საუბრები ბიბლიაზე - მსოფლიო წარღვნა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
მსოფლიო წარღვნა
მსოფლიო წარღვნა
ინტერვიუ ღვთისმეტყველების კანდიდატთან, დოცენტ ა. კაშკინთან.
 
რატომ არის მსოფლიო წარღვნის ისტორია და მისი თანმდევი მოვლენები ესოდენ მნიშვნელოვანი დღეს და რას გვასწავლის იგი? რამდენად აქტუალურია ის ჩვენთვის? იქნებ ეს მხოლოდ საშინელი ძველი ლეგენდაა, რომელიც აშფოთებს წარმოსახვას, მაგრამ სინამდვილეში ჩვენთან არანაირი კავშირი არ გააჩნია?
 
- მსოფლიო წარღვნის ისტორია თავის აქტუალობას არ დაკარგავს სამყაროს აღსასრულამდე, რადგან მასში ჩვენ ვხედავთ ადამიანის დაცემას, და ღმრთის სასჯელს, მართლის გადარჩენას და კაცობრიობის ხსნას ერთი მართალი კაცის წყალობით. ეს თემები წითელ ზოლად გასდევს მთელ წმიდა წერილს, მაგრამ დაბადების წიგნში ის განსაკუთრებული სიცხადით არის ასახული. თუკი ჩავუკვირდებით ამ გვერდებს და რეალურად შევიგნებთ, რომ იმ დღეებში დედამიწას სასჯელი ადამიანთა უკიდურესი გარყვნილების გამო ეწვია, მაშინ მივხვდებით, რამდენად არის ამგვარი სასჯელი შესაძლებელი დღეს. დიახ, მე-9 თავში ღმერთი გვპირდება, რომ აწ "აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად" (დაბ. 9:11), მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს ის, რომ კაცობრიობას თავს არ დაატყდება სხვა სახის სასჯელი, თუნდაც უფრო "კერძო". როდესაც თვალწინ გვაქვს ასეთი მაგალითი - თუ სანამდე შეიძლება ადამიანები მიიყვანოს ცოდვის უკიდურესობამ, - უნდა შევჩერდეთ, და არ მივიყვანოთ დედამიწა ასეთ სავალალო მდგომარეობამდე, რაც უეჭველად დაღუპავს მას.
 
- გავიხსენოთ მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა წარღვნას; როგორც ჩანს, დაბადების წიგნის ამ თავებში ჩვენ ვხედავთ ნებისა და არჩევანის თავისუფლების იმ პირველ ნაყოფებს, რომელიც შემოქმედმა მიანიჭა ადამიანს: ადამიანები დაიყვნენ ცუდებად და კარგებად, ზნეობრივებად და უზნეოებად. თანაც შვილებმა მემკვიდრეობით მიიღეს მშობელთა ცოდვები ან სარგებლობდნენ მათი სამართლიანობის ნაყოფებით.
 
- ეს უკვე პირველი ნაყოფებია: რადგან ცოდვით დაცემა, პირველმშობელთა შეცოდება ედემის ბაღში, ასევე მათი თავისუფალი არჩევანის შედეგი გახლდათ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თუკი კაენის მოდგმაში უკეთურება დაგორებული ზვავივით მატულობს ("თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ" - ასე ამბობს პირველი მკვლელის შთამომავალი ლამექი საკუთარ თავზე (იხ. დაბ. 4:24)), შეთის მოდგმა იძლევა მართალ შთამომავლობას. მათ შორისაა ენოქიც, წმიდა ისტორიის სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელსაც მიწიერი სიკვდილი არ შეხებია ("დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24)), და ბოლოს, თვით ნოე. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოსდა "კარგი" მოდგმისადმი კუთვნილება ადამიანს მექანიკურად მოუპოვებს ცხონებას: შეთის მთელი მოდგმაც ხომ წარღვნამ შეიწირა! ისინიც თავიანთი მართალი წინაპრის უღირსნი გახდნენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხონება - მისი თავისუფალი არჩევანის საქმეა.
 
მაგრამ ადამიანები სხვა არჩევანს აკეთებენ: ცოდვა სულ უფრო და უფრო ვრცელდება, გადარჩენის ღირსი მხოლოდ ნოეღა რჩება თავის ოჯახთან ერთად (გავიხსენოთ, რომ ნოესთან ერთად კიდობანში შევიდა და დაღუპვას გადაურჩა კიდევ შვიდი ადამიანი: მისი ცოლი და სამი შვილი თავის მეუღლეებთან ერთად).
 
- დაბადების წიგნის მე-6 თავში ჩვენ ვკითხულობთ იდუმალ სიტყვებს ღმრთისშვილებზე, რომელთა შესახებაც ნათქვამია: "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2). ეს აღრევა, როგორც ჩანს, ცოდვის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. ვინ იყვნენ ღვთისშვილები მოცემულ შემთხვევაში? თუ არ ვცდები არსებობს რამოდენიმე ვერსია, არა?
 
- დიახ, რამოდენიმე ვერსია არსებობს. არის ისეთი, რომელსაც სერიოზულად არავინ განიხილავს: რომ ესენი იყვნენ ნახევრადღმერთები, იმათი მსგავსი, რომლებიც ანტიკურ მითოლოგიაში უამრავია. ეკლესიის წმიდა მამები განიხილავდნენ ორ სხვა ვარიანტს. პირველი ის, რომ ღვთისშვილები - დაცემული ანგელოზები იყვნენ (ანგელოზები ღვთისშვილებად იწოდებიან, კერძოდ, იობის წიგნში), ხოლო კაცთა ასულები - ჩვეულებრივი, მიწიერი ქალები. მაგრამ ეს ვერსია ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს: მაგალითად, ის, რომ ანგელოზები უხორცო არსებები არიან და ა. შ. მეორე ვერსია ღვთისშვილებს უწოდებს მართალი შეთის შთამომავლებს, ხოლო კაცთა ასულებში კაენის შთამომავლებს ხედავს. მართლმადიდებლურ წმიდა მამებისეულ ტრადიციაში ეს ბოლო ვერსია უფრო დომინირებს: მას იზიარებდნენ იოანე ოქროპირი და ანტიოქიის სკოლის კომენტატორები (1). არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი: ღვთისშვილები - ერ
 
ის მმართველები არიან, ერთგვარი ელიტა, ხოლო კაცთა ასულები - უბრალო გოგონები, რომლებსაც ძალაუფლების მქონენი აიძულებდნენ მათთან თანაცხოვრებას; ამაში მდგომარეობდა სწორედ მათი უსჯულოება. ამ უკანასკნელ ვერსიას იზიარებდნენ შუასაუკუნეების იუდეველი კომენტატორები.
 
____________________
 
1. ავტორი რატომღაც არ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ არანაკლებ ბევრ შეკითხვას ბადებს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ღვთისშვილები იყვნენ შეთის, ხოლო კაცთა ასულები - კაენის შთამომავლები. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია როგორ გაჩნდნენ ბუმბერაზები, არანორმალური სიდიდის ადამიანები; კიდევ, რატომ არ ხდებოდა პირიქით? - ანუ რატომ შეთის მოდგმის ქალები არ თხოვდებოდნენ კაენის შთამომავალ კაცებზე? თუ ერთმანეთს შორის აღრევაზე იყო ლაპარაკი, მაშინ ორმხრივად უნდა ყოფილიყო და არა ცალმხრივ. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უჩნდება ავტორს შეკითხვა ანგელოზების უხორცობასთან დაკავშირებით. განა ანგელოზები ხილული სახით არ გამოეცხადნენ აბრაამს? განა ძველ და ახალ აღთქმაში, ასევე წმინდანთა ცხოვრებაში არ არის აღწერილი ანგელოზთა ხილული, ზოგჯერ კი ადამიანის სახით გამოცხადების უამრავი შემთხვევა? მაშ, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ანგელოზი-ღვთისშვილები ადამიანის სახით გამოცხადებოდნენ კაცთა ასულებს და მათთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ? იტყვიან - ანგელოზები უსქესო არსებები არიანო; დიახ, თავიანთი ბუნებით უსქესონი არიან, რადგან უხორცო არსება როგორ შეიძლება იყოს სქესობრივი. მაგრამ თუკი ანგელოზებს შეუძლიათ "მატერიალიზება" და კაცის სახით გამოცხადება, შეუძლიათ ადამიანებთან ერთად დასხდნენ ჭამონ და სვან, მაშინ რატომ არის გამორიცხული მათ კაცთა ასულებთანაც შესვლა და სქესობრივი კავშირის დამყარებაც შეძლებოდათ. ანგელოზთა ბუნების შესაძლებლობებზე ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. აქედან კი ბუმბერაზების, ანუ ჰიბრიდების გაჩენის წმიდა მამებისეული პირველი ვერსია არც ისე დაუჯერებელი ამბავი ჩანს.
 
____________________
 
- ასეა თუ ისე, შედეგი ტრაგიკული აღმოჩნდა: "შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა" (დაბ. 6:6). კითხვა, რომელიც ხშირად გვესმის: განა შეიძლება ღმერთმა შეინანოს, შეწუხდეს იმის გამო, რაც მან შექმნა?
 
- რა თქმა უნდა არა, ის ხომ ყოვლისმცოდნეა: როდესაც ადამიანს მქნიდა, მან იცოდა, თუ რა მოხდებოდა შემდგომ. აქ უნდა დავინახოთ ე. წ. ანტროპომორფიზმი: ამგვარი სახით არის ნაჩვენები შემოქმედის დიდი წუხილი ქმნილების დაცემაზე, წუხილი სრულიად ნეტარისა და სახიერისა. უფალი თავისი ნებით ცვლის თავის გეგმას ადამიანთან დაკავშირებით; როგორც ნეტ. თეოდორიტე კვირელი ამბობს, "ღმერთის შეწუხება არის განკარგულების შეცვლა". და შესაქმის მწერალი (ტრადიციულად ძველი აღთქმის პირველი ხუთი წიგნის ავტორად მიჩნეულია მოსე) ამას გადმოსცემს ზმნით "შეიგონა" (ახ. ქართულშია: "შეინანა" – "აპოკ." რედ.).
 
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ღმრთის წინასწარმცნობელობა არ ცვლის თავისუფალ არჩევანს, ადამიანის თავისუფალ ნებას. ამიტომ ისეთი კითხვები, როგორიცაა, მაგალითად, "რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, თუკი იცოდა, რომ შემდეგში მას მოუწევდა ადამიანთა უდიდესი ნაწილის წარღვნით განადგურება?" ან "რატომ შექმნა ღმერთმა სამოთხე, თუკი იცოდა, რომ ადამიანი მალევე შესცოდავდა და იქიდან გაგდებულ იქნებოდა?", ან კიდევ (მაგალითი ახალი აღთქმიდან) "რატომ შეიყვანა ქრისტემ იუდა თავის მოწაფეთა რიცხვში, თუკი იცოდა, რომ იუდა მას გაჰყიდიდა?" ამგვარი კითხვები თუმც კი უჩნდება მრავალ ადამიანს, მას მაინც ერთი საერთო მიზეზი აქვს: ადამიანური წარმოდგენა ღმერთზე. მართლაც, ადამიანს ახასიათებს იმ ქმედებებისგან თავშეკავება, თუკი ადრიდანვე ხვდება მათ დამღუპველ შედეგებზე. მაგალითად, არავინ დავთანხმდებით საქმე გვქონდეს ადამიანთან, თუკი ადრიდანვე ვიცით, რომ ეს ადამიანი ჩვენ გაგვცემს. მაგრამ უფალს იმდენად უყვარს ყფველა, რომ იღებს ყოველს და თითოეულ ადამიანს შანსს აძლევს, ხოლო თვით ადამიანი როგორ გამოიყენებს მისთვის მიცემულ შესაძლებლობას, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
 
- წარღვნისას რატომ დაიღუპნენ ადამიანებთან ერთად ცხოველები და მცენარეები, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?
 
- უნდა გვესმოდეს: ბიბლია ბუნებას აღიქვამს, არა როგორც თავისთავად ღირებულს, არამედ, როგორც ადამიანის საცხოვრებელ გარემოს. დაბადების წიგნის პირველი თავი მოგვითხრობს, თუ როგორ ქმნის ღმერთი ხუთი დღის განმავლობაში სამყაროს, როგორ ამზადებს ამ გარემოს ადამიანისთვის, და შემდეგ, ქმნის მამაკაცსა და დედაკაცს, რომელთაც აკურთხებს და ეუბნება: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28).
 
ამიტომ საშინელ ცოდვებში შთავარდნილ ადამიანებთან ერთად ნადგურდება ყოველი, რაც კი შემოქმედმა მისთვის, მისივე ცხოვრების უზრუნველყოფისთვის შექმნა. გარდა ამისა, აქ შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი მეტაფორა: თუკი რომელიმე სუფთა საგანი ტალახში ჩაგვივარდება, შემდეგ ნაკლებად თუ მოგვეცემა მისი კვლავ გამოყენების სურვილი: ჩვენ ვიცით, რომ ის დაბინძურდა. ასე დაბინძურდა ადამიანური ცოდვით მთელი ქმნილება. აუცილებელი იყო გენერალური გაწმენდა - სამყაროს გასუფთავება მასში ახალი ცხოვრების წარმოსაქმნელად. მსოფლიო წარღვნის ისტორია ხომ დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის ისტორია არ არის, ეს მისი აღორძინების, განახლების ისტორიაა.
 
- კითხვა, რომელიც ხშირად გვესმოდა ათეისტურ პერიოდში: კიდობანში შესაძლებელი იყო არაწმინდა ცხოველთა განსაზღვრული რაოდენობის ყოფნა (ასეთად მიიჩნეოდა ის ცხოველები და ფრინველები, რომლებიც მსხვერპლად არ უნდა შეწირულიყვნენ) და წმიდა, სამსხვერპლო სახეობის ცხოველთა: მაშ, საიდან გაჩნდა ასეთი მრავალფეროვნება დედამიწაზე?
 
- ჯერ-ერთი, ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით, რამდენი წელი გავიდა წარღვნიდან. ქრისტიანობა სინამდვილეში არ ეწინააღმდეგება ახალი სახეობების წარმოქმნის შესახებ სწავლებას, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახეობათა თანამედროვე მრავალფეროვნება მომდინარეობს სწორედ იმ ცხოველთაგან, რომლებიც ნოეს კიდობანში გადარჩნენ. მეორეც, არსებობს ვარაუდი, რომ წარღვნამ დაფარა არა მთლიანად დედამიწა, არამედ მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, ამიტომაც ზოგიერთი ცხოველი (რომლებიც "ცივილიზაციის" მიერ ხელუხლებელ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ) გადაურჩა წარღვნას.
 
- ნოე ადამის, შეთისა და მართალი ნოეს შთამომავალი იყო - მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში. ... მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე (დაბ. 6:8, 9). ნოე და მისი შთამომავლობა გადარჩნენ კიდობანში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ერთი ადამიანის სიმართლემ გადაარჩინა კაცობრიობა, როგორც ასეთი? და, რომ მომავალშიც კაცობრიობას გადაარჩენდნენ ხოლმე მართლები? აქ შეიძლება გავიხსენოთ ხალხური თქმულება: "არ არის სოფელი მართლის გარეშე".
 
- რა თქმა უნდა. მაგრამ უპირველესად უნდა გავიხსენოთ საუბარი ღმრთისა აბრაამთან, რომელიც სოდომის ხვედრს ეხებოდა. აბრაამი ეკითხება: "ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?  იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან? არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს" (დაბ. 18:23-25). და უფალი ამ დიალოგის ბოლოს ამშვიდებს თავის ერთგულ მონას, და აუწყებს, რომ სოდომს ხუთი მართალი კაცის გამოც კი დაინდობდა.
 
- წარღვნა დასრულდა, უფალმა კიდობნის "ეკიპაჟს" უბრძანა გამოსულიყვნენ კიდობნიდან (იხ.: დაბ. 8:16). და შემდეგ, მე-9 თავში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. როგორც ჩანს, მოსემდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ადამიანებს აღთქმის ფილაქნები მიეცემოდა, უფალი ღმერთი კაცობრიობას (ნოეს და მის ჯალაბობას, მათი სახით კი კაცთა მთელ მოდგმას) აძლევს ერთადერთ მცნებას...
 
- დიახ, ის კრძალავს ადამიანის მოკვლას. ყველა დანარჩენი, "ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს" (დაბ. 9:3). მაგრამ ადამიანი შეიქმნა - ღმრთის ხატად. ამიტომაც "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი" (დაბ. 9:6). ამგვარად, მტკიცდება ადამიანური სიცოცხლის, მისი პიროვნების უზენაესი ღირებულება. ეს არის უძველესი მცნება, რომელიც შემდეგ დეკალოგის მეექვსე მცნება გახდება - "არა ჰკლა" (გამ. 20:13). მკვლელობა იკრძალება ადამიანის წარმომავლობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. სიტყვა სისხლზე, რომ ვინც სისხლს დაღვრის, ნიშნავს, რომ მკვლელიც სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
 
შეიძლება თუ არა ამ სიტყვების ასე გაგება: ბოროტება შობს ბოროტებას, მკვლელობა გარდაუვალად მიდის სხვა მკვლელობამდე?
 
შესაძლებელია, მითუმეტეს, რომ ძველად არსებობდა სისხლის აღების ჩვეულება: ერთი მკვლელობა აუცილებლად ხდებოდა მრავალი მკვლელობის მიზეზი. მაგრამ ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს დგას მკვლელის სიკვდილით დასჯის გარდაუვალობა.
 
- მაგრამ განა ამის შემდეგ ადამიანები არ ჰკლავდნენ ერთმანეთს? გავიხსენოთ იესუ ნავეს ძის და დავითის სისხლიანი ომები, სჯული, რომელიც მოსემ მისცა ხალხს სინას მთაზე, და რომელიც კატეგორიულად ითხოვდა სიკვდილით დასჯას არა მარტო მკვლელობისთვის, არამედ სხვა დანაშაულობებისთვისაც ("ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს" (გამ. 21:17)).
 
აუცილებელია იმთავითვე შევნიშნოთ, რომ თვით მცნებათა გაჩენის ფაქტი არ ნიშნავს დანაშაულობათა შეწყვეტას, ამისი უამრავი მაგალითი შეგვიძლია დავიმოწმოთ. მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში როგორ ავხსნათ ბიბლიის ის ადგილები, სადაც ლაპარაკია ბავშვთა მკვლელობაზე, თანაც ეს მოქმედება ფასდება დადებითად? ჩემი აზრით, უნივერსალური ახსნა არ არსებობს, მაგრამ ყოველი ჩამოთვლილი შემთხვევისთვის შეიძლება დავუშვათ საკუთარი განსჯა. რაც შეეხება იესუ ნავეს ძის ომებს, აქ ისრაელი გამოიდიოდა, როგორც ღმრთის მსჯავრის იარაღი უკეთურებაში შთაფლულ ქანანეველებზე. გარდა ამისა, მათი განადგურება აუცილებელი იყო იმისთვის, რათა ისრაელი არ დასნებოვნებულიყო ადგილობრივი ცრურწმენებით, ანუ ეს წარმოადგენდა ბრძოლას ერთგვარ ეპიდემიასთან.
 
დავითის ომებს ნაწილობრივ გამათავისუფლებელი ხასიათი ჰქონდა, ასევე ეს იყო აღთქმული ქვეყნის დამკვიდრების დამამთავრებელი ეტაპი. რაც შეეხება სიკვდილით დასჯას დანაშაულობათათვის, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან ადამიანის მკვლელობასთან, აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ ყველა ამ მძიმე დანაშაულს შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა მთლიანობაში საზოგადოების ცხოვრებაზე. მაგალითად, მშობლების უპატივცემობა - პატრიარქალური საზოგადოების საფუძვლების და მისი ტრადიციული ღირებულებების შერყევას გამოიწვევდა, ხოლო, მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობა და მკითხაობა - წარმართობის ქადაგებას, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა ჭეშმარიტი ღვთისთაყვანისცემა. შეიძლება გავიხსენოთ, რომ ადამიანური სიცოცხლის ღირებულება ძველაღთქმისეული ეპოქის ადამიანისთვის - სულაც არ იყო ის, რაც თანამედროვე ჰუმანისტებისთვისაა. ჩვენს დროში მრავალმა ქვეყანამ სიკვდილით დასჯა საერთოდ გააუქმა, მაშინ როდესაც ბიბლიური მსოფლმხედველობა ადამიანური პიროვნების ღირებულებისდა მიუხედავად არ ცვლის საზოგადოების მიერ იმ ადამიანთა დასჯას, რომლებმაც ფაქტობრივად დაკარგეს ადამიანური სახე ან პირდაპირ თუ ირიბად სხვებსაც უბიძგებენ უსჯულოებისკენ.
 
- და ბოლოს, ცისარტყელას აღთქმის შესახებ... ნიშნავს თუ არა ის, რომ ჩვენ შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ: რაც გინდ შეგვემთხვეს, გლობალური კატასტროფა აწი აღარ იქნება?
 
უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ სიტყვა "აღთქმა" (ებრ.: "ბერით") აქ პირველად არის გამოყენებული, როგორც "შეთანხმება ღმერთსა და ადამიანებს შორის": "აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას" (დაბ. 9:9) მაგრამ თავის დამშვიდება არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ დაპირება "აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად" (დაბ. 9:11) არ ნიშნავს, თითქოსდა საერთოდ არ უნდა მოვიდეს ღმრთის მსჯავრი: წმიდა წერილში მასზე ბევრჯერ არის ლაპარაკი, გავიხსენოთ სოდომისა და გომორას დაღუპვა, ეგვიპტური სასჯელები, ისრაელის ბაბილონური დატყვევება, რომლის შესახებაც იუწყებოდნენ წინასწარმეტყველები... გავიხსენოთ ასევე ნინევიის სავარაუდო, მაგრამ არ აღსრულებული დასჯა - ნინევიელებმა შეინანეს და უფალმა მათ მიუტევა, რითაც აიცილეს ღმრთის რისხვა.
 
მაგრამ ამ სასჯელებით არ ისჯებოდა მთელი კაცობრიობა, ყოველი ცოცხალი არსება მთელ დედამიწაზე, როგორც ეს მსოფლიო წარღვნის დროს მოხდა. ცისარტყელას აღთქმა  ნიშნავს, რომ კაცობრიობა მიაღწევს იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, რომელიც "კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ" (ნიკეო-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო), - თუმცა, წარღვნა გადატანილმა ადამიანებმა, იმ მომენტისთვის მისი პირველი მოსვლის შესახებაც არაფერი უწყოდნენ. ცისარტყელას აღთქმა ნიშნავს, რომ ადამიანს, კაცობრიობას ყოველთვის დარჩება შანსი: "რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი" (მათე 18:11; ლუკა 19:10). სანამ ადამიანი ცოცხალია, მას არ ექნება ისეთი ცოდვა, რომლის შენანებაც არ შეეძლოს. თვით სიკვდილის შემდგომ ხვედრშიც კი ცოცხლად დარჩენილებს თავიანთი ლოცვებით შეუძლიათ გარკვეული გავლენა მოახდინონ მის საიქიო მდგომარეობაზე.
 
ჩვენ ვლაპარაკობთ ძველ აღთქმაზე, მის უძველეს დოკუმენტებზე და ვპოულობთ მრავალ ცოცხალ კავშირს - სახარებასთან, ჩვენს დღევანდელ სულიერ ცხოვრებასთან, ეკლესიასთან. გაწუხებთ თუ არა ის, რომ ჩვენი ტაძრების მრევლიდან მრავალი ძველ აღთქმას არ კითხულობს, არ თვლის ამას საჭიროდ? ზოგიერთ მართლმადიდებლისთვის თვით სიტყვა "ბიბლია"-ც კი მხოლოდ პროტესტანტიზმთან ასოცირდება.
 
- რა თქმა უნდა, ეს გულსატკენია! ჩვენი უფალი იესუ ქრისტე მოგვიწოდებდა: "წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის" (იოანე 5:39). მოციქული პავლე ტიმოთესადმი მიწერილ მეორე ეპისტოლეში წერს: "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად" (2 ტიმ. 3:16). მაცხოვარი თავის ქადაგებებში მუდმივად იმოწმებს ძველ აღთქმას, იყენებს მის ხატებებს და შედარებებს. მაგალითად, მის საცთუნებლად მოსული სატანის ყოველ წინადადებაზე მაცხოვარი პასუხობს ციტატებით მეორე რჯულთა წიგნიდან. ყველასთვის ცნობილი "არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი" (მათე 4:4) - არის ძველი აღთქმიდან. ამ სიტყვებს ღმერთი ეუბნება მოსეს (იხ.: მეორე რჯული 8:3). მოციქულთა საქმეებს თუ გადავშლით, დავინახავთ, რომ მოციქულ პეტრეს პირველივე მცნება იერუსალიმში, სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ (იხ.: საქმე 2), მსმენელთა ყურადღებას მიაპყრობს ძველ აღთქმას და მთლიანად არის აგებული მასზე. მოციქულები მაცხოვრის კვალად ძველაღთქმისეულ წერილს დიდი ღვთისმოშიშებითა და თრთოლვით ეპყრობოდნენ.
 
ეკლესია ყოველთვის განიხილავდა ძველ აღთქმას, როგორც წმიდა წერილის განუყოფელ ნაწილს. ახალი აღთქმა შეუძლებელია სრულად გაიგო ძველი აღთქმის გარეშე. ძველი აღთქმის გარეშე შეუძლებელია ჩაწვდე მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას: ის იმდენად ეფუძნება ძველ აღთქმას, რამდენადაც ახალს. ავიღოთ, მაგალითად, ანდრია კრიტელის სინანულის დიდი საგალობელი, რომელიც დიდი მარხვის პირველ შვიდეულში იკითხება, - რას გაიგებს მასში ადამიანი, თუკი ის არ იცნობს ბიბლიის ამ უძველეს ნაწილს? მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ მას მართლაც სურს შეისწავლოს თავისი სარწმუნოება, სურს იცოდეს ეკლესიის სწავლება, ძველ აღთქმას გვერდს ვერ ჩაუვლის.
 
ესაუბრებოდა მარინა ბირიუკოვა.
 
 
წყარო: Кашкин А.С. Всемирный потоп // Газета «Православная вера». № 31 (47).
 
Назад к содержимому