სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
რას ნიშნავს, რომ ისრაელის ნატამალი გადარჩება?
რას ეხება ეზეკიელის ეს წინასწარმეტყველება?
ეზეკიელის წინასწარმეტყველებებიდან შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე ძირითადი აზრი, რომელთა მიტანაც სურს ღმერთს წინასწარმეტყველის პირით ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველებამდე.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ პირველ აზრს, რომელიც სანუგეშოა ებრაელთათვის - ეს არის იდეა ისრაელი ხალხის ნატამალის შესახებ, რომელიც გადარჩება და აღთქმულ მიწას დაუბრუნდება, აღადგენს იერუსალემს და უფლის ახალ ტაძარს ააშენებს.
"დაგიტოვებთ ნატამალს, რომ გყავდეთ ხალხებში მახვილს გადარჩენილნი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტებიან" (ეზეკ. 6:8).
წინასწარმეტყველი ეზეკიელი ხალხს ეუბნება, რომ ღმერთმა ისინი არ მიატოვა, თუმც ტყვეობაში იმყოფებიან, მაგრამ უნდა დაიცვან ღმრთის მცნებები და მაშინ მოიწევა გათავისუფლება.
ისინი შეძლებენ თავიანთ მიწაზე დაბრუნებას და ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას. თუმცა, დაბრუნდება და გადარჩება არა მთელი ერი, არამედ მხოლოდ ნატამალი, რომელიც ღმრთის ერთგულია.
ქრისტეც ამბობს სახარებაში, რომ მცირედნი გადარჩებიან: "ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას" (მთ. 7:21).
"ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი" (მთ. 22:14).
სხვა ადგილას მაცხოვარი ამბობს, რომ ადამიანთა უმეტესობა ვერ შევა ცათა სასუფეველში:
"ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ" (ლკ. 13:23-24).
კაცობრიობის მთელი უბედურება იმაშია, რომ ცხონებას შეძლებს მხოლოდ მცირე სამწყსო, დანარჩენი ადამიანები კი წარწყმდებიან.
წინასწარმეტყველებაში ისრაელის ნატამალის შესახებ მოცემულია სულიერი სიღრმე. წინასწარმეტყველი ლაპარაკობს არა მარტო თანამემამულეთა ტყვეობაზე, რომლებიც გადარჩებიან და აღთქმულ მიწაზე დაბრუნდებიან.
ეს წინასწარმეტყველება გამსჭვალავას მთელ დროით სივრცეს და ისტორიუილ პერიოდებს, რადგან ის მეტაქრონოლოგიურია და მეტაისტორიულია.
ნატამალი - ეს არის ისრაელის მესიანური დანიშნულება, რომელიც ქრისტეს ირწმუნებს, როგორც მესიას და ქვეყნიერების მაცხოვარს.
ნატამალი - ესენი არიან მოციქულები და ის იუდეოქრისტიანები, რომლებმაც ირწმუნეს მოციქულთა ქადაგებისა, და საფუძველი ჩაუყარეს ქრისტიანულ ეკლესიას.
მთელმა იუდეველმა ერმა როდი მიიღო ქრისტე, არამედ მისმა მხოლოდ ნატამალმა. ისინი, ვინც ირწმუნა ქრისტე - ცხონდა, ხოლო ვინც არ ირწმუნა - წარწყმდა.
როგორც წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი მოწმობს:
"ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი" (ინ. 3:18).
ასევე მოციქული მარკოზი:
"ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მკ. 16:16).
მეტიც, ქრისტესადმი ურწმუნო იუდეველები წარწყმდნენ არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც, როდესაც რომის ჯარმა ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს მეთაურობით ქალაქი იერუსალიმი გააცამტვერა და ღმრთის ტაძარი საფუძვლამდე დაანგრია.
როგორც იწინასწარმეტყველა ეს უფალმა იესუ ქრისტემ:
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა" (მთ. 24:2).
ხოლო ქრისტეს მოწაფეები ამ დროს იერუსალიმში არ იყვნენ, არამედ სახარების საქადაგებლად იყვნენ გასულნი, როგორც ეს მათ მაცხოვარმა ამცნო:
"მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:19-20).
მაშინ ახდა ეზეკიელის წინასწარმეტყველებაც: მთელი ისრაელი თითქმის ამოწყდა, მაგრამ მცირე ნატამალი ქრისტიანთა სახით გადარჩა.
ესენი ქრისტეს ის მიმდევრები არიან, რომელთა შესახებაც მოციქული პავლე წერს:
"ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი" (რომ. 11:5).
ამრიგად, ისრაელის ნატამალი - ესენი არიან ქრისტიანები იუდეველთა რიცხვიდან და წარმართებიდან, რომლებიც შევიდნენ ქრისტეს ეკლესიაში და, რომლებთანაც ქრისტემ დადო ახალი აღთქმა.
და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელობა ისრაელის ნატამალისა - ეს არის ახალი ზეციური იერუსალიმი, რომლის მოქალაქეებად ყოფნისკენაც უფალი ადამიანებს ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე მოუწოდებს.
ამ სულიერი ისრაელის შესახებ მოწმობს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი:
"მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან" (გამოცხ. 31:1-3).
ყველა ადამიანი როდი ცხონდება დედამიწაზე, არამედ ისინი, ვისაც, საკუთარი რწმენისა და ღვაწლის გამო ეღირსება ღმრთის სასუფეველში შესვლა და გახდება ის ნატამალი, რომლის შესახებაც ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა.
საიტი "აპოკალიფსისი". 2024 წ.
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.