სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ბიბლიის აპოლოგეტიკა
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
თავი V. ბიბლიის "ამორალური" ადგილები
კრიტიკოსებს ბიბლიაზე თავდასხმა სწორედ ამ მხრიდან უყვართ. მაგრამ ისინი ივიწყებენ, რომ ბიბლია - ეს არის წიგნი, რომელიც აღმოსავლეთში და აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელ სტილში დაიწერა. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ჯეიმს ნეილი ამასთან დაკავშირებით ამბობს: "აღმოსავლეთის არც ერთი მცხოვრები არ დაიწყებდა ბიბლიაში რაიმე ისეთის ძებნას ან არ მოიაზრებდა მასში რაიმე ისეთს, რასაც ასე ორაზროვნად უმზერენ მისი კრიტიკოსები. სირიაში ახლაც კი შეიმჩნევა მეტყველების სიმარტივე, რომელიც ასე აკვირვებს ევროპელებს. არაბები სრულიად ღიად ლაპარაკობენ ყველაზე დელიკატურ საკითხებზე". ასეთია აღმოსავლეთი დასავლეთისგან განსხვავებით: აღმოსავლეთი ამბობს, მაგრამ რცხვენია გაკეთების. დასავლეთს რცხვენია თქმის, მაგრამ არ რცხვენია გაკეთების. "წმიდა აზრის მქონე აღმოსავლელი ქალები, გაიღიმებდნენ იმ შარზე, რომელსაც სდებენ ბიბლიას მისი არცთუ პატიოსანი კრიტიკოსები, რომლებიც ამ გამონათქვამებში ათასგვარ მიზეზს ეძებენ.
"უფრო მეტიც, - აგრძელებს ნეილი, - აღმოსავლეთში, აღმოსავლელთა მიერ და უპირველეს ყოვლისა აღმოსავლელთათვის დაწერილი ბიბლია, არ იქნებოდა ბუნებრივი და ჭეშმარიტი, თუკი ის საკითხები, რომლებიც ჩვენს კრიტიკოსებს ბიბლიაზე თავდასხმის საბაბს აძლევს, საერთოდ რომ არ ყოფილიყო მასში". სიცოცხლე ყოველთვის ასეთად უნდა დარჩეს ყველა მის გამოვლინებაში. წმიდა წერილმაც მისი ასეთი სისრულე უნდა გამოხატოს. ასე რომ, მოცემული აზრის სერიოზული განხილვის შემდგომ ნათელი ხდება, რომ კრიტიკოსთა მხრიდან თავდასხმის საბაბი, სინამდვილეში მხოლოდ ბიბლიის ღვთაებრივი წარმომავლობის დამამტკიცებლად გამოდგება.
ღმრთის გარდა ვის უნდა დაეშვა და დაეწერა მართალი ნოეს სიმთვრალის შესახებ, ან თუ როგორ მოატყუა იაკობმა ესავი, ან როგორ იცხოვრეს ლოტთან მისმა ქალიშვილებმა, მოსეს მრისხანების შესახებ, ასევე დავითის ცოდვაზე, პეტრეს სიფიცხეზე და იმაზეც კი, როგორ იპაექრეს ერთმანეთში პავლემ და ბარნაბამ მარკოზტან დაკავშირებით?
ბიბლია უბრალო მთხზველების დაწერილი რომ იყოს, განა ისინი არ ეცდებოდნენ წმინდანთა ცხოვრებაში დაემალათ ბნელი მხარეები? განა სწორედ ასე არ არის დაწერილი "წმინდანთა ცხოვრებების" უმეტესობა, რომლებიც ცნობილ ავტორებს ეკუთვნით? მაგრამ მაშინ ჩვენ არ გვექნებოდა სრული წარმოდგენა ბიბლიურ პიროვნებებზე და ადვილად შთავვარდებოდით ცდომილებებში, რადგან მათ შესახებ ვიმსჯელებდით მხოლოდ იმისდა მიხედვით, რაც სრულყოფს ადამიანს და არ გვეცოდინებოდა როგორი საცდურები ეღობებათ ამ სულიერ ცხოვრებაში.
დიდმა კართაგენელმა მხედართმთავარმა განიბალმა, რომელიც ქრ. შ.-მდე 200 წლით ადრე ცხოვრობდა, ერთ-ერთ ბრძოლაში თვალი დაკარგა. ამ ამბის შემდეგ, როდესაც მოწვეულ იქნა ორი მხატვარი, რათა მისი პორტრეტიდაეხატათ, ორივე ისე ცდილობდა დაემალა ეს ნაკლი, რომ ვერც ერთმა ვერ მოგვცა განიბალის სწორი გამოსახულება. ერთმა ის еn fасе-ში გამოსახა, სადაც განიბალს ორივე თვალი საღი ჰქონდა; მეორემ პორტრეტი პროფილში დახატა, მაგრამ ჯანსაღი თვალის მხრიდან. მხატვრების განზრახვა კეთილი სურვილებით იყო გამსჭვალული, მაგრამ ორივე შემთხვევაში პორტრეტი არასწორად იხატებოდა.
როგორ არ ჰგავს ამას წმიდა ბიბლია! მართალია, ბიბლია ამბობს, რომ "ნოე დადიოდა ღმრთის წინაშე", "აბრაამის ღმრთის მეგობარი იყო", იაკობი და მოსე "მისი რჩეულები", დავითი "ღმრთითსათნო", მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც მათ ცოდვებსა და ნაკლოვანებებს მალავს, რომელთა გამო ჩვენც ვწითლდებით. ნუთუ ეს იმიტომ არის ბოძებული, რომ ვცდუნდეთ ან ჩვენი გონება განეშოროს ბიბლიას? არა, ეს ჩვენ გვეძლევა იმიტომ, რომ "მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს" (1 კორ. 10:6). ვინც საკუთარ თავს საკმაოდ პედანტურად წარმოაჩენს ბიბლიის მსგავს ადგილებთან მიმართებაში, არ უნდა ივიწყებდეს იმას, რომ ღმერთი სჯის ყველას, ვინც მის მცნებებს არღვევს, და ამგვართა შესახებ გვამცნობს არა იმიტომ, რომ წაგვაქეზოს უკეთურების ჩასადენად, არამედ გასაფრთხილებლად. "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11).
არსებობს სხვა წიგნი, რომელიც იმავე ხელით არის დაწერილი, მაგრამ თავისი ხასიათით უფრო ღიაა და აძრწუნებს ყოველ ადამიანს. ეს არის წიგნი, რომელიც მოხსენიებულია გამოცხ. 20:12-ში, სადაც ჩაწერილია ადამიანთა მიერ ჩადენილი ყოველი საქმე, ბოროტიც და კეთილიც, - ყოველი სიტყვა და საქმე, ყველაზე უმდაბიოესი ცოდვილიდან მოყოლებული სამყაროს დასაბამიდან. იმ დღეს, როდესაც ამ წიგნის შიგთავსი გადაიშლება, მრავალი ცოდვილი საკმაოდ გვიან შეიგნებს, რომ ღმერთი არასოდეს აკეთებს უსარგებლო ჩანაწერებს თავის წიგნებში და, რომ მათი საკუთარი ცოდვები ღმრთისგან არ დაიმალება. მაშინ უკვე აღარ დაესხმიან თავს ღმრთის სიტყვას, რადგან დარწმუნდებიან, რომ ის ყოველი გონიერი არსების სამართლიანი მსაჯულია (გამოცხ. 19:12).
ახლა კი განვიხილოთ რამოდენიმე ყველაზე პოპულარული ადგილი ბიბლიისა, რომელთაც ამ მხრივ წმიდა წერილის კრიტიკოსები ხშირად ეხებიან.
მადიანიტელ ქალთა დატყვევება
რიცხვთა წიგნში (31:25-31, 35) და 40, სადაც ლაპარაკია 32 000 ქალიშვილის დატყვევებაზე, ზოგიერთი მიდის იმ აზრამდე, რომ წმიდა წერილის ეს ადგილი ან არ არის ღმრთითშთაგონებული, ან კიდევ უფალი თვალს ხუჭავს უზნეობაზე.
მაგრამ ამგვარი მსჯელობა წმიდა წერილს მოცემულ ადგილზე აიხსნება მისი საკმაოდ უყურადღებო კვლევით და არაობიექტური მიდგომით. სინამდვილეში, თუ ყურაღებით წავიკითხავთ, სრულად ცხადი გახდება, რომ ეს ტექსტი შეიცვს ყველაზე მკაცრ გაფრთხილებას უზნეობის წინააღმდეგ, და რომ ისრაელის ღმერთი აბსოლუტური სიწმიდის მხარეზეა.
რიცხვთა წიგნში (25:1) ნაუწყებია, თუ როგორ შთავარდა ისრაელის ხალხი სიძვაში მოაბის ქალიშვილებთან, და რადგან მსჯავრი ყოველთვის ღმრთის სახლიდან იწყება (1 პეტ. 4:17), ყოველი ისრაელიტელი, რომელიც იმხილებოდა ამ ცოდვაში, უმოწყალოდ, სიკვდილით უნდა დასჯილიყო (რიცხვ. 25:5, 8-9).
რიცხვთა წიგნის 31-ე თავიდან ჩანს, რომ თუმც ღმრთის მსჯავრი მადიანიტელებზე გადაიდო, როგორც ეს ზოგჯერ ხდება ცოდვილებთან მიმართებაში (ეკლ. 8:11), მაინც, როდესაც ის დადგა, სასჯელი ძალიან მკაცრი იყო: ყველა, ვინც კი დამნაშავე იყო ცოდვაში (მ. 7-8, 17) სიკვდილით დაისაჯა. ამასთან 18-ე მუხლი ააშკარავებს, რომ ქალიშვილებიდან (32 000-დან), ვინც წმიდად დარჩა არავინ ვნებულა. ღმერთმა იხსნა ისინი შემცოდეთა დასჯისგან ისევე, როგორც გამოიყვანა განწირული სოდომიდან ლოტი და მისი ჯალაბობა.
ამრიგად, მსჯავრისგან გათავისუფლებული მადიანიტელი ქალიშვილების ხვედრი, თხრობის მიხედვით, გამოხსნის ხვედრია, და კიდვ - რჩეულია და მიერთებულია ღმრთის ერს. აქ მოცემულია წინასახე იმისა, თუ როგორ მოიქცევა უფალი უკეთური ქვეყნიერების დასჯისას: იმ დროს, როდესაც გახრწნილი ცოდვილები სამართლიანად მიიღებენ თავიანთ სასჯელს, ყველა ისინი, თვით წარმართებიც კი, ვინც სუფთად შეინახა თავისი სინდისი და არ დაარღვია სინდისის სჯული, შეწყალებულ იქნებიან, გადარჩებიან და ღმრთის ერს შეუერთდებიან.
ჭეშმარიტად, "მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში" (დანიელი 9:14). წარსულის მსჯავრი, მადლის დრომდე, ვერ იქნება დამაბრკოლებელი ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, რომლებმაც იესუ ქრისტეში ღმრთის წყალობა შევიმეცნეთ. ჩვენი ცხონება - მის სიწმიდესა და სიმართლეშია; ვინც მისი სიყვარული შევიმეცნეთ, გვიკვირს ძველაღთქმისეულ მსჯავრთა სისასტიკე, მაგრამ იმ დღეებში უფლის სიყვარული ქრისტეში ჯერაც არ გაცხადებულიყო და არ მოვლენოდა ქვეყნიერებას.
ძლიერი სასმელი მომაკვდავისთვის
"მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა" (იგავნი 31:6). ნუთუ ეს მუხლი უნდა გავიგოთ, როგორც წაქეზება ლოთობისკენ?
ასე შეუძლია თქვას მხოლოდ იმას, ვინც ამ მუხლებს კონკრეტული თავის სხვა მუხლებისგან მოწყვეტით იგებს. ხოლო თუკი სწორად მივყვებით წერილის ამ ადგილს, და მუხლებს თავიდან ბოლომდე განვიხილავთ, პირიქით, დავრწმუნდებით, რომ აქ მოცემულია თავშეკავების რჩევა.
მეფე ლემუილი, ვისზეც არის აქ ლაპარაკი, ჩავარდა ვნებებში, განსაკუთრებით გაიტაცეს "ქალებმა" (მ. 3) და "ღვინომ" (მ. 4). დარიგება მას ეძლევა დედის სახელით, რომელიც არიგებს მას არ მიეცეს ეგოისტურ სიამტკბილობას და ფუფუნებას, რადგან ამ ყველაფერს ადამიანი მიჰყავს მორალურ დაცემამდე (მ. 3) და გონებრივ სიღატაკემდე (მ. 5); ის მოუწოდებს გაიხსენოს სხვა ადამიანები, განსაკუთრებით სულგამწარებულნი და ღატაკნი (მ. 6 და 7) და შეეწიოს მათ (მ. 8, 9).
მთელი სწავლება მთლიანობაში შეგვაგონებს, რომ ღვინო და არაყი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს სარგო, თუკი გონივრულად და დროულად გამოვიყენებთ, როგორც ეს იყო ტიმოთეს შემთხვევაში (1 ტიმ. 5:23), მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ბოროტად სარგებლობის საგანი. მხოლოდ აშკარა აუცილებლობა, რომელიც სნეულების ან სხვა არანაკლებ სერიოზული ვითრებით არის გამოწვული გვაძლევს ღვინის გამოყენების საფუძველს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიამტკბილობისა და გარყვნილების მიზნით.
შვილისადმი - ლემუილისადმი საკუთარი დედის მიმართვის აზრი შეიძლება კარგად იქნას გამოხატული ქრისტეს სიტყვებით: "გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება" (საქმე 20:35). "ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე" (ოს. 14:10).
იაელი და სისარა
"კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაელი, ხებერ კენიელის ცოლი!" (მსაჯ. 4 და 5). ასე შეაქო წინასწარმეტყველმა დებორამ იაელი, რომელმაც მოჰკლა სისარა, რაც ბიბლიის კრიტიკოსთა ერთ-ერთი საცთური ლოდია.
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბიბლია, რომელიც ღმრთითშთაგონებული წიგნია, ყურადღებას აქცევს ისრაელის ისტორიასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა ისინი თავისთავად დადებით თუ უარყოფით მოვლენას. ასეა მოცემულ შემთხვევაშიც, დებორას აღფრთოვანებული სადიდებელი იაელის საქციელთან დაკავშირებით ჩაწერილია მიუხედავად იმისა შთაგონებული იყო თუ არა დებორა სულიწმიდის მიერ. აქ მხოლოდ ნაუწყებია მოვლენის ისტორიული დეტალი, მაგრამ ამ ცნობის გამო წერილის ღვთითშთაგონებულობაში დაეჭვება დაუშვებელია. მითითება იმაზე, რომ დებორა და ბარაკი წახალისებულ იქნენ მათ მიერ იაელის განდიდების გამო, ან ის, რომ იაელი თავისი საქციელისკენ სულიწმიდამ შთააგონა, არასწორია.
დებორას წინასწარმეტყველება იმაზე, რომ "უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას" (მსაჯ. 4:9), უეჭველად, ზეგარდმო შთაგონებული სიტყვებია, რადგან შემდგომი მოვლენები ადასტურებენ მის ჭეშმარიტებას. თუმცა, ეს არ შეიძლება იყოს მტკიცებულება იმისა, რომ ყოველივე, რაც კი სისარას სიკვდილთან არის დაკავშირებული ღმრთითშთაგონებულია. ღმერთს აქვს ძალაუფლება წინასწარხედვისა და წინასწარმეტყველებისა, მაგრამ ის, რასაც ღმერთი წინასწარ იუწყება ადამიანების მიერ, ყოველთვის მისი ნების აღსრულება როდია. ანტიქრისტეს ბოროტი საქმეებიც ნაწინასწარმეტყველევია სულიწმიდის მიერ!
დებორას გალობა უნდა გავიგოთ, როგორც იმ დროის აღმოსავლელ ტომთა ჩვეულება. სისარას სიკვდილი, როგორც გინდ მომხდარიყო, წარმოადგენდა ისრაელის განთავისუფლების ნიშანს, ამიტომაც, აქ ენთუზიაზმის გამოვლინება სრულიად გასაგებია. ერთი კრიტიკოსი ამბობს: "სავარაუდოდ, ჩვენ რომ იმ დროს ღმრთის ერში გვეცხოვრა, ალბათ ჩვენთვისაც ძნელი იქნებოდა იაელის ქებისგან თავშეკავება". ასეთი მსჯელობა ლოგიკას მოკლებული როდია.
რაც შეეხება იაელის საქციელს, ის მარტივად აიხსნება. როდესაც მარტო დარჩა (ქმარი და მსახურები გასულები იყვნენ), ის, უეცრად, ხედავს სამხედრო აღჭურვილობაში შემოსილ ადამიანს, რომელიც მისი კარვისკენ მორბის. რისი გაკეთება შეეძლო მას მისი სურვილის წინააღმდეგ დამალულიყო კარავში? მან ის შემოიწვია, როგორც ამას გააკეთებდა მისი მდგომარეობის ნებისმიერი დედაკაცი. მაგრამ საქმის არსი იმაშია, რომ იმ დროის ჩვეულებათა მიხედვით, იაელის ქმრის არყოფნის გამო, სისარას უფლება არ ჰქონდა შესულიყო უცხო კარავში. ეტიკეტის მსგავსი დარღვევა ყოველთვის სიკვდილით ისჯებოდა, თანაც, არცთუ იშვიათად სიკვდილით სჯიდნენ სრულიად უდანაშაულო ქალსაც, კარვის დიასახლისსაც. შეურაცხყოფა, რომელიც იაელს მიაყენა სისარამ უდიდესია, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მან ასეთი საშინელი ნაბიჯი გადადგა; ეს რომ არ ექნა, შესაძლოა თვით იაელი დაესაჯათ სიკვდილით. იგივე აზრს უსვამს ხაზს დებორაც თავის საგალობელში: "კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს!" (მსაჯ. 5:24), სწორედ იმისთვის, რომ მან დაიცვა თავისი პატიოსნება. მაშასადამე აზრი "გამყიდველურ აქტზე" ან "მკვლელობაზე", რომელსაც აყრიან კრიტიკოსები იაელს, უკუგდებულია.
თუკი დეტალურად გამოვიკვლევთ, და არ უგულებელვყოფთ დამხმარე წყაროებსა და ბიბლიურ მონაცემებს, მთელი ეს საქმე მართებულას სწორედ ასე წარმოგვიდგება. "იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელიანებს იაბინი, ქანაანის მეფე" (მსაჯ. 4:22-23). გამოდის, რომ როგორც გინდ დახლართული იყოს ჩვენს წარმოდგენაში ისრაელის ისტორიული ვითარება მასში ერთი რამ ცხადია, ღმერთი იმ დღეებში მის გვერდით იდგა, ამიტომაც მისი გარემომცველი ხალხების ბოროტებას, მისივე კეთილდღეობის გასაძლიერებლად იყენებდა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ქანაანზე ღმრთის მსჯავრის გამოტანის პერიოდი; ისრაელი არანაკლებ სასჯელს დაექვემდებარა, როდესაც ღმრთის მსჯავრი მასაც ეწვია.
ისრაელი
ფრიდრიხ დიდმა ერთხელ მოითხოვა ბიბლიის ღმრთითშთაგონებულობის მტკიცებულება, რომელიც გამოხატულ იქნებოდა ერთი სიტყვით. პასუხი იყო - "ებრაელები".
არსებობს ორი წინასწარმეტყველება, მრავალთა შორის, რომელიც ამ ხალხის ხვედრს ეხება, და წარმოადგენს ისეთ წინააღმდეგობრივ ჭეშმარიტებას, რომ მისი დაჯერება, როგორც ჩანს, სრულიად შეუძლებელია. პირველი ჩაწერილია წერილის მრავალ ადგილას: მეორე რჯლ. 4:27, 28:64; იერ. 22:15; ზაქ. 7:14 და სხვა. ის წინასწარმეტყველებს ებრაელთა განთესვაზე სხვა ხალხებს შორის, თუკი ისინი არ დაემორჩილებიან ღმრთის სიტყვას და ბოროტებას ჩაიდენენ მის წინაშე. მეორე წინასწარმეტყველებას ვპოულობთ რიცხვ. 23:9-ში, სადაც სულიწმიდით აღძრული ბალაამი, ამბობს: "აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება" (რიცხვ. 23:9).
რაოდენ შეუთავსებელია ეს ორი წინასწარმეტყველება, და მაინც, ისინი ბუკვალურად აღსრულდა! პირველთან სრული შეთავსებით, - ებრაელები განითესნენ ხალხებს შორის, მაგრამ, სხვა ხალხებისგან განსხვავებით, მათ არ დაკარგეს თავისი ეროვნულობა და არ შეერივნენ იმ ხალხებს, რომელთა შორისაც ცხოვრობდნენ, რაც ადასტურებს მეორე წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას.
დღეისთვის ებრაელთა რაოდენობა 18 მილიონს აღწევს. სერ ჯონ კონეიმ მათ შესახებ თქვა: "ჩვენს წინაშეა ებრაელთა საიდუმლო და სასწაული. ჩვენ ვხედავთ ერს ქვეყნის გარეშე, ხალხს, რომელსაც მთავრობა არ ჰყავს, უსახლკარო ხალხს, რომელიც ყველას სძულს და ეზიზღება, ყველგან დევნიან, და ამავდროულად მტკიცესა და შეუპოვარს".
ამრიგად, წმ. წერილის ღმრთითშთაგონებულობის ყველა სხვა მტკიცებულებას საკმარისი ავტორიტეტი რომც არ ჰქონოდა, ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, ისრაელის პარადოქსული პრობლემის მარტო ეს მტკიცებულება სრულიად საკმარისი იქნებოდა ამ წიგნის ჭეშმარიტებისა და უტყუარობის სამტკიცებლად, რომ ის ჭეშმარიტად არის სიტყვა ღმრთისა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ამ საკვირველი წიგნის სასარგებლოდ მეტყველებენ.
წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.