სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ბიბლიის აპოლოგეტიკა
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
როგორ გაჩნდა ადამიანი?
როდის გაჩნდა ადამიანი?
რას წარმოადგენს ადამიანი?
ვნახოთ როგორ პასუხობს ბიბლია ამ კითხვებს და როგორი დამოკიდებულება აქვს მეცნიერებას ბიბლიური გამოცხადებისადმი.
როგორ გაჩნდა ადამიანი?
ამ საკითხზე ე. წ. "ევოლუციური თეორიის" მომხრეთაგან დაწერილია მრავალი სისულელე. ეს თორია, უგულებელყოფს რა ბიბლიურ მოწმობას ადამიანის შექმნის შესახებ, თავისებრად ცდილობს განმარტოს დედამიწაზე მისი გაჩენა. ასე, მაგალითად, ის ამტკიცებს, რომ ადამიანი თავის დღევანდელ მდგომარეობაში გაჩნდა უფრო დაბალი ტიპის ადამიანის გარდაქმნით, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, გამოვიდა პირიტუყვისგან, მაგალითად, მაიმუნისგან, მაგრამ ამავე თეორიით თვით მაიმუნიც რომელიღაც ახლოს მდგომი სახეობიდან წარმოებული გარდაქმნების ნაყოფია, მაგალითად, ბაყაყისგან, ხოლო ბაყაყი, ევოლუციის თეორიის მიხედვით, შეიძლებოდა წარმოშობილიყო რომელიმე მცენარისგან, მცენარეები კი წარმოიშვნენ არაორგანული კრისტალებისგან, - მოკლედ, რომ ვთქვათ, ევოლუციის თეორია ცდილობს ამტკიცოს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე თვითნებურად წარმოიშვა, მკვდარი მატერია შეირხა და თავისი ევოლუციური პროცესი დაიწყო. ამაში იმოწმებენ დარვინს, თითქოსდა მან შეძლო სიცოცხლის სახეობათა გარდაქმნის დაკვირვება უკუმიმართულებით "ელექტრობიდან და ალბუმინიდან". თითქოსდა სწორედ ამაში მდგომარეობს ევოლუციის თეორია.
დოქტ. რ. ლანკასტერი, ამ თეორიის მიმდევარი, ოქსფორდში, თავისი მოხსენების დასასრულს, რომელიც ადამიანის მსგავსი მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობის საკითხს ეძღვნებოდა, ამბობდა: "ცხოველები, თავის მხრივ, უფრო დაბალი ცოცხალი მატერიისგან წარმოიშვნენ, ხოლო ეს უკანასკნელი - კიდევ უფრო უმარტივესი ქიმიური ელემენტების შენაერთებისგან".
პროფ. ჯ. ტომპსონი კიდევ უფრო გულახდილია: "აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ერთგვარი პირველყოფილი ჩანასახი, რომელიც არავინ იცის როგორ გაჩნდა, მილიონი წლების შემდეგ ადამიანად ჩამოყალიბდა".
მეცნიერების ამ უკიდურესი დასკვნებიდან გამომდინარე, შევეცდებით ვუპასუხოთ სამ მნიშვნელოვან კითხვას:
შესაძლებელია თუ არა მკვდარი მატერიისგან სიცოცხლის თვითჩასახვა?
არის თუ არა ადამიანი უქვემოესი ორგანიზმების უფრო მაღალ ორგანიზმებად ევოლუცირების (გარდაშობის) შედეგი?
წარმოიშვა თუ არა კაცობრიობა ადამისგან, როგორც ამას გვიდასტურებს ბიბლია?
1. პირველ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვიპოვით იმაზე დიდ ავტორიტეტს, ვიდრე ლორდ კალვინია. ერთ-ერთ თავის სტატიაში ის ამბობს: "შეიძლება თუ არა იმაზე აბსურდული რამ არსებობდეს, ვიდრე რწმენა იმისა, რომ რამოდენიმე ატომმა, შეერთების გზით, თვით შეძლო ბეწვის, მიკრობის ან ცხოველის წარმოშობა?! აქ მეცნიერებამუნდა აღიაროს უზენაესი შემოქმედებითი ძალის ჩარევა. ორმოცი წლის წინ, ერთხელ ლიბიხთან ერთად ველზე სეირნობისას დიდ ქიმიკოსს ვკითხე, რას ფიქრობს ის ჩვენს ირგვლივ მოფენილი ყვავილების თვითჩასახვაზე, შეეძლოთ თუ არა ისინი წმიდად მექანიკური პროცესის შედეგად გაჩენილიყვნენ? "ამას ვერ დავუშვებ, მიპასუხა მან, რადგან მე არ მწამს იმისა, რომ ბოტანიკის წიგნი, რომელიც აღწერს ყვავილებს, უბრალოდ ქიმიური პროცესის შედეგია, ამდენად, ვერ დავუშვებ ყვავილების თვითჩასახვის იდეას".
თავის მოხსენებაში, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისადმი იყო მიმართული, ლორდ კალვინმა თქვა: "დაე ნუ იფიქრებენ ისინი (ევოლუციის მომხრეები), რომ რომელიღაც ელექტრონული ფოკუსის შედეგად შეძლებენ შექმნან ცოცხალი უჯრედი. არასოდეს არ ენდოთ ასეთ სულელურ ფანტაზიას. ყოველი მცდელობა შექმნილიყო თუნდაც უმნიშვნელო არაორგანული ნივთიერება ან ბაქტერია ან თუნდაც ერთი ორგანული ცოცხალი უჯრედი არასოდეს დაგვირგვინებულა და არც არასოდეს დაგვირგვინდება წარმატებით! არავითარი ხელოვნურ პროცესს არ შეუძლია სიცოცხლის ჩასახვა".
სულაც არ არის გასაკვირი, რომ სამეცნიერო სამყარომ დიდი ხანია ზურგი აქცია თვითჩასახვის თეორიას, როგორც სრულიად უსაფუძვლოს. ოლივერ ლოჯი ამბობს: "მცდელობა დაამტკიცონ ევოლუციის თეორია, რაოდენ მრავალრიცხოვანნიც იყონ, დღემდე სრულიად წარუმატებელი რჩება". თვით ჩარლზ დარვინის შვილმა, გეორგ დარვინმა ბრიტანეთის საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში (1905 წ. 16 აგვ.) განაცხადა: "სიცოცხლის საიდუმლო ისევე შეუღწევადია, როგორც ყოველთვის".
ცნობილი პროფესორი ჰენრი დრუდმონდი თავის წიგნში "ბუნებრივი კანონი სულიერ სამყაროში" ძალიან მჭიდროდ ეხება დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხს. დეტალურად განიხილავს რა მონაცემებს სიცოცხლის თვითჩასახვასთან დაკავშირებით, დასასრულს, შეჯამების სახით ბრძანებს: "უახლესი მეცნიერების თვალში ბუნება ორად არის გაყოფილი. ფიზიკურ კანონებს შეუძლიათ ახსნან არაორგანული სამყარო; ბიოლოგიის კანონები მოგვახსენებენ ორგანული სიცოცხლის განვითარების შესახებ; მაგრამ ერთისა და მეორეს შეხების წერტილებზე, იმ გაუგებარი ზღვრის შესახებ, რომელიც ცოცხალსა და მკვდარს შორის ძევს, მეცნიერება დუმს. უნებლიედ იტყვი, თითქოსდა ღმერთმა ყველაფერი რაც ცაშია და მიწაზე მისცა ბუნებას, მაგრამ წერტილი, სადაც სიცოცხლე ჩნდება, თავისი უშუალო გამოვლენისთვის დატოვა" (Г. Друммонд, «Естественный закон в духовном мире» стр. 60).
იქვე ის ბრძანებს: "მცდელობა სიცოცხლე გამოწვეულ ყოფილიყო მკვდარი მატერიისგან წარუმატებლად დამთავრდა, და საკითხი უნებლიე ჩასახვის შესახებ მიტოვებულ იქნა. ახლა ყველგან აღიარებულია, რომ სიცოცხლე შეიძლება აღმოცენდეს უკვე არსებული სიცოცხლისგან. ჰეკსლი კატეგორიულად აცხადებს, რომ ბიოგენეზისმა, ან სწავლებამ სიცოცხლის სიცოცხლისგან წარმოშობის შესახებ, "ყველა მონაკვეთზე გაიმარჯვა" ("Critigues and Addresses" p. 239).
ტინდალიც კი, რომელიც არ მალავდა, რომ მისთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა საწინააღმდეგო დასკვნა, მაინც იძულებული გახდა ეთქვა: "მე ვამტკიცებ, რომ საერთოდ არ არსებობს თუნდაც იოტისოდენა სანდო და ცდაზე დამყარებული მტკიცებულება იმის სასარგებლოდ, რომ სიცოცხლე, ოდესმე აღმოცენებულა წინმსწრები სიცოცხლისგან დამოუკიდებლად" ("Ninteenth Century" p. 507).
ორივე ბანაკის მეცნიერთა ყველა ამ განცხადებიდან სრულიად ცხადი ხდება, რომ დედამიწაზე სიცოცხლის თვითჩასახვის თეორია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სიცოცხლის გაჩენის ფაქტი, რომელიც დაფარულია ღმერთში, საბოლოოდ შეწყნარებულია არა მარტო რელიგიის, არამედ მეცნიერების მიერაც.
ა) არის თუ არა ადამიანი უქვემოესი ორგანიზმის უმაღლეს ორგანიზმად გარდაქმნის შედეგი?
ჭეშმარიტი მეცნიერების განაჩენი განსაზღვრულია, ის თავისთავად გამომდინარეობს წინა საკითხის გადაწყვეტიდან. თვით ევოლუციის თეორიის მომხრეებიც ღიად აღიარებენ თავიანთი სწავლების არამდგრადობაზე. იგივე ტინდალი ამბობს: "მათ, ვინც მხარს უჭერენ ევოლუციის თეორიას, სრულიად შეგნებული აქვთ მის სასარგებლოდ გამოთქმული თავიანთი მოსაზრებების სრული განუსაზღვრელობა". ტომპსონი და ჰედესი, კითხვაზე: როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ადამიანი? - თავიანთ გაერთიანებულ სტატიაში ასე პასუხობენ: "ჩვენ არ ვიცით, როგორია მისი წარმომავლობა... ფაქტები გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ ევოლუციის მოცემული თეორიები საკმაოდ განუსაზღვრელია და მეცნიერებაში მყარ ადგილს ვერ იკავებენ". მეცნიერთა შეხედულებების განსხვავებულობა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი სამეცნიერო აგებულებანი დააფუძნონ ამ თეორიას ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მათ უსუსურობას. მასზე კამათისას, თვით მისმა მომხრეებმა პატარ-პატარა ნაფლეთებად დახიეს იგი იმდენად, რომ მისგან თითქმის აღარაფერი დარჩა.
ჯორჯ სტოკსს, რომელიც დედოფალ ვიქტორიას ეპოქის დროინდელ ადამიანთა შორის ერთ-ერთ უდიდეს პიროვნებად მიაჩნდათ და, ლორდ კალვინის თქმით, - ცოდნით და გამოცდილებით მოიცავდა ბუნებრივი ფილოსოფიის მთელ სფეროს, ჩვეულებად ჰქონდა მეცნიერებთან მსჯელობისას ეთქვა: "დაამტკიცეთ თქვენი ფაქტები?" მას არ ესმოდა, როგორ შეუძლიათ მეცნიერებს ილაპარაკონ ევოლუციის თეორიაზე, თუკი ისინი ვერ ფლობენ მის დამამტკიცებელ ფაქტებს; მისი თქმით, მეცნიერებაში არსებული მსგავსი უცნაური მოვლენა კაცობრიობის ისტორიამ არ იცის. ფაქტები სწორედაც რომ მას ეწინააღმდეგებიან და პირდაპირ უარყოფენ კიდევაც მას.
გიზო, როდესაც მოცემულ მდგომარეობას ეხება, საკმაოდ მოსწრებულად შენიშნავს: "სახეობების გარდაქმნის სისტემა ერთნაირად უარიყოფა მეცნიერების და საღი აზროვნების მიერაც. ის არ ეფუძნება არც ერთ ხელშესახებ ფაქტს, არც რაიმე სამეცნიერო დაკვირვების მონაცემებს ან ისტორიულ გადმოცემას; ყველა აღიარებული ფაქტი, ყველა აღმოჩენილი ძეგლი, სხვადასხვა საუკუნეებსა და ადგილებში, არსებულ სახეობათა შესახებ მოწმობენ, რომ ისინი არ დაქვემდებარებიან არანაირ გარდაქმნას, არანაირ მნიშვნელოვან და მყარ ცვლილებას; ათასი, ორი და სამი ათასი წლის წინათაც ეს სახეობები ისეთი იყო, როგორიც ის დღესაა" ("Размышления о сущности христ. веры", стр. 14).
მეცნიერთა ამგვარი მოწმობების შემდეგ, თავისთავად წარმოიშვება ადამიანის წარმომავლობის საკითხის ორ მიმართულებად დაყოფა:
1) წარმოიშვა თუ არა ადამიანი უდაბლესი ცხოველური სამყაროდან? და 2) წარმოიშვა თუ არა ცივილიზებული ადამიანი უდაბლესი პრიმატებისგან?
რაც შეეხება პირველს, მას შეგვიძლია პირდაპირ ვუპასუხოთ - არა, რადგან, ეს რომ ასე იწყოს, მაშინ მეცნიერება აღმოაჩენდა სახეობათა გარდამავალ ფორმებს, მაგრამ მეცნიერებას ასეთი მონაცემები არ გააჩნია. არის ადამიანი, და არის მაიმუნი, ხოლო მათ შორის არ არის არაფერი, თან მაიმუნიც ათასწლეულების განმავლობაში მაიმუნად რჩება.
დ. ვ. დაუსონი ამბობს: "გარდამავალ ფორმათა არანაირ ნარჩენებს მეცნიერება არ იცნობს". ადამიანის უძველესი ნაშთები მისი განვითარების სტადიებზე არ მეტყველებენ". პროფ. ოუენი ამატებს: "ადამიანი თავისი კლასის ერთადერთი სახეობაა და თავისი სახეობის ერთადერთი წარმომადბენელია". პროფ. პოსტმა, ასურელმა მეცნიერმა, რომელიც ერთხელ ბრიტანეთის მუზეუმს ეწვია, მისი დათვალიერების დროს ექსპერტს ჰკითხა: "რა სახის მტკიცებულებები არსებობს დარვინის ევოლუციის თეორიის გასამართლებლად?" რაზეც ექსპერტმა უპასუხა: "მთელ მუზეუმში ამგვარი თეორიის დამადასტურებელი ერთი ბეწო მარცვალიც კი არ არსებობს", რადგან ის დაკვირვებებსა და ფაქტებს არ ეფუძნება".
ასე წყდება საკითი ადამიანის ცხოველთა სამყაროდან წარმოშობის შესახებ. მასზე მსჯელობას დავასრულებთ გიზოს სიტყვებით: "ადამიანი არ არის მაიმუნი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში გარდაიქმნებოდა და სრულყოფილ იქმნებოდა ბუნების ელემენტების ბუნდოვანი ხეტიალის გზით; ასეთი დაჩემებული განმარტება ადამიანის წარმოშობისა ახასიათებს ერთ ჰიპოთეზას, წარმოსახვის ნაყოფს, რომელიც ადამიანებს აცდუნებს თავსამტვრევი მიგნებებით და, რომელიც შთაგონებულია ბუნების არასაკმარისი წვდომით. მის გამართლებას ცდილობენ განუსაზღვრელ-შორეული დროით და უცნობი მოვლენებით. სახეობათა საფუძვლიანი განსხვავებები და არსებობა, რომელიც მყარად არის დასაბუთებული მრავალი ცნობილი მეცნიერისა (კიუვიე, ფლურენსი, კოსტი, კარტფაჟი) და ფაქტების ყველა მკაცრი დამკვირვებლის მიერ, ჯერაც გაბატონებულია მეცნიერებაში, ისევე, როგორც ცოცხალ სინამდვილეში" ("Размышления о сущности христ. веры", стр. 15).
რაც შეეხება მეორეს, მეცნიერება უდიდესი სიზუსტით უთითებს, რომ ადამიანი იმდენად არ პროგრესირებს თავის განვითარებაში, რამდენადაც განიცდის ცვლილებას პირუკუ მიმართულებით, ანუ უფრო გადაშენებისკენ მიდის.
ჰორაციუს ჰეილი ამტკიცებს, რომ "პირველყოფილი ადამიანი ალბათ ისეთივე ინტელექტუალურ თვისებებს ფლობდა, როგორსაც მისი შთამომავლები". დ. ვ. დაუსონი ასევე წერს, რომ "ადამიანის ძველი ნაშთების მიხედვით, მისი პირველყოფილი მდგომარეობა უკეთესი იყო".
მეცნიერების გვიანდელი აღმოჩენები არა მარტო უარყოფენ ევოლუციის თეორიას, არამედ ამტკიცებენ მთელ ბიბლიურ მოცემულობას ამ მიმართებით. ცნობილია, რომ ადამიანის ყველაზე უძველესი ნაშთები აღმოაჩინეს ბელგიაში, საფრანგეთში და ჰიბრალტარში. ჩონჩხთა თავის ქალები, რომლებიც ეკუთვნიან ე. წ. პალანტროპიულ ანუ გამყინვარების შემდგომ საუკუნეს, რომელიც აშკარად შეესაბამება ბიბლიის წარღვნამდელ ისტორიას, ადასტურებს, რომ ძველ ადამიანს ჰქონდა ოთხი დამახასიათებელი ნიშანი:
1) ის ფლობდა ბრწყინვალე ინტელექტუალური ძალებსა და გემოვნებას; 2) სიცოცხლის საკმაო ხანგრძლივობას; 3) დიდ სიმაღლეს, რომელიც შვიდ სრულ ფუტს აღწევდა; 4) უზარმაზარ კუნთოვან ძალას, მგზნებარე ტემპერამენტსა და სისასტიკეს.
ბუნებრივია, რომ ყველა ეს მონაცემი სრულიად გამორიცხავს აზრს ევოლუციის თეორიის შესახებ, მაგრამ ამავდროულად აბსოლუტურად ადასტურებს ცნობებს, რომლებიც ბიბლიის ფურცლებშია ჩაწერილი:
1) დაბ. 1:27-ში ვკითხულობთ: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი". ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ შექმნილი ადამიანი უნდა ყოფილიყო ინტელექტუალური ნიჭის და ბრწყინვალე გემოვნების მფლობელი.
2) დაბ. 5 აჩვენებს, რომ ძველი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღწევდა 900 წელს, და ნაპოვნი ნაშთები იგივეს ამტკიცებენ, ანუ მათ მფლობელთა სიცოცხლის დიდ ხანგრძლივობაზე.
3) დაბ. 6:4 პირდაპირ გვაუწყებს: "ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად". იქნებ ეს უძველესი ნამარხები სწორედ იმ ბუმბერაზებს ეკუთვნით?
4) დაბ. 6:5 და 11 მოწმობენ იმაზე, რომ თავისი არსებობის პირველი ათას ხუთასი წლის განმავლობაში, ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ გაუმჯობესებულიყო (ევოლუციის თეორიის თანახმად), პირიქით, ირყვნებოდა და თანდათანობით ქვემოთ ეშვებოდა.
"დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად..." "წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით". იგივეზე მეტყველებენ ბუმბერაზთა ჩონჩხები, - ისინი იყვნენ ძლიერები, მაგრამ მხურვალენი და სასტიკები.
ამრიგად, ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც "ევოლუციას" სრულიად არ ძალუძს ახსნას კითხვა: "როგორ გაჩნდა ადამიანი?" - ბიბლია მასზე იძლევა სრულ პასუხს, რომელიც არა მარტო ჰარმონიულად ერწყმის მთელი წმიდა წერილის სწავლებას, არამედ ასევე სრულ თანხმიერებაშია უახლეს მეცნიერულ მონაპოვრებთან ამ საკითხში. ამ ყველაფრისგან კი გამოდის, რომ ადამი - წარმოიშვა არა მაიმუნისგან, არამედ ღმრთისგან; და რომ ჩვენი ცხოვრება არის არა არაფრისგან, არამედ ღმრთის სულისგან.
ბ) წარმოიშვა თუ არა კაცობრიობა ადამისგან, როგორც ამას მოწმობს წმ. წერილი?
ეს არის უეჭველად მნიშვნელოვანი საკითხი, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ადამიანის ტიპების მრავალფეროვნება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არაერთხელ ყოფილა მეცნიერთა განხილვის საგანი. აი ჯუჯა ესკიმოსები და აქვე, ცოტა სამხრეთით, მაღალი და ტანაყრილი ჩრდილო-ამერიკელი ინდიელები; აღნაგოვანი შავკანიანელი სუდანელები და ცენტრალური ამერიკის პატარა, უძლური მცხოვრებლები; თეთრკანიანი, ინტელექტუალურად ძლიერი ევროპელები და გონებრივად უფრო სუსტი სამხრეთ-აფრიკელი კაფირები; მაღალი ჩინელები და პატარა, მაგრამ ძლიერი იაპონელები და ა. შ. როდესაც ხედავ კაცობრიობის ამგვარ მრავალფეროვნებას, უნებლიედ გიჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ისინი იყვნენ ერთი მამის შვილები? თვით წმიდა წრილშიც კი თითქოსდა არსებობს მინიშნება იმაზე, რომ ადამის შთამომავლების გარდა, იქ იყვნენ დედამიწის სხვა ბინადრებიც. ამასთან დაკავშირებით უთითებენ დაბ. 4:17-ს, სადაც ნახსენებია კაენის ცოლი, ან დაბ. 4:14, სადაც კაენი გამოთქვამს წუხილს იმაზე, რომ ამიერიდან ყოველ შემხვედრს შესაძლებლობა მიეცემა მოჰკლას იგი; ზუსტად ასევე ამბობენ, რომ კაენი საკუთარი ძალებით ვერ ააშენებდა ქალაქს, არამედ მას უნდა დახმარებოდნენ რომელიღაც უცნობი ადამიანები (დაბ. 4:17); და ბოლოს, ყურადღებას აქცევენ იმ დღეებში მუსიკალური მრეწველობის გამოჩენას, რაც ვერანაირად უკავშირდება მონაცემებს ადამის შთამომავლობის განვითარების შესახებ (დაბ. 4:21) და ა. შ.
წმიდა წერილი ყველა ამ დამაინტრიგებელ კითხვას საკმაოდ დამაკმაყოფილებელ განმარტებებს აძლევს. მათი მიხედვით ადამი ერთადერთი პირველი ადამიანი იყო დედამიწაზე, მაშასადამე, ერთადერთი მამამთავარი მთელი კაცობრიობისა ევასთან - თავის ცოლთან და ყველა ადამიანის დედასთან ერთად.
შევჩერდეთ ამ ბიბლიურ მონაცემებზე.
ა) ბიბლია ამბობს, რომ ადამის შექმნამდე დედამიწაზე არც ერთი ადამიანური არსება არ ცხოვრობდა: "ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა" (დაბ. 2:5).
ბ) ბიბლია ამბობს, რომ შექმნის დროს ადამი მარტო იყო. "თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს" (დაბ. 2:18). იგივე აზრი გამომდინარეობს იმავე თავის 20-ე მუხლიდან: "ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი" (დაბ. 2:20). ამ აზრის დადასტურება მოცემული გვაქვს ახალ აღთქმაშიც (1 კორ. 15:45).
გ) ბიბლია ამბობს, რომ ყველა ადამიანს ერთი მამამთავარი ჰყავს - ადამი: "განა ერთი მამა არა გვყავს ყველას?" (მალ. 2:10). არანაკლებ ძლიერი მითითებაა ამის შესახებ მოციქულთა საქმეებში, სადაც ნათქვამია: "ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი" (საქმე 17:26).
დ) ბიბლია ამბობს, რომ ყველა ადამიანს ჰყავს ერთი დედა - ევა. დაბადების წიგნში ვკითხულობთ: "უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა" (დაბ. 3:20). მის შესახებ ნათქვამია, რომ გააჩენს შვილებს, და რომ მისი თესლიდან დაიბადება მაცხოვარი (დაბ. 3:15).
ე) ბიბლია ამბობს, რომ ყველა ადამიანი მიეკუთვნება ერთ ოჯახს. საინტერესოა ყურადღება მივაპყროთ ბიბლიის პირველი წიგნის, დაბადების ფაქტებს. როდესაც ღმერთი ქმნიდა თევზებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს და პირუტყვს, ყოველთვის აღინიშნება, რომ ისინი შეიქმნენ "თავ-თავისი გვარისდა მიხედვით" (დაბ. 1:21, 25). ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს სახეობათა მრავალფეროვნებას თითოეული შემთხვევისთვის; მაგრამ როდესაც საქმე მიდის ადამიანის შექმნამდე, იქ არანაირი მინიშნება "თავ-თავისი გვარის მიხედვით" შექმნაზე არ არსებობს, არამედ აღინიშნება მისი განსხვავებულობა ყოველი ქმნილებისგან: "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" (დაბ. 1:26). ამ გამოცხადების საფუძველზე არანაირი დაბრკოლება არ იქმნება ტერმინებთან: "ღვთისშვილებსა" და "კაცთა ასულებთან" დაკავშირებით (დაბ. 6:2-4); ახალ აღთქმაში ასევე საკმაო ნათელი ეფინება მათ აზრს. იოანეს ეპისტოლეებში ვკითხულობთ: "საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ" (1 ინ. 3:2), ხოლო კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ვპოულობთ სხვა გამონათქვამს: "... განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?" (1 კორ. 3:3).
ნათელია, რომ პირველებში იგულისხმებიოან მორწმუნე ადამიანები, მეორეში კი ურწმონონი, ჯერაც მოუქცეველნი. დაბადების წიგნის მეექვსე თავში მოთხრობილია, თუ როგორ ქორწინდებოდნენ მორწმუნეები და ურწმუნოები, მართლები და უკეთურები - რის შედეგადაც დედამიწაზე დიდმა გარყვნილებამ დაისადგურა (დაბ. 6:5). აქედან მოდის გაფრთხილება ახალ აღთქმაში: "ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: "ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (2 კორ. 6:14-18).
ისინი, ვინც დედამიწაზე კაცთა მოდგმის ადამის ფესვის გარდა სხვა ფესვის არსებობის დამტკიცებას ცდილობს, უნდა განმარტონ წარღვნის პრობლემა. ბიბლია განსაზღვრულად აცხადებს, რომ წარღვნის დროს ყველა დაიღუპა ნოეს ოჯახის გარდა. "ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა" (დაბ. 7:22) და აღგვილ იქნა მიწის პირისგან (დაბ. 6:7), "რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში" (დაბ. 7:19).
წარღვნის შემდეგ კაცთა მოდგმის ერთიანობაზე ასევე საკმაო მტკიცებულებები არსებობს წმიდა წერილში: "ეს სამნი იყვნენ (სემი, ქამი და იაფეტი) ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული" (დაბ. 9:19). "ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ" (დაბ. 10:82).
საინტერესოა, რას გვეუბნება მეცნიერება ამ საგანთან დაკავშირებით? ავიღოთ ორი ციტატა, რომელიც ეკუთვნის იმ მეცნიერთა კალამს, რომლებსაც ბიბლიისადმი მიკერძოებულ მიდგომაში ვერ დავადანაშაულებთ. პროფ. ჰეკსლი ამბობს: "მე ვუერთდები იმათ, ვინც აღიარებს, რომ სადღეისოდ არ გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ კაცობრიობა დასაბამიდანვე წარმოიშვა პირველ ადამიანთა ერთზე მეტი წყვილისგან... და მტკიცებისთვის, რომ დედამიწაზე არსებობს უფრო მეტი, ვიდრე ადამიანთა ერთი სახეობა" (Положение человека в природе). სხვა მეცნიერი არის დარვინი. თავის ნაშრომში "სახეობათა წარმოშობა" ის აცხადებს: "არ მაქვს უმცირესი ეჭვიც კი იმაში, რომ ადამიანთა რასები წარმოიშვნენ ერთადერთი მოდგმისგან".
ზოგს აცბუნებს ადამიანთა განსხვავებული კანის ფერი, სიმაღლე, ინტელექტუალურობის ხარისხი, ტემპერამენტი და ა. შ. ასეთებს ზედმეტი არ იქნება შევახსენოთ, რომ ყველა მსგავსი განსხვავება ადამიანთ შორის აიხსნება მათ ორგანიზმზე ბუნების იმ პირობათა ზემოქმედებით, სადაც ისინი ცხოვრობენ, შემდეგ კი - ჩვეულებებით, რწმენით და საკვების სახეობებითაც კი.
მეცნიერები იოლად ცვლიან ამა თუ იმ ცხოველთა ორგანიზმის შეფერილობას მათზე ყველაზე პრიმიტიული ქიმიური მეთოდების ზემოქმედებით.
განსხვავება ზომებში. ავიღოთ მუხა და კედარი. ბუნებრივ, ჩვეულ პირობებში ეს ხეები საკმაოდ დიდ ზომებს აღწევენ, მაგრამ თუ იაპონიის კუნძულებზე გადავრგავთ, ისინი ორ ან სამ ფუტსაც არ აღემატებიან სიმაღლეში. ოქროსფერი კობრი აკვარიუმში რამოდენიმე დიუიმის სიგრძისაა, მაგრამ ნორმალურ პირობებში წონით 15 და 20 ფუნტსაც აღწევს, მაგალითად თემზაში.
განსხვავება შეფერილობაში. შეფერილობები შეიძლება შეიცვალონ ნიადაგისა და მისი შემადგენლობის გამო. ყვითელი ჩვეულებრივი იადონი უფრო მუქ შეფერილობას იძენს, თუ მის საჭმელში შევურევთ ზოგიერთ სპეციას. მეზღვაურის სხეული თეთრიდან უფრო მუქი ხდება ზღვის ჰაერის ზეგავლენის გამო. შემოწმებულია, რომ თვალებისა და თმის ფერი იცვლება არა მარტო ინდივიდის ასაკთან ერთად, არამედ რასის ასაკთან ერთადაც. ასე, მაგალითად, ქერა თმები, რომლებიც შუა ევროპაში ჭარბობს შეიძლება ღია-ყავისფრად შეიცვალოს. დრ. ჯ. ბედოუ ამბობს: "თმების მკაფიოდ გამოხატული დამუქება მატულობს იმისდა მიხედვით, რამდენადაც მივიწევით ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასაავლეთისკენ, ანუ დედამიწის ცივი სფეროებიდან უფრო თბილისკენ.
განსხვავება ინტელექტუალურ განვითარებაში. აქ შეიძლება მოტანილ იქნას მსგავსი გრადაცია. სისტემატური აღზრდა და მეცნიერებებში მეცადინეობა ხელს უწყობს ერის განვითარებას, მაშინ როდესაც პრიმიტიულ საქმიანობაში ხანგრძლივი ყოფნა აქვეითებს გონებრივ ნიჭიერებას. ეს იოლად შეიძლება შევამოწმოთ არსებულ ხალხთა გამოცდილებით.
ამრიგად, არანარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს იმაში, რომ ადამიანის გაჩენაში ბიბლია სრულ თანხმობაშია მეცნიერების მონაცემებთან, რომელსაც კაცობრიობა დღევანდლამდე ფლობს.
როდის გაჩნდა ადამიანი?
ჩამბერსის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "დღეისთვის მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანი დედამიწაზე გაჩნდა ყინულოვანი პერიოდის ბოლო სტადიებში".
რამდენად მცდარია ადამიანის გაჩენის ასეთი იდეა შეიძლება ვნახოთ გერშელის სიტყვებიდან. მაგრამ თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ ყინულოვანი პერიოდი უნდა განვაკუთვნოთ იმ დროებას, როდესაც მზის გავლენა დედამიწაზე არასაკმარისი იყო, რაც ბიბლიის პირველი ფურცლების თანახმად წინ უსწრებდა სამყაროს გარდაქმნას ადამიანის ცხოვრებისთვის ხელსაყრელ გარემოდ. ჯონ გერშელი ამბობს: "მზის სხივების გაქრობიდან სამი დღის შემდეგ დედამიწაზე ორგანული ან მცენარეული სიცოცხლის ნასახიც კი არ დარჩებოდა ზოგიერთი თევზის გარდა, რომლებიც ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეში ცხოვრობენ, ან კიდევ იმ არსებებისა, რომლებიც მიწისქვეშა გამოქვაბულებში ბინადრობენ.
პირველი ორმოცდა რვა საათი საკმარისი იქნებოდა, რათა აბსოლუტურად დაცარიელებულიყო ატმოსფერო მისი შემადგენელი სინოტივისგან, რასაც ის იღებდა თავსხმა წვიმებისა და უხვთოვლობისგან. უეცრად, (მზის სხივების გაქრობიდან), დედამიწა ისეთი ყინვით შეიკვრებოდა, როგორიც არც ახლაა ჰიმალაის მთების მწვერვალებზე: ტემპერატურა დაეცემოდა 200-300 გრადუსამდე ფარენჰეიტის შკალით; ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ აიტანდა ასეთ ყინვას თუნდაც ერთი საათის განმავლობაში.
მიუხედავად ასეთი მკაფიო და დამაჯერებელი არგუმენტებისა, არიან მეცნიერები, რომლებიც ცდილობენ დედამიწაზე ადამიანის არსებობის ვადების დადგენას, და მას მილიონობით წლებში ვარაუდობენ. ამგვარი გამოთვლების უსუსურობა თავისთავად აშკარავდება: როდესაც ასეთ გრანდიოზულ ციფრებს იღებენ, ათეისტი მეცნიერები ჟონგლიორობენ ტერმინით "დაახლოებით"; ასე უწოდებენ ისინი ერთ ან ორ მილიონ წელს... ესეთი წარმოდგენა სიზუსტის მინიშნებაზე ძალიან შორსაა. იოლი სათქმელია - ერთი ან ორი მილიონი წელი, მაგრამ რატომ და საიდან ასეთი განსხვავება?
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გამოთვლები ეფუძნება ან ევოლუციის თეორიას, რომელსაც ავტორიტეტი არა აქვს, ან კიდევ ზოგიერთ გეოლოგიურ ფენაში რკინის საგნების აღმოჩენას, რომელსაც იყენებდა ადამიანი, ან კიდევ ნილოსის დელტის შლამის ფენებს, რაც უკვე ნახსენები იყო ზემოთ.
ვნახოთ, რას ამბობენ გვიანდელი სამეცნიერო ავტორიტეტები.
დ. ვ. დაუსონი თავის წიგნში "ეგვიპტე და სირია" წერს: "თუ ავიღებთ წელიწადში დიუიმის ერთ მეთხუთმეტედს სავარაუდო საშუალო სიჩქარედ, შედეგად მივიღებთ 5, 400 წელიწადს, რომელიც საჭირო გახდებოდა შლამის პლასტის დასადებად ნილოსის დელტაში, რომლის სიღრმე საშუალოდ 30 ფუტის ტოლი იქნებოდა". შემდეგ კი ამატებს: "ნილოსის დელტაში მოპოვებული გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე, შეიძლება დავაწესოთ დრო 5-6 ათასი წლის ფარგლებში, რომლის დროსაც ცხოვრობდა ადამიანი ეგვიპტეში".
იგივე ავტორი თავის სხვა ნაშრომში წერს: "ადამიანი დედამიწაზე არცთუ დიდი ხნის წინათ გაჩნდა" ... "სულ რაღაც რამოდენიმე ათასი წლის წინ დედამიწის სფერო გამოსადეგი გახდა მისი უმაღლესი ბინადრებისთვის" ... "ძველი ადამიანის პირველი განსაზღვრული ნარჩენები აღმოჩენილია პალანტროპიულ საუკუნეში (რომელიც შეესაბამება წარღვნამდელ ბიბლიურ ისტორიას). მეცნიერების არც ერთი ფაქტი ისეთი განსაზღვრულობით არ არის დადგენილი, როგორც ადამიანის არსებობა ახლო გეოლოგიურ პერიოდში. ბიბლიასთან მიმარტებაში არ არსებობენ წინარეისტორიული საუკუნენი".
"დედამიწის ადრინდელ საუკუნეებში" პემბერი წერს: "ადამიანთა არანაირი ძვლები პირველყოფილ ქანებში აღმოჩენილი არ არის". დრ. კინსი წიგნში "გეოლოგიის პრინციპები" ამტკიცებს, რომ ადამიანის უახლესი წარმოშობა გეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დადგენილი ფაქტია".
მიუხედავად ყველა მსგავსი განცხადებისა პროფ. ფ. პეტრი თავის წიგნში "ეგვიპტის ისტორია" იუწყება, რომ მან შეძლო თვალი მიედევნებინა ეგვიპტური დინასტიისთვის 4777 წლამდე ძვ. წელთაღრიცხვით; ამასთან დაამატა, რომ "გავიდა არა უნაკლებეს 7000 წლისა იმ დროიდან, რაც ადამიანმა ქვა დაამუშავა ეგვიპტეში". სხვათა შორის, ის თვითონვე უთითებს, თუ როგორ მყიფე ბაზაზეა დაფუძნებული მისი თარიღები: "ჩემი ქრონოლოგია, - ამბობს ის, - ეფუძნება გამოთვლის ორ მეთოდს: 1) დინასტიათა შეჯამებას და 2) ასტრონომიულ მონაცემებს, რომელთა გამოყენებისას შეიძლება შემოიპაროს უზუსტობანი". ამასთან ის ხაზს უსვამს შესაძლო უზუსტობებს და ამატებს: "ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს ვთქვათ, რომელ გეოლოგიურ პერიოდს უნდა განვაკუთვნოთ ადამიანის წარმოშობა".
დინასტიათა შეჯამებასთან დაკავშირებით პროფ. პეტრი თვითონვე აღიარებს, რომ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, 10-ე და 11- დინასტიები ერთდროულად არსებობდნენ. მ. ლეგრენმა ლექციებში, რომლებიც მან ეგვიპტის ინსტიტუტში წაიკითხა, თქვა, რომ ყველაზე უგვიანესი აღმოჩენები ამტკიცებენ 21-ე და 23-ე დინასტიების ერთდროულობას. მანეტო, ცნობილი ეგვიპტელი ისტორიკოსი, რომელიც ქრ. შ.-მდე მესამე საუკუნეში ცხოვრობდა, იუწყება, რომ თავისი ისტორიის უმეტეს პერიოდში ეგვიპტე იყოფა სამ სამეფოდ: ზედა, შუა და ქვემო სამეფოებად. შეუძლებელია ეჭვის შეტანა იმაში, რომ სწორედაც ასე იყო. ჩვენს დღეებშიც ეგვიპტეს ზემო და ქვემო ეგვიპტედ ვყოფთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სავარაუდოა, რომ მრავალი ეგვიპტელი ფარაონი, რომელთა სახელებსაც უკავშირდება ეგვიპტის ძველი ისტორიის სხვადასხვა პერიოდები, მხოლოდ სამეფოთა სხვადასხვა ოლქების მმართველები იყვნენ, მაგრამ ერთდროულად მეფობდნენ.
მეცნიერები ნევილი და ჰოლი, "ეგვიპტის კვლევითი საზოგადოების" წევრები, გვიანდელ აღმოჩენებთან დაკავშირებით იუწყებიან: "დღემდე ხელოვნება მთელი ეგვიპტისთვის ერთიან წარმონაქმნად მიიჩნეოდა, და მისი მრავალფეროვნება კლასიფიცირდებოდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, თანაც, თითქმის მხედველობაში არ მიიღებოდა მოცემული ოლქის გემოვნება და ტრადიციები". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი ეგვიპტის ხელოვნების მრავალი ნიმუში, ბოლო აღმოჩენების თანახმად, დინასტიათა მსგავსად, უფრო ამ ერთ დროს დიადი ქვეყნის სხვადასხვა ოლქებს ეკუთვნის, ვიდრე მისი ისტორიის სხვადასხვა პერიოდებს".
ფ. ლეგმა ლექციაზე "ბიბლიური არქეოლოგია" დაამტკიცა, რომ "ეგვიპტური ჭურჭლების გამოყენების საფუძველზე ეგვიპტის ქრონოლოგიის განსაზღვრის მეთოდი მეტად არასანდოა". მან განაცხადა, რომ პროფ. პეტრის ქრონოლოგიური ცხრილის ბაზისი სრულიად ცდომილია და უარყოფილ უნდა იქნას (ტაიმსი. 1913 წლის 10 აპრილი).
რაც შეეხება პროფ. პეტრის ასტრონომიულ მონაცემებს, რომელთა მიმართ თვით ავტორიც კი ეჭვს გამოთქვამს, ხ. ვ. სენორი წიგნში "დიდი პირამიდა" გაოცებას ვერ მალავს მასში დაშვებულ შეცდომათა გამო.
ერთი სიტყვით, არც ერთი მეცნიერი კითხვაზე თუ როდის გაჩნდა ადამიანი ვერ იძლევა მეტ-ნაკლებად დასაბუთებულ თარიღს, და ყველა მათი განცხადება უმეტესწილად ოდენ დებატებს იწვევს. მხოლოდ ბიბლია, ეს საღმრთო წიგნი რჩება მტკიცე და უცვალებელი თავის წანამძღვრებში, და ყველაზე დადებითი მეცნიერები იზიარებენ მის სწავლებებს და თავიანთ გამოკვლევებს მის გამოცხადებებს აფუძნებენ.
რას წარმოადგენს ადამიანი?
არისტოტელემ თქვა: "ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია". პლუტარქემ ადამიანს "მსოფლიოს მოქალაქე" უწოდა. თანამედროვე ექსპლოატატორი მასში "მუშა ხელს" ხედავს. მაგრამ თუ მივმართავთ ბიბლიას, მასში ჩვენ ვპოვებთ პასუხს დასმულ კითხვაზე ისეთი ფორმით, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ყოველ მსურველს შეიცნოს თავისი არსება.
ადამიანის სხეულთან მიმართებაში ბიბლია ამბობს: "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან" (დაბ. 2:7), ამიტომაც: "მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19). როგორ თანხმობაშია მოცემული მოწმობა მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებთან, აჩვენებს დრ. ა. მ. პირსონი: "თანამედროვე ქიმიური ანალიზი ადამიანის სხეულში ხედავს, უკიდურეს შემთხვევაში, თოთხმეტ ელემენტს, რომელიც "მიწის მტვრის" შემადგენლობაში შედის, როგორიცაა, მაგალითად: ჟანგბადი, წყალბადი, სილიციუმი (კაჟბადი), მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ნახშირბადი და ა. შ. ანალიზის სპექტრალური, ელექტროსკოპული და სხვა უფრო ზუსტი მეთოდები შესაძლებლობას გვაძლევენ დავადგინოთ, რომ ადამიანის სხეულის ყველა ელემენტი "მიწის მტვრის" მონათესავეა. ასეთია თანამედროვე მეცნიერების აზრი. ხოლო ბიბლია ამას ასწავლიდა 3.500 წლის წინ ჩვ. წ.-მდე!
თუმცა, ადამიანი მარტო "მიწის მტვერი" როდია, ან კიდევ მიწიერი ცხოველი, ან მხოლოდ "მუშახელი". ადამიანი რთული არსებაა, თავისი შემოქმედის მსგავსად ის სამეულია, რომელიც, წერილის თანახმად, შედგება: სულის, სამშვინველისა და სხეულისგან (იხ. 1 თეს. 5:23) (1). იმიტომ ხომ არ არის ნათქვამი ძველ მცნებაში: "გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (მეორე რჯლ. 6:5). ღმერთს უნდა მიეძღვნას ადამიანის ყველა ნაწილი: სული, მშვინვა და სხეული.
___________________
1. ბერძნული სიტყვა πνεῦμα ("პნეუმა" - სული) მომდინარეობს სიტყვიდან πνέω ("პნეო" - ქროლა, შებერვა, სუნთქვა) (იხ. Значение слова πνέω из словаря Греческо-русский объединенный словарь И. Х. Дворецкого и Дж. Стронга. https://ekzeget.ru/all-about-bible/dictionaries/grechesko-russkiy-bibleyskiy-slovar/pneo-/), რომელიც ნიშნავს "სუნთქვას" ან "შებერვას"; ებრაული სიტყვა "რუახ" (ნიშნავს. "სულს"), როგორც მიიჩნევა, მომდინარეობს იმავე მნიშვნელობის სიტყვის ფუძისგან. შედეგად, "რუახ" და "პნეუმა" ძირითადად აღნიშნავენ "სუნთქვას", თუმცა ისინი გამოიყენებიან სხვა მნიშვნელობითაც (შეად. ამბ. 2:19; გამოცხ. 13:15). ისინი შეიძლება ასევე აღნიშნავდნენ "ქარს", "მაცოცხლებელ ძალას", რომელიც მიწიერ ქმნილებებში მოქმედებს, "ვიღაცის სულს", "სულიერ პიროვნებას", მათ შორის ღმერთს და ანგელოზებს, ასევე "ღმრთის მოქმედ ძალას" ან "სულიწმიდას".
ძვ. ბერძნული სიტყვა ψυχή ("ფსიხე" - მშვინვა) და ებრაული "ნეფეშ" (נֶפֶשׁ), რომლებიც წმიდა წერილში გამოიყენებიან, აჩვენებს, რომ "მშვინვა" - ეს არის ადამიანი, ცხოველი ან ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლე.
___________________
ამრიგად, ჩანს, რომ წმიდა წერილის პასუხი კითხვაზე: "რა არის ადამიანი?" იყოფა სამ ნაწილად.
1. ადამიანი შექმნილია მიწის მტვრისგან (დაბ. 2:7). ეს არის ის, რასაც უშუალო კავშირი აქვს ადამიანის სხეულთან. ევოლუციის თეორიაც ადამიანის მიწის მტვრისგან წარმოშობას ასწავლის, მაგრამ მისი წარმოდგენით მტვერი ჯერ გარდაიქმნა პროტოპლაზმად და მხოლოდ წარმოუდგენელი დროის გზის პროტოპლაზმიდან მივიღეთ ადამიანი, მაშინ როდესაც წერილის მიხედვით მტვერი უდიდესი შემოქმედის ხელში უცებ გარდაიქმნა ადამიანად.
2. ადამიანი ფლობს მშვინვას. სიტყვა "მშვინვა" გამოიყენება "ინდივიდუალურობის" აზრით. აი რატომ ამბობს მდიდარი ქრისტეს იგავში: "და ვეტყვი ჩემს სულს (ψυχὴ): სულო (ψυχή), მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე" (ლკ. 12:19). იგივე აზრია სხვა შემთხვევაშიც: "მხოლოდ რვა სული (ὀκτὼ ψυχαί) გადაურჩა წარღვნას" (1 პეტ. 3:20). "გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული (ψυχαῖς)" (საქმე 7:14). ღმერთი ამბობს "აჰა, ჩემია ყველა სული (ψυχαὶ)..." (ეზეკ. 18:4) და "ცოდვილი სული (ψυχὴ) უნდა მოკვდეს" (ეზეკ. 18:4); ანუ ინდივიდუალური არსება მოკვდება საკუთარი ცოდვების გამო. ეს არის - სიცოცხლე, რომელსაც ადამიანი ფლობს (დაბ. 1:30).
3. მაგრამ ადამიანს ასევე აქვს სული ("პნეუმა"), რაც დედამიწაზე მცხოვრებ არც ერთ სხვა არსებას არ გააჩნია, რადგან სული ადამიანმა უშუალოდ ღმრთისგან მიიღო: "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა (πνοὴν)..." (დაბ. 2:7). ეს სულიერი განსხვავება ადამიანს აძლევს შემოქმედთან ურთიერთობის უნარს. "სწორედ ეს სული (πνεῦμα) ემოწმება ჩვენს სულს (πνεύματι)", და არა მშვინვას ან სხეულს (რომ. 8:16). კიდევ უფრო მკაფიოდ აღინიშნება ადამიანის სულიერება მარიამის სიტყვებში: "ადიდებს ჩემი სული (ψυχή) უფალს, გაიხარა ჩემმა სულმა (πνεῦμά) ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო" (ლკ. 1:46). ადამიანის სული ის არსებითი ნაწილია, რომელშიც ვლინდება ღმრთის მსგავსება: "შექმნა ღმერთმა კაცი თავის სახედ, და ხატად ღმრთისა შექმნა იგი..." (დაბ. 1:27).
შემცოდე ადამიანმა დაკარგა ეს ხატება და ამიტომაც მას წმიდა წერილი "უღმრთოს" უწოდებს (ეფეს. 2:12). ღმრთის ხატება კვლავ რომ დაიბრუნოს, ადამიანი ხელახლა უნდა იშვას ქრისტეში. "ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა" (2 კორინთ. 5:17). მან უნდა შეიმოსოს "ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით" (ეფეს. 4:24).
კაპრონი წიგნში "ჭეშმარიტების კონფლიქტი" ამბობს: "ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებით ბიბლიური მოწმობის მიმოწვლილვითი შესწავლა აჩვენებს, რომ ის სრულ თანხმობაშია თანამედროვე მეცნიერების ყველაზე თვალსაჩინო თეორიებთან".
წარღვნამდელი კაცობრიობა
როგორი იყო დედამიწის მოსახლეობა წარღვნამდე? კითხვა, რომლის პასუხადაც ბიბლია განსაზღვრულ მონაცემებს არ გვაძლევს, მაგრამ მაინც გამოთვლათა გზით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სავარაუდო ციფრები. ამისი გაკეთება აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ წმ. წერილის კრიტიკოსებმა, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მოცემულ პრობლემას, დამსახურებული პასუხები მიიღონ.
ქვემოთ (ავტორის მიერ) წარმოდგენილია ორი ცხრილი წარღვნამდელი კაცობრიობის მიახლოვებითი გამოთვლით, რომელიც გაკეთებულია ბიბლიურ მითითებათა საფუძველზე. მაგრამ სანამ მათ განვიხილავდეთ ზოგიერთ წინასწარ შენიშვნებზე შევჩერდეთ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა უკუვაგდოთ ადამიანური საუკუნის 80 წლიანი ხანგრძლივობის ჩვეული წარმოდგენა (იხ. ფსალმ. 89). ჩვენი სიცოცხლე მართლაც "კვამლია, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება" (იაკ. 4:14), მაგრამ ეს სულაც არ ეხება წარღვნამდელი სამყაროს ადამიანს. იქ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევდა ათასობით წლებს! მარტო ადამის სიცოცხლე მოიცავს კაცობრიობის მთელი არსებობის დროის თითქმის ერთ მეექვსედს; თუკი ადამის ცხოვრებას მივამატებთ ნოეს სიცოცხლეს მათ შორის არსებული 126 წლიანი შუალედითურთ, მივიღებთ უზარმაზარ ჯამს, რომელიც 1880 წელს უდრის, რაც კაცობრიობის ისტორიის თითქმის ერთი მესამედია, ვიდრე ჩვენს დრომდე!
ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ 930 წლის განმავლობაში (დაბ. 5:5) ადამს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა თავისი შვილები მერვე თაობამდე და მთელი 56 წლის განმავლობაში იყო ნოეს მამის, ლამექის თანამედროვე.
ნოემ, თავის მხრივ, 950 წელი იცხოვრა და აბრაამის დაბადებამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა, ჰყავდა შთამომავლობის ათი თაობა. ეს ყველაფერი მოტანილია პირველ (A) ცხრილში. რაც შეეხება მეორე (B) ცხრილს მისი ციფრები შედგენილია შემდეგ საფუძვლებზე:
თანამედროვე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელია და შვილთა საშუალო რიცხვი ერთ ოჯაზე ოთხი ადამიანია, რომელიც გაანგარიშებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის გათვალისწინებით. ეს მონაცემები აღებულია ყველაზე ავტორიტეტული წყაროდან, კერძოდ, მულჰოლის "სტატისტიკური ლექსიკონიდან".
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, წარღვნამდელი ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ენოქის გამოკლებით, რომელიც ცოცხლად იქნა აყვანილი ცაში (დაბ. 5:23), გამოიხატება 900 წლით, ანუ ოცდაათჯერ უფრო ხანგრძლივია, ხოლო ბავშვების რაოდენობა ერთ ოჯახზე, იმავე საფუძველზე, 120 სულს უნდა აღწევდეს.
მაგრამ, უკიდურესობაში რომ არ გადავვარდეთ, დავუშვათ ზომიერება თანამედროვე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრაში და ჩავთვალოთ, რომ ის აღწევს არა 30, არამედ 70 წელს, თანაც ამასთანავე ბავშვთა რაოდენობას ერთ ოჯახზე დავტოვოთ იმავე ფარგლებში, გაზრდის გარეშე, ანუ საშუალოდ დავუშვათ ოთხი ბავშვი ერთ ოჯახზე. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც წარღვნამდელი კაცობრიობის ერთ ოჯახზე მაინც 52 სული ბავშვი მოვა.
ეს რიცხვი კიდევ შევამციროთ და ავიღოთ მხოლოდ 48 ბავშვი ერთ ოჯახზე. ამასთან, ეს რიცხვი გაყოფისთვისაც მოსახერხებელია.
გამოთვლის პროცესში გაკეთდა ვარაუდი, რომ კაცობრიობის ერთი მეოთხედი ნაწილი არ დაქორწინებულა, თუმცა, ფაქტობრივად, ყოველი ადამიანი, ვისი სახელიც მოტანილია ცხრილში, დაქორწინებული იყო და ჰყავდა შვილები.
მსოფლიოს მოსახლეობის მეორე მეოთხედთან მიმართებაში გაკეთდა ნაადრევი სიკვდილის ვარაუდი, თუმცა, კვლავაც, აბელის მკვლელობის გარდა, ამგვარი სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ არის ცნობილი წარღვნამდელ პერიოდში. უნდა ვიფიქროთ, რომ იმ დღეებში დედამიწაზე ჯერაც არ არსებობდა ისეთი სასიკვდილო დაავადებები, როგორებიც მძვინვარებენ ჩვენს დღეებში.
ამრიგად, აღებულ იქნა კაცობრიობის ნახევარი, როგორც დაქორწინების შემძლე. ამასთან დაშვებულია ვარაუდი, რომ 900-დან შვიდი ასწლეულის განმავლობაში, წარღვნამდელ კაცობრიობას არ ჰყავდა შვილები, არამედ მათი გაჩენა მხოლოდ თავიანთი არსებობის მეორე და მესამე ასწლეულებში დაიწყეს საშუალო სიჩქარით, ანუ სულ ერთი ბავშვი სიცოცხლის ყოველ ოთხ წელიწადზე.
ამ მონაცემთა საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ აქ გათვალისწინებულია ყველა ვითარება, რათა გამოთვლა არ გამოდგეს ცალმხრივი. გაკეთდა ასევე შობადობის კომპრომისული დაშვება, რომ ძველ დღეებში ის ორჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღეს, თუმცა სრულიად ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ იმ დღეებში შობადობა, უეჭველად, აღემატებოდა დაშვებულ ვარაუდს. მიუხედავად ამისა, თუკი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ეს მოკრძალებული ციფრები, უახლოვდება ჭეშმარიტებას, მაშინ B ცხრილში აღმოვაჩენთ საკმაოდ შესანიშნავ ფაქტს: რომ ადამის სიცოცხლის პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობა უკვე აღწევდა ოც მილიონ ადამიანს! ხოლო მანამ, სანამ კაენი აბელს მოკლავდა, ის უტოლდებოდა 136 მილიონს.
რა თქმა უნდა, განსახილველი საკითხის ხასიათის მიხედვით, ჩანს, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სავარაუდოა, და მათ არა აქვთ პრეტენზია აბსოლუტურ სიზუსტეზე. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ყველა გაკეთებულ შემცირებას, შეიძლება თითქმის დარწმუნებით ვთქვათ, რომ B ცხრილის რიცხვები ატარებენ მიუკერძოებელ ხასიათს, და, სავარაუდოდ, წარღვნამდელი დროების დედამიწის ფაქტობრივი მოსახლეობის შემცირებულ რაოდენობაზე უთითებენ.
შეიძლება მეტის თქმაც. მოსახლეობის ზრდის სიჩქარე ნათლად იყო ღმრთით წინასწარგანსაზღვრული, როდესაც ის ადამს ეუბნებოდა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა" (დაბ. 1:28). ყოველ შემთხვევაში მიზეზი არ გვაქვს დავეჭვდეთ იმაში, რომ კაენის დროს უკვე საკმაო ხალხი ცხოვრობდა დედამიწაზე, რათა მას მათთან ერთად შესძლებოდა აეშენებინა ახალი ქალაქი: ასევე უეჭველია, რომ იმ დღეებში დედამიწაზე არც ქალთა უკმარობა იყო, რომელთაგანაც კაენს შეეძლო აერჩია თავისი მომავალი მეუღლე. ამასთან, რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ ის დაქორწინდა ერთ-ერთ თავის დაზე (რადგან ადამმა "შვა ძენი და ასულნი" (დაბ. 5:4), თუმცა შესაძლოა ის დაქორწინებულიყო ძმისშვილზეც. მაგალითად, ასე დაქორწინდა აბრაამი თავის დაზე (დაბ. 20:12), რის წინააღმდეგაც იმ დროებაში არ არსებობდა რჯულიერი დაბრკოლებანი.
კაენის შიში, რომელიც გაჩნდა საკუთარი დანაშაულის შეგნებით (დაბ. 4:14), არ არის იმდენად უმიზეზო, როგორც ცდილობენ ხოლმე მის განხილვას, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ დროინდელი დედამიწის მილიონიან მოსახლეობას.
ცხრილი B აჩვენებს, რომ წარღვნამდელი დედამიწის მოსახლეობის გამოთვლა მიყვანილია ნოეს დაბადებამდე. ზოგიერთები შეიძლება ამგვარი მეთოდის წინააღმდეგი გამოვიდნენ, იმის საფუძველზე, რომ თუკი გამოთვლას იმავე თანმიმდევრობით წარღვნამდე მივიყვანთ, მაშინ წარმოუდგენლად დიდ რიცხვს მივიღებთ. ამ კონტრარგუმენტზე პასუხი მარტივია. საქმე იმაშია, რომ ნოეს ადრინდელ დღეებში კაცთა შორის მოხდა უდიდესი ცვლილებები, რომლებმაც იმდროინდელი მსოფლიოს მოსახლეობის ამოწყვეტა გამოიწვია. ბიბლიაში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: "წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით" (დაბ. 6:11). როგორც ჩანს ვნებები ძლიერ გახელდნენ და ადამიანები ურთიერთ მტრობაზე, შურისძიებაზე, მკვლელობებზე, ეჭვიანობაზე და სხვა მრავალ უკეთურებაზე გადავიდნენ. შესაძლოა შეტაკებები არსებობდა ტომებს შორისაც, ეს კი ომის ყველაზე საშინელი ფორმაა. მსგავს აზრი სრულ დადასტურებას ჰპოვებს იმ პირველ განკარგულებაში, რომელსაც ღმერთი აძლევს კაცობრიობას წარღვნის შემდეგ: "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი" (დაბ. 9:6), რაც, ცხადია, მოწმობს ღმრთის სურვილზე ბოლო მოეღოს საშინელ სისხლისღვრას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წარღვნამდელ დედამიწაზე. საგანთა ასეთი ვითარება, უეჭველად, სერიოზულად უნდა ასახულიყო მოსახლეობის ზრდაზე და თვით ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც (ფსალმ. 33:13, 15 და 1 პეტ. 3:10-11).
თვით ნოემ 950 წელი იცოცხლა (იხ. დაბ. 9:28), ყველა თავის წინაპარზე უმეტესი, მათუსალასა და იარედის გარდა, მაგრამ მისი ხანდაზმულობა აიხსნება, როგორც ჯილდო მისი სიმართლისთვის, რომელიც ბიბლიაში ორჯერაა დაპირისპირებული მისი თაობის ცოდვილიანობას: "მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე" (დაბ. 6:9). "უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში" (დაბ. 7:1).
ხანდაზმულობის დამოკიდებულება სიმართლეზე არაერთხელ არის ხაზგასმული წმიდა წერილში (იხ. ფსალმ. 33:13-15; სიბრძნე 3:2, 16 და სხვა). მაგრამ მაინც საჭიროა აღინიშნოს, რომ ნოეს, რაღაც ჩვენთვის უცნობი მიზეზებით, ხუთასი წლის ასაკამდე შვილები არ ჰყოლია, წარღვნის დადგომის დროისთვის კი მას ჰყავდა მხოლოდ სამი ძე და არც ერთი ქალიშვილი.
წარღვნის შემდეგ კაცთა მოდგმის დღეთა ხანგრძლივობა კვლავ ამაღლდა. გაპარტახებული მიწა მოსახლეობის ენერგიულ ზრდას ითხოვდა. ადამიანთა სწრაფად გამრავლების ფაქტი ამ პერიოდში მტკიცდება იმით, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ეგვიპტე და ქანაანი უკვე დასახლებული იყო და ჰყვაოდნენ, როდესაც აბრაამი მათკენ გაეშურა (დაბ. 12:10-12; 20:1).
შემდეგ ადამიანთა დღეგრძელობა კვლავ შემოკლდა. აბრაამი, რომელიც წარღვნიდან სულ რაღაც 352-ე წელს დაიბადა, ყველაზე "მხცოვან და ხანდაზმულ" ადამიანად ითვლებოდა, არადა ის გარდაიცვალა 175 წლისა; ხან მასზე ამბობენ, რომ ის "აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული..." (დაბ. 25:7-8).
კაცობრიობის აკვანი
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მეცნიერება ხალისით ადასტურებს წერილის მოწმობას (დაბ. 2:10-14), რომ დედამიწის ის ადგილი, სადაც ჩვენი პირველმშობლები ცხოვრობდნენ, მდინარე ევფრატის ველი იყო.
ვილიამ დაუსონი წიგნში "თანამედროვე მეცნიერება", ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მრავალი გამოჩენილი მეცნიერი ეთანხმება გეოლოგიური მონაცემებს, რომლებიც ევფრატის ველზე აღმოაჩინეს, რომ სწორედ იქ დაიწყო ადამიანმა სიცოცხლე დედამიწაზე.
ჰეკელი, დიდი გერმანელი ნატურალისტი, თავის "ქმნილების ისტორიაში", აცხადებს, რომ "სამეცნიერო თვალსაზრისით კაცობრიობის აკვანი შეუძლებელია იყოს არც ევროპაში, არც აფრიკაში, არც ამერიკაში, არც ავსტრალიაში, - ყველა მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ მისი ადგილსამყოფელი იყო სამხრეთი აზია.
ამრიგად, ცხადი ხდება, რომ მეცნიერება ადამიანის შესახებ სრულ თანხმობაში იმყოფება ამ საკითხში წმ. წერილთან.
გაგრძელება იქნება.
იხ. შინაარსი.
წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.