საუბრები ბიბლიაზე - პასუხები ბიბლიის კრიტიკოსებს. აბრაამის "ცოდვა" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
პასუხები ბიბლიის კრიტიკოსებს
 
აბრაამის "ცოდვა"
მართალი აბრაამი
ავტორი: მღვდელი სერგეი პომეტნევი.
 
ბიბლიის ყურადღებით მკითხველთ ხშირად უჩნდებათ კითხვები ძველაღთქმისეულ მართალთა ცხოვრების ამა თუ იმ მომენტთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება წმიდად ითვლებოდეს ადამიანი, რომელმაც ზნეობრივი თვალსაზრისით საეჭვო ქმედებანი ჩაიდინა? წინამდებარე პუბლიკაციაში ვილაპარაკებთ ერთ-ერთ ასეთ ბიბლიურ ეპიზოდზე - აბრაამის მიერ თავისი ცოლის სარას ხარჭად გადაცემაზე ჯერ ეგვიპტელი ფარაონისთვის (დაბ. 12:11-20), შემდეგ კი მეფე აბიმელექისთვის (დაბ. 20:2). სტატიის ავტორი ცდილობს მოუძებნოს ახსნა ძველაღთქმისეული მართლის მოქმედებებს.
 
***
  
პორტალზე "Богослов.ру" გამოქვეყნდა სტატია: "Ориген об "иудейских баснях" в толкованиях на книгу Бытия" ("ორიგენე "იუდეველურ იგავ-არაკებზე" დაბადების წიგნის განმარტებებში"), სადაც ავტორი აანალიზებს ადრექრისტიანული და ავტორიტეტული ბერძენი ღვთისმეტყველის ორიგენეს ეგზეგეტიკურ მიდგომას წმიდა წერილისადმი და მის განმარტებას. მოცემული ანალიზი კეთდება არაერთგვაროვან ბიბლიურ მოვლენათა ეგზეგეზის მაგალითზე, როდესაც დიდმა პატრიარქმა აბრაამმა თავისი ცოლი სარა ჯერ ხარჭად გადასცა ეგვიპტელ ფარაონს (დაბ. 12:11-20), შემდეგ კი მეფე აბიმელექს (დაბ. 20:2).
 
არ შევუდგებით რა ორიგენეს საღვთისმეტყველო მეთოდების დეტალურ კვლევას და შეფასებას, შევნიშნავთ, რომ ორიგენე მისდევდა შეხედულებას იმის შესახებ, რომ აბრაამს, რომელიც ყოველი მორწმუნისთვის განასახიერებდა სიმართლისა და სამართლიანობის ბიბლიურ ხატს, შეუძლებელია ჰქონოდა რაიმე სულიერი მწიკვლი. ამიტომაც წმიდა წერილში აღწერილი ყოველი მისი მოქმედება არის მართალი, ანუ უცოდველი.
 
ორიგენეს შეხედულებებს უპირისპირდება მრავალ ავტორიტეტულ ქრისტიან კომენტატორთა აზრი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სულაც არ არის სავალდებულო ბიბლიური მართალი სიმართლეში თავიდანვე იყოს "სტატიკური". ის გადის განვითარების და სრულყოფის გზას, ამიტომაც დიდი პატრიარქებისა და წინასწარმეტყველების ზოგიერთ საქციელს შეიძლება გააჩნდეს არასრულყოფილების ან ცოდვის ნიშნები.
 
წმიდა წერილის განმარტების ქრისტიანულ ტრადიციაში, რომელიც ბევრწილ ეფუძნება წმ. იოანე ოქროპირის ეგზეგეზის მეთოდებს და შეხედულებებს, პატრიარქ აბრაამის ცოდვითი მოქმედების ფაქტი აღიარებულია, მაგრამ თვით აბრაამი გამართლებულია, და არა უბრალოდ გამართლებული, არამედ ამაღლებულიც როგორც უმაღლესი ზნეობრიობისა და მიბაძვის ღირსი მაგალითი.
 
ა. პ. ლოპუხინი, განავრცობს რა წმიდა მამათა მსჯელობას მოცემულ თემაზე და ეთანხმება რა აბრაამის მოქმედებაში "სულმოკლეობისა და ცბიერების" არსებობას, ამატებს; "სხვათა შორის, წმ. იოანე ოქროპირი საზოგადო სიკეთის გამო მეუღლეთა ამ ნებაყოფლობით თანხმობასა და საკუთარი ინტერესების მსხვერპლშეწირვაში (ერთმა დათმო - ქმრის უფლებები, მეორემ კი - ერთგული ქალის ღირსება) ხედავს მათი ცოლ-ქმრული სიყვარულის მიბაძვის ღირს გვირგვინსა და ნიმუშს" (Толковая Библия. Комментарий на все книги Священного Писания под редакцией А.П. Лопухина. Т. 1. ООО «Харвест». УП МФЦП, 2004, с. 51. URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_01/12).
 
ბევრს მსჯელობს ამ საგანზე მიტრ. ფილარეტ მოსკოველი. დეტალურად განიხილავს რა აბრაამის საქციელს, ფილარეტი საკმაოდ მტკიცედ და თავდაჯერებულად უარყოფს ყველა იმათ არგუმენტს, ვინც მამამთავარს ცოდვაში ადანაშაულებს. მაგრამ ისიც კი ვერ ბედავს ბოლომდე გაამართლოს აბრაამი და მასში არასრულყოფილების არსებობას აღიარებს: "ერთია, როგორც ჩანს, მისთვის საძრახისია, რომ თავისი ბედი უბრალოდ არ გადასცა ღმერთს, არამედ საკუთარი ძალისხმევით და ხრიკებით ეცადა უსაფრთხოების მოპოვებას" (Толкование на Книгу Бытия / святитель Филарет митр. Моск. и Колом. М.: Лепта-Пресс, 2004 (Тип. АО «Мол. гвардия»). С. 317. URL: https://azbyka.ru/otechnik/Filaret_Moskovskij/tolkovanie-na-knigu-bytija/2_16).
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ პატრიარქ აბრაამის არაერთგვაროვანი მოქმედების სულიერ-ზნეობრივი აღქმის სამ განსხვავებულ ვარიანტს:
 
1) აბრაამმა სცოდა;
 
2) აბრაამი სწორად მოიქცა;
 
3) აბრაამმა სცოდა, მაგრამ ეს ცოდვა საპატიოა.
 
მიტრ. ფილარეტის სიტყვები "თავისი ბედი უბრალოდ კი არ გადასცა ღმერთს, არამედ საკუთარი ძალისხმევით და ხრიკებით ეცადა უსაფრთხოების მოპოვებას" - საკმაოდ მძიმე ბრალდებაა მართლის მიმართ, მითუმეტეს თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სწორედ ღმრთისადმი უპირობო რწმენა ჩაეთვალა აბრაამს სიმართლედ.
 
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ უპირობო რწმენა აბრაამს ღმრთისგან სიმართლედ ჩაეთვალა უკვე იმ შემთხვევის შემდეგ, რაც აბრაამმა სარა მისცა ეგვიპტის ფარაონის ჰარემს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი შემთხვევა კვლავ განმეორდა რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე ისააკის დაბადების უწინარეს. მაშინ აბრამმა თავისი ცოლი ხარჭად მისცა აბიმელექს, რათა საკუთარი სიცოცხლე ეხსნა (დაბ. 20:2). ეს შემთხვევა, ეგვიპტური ისტორიისგან განსხვავებით, მოხდა უკვე იმის შემდეგ, რაც წერილში ითქვა: "ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს" (დაბ. 15:6).
 
უნდა ვაღიაროთ, რომ მოცემული ქმედება აღსრულდა არა სიმართლეში მზარდი ცოდვილის, არამედ, წმიდა წერილის შეფასებით, უკვე მართალი ადამიანის მიერ. მას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უფალი არათუ არც ერთხელ არ საყვედურობს აბრაამს ცოდვის გამო, არამედ რამოდენიმეჯერ აკურთხებს კიდეც. "ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი (სარას) გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები" (დაბ. 12:16). "აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი" (დაბ. 20:14). თანაც უფალი ორივე შემთხვევაში სჯიდა მეფეებსა და მათ ხალხებს ჯერ კიდევ მათ მიერ "უცნობელი" და აღუსრულებელი ცოდვის გამო (იხ. დაბ. 12:17; 20:3).
 
აუცილებელია გავიგოთ, თუ რატომ აღმოჩნდა აბრაამი გამართლებული ღმრთის წინაშე იმ ქმედებისთვის, რაც თანამედროვე ადამიანისთვის ამორალურია.
 
ერთხელ მაცხოვარმა იუდეველებს, რომლებიც თავს იწონებდნენ აბრაამთან ხორციელი ნათესაობით, უთხრა: "აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით" (იოანე 8:39). შევნიშნავთ, რომ უფალი არ ამბობს აბრაამის "მართალ" საქმეებსო. მსგავსი დაზუსტება აუცილებელი იქნებოდა, აბრაამს, სხვა მართალ საქმეებთან ერთად, მიბაძვისთვის უღირსი საქმეებიც რომ ჩაედინა. აქ აუცილებელია გავიხსენოთ მოციქულ იაკობის სიტყვები: "ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა" (იაკობი 2:10).
 
შეიძლება ვინმე შემოგვედაოს და თქვას, რომ სინას მთის სჯული გაჩნდა რამოდენიმე ასწლეულის შემდეგ და აბრაამთან მას არა აქვს არანაირი კავშირი. მაგრამ თანამედროვე ქრისტიანს, რომელიც ახალი აღთქმის ეპოქაში ცხოვრობს, მკაცრად რომ ვთქვათ, ასევე არა აქვს რაიმე კავშირი იუდაურ სჯულთან, და, მიუხედავად ამისა, სულიერი სრულყოფილების პრინციპი, რომელიც აღწერილია მოც. იაკობის ან მოც. პავლეს მიერ (იხ. გალატ. 5:3), ჩვენც გვეხება. თუკი ქრისტიანი დაარღვევს ნებარების თუნდაც ერთ მცნებას, ნუთი ის შეძლებს აღასრულოს ქრისტეს სჯული? მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს, მაგალითად, "მომაკვდინებელი ცოდვის" ცნებასთააც. ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ თუნდაც ერთ მათგანში ჩავარდნა, ადამიანს მთელ სულიერ მემკვიდრეობას დაუკარგავს.
 
ამიტომაც, აბრაამს მთლიანი სიწრფელე და სიმართლე რომ არ ჰქონოდა, ის ვერ იქნებოდა მისი სამაგალითო მაჩვენებელი. როგორც წერილი ბრძანებს: "ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან" (გალატ. 3:9).
 
მაგრამ, მაშინ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წმიდა წერილში მოხსენიებული სიმართლის სხვა მაგალითებთან? მაგალითად, დავით ფსალმუნთმგალობელთან, რომელმაც იმრუშა სხვის ცოლთან, შემდეგ კი მისი ქმარი მოკლა. ან მოციქულ პეტრესთან, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე?
 
პასუხი ნათელია, მას თვით წმიდა წერილი გვაძლევს. ყოველი უსამართლობა, რომელიც აღასრულა ამა თუ იმ ბიბლიურმა მართალმა, "განიწმინდა" მართლის სინანულით ან იმით, რომ ღმრთისეული დასჯა გადაიტანა. სხვა შემთხვევაში ერთიც და მეორეც, როგორც ეს მოხდა დავითის შემთხვევაში, როდესაც მან აღასრულა მოსახლეობის ღმრთისთვის არასათნო "აღწერა": "უთხრა დავითმა ღმერთს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი. დაელაპარაკა უფალი დავითის მისანს და უთხრა: წადი და დავითს უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო" (1 პარალიპომენონი (ნეშტთა) 21:8-10).
 
შეგვიძლია გავიხსენოთ დიდი მოსე. მიუხედავად იმისა, რომ ის ღმერთს "პირისპირ" ესაუბრა, ღმერთმა მაინც არ შეიყვანა აღთქმულ მიწაზე იმ შეცოდების გამო, რომელიც ერთხელ უდაბნოში ღმრთითრჩეულ ერთან ერთად მოგზაურობის დროს დაუშვა (იხ. მეორე რჯლ. 32:49-52). და ბოლოს, შეიძლება სანიმუშოდ მოვიტანოთ ყოველთა მამამთავარის, ადამის, ისტორია, რომელიც ასევე იძულებული იყო უფლისგან მოესმინა განაჩენი თავისი დანაშაულისთვის: "ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე" (დაბ. 3:17).
 
ცოდვას მოსდევს სამართლიანი დასჯა, და უფალს არასოდეს დაუტოვებია უყურადღებოდ უსამართლობა, მითუმეტეს არასოდეს მიუთითებია უსამართლობაზე ან ცოდვაზე, როგორც მისაბაძ მაგალითზე. და თუკი უფალმა ორჯერ აკურთხა აბრაამი, რომელსაც არა თუ არ შეუნანია, არამედ გაიმეორა კიდეც ადრე მოქმედებული საქციელი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - აბრაამი მართლაც სიმართლით მოიქცა.
 
რაში მდგომარეობს ყოველი ადამიანური საქციელის სამართლიანობა ან უსამართლობა?
 
ვეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვას, "შებრუნებული" მსჯელობის პრინციპის გამოყენებით. განვიხილოთ იმისი ვარიანტები, თუ როგორ შეეძლო აბრაამს მოცემულ სიტუაციაში მოქცეულიყო და რა შეეძლო გამოეწვია მის ამგვარ ქმედებას.
 
მიტრ. ფილარეტი წუხს იმაზე, რომ აბრაამმა თავისი ბედი ღმერთს არ მიანდო. მაგრამ საჭიროა ვკითხოთ საკუთარ თავს: როდის უნდა ექნა ეს აბრაამს? საბრაამი მთელი თავისი ოჯახით ადგა ჩვეული ადგილიდან და ეგვიპტეში წავიდა არა ისე, უბრალოდ, არამედ შიმშილობის გამო. თუ ღმრთისადმი საკუთრი ბედის მიბარებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ დასაბამიდანვე გვმართებდა დაწყება. ეს კი ნიშნავს, რომ აბრაამი არსადაც არ უნდა წასულიყო, და თავიდანვე ღმრთისთვის მიენდო საკუთარი თავიც და ოჯახის ბედიც და უბრალოდ მორჩილად დალოდებოდა, თუ როდის გამოუგზავნიდა ღმერთი უხვ მოსავალს მის მინდვრებზე. ეს არა მარტო უსაფრთხო იყო, არამედ, თითქოსდა სრულიად ღვთისმოსაობითიც.
 
მაგრამ, ღმრთისთვის საკუთარი ბედის ამგვარი მინდობა ღვთისმოსაობითი ჩანს მხოლოდ ერთი შეხედვით. ერთი მხრივ, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პატრიარქი იაკობი, რომელიც უფალმა თავისი განგებულებით მთელი ოჯახითურთ გადაასახლა ეგვიპტეში, როგორც ღმრთითგანმზადებულ ადგილზე, სადაც ღმრთითრჩეული ერი უნდა აღზევებულიყო და გამრავლებულიყო 9დაბ. 42). ან გავიხსენოთ მართალი იოსები, რომელიც, დაემორჩილა რა უფლის ანგელოზს, ცოლთან და შვილთან ერთად ეგვიპტეში გაექცა მეფე ჰეროდეს, რომელიც ყრმა ქრისტეს მოკვლას ცდილობდა (მათე 2).
 
განა არ შეეძლო ღმერთს იაკობი გამოეკვება და ქალწული მარიამი დაეცვა ყრმასთან ერთად ისე, რომ უცხო ქვეყანაში არ გადახვეწილიყვნენ? რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ თუკი გადასახლება მაინც საჭირო გახდა, იაკობის შიმშილი და დევნულება იოსებისთვის მხოლოდ საშუალება იყო მოგზაურობისა და საღმრთო განგებულების აღსრულებისა.
 
მეორე მხრივ, შეგვიძლია მოვიტანოთ მაგალითები წმიდა წერილიდან, როდესაც უფალი, პირიქით, უკრძალავს ისრაელ ერს ეგვიპტეში ეძებოს მტრებისგან თავშესაფარი (იხ. იერ. 42-44). და არა მარტო უკრძალავს, არამედ წინასწარმეტყველის მიერ მკაცრი სასჯელითაც ემუქრება დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ასევე შეგვიძლია დავიმოწმოთ წმიდა წერილის ადგილები იმის შესახებ, რომ ყოველთვის როდი ენება უფალს მოციქულ პავლეს სურვილები საქადაგებელი ადგილის შერჩევის თვალსაზრისით: "ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება" (საქმე 16:6-7).
 
ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ თუკი უფალმა ხელი არ შეუშალა აბრაამს გადასახლებულიყო ეგვიპტეში, რომელშიც ის მოახლოვებული შიმშილის გამო გადავიდა, მოცემული მოგზაურობა უფლისთვის სათნო იყო, რადგან ის აბრაამთან მიმართებაში საღმრთო განგებულების ნაწილი გახლდათ.
 
მაშ, როდის უნდა გადაეცა აბრაამს საკუთარი ბედი უფლის ხელში? დავუშვათ, რომ ეგვიპტეში ჩასვლის შემდეგ მან არ დამალა ის, რომ სარა არა მარტო მისი და არის, არამედ ცოლიც. მსგავსი გულწრფელობის შედეგი თვით აბრაამის მიერ იყო განსაზღვრული, რომელმაც სარას უთხრა: "როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ" (დაბ. 12:11-12). აბრაამის სიტყვების სამართლიანობას ადასტურებს მისი შთამომავლის დავითის ისტორია. ეგვიპტელ წარმართთაგან განსხვავებით, დავითი ღმრთითრჩეული წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ამ ვითარებამაც არ შეუშალა მას ხელი მოხიბლულიყო სხვისი ცოლის სილამაზით და არა მარტო ემრუშა მასთან, არამედ დაეღუპა მისი ქმარიც (იხ. 2 მეფ. 11).
 
თვითგანრიდებისა და საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის დაკისრება ღმრთის განგებულებაზე, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც პრობლემის გადასაწყვეტად და ნეგატიური შედეგის თავიდან ასაცილებლად ადამიანს თვითონვე შეუძლია გარკვეული ღონისძიებების გატარება, ღმერთზე მოჭარბებულ და კადნიერ სასოებას განეკუთვნება. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აბრაამისა და სარასთვის ნეგატიური ვარიანტი ეგვიპტეში გადასახლების დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუკი სარათი თვით ფარაონი დაინტერესდებოდა. სარას ხელის ყველა დანარჩენ მთხოვნელისთვის თვით აბრაამსა და სარას შეეძლოთ უარი ეთქვათ, მაგრამ ფარაონისთვის უარის თქმა შეუძლებელი იყო.
 
ის, რომ ფარაონი გაიგებს სარას სილამაზეს და ახალგაზრდა ხარჭების უხვად მფლობელი შეცთუნდება თუნდაც ლამაზი, მაგრამ უკვე 70 წლის დედაკაცით, არც ისე ცხადი ფაქტია, არამედ ნაკლებად რეალური შესაძლებლობა. ამ მოვლენის შემთხვევითობაზე უთითებს ის, რომ ფარაონს სარას სილამაზეზე მოახსენეს მისმა "კარის მსახურებმა", რომელთაც შეეძლოთ არც ეთქვათ და არც შეექოს სარას სილამაზე იმ ზომით, რომ ფარაონი დაეინტერესებინათ.
 
შემდეგ ვივარაუდოთ, რომ აბრაამი, რომელსაც ესმის ფარაონისთვის უარის თქმის ნეგატიური შედეგი, ააშკარავებს სიმართლეს სარაზე და მას საკუთარ ცოლს უწოდებს. მსგავსი გულწრფელობის შედეგი უფრო უარესი იქნებოდა, რადგან გამოვიდოდა, რომ აბრაამმა არა მარტო მოატყუა ფარაონი, არამედ უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩააყენა მისი ამალის წინაშე: ფარაონი "თხოულობს" გათხოვილ დედაკაცს. შედეგი აქაც იგივე იქნებოდა - აბრაამის სიკვდილი და სარას არცთუ სახარბიელო მომავალი.
 
და აი, მხოლოდ ამგვარ ვითარებაში, როდესაც აბრაამმა ამოწურა ყველა ადამიანური შესაძლებლობა შეენარჩუნებინა თავისი სიცოცხლე და სარას კდემამოსილება, ეს დიადი კაცი საკუთარ თავს და ცოლს ღმრთის განგებას მიანდობს. მიტრ. ფილარეტი აღნიშნავს: "აბრაამი ამ შემთხვევაშიც უდანაშაულოა, თუკი ვივარაუდებთ, რომ სარა მეფის კარზე მიყვანილ იქნა მხოლოდ პატივისა და საქორწილო მომზადების გამო, რომელიც შეიძლებოდა მთელი თვეები გაგრძელებულიყო, როგორც ეს შემდეგ გახდა სპარსეთის კარის ჩვეულება (ესთ. 2:12); აბრაამი, რომელმაც თავის მეუღლეს მიანდო ან თვითონ გახსნა საკუთარი საიდუმლო უკიდურესი საშიშროების გამო, ამასთან ერთად ღმრთის ნებას ელოდა მის გადარჩენაზე, რომელიც მართლაც მალევე გამჟღავნდა ფარაონის დასჯით" ([4] Толкование на Книгу Бытия / святитель Филарет митр. Моск. и Колом. М.: Лепта-Пресс, 2004 (Тип. АО «Мол. гвардия»). С. 319. URL: https://azbyka.ru/otechnik/Filaret_Moskovskij/tolkovanie-na-knigu-bytija/2_16).
 
ამ განმარტებისას კიდევ ერთხელ შეიძლება გავიხსენოთ, რომ ფარაონის სახლში მიყვანის მომენტისთვის სარა მინიმუმ სამოცდაათი წლისა გახლდათ. ამიტომაც შეიძლება ის საერთოდ არც გამხდარიყო ფარაონის ხარჭა, არამედ ერთგვარი სამკაული მეფის კარისა. ნებისმიერ შემთხვევაში, აბრაამს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რათა უკიდურესად გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში სიმართლე ეთქვა ფარაონისთვის.
 
ახლა აუცილებელია რამოდენიმე სიტყვა ითქვას იმის შესახებაც, თუ როგორ გახდა ცნობილი ფარაონისთვის, რომ ის ცოლი იყო აბრაამისა. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ არც აბრაამს, არც სარას მათთვის ნეგატიური შედეგების გარეშე არ შეეძლოთ ეთქვათ ეს ფარაონისთვის. ხოლო რადგან ფარაონმა არა მარტო არაფერი დაუშავა აბრაამს, არამედ საკუთარი დაცვის ქვეშაც კი აიყვანა, მან, როგორც ეს შემდეგ მეფე აბიმელექის შემთხვევაშიც მოხდა, სიმართლე თვით ღმრთისგან შეიტყო. მხოლოდ მისი შიში შეიძლებოდა ჰქონოდა და მხოლოდ მის წინაშე შეიძლებოდა შერცხვენოდა თვითმპყრობელ მმართველს.
 
მაშინ, რომ უფალმა დაუშვა მთელი ეს ისტორია ასე შორს წასულიყო და, რომ მან თვითონ გაუხსნა ჭეშმარიტება ფაროანს, კიდევ ერთი დადებითი ვითარებაა. რადგან თუკი უფალი თავისი განგებულებით დაიცავდა აბრაამსა და სარას ეგვიპტეში მათი ჩასვლისთანავზე და სასჯელით დაემუქრებოდა აბრაამის ყოველ შემხვედრს, მაშინ აბრაამის ოჯახის დაპურების საკითხი (ეს კი ასობით ადამიანი გახლდათ - იხ. დაბ. 14:14) გადაუჭრელი დარჩებოდა. არადა სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩავიდა აბრაამი ეგვიპტეში.
 
ღმრთის განგებულებით სარას თაყვანისმცემლები, ცდილობდნენ არა მარტო "პატარძლის" გულის მოგებას, არამედ აბრაამისასაც (რადგან უეჭველად საჭირო იყო მისი თანხმობა "დის" გათხოვებაზე) აბრაამის ბანაკში მოჰქონდათ მდიდრული საჩუქრები, ანუ ცხვრები, ხარები და ძვირფასი სამკაულობანი.
 
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარაონის საჩუქრები ყველაზე გულუხვი იყო. მაგრამ, როგორც კი აბრაამი და მთელი მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი, მონებთან და დაქირავებულ მუშებთან ერთად, სარას სილამაზის წყალობით კეთილდღეობასა და სარჩო-საბადებელ იღებენ, უფალი, თავისი გამოცხადებით ჭეშმარიტებას აუწყებს რა ფარაონს, განგებულებითად იცავს აბრაამს ყველა შესაძლო საფრთხისგან, რომელიც შეიძლებოდა დამუქრებოდა მას გულნატკენ ეგვიპტელ წარჩინებულთა მხრიდან არა მხოლოდ მისი ცოლის მიმართ, არამედ მისი გამრავლებული ქონების მიმართაც. ახლა უკვე არა უფალი, არამედ ფარაონის განკარგულება აჩერებდა ყოველ შემხვედრს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისგან აბრაამის ოჯახთან მიმართებაში.
 
ჭეშმარიტად საკვირველია უფლის განგება ყოველ ადამიანზე, უპირველეს ყოვლისა კი მართლებზე, რომელთა აზრები და საქმეები მასზე ღმრთითდაშვებული განგებულების კალაპოტში მიედინება. ამაში მდგომარეობს, სავარაუდოდ, მართალ საქმეთა განსხვავება ყოველ სხვა კაცობრივ საქმეთაგან.
 
საბოლოოდ, შეჯამების სახით, აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ აბრაამის მოქმედების შეფასებაში, რომელიც საკმაოდ რთულია და არაერთგვაროვანი, ორიგენემ, მრავალ ეგზეგეტთაგან განსხვავებით, შეძლო (შესაძლოა, მხოლოდ ინტუიტიურად) ჩაწვდომოდა ღმრთის ჩანაფიქრის სიღრმეს წმიდა წერილში.
 
შეუძლებელია მკითხველის სიმართლეში დარიგება იმის მეშვეობით, ვინც თვითონ არის გაკიცხვის ღირსი, და თუკი წერილი აბრაამზე ლაპარაკობს, როგორც ადამიანური სიწრფელისა და სიმართლის (გალატ. 3:9) მისაბაძ ნიმუშზე, ეს ნიშნავს, რომ ყოველი საქმე, რომელიც აბრაამმა აღასრულა და ღმერთმა მიიღო, წრფელია და მართალი.
 
მსჯელობა მოცემულ თემაზე იქნება არასრული, თუ პრაქტიკულ სიბრტყეში არ გადავიყვანთ მათ და პასუხს არ გავცემთ კითხვას: შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ქრისტიანებს, მივბაძოთ აბრაამს მსგავს ვითარებაში?
 
აბრაამისადმი მიბაძვა ქრისტიანს არა თუ შეუძლია, არამედ ვალდებულიც არის. აბრაამი - სიმართლის მისაბაძი ნიმუშია ყოველი ადამიანისთვის. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ აბრაამმა სიმართლე მოიხვეჭა უფლისადმი უსაზღვრო ნდობით და მისი განგებულებისადმი რწმენით. ხოლო აბრაამის საქმეები და ქმედებები - ღმრთისადმი მისი რწმენის ნაყოფია. მათით და მათი მეშვეობით, რომელიც დაფარულია გარეგანი მხედველობისთვის, ანუ მართლის რწმენა, ერთდროულად ვლინდებოდა და მტკიცდებოდა ამ სამყაროში.
 
როგორც კი ჩვენ მივაღწევთ აბრაამის რწმენის ზომას და გულწრფელად ყოველივეში დავუჯერებთ ღმერთს, ვირწმუნებთ ჩვენს თავზე მისი განგებულების სიმართლეს, მაშინ, მაცხოვრის თქმით, "მოვა იგი, ჭეშმარიტების სული და წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ" (იოანე 16:13), რაც შესაძლებლობას მოგვცემს ნებისმიერ, თვით ურთულეს და არაერთგვაროვან ვითარებაშიც კი მივიღოთ სწორი და ღმრთითსათნო გადაწყვეტილებანი.

წყარო: bogoslov.ru
Назад к содержимому