სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ბიბლიის აპოლოგეტიკა
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
ავტორის წინასიტყვაობა
ქრისტიანმა მოღვაწეებმა და ბიბლიის ინსტიტუტის სტუდენტებმა გვთხოვეს გამოგვეცა წიგნი, რომელიც მისაწვდომი ფორმით გადმოგვცემდა სადაო საკითხებს, რომლებიც ბიბლიის გარშემო ჩნდება. იდეამ ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანაგრძნობა ჰპოვა, რადგან დღევანდელობამ წინა პლანზე წამოსწია უღმრთოებისადმი დასაბუთებული წინააღმდეგობის აუცილებლობა, - მაგრამ ამოცანა არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან რუსული წყაროების მიხედვით სრულიად შეუძლებელი გახდა აუცილებელი მასალების შემოკრება. ასეთი რამ საზღვარგარეთაც კი არ აღმოჩნდა. ამიტომაც, მრავალ შემთხვევაში ინგლისელ და სხვა ევროპელ მეცნიერთა ნაშრომების ციტირება დაგვჭირდა. უეჭველად, ამით ჩვენმა წიგნმა მხოლოდ მოიგო, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გამოვიყენეთ უახლესი სამეცნიერო წყაროები და მათთან დაკავშირებული ბიბლიური კომენტარები.
წინამდებარე წიგნის მთავარ წყაროებად გამოვიყენეთ:
ბიბლიის კანონიკური სინოდალური გამოცემა, 1907 წ.
სიდნეოი კოლეტი "ბიბლიის ჭეშმარიტება'.
პროფ. ფრიდრიხ დელიჩი "ბაბილონი და ბიბლია".
მღვდ. ი. ჟილოვი "რას ამბობენ ცნობილი ადამიანები ბიბლიაზე".
პროფ. ჰენრი დრუმონდი "ბუნებრივი კანონი სულიერ სამყაროში".
დრ. ვ. ფარარი "ისტორიული მოწმობები იესუ ქრისტეზე".
გიზო "ფიქრები ქრისტიანული რწმენის გარშემო".
პროფ. პ. ტ. შანტეპი-დე-ლა სოსეი. "რელიგიათა ისტორია".
შესავალი
გარდა ბიბლიიის ამ ძირითადი კანონიკური წიგნებისა, არსებობს ასევე ე. წ. აპოკრიფული წიგნები, რომელთა რაოდენობა 14-ია, და რომლებიც კანონში ვერ შევიდა მათი წარმომავლობის ბუნდოვანების გამო; ბერძნული სიტყვა "აპოკრიფი" ნიშნავს დაფარულს, საიდუმლოს, საპირისპიროდ "კანონისა", რომელიც ნიშნავს - გაზომვას, საზომს.
ამ აპოკრიფული წიგნების სახელწოდებები შემდეგია: ეზრას 1-ლი და მე-2 წიგნები, ივდითი, ესთერის წიგნის დასკვნითი ნაწილი (1), სოლომონის სიბრძნე, იესუ ზირაქის ძის სიბრძნე, ბარუქი, ტობითი, დანიელის წინასწარმეტყველების 13-ე და 14-ე თავები (2), მაკაბელთა 1-ლი, მე-3 და მე-3 წიგნები, სამი ყრმის საგალობელი, იუდეველთა მეფე მანაშეს ლოცვა (3).
________________
1. ორიგინალებში ებრაულ და ქალდეურ ენებზე ეს ნაწილი არ არის.
2. ეს თავები ებრაულ ორიგინალში არ არის, ისინი გადმოთარგმნილია ბერძნულიდან.
3. ბოლო ორი წიგნი რუსულ ბიბლიაში აპოკრიფებთან ერთად მოთავსებული არ არის, არამედ მოცემულია ცალკეულ გამოცემებში - ავტ. შენ.
________________
არსებობს ისტორიული მონაცემები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ დავასკვნათ, რომ ძველი აღთქმის კანონიკური წიგნები ერთად შეკრებილია ღმრთითშაგონებული მწერლის, მწიგნობარი ეზრას მიერ, რომელიც ქრ. შ.-მდე 450 წლით ადრე ცხოვრობდა; მაშინ როდესაც ახალი აღთქმის წიგნები ეკლესიის მამამ ირინეოსმა (დაახლ. 250 წ. ქრ. შ.-დან) შეკრიბა.
ბიბლიის ყველაზე ძველ წიგნად იობის წიგნი მიიჩნევა, რომელიც უცნობი ავტორის კალამს ეკუთვნის, და რომელიც, როგორც ვარაუდობენ, იყო მოსე, რომელმაც ხუთწიგნეულიც დაწერა. ვარაუდი ეფუძნება ამ წიგნების ერთობლივ ხასიათს, რომლებიც გვიხსნიან სამყაროსა და ადამიანის საწყისის საიდუმლოებებს და გვაძლევენ მრავალ ჭეშმარიტებათა გასაოცარ გამოცხადებას, რომლებმაც თავისი სრული აღქმა მხოლოდ ბოლო ჟამს შეიძინა. ამ წიგნების გამოჩენა განეკუთვნება 1600 წ-ს ქრ. შ.-მდე, მაგრამ მხოლოდ დაბადების წიგნი (მოსეს პირველი წიგნი) მოიცავს პერიოდს, რომელიც 2300-ზე მეტ წელს უტოლდება (Dr. C. E. Scofteld).
ბიბლია შეიცავს მითითებებს სხვა წმიდა წიგნებზეც, რომლებიც ძველ დროს არსებობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი სადღეისოდ დაკარგულნი არიან, და მათი შინაარსი, ყველაზე უმნიშნელო ნაწყვეტების გარდა, უცნობია. არ შეიძლება ეჭვი არსებობდეს იმაში, რომ მათი არსებული გამოცხადება მოცემული იყო მხოლოდ კონკრეტული დროისთვის, რის გამოიც მათ ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, ხოლო მათში გამოცხადებული ჭეშმარიტებები ბოლო ჟამის კაცობრიობისთვისაც რომ იყოს საჭირო, მაშინ მათი შინაარსი, ასე თუ ისე გამოჩნდება. აი მივიწყებულ (დაკარგულ) წიგნთა სახელწოდებანი:
(ა) "საუფლო ბრძოლების წიგნი" (რიცხვ. 21:14).(ბ) "სიმართლის წიგნი" (იესუ ნავე. 10:13 და 2 მეფ. 1:18).(გ) "სოლომონის საქმეთა წიგნი" (3 მეფ. 11:41).(დ) "ნათანის წინასწარმეტყველება" (1 პარ. 29:29).(ე) "გადის წინასწარმეტყველება" (1 პარ. 29:29).(ვ) "აქია სელონელის წინასწარმეტყველება" (2 პარ. 9:29).(ზ) "ნათან წინასწარმეტყველის ხილვანი" (2 პარ. 9:29).
ბიბლიის პირველი თარგმანი ძველ-ებრაულიდან ბერძნულზე შესრულდა ქრ. შ.-მდე 277 წლით ადრე. ეს თარგმანი შეასრულა 70-მა მთარგმნელმა, რის გამოც მას "სეპტუაგინტა" ეწოდება, რაც სამოცდაათს ნიშნავს.
დღეითვის არსებობს ბიბლიის სამი მთავარი ხელნაწერი, რომლებიც მსოფლიო ბიბლიოთეკებშია დაცული:
(1) ბიზანტიური ხელნაწერი, რომში.(2) სინური ხელნაწერი, ოქსფორდში (ადრე იყო ს.- პეტერბურგში - ავტ. შენ.).(3) ალექსანდრიუული ხელნაწერი, ბრიტანეთის მუზეუმში.
ამ სამის გარდა არსებობს ასევე რამოდენიმე მეორეხარისხოვანი და მრავალი ცალკეული ხელნაწერი და ვერსია. ყოველ შემთხვევისთვის, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ თანამედროვე ეკლესიის მიმოქცევაში მყოფი კანონიკური ბიბლია წარმოადგენს წმიდა წერილის შემოწმებულ და ორიგინალებიდან წარმოებულ ზუსტ თარგმანს. დაზუსტებები ზოგიერთ სიტყვებში დღემდე მიმდინარეობს, მაგრამ მათ ბიბლიის შინაარსში ვერ შეაქვთ ისეთი დამატება, რაც გავლენას მოახდენდა ბიბლიაში გადმოცემული ამა თუ იმ ჭეშმარიტების შეცვლაზე.
შეუძლებელია ლაპარაკი იყოს იმაზე, რომ ბიბლია არ ყოფილა დაწერილი ღმრთის ხელით. ცნობილია მხოლოდ ორი შემთხვევა (ბალთაზარის სასახლის კედელზე გამოჩენილი წარწერის გარდა (იხ. დანიელი 5)), როდესაც ღვთაება წერდა: ერთი ძველ აღთქმაში და მეორე ახალში. პირველ შემთხვევაში წერის აქტი დაკავშირებულია სჯულის მოცემასთან მოსეს მიერ, და მეორე შემთხვევაში, - განსაკუთრებული მადლის გამოვლენასთან უფალ იესუ ქრისტეს მიერ. ქვის ფიქალებზე ნათქვამია, რომ ეს იყო "ღვთის თითით ნაწერი ფიქალები" (გამ. 31:18), და იესუ ქრისტეზე ნათქვამია, რომ ის "დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე" (ინ. 8: 6, 8).
სამწუხაროდ, ღმრთის ეს ორივე ნაწერი მალევე განადგურდა. ფიქალები მოსემ დაამტვრია კერპთაყვანისმცემლობაში შთავარდნილი ისრაელის თვალწინ, ხოლო იესუს ნაწერი მიწაზე მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ფეხებით გაქელეს. ასეთი ადამიანების ამგვარი მიდგომა ღმრთის სიტყვისადმი ერთგვარი წინასწარმეტყველური სიმბოლო გახდა დამოკიდებულებისა ძველი და ახალი აღთქმის წერილისადმი, რასაც ადამიანები საერთოდ ბიბლიისადმი იჩენენ. "მათ ღვთის სჯულიც დაარღვიეს და მადლის სახარებასაც ქელავენ". შესაძლოა ამიტომაც დაუშვა ღმრთმა, რომ სჯულმა და სახარებამ ჩვენამდე მისი ხელი დაწერილი სახით კი არ მოაღწია, არამედ ამ წმიდა ამოცანისთვის საგანგებოდ არჩეულ კაცთა მიერ. წმიდა წერილის შესადგენად ღმრთის რჩეულთა მომზადება ცნობილია ტერმინით ღვთითშთაგონებულობა. ამასთან საინტერესოა აღინიშნოს, რომ თუმც შთაგონების ზეგარდმო სული გამსჭვალავს წმიდა წერილის ყოველ გვერდს და ყოველ სიტყვას, თვით ტერმინი "ღვთითშთაგონებულობა" მასში გვხვდება მხოლოდ ერთხელ (2 ტიმ. 3:16).
შთაგონების საღმრთო მეთოდს ვერ ავხსნით, მაგრამ არსებობს მითითებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ შთაგონება არ შეიძლება იყოს უბრალო მექანიკური დიქტანტი. წმ. წერილის წიგნთა ავტორების მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა საკმაო დამაჯერებლობით უკუაგდებს მსგავსი თეორიის ყოველგვარ მინიშნებასაც კი. მოსეს მკაცრმა ხასიათმა, დავითის პოეტურმა ბუნებამ, იოანეს სიფაქიზემ, პავლეს პირდაპირობამ და ა. შ. თავიანთი ანაბეჭდი დატოვა თითოეული მათგანის წერილზე. აქედანაც ჩანს, რომ სულიწმიდა თავისი წიგნის დასაწერად ადამიანებს მანქანებად კი არ აქცევდა, არამედ მათი პიროვნული ხასიათის თვისებებს იყენებდა, რომელიც შეძლებდა ყველა ხასიათისა და სხვადასხვა კლასის ადამიანთა გამოდგომას. ზოგ მათგანს უფალი ეცხადებოდა და ელაპარაკებოდა, სხვას ფაქტების ხილვას ანიჭებდა, რომელსაც შემდეგ გადმოგვცემდა, მესამეთ კი ხილვებიც და სიტყვებიც ეძლეოდათ.
ზედმეტი არ იქნება ვნახოთ, რას ამბობენ ღვთითშთაგონებულობაზე თვით ბიბლიის ავტორები. აი რამოდენიმე ნიმუში:
"თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა" (გამ. 20:1); "დაწერა მოსემ უფლის სიტყვები" (გამ. 24:4); "აი, რისი გაკეთება ბრძანა უფალმა" (გამ. 35:1).
დავითი აცხადებს: "უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა" (2 მეფ. 23:2).
ესაიასთან ნათქვამია: "ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს" (ეს. 1:2).
ასევე იერემიასთან: "იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი" (იერ. 1:4).
ეზეკიელმა ხილვის დროს ჩაწერა: "გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს" (ეზეკ. 1:3).
დანიელი პირდაპირ უთითებს, რომ მან გამოცხადება ხილვით მიიღო (დან. 7:1) და მთავარანგელოზ გაბრიელის მიერაც (დან. 9:21).
ამოსმაც ჩაწერა სიტყვები, რომლებიც მას ისრაელთან დაკავშირებულ ხილვაში ესმა (ამ. 1:1).
მოციქული იოანე აცხადებს, რომ მის მიერ დაწერილი, არის გამოცხადება იესუ ქრისტეს, რომელიც მისცა მას ღმერთმა (გამოცხ. 1:1).
ყველა ამ მონაცემის შეჯამებით, შეიძლება ვთქვათ, რომ თუმც შთაგონების მეთოდი მათში არ შეიმჩნევა, შთაგონების ყველა წყარო განისაზღვრება, და ეს წყარო ღმერთია. შესაძლოა წმ. წიგნთ მწერლებს თვითონ არ შეეძლოთ თავიანთი შთაგონების ახსნა. მათთვის წერა ისევე ბუნებრივი იყო, როგორც შთაგონებული მახარებლისთვის ქადაგება. საქმე შთაგონების გაგებაში კი არ არის, არამედ მის ზემოქმედებაშია. "აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში" (იერ. 1:9). ცოდნა იმისა, რას მეტყველებს ღმერთი ჩვენში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმისი ჩაძიება, როგორ შეუძლია მას იმეტყველოს ადამიანში. "რაც დაფარულია ჩვენი უფლისა და ღმრთისაა" (ძვ. ქართ.: "რომელ-რაჲ დაფარული არს უფლისა ღმრთისა ჩვენისა" (მეორე რჯლ. 29:29). ჩვენ მოცემული გვაქვს ერთი რამის ცოდნა, და ეს საკმარისია, რომ "წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტ. 1:21).
წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 თებერვალი.