საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიური კანონის წარმომავლობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიური კანონის წარმომავლობა

(მართლმადიდებელთა პასუხი პროტესტანტებს)
წმიდა წერილი
ყოველ პროტესტანს სჭერია ხელში ბიბლია და არაერთხელ წაუკითხავს იგი. ბიბლია - ეს წიგნების კრებულია. მაგრამ ეკითხებიან თუ არა საკუთარ თავს პროტესტანტები: "ვინ და როდის განსაზღვრა სწორედ ასეთი სია წიგნებისა, რომელსაც წმიდას უწოდებენ? რატომ არის ის მაინც და მაინც ამგვარი?"
 
მართლმადიდებლობას ამ კითხვაზე აქვს პასუხი. მაგრამ, მოდი, ჯერ ვიფიქროთ, საერთოდ რატომ იყო საჭირო რაიმე სახის კანონი?
 
სურვილი შედგენილ ყოფილიყო ბიბლიურ წიგნთა საკუთარი სია გაჩნდა მრავალგვაროვანი სექტებისა და მწვალებლობების აღმოცენების მიზეზით, რომლებიც ყველას სთავაზობდნენ თავიანთ "წმიდა" წიგნებს, და ამ წიგნთაგან მართლმორწმუნე ქრისტიანთა შემოზღუდვა იყო საჭირო. ამიტომაც გახდა საჭირო წმიდა წიგნების სიების შედგენა. ქრისტიანთა სხვადასხვა თაობაშის ეს სია განსხვავებული იყო. ვიღაც მასში ათავსებდა, მაგალითად, კლიმენტი რომაელის ეპისტოლეს, სხვა სიებში გამოტოვებული იყო ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, მესამენი არ შეიწყნარებდნენ იოანეს გამოცხადებას და ა. შ.
 
მაგრამ ყველა ამ სიაში, მის ახალაღთქმისეულ ნაწილში, გამონაკლისის გარეშე ვიპოვით ყველასთვის ცნობილ სახარებებს, მოციქულთა საქმეებს და მოციქულ პავლეს თითქმის ყველა ეპისტოლეს.
 
ორიგენე უკვე III ს-ის დასაწყისში ჩამოთლის ამ ოთხ სახარებას, "რომლებიც უსიტყვოდ მიიღება ღმრთის ეკლესიის მიერ".
 
ხოლო IV ს-ში წმ. კირილე იერუსალიმელი უთითებდა: "ახალ აღთქმაში შედის მხოლოდ ოთხი სახარება, დანარჩენები კი მავნეა და ამ სახელს ცრუდ ატარებენ. მანიქეველებმა დაწერეს თომას სახარება, რომელიც, შეურაცხყოფს რა სახარების სახელს, ლიტონ მორწმუნეთა სულებს ღუპავს. შეიწყნარეთ ასევე თორმეტი მოციქულის საქმენი და მასთან ერთად შვიდი კათოლიკე ეპისტოლე: იაკობისა, პეტრესი, იოანესი და იუდასი; და, როგორც ყველა მათგანის და მოწაფეთა საბოლოო ნაშრომთა ბეჭედი, მოციქულ პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე".
 
კანონში აპოკალიფსისის შეტანის საკითხი უფრო ვრცელია, ამიტომ ამ შენიშვნის ჩარჩოებში დეტალებს გამოვტოვებთ. თუმცა, კართაგენის კრების 33-ე კანონში ეს წიგნი უკვე მოიხსენიება: "დადგენილ იქნა აგრეთვე, რომ ეკლესიაში არაფერი იქნეს წაკითხული საღმრთო წერილის სახელით, გარდა კანონიკური წიგნებისა. ხოლო კანონიკური წიგნები შემდეგია: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე შჯულისა, ისუ ნავესი, მსაჯულთა, რუთი, მეფეთა ოთხი წიგნი, პარალიპომენონი (ნეშტთა) - ორი წიგნი, იობი, ფსალმუნნი, სოლომონის ოთხი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი, ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი, ეზრას ორი ზიგნი.
 
ახალი აღთქმისა - ოთხი სახარება, საქმე მოციქულთა - ერთი წიგნი, პავლეს ეპისტოლეები - თოთხმეტი; პეტრე მოციქულისა - ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულისა - სამი, იაკობ მოციქულისა - ერთი, იუდა მოციქულისა - ერთი, იოანეს გამოცხადება - ერთი წიგნი. ამ კანონის სიმტკიცისთვის ეუწყოთ ამის შესახებ ჩვენს ძმასა და თანამწირველს ბონიფაცის (რომის ეპისკოპოსს) და იმ ქვეყნების სხვა ეპისკოპოსებს; რამეთუ ჩვენ მამებისგან გადმოგვეცა, რომ ამ წიგნების კითხვაა ჯეროვანი ეკლესიაში" (კართაგენის წმიდა ადგილობრივი კრების კანონები. 24 (33)-ე კანონი. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით. II ტ. თბილისი 2021. გვ. 161).
 
კიდევ შეგვიძლია მოვიტანოთ წმ. ათანასე ალექსანდრიელის (IV ს.) მაგალითი, სადაც ის 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლეში ჩამოთვლის კანონიკურ (კანონში შემავალ) და არაკანონიკურ (კანონგარეშე) წიგნებს. პირველ (კანონიკურ წიგნთა) კატეგორიაში შედის ებრაული კანონის ყველა წიგნი, გარდა ესთერისა; და ახალი აღთქმის ჩვენთვის ჩვეული 27 წიგნი; მეორე (არაკანონიკურ წიგნთა) კატეგორიაში - ესთერი, სოლომონის სიბრძნე, ზირაქის სიბრძნე, ტობითი, ივდითი, ასევე ახალაღთქმისეულ კორპუსის მოსაზღვრე "დიდაქე" და ერმას "მწყემსი". ყველა დანარჩენი წიგნის კითხვა, ამბობს წმ. ათანასე, არ გვმართებს, მაგრამ ამ არასაჭირო წიგნთა სიას არ გვთავაზობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მან, მაგალითად, უარყო მაკაბელთა წიგნები? არ არის სავალდებულო, რომ ასე ვიფიქროთ. შესაძლოა, მოცემულ ადგილას და მოცემულ დროს ისინი უბრალოდ ან არ ჰქონდათ ან არ იყვნენ ცნობილნი, და ამიტომაც მათზე მსჯელობა არასაჭირო იყო.
 
ამრიგად, დამოწმებული ისტორიული მაგალითების მიხედვით ვხედავთ, თუ რატომ არის ბიბლია - ეკლესიის წიგნი და, რომ მხოლოდ მასში შეიძლება ვპოვოთ მართებული სწავლება და განმარტება. რომ არა მართლმადიდებლური კრებები და ეკლესიის მამები, იმავე პროტესტანტებს არ ექნებოდათ წიგნთა სია, რომლითაც ისინი დღეს სარგებლობენ.
 
რადგან ბიბლია ეკლესიის წიგნია, ხოლო პროტესტანტები სარგებლობენ მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ შედგენილი კანონით, რატომ არ არიან ისინი (პროტესტანტები) მართლმადიდებელი ქრისტიანები? თუკი მართლმადიდებლები დასნებოვნებულნი არიან მწვალებლობებით და კერპთაყვანისმცემლობით, გამოდის, რომ პროტესტანტები ამ ერეტიკოსთა მიერ შედგენილი სიებით სარგებლობენ, რომელიც უფრო უნდა უარყონ და მათ ნაცვლად საკუთარი კანონი შეადგინონ. მაგრამ მათ ამისი გაკეთება არ ძალუძთ, რადგან ქვეცნობიერ დონეზე მაინც იესმით, რომ მოცემული კანონი ჭეშმარიტია. ხოლო თუკი ასეა, მაშინ მართლმადიდებლები არც კერპთაყვანისმცემლები არიან და არც მწვალებლები.
 
მაშასადამე მათზეა დავანებული სულიწმიდა, რომელიც, სხვათა შორის, შთააგონებდა ადამიანებს კრებათა მოსაწყობად და კანონის დასამტკიცებლად. სწორედ ამიტომაც არის ნათქვამი, რომ "ეკლესია - ეს არის ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე". პროტესტანტებს რჩებათ ორი გზა - ან აღიარონ კრებებისა და წმიდა მამების სიწმიდე და თვითონვე გახდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ან კიდევ იცურაონ განკერძოებული მადლის ფილოსოფიურ იდეებში, თითქოსდა სულიე წმიდა ამ ადამიანებს ეხმარებოდა ბიბლიის შედგენაში, მაგრამ შემდეგ მათ განშორდა. ამგვარი მტკიცებულება კი გახლავთ მწვალებლობა და აბსოლუტური მკრეხელობა.


სატიტი "აპოკალიფსისი". მასალა მომზადდა მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2024 წ.
Назад к содержимому