სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ბიბლიის აპოლოგეტიკა
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
თავი XI. ბიბლია და ასტრონომია
"ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა" (ფსალმ. 18:2-3).
აი ასე, პირდაპირ უთითებს ბიბლია კავშირზე ასტრონომიასთან და სამყაროში ღმრთის დიდების გამოვლინებასთან! ვარსკვლავიანი ცა თითქოსდა გადაშლილი წიგნია, რომელიც, ბიბლიის მსგავსად, წმიდაა, ამიტომაც ერთსა და მეორე გამოცხადებებს შორის შეუძლებელია იყოს წინააღმდეგობა.
მოდი, ამ დიდ საგანს უფრო მჭიდროდ მივუახლოვდეთ და განვიხილოთ იგი ღია ფაქტების შუქზე.
თუკი ვარსკვლავიან და მოწმენდილ ცას ღამით შევხედავთ, მიწის ზედაპირის მოცემული წერტილიდან უბრალო და შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ 3000-მდე ვარსკვლავს, ხოლო მთელ ცის კაბადონზე 8000-მდე, მაგრამ ტელესკოპის დახმარებით 100 მილიონ ვარსკვლავამდე დათვლა ხერხდება, ხოლო ფოტოგრაფიული ფირფიტის დახმარებით შესაძლოა 1000 მილიონი ვარსკვლავის დანახვა! ამასთან ზოგიერთი ვარსკვლავი 1000-ჯერ მეტად ანათბს, ვიდრე ჩვენი მზე. შესაძლოა ხილული ვარსკვლავების მიღმა კიდევ მირიადობით სამყაროები არსებობდეს, რომელთა შესახებაც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს. ისინი გაბნეულია ყოვლისშემძლე შემოქმედის მიერ სამყაროს უსაზღვრო სივრცეში და ბრწყინავენ თავიანთ ადგილებზე, მიუხედავად იმისა, ხედავს მათ ჩვენი თვალი თუ მიუწვდომელია თვით ტელესკოპისა და ფოტოაპარატისთვის.
უნებლიედ უდიდესი ღვთისმოშიშება გიპყრობს, როდესაც ცდილობ წარმოიდგინო, რომ ცენტავრის ალფა, ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი ყველა ვარსკვლავს შორის, ოცდა ხუთი ბილიონი მილითაა დაშორებული დედამიწას, ასე რომ, მისი ნათება, რომელიც წამში 186 000 მილს გადის, ჩვენამდე რომ მოაღწიოს 4 წელიწადს ანდომებს. რაც შეეხება ჩვენთვის ცნობილ სხვა ვარსკვლავებს, ისინი იმდენად არიან დაშორებულნი დედამიწას, რომ ვერანაირი მათემატიკური გამოთვლა ვერ გამოხატავს იმ სიშორეს, რომელიც მათ დედამიწას აშორებს. თავბრუ გეხვევა, როდესაც იფიქრებ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ვარკსვლავის სინათლე, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობს, 1000 წელს ანდომებს, რათა ჩვენს პლანეტამდე მოაღწიოს.
არცთუ დიდი ხნის წინ გაკეთდა ღირსშესანიშნავი აღმოჩენა, რომ ჩვენი ცის მირიადობით ვარსკვლავი თითქოსდა ორ არმიად არის დაყოფილი, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მიქრიან ორი დიადი პროცესიის სახით, თანაც წელიწადში 400 მლნ. მილის სიჩქარით. საით და რატომ მოძრაობენ ისინი? ეს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ქედი მოვიხაროთ და ფსალმუნთმგალობელთან ერთად ვთქვათ: " რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (ფსალმ. 8:4-5).
ამის შემდეგ რაოდენ გასაოცარია ყველა ის საკვირველი გამოცხადება ცაზე, რომელიც წმიდა წერილშია მოცემული. განა ისინი კიდევ ერთხელ არ გვიმტკიცებენ, რომ ბიბლია უბრალო ადამიანური გენიის ნაყოფი როდია, არამედ ეს არის უზენაესი გონის წიგნი, რომელმაც სამყაროს საიდუმლოებები უწყის. ბიბლია სამეცნიერო ტრაქტატი არ არის, მაგრამ, რამდენი სამეცნიერო ჭეშმარიტებაა მასში მოცემული, რამდენი ფაქტი და განსაზღვრება! ასტრონომიას ასევე შეუძლია ისარგებლოს მისით, და ამოიღო კიდევაც მისგან მრავალი უდიადესი ფორმულა.
1. ნათელი მზის გაჩენამდე
დაბადების წიგნის 1:3-ის საფუძველზე, ბევრს დავობენ ნათლის წამოშობის ფაქტზე, რომელიც მზეზე უფრო ადრე გაჩნდა. არადა, ჰუმბოლდტმა დაამტკიცა, რომ "მზე არ წარმოადგენს ნათლის ერთადერთ წყაროს დედამიწისთვის, რომ მას (დედამიწას) გარკვეულ პირობებში თვითონაც ძალუძს მანათობელი გახდეს". ვინ აუწყა მოსეს ასეთი საიდუმლო მის აღმოჩენამდე 3000 წლით ადრე?
"ღმერთი არის ნათელი" - აი უდიდესი არგუმენტი; ვინც ღმერთი შეიცნო ის ნათელსაც შეიცნობს, რადგან ნათლის ჭეშმარიტი წყარო არის ღმერთი. გამოცხ. 21:23-ში მომავლის ქალაქზე (განახლებულ დედამიწაზე) ვკითხულობთ, რომ მას პირდაპირ ღმერთი გაანათებს: "ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი..." (გამოცხ. 21:3). ღმრთის ნათლის ერთ სხივს შეუძლია ბნელი ნათლად აქციოს; განა ამაზე არ მიანიშნებს შესაქმის ღვთაებრივი მეთოდი: "თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი". აქ არავინაა იმაზე უფრო დიდი, ვიდრე თვით შემოქმედი. შესაქმის მეოთხე დღეს შემოქმედი თავს უყრის მის მიერვე გამოსხივებულ ნათელს ერთ წყაროში, მზეში, და იმ დროიდან მისგან იღვრება სითბო და ნათელი, რომელსაც მოაქვს სიმყუდროვე და კურთხევა კაცობრიობისთვის. მზე, ამიტომაც, შეიძლება ბრწყინვალე წინასახედ გამოდგეს იმისა, ვინც არის "ბრწყინვალება დიდებისა" (ებრ. 1:3) და "მზე სიმართლისა", რომელიც ამოუბრწყინდებათ "მისი სახელის მოშიშთ" (მალ. 4:2). მაშინ კვლავ აღმოანათებს ნათელი მზის გარეშე, ოღონდ უკვე აღარავინ იქნება კრიტიკოსი, რათა შარი მოსდოს ამ მოვლენას. იმიტომ ხომ არ მიაჩნდათ ძველ ხალხებს მზე უზენაეს ღვთაებად?
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ "ნათელი" არ ყოფილა შექმნილი. ნათელი არ წარმოადგენს ნივთიერებას, ამიტომაც ის ხელთუქმნელია. ღმერთმა ბუკვალურად უბრძანა ნათელს ყოფიერებად მოსვლა, და ის გაჩნდა. ნათელი არის ეთერის ხშირი ტალღობრივი რხევის შედეგი, მსგავსად იმისა, როგორც ხმა არის საჰაერო ტალღების რხევა. ნათელი - მოძრაობაა, მისი საბინადრო გზაშია, რადგან ის მოძრაობს წამში 186000 მილის სიჩქარით.
2. მზე და მთვარე
"თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე" (დაბ. 1:14). აქ საკითხი ეხება სხვა სამეცნიერო ფაქტს. ოდესღაც მიაჩნდათ, რომ მზე არის ცეცხლოვანი ბურთი. მაგრამ, სპექტროსკოპული ანალიზის წყალობით, რომელიც პირველად 1859 წ-ს ვილიამ ჰუგინსმა აწარმოვა, ცნობილი გახდა, რომ მზე და სხვა ზეციური სხეულები აგებულნი არიან იმავე მატერიისგან, როგორისგანაც ჩვენი დედამიწა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მზე, როგორც ჩანს, გამლღვარ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც გარემოცულია მოელვარე ატმოსფეროთი, რომელიც ანათებს. ასეთი სამეცნიერო აღმოჩენა ზუსტად ადასტურებს ბიბლიურ ტერმინოლოგიას, რომელიც გამოყენებულია მზისა და მთვარის, როგორც "მანათობლების" მიმართ.
ყურადღებას იპყრობს ასევე ის ვითარება, რომ ბიბლია, როდესაც ლაპარაკობს მზისა და მთვარის გაჩენაზე, არ ამბობს, რომ ღმერთმა ისინი "შექმნა", არამედ "გააჩინა" (დაბ. 1:16), როდესაც "ცასა და მიწას" ქმნიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ნათელი მათგან შეიძლებოდა გამოსხივებულიყო უკვე მაშინ, როდესაც წერილის მიხედვით, ხარობდნენ ცისკრის ვარსკვლავები (იობი 38:7) და ღმრთისშვილები ყიჟინებდნენ სიხარულისგან, ანუ - მრავალი საუკუნის უწინ მანამდე, ვიდრე დედამიწა კაცობრიობის საბინადრო ადგილი გახდებოდა.
სრულიად შესაძლებელია, რომ მზემ და მთვარემ შემდეგ გაიზიარეს დედამიწის ხვედრი, როდესაც მას თავს დაატყდა კატასტროფა (იობი 9:6-7). ასტრონომები დღემდე უწოდებენ მთვარეს "უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს". მაგრამ იყო თუ არა ასე ყოველთვის?
ამ ყველაფრიდან კიდევ ერთხელ ვაკეთებთ იმ დასკვნას, რომ მზე და მთვარე "შესაქმის მეოთხე დღეს" (ანუ გარდაქმნისას) კვლავ შეიმოსნენ ნათელით და თავიანთი პოზიციები დაიკავეს, მაგრამ არ ყოფილან "შექმნილნი" მეოთხე დღეს. აქ შეიძლება დავიმოწმოთ წმ. წერილის სამი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომლებიც მიუთითებენ სამ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ჭეშმარიტებაზე, რომელიც დედამიწას ეხება, კერძოდ: მის მდგომარეობას სივრცეში; მის ფორმას (მრგვალია); და მის ბრუნვას საკუთარი ღერძის გარშემო.
დედამიწა გამოკიდულია სივრცეში. იობი ამბობს: "მან... არაფერზე დაჰკიდა დედამიწა" (იობი 26:7).
განა ბიბლიის მოცემული მოწმობა სიმართლე არ არის სამეცნიერო თვალსაზრისით? ამ დროს, თითქმის ყველა უძველესი ფილოსოფოსი, პტოლემეოსის, პლატონის, არისტოტელეს და სხვათა ჩათვლით, დედამიწას წარმოიდგენდნენ, როგორც ბრტყელ დისკოსს, რომელიც გარემოცული იყო ოკეანუსის უზარმაზარი მდინარით. დედამიწის დისკო ყველა სხვა სტიქიონის ბაზისად წარმოედგინათ, ჯერ წყლისა, შემდეგ ჰაერისა, და ბოლოს ცეცხლისა. ცა მათ წარმოდგენაში მყარი სფერო იყო, რომელზეც დამაგრებულნი იყვნენ ვარსკვლავები. ასეთი იდეები პრევალირებდნენ დასავლეთ ევროპაში ჩვ. წ.-ის 16-ე საუკუნემდე! მაგრამ იობის 26-ე თავის მე-7 მუხლი ბიბლიის გვერდებზე მოცემულია უკვე 3500 წელია! და მხოლოდ ახლა ეთანხმება მეცნიერება ბიბლიაში დაფარულ ჭეშმარიტებას, და აღიარებს, რომ ეს არის ყველაზე სანდო და სამეცნიერო გაგება ჩვენი დედამიწისა სამყაროს სივრცეში.
3. ცარიელი სივრცე
"მან ... განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე" (იობი 26:7).
ამ სიტყვების სამეცნიერო სიზუსტე სულ ახლახან შემოწმებულ და დამტკიცებულ იქნა პროფ. ბერნარდის (Yerkes Observatory) მიერ, რომელმაც ჩრდილოეთის ზეცის ნახევარსფეროში აღმოაჩინა უზარმაზარი სივრცე, რომელიც სრულიად მოკლებულია ვარსკვლავებს, ბუკვალური "სიცარიელე".
4. პლეადების გავლენა
არსებობს წერილის საინტერესო მოწმობა, რომელსაც აქვს სამეცნიერო ღირებულება: "თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი? თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები? თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე" (იობი. 38:31-33)?
ქალდეური სიტყვა "ხიმა" ნიშნავს ღერძს, ან მოსახვევ პუნქტს, რომელიც შეესაბამება ბერძნული წარმომავლობის სიტყვას "პლეადა", რომლითაც აღინიშნება თანავარსკვლავედი, რომელსაც ასევე "შვიდვარსკვლავედი" ეწოდება. ბერძნული სიტყვა "პლეადის" ფუძე ნიშნავს "ცურვას" და ამ თანავარსკვლავედის გამოჩენა ცაზე კეთილ ნიშნად მიაჩნდათ ზღვაზე მოგზაურთ. ამ დროს, სრულიად ახლახან გაკეთდა საყურადღებო აღმოჩენა, რომელსაც კავშირი აქვს სიტყვა "ხიმას" მნიშვნელობასთან.
1748 წელს ასტრონომმა ბრადლეიმ, უფრო გვიან კი მ. მადლერმა, საკმაოდ რთული გამოთვლების საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ ალკიონა, ყველაზე მკაფიო ვარსკვლავი პლეადის თანავარსკვლავედში, მართლაც მთელი ჩვენი მზის სისტემის ცენტრია, ასე ვთქვათ, "ღერძია" ან "შემობრუნების პუნქტია" , რომლის გარშემოც ტრიალებენ მზე და პლანეტები. ამასთან, მხედველობაში თუ მივიღებთ იმას, რომ მზე ალკიონიდან დაშორებულია სამი ათასი ბილიონი მილით, შეიძლება შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა გასაოცარ "ხიმის კვანძზე", ან "პლეადების გავლენაზე", რომელზეც არის დამოკიდებული მზისა და პლანეტების მოძრაობა საკუთარი თავის (ღერძის) გარშემო 150 მლნ. მილის სიჩქარით წელიწადში იმგვარი სიდიდის ორბიტის გარშემო, რომ ერთი სრული შემოვლა ითხოვს მრავალ ათასწლეულს ("Bible Teachings in Nature", Hugh Macmillan).
როგორ არ უნდა აღვივსოთ ღვთისმოშიშებითა და თრთოლვით, როდესაც ვჭვრეტთ ღმრთის ძალის ესოდენი სიდიადის გამოვლინებას, რომელზე მითითებაც მოცემულია ბიბლიის განსახილველ ტექსტში, დედამიწის ყველა წიგნიდან უძველესში (იობის წიგნში), მითუმეტეს, რომ ეს მითითება მეცნიერულად არის დადასტურებული გვიანდელი ასტრონომიული აღმოჩენებითაც.
თუკი ბიბლიის ერთ მუხლში შეიძლება დაფარული იყოს ესოდენ დიდი საიდუმლო ჭეშმარიტ ცოდნაზე, ვინ შემოგვედავება, რომ ეს უწმიდესი წიგნი მთლიანობაში არ წარმოადგენს საღმრთო გამოცხადებას, რომელიც ყოფიერების მთელ საიდუმლოს იტევს? ვინ შეძლებს ამ საიდუმლოთა ფარდის ახდას?
ასტრონომია ასწავლის, რომ დროთა განმავლობაში ზეციური სხეულები უცვალებლად მოძრაობენ: მთვარე მოძრაობს დედამიწის გარშემო; დედამიწა სხვა პლანეტებთან ერთად მოძრაობს მზის გარშემო; მზე მთელი თავისი სისტემით მოძრაობს ალკიონის გარშემო; ალკიონი მირიადობით თანამგზავრთან ერთად მოძრაობს რომელიღაც სხვა უცნობი ცენტრის გარშემო; და ეს ყველაფერი მირიადობით სამყაროებთან ერთად, რომელიც უცნობია ადამიანისთვის, მოძრაობს საკვირველ და საოცარ სიდიადეში ცენტრთა ცენტრის - ყოვლისშემძლე შემოქმედის ტახტის გარშემო!
წინასწარმეტყველი ამოსი შთაგონებით უთითებს ყველა სამყაროს ამ ცენტრზე: "რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი" (ამოს. 5:8).
დღე იესუ ნავესი
იესუ ნავეს ძის წიგნში 10:12-14 არის ადგილი, რომელსაც ყოველთვის თავს ესხმოდნენ კრიტიკოსები და მეცნიერების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდნენ; ეს არის ცნობა ისრაელი ხალხის ბელადის იესუ ნავეს ძის ე. წ. ხანგრძლივ დღეზე, რომელიც ისრაელს მეთაურობდა მოსეს შემდეგ და ეს ხალხი ქანაანის მიწა-წყალზე შეიყვანა.
რაც გინდ ეცადონ მეცნიერულად დაამტკიცონ იესუ ნავეს ძის მიერ აღსრულებული სასწაული, მთავარი მაინც ისაა, რომ არც ერთმა ადამიანმა არ იცის, როგორ განხორციელდა იესუ ნავეს ძის ხანგრძლივი დღე. ეს სასწაული ფაქტად უ ნდა ვაღიაროთ, რადგან, როგორც ასტრონომები, ასევე ისტორია ადასტურებენ მის სინამდვილეს.
ამერიკელმა პროფესორმა ტოტენმა ეს საკითხი ასტრონომიული თვალსაზრისით შეისწავლა, და თავისი საფუძვლიანი და რთული გამოთვლების შედეგები გამოაქვენა, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიიყვანა. მან გაითვალისწინა ბუნიობის დღეები, ეკლიპსები და ა. შ. და გამოთვლებს აწარმოვა ჩვენი დღეებიდან ვიდრე იესუ ნავეს ძის დღემდე, და აღმოაჩინა, რომ ეს დღე უწევდა ოთხშაბათს. მეორე მხრივ, მან გამოთვალა თარიღი სამყაროს შექმნიდან (დაბ. 1) ვიდრე იესუ ნავეს ძის დღემდე, და შენიშნა, რომ ეს დღე უწევდა სამშაბათს. ორივე გამოთვლის საფუძველზე ის ამტკიცებს, რომ ვერავითარი მათემატიკური გამოთვლები ვერ მოგვცემენ გვერდი ავუქციოთ იმ ცნებას, რომ მთელი დღე-ღამე, რომლის ხანგრძლივობა არის 24 საათი, დამატებულია ქვეყნიერების ისტორიას.
გარდა ამისა, ე. ვ. მაუნდერმა, გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის წევრმა, ერთ-ერთ თავის სტატიაში, რომელიც ამ საკითხს ეძღვნებოდა, აჩვენა, რომ მან შეძლო არა მარტო დაედგინა ადგილი, რომელზეც იმ მომენტში იმყოფებოდა იესუ ნავეს ძე, არამედ თვით თარიღიც და დღის პერიოდიც, როდესაც ეს შესანიშნავი მოვლენა მოხდა.
იესუ ნავეს ძის სიტყვები 10:14-ში, სადაც ნათქვამია: "არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე", რადგან მართლაც მეორე მსგავსი დღე ისტორიაში არ ყოფილა. პროფ. ტოტენი ამტკიცებს, რომ "არც ადრე, არც შემდეგ არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომლის დროსაც მოხდებოდა მზისა, მთვარისა და მიწის ისეთი განლაგება, როგორსაც ადგილი ჰქონდა იესუ ნავეს ძის დღეებში".
მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. იესუ ნავეს ძის წიგნში, მე-10 თავის 13-ე მუხლში ვკითხულობთ: "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას".
პროფ. ტოტენი გამოთვლებით აჩვენებს, რომ იესუ ნავეს ძის ხანგრძლივ დღისადმი დამატება არ გამოხატულა 24 საათში, არამედ მხოლოდ 23-სა და მესამედში; და ეს გასაოცრად დასტურდება 13-ე მუხლით, სადაც ნათქვამია "თითქმის მთელი დღე აყოვნებდაო". ამავდროულად სრული დღე-ღამე, რომელიც აღმოაჩინეს ასტრონომებმა, როგორც ზედმეტი მსოფლიო დღეთა ჯამში, თავის ახსნას პოულობენ სხვა ფაქტში, კერძოდ, იმაში, რომ უფალმა "უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით" (4 მეფ. 20:11). აქ ათი საფეხური, ანუ გრადუსი შეესაბამება 40 წუთს, რომლებიც ზუსტად ავსებენ არასაკმარის 2/з საათს.
ხანგრძლივი ასტრონომიული კვლევების შემდეგ პროფ. ტოტენი იძლევა შემდეგ დასკვნას: "აბსოლუტურად სანდოა ფაქტი, რომ კაცობრიობა არასოდეს გადახრილა დღეთა შვიდეულობითი ათვლის სიზუსტიდან, და რომ ჩვენი დროის შაბათი ჩვენამდე მოდის ადამის დროიდან, წარღვნის დროიდან, მან ჩაუარა იესუ ნავეს ხანგრძლივ დღეს და აქაზის საფეხურებს (მზის საათებს), გაიარა უფლის საფლავი ყოველგვარი საშვის გარეშე. არც ერთი დღე არ დაკარგულა, და ყველაფერი წარმოადგენს უწყვეტ ჯაჭვს მოწმობებისა, რომლებსაც ადამიანის ან ეშმაკის ვერანაირი მზაკვარება ვერ დაარღვევს ("Our Race". Prof. Totten).
არადა, როგორც ზემოთ ვთქვით, ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა თავის დადასტურებას პოულობს არა მარტო ასტრონომიის მხრიდან, არამედ სრულიად დამოუკიდებელი წყაროების ისტორიიდანაც.
ოთხ ქვეყანაში, როგორებიცაა საბერძნეთი, ეგვიპტე, ჩინეთი და ინდოეთი, დაცულია გდმოცემა "ხანგრძლივი დღის" შესახებ.
ჰეროდოტე, რომელსაც "ისტორიის მამას" უწოდებენ და ქრ. შ.-მდე 480 წლით ადრე ცხოვრობდა, წერს, რომ ეგვიპტის მოგვებმა მას ამცნეს, თითქოსდა იყო დრო, როდესაც მზე ოთხჯერ ამოვიდა არა ჩვეულ ადგილას, ორჯერ ის ამოვიდა იქ, სადაც დღეს ჩადის, და ორჯერ ჩავიდა იქ, სადაც ახლა ამოდის" (Bohn´s Classical Library, «Herodotus», translated by Cary, 1865). ამაში ხედავენ დამახინჯებულ მოწმობას იესუ ნავეს ძის დღეზე.
ჩინური გადმოცემა უფრო საოცარია. ის მოცემულია ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსის ხუაინამ ძუს წიგნში, აი მისი ტექსტი: "თავადმა იან ლუმ (1053 – 1058 г. до Р. X.), რომელიც ხანის არმიის წინააღმდეგ ომობდა და მოსაღამოვებისა ეშინოდა, რაც ხელს შეუშლიდა მის გამარჯვებას, აღმართა შუბი და ჩამავალ მზეს დაემუქრა, რომელიც იმწამსვე უკან დაბრუნდა ცაში და ზოდიაქოს სამი ნიშნით (6 საათი) უკან დაიხია.
ამასთან დაკავშირებული ინდუსური გადმოცემა მოხსენიებულია ჰამილტონის ნაშრომში "ინდუსთა ქრონოლოგიის გასაღები", ტომი II, გვ. 224. ის შემდეგი სახით აღწერს ამ მოვლენას: "ინდუსი წინასწარმეტყველის კრიშნუს ცხოვრების აღწერასთან დაკავშირებით წერს, რომ 1651 წელს (კალის წელთაღრიცხვა, შეესაბამება 1451 წ. ქრ. შ.-მდე, ანუ იმ წელს, როდესაც იესუ ნავე ქანაანის მიწაზე შევიდა) მზემ შეანელა თავისი მოძრაობა და არ ჩადიოდა, რადგან Аkrооn-ის ღვთისმოსავ გალობას ისმენდა, რომელიც აქებდა კრიშნუს სათნოებებს ბინდრებენში (Вindreben) მისი ბოლო მოგზაურობის დროს. როდესაც ის აქ ჯანმრთელი და საღსალამათი ჩავიდა, მზე თორმეტი საათის დაგვიანებით ჩავიდა".
ძნელი არ არის ყველა ამ უცნაურ თქმულებაში დავინახოთ დამახინჯებული ცნობა იესუ ნავეს ძის ხანგრძლივ დღეზე, რომელიც ასე ჭეშმარიტად არის აღწერილი ბიბლიაში.
არ არის გასაკვირი ის, რომ ყოველი გადმოცემა, ყოველ ქვეყანაში წარმოადგენს რაიმე მოვლენას და მასთან დაკავშირებულ პირს. ეს ყველა გადმოცემის წესია, როდესაც მოვლენები აიხსნებიან უკანა რიცხვით. მაგრამ ამგვარი რამ სულაც არ აკნინებს წმ. წერილის ობიექტურ შეტყობინებებს, რომელთაც თავიანთი სამეცნიერო დასაბუთებებიც ჰპოვეს. ყველა ამ გადმოცემის მნიშვნელობა, რომლებმაც ჩვენამდე ღმრთის ნების გარეშე როდი მოაღწია, უეჭველად დიდია იმის დასამტკიცებლად, რაც ჭეშმარიტ წმიდა წერილშია ნახსენები. ის მოცემულია მათთვის, ვისაც არ სწამს, სანამ არ იპოვის თუნდაც ერთ არაზუსტ ისტორიულ შეტყობინებას. სინამდვილეში ერთმანეთთან ნაკლებად შეთანხმებული ეს ლეგენდები აღძრავენ ინტერესს იმისკენ, რასაც გვამცნობს ბიბლია.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Г. И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2025 წ.