სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
მოციქულ იაკობის კათოლიკე ეპისტოლე
განმარტება
მოკლე ისაგოგიური მიმოხილვა
რატომ იწოდება კათოლიკედ?
ეპისტოლე, რომელსაც პირველი ადგილი უპყრია ახალი აღთქმის წმიდა წერილის სამოძღვრო წიგნთა შორის, ისევე როგორც მისი მომდევნო ექვსი ეპისტოლე, კათოლიკედ იწოდება (Comment. In Jacob. 1, 1 pag. 115), რადგან დაწერილია იგი არა ერთი რომელიმე ეკლესიის, არამედ საზოგადოდ ყველას მიმართ. "კათოლიკედ იწოდებიან, - ამბობს ერთი ძველი საეკლესიო მწერალი (Leontius de Sectis) ამ ეპისტოლეებზე, - რადგან ისინი დაწერილია არა ერთი რომელიმე ხალხის მიმართ, როგორც პავლეს ეპისტოლეებია, არამედ ყველასადმი და ყველგან".
"კათოლიკედ ეს ეპისტოლეები იწოდებიან, როგორც მრგვლივმოსავლელნი, რადგან მიმართულნი არიან არა ერთი რომელიმე ხალხის ან ქალაქის მიმართ, არამედ ყველგან მყოფ ყველა მართლმადიდებლის მიმართ", ამბობს ეკუმენიოსი (Comment. In Jacob. 1, 1 pag. 115). რა თქმა უნდა, იოანეს მეორე და მესამე ეპისტოლეები მიწერილია კერძო პირებისამი, მაგრამ ეს ეპისტოლეები აღიარებულნი არიან ახალაღთქმისეული კანონის უდავო ნაწილებად მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დანარჩენმა ხუთმა ეპისტოლემ (ერთი იაკობის, ორი პეტრესი, ერთი იოანესი და ერთიც იუდასი) მიიღეს სახელწოდება "კათოლიკე" და ჩაყენებულნი არიან ამ უკანასკნელთა რიგში, სავარაუდოდ იმისთვის, რათა გამოიყოს ისინი მოციქულ პავლეს ეპისტოლეებისგან. თანაც, ერთი და იგივე მწერლის წიგნი უფრო მოხერხებულია განთავსდეს ერთი მეორის მიყოლებით და უწყვეტი თანმიმდევრობით; ხოლო რადგან იოანეს პირველი და ვრცელი ეპისტოლე კათოლიკე ეპისტოლეთა რიგს განეკუთვნება, მისი მოკლე ეპისტოლეებიც, როგორებიცაა მეორე და მესამე, სამართლიანად იქნენ განთავსებულნი უშუალოდ პირველის შემდეგ.ს
პირველი კათოლიკე ეპისტოლეს მწერალი
პირველი კათოლიკე ეპისტოლეს მწერალი, ზედწერილის ნათელი მითითებით, არის "იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესუ ქრისტესი" (იაკ. 1:1). მოციქულთა საუკუნის ისტორია ჩვენ წარმოგვიდგენს სამ წმიდა მოციქულს, რომლებიც ატარებდნენ სახელს იაკობი: 1) იაკობი ზებედეს ძე, იოანე ღვთისმეტყველის ძმა (მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 30 აპრილს), 2) იაკობ ალფესი, მათე მახარებლის ძმა (მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 9 ოქტომბერს) და 3) იაკობი, ძმა უფლისა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი (მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 23 ოქტომბერს). გადმოცემა და ეკლესიის მამათა ერთსულოვანი მოწმობა (იხ. ევსები. Hist. Lib II cap. 23; ნეტ. იერონიმე. in Catal Scrint. Eccles.) ადასტურებს, რომ პირველი კათოლიკე ეპისტოლე დაწერილია, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის, იაკობის მიერ; და ამაში დაეჭვების არანაირი მიზეზი არ არსებობს. ეს იაკობი, აღმოსავლეთის ეკლესიის აზრით, იყო ძე წმიდა იოსებ დამწინდველისა და სალომიასი, მისი პირველი ცოლისა (აგიას ქალიშვილისა, ბარაქის ძისა, და ძმისა ზაქარიასი, რომელიც იყო იოანე ნათლისმცემლის მამა). თავისი ამაღლების შემდეგ, უფალმა განსაკუთრებულად მას მიანდო იერუსალიმის ეკლესია. წმ. მოციქულებმა მას ამ ეკლესიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, ამიტომაც, როგორც ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსი, ის თავმჯდომარეობდა მოციქულთა იერუსალიმურ კრებაზე (საქმე 15:13-21).
წმიდა ცხოვრებისა და სათნოებათა სიმაღლის გამო იაკობი, როგორც ადგილობრივ ქრისტიანთა, ასევე ებრაელთა შორისაც, ცნობილი იყო სახელით Δίκαιος καὶ Αβλίας, ანუ მართალი და ხალხის ზღუდე (Ruth. Reliquiae Sacrd. Vol. 1. p. 192). წმ. იოანე ოქროპირის თქმით "იგი იმდენად მკაცრ მოღვაწე ცხოვრებას იყო შედგომილი, რომ ხორცის ყოველი ასო მოაკვდინა, რომ განუწყვეტელი ლოცვითა და უსასრულო მუხლთდრეკით მას შუბლი იმდენად გაუმაგრდა, რომ სიმაგრით აქლემის მუხლებისგან არ გაირჩეოდა" (Беседа V на Матфея стр. 94 // წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. წმ. მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2016 წ. გვ. 60).
იუდეველები, რომელთაც ესოდენ სძულდათ ქრისტიანები, მოწიწებას იჩენდნენ ამ უდიდესი მოძღვრის მიმართ და ნებას აძლევდნენ მას, თავიანთ მღვდელმთავართან ერთად, შესულიყო წმიდათაში. მაგრამ, რადგან წინამძღვრისადმი ასეთი პატივისცემის პირობებში, თვით ეკლესიაც სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა ისე, რომ ერის მრავალმა მეთაურმაც კი ირწმუნა იესუ, სინედრიონმა, ახალგაზრდა მღვდელმთავრის ანანიას თავმჯდომარეობით, რომელიც სადუკეველი, ფრიად კადნიერი და უგუნური ადამიანი იყო, ფლაბიოსის გაწვევის შემდეგ (Antiquit. Lib. XX), ისარგებლა რომის მმართველის არყოფნით გამოწვეული თავისუფლებით (რადგან იმ დროს ფესტოსი გარდაიცვალა, ხოლო მისი მემკვიდრე ალბინი ჯერაც არ იყო ჩამოსული იუდეაში) იაკობს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
თუმცა, ზოგიერთმა ღვთისმოშიშმა იუდეველმა ნაწილობრივ მეფე აგრიპას, ნაწილობრივ კი ალბინის წინაშე, რომელიც უკვე ალექსანდრიიდან მოდიოდა, ამ განაჩენის აღსრულება შეაჩერეს. მაშინ მწიგნობრები და ფარისევლები შეიკრიბნენ იაკობთან და სთხოვეს მას შეეგონებინა ხალხი და მოახლოვებული პასექის დღეს მათი ქრისტიანობისკენ მოქცევა შეეჩერებინა. "ჩვენ ყველას გვჯერა შენი, - ამბობდნენ ისინი, - რადგან ჩვენ და მთელი ხალხი ვადასტურებთ, რომ მართალი და არასახისმოყვარე ხარ".
ამ მიზნით მათ იაკობი ტაძრის ერთ-ერთ კარიბჭეზე აიყვანეს და უთხრეს: "მართალო, ვისიც ჩვენ ყველას გვჯერა, გვითხარი, რომელია ჯვარცმული იესუს კარიბჭე" (τίς ἡ Θύρα τοῦ ‘Ιησοῦ τοῦ ςαυροθενῖος) (შეად. ინ. 10:7)? მაშინ იაკობმა ხმამაღლა განაცხადა: "რას მეკითხებით იესუზე, კაცის ძეზე? ის ზის უდიადესი ძალის მარჯვნივ და კვლავ ზეციური ღრუბლებით მოვა".
რადგან მრავალმა დაიწყო იაკობის ამ მოწმობის განდიდება და გალობა: "ოსანა დავითის ძეს", მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ერის დაშინება გადაწყვიტეს. დაიყვირეს, რომ მართალი ცდომას მიეცა (ὤ ᾤ, καὶ ὁ δίκαιος ἐπλανήθη), სასწრაფოდ შეცვივდნენ კარებში, იქიდან იაკობი ქვაფენილზე ჩამოაგდეს და ქვები დაუშინეს, ამ დროს იაკობი ქვათა დამკრებთათვის ლოცულობდა. მართლის მორჩილმა ლოცვამ გააფთრებული მკვლელები, რომლებიც იქვე იდგნენ, დროებით შეაჩერა. მაგრამ ამ დროს მოირბინა ერთმა მემაუდემ და იაკობს თავში მაუდის სათელავი საგორავი ჩაარტყა.
ასე გარდაიცვალა წმ. იაკობი, ძმა უფლისა. ის იუდეველთა ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ტაძრის ახლოს დაკრძალეს, დაახლოებით 63 წელს ქრ. შ.-დან. თვით ურწმუნო იუდეველებიც კი (მაგ. იოსებ ფლავიოსი) გმობდნენ ამ ბოროტებას, და მალე იერუსალიმისა და ტაძრის დანგრევის შემდეგ ამ უბედურებას ესოდენ დიდი მართლის მოკვლისთვის მოვლენილ საღმრთო სასჯელად მიიჩნევდნენ. "იუდეველებს ეს შეემთხვათ როგორც სამაგიეროს მიზღვა იაკობ მარტლის გამო, რომელიც ქრისტედ წოდებული იესუს ძმა; მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე მართალი იყო, იუდეველებმა მოკლეს" (იხ. Евсевия Hist. Lib II cap. 23) (1).
____________________
1. შენიშვნა: წმ. იაკობის, უფლის ძმისა და მოციქულ იუდას წარმომავლობის შესახებ ცნობილია ორი განსხვავებული შეხედულება:
1) ერთნი, უპირატესად დასავლელნი, ამტკიცებენ, რომ იოსებს არ ჰყავდა სხვა ცოლი, გარდა მასზე დასაცავად დაწინდული წმ. ქალწულისა, ღვთისმშობლისა; ამიტომაც იესუს ძმები და დები, რომლებიც წერილშია ნახსენები 9მთ. 13:55), ან მარიამის, ღვთისმშობლის დის შვილებად მიიჩნევიან, ან კიდევ შვილებად კლეოპასი, სხვაგვარად ალფესი, იოსებ დამწინდველის ძმისა. კლეოპას და ალფეს ისინი ერთსა და იმავე პირად მიიჩნევენ; ზუსტად ასევე იაკობ ალფესისას და უფლის ზმას იაკობს ერთსა და იმავე პიროვნებად (იხ. Alapide Proёm. In Epist. Iacobi.). ზოგიერთები თანახმანი არიან ეს ძმები და დები წმ. ანას შვილებად აღიარონ, თითქოსდ ამას იოაკიმეზე ადრე სხვა ქმარი ჰყავდა (იხ. Аlарide Comment in Matth 12:46). ამ შეხედულების საფუძველს წარმოადგენს უპირატესად ნეტ. იერონიმე, რომელიც ამბობს: "plerosque non tarn pia, quam audaci temeritate confngere, Josephum plures habuisse uxores, et de bis esse fratres Domini (adversus Heluid)" (და მრავალთ, არა იმდენად ღვთისმოსაობის, რამდენადაც კადნიერი წინდაუხედაობის გამო, სწამთ, რომ იოსებს რამოდენიმე ცოლი ჰყავდა და ეს ორნი უფლის ძმები იყვნენ). ხოლო მათე 12:46-ის შენიშვნაში თავის აზრს სრული სახით ასე გადმოსცემს: "Quidam fratres Domini dе alia uxore Josephi filios suspicantur, sequentes deliramenta apocryphorum, et a quadam Escha muliercula confingentes. Nos autem, sicut in libro, quern contra Heluidiam scripsimus, continetur, fratres Domini non filios Josephi, sed consobrnos Salvatoris Mariae liberos intelligimus, materterae Domini, quae etiam dicitur mater Jacobi minoris et Josephi et Judae" ("ზოგიერთები უფლის ძმების გამო ეჭვობენ, რომ იოსებს შვილები სხვა ცოლისგანაც ჰყავდა, მისდევენ რა აპოკრიფების ცდომილებებს და გამოიგონეს რა შვილი ვინმე ესხასგან. მაგრამ, ჩვენ, როგორც ეს ჩვენ ელუიდიას წინააღმდეგ დაწერილ წიგნში მივუთითეთ, უფლის ძმებში ვგულისხმობთ არა იოსების შვილებს, არამედ მაცხოვრის დეიდაშვილებს, მარიამის ძეთ, უფლის დეიდის შვილებს, რომელიც ასევე იაკობ მცირეის, იოსებისა და იუდას დედად იწოდება") (Comment, in Matth. 12:46). იმავე აზრზეა ნეტ. ავგუსტინეც, რადგან fratres Domini (უფლის ძმებს) ქალწულ მარიამის სისხლით ნათესავებად (consanguineos Virginis) მიიჩნევს (in lohan. Tract. XXVIII). ნეტ. თეოდორიტე ამბობს, რომ იაკობი უფლის ძმად იწოდება არა იმიტომ, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, რომ თითქოსდა ის იოსების ძე იყოს პირველი ქორწინებიდან, არამედ იმიტომ, რომ ის იყო კლეოპას ძე და უფლის დეიდაშვილი (ἀνέψιός), რადგან მისი დედა ღვთისმშობლის და იყო (in Galat. 1:19). თეოდორიტეს ეს შეხედულება ეფუძნება ებრაელთა ჩვეულებას ყველა ნათესავს ძმა უწოდონ (იხ. Cursus Complet. tom. III. pag. 438).
2) სხვები, პირიქით, ამტკიცებენ, რომ იოსები დაქორწინებულ იყო სალომიაზე ანუ ესხაზე (სახელი ორნაირად არის გადმოცემული ძველი მწერლების მიერ); რომ, პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ, მან მიიღო წმ. ქალწული, და წერილში ნახსენები უფლის ზმები არსებითად იოსების შვილები არიან პირველი ცოლისგან. ეს შეხედულება ეფუძნება a) წმ. მღვდელმოწამე იპოლიტეს მოწმობას, რომელიც მოტანილია ნიკიფორესთან (Hist. Lib. II. cap. 3); b) ეპიფანეს მოწმობას, რომელიც ამბობს, რომ იოსებს პირველი ცოლი ჰყავდა იუდას ტომიდან, რომელმაც იოსებს ექვსი შვილი უშვა, ანუ ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი (Наеrеs. LXXVIII pag. 438); с) წმ. გრიგოლ ნოსელის მოწმობას, რომელიც არის მის მეორე სიტყვაში აღდგომის შესახებ; d) ევსების მოწმობას, რომელიც ნათლად ამბობს, რომ პირველ საუკუნეში იაკობი იერუსალიმის ეპისკოპოსი τοῖ Ἰωσὴφ ὠνόμασο πᾶις (Hist. Lib. II. cap. 2); е) ორიგენეს მოწმობას, რომელიც ამბობს, რომ იესუ ქრისტეს ძმები იწოდებიან ὑιοὶ ‘Ιωσὴφ ὄντες ἐκ προτεθνηκυιας γινεκὸς (იხ. Caten in lohan. cap. II). იგივე აზრისაა წმ. ამბროსი მედიოლანელი, ჰილარიუსი და სხვები, რომლებსაც ბარონი ახსენებს (Annal. ann. 46). ამ მიზეზით თეოფილაქტე დარწმუნებით ამბობს: ἀδελφοὺς καὶ ἀδελφὰς ἐιχεν ὀ Κύριος τοῦς τοῦ Ἰωσὴφ πάιδας (in Mallh. 12:46). ამ ბოლო შეხედულებას უდავო უპირატესობა აქვს პირველის წინაშე მამათა უმრავლესობითაც და მოწმობათა სიძველითაც, ასევე სახარების ბუკვალური გაგების შესაბამისობის მხრივაც. იხ. Христиан. Чтен. 1846 года часть 3, стр. 78–98.
____________________
ეპისტოლეს პირველდაწყებითი დანიშნულება
წმ. იოაკობი თავის ეპისტოლეს ასე იწყებს "თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ" (1:1). რადგან წმიდა მწერალი მათ, ვისაც წერს, ძმებს უწოდებს (1:2; 2:1) და, რადგან დარიგებები, რომლებიც ეპისტოლეშია მოცემული მიმართულია მათკენ, ვინც უკვე სარწმუნოება მიიღო, ცხადი ხდება, რომ აქ ებრაელი ქრისტიანები იგულისხმებიან. ხოლო სიტყვები "თორმეტ განთესილ ტომს" აჩვენებს, რომ ამ ეპისტოლეს პირველი მკითხველები პალესტინის მიღმა ცხოვრობდნენ. მრავალი იუდეველთაგანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებათა გამო, გადასახლებულები იყვნენ აღთქმული მიწიდან მცირე აზიასა და საბერძნეთში, ასე რომ მოციქული პავლე თავისი მოგზაურობების დროს თითქმის ყველა ადგილას ხვდებოდა იუდეველთ, როგორც ეს მოციქულთა საქმეებიდანაც ჩანს.
შინაარსი და გადმოცემის თანმიმდევრობა
თავის ეპისტოლეში მოციქული იაკობი ნაწილობრივ არიგებს, ნაწილობრივ ამხელს, ნაწილობრივ ანუგეშებს.
1) არიგებს სიხარულით მიიღონ ღმრთითდაშვებული განსაცდელები, რადგან მისგან იშვება მოთმინება, ყოველგვარი სრულყოფილების წყარო (1:2-4); ვისაც ამისთვის საკმარისი სიბრძნე არა აქვს, მან ის ღმრთისგან უნდა ითხოვოს, და იოტისოდენადაც არ უნდა დაეჭვდეს თავისი ლოცვის წარმატებაში 91:5-8); არიგებს ღარიბთ პატივი სცენ თავიანთ მაღალ ქრისტიანულ მოწოდებას, მდიდრებს მოუწოდებს იყონ თავმდაბალნი, რადგან სიმდიდრე სწრაფწარმავალია (1:9-11); არიგებს მოთმინებით გადაიტანონ განსაცდელები (1:12) და არ ამბობს, თითქოსდა განსაცდელი, რომელიც ჩვენი ვნებებისგან მოდის, ღმრთისგან იყოს (1:13-15), ვისგანაც ჩვენ მოგვეცემა მხოლოდ სიკეთე (1:16, 17), როგორიცაა ჩვენთვის მისგან ბოძებული აღორძინება ჭეშმარიტების სიტყვით (1:18), რომელიც ყოველმა უფრო თვითონ უნდა ისმინოს ან შეისწავლოს, და სხვათა დარიგებას არ ეცადოს (1:19). ასწავლის ისმინონ ჭეშმარიტების სიტყვა თავმდაბლობით (1:20, 21), ეცადონ იყონ ერთად და მოსმენილი ჭეშმარიტების სიტყვის აღმასრულებელნი (1:22-25). ხოლო ვინც არ მოთოკავს თავის ენას, მისი ღვთისმოსაობა ფუჭია (1:26), რადგან ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა მოწყალების საქმეებში და წუთისოფლისეული სიბილწეებისგან თავის დაცვაში მდგომარეობს 91:27).
2) ამხელს სახისმოყვარებას (მიკერძოებულობას), რომელსაც მიაგებენ მდიდართ ღარიბთა უგულებელყოფით (2:1-13); ამხელს სურვილს ღმრთის წინაშე თავი მხოლოდ რწმენით იმართლონ, ან უმოქმედო თანხმობით დოგმატთა ჭეშმარიტებაზე, კეთილ საქმეთა გარეშე, რომელიც აუცილებელია ცოცხალი რწმენის გამოვლენისთვის, როგორც ეს ჩანს აბრაამისა და რააბის მაგალითებიდან (2:14-26); ამხელს ენის მოუთოკავობას, რომელიც შეუფერებელია ქრისტიანულ სრულყოფილებასთან და ჭეშმარიტ სიბრძნესთან; რადგან ენის მოუთოკავობა წარმოშობს კინკლაობას, შემდეგ შურს და ჭირვეულობას; ჭეშმარიტი სიბრძნე კი თავმდაბალია, აღვსილია მოწყალების საქმეებით და შესაძლებელია მხოლოდ მათთან, ვინც მშვიდობას იცავს (3:1-18); ამხელს ავხორცობას, რომელიც შობს შუღლსა და მტრობას, მკვლელობებს, შურს და ადამიანს განაშორებს ღმრთისგან (4:1-4); ის ჩვენგან სრულ და განუყოფელ სიყვარულს ითხოვს (4:5), თავის მადლს კი მორჩილთ ანიჭებს (4:6-10); ამხელს ძვირისმთქმელობას, განკითხვას (4:11, 12), თავდაჯერებულობას და მედიდურობას (4:13-17); ამხელს მდიდართ, რომლებიც სწრაფწარმავალი სიმდიდრისადმი სასოებენ (5:1-3), მუშებს არ უხდიან ჯამაგირს (5:4), ეძლევიან ხორციელ სიამტკბილობას (5:5), მახეს უგებენ სხვებს და უდანაშაულოთ სასიკვდილოდ წირავენ (5:6).
3) ანუგეშებს ქრისტიანთ უფლის მეორედ მოსვლის სიახლოვით (5:7-9), წინასწარმეტყველთა მაგალითებით, იობით, ასევე ღმრთის სახიერებითა და მართლმსაჯულებით (5:9-11); აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ ფიცის ფუქსავატური წარმოთქმისგან (5:12); ტანჯულთ ნუგეშად ლოცვას სთავაზობს; კეთილთ - ფსალმუნთა გალობას (5:3); სნეულთ სამკურნალოდ ზეთისცხებისკენ, ცოდვათა აღიარებისა და ერთგულთა ლოცვისკენ მოუწოდებს (5:14-16) და ილიას მაგალითზე აღძრავს კადნიერებას ლოცვისკენ (5:17, 18); ცოდვათა მიტევების აღთქმით კი არწმუნებს ეკლესიისკენ დაბრუნებას იმათ, ვინც ჭეშმარიტებისგან მიიდრიკა (5:19-20).
დაწერის გარემოება და მიზანი
ეპისტოლეს მამხილებლური ტონი აჩვენებს, რომ მისი პირველი მკითხველები:
1) განსაცდელთა გამო რწმენაში უძლურდებოდნენ და თავიანთ უძლურებაზე ბრალს ღმერთს აკისრებდნენ;
2) ვერ იგებდნენ რა სწავლებას რწმენით გამართლების შესახებ, საკმარისად მიიჩნევდნენ ოდენ გონების ცივ თანხმობას ღვთისმოსაობის ჭეშმარიტებებთან, მსგავსად იმისა, როგორც იუდეველები მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ღმრთივსათნოდ მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდნენ თავიანთი წარმომავლობა აბრაამისგან;
3) ზოგიერთი ფუქსავატურად იღებდა საკუთარ თავზე მოძღვრობის ფუნქციას და სახელს იხვეჭდა ფუჭი ენაწყლიანობით, ქადაგებდა რა მიწიერ და მშვინვიერ სიბრძნეს. ყველაფერმა ამან და ამისმა მსგავსმა ნაკლოვანებებმა ებრაელ ქრისტიანებში, რომლებიც ეპისტოლეში იმხილებიან, წმ. იაკობს, იერუსალიმის ეპისკოპოსს, მისცა საფუძველი ვითარებებთან შესაბამისი დარიგებები მიეცა თავისი სამწყსოსთვის და მისი სულიერი წყლულები ემკურნალა; ის მიმართავდა თავის სხვა თანამემამულეებსაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ გაბნეულნი, მაგრამ ყველგან თავიანთი საყვარელი იერუსალიმის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ თავს.
დაწერის თარიღი
რწმენით გამართლების შესახებ სწავლების ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, ქრისტიან ებრაელებში დაწყებულიყო მათი ადრინდელი წარმოდგენების შედეგად, რომლებიც მათ რაბინებისგან შეითვისეს; მაგრამ განსაკუთრებით ეს შეიძლებოდა გაძლიერებულიყო მოციქულ პავლეს ეპისტოლეთა გამოჩენის შემდეგ რომაელთა და გალატელთა მიმართ, ანუ არა უადრეს 56 წლისა ქრ. შ.-დან, როდესაც ამ ეპისტოლეთაგან უკანასკნელი გაჩნდა. ამიტომაც კომენტატორთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოც. იაკობმა, ძმამ უფლისა, თავისი ეპისტოლე ქრ. შ.-დან 60- წელს დაწერა, თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე. თუმცა, ამ ეპისტოლეს დაწერისა და შემთხვევის გამო კომენტატორთა აზრი სხვადასხვაა.
წყარო: Исагогика, или Введение в книги Священнаго Писания Новаго Завета, составленное Вологодской духовной семинарии учителем Алексеем Хергозерским. - Санкт-Петербург : Тип. Имп. Акад. наук, 1860. // URL: https://azbyka.ru/otechnik/Aleksej_Hergozerskij/isagogika-ili-vvedenie-v-knigi-svjashhennogo-pisanija-novogo-zaveta/8#note127
თავი 1
1. იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესუ ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ.
2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
6. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.
7. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან.
8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.
9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით,
10. ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.
11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.
12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ.
13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.
16. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო.
17. ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.
22. მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.
24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
26. თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.
27. წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.
***
თავი 1
1. "იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესუ ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ".
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი) (1906-1976):
ეპისტოლეს დასაწყისში, წმიდა მოციქული იაკობი, დუმს რა თავის სამოციქულო ღირსებაზე, თავს "ღვთისა და უფალ იესუ ქრისტეს მონას" უწოდებს. მოციქულის ბაგეთაგან ძველად ჩვეულ მისალმებას "გიხაროდეთ", რა თქმა უნდა, გააჩნია იესუ ქრისტეში, როგორც მაცხოვარში განსაკუთრებულად უმაღლესი სიხარულის მნიშვნელობა.
წმ. ბედა პატივდებული (637 - 735):
ამ იაკობზე თქვა მოციქულმა პავლემ: "... ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან" (გალატ. 2:9). რადგან იაკობი დაწესებული იყო წინადაცვეთილებთან საქადაგებლად, ის ზრუნავდა იმათზე, ვინც წინადაცვეთილთაგან იყო: ზოგს - ზეპირი გასაუბრებით ასწავლიდა, ხოლო სხვებს - ეპისტოლეთა მეშვეობით ანუგეშებდა, არიგებდა, კიცხავდა და ასწორებდა.
ნათქვამია: "თორმეტ განთესილ ტომს - გიხაროდეთ!" ჩვენ ვკითხულობთ, რომ იუდეველთა მიერ ნეტარი სტეფანეს მკვლელობის შემდეგ, "იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის (1) სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ" (საქმე 8:1).
__________________
1. იუდეა და სამარია განცალკევებული რომაული პროვინციები იყვნენ, რომლებიც შედიოდნენ ისრაელის სამეფოში - რედ.
__________________
თავის ეპისტოლეს ის უგზავნის სწორედ ამ განთესილებს, რომელთაც განიცადეს დევნულება სიმართლისთვის. სამართლიანია ასევე, რომ ამ ეპისტოლეთი ის მიმართავს არა მარტო მათ, არამედ იმათაც, რომლებმაც, ქრისტე ირწმუნეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ესწრაფოდნენ სრულყოფილებას კეთილ საქმეთა მეშვეობით, როგორც ამაზე მოწმობენ მისი ეპისტოლეს შემდგომი მუხლები. ის ასევე მიმართავს იმათ, ვინც არა მარტო გაუცხოებული იყვნენ რწმენისგან, არამედ ცდილობდნენ მთელი ძალით ედევნათ სარწმუნოება და არეულობა დაეთესათ ქრისტიანთა შორის.
ყველანი, განთესილებაში მყოფნი, განდევნილ იყვნენ რა სხვადასხვა მიზეზით თავიანთი სამშობლოდან, უცხოტომელთა მხრიდან ყველგან განიცდიდნენ ტანჯვას, ცემას და სიკვდილს, რაც კარგად არის ცნობილი ეკლესიის ისტორიიდან. მაგრამ მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ, რომ უფლის ვნებათა პერიოდში ისინი უკვე განთესილნი იყვნენ ყველგან, ლუკას სიტყვისამებრ: "ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, რომლებიც არიან ცის ქვეშ" (საქმე 2:5).
ამ ხალხთა უმეტესი ნაწილი სახელობითად არის ნახსენები, როდესაც უმატებს: "პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი..." (საქმე 2:9-11). ამრიგად, იაკობი მოუწოდებს მართალთ არ დაკარგონ რწმენა ამ განსაცდელში. ხოლო ცოდვილებს კიცხავს და მოუწოდებს თავი შეიკავონ ცოდვებისგან, წარემატონ სათნოებებში, რათა იმათ შორის მყოფნი, რომელთაც მიიღეს რწმენის საიდუმლო, უნაყოფონი არ აღმოჩნდნენ განკითხვის დღეს და მეტიც, დასჯის ღირსნიც.
ურწმუნოებს მოუწოდებს შეინანონ მაცხოვრის მკვლელობა და სხვა ბოროტმოქმედებანი, რომლებშიც დანთქმულნი იყვნენ, სანამ ხილულად თუ უხილავად მოაწევს მათზე ზეციური სასჯელი.
დეკ. ნიკოლოზ ზეფიროვი (XX ს.)
ეპისტოლეს ავტორი. 1-ლი კათოლიკე (საყოველთაო) ეპისტოლეს ავტორი იყო უფლის ხორციელი ძმა იაკობი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ცოლისგან. ეპისტოლეს ავტორი მოც. იოაკობი არ იყო 12 მოციქულთაგან (ის იყო 70-თაგანი - "აპოკ." რედ.). ეს ის იაკობია, რომელიც უფლის ამაღლების შემდეგ გახდა იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსი და მოციქულთა კრებას თავმჯდომარეობდა იერუსალიმში (51 წ. საქმე 15:13). ის გამოირჩეოდა სიმართლით და ცხოვრების სიწმიდით, რისთვისაც ურწმუნო ებრაელებიც კი პატივს სცემდნენ მას, ხოლო ქრისტიანები ეკლესიის სვეტად აღიარებდნენ (გალატ. 2:9). მოც. იაკობი აღესრულა მოწამეობრივად ქრ. შ.-დან 62-63 წლების პერიოდში. მღვდელმთავარმა ანანმა, იმ ანნას ძემ, რომლის სასამართლოზეც იყო წარდგენილი მაცხოვარი, მოც. იოაკობისგან მოითხოვა, რათა საჯაროდ, სახალხოდ, ტაძრის სახურავიდან უარი ეთქვა უფალ იესუ ქრისტეს აღიარებაზე და მატყუარად შეერაცხა იგი. წმ. იაკობმა გაბედულად აღიარა იესუ ქრისტე ღმრთის ძედ და უფლად. ამისთვის ის გადმოაგდეს კლდის შვერილიდან, რომელზეც იდგა იერუსალიმის ტაძარი. საეკლესიო გადმოცემით, უკანასკნელი დარტყმა მას ხელკეტით მიაყენა ვინმე მემაუდემ.
ეპისტოლეს მკითხველები, მისი დაწერის ადგილი, დრო და მიზეზი. როგორც ეპისტოლეს 1-ლი თავის პირველივე მუხლიდან ვხედავთ, მკითხველები, რომელთა მიმართაც იყო განკუთვნილი ეპისტოლე, გახლდათ ებრაელთა 12 ტომი, რომლებიც განთესვაში იყვნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეპისტოლეს მკითხველები იყვნენ ებრაელი ქრისტიანები, რომლებიც მცირე აზიის ქალაქებსა და სოფლებში იყვნენ განთესილნი.
მრავალი ებრაელი, ვინც ქრისტე ირწმუნა, მაშინათვე ვერ იცილებდა სხვადასხვა სახის ებრაულ ცრურწმენას და არასწორ აზრს ქრისტე მესიის შესახებ და ეს არასწორი აზრები და ცდომილებები მათ ქრისტიანულ თემშიც შეჰქონდათ. ასე, მაგალითად, მრავალი ებრაელი-ქრისტიანი მესიის სამეფოზე ფიქრობდა, რომ ის მიწიერი იქნებოდა, რომ ამ სამეფოში პირველი ადგილები მიეცემოდათ ებრაელებს და, რომ ისინი აქ, მესიის სამეფოში ყოველგვარი მიწიერი სიკეთით დატკბებოდნენ.
ქრისტიანად გახდომის შემდეგ, ისინი ვერანაირად ურიგდებოდნენ იმ უბედურებებს, დევნულებებს და ჭირვებებს, რომელთა გადატანა უწევდათ, როგორც ურწმუნო იუდეველთა, ასევე წარმართთა მხრიდან. სწორედ ქრისტიან-ებრაელთა ამ არასწორ შეხედულებას მესიაზე და მათ თავს მოწევნულ უბედურებებზე ამხელს მოც. იაკობი თავის ეპისტოლეში და ამბობს, რომ სხვადასხვა საცდურებით, უბედურებებითა და ჭირვებებით, რომელსაც განიცდიდნენ იუდეველი ქრისტიანები ურწმუნოთა მხრიდან, არ უნდა შევცბეთ, არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას და არ უნდა დავეცეთ სულით. პირიქით, ყველა ჭირვება და უბედურება ქრისტიანებმა სიხარულითა და აღმაფრენით უნდა გადაიტანონ და სულიერად არ დაეცნენ. ცხოვრებისეული უბედურებანი გვაკაჟებენ, აძლიერებენ ჩვენში რწმენას, აღზრდიან მოთმინებას, მას კი ზნეობრივ სრულყოფილებამდე მივყავართ.
იუდეველ ქრისტიანთა სხვა ცდომილება მდგომარეობდა იმაში, რომ მრავალი მათგანი ვერანაირად ურიგდებოდა იმ აზრს, რომ ქრისტიანობასი აბრაამის თესლიდან წარმომავლობას არ გააჩნდა არანაირი მნიშვნელობა ცხონების საქმეში, რომ თვით წინადაცვეთაც კი არანაირ როლს არ თამაშობდა ცხონების მიღწევაში. პირიქით, ისინი, როგორც ადრე, ახლაც ფიქრობდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხოლოდ აბრაამისეულმა წარმომავლობამ და წინადაცვეთამ შეიძლება მიანიჭოს მათ მარადიული ცხონება. მოც. იაკობი მათ წერს, რომ დაუშვებელია ასეთი ცდომილება, რომ ცხონების საქმეში, ახალ აღთქმაში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება არა აბრაამისგან ხორციელ წარმომავლობას, ან წინადაცვეთას, არამედ ქრისტესადმი რწმენას, თანაც მას თან უნდა ახლდეს კეთილი საქმეები, რადგან უბრალო რწმენა, საქმეთა გარეშე მკვდარია.
რადგან მოც. იაკობი იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსი იყო და მუდმივად იერუსალიმში ცხოვრობდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მისი ეპისტოლე იერუსალიმშივეა დაწერილი. ეპისტოლეს დაწერის თარიღი ემთხვევა 44-52 წლებს ქრ. შ.-დან (Учебн. рук. к изуч. свящ. кн. нов. зав. Иванова).
მხედველობაში აქვს რა ებრაელ ქრისტიანთა ცდომილებანი, მოც. იოანე თავისი ეპისტოლეს 1-ელ თავში, მისალმების შემდეგ (მ. 1) წერს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიტანონ მათ სხვადასხვა განსაცდელი, ჭირვება და უბედურება, რომლებიც ამ ცხოვრებაში გვხვდება (Общедоступное объяснение апостольских посланий. Том 1-й. Соборные послания. Могилев: Тип. И. Б. Клаза, 1911. С. 1-3).
ნეტ. ნიკოდიმე მთაწმინდელი (XVIII ს.):
თავისი ეპისტოლეს დასაწყისშივე წერს თავის სახელს ღმრთის წმიდა ძმა, როგორც გადმოსცემს ამას მიტროფანე: ერთი მხრივ ამას აკეთებს იმისთვის, რათა ნათლად აჩვენოს ვინ და საით მიმართავს ეპისტოლეს; მეორე მხრივ კი, ეს ყველაზე უფრო მისდრეკს მკითხველთა რწმენას დაწერილისადმი. ასევე წერდნენ საკუთარ სახელებს პეტრე და პავლე თავიანთ ეპისტოლეთა დასაწყისში.
ღვთაებრივი იაკობი, მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავმდაბლობის გამო, საკუთარ თავს მოციქულს არ უწოდებს. მოციქულებად ის ხმობს ორ მთავარმოციქულს პეტრეს და პავლეს, და მიიჩნევს, რომ საკმარისია მკითხველისთვის ის სახელიც, რომელიც ყველასთვის ცნობილი იყო, კერძოდ, "მართალი" (იაკობ მოციქულის ზედსახელი - "აპოკ." რედ.).
ღმერთს აქ ღვთაებრივი იაკობი უწოდებს მამას, როგორც განმარტავენ წმიდა თეოფილაქტე და ეკუმენიოსი, უფალს იესუს, საკუთარ თავს კი ორივეს მონას. რადგან როგორც დავითი ამბობს: "ყოველივე გმონებს შენ" (შეად. ფსალმ. 118:91), ასევე ღმრთისადმი თავისუფალი "დამონების" აზრით, როგორც ამბობს ესაია: "აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ!" (ეს. 65:13).
ამრიგად ის თავს უწოდებს მამისა და ძის მონას, რადგან ძე მამის თანასწორი და თანაარსია, და არა ქმნილება, როგორც გმობდა არიოზი. მაშ, ხედავ საყვარელო, როგორი სრულყოფილება გააჩნიათ მოციქულებს სიტყვაშიც და დიდებაშიც. ის, რომ საკუთარ თავს ქრისტეს მონებს უწოდებენ, მათთვის ყოველგვარ მიწიერ პატივზე უმეტესია. ასევე პავლეც წერდა: "პავლე, იესუ ქრისტეს მონა" (რომ. 1:1) და პეტრეც: "სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული" (2 პეტ. 1:1). მე, ამბობს ღმრთისა და იესუ ქრისტეს მონა, მოგმართავთ თქვენ ისრაელის თორმეტ ტომს, რომლებიც განთესვაში იმყოფებით მსოფლიოს ყველა კუთხეში, "გიხაროდენ", ანუ გესალმებით.
ზოგიერთს უკვირს, რომელი ტყვეობიდან გაიფანტნენ იუდეველები ყველა ტომსა და ხალხში, რომელ იუდეველებს მიმართავს მოციქული და რა მიზეზით წერს ძმა უფლისა? ამ გაკვირვებას ხსნის გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც ამბობს, რომ ეს იყო ტყვეობა, რომელიც შეამთხვია ანტიოქოსმა იერუსალიმს, რადგან ეგვიპტური და ბაბილონური ტყვეობები დროებითი იყო და დიდი ხნის წინ დასრულდა დატყვევებულ იუდეველთა დაბრუნებით; ხოლო რომაული ტყვეობა ჯერაც არ დამდგარიყო, რადგან ის მომავალში უნდა აღსრულებულიყო მაცხოვრის წინააღმდეგ გამოჩენილი კადნიერებისთვის.
გვრჩება მხოლოდ ანტიოქოსის დროს განხორციელებული ტყვეობა, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა. თუკი ვინმე არ დაეთანხმება ამგვარ განმარტებას, როგორც არაბუნებრივს, რადგან ეს ტყვეობა არ არის ძველი, იუდეველები მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არ გაფანტულან, და ეძებს უფრო სანდო განმარტებას, შესაძლოა მიიღოს შემდეგი:
რადგან ებრაელი ხალხი, როგორც ეზრა მოგვითხრობს, მრავალგზის და მრავალთა მიერ იყო გადასახლებული, ზოგი ტომი უკან ბრუნდებოდა სამშობლოში, სხვები კი ტყვეობაში რჩებოდნენ. სავარაუდოდ, ზოგიერთები ამ უკანასკნელთაგან, რომლებიც მრავალ ხალხებში იყვნენ განთესილნი, მოვიდნენ მაშინ იერუსალიმში და სულიწმიდის გარდამოსვლის სასწაულის მონაწილენი გახდნენ.
წმიდა მიტროფანე სმირნელი, წინამდებარე ეპისტოლეს განმარტებაში წერს, რომ ღვთაებრივი მოციქულები, იხსენებდნენ რა წინასწარმეტყველებას, რომელიც უფალმა გამოთქვა იერუსალიმზე, რომ მას დაიპყრობენ (რომაელები) და გააპარტახებენ ისე, რომ ქვას ქვაზე არ დატოვებენ და, რომ "ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე" (მთ. 23:36), - ღვთაებრივი მოციქულები, ვამბობ, ამას რომ იხსენებდნენ, მორწმუნე ებრაელ ქრისტიანებს ურჩევდნენ დაეტოვებინათ იერუსალიმი, რათა არ განეცადათ ის ბოროტება, მალე რომ უნდა მოწეულიყო იერუსალიმის თავზე.
ამრიგად, იუდეველები, რომლებიც მოწყდნენ თავიანთ სამშობლოს, იერუსალიმს, განითესნენ სხვადასხვა ხალხებში, და იქ, როგორც უცხოტომელები, მრავალგვარ ჭირვებას განიცდიდნენ, თუმცა ზოგიერთისთვის უცხო გარემო სულაც არ იყო მძიმე და გაუსაძლისი. სწორედ ამ მიზეზით წერს მათ ღვთაებრივი იაკობი ამ ეპისტოლეს, რათა ანუგეშოს ისინი, როგორც ჭირვებასა და განსაცდელში მყოფნი (Толкование на Соборное Послание Иакова брата Господня).
დეკ. ოლეგ სტენიაევი (XXII ს.):
ერესიარქს და პროტესტანტიზმის ფუძემდებელს მარტინ ლუთერს ყველაზე მეტად ბიბლიასი ეს ეპისტოლე სძულდა. იმის შემდეგ, რაც ძველი აღთქმიდან ამოაგდო თერთმეტი წიგნი, ახალი აღთქმიდან მან მოციქულ იაკობის ეპისტოლეც ამოიღო. პროტესტანტული ბიბლეისტიკის თანამედროვე კრიტიკული სკოლები დღემდე დავობენ იაკობის ეპისტოლეს მნიშვნელობაზე, და მას ლამის აპოკრიფადაც კი აცხადებენ. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, პროტესტანტებიც და ისინიც, ვინც მათ მისდევს, ექვემდებარებიან ბიბლიურ წყევლას: "თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში" (გამოცხ. 22:19). ამიტომ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, დიდი ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ეს ეპისტოლე.
განმარტავს რა, თუ რატომ უწოდა პირველივე მუხლში საკუთარ თავს ღვთისა და უფალ იესუ ქრისტეს მონა მოციქულმა იაკობმა, ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: უფლის მოციქულები ყოველგვარ მიწიერ პატივზე მეტად აღიარებენ იმას, რომ ქრისტეს მონები არიან (Блж. Феофилакт Болгарский. Благовестник. Т. 2. Толкование на Соборное послание святого апостола Иакова. М.: Сретенский м-рь, 2000. С. 57). უეჭველად, ღმრთისადმი მონობა პირველ ქრისტიანთა მიერ გააზრებული იყო, როგორც თავისუფლება ეშმაკისა და ცოდვისგან. თანამედროვე საზოგადოება, დღეს აღიარებს რა სხვადასხვა "თავისუფლებას", საკუთარი თავის წინაშე არ სვამს მთავარ კითხვას: რისგან თავისუფლებას ეძიებს ადამიანი? გასაგებია, რომ სეკულარიზებული (გაამსოფლიურებული) საზოგადოება ეძებს თავისუფლებას ღმრთის ძალაუფლებისგან. წერილში კი ნათქვამია: "ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს" (გალატ. 5:13).
მართლაც, თანამედროვე ადამიანი თანამედროვე დემოკრატიის ინსტიტუტებს ხორცის სიამოვნებისთვის იყენებს. ამ აზრით თანამედროვე პოლიტიკის საფუძველში სწორედ ხორციელი გულისთქმა ძევს, რომელიც სტიმულს აძლევს მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებას. მაგრამ ეკლესიისთვის პოლიტიკური გულისთქმა უცხოა. მისთვის ერთნაირად უცხოა დემოკრატიის, ფაშიზმისა და კომუნიზმის - მომავალი ანტიქრისტეს ამ სამი "იპოსტასის" იდეალები.
ვაღიარებთ რა ღმრთისადმი მონობას, ჩვენ ჭეშმარიტად თავისუფლები ვხდებით - თავისუფლები ეშმაკის საკვრელთაგან - და უკვე აღარ ვატარებთ პასუხისმგებლობას ჩვენს თანამედროვეთა კოლექტიური, პოლიტიკური ცოდვებისთვის.
დაადასტურა რა ღმრთისა და შემოქმედისადმი მონობა, მოციქული იაკობი განთესილებაში მყოფ ისრაელის თორმეტ ტომს სიხარულს სთავაზობს. აქ უნდა აღინიშნოს, რომ პასქალური სიხარული მთელი სამოციქულო საუკუნისთვის იყო დამახასიათებელი. ქრისტიანობაში გადასვლა მართალთა მიერ აღიქმებოდა, როგორც გაქცევა "ცოდვილი ეგვიპტისგან". ეს იყო ახალი გამოსვლა. ამ შემთხვევაშიც, მას მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ერთი ხალხისთვის, არამედ ღმრთის ყველა შვილისთვის, რომლებიც განთესვაში იყვნენ.
ამ დროისთვის აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება სემის კარვებზე: "განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!" (დაბ. 9:27). ეს იყო ჭეშმარიტი რწმენისკენ წარმართთა მოქცევის დიდი დასაწყისი, რომლის შესახებაც მოციქული პეტრე მოგვიანებით იტყვის: "ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი" (1 პეტ. 2:10). ამიტომაც იაკობის სიტყვები, რომლებიც განთესვაში მყოფებისკენ არის მიმართული, არ უ ნდა აღვიქვათ, როგორც იერუსალიმის ეპისკოპოსის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ებრაელთა მრევლს მიმართავს.
დიახ! ის ლაპარაკობს, როგორც იერუსალიმის პატრიარქი, მაგრამ იერუსალიმისა, როგორც მოციქულთა დედაქალაქის, რომლის კედლებიდან გაისმა ქრისტე მაცხოვრის დიდი მოწოდება: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:19-20). უეჭველად, მოციქულთა ქადაგების საყოველთაო ხასიათი არასოდეს ეფუძნებოდა ბიუროკრატიულ დიაკონიას. სამეურნეო საკითხები, რომლებიც დღეს ესოდენ ხშირად დომინირებენ მართლმადიდებლური სამრევლოების ცხოვრებაში, მინიმუმამდე იყო დაყვანილი. მათი გადაწყვეტისთვის გაჩნდა და გამოიყო განსაკუთრებული იერარქიული ინსტიტუტი - დიაკვნები.
წმიდა მოციქულთა საქმეებში ნათქვამია: "მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი" (საქმე 6:2-4).
ღმრთის სიტყვის ქადაგება გამოდის პირველ ადგილზე, და მის ყველაზე სრულ გამოხატულებას წარმოადგენს თვით სიტყვის ტრაპეზი, მესიანური ნადიმი - ლიტურგია. ქრისტიანები ამბობდნენ: "მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა" (1 კორ. 5:7). იუდეველთ ეს შეიძლებოდა მოსჩვენებოდათ, როგორც პასექის ყოველდღიური ზეიმობა. ასეთ რამეს შეუძლებელი იყო შოკი არ გამოეწვია. ირღვევა ძველაღთქმისეული პასქალური აგადა. შეწყვეტილია შვიდეულის შაბათის მსახურებათა ციკლი. თუკი იუდეველები კვირის ერთ დღეს ღმერთს უძღვნიდნენ, ისვენებდნენ ცხოვრებისეული ორომტრიალისგან, ქრისტიანები უკვე შაბათობდნენ მუდმივი განსვენებით (იხ.: 2 პარ. 36:21; 2 ეზრა 1:58). მათ უკვე აღარ ჰქონდათ საკუთარი საქმე: "ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები" (გამ. 20:9). ყოველი საკუთარი საქმე, და არა მარტო საქმე, არამედ დღეები და ქცევები, აღარ იყო. ახალი აღთქმის მორალი ქადაგებდა: "ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესუს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას" (კოლას. 3:17).
ყველაფერი, მორწმუნის ყოველი საქციელი, რელიგიური შინაარსით იყო ავსებული. ცხოვრების ამგვარი წესით ძველი ქრისტიანები შედიოდნენ განდიდებულ შაბათში - შაბათობაში. ამის შესახებ მოციქული პავლე ამბობდა: "ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა" (ებრ. 4:9).
ამ აზრით, არც იუდეველი, არც სხვა მეშაბათე არ შესულა ქრისტეს სავანეში - შაბათობაში. ისინი მხოლოდ მის კარიბჭესთან იდგნენ, კარებს მიღმა... მათ არ ესმოდათ და დღემდე არ ესმით კვირა დღის სიწმიდე, როგორც ყოფიერების ახალი ხატების სიმბოლო, რომელიც ცდება გრძნობისმიერი და წუთისოფლისეული შვიდეული დღეების საზღვრებს. ძველ იერუსალიმურ ქრისტიანებზე ნათქვამია: "დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს, ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ" (საქმე 2:46-47).
შეუძლებელი გახლდათ ტრაპეზზე ზრუნვისთვის გამოყოფილნი პასქალური ხარებისგან, ქრისტეში განსვენებისგან განზე დარჩენილიყვნენ, და ჩვენ ვხედავთ მთავარდიაკვან სტეფანეს მხურვალე ქადაგებას, რომელსაც ძლივს აჩერებენ მისკენ გასროლილი ქვები. ეს იყო განუწყვეტელი ხარების დრო. მაშინ მოციქულებს "აწყობდათ", თუ შეიძლება ასე ითქვას, პირმოთნეობითი ქადაგებაც კი. მოციქული პავლე შესძახებს: "ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს. მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ" (ფლპ. 1:16-18). სახარება - სწორედ ესოდენ სასიხარულო, და სადღესასწაულო პასქალური უწყება - სრულიად ეუფლებოდა პირველ ქრისტიანთა გულებს.
დეკ. მიქაილ ხერასკოვი (1878–1889):
აი, რატომ უნდა გადაიტანოს ქრისტიანმა სიხარულით განსაცდელები; მათით ის მოთმინებას სწავლობს, რომელიც ქრისტიანული სათნოებების სილამაზე და გვირგვინია. ამიტომაც სათნოების ჭეშმარიტი გმირები ყოველთვის მიდრეკილნი არიან დავითის სიტყვებისკენ, რათა ევედრონ უფალს გამოსცადოს ისინი (ფსალმ. 25:2), თამამად ეგებებიან განსაცდელთა გამოწვევებს და სიხარულით ითმენენ მათ.
ასე, მაგალითად, მოციქულებმა, რომლებმაც ოდესღაც დაითმინეს სასტიკი გვემა (საქმე 5:40), რომ გამოვიდნენ სინედრიონიდან "უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ" (საქმე 5:41). ხოლო უფლის სიტყვებით "ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" ჩვენი სულმოკლეობა კი არ გამოიხატება, არამედ უფალი გვასწავლის მხოლოდ თავმდაბლობით ვისურვოთ, რათა ზეციერმა მამამ განგვაშოროს ჩვენს ძალებს აღმატებული განსაცდელნი, რომელში შთაგდებასაც მუდმივად ცდილობენ ჩვენი ცხონების მტრები - უპირატესად კი ეშმაკი (Послания апостольские и Апокалипсис. Истолковательное обозрение, составленное протоиереем Михаилом Херасковым. Владимир-на-Клязьме, 1907. С. 13).
ეპისკოპოსი მიქაელი (ლუზინი) (1830 - 1887):
"იაკობი": უფლის ძმა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, რომელსაც უწოდეს მართალი.
"მონა ღვთისა (მამისა) და უფალ იესუ ქრისტესი": ეს არის მოციქულთა უმაღლესი პატივი და დიდება. შდრ.: ნეტარი თეოფილაქტე: "თავმდაბლობის ამგვარი სიღრმეში ჩაძირული იაკობი არც კი მიგვანიშნებს უ ფალთან თავის ნათესაობაზე. იხსენიებს რა საკუთარ თავს მონად, მოციქულს შეიძლება ჰქონოდა პრაქტიკული მიზანიც: მოძღვრის თავმდაბლობას უფრო მეტი ნდობა უნდა აღეძრა მოწაფეებში, რადგან ამპარტავნობა ამას განაშორებს".
"თორმეტ განთესილ ტომს": მთელ ებრაელ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმართებს შორის, არ არის გამორიცხული, რომ პალესტინელებსაც; ძირითადად, რა თქმა უნდა, ეხება მათ, ვინც იწამა ქრისტე (იხ.: წინასიტყვაობა: ეპისტოლეს თავდაპირველი მიზანი).
"გიხაროდენ!" - წინაპართა შორის ჩვეული მისალმება წერილებში, რომელსაც ქრისტიანისა და მოციქულის ბაგეზე, შეუდარებლად უფრო მაღალი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმართებისა და საერო ხალხის ბაგეზე, სიხარულის მნიშვნელობა უფალი იესუს, როგორც ადამიანის გამომსყიდველისა და განმანათლებლის შესახებ (იხ. შენიშვნა საქმეებზე 15:23, 26) (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. ტ. 21. გამომც. "პალიტრა". თბილისი 2021. გვ. 441).
ეპისკოპოსი ჰილარიუს არლელი († 449):
"იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესუ ქრისტესი". ვნებათა შემდეგ თვით ქრისტემ კეთილინება ჩვენებოდა იაკობს, სანამ ანდაზად არ იქცა: "ეჩვენა იაკობს" (იხ. 1 კორ. 15:7). რატომ უწოდებს თავს მონას, თუკი ჭეშმარიტება მეტყველებს მოციქულებზე? მონობა არის ორგვარი - კარგი და ცუდი ხვედრით, ანუ არის მონა იძულებით და არის მონა ნებაყოფლობით. იძულებით მონას აქვს დასჯის შიში და ამიტომაც სიყვარულით არ ემსახურება თავის ბატონს. ხოლო ნებაყოფლობითი მონა არაფრით განსხვავდება ძისგან (Трактат на семь Кафолических посланий С1. 0508, In epist. Iacobi, 10, 66-70).
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი († დაახლ. 1126 წ.):
"მონა ღვთისა", ანუ მამისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი; ხოლო თუ ის თანაბრად არის მონა მამისა და ძისა, მაშინ გამოდის, რომ ძე თანასწორია მამისა არსებითაც და პატივითაც. უფლის მოციქულები ყოველგვარი საერო ღირსებაზე მაღლა აყენებენ პატივს იმისა, რომ ისინი არიან ქრისტეს მონები.
ეკუმენიოსი (VI ს.):
უფლის მოციქულები ნებისმიერ საერთო ტიტულს ამჯობინებენ იწოდონ "მონებად ღვთისა". მათ სურთ, რათა ეს სახელწოდება მათი განმასხვავებელი ნიშანი იყოს - საუბრებში, წერილებში და სწავლებებში (Комментарий на Кафолическое Послание Иакова PG 119:456).
2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი):
მისალმების შემდეგ წმიდა მოციქული მაშინათვე იწყებს მსჯელობას განსაცდელებზე, რომლებშიც უეჭველად იგულისხმება ჩვენი რწმენის გამოცდა სხვადასხვა უბედურებათა სახით, რომელსაც მიწიერ ცხოვრებაში განიცდის ქრისტიანი. ეს განსაცდელები აწრთობს ჩვენს რწმენას და მოთმინების ღვაწლით უფრო მაღლა და სრულყოფილებისკენ აჰყავს ჩვენი სული.
ღირ. ბედა სპატივდებული:
მოციქული ჯერ უფრო სრულყოფილთადმი მიმართვით იწყებს, რათა თანდათანობით გადავიდეს წარწყმედულთა დარიგებაზე, რომლებიც, როგორც მან ნახა, უნდა გამოასწორდნენ და მიმართულ იქნენ სრულყოფილების მწვერვალისკენ. ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ ის არ ამბობს მხოლოდ "გიხაროდენ", ან კიდევ "სიხარულად შერაცხეთ", არამედ ამბობს: "ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით". ჩათვალეთ, რომ ღირს იქმენით ყოველგვარი სიხარულისა, როდესაც ქრისტეს რწმენისთვის განსაცდელთა დათმენა გიწევთ. დიდია მადლი, თუკი, როგორც პეტრე ბრძანებს, "ვინმე უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს" (1 პეტრე. 2:19). და მოციქული პავლეც ამატებს: "აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ" (რომ. 8:18). და ყველა მოციქულსაც, სინედრიონიდან გამოსვლის შემდეგ, "უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ" (საქმე 5:41). ამრიგად, ჩვენ უნდა ვგლოვობდეთ არა მაშინ, როდესაც განსაცდელებს ვექვემდებარებით, არამედ მაშინ, როდესაც განსაცდელთა მიერ აღმოვჩნდებით ძლეულნი.
წმ. გრიგოლ პალამა:
იაკობი ძმა უფლისა ამბობს: "ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით". იგი არა მხოლოდ ამბობს "გიხაროდეთ", არამედ - "ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ"; არ შეგვაგონებს, რომ არ განვიცადოთ მწუხარება - ეს შეუძლებელია, მაგრამ ურჩევს, რომ მათ ჰქონდეთ ღვთივსათნო სულიერი განწყობა, უფრო ძლიერი, ვიდრე მწუხარების გრძნობაა.
რატომ არ თქვა: "გიხაროდენ, როდესაც სათნოებას სჩადიხართ", არამედ: "როცა განსაცდელში ვარდებით"? რადგან სათნოების კეთება ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს ხელთაა; განსაცდელში ჩავარდნა კი არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ვინაიდან მათ გარეშე არ არსებობს არც სრულქმნილება და არც ღვთისადმი რწმენის აღმოჩენა, ამიტომ, როდესაც ადამიანი რწმენის სრულყოფისკენ მიისწრაფვის და განსაცდელში ჩავარდება, დაე, უხაროდეს, რადგან მან იპოვა ის რის წყალობითაც სრულყოფილი გახდება, რადგან განსაცდელები სასარგებლოა რწმენაში სრულქმნილთათვის მათი სრულყოფის გამოვლენის მიზნით; მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ განსაცდელში ჩავარდნა არასრულქმნილთაც სრულქმნილად აქცევს; რაც ნათელი ხდება სახარებისეული სიტყვებიდან (მთ. 14:22-33)...
"ყველაფერი, - თქვა მან, - სიხარულად შერაცხეთ", ე. ი. სრულყოფილ, უდიდეს, უსასრულო "სიხარულად" და ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მრავალი სახის განსაცდელი გამოჩნდება. რატომ არის ასე? იმის გამო, რომ განსაცდელის დროს გამოჩენილი სიმტკიცის წყალობით უფრო ვძლიერდებით და უფრო გამოცდინლნი ვხდებით... სწორედ ამას ამბობს სოლომონის სიბრძნე წმინდანებთან დაკავშირებით: "ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა" (სოლ. 3:5). განა ასეთი განსაცდელი არ არის ღირსი ყოველგვარი სიხარულისა? სწორედ ღმერთმა გაათავისუფლა იობი, როგორც უთხრა, ჭმუნვისგან განსაცდელის შედეგად: "ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად" (იობი 40:3). ამით რას ეუბნება უფალი იობს? - მე შენ ასე მოგექეცი იმიტომ, რომ გამოვცადე შენი ჩემდამი რწმენა, როდესაც ჯანმრთელი იყავი და კეთილდღეობაში ცხოვრობდი, - მე კი გამოგაჩინე მართლად, რადგან ყოველივე ამით ჩემი ნებისაებრ ვისარგებლე, როდესაც როდესაც მოგანიჭე ეს ყოველივე და როდესაც ვისურვე, განმეგო ამით. მე შენ ასე იმიტომ მოგექეცი, რათა გამომეცადა ჩემდამი შენი რწმენა, როდესაც სნეულებაში მყოფი უსახური, უსახელო და ღატაკი იყავი, - და გამოავლინე შენი სიმართლე, როდესაც თქვი: "სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა!" (იობი. 2:10).
არ მსურს, ძმანო, არ უწყოდეთ, რომ განსაცდელი ორმაგი სახისაა; ახლა ამაზე არ ვისაუბრებ (ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ), განსაცდელი ადამიანებთან მოდის სიხარულისა და ჭირვების მეშვეობით, ჯანმრთელობისა და სნეულების, დიდებისა და უპატივობის, სიმდიდრისა და სიღატაკის მეშვეობით; მაგრამ მათგან ყველაზე უარესია ისინი, რომლებიც მოდიან სიამტკბილობის, ჯანმრთელობის, დიდებისა და სიმდიდრის მეშვეობით; ეს ჭეშმარიტად ასეა; მაგრამ განსაცდელთა ამ ორგვარ სახეზე ლაპარაკისგან ახლა თავს შევიკავებ. მაგრამ რა მინდა რომ იცოდეთ? - ყურადღებით ისმინეთ, და გაიგებთ - დიდი მოციქული იაკობი, რომელიც ხორციელად უფლის ძმად იწოდება, რადგან ქალწული-მარიამი იოსებზე იყო დაწინდული, რომელიც უფლის განგებულებით ამბობს: "ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით" (იაკ. 1:12); და კიდევ: "ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ" (იაკ. 1:12).
პროფ. ა. ვ. ივანოვი:
მუხლები 2-3. მოციქული იაკობი არა მარტო უსურვებს თავის მკითხველს სიხარულს, არამედ ამ სიხარულის წყაროდ იმ ჭირვებებსა და დევნულებებს ასახელებს, რომელთაც ისინი ან ღმრთის განგებულებით განიცდიან (მთ. 13:21; ლკ. 8:13; 1 კორ. 10:13), ან კიდევ მოდიან ეშმაკისგან; რადგან ყოველი განსაცდელი სხვა არაფერია, თუ არა რწმენის გამოცდა - ხოლო რწმენა იმიტომაც იძენს სიმტკიცეს (საკუთრივ გამოცდილებას - რომ. 5:4; შეად. 1 პეტ. 1:6-7), რომ ადამიანს მომთმენად შეიქს და მით ის სრულყოფილებამდე მიჰყავს, რაც მორწმუნისთვის უდიდესი სიხარულისა და ნეტარების მიზეზია.
წმ. ეპისკოპოსი ჰილარიუს არლელი († 449):
სრულყოფილი სიყვარული მსგავსია ქვენიერების კანონისა, რომელიც ზამთრისა და სიცივის გამოცდებს გაივლის და გაზაფხულიდან გაფურჩქვნილ ზაფხულს ეშურვის. ასეა კაციც, უდავოდ, მრავალი ჭირვების გავლით ის მარადიული სიცოცხლის ჯილდოსთან მიდის, როგორც პავლე ბრძანებს: "მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველში" (საქმე 14:22). სამი სახით იქმნება განსაცდელი: შეგონებით, მხიარულებით და თანხმობით: შეაგონებს ეშმაკი, მხიარულობს ხორცი, ეთანხმება სული (Трактат на семь Кафолических посланий С1. 0508, In epist. Iacobi, 112-114, 122-124).
წმ. იოანე ოქროპირი:
მწუხარება არის შეურყეველი ერთობა, სიყვარულის გამრავლება,გულის შემუსვრილებისა და ღვთისმოშიშების აღძვრა. მოუსმინეთ მას, ვინც ამბობს: "შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი" (ზირ. 2:1). და ქრისტემაც თქვა: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით" (ინ. 16:33); და კვლავ: "ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მთ. 7:14). ხედავთ, მწუხარება ყველგან შექებულია, ყველგან ისეა გაგებული, როგორც ჩვენთვის აუცილებელი რამ. თუკი გარეგნულ პაექრობაში ვერავინ მიიღებს გვირგვინს, სანამ თავს არ გაიკაჟებს შრომით, კვების დროს სიფრთხილის გამოჩენით, კანონის დაცვით, სიფხიზლით და ა. შ., მაშინ მითუმეტეს ამ დროს (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. ტ. 21. გამომც. "პალიტრა". თბილისი. 2021 წ. გვ. 441-442).
წმ. კირილე იერუსალიმელი:
მაგრამ განსაცდელში ჩავარდნა ხომ არ არ ნიშნავს განსაცდელში ჩაძირვას? რადგან განსაცდელი ერთგვარ წყლის ნაკადს ჰგავს, რომლის გადალახვაც რთულია. შესაბამისად, ვინც განსაცცდელშია და არ იძირება მაში, ისინი მას გადალახავენ გამოცდილ მოცორავეთა მსგავსად და ეს წყალი არ დაახრჩობთ. ვინც არ არის ასეთი, ის მასში შესვლისთანავე ჩაიძირება (Мистагогические поучения 5.17 TLG 2120.002, 5.17.5-10 // ქართ.: იქვე).
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი:
განსაცდელი ორი სახისაა: პირველი სასიამოვნოა, მეორე კი მტკივნეული; ერთი ნებაყოფლობითია, მეორე კი არანებაყოფლობითი; პირველი ცოდვის მშობელია და, შესაბამისად, უნდა ვილოცოთ, რომ არ ჩავვარდეთ მასში... მეორე სახის განსაცდელი, რომელიც სჯის ცოდვის სიყვარულს უნებური ტანჯვის გამოწვევით, არის ცოდვის დამსჯელი. თუ ვინმე გამოცდის ასეთ განსაცდელს და არ იქნება შეკრული ცოდვის ბორკილით, ის შეისმენს დიდი იაკობისას, რომელიც თვალნათლივ მოგვიწოდებს: "ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე" (იაკ. 1:2-4) (Толкование на Молитву Господню Творения, 1:201 // ქართ. იქვე. გვ. 443).
ათონელი ბერი ნიკოდიმე მთაწმინდელი:
საკვირველია ღმრთის ძმის გონიერება, ის აქ დახელოვნებული და ბრძენი მკურნალივით მოქმედებს. კერძოდ, ეპისტოლეს დასაწყისში მას სურს მსგავსის მსგავსით განკურნება, რაც სხვა არაფერია, თუ არა სამკურნალო ხელოვნების კანონი. მრავალგვაროვანი და სხვადასხვა განსაცდელების ნაცვლად, რომელსაც განიცდიდნენ ებრაელი ქრისტიანები, მას მათ გულებში უკიდურესი და ყოვლისმომცველი სიხარული შეჰყავს. მას არ უთქვამს: დიდსულოვნად გადაიტანეთ, ძმანო, მრავალი განსაცდელი, ან: მოითმინეთ ჭირვებანი, არამედ თქვა: "ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით" (1), რადგან ეს განსაცდელები, რომლისგანაც იტანჯებით, ძმანო ჩემნო, უკიდურესი სიხარულის მიზეზად შეგექმნებათ.
ეს სიტყვა, არა მარტო სრულყოფილად აგრძნობინებს სულს სნეულებებსა და ჭირვებებს, რომლებიც მას ტკივილს აყენებენ, არამედ პირიქით, განსაცდელებში მოწევნული სიმწარის ნაცვლად სიხარულისკენ აღძრავს. ამრიგად მოციქული (თეოფილაქტესა და ეკუმენიოსის მიხედვით) აჩვენებს, რომ საქებარია და ღირსია სიხარულისა ის განსაცდელები, რომელთაც ქრისტიანები ღმრთისგან და ღმრთის გულისთვის განიცდიან. ასე განმტკიცდებიან ისინი და აღემატებიან ღმერთის სიყვარულში. ამიტომაც ბრძანა ბრძენმა ზირაქმა: "შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი" (ზირ. 2:1). უფალმაც ბრძანა: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას" (ინ. 16:33).რადგან ჭირვებათა და განსაცდელთა დათმენის გარეშე ვერავინ მიიღებს გვირგვინს, ვერც კაცთგან და ვერც ღმრთისაგან.
მაგრამ, შეიძლება ვინმე თქვას, თუკი განსაცდელებს ასეთი სიკეთე მოაქვტ, რატომ გვავალებს ქრისტე ლოცვაში "მამაო ჩვენო" ვითხოვოთ "ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" (მთ. 6:13)? ამ კითხვაზე ღმერთშემოსილი მაქსიმე პასუხობს, რომ განსაცდელები ორი სახისაა. პირველი განსაცდელი ნებაყოფლობითია და ცოდვის მშობელი, რადგან მას ხორცისთვის სიამოვნება, სულისთვის კი სიბნელე მოაქვს, სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელს უწყობს ცოდვის ჩადენას. მაგრამ მეორე სახის განსაცდელები არანებაყოფლობითია და სულის განწყობისგან დამოუკიდებლად მოიწევა, რომელსაც ერთი მხრივ ხორციელ გრძნობათათვის ჭირვება მოაქვთ, მეორე მხრივ კი სულს სიხარულს ჰგვრიან.
აქედან გამომდიანარე, უფალი ლაპარაკობს ნებაყოფლობით განსაცდელებზე, რომელთაც სიამტკბილობა და ცოდვა მოაქვს და გვარიგებს, რათა ვევედროთ ღმერთს ამ განსაცდელთაგან ჩვენი არიდება, რადგან თუკი მადლისგან განვიდრიკებით - ტანჯვას დავექვემდებარებით. ხოლო მისი ღვთაებრივი ძმა იაკობი აქ არანებაყოფლობით განსაცდელებზე ლაპარაკობს, რომლებიც ჩვენზე ჩვენი შემეცნების, ცოდნის და შეხედულების მიუხედავად მოიწევა, ხორციელი გრძნობებისთვის კი მოაქვს "ჭირვება და სნეულება".
ამ მიზეზით, ერთი მხრივ უფალი მამაო ჩვენოს ლოცვაში გვეუბნება, რათა ვევედროთ მას "გვიხსნას ბოროტისაგან", რადგან სიამტკბილობითი და ცოდვილი განსაცდელები და საცდურები ჩვენში მზაკვარ ეშმაკს შემოაქვს. ხოლო იაკობი თანმიმდევრულად ამბობს, რომ თქვენი რწმენის გამოცდა "დასაბამს აძლევს მოთმინებას" (Главы гностические 5-я сотн. 402).
ამრიგად, არანებაყოფლობითი განსაცდელები მოშურნე, სათნო და ღვთისმოშიში ადამიანებისთვის ყოველგვარი სიხარულის მიზეზი ხდება, რადგან რამდენსაც იტანჯება სხეული და "იხრწნება" (ჭირვებათა გამო), იმდენად ხარობს სული და განახლდება, როგორც პავლე ბრძანებს: "ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი" (2 კორ. 4:16), და ეს სხვებისთვისაც აშკარა ხდება. ხოლო გამოცდას სათნოებათა სრულყოფილებაში შევყავართ. როგორც თეოფილაქტე და იკუმენიოსი ამბობენ, ზოგიერთი განსაცდელი, ღვთისგან მოდის, ზოგი კი ჩვენგან; ღვთისგან დაშვებული განსაცდელები ჩვენი წვრთნისა და განდიდებისთვის მოივლინება (2).
და კვლავ: ჩვენგან მომდინარე განსაცდელები ორი სახისაა. რადგან ერთნი თავს გვატყდებიან ჩვენი უგუნური და ამაყი დიდგულობის გამო, როდესაც ვაჩვენებთ, თითქოსდა ძლიერები ვართ და თავს განსაცდელში ვიგდებთ. ეს უგუნური სიმამაცე კადნიერებად იწოდება, რომლისგან არიდებას უფალიც გვასწავლის და გვმოძღვრავს: "იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური" (მთ. 26:41), რადგან საცდურის წინაშე, ადამიანის სული და მშვინვა მოშურნეობით არიან აღძრულნი, ხოლო როდესაც მიეცემიან საცდურს, ადრინდელი მოშურნეობა ქრება და ეს სიკეთით არ მთავრდება (3).
სხვა განსაცდელები ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო მოიწევა (4), როგორც მოიწია წარღვნამ ბუმბერაზთა გამო და, როგორც ამოწყდნენ სოდომელები ცეცხლით თავიანთი ცოდვებისთვის. გავექცეთ, ძმანო, ამ ორი სახის განსაცდელებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, და თავიდანვე ნუ ვიცხოვრებთ ცოდვებში, ნუ მივეცემით საცდურებს კადნიერებითა და სიამაყით. ხოლო თუკი ისინი (განსაცდელები) გვეწვევიან, მადლიერებით ვიტვირთოთ, როგორც ცოდვებისთვის დადებული ეპითიმია. ხოლო ის განსაცდელები, რომლებიც ჩვენს გამოსაცდელად ღმრთისგან გვეძლევა (როგორც ეს შეემთხვათ იობსა და აბრაამს), არ უნდა გავექცეთ, რადგან ისინი საღმრთო შექებისა და გვირგვინთა მოპოვების ღირსად გვქმნიან. ამ მიზეზით, უფლის ძმა აქ ლაპარაკობს "სხვადასხვა განსაცდელებზე", მათთვის დამახასიათებელ განსხვავებათა გამო (5).
შენიშვნები:
1. იხილე, საყვარელო, რომ უფლის ძმამ აქ არ გვითხრა თავისთავად შევსულიყავით განსაცდელებში და ათასგვარი საშიშროებისთვის დაგვემორჩილებინა საკუთარი თავი, არამედ თქვა, რომ გიხაროდეტო, როდესაც განსაცდელები გეწვევიან, თუმცა თვითონ არ უნდა ვიყოთ ამის მიზეზი. აქედან კი ვიღებ სამ მაცხოვნებელ გაკვეთილს.
პირველი ისაა, რომ თვითონ არ უნდა ჩავიგდოთ თავი განსაცდელში, არამედ უფრორე ვილოცოთ, რათა არ მოვიდეს ჩვენზე დემონური განსცდელი, როგორც ამას ამბობს წმ. თეოფილაქტე, როდესაც განმარტავს უფლის სიტყვებს "ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში" (ლკ. 22:40). "რადგან თვითნებურად განსაცდელში თავის ჩაგდება ნიშნავს თავის მოწონებას სიმამაცით და სიამაყეს". წმიდა მიტროფანეც ამბობს: "ხოლო ჩვენ, არ უნდა მოვისურვოთ არანაირი განსაცდელი".
მეორე, ვსწავლობთ, რომ, როდესაც თავს დაგვატყდება არანებაყოფლობითი და სატანური საცდურები, უნდა ვევედროთ ღმერთს არ მიგვატოვოს, რათა საცდურთაგან ძლეულნი არ აღმოვჩნდეთ (ასეა ეს განმარტებული იმავე თეოფილაქტესთან სიტყვებზე: "არ შეხვიდეთ განსაცდელში").
და მესამე, ვსწავლობთ, რომ როდესაც მოდიან უნებლიე და სატანური საცდურები, კი არ უნდა ვწუწუნებდეთ და ვეძლეოდეთ ჭმუნვას, არამედ ვმადლობდეთ ღმერთს და ვიხარებდეთ. როგორც ღვთაებრივი მიტროფანე ამბობს: "ჩვენს თავს მოწევნილი განსაცდელების დროს, გვმართებს ყოველგვარი მზადყოფნით მათი მიღება, სიხარული, როგორც დღესასწაულის დღეს და ყოველმხრივ აღვივსოთ სულიერი სიხარულით". რადგან განსაცდელთა გარეშე, ვერავინ განიწმინდება, და ვინც გაურბის სულის სასარგებლო განსაცდელებს (თუნდაც სატანურს, რომელსაც ტკივილი მოაქვს), ის მარადიულ სიცოცხლეს გაურბის. როგორც ერთმა ღირსმა მხცოვანმა თქვა: "გააუქმე განსაცდელი - და ვერავინ ცხონდება; ვინც მაცხოვნებელ განსაცდელს გაურბის - ის მარადიულ სიცოცხლეს გაურბის (პატერიკიდან). რის გამოც, ერთი მხრივ, იაკობი აქ ამბობს: "სიხარულად შერაცხეთო", ხოლო მეორე მხრივ პეტრე ამბობს: "მცირედ შეჰხარით, რადგან შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით" (1 პეტ. 1:6), ამ მოჩვენებითი წინააღმდეგობის გადასაჭრელად იხილე პეტრეს ეპისტოლეს განმარტება.
2. ღირსია აღვნიშნოთ, რომ ყველა ან ღმრთისგან მოვლენილი განსაცდელები, სამი სახეობისაა. პირველი, მისი იკონომიით, და მხოლოდ გამოცდისთვის, როგორც ეს იყო მართალი იობის და სხვა წმინდანების შემთხვევაში, რათა უფრო მართლებად და უწმიდესებად გამოჩენილიყვნენ ისინი. მეორე დაშვებით, როგორც ეს იყო დავითის და პეტრეს შემთხვევაში, რომლებიც გვეწვევიან ცოდვისადმი წინააღმდეგობისა და მისი აღკვეცისთვის, რომელიც ან არის ან შეიძლება მოვიდეს. და მესამე ღვთისგან მიტოვებულობის გამო, რაც სრულიად წარწყმედს ადამიანს და ხდება მისი ცოდვილი ცხოვრებისა და ბოროტი განწყობის გამო, რასაც ვხედავთ იუდას (ისკარიოტელის) შემთხვევაში. და აქ კიდევ დავამატებთ, რომ განსაცდელები ჩვენი მიზეზით იქნება ეს თუ ღმრთის განგებით, ორივე განსაცდელებად იწოდება, რადგან მათი მეშვეობით გამოიცდება ადამიანის თავისუფალი ნება.
როგორც ბასილი დიდმა ბრძანა: "არსებობს განსაცდელთა ორი სახეობა, რადგან ან განსაცდელები აწრთობენ გულებს, როგორც ოქროს ღუმელში, ან კიდევ თვით ცხოვრებისეული კეთილდღეობა ხდება მრავალთათვის განსაცდელი" (ჰომილია სიტყვებზე: "დავშლი ჩემს ბეღლებს" (ლკ. 12:18). ღირ. მარკოზიც ამბობს: "როგორც ღვთივსათნო ღვაწლი სათნოებად იწოდება, ასევე მოულოდნელი ჭირვება იწოდება განსაცდელად" (189, О тех, которые думают оправдаться делами). და კიდევ: "ყოველი განსაცდელი ააშკარავებს, საითკენ მიიდრიკება ჩვენი ნება, კეთილ თუ ცუდ მხარეს. ამიტომაც შემთხვევითი განსაცდელები საცდურებადაც იწოდებიან, რადგან ამ განსაცდელებს დაქვემდებარებულთა დაფარული სურვილების გამომცდელს წარმოადგენს" (201, там же).
3. რაც მოხდა მოციქულ პეტრეს შემთხვევაში, როდესაც მას ესმა უფლის სიტყვები: "სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური" (მთ. 26:41), მაგრამ არ შეისმინა როგორც საჭირო იყო, თავდაჯერებულმა გადაწყვიტა თვითონ შესულიყო მღვდელმთავრის ეზოში, და იქ, ო, უბედურებავ, შთავარდა უარყოფის უდიდეს ორმოში.
4. ამასთან დაკავშირებით თქვა ღმერთშემოსილმა მაქსიმემ: "ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელები ჩვენდა სასიკეთოდ ხდება; ან წარსული ცოდვებისგან განსაწმენდად ან ახლანდელი უდარდელობისგან გამოსასწორებლად, ან კიდევ მომავალი ცოდვებისგან დასაცავად. ვინც გულისხმაყოფს, რომ განსაცდელები ამ მიზეზთა გამო ხდება, არ ღიზიანდება, თუნდაც შოლტით სცემონ, ან კიდევ ითმენს ამ ჭირვებათ, რადგან მასში მცხოვრებ ცოდვაზე ფიქრობს. არ ადანაშაულებს ის არც იმას, ვიც მიერაც მოდის განსაცდელი, რადგან ან ერთის ან მეორის მიერ უნდა დალიოს მან ღვთაებრივ განგებათა თასი, ხოლო ამის დამშვებ ღმერთს უმზერს მადლობით სასჯელს კი იღებს მადლობით, რადგან დამნაშავედ მიაჩნია საკუთარი თავი".
5. მაშ, ხედავ რა ითქვა, განსხვავებული საცდურები, და არა უზომო და შესაძლებლობებზე აღმატებული, რადგან ღმერთი თუმც დასაშვებად მიიჩნევს ქრისტიანები დრო და დრო მიეცნენ განსაცდელს, მაგრამ არა ისეთს, რომლებიც მათ ძალებს აღემატებიან. განსაცდელებთან ერთად, ქრისტიანებზე საიდუმლოდ გადმოდის მათი დათმენის ძალაც, როგორც მოწმობს პავლე, როდესაც ამბობს: "სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორ. 10:13); ამბა მაკარიმ თქვა: "როგორც მეთუნე, როდესაც ჭურჭლებს ცეცხლში მოათავსებს, ღუმელს ზომიერად გაახურებს და არც ისე ძლიერ, რათა შემდეგში გამოსახურვებელი ჭურჭელი არ დაიბზაროს, და არც ისე ნაკლებად, რომ, გამოუწველნი დარჩნენ და მათზე შრომამ ფუჭად ჩაიაროს... ადამიანის გონებასაც გააჩნია უნარი სიმძიმე სასაპალნე ნახირის ან აქლემის, ან კიდევ სხვა რომელიმე ცხოველის ძალას შეადაროს, თუ რომელი სიმძიმის წაღებას შეძლებს: მაშ, მითუმეტეს ღმერთი, რომელმაც იცის ადამიანურ ჭურჭელთა სიმტკიცე, რის გამოც სხვადასხვა ზომით დაუშვებს, რათა სუპოსტატურმა ძალამ იმოქმედოს" (Беседа 26). წმიდა ისააკი ამბობდა: "არ მოვა განსაცდელი, სანამ სული საიდუმლოდ სიდიადეს არ მიიღებს, თავისი ძალის საზომისაებრ... მადლი განსაცდელამდე, მაგრამ განსაცდელთა შეგრძნება, თავისუფლების გამოსაცდელად, უეჭველად წინ უძღვის მადლის შეგრძნებას... მადლი წინ უსწრებს გონებაში, მაგრამ გრძნობაში აყოვნებს" (Толкование на Соборное Послание Иакова брата Господня).
ორიგენე:
შენ ბადებ სიხარულს, თუკი სიხარულად მიიჩნევ სხვადასხვა განსაცდელში ჩავარდნას, და ამ სიხარულს მსხვერპლად სწირავ ღმერთს (Гомилии на Книгу Бытия 8 Cl. 0198 6(A), 8.10.85.20).
ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი:
სიტყვა ღმერთმა გვასწავლა მოგვეძულებინა ყოველგვარი ცხოვრებისეული ჭირვება და სიხარულით მიგვეღო ჩვენზე მოწევნული განსაცდელები (Катехизис 3 SC 96:304).
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი:
განსაცდელს დიდი სიხარული მოაქვს გულმოდგინეთათვის, რადგან მათი მეშვეობით ვლინდება ასეთი ადამიანების გამოცდა, ხოლო გამოცდას სრულყოფილ ქმედებამდე მივყავართ. მაგრამ შემდეგ ვინმე იტყვის: თუ ასეთია განსაცდელის შედეგი, მაშინ როგორღა გვასწავლის ქრისტე, ლოცვის დროს ღმერთს რომ შევთხოვოთ: "ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" (მთ. 6:13)? ვპასუხობთ: განსაცდელი ორგვარია. ზოგი ჩვენგან მოდის, ზოგი კი ღვთის მიერ არის წარმოგზავნილი ჩვენს საწვრთნელად და განსადიდებლად. და ჩვენგან წარმოქმნილი განსაცდელიც ორი სახისაა: ზოგი მომდინარეობს დაუფიქრებელი გამბგედაობით, რომელსაც თავხედობას ვუწოდებთ და რომლისგანაც, უფალი ბრძანებს, რომ დავიცვათ თავი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სული მხნედ არის, გამარჯვებების დროს სიმხნევე ქრება, რის გამოც ეს გამბედაობა არ სრულდება სასიკეთოდ მათთვის, ვისაც ის აქვს. სხვა განსაცდელთ, მაგალითად, სოდომელების სიკვდილი (დაბ. 19:13), ცოდვებისთვის ევლინება. ამ განსაცდელებს ყველანაირად უნდა დავაღწიოთ თავი უბიწო ცხოვრებით; ღვთისგან წარმოგზავნილი განსაცდლეები, რომლებიც ჰქონდათ იობს, აბრაამს, არა მხოლდო თავიდან უნდა ავირიდოთ, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, მოთმინებითა და მადლიერებით მოვიზიდოთ, რადგან ისინი იმსახურებენ განდიდებას და გვირგვინს. როგორც ვთქვი, განსაცდელი სხვადასხვაგვარია იმის გამო, რომ ზოგიერთი განსაცდელი, როგორც აღვნიშნე, ღვთისგან მოდის, ზოგი კი ჩვენგან (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. ტ. 21. გამომც. "პალიტრა". თბილისი. 2021 წ. გვ. 443-444).
გაგრძელება იქნება.
წყარო: https://ekzeget.ru/bible/poslanie-ap-iakova/glava-1/stih-1/
პუბლიკაცია ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.

