საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიის აპოლოგეტიკა. თ. I_II - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიის აპოლოგეტიკა
 
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
წმიდა წერილი
თავი I. ვერბალური ღმრთითშთაგონებულობის თეორია
 
ამ თეორიის (1) წინააღმდეგ იმდენად ბევრი კრიტიკოსი აღდგა, რომ გასაკვირი არც არის, თუკი მორწმუნეთა შორის ვიპოვით დაბრკოლებულთაც. მაგრამ ამან შეიძლება ისინი მხოლოდ წააქეზოს მეტი დაკვირვებულობით მოეკიდონ განსახილველი თემის აქ შემოთავაზებულ დეტალურ განხილვას.
 
________________
 
1. ვერბალური ნიშნავს სიტყვასიტყვითს - ავტ.
 
________________
 
ვერბალური ღმრთითშთაგონებულობის კრიტიკოსთა უმრავლესობა თავის მსჯელობას აფუძნებს იმას, რომ თითქოსდა ღმრთითშთაგონებულობის ასეთი გაგება სავალდებულო არ არის. ზოგჯერ ისინი ბიბლიიდან იღებენ თარიღებსა და ციფრებს, მათი აზრით, ურთიერთსაწინააღმდეგოს, და ამტკიცებენ, რომ ისინი დაშვებულია ადამიანების მიერ, მაშასადამე, ვერბალური ღმრთითშთაგონებულობა არ არსებობს. მაშინ როდესაც სინამდვილეში ირკვევა, რომ ისინი საკითხს მიეახლნენ არასაკმარისი სერიოზულობით და მიმომწვლილველობით, და უბრალოდ დაუშვეს შეცდომა, როდესაც ერთმანეთს ადარებდნენ სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებულ ციფრებს.
 
ამასთან, როდესაც განვიხილავთ ღმრთის შემოქმედებას ბუნებაში, ვამჩნევთ როგორი გასაოცარი დეტალურობა და სიზუსტეა ყველაზე უმცირეს წვრილმანებშიც კი.
 
შედარებისთვის თუ ავიღებთ ყველაზე წვრილი ნემსის მახვილ ბოლოს, რომელიც ადამიანის ხელით არის დამზადებული, და მიკროსკოპის ქვეშ დავათვალიერებთ, დავინახავთ, რომ ზედაპირის სიგლუვისდა მიუხედავად, ის მაინც დაკბილულია და უხეში; მსგავს ვერაფერს შევნიშნავთ ღმრთის ქმნილების - კრაზანის ნესტარში, თუნდაც ის ზეძლიერი მიკროსკოპის ქვეშ დავათვალიეროთ. ჭეშმარიტად "სრულყოფილია მისი ქმნილება" (მეორე რჯლ. 32:4). თუკი ღმერთმა ასეთი სრულყოფილებით შექმნა მცირე ხნით მცხოვრები მწერი, როგორ შეგვიძლია დავუშვათ მკრეხელური აზრი, რომ მან ნაკლები ყურადღება გამოიჩინა თავისი სიტყვის, ბიბლიის შესაქმნელად, რომელიც "ჰგიებს უკუნისამდე" (1 პეტ. 1:25), და განადიდა მის ყოველ სახელზე მეტად მისი ნათქვამი (შეად. ფსალმ. 137:2), რომელიც მილიონობით სულთა სასოებას წარმოადგენს.
 
რწმენა წმიდა წერილის ღმრთითშთაგონებულობისადმი საერთოდ რწმენის ფუნდამენტიცაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტი მყარად იყოს განმტკიცებული, რადგან, "თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?" (ფსალმ. 10:3). მოდი გავამყაროთ ეს აზრი ძველ საუკუნეთა მამების მტკიცებულებებით.
 
კლიმენტ რომაელი, რომელიც ქრ. შ.-დან 90 წელს ცხოვრობდა, ამბობს: "წმიდა წერილი არის წმიდა სულის ჭეშმარიტი სიტყვა".
 
ნეტ ავგუსტინეც იცავდა ღმრთის სიტყვის უცდომელობის ჭეშმარიტებას.
 
პროფ. ჰაუსენი წერს: "წმ. წერილი ღმრთისგანაა თვით ენითაც".
 
დიდი მეცნიერი გალილეი ამბობდა: "დაუშვებელია წმიდა წერილი ან ცრუობდეს, ან ცდებოდეს; მისი გამონათქვამები აბსოლუტურია და შეუხებლად ჭეშმარიტია" (Н. А. Любимов, История физики. Ч. III, отд. 1, стр. 22).
 
ბუნების მკვლევარი ფარადეი ერთხელ სიტყვას წარმოთქვამდა თემაზე "ცრემლის ქიმიური ანალიზი", სხვათა შორის მან თქვა, რომ "როგორც ცრემლები მომდინარეობენ გულიდან და მიდიან გულისკენ, ასევე ბიბლია გამომდინარეა ღმრთისგან - და ვინც ღმრთისგანაა, ის ისმენს მის ხმას".
 
პროფ. მაკინტოში ერთ-ერთ თავის შრომაში წერს: "რაც უფრო მეტად ვსწავლობ ბიბლიას, ჭეშმარიტი რელიგიის საფუძველს, მით უფრო ვრწმუნდები მის ღვთაებრივ წარმომავლობასა და ავტორიტეტში".
 
დოქტორ ლის წიგნში "შთაგონება", 14-ე გვერდზე ვკითხულობთ: "სამეცნიერო და გეოგრაფიული დეტალები, რომლებიც ნახსენებია ბიბლიაში, მითითებულია უცდომელი სიზუსტით".
 
ცნობილი ინგლისელი მწერალი ჩ. დიკენსი, ავსტრალიაში უგზავნიდა რა თავის შვილს ახალ აღთქმას, წერდა: "წიგნებს შორის, რომელიც შეგირჩიე, ჩავდევი სახარებაც... იცოდე, მეგობარო, რომ ეს არის უსრულყოფილესი წიგნი წიგნთა შორის, რომელთაც ოდესმე უარსებიათ ან მომავალში იარსებებენ! ... ის მომდინარეობს თვით ქრისტესგან, და თუკი მას გულის უბრალოებით, გულწრფელობითა და მორჩილებით მიჰყვები - ცუდ გზებს ყოველთვის გაშორდები".
 
რუსმა მწერალმა ფ. მ. დოსტოევსკიმ ეს კიდევ უფრო მხატვრულად გამოთქვა: "უფალო! წმიდა წერილის სახით ეს რა წიგნი უბოძე ადამიანს, როგორი სასწაული და როგორი ძალა! ზუსტი გამოქანდაკება ქვეყნიერებისა და ადამიანის, კაცთა ხასიათებისა, სადაც ყველაფერს მიცემული აქვს თავისი სახელი და მითითებული აქვს უკუნითი უკუნისამდე" (ძმები კარამაზოვები).
 
ერთხელ ვესტმინსტერის სააბატოს მოძღვარმა თვის ქადაგებაში თქვა: "ბიბლიაში რომ უზუსტობის ელემენტი აღმოჩენილიყო, ჩვენ შევწყვეტდით მისით, როგორც ღმრთითშთაგონებული წიგნით სარგებლობას. მაგრამ სწორედ იმაშია მისი უცდომელობა, რომ ბიბლიის უკან და ბიბლიაზე ზემოთ დგას ბიბლიის ღმერთი".
 
რომის კათოლიკური ეკლესიაც კი, მიუხედავად მისი არამყარი დამოკიდებულებისა ბიბლიისადმი, 1870 წლის ვატიკანის კრებაზე აცხადებს, რომ "წმიდა წერილი შეიცავს უცდომელ გამოცხადებას და, რომ, დაწერილია რა სულიწმიდის შთაგონოებით, მისი ავტორი არის ღმერთი" თითქმის ასეთივე აზრი იყო გამოთქმული ცნობილ ტრიდენტის კრებაზეც.
 
რა თქმა უნდა, ზემოთმოტანილი  მოწმობები ვერ ამოწურავენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობილ ადამიანთა მიერ გამოთქმულ მტკიცებულებებს ბიბლიის ღმრთითშთაგონებულობის შესახებ, მაგრამ, ყველა მათგანი რომც დაგვემოწმებინა, მაინც, ყველა მათგანი ოდენ ადამიანის შეხედულების გამოხატულება იქნებოდა წმ. წერილთან დაკავშირებით. ამიტომაც, მხედველობაში ვიღებთ რა მათ, გადავიდეთ კიდევ უფრო რეალურ და ხელშესახებ არგუმენტებზე, რომლებიც ღმრთის შეწევნით დაგვეხმარებიან ბოლო მოვუღოთ ყველა ეჭვს ამ მიმართებით.
 
პირველ რიგში განვიხილოთ ორი შემდგომი მდგომარეობა.
 
ბიბლია თუ ღმრთითშთაგონებული წიგნია ამ სიტყვის სრული გაგებით, მაშინ მასში არ უნდა იყოს შეცდომა; ხოლო თუკი დავუშვებთ, რომ ღვთითშთაგონებულობა იყო არასრული, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ ნაწილში, რომელიც ადამიანური რჩება, შესაძლოა შეცდომები.
 
პირველ მიდგომასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ დღემდე, კრიტიკოსთა ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, ბიბლიაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი შეცდომა, რომელიც ღმრთისგან იქნებოდა მომდინარე. რაც შეეხება მეორე მიდგომას, მას რომ ადგილი ჰქონოდა, როგორ იქნებოდა შესაძლებელი განგვესხვავებინა ბიბლიაში - რომელი ნაწილია ღმრთითშთაგონებული და რომელი არა? წმიდა წერილის არასრული ღმრთითშთაგონებულობის იდეა, უეჭველად, ეკუთვნის ეშმაკს. მხოლოდ მას აწყობს, რათა ადამიანები წმ. წერილის უნდობლობით მოეკიდონ.
 
ბიბლიის სრული ღმრთითშთაგონებულობის პირდაპირი მითითებების გარდა, რომლებიც წმიდა წერილშივეა მოცემული, საკმაოდ საყურადღებოა სულიწმიდის ირიბი მოწმობებიც. ასე, მაგალითად, ახალ აღთქმაში არაერთხელ არის ხაზგასმული არა მარტო ძველი აღთქმიდან ციტირებული სიტყვების მნიშვნელობა, არამედ ამ სიტყვათა გრამატიკული ფორმებისა და დაბოლოებებისაც. მივაქციოთ ყურადღება:

1. ებრ. 12:27. ამ ეპისტოლეს ავტორი, როდესაც ახდენს ანგიას წინასწარმეტყველებია 2:7 მუხლის ციტირებას, უბრალო სიტყვებით "ერთხელ კიდევ" (ანგ. 2:7) ადასტურებს მნიშვნელოვან დასკვნას, რომელიც მომავალ სამსჯავროს ეხება.
 
2. ლუკა 20:37. აქ იესუ ქრისტე სადუკეველებს განუმარტავს მკვდართა აღდგომის დოქტრინის არსს, უთითებს რა მათ დროის გრამატიკულ სიზუსტეზე, რომელიც ღმერთმა მოსესთან საუბარში გამოიყენა. "მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს", და არ ამბობს: "მე ვიყავი ღმერთი აბრაამისა..." და ა. შ.
 
3. გალატ. 3:16. მოციქული პავლე, როდესაც ამტკიცებს რწმენით გამართლებას, სჯულის საქმეებით გამართლების საპირისპიროდ მორწმუნეთა ყურადღებას მიაპყრობს სიტყვებს  "შენს თესლსაც", ეფუძნება რა წმიდა წერილის შესაბამის ადგილს: "არ თქმულა: "მის თესლთაც", როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა ("შენს თესლსაც"), რომელიც არის ქრისტე".
 
ამის გარდა სულიწმიდა განსაზღვრულად ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ წმიდა წერილი მოცემულია არა მარტო "სამხილებლად", არამედ "გამოსასწორებლადაც" (2 ტიმ. 3:16). მაშ, როგორ არის შესაძლებელი ჩვენი გამოსწორება შეძლოს არაზუსტმა წიგნმა? მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მრავალ სხვა შეკითხვათაგან, რომლებიც იბადება ბიბლიის ვერბალური ღმრთითშთაგონებულობის უარყოფისას.

 
ღმრთითშთაგონებულია არა მარტო იდეები, არამედ სიტყვებიც

წმიდა წერილის სრული ღმრთითშთაგონებულობის მოწინააღმდეგეები ამბობსნ, რომ ბიბლიაში ზოგი აზრი ან იდეა შთაგონებულია ზეგარდმო, მაგრამ, შემდგენლები ამ საღმრთო აზრებს მოსავდნენ საკუთარი სიტყვებით. ძნელი არ არის დავინახოთ, როგორ ეწინააღმდეგება მსგავსი მსჯელობა საქმის ჭეშმარიტ მდგომარეობას. თვით შემდგენელთა მოწმობით შეიძლება ვნახოთ, რომ ღმერთი მათ აძლევდა სიტყვას, მაგრამ არა ყოველთვის. ის აძლევდა მათ აზრის შემეცნებას, რაც ამ სიტყვის იდეაში იყო ჩადებული ან დაფარული. ამის გამო წმ. წერილის მრავალი ადგილი დღემდე გაუგებარია. ამის დასტურს ვპოულობთ შემდეგ ტექსტში.
 
1 პეტ. 1:10-11. "სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას".
 
მაშასადამე, როდესაც წინასწარმეტყველები ზეგარდმო შთაგონებით წერდნენ ქრისტეზე, მათ თვითონაც უნდა ეაზრათ დაწერილი, რათა გაეხსნათ მათში მოცემული დაფარული აზრი. ყველას როდი გამოსდიოდა ეს, რადგან მოწმობა მოცემული იყო არა მათთვის, არამედ ჩვენთვის (1 პეტ. 1:12).
 
წავიკითხოთ დანიელის 12:8-9: "გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე".
 
აქ კიდევ უფრო ძლიერ არის ნაჩვენები სრული საღმრთო ხელმძღვანელობა წინასწარმეტყველ დანიელზე, რომელიც წერდა წმ. წერილის წიგნს, ის გრძნობდა, რომ წერდა უდიადეს ჭეშმარიტებას, მაგრამ არ შეეძლო ჩაწვდომოდა მის ღრმა იდეას.
 
21-ე ფსალმუნში ლაპარაკია ქრისტეს კვართის დანაწილებაზე, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად ესმოდა დავითს წინასწარმეტყველური აზრი იმისა, რასაც წერდა. მითუმეტეს, - როგორ შეეძლო ის ჩაწვდომოდა სიტყვების აზრს: "განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი" (მ. 18), თუკი ცნობილია, რომ ჯვარცმა იმ დროს საერთოდ არ იყო ებრაელთა პრაქტიკაში, რომაელებში კი ჯვარცმისას ხელები და ფეხები არ მიელურსმნებოდნენ ძელს, არამედ თოკებით იყო გადაჭერილი? წარმოიდგინეთ, როგორი საშინელი შეცდომები შეიძლებოდა დაშვებულიყო წმ. წერილში, თუკი მათ შემდგენლებს უფლება მიეცემოდათ აერჩიათ სიტყვები და გამოთქმები მათი საკუთარი შეხედულებების მიხედვით?
 
ძველი აღთქმა შეიცავს არანაკლებ 333 წინასწარმეტყველებას, რომლებიც ეხება მესიას და უფალ იესუ ქრისტეს მიწიერ ცხოვრებას, რომლებიც აღსრულდა. რა ბედი ეწეოდა ყველა ამ წინასწარმეტყველებას, თუკი ისინი დაწერილნი არ იქნებოდნენ ვერბალური ღმრთითშთაგონებულობით?
 
აი, ჩვენს წინაშეა ბიბლიიური თხრობა სამყაროს შექმნის შესახებ. რითი ავხსნათ, თუ არა ვერბალური შთაგონებით, ის გასაოცარი მეცნიერული სიზუსტე, რომელიც ესოდენ შემჭიდროვებული სახით არის გადმოცემული? რა იქნებოდა, თუკი მოსეს, მთელი მისი იმდროინდელი განათლებულობით, დაევალებოდა საკუთარი სიტყვებით გადმოეცა დაბადების წიგნის პირველი თავები, განა არ გამოვიდოდა იგივე, რაც ქალდეურ ლეგენდებშია გადმოცემული, მათთვის დამახასიათებელი უზუსტობებითა და წინააღმდეგობებით, არადა ისინი მოსეზე არანაკლებ განათლებული ადამიანების მიერ იყო დაწერილი?
 
შევჩერდებით რა ამ საკითხზე, მოვიტანთ თანამედროვე სამეცნიერო სამყაროს რამოდენიმე მკაფიო მოწმობას.
 
ცნობილი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ანდრია ამპერი (1775 – 1836) ასე ადასტურებს სამყაროს შექმნის მოსესეულ თხრობას: "თანმიმდევრობა, რომლებშიც ჩნდებიან ორგანულ-ჩამოყალიბებული არსებები, ავლენს უზუსტეს თანხვედრილობას შესაქმის ექვსი დღის თანმიმდევრობასთან, როგორც წარმოგვიდგენს ამას ბიბლია" (Апология Христианства, Геттингера).
 
ამერიკელი გეოლოგი დანა (1813 – 1895) სერიოზული გამოკვლევების შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები თავიანთ მთავარ ნიშან-თვისებებში თანხმიერნი არიან მოსეს კოსმოგონიასთან, ამიტომაც მივიდა დასკვნამდე, რომ ბიბლია - ეს არის არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი წარმომავლობის წიგნი. "შეიძლება დავასკვნათ, - ამბობს დანა, - რომ თუკი მოსეს დოკუმენტი ჭეშმარიტია, რადგან მოვლენათა თანმიმდევრობა წერილის კოსმოგონიაში არსებითად შეესაბამება იმას, რაც მოცემულია გელოგიის მიერ, - მაშასადამე, ის - საღმრთო წარმომავლობისაა, რადგან ვერანაირი ადამიანური გონება ვერ იქნებოდა ამ მოვლენათა მომსწრე..." (Маnual of geology 767–770 р.).
 
თავისი ოპტიკური აღმოჩენებით მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგი მეცნიერი ბიო (1774 – 1862), სამყაროს შექმნაზე მოსეს თხრობასთან დაკავშირებით წერს: "ან მოსეს გააჩნდა ესოდენ ღრმა სამეცნიერო გამოცდილება, როგორსაც ჩვენი საუკუნე ფლობს, ან ის ზეგარდმო იყო შთაგონებული".
 
მეცნიერთა სხვა უსასრულოდ მრავალ მოწმობას შორის ავიღოთ კიდევ ერთი - პროფ. ბეტექსის განცხადება მისი ცნობილი სტატიიდან "ბიბლიის პირველი გვერდი", სადაც ის ამბობს: "ყოველი ადამიანი ცალკე აღებული, ისევე, როგორც მთლიანად კაცობრიობა, დგას ორმაგი კითხვის წინაშე: სსაიდან ვართ და სად მივდივართ? მაგრამ, უფალმა, ვინც ადამიანის გული შექმნა და იცის ყველა მისი კითხვა, პასუხი თავის სიტყვაში მოგვცა. მოსეს პირველი წიგნი - დაბადება, - მოგვითხრობს, საიდან ამოვედით, ხოლო წმ. წერილის ბოლო წიგნი - წმ. იოანეს გამოცხადება მიგვითითებს, თუ საით მივდივართ..."
 
როგორ ბრწყინვალე მოწმობაა!
 
მაგრამ, აი კიდევ ერთი კითხვა იოანეს გამოცხადებასთან დაკავშირებით. ასე იმიტომ ხომ არ გვიზიდავს აპოკალიფსისის ფურცლები და გვაიძულებს ჩავუღრმავდეთ მის კვლევებს სრული დაჯერებით, რომ წარსული ისტორიის გამოცდილებით, უკვე საკმაოდ დავრწმუნდით, რაოდენ ზუსტად სრულდება საღმრთო განგებულება? თავის დროს დანიელის წიგნს ისეთივე იდუმალი ხასიათი ჰქონდა, როგორც დღეს იოანეს აპოკალიფსისს. მაგრამ ის, რაც წარმოადგენდა დანიელის წინასწარმეტყველებას, ახლა ისტორია გახდა, ასე იქნება აპოკალიფსისის შემთხვევაშიც. მრავალი მისი საიდუმლო უკვე ნელ-ნელა იხსნება, რადგან ალხოვდება უფლის მიერ დაწესებული ვადები.
 
ამრიგად, არ შეიძლება ეჭვიც კი არსებობდეს ვერბალური ღმრთითშთაგონების ჭეშმარიტებაში. ვინც ეჭვობს მას ან ბიბლია არ უკვლევია, ან კიდევ იმყოფება რომელიღაც კრიტიკული ლიტერატურის გავლენის ქვეშ. ფაქტია ის, რომ დედამიწაზე ჯერაც არ დაბადებულა ადამიანი, ვინც, ღმრთისგან იქნებოდა შთაგონებული, და ადამიანებს მოატყუებდა. ამისი გაკეთება სცადა ბალაამმა (იუდა 11), წარმართმა, მაგრამ რაოდენ დიდი ყოფილიყო გამორჩენის წყურვილი, სულიწმიდის გავლენა უძლიერესი აღმოჩნდა (იეს ნავე 24:10). შინაგანი ჭიდილის შემდეგ ბალაამი იძულებული გახდა ეთქვა: "განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი" (რიცხვ. 22:38). მითუმეტეს ეს შეუძლებელია ღმრთის წინასწარმეტყველთაგან!


თავი II. ღმრთითშთაგონებულობის სამი მოწმობა
 
ბიბლიაში არის ადგილები, რომელთა არც გაგებაა შესაძლებელი და არც მათი განმარტება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმრთის სიტყვა შეიცავს ისეთ სიღრმეებს, რომელთაც ადამიანის გონება ვერ წვდება, ვერ მოიცავს მათ, ვერ გაზომავს. მაგრამ ასეთ ადგილებს თავიანთი დანიშნულება გააჩნიათ და, ბოლოს და ბოლოს, იღებენ ნათელ პასუხს. სანიმუშოდ ავიღოთ ესაიას წინასწარმეტყველების მე-7 თავის 14-ე მუხლი, სადაც ლაპარაკია ქალწულზე, რომელიც მუცლად იღებს და შობს ძეს. განა ადამიანური გონება ამ ცნობას შეცდომად არ ჩათვლიდა, წინასწარმეტყველება ბუკვალურად რომ არ აღსრულებულიყო (ლუკა 1:26-31)? არადა შვიდასი წლის განმავლობაში მას შეეძლო შეეცბუნებინა გული მრავალი ღვთისმოსავი ადამიანისა.  
 
წმიდა წერილი ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა (რომ 15:4), და არა საკრიტიკოდ. ამიტომ, უმჯობესია მივენდოთ ყველა მის შეტყობინებას, როგორც გასაგებს, ასევე გაუგებარსაც და მიუწვდომელსაც, ვიდრე ვეძებოთ ძნელადსაწვდომი ადგილები და კითხვის ნიშნები დავსვათ მათზე ან, რაც უარესია, - შეცდომებად ჩავთვალოთ.
 
უეჭველად, წმიდა წერილის სწორედ ეს მიუწვდომელი სიღრმეებია მისი ღვთაებრივი წარმომავლობის დასტური; ყოველ მოკვდავს რომ შეძლებოდა მთელი წმიდა წერილის თავიდან ბოლომდე გაგება, ეს უფრო არ შეარყევდა ჩვენს რწმენას ბიბლიის ღმრთითშთაგონებულობისადმი? მაგრამ მდგომარეობა რჩება ისეთად, როგორც ეს მითითებულია ესაიას წინასწარმეტყველებაში, რომელიც მან ღმრთის სახელით გააკეთა: "რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე" (ეს. 55:8-9). სხვა ადგილას კიდევ უფრო პირდაპირ არის ნათქვამი: "როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ ისახება ძვლები სავსე მუცელში, ასევე არ უწყი საქმენი ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა" (ეკლ.11:5).
 
ახლა მივმართოთ სამ მოწმობას, რომლებიც ადასტურებენ ბიბლიის ღმრთითშთაგონებულობას; დავასახელოთ ისინი თანმიმდევრულად:
 
1. არქეოლოგიის მოწმობა.

2. თვით წმიდა წერილის მოწმობა.
 
3. იესუ ქრისტეს მოწმობა.
 
 
1. არქეოლოგიის მოწმობა. ვერც ერთი კრიტიკოსი ვერ შეეწინააღმდეგება აღმოჩენებს, რომლებიც ამ ბოლო დროს ეგვიპტეში, პალესტინაში, მესოპოტამიასა და სხვა ბიბლიურ ქვეყნებში დაფიქსირდა. ისინი გვაძლევენ უმდიდრეს მასალას, რომლებიც ბიბლიურ მოწმობათა სიზუსტეს ადასტურებენ.
 
პროფ. ფრიდრიხ დელიჩი თავის ლექციებში "ბაბილონი და ბიბლია" იმოწმებს უამრავ საინტერესო მონაცემს. სხვათა შორის, ის ლაპარაკობს ნიპურის ამერიკულ გათხრებზე, სადაც აღმოაჩინეს დიდი ოჯახის "მურაშუ და შვილების" დოკუმენტები, რომლებიც თავიანთ ოპერაციებს აწარმოებდნენ არტაქსერქსეს დროს (450 წ. ქრ. შ.-მდე). ამ დოკუმენტებში ნაპოვნია ებრაელ დევნილთა მრავალი სახელი, რომლებიც ბაბილონში დარჩნენ, მაგალითად, ნათანაელი, ანგია, ბენიამინი; ე. წ. ნიპურთან დაკავშირებით ნახსენებია ქაბარის არხი, რომელშიც, ეზეკიელის ხილვის წყალობით, შეგვიძლია ამოვიცნოთ ქობარის არხი ქალდეის მიწაზე" (ეზეკ. 1:3).
 
იგივე დელიჩი ამბობს, რომ სხვა მკვლევარმა, სერმა გ. როულინსონმა 1849 წელს აგურების მიხედვით (ბაბილონის აგურებს ჰქონდათ დაღი ქალაქის სახელწოდებით) შეძლო ელ მუჰოჯარის ნანგრევებზე, რომელიც ევფრატის ქვედა დინების მარჯვენა მხარეს მდებარეობს, აღმოეჩინა ქალდეური ქალაქის ურის ნაკვალევი; ეს ქალაქი ახლა აღიარებულია აბრაამის სამშობლოდ, და, შედეგად, - ისრაელი ხალხის პირველმშობელთა სამკვიდროდ (დაბ. 2:31; 15:7).
 
"გეოგრაფიული ადგილების მსგავსად, - აგრძელებს დელიჩი, - მრავალი პიროვნების სახელი, რომლებიც ბიბლიაშია ნახსენები, ამ გათხრების შედეგად ასევე გასაგები გახდა. ესაიას წინასწარმეტყველებაში (ეს. 20:1) ნახსენებია აშურეთის მეფე სარგონი (შარუკინი (Šarru-kīn) ან ან შარუ-კინუ (Šarru-kinu)), რომელმაც თავისი მხედართმთავარი გააგზავნა აზოტეს წინააღმდეგ. ფრანგმა კონსულმა ემილ ბოტამ 1843 წელს, მოსულთან ახლოს, ხორსაბადის გორაკზე, ანუ მესოპოტამიაში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, და პირველი აშურული სასახლე, რომელსაც წააწყდა, აღმოჩნდა სწორედ სარგონის სასახლე; ხოლო ერთ-ერთ ბრწყინვალე ბარელიეფზე, რომელიც მეფის სასახლეს ამშვენებდა, გამოსახული იყო თვით გმირი, რომელიც ესაუბრებოდა თავის მხედართმთავარს.
 
მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი იყო საკითხი 4 მეფ. 18:14-ში მოცემული ცნობის სიზუსტესთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია ასურელთა მეფე სენაჰერიბი, რომელიც ხარკს ახდევინებდა იერუსალიმის მეფე ეზეკიას. ხოლო როდესაც იპოვეს აშურული ჩანაწერები, ასეთი ფაქტის სინამდვილე დადასტურდა. განსხვავება იყო მხოლოდ ხარკის სიდიდეში: ბიბლიაში მითითებული იყო "სამასი სასწორი ვერცხლი და ოცდაათი სასწორი ოქრო", მაშინ როდესაც ასურული წყაროებით ტალანტების რაოდენობა უტოლდებოდა ოცდაათს, ვერცხლის რაოდენობა კი რვაასს.
 
პირველად ამან გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ორივე ჩანაწერი აბსოლუტურად სწორია და იდენტური. განსხვავება მიღებული იყო იუდაური და ასურული ფულის სხვადასხვა კურსის გამო. იმ დროს, როდესაც ოქროს ტალანტები ორივე სახელმწიფოში ერთნაირად ფასდებოდა, ვერცხლის ტალანტების ღირებულებაში იყო განსხვავება, კერძოდ: რვაასი ასურული ვერცხლის ტალანტი უტოლდებოდა 300 ებრაულს. იგივე სურათია ჩვენს დროშიც თუკი ინგლისურ ფუნტებს შევადარებთ თურქულ ლირას.
 
არანაკლებ საინტერესოა არქეოლოგების აღმოჩენები ქალდეველთა მეფის ბალთაზარის სახელთან დაკავშირებით, რომელსაც ვხვდებით დანიელის წინასწარმეტყველების წიგნში. ბოლო დრომდე მეცნიერები ვერ ახერხებდნენ ეპოვათ ეს სახელი მთელი ქალდეის მეფეთა და საერთოს ძველი ისტორიის მეფეთა შორის. საკითხს ართულებდა კიდევ ის, რომ მეფეთა სიაში მოცემული იყო ნაბონიბუსის სახელი, რომლის მმართველობა სწორედ ბალთაზარის მეფობის დროს ემთხვეოდა. ბიბლიის კრიტიკოსები მზად იყვნენ ეზეიმათ გამარჯვება. მაგრამ აქაც კვლავ არქეოლოგია მოვიდა დასახმარებლად.
 
1854 წელს სერ ჰენრი როულინსონმა ქალდეველთა ურის გათხრების დროს იპოვა რამოდენიმე ტერაკოტული (terracotta - გამომწვარი მიწა - "აპოკ". რედ.) ცილინდრი, რომლებზეც არის ზემოთხსენებული მეფის ნაბონიბუსის მიერ გაკეთებული წარწერა, რომელიც ღაღდებს: "ბალთაზარი, ჩემი უფროსი შვილი". ამგვარად, საიდუმლო გაიხსნა. ჯერ-ერთი, ნათელი გახდა, რომ ბალთაზარი ისტორიული პიროვნებაა, და არა გამონაგონი; მეორეც, რომ, როგორც ნაბონიბუსის ძე, ის ბაბილონში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც იქ ცხოვრობდა დანიელი. საჭირო იყო მხოლოდ იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლებოდა ის ყოფილიყო ქალდეველთა მეფე, თუკი ძველი წყაროების მიხედვით მისი მამა ბაბილონის უკანასკნელი მეფე იყო. გავიდა გარკვეული დრო და ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.
 
1876 წელს სერ როულინსონმა გააკეთა მანამდე არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი აღმოჩენა. მისმა მუშებმა, რომლებიც ბაბილონის აღმოსავლეთ ნაწილში გათხრებს აწარმოებდნენ, იპოვეს დოქი, რომელიც შეიცავდა ორი ათასზე მეტ ფირფიტას ძველი ბაბილონისა და სპარსეთის ლურსმული დამწერლობით. ერთ-ერთი მათგანი ოფიციალური ჩანაწერი აღმოჩნდა, რომელიც ეკუთვნოდა სპარსეთის მეფე კვიროსს ბაბილონში მის შეჭრამდე. ამ ჩანაწერიდან ცხადი ხდება, რომ ნაბონიბუსი ჯერ გაიქცა, შემდეგ კი შეიპყრეს და დაატყვევეს. ამასთანავე, შემდეგში ჩანაწერი იტყობინება, რომ ერთხელ "ღამით ... მეფე მოკვდა". მხედველობაში თუ მივიღებთ იმას, რომ ნაბონიბუსი ბაბილონის დაცემის შემდეგ დიდხანს ჰყავდათ დატყვევებული, ეს "მეფე", რომელიც "ღამით" მოკვდა სხვა არავინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა ბალთაზარი. დანიელის წიგნში ასეც არის ნათქვამი: "იმავე ღამეს იქნა მოკლული ვალტასარი, ქალდეველთა მეფე" (დანიელი 5:30).
 
მეცნიერები მივიდნენ ერთ აზრამდე, რომ ბალთაზარი მოქმედებდა, როგორც რეგენტი თავისი მამის არყოფნის (ტყვეობის) პერიოდში. ის ფაქტობრივად მეფობდა კიდეც, ოღონდ არ შეეძლო ოფიციალურად თავი გამოეცხადებინა მონარქად, რადგან მისი მამა ჯერაც ცოცხალი იყო. ერთ-ერთ დოკუმენტში (ფირფიტაში) მოცემულია პირდაპირი მითითება ბალთაზარზე, როგორც მეფეზე. იქ ნათქვამია: "მეფე ბალთაზარის მესამე წელიწადი". ამასთან საინტერესოა აღინიშნოს, რომ ორი მეფის ერთდროული მეფობის ფაქტს ადასტურებს ბალთაზარის წინადადება დანიელი დანიშნოს სამეფოს მესამე მთავრად (დან. 5:16); გამოდის, რომ პირველი იყო ნაბონიბუსი, მეორე - ბალთაზარი, მესამე კი შეიძლებოდა გამხდარიყო დანიელი. სხვა შემთხვევაში დანიელს შეთავაზებდნენ მეორე მმართველოს ადგილს, როგორც ეს მოხდა იოსების შემთხვევაში ეგვიპტეში.
 
ამრიგად, საჭიროა იყო მომთმენი მკვლევარი, რათა დაინახო რაოდენ ზუსტია ბიბლია და როგორ ჰარმონიულად ერწყმის მისი ცნობები ისტორიულ მონაცემებს.
 
მაგალითების მოტანა კიდევ შეიძლება, მათი რაოდენობა იმენია, რომ ცალკე წიგნის დაწერაც შეიძლება. ამიტომ მხოლოდ რამოდენიმე დამატებითი ფაქტებით შემოვიფარგლებით.
 
გვსურს მკითხველის ყურადღება მივაპყროთ ქ. ფითომს, რომელიც ამასწინათ თანამედროვე თელ-ელ-ქებირის ახლოს აღმოაჩინეს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ებრაელებმა ფარაონ რამზეს II-ის ბრძანებით პურის ჩასაყრელი ცნობილი ელევატორი ააშენეს (გამ. 1:11). ნანგრევთა შესწავლამ გამოავლინა ერთი დეტალი - ნაგებობის კედლები გაკეთებული იყო მზეზე გამომხმარი აგურებით, თანაც, აგურთაგან ზოგიერთი ბზით იყო დამზადებული, ზოგი კი ბზის გარეშე, რაც სრულად უნდა ეთანხმებოდეს გამოსვლათა წიგნის 5:7-ე მუხლს. იქ წერია ფარაონის მიერ 3500 წლის წინათ გაცემული განკარგულება, რომელიც კრძალავს ბზის გაცემას ებრაელი მონებისთვის "ალიზის მოსაზელად", რომ მისგან აგურები აკეთონ.
 
კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ დელიჩს. მეორე ლექციაში ის ამბობს: "არც ისე დიდი ხნის წინ არქეოლოგებმა უკვე ყოველგვარი იმედი დაკარგეს ეპოვათ ადგილი ხალახი, საითკენაც გადაასახლეს არგონის მიერ დატყვევებულ ისრაელელთა ნაწილი (4 მეფ. 17:6; 18:11), მაგრამ ნინევიაში, აშურბანიპალის ბიბლიოთეკაში ნაპოვნი იქნა წერილი ხალახიდან, რომელშიც ვინმე მარდუკ-ნადინ-ახი მეფეს თხოვს დაუბრუნოს მას მიწები, რომელიც მას მეფის მამამ აჩუქა და ქვეყნის ადგილნაცვალმა წაართვა".
 
4 მეფ. 17:30-ში ნათქვამია, რომ ქუთის მცხოვრებლები სამარიაში თაყვანს სცემდნენ ღმერთ ნერგალს. ახლა ეს ქალაქი იპოვეს თელ-იბრაჰიმის გორაკის ქვეშ, რომელიც ბაბილონის ჩრდილო-დასავლეთით შვიდი საათის სავალზე იმყოფება. ერთ-ერთი ლურსმული დამწერლობის წარწერაზე განსაზღვრულად აღნიშნულია, რომ ქ. ქუთის მფარველ ღმერთს მართლაც ნერგალს უწოდებდნენ.
 
სალამანსარ II-ის სახელგანთქმული შავი ობელისკის რელიეფთა მეორე რიგში საკმაოდ ცოცხლად გამოსახულნი არიან მეფე იიჰუს (840 წ. ქრ. შ.-მდე) ელჩები სხვადასხვა საჩუქრებით. ხელოვნების ამ ძეგლის წყალობით ჩვენ გვაქვს ცნობები ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს მცხოვრებლებზე, ასევე ვიცით ყველა ის სამი ადგილი, სადაც დაასახლეს ისრაელის დევნილი ათი ტომი: ხალახი, რომელიც უფრო აღმოსავლეთით არის განლაგებული, ვიდრე ზემო ცაბას, იგივე არანახიტისის მთიანი ქვეყნები; გოზანი ხაბორის ნაპირებზე, ნიზიბისთან ახლოს და მიდიის ადგილებში.
 
ბოლო დრომდე სრული იდუმალებით იყო მოცული წინასწარმეტყველ ნაუმის სიტყვები (3:8 და შემდგ.) ეგვიპტური ფიბას დაპყრობისა და გაძარცვის შესახებ, და არავის შეეძლო ეთქვა, თუ რას მიეკუთვნებოდა წინასწარმეტყველის სიტყვები: "რითი სჯობიხარ ნო-ამონს (ანუ ფიბას), მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი? ... ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს ყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილს ადებდნენ" (ნაუმი 3:8-10).
 
მაგრამ აი ნინევიაში იპოვეს აშურბანიპალის დროინდელი ბრწყინვალე ათწახნაგიანი პრიზმა, რომლის მეორე სვეტზე ნათქვამია, რომ აშურბანიპალი, რომელიც მემფისიდან მოსდევდა ეგვიპტელ ფარაონ ურლამანს, ფიბამდე ჩავიდა და დაიპყრო ისინი; ოქრო, ვერცხლი, ძვირფასეულობა და მეფის საგანძური, დატყვევებული მამაკაცები და ქალები, ეს ყველაფერი მან წაიღო ნინევიაში, თავის დედაქალაქში.
 
ბევრს აცბუნებდა ბიბლიის სხვადასხვა ადგილას ოქროსა და ვერცხლის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ხსენება, რომელთაც ფლობდნენ ებრაელები მეფეთა დღეებში, ასევე სხვა მეზობელი ხალხებიც, როგორც ეგვიპტელები, ასევე სირიელები. მაგრამ ბოლო დროის გათხრებმა აჩვენა, რომ ბიბლია არ აჭარბებს ამ მონაცემებს.
 
ვინმე ბ-ნმა დევისმა ეგვიპტეში წარმოებული გათხრების დროს აღმოაჩინა 18-ე დინასტიის საძვალე, ზუსტად გამოსვლის დროისა, რომელიც უთვალავი ძვირფასეულობებით აღმოჩნდა გადატენილი. საძვალის დათვალიერება წარმოებდა კონოტის ჰერცოგისა და პროფ. მასპეროს თანდასწრებით. მათ თვალწინ წარუდგა მრავალრიცხოვანი საგნები: ნიღბები, ბორბლები, სკამები, სარკეები, თაბაშირის თავები - ეს ყველაფერი ჩამოსხმული და გაკეთებული იყო ან სუფთა ოქროსგან და ვერცხლისგან, ან კიდევ უხვად იყო დაფარული მათით. ამასთან, წარწერები იუწყებოდნენ, რომ ოქრო ჩამოტანილი იყო "სამხრეთის ქვეყნებიდან". იმ დროის ეგვიპტეში ფარაონის ერთ-ერთი ჟამთააღმწერელის თქმით "ოქრო ისე უხვად იყო, როგორც ქვიშა"...  
 
წამოჭრილი საკითხის შემდგომ ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს ტუტანჰამონის საძვალე, რომელიც 1925 წელს ლორდმა კარნავონმა აღმოაჩინა. მის შესახებ წერდნენ, რომ ოქროსა და სხვა ძვირფასეულობის რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობთ ეს ცნობებიც საკმარისია და საჭირო არ არის დამატებები.
 
მაგრამ აქ ვერ დავიდუმებთ ისეთ დიდ ფაქტზე, როგორიცაა ბაბილონის ცხრილი წარღვნის აღწერით. ჩვენს დღეებშიც კი მრავალ ადამიანს ეეჭვება ბიბლიის ეს ცნობები. არადა, არქეოლოგთა სწორედ ამ აღმოჩენით გახდა ცნობილი, რომ ბაბილონელები არა მარტო ინახავდნენ ხსოვნას წარღვნის შესახებ, არამედ თავიანთი ისტორია  წარღვნამდე და წარღვნის შემდგომ ორ დიდ პერიოდებადაც დაჰყვეს.
 
ცნობილმა გეოლოგმა ვენიდან ედუარს ზიუსმა ნინევიაში, სარდანაპალის ბიბლიოთეკაში იპოვა ფირფიტა, რომელშიც აღწერილი იყო წარღვნა. ფირფიტა დათარიღებული იყო 2000 წლით ქრ. შ.-მდე. ბიბლიისა და ფირფიტის ცნობები ზუსტად ემთხვევიან ერთმანეთს, როგორც იმაში, რომ ღმერთმა ნოეს უბრძანა აეშენებინა კიდობანი, ასევე იმაშიც, - სად გამოირიყა კიდობანი (სომხურ-მიდიური მთები). მხოლოდ თვით ნოეს სახელის წარმოთქმაა სხვანაირი, რაც არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის, რადგან მსგავსი რამ ხდება თანამედროვე ხალხებშიც, რომლებიც სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ. დანარჩენი დეტალები კი სიტყვა სიტყვით იმეორებენ წარღვნის ბიბლიურ ისტორიას, ვიდრე ნოეს მიერ კიდობნიდან გამოშვეულ ყვავამდე და მტრედამდე, კიდობნის მთაზე გაჩერებამდე და მსხვერპლშეწირვამდე.
 
ბოლო წლებში პროფ. სტონასის ამერიკულმა ექსპედიციებმა არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს არარატის ქედზე იმ მიზნით, რომ ეპოვათ ნოეს კიდობნის ნაკვალევი. იდეა თუმც გაბედული იყო, მიუხედავად ამისა, გათხრებმა აღმოაჩინეს რომელიღაც წინარეისტორიული ხომალდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ, ეს თუ თვით კიდობანი არ არის (რომელიც შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო, რადგან მუდმივად იყო დაფლული დამბალ ნიადაგში), ყოველ შემთხვევაში, წარღვნის დროინდელი რომელიღაც გემია, სხვაგვარად რა ძალებს შეეძლო მისი შეგდება ზღვის დონიდან ასეთ სიმაღლეზე?! ხომალდის ნარჩენები ნაწილობრივ გაქვავებულ მდგომარეობაშია, ნაწილობრივ გახრწნილია... გემის შიგნით აღმოჩენილია ფრინველის სკორე და მარცვლეულის ჩენჩო (იხ. См. "Меч Гедеона" № 6-7, 1933 г.).
 
მაშ, არქეოლოგიის მთელი ეს საინტერესო მოწმობები, ნუთუ საკმარისი არ უნდა იყოს, რათა კიდევ უფრო მეტი ნდობით მოვეკიდოთ ღმრთის სიტყვას და უმეტესი გულმოდგინებით დავიწყოთ მისი ღვთაებრივი ტექსტების შესწავლა? ხოლო მათ, ვისაც უფრო სრული ცნობების მიღება სურს ყველა იმ არქეოლოგიურ ნაშრომზე, რომლებიც თავიანთი აღმოჩენებით ადასტურებენ წმიდა წერილის ჭეშმარიტებას, ვურჩევთ მიმართონ სპეციალურ ლიტერატურას ამ საგანთან დაკავშირებით.
 
 
2. წმ. წერილის მოწმობა. - დავიწყოთ წინასწარმეტყველ ესაიას მტკიცე განცხადებით: "მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი" (ეს. 8:20). რაოდენ დიდი სიმართლეა! რაოდენ შესანიშნავი საზომი! ღმრთის სიტყვა ყოველი სხვა სიტყვისგან განსხვავდება ნათლით, რომელიც ანათლებს შინაგან კაცს და უთითებს გზას მარადიული ზეცისკენ.
 
"მაგრამ რას ამბობს წერილი?" (გალატ. 4:30).
 
აი მისი პირდაპირი მოწმობა: "წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტ. 1:21). შეიძლება თუ არა წმიდა წერილიდან მოვითხოვოთ ღმრთითშთაგონებულობის ამაზე უფრო დიდი მოწმობა? აქ ჩვენ ვპოულობთ პასუხს ორ კითხვაზე: ჯერ-ერთი, ღმრთის სიტყვა პასუხობს შეკითხვაზე, თუ როგორ არ დაწერილა ბიბლია. ის არ დაწერილა კაცთა მიერ თავისთავად. მეორეც, ღმრთის სიტყვა გვიხსნის, - თუ როგორ დაიწერა ბიბლია. ამ გამოცხადებით მისი ავტორი არის სულიწმიდა, ხოლო ადამიანები არჩეულნი არიან ამ მიზნისთვის, - მის ინსტრუმენტებად. თუ დავუშვებთ, რომ შთაგონებაი იყო არასრული, მაშინ როგორ იქნებოდა შესაძლებელი ჭეშმარიტება განგვესხვავებინა ადამიანური გამონაგონისგან? როგორ მოხდება ეს, თუკი კარგად ვიცით, რომ "ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ" (რომ. 3:4)? განა წერილის ჰარმონია არ ამტკიცებს, რომ თუმც ბევრია მწერლები, ავტორი ერთია, რადგან წერილის ჭეშმარიტებაც ერთია!
 
"მთელი წერილი ღვთივსულიერია" (2 ტიმ. 3:16).
 
ცნობილ მწერალს და ფილოსოფოს რუსოს, რომელიც განთქმული იყო თავისი სკეპტიციზმით, წმიდა წერილის კითხვისას ისეთი აღფრთოვანება დაეუფლა, რომ შეჰღაღადა: "'სახარებები ატარებენ უეჭველი ჭეშმარიტების ისეთ გამაოგნებელ ხასიათს, იმდენად უნიკალურად სრულყოფილნი არიან, რომ მათი შემდგენი უმეტესაც საოცარი იქნებოდა, ვიდრე ის, ვისაც ისინი აღწერენ" (Фаррар. "Исторические Свидетельства об Иисусе Христе"). და ეს არის წმიდა წერილის კრიტიკოსის აზრი!
 
ვნახოთ, რას ამბობენ თვით წერილის შემდეგი ტექსტები ბიბლიის ვერბალურ შთაგონებაზე.
 
"ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ" (ეს. 1:2).
 
"ყველგან წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ. ... აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში" (იერ. 1:7-9).
 
"უთხარი ჩემი სიტყვები" (ეზეკ. 2:7).
 
"მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები" (ეზეკ. 3:4).
 
"ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული" (მთ. 1:22 და 2:15).
 
"თვით დავითი ამბობს სულით წმიდით" (მკ. 12:36).
 
"გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ" (ლკ. 1:70).
 
"კაცნო, ძმანო! ... დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე..." (საქმე 1:16).
 
"აღსრულდეს წერილი" (ინ. 19:24, 36) ან "ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ" (მთ. 2:5) და ა. შ.
 
მსგავსი ტექსტები უხვადაა და საჭიროა მხოლოდ ბიბლიის ყურადღებით წაკითხვა, რომ გავოცდეთ, რაოდენ გათვალისწინებულია მომავალი თავდასხმები ღმრთის სიტყვაზე და როგორი ბრწყინვალებით გვეძლევა საშუალება რწმენის განსამტკიცებლად და კრიტიკოსების გასაფერთხად.
 
წერილის ღმრთითშთაგონებულობის მოწმობას წერილისავე სიტყვებით დავასრულებთ ტექსტით, რომელიც გვიაშკარავებს ღმრთის სიტყვის საიდუმლოს სიღრმეს, რომელიც გვაქეზებს ჩვენი რწმენის თვალები გადავიტანოთ ღმრთის გამოცხადებაზე - ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.  ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.  ... სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე" (ინ. 1:4, 14).
 
აი სად არის წმიდა წერილის ღმრთითშთაგონებულობის ამოხსნა. მამა ღმერთი - სიტყვის წყარო, ძე ღმერთი - სიტყვა, ღმერთი სულიწმიდა - ღმრთის სიტყვის მიმტანი ადამიანამდე, ხოლო ადამიანი მხოლოდ ღმრთის სიტყვის ჭურჭელი! ვინც მიიღებს ძეს, ის მიიღებს მამას; ვინც მიიღებს ქრისტე - სიტყვას, ის მიიღებს ბიბლიას, როგორც ღმრთის სიტყვას, რადგან მათი ბუნება ერთია.
 
ბიბლია ღმრთის სიტყვად არ მიაჩნიათ უფრო იმათ, ვინც არ იღებს ქრისტეს, როგორც ღმრთის ძეს. მათთვის ყველაფერი ბნელი და საეჭვოა.. მაგრამ ის, ვინც იღებს ქრისტეს, როგორც თავის პირად მაცხოვარს, ვინც განათლდა მისი ნათლით, მისთვის ყველაფერი ჭეშმარიტი სიტყვის ნათელში ცხადია და რწმენით წვდომადია.
 
 
3. იესუ ქრისტეს მოწმობა. - უპირველეს ყოვლისა საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ქრისტე განმარტავდა რა ძველი აღთქმის წმიდა წერილს არსად არ გააფრთხილა თავისი მოწაფეები მასში არსებული რაიმე შეცდომების გამო. მათი დაშვება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, განა ის ამას არ იზამდა? გავიხსენოთ როგორი ძალით აღდგა იგი იმ დროის ცდომილებათა წინააღმდეგ და როგორ ესწრაფვოდა გაესწორებინა თვით მოწაფეთა შეცდომები (ლკ. 9:55). განა დასაშვებია, ქრისტესთვის ცნობილი არ ყოფილიყო წმ. წერილის შეცდომები, თუკი ისინი არსებობდნენ, და თუ ცნობილი იყო, მაშინ როგორ შეეძლო მას დაედუმა, თუკი არის "მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი" (გამოცხ. 3:14)?
 
მაგრამ, ამის ნაცვლად, ის უცვალებლად მოწმობდა სწორედ საწინააღმდეგოს; ის მოუწოდებდა ერწმუნათ წმიდა წერილის ყოველი სიტყვა, ყოველი წერტილ-მძიმე და გრამატიკული გაფორმება.
 
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მთ. 5:18). მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: "ერთი იოტაც ან ერთი წერტილიც..."
 
"ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია)" (ინ. 10:35).
 
"აღსრულდეს მთელი წერილი" (ლკ. 21:22).
 
"უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში" (ლკ. 24:44).
 
ეს ყველაფერი ქრისტეს სიტყვებია! უთითებს რა სჯულზე, წინასწარმეტყველებზე და ფსალმუნებზე, უფალი ამით გვეუბნება, რომ ძველი აღთქმის ყველა წიგნი ღმრთივსულიერია, რადგან ამ სამი სახელწოდების ქვეშ ებრაელებში თავს იყრიდა ძველი აღთქმის ყველა ცნობილი წიგნი.
 
"ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!" (ლკ. 24:25). ქრისტეს რაოდენი სევდაა ამ შეძახილში, რომელსაც კავშირი აქვს არა მარტო მის იმდროინდელ მოწაფეებთან, არამედ ჩვენი დროის დაეჭვებულ ქრისტიანებთანაც. რამდენია ისეთი, რომელთაც ეეჭვება წმიდა წერილის და რამდენია ისეთიც, რომლებიც უგულებელყოფენ წერილს, ამიტომაც არ იციან ყოველივე ის, რაც უნდა მოხდეს.
 
ქრისტეს მიწიერი ხვედრი, ქვეყნისა და ადამიანის მომავალი მასში მკაფიოდაა აღწერილი. "განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?" (ლკ. 24:26), ანუ "მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით" (ლკ. 24:46). ადამიანები წერილს რომ მიმართავდნენ და სრული ნდობით განიმსჭვალებოდნენ მისი ღვთაებრივი ფურცლებით, ყველაფერს ჭეშმარიტ ნათელში იხილავდნენ, და არ დარჩებოდნენ ბნელში, განსაკუთრებით - ღმრთისშემეცნების მხრივ, და გაიგებდნენ, რომ ქრისტე მათი პირადი მაცხოვარია; გაიგებდნენ თავიან ხვედრსაც და მომავალ გრანდიოზულ ცვლილებებსაც. არა ანგარიშმიუცემელი შიში, არამედ შეგნებული მზადყოფნა აღავსებდა მათ, რადგან რწმენით დაელოდებოდნენ ყოველივეს აღსრულებას, რაც კი "წერილ არს".
 
კრიტიკოსებს ახასიათებს ანგარიში არ გაუწიონ არა მარტო წერილს, ისინი მოხარულნი არიან იპოვონ რაიმე ისეთი, რაც თვით იესუ ქრისტეს ავტორიტეტის საწინააღმდეგო იქნებოდა. ასე, მაგალითად, მათ უყვართ ტექსტი მარკოზის სახარებიდან (მკ. 13:32), რომელშიც ქრისტე ეხება თავისი მეორედ მოსვლის დრობას. იქ ნათქვამია: "იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ". მათ აცბუნებთ ქრისტეს ეს განცხადება და მზად არიან მიაწერონ მას არასრულყოფილი ცოდნა სხვა მიმართებებშიც. მაშინ როდესაც მორწმუნეთათვის უფლის სიტყვები არასოდეს ბადებდა წინააღმდეგობრივ გრძნობებს.
 
საქმე ისე რომ იყოს, როგორც მიჩვეულები ვართ ვიკითხოთ ქრისტეს სიტყვები, მაშინაც კი რწმენა მიაღწევს მათში ჩადებული აზრის შემეცნებას. ძე ღმრთისა მამის ერთარსია, ამიტომაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მან არ იცოდეს ის, რაც იცის მამამ, მაგრამ რადგან ძე ღმრთისა განკაცდა და ხატი მონისა შეიმოსა, და გვემსგავსა რა ჩვენ, ის შეზღუდული კი არ არის, არამედ უბრალოდ არ ხელყოფს მამის ცოდნას. აქ გვაქვს მორჩილებისა და თავმდაბლობის უდიადესი მაგალითი, რომლითაც ღმრთის ძე ბოლომდე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მისიას.
 
მაგრამ მოცემული მდგომარეობის ასეთი გამართლების გარდა არსებობს უფრო პირდაპირი განმარტებაც. აღმოჩნდა, რომ დედანში სიტყვას "არამედ" შეესაბამება ორი სიტყვა "еi mе", რომელიც სიტყვასიტყვით თარგმანში იკითხება როგორც "თუ არა". ბიბლიის ენის ერთ-ერთი ყველაზე უავტორიტეტულესი მცოდნე, არქიეპისკოპოსი ტრენჩი, ამის შესახებ იუწყებოდა ლონდონის უნივერსიტეტში ჩატარებულ თავის ლექციებზე, და ეს ასევე შეიძლება შემოწმდეს კარგი ბერძნული ლექსიკონის მეშვეობითაც.
 
გამოდის, რომ ტექსტის ბოლო დედნის მიხედვით უნდა იკითხებოდეს: არც ძემ, თუ არა მამამ", ანუ ქრისტეს უნდა თქვას, რომ ქრისტე რომ ყოფილიყო მხოლოდ ადამიანი და არა ღმერთი, მაშინ მასაც არ ეცოდინებოდა. იოანეს 9:33-შიც ვხვდებით ასეთ მომენტს, სადაც უფრო ზუსტი თარგმანი უნდა იკითხებოდეს ასე:  "თუ (еi) ის არ (mе) იქნებოდა ღმრთისგან, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა". სწორედ ამ აზრით უნდა გავიგოთ წინამდებარე ტექსტიც. თუმცა მასში არ არის იოტისოდენაც კი რაიმე მაცდუნებელი იმ ფორმაშიც, რომლის კითხვასაც ძველი თარგმანით მივეჩვიეთ.
 
ესაიას მიხედვით ქრისტე არის "მარადისობის მამა" (ეს. 9:6), ეს მისი უმაღლესი ტიტულია, და არა მარტო ტიტული, არამედ ფაქტობრივი არსი, რომელსაც თვითონვე ადასტურებს: "ვინც მე მიხილა, მამაც იხილა" (ინ. 14:9) და კიდევ:  "მე და მამა ერთი ვართ" (10:30). ხოლო თუკი ძე და მამა ერთია, მაშასადამე ძემ ასევე იცის ყოველივე, რაც მამამ, და შეიძლება ამასთან დაკავშირებით კიდევ რაიმე ეჭვი არსებობდეს?


წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.

პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому