სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ბიბლიის აპოლოგეტიკა
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
თავი VII. ბიბლია და აღმოსავლეთის წიგნები
არცთუ იშვიათად ზოგიერთი ადამიანი ცდილობს აღმოსავლეთის ე. წ. "წმიდა წიგნებს" მიანიჭოს იგივე ავტორიტეტი, წმიდა წერილის ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც ბიბლიას გააჩნია. ყველასთვის როდია მსგავსი შედარება გასაგები და ყველას როდი შეუძლია მისი შემოწმება, რადგან ადამიანთა უმრავლესობა ამ წიგნებს არ იცნობს. ამიტომაც, სწორი წარმოდგენა რომ გვქონდეს, საჭიროა თუნდაც მოკლედ გავეცნოთ მათ შინაარსს.
მსგავსი სახის მრავალ წიგნთა განხილვისას, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ შემდეგი ხუთი:
ბრამინების, ანუ ინდუსების ვედები.
სპარსელთა ზენდ ავესტა.
კონფუცის წიგნები.
ტრიპატაკა, ანუ ბუდისტების წმიდა წერილი.
ყურანი, ისლამის კანონები მაჰმადიანებთან.
1. ბრაჰმანების, ანუ ინდუსების ვედები
ინდუიზმის სისტემაში ბრამინები წარმოადგენენ უმაღლეს კასტას. "ვედა" სანსკრიტზე ნიშნავს "ცოდნას" ანუ "წმიდა მეცნიერებას". ვედების წერილი შედგება ჰიმნების ოთხი კრებულისგან, ცალკეული მუხლებისგან და მსხვერპლშეწირვათა ფორმულებისგან, კერძოდ:
1) რიგვედა, ანუ სადიდებელი ჰიმნები, რომელთა რაოდენობა 1028-მდე აღწევს; 2) სამავედა, ანუ ფსალმუნთა ვედები; 3) აიურვედა, ანუ ლოცვათა ვედები, - მცირე რაოდენობით შემორჩა; 4) ატარვავედა, ანუ ატარვიველების ვედები, რომლებიც დაახლოებით ოც წიგნს მოიცავს და, რომლებშიც განსაკუთრებულ ღვთაებრივ ძალთა საპატივცემოდ შესულია განსაკუთრებული ჰიმნები და შეფუცვები უწმინდურ სულთა წინააღმდეგ. პირველი სამი ცნობილია სახელწოდებით "Тгауi Vidya", ანუ "სამმაგი მეცნიერება", და ორიგინალს წარმოადგენენ; მეოთხე ვედა ეხება უფრო გვიანდელ პერიოდს.
ყველა ამ ვედას დროთა განმავლობაში მიემატა მრავალი სხვადასხვა განმარტება, მისტიკური განსჯა და ლეგენდები. დამატების სახელწოდებაა "ბრაჰმანები", მაშინ როდესაც ორიგინალური წერილის სახელწოდებაა "სანჰიტი".
ინდუსების რწმენით, ვედები თვით ბრაჰმას მიერ იყო მოცემული. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველი მათი სიტყვა "გამოვიდა, როგორც სუნთქვა თვით-არსის პირიდან". სიტყვა "ბრაჰმა ნიშნავს "მსოფლიო სულს", ყოფიერების მიზეზს.
მანუ, ძველ ინდუსური ტექსტების ყველაზე აღიარებული ავტორი, ამტკიცებს, რომ ბრაჰმა ოქროს კვერცხში დაიბადა. იქ ერთი წელი ცხოვრობდა, შემდეგ კვერცხი ორ ნახევრად გაჰყო და მისგან ცა და მიწა შექმნა. ინდურ მუზეუმში არსებობს ბრაჰმის გამოსახულება ოთხი თავითა და ოთხი ხელით.
მაგრამ, ბრაჰმას უკვე დიდი ხანია აღარ უკავია ის მაღალი მდგომარეობა, რომელსაც მას ადრე ინდოეთის ღმერთებს შორის ანიჭებდნენ. ახლა მას თითქმის არც ეთაყვანებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ მან ყველა თავისი ფუნქცია შეასრულა, არადა, ვედებს ჯერაც ორას მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.
ვედების შინაარსი, უეჭველად, უძველეს დროებას ეხება. მათი ავტორები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ძველი წერილები შეკრებილია და თანამედროვე ფორმით გადმოცემულია ქრ. შ-მდე 1000 წელს პირის მიერ, რომლის სახელი იყო "Vyаsа", ანუ შემკრები.
ვედების რელიგიაში ბევრი რამ დაკავშირებულია ცრურწმენასთან და ბუნების ძალთა და მოვლენათა თაყვანისცემასთან. რიგვედას ჰიმნები მიმართულია აგნისკენ (აგნი - ცეცხლის ღვთაება), და ინდრასკენ (ინდრა - ზეცის ღვთაება), ასევე სომასკენ (განმაღმრთობელი ფხვნილი, რომელსაც მცენარე "Somа"-ს ნარკოტიკული წვენისგან იღებენ) და მრავალი სხვა მცირე ღვთაებებისადმი.
ვედების ერთ-ერთი ძირითადი დოქტრინა, ბუდისტების ტრიპიტაკის მსგავსად წარმოადგენს სწავლებას სულთა გადასახლების, გარდასახვის შესახებ, ანუ თუ როგორ გადადის სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სხვა სხეულში. ამ სწავლებით ადამიანი მრავალგვარ გარდასახვებში შეიძლება იყოს: ხან პრინცი, ხან მონა, ხან ვეფხვი, ხან ბაყაყი, ხან გველი ან მაიმუნი, ტკიპაც და მცენარეც კი. ამრიგად, გადასახლება, მილიონობით წელი გრძელდება, სანამ სული არ მიაღწევს არსებობის უღლისგან გათავისუფლებას ინდივიდუალურობის დაკარგვითა და თვით-არსთან, ანუ ყოვლისამავსებელ სულთან, ან კიდევ სულიერ საწყისთან შერწყმით. ასეთი შერწყმა თითოეული მართლმორწმუნე ინდუსის ცხოვრების მიზანია.
სანსკრიტული ენის პროფესორი სერ მ. მონიერ-უილიამსი გვაძლევს ვედების სწავლების შემდეგ სამწუხარო რეზიუმეს: "თქვენი ავადმყოფური მდგომარეობა, ასწავლიან ისინი, მომდინარეობს იმის უცოდინრობიდან, რომ თქვენი ჭეშმარიტი ბუნება ერთია ღმრთის ბუნებასთან; რომ თქვენი სული არის სამყაროს ერთადერთი თვითარსი სულის (Аtman) ნაწილი, - ნაწილი ცნობილი საწყისისა (ბრაჰმისა), რომელიც ტკბობას საკუთარი თავის უსაზღვრო გამოვლინებებში ჰპოვებს, მაგრამ უცოდინრობის გარკვეულ სახეს იწვევს ყოველ მისგან მომდინარე სულზე. განკურნების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს თქვენ მიერ თვით-შეგნების მოპოვება; მაგრამ ის რომ მიიღო, საჭიროა უთვალავი სინანულის, მარხვის, მომლოცველობის და განწმენდის გავლა არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ სიკვდილის შემდგომ არსებობაში, სადაც რვა მილიონ ოთხასი ათასჯერ უნდა გარდაისახო ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში. მხოლოდ მრავალი საუკუნის გასვლის შემდეგ შეიძლება გახდე თვით-არსთან შეერთების ღირსი, რომლისგანაც წარმოვიშვენით".
აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი მსგავსი სწავლების ბუნებრივი შედეგები, რომელთა შესახებ კითხვაც გვიწევს თანამედროვე ინდოეთის ცხოვრების აღწერაში. ერთი სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნდა ტაიმსში (1904 წლის 5 დეკ.) წერდა სიკვდილის უამრავი რაოდენობის შემთხვევაზე, რომელიც იქ გველთა ნაკბენისგან ხდებოდა (წელიწადში 20 000-მდე), და ველური ცხოველების მიერ ხორბლის მინდვრების საშინელ გაჩანაგებაზე, რომლის მიზეზიც იყო ინდუსების ცრურწმენა, რომელიც ხელს უშლიდა მათ წინააღმდეგობა გაეწიათ, როგორც ერთი, ასევე მეორე მოვლენისთვის. ინდუსები ყოველ ცოცხალ არსებაში ხედავენ ან გარდასახულ ადამიანს, ან განხორციელებულ ზებუნებრივ არსებას. იმავე მიზეზით აღმერთებენ ისინი კობრას და სხვა შხამიან გველებსა და ცხოველებს. "საშინელია იმისი ყურება, როგორი პასიურები და უმწეონი ხდებიან ინდუსები, როდესაც ანტილოპების ან მაიმუნების ჯოგები ანადგურებენ მათ ნათესებს".
"ამბობენ, აგრძელებს იმავე სტატიის ავტორი, რომ ინდოეთში ჩვენ ვაწყდებით დოგმატებს, რომლებიც მოქცეულნი ყველაზე მდაბალ ცოცხალ არსებებსა და ყველაზე ამაღლებული მეტაფიზიკას შორის, და განვითარების საფეხურებს ბარბაროსობიდან ვიდრე თანამედროვე ცივილიზაციამდე; მას, ვისაც სმენია ინდუსების მონათხრობი "დედოფალ კობრაზე", ის ამის უარყოფას არ დაიწყებს".
საშინელება, რა თქმა უნდა, მდგომარეობს არა მარტო პირუტყვთა თაყვანისცემაში, არამედ ამ კულტის იმ მიღმიერ მხარეში, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ყოველგვარი ცრურწმენის სიგიჟეს, და ამ ხალხის ნამდვილ მათრახს წარმოადგენს.
ინდუსების ცხოვრებაში უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს შეფუცვებსა და ჯადოქრობას, ვიდრე ლოცვას. ატარვავედის მთელი ჭრელი სამყარო ცრურწმენებისა და დემონთა კულტის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არის მრავალრიცხოვანი რიტუალები, რომლებიც მჭიდრო ბადესავით ბოჭავენ ინდუსების მთელ ცხოვრებას და იჭრებიან ოფიციალურ კულტშიც. ყველაფერი, რისიც კი შეიძლება ადამიანს ეშინოდეს, და რისგან გათავისუფლებასაც შეიძლება ცდილობდეს, მტრები იქნებიან ეს თუ მოწინააღმდეგეები, უბედური შემთხვევები, სნეულებები თუ წარუმატებლობები, ეს ყველაფერი უქმდება შეფუცვების დახმარებით. ყველაფერი, რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ მიიღწევა იმავე საშუალებებით: ხან იდევნება ჯადოქარი ფარეხიდან თუ ეზოდან, ხან იგლიჯება ბალახი, რომელშიც შეიძლება მოაზრებულ იქნას ყველა ბოროტი სული და სხვა. თუკი ეშმაკი (ინდუსების წარმოდგენით) ადამიანს კეფაზე შეაჯდება ჭრილობის სახით, ან ადამიანი დაავადდება კეთრით, ფაღარათით თუ სიგიჟით, - ყველაფერზე არსებობს შეფუცვები და სასმელები, რომლებში ეძიებენ კურნებას ინდუსები. სწრაფმავალი ანტილოპის რქა ხელს უწყობს გამოჯანსაღებას, საკვირველთმოქმედი მცენარეები და ყოვლისმკურნალი სასმელები უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ, თვით სომა და ქვები, რომელთა დახმარებითაც აღმოწვავენ მას, აგნისთან და ვარუნასთან ერთად (სიტყვა "var", ნიშნავს "შემორტყმას", "შემოფარებას") დევნიან სიყვითლეს.
მისნობა და ჯადოქრობა ინდუსების ინტიმურ ცხოვრებაზეც ვრცელდება; ასევე მტრობასა და ბრაზზე; შეიძლება სიყვარულზე იმოქმედონ მისნობით; უარყოფილი გოგონა თავის გულისსწორს ბალიშის ქვეშ ამოუდებს ბალახს ან ჯადოსნურ ჯოხს ჩააწობს თაფლში, რათა ყმაწვილმა იგრძნოს, რაოდენ ტკბილია მისი ტუჩები.
ჯადოქრობა რელიგიურ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ის ცხოვრების ცალკეულ შემთხვევებზე ვრცელდება, რომლებშიც ის იკავებს მედიცინის ადგილს და თავდაცვის საშუალებადაც გვევლინება, როდესაც ის საერთოდ მოიცავს მთელ ადამიანურ ყოფიერებას და წარმოადგენს ძალას სასიცოცხლო ბრძოლაში. უკვდავი ოქროსგან დამზადებული ავგაროზი (ამულეტი) ხანგრძლივი სიცოცხლის მომნიჭებელია; ჯადოსნური სასმელები იძლევიან მამრობით შთამომავლობას; ყოველგვარი ჯადოსნობა ამინდთან დაკავშირებით ბუნებას მორჩილს ხდის; მტრობა და დანაშაული შეიძლება ჩაირეცხოს წყლით (Проф. П. Д. Шантепи де-ля Сосей).
ერთი სიტყვით ეშმაკის კულტი ინდუსებში ღვთაებათა კულტზე დაბალი რანგის როდია, და ეს ყველაფერი მათ ამოწერილი აქვთ ვედებიდან. მაშ, როგორ შეიძლება ის შევადაროთ ბიბლიას, წიგნს, რომელიც ადამიანებში ამკვიდრებს ჭეშმარიტი ღმერთისადმი რწმენას და ჭეშმარიტ ცხოვრებას.
3. ჰებრთა ანუ სპარსთა ზენდ-ავესტა
ავესტა ნიშნავს "შემეცნებას" და წარმოადგენს ორიგინალურ წერილს. ზენდი ნიშნავს "კომენტარებს" და ავესტას შემდგომ დამატებას წარმოადგენს, მსგავსად იმისა, როგორც ბრამანების კომენტარები ავსებენ სანხიმა-ვედას ორიგინალს.
ზოროასტრი, ძველი სპარსეთის სახელგანთქმული ფილოსოფოსია, რომლიც მიიჩნევა რელიგიის დამფუძნებლად ან რეფორმატორად, რომელიც ზენდ-ავესტას სწავლებაშია გამოხატული. ის ცხოვრობდა დაახლოებით 500 წელს ქრ. შ.-მდე. მაგრამ მეცნიერები თანხმდებიან იმ აზრში, რომ თუკი ის საერთოდ არსებობდა, მაშინ მას რამოდენიმე საუკუნით ადრე უნდა ეცხოვრა. ზენდ-ავესტას რამოდენიმე ადრეული წერილი განეკუთვნება 700-800 წ. ქრ. შ.-მდე.
თავდაპირველად, აყვავებულ ძველ სპარსეთში, მიდიაში და ზემო ტიბეტში, ზოროასტრიზმის რელიგიის ოცამდე წიგნი არსებობდა, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის დროისთვის სწრაფად დაკნინდა. ყველაფერი, რაც კი ძველი წერილებიდან დარჩა შედგება სულ რაღაც ოცდაათ თუ ორმოც ჰიმნამდე, რომელთაც 100 000-ზე მეტი მიმდევარი არ ჰყავს. მათგან ცხრა ათასამდე მოდის სპარსეთზე, დანარჩენები კი დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიაზე არიან გაფანტულნი.
ზენდ-ავესტას ნარჩენები შეკრებილ იქნა და თანამედროვე მდგომარეობამდე მოყვანილ იქნა დაახლოებით 300 წ. ქრ. შ. შემდეგ.
ისინი მოიცავენ მზის, მთვარის, წყლის და ცეცხლის ხოტბა-დიდებებს, ასევე შეიცავენ ისტორიას და ლოცვებს.
ზოროასტრიზმის სწავლების ძირითად ნიშან-თვისებას წარმოადგენს მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს - ორმუზდსა და არიმანს შორის. სასიცოცხლო ბრძოლის დასასრულს "საკუთარი სინდისის მიერ გამართლებული" მართალი გადადის "ვიწრო ხიდს" ღმრთისკენ, სადაც მას ელოდება უსასრულო ნეტარება, მაშინ როდესაც ცოდვილს "რომელიც დაწყევლილია საკუთარი სინდისის მიერ" მარადიული სიკვდილი ელოდება.
ამ სწავლების ნაწილი ენათესავება უნიტარიზმს, მაგრამ უმეტესწილად უსისტემო აბდა-უბდას წარმოადგენს, რომლისგანაც შეიძლება მხოლოდ ცალკეული ნაწყვეტების გამოყოფა, რომლებსაც ზოგიერთები "შესანიშნავ რელიგიას" უწოდებენ...
მართალია ჰებრები უცვალებლად იღებენ იმ ქვეყნის ენას, სადაც ცხოვრობენ, მაგრამ "ენის სიწმიდისადმი" თავიანთი ცრუმორწმუნეობრივი დამოკიდებულებით, რომელზეც არის დაწერილი ზენდ-ავესტა, ისინი უფლებას არ იძლევიან გადათარგმნონ ის სხვა ენებზე, თუმცა თვით მათი მღვდლები ძველ-სპარსულ წერილებს ერისკაცებზე უკეთესად როდი კითხულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორმუზდი - სიკეთის სული ყველას მფარველად მიიჩნევა, ვინც კი სიკეთეს იქმს, არიმანის ბოროტი სულის წინაშე ქედმოხრა ძალიან განვითარებულია შიშის გრძნობისა და მისი ძალაუფლებისადმი ცრუ წარმოდგენის გამო. ეს ხდება ავესტას საფუძველშივე არასწორი სწავლების მიზეზით, სადაც ნათქვამია: "დასაბამიდან იყო ორივე სული, რომლებიც ტყუპების მსგავსები იყვნენ და თითოეული თავისთავად არსებობდა... როდესაც ორივე სული ერთმანეთს შეხვდა, მათ, უპირველეს ყოვლისა შექმნეს სიცოცხლე და სიკვდილი, რათა, ბოლოს და ბოლოს, ქვესკნელი განკუთვნილიყო ბოროტთათვის, ხოლო ზეცა მართალთათვის. ამ ორი სულისგან არასწორმა სულმა თავისთვის აირჩია ბოროტი საქმე, ხოლო კეთილმა სულმა სამართლიანობა..."
არიმანი განიხილება, როგორც ორმუზდის მოწინააღმდეგე ყველა საქმეში სამყაროს შექმნიდანვე. ყველგან, სადაც არ არის სრული აყვავება, წარმატება, მოსავალი, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და წარმატება, - იქ მოიაზრება ბოროტი სულის ჩარევა, და მიიღება ზომები, ასე ვთქვათ, მისი გულის მოლბობისა ან შეფუცვებისთვის. ქვეყნად მცხოვრებლებზე არიმანი ავრცელებს დაავადებებსა და სიკვდილს. მან 9999 სნეულება გამოაგზავნა დედამიწაზე და ორმუზდი ვალდებულია მივიდეს ძველ არიამანთან, თავის ნათესავთან აშურთა მოდგმიდან, და დიდი დაპირებებით უნდა აღძრას იგი იმისკენ, რომ უკუაგდოს ეს უბედურებანი.
სნეულებათა ამ დემონურ წარმომავლობას ეთანხმება ისიც, რაც ნათქვამია მკურნალობის ხელოვნებაში, რომ არსებობს სამი სამკურნალო საშუალება - დანა, სასმელი და შეფუცვა. ამ სამიდან ყოველთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს უკანასკნელს. მაგრამ სნეულების ცნება ავესტაში ფართოვდება, და ადამიანთა ყველანაირ ჭირვებაზე ვრცელდება, მეტიც, ცოდვაც კი, თავისი არსით, ადამიანის დემონური წახდენით არის გამოწვეული. ამის შესაბამისად გადარჩენა ხშირად განიხილება, როგორც მკურნალობა.
მკვდართა განწმენდები, გაუდაბურებულ ადგილთა დამუშავება, სნეულებათა მკურნალობა - ეს ყველაფერი გადაწნულია სურვილთან გათავისუფლდნენ დემონის თავდასხმებისგან, რადგან დემონი მოიაზრება ყველგან, სადაც კი არის უწმინდურება, სიბინძურე, სიკვდილი და ხრწნადობა. ამის საფუძველზე ვითარდება მთელი ირანული ცხოვრება.
რამდენადაც გინდ მოახდინონ ორმუზდის - სიკეთის სულის, იდეალიზება, არიმანს მაინც უმეტესი ადგილი უკავია ყოველი სპარსელის სიცოცხლესა და სულში, და უბიძგებს მას ჯადოქრობისა და შეფუცვებისკენ. ეშინიათ რა ეშმაკის და ებრძვიან რა მას, ფაქტობრივად ისინი ყოველთვის მარცხდებიან მის მიერ, რადგან არ გააჩნია ღია და ჭეშმარიტი საშუალება. ავესტა მას არ იძლევა. მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანია ბიბლიის გამოცხადება, რომელიც უთითებს ქრისტეზე, როგორც სატანის მძლეველზე!
3. კინგი, ანუ კონფუცის ტექსტები
კონფუცი, ჩინეთის სახელგანთქმული ბრძენი და მორალისტი, დაიბადა ძვ. წ. 551 წელს. 22 წლის ასაკში მან დაიწყო მასწავლებლობის თავისი კარიერა. ამ დროიდან ის თავის მოწაფეებს ამცნებს საკუთარ შეხედულებებს ძველ ლიტერატურასა და თავისი ქვეყნის ისტორიაზე, რომელიც გამომდინარეობდა ადამიანური ვალის პრინციპების თვალსაზრისიდან.
კონფუცის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა მისი ოქროს წესი: "ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც არ ისურვებდი სხვებს გაეკეთებინათ შენთვის". ამასთანავე, ბიბლიამ, თითქმის კონფუციმდე 500 წლით ადრე გააჟღერა ამ მორალის ფორმულა იგავთა წიგნში (იგ. 24:49). მაგრამ, კონფუცი აღიარებდა, რომ ვერ იყო შემძლე მიჰყოლოდა ამ წესს. შემდეგში ის ასწავლიდა: "წყენისთვის სამართლიან მიგებაზე და სიკეთისთვის სიკეთით გადახდაზე". როგორც ჩანს მისთვის უცხო იყო სწავლება იმისა, ვინც "კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ" (ლკ. 6:35).
კონფუცი გარდაიცვალა 72 წლისა. ის ნანობდა, რომ ამ სიცოცხლეში საკმარისი სარგებელი არ გაუღია. სიცოცხლეში არასოდეს ჰქონია პრეტენზია, რომ იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალო მოკვდავი. აი მისი სიტყვები საკუთარ თავზეს, რომელიც მან 65 წლის ასაკში წარმოთქვა: "მე ვარ კაცი, რომელიც ცოდნის წყურვილში ჭამას ივიწყებს და მისი შეძენის სიხარულში თავისი დარდი არ ახსოვს, და ვერ ხედავს, როგორ მოდის სიბერე". დღეს, მისი გარდაცვალებიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, "კონფუციანელობა" ჩინეთის სახელმწიფო რელიგია გახდა, და, თუმც კონფუცი არავის უღიარებია ღმერთად, მის საპატივცემოდ დღემდე აღესრულება მსხვერპლშეწირვები.
ჩინეთის უძველესი კანონის მიხედვით, საჭირო იყო ქვეყნის ყოველ ქალაქში აღმართულიყო კონფუცის ტაძარი. წელიწადში ორჯერ იმპერატორი სტუმრობდა საიმპერატორო ინსტიტუტს, რათა პირადად წარმოეთქვა ლოცვა, რომელიც გარდაცვლილი ბრძენკაცისადმი იყო აღვლენილი. ლოცვაში კონფუცის სიბრძნეს ხოტბას ასხამენ და წარმოთქვამენ თუ რა სახის შეწირულობებს იძლევიან მის საპატივცემოდ: აბრეშუმი, ღვინო, ხილი და ა. შ.
კონფუციანელობა არ ქადაგებს რომელიმე ღვთაებისადმი თაყვანისცემას და ამიტომაც ის რელიგიად შეუძლებელია იწოდოს. ესარის ზნეობრივი სწავლება რელიგიის გარეშე. მასში არ არის არც ცოდვის შეგნება, არც მისწრაფება გამოსყიდვისკენ, არც ღმერთთან ურთიერთობის სურვილი. "ის აქებს ამ წუთისოფელს და საიქიო ცხოვრებაში ეჭვი შეაქვს; ის მოუწოდებს სათნოებათა განვითარებისკენ, რომელიც კეთილ მოქალაქეს მართებს: შრომისმოყვარეობისკენ, თავმდაბლობისკენ, სიფხიზლისკენ, სიმტკიცისკენ და მდუმარებისკენ" (Dr. Оgilviе).
ყოველივე ამის მიღწევას კონფუციანელობა გვთავაზობს საკუთარი ძალებით ისე, რომ თავის მხრიდან რაიმე შემწეობას არ იძლევა. კონფუცის თვითონაც არ სჯეროდა, რომ შეძლებდა თავისივე სწავლების ყველა კეთილი განაწესის აღსრულებას. მისი ერთ-ერთი კანონის მიხედვით სიცრუე ზოგჯერ შეიძლება გამართლდეს, მაშასადამე, საზოგადოდ, ზნეობრიობის დარღვევა დასაშვებია. კონფუცის სწავლების ამ თავისებურებამ თავისი ბეჭედი დაასვა მრავალმილიონიან ჩინეთს, რომელმაც, შესაძლოა, ყველა სხვა წესზე მეტად სწორედ ამ უკანასკნელით ისარგებლა, ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი ხერხით გამართლებული უსამართლობა, ამ ხალხის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად იქცა.
4. ტრიპიტაკა, ანუ ბუდისტების წმიდა წერილი
"ბუდიზმის ისტორია შეიცავს დაუჯერებელი ხასიათის მრავალ ლეგენდას; ისინი დიდ ეჭვებს ბადებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბუდა (ინდოეთის განდიდებული ბრძენი) სინამდვილეში იყო თუ არა ისტორიული პიროვნება, არამედ უფრო წარმოადგენენ მას ალეგორიულ გამონაგონად (Chambers Encyclopaedia).
ინდური წყაროები ასეთია. ბუდა ცხოვრობდა ქრ. შ.-მდე 500 ან 600 წლით ადრე. წარმოშობით ის იყო საკიას სამეფო მოდგმიდან ინდოეთში, მაგრამ სისხლით სპარსელი გახლდათ. მისი ნამდვილი სახელია გაუტამა, ხოლო "ბუდა" - მისი შეძენილი ტიტულია, რომელიც "განათლებულს" ნიშნავს. ის ადრე მივიდა დასკვნამდე, რომ სიცოცხლე არაფერს იძლევა ამაოების გარდა და, რომ უმეცრება ყველა ტანჯვის მიზეზია. ამიტომაც მან მიატოვა ოჯახი, მეგობრები და განმარტოებულ განსჯას მიეცა. ერთხელ, ბენგალიაში, ქალაქ გაიას ახლოს ხის ქვეშ რომ იჯდა, მას, უეცრად, ეწვია სიბრძნე, რომელიც, როგორც მან გაიგო, ყველა ვნებისა და სურვილის, როგორც კარგის, ასევე ცუდის, სრულ უარყოფაში მდგომარეობდა. ეს ადგილი, სადაც ხე იზრდებოდა, დღეს ბუდისტების მიერ დედამიწის ცენტრად მიიჩნევა.
გაუტამა-ბუდა დაბადებიდან 80 წლისა გარდაიცვალა, როდესაც, მიმდევართა რწმენით, მან ბუდიზმის საობლოო მიზანს, "ნირვანას" მიაღწია, რაც სანსკრიტზე "ჩაქრობას", ანუ არარსებობაში ჩაძირვას ნიშნავს.
ორმოცი წლის განმავლობაში ქადაგებდა იგი თავის სწავლებას, რომელიც დროთა განმავლობაში მონღოლური ეროვნებებს შორის გავრცელდა და იქიდან ჩინეთშიც, შუა აზიასა და ნიპონშიც შეაღწია.
ბუდას გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ მისი სწავლება სისტემატიზებულ და ჩაწერილ იქნა. წერილებს "ტრიპიტაკა" ეწოდებათ, რაც "სამმაგ კალათს" ნიშნავს, და მასში სამი კრებული იგულისხმება. ისინი შემდეგ ნაწილებად იყოფიან:
ვინაია-პიტაკა, - დისციპლინარული კანონები.სუტა-პიტაკა, - მორალური ქცევის კანონები და დიალოგები.აბიდამა - დამატებითი კანონები და განმარტებები.
"ტრიპიტაკის" სწავლების არსი იმაშია, რასაც ბუდა "ოთხ უზენაეს სათნოებას" უწოდებს:
ა) რომ ტანჯვა არსებობს;
ბ) რომ ტანჯვის მიზეზი სურვილებსა და მიდრეკილებებშია;
გ) რომ ტანჯვა შეიძლება ნირვანით შეწყდეს;
დ) რომ გზა ნირვანისკენ სწორი რწმენით, სწორი მისწრაფებით, სწორი მეტყველებით, სწორი ქცევით, ცხოვრების სწორი საშუალებებით, სწორი ძალისხმევით, სწორი მეხსიერებით და სწორი განსჯით მოიპოვება.
იგივე შეიძლება გამოთქმულ იქნას სხვა განსაზღვრებებითაც:
ა) არსებობს ყოველი შეგნებული არსებობის უზენაესი და უიმედო ტანჯვა;
ბ) არსებობს სულთა გადასახლება უთვალავ საუკუნეთა განმავლობაში;
გ) არსებობს ნირვანის გზა, რომელიც, როგორც ჯილდო, რაც გინდ დაგიჯდეს, უნდა მოიპოვო.
რაოდენ უსიხარულოა და სასოწარკვეთით სავსეა მსგავსი ფილოსოფია! არადა მას მრავალი ქება-დიდებას უძღვნის.
აი, ბუდას ერთ-ერთი უპირველესი ქადაგების თარგმანი, რომელიც, მისი მიმდევრების აზრით, საკუთარ თავში მისი სწავლების ე. წ. კვინტესენციას შეიცავს:
"შობა ტანჯვაა. ჩაქრობა ტანჯვაა. სნეულება ტანჯვაა. საძულველი საგნის ყოფნა (დასწრება) ტანჯვაა. საყვარელ ადამიანთან განშორება ტანჯვაა. სასურველის მიღწევის შეუძლებლობა ტანჯვაა. სიცოცხლესთან განშორების მოუსურვებლობა ტანჯვაა. ყოფიერების წყურვილისგან სრული განშორება ტანჯვის შეწყვეტაა".
როგორი სამგლოვიარო ჰიმნია! რაოდენ განსხვავდება ამგვარი ქადაგების ტონი ქრისტეს მადლისმიერი სიტყვებისგან: "სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად" (ლკ. 4:18-19).
ბუდა ასწავლიდა, რომ შეგნებული ყოფიერება აღსავსეა ტანჯვით, თანაც, სიკვდილსაც კი ვერ მოაქვს გათავისუფლება, რადგან მხოლოდ ყოფიერების ერთი ფორმიდან სხვა ფორმაში გადასვლას წარმოადგენს. მომაკვდავი დაუყოვნებლივ კვლავ იშვება რომელიმე არსების სახით: თუ ეს მამაკაცი იყო, ის შეიძლება ქალად იქცეს, თუ თავადი იყო - შეიძლება მონად და ცხოველად ან მცენარედაც კი იქცეს და ა. შ. ამასთან თვით ღმერთად გარდასახვაც კი არ წარმაოდგენს ტანჯვისგან გათავისუფლების გარანტს, რადგან სულის მომდევნო გარდასახვებში, ის ისევ შეიძლება ყოფიერების რომელიმე უდაბლეს ფორმაში აღმოჩნდეს. აქედან მომდინარეობს ის უიმედობა, რომელიც წამლავს ბუდისტის სიცოცხლეს.
"თვით ბუდამ თავის ბოლო შობამდე დედამიწაზე ყოფიერების ყველა შესაძლო ფორმა გაიარა, ჰაერში, წყალში, ჯოჯოხეთსა და სამოთხეში. როდესაც მან ბუდას აბსოლუტურ შემეცნებას მიაღწია, თავისი არსებობის ყველა წარსული ფორმის გახსენების შემძლე გახდა, როდესაც ის განხორციელებული იყო ხარში, სპილოში, ფრინველში, ირემში და ა. შ." (Chambers Encyclopaedia).
როდესაც ნირვანაზე ვლაპარაკობთ, როგორც ინდივიდუალური არსებობის ჩაქრობაზე, ბუდა მას უწოდებს "სხვა ნაპირს, სადაც არ იქნება არც აზრი, არც აზრის ჩაქრობა". ასეთია ნირვანა. ეს იდეა სევდიანი და უსიხარულოა კიდევ იმიტომ, რომ ოდესღაც მცხოვრები მილიონობით ბუდისტიდან, მათივე რწმენით, მხოლოდ ოთხმა მიაღწია ნირვანის უკვე საბოლოო მდგომარეობას" («Свет Азии и свет мира», Келлог). როგორი უსიხარულო რელიგიაა!
აქ კიდევ ერთი წესი უნდა ვახსენოთ, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს მან, ვინც ნირვანისკენ მიისწრაფვის. "თუკი ეს მამაკაცია, მან ქალს არც უნდა შეხედოს, არც ილაპარაკოს მასთან; თუ მისი დედა მდინარეში ჩავარდება და შველას მოითხოვს, მან ხელიც არ უნდა გაუწოდოს, მისი გადარჩენისთვის ლატანი ან ჭოკი უნდა გამოიყენოს, ხოლო თუ ხელის ახლოს არცერთი იქნება, მაშინ ქალი უნდა დაიხრჩოს" (Вильсон). ასეთია ბუდიზმი. ამავდროულად ბუნდა ხაზს უსვამს მშობლებისადმი პატივისცემას. მაშ, რაში უნდა გამოიხატოს იგი?
თუკი ზენდ-ავესტაზე შეიძლება ითქვას, რომ უნიტარიზმის კვალს ატარებს, ბუდიზმი უფრო აგნოსტიციზმს მოგვაგონებს. და თუკი ბრამინთა ვედები ასწავლიან იმას, რომ ჩვენი ინდივიდუალობა თავის დასასრულს რომელიღაც უზენაეს სულიერ საწყისთან (თვით-არსთან) ათქვეფვაში ჰპოვებს, ბუდიზმის მიხედვით, ჩვენი დასასრული სრულ ჩაქრობაში - განადგურებაში გამოიხატება. კვლავაც, თუკი კონფუციანელობა ეს არის ზნეობრიობა რელიგიის გარეშე, ბუდიზმს შეიძლება რელიგია ღმერთის გარეშე ან უღმერთო რელიგია ვუწოდოთ.
ბუდას სწავლებაში ღმერთის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ ბუდისტებმა თავად ბუდა გააღმერთეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობა, როგორც ცნობილია ნირვანით დასრულდა, ეს კი ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს უკვე 1400 წელია, თუკი ის საერთოდ არსებობდა. ყოველი ბუდისტური ტაძრის მთავარი საგანი ბუდას ქანდაკებაა, რომლის წინაშეც ხორციელდება ყოველდღიური შეწირულობები ხილის, ყვავილების და ა. შ. სახით. ბუდისტების ლოცვები მიმართულია ბუდასკენ, როგორც "მშვიდობით ღირსქმნილისკენ".
"ღმერთი თუ არსებობს (ბუდა ჯერაც არ იყო დარწმუნებული მის ყოფიერებაში), ბუდას აზრით, ის მხოლოდ უმაღლესი კონტროლის როლს ასრულებს, მთლიანად იმყოფება რა შეურისგების გარდაუვალი კანონების დამოკიდებულების ქვეშ; მას არ შეუძლია კანონთა დარღვევა, და არ შეუძლია გათავისუფლდეს მათი ულმობელი მოქმედებისგან, რომელიც მოძრაობაში ადამიანის საკუთარი მოქმედებებით მოდის".
ამრიგად, აქ ადგილი აღარ რჩება რწმენისთვის, სასოებაზე მინიშნებაც კი არ არსებობს, აქ არც ნათლის გამოკრთომაა ან ნუგეშია სადმე მთელ ამ სწავლებაში. გაოცება გიპყრობს იმის გამო, რომ ის, მიუხედავად ამისა, მთელი რიგი აზიელი ხალხების, ანუ კაცობრიობის თითქმის ნახევრის რელიგიას წარმოადგენს.
"ბუდას სახარება" ჭეშმარიტად არის ტანჯვის და სასოების სახარება. რაოდენ ღრმაა უფსკრული მასა და იესუ ქრსიტეს სახარებას შორის! ბუდა ამბობს, რომ სამყარო ტანჯვისა და თვითმოტყუების მდგომარეობაში იმყოფება; ბიბლია ასწავლის, რომ "მთელი სამყარო ბოროტებაში ძევს" (1 ინ. 5:19); "განაგდეთ ტანჯვა, - გაანადგურეთ იგი, რადგან ის კაცობრიობის ჭირია", ამბობს ბუდა! – "ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი", - ასწავლის ბიბლია წმ. პავლე მოციქულის პირით.
"დათრგუნეთ თქვენი მისწრაფებანი", ასწავლის ბუდა; "ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას", გვასწავლის ბიბლია (კოლას. 3:2). პირველი ამბობს "გათავისუფლდით თქვენი სხეულისგან, როგორც უდიდესი წყევლისგან", მაშინ როდესაც ბიბლიის მიხედვით უნდა ვიზრუნოთ სხეულზე და "ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს" (რომ. 12:1). ბუდას მიხედვით ჩვენ თვითწარმოებად ქმნილებებს წარმოვადგენთ, და არავის არა აქვს ჩვენზე ზემოქმედება; ბიბლიის მიხედვით, ჩვენ - ღმრთის ქმნილებები ვართ (ეფეს. 2:10) და "ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით" (ფილ. 2:13).
დასასრულ, ბუდიზმი გმობს თვით სიცოცხლის წყურვილს და ამის ნაცვლად, უმაღლესი იდეის სახით გვთავაზობს აბსოლუტურ თვითგანადგურებას, რასაც საერთოდ არ ეთანხმება ბიბლია, რომელიც ასწავლის, რომ ჩვენი სიცოცხლე ღმრთის ნიჭია, რომელიც იმისთვის მოგვეცა, რომ ვეძებდეთ ღმერთს და მასში მოვიპოვოთ საუკუნო სიცოცხლე.
მაჰანამა, ბუდისტი ისტორიკოსი, ამტკიცებს, რომ ბუდას სწავლების წერილები გაჩნდა ქრ. შ.-მდე 80 წლით ადრე, მანამდე კი ეს სწავლება გადმოიცემოდა ზეპირად. მაჰანამას მტკიცებულებას მხარს უჭერს მაქს მიულერი. მაშასადამე, გამოდის, რომ ამ მხრივაც ბუდას სწავლებას არ გააჩნია საკმარისი ავტორიტეტი, და მისი სინამდვილე ბუდას არსებობის საფუძვლიან ეჭვს იწვევს.
5. ყურანი, ისლამის კანონი მაჰმადიანებში
მუჰამედი ნიშნავს "განდიდებულს". ის იყო არაბეთის წინასწარმეტყველი, დაიბადა მექაში 570 წ. ქრ. შ.-დან. თავი გამოაცხადა წინასწარმეტყველად, აბრაამის, მოსეს და იესუს მემკვიდრეთ, ამასთან საკუთარი თავი ყველა მათგანზე მაღლა დააყენა, და დაიწყო ისლამის დოქტრინის ქადაგება, ანუ - ღმრთისადმი აბსოლუტური მორჩილების სწავლება.
ცნობილია, რომ სიყრმეში მუჰამედი ეპილეფსიის შეტევებით იყო ავად, რომლებიც დემონთა გავლენას მიეწერებოდა (ეშმაკეულობა); მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ის ისტერიას ექვემდებარებოდა და განმარტოვებულ ჭვრეტას ეძლეოდა. მისი ნერვოზულობა ისე ძლიერად ვლინდებოდა, რომ რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობასთანაც კი იყო ახლოს. ზოგიერთი მისი ხილვა ღიმილს იწვევს მის უახლოეს თაყვანისმცემელთა შორისაც კი. ადრინდელ წლებში ის შეშლილად მიაჩნდათ. მისი ინტელექტი წარმოადგენს ჭეშმარიტებისა და სიცრუის უჩვეულო ნარევს. მისი იდეალი იყო ებრაელობის, ქრისტიანობისა და წარმართობის ერთ რელიგიად გაერთიანება.
ორმოცი წლის ასაკიში მუჰამედმა მიიღო თავისი პირველი "ღვთაებრივი" გამოცხადება. მასში, როგორც შემდგომ გამოცხადებებში, - რომელიც მას მთელი ოცდასამი წლის განმავლობაში ჰქონდა მექასა და მედინაში, - მას თითქოსდა მიეცა ის, რაც წარმოადგენს ყურანის შინაარსს. მაჰმადიანთა აზრით, ყურანი ისეთივე მარადიული წიგნია, როგორც თვით ღმერთი.
ყურანი - არაბული სიტყვაა და ნიშნავს "კითხვას". მაჰმადიანებს სწამთ, რომ თავიდან ის დაწერილი იყო ღმრთის თითით უზარმაზარ ტაბლოზე, რომელიც ყოვლისშემძლის ტახტზე იმყოფებოდა. მისი ასლი წიგნის სახით, რომელსაც თეთრი აბრეშუმის ყდა ჰქონდა, გამშვენებული იყო ოქროთი და ძვირფასი ქვებით. ერთ განსაკუთრებულ ღამეს ეს წიგნი დედამიწაზე მთავარანგელოზმა გაბრიელმა ჩამოიტანა. ამ ღამეს რამადანის თვეში ("ცხელი თვე") "ძალის ღამე" ეწოდება. ამ წიგნის შინაარსი ნაწილობრივ ეუწყა მუჰამედს თავის ხილვებში.
ყურანის სწავლების საფუძვლები გადმოცემულია მ. მონიერ-უილიამსის მიერ: "მუჰამედს პრეტენზია ჰქონდა, რომ კაცობრიობას ერთი ღმერთის სახელით უქადაგებდა. ზნეობრივი სნეულებებისგან კურნების როგორ განწესებებს ვხვდებით მის წერილში? "შეწყვიტეთ კერპთაყვანისმცემლობა, პატივი მიაგეთ ერთ ღმერთს; იყავით მკაცრად ყურადღებიანნი საკუთარი რელიგიური მოვალეობებისადმი, კერძოდ: ილოცეთ დღეში ხუთჯერ, იმარხულეთ, გაიღეთ მოწყალება, აღასრულეთ მომლოცველობა, ენდეთ ღმრთის მოწყალებას და იცხოვრეთ სამოთხის მოლოდინში, - რომელიც ყურანში აღწერილია წმიდად მატერიალურ წარმოსახვებში, როგორც ადგილი მშვენიერი ბაღებისა, უღრუბლო ცისა და კრისტალურად წმიდა წყლისა, სადაც ადამიანებს ურთიერთობა ექნებათ მარადის ყმაწვილ ლამაზ ქალებთან".
ყურანის ძირითადი დოქტრინა გამოიხატება სიტყვებით: "არ არის ღმერთი, გარდა ალლაჰისა, და მუჰამედი არის წინასწარმეტყველი მისი". მუჰამედი მიიჩნევდა, რომ ის ქრისტეზე მაღლაა, რომ ყურანი სახარებაზე უმეტესია. მაგრამ, ვაი რომ მუჰამედი იმდენად შორსაა ქრისტესგან, როგორც მისი ყურანი ბიბლიისგან.
ისტორიკოსი, რომელიც მის შესახებ წერს, ამბობს: "მუჰამედი დრო და დრო მატყუარა, მზაკვარი, შურისმგებელი, მშიშარა და დანაშაულებრივი ქმედებებისკენ (მკვლელობისკენ) მიდრეკილიც იყო" (Chambers Encyclopaedia). ბიწიერების გამო მან იმდენად გაზარდა ქალების რაოდენობა მის ირგვლივ, - იმათ შესავსებად, ვინც უკვე კვდებოდა, - რომ როდესაც თვითონ მოკვდა, მის შემდეგ ცხრა ცოლი დარჩა, თუმცა ყურანის მიხედვით მართლმორწმუნეს უფლება ეძლევა ჰყავდეს არა უმეტეს ოთხი ცოლისა. მისი ბუნების ლგიკური შედეგია სწავლება ხორციელი ცხოვრების შესახებ სამოთხეში, სადაც "წმიდა მუშკისგან შექმნილი და ხორციელად უნაკლო ქალები, შავთვალება ფერიები, ჯილდოდ გადაეცემათ მართლმორწმუნეთ".
ქრისტეს, ქვეყნიერების თავადის ტაქტიკის საწინააღმდეგოდ - მუჰამედმა გავლენას მახვილით მიაღწია და თავის მიმდევრებს უბრძანა ისლამიც იმავე გზით ეღიარებინათ. მუჰამედის სისასტიკე ნამდვილად უჩვეულო იყო: ერთი ბრძოლის შემდეგ მან თავი წარკვეთა შვიდას მამაკაცს, ხოლო ქალები და ბავშვები მონებად გაჰყიდა. ძნელი შესათავსებელია მსგავსი ქმედებები მის სწავლებასთან, "უძლურთა, ღატაკთა და ქალთა" დაცვის შესახებ. მუჰამედი გარდაიცვალა ციებ-ცხელებისგან 63 წლისა.
მისი სიკვდილიდან 80 წლის 'შემდეგ მაჰმადიანურმა მოძრაობამ შეიპყრო არაბეთი, სირია, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ნაწილები, ასევე გადაწვდა ესპანეთსაც. თანამედროვე მსოფლიოში 200 მლნ., მუსლიმია, ანუ კაცობრიობის 13 % მისდევს ამ სწავლებას.
სამწუხაროდ მუჰამედის ხასიათის მხოლოდ ყველაზე უარესი მხარეები იქნა ათვისებული მის მიმდევართა მიერ, კერძოდ, სისასტიკე. ამიტომაც ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება მაჰმადიანობაში იყოს იჩრდეილება მონობის, სისხლიანი ანგარისშწორების და ქალთა დამცირების სისტემებით. ასე იყო ეს საუკუნეთა განმავლობაში. მეტიც, ქალის ადგილი მეჩეთშიც კი არ მოიპოვება.
1924 წლამდე მაჰმადიანობის ხალიფა, ანუ მეთაური თურქეთის სულთანი გახლდათ. მის შესახებ მაჰმადიანები ამბობდნენ: "თუმც ხალიფა ისეთივე უბედური იყო, როგორც ბაიაზეთი, მაგრამ ისეთივე სასტიკი, როგორც მურადი, ან უგუნური, როგორც იბრაჰიმი, თუმცა ის მაინც - ღმერთის აჩრდილია".
მიიჩნევენ, რომ ისლამი ერთგვარი სნეული ადგილია ახლო აღმოსავლეთის ხალხებისა, როდგან მის გამო ამ ხალხებს არ გააჩნიათ ნამდვილი განვითარება. მათი პრინციპები ქრისტიანობის საწინააღმდეგოა.
ყურანის გადათარგმნა არაბულ ან სხვა რომელიმე ენაზე არ შეიძლება წმიდა საქმედ იქნას მიჩნეული, რადგან სპარსელ და ინდუს, ასევე თურქ მაჰმადიანებს ურჩევნიათ ჰქონდეთ ყურანი არაბულ ენაზე, თუმცა არაბულისა არაფერი გაეგებათ.
6. საზოგადო დასკვნა
ბიბლიასა და ზემოთ განხილულ აღმოსავლურ წიგნებს შორის არსებულ განსხვავებათა მკაფიო ილუსტრაციად გამოდგება ერთი მოქცეული ჩინელის განცხადება.
"ვატარებდი რა ცხოვრებას საშინელ ცოდვებში, მე ვცადე დახმარებისთვის მიმემართა ბუდასთვის, მაგრამ ყოველთვის პასუხად მესმოდა: "შენ უნდა მოთოკო შენი ცნობიერება და წარმოიდგინო, რომ შენში ცოდვა არც არის". შემდეგ დახმარების პოვნა კონფუცისთან ვცადე, მაგრამ ისიც მეუბნებოდა: "შენ არ გეწვეოდა ასეთი ჭირი, ჩემს სისტემას რომ მიჰყოლოდი". ბოლოს მე მივმართე ქრისტეს, და ის ყოველგვარი საყვედურების გარეშე უსიტყვოდ შემოვიდა ჩემს ცოდვილ ცხოვრებაში, გამომიწონდა ლურსმნით დამსჭვალული ხელი და ჭეშმარიტების გზაზე გამომიყვანა. იმ დროიდან მე მას რწმენით მივდევ".
ეს არის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული ხასიათის შედარება, რაც შეეხება შედარებებს სხვა მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ აღმოსავლურ წერილთა სუსტ ავტორიტეტს მათი სინამდვილის თვალსაზრისით, მეორეც - თვით მათი წარმომავლობის თვალსაზრისითაც. არეულობა და ყოველი ამ წიგნთაგანის სუსტი ურთიერთკავშირი მათი კნინობის დამატებითი მახასიათებელია იმისთვის, რათა წმიდა წერილად იქნან წოდებულნი.
როდესაც მივმართავთ ბიბლიას, ნახეთ, როგორ მკაფიო განსხვავებას ვხედავთ მასში! ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოსდა სიბნელიდან ნათელში გამოვედით, ან მყიფე, ქვიშიანი ნიადაგიდან მტკიცე გრანიტზე დავდექით. ბიბლიასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მისი ჭეშმარიტების საკმაო მტკიცებულებანი და თვით მასშიც საკმარისი დამაჯერებლობით არის წარმოჩენილი მისი წარმომავლობის საიდუმლო. გარდა ამისა შინაარსის მუდმივი ურთიერთ ჰარმონია ყოველ ჩვენთაგანს არწმუნებს იმაში, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა ღმრთის სიტყვა.
ბიბლია შეესაბამება ადამიანის საღ აზროვნებას, მაშინ როდესაც აღმოსავლურ წიგნებში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ყველაზე უაზრო და შეუსაბამო თვისების საგნებს. მაგალითად, როგორი შთაბეჭდილება ჩნდება ბრამული ლეგენდისგან ოქროს კვერცხთან დაკავშირებით, ან ზენდ-ავესტაში ბუნების მოვლენათა გაღმერთებასთან, კონფუცის უსიცოცხლო მორალთან, და ბუდისტურ სწავლებაში ტანჯვიდან გამოუვალობასთან დაკავშირებით? როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ სწავლებანი ნირვანას შესახებ ან მუჰამედის "ხილვები" და მისი ყურანი, რომელიც თითქოსდა თვით გაბრიელისგან არის მოცემული? ადამიანის გული ისეთია, რომ მას ნებისმიერი სისულელე გაიტაცებს, ოღონდაც იდუმალების ბურუსით იყოს ვუალირებული.
შეადარეთ ყოველივე ზემოთთქმული ბიბლიის მკაცრად გონივრულ შინაარსს; გაიხსენეთ თუნდაც მისი გადმოცემა სამყაროს შექმნაზე, განა მან სრული დადასტურება არ ჰპოვა მეცნიერების უახლოეს აღმოჩენებში? გაიხსენეთ ცოდვის ბიბლიური გმობა და გამოსყიდვის იდეა, შემდეგ კი ყურადღება მიაქციეთ იდეებს ღმერთის, მარადიულობის, ადამიანის პასუხისმგებლობისა და ცხონების შესახებ. წმიდა წერილად წოდებული რომელი სხვა წიგნი შეიძლება შეედაროს ბიბლიას გამოცხადებათა სიუხვით, რომელმაც ათასწლოვან გამოცდებს გაუძლო და დასტური ჰპოვა, როგორც ისტორიაში, ასევე მილიონობით ცალკეული ადამიანის პირად ცხოვრებაში?
ცალკე უნდა აღვნიშნოთ ისტორიული ელემენტის არარსებობა აღმოსავლეთის ყველა წიგნში. გარდა ამისა, არც ერთი მათგანი არ იძლევა მყარ მტკიცებულებას იმისა, რომ მის მიერ ნაუწყებ გზა არის საბოლოო და სრულყოფილი. ქრისტე კი ბიბლიაში ამბობს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ" (ინ. 14:6).
ბიბლია არ არის ორაზროვანი წიგნი, ის არის ზუსტი და კატეგორიული. აი მისი განცხადება: "თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით" (3 მეფ. 18:21), რადგან "არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა" (მთ. 6:24), და "არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესუ ქრისტე" (1 კორ. 3:11).
ყურადღებას იპყრობს ის, რაც წითელ ზოლად გასდევს აღმოსავლეთის ყველა წიგნს, - ეს არის სწავლება გადარჩენაზე ადამიანის საკუთარი ძალისხმევისა და დამსახურებების შედეგად, საიდანაც მომდინარეობს ამ რელიგიათა პოპულარობა ნაკლებად კულტურულ ერებში, რადგან ის მათ სიამაყისა და თვითგამართლების გრძნობას უნერგავს, რაც ესოდენ სასიამოვნოა კაცობრივი გრძნობებისთვის.
როგორ არ ჰგავს ამ სწავლებას ბიბლიის სწავლება. მასში ნათქვამია: "მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს" (ეფეს. 2:8-9). ადამიანის ყოველგვარი სიამაყე და ამპარტავნება მკაცრად იგმობა, მისი სიმართლე ღმრთის წინაშე განიხილება, როგორც "დალაქავებული სამოსი" (შეად. ეს. 64:6 და გამოცხ. 3:18). მაგრამ, ამასთანავე, ბიბლია ადამიანის უხსნის სრულყოფილების ჭეშმარიტ გზას და ამ გზის ბოლოს ზეციური სისპეტაკით შემოსვას ჰპირდება (გამოცხ. 3:4 და 7:9).
საინტერესოა, რომ აღმოსავლეთის არც ერთ წიგნში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ამ რელიგიათა რომელიმე დამფუძნებელს ცოდვებისგან და ტანჯვებისგან ეხსნა თავისი მიმდევრები, ამ მიზნისთვის კი საკუთრი სიცოცხლე გაეწირა, მითუმეტეს მათგან არავინ აღმდგარა მკვდრეთით და სიკვდილის შემდეგ თავის მოწაფეებთან არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა, როგორც ქრისტეს, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ეცხადებოდა, ასწავლიდა და ანუგეშებდა თავის მოწაფეებს.
წერილის მიხედვით მხოლოდ "ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, ... დამარხულ იქნა და ... აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია" (1 კორ. 15:3-4); მხოლოდ ქრისტემ აღუთქვა ადამიანებს სულიწმიდა და ღმერთმა შეასრულა ეს დანაპირები, ასე რომ ჩვენ, მის მიმდევრებს, დღეს შეგვიძლია შევღაღადოთ ღმერთ: "აბბა, მამაო!" (გალატ. 4:6). ამ დროს, არც ერთი ზემოთჩამოთვლილი რელიგია ღმერთთან მიმართებაში არ იყენებს გამოთქმას, როგორიცაა "მამა".
ის, რასაც ხატავენ აღმოსავლეთის წიგნები, როგორც ბუნდოვანს და უკიდურესი მატერიალიზმით აღსავსეს, ან სრულად არარსებულს, ბიბლია მას პირდაპირ "ზეციური მამის სახლს" უწოდებს, სადაც სავანეები მრავლად არის (ინ. 14:2 და გამოცხ. 3:12), სადაც ჩვენს წინამორბედად უკვე შევიდა ჩვენი უფალი იესუ ქრისტე.
იგივე უნდა ითვას ადამიანში შინაგან გარდაქმნაზეც. აღმოსავლური სწავლებები მას სრულიად არ ითვალისწინებენ, არამედ მხოლოდ ზოგიერთი გარეგანი რეფორმის შესაძლებლობით შემოიფარგლებიან. ამ მიმართებით ბიბლია მიუწვდომლად მაღლაა ყველა სხვა წიგნზე, ის კონკრეტულად ამბობს: "ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი" (ინ. 3:7). აღორძინება და აღდგომა ორი უდიადესი პუნქტია ქრისტიანული წმ. წერილის გამოცხადებაში.
ერთხელ უკვე ნახსენები სერ მ. მონიერ უილიამი, სანსკრიტული ენის პროფესორი, რომელმაც 42 წელზე მეტი დრო მიუძღვნა აღმოსავლური წიგნების შესწავლას, ჰყვება, რომ თავიდან მოხიბლული იყო ჭეშმარიტების ნათლის გამონათებებით, რომლებიც ხან აქ გაიბრწყინვებდა და ხან იქ. მკვლევარი მზად იყო ეფიქრა, რომ ეს წიგნები არასაკმარისად არის დაფასებული; მაგრამ შემდგომმა შესწავლამ მას აიძულა უკუეგდო თავდაპირველი შთაბეჭდილება. "მე დარწმუნებული ვარ, - ამბობს ის, - რომ შეცდომაში შემიყვანა ცალკეულ გამონათქვამთა მიმზიდველობამ, ძირითადი იდეა კი საფუძვლიანად ცდომილი აღმოჩნდა".
მიმართავს რა ბიბლიას, ის უთითებს იმაზე, თუ როგორ თანდათანობით ხურდება მასში ჭეშმარიტების ნათელი სანამ იოანეს გამოცხადებაში თავის აპოგეას არ მიაღწევს; სულ სხვა მოვლენას ვხვდებით აღმოსავლურ რელიგიათა წიგნებში: ისინი იწყებენ მკაფიო გამონათებებით და ამთავრებენ სრული სიბნელით. "თუ გნებავთ, დადეთ ისინი თქვენი მაგიდის მარცხენა მხარეს, მარჯვენაზე კი მოათავსედ მხოლოდ ბიბლია, გაანალიზეთ პარალელურად, და დაინახავთ თუ რაოდენ დიდია უფსკრული მათ შორის".
ისინი, როგორც ჩანს, სჭირდებათ მათ, ვისაც ჰგონია, რომ უფლის წინაშე წარდგება საკუთარი სიმართლით, მაგრამ სრულიად უსარგებლონი არიან მომაკვდავი ცოდვილისთვის. ისინი არ ამჟღავნებენ ცოდვის წამალს და არ აგზავნიან ადამიანს მკურნალთან, მცირედ მალამოსაც კი არ ადებენ ადამიანის დაწყლულებულ სულს.
ვინმე ფრედერიკ ტრევეზი, ეხება რა სამასი მილიონი ინდუსის საკითხს, რომლებიც მუდმივად დემონთადმი შიშის მარწუხებში ცხოვრობენ და, რომელთაც თრგუნავს აზრი წინა ცხოვრებაში ჩადენილ ცოდვებთან დაკავშირებით, ამბობს, რომ "ღიმილი მათ გარემოში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ის ჯერ კიდევ ხშირად გვხვდება ბავშვებში, მაგრამ ზრდასრულებში მას უფრო ტანჯვის გამოხატულება აქვს". ვის შეუძლია აღწეროს მილიონობით სულის მთელი ჭმუნვა, რომელიც "აღმოსავლეთის წმიდა წიგნთა" ჯადოების ქვეშ იმყოფება?
უბედური, დაცემული კაცობრიობა სულ სხვა წიგნს საჭიროებს, წიგნს, რომელიც მას გულის განკურნებაზე, ცოდვის გამოსყიდვაზე, მპარავის, მკვლელის მდგომარეობამდე დაცემული ადამიანის ცხონებაზე მოუთხორბდა, ეტყობა მას როგორ დაეღწია თავი ვნებებისა და უზნეობისთვის, და ამ ყველაფრის ქვეშ მგმინავი სულის აღორძინებას ასწავლიდა. ასეთი წიგნი მხოლოდ ბიბლიაა!
ბიბლია აკურთხებს ბავშვებს (მთ. 19:14); ყმაწვილებს შთააგონებს ძლიერებასა და მხნეობას (1 იობ. 2:14); გოგონებსა და ქალებს უბიწოებისკენ მოუწოდებს (1 ტიმ. 5:2; ტიტ. 2:4-5); იცავს ქვრივსა და ობლებს (გამ. 22:22-23); პატივს მიაგებს მოხუცს (ლევ. 19:32) და ყველას სთავაზობს მარადიულ სიცოცხლეს, მშვიდობას და სიხარულს, ვინც კი რწმენით მიიღებს უფალსა და მაცხოვარს იესუ ქრისტეს (ინ. 3:36).
ჩვენს დროში, როდესაც ჩვენს გარშემო ყველაზე მყარი საფუძვლებიც კი ინგრევიან, როდესაც ადამიანები მიმართავენ მათი მამების იდეალებს, რათა ახალი ნავთსაყუდელი ჰპოვონ, რომელიც, მათი აზრით, მათ მშვიდობასა და დაკმაყოფილებას მოუტანს, სინამდვილეში იმედგაცრუებულნი რჩებიან. ასეთ დროს საჭიროა მტკიცედ და ხმამაღლა ითქვას, რომ სულის ურყევი საფუძველი და ერთადერთი სანდო ნავთსაყუდელი დედამიწაზე მხოლოდ ბიბლიაა. სწორედ ამიტომ აკისრია ქრისტიანებს ღმრთის ჭეშმარიტი სიტყვის ქადაგების მოვალეობა ინდუსებსა და სპარსელებს, ჩინელებსა და მონღოლებს, თურქებსა და იაპონელებს, მალაიზიელებსა და კუნძულეთის მცხოვრებთა შორის.
ჩვენ, ვინც ქრისტეში ღმერთი შევიცანით, გვაკისრია მოვალეობა ყველა მათგანი მოვამზადოთ სხვა სამყაროში გადასასვლელად, სადაც ჩვენ ყველას, და მათ, მოგვიწევს პასუხისგება ჩვენი საქმეებისთვის, სიკეთისათვის და ბოროტებისთვის. ჩვენს პასუხისმგებლობას აკისრია ამ ხალხთა ხელებში წიგნთა წიგნის გადაცემა და მისი ახსნა დედამიწის ყველა ხალხისთვის, აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. მხოლოდ მისგან გახდება ცნობილი, რომ უფალი იესუ მოვიდა ყველა ცოდვილის გადასარჩენად!
წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.