლულნი იყვნენ ერთად ეჭამათ, ერთი საზოგადო ტრაპეზი ჰქონოდათ. ხედავ, საყვარელო, უსაფრთხო სიხარულს? ხედავ ძმურ ტრაპეზს? ხედავ ერთსულოვანთა კრებულს? რადგან ეს ხდებოდა უდიდესი სიყვარულით" (Святитель Иоанн Златоуст. Commentaire sur Job. Т. I. SC. 346. 1. 5. S. 94. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 3). როგორც წმ. იოანე ოქროპირი აღნიშნავს, მართალი იობი "ყოველდღე აწყობდა მათთვის ერთობლივ ტრაპეზს, რადგან გულში ფიქრობდა, რომ თუკი რაიმე უკმაყოფილება ექნებოდათ ერთმანეთის მიმართ, ტრაპეზი და საზიარო პური აღადგენდა მათ მეგობრობას და განდევნიდა შემოპარულ ბოღმას, და ამგვარად მუდმივი საერთო ტრაპეზობა ყველაზე საიმედო საშუალება იქნებოდა მათ შორის აღმოცენებული რაიმე უსიამოვნების აღმოსაფხვრელად" (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 1. 2. PG. 56. Col. 566. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 1. 2 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 915).
 
იგივეს, ოღონდ სხვანაირად, წერს წმ. გრიგოლ დიალოგოსი: "ძმათა შორის ხშირად ხდება დავა დიდი მემკვიდრეობის გამო. შეუძლებელია არ შევაქოთ განსაკუთრებულად ბრძნული მამობრივი მზრუნველობა (იობისა)! მამა იწოდება მდიდრად, შვილები კი ერთმანეთში ამყარებენ ერთობას. თუმც ადგილ-მამული უნდა გაყოფილიყო მათ შორის, სიყვარული, რომელიც არ ექვემდებარება გაყოფას, მათ გულებს აღავსებდა " (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 9. PL. 75. Col. 53ID).
 
ძველი კომენტატორები ხაზს უსვამენ იობის მიერ გამართული ამ ტრაპეზობების უბიწო ხასიათს. ამაოდ როდი უწოდებს ოქროპირი მათ ოჯახურ მხიარულებას "უსაფრთხოს" (Святитель Иоанн Златоуст. Commentaire sur Job. T. I. SC. 346. 1. 5. S. 94. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 3). ამით უარყოფილია ორიგენეს ცდომილი აზრი, რომელმაც ჩვენამდე იობის წიგნზე მის ჰომილიათაგან ერთ-ერთის ნაწყვეტმა შემოგვინახა. ის წერს, რომ იობის შვილების დაღუპვის მომენტში სატანას შეეძლო მათზე თავდასხმა სწორედ იმიტომ განეხორციელებინა, რომ ტრაპეზობისას, რომლის დროსაც ისინი შენობის ნანგრევებქვეშ მოჰყვნენ, სიმთვრალეს ეძლეოდნენ. ორიგენე წერს: "ეშმაკი ეძებდა დროს მათ დასაღუპად. წმიდა წერილის კითხვისას რომ წაესწრო მათთვის, ვერ შეეხებოდა სახლს და მათი მოკვდინების შესაძლებლობა არ ექნებოდა. ლოცვის ჟამს რომ წაესწრო, ვერაფერს უზამდა. მაგრამ შეძლო მაშინ, როდესაც მოხერხებული დრო იპოვა. რა დროა ეს? ეს იყო ლოთობა, ეს იყო ღრეობა" (Ориген. Фрагменты Комментария на Иова. PG 17. Col. 60B).
 
ბრმა დიდიმე, პირიქით, მიიჩნევს, რომ იობის შვილები მსგავსნი იყვნენ თავიანთი მამისა და ყოვლითურთ ბაძავდნენ მის ზნეობრივ სიწმიდეს: მითუმეტეს, რომ მათი მამა - იობი მუდმივად სწირავდა მსხვერპლს ღმერთს თავისი შვილებისთვის. დიდიმეს თქმით, ისინი ფლობდნენ "უდიდეს სიწმიდეს" და შემდეგში "მიეცნენ" სიკვდილს... მაგრამ "არა ცოდვათა გამო" (Дидим Слепец. Commentarius in Job (1–4). РТА. 1. S. 56–58. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 3).
 
მაშ, რა მიზეზის გამო სწირავდა იობი ღმერთს მსხვერპლს შვილების გამო, თუკი ისინი არც სულიერად იყვნენ სამკურნალონი და არც თავიანთი ცოდვების გამო? დიდიმეს აზრით, იობი ამ მსხვერპლს მათი რაიმე ბოროტი საქმის გამო როდი სწირავდა, არამედ მათ გულებში ბიწიერი აზრების შესაძლებლობის გამო: "იმისთვის, რაც შეიძლებოდა მათ გულში ეფიქრათ" (Там же. РТА. 1. S. 56. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 3).
 
დიდიმეს თანხმიერად წერს ამის შესახებ ნეტ. იერონიმეც, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს, რომ იობის შვილები, მათდა უნებლიედ, შესაძლოა აზრებში სცოდავდნენ და, სწორედ ამიტომაც, მათი მამა შვიდეულის მიწურულს, მათ სახლში გამართული წვეულების შემდეგ, ყოველ მერვე დღეს, მათთვის აღავლენდა ყოვლადდასაწველ მსხვერპლს: "წერილი ითხოვს ცოდვად ჩაითვალოს უმეცრებაც, რის გამოც იობი მსხვერპლს სწირავს თავისი შვილებისთვის, რათა მათ უნებლიედ აზრშიც არ შეეცოდათ" (Блаженный Иероним Стридонский. Dialogue Ad versus Pelagianos. I. 33. PL. 23. Col. 526D-527A. Русский перевод: Библейские комментарии Отцов Церкви и других авторов I-VIII веков. Ветхий Завет III. Книги Исход, Левит, Числа, Второзаконие. С. 436).
 
იობის მიერ შვილების სახელზე შეწირული ასეთი მსხვერპლი, ისევე როგორც გვიანდელი - უკვე ტანჯვის დასრულების შემდეგ - ღმერთის განმარისხებელ მეგობართათვის (იხ. იობი. 42:8-9), წმიდა მამების მიერ გაგებულია როგორც იობის განსაკუთრებული ძველაღთქმისეული ნიჭი, რომელიც მას ჰქონდა - ჯერ კიდევ თვით ამ აღთქმის დამკვიდრებამდე - ჭეშმარიტი ღვთისმსახურების დაწესებამდე. აქ იობი, ოქროპირის თქმით, ნამდვილად "მღვდელმსახურობს": ის სწირავს "მსხვერპლს შვილთათვის, და მეგობართათვის" (Святитель Иоанн Златоуст. Fragmenta in Beatum Job. 42. PG. 64. Col. 653D. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 42 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1087). როგორც ოქროპირი ვარაუდობს, შესაძლოა, "ძველად იყვნენ მელქისედეკის მსგავსი ხელდაუსხმელი (ἀχειροτόνητοι) მღვდლები" (Святитель Иоанн Златоуст. Fragmenta in Beatum Job. 1. PG. 64. Col. 52IB. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 1 // Творения. Т. 12. Кн. З.С. 1015); ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ იობიც. თუმცა, წმ. იოანე ხაზს უსვამს, რომ იობის მსხვერპლი ძველაღთქმისეულ განმწმენდელ მსხვერპლს კი არ წააგავდა, არამედ მასზე აღმატებულ ახალაღთქმისეულ მსხვრპლს - რომელიც ქრისტიანს ცოდვისგან შინაგანი განწმენდის უნიკალურ ნიჭს აძლევს. ის წერს: "იხილე (აქ) განწმენდა (უკვე) არა მოსესეულია, არამედ მოციქულთასებრი: ლოცვებით ის (იობი) განწმენდდა მათ აზრებს, და არა სხეულს" (Святитель Иоанн Златоуст. Fragmenta in Beatum Job. 1. PG. 64. Col. 52 IB. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 1 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1015).
 
წმ. გრიგოლ დიდი აუცილებლად მიიჩნევს ხაზი გაუსვას იობის მიერ საკუთრ შვილთათვის შეწირული ამ მსხვერპლის წინასახეობრივ მნიშვნელობას. ის ყურადღებას აქცევს იმას, რომ იობი ასეთ მსხვერპლს სწორედ სატრაპეზო დღეების დასრულებისას აღასრულებდა (იობი 1:5), ანუ ყოველთვის - მერვე დღეს. დიალოგოსის აზრით, ეს "ნათლად აჩვენებს, რომ ის (იობი), მსხვერპლს სწირავდა მერვე დღეს, და ამით საიდუმლოდ პატივს მიაგებდა აღდგომის დღეს. დღეს მერვე დღე უფლის დღედ იწოდება. ეს არის მაცხოვრის სიკვდილიდან მესამე დღე, მაგრამ თავისი რიგის მიხედვით მერვე, ის ასევე პირველია შვიდეულის წრეში" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 12. PL. 75. Col. 532CD).
 
აქ, ჩემი აზრით (უკვე დაიწყო მსჯელობა იობის წიგნის წინასახეობრივ მნიშვნელობაზე), მოვიდა დრო ორიოდ სიტყვით - ჯერ მხოლოდ წინასწარ ვილაპარაკოთ ამის შესახებ, რადგან შემდგომი სერიოზული მსჯელობა ამ საგანზე ჯერაც წინაა; ვისაუბროთ იობის, როგორც ტიპაჟის და ქრისტეს, ერთდროულად კი მისი ეკლესიის წინასახის მხოლოდ წმიდა მამებისეულ აღქმაზე. ამაში დაგვეხმარება წმ. გრიგოლის "მორალიების" ის ტიპოლოგიური ხაზი, რაც არსებობს იობის წიგნის პირველი მუხლების მისეულ განმარტებებში.
 
წმ. გრიგოლ დიდი თავისი "მორალიების" ყველა, 35-ივე წიგნში კვლავ და კვლავ იმეორებს: ბიბლიურ თხრობაში "ნეტარი იობის სახე წარმოადგენს უფლის სიმბოლოს, რათა მისი (იობის) მეშვეობით მიეთითოს თავზე და სხეულზე, ანუ ქრისტესა და ეკლესიაზე" (Там же. I. 33. PL. 75. Col. 542BC).
 
ასეთი წინასახეობრივი კავშირი იობის ძველაღთქმისეულ სახესა და ქრისტეს ახალაღთქმისეულ მოვლენას შორის აშკარაა ბიბლიის ძალიან მრავალი ძველი კომენტატორისთვის თუნდაც იმიტომ, რომ ძველ აღთქმაში, არ არის იობის მსგავსი მართლის სხვა ფიგურა, ვისი უდანაშაულო ტანჯვა ესოდენ მოგვაგონებდეს მაცხოვრის უდანაშაულო ვნებებს.
 
რა თქმა უნდა ცოდვისგან უფლის თავისუფლების ზომა და, შესაბამისად, მისი სიწმიდის ზომა უსასრულოდ აღემატება იობის ზნეობრივ უბიწოებას, რომელიც, როგორც ადამის შეცოდების შემდეგ ყველა მიწიერი, მაინც, მიუხედავად თავისი პირადი ღვთისმოსაობისა, ადრინდელივით იმყოფება პირველშობილი ცოდვის ძალაუფლების ქვეშ.
 
მიუხედავად ამისა იობის სიწმიდე და სიმართლე, რომელმაც უდანაშაულოდ გადაიტანა საშინელი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, ძველი ეკლესიის წმიდა მამათა მიერ უდავოდ ინტერპრეტირებული იყო, როგორც ქვეყნიერების მაცხოვრის ჯვარზე ტანჯვის ტიპი. ასე, მაგალითად, წმ. გრიგოლ დიდის თქმით, რომელიც ამ აზრის დადასტურებას პოულობს იობის წიგნის პირველივე მუხლში - "იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი" (იობი. 1:1) – ""იობი", შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც "ტანჯვა". და ვინ უნდა იქნას გამოხატული ამ ტანჯვებში, თუ არა ის მაცხოვარი, რომლის შესახებაც წერილ არს: "მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი" (ეს. 53:4) და, რომელთან დაკავშირებითაც კვლავ ნათქვამია: "მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ" (ეს. 53:5)" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. XVII. 1. PL. 76. Col. 9AB), - ანუ ქრისტე.
 
მაგრამ ვნებული იობი გამოხატავს არა მარტო ვნებულ ქრისტეს, არამედ მის სხეულსაც, ანუ - ეკლესიასაც, რომელსაც ეს ძველაღთქმისეული მართალი ასევე მიემსგავსება თავისი ტანჯვით. ეკლესია ხომ მისტიკურ კავშირშია საკუთარ თავ ქრისტესთან და მის მსგავსად გაუთავებლად იტანჯება, განიცდის რა მუდმივ ტკივილს მისი მტრების - მდევნელებისა და ერეტიკოსების გამო. როგორც წმიდა გრიგოლი წერს, "რადგან მზაკვარი, მძვინვარებს რა, გაუთავებლად დევნის წმიდა ეკლესიას, რომელიც არის სხეული ქრისტესი... იობიც", წარმოადგენს რა მის წინასახეს, "განიცდის წყლულებს თავიდან ფეხებამდე" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. VI. 1. PL. 75. Col. 729C).
 
ხაზს გავუსვამ, რომ წმ. გრიგოლი მარტო როდია იობის პიროვნების ამ ტიპოლოგიურ ინტერპრეტაციაში, როგორც ქრისტეს წინასახისა. იობის თითქმის ყოველი საქციელი, ისევე, როგორც მისი მრავალი გამონათქვამი, წმიდა მამებისეულ ეგზეგეტურ ტრადიციაში სწორედ ასე აღიქმებოდა: როგორც "აჩრდილი", წინასწარმეტყველური მინიშნება განკაცებული ღმერთის მოსვლისა და მაცხოვნებელი ღვაწლისა. ეს სწორია იობის წიგნის დასაწყის სტროფებთან დაკავშირებითაც.
 
ასე, მაგალითად, წმ. ზენონ ვერონელი (გარდ. 370/371) განმარტავს: "იობი... ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტეს წინასახე იყო. შედარება განგვიმარტავს ამ შეჭმარიტებას. იობი მართალი იყო. ჩვენი მაცხოვარი თვით არის სიმართლე, ჩვენი სიმართლის წყარო; რადგან მის შესახებ ნაწინასწარმეტყველევი იყო: "რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული ... ამოგიბრწყინდებათ, ... მზე სიმართლისა" (მალ. 4:1-2). იობი ჭეშმარიტი იყო. უფალი ჩვენი არის ნამდვილი და სრულყოფილი ჭეშმარიტება. "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14:6). იობი მდიდარი იყო. მაგრამ ვისი სიმდიდრე შეედრება ჩვენი უფლის სიმდიდრეს, რომელსაც მთელი სამყარო ეკუთვნის ნეტარი დავითის სიტყვისამებრ: "უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა" (ფსალმ. 23:1). თანაც ყველა მდიდარი მისი, ანუ ჩვენი უფლის მხოლოდ მსახურები და მოურავები არიან" (Святитель Зинон Веронский. De Job. 2. PL. 11. Col. 441B-442A. Русский перевод: Святитель Зинон Веронский. Об Иове // Христианское чтение, СПб., 1843. Ч. II., С. 376–377).
 
იობის ბიბლიური სახის მსგავსი ტიპოლოგიური შედარება ქრისტესთან იმავე წმიდა მამას, გრიგოლ დიდს შესაძლებლობას აძლევს დაიმოწმოს ბიბლიური სიტყვების საკმაოდ მკაფიო წინასახეობრივი განმარტება: "აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი" (იობი 1:3). წმ. გრიგოლის აზრით, აღმოსავლეთად აქ თვით მაცხოვარი იგულისხმება, გამომდინარე ზაქარიას წინასწარმეტყველებიდან ქრისტეს შესახებ, რომლის სახელი - აღმოსავლეთია (ზაქ. 6:2).
 
ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ერთგული ყველა მონა, მისი წმინდანები, შეიძლება იწოდონ აღმოსავლეთის ძეებად, ანუ მაცხოვრის შვილებად. ამასთან ერთად უფალი უსასრულოდ აღემატება თავის ძეებს სრულყოფილებაში, რადგან, თუმც ის, ერთი მხრივ, ერთარსია მათი თავისი კაცობრივი ბუნებიტ, მეორე მხრივ, უსასარულოდ აღემატება მათ საკუთარი ღვთაებრიობით. სწორედ ამ აზრით, ისევე, როგორც იობი, რომელიც წარმოადგენს ქრისტეს წინასახეს და "აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო" (იობი. 1:3), ასევე თვით უფალი - ყველაზე სახელოვანია მის მიერ მარადიული სიცოცხლისთვის სულერად ნაშობ წმინდანთა შორის.
 
წმიდა გრიგოლის თქმით, "ის, რომ ჩვენი მაცხოვარი აღმოსავლეთად იწოდება, წინასწარმეტყველური მოწმობით დასტურდება, რომელიც ბრძანებს: "აჰა, მამაკაცი, აღმოსავალი სახელი მისი" (ზაქ. 6:12). ამიტომაც, ყველა, ვინც რწმენით მკვიდრდება ამ აღმოსავლეთში, მართებულად იწოდებიან აღმოსავლელებად. მაშინ როდესაც ყველა ადამიანი ყოველთვის მხოლოდ ადამიანად რჩება. თვით აღმოსავლეთია ღმერთი და კაცი, რომლის შესახებაც მართებულად ითქვა: "აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი". ამის შესახებ კიდევ შეიძლება ითქვას შემდეგი: ის აღემატა ყველას, ვინც კი რწმენაში იშვა" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 26. PL. 75. Col. 539BC).
 
წმიდა გრიგოლი მეტაფორული სახით განმარტავს ბიბლიურ მოწმობას იმის შესახებაც, რომ იობი იყო "ბოროტებას განრიდებული" (იობი 1:1). თანაც აქ იობის პიროვნებას წმ. გრიგოლი წარმოიდგენს არა იმდენად, როგორც ქრისტეს ტიპაჟს, რამდენადაც მისი ეკლესიის წინასახეს, რომელიც წინ მიუძღვის თავის შვილებს ცხონების გზაზე: ბოროტებისგან გაქცევითა და ღმრთის შიშით. ამ გზაზე, თანდათანობით, ეკლესიის ძეთა მათთვის საძულველი ცოდვისგან განშორებისა და გათავისუფლების წყალობით, ღმრთის შიშის ადგილს მათ გულებში იკავებს ღმრთისადმი სიყვარული, რომელიც აღემატება ღმრთისადმი შიშს. როგორც წმ. გრიგოლი წერს, ბიბლიურ ტექსტში იობის შესახებ "კარგად არის ნათქვამი: "ღვთისმოშიში და და ბოროტებას განრიდებული" (იობ. 1:1), - რადგან რჩეულთა წმიდა ეკლესია თავის უბიწოებისა და სამართლიანობის გზას იწყებს შიშით, მაგრამ სრულყოფილებას აღწევს სიყვარულში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე განერიდება ბოროტებას, ღმრთისადმი სიყვარულის გამო უკვე შეცოდება აღარ სურს. ჭეშმარიტად: ვინც ჯერ კიდევ იქმს სიკეთეს შიშის გამო, ის სულის სიღრმეში ჯერაც არ განრიდებია ბოროტებას, რადგან უკვე მითვე სცოდავს, რომ ცოდვა სურს და შესცოდავდა, დაუსჯელად რომ შეძლებოდა ცოდვის ჩადენა" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 37. PL. 75. Col. 544AB).
 
ჩვენ ვხედავთ, რომ იობის პიროვნების ტიპოლოგიური განმარტების მოცემული მაგალითი უკვე "უკავშირდება" კიდევ ერთ ეგზეგეტიკურ მეთოდს, რომელსაც წმ. გრიგოლი იყენებს თავის "მორალიებში": ეს არის ზნეობრივ-ალეგორიული მეთოდი; ის, საკუთრივ რომ ითქვას, ამ მეთოდს უპირატესად განეკუთვნება. სწორედ ამ კალაპოტში - ზნეობრივი ალეგორიის სულისკვეთებით - მოძრაობს (ისტორიული და ტიპოლოგიური მეთოდების პარალელურად) წმიდა გრიგოლის აზრი, როდესაც ის განმარტავს იობის წიგნს.
 
ასე, მაგალითად, ბიბლიური მოწმობა იმის შესახებ, რომ იობი, ადგებოდა რა დილაადრიან, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს თავისი შვილების რიცხვისდა მიხედვით (იობი 1:5), რომელიც ათავისუფლებდა მათ შესაძლო ცოდვილი აზრებისგან, გრიგოლ დიალოგოსის მიერ ზნეობრივ-ალეგორიულად არის გაგებული, როგორც წინასახე იმ ქრისტიანული სინანულის სიმხურვალისა, რაც დღეს - უკვე ქრისტეს ეკლესიაში - შემძლეა თავისი ცეცხლით დაწვას ნებისმიერი უწმინდური ცოდვითი გულისთქმები. ის წერს, რომ ქრისტიანებს იობის მსგავსად, თუმც სულიერად, მართებთ "ღმერთს შეწირონ აღსავლენი მსხვერპლი", რაც ნიშნავს - "დაწვან სინანულის ცეცხლით თავიანთი გონება იმისთვის, რათა გული იწვოდეს სიყვარულის საკურთხეველზე და წვავდეს, გულისთქმათა უწმინდურობას" (Там же. I. 48. PL. 75. Col. 549A).
 
ხოლო სიტყვები იმის შესახებ, რომ იობი ამ შეწირვას აღასრულებდა ყოველდღიურად (იობი 1:5), წმ. გრიგოლის აზრით, შეიცავენ ქმედით მოწოდებას ქრისტიანთადმი მუდმივად, ყოველდღიურად თავიანთ ცხოვრებაში, ისწრაფონ ნამდვილი სრულყოფილებისკენ, სიწმიდისკენ, სადაც საკუთარი თავი უნდა შეწირონ ღმერთს. ამ გზაზე არავინ უნდა შეჩერდეს, შეწყვიტოს სრბოლა თავისი მიზნისკენ. როგორც დიალოგოსი წერს, "რა თქმა უნდა, თუკი სიკეთე სიცოცხლის ბოლოს გაჩერდება, მაშინ (აწ) ის ამაოდ აღსრულდება. ამიტომაც ფუჭად რბის ის, ვინც, სანამ მიზანს მიაღწევდეს, სრბოლას შეაჩერებს" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 55. PL. 75. Col. 554AB).
 
ამით საკუთარ განმარტებაში წმ. გრიგოლი მუდმივად და დაჟინებით ეძიებს ბიბლიური ტექსტის ზნეობრივ აზრს, რომლის შესაბამისადაც იობი, აღემატებოდა რა თავისი სიწმიდით ძველაღთქმისეულ რეალობას, და მიისწრაფოდა რა ახალაღთქმისეული რეალობისკენ, დიალოგოსის თქმით, წარმოადგენდა "რჩეულთა სიმბოლოს" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. I. 34. PL. 75. Col. 542C); ანუ ის წარმოადგენს სრულყოფილებისკენ მსწრაფი ქრისტიანი მოღვაწეებისა და წმიდანების წინასახეს. იობის პიროვნების მნიშვნელობის ეს გაგება წმ. გრიგოლს შესაძლებლობას აძლევს სისტემატურად და თანმიმდევრულად მიუყენოს მას ქრისტიანული ასკეზის ცნებები და პრინციპები, მათ შორის - მონაზვნური სულიერი მოღვაწეობა.
ღმერთის და სატანის დიალოგი

2. ღმერთი და სატანა: პირველი დიალოგი (იობი 1:6-12)
 
დაასრულა რა მოკლე თხრობა იობის პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც წინ უსწრებს წიგნის ძირითადი სიუჟეტის განვითარებას, ბიბლიურ ავტორს მკითხველი გადაჰყავს ზეციურ რეალობაში, იქ, სადაც უამრავ ანგელოზურ ძალთა გარემოცვაში იმყოფება თვით უფალი. წმიდა ზეციურ ძალთა შორის აქ უფლის წინაშე წარდგება სატანა: დაცემული სული, ადრინდელი ანგელოზი, რომელიც ახლა - შემოქმედის წინააღმდეგ ამხედრების შემდეგ - არა მარტო ღმრთისწინააღმდგომი გახდა, არამედ კაცთმოცძულეც, რადგან მას სურს ზიანი მიაყენოს ღმრთის ყოველქმნილებას, განსაკუთრებით კი ღმრთის ხატებით მოსილ ადამიანს.
 
 
"და იყო დღე, როდესაც მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათთან ერთად" (იობი. 1:6).
 
 
წმ. გრიგოლ დიალოგოსი, როდესაც განმარტავს ამ ფრაზის პირველივე სიტყვებს - "და იყო დღე", - იმწამვსვე სვამს სამართლიან კითხვას: თუკი ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ ღვთაებრივ მარადისობაზე, იმაზე, რომ უფალი არ ექვემდებარება ქმნილებისა და ცვალებადობის არანაირ კანონებს, მათ შორის დროის კანონებსაც, აქ, იობის წიგნში, ზეციური რეალობისადმი მიმართებაში რატომ არის ლაპარაკი სწორედ დროის კატეგორიით, - ანუ დღეზე? წმ. გრიგოლის რწმენით, "ჯერ საჭიროა გამოვიკვლიოთ, თუ რატომ ითქვა, რომ უფლის წინაშე რაღაც გაკეთდა რომელიღაც დღეს, თუკი მისთვის დროის არანაირი მოძრაობა, დღისა და ღამის არანაირი მონაცვლეობა არ არსებობს... რატომ ითქვა, რომ უფლის წინაშე "იყო დღე" (იობი 1:6), თუკი მისთვის მთელი მარადისობა არის, როგორც ერთი დღე?"
 
წმ. გრიგოლი ამ კითხვას პასუხობს იმ აზრით, რომ დღე, რომელზეც არის აქ ლაპარაკი, სულაც არ შეეფარდება ჩვენს ასტრონომიულ დღეს; ეს იყო ღმრთის დღე, "მერვე" დღე მარადისობისა, დღე ანგელოზურ ძალთა ნათელი მყოფობისა მაცხოვნებელ მადლში, დროზე აღმატებული ღვთაების თანდასწრებით. "ისე ხდება, რომ მის (უფლის) მარადისობაში უცვალებელნი რჩებიან ის საგნები, რომლებიც იცვლებიან, ვრცელდებიან საუკუნეებში... ამ დღეს არა აქვს დასაწყისი და დასასრული, როგორც ფსალმუნთმგალობელი ბრძანებს: "ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია" (ფსალმ. 83:11) (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 34. PL. 75. Col. 572BC).
 
გარდა ამისა, სიტყვა "დღე", წმ. გრიგოლის აზრით, აქ გამოიყენება კიდევ იმისთვის, რათა ამგვარი სიტყვიერი ხატებით ერთგვარად გამოიკვეთოს საღმრთო სავანეში სატანის მისვლის ამბავი. სატანა არის ბნელეთი და წყვდიადი, ხოლო ღმერთთან მისი მისვლა "დღისით" უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ღმერთს არანაირად ეხება სატანის დაცემულობის სიბნელე და ცვალებადობა. ამასთან სატანა აქ მთლიანად გამსჭვალულია "დღის" იმ ღვთაებრივი ნათლით, რომლითაც ის განისჯება და, რომლის მეშვეობითაც უფალი ააშკარავებს მისი ღმრთითსაწინააღმდეგო მისწრაფებებისა და ჩანაფიქრების მთელ სიბნელეს. ანგელოზური ძალები განათლდებიან ამ ნათლით, ხოლო სატანა "გაიმსჭვალება" მისი "სხივით" (იქვე. II. 36–37. PL. 75. Col. 573BD).
 
ვინ იყვნენ ეს ანგელოზები - ღმრთისშვილები, რომელთა შესახებაც არის ლაპარაკი იობის წიგნში? ბიბლიური ტექსტის კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქ ლაპარაკია ანგელოზებზე, რომლებიც თითქოსდა - თხრობის დასაწყისში - არ იმყოფებოდნენ ზეციურ სავანეში, შემდეგ კი მასში დაბრუნდნენ. მაგრამ ანგელოზური ძალები ხომ ყოველთვის უცვალებლად წარდგებიან უზენაესის საყდრის წინაშე... ღირ. ევსუქი იერუსალიმელის აზრით, აქ ლაპარაკია განსაკუთრებულ ანგელოზებზე. აქ აღწერილია "ანგელოზთა მოსვლა, რომლებიც ადამიანთადმი სამსახურებლად იყვნენ წარგზავნილნი. აი პავლეც ამბობს: "განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?" (ებრ. 1:14) (Преподобный Исихий Иерусалимский. Homelies sur Job: version armenienne. 2. 1. 6. PO. 42. 1. 190. S. 84. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 5). სავარაუდოდ, ადამიანებზე მზრუნველი და მათივე მცველი ეს ანგელოზები, რომელთაც ადამიანებთან წარგზავნის საღმრთო ნება, დავალების შესრულების შემდეგ, კვლავ ზეციურ სავანეში ბრუნდებიან.
 
ამასთანავე აზრი ანგელოზთა "წასვლაზე" ზეციური საღმრთო სავანიდან და შემდეგ - მათ უკან დაბრუნებაზე, წმ. გრიგოლ დიდის შეხედულებით, საკმაოდ პირობითია: ანგელოზები ერთდროულად წარიგზავნებიან ღმრთის მიერ მსახურებაზე, და თვით ამ მსახურებისას სულიერად უფლის წინაშეც წარდგებიან, რადგან მუდმივად და უცვალებლად აღასრულებენ მის ნებას. როგორც წმ. გრიგოლი წერს, ანგელოზები ღმრთისგან "წარიგზავნებიან, და მასვე წარუდგებიან; რადგან იმის მიერ, რომ შეზღუდულები არიან - შორდებიან, ხოლო რადგან შინაგანად წარუდგებიან, არასოდეს შორდებიან. ამიტომაც ხედავენ ისინი მუდმივად მამის სახეს და, ამავდროულად, მოდიან მასთან; რადგან ჩვენ მოგვეახლებიან სულიერი მყოფობით, ხოლო შინაგანი ჭვრეტის მეშვეობით მსახურობენ იქ, საიდანაც მოდიან" (Святитель Григорий Великий. Мог alia in Job. II. 3. PL. 75. Col. 556A).
 
ამრიგად, ამ ანგელოზებთან ერთად მოვიდა სატანაც (იობი. 1:6).
 
წმიდა მამები არაერთხელ სვამენ კითხვას: როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ზნეობრივი ბოროტების მიზეზი და მატარებელი, ეს ღმრთისმოძულე სული, ადის ცაში და საღმრთო სავანეში შედის? როგორ შეუძლია მას წარუდგეს ღმერთს, ელაპარაკოს მას, თუკი თვითონვე დაუდო დასაბამი გადაულახავ და უწყვეტ მტრობას შემოქმედთან?
 
ჯერ-ერთი, - განმარტავს წმ. გრიგოლ დიდი, - თუმც სატანა ზნეობრივად გარდაიქცა და ღმრთისმოწინააღმდეგე გახდა, ამავდროულად მან შეინარჩუნა სულიერი, ანგელოზური - თუმცა განდგომილებით დამახინჯებული - ბუნება, რომელიც მას ზეცაში ასვლის შესაძლებლობასაც აძლევს. დიალოგოსი წერს: "შევეცადოთ გავიგოთ, რჩეულ ანგელოზთა შორის როგორ შეეძლო მისვლა სატანას, რომელიც ადრე წავიდა მათი დასიდან, ამპარტავნების გამო წყეული და განდევნილი. მაგრამ სწორად არის ნათქვამი, რომ ის მოვიდა მათთან ერთად, რადგან თუმც მან დაკარგა ნეტარება, მათი მსგავსი ბუნება არ დაუკარგავს. და თუმც ის დამძიმებულია წყევლით, თავისი ბუნების სიმსუბუქის ძალით ზეცად აიწევა. ნათქვამია, რომ ის მივიდა უფალთან ღვთისშვილებთან ერთად, რადგან ყოვლისშემძლე უფალი მზერით, რომლითაც ჭვრეტს ყოველ სულიერს, ფსაქიზ ბუნებათა შორის სატანასაც ხედავს" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 4. PL. 75. Col. 556B).
 
მეორეც, წმ. იოანე ოქროპირი წერს იმის შესახებ, რომ სატანა ღმრთისგან განდგომილ მდგომარეობაში მოდის ჯერ კიდევ იმ აზრით, რომ ის, თუმც არის მტერი ღმრთისა, ამასთანავე - პარადოქსული სახით - ადამიანთან მიმართებაში ემსახურება უფლის განგებულებას. თავს ესხმის რა ადამიანებს - ღმრთით დაშვებული განსაცდელებით, რომელთა დროს ამ ადამიანებს შეუძლიათ ან დაუთმონ მას ან კიდევ დაძლიონ მისი წინააღმდეგობა, - ამით სატანა, იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი საცდურები მართალთა მიერ მაინც ძლეულ იქნება, თვითონ, მისდა უნებურად, მათი სულიერი სრულყოფილების საქმეს ემსახურება, ხელს უწყობს მათ ზეაღსვლას სიწმიდემდე. ამასთან უფალი დაუშვებს ეშმაკის ბოროტებამ იმოქმედოს იმ ზომით, რა ზომითაც ძალგვიძს ჩვენ ამისი ატანა და დემონური თავდასხმებისადმი წინააღმდეგობა (Святитель Иоанн Златоуст. Fragmenta in Beatum Job. 1. PG. 64. Col. 521C).
 
წმიდა იოანე ასევე ხაზს უსვამს: "... დემონს არა აქვს ძალაუფლება ქრისტიანებზე, არც საერთოდ ღვთისმოშიშ ადამიანებზე, თუ მას ზეგარდმო, საღმრთო დაშვებით არ მიეცემა ნება ადამიანთა დასასჯელად. რადგან როდესაც ღმერთი ადამიანებს განსაცდელს მოუვლენს, ეს ან მათი ცოდვების გამო ან კიდევ საღმრთო ღვაწლსა და სათნოებებში მათ გასაწვრთნელად ხდება" (მისივე:  In Justum et Beatum Job. 3. 1. PG. 56. Col. 571. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 3. 1 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 924). სწორედ ამ აზრით არა მარტო ანგელოზთა მსახურება ღმრთისადმი, არამედ შემოქმედის მიერ თავისი საღმრთო განგებულების იარაღად ეშმაკის გამოყენება შეიძლება იწოდოს ღმრთისადმი სატანის "წარდგომად" (იქვე).
 
მაგრამ ოქროპირის აზრით, საბოლოო ჯამში ჩვენთვის საცდურთა წყარო ღმერთი კი არ არის, არამედ სატანის თავისუფალი ღმრთითსაწინააღმდეგო ნება - ბოროტი, კაცთმოძულე, ჩვენი სულიერი წარწყმედის მაძიებელი: ნებისმიერი საცდური ბოროტებაა, ხოლო არანაირ ბოროტებას თავის თავწყაროდ არა აქვს ღმერთი. მაგრამ ღმერთს გასაოცრად ძალუძს მის მიერ დაშვებული ბოროტება მიმართოს კაცთა სასარგებლოდ. როგორც წმ. იოანე წერს, იობის წიგნში სწორედაც ის არის ნაჩვენები, რომ "ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი და არავის აცდუნებს, არამედ საცდურნი ადამიანებს თავს ატყდებათ ბოროტ სულთაგან ღმრთის დაშვებით, თუმცა კვლავ ადამიანების განდიდებისა და სრულყოფილებისათვის" (Святитель Иоанн Златоуст. Sinopsis. Liber Job. PG. 56. Col. 362. // Святитель Иоанн Златоуст. Обозрение книг Ветхого Завета. Книга Иова // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 664).
 
მსჯელობს რა იობის წიგნის შინაარსთან კავშირში ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ საცდურთა აზრის შესახებ, - რომლებიც ჩვენზე გამარჯვების შემთხვევაში ხდებიან წარმწყმედელნი, ხოლო მათი დაძლევის შემთხვევაში გვაძლიერებენ სულიერ ღვაწლში, - ოქროპირი ზუსტად აყალიბებს თავის სწავლებას ჩვენი თავისუფალი ნების მნიშვნელობის შესახებ ცხონების საქმეში: "ჩვენ ვიმარჯვებთ ან ვმარცხდებით ვხდებით არა (სულიერ) მტერთა (დემონთა) ძალის ან შემწეთა (ანგელოზთა) უძლურების შედეგად, არამედ ჩვენივ საკუთარი ნებით. როდესაც ერთნი და მეორენი მიგვდრეკენ თავიანთ მხარეს, წმიდა ანგელოზები - სიკეთისკენ, ხოლო დამნაშავე დემონები - ბოროტებისკენ, თავისუფლებით პატივდებული ჩვენი ნება ირჩევს იმას, რაც მას სურს, რადგან არც ღმერთი, რომელმაც ეს თავისუფლება გვიბოძა, არ გვაიძულებს და არც ეშმაკს აქვს ჩვენზე მაიძულებელი ძალი; საკუთარი გადაწყვეტილებით ჩვენ ან კარგად ვიქცევით ან კიდევ ვცოდავთ, და ვიხრებით ან წმიდა ანგელოზებისკენ ან - დემონებისკენ" (Святитель Иоанн Златоуст. Fragmenta in Beatum Job. 1. PG. 64. Col. 521D-524A. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 1 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1015 - 1016).
 
ამასთანავე წმ. გრიგოლ დიდი იობის წიგნში აღწერილ ღმრთისა და სატანის შეხვედრასთან დაკავშირებით სვამს კიდევ ერთ კითხვას: თუკი ღმრთის შემეცნება შეუძლია მხოლოდ წმინდანებს, თუკი ის თავს მხოლოდ მართალთ უცხადებს, თუკი, ბოლოს და ბოლოს, თვით სახარებაში ნათქვამია, რომ მისი ხილვა შეუძლიათ ოდენ გულით წმიდათ (მთ. 5:8), როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ეშმაკი პირდაპირ და ნათლად ხედავს ღმერთს? დიალოგოსი წერს: "... სიტყვებში სატანა მივიდა უფალთან ჩვენთვის რთული კითხვაა მოცემული. რადგან წერილ არს: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5:8). მაშ, როგორ შეუძლია სატანას ღმრთის ხილვა, თუკი ის არანაირად არ შეიძლება გულით წმიდა იყოს? მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ის, როგორც ნათქვამია, თუმც კი წარდგა უფლის წინაშე, უფალი არ უხილავს. ის მიდის, რათა თვითონ იყოს ხილული, და არა იხილოს. მას უფალი ხედავს, მაგრამ თავად სატანა ვერ ხედავს უფალს. როგორც ბრმა, რომელიც მზის ქვეშ დგას, თვით იმოსება მისი სხივებით, მაგრამ ნათელს ვერ ხედავს, რომლითაც განათებულია. ამრიგად, სატანა იმიტომაც იმყოფებოდა ანგელოზებს შორის უფლის წინაშე, რომ საღმრთო ძალა, რომელიც ხედავს და გამსჭვალავს ყოველივეს, ხედავს მის ვერ დამნახველ უწმინდურ სულსაც. რადგან ისინი, ვინც გაურბიან უფალს, მას ვერსად დაემალებიან, რადგან ყველაფერი გაშიშვლებულია უზენაესის მზერის წინაშე, აქედან იქ არ მყოფი სატანა ახლა იქ იმყოფება" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 4–5. PL. 75. Col. 557BC).
 
შემდეგ იობის წიგნში მოტანილია ღმრთისა და სატანის დიალოგი, რომელიც შემოქმედის შეკითხვით და მისდამი ეშმაკის პირველი პასუხით იწყება:
 

"უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მოვიარე მთელი ქვეყანა ცის ქვეშ და აწ აქ ვარ" (იობი 1:7).
 
 
შეიძლება თუ არა ღმერთს საერთოდ გაუჩნდეს რაიმე კითხვა? შეიძლება თუ არა ყოვლისმცოდნე შემოქმედმა რაიმე არ იცოდეს და ამის გამორკვევას ცდილობდეს? ნუთუ ღმერთი ამ კითხვას იმიტომ აძლევს ეშმაკს, რომ არ იცის, "ინფორმაციას არ ფლობს", თუ საიდან მოვიდა ახლა იგი? ძველ წმიდა მამებს ძალიან აინტერესებთ "საღმრთო შეკითხვების" თემა, რომელიც ბიბლიაში ხშირად გვხვდება და, რომლითაც შემოქმედი საკუთარ ქმნილებას მიმართავს. ჩნდება აზრი, თითქოსდა ღმერთმა რაღაც არ იცის. ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი ასეთი კითხვით ღმერთმა დაცემულ და მისგან ხეებში დამალულ ადამს მიმართა, რომელიც დაბადების წიგნის მე-3 თავშია აღწერილი: ადამ, სადა ხარ?  (დაბ. 3:9).
 
წმიდა მამები არაერთხელ განმარტავენ ამ კითხვის შინაარსს, და უპირველეს ყოვლისა ამაში ხედავენ მითითებას იმაზე, რომ ღმრთისგან დაშორებულობა მისდამი თანაზიარებისგან მოშორებად უნდა გავიგოთ. როგორც ნეტ. ავგუსტინე წერს, ღმერთი ასე ეკითხებოდა ადამსაც "არა უმეცრების გამო, არამედ ადამიანისვე სამხილებლად, აქეზებდა რა მას ყურადღება მიექცია იმისთვის, თუ სად აღმოჩნდა იგი, როდესაც ღმერთს განშორდა" (Блаженный Августин Гиппонский. De Civitate Dei. XIII. 15. PL. 41. Col. 387. Русский перевод: Блаженный Августин Гиппонский. О Граде Божием. XIII. 15. Т. 2. М., 1994. С. 307).
 
ამასთან ჩვენ ვხედავთ, რომ არცოდნა ღმრთისთვის ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მისი მაცხოვნებელი მადლი არ თანაეზიარება მის მიერ შექმნილ ერთ-ერთ თავისუფალ და გონიერ არსებას - იქნება ეს დაცემული ანგელოზი თუ ცოდვილი ადამიანი. თანაც ასეთი საღმრთო "არცოდნა" ხორციელდება სწორედ იმ შემთხვევაში, თუკი ეს არსებოა შეგნებულად ეწინააღმდეგება საკუთარი თავის შესაძლებლობას იყოს ღმრთისმოზიარე, ნებაყოფლობით აძლევს რა საკუთარ თავს ცოდვის მონობას. მსგავსი "არცოდნა" აქ თავისი შემოქმედისადმი ქმნილების უზიარებლობის სინონიმია.
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იობის წიგნის ძველი კომენტატორები არაერთხელ ადარებდნენ ზემოთ დამოწმებულ საღმრთო კითხვას დასმულს ადამისადმი, მისავ კითხვას მიმართულს ეშმაკისადმი: "... საიდან მოდიხარ?" (იობი 1:7). ამაზე ამახვილებს, მაგალითად, ჩვენს ყურადღებას ოლიმპიოდორე: "... საიდან მოდიხარ?" (იობი 1:7) საყვედურით ეუბნება ღმერთი ეშმაკს, რომელიც მომსახურე სულთა დასიდან გადმოვარდა, მსგავსადვე ეკითხებოდა ის ადამს: "სად ხარ?" (დაბ. 3:9)" (Олимпиодор. Commentarium in Beatum Job. 2. 7. PG. 93. Col. 24D. Ср.: Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 6. PL. 75. Col. 557D-558A).
 
ამასთანავე, წმ. გრიგოლ დიდის აზრით, ღმრთის ეს შეკითხვა ეშმაკისადმი - "... საიდან მოდიხარ?" - ნიშნავს ღმრთის მიერ მის უარყოფას. ამასთან ამ თავისი აზრის პარალელურად დიალოგოსი იხსენებს სახარებისეულ გამოთქმას: "...  არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლკ. 13:27).
 
წმ. გრიგოლი წერს: "რას ნიშნავს, რომ მასთან მისულ ანგელოზებს ღმერთი არ ეუბნება: "საიდან მოხვედით", ხოლო სატანას ეკითხება: "... საიდან მოხიდიხარ?" ჩვენ ხომ მაშინ ვეკითხებით ვინმეს, როდესაც არ ვიცით. ღმრთისთვის უცოდინრობა უარყოფას ნიშნავს. ასე, მაგალითად, ზოგიერთებს ის ბოლოს ეტყვის: "...  არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლკ. 13:27). იმიტომ ხომ არ ეკითხება ღმერთი სატანას "საიდან მოდიხარო", რომ უარყოფს მის გზებს, როგორც თითქოსდა უცნობს? ამრიგად, ჭეშმარიტების ნათელი უარყოფს ბნელს, რომელსაც არ ცნობს, და მსაჯული ღირსეულად განსჯის სატანის გზებს, როგორც თითქოსდა საძიებელთ..." (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 6. PL. 75. Col. 557D-558A).
 
გარდა ამისა, როგორც წმ. გრიგოლი წერს, "ღმერთისთვის თქმა: ... "საიდან მოდიხარ?" ნიშნავს თავისი სამართლიანობის ძალით გაკიცხოს მისი (სატანის) ბოროტი გზები" (იქვე.II. 12. PL. 75. Col. 561CD).
 
ყველაფერ ამაში, წმ. გრიგოლის თქმით, ვლინდება უარსებითესი განსხვავებულობა იმ ცოდნისა, რაც აქვს უფალს მის ერთგულ ზეციურ ანგელოზთა გზებთან დაკავშირებით: "... უფალი... არასოდეს მოუწოდებს დაცემულ სულს სინანულისკენ, მაგრამ კიცხავს მისი სიამაყის გზებს, რომელსაც არ ცნობს. ამრიგად, როდესაც სატანა იმხილება თავის გზებში, ერთგულ ანგელოზებს, უფალი არ ეკითხება: "საიდან მოდიხართ", რადგან მათი გზები იმდენად ცნობილია ღმრთისთვის, რამდენადაც ისინი აღესრულებიან თვით შემოქმედის მიერ. და სანამ ანგელოზები ემსახურებიან მხოლოდ მის ნებას, მათი გზები შეუძლებელია უცნობი იყოს, რადგან ისინი ყველთვის გაშლილია მისი მაკურთხებელი მზერის წინაშე" (Там же. И. 6. PL. 75. Col. 558AB).
 
ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავენ წმიდა მამები ეშმაკის პასუხს ღმრთისადმი: "მოვიარე მთელი ქვეყანა ცის ქვეშ და აწ აქ ვარ" (იობი 1:7).
 
უპირველეს ყოვლისა ძველ საეკლესიო მწერლებს აქ აკვირვებთ თვით სატანის "მოარულობის" სახე, რომელიც, ფლობს არამატერიალურ ბუნებას, და მიუხედავად ამისა, საკუთარი მოწმობითვე, დედამიწის ყველა ადგილის სანახავად დადის.
 
ბრმა დიდიმე ამასთან დაკავშირებით ასე წერს: "ნუ მოგვეჩვენება უცნაურად, რომ ეშმაკი, რომელიც სულია, იყო ამ ადგილებში... მოივლის ის მათ, როგორც მოწინააღმდეგე, რომელიც დაძრწის, რათა ვინმე შთანთქას, იზიდავს მის მზაკვრულ ხრიკებში გაბმუულებს, ხოლო ვინც ეწინააღმდეგება მათ ღმრთისგან გამოითხოვს, როგორც ეს მოხდა მართალი იობის შემთხვევაში" (Дидим Слепец. Υπόμνημα εις Ιώβ. ΒΕΠΕΣ. Т. 47. Σ. 18). ამასთანავე "სიარულში" აქ გაიგება ბნელი - მონდომებული და გამოწვლილვითი - შრომა ეშმაკისა, მისი ძალისხმევა ადამიანთა წარსაწყმედად, რომელიც გამომდინარეობს მისი საცდურებისგან და ხრიკებისგან, მისი განსაკუთრებულად ძლიერი მტრობისგან მართალთა წინააღმდეგ, რომელთა სულიერ წარწყმედას ყველაზე უმეტესად ელტვის.
 
ჩვენდამი სატანის ამ განსაკუთრებული მტრული საქმიანობის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ წერს წმიდა გრიგოლ დიდი, როდესაც განმარტავს იმავე ბიბლიურ ადგილს სატანის "მოარულობის" შესახებ (იხ.: იობი 1:7). ამასთან დიალოგოსი ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს იმასაც, რომ ეშმაკის ასეთი "მოარულობა" წინააღმდეგობრივია მისი ადრინდელი ფრენისა, რომელიც მას ოდესღაც, ანგელოზთა დასში ყოფნისას შეეძლო.
 
ამ ზეშთაგონებული ნავარდის დაკარგვით, რომელიც მას ოდესღაც მიანიჭა საღმრთო ძალამ, თვით სატანის გადაადგილება ადგილიდან ადგილზე, რომელსაც ის, ცხადია, აღასრულებს არა მატერიალური სახით, არამედ მისი სულიერი, გონიერი ბუნებით, მაინც შეიძლება იწოდოს "სიარულად", რადგან ეშმაკი ერთგვარად "ქვედააკრო" მასზე გაბატონებულმა ცოდვითი საწყისის სიმძიმემ.
 
"ჩვეულებისამებრ ირგვლივ სიარულით ამაო შრომა აღინიშნება. სატანამ, იშრომა და მოიარა დედამიწა, რადგან მან უარი თქვა ნეტარებით ყოფნაზე ზეციურ სიმაღლეებში. და მით, როცა ამბობს, რომ კი არ დაფრინავს, არამედ დადის, აჩვენებს, რამდენად ძლიერ არის ის დათრგუნული ცოდვის სიმძიმით. სატანამ, მოიარა მთელი დედამიწა, რადგან, დაეცა რა სულიერი ძალის ნავარდისგან, თავისი ბოროტების სიმძიმით დათრგუნვილი, სამუშაოს წრეზე გავიდა სასიარულოდ. მის მიმდევრებზეც ასეა ნათქვამი ფსალმუნთმგალობელის მეშვეობით: "გარემოს უღმრთონი ვლენან" (1) (ფსალმ. 11:6)" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 7. PL. 75. Col. 558C).

________________________
 
1. ვულგატაშია: "In circuitu impii ambulant". სინოდალურ თარგმანში სხვაგვარადაა: "Повсюду (ყველგან) ходят нечестивые". (ახ. ქართ.: "ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან" – "აპოკ." რედ.)
 
________________________

 
თავის "მორალიებში იობის წიგნზე" წმ. გრიგოლ დიალოგოსი დეტალურად აღწერს ადამიანებისთვის სატანის ამგვარი "სიარულის" სახეს, და გვიხატავს ეშმაკის შეუპოვარ და საშინელ ძალისხმევას ადამიანთა სულების დასამონებლად: "სატანისთვის დედამიწის შემოვლა ნიშნავს გამოიკვლიოს ხორციელი გულები და იპოვოს მიზეზი ბრალდებისთვის. ის შემოივლის დედამიწას და ადამიანის გულს შემოეკვრება, რათა მიიტაცოს მისგან ყოველივე კეთილი, რაც კი მასშია, და სანაცვლოდ დათესოს ბოროტი, შემდეგ კი უფრო და უფრო ამრავლოს ეს ბოროტება გადაქცეული უკეთურებად და საკუთარ თავთან ერთადვე ჩაიყოლოს სასჯელში. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ის საკუთარ თავზე კი არ ამბობს დედამიწა შემოვიფრინეო, არამედ შემოვიარეო, რადგან ის არასოდეს სწრაფად არ ტოვებს იმას, ვისაც აცდუნებს; იქ, სადაც ის ჰპოვებს დამყოლ გულებს, უტევს მათ და ბოროტებისკენ მიდრიკავს, რათა მასში ყოფნით დატოვოს ბოროტმოქმედებათა ნაკვალევი და, ამსგავსებს მას საკუთარ უკეთურებას, რათა ბიწიერნი გახადოს ისინი, ვისაც სძლევს" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 65. PL. 75. Col. 587AB).
 
წმ. იოანე ოქროპირი, მიმართავს რა სატანის პასუხს ღმრთის შეკითხვაზე, მიიჩნევს, რომ ეშმაკი თავის პასუხში ერთგვარი კადნიერებით უმტკიცებდა შემოქმედს, რომ მას აწ არა აქვს ძალაუფლება მთელ მატერიალურ სამყაროზე, რადგან თვითონ ბატონობს ამ სამყაროს გვირგვინზე - ცოდვით და ბოროტებით დამონებულ ადამიანზე. ოქროპირის თქმით, როდესაც ეშმაკი ამბობს "მოვიარე მთელი ქვეყანა ცის ქვეშ და აწ აქ ვარ" (იობი 1:7), ამით ის აშკარად აჩვენებს, რომ ის ბატონობს ცისქვეშეთზე, რომ ყველაფერ მიწიერს ქელავს, რომ ყველა ადამიანი მის ფერთხთითაა გართხმული" (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 3. 2. PG. 56. Col. 573. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 3. 2 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 926).
 
მაგრამ უფალი აჩვენებს ეშმაკს, რომ მას აბსოლუტურად არც ახლა გააჩნია არანაირი ძალაუფლება და არც მითუმეტეს მომავალში ექნება, როდესაც მოვა ქრისტე. დიახ, ახლა ის ფლობს უდიდეს გავლენას ადამიანთა გულებზე. წმიდა გრიგოლი სატანის ამ ძლიერებაზე ასე წერს: "ადამიდან უფლის მოსვლამდე ის მიათრევდა მიწის მკვიდრთ. ის დადიოდა დედამიწაზე, შემოიარა იგი, რადგან თავისი ფეხის სიმძიმით დაბეჭდა ხალხთა გულები. ზეციდან სამართლიანად გადმოგდებულმა დაიკავა ადამიანთა გონება, რადგან ცოდვის საკვრელებით შეკრა ისინი. სატანა სწორედ იმიტომ დასეირნობს ქვეყნიერებაზე, რომ არავინ იყო მისი ბრალდებისგან თავისუფალი. ის, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა, მოიარა დედამიწა, და ვერ ჰპოვა ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც მისდამი სრული წინააღმდეგობა შესძლებოდა" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 41. PL. 75. Col. 575AB).
 
მაგრამ იმავდროულად, ამ თავისი ძალის გამოყენების შემთხვევაშიც, სატანა მისგან შეუმჩნევლად საკუთარ მომავალ დამარცხებას იმზადებს. განუწყვეტლივ და ჯიუტად ესხმის რა მართლებს, მარცხდება მათგან, და, მისი სურვილისდა მიუხედავად, ამ თავისი უნაყოფო ძალისხმევებით, ყოველდღიურად, სულ უფრო აახლოვებს და აახლოვებს მისთვის სრულიად დამღუპველ დღეს: წამს, როდესაც ქვეყნიერებას მოევლინება ის, ვისი წინამორბედები და წინასახეები იყვნენ ყველა ეს მართლები მთელი მიწიერი ისტორიის განმავლობაში.
 
ამ აზრით იობსაც მოუწევს ტანჯვის მეშვეობით თავისი ადრინდელი ზნეობრივი სრულყოფილების ამაღლება, რათა გახდეს მაცხოვრის კენოზისის ხილული და აშკარა წინასახე; ანუ მოასწავოს ვნებული და თავისი ვნებებით ეშმაკის დამთრგუნველი ქრისტე. იოიბის ტანჯვაში ხომ აშკარად გამოვლენილია მთელი მისი ხორციელი უძლურება, და მისით სატანის დამარცხება - ყველაფერი ის, რისი წყალობითაც, გადალახა რა ეშმაკის საცდურები, ქრისტეს უძლურებათა წინასახე იყო, ჯვრის იმ უძლურებისა, რომელიც ეშმაკზე, ცოდვასა და სიკვდილზე კაცის ძის გამარჯვების ძალად იქცა. წმ. გრიგოლ დიალოგოსის თქმით, იობი აქ საღმრთო ძლევის "საკვირველი ნიშანია", რომლის წყალობითაც სატანა ქრისტეს ეკლესიის მომავალ საუკუნეში ჭეშმარიტად "შეშინდება ... ქრისტეს კაცობრივი ბუნების უძლურებით"" (იქვე. II. 41. PL. 75. Col. 575B)
 
და მაშინ, სახარებისეულ პერსპექტივაში, წმ. იოანე ოქროპირის თქმით, სატანის ადრინდელი "მოარულობის" ადგილს უკვე დაიკავებს სულ სხვა "მოარულობა", რომელიც თავისი არსებობით დევნის სატანას ადამიანთა სულებიდან. ოქროპირის აზრით, ეს სატანისეულის "სიარული" დაძლეული აღმოჩნდება, როდესაც მას კაცთა გულებიდან გამოდევნის თვით ყოველთა მეუფე, რომელმაც თვითონ თქვა საკუთარ თავზე:  "დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი" (2 კორინთ. 6:16; შეად. ლევ. 26:12) (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 3. 2. PG. 56. Col. 573. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 3. 2 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 926-927).
 
სწორედ ყველა ამ მიზეზთა პასუხად სატანის ამპარტავნულ სიტყვებზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ადამიანებზე გააჩნია აბსოლუტური და განუყოფელი ძალაუფლება, ღმერთი მას აძლევს შეკითხვას იობზე: იმ წმიდა მოწამეზე, რომელიც დემონური თავდასხმის შედეგად ცოცხალი წინასახე გახდება ღმრთის ახალი "სიარულისა" კაცთა შორის, ანუ ჩვენკენ მომავალი სიტყვისა, რომელიც ხორცით გამოგვეცხადება, რათა ივნოს.
 
მეტიც, უფალმა იცის, რომ ამ თავისი ტანჯვით იობი ნაწილობრივ მოაახლოვებს ახალ "მოარულობას": მისი ტანჯვა და გამწარებული მოწოდება ღმრთისადმი შეწყვიტოს ეს წამება ნამდვილად აღმოჩნდება კაცთა შორის ყველაზე სრულყოფილი და გულწრფელი ლოცვა ღმრთისადმი, რათა მან გაათავისუფლოს კაცობრიობა ღმრთითმიტოვებულობისგან. სწორედ იობი გახდება ერთ-ერთი იმ ძველაღთქმისეულ წმინდანთაგანი, ვისი მოწოდებაც შემოქმედისადმი შესმენილ იქნება მომავალში განკაცებული უფლის მიერ, ჩვენთვის ბოძებული იმ თავისუფლების სახით, რომლითაც თავს ვიხსნით ცოდვის მტანჯველი ძალაუფლებისა და სულიერი კვდომისგან.
 
ჩვენ ვიცით: ძველაღთქმისეულ მართალთა ამ ლოცვებმა მოაახლოვეს დროთა ის სისრულე, რომლის დადგომის შემდეგ ღმერთმა ქვეყნად მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე (შეად.: გალატ. 4:4). სიტყვა მოვიდან ჩვენთან უკვე ადამიანური მოლოდინით აღვსილი თასის საპასუხოდ, ეს იყო პასუხი ადამიანთა ვედრებაზე, რათა გამოსყიდულიყვნენ, ეს იყო პასუხი ძველაღთქმისეული ადამიანის წყურვილზე, რომელიც ღმერთთან ურთიერთობას ელტვოდა. იობის ლოცვა აქ, უდავოდ, გახდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან ის აღმოჩნდა ყველაზე მწარე და სასოწარკვეთილი ღაღადისი ღმრთის მიმართ, რომელიც კი კაცთა ისტორიაში აღმოხდენია ვინმეს ადამიანის შესაწყალებლად. ასეთი ლოცვა უბრალოდ შეუსმენელი ვერ დარჩებოდა.
 
და უთხრა უფალმა სატანას:
 
 
"თუ მიაპყარი შენი გონება ჩემს მორჩილ იობს, რადგან არავინ არის მისებრი მთელ ქვეყანაზე: კაცი უბიწო, ჭეშმარიტი, ღმრთისმოშიში, ყოველგვარ ბოროტ საქმეს განშორებული?" (იობი 1:8).
 
 
წმ. გრიგოლის აზრით, როდესაც ღმერთი ამ სიტყვებს ამბობს, ის მაშინათვე გულისხმობს იობსაც და იმასაც, ვის წინასახესაც წარმოადგენს მისი მორჩილი მონა: ქრისტეს, რომელსაც მოუწევს ქვეყნად მოსვლა და მონის ხატის მიღება (ფლპ. 2:7). უფალი აქ ერთგვარად აჩვენებს ეშმაკს, წინასახე - იობის მეშვეობით მის რეალიზაციას მომავალ ქრისტეში. როგორც გრიგოლ დიალოგოსი წერს, "ის, რომ ღმერთი ეშმაკს ელაპარაკება წინასახის მეშვეობით: "ნუთუ შენ არ გინახავს ჩემი მონა იობი?" - ნიშნავს, რომ ის მას აჩვენებს მხოლოდშობილ ძეს მონის გასაოცარ ხატში" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 42. PL. 75. Col. 576B). მაგრამ სატანა ვერ არის შემძლე იხილოს ვერც ჭეშმარიტად მისთვის შემოქმედის მიერ ნაჩვენები მომავალი უფლის ხატი, და ვერც იმისი არსი გაიგოს, თუ რის შესახებ ელაპარაკება მას ღმერთი; ის შორეულადაც კი ვერ გრძნობს საკუთარ დამარცხებას სიტყვის განკაცების მეშვეობით.
 
ამასთან ღმრთის მიერ იობზე სატანის ყურადღების მიქცევა, ძველ კომენტატორთა აზრით, კიდევ ერთი თავისებური ღვთაებრივი "პროვოკაციაა", რადგან სწორედ ღმერთი იწყებს პირველად ლაპარაკს იობზე და ეშმაკის მთელ ყურადღებას მასზე ამახვილებს. ასე, მაგალითად, წმ. გრიგოლ დიალოგოსის შენიშვნით, "აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ პირველად ეშმაკმა კი არ ითხოვა უფლისგან იობის გამოცდა, არამედ ღმერთმა შეაქო იობი ეშმაკის წინაშე" (იქვე. II. 13. PL. 75. Col. 562B).
 
ამასთან უფალი აქ სწორედ იობის კეთილდღეობაზე ზრუნავს, რადგან იცის, რომ მართალი იობი აიტანს ნებისმიერ გამოცდას და განსაცდელს, და ამიტომაც თითქოსდა თანდათან "უბიძგებს" სატანას ყოველივე იმისკენ, რაც მომავალში უნდა მოხდეს: სურვილისკენ გამოსცადოს იობი და მისი დამარცხების მისწრაფებისკენ. როგორც შემდეგ წმ. გრიგოლ დიდი წერს, "და ღმერთს რომ არ ცოდნოდა, რომ იობი უეჭველად დარჩებოდა თავის სიმართლეში, არც კი ახსენებდა მას ეშმაკის წინაშე. და ის არანაირად დაუშვებდა განსაცდელში იმის დაღუპვას, ვის მიმართაც, განსაცდელის დაწყებამდე, საღმრთო შექების გამო, მაცდურის გონებაში შურის უძლიერესი ცეცხლი უკვე აღძრული იყო" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 13. PL. 75. Col. 562BC).
 
ამასთან უფლის სიტყვებში იობზე, რომელსაც ის ახასიათებს, როგორც უბიწო, სამართლიან, ჭეშმარიტ, ღვთისმოშიშ და ყოველგვარი ბოროტებისგან განშორებულ ადამიანს (იობი 1:8), აშკარად გამოსჭვივის ღმრთის განსაკუთრებული სიყვარული მართლისადმი. აი რას წერს ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი: "ღმერთს უყვარს მართლები და სურს ყველას უჩვენოს ისინი. ასე იქცევიან მეგობრები მათთვის საყვარელ პირთა მიმართ: ისინი თავიანთი სიყვარულის დამალვას კი არ ცდილობენ, არამედ სურთ წმიდა და გულწრფელი სიყვარულის მრავალი მოწმე ჰყავდეთ. ხოლო ღმერთი, თუმც არაფერს საჭიროებს, საკუთარ თავს წმინდანთა სიყვარულით იმშვენებს იმ კაცთა მსგავსად, თავს ათასგვარი მორთულებით რომ იწონებენ, და სურს თავისი აშკარა სიყვარული და მისდამი სიყვარულიც ყველას წარმოუჩინოს. ისმინე, როგორ უყვარდა ღმერთს იობი, თუმცა ეს არავინ იცოდა. რას აკეთებს იგი? თავისი სიყვარულის შესახებ სატანას უცხადებს, რათა ამ სიყვარულიდან იობის ქება წარმოაჩინოს" (2).
 
________________________
 
2. წმ. იოანე ოქროპირის მიერ ესაიას წინასწარმეტყველების განმარტების მოცემული ნაწილი (დაწყებული ეს. 8:11-დან) ბერძნულ ორიგინალში შემორჩენილი არ არის. ჩვენამდე ოქროპირის ამ განმარტების ორიგინალური ვერსიის მხოლოდ სომხურმა თარგმანმა მოაღწია (თუმცა, მოცემული ტექსტის იოანესეული ავტორობა ზოგიერთი პატროლოგის მიერ მაინც ეჭვქვეშაა დაყენებული). ციტირებული ნაწყვეტის ლათინური თარგმანი იხ.: In Isaiam prophetam interpretatio Sancti Joannis Chrysostomi, archiepiscopi Constantinopolitani / nunc primum ex armenio in latinum sermonem a Patribus Mekitharistis translata. XIV. 28–29. Venetiis, 1887. P. 171–172. რუსული თარგმანი: Святитель Иоанн Златоуст. Толкование на пророка Исайю. XIV. 28–29 // Творения. Т. 6. Кн. 1. М., 1998. С. 144–145.
 
________________________
 
ოქროპირი ხაზს უსვამს, რომ იობისადმი ეს ღვთაებრივი სიყვარული კარგად შეიმჩნევა იმაშიც, რომ უფალი მას "კაცს" უწოდებს: "ხედავ... ის უპირველეს ყოვლისა განიდიდება კაცის საზოგადო სახელით - მიაქციე თუ არა შენი ყურადღება, - ამბობს უფალი, - ჩემს მონას იობს, რადგან არ არის მისი მსგავსი სხვა კაცი? მართალია ყველა (ადამიანი) მსგავსია (ერთმანეთისა), მაგრამ არა სათნოებათა მიხედვით, არამედ მხოლოდ გარეგნობით; ოღონდ არა ამაშია კაცობა, არამედ იმაში, თუკი ვინმე, განშორდება რა უკეთურებას, სათნოებებში იღვწის. გინახავს ვინმე, ვისაც საღმრთო წერილი ჩვეულებისამებრ კაცს უწოდებდეს?" (Святитель Иоанн Златоуст. Homiliae in Genesin. XXIII. 4. PG. 53. Col. 202. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Беседы на книгу Бытия. XXIII. 4 // Творения. Т. 4. Кн. 1. С. 221). ასე რომ, იობი - კაცია ამ სიტყვის ჭეშმარიტი აზრით, რადგან ის საკუთარ თავში ახორციელებს იმ მოწოდებას, რაც შესაქმისას იყო ბოძებული: ასრულებს ღმრთის მცნებებს და განეშორება ბოროტს.
 
ბიბლიის ამ ტექსტთან დაკავშირებით წმ. გრიგოლ დიდი ასევე ხაზს უსვამს, რომ იობს "წრფელი, მართალი, ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განშორებული" თვით "საღმრთო ხმამ" უწოდა (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 8. PL. 75. Col. 558D), რომ ის ასე იწოდა თვით უფლის მიერ, რომელიც არასოდეს ცდება ამა თუ იმ ადამიანის საკუთარ შეფასებაში; მითუმეტეს დიალოგოსი ისევ და ისევ ამტკიცებს იმ აზრს, რომ იობი ზნეობრივად ნამდვილად სრულყოფილი იყო. შემდეგ ჩვენ ვნახავთ, როგორ დაადანაშაულებენ იობის არაერთგული მეგობრები მას ღმრთისადმი წინააღმდეგობაში, სიამაყეში, სხვადასხვა ცოდვებში. მაგრამ ამაში ისინი შეეწინააღმდეგებიან თვით უფალს, რადგან ღმერთმა უკვე უაშკარესად დაადასტურა თავისი არამცდარი მოწმობა იობზე: პირადად იობი ზნეობრივად აბსოლუტურად წმიდაა თავისი შემოქმედის წინაშე.
 
ამრიგად, სატანას ღმრთისგან ესმის იობის შესახებ და ამ მართლის დამონების აზრი აცდუნებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფალი თვითონ უბიძგებს თავის მოწინააღმდეგეს ამ იდეისკენ და ამგვარი გადაწყვეტილებისკენ. საბოლოო ჯამში სატანა რეაგირებს ამ ღვთაებრივ "პროვოკაციაზე" სწორედ ისე, როგორც ამას მისგან ელოდება შემოქმედი, - იწყებს ბოროტის ზრახვას იობის წინააღმდეგ. ამასთან სატანა განსაკუთრებულად ცდილობს მართლის სულიერ წარწყმედას სწორედ იმიტომ, რომ ხედავს, რამდენად არის ის უსათნოესი ადამიანი. ეშმაკს იმდენად მისი ტანჯვა და მისი ფიზიკური სნეულებებით დასჯა კი არ სურს, რამდენადაც იობის ამ სათნოებათა განადგურებას ელტვის, აიძულებს მას იჩივლოს ღმერთზე, დაგმოს უფალი.
 
აი, რას წერს ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი: "... რა არის ადამიანის სათნოება? - არა სიმდიდრე, სიღარიბის რომ შეგეშინდეს; არა ჯანმრთელობა, სნეულებებს რომ უფრთხოდე; არა საზოგადოებრივი აზრი, ცუდ დიდებას რომ მოერიდო; არა უბრალო ცხოვრება მიზნის გარეშე, რათა სიკვდილის შიში არ გქონდეს, არც თავისუფლება, რომ მონობას გაექცე. სათნოება ჭეშმარიტი დოგმატებისა და მართალი ცხოვრების დაცვაში მდგომარეობს. ამას კი თვით ეშმაკიც ვერ წაგართმევს, თუკი ამის მფლობელი მას ჯეროვანი მონდომებით გაუფრთხილდება; და ეს იმ უბოროტესმა და უსასტიკესმა დემონმაც იცის. იობს მან ქონება იმიტომ კი არ წაართვა, რომ გაეღატაკებინა იგი, არამედ იძულებული შეექმნა დაეგმო უფალი, სხეულიც იმიტომ კი არ მოუწყლა, რათა დაესნებოვნებინა იგი, არამედ იმისთვის, რათა გაენადგურებინა მასში სულის სათნოებანი" (Святитель Иоанн Златоуст. Fragmentain Beatum Job. 1. PG. 64.Col. 533D-536A. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. Отрывки на книгу блаженного Иова. 1 // Творения. Т. 12. Кн. 3. С. 1021-1022).
 
 
"მიუგო სატანამ და თქვა უფლის წინაშე: ტყუილუბრალოდ ემსახურება იობი უფალს? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარი და საბადებელი? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, - (აბა), თუ გაქოს?" (იობი. 1:9-11).
 
 
უპირველესად სატანა აქ ავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ იობს ღმრთისა იმიტომ კი არ ეშინია, რომ უყვარს იგი, - არა "ტყუილუბრალოდ". სინამდვილეში იობი, ეშმაკის აზრით, ღვთისმოშიშია მხოლოდ გარეგნულად, ფორმალურად, - მხოლოდ იმიტომ, რომ ღმრთისგან მატერიალური, ყოფა-ცხოვრებითი გამორჩენის მიღებას ელტვის. სატანის აზრით, იობი იმ კერპთაყვანისმცემელი წარმართების მსგავსია, რომლებიც მათი რელიგიით დაწესებული ნორმების დაცვით უმაღლეს ძალთა გულებს იმადლიერებენ, რათა მათგან მიწიერი კეთილდღეობისთვის საჭირო ყოველივე აუცილებელი მიიღონ. აი ასე, წმ. გრიგოლ დიდის თქმით, სატანა "მზაკვრულად ამტკიცებდა, რომ იობი ღმრთისმსახურებისთვის კი არ ფლობდა თავის ქონებას, არამედ ღმერთს პატივს მიაგებდა იმისთვის, რათა შეძლებულად ეცხოვრა. არიან ადამიანები, რომლებიც კეთილგონივრულად იყენებენ ამ ქვეყნიერებას, რათა დატკბნენ ღმრთის სიკეთით. და არიან ადამიანები, რომლებსაც ზერელედ სურთ ღმერთის გამოყენება, რათა დატკბნენ ამ წუთისოფლით... (სატანა) ცილს სწამებს იობს, თითქოსდა ის ღმერთს სიყვარულის გამო კი არ ემსახურება, არამედ დროებითი კეთილდღეობის გამო, რომ ის მხოლოდ გარეგნულად არის ღვთივსათნო" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 15. PL. 75. Col 563B).
 
გარდა ამისა, სატანის აზრით, იობი უზადოდ ცხოვრობს კიდევ იმიტომ, რომ თვით ღმერთმა დაიცვა მარტალი, მისი ოჯახი, ასევე მთელი მისი ქონება დემონთა თავდასხმებისგან, საცდურებისგან და ადამიანთა ცხოვრებაში დაშვებული ნებისმიერი უბედურებებისგან. ეშმაკის რწმენით, იობს ღმერთმა ერთგვარი "მაქსიმალური კეთილდღეობის რეჟიმი" შეუქმნა, რომელიც მას არანაირ გარეგან მიზეზს არ აძლევს ჩაიდინოს ცოდვა, და მითუმეტეს, - უარყოს ღმერთი.
 
წმიდა გრიგოლის ინტერპრეტაციაში, აქ "სატანა ლაპარაკობს იმაზე, რომ იობი და მისი სახლეულობა ღმრთითდაცულები არიან ისე, რომ ეშმაკმა აქამომდე ვერ შეძლო მასში შეღწევა, რომ ეცდუნებინა მისი სინდისი" (Там же. И. 44. PL. 75. Col. 577B). ამასთან სატანა, წმ. გრიგოლის აზრით, თითქოსდა მიანიშნებს ღმერთს: "რა არის გასაკვირი, თუკი მას, ვისაც ესოდენი სიკეთეები მიუღია დედამიწაზე, თვითონაც უცოდველი იყოს? ის ნამდვილად უცოდველი იქნებოდა, კეთილად რომ ეცხოვრა უბედურებათა შორის. რატომ იწოდება ის დიდად, თუკი ყოველ მის საქმეს თან სდევს მრავალგვაროვანი ჯილდო?" (Там же. II. 15. PL. 75. Col. 562D).
 
შემდეგ სატანა ღმერთს სთავაზობს თვითონვე დარწმუნდეს, რომ, უბადრუკ მდგომარეობაში იობი ვერ შეძლებს დაიცვას თავისი ადრინდელი ღვთისმოშიშება, დაიწყებს წუწუნს ღმერთზე და მას დაგმობს. ამიტომაც სთხოვს ეშმაკი შემოქმედს: "გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, - (აბა), თუ გაქოს?" (იობი. 1:11).
 
იგივე წმიდა გრიგოლი ასეც ახდენს სატანის ამ აზრის პერიფრაზირებას, როდესაც ამტკიცებს, რომ "ამით მას ერთგვარად სურს თქვას: "წაიღე ის, რაც მას მიეცი. თუკი ის დაკარგავს შენგან მიღებულს, და არ დაიწყებს შენი ნებელობის ძიებას, თუკი მას დროებითი საგნები წაერთმევა. რადგან თუკი მათით ტკბობის შესაძლებლობა წაერთმევა, ბოროტსიტყვაობით შეიძულებს შენს სიკეთეს" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 18. PL. 75. Col. 564B). "ის თითქოსდა ღიად ამბობს: "გამოვცადოთ ადამიანი ჭირვებებით და შევიტყობთ, რომ ის ... ცოდვილია"" (იქვე. II. 45. PL. 75. Col. 577C).
 
ამრიგად, სატანას სჯერა, რომ იობი, რომელიც დიდად სათნო ადამიანია, ასეთად რჩება მანამ, სანამ ღმრთის ძალის მიერ არის დაცული, მაგრამ, შესაძლოა ჩავარდეს ცოდვაში, - თუკი მას შეეხებიან ტანჯვანი და უბედურებანი" (იქვე). ამასთან სატანა, რომელსაც ძლიერ სწყურია იობის გამოცდა, თავისთავად, ღმრთის ნების გარეშე, ვერ ბედავს თავისი განზრახვის განხორციელებას. როგორც გვახსოვს, ის ღმერთს ევედრებოდა: "აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, - (აბა), თუ გაქოს?" (იობი. 1:9-11).
 
რა თქმა უნდა, ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ სატანა ღმერთს მოუწოდებდეს თვითონ გახდეს იობის მტანჯველი. ღმერთი კი არ აღმოჩნდება აქ მართლის მტაჯნველი - ამ როლზე პრეტენზიას თვით სატანა აცხადებს. და ამავდროულად მხოლოდ უფალს შეუძლია ნება მისცეს ეშმაკს დაიწყოს თავისი ომი იობის წინააღმდეგ, დაუშვას, რომ თავს დაესხას წმინდანს. ბრმა დიდიმეს თქმით, "საღმრთო დაშვების გარეშე ვერავინ დაექვემდებარება განსაცდელებს" (Дидим Слепец. Commentarius in Job (J –4). РТА. 1. S. 86. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 6).
 
წმ. გრიგოლ დიალოგოსი ამასთან დაკავშირებით წერს: "უნდა აღვნიშნოთ, რომ, როდესაც სატანა ისწრაფვის წმიდა კაცის გამოცდას, ის ამას უფალს სთხოვს, რათა მან თავისი ხელი გაიწვდინოს იობის წინააღმდეგ. რადგან, თუმც ეშმაკი უჩვეულო ამპარტავნებით მედიდურობს თვით შემოქმედზე, მაინც ვერ აღიარებს საკუთარ ძალას შეეხოს იობს. ეშმაკმა იცის, რომ თვითონ ვერაფერს გააწყობს, რადგან სულიც მასში (მისი შექმნისას) მისგანვე როდი გაჩნდა. ამიტომ არის, რომ სახარებაში ადამიანისგან განდევნილი ლეგიონი ამბობს: "... თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ" (მთ. 8:31). რა არის გასაკვირი, თუკი ის, ვისაც ღორების კოლტში შესვლაც არ ძალუძს, შემოქმედის ხელის შეხების გარეშე წმიდა კაცის სახლეულობას შეეხოს?" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 16. PL. 75. Col. 563CD).
 
იობის წიგნის ამავე ფრაგმენტის განმარტებისას ღორების კოლტის სახეს წმ. იოანე ოქროპირიც იხსენებს: "ამრიგად, ეშმაკს არ შეეძლო ეომა იობის წინააღმდეგ, თუკი ამას ღმერთი არ დაუშვებდა. და არ გაგიკვირდეს, საყვარელო, რომ, სანამ ღმრთისგან არ მიიღებდა ნებართვას, ეშმაკს არ ჰქონდა ძალაუფლება იოებზე. რადგან მას თვით ღორებზეც კი არა აქვს ძალაუფლება. ისმინე, როგორც ითხოვს ლეგიონი, როცა ამბობს: "... თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ" (მთ. 8:31). თუკი ღორებზეც არა აქვს ძალა ნებართვის გარეშე, რა უფლება შეიძლება ჰქონდეს ღმრთის ხატად შექმნილ ადამიანზე უნებართვოდ?" (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 3. 1. PG. 56. Col. 571. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 3. 1 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 924).
 
ამასთან, წმ. გრიგოლის აზრით, ადამიანს ამგვარი ღმრთითდაშვებული დემონური თავდასხმის დროს საერთოდ არ უნდა ეშინოდეს სატანის: "არ არის საჭირო გვეშინოდეს იმისა, ვინც მხოლოდ მაშინაა ძლიერი, როცა ამის ნებართვას აძლევენ" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 17. PL. 75. Col. 564A); რადგან ყოველგვარი ბოროტება, რაც ჩვენს თავს ხდება, - მათ შორის განსაცდელები, - ღმრთის მიერ არის დაშვებული ჩვენივ სასარგებლოდ: ზნეობრივი გამოსწორების ან სულიერი სრულყოფილებისთვის.
 
ამრიგად, იობის მიერ უმეტესი დიდებისა და სიწმიდის მისაღწევად ღმერთი უშვებს მართლის ტანჯვას - ხოლო სატანის თხოვნის პასუხად გამოსცადოს იობი:
 
 
"უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლის პირისგან" (იობი. 1:12).
 
 
ამგვარი, ღმრთითდაშვებული განსაცდელების მნიშვნელობაზე - იობის ისტორიასთან კავშირში - მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი ასე წერს: სატანას "... ჩვენზე ძალაუფლება ეძლევა ორმაგი მიზნით: ან ჩვენი დასჯისთვის, როდესაც ვცოდავთ, ან კიდევ დიდებისთვის, როდესაც გამოვიცდებით, როგორც ეს იყო იობის შემთხვევაში, ღმრთის ნათელი მითითების მიხედვით, რომელიც ამბობს: "აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები" (იობი 1:12) (Священномученик Киприан Карфагенский. Liber De Oratione Dominica. XXVI. PL. 4. Col. 53TAB. Русский перевод: Священномученик Киприан Карфагенский. Книга о молитве Господней. Творения. М., 1999. С. 267).
 
იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა მოაქვს მართალთათვის განსაცდელებს ნათლად წერს წმ. გრიგოლ დიდიც: "სატანა თუ აშფოთებს სულის სათნოებებს, ის... სიღრმემდე მაინც ვერ აზიანებს კეთილ ადამიანთა გულებს. მას მხოლოდ იმდენად ეძლევა მათ წინააღმდეგ ბობოქრობის უფლება, რამდენადაც ეს აუცილებელია, რათა ისინი გაძლიერდნენ, იზარდონ განსაცდელებში და თავიანთ ძალებს არ მიაწერონ ის კეთილი საქმეები, რომელთაც აღასრულებენ; რათა არ დაიკარგონ უმოქმედობაში ჭარბი უსაფრთხოების შედეგად და არ დაუძლურდნენ შიშის დაცემის გამო. თავიანთი წარმატებისთვის რამდენადაც იფხიზლებენ (სულის სათნოებათა) სადარაჯოზე, იმდენად ხშირად იხილავენ საკუთარ თავს საცდურებში მტრის წინააღმდეგ ამხედრებულთ" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 70. PL. 75. Col. 588B).
 
ღმერთი ნებას აძლევს ეშმაკს თავს დაესხას იობს, აწამოს და ტანჯოს იგი, მიიყვანოს მწუხარებისა და სასოწარკვეთის ფსკერამდე სწორედ იმიტომ, რომ ზრუნავს მის დიდებასა და სულიერ სარგებლობაზე, დედამიწასა და ცაში ღმერთთან მისი მომავალი ურთიერთობის სიხარულზე - უკვე ახალაღთქმისეული რეალობის პერსპექტივაში - ღმრთითთანაზიარობაზე.
 
ასე, მაგალითად, ორიგენეს თქმით, "რაც შეეხება წმინდანებს, მათთვის უკეთესია ის, რაც მათ წინააღმდეგაა, რადგან მათ შეუძლიათ გამარჯვების მოპოვება და, როდესაც გაიმარჯვებენ, ღმრთისგან უმეტეს დიდებას მოიხვეჭენ. საერთოდ, როდესაც ეშმაკმა ითხოვა ძალაუფლება მიცემოდა იობზე (შეად.: იობი 1:9), თავდამსხმელი სუპოსტატი მისი განსაკუთრებული დიდების მიზეზი გახდა მასზე (სატანაზე) გამარჯვების შემდეგ (შეად.: იობი 42:10). ეს დასტურდება მით, რომ, რაც აქ დაკარგა იობმა, უკან ორმაგად დაიბრუნა; მსგავსადვე მიიღებს ის ყოველივეს ზეციურ სავანეებში" (Ориген. Homiliae in Genesim 1.10. PG. 12. Col. 153C. Русский перевод: Ориген. Гомилия I на Бытие. Вестник ПСТГУ I: Богословие. Философия. 2008. Вып. 1 (21). С. 32).
 
იმავე საგანზე შესანიშნავად წერს წმ. გრიგოლ დიდიც: "... როდესაც ბოროტი სულები სათნო ადამიანთა გულების დათრგუნვას ცდილობენ, ამით, მათდა უნებურად, უფლის სიყვარულს აზიარებენ. შედეგად, ღმერთთან მშვიდობა იქ უფრო მტკიცდება, სადაც სუპოსტატები გააფთრებულად გვიტევენ" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. VI. 51. PL. 75. Col. 757B).
 
სწორედ ამგვარად იობიც - საკუთარი ტანჯვების შედეგად - უფრო ძლიერ, ვიდრე ადრე, გათანგული მწყურვალივით იწყებს საღმრთო სიყვარულის ძიებას: როგორც შემოქმედთან პირად შეხვედრას და ღმრთითდამკვიდრების გამოცდილებას.
 
ამასთან ის ყოველივე ამას იძენს სწორედ საკუთარი ტანჯვის წყალობით, ასევე - მტრის თავდასხმების შედეგად. ეს სიყვარული მისთვის სატანურ განსაცდელებთან და მათზე გამარჯვების ნაყოფით გამოწვეული გამოცდილების შედეგი გახდა: სწორედ მათით მოიპოვა მან შესაძლებლობა უფალთან პირადი შეხვედრისა და საღმრთო სიყვარულიც მოიხვეჭა.
 
რა თქმა უნდა საკითხი ღმრთის მიერ იობის ტანჯვის მიზეზებზე (ისევე, როგორც ნებისმიერი მართლის ტანჯვაზე) შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: საერთოდ, რატომ უშვებს ღმერთი იობის გამოცდას, თუკი მან - როგორც ყოვლისმცოდნემ - ადრიდანვე წინასწარ უწყის, რომ ის გაიმარჯვებს? წმ. გრიგოლის თქმითაც "საჭიროა ვიცოდეთ, რომ ღმრთის დაშვებით იობის სიმართლე არანაირად იქნებოდა (სატანის მიერ) გამოცდილი, ღმერთს წინდაწინ რომ არ ცოდნოდა, რომ იობი გაუძლებდა ამ გამოცდას" (Там же. XXXV. 9. PL. 76. Col. 754D-755A).
 
ღმერთი, სატანისგან განსხვავებით, თავისი აბსოლუტური წინამცოდნეობის ძალით მტკიცედ არის დარწმუნებული იმაში, თუ როგორი იქნება ამ დავის შედეგი. ამიტომაც ის არ შიშობს მისი საყვარელი მართლის გამო. აი რას წერს წმ. იოანე ოქროპირი ღმრთის აბსოლუტურ წინამცნობელობაზე, რომელიც გამოიხატება როგორც იმაში, რომ მან წინდაწინ იცოდა სატანურ საცდურებთან იობის შერკინების საბოლოო შედეგი, ასევე ისიც, რომ მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი ამგვარი ბრძოლის ნამდვილი მიზეზები: "ბრძოლის დროს (რომელიც ეშმაკმა აღმართა იობის წინააღმდეგ), არავისთვის, ღმრთის გარდა, ამ ბრძოლის მიზანი ცნობილი არ ყოფილა. იობისთვის უცნობი იყო ბრძოლის მიზეზი, მან არც ის იცოდა, რომ ამ ღვაწლს მისი სულიერი გამოწრთობა ჰქონდა მიზნად. არც იობის მეგობრებმა იცოდნენ ღმრთის განზრახვა, არც ეშმაკმა იცოდა მომავალი. რადგან, ცხადია, მას (ეშმაკს) რომ ცოდნოდა დამარცხდებოდა იობთან, არც კი დაესხმოდა მას თავს. იობისთვისაც უცნობი იყო თავისი ბრძოლის შედეგები; რომ ღმერთმა ის ასეთ განსაცდელს თავისი დაშვებულობით მისცა. იობმა ეს გაიგო მხოლოდ მაშინ, როდესაც უფალმა ამცნო ამის შესახებ. ეშმაკმა კი არ იცოდა, რა შედეგს გამოიღებდა ეს შერკინება. რომ ცოდნოდა, არც კი ეცდებოდა იობის ცდუნებას, რათა საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი შერცხვენა არ გადმოეწვია... ამრიგად, ყველანი უცნობლობაში იყვნენ, ღმრთის გარდა" (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 4. 3. PG. 56. Col. 579. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 4. 3 // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 938).
 
მაგრამ თუკი უფალმა წინდაწინვე იცოდა ეშმაკთან ბრძოლის საბოლოო შედეგი, მაშინ საერთოდ რაში სჭირდებოდა ეს შერკინება? რატომ არის საჭირო ადამიანის ასეთი ტანჯვა, თუკი საცდურებთან იობის შებრძოლება წინდაწინ ცდნობილია? სწორედ იმიტომ, რომ უფალი ადამიანისგან არა უბრალოდ კეთილ განზრახვას ელოდება, ან კიდევ ჩვენს შინაგან მზადყოფნას რაღაცის გამო, არამედ ქცევას: რადგან ქცევა ყოველთვის თავისუფალია (ხოლო ღმერთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თავისუფალი სინერგია მასთან ცხონების საქმეში); და კიდევ იმიტომ, რომ ყოველგვარი საქციელი ცვლის ადამიანს. ჩვენი ყოველი საქციელი გვცვლის ჩვენ - უკეთესი ან უარესი მიმართულებით.
 
იობის საქციელი - ქმედითი და მორჩილი ატანა მის თავს დატეხილ უბედურებათა, და მის სანაცვლოდ, ქმედითი ძიება ღვთის სიყვარულისა მთელი მისი ტანჯვის განმავლობაში - საფუძველშივე ცვლის იობს; სწორედ მათ შეაძლებინეს მათ - როგორც ბიბლიური წიგნის ფინალში ვნახავთ - ჭეშმარიტი ღმრთითდავანებულობა. ტანჯვამდე იობს ღმერთის სწამდა, რომელიც მას ზეციური კამარიდან დაჰყურებდა, მაგრამ ტანჯვათა დასრულების შემდეგ, ის ღმერთს შეუერთდა...
 
ამრიგად, იობის მთელი ქონება, ისევე, როგორც მთელი მისი ოჯახი, ამიერიდან - უფლის ნებით, რომელიც ამბობს: "აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი!" (იობი 1:12), - მისაწვდომია დემონური თავდასხმებისთვის და განადგურებისთვისაც. მხოლოდ თვით იობი - მისი სიცოცხლე და ფიზიკური ჯანმრთელობა - ღმრთის ნებით, ეშმაკისთვის მიუწვდომელი რჩება: "ოღონდ თავად მას ნუ შეეხები" (იობი 1:12). იმის მიხედვით, თუ როგორ განმარტავს ამ სიტყვებს წმ. გრიგოლ დიდი, ვხედავთ, რომ "ყველაფერი, რაც კი იობს გააჩნია, ეშმაკისთვის ხელმისაწვდომი ხდება, მაგრამ მაცდურის ხელი, მიმართული თვით იობისკენ, ღმრთის მიერ შეკავებულია; თუმცა შემდეგ ესეც ნებადართული გახდება, როდესაც იობი დაკარგავს მთელ ქონებას..." (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 46. PL. 75. Col. 577D).
 
ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დაუშვებს იობზე სატანის თავდასხმას, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს მის ძალას და დამანგრეველ ძლიერებას - ზუსტად იმ დონემდე, რომლის ატანასაც იობის კაცობრივი ძალები შეძლებენ. განსაცდელთა მედგრად გადატანასთან ერთად მართლის სიმტკიცე კიდევ უფრო იზრდება, და მაშინ უფალი მასზე კიდევ უფრო დიდ - ამჯერად ფიზიკურ - სატანჯველს დაუშვებს. საერთოდ, ღმერთი არავის აძლევს ისეთ ჯვარს და სატანჯველს, რომლის ტარებაც ადამიანს არ ძალუძს. სწორია ეს იობის შემთხვევაშიც.
 
ასე, მაგალითად, წმ. გრიგოლ დიდის აზრით, "უფლის სიტყვებში: "აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები" (იობი 1:12) უ ნდა დავინახოთ წმიდა სიყვარულის მოფენა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ღმერთი ერთდროულად უფლებას აძლევს ჩვენს მტერს იმოქმედოს, და აკავებს კიდევაც მას, მიუშვებს და ზღუდავს. ნებას იძლევა რაღაც მოხდეს განსაცდელისთვის, მაგრამ სხვა დანარჩენისგან იცავს... აძლევს იობის საბადებელს, მაგრამ იცავს მის სხეულს, თუმცა მოგვიანებით ისიც მაცდურს გადაეცემა. ღმერთი ყველაფერთან ერთდროულად როდი მიუშვებს მტერს, რათა მან ყოველმხრივი განადგურებით არ მოსპოს ღვთის მონა" (იქვე. II. 19. PL. 75. Col. 564C).
 
ამრიგად, გრიგოლ დიალოგოსის ფორმულირებით, სიტყვებით "ოღონდ თავად მას ნუ შეეხები" (იობი. 1:12), ღმერთი "ზღუდავს ეშმაკს დაშვებული განსაცდელის გადაჭარბებული ზეწოლისგან" (Там же. II. 12. PL. 75. Col. 561D-562A). ამავდროულად ის თითქოსდა სრულიად განზე გადის, იობს სრულ ღმრთითმიტოვებულობაში ტოვებს, განსაცდელთა დათმენაში მოაკლებს მას თავის მადლისმიერ შეწევნას. სპორტის სფეროდან აღებული მკაფიო და ცხოვრებისეული მაგალითის შესაბამისად, რომელსაც გვთავაზობს წმ. იოანე ოქროპირი, ღმერთი აქ ერთგვარად "მთელ მსოფლიოს იწვევს სანახაობაზე", შემდეგ კი "მებრძოლს მარტო ტოვებს, თვითონ კი განზე დგება. რათა ვინმემ არ თქვას, მთელი გამარჯვება მისი, ანუ ღმერთის არისო. უფალი შორს იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა მებრძოლის შერკინებას. თუმც მებრძოლებს ჰყავთ მასწავლებელი, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ ღმერთი, გამარჯვება ბრწყინვალე რომ იყოს, არ ასწავლის თავის შეგირდს ბრძოლის წესებს, არამედ ბრძოლაში მარტოდ და უიარაღოდ ტოვებს" (ლათინური თარგმანი: In Isaiam prophetam interpretatio Sancti Joannis Chrysostomi, archiepiscopi Constantinopolitani. XIV. 28–29. P. 172. რუსული თარგმანი: Святитель Иоанн Златоуст. Толкование на пророка Исайю. XIV. 28–29. Т. 6. Кн. 1. С. 145).
 
ამის შესახებ წერს ბრმა დიდიმეც: "ყოველთა უფალი არ სწვევია (განსაცდელებში) იობს არა სიძულვილის გამო, არამედ რათა ეჩვენებინა მტრისთვის, რომ მის ბოროტებას არანაირი ძალა არა აქვს ადამიანის სათნოების წინაშე", რადგან, "ღმრთის ჩანაფიქრით, იობს შერკინების ნება მიეცა" სწორედ იმიტომ, რათა "ბრწყინვალედ წარმოჩენილიყო ნეტარის ღვაწლი" (Дидим Слепец. Commentarius in Job (5.1–6.29). 6.15. РТА. 2. S. 160. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 45).
 
ამასთანავე ასეთი ღმრთითმიტოვებულობა, წმ. გრიგოლ დიდის აზრით, მოწოდებულია - პარადოქსალური სახით - კი არ დაღუპოს მართალი, არამედ ბრძოლაშივე შეინარჩუნოს იგი. სწორედ იმ ერთს ძალუძს აიყვანოს ის სრულყოფილების ახალ საფეხურზე: ისწავლოს საკუთარი უძლურების დანახვა და, ერთდროულად, განსაცდელებში მხოლოდ თავისი შემოქმედის იმედიღა ჰქონდეს. როგორც დიალოგოსი წერს, როდესაც ღმრთითმიტოვებულ მართლებში უფლის მიერ დაშვებული მსგავსი ღვაწლის სულიერ აზრზე ვლაპარაკობთ, "ღმერთი გვტოვებს იმისთვის, რათა შეგვინარჩუნოს; და ის გვინარჩუნებს იმით, რომ დაშვებულ ვითარებებში განსაცდელები გვიაშკარავებენ ჩვენი უძლურების მდგომარეობას" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. III. 57. PL. 75. Col. 627BC).
 
ამრიგად, ძველი ეგზეგეტები ხაზს უსვამენ, რომ იობი შედის ამ ბრძოლაში და შემდეგშიც სატანას მხოლო საკუთარი ძალებით უპირისპირდება; ღმერთი კი მას  მხოლოდ ერთ რამეში შეეწევა - არ დაუშვებს, რათა ეს განსაცდელები აღემატონ იობის სიმტკიცის ზომას. ოდნავ თუ განვავითარებთ ოქროპირის მიერ შემოთავაზებულ სპორტულ შედარებას, შეიძლება ვთქვათ, რომ უფალი აქ არა მარტო "მორკინალის მასწავლებელია", არამედ მიმდინარე ბრძოლის მიუკერძოებელი მსაჯულიც, რომელიც მკაცრად ადევნებს თვალს იმას, რათა სატანამ არ დაარღვიოს მართალსა და ეშმაკს შორის "შეჯიბრის" ღმრთითდადგენილი წესები.
 
თავის განსაცდელებში იობისადმი ამ ერთადერთი ფორმით საღმრთო შეწევნის შესახებ, როგორც ეშმაკის თავდასხმების შემკავებელსა და შემზღუდავზე, რაც ითვალისწინებს იობის ადამიანურ შესაძლებლობებს აღმატებული განსაცდელების არ დაშვებას ღმრთის მიერ, მოწმობს ღირ. იოანე კასიანე რომაელი: "იობს ამ ბრძოლაში მტრის მრავალგვაროვანი ხრიკები თავისი სათნოებების გარეშე, მხოლოდ ღმრთის მადლის შეწევნით რომ დაემარცხებინა, მაშინ ეშმაკი დაუყოვნებლივ გაიმეორებდა თავის ადრინდელ ცილისწამებას მასზე: "... ტყუილუბრალოდ ემსახურება იობი უფალს? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარი და საბადებელი? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, - (აბა), თუ გაქოს?" მაგრამ რაკიღა მან ბრძოლის შემდეგ არ წარმოთქვა ეს ცილისწამება, ეს ნიშნავს, რომ იობმა ის საკუთარი ძალისხმევით დაამარცხა. თუმცა, ღმრთის მადლი მაინც არ ტოვებდა იობს, რათა მაცდურს ადამიანურ ძალებზე აღმატებული განსაცდელებით არ დაეტვირთა იგი, რის გამოც უფალმა დაუშვა იობი გამოცდილიყო იმ ზომით, რა ზომითაც შეძლებდა ამის ატანას განსაცდელში მყოფის სათნოებანი" (Преподобный Иоанн Кассиан Римлянин. Collationes. XIII. 14. PL. 49. Col. 934A-935B. Русский перевод: Преподобный Иоанн Кассиан Римлянин. Собеседование 13. 14. Писания. С. 414).
 
მიიღო რა ღმრთისგან იობზე თავდასხმის ნება, სატანა იმწამსვე გადის ზეციური სავანეებიდან იმისთვის, რათა მაშინათვე განახორციელოს თავისი მტრული ჩანაფიქრი და, დიალოგისის მკაფიო გამოთქმით, "თავისი ბოროტი წყურვილი დაიკმაყოფილოს" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 47. PL. 75. Col. 578A).
 
 
"და გავიდა სატანა უფლის პირისგან" (იობი 1:12).
 
 
ამ ბიბლიურ სიტყვებთან დაკავშირებით წმ. გრიგოლ დიდი სვამს კითხვას, რომელსაც თვითონვე პასუხობს: "როგორ გამოვიდა სატანა მისგან, ვინც არასოდეს იმყოფება სხეულებრივად და ყველგანმყოფია თავისი უსაზღვრო არსით? სანამ სატანა, სიწმიდის ძალით დათრგუნული, ერთგვარად ღმრთის პირის წინაშე იდგა, მას არ ჰქონდა ძალა განეხორციელებინა თავისი ბოროტი ჩანაფიქრი. მაგრამ, როგორც კი გამოვიდა უფლისგან, ანუ, ღმერთმა ის გაათავისუფლა თავისი შინაგანი შეკავებულობისგან, ... მიიღო ცდუნების შესაძლებლობა და იმწამსვე შეუდგა თავისი ბოროტების განხორციელებას" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. II. 21. PL. 75. Col. 566A).
 
ბრმა დიდიმეს აზრით, სიტყვები "გავიდა სატანა უფლის პირისგან" (იობი 1:12), აქ გამოყენებულია ეშმაკთან მიმართებაში, რაც კიდევ იმას ნიშნავს, რომ "მას (სატანას) არა აქვს ღმერთის ხსომება", რადგან მიდმივ ღმრთითსაწინააღმდეგო ნებაში, ერთგვარად "უფლის გარეთ" იმყოფება, შორდება თავის უფალს, როგორც ოდესღაც ჩამოშორდა მას კაენიც, "რომლის შესახებაც ითქმის: "გამოვიდა კაენი ღმრთის პირისგან" (დაბ. 4:16)" (Дидим Слепец. Commentarius in Job (1–4). 1. 12. РТА. 1. S. 88).


გაგრძელება იქნება

წყარო: რეკომენდებულია გამოსაცემად რმე-ს საგამომცემლო საბჭოს მიერ. М.: Изд-во Сретенского монастыря, 2014. – 880 с.
 
ნაშრომის ქართული თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2024 წ.
Назад к содержимому