საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიის აპოლოგეტიკა. თ. VIII - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიის აპოლოგეტიკა
 
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
კოსმოსი - ღმერთის თვალი

თავი VIII. ბიბლია და მეცნიერება
 
ბიბლია არ წარმოადგენს მეცნიერულ ტრაქტატს. მას უფრო ადამიანის გულთან აქვს საქმე, ვიდრე გონებასთან (სიბრძნე 23:26; რომ. 10:10). ბიბლიის მიზანია - მიიყვანოს ადამიანი ღმერთთან. სამეცნიერო წანამძღვრებს შეეძლოთ განეყენებინათ ადამიანი ღმრთის სიტყვის ამ უმთავრესი მიზნიდან. გარდა ამისა, ღმერთი გამოცხადებაში არ უზიარებს ადამიანს იმას, რისი მიღწევაც მას შრომის, ძიების და დაკვირვებების გზით თავადაც შეუძლია.
 
მეორე მხრივ, ბიბლია ეხება ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ადამიანის ინტერესს, ამიტომაც არ შეუძლია არ შეეხოს მეცნიერების ზოგიერთ სფეროს, რომლებიც ამ ინტერესებთან არის დაკავშირებული. ვინმე პემბერმა წიგნში "დედამიწის ადრინდელი საუკუნეები" ამბობს: "თუმც ბიბლია არ გვაზლევს პირდაპირ მონაცემებს პროგრესული მეცნიერებისთვის, მიუხედავად ამისა, მასში მოცემულია მრავალი ცალკეული გამოთქმა, რომელთა იდუმალება იხსნება იმისდა მიხედვით, თუ რაოდენ კარგად და ღრმად შეიმეცნებენ მეცნიერები სამყაროს კანონებს".
 
ბიბლიაში საკმაოდაა ისეთი ტექსტები, რომლებმაც უდიდესი სამსახური გაუწიეს მეცნიერებას, რადგან მათში დაფარულია მინიშნებები, რომლებმაც მეცნიერებს უდიდესი აღმოჩენებისკენ უბიძგეს. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენათაგანია დოქტორ პარეის მიერ სისხლის ბურთულების აღმოჩენა, ამ იდეამდე ის ეკლესიასტეს 12-ე თავის წაკითხვამ მიიყვანა.
 
ჩნდება კითხვა: საზოგადოდ, ეთანხმება თუ არა მეცნიერება ბიბლიას? პასუხი ამომწურავი უნდა იყოს. ამიტომაც სანამ მას მივიღებდეთ შევეცადოთ მოკლედ შევჩერდეთ სხვა კითხვაზე.
 
 
რა არის მეცნიერება?
 
მეცნიერება ეს არის პრინციპთა ცოდნა, რომლებიც ეფუძნებიან ცდასა და კვლევას. ეს არის, არც მეტი და არც ნაკლები, ადამიანის მცდელობა თავისი არასრულყოფილი გონებით შეაღწიოს ღმრთის სრულყოფილ კანონთა საიდუმლოებებში. ადამიანმა მხოლოდ ნაწილობრივ იცის (1 კორ. 13:9), ან, როგორც ჰერბერტ სპენსერი ამბობს: "მეცნიერება ცოდნის ნაწილობრივი გაერთიანებაა". სამეცნიერო თეორიები და განსაზღვრებები რაიმე საბოლოოს არ წარმოადგენენ, რადგან ახალ-ახალი აღმოჩენებისდა კვალად, ძველი ხშირად იცვლება და ზოგჯერ სრულიად უარიყოფა. ოლივერ ლოჯი ამბობს: "შესაძლოა, რომ მეცნიერება ყოველთვის მოიცავს საგანთა მხოლოდ ერთ მხარეს და მხედველობიდან უშვებს მეორეს, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანს". აი, რატომ უნდა გვქონდეს მხედველობაში ეს შენიშვნები, როდესაც ადამიანები წმიდა წერილის უარსაყოფად აყენებენ ამა თუ იმ თეორიას.
 
არსებობს ცნობილი კანონი, რომლის მიხედვითაც სხეულები გაცხელების დროს ფართოვდებიან, ხოლო გაცივების დროს იკუმშებიან. მაგრამ ცდების დროს ყოველთვის ასე როდი ხდება. მაგალითად, წყალი, გაცივების დროს წყვეტს შეკუმშვას, და პირიქით, კვლავ გაფართოვებას იწყებს. ასეთ გამონაკლისს თავისი პრაქტიკული მხარე გააჩნია: ყინული წყალზე მსუბუქი გამოდის და ზედაპირზე რჩება, მაშინ როდესაც შეკუმშვის დროს ის წყალზე უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა და ჩაიძირებოდა, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა მდინარეებისა და სხვა წყალსაცავების "გაჭედვას" იმდენად, რომ ამ ნიადაგზე უეჭველად წარმოიქმნებოდა რაიმე კატასტროფა. ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მსგავსი გასაოცარი უკუდახევანი ან გამონაკლისები სხვა კანონებშიც არსებობენ, რომლებიც სამყაროს საფუძვლებში ჩაიდო? მაშინ, რას შეიძლება წარმოადგენდეს საერთოდ ცოდნა? შეიძლება თუ არა მას სრულყოფილი ეწოდოს?
 
 
როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა ბიბლიასა და მეცნიერებას შორის?
 
ბიბლია მეცნიერებასთან თანხმიერებაშიც არის და უთანხმოებაშიც. თანხმიერებაშია იმ შემთხვევებში, როდესაც სამეცნიერო განსაზღვრება ეფუძნება ჭეშმარიტებას; და უთანხმოებაში, - თუკი ეს არის ოდენ ადამიანის არასრულყოფილი ცოდნა. მოცემული მტკიცებულება უფრო ნათელი გახდება, თუკი მოვიტანთ რამოდენიმე ილუსტრაციას.
 
ჩარლზე ლაიელმა გამოითვალა შლამის ყოველწლიულრი რაოდენობა, რომელიც ედება ნილოსის დელტას, და ამის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ეგვიპტური ფინჯანი, რომელიც დიდ სიღრმეზე ნიადაგის ბურღვის დროს იპოვეს, ითვლის 30.000 წელიწადს. მსგავსი განცხადება მიანიშნებდა, რომ კაცობრიობა უკვე არსებობდა ესოდენ შორეული პერიოდის განმავლობაში, მაშინ როდესაც ბიბლიური მონაცემებით კაცობრიობა დედამიწაზე სულ რაღაც ექვსი ათასი წლის წინათ გაჩნდა.
 
თიხის ფინჯანმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მისი დემონსტრირება მთელ ევროპაში მოხდა. რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო ყველას შეცბუნება, ვისაც კი ამ უნიკასთან ჰქონდა რაიმე ურთიერთობა, როდესაც რომში ფინჯნის დემონსტრირების დროს, ის აღიარეს შედარებით გვიანდელი რომაული წარმოების ნიმუშად. ნათელი გახდა, რომ "სამეცნიერო" აღმოჩენა შეცდომა აღმოჩნდა, და ის მეცნიერების ანალებიდან ამოშალეს. თავისთავად ცხადია, რომ ბიბლია შეუძლებელია თანხმიერებაში იყოს ასეთ "მეცნიერებასთან".
 
საინტერესოა, რომ იმავე მეცნიერის გამოთვლებით, ნიაგარის ჩანჩქერის წყლები, მის მიერ მთის ქანების ჩამორეცხვის მიხედვით, კლდეს წელიწადში ერთი ფუტით ცვითავს, რაც ისევ და ისევ უნდა გაგრძელებულიყო 35.000 წლის განმავლობაში (Лайель, "Принципы Геологии"). მაგრამ, ვაი, რომ საცოდავი "მეცნიერება" კვლავ შეცდა. ამ საკითხის უფრო გვიანდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლდის განადგურების სიჩქარე სამჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ლაიელმა უჩვენა, და, ამგვარად, ნიაგარის ჩანჩქერის ასაკი 7.000 წლამდე შემცირდა, თუკი მხედველობაში მივიღებთ თვით კლდის სახეობის არაერთგვაროვნებას (Д. В. Даусон. "Пункт соприкосновения геологии и истории").
 
სულ რამოდენიმე წლის წინ სამეცნიერო სამყარო ააღელვა ამერიკაში დიდი რაოდენობით ქვის ჭურჭლის აღმოჩენამ მდინარე დელავერის ახლოს. ჭურჭელი აღმოაჩინეს ხრეშის პლასტში, რომელიც, გეოლოგების თანახმად, გამყინვარების პერიოდს ეკუთვნოდა, რაც დაამტკიცებდა ადამიანის არსებობას იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს ბიბლიაშია მითითებული. მაგრამ აზრი ამ შემთხვევაშიც შეიცვალა. ადგილის დეტალური გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ჭურჭლის საგნები ნაპოვნი იყო არა ბუნებრივ ხრეშში, არამედ იმ ადგილას, სადაც თანამედროვე იტალიელები მოიპოვებდნენ ქვებს გამოსაქანდაკებლად. ამრიგად, მონაპოვარი წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა ქანდაკების დაუმთავრებელ საგნებს, რომლებიც იტალიელებმა იქ მიატოვეს და ხელი მოჰკიდეს პრეისტორიული ადამიანის ჭურჭლეულობის გამოქანდაკებას (იქვე).
 
მსგავსი დაუსაბუთებელი "მეცნიერული" სენსაციები განსაკუთრებულად ხშირად შეიძლება მოვისმინოთ რომელიმე საბუნებისმეტყველო საზოგადოების აუდიტორიებში, რომელთა წევრებს ნაკლები საერთო გააჩნიათ ნამდვილ მეცნიერებასთან, თანაც საკმაოდ ახალგაზრდები და გამოუცდელნი არიან. მათგან ხშირად მოისმენ, რომ ესა თუ ის, მათ მიერ გათხრებში ნაპოვნი, საგანი არა თუ ათეულობით ათასი, არამედ ასეულობით ათასი წლის ხანგრძლივობისაა. რადგან რაც მეტია, მით უფრო ძნელი დასაჯერებელია, ხოლო შთაბეჭდილებები ყველაზე აღმაფრთოვანებელია. არაფერი, რომ ეს ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას და თვით ბიბლიის წმიდა წიგნს, თუმცა ისინი ნომინალურად მასთან დაკავშირებულნი არიან, რადგან თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ასეთ "მეცნიერებასთან" ბიბლია თანხმობაში ვერასოდეს მოვა.
 
ბიბლიის კრიტიკოსები მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მოსეს არ შეეძლო დაეწერა ხუთწიგნეული, რადგან, თითქოსდა მის დროს დამწერლობა ჯერაც არ არსებობდა. მაშინ, როდესაც ბიბლია საწინააღმდეგოს ამტკიცებს. თვით უფალმა იესუ ქრისტემ თქვა: "თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ მოსემ ეს მცნება" (მკ. 10:5); "მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა" (ინ. 5:46). ებრაელები ასევე ამბობდნენ: "... მოსემ დაგვიწერა..." (ლკ. 20:28). ამ ყველაფერს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა კრიტიკოსებისთვის. ახლა კი ისინი დადიან ბრიტანეთის მუზეუმში და საკუთარი თვალებით ხედავენ თელ-ელ-ამარნას ტაბლოებს, რომლებიც მოსემდე ასი წლით ადრეულ დროებას განეკუთვნება! იქვე მათ შეუძლიათ იხილონ შავი ცილინდრის ასლი (ორიგინალი იმყოფება ლუვრში, პარიზი), რომელიც მ. დე-მორგანმა 1901 წელს სუზაში იპოვა, და რომელზეც ამოტვიფრულია მეფე ჰამურაპის კანონები, რომელიც მოსემდე ხუთასი წლით ადრე ცხოვრობდა და დროის მიხედვით უფრო აბრაამის თანამედროვე გახლდათ.
 
პფორ. ფ. პეტრი ამბობს: "ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომძველი ბაბილონის ქალაქ აკადიას მცხოვრებნი, ოდესმე მოკლებულნი იყვნენ დამწერლობას ან მეცნიერებას. ნაპოვნია, რომ მეცნიერი მწერლები ქანაანის ყველა ქალაქში იყვნენ და ფინიკიელებსა და ძველი არაბეთის მცხოვრებთ დამწერლობა მოსემდე ასეულობით წლების წინ ჰქონდათ. თვით ბერძნებმაც კი თავიანთი ანბანი მოსემდე ბევრად დიდი ხნით ადრე შექმნეს".
 
"ყველა გვიანდელი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ დამწერლობა აბრაამამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა", თქვა კენტერბერიელმა დეკანმა (1904 წ. 4 დეკ.).
 
ამ ყველაფერზე დაფუძნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია ყოველთვის იდგა ჭეშმარიტი მეცნიერების მხარეს, და ჭეშმარიტი მეცნეირება - ბიბლიის მხარეს. "მეცნიერება პროგრესირებს, მას შეუძლია შეცვალოს თავისი დასკვნები ახალი ფაქტების საფუძველზე".
 
"მუდმივი სიურპრიზები ელის ასირიოლოგებსაც: ზოგჯერ პატარა ნატეხსაც კი შეუძლია საკმაო ნათელი მოჰფინოს, რათა მთლიანად გადააბრუნოს ადრინიდელი ვარაუდები", ამბობს პროფ. სეისი. "ჩვენი ცოდნის არასრულყოფილება იწვევს შეჯახებას ბიბლიასა და მეცნიერებას შორის" ("All Past Time»., G.B.Dimblay).
 
სრულიად გასაგებია - როგორი იქნებოდა მოგება ბიბლიისთვის, ადრინდელი წლების მეცნიერებასთან რომ ყოფილიყო თანხმიერებაში, რომლებიც დღევანდელი აღმოჩენების მიერ უკვე უარყოფილია.
 
ამასთან დაკავშირებით რობერტ ანდერსონი აცხადებს: "არასოდეს წმიდა წერილი და მეცნიერება ისეთ თანხმიერებაში არ ყოფილან, როგორც ჩვენს დღეებში" ("Bible and Modern Criticism"). მაგრამ, მიუხედავად მეცნიერების გვიანდელი მიღწევებისა, ცოდნა ჯერაც შორსაა სრულყოფილებისგან. ერთ-ერთი სამეცნიერო ავტორიტეტი ამბობს: "გეოლოგიის საფუძვლები დღემდე განუსაზღვრელი და მყიფეა". ამიტომაც გასაგებია, რომ თუკი ბიბლია სრულ თანხმიერებაში იქნებოდა დღევანდელი მეცნიერების ყველა მონაცემთან, ის უეჭველად გადააწყდებოდა მომავლის მეცნიერებას, რომელიც ახალი ძიებების შედეგად მოვა და, რომელიც წინასწარმეტყველმა დანიელმა თავის 12:4 მუხლში იწინასწარმეტყველა. იმ დღეებში, ალბათ, მრავალი თანამედროვე მეცნიერება ისევ უარყოფილი აღმოჩნდება მათი აბსურდულობისა და არასრულყოფილების გამო.
 
მომავალში ამგვარ მდგომარეობის საფუძველი შეიძლება გახდეს ბიბლიის პირველი გვერდი და სხვადასხვა დროს მეცნიერების მასთან მიმართება. "ჭეშმარიტების საფუძვლები, რომლებიც იქ არის ჩადებული, ბოლომდე ჯერაც გაუგებარია და ყველა მეცნიერის მიერ არ არის მიღებული, თუმცა მეცნიერების პროგრესირებისდა მიხედვით, ის ნელ-ნელა, მაგრამ სწორად უახლოვდება მათ აღქმას, და, უეჭველია, რომ დადგება დრო, როდესაც ყველაფერი სრულ თანხმიერებაში მოვა და მეცნიერება ჭეშმარიტების სპეტაკი სამოსით შეიმოსება" ("Bible’s Astronomical Chronology").
 
სვამენ კითხვას: "თანხმიერნი არიან თუ არა ბუნებრივი კანონები გამოცხადების კანონებთან?" დიახ, ამაში ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს: ყველგან, სადაც ბიბლია ეხება მეცნიერებას, ის ყველაზე უზუსტეს მონაცემებს გვაძლევს, რომელიც ბოლო დროის დიდი სამეცნიერო აღმოჩენების ფაქტებით დასტურდება.
 
ამრიგად, ბიბლიის ავტორს უნდა ჰქონოდა ამ დაფარული საგნების სრული ცოდნა, და ეს შეუძლებელია ყოფილიყო ადამიანი. ამგვარი ცოდნის მფლობელი მხოლოდ ღმერთია. ოლ. ლოჯი ამბობს: "რელიგიის და მეცნიერების სფეროები ერთი და იგივეა". იმავეს ადასტურებს ფ. ჰ. კაპრონი: "რელიგიის ძირითადი ჭეშმარიტებები მეცნიერების ძირითადი ჭეშმარიტებებია. რელიგიასა და მცენიერებას შორის სრული თანხმიერებაა, - მაგრამ მათ შორის შეჯახებაც გარდაუვალია, თუკი ისინი არაჭეშმარიტია. მსგავსი ანტაგონიზმის არსებობა მხოლოდ უმეცრებით აიხსნება".
 
შეიძლება დავიმოწმოთ მთელი რიგი მტკიცებულებები იმისა, რომ მეცნიერება სულ უფრო და უფრო უახლოვდება წმ. წერილის ჭეშმარიტებას. დ. ვ. დაუსონი წერს: "ძველი ძეგლები ადასტურებენ წერილს". ტრისტამი ამბობს: "თითქმის ყველა შემთხვევაში, როდესაც ებრაული ისტორია ეხება მეზობელ ხალხთა ისტორიას, ამის დასტურს ვპოულობთ ამუკანასკნელთა უძველეს ჩანაწერებში, ძველი ქვეყნების: ეგვიპტის, ასურეთის, ქალდეისა და სპარსეთის ძველ, მაგრამ ახლადაღმოჩენილ ძეგლებში".
 
საინტერესოა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბიბლია, რომელიც სულაც არ უშინდება მეცნიერულ გამოცდას, ეხება მის სამ უდიდეს დარგს, თითქოსდა თავისი მოწმობების დასადასტურებლად:
 
ფსალმუნში (8:5) ნათქვამია: "რა არის კაცი?"
 
იობთან (12:8) წერია: "ჰკითხე ქვეყანას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები"
 
ფსალმუნში (18:2-3) ვკითხულობთ: "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა".
 
პირველ შემთხვევაში ბიბლია შეჰღაღადებს ანთროპოლოგიას, ანუ მეცნიერებას ადამიანის შესახებ; მეორე შემთხვევაში - გეოლოგიას, მეცნიერებას დედამიწის შესახებ; ხოლო მესამე შემთხვევაში - ასტრონომიას, ანუ მეცნიერებას ცის შესახებ.
 
კარგი იქნება თუ შევჩერდებით ბიბლიური ჭეშმარიტების ამ სამ მოწმობაზე და მოვისმენთ, თუ რას მოგვითხრობენ ისინი.


გაგრძელება იქნება.


წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.

პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому