Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ძველი აღთქმის წმიდა წერილი და მისი განმარტება 1 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ძველი აღთქმის წმიდა წერილი
 
და მისი განმარტება
წინამდებარე პუბლიკაციაში, მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, შედგენილია სხვადასხვა ავტორთა შრომების მიხედვით. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია პუბლიკაციის (სტატიების) ბოლოში - "აპოკალიფსისის" რედაქცია.
 
 


წინამდებარე პუბლიკაციაში, მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, შედგენილია სხვადასხვა ავტორთა შრომების მიხედვით. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია პუბლიკაციის (სტატიების) ბოლოში - "აპოკალიფსისის" რედაქცია.
 
 
ნაწილი პირველი


შესაქმე
 
 
"ნუ უგულებელყოფ, მეგობარო, საღმრთო წერილის მეთოდურ შესწავლას. ეშმაკის მზაკვრობას არ სურს დავინახოთ საგანძური, რათა არ გავმდიდრდეთ. "საღმრთო აზრების მოსმენას არაფერი მოაქვს", - ასე ამბობს მტერი, რათა არ დაინახოს ის ღვაწლი, რომელიც მომდინარეობს ამგვარი მოსმენისგან".
 
ღირ. ისიდორე პელუსიელი.



შესავალი:
 
 
წმიდა წერილის მოსმენისა და შესწავლის სარგებლობა და აუცილებლობა
 
სამწუხაროდ, გამოცდილება აჩვენებს, რომ მრავალი მართლმადიდებელი მორწმუნე ძველი აღთქმის კითხვას სრულიად არააუცილებელ, უსარგებლო საქმედ აღიქვამს და, რელიგიური შინაარსის მქონე მრავალრიცხოვან ბროშურებთან შედარებით, დროის ფუჭ ფლანგვად მიიჩნევს. თუმცა, თეორიულად, ალბათ, თითოეულ თქვენთაგანს წარმოუდგენია, რომ ეს ასე არ არის, და რომ თვით მაცხოვრისგან, მოციქულებისგან და წმიდა მამებისგან მცნებად მოგვეცა შევისწავლოთ და ჩავწვდეთ წმიდა წერილის შინაარსს. ჩვენთვის (თქვენთან ერთად) წმიდა წერილი - ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მოწმობა ქრისტეს შესახებ, მოწმობა ღმერთზე, და თუკი თუნდაც მცირედით მაინც ვეცდებით დავიცვათ ღმრთის მცნება: "გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (მეორე რჯლ. 5): "ეს არის პირველი და მთავარი მცნება" (მთ. 22:37-38); და თუკი მცირედით მაინც მივაყურადებთ ამ მცნებას, მაშინ, წმიდა წერილი, როგორც წიგნი იმის შესახებ, თუ ვინ შევიყვარეთ ჩვენ მთელი ჩვენი გულით, გონებითა და ძალით, - ყველა სხვა წიგნზე უფრო ძვირფასი უნდა იყოს.
 
წმიდა წერილს ჩვენ კიდევ საღმრთო გამოცხადებას ვუწოდებთ. ეს არის ის, რისი გამოცხადებაც ღმერთს ენება საკუთარ თავზე, სამყაროში თავის მოქმედებაზე, ადამიანისადმი დამოკიდებულებაზე და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ცხადია, წმიდა წერილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი წიგნია.
 
საკუთრივ ჩვენი კურსი სწორედ ამ პირველ მცნებაზე იქნება აგებული, და თუკი მცირედით მაინც შევძლებთ თქვენში სიყვარულის გაღვიძებას წმიდა წერილის კითხვისადმი, ძალიან მოხარული ვიქნებით და საკუთარ მიზანს აღსრულებულად ჩავთვლით.
 
შთაგონებისთვის, გვსურს რამოდენიმე ამონარიდი გაგაცნოთ წმიდა მამათა თხზულებებიდან. წმ. იოანე ოქროპირი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში თავის მსმენელებს ეუბნება იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდ ყურადღებას უთმობენ ისინი საერო პროფესიებს, ზრუნვას საკუთარ სახლზე, მეურნეობაზე და შემდეგ ამბობს: "აბა მითხარით, რომ გთხოვოთ, რომელი თქვენთაგანი, ვინც აქ ესწრებით, შეძლებთ, წამიკითხოთ ერთი ფსალმუნი ანდა რომელიმე ადგილი წმიდა წერილიდან? ვერც ერთი! და გასაკვირი მარტო ეს არ არის, არამედ ის, რომ თქვენ, ესოდენ ზარმაცები ყოველგვარ სულიერ საქმესთან მიმართებაში, სატანისეულ საქმეში ცეცხლზე მალები აღმოჩნდებით ხოლმე. თუკი ვინმეს აზრად მოუვა ეშმაკეული სიმღერები, გარყვნილი და მრუში მელოდიები მოგკითხოთ, გაირკვევა, რომ მრავალმა თქვენგანმა ისინი ზეპირად იცის და სრული სიამოვნებით მღერის. და რითი გაიმართლებენ თავს, თუკი მათ ამაში დასდებ ბრალს? ისინი ამბობენ: მე ბერი კი არ ვარ, არამედ, ცოლშვილიანი ადამიანი და ოჯახში ვხლაფორთობ. მთელი ბოროტება სწორედ აქედან მოდის, რომ გვგონია, თითქოს საღმრთო წერილის კითხვა მხოლოდ ბერების საქმე იყოს, მაშინ, როდესაც თავად უმეტესად გვესაჭიროება ის. ვინც ერში ცხოვრობს და ყოვლდღიურად ახალ-ახალ წყლულებს იღებს, მისთვის უმეტესად არის საჭირო მკურნალობა. ამიტომ წერილის კითხვის ზედმეტად მიჩნევა გაცილებით უარესია, ვიდრე მისი არწაკითხვა. ამგვარი აზრი სატანის მიერაა ჩაგონებული. არ გსმენიათ პავლე რომ ამბობს, რომ ეს ყოველივე "დაიწერა სამოძღვრებლად ჩვენდა" (1 კორ. 10:11)? შენ კი, ვისაც ვერ გაგიბედავს, დაუბანელი ხელებით აიღო სახარება, განა არ ფიქრობ, რომ რაც მასში წერია უაღრესად მნიშვნელოვანია?!" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. ნაწილი I. მეორე ჰომილია. მთ. 1:1. §§ 5-6. თბ. 2016. გვ. 24-25).
 
"მოისმინეთ და ძრწოდეთ. დიაკვანი, ყველას სახელით, დგას და ხმამაღლა ამბობს "მოხედენ"! და ამას ხშირად აკეთებს. ეს ხმა, რომელსაც ის გამოსცემს, ეკლესიის საერთო ხმაა, მაგრამ არავინ ისმენს. რომლის შემდეგ ამბობს "წინასწარმეტყველებათაგან ესაიას საკითხავი"...  და ისევ არავინ იღებს ყურად, თუმცა წინასწარმეტყველება არ შეიცავს არაფერ ადამიანურს. შემდეგ ისევ ხმამაღლა ამცონბს: "ამას იტყვის უფალი"... და ისევ არავინ იღებს ყურად. მაგრამ, მე რას ვამბობ? იკითხება რაღაც საშიში და საშინელი; და ამის დროსაც არავიღ იღებს ყურად. რას ამბობს ბევრი? ამბობენ, რომ ყოველთვის ერთი და იგივე იკთხება. ეს ისაა, რაც თქვენ გღუპავთ. ეს ყველაფერი რომ იცოდეთ, მასინ მითუმეტეს გმართებდათ ყურადღბა; სანახაობებზეც ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, თქვენ კი გაუმაძღარნი ხართ მათ მიმართ.
 
რა "ერთი და იმავეს" შესახებ ბედავ ლაპარაკს, როდესაც წინასწარმეტყველთა სახელებიც კი არ იცი? არ გრცხვენია იმის თქმა, რომ არ უსმენ იმის გამო, რომ ყოველთვის ერთსა და იმავეს კითხულობენ, როდესაც წაკითხული მწერლების სახელებიც კი არ იცი, თუმცა ყოველთვის ერთსა და იმავეს ისმენ. შენ ხომ თვითონ აღიარე, რომ ყოველთვის ერთი და იგივე იკიტხება. ამას შენი განსჯისთვის რომ ვამბობდე, სხვა გამართლების ძებნა მოგიწევდა და არა ისეთის, რომელიც შენსავე განსჯას ემსახურება" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. 19-ე ჰომილია. საქმე 8:26-27. § 5. III ტომი. თბ. 2015. გვ. 20-210).
 
"მაშ, უგულოდ ნუ მოვეკიდებით, საყვარელნო, საკუთარი ხსნის საქმეს: "ეს ყოველივე დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11). ცოდვებისგან თავის დასაცავად უძლიერესი საშუალებაა წმინდა წერილის კითხვა, ხოლო მისი არცოდნა უდიდესი ხრამი და ღრმა უფსკრულია; საღმრთო დადგენილებების უცოდინარობა ხსნის საქმეში უდიდესი დანაკარგია. ამ უცოდინარობამ ერესები წარმოშვა; მანვე მოიტანა გარყვნილი ცხოვრებაც; ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა; რადგან შეუძლებელია, რომ უნაყოფოდ დარჩეს ის, ვინც წმინდა წერილს მუდამ და გულმოდგინედ კითხულობს" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XV ტომი. ლაზარეს შესახებ. მესამე სიტყვა. § 3. თბილისი 2017 წ. გვ. 163-164).
 
აი, როგორი დამაჯერებელი და ძლიერი სიტყვებით მიმართავდა წმ. იოანე ოქროპირი თავის მსმენელს თითქმის 1600 წლის წინათ. მაგრამ იმ დროიდან, სამწუხაროდ, არც ისე მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ.
 
წმინდანთა ცხოვრებაში ვხვდებით ასეთ ფაქტს, - ზოგიერთმა წმინდანმა, რომელიც აბსოლუტურად უწიგნური იყო და არსად უსწავლია, თავისი ღვაწლის გვირგვინად მიოპოვა ის, რომ წმიდა წერილი ზეპირად იცოდა და ყოველთვის ჯეროვნად ახდენდა მის ციტირებას. გავიხსენოთ, მაგალითად, ღირ. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება; ეგვიპტელი მეუდაბნოვეებიდან - ღირ. პატერმუფი, ღირ. ორე, რომელთა შესახებაც ნათქვამია, რომ მათ წმიდა წერილის ცოდნა ზებუნებრივად მიიღეს. ესეც შესაძლო გზაა.
 
მის განმარტებას მათეს სახარების ჰომილიებში იძლევა წმ. იოანე ოქროპირი: "წმიდა წერილის შეწევნა არ უნდა დაგვჭირვებოდა, არამედ ისეთი სიწმიდით უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენს სულებს წიგნეის სანაცვლოდ შეწეოდა მადლი სულისა. და ჩვენი სულები იმგვარადვე უნდა დაწერილიყო სულით, როგორც ეს წიგნებია მელნით დაწერილი. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ამგვარი მადლი განვაგდეთ, ამიტომ ამ მეორე გზით მაინც ვისარგებლოთ" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი I. პირველი ჰომილია. § 1. თბილისი. 2016 წ. გვ. 3).
 
იგივე წმინდანი, მის მსმენელის შეპასუხებაზე, რომ ზოგჯერ ისინიც კითხულობენ წმიდა წერილს, მაგრამ მასში ვერაფერი გაიგეს, ასე პასუხობს: "გევედრებით, ნუ უგულებელყოფთ წერილის კითხვას, მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა წაკითხული; ორსავ შემთხვევაში რაც შეიძლება ხშირად მივმართოთ მას. გამუდმებული ვარჯიში წარუშლელად ჩაბეჭდავს მეხსიერებაში წაკითხულს და ხშირად, რაც დღეს გაუგებარი ჩანდა, ხვალ - ხელახლა გადაკითხვისას - გასაგები გახდება, რადგანაც კაცთმოყვარე ღმერთი უხილავად გაგვინათებს გონებას" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი I. 35-ე ჰომილია. §  2. თბილისი. 2015 წ. გვ. 407).
 
ასეთი გამონათქვამები მრავალ წმიდა მამასთან მეორდება, რომ მორჩილებით და თავმდაბლობით გაჯერებული ადამიანის მონდომება წმიდა წერილის შესწავლის საქმეში ღმრთის მიერ ყოველთვის ჯილდოვდება მისი გონების განათლებით.
 
აი კიდევ წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის გამონათქვამი: "სული, რომელსაც დღე და ღამე ღმრთის რჯულის შესწავლა სწყურია, არაფრისგან მიიღებს ამ მიმართებით იმდენ სარგებელს, რამდენსაც საღმრთო წერილის კვლევა; რადგან ამ წერილში დაფარულია სულიწმიდის მადლის ზრახვანი, რომლებიც, როგორც კი მისაწვდომნი გახდებიან, სულში უდიდეს სიტკბოებას წარმოშობენ, აღამაღლებენ ადამიანს ყოველივე მიწიერსა და საეროზე, ზეცად აღიტაცებენ, და მხოლოდ საღმრთოზე ფიქრისთვის განაწყობენ, მოასურვებენ მას ოდენ ანგელოზურ ცხოვრებას ამ წუთისოფელში" (წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა 34) (ციტ. Преподобный Симеон Новый Богослов. Слова. О словах Апостола Павла: искупующе время, яко дние лукави суть (Еф.5:16). URL: https://azbyka.ru/otechnik/Simeon_Novyj_Bogoslov/slovo/34). ნახეთ, წლის განმავლობაში რაოდენი სულიერი სიკეთეების მიღწევა ძალგვიძს, თუკი გულმოდგინედ დავიწყებთ ჩვენი საგნის შესწავლას.
 
ღირ. იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: "სული, რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელბს და ეს მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველისათვისა, რათა ოცნების ბოროტი და მზაკვარი სულები განიდევნონ" (წმ. იოანე კიბისაღმწერელი. კიბე. 20:23. URL: https://orthodoxy.ge/tserilebi/kibe/20.htm).
 
წმიდა მამები გვაფრთხილებდნენ და დღემდე გვაფრთხილებენ, რომ წმიდა წერილის შესწავლა არ შეიძლება წმიდად მის გადაკითხვამდე დავიყვანოთ. ბიბლიის შესწავლა შეუძლებელია წარმატებული იყოს, თუკი ჩვენ თუნდაც ვკითხულობთ შესაბამის განმარტებებს. წერილის ნამდვილი გულისხმისყოფა ეძლევა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრებით ცდილობს იმის აღსრულებას, რასაც წერილში ხვდება. მაგრამ ამისთვისაც მან შეწევნა უნდა ითხოვოს ღმრთისგან, "ვინაიდან, - როგორც ნეტ. თეოდორიტე ამბობს, - ჭეშმარიტად საჭიროა სიბრძნე და გონიერება, როგორც ღმრთის სიტყვათა შემეცნებისა და გულისხმისყოფისთვის, ასევე მათი დაცვისა და აღსრულებისთვის. შეუძლებელია გაიგოს წერილი იმან, ვისაც ღმრთის სულის გამონათება არ მიუღია, და დაიცვას იგი მან, ვინც ზეგარდმო შეწევნას არ ღირსებია" (Творения Блаженного Феодорита, епископа Кирского. - Ч. 4. Толкование на пророка Осию. / М. 1857. 248-317 с. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie-na-proroka-osiyu/14#source).
 
სრულიად სამართლიანად ამბობდა 1912 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის იმდროინდელი რექტორი ეპისკოპოსი თეოდორ პოზდეევსკი: "ღმრთის სიტყვას რომ ვუყურებდეთ არა როგორც ჭეშმარიტებათა ერთობლიობას, რომლებიც მხოლოდ ადამიანური ცნობისმოყვარეობის ინტერესთა გამოა გაცხადებული, არამედ, როგორც ღმრთივსათნო ცხოვრების უზენაეს და ზნეობრივი წესწყობის გამოცხადებას, თავისთავად ცხადია ამ ჭეშმარიტებათა შეთვისება და გულისხმისყოფა აღსრულდებოდა სხვა გზით, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. რადგან საიდუმლო როდია ჩვენთვის, რომ როდესაც წმიდა წერილის სიტყვათა მნიშვნელობის სიღრმეებში შევდივართ, ჩვენი ეს მცდელობანი სრულიად ამაო რჩება, თითქოსდა რაღაც საფარველი გვიშლიდეს ხელს სუფთა თვალებით გულისხმავყოთ წერილში დაფარული მნიშვნელობა. და ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ "რჯული სულიერია", ადამიანი კი "ხორციელი და ცოდვას მიყიდული" (რომ. 7:14), და არასოდეს, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ხორციელი კანონით ცხოვრობს, ვერ გულისხმაყოფს სულიერი ცხოვრების კანონებს, ღმრთივსათნო ცხოვრებას, რადგან, ეს კანონები რომ იცოდე, საჭიროა მას თვით ცხოვრებით მიუახლოვდე და გამოცდილებით შეიმეცნო მათი ჭეშმარიტება. აი რატომ არის, რომ წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც, როდესაც ღმრთის სიტყვის გულისხმისყოფის მეთოდებზე მსჯელობს, მას საგანძურით სავსე დახურულ სკივრს ადარებს. ეს სკივრი შეიძლება უსარგებლოდ ატარო შენს მხრებზე ისე, რომ ერთხელაც არ ისარგებლო მისი შიგთავსით, იმ საგანძურით, რომელიც მასშია, თუკი მისი გასაღები არ გექნება. ხოლო სულიერი საგანძურის გასაღები, რომელიც ღმრთის სიტყვის შემეცნებას აღებს, ერთია - ზნეობრივი სისუფთავე და სიწმიდე; აი რატომ არის, რომ ღმრთის სიტყვა, რომელიც საკუთარ თავში მთელ ღმრთისშემეცნებას შეიცავს, საჭიროა შესწავლილ იქნას არა მარტო გონებით, არამედ წმიდა გულით, რომელსაც ძალუძს თვით ღმერთის ხილვა და შემეცნება" (архиепископ Феодор (Поздеевский). Начала богопознания. Феодор (Поздеевский), еп. Начала богопознания / / Богословский вестник 1912. Т. 3. №9. С. 153–158 (2-я пагин. ციტ. https://azbyka.ru/otechnik/Feodor_Pozdeevskij/nachala-bogopoznanija/#note1).
 

მოვიტან ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ციტატას, სადაც ღირ. სიმეონი წმიდა წერილს მტკიცე სკივრს ადარებს, რომლის შიგნითაც დიდი საგანძურია. და ის ამბობს, რომ "ვინმემ ეს სკივრი ზურგზე რომ შემოიდოს, მარტო ამით მასში მდებარე სიმდიდრეს ვერ დაინახავს, - ასეა წმიდა წერილიც, ვინც წაიკითხავს და მთელ წმიდა წერილს ზეპირად დაისწავლის, ერთი ფსალმუნივითაც რომ დაიზუთხოს, ვერ ჩაწვდება სულიწმიდის მადლს, რომელიც მასშია დაფარული; რადგან ის, რაც სკივრშია დამალული მხოლოდ სკივრის დანახვით ვერ შეიმეცნება; და ვერც ის, რაც საღმრთო წერილშია ბოძებული, თვით წერილის მეშვეობით ვერ გაიხსნება" (Слова прп. Симеона Нового Богослова. Том 1. Слово сорок девятое. О духовном ведении, и что сокровище Духа сокрыто в букве Божественного Писания... ციტ. URL: https://svyatye.com/chitat/Prepodobnyi-Simeon-Novyi-Bogoslov-sobranie-tvorenii-Slova-1-52-Simeon-Novyi-Bogoslov/21395/).
 
ის ამბობს, რომ ასეთი ადამიანი, რომელმაც წმიდა წერილი ზეპირადაც ისწავლა, მაგრამ მექანიკურად, ემსგავსება იმ კაცს, საგანძურით სავსე სკივრს ზურგით რომ ატარებს. ყველაზე დიდი, რასაც ის მიაღწევს არის ის, რომ ზურგის რაიმე დაავადებას მოიმუშაკებს ამგვარი თავგამოდებისგან, ხოლო საგანძურის მოპოვებას ვერანაირად შეძლებს.
 
მაგრამ მცნებების აღსრულება, სათნოებებში დამკვიდრება ბევრად უფრო სასარგებლოა და ის, ამბობს, რომ რომ "მცნებათაგან იშვებიან სათნოებანი, ხოლო სათნოებათაგან აშკარავდებიან საიდუმლონი, რომლებიც წერილის ასოშია ჩამალული. მაშინ წარემატებიან სათნოებებში, როდესაც მცნებებს იცავენ და, კვლავ, როდესაც მცნებებს იცავენ, მაშინ სათნოებებზეც მოშურნეობენ, - და ამისგან უკვე იხსნება შემეცნების კარი - ანუ, ის საიდუმლონი, რომლებიც საღმრთო წერილშია მოცემული".
 
ასე რომ, რა თქმა უნდა, საჭიროა წმიდა წერილის კითხვაში სიბეჯითე, საჭიროა ვეცადოთ, რათა შევისწავლოთ ის გულმოდგინედ, მაგრამ საბოლოო სარგებელს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ ცხოვრებაში გამოვიყენებთ და დავნერგავთ იმას, რაც გამოგვეცხადა წმიდა წერილით.
 
 
შესაქმის წიგნის შინაარსი
 
დაბადების წიგნი იყოფა რამოდენიმე სიუჟეტური ნაკვეთისგან, რომლებიც ერთმანეთთან ისტორიის ერთიანი ძაფით არიან შეკრულნი:
 
1. ცის, მიწის და პირველი ადამიანების შექმნა. ადამი და ევა ღმერთმა დედამიწის საუკეთესო ადგილას - ედემის ბაღში დაასახლა.
 
2. ღმერთი ადამიანებს აძლევს 3 მცნებას: ინაყოფიერონ და გამრავლდნენ, ეპატრონონ დედამიწას და არ ჭამონ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხისგან.
 
3. სამოთხეში გველის სახით იპარება სატანა, რომელიც აღძრავს ევას არ უსმინოს ღმერთს და უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება იმისგან განსხვავებით, რაც მათ (ადამსა და ევას) ღმერთი შეჰპირდა.
 
4. ადამი და ევა ჩადიან პირველ ცოდვას, ჭამენ აკრძალულ ნაყოფს, ღმერთი აძევებს მათ ედემის ბაღიდან, მაგრამ ამავდროულად აძლევს აღთქმას, რომ გაანადგურებს ეშმაკის საქმეს და თვით ეშმაკსაც აღთქმული თესლით - ეს იქნება მესია.
 
5. ადამსა და ევას შეეძინებათ შვილები. კაენი მოკლავს აბელს.
 
6. ჩამოყალიბდება ადამიანთა საზოგადოება, რომელიც უმეტესწილად უკეთური ადამიანებისგან შედგება.
 
7. დედამიწაზე ჩამოდიან დაცემული ანგელოზები, რომლებიც, შეიქმნიან რა კაცთა მსგავს სხეულებს, შეეუღლებიან ქალებს. ამგვარი კავშირის ნაყოფად გაჩნდებიან ნეფილიმები - სასტიკი ბუმბერაზები, რომლებიც ჩაიდენენ მრავალგვარ ძალადობას.
 
8. მსოფლიო ბოროტების გავრცელების გამო უფალი დედამიწას მოუვლენს წარღვნას. ნოე ააშენებს კიდობანს, რომელშიც მხოლოდ ნოეს ოჯახი და ცხოველთა სახეობების წარმომადგენლები გადარჩებიან.
 
9. წარღვნის შემდეგ კაცობრიობა კვლავ გამრავლდება.
 
10. ადამიანები გაიმეორებენ წარღვნამდელი საზოგადოების გზას: დაადგებიან ცოდვისა და გარყვნილების გზას. ისინი დაიწყებენ ბაბილონის გოდოლის მშენებლობას, რათა საუკუნეებში უკვდავყონ თავიანთი სახელი. უფალი მათ ენებს აურევს. ადამიანები დედამიწაზე გაიფანტებიან.
 
11. ღმერთი ირჩევს აბრაამს და აგზავნის მას ქანაანში, რათა იქ ამ მართლისგან წარმოშვას დიდი ერი.
 
12. ანგელოზები ანადგურებენ სოდომს და გომორას მათი გარყვნილების გამო.
 
13. ღრმა სიბერეში აბრაამი ისააკის მამა ხდება. ისააკისგან იშვებიან იაკობი და ესავი.
 
14. იაკობი მიდის სირიაში, სადაც იმუშავებს 14 წელი, რათა მოიპოვოს ლაბანის ქალიშვილის - რაქელის მეუღლეობის უფლება.
 
15. იაკობი გახდება 12 ძის მამა, რომლებიც მან ცოლებისა და ხარჭებისგან გააჩინა.
 
16. იაკობის ძეები თავიანთ ძმას იოსებს მონად გაჰყიდიან.
 
17. ეგვიპტეში მონად გაყიდული იოსები ციხეში მოხვდება. მაგრამ ღმერთი არ მიატოვებს მას და მისცემს წინასწარმეტყველური სიზმრების ახსნის ნიჭს. ამის წყალობით ის წარდგება ფარაონის წინაშე, რომელსაც უცნაური სიზმრები ჰქონდა. იოსები უწინასწარმეტყველებს მას 7 წლიან სიუხვეს მოსავლისა და მის მომდევნო 7 წლიან შიმშილობას.
 
18. ფარაონი იოსებს ეგვიპტის მმართველად (პრემიერ-მინისტრად) დანიშნავს, რისი წყალობით მრავალი ხალხი შიმშილით სიკვდილს გადაურჩება.
 
19. ეგვიპტეში გადასახლდება იაკობის მთელი ოჯახიც, რომელიც დაახლოებით 70 კაცისგან შედგებოდა.
 
20. დაბადების წიგნი მთავრდება იოსების გარდაცვალებით.
 
 
საინტერესო ფაქტი:
 
ძველი აღთქმის წიგნები მათი შინაარსიდან გამომდინარე სახელწოდების პირველი ასოს მიხედვით იწოდებოდნენ. ებრაულ ენაზე შესაქმეს "ბერეშით"-ი ეწოდება, რაც "დასაბამს" ნიშნავს, ხოლო ბერძნულად მისი სახელია - გენეზისი ("წარმომავლობა").
 
 
დაბადების წიგნის ავტორი
 
ტრადიციულად დაბადების წიგნის ავტორად მოსე მიაჩნიათ. მაგრამ თვით წიგნი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვინ იყო მისი ავტორი. რენესანსის ეპოქის დადგომის დროიდან განათლებულმა ევროპელებმა ეჭვქვეშ დააყენეს მრავალ ადრინდელ ჭეშმარიტებათა უცვალებლობა. მათი კრიტიკა შეეხო ბიბლიასაც.
 
კრიტიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოსეს არანაირად შეეძლო დაეწერა "შესაქმის" წიგნი. ამისთვის მათ მოჰყავდათ რამოდენიმე მტკიცებულება:
 
1. იმ დროს, როდესაც მოსე ცხოვრობდა (16-14 სს. ჩვ. წ.-მდე) ადამიანებმა წერა ჯერ კიდევ არ იცოდნენ.
 
2. შესაქმის "დოკუმენტალური ჰიპოთეზის" თანახმად შესაქმის წიგნს სამი ავტორი წერდა, რაზეც მიუთითებს ერთ წიგნში ღმერთის სხვადასხვა სახელწოდების გამოყენება: იაჰვე (ღმრთის სახელი), ელოჰიმი (უფალი), და ასევე სიუჟეტური განმეორებები და შეუთავსებლობანი. მაგალითად, ადამისა და ადამიანების შექმნა. 1-ელ თავში ნათქვამია, რომ ადამიანი შეიქმნა ცხოველების შემდეგ. მე-2 თავში კვლავ შესაქმეზეა ლაპარაკი, მაგრამ ნათქვამია, რომ ცხოველები ადამიანების მერე იქმნებოდნენ.
 
ცნობა მსოფლიო წარღვნის შესახებ წააგავს ბაბილონურ თქმულებას გილგამეშზე, ადამიანზე, რომელიც ხის ყუთში იჯდა და დიდი წყალდიდობა გადაიტანა.
 
ამგვარი განსჯის გზის მავალი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაბადების წიგნი შექმნილი იყო ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელთა დაბრუნების შემდეგ.
 
მაგრამ კრიტიკოსთა არგუმენტები შემოწმების შემდეგ არც ისე დამაჯერებელი აღმოჩნდა.
 
1. ასე, მაგალითად, ამერიკელი ბიბლეისტის ჰენრი ჰელეის "ბიბლიურ ცნობარში" მოტანილია მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებმა წერა მოსეს ეპოქამდე დიდი ხნით ადრე ისწავლეს:
 
2. ბაბილონელი ისტორიკოსი ბეროსი (4-3 სს. ჩვ. წ.-მდე) მიიჩნევდა, რომ დამწერლობა ჯერ კიდევ წარღვნამდე აღმოცენდა.
 
3. ებრაელთა და არაბთა გადმოცემით, დამწერლობა ენოქმა შექმნა.
 
4. ყოფილი მესოპოტამიის (თანამედროვე ერაყი) ტერიტორიაზე წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ უკვე აბრაამამდე ადამიანები სარგებლობდნენ პიქტოგრაფიული დამწერლობით, სადაც შეტყობინებები ნახატების სახით გადაიცემოდა.
 
5. თვით ბიბლია მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანებს დამწერლობა შეეძლოთ აეთვისებინათ ჯერ კიდევ კაენის დროიდან, რომელსაც შუბლზე უფალმა დაადო ნიშანი, რომელიც განსაზღვრულ აზრს შეიცავდა: ეს ნიშანი კრძალავდა მის მოკვლას.
 
ადამიანისა და ცხოველების შექმნის განმეორებითი თხრობა ინფორმაციის უბრალო დუბლირება როდია. დაბადების 1-ელ თავში ეს მოვლენა წარმოდგენილია სამყაროს შექმნის შესახებ საზოგადო თხრობის კონტექსტში. მეორე თავი დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ შექმნა უფალმა ადამი და ევა. ცხოველთა შექმნის ფაქტი აქ მოტანილია მხოლოდ თხრობის საზოგადო კავშირთან მიმართებაში. დაბადება არ ამბობს იმას, რომ ისინი ადამიანის შემდეგ შეიქმნენ. მეორე თავში ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა ყველა ცოცხალი არსება და მიუყვანა ისინი ადამს, რათა მას სახელები მიეცა მათთვის. ეს უთითებს არა ცხოველთა შექმნის დროზე, არამედ იმაზე, რომ ადამი მაღალგანვითარებული იყო და იმას, რომ ადამიანებს მიენდო მოსიყვარულე მეუფება მთელს პლანეტაზე.
 
მაშ, რა შეიძლება ვუპასუხოთ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ თხრობა წარღვნაზე აღებულია ბაბილონური თქმულებიდან გილგამეშის შეასხებ? მიუხედავად ორი ცნობის მსგავსებისა, თვალში გვეცემა ბიბლიური ცნობის ზნეობრივი აღმატებულება. აქ მითითებულია, რომ ღმერთმა ადამიანები (დიდი ბოროტებისთვის) დასაჯა, რომ მას ეს გადაწყვეტილება იოლად როდი მიუღია (მას ტკიოდა ადამიანთა უზნეობა). ასევე მითითებულია მიზანი, რომლის მიხედვითაც ღმერთმა გადაარჩინა ნოე და მისი ჯალალბობა: ის მართალი კაცი იყო.
 
გარდა ამისა, გილგამეშმა წარღვნა გადაიტანა ხის კუბში, რომელსაც ტალღები აქეთ-იქით ატრიალებდნენ. კიდობნის პარამეტრები, პირიქით, რეალისტურია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შესაქმის წიგნის ავტორი წარღვნის ამბავს კი არ აკოპირებდა გილგამეშიდან, არამედ ნიშნავს იმას, რომ ბიბლიის ბაბილონის შემდგომ დროინდელი დათარიღება უმწეო და უსუსურია.
 
თვით ქრისტე ადასტურებს, რომ შესაქმის ავტორი მოსეა:

"მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში" (ლკ. 24:27).

აქ ნათქვამია, რომ მესიის შესახებ პირველი წინასწარმეტყველება ჩაწერა მოსემ. ის მოცემულია შესაქმის წიგნში 3:15.
 
 
დაწერის ისტორია
 
ბიბლია არ ამბობს, თუ როგორ წერდა მოსე შესაქმის წიგნს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს მოხდა ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის შემდეგ და სინას უდაბნოში მათი ხეტიალის დროს. აშკარაა, რომ პირველად წიგნი ისრაელი ხალხის საჭიროებისთვის იქმნებოდა. თვით წიგნის შინაარსი მეტყველებს ამაზე. თუკი თხრობის დასაწყისში გადმოცემულია მთელი კაცობრიობის წინაპრებზე, უკვე 12-ე თავიდან ის კონცენტრირებულია ებრაელი ერის წინაპრებზე: აბრაამზე, ისააკზე და იაკობზე.
 
საინტერესოა, რომელი წყაროებით სარგებლობდა მოსე ბიბლიის თავისი პირველი წიგნის შექმნისას? როგორც ზემოთ ითქვა, ადამიანებს უკვე წარღვნამდე შეეძლოთ წერა და ბიბლიოთეკებსაც ქმნიდნენ. მოსეს შეეძლო ესარგებლდა თავისი წინაპრების ჩანაწერებით. ასეა თუ ისე, შესაქმის წიგნი დაწერილია ღმრთის შთაგონებით. ეს ნიშნავს, რომ მასში არ არსებობს დამახინჯება, მითებსა და ლეგენდებზე დაფუძნება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას.

 
შესაქმის წიგნის განმარტება
 
რა მიზნით შთააგონა ღმერთმა მოსე დაეწერა შესაქმის წიგნი? და ბიბლიის დაწერა რატომ დაიწყო სამყაროს შექმნიდან რამოდენიმე ათასი წლის შემდეგ, დაახლოებით 800-900 წლის შემდეგ მსოფლიო წარღვნიდან? მიზეზი მარტივი და სევდიანია: ადამიანებმა დაივიწყეს ნათელი და შამაგონებელი ჭეშმარიტებანი ყოველივე არსებულის წყაროზე - ერთ შემოქმედზე.
 
ეს მასობრივი დეგრადაციის გამო მოხდა, რის შესახებაც გვაუწყებს მოციქული პავლე:
 
"კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით" (გალატ. 3:19).
 
ძალზედ გაიფურჩქნა კერპთაყვანისმცემლობა, და ღმერთმა გადაწყვიტა შეეხსენებინა ყველასთვის, თუ ვინ არის სამყაროს და კაცობრიობის შემოქმედი: თავად ის, და არა ღვთაებათა პანთეონი.
 
უზენაესმა ასევე შეახსენა ყველას, რომ მას უდიდესი მიზანი ჰქონდა - მთელ პლანეტაზე შეექმნა სამოთხე და ის სრულყოფილი ადამიანებით დაესახლებინა, რომლებიც სიყვარულით მოუვლიდნენ მთელ მის ქმნილებას.
 
ადამისა და ევას შეცოდების გამო ღმერთს თავის განზრახვაზე უარი არ უთქვამს. მას მთელი გულით სურს გვაჩუქოს მარადიული სიცოცხლე და სრულყოფილი ნეტარება. ამის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ედემის ბაღი ცოდვით დაცემის შემდეგაც აგრძელებდა არსებობას. ადამიანებს შეეძლოთ მისი ხილვა, შორიდან დათვალიერება, მაგრამ არ ჰქონდათ მასში შესვლის შესაძლებლობა, რადგან ედემს ქერუბიმი იცავდა.
 
 
საინტერესო ფაქტი:
 
მხედველობაში თუ მივიღებთ პირველ ადამიანთა გენეოლოგიას, რომელიც ბიბლიის სინოდალურ თარგმანშია მოტანილი, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სამოთხე 1656 წელი არსებობდა, სანამ ის წარღვნის წყლებში არ ჩაიძირა.
 
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოდი, ჩავიხედოთ 1656 წლის წინანდელ ჩვენს ისტორიაში, გადავხედოთ 366 წელს. ამ დროს ჯერ კიდევ არსებობდა რომის იმპერია. ანტიკურობის ეპოქის დასასრულამდე 10 წელი რჩება. ძველი ადამიანები 16 ასწლეულის განმავლობაში ხედავდნენ სამოთხეს, მათთვის ის იყო არა ლეგენდა, არამედ ცოცხალი რეალობა. წარღვნამდელ თაობას ნათელი წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, რომ ღმერთს სურდა ადამიანების სამოთხეში დაბრუნება, თუკი ისინი შეინანებდნენ და მოსპობდნენ ცოდვას თავიანთი ცხოვრებიდან, გონებიდან და გულიდან.

 
მაგრამ, ვაი რომ ედემის ხილვამაც ვერ იხსნა კაცობრიობა ცოდვის უფსკრულიდან. ბოროტება და ძალადობა იმდენად გამრავლდა, რომ ღმერთმა იმდროინდელი სამყაროს მოსპობა წარღვნით გადაწყვიტა, მხოლოდ ნოეს და მის ოჯახს ეღირსა გადარჩენა. ამ ისტორიაში ჩვენთვის მოცემულია რამოდენიმე გაკვეთილი:
 
1. ღმრთის მრავლისმთმენობა უსაზღვრო არ არის და ის არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მიზეზი გარყვნილებისა.
 
2. ღმერთი არასახისმოყვარეა. ნებისმიერი ცოდვილი, როგორი მდიდარიც და გავლენიანიც გინდ იყოს, დაისჯება, თუ არ შეინანებს.
 
3. უფალი ყოველთვის ხედავს განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის და ყველა ერთგულს ცხონებით აჯილდოვებს.
 
4. ჩვენს დღეებში კიდობნის მსგავსება ქრისტიანულ ნათლობაში მოიაზრება: ეს არის "არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ" (1 პეტ. 3:21).
 
5. ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია ეშმაკისადმი და მისი ბოროტი მიმდევრებისადმი წინააღმდეგობა, როგორც ამას ნოე და მისი ახლობლები აკეთებდნენ.
 
 
საინტერესო ფაქტი:
 
ნოეს უდიდეს სულიერ ძალაზე შეიძლება ვიმსჯელოთ იმით, რომ ის პირისპირ ხვდებოდა მატერიალიზებულ დემონებს, შესაძლოა, თვით სატანასაც.
 
 
შემდგომი თხრობა აგრძელებს იმავე თემას, ოღონდ ახლა ღმრთის ჩანაფიქრი კონცენტრირებულია აბრაამის ოჯახსა და ისრაელის ხალხზე. სწორედ აბრაამში აღუთქვა ღმერთმა კაცობრიობას მაცხოვარი, რომელიც შემუსრავდა ეშმაკს, გაანადგურებდა ბოროტებას და დედამიწაზე ღმრთის სასუფეველს დაამყარებდა. ეს მაცხოვარი იყო სწორედ იესუ ქრისტე.

 
შესაქმის წიგნის თავისებურებანი
 
როგორც შესაქმის წიგნის, ასევე მთელი ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება უკიდურესი გულწრფელობა გახლავთ. მასში თითქმის არ არსებობენ გმირები, რომლებსაც ვერაფერს უსაყვედურებ. ასეთი დეტალები არ ამშვენებენ წიგნის გმირებს, მაგრამ ღმერთი ასე აჩვენებს ცოდვის შედეგებს და მისდამი თავის დამოკიდებულებას.
 
შესაქმის წიგნის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება გახლავთ განცხადება იმის შესახებ, რომ მთელი სამყარო მხოლოდ ღმერთის შექმნილია. ძველი სამყაროსთვის, რომელიც ღმერთების მთელი პანთეონით იყო სავსე, ეს სიტყვები ძალზედ თამამი და წარმოუდგენელია. ერთი ღმერთის ყოვლისშემძლეობა ჩვეულებრივი მიწიერი ლოგიკის ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა.
 
შესაქმე - ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი წიგნია, რომელიც ჩვენი ტანჯვების მიზეზებს აღწერს. ჩვენ ცუდად ვხდებით, ვბერდებით, ვკვდებით და ვიტანჯებით არა იმიტომ, რომ ადამიანებმა დაუჯერეს ეშმაკს, რომელმაც თქვა, რომ ღმერთის წინამძღოლობის გარეშეც მივაღწევდით ბედნიერებას.
 
"მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:5).
 
ღმერთმა გამოჰყო დრო და წარმოგვიდგინა დედამიწისა და მთელი სამყაროს რესურსები, რათა ჩვენი ძლიერების მწვერვალისთვის მიგვეღწია, და დავრწმუნდით იმაში, თუ რაოდენ შორს ვართ მისი სიბრძნისგან, სრულყოფილებისგან და დიადი ძალისგან.
 
შესაქმე - ეს ზღაპრებისა და ლეგენდების წიგნი როდია. ის მოგვითხრობს ღმერთის უდიდეს ჩანაფიქრზე დედამიწისთვის და მისი დამჯერი კაცობრიობისთვის. და ის, რომ მრავალი ადამიანი მასში აღწერილ მოვლენებს ზღაპრად აღიქვამს, ნათლად ადასტურებს იმას, რომ - მიუხედავად უდიდესი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებისა - სამოთხე, სრულყოფილება და უკვდავება ჩვენ შეიძლება გვიბოძოს მხოლოდ შემოქმედმა.


გაგრძელება იქნება.
 

წყაროები:
 
1. Священное писание Ветхого Завета : Курс лекций / Свящ. Геннадий Егоров ; Православный Свято-Тихоновский гуманитарный ун-т, Фак. доп. образования, Каф. теологии. - 3-е изд., испр. и доп. - Москва : Изд-во ПСТГУ, 2011. // https://azbyka.ru/otechnik/Gennadij-Egorov/svjashennoe-pisanie-vethogo-zaveta/#source
 
2. Книга Бытия: содержание и толкование первой книги Библии // https://pravoslavie.wiki/kniga-bytiya-soderzhanie-i-tolkovanie-pervoj-knigi-biblii.html

პუბლიკაცია თარგმნილია და გამოსაქვეყნებლად მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 2025 წ.
 
Назад к содержимому