საუბრები ბიბლიაზე - იუდასაგან იესუ ქრისტეს გაცემა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
იუდასაგან იესუ ქრისტეს გაცემა
იუდასგან მაცხოვრის გაცემა
სინედრიონი აზრს იცვლის იესუ ქრისტეს მოკვდინების დროის შესახებ
 
იუდას გამცემლობა და მისი შედეგები
 
იესუს ადგილსამყოფელის აღნიშვნა და მისი საქმიანობა ამ დღის განმავლობაში.


* * *
 
 
ვნახეთ, რომ მიწაზე, ადამიანურ სამსჯავროზე გადაწყდა, არ მოეკვდინებინათ გალილეველი წინასწარმეტყველი პასექის დღესასწაულის დასრულებამდე; მაგრამ სხვაგვარად იყო გადაწყვეტილი ზეცაში, უზენაესის სამსჯავროზე! - ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი, მსხვერპლად უნდა შეწირულიყო საპასექო კრავთან ერთად, ამდენი საუკუნის- განმავლობაში მის წინასახეს რომ წარმოადგენდა (1 კორ. 5:7) და არანაირ მიწიერ ძლევამოსილებას, არანაირ ბოროტებასა და ეშმაკობას არ შეეძლო, შეეყოვნებინა ეს მსხვერპლშეწირვა, - პირველსახე მის შემოქმედთან განეშორებინა.
 
საღვთო განგებულებამ, პირიქით, გარემოებათა დინება ისე განაგო, რომ იმავე ადამიანებმა, ვინც გაუცნობიერებლად მისი მარადიული ბედისწერის წინააღმდეგ წავიდნენ, ასევე გაუცნობიერებლად უცებ მათი აღსრულება დაიწყეს: - იესუ ქრისტე დაუყოვნებლივ დასაღუპად გადაწყვიტეს - მისი შეპყრობა და მოკვდინება პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში!
 
სინედრიონის აზრებში ასეთი მოულოდნელი ცვლილების მიზეზი გახდა ერთი ადამიანი, რომელიც მღვდელმთავრებთან გამოცხადდა და განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია, მიეკუთვნებოდა იესუს მოწაფეებსა და მუდმივ თანამგზავრებს; ამიტომ ყოველთვის იცოდა მისი ყოფნის საიდუმლო ადგილი და ადვილად შეეზლო მათ დიდი ხნის სურვილში თანამონაწილეობა - მაცხოვრის შეპყრობია ხალხისგან მალულად (ლკ. 22:6); იგი მზად იყო, ამისთვის ყოველგვარი საშუალება და ძალა გამოეყენებინა, თუკი უმაღლესი ხელისუფლება მოისურვებდა თავისი მოწყალე ყურადღება მიეპყრო ამ მნიშვნელოვანი სამსახურისთვის, რაც ბევრს როდი შეეძლო, თუმცა ყველა ვალდებული იყო სინედრიონის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული ბრძანებების გამო (ინ. 11:57).
 
ეს საბრალო ადამიანი მართლაც მიეკუთვნებოდა იესუს უახლოეს საზოგადოებას და სწორედ ის მოწაფე იყო, რომელიც ბეთანიაში მწუხრზე მოჩვენებითად წუხდა მშვიდობასა და ღატაკებზე და, რომლის ვერცხლისმოყვარების შესახებ დიდი ხანია, გვაფრთხილებდა შორსმჭვრეტელი იოანე (ინ. 12:6); ეს იყო იუდა ისკარიოტელი.
 
შემდგომში ვნახავთ, რამ უბიძგა მას თავისი მოძღვრისა და უფლის წინაშე ამ საშინელი ღალატიკსენ; აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ იესუს მცირე საზოგადოებაში ხაზინადარს ადვილად შეეძლო, საზოგადოება მცირე ხნით დაეტოვებინა და ქალაქში საყიდლებზე წასულიყო; ამიტომ მას შესაძლებლობა ჰქონდა, ურცხვი მოლაპარაკება ეწარმოებინა მოძღვრის მტრებთან და ისე ევაჭრა მისი სიცოცხლით, რომ მასში არავინ დაეჭვებულიყო.
 
როგორც მახარებლები აღნიშნავენ (ლკ. 22:5), ამ ადამიანის გამოჩენა ასეთი წინადადებით ძალზე ესიამოვნა კაიაფას. მზაკვარმა ფარისეველმა მაშინვე გაიაზრა, რომ ასეთი ადამიანის დახმარებით, როგორადაც თავს ასაღებდა გამცემი, იესუ ქრისტეს შეპყრობა სრულიად უხმაუროდ, ხალხის თავშეყრის გარეშე შეიძლებოდა. საჭირო იყო მისი დაუყოვნებლივი სასიკვდილო განსჯა და რომაელი ხელისუფლებისთვის გადაცემა - ამ უკანასკნელი საშიშროების თავიდან ასარიდებლად.
 
ფიქრობდნენ, რომ ხალხი ვერ გაბედავდა რაიმე ზომების მიღებას რომაელების წინააღმდეგ, რომლებიც პასექის დროს განსაკუთრებით აძლიერებდნენ თავიანთ სამხედრო ძალებს იერუსალიმში; და თუ ვინმე მაინც ეცდებოდა, სინედრიონი ამაზე პასუხს არ აგებდა. ის, რომ იესუს საკუთარი მოწაფე გასცემდა, განსაკუთრებულად ფასობდა მისი პირადი მტრების თვალში, რადგან ხალხის წინაშე, რომელმაც გაცემის ნამდვილი მიზეზები არ იცოდა, ეს გარემობა ეისუს კიდევ უფრო ძლიერ დამნასავედ წარმოაჩენდა, ადამიანად, რომელსაც, როგორც ჩანდა, ასე მცირედ აფასებდნენ საკუთარი მოწაფეები.
 
კანონის ბრმა მიმდევრებს გახელებული ფანატიზმის სიბრმავით შეიძლება გამცემი კანონის წინაშე მართალ ადამიანად მოსჩვენებოდათ. ის, რომ იგი თავის სიტყვას შეასრულებდა და სინედრიონსაც ისევე არ მოატყუებდა, როგორც თავის მოძღვარს ატყუებდა, ამისთვის სხვა გარემოებებთან ერთად (უეჭველი, იუდა ნდობის მოპოვებაზე იზრუნებდა) მიუთითებდა განსაკუთრებული სიხარბე ფულისადმი, რაც მის სიმდაბლესა და სულის სიბნელეს ააშკარავებდა და ამ თვისებიდან გამომდინარე მზად იყო, გამორჩენისთვის ყველაფერზე წასულიყო.
 
გაცემის ფასი დაუყოვნებლივ დადგინდა - სოწრედ ის, რომელიც მოსემ ვინმეს მიერ შემთხვევით მოკლული მონის საფასურად დაადგინა (გამ. 21:32), ანუ - 30 ვერცხლი. უეჭველია, რომელიმე მწიგნობარს საკუთარი მახვილგონიერების წარმოჩინება სურდა, როდესაც იესუ ქრსიტეს სიცოცხლისთვის მონის საფასური დაადგინა, რაც უდავოა, მოსეს დროსაც მაღალი არ უნდა ყოფილიყო; ახლა კი, ორი ათასი წლის შემდეგ, კიდევ უფრო ნაკლებად ფასობდა. მით უფრო გასაკვირია გამცემის სიხარბე, რომელსაც ესოდენ მცირედით დაკმაყოფილება შეეძლო ასეთ შემთხვევაში, როდესაც იესუს მტრები, სავარაუდოდ, ვერცხლის ნებისმიერ რაოდენობაზე თანახმა იქნებოდნენ (1);
 
__________________
 
1. თანხის რაოდენობა არც კი დაასახელა, რომ ამით უფრო სარფიანად გაეყიდა, არამედ მყიდველის ნებას მიანდო ფასი, თითქოს ვიღც საძაგელ მონას ყიდდა (ნეტარი იერონიმე. მათეს სახარების განმარტება). მაგრამ საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მეტ ვერცხლს არ შეჰპირებიან, როგორც მარკოზ და ლუკა მახარებელთა გამონათქვამები გვავარაუდებინებს (მარკ. 14:11).
 
__________________
 
მეორე მხრივ, გამცემს რცხვენოდა, ჯიუტად მოეთხოვა დიდი თანხა; უფრო მეტად სურდა (სავარაუდოდ), რომ თავისი ღალატისთვის მღვდელმთავართა თვალში კანონიერი - პატრიოტული სახე მიეცა და აშკარად არ ეწარმოებინა საძაგლი გამცემის სახე, რომელიც საკუთარი სინდისით ვაჭრობდა. თუმცა უგუნურად მოქმედება ზოგჯერ საკუთარი გამორჩენის წინააღმდეგაც კი, ვერცხლისმოყვარეობის ვნებით შეპყრობილის ხვედრია: მათ ზოგჯერ მცირედი დიდად ეჩვენებათ, დიდი კი - მცირედ. ყველგან და ყველაფერში თვალწინ მხოლოდ ფული უტრიალებთ; მიუხედავად ამისა, გაუცნობიერებლად საკუთარ საქციელს თითქოსდა უანგარობად წარმოადგენენ.
 
გაცემის დროსა და სახეს ზუსტად ვერ განსაზღვრავდა ვერც გამცემი, ვერც მღვდელმთავრები; თუმცა, უეჭველია, ეს ორივე მხარისთვის სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე ნაკლებად ფიქრობდნენ (მკ. 14:11). გამცემმა, უბრალოდ, ღალატისთვის პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენა, ანუ დრო, როდესაც ამის გაკეთება ხალხისგან ფარულად შეიძლებოდა (ლკ. 22:6). მღვდელმთავრები შეჰპირდნენ, რომ იუდას პირველი მოთხოვნისთანავე თავისი საქმის აღსასრულებლად მსახურთა და საეკლესიო დაცვის საჭირო რაოდენობას მისცემდნენ.
 
პასექის ღამე, როგორც ყველაზე უხმაურო და ამით მოსახერხებელი დრო განზრახვის აღსასრულებლად, უდავოდ, ორივე მხარეს მოუვიდა აზრად; მაგრამ იუდამ ჯერ კიდევ არ იცოდა, სად გაატარებდა მისი მოძღვარი ამ ღამეს; შესაძლოა, არც ის იცოდა, იდღესასწაულებდა თუ არა პასექს სხვებთან ერთად, (2) ხომ არ გადადებდა ამ დღესასწეაულს (ეს კანონით იყო დაშვებული) გარსმოძალებული საშიშროებიდან გამომდინარე მომავალ თვემდე.
 
__________________
 
2. მთ. 26:17-18 და ლკ. 22:8-13) - აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მაცხოვარი განზრახ არაფერს ატყჰობინებდა მოწაფებს ამის შესახებ.
 
__________________
 
ნელ-ნელა გაოცება გიპყრობს იმის წარმოდგენაზე, როგორ ბრუნდებოდა ბედკრული მოწაფე საიდუმლო გზებით კაიაფას ეზოდან იესუს წმიდა საზოგადოებაში, რათა დროულად წარმდგარიყო მათ წინაშე მოციქულის სახით; ანდა, მეორე მხრივ, იმის წარმოდგენაზე, რა ძნელია, იყო ასე დიდხანს ძე ღვთისას გვერდით და არ გახდე კეთილი, არ მიიღო მისგან სული წმიდა...
 
მახარებლები იუდას გამცემლობას ერთხმად ხსნიან სატანის შთაგონებით (ლკ. 22:3). მართლაც, მხოლოდ სატანას შეეძლო, მოციქული გამცემად და დაღუპვის ძედ გაეხადა. მაგრამ რა სარგებლობა ჰქონდა მას (გაიფიქრებს ვინმე) ექიდან, რომ იუდას მოძღვრის გაცემას ასწავლიდა, როდესაც უფლის სიკვდილით (რაც ამ გაცემას მოჰყვებოდა) ბოლომდე დაირღვეოდა ეშმაკის საქმეები მის მეუფებასთან ერთად? ხომ არ ნიშნავს ეს საკუთარ თავზე იარაღის აღმართვას, საკუთარი დაღუპვის ძიებას? ... ასეა! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ძე ღვთისას სიკვდილით კაცთა მოდგმის გამოსყიდვის საიდუმლოება წყვდიადის სულისთვის მიუწვდომელი იყო. ამ საიდუმლოს საფარველქვეშ საღვთო სიბრძნემ, რომელიც ამით ძველისძველი მტრის მახეს დაცინოდა, აღასრულა ის, რომ სატანამ ამ შემთხვევაში თვითონვე მოამზადა საკუთარი დაღუპვა. მას მხოლოდ ის სურდა, რომ ბოლო მოეღო იესუ ქრისტეს ქადაგებებისა და სასწაულების მისთვის აუტანელი ზემოქმედებისთვის, მსგავსად იმისა, როგორც მიჰყავდა მას მოწამეობრივ სიკვდილამდე წინასწარმეტყველები და, როგორც სულ ცოტა ხნის წინ უწმინდური ჰეროდეს ხელით დაადუმა იოანე ნათლისმცემლის ბაგეები; მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად საწინააღმდეგო გამოვიდა: ძე ღვთისას სიკვდილით, რომელიც კაცთა მოდგმის მტერს ასეთ ძალისხმევად დაუჯდა, გადამწყვეტი გამარჯვება იქნა მოპოვებული ბოროტზე, ერთხელ და სამუდამოდ დაემხო მისი ცოდვისა და სიკვდილის სამეფო.
 
სხვათა შორის, როდესაც მახარებლები მიუთითებენ სატანაზე, როგორც პირველ დამნაშავეზე იუდას გამცემლობაში, არ ივიწყებენ ე. წ. მეორე, ანუ ბუნებრივ მიზეზებსაც. სწორედ წმინდა იოანე მიუთითებს, შეიძლება ასე ითქვას, იმ ხვრელზე (ინ. 12:6), რომლიდანაც ეს ძველი გველი შეძვრა ბედკრული მოციქულის გულში და შეუმჩნევლად შემოეხლართა მის გონებასა და გულს. ეს ვერცხლისმოყვარეობა, რომელმაც დიდი ხანია, დაიბუდა იუდას გულში, ხრწნიდა მას იესუ ქრსიტესთან მისი მყოფობის განმავლობაში. მოციქული ითვისებდა საერთო ფულჯის ნაწილს, ახლა კი მთლად ჯოჯოხეთური ცეცხლი დაენთო მასში, ვისშიც იჯდა და მეფობდა სატანა, როგორც თავის სასახლეში.
 
ბოლოს, მათე (მთ. 26:1-16) და მარკოზ (მკ. 14:3-11) მახარებლები ორი სხვადასხვა დროს მომხდარი გარემოების (ბეთანიის საღამო, რომელზეც იუდა მირონის დახარჯვის გამო ნაღვლობდა და მისი გამცემლობა) ერთმანეთთან დაკავშირებით გამჭრიახ მკითხველს იმის დანახვის საშუალებას აძლევენ, როგორ ჩამოაცვა უკანასკნელი მარყუჟი კაცთა მოდგმის მტერმა ვერცხლისმოყვარის სულს, რათა თავისთან ერთად ჯოჯოხეთში ჩაეთრია იგი. ძლიერ შეძრულმა იმ შემოსავლის დაკარგვით, რომელიც შეიძლებოდა მირონის გაყიდვით მიღებული ფულიდან მიეღო და, შესაძლოა, ამ შემთხვევის გამო იესუს მხილებით განაწყენებულმა ვერცხლისმოყვარემ დანაკარგის ანაზღაურება გადაწყვიტა თვით მოძღვრის გაყიდვით.
 
მახარებლები ამაზე მეტს არ ამბობენ იუდას საქციელის განსამარტავად, თუმცა მისი ზოგიერთი მხარე გაურკვეველი რჩება. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ეს მდუმარება, როდესაც გაგვახსენდება, როგორ მოკლედ აღწერენ მახარებლები ყველაზე პირქუშ საგნებს და როგორ უმძიმდათ საუბარი თავიანთი თანამოძმის ამ მძიმე და გამოუსწორებელ დაცემაზე. წმინდაიოანე ოქროპირის განმარტებით, უმეტესად გასაკვირია მათი თავგამოდება, რომ არაფერს ფარავენ ამ სამარცხვინო გარემოებებიდან (საუბ. 80, მათეს სახარების შესახებ).
 
მიიჩნევდა თუ არა იუდა მასწავლებელს მესიად, ან უდიდეს წინასწარმეტყველად და მართალ ადამიანად მაინც, თუ არ თვლიდა ამად? თუ მიიჩნევდა, როგორ გასცა იგი? თუ არ მიიჩნევდა, საიდან გაუჩნდა შემდეგ ეგზომ დიდი სინანული? იესუს სასიკვდილო განაჩენმა თავზარი დასცა მას. ნათელია, რომ გამცემი არ მოელოდა ამას. მაშ რას მოელოდა? - სინედრიონის მიერ ნებაყოფლობით მის აღიარებას მესიად? მაგრამ ამის დაშვება შეუძლებელია. ანდა ასეთ შემთხვევაში რა სახით წარუდგებოდა გამცემი გაცემულს?
 
მსგავს მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველად ეკლესიის ზოგიერთი მასწავლებელი იმ დასკვნამდე მიჰყავდა, რომ იუდას არ სურდა და არ მოელოდა თავისი მოძღვრის სიკვდილს; არამედ ვარაუდობდა, რომ მოძღვარი გამონახავდა საშუალებას - ბუნებრივს ან ზებუნებრივს - რათა თვისი მტრების ხელიდან უვნებელად დაეხსნა თავი (ნეტ. თეოფილაქტე, სახარების განმარტებანი).
 
უახლეს დროში ეს მოსაზრება შეივსო, განივრცო და ყველა დაწვრილებითი მოვლენით ასეთი სახით გადმოიცა: იესუს ყველა მოწაფე მოელოდა მისი ისრაელის მეფედ, ხოლო თავიანთი (მოციქულების) მისი მეუფების უპირველეს მსახურებად აღიარებას; იუდა თავისი ანგარებიანი ბუნების გამო ყველაზე მეტად ზრუნავდა თავისი მოძღვრის საქმის წარმატებისთვის და ამიტომ გამუდმებით, მთელი ყურადღებით აკვირდებოდა ყველა გარემოებას, ხალხის შეხედულებას მასზე, მისი მტრების საქციელსა და ზრახვებს და სხვა.
 
ახლა იგი ნათლად ხედავდა, რომ მოძღვრის კამათმა სინედრიონთან გადამწყვეტ გარდატეხამდე მიაღწია და იმედოვნებდა, რომ ეს გარდატეხა აუცილებლად მოძღვრის სასარგებლოდ დასრულდებოდა, თუ იგი დღესასწაულის დროს მოხდებოდა, მრავალრიცხოვანი ხალხის თანდასწრებით, რომლებიც კეთილგანწყობილნი იყვნენ იესუ ქრისტეს მიმართ.
 
მეორე მხრივ, ბედკრული გამცემი სიმწრით ხედავდა, რომ მოძღვარი არ ცდილობდა ხელსაყრელი გარემოებებით სარგებლობას. თავისდა სამწუხაროდ, მან შეიტყო, რომ მღვდელმთავრებმა ერთსულოვნად შეადგინეს მზაკვრული გეგმა დღესასწაულის შემდეგ იესუს საბოლოოდ დასაღუპად. - რა ვქნა? - ფიქრობდა მზაკვარი ვერცხლისმოყვარე, - თუ საქმის მსვლელობას თვითდინებაზე მივუშვებ, ყველა ჩვენგანს დაღუპვა ელის: ჩვენთვის უკანასკნელი ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან გაგვეცლება; და, შესაძლოა, ისკარიოტელს უკანასკნელი დამნაშავესავით მოუწევდა ჯვარცმა. - არა, - ჩურჩულებდა ეშმაკი, - ეს არ მოხდება: სანამ იუდა ამ ხალხის საზოგადოებაშია, მღვდელმთავრები ვერ გვაჯობებენ. მათ გადადეს ჩვენი დაღუპვა დღესასწაულამდე; უნდა გაკეთდეს ამის საწინააღმდეგო: სინედრიონმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა, ვინც იესუს ადგილსამყოფელს შეიტყობს, აცნობოს მას ამის შესახებ; პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში გამოვცხადდები კაიაფასთან იესუს გასაცემად.
 
ასე ვაზღვევინებ მათ ბრმა გაბოროტებისთვის მათივე საკუთარი დაღუპვით; ზუსტად დაღუპვით: მე მათ საკუთარ სიკვდილს მივყიდი! როგორ აღელდება ხალხი, როდესაც იესუს შეპყრობას შეიტყობს! რას არ გააკეთებს იგი საძულველი სინედრიონის და პრეტორიის ჩამოსაგდებად? მოძღვარი ნებით თუ უნებლიედ, ისრაელის მეფე გახდება, ისკარიოტელს კი ექნება პატივი, ასეთ ბედნიერ გადატრიალებაში პირველი ბრალეული იყოს. ასე რომ, ბოროტების ჩადენით, დაე, სიკეთემ გაიმარჯვოს! (რომ. 3:8). დროებით გამცემლის პირქუში სახე მივიღო, რათა შემდეგ მესიის სამეუფოში უპირველესი მოციქული გავხდე. მსგავს გეგმას ვერც პეტრე მოიფიქრებს, ვერც იოანე. მოძღვარმა ძალზე კარგად იცის საქციელის შეფასება, დაუყოვნებლივ მომიზღავს სამართლიანად ესოდენ ღრმა და კეთილგონიერი მოსაზრებულობისთვის.
 
როგორც ამბობენ, ალბათ ასე უნდა ეფიქრა იუდას, რადგან მხოლოდ ამით ხდება გასაგები, როგორ შეეძლო გამცემს ასეთი მცირე ანაზღაურებით დაკმაყოფილება; ვერცხლი როდი იყო გაცემის მთავარი მიზანი: ამიტომ ის უფრო მცირედსაც დასჯერდებოდა. როგორც ამბობენ, ასევე უნდა იქნეს გაგებული ისიც, რომ იუდა თვითონ წარუძღვა დაცვას იესუს შესაპყრობად, მეგობრულად მიესალმა მას და ეამბორა კიდეც. სხვაგვარად რომ გვეფიქრა, ასეთი საქციელი მოძღვრის წინააღმდეგ პირადი მტრობის შედეგი უნდა ყოფილიყო, რისი ფიქრის საფუძველიც არ გვაქვს.
 
ბოლოს, გასაგებია, როგორც ამბობენ, რატომ იმოქმედა ისკარიოტელზე ასე ძლიერ მასწავლებლის სასიკვდილო განაჩენის ცნობამ: ამ შემთხვევაში იგი ძალზე დამწუხრდებოდა მოძღვრის გამოც და საკუთარი თავის გამოც, რადგან ასე ძლიერ მოტყუვდა. ძლიერი ხასიათის ადამიანები ასეთ გარემოებებში, ჩვეულებისამებრ, სასოწარკვეთის ერთ საშუალებას მიართავენ: Patet exitus ("პატეტ ექსიტუს" - გამოსავალი ნაპოვნია. თავისი ბოროტი და მზაკვრული გეგმის აღსრულებისას თავის დასამშვიდებლად გამცემს შეეძლო, თვით მოძღვრის დიდსულოვან შემწყნარებლობასაც კი დაყრდნობოდა, რის გამოც მაცხოვარი არ გაამჟღავნებდა მას სხვა მოწაფეების წინაშე და არც თავისი საზოგადოებიდან განდევნიდა. დაბოლოს, სიტყვები რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე (ინ. 13:27), განმარტების თანახმად, იუდას მოძღვრის მიერ მისი გეგმის გამართლებად შეეძლო მიეღო.
 
რა შეიძლება ითქვას ამ მოსაზრებების შესახებ მიუკერძოებელმა ისტორიამ? - ის, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ ძველი დროიდან მომდინარეობს და ზოგიერთი მხარით სიმართლეს უახლოვდება, მაგრამ მტკიცე ისტორიული საფუძველი არ გააჩნია და ამავე დროს, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა.
 
უნდა მივიღოთ თუ არა გამცემის აღიარება? - ის ამბობს, რომ უდანაშაულო სისხლი გაყიდა (მთ. 27:4); მაგრამ სიყტვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ გამცემლობა მას ფულისადმი სიხარბემ კი არ აიძულა, არამედ მოძღვრის ჩქარა გამეფების სურვილმა. პირიქით, გამონათქვამი - შევცოდე უდანაშაულო სისხლის გაყიდვით - ნათლად გამოხატავს, რომ გაცემა პირდაპირ ამ უდანაშაულო სისხლის გაყიდვა იყო. ჯეროვნად მოვუსმენთ მახარებლებს? - ისინი ერთ სიტყვასაც კი არ ამბობენ ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გაცემის მიზეზებისა და მიზნის მსგავსი ახსნა შეამსუბუქებდა მათ მწუხარებას, როდესაც მთელ სამყროს თავიანთი ყოფილი თანამოძმის მდაბალი სქციელის შესახებ აუწყებდნენ.



იუდა ისკარიოტელი

 
ღვთისმოშიშებით მივუბრუნდეთ თვით გაცემული ღმერთკაცის დამოწმებას. რა გვესმის? ვაი კაცისაი მის, რომელისა მიერ ძე კაცისაი მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი (მთ. 26:24). რისთვისაა ასეთი საშინელი განსჯა, თუკი გამცემლობას ისეთი უბოროტო მიზანი ჰქონდა, როგორიც აქ წარმოგვიდგინეს? ასეთ შემთხვევაში იგი ძალიან დამესგავსებოდა ე. წ. შუა საუკუნეების ღვთისმოსავ ტყუილებს და ასეთ საშინელ განაჩენს არ დაიმსახურებდა. დაუფიქრებელი ადამიანი ადვილად იპოვის სხვა მიზეზებსაც მახარებელთ მარტივი ნათქვამების გასაზიარებლად, რომლებიც გვერდს უვლიან მოვლენების დეტალების აღწერას, მაგრამ მაინც საკმაო ნათელს ჰფენენ მათ არსს.
 
რაც შეეხება ზემოაღნიშნულს გაუგებრობებს, ისინი, როგორც ვნახავთ გამცემის სავალალო აღსასრულზე საუბრისას, საიკმაოდ გასაგებად და მსგავსი ვარაუდების გარეშე წყდება.
 
სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა უფალი თავის მოწაფეებთან ერთად გაცემის დღეს? - წმიდა მათე მახარებელთან გამცემლობის აღწერის წინ გადმოცემულია თხრობა ბეთანიის საღამოსა და მირონის შესახებ (მთ. 26:6-16); მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს თხრობა სხვა დროიდანაა აღებული და აქ გადმოტანილია მოვლენათა შინაგანი კავშირის გამო (იუდას სინანული მირონის გამო მის გამცემლობასთან); რამეთუ იოანე მახარებელთან აღწერილია ზუსტად იგივე საღამო და წარმოდგენილია იესუს იერუსალიმში შესვლის დროს.
 
ამრიგად, ჩვენ არ გაგვაჩნია პირდაპირი სახარებისეული თხრობა უკანასკნელი დღის შესახებ - ოთხშაბათის წინ. არაპირდაპირი მითითებების ყურადღებით შედარებისას მაინც საკმაოდ ნათლად ვლინდება, რომ მაცხოვარს ეს დღე, წინა დღის მსგავსად, არ გაუტარებია იერუსალიმში, შესაბამისად - გეთსიმანიაში (ლკ. 21:37) ანდა ბეთანიაში (მკ. 14:13), ლაზარეს სახლში, რომელიც ადრეც იყო, ახლა კი, მითუმეტეს, რჩებოდა ძე კაცისას თითქმის ერთადერთი საიმედო თავშესაფრად.
 
უდავოა, იესუს მოწაფეები ახლა ყველაზე მეტად დაკავებულნი იყვნენ ფიქრით მომავალი პასექის შესახებ (მთ. 26:17), რომელიც ებრაელისთვის არა მხოლოდ ყველაზე წმინდა, არამედ ყველაზე სასიამოვნო დროც იყო. ამასთან, დღესასწაულის სურათი წარმოსახვით მორთული იყო მესიის სამეუფოში ჯილდოესა და პატივის ბავშვური მოლოდინით, რაზეც იესუს მოწაფეები გამუდმებით ფიქრობდნენ; ახლა კი, ამდენი მნიშნელოვანი მოვლენის შემედეგ, კიდევ უფრო მეტად იპყრობდა მათ სულებს.
 
უეჭველია, ბეთანიელი მეგობრების გულმოდგინებამ ყველა საშუალება გამოიყენა, რათა მათთან იესუ ქრისტეს ყოფნის დრო რაც შეიძლება მშვიდი და საამო გაეხადა. სტუმართმოყვარე მართას ახლა ყველანაირად შეეძლო, თავისი სიხარული დის წყნარ და ამაღლებულ გულმოდგინებასთან შეეზავებინა. მაგრამ მათი ღვთიური მეგობრისთვის, ახლა, როგორც არასდროს, "მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო" (ლკ. 10:40-42). ვხედავთ, რომ იესუს ფიქრები ბეთანიის საღამოს დროსაც, იერუსალიმში შესვლის წინ, მთლიანად სიკვდილითა და საფლავად დადებით იყო დაკავებული; ახლა, თითქმის სიკვდილის წინა საღამოს, ეს აზრები კიდევ უფრო გაცხოველდებოდა... შემამსუბუქებელი იქნებოდა მათი გაზიარება ვინმესთვის! მაგრამ მიწაზე არ იყო არსება, რომელსაც ამის დატევის უნარი გააჩნდა; მხოლოდ ზეციურ მამასთან ლოცვა დარჩენოდა; და უეჭველია, ეს საუბარი, რომელიც ღმერთკაცისთვის ძალის, სიმშვიდისა და სიმხნევის მომცემი იყო, ახლა გაორმაგებული და გასამმაგებული იყო.
 
მოძღვარმა ზედმიწევნით უწყოდა მღვდელმთავრებთან იუდას სამარცხვინო შეთანხმების შესახებ; მაგრამ მოწაფეებს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. უფალი განზრახ უკანასკნელ შესაძლებლობამდე უმალავდა მათ ამას; სხვაგვარად, რას არ იზამდა პეტრეს მხურვალე მოშურნეობა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად?!
 
გამცემლის მდგომარეობა მოძღვართან და თანამოწაფეებთან ერთად გატარებული უკანასკნელი საათების განმავლობაში უკიდურესად ძალდატანებითი და საბრალო იქნებოდა. ვნებით გულის გასასგიკების მიუხედავად, შეუძლებელია, გულისტკივილი არ ჰქონოდა და არ დატანჯულიყო საღვთო მასწავლებლის მზერისას (რომელიც მან ესოდენ სამარცხვინოდ გასცა), თანამოწაფეთა წმიდა კრებულის ხილვისას (რომელსაც ახლა სამუდამოდ გენაშორა). თითოეულ მნიშვნელოვან მზერას, რაიმე მნიშვნელოვან სიტყვას გამცემი უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩაეყენებინა; და ხატმწერნი როდი აჭარბებენ, როდესაც საიდუმლო სერობის გამოსახვისას სულიერი სიხარულით გაბრწყინებულ მოციქულთა შორის მას პირქუში და საშინელი სახით გამოსახავენ. განა შეიძლებოდა, ნათელი დავანებულიყო იმის სახეზე, ვის გულშიც სატანას დაესადგურებინა?
 
 
წყარო: არქიეპ. ინოკენტი (ბორისოვი). წიგნიდან: ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. თავი მეთერთმეტე. იუდასაგან იესუ ქრისტეს გაცემა. თბ. 2018 წ. გვ. 193-203.
Назад к содержимому