სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
მახარობლები
და მათი სიმბოლოები
მახარობელი, მახარობლები - ქრისტიანობაში ოთხი კანონიკური სახარებიდან თითოეულის ავტორი; შესაბამისად ქრისტიანულ ტრადიციაში აღიარებულია ოთხი მახარობელი - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე.
უფრო ზუსტად, განსაკუთრებული სახის მახარობელთა ავტორობა, რომლებიც პრეტენზიას არ აცხადებენ ინდივიდუალურ ავტორობაზე სიტყვის თანამედროვე აზრით, მაგრამ მიზნად ისახავენ გადმოგვცენ ცნობები იესუ ქრისტესა და მის მოწაფეებზე; ის აღნიშნულია სპეციფიკური ფორმულით "სახარება (სახელი - მაგ. მათეს)-სგან" ან "(სახელი, მაგ. მათეს) ... სახარება", რაც ნიშნავს "სახარება, რომელიც განმტკიცებულია ამა თუ იმ მოციქულის ან მახარებლის ავტორიტეტით", ან სახარება, რომელიც "გადმოცემულია ამა და ამ მოციქულის ან მახარობლისგან".
ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში სიტყვა "მახარობელი" უფრო ფართედ გაიგებოდა: მახარობლებად მიიჩნეოდა ყველა, ვინც ქადაგებდა სახარებისეულ ჭეშმარიტებას, ღმრთის სიტყვა წარმართ ხალხებთან მიჰყონდა, ელტვოდა რა მათ მოქცევას იესუ ქრისტეს მიმდევრებად; როგორც ვარაუდობენ, ადრექრისტიანულ ეკლესიაში არსებობდა მახარობლის ხარისხიც, რომელიც სახარებას ქადაგებდა.
სიტყვა "მახარობლის" მსგავსი გაფართოვებული მნიშვნელობა კვლავ გაჩნდა და დღემდე ნარჩუნდება პროტესტანტიზმში. როგორც ა. პ. ლოპუხინი წერდა, "პროტესტანტ ხალხებს შორის დაცულია სიტყვის ასეთი მნიშვნელობა: ის განეკუთვნება ისეთ მისიონერებსა და საერთოდ ყველა ისეთ პირს, რომელიც ცდილობს საზოგადოების აღორძინებას ქრისტეს სწავლების ქადაგებით, რომელიც სახარებებშია მოცემული".
II ს-დან მახარობლებს უკავშირდებოდა განსაკუთრებული სიმბოლიზმი, რომელიც სათავეს იღებს ძველაღთქმისეული პერიოდიდან, კერძოდ, ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც თავისებურად არის ინტერპრეტირებული აპოკალიფსისში (იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში).
ეზეკიელის "საიდუმლო ხილვაში" (ეზეკ. 1), ანუ ზეციურ ეტლში, რომელიც წარმოადგენს ღმრთის დიდების საყდარს, - წარმოდგენილია ოთხი ფანტასტიური ცხოველი ოთხი სახით და თითოეული ოთხ-ოთხი ფრთებით. ამასთან სიმბოლურ ცხოველთა სახეებზე ნათქვამია: "მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს" (ეზეკ. 1:10); ამასთან ადამიანის სახე ქრისტიანულ ტრადიციაში ინტერპრეტირებულია, როგორც სახე ანგელოზისა.
იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისში მითითებულია, რომ "პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი" (გამოცხ. 4:7). სახეები იმ თანმიმდევრობით, რომლითაც ეზეკიელთან არის ნახსენები, დაკავშირებულ იქნა ოთხ მახარობელთან - კანონიკურ სახარებათა თანმიმდევრობის მიხედვით და ასეც დაიწყეს ქრისტიანულ იკონოგრაფიაში მისი გამოსახვა.
პირველად ასეთი გამოსახულება დაფიქსირებულია რომში წმ. პუდენციანას ტაძარში (V ს-ის დასაწყისი). თანდათანობით გამომუშავდა განსაზღვრული იკონოგრაფიული კანონი: თუკი ოთხი მახარობლის სიმბოლო გამოიხატებოდა ერთ რიგზე, მხატვრები მისდევდნენ კანონიკურ სახარებათა თანმიმდევრობას, ე. ი. თანმიმდევრულად გამოხატავდნენ ანგელოზს, ლომს, ხარს და არწივს; თუკი სიმბოლოები მოთავსებული იყო ხატის ოთხ კუთხეში, ან ფრესკის კუთხეებში, სურათებზე და მინიატურებში, მაშინ ზედა რიგზე მარცხნივ გამოიხატება ანგელოზი, მარჯვნივ არწივი (როგორც ზეციურ სფეროთა სიმბოლო), ხოლო ქვეთა რიგში მარცხნივ - ლომი და მარჯვნივ ხარი (როგორც მიწიერი სამყაროს სიმბოლო).
შემდეგში, შუასაუკუნეების ეპოქაში ოთხი ცხოველი და მათი სახეები უკვე აღნიშნავენ თვით იესუ ქრისტესთან დაკავშირებული სიმბოლიზმს: იყო რა კაცი სრული და ერთდროულად ატარებდა სულიერი ბუნების მთელ სისავსეს (ანგელოზი), ის მსხვერპლად იქნა შეწირული, როგორც სამსხვერპლო ცხოველი (ხბო), შემდეგ აღდგა, როგორც ლომი და ამაღლდა ზეცად, როგორც არწივი.
მახარობელთა სიმბოლოები: ლომი, ხარი, ანგელოზი, არწივი
მახარობელთ სიმბოლოები - ეს არის ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახვა სხვადასხვა არსებათა სახით: მათეს სახარება გამოიხატება ანგელოზის სახით, მარკოზი - ლომის, ლუკა - ხარის, ხოლო იოანე - არწივის სახით. ყოველი ცხოველი ფრთოსანია და ხელში სახარება უჭირავს. სიმბოლოთა წყარო შეიძლება ვნახოთ ეზეკიელის ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებაში (ეზეკ. 1).
1722 წელს, რუსეთის ოფიციალური ეკლესიის მმართველი სინოდის განკარგულებით, აიკრძალა მახარობელთა გამოსახვა ცხოველთა სახით. მახარობელთა სიმბოლოების გამოსახვა შესაძლებელი იყო მხოლო ადამიანური სახით. მაგრამ სიმბოლური გამოხატულებანი დარჩა ძველმართლმადიდებელთა (ძველმოწესეთა) ხატწერაში.
ძველმოწესეთათვის დამახასიათებელია მახარობელთა სიმბოლიზმის სხვა, უფრო ძველი ტრადიცია. კერძოდ: იოანეს სიმბოლოს წარმოადგენს ლომი, მარკოზისას - არწივი, მათესი - ანგელოზი, ლუკასი - კურო. ეზეკიელის წინასწარმეტყველების ასეთი განმარტება მომდინარეობს წმ. ირინეოს ლიონელის დროიდან.
ამგვარი გამოსახვის წყაროს წარმოადგენს ციტატები ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან:
"და ვიხილე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი. მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ; თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა; ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით, ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა. მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა. მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს" (ეზეკ. 1:4-10).
"პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი" (გამოცხ. 4:7).
თავდაპირველად მახარობლებს აიგივებდნენ ოთხ ქერუბიმთან (უფლის საყდართან მდგომ ანგელოზებთან), მაგრამ V ს-დან ისინი ტეტრამორფიზმმა ჩაანაცვლა.
წმ. ირინეოს ლიონელი (დაახლ. 180 წ.) მახარობლებს ახასიათებდა მათი იდეალური თვისებებიდან გამომდინარე. ის მათ ადარებდა ოთხსახოვან არსებას, ოღონდ ისე, რომ არ ახასიათებდა თითოეულს ცალ-ცალკე, არამედ ყურადღებას აქცევდა ხარების ზემოქმედების სპეციფიკას:
ლომი - გამოხატავს სამეფო სიძლიერეს,
კურო - სამსხვერპლო მსახურებას,
ადამიანი - განკაცებას,
არწივი - ღმრთითშთაგონებულობას, სულიერებას (Pneuma), რომლითაც გაჟღენთილია ეკლესია.
ნეტ იერონიმე (დაახლ. 348-420) მახარობელთა სიმბოლოებს ასეთ მოტივაციას აძლევს:
მათეს სიმბოლოა ადამიანი, რადგან მისი სახარება განკაცებული ქრისტეს გენეალოგიით იწყება;
მარკოზის სიმბოლო არის - ლომი, რადგან მისი სახარება იწყება იოანე ნათლისმცემელის ხსენებით და სიტყვებით: "ხმა უდაბნოში მღაღადებლისა" (მარკ. 1:3).
ლუკასი - სამსხვერპლო ხარი, რადგან მისი თხრობა იწყება ზაქარიას მსხვერპლით;
იოანესი - არწივი, რადგან მასთან ყველაზე მეტად თვალშისაცემია სულიერი, ზეციური აღმაფრენა.
შემდეგში ოთხ მახარობელს ადარებდნენ ამავე რაოდენობის სხვადასხვა საგნებს. მაგალითად, ტექსტებში გვხვდება სახარებათა შედარება სამოთხის ოთხ მდინარესთან. უეჭველია, რომ აქ ძველი მოტივებისა და ტრადიციების საფუძველზე ლაპარაკია სიდიადის განხორციელების სპეციფიკურ განსახიერებასთან, ძლიერებასთან, განჭვრეტილობასთან და მისწრაფებასთან. ძველია მათი შედარება ოთხ მთავარ სათნოებასთანაც - სიბრძნესთან, უშიშობასთან, განსჯადობასთან და სამართლიანობასთან.
წყარო: http://urok-kultury.ru/evangelisty/
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისი" რედ. მიერ. 2024 წ.