საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიური ტექსტის საკრალურობის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიური ტექსტის საკრალურობის შესახებ
წმიდა წერილი
უპირველეს ყოვლისა, თუკი გადავხედავთ თანახის (1) რამოდენიმე გამოცემას ძველებრაულ ენაზე, აღმოვაჩენთ, რომ მათ შორის არ არის ერთნაირი ტექსტი, თუმცა ყველა მათგანს აწერია, რომ ეს არის მასორეტული ტექსტის გამოცემა. იმ ტექსტუალურ სხვაობებს, რომელთაც იქ ვპოულობთ, არ გააჩნიათ რაიმე "ეპოქალური" ხასიათი, მაგრამ მათი რიცხვი საკმაოდ მნიშვნელოვანია, და ზოგჯერ ასობითაც კი აითვლება. ბუნებრივია, რომ ამ სხვაობათა უმეტესი ნაწილი განეკუთვნება სრულ ან მოკლე წერილს. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ასოები, ზოგჯერ კი საქმე იქამდეც მიდის, რომ აზრიც იცვლება. თანახის ყველაზე უძველეს და დღემდე შემორჩენილ ტექსტს, გახმოვანებულს და კანტილაციის (2) ნიშნების მქონეს, წარმოადგენს X ს-ის კეტერ არამ ცოვას (ალეპოს კოდექსი) ხელნაწერი. ეს ტექსტი მრავალი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა სირიის ქალაქ ხალიბის სინაგოგაში.
 
___________________
 
1. თანახი (აკრონიმი; ასევე მიკრა‎ - "კითხვა"; კითვე ხა-კოდეშ - წმიდა წერილი (ბიბლია — სტატია ელექტრონული ბიბლიური ენციკლოპედიიდან). ეს არის ებრაული ბიბლიის სახელწოდება, მისი სამი განყოფილების სახელწოდებათა აკრონიმი. ტერმინი "თანახი" გამოყენებაში შემოვიდა შუასაუკუნეებში (თანახი — სტატია ელექტრონული ბიბლიური ენციკლოპედიიდან).
 
თანახის ტექსტი თავიდანვე დაწერილი იყო ძირითადად ძველებრაულ ენაზე, ზოგიერთი მონაკვეთები კი არამეულ ენაზე. ის მოიცავს განყოფილებებს: თორა - რჯული; ნევიიმ - წინასწარმეტყველები და ქტუვიმ - წერილები.
 
თანახს შინაარსით ემთხვევა ქრისტიანული ბიბლიის ძველი აღთქმა, გარდა არაკანონიკური წიგნებისა, და იმ დამატებებისა, რომლებიც არ მოიპოვება თანახში, და ნაწილობრივ, წიგნთა განლაგების თანმიმდევრობა (https://ru.wikipedia.org/wiki/Танах#cite_note-ЭЕЭ_Танах-3) – "აპოკ." რედ.
 
2. კანტილაციის ნიშნები ებრაულ დამწერლობაში (ივრ. მრ. რ. טעמים "თეამიმ", მხ. რიცხვ-დან טעם – "გემო", "აზრი" (Кантилляция // Еврейская энциклопедия Брокгауза и Ефрона. СПб., 1908 - 1913) - ეს არის ინტონაციური ნიშნების სისტემა, რომელსაც VI—VII საუკუნეებში იყენებდნენ ტბერიელი (ტიბერიელი) მასორეტები, რათა შეენარჩუნებინათ თანახის, ანუ ძველი აღთქმის ძველებრაული ტექსტის სწორი გალობა (https://ru.wikipedia.org/wiki/Знаки_кантилляции_в_еврейском_письме#cite_note-1) – "აპოკ." რედ.
 
___________________
 
მომდევნო მნიშვნელოვან ხელნაწერ ტექსტს წარმოადგენს ლენინგრადის ხელნაწერი, რომელიც არის დაახლოებით იმავე პერიოდის. გარდა ამისა, ცნობილი გამოცემებიდან ყველაზე სახელგანთქმულია - ბიბლიის კრიტიკული გამოცემა Biblia Hebraica, რომლის მეორე გამოცემა გაკეთდა სწორედ ლენინგრადის ამ ხელნაწერის მიხედვით.
 
მასორეტული ტექსტის გარდა, არსებობს კიდევ ტექსტების ერთგვარი ნაკრები, რომელთაც აქვთ, ე. წ. მოწმობათა სტატუსი. უნდა ითქვას, რომ მეცნიერების ჩარჩოებში, რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ, დღემდე გრძელდება დავა იმის შესახებ, არსებობდა თუ არა წერილის ფრაგმენტთა უმეტესობის რომელიღაც დასაბამიერი, ორიგინალური ტექსტი (ურტექსტი). მეცნიერთა ნაწილი იზიარებს აზრს, რომ მრავალ შემთხვევაში (ანუ, წერილის ძალიან მრავალ ფრაგმენტთან მიმართებაში) ასეთი ტექსტი არსებობდა.
 
მოწმობათა შემდეგ წყაროს წარმოადგენს სეპტუაგინტა - 70-თა თარგმანი. ის რელევანტურია. არ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ ეს ტექტსი წარმოადგენს სხვა, არამასორეტული ტექსტის თარგმანს, ანუ განსხვავებულს იმ საზოგადოდ მიღებული მასორეტული ტექსტისგან, რომელიც ებრაელებს თვალწინ უდევთ.
 
ეს თარგმანი (ანუ სეპტუაგინტა) ბევრ რამეში იმეორებს მასორეტულ ტექსტს, მაგრამ ის, რომ ეს სხვა ტექსტი იყო - სრულიად ცხადია. იმ ზომით, რა ზომითაც შეგვიძლია პირობითი უკუთარგმანის გზით აღვადგინოთ სეპტუაგინტის ტექსტი, ის უეჭველად შეიძლება წარმოადგენდეს ტექსტის მოწმობას რომელიღაც პირველწყაროსთან მიმართებაში.
 
სეპტუაგინტასთვის, ანუ წმიდა წერილის ბერძნულენოვანი ტექსტისთვის, ის ფიზიკური მატარებლები, რომლებიც მკვლევართა განკარგულებაშია, თითქმის ორათასწლოვანი სიძველისაა. გასაგებია, რომ სეპტუაგინტას წინ იდო სხვა ტექსტი. მაგალითად, იქ მოცემულია სრულ სხვა ციფრები, რომელიც ვერ აიხსნება მთარგმნელით. საკმაოდ ხშირად შმუელის (სამოელის) წიგნის დაფ მიკრასეულ გამოცემაში, ველებზე (წვრილი ასოებით) მოცემულია სეპტუაგინტას შესაბამისი ადგილები. ვარაუდობენ, რომ სამოელის წიგნის უმეტსი ნაწილის ავტორსა და სეპტუაგინტის ავტორს თვალწინ ჰქონდათ უფრო ხარისხიანი და უფრო ზუსტი ვერსია, ვიდრე ეს არის ჩვენამდე მოღწეული ტექსტი მასორეტული ვარიანტით.
 
მაგალითად, რომელიღაც შემთხვევისთვის ებრაულ ვარიანტში ნახსენებია, რომ ადამიანი მსხვერპლად სწირავს "სამ კუროს" (3). კონტექსტუალურად გაუგებარია, საიდან მოვიდა ასეთი მსხვერპლი, ის ვერანაირად აიხსნება გალახური თვალსაზრისით. სეპტუაგინტაში კი არ არის ნათქვამი "სამი კურატი". სეპტუაგინტაში ნათქვამია "სამი წლის კურატი" (1 მეფ. 1:24) (4).
 
___________________
 
3. საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ახალქართულ თარგმანში (მთარგმნელები: ზურაბ კიკნაძე და მალხაზ სონღულაშვილი) ეს ტექსტი ასე იკითხება: "როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ..." (1 მეფ. 1:24). – "აპოკ." რედ.
 
4. ძველქართულ თარგმანში ეს ტექსტი ასე იკითხება: "და შემდგომად მისა აღვიდა იგი სელომად და თანაწარიბა მან ზვარაკი ერთი სმნიერი ..." (1 მეფ. 1:24) (ბიბლია. ძველი აღთქმა. თბილისი 2017. გვ. 799. სვ. მე-2 ვარიანტი S. იქვე. წმ. წერილის ძველქართული თარგმანის B ვარიანტში ვკითხულობთ: "და აღვიდა მის თანა, რაჟამს განუტევა წოვისაგან იგი, სილომს შინა ზუარაკითა სამწლოვანი... " (იქვე. გვ. 799). – "აპოკ." რედ.
 
___________________
 

სრულიად ცხადია, თუ რატომ იყენებდნენ სულიწმიდით გაბრძნობილი წმიდა მამები თავიანთ ციტატებში ბერძნულ ტექსტს (მათ შორის ახალაღთქმისეული წერილის განხილვის დროსაც), რადგან ამისთვის მათ ჰქონდათ საკმაოდ მყარი მიზეზები. მართალია, ენციკლოპედიათა ზოგიერთი ავტორის აზრით ის (ანუ ბერძნული ტექსტი - "აპოკ." რედ.) უმნიშვნელოა და საკმაოდ დაშორებულია ორიგინალს... მაგრამ საკითხავია რომელს? შეიძლება თუ არა დავუშვათ, რომ მახარობლები, მოციქული პავლე და სხვები, რომლებმაც ეს იცოდნენ, შეგნებულად აცდუნებდნენ თავიანთ მიმდევრებს და მოჰყავდათ დამახინჯებული და დაზიანებული თარგმანი, ზოგან კი აშკარად "მიწერილი" ტექსტი, რომელიც არ არსებობს ებრაულ წერილებშიც?

 
მოცემული თემა გაგრძელდება სხვა პუბლიკაციებში.

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому