საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიის აპოლოგეტიკა. თ. VI - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიის აპოლოგეტიკა
 
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
წმიდა სამების ხატი
თავი VI. ბიბლიის ჰარმონია
  
სერიოზულ მკითხველს ბიბლია ყოველთვის აკვირვებს მისი შინაარსის შეხმატკბილებით და საერთო უწყვეტი გეგმით, რომელიც ერთი განსაზღვრული მიზნისკენ - ღმრთისა და ადამიანის შეერთებისკენ მიემართება. ბიბლიის წიგნები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ავტორთა მიერ, სხვადასხვა ვითარებაში და მეტიც, სხვადასხვა ქვეყნებში დაიწერა, მიუხედავად ამისა, მათში ერთი სულისკვეთება იგრძნობა, ის დაწერილია ერთი ენით და ურთიერთმაკავშირებელი გამოცხადებით. ბიბლია აგებულია ბრწყინვალე არქიტექტურული ნაგებობის პრინციპით, სადაც უდიადესმა ოსტატმა ყველაფერი ადრიდანვე გათვალა და აწონ-დაწონა ისე, რომ მთელ ნაგებობაში არაფერია ზედმეტი, და ყველაფერი თავის ადგილზე ჰარმონიულად ავსებს ერთ მთლიანობას. ბიბლია ეს სრულყოფილი ორგანიზმია, სადაც, როგორც კაცობრივ სხეულში, ყველა ორგანო, ყველა წევრი და ნერვი ერთი საერთო ცენტრისკენ - გულისკენ მიემართება. ბიბლიის ეს გული არის ღმერთი, რომელიც თავს გვიცხადებს, როგორც წმ. სამება, ყოველივე დანარჩენი კი მასთან მიდის. როგორც ადამიანის ორგანიზმში ყველა მისი ფუნქცია ერწყმის მისი სულის ნებას და თანხმიერებაშია გონებასთან, ასევე ბიბლიაში მისი ყოველი სიტყვა, ხილვა და გამოცხადება სრულ შეთანხმებაშია სულიწმიდასთან და ღმრთის სიბრძნესთან. სიცოცხლის სული მთლიანად აღავსებს წერილს (ინ. 6:63) და ღმრთის სიბრძნე მის ყოველ სიტყვაშია დაფარული (ფსალმ. 118:138), რის გამოც ის სულიერ ბრძოლაში გვემსახურება, როგორც "სულის მახვილი" და "ცხონების მუზარადი", რომლებიც გვიცავენ "მზაკვარის განხურვებული ისრებისგან".
 
 
საერთო გეგმის ჰარმონია
  
აიღეთ ხელში ბიბლია და ნახეთ, რაოდენ მშვენივრად იყოფა ის შინაარსობრივად. ძველ აღთქმაში ვპოულობთ ოთხ უმთავრეს ნაწილს: 1) სჯული, - მოსეს ხუთწიგნეული; 2) ისტორია, - ისტორიული წიგნები; 3) პოეზია და ფილოსოფია (თეოლოგია), - ანუ სასწავლო წიგნები; 4) გამოცხადება, - წინასწარმეტყველური წიგნები.
  
იგივეს ვხედავთ ახალ აღთქმაშიც: 1) სჯული, - სახარებები; 2) ისტორია, - მოციქულთა საქმეები; 3) პოეზია და ფილოსოფია (თეოლოგია), - მოციქულთა ეპისტოლეები; 4) გამოცხადება, - აპოკალიფსისი.
 
ეს ყველაფერი ბიბლიის ზედაპირული დათვალიერებითაც ჩანს, ხოლო უფრო დეტალური ანალიზისას კიდევ უფრო მკაფიო სურათი გვეხსნება. სამწუხაროდ, აქ არ გვაქვს საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ დეტალური ანალიზით მიმოვიხილოთ მთელი ბიბლია, ამ მისიას ყოველ მკითხველს თავად მივანდობთ, ჩვენ კი მხოლოდ რამოდენიმე დამხმარე პუნქტზე მივუთითებთ, რომლებიც მას ბიბლიის ჰარმონიის წვდომასა და მის უფრო ღრმად შესწავლაში დაეხმარება.
 
ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბიბლია იწყება ღმერთის ხსენებით: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1); ხოლო მთავრდება ადამიანის ხსენებით: ".. მადლი ყველა თქვენგანთან" (გამოცხ. 22:21).
 
ბიბლია ეს არის ღმრთის მიმართვა ადამიანისადმი, მისი დანიშნულებაა - ადამიანის წარმართოს ღმრთისკენ. ბიბლიის ცენტრალურ ტექსტს წარმოადგენს ფსალმუნი 117:8, სადაც ადამიანს ღმრთისადმი სასოებისკენ მოუწოდებენ.
 
ბიბლიის დასაწყისში გვხვდება ადამიანის პირველი სიტყვები ღმრთისადმი: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე" (დაბ. 3:10), - ეს არის ცოდვით დაცემის შედეგი. ბიბლიის დასასრულს გვხვდება ღმრთის ბოლო სიტყვა ღმრთისადმი: "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ" (გამოცხ. 22:20), - ეს არის ღმრთის მადლის მიერ ადამიანის ცხონების შედეგი.
 
თავიდან ბოლომდე ბიბლიაში გატარებულია ღმრთის სამპიროვნობის და ადამიანის სამნაწილედობის იდეა. ღმერთი მამა, ღმერთი ძე და ღმერთი სულიწმიდა; სული, მშვინვა და სხეული (1 თესალონიკ. 5:23). შესაძლოა ადამიანის ამ სამნაწილედობიდან გამომდინარე იყო თავიდანვე მიმართული ბოროტების სამმაგი საცდური: მის ირგვლივ - სამყარო, მის შიგნით - ხორცი, მის წინააღმდეგ - ეშმაკი. გარდა ამისა, ხორცი (ცოდვით დაცემის შემდეგ) თავის თავში შეიცავს სამმაგ ბოროტებას, კერძოდ, ესენია: "გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა" (1 ინ. 2:16). ხორცის სწორედ ამ "სამეულობაზე" იყო აგებული ედემში სატანის პირველი საცდური (დაბ. 3:6), რომელმაც ესოდენ დასანანი შედეგები გამოიწვია; ამ პრინციპითვე წარმოებდა სატანის მიერ უდაბნოში ქრისტეს გამოცდა (ლკ. 4:3, 5, 9, 10), რომელიც ქრისტეს გამარჯვებით და კაცობრიობის ცხონებით დასრულდა.
 
 
საცდური ედემში:
 
"ხე მშვენიერია საჭმელად" - ხორციელი ვნება.
 
"ის მშვენიერია სახილველად" - მხედველობითი ვნება.
 
"იძლევა ცოდნას" - ყოფიერებითი სიამაყე.
  
 
საცდური უდაბნოში:
 
"თქვი, რომ ეს ქვები პურად იქცნენ" - ხორციელი ვნება.
 
"აჩვენა მას ეშმაკმა ქვეყნიერების ყველა სამეფო" - მხედველობითი ვნება.
 
"გადაეშვი ქვემოთ და ანგელოზები ხელში აგიტაცებენ" - ყოფიერებითი სიამაყე.
 
 
საინტერესოა აღინიშნოს, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი დამარცხდა, რადგან მან ღმრთის სიტყვებში ეჭვი შეიტანა: "მართლა გითხრათ ღმერთმა?" (დაბ. 3:1); მეორე შემთხვევაში კი - ღმრთის სიტყვისადმი გარდაუვალი მორჩილების შედეგად გაიმარჯვა: "ხოლო იესუმ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან" (მთ. 4:4).
 
ბიბლიის იმ ადგილების განხილვა, რომლებიც წმ. სამებაზე უთითებენ, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს სიტყვა "ღმერთის" მრავლობითი ფორმის გამოყენებას ბიბლიის პირველ სამ თავში. პირველად დაბ. 1:26-შ, სადაც ნათქვამია: "გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად"; მეორედ დაბ. 3:22, სადაც ვკითხულობთ: "აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი"; და მესამედ დაბ. 11:7, სადაც ასევე თვით ღმერთი ბრძანებს: "გარდავიდეთ და შევურიოთ მათ ენანი".
 
განა შესანიშნავი არ არის წმ. სამებაზე ასეთი გამოცხადება, რომელიც პირველად მოცემული გვაქვს ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით, მეორედ - ადამიანის შეცოდებასთან დაკავშირებით, და მესამე - კაცობრიობის სამსჯავროსთან დაკავშირებით?! ამასთან, ძალიან კარგი იქნება გავიხსენოთ ნიშანდობლივი სიტყვები, რომლებითაც უნდა დაეწყოთ ისრაელიტებს ყოველი დღე: "ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი" (მეორე რჯლ. 6:4). ებრაულ დედანში "ჩვენი ღმერთი" გამოიხატება სიტყვით "ელოხემუ", სიტყვიდან "ელოხიმ", რომელიც არის სიტყვა "ელოიხ"-ის მრავლობითი ფორმა (იგივე უნდა ითქვას სიტყვებზე "სერაფიმ" და "ქერუბიმ"). "ელოხიმ" ნიშნავს "ღმერთები", სწორედ ამით აცდუნებდა სატანა ჩვენს პირველმშობლებს: "შეიქნებით ღმერთებივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:5). ამგვარად, მეორე რჯულთას ტექსტი ასე უნდა იკითხებოდეს: "ერთია უფალი, ჩვენი ღმერთები". ასეთი გამოცხადება კიდევ უფრო ამძაფრებს ცნებას წმ. სამების შესახებ, და ძლიერ არგუმენტად გამოდგება ებრაული და უნიტარიანული ინტერპრეტაციების წინააღმდეგ, რომლებიც ღმრთის სამპიროვნობას უარყოფენ.
 
წმ. სამება, რომელიც ბიბლიის პირველივე გვერდებზეა მინიშნებული, შემდგომში თითქოსდა პროგრესულ განვითარებას პოვებს  მის ცალკეულ პირებთან მიმართებაში.
 
ასე, მაგალითად, ძველ აღთქმაში გვეძლევა სრული გამოცხადება მამა ღმრთისა, რომელიც აუქმებს ჩვენს მერყევობას და განსაკუთრებულ ძალად წარმოგვიდგება წუთისოფლის წინააღმდეგ (1 ინ. 2:15).
 
სახარებაში გვეძლევა ძე ღმერთის სრული გამოცხადება, რომლის მიერაც უქმდება დანაშაული ცოდვისთვის, და ქრისტე წარმოგვიდგება როგორც განსაკუთრებული ძალა ეშმაკის წინააღმდეგ (მთ. 4:1-11).
 
მოციქულთა საქმეებში გვეძლევა ღმერთ სულიწმიდის სრული გამოცხადება, რომლის გავლენითაც უქმდება ჩვენი გულქვაობა, და რომელშიც ვიღებ განსაკუთრებულ ძალას ხორცის წინააღმდეგ (გალატ. 5:17).
 
მოციქულთა საქმეებში გვეძლევა გამოცხადება მთელ წმიდა სამებაზე უფრო გასაგები და მკაფიო სიტყვებით, ვიდრე წერილის სხვა ადგილებში: "მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან" (2 კორინთ. 13:13).
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძველი ისრაელის სამი უმთავრესი დღესასწაული, რომლის დროსაც ყოველი ებრაელი ვალდებული იყო წარმდგარიყო ღმრთის წინაშე, ასევე წმ. სამებაზე უთითებს.
  
კარვობის დღესასწაულს (ლევ. 23:34) პირდაპირი კავშირი აქვს მამა ღმერთთან, რომელიც პიროვნულად იმყოფებოდა ისრაელთან კარავში, უდაბნოში ისრაელის ხეტიალის მთელი პერიოდის განმავლობაში. გამ. 23:8-ში ღმრთის სახელით ნათქვამია: "გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის". მაგრამ ეს იყო წმინდანებთან ღმერთის მომავალი ურთიერთობის ოდენ აჩრდილი, რის შესახებაც გამოცხადებაში ვკითხულობთ: "აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან" (გამოცხ. 21:3). ეს დღესასწაული იზეიმება მეშვიდე თვის 15-ე დღეს, თისრის თვეში, ანუ ჩვენებურად სექტემბერს.
 
პასექის დღესასწაული (გამ. 12:17 და ლევ. 23:5) იზეიმება პირველ თვეში - ნისანში, ან აბიბში, ჩვენებურად მარტ-აპრილში; მისი მთავარი მნიშვნელობა იყო გამომსყიდველ მსხვერპლშეწირვაში, რაც თავისთავად უთითებს ძე ღმერთზე. იმიტომ ხომ არ აცვეს ჯვარს ქრისტეს სწორედ ამ დღესასწაულობის წინ?
ორმოცდაათეულის დღესასწაული. ებრაელები მას "შვიდეულის დღესასწაულსაც" უწოდებენ (გამ. 34:22), რადგან ის უწევს პასექიდან შვიდი შვიდეულის შემდეგ (50-ე დღეს). დღესასწაული ღმერთ სულიწმიდაზე მიუთითებს, რადგან სწორედ ამ დღეს გადმოვიდა უფალი ცეცხლის სახით სინას მთაზე (გამ. 19:11) და ამავე (ანუ ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე) დღეს სულიწმიდა ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა ეკლესიაზე (საქმე 2:1).
 
წმიდა სამებაზეა მითითება ასევე "კარიბჭეებში", "კარებში" და "კრეტსაბმელში", ასევე მღვდელმთავრის მიერ ხალხის სამმაგ კურთხევაში: "უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს. უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს, უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და მშვიდობა მოგცეს" (რიცხვ. 6:24-26).
 
ყურადღება უნდა მივაპყროთ ბიბლიის სიტყვებს ოქროზე. ბიბლიის დასაწყისში (დაბ. 2:11-12) ოქროს შესახებ ნათქვამია, როგორც იმაზე, რაც ადამიანს მიეცა სხვა ძვირფას ქვებთან ერთად. ბიბლიის ბოლოში ვპოულობთ, რომ ადამიანის დაცემის შედეგად, ოქრო დგას ადამიანთა სულებზე უწინარეს (გამოცხ. 12:13) (ალბათ უნდა იყოს გამოცხ. 3:17-20 – "აპოკ". რედ.). დასასრულ, გამოცხადებაში ახალი მიწის შესახებ ვკითხულობთ: "ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი" (გამოცხ. 21:11). ალბათ, უბრალოდ როდი გაეფინა იქ ოქრო წმინდანთა ფეხქვეშ. თუმცა, ამ მიზნისთვის ოქრო განსაკუთრებულად უნდა განწმენდილიყო, დამსგავსებოდა გამჭვირვალე მინას, რათა გამხდარიყო სამოთხის შესაფერისი მასალა.
 
ბიბლია, როგორც ღმრთის სიტყვა, ყველა დროს მოიცავს: "გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე" (ებრ. 13:8). მისი ისტორია, რომელსაც შორეულ წარსულში გადავყავართ, ეს უ ფლის გუშინდელია. ის გვეძლევა იმისთვის, რათა მისით ცხოვრება ვისწავლოთ: მივბაძოთ კეთილს (ეფეს. 6:12) და არ გავიმეოროთ ცოდვა (რომ. 2:3; 1 კორინთ. 10:6, 11). მისი სულიერი და ზნეობრივი სწავლება, რომელიც ყოველი ფურცლიდან შემოგვანათებს - ღმრთის დღევანდელია (ოსია 14:10). ის მოცემულია იმისთვის, რათა ადამიანებმა შეძლონ ღმრთისა და მარადიული საგნების შემეცნება. მისი წინასწარმეტყველებანი ჩვენს მზერას უცნობ მომავალს მიაპყრობენ (ეს. 46:10; 2 პეტ. 1:19), როდესაც მთელი ბოროტება დაითრგუნება და ყოველგვარი უსამართლობა გასწორდება, ყოველი საიდუმლო გამჟღავნდება, და როდესაც ყოველგვარი კეთილი და ცუდი საქმე თავის საზღაურს მიიღებს (მთ. 13:40-43) - ეს ღმრთის მომავალია და დაუსრულებელი საუკუნე! ის შობს წმიდა მისწრაფებებს და უმაღლეს იდეალებს იაზრებს.
 
ბიბლია გვიხსნის ღმერთთან ურთიერთობის მეთოდებსა და პირობებს. როდესაც მის სწავლებას ვწვდებით, ვხედავთ, რომ ადამიდან წარღვნამდე კაცობრიობა ამ ურთიერთობაში სინდისით რეგულირდებოდა; შემდეგში ურთიერთობა წარმოებდა რჩეულ კაცთა და რჩეული ერის - ისრაელის მიერ და მიმდინარეობდა რჯულის რეგულაციებით; და ბოლოს, ახალ აღთქმაში ჩვენ ვპოულობთ ღმერთთან ადამიანის უკვე განვითარებულ ურთიერთობას არა რჩეული ერის მიერ, არამედ ეკლესიის მიერ - ანუ ყველა ადამიანის თანაზიარობით, რომელთაც მიიღეს მადლი ქრისტე იესუს მიერ.
 
ედემში ღმერთმა უცოდველ ადამიანს მხოლოდ ერთი მცნება მისცა და ისიც დაარღვია ადამიანმა; ამიტომაც შემცოდე ადამიანს უკვე ათი მცნება მიეცა, რაც ასევე არ იქნა შესრულებულ; ბოლოს და ბოლოს, მთელი სჯული ერთ სრულყოფილ კაცს დაეკისრა და ის სრულყოფილად იქნა აღსრულებული მის ყველა მოთხოვნაში. იესუ ქრისტემ სჯული აღასრულა ყველას მაგიერ, რათა მისი სიმართლე ყველაზე გავრცელებულიყო, ვისაც კი შეუძლია ის მიიღოს თავის მაცხოვრად და შუამდგომლად მამა ღმერთის წინაშე (რომ. 3:26).
 
საინტერესოა, რომ ბიბლია იყოფა ორ თითქმის თანაბარ ნახევრად, რომელთა შორის არის ფსალმუნები; ამასთან, როგორც პირველ, ასევე მეორე ნაწილში ღმერთი მიმართავს ადამიანს, როდესაც თვით ფსალმუნებში ადამიანი შეჰღაღადებს ღმერთს.


ძველი და ახალი აღთქმის ჰარმონია
 
ძველი აღთქმა იწყება ღმერთით - "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა" (დაბ. 1:1); ახალი აღთქმა იწყება ქრისტეთი -  "წიგნი შობისა იესო ქრისტესი" (მთ. 1:1).
 
ძველი აღთქმა (რომელიც სჯულის ნიშნის ქვეშ იმყოფებოდა) მთავრდება წყევლის მუქარით: "ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის" (მალაქ. 4:6); ახალი აღთქმა (მადლის პერიოდი) მთავრდება კურთხევით: "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ" (გამოცხ. 32:21).
 
"რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა" (ინ. 1:17); მაშასადამე, მოსე იყო ძველი აღთქმის მესია, ხოლო ქრისტე - ახლისა. მოსეს პირველი სასწაული ეგვიპტეში იყო წყლის სისხლად გადაქცევა (გამ. 7:19) - რაც წარმოადგენდა სიკვდილის წინასახეს რჯულის დარღვევისთვის; ქრისტეს პირველი სასწაულია - წყლის ღვინოდ გადაქცევა (ინ. 2:1-11) - რაც წარმოადგენს მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოს სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვების შედეგად.
 
ბიბლიის პირველ გვერდებზე ვპოულობთ ძმის მიერ ძმის მოკვლის ამბავს (დაბ. 4:8), მაშინ როდესაც ახალი აღთქმის პირველ გვერდებზე ვკითხულობთ იმის შესახებ, როგორ მოჰყავს ძმას ძმა ქრისტესთან (ინ. 1:41-42).
 
საინტერესოა, რომ პირველი კითხვა, რომელიც ძველ აღთქმაში ფიგურირებს, ეს არის ღმრთის კითხვა მიმართული ადამიანისადმი: "ადამ, სადა ხარ?" (დაბ. 3:9), მაშინ როდესაც ახალ აღთქმაში პირველი კითხვა უჩნდება ადამიანს: "სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე?" (მთ. 2:2). იქ ღმერთი ეძებს შემცოდე ადამიანს, ხოლო აქ მონანული ადამიანი ეძებს ღმერთს.
 
ძველ აღთქმაში ადამიანებს მიეცა მცნება ჰყვარებოდათ ღმერთი (მეორე რჯლ. 6:5), ახალში - გაცხადდა ის, რომ ღმერთმა შეიყვარა ადამიანი (ინ. 3:16).
 
ეს ყოველივე ბიბლიას არ ჰყოფს ორ ნაწილად, არამედ მხოლოდ გვიჩვენებს ღმრთის გამოცხდების გეგმას ისტორიის ორ განსხვავებულ პერიოდშ: ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ.
 
ძველ აღთქმაში ჩვენ ქრისტეს ვხედავთ სულში; ახალში კი ქრისტეს უკვე ვხედავთ ხორცში. ძველ აღთქმაში ყველაფერი მიმართულია ქრისტესკენ; ახალში - ყველაფერი მომდინარეობს ქრისტესგან. ძველ აღთქმაში  ქრისტე - ისრაელის მომავალი მესიაა; ახალში - ქრისტე - მთელი ქვეყნიერების მაცხოვარია. ძველ აღთმქში მართლები ელოდნენ მესიის მოსვლას; ახალში - მორწმუნეები (ეკლესია) ელის ქრისტეს მოსვლას. იქ ელოდნენ ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, გამომსყიდველს; აქ კი ელიან ქრისტეს, როგორც მეფეს მეფეთა და მართლმსაჯულს.


გაგრძელება იქნება.
წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.

პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому