საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიის 101 მოჩვენებითი შეუსაბამობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიის 101 მოჩვენებითი შეუსაბამობა
ბნელმა ნათელი ვერ მოიცვა
ავტორები: ჯეი სმიტი, ალექს კოუდრი, ტობი ჯეპსონი, ჯეიმს შეფერი.
 
 
ბრალდება შეუსაბამობებში
 
გამოცხადების განსაზღვრება
 
ღვთითშთაგონებულობის განსაზღვრება
 
ბიბლიის ავტორიტეტის აღიარება ყურანისგან
 
ღმერთი არ ცვლის თავის სიტყვას
 
შეუსაბამობათა ანალიზი
 
შეუსაბამობათა სია
 
დასკვნა
 
 
***
 
 
"პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას"
 
იგავნი. 18:17
 
 
ბრალდება შეუსაბამობებში
 
მუსლიმები და ბიბლიის სხვა ოპონენტები ხშირად ლაპარაკობენ მასში არსებულ მრავალ შეუსაბამობაზე. ამ შეუსაბამობათა რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ელაპარაკებით. იცხარ-ულ-ჰაკ კაირანვი-ში (1) წარმოდგენილია 119 შეუსაბამობა, მაშინ როდესაც სხვა ავტორები, მაგალითად, შაბირ ალი, ბიბლიის 101 შეუსაბამობაზე ლაპარაკობენ. პრობლემა, მათი აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთი რელიგიური წიგნი, რომელიც პრეტენზიას აბსოლუტურ ღვთაებრიობაზე აცხადებს, არ უნდა უშვებდეს შეუსაბამობებს, და წარმოადგენს რა უზენაესის გზავნილს, აბსოლუტურად შეთანხმებული უნდა იყოს თავის ყველა ნაწილში.
 
მათ მოჰყავთ ციტატა ყურანიდან (4:82): "განა ისინი არ დაიწყებენ ფიქრს ყურანზე? რადგან ის რომ ალაჰისგან არ ყოფილიყო, უამრავ შეუსაბამობებს იპოვდნენ მასში".
 
______________
 
1. იცხარ-ულ-ჰაკი (ზეგარდმო მოვლენილი ჭეშმარიტება) - ყურანის საღმრთო წარმომავლობისა და ხადისების სინიამდვილის მტკიცებულება.
 
წიგნმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, როგორც ბიბლიის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და ობიექტურმა კვლევამ. ის არაბულ ენაზე დაწერა 19-ე ს-ის ცნობილმა ინდოელმა მეცნიერმა მაულან რაჰმატულლაჰ კაირანვიმ. პირველად ის 1864 წელს გამოქვეყნდა სახელწოდებით "იცხარულ-ჰაკი" (Изхар–Ул-Хак (Ниспосланная истина) https://azan.ru/kutub/view/izharul-hak-nisposlannaya-istina-279?ysclid=lty6ghxirm620842192).
 
______________
 
 
 
გამოცხადების განსაზღვრება
 
იმისთვის, რათა ვუპასუხოთ ამ პრეტენზიას ძალზედ მნიშვნელოვანია მკაფიოდ გვესმოდეს და შეგნებული გვქონდეს წინაპირობა, რომელიც მის საფუძველში ძევს. შეუსაბამობათა არარსებობის პრინციპი აყვანილ იქნა უმთავრესი კრიტერიუმის ხარისხში, რომელიც ადამიანებს შეეძლოთ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების შეფასებისას გამოეყენებინათ. ეს ვარაუდი როდია, რომელსაც ქრისტიანები შეიძლება ან უნდა დაეთანხმონ. ქრისტიანი მოხარული იქნება დაეთანხმოს იმას, რომ წმიდა წერილი არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. მაგრამ ქრისტიანს არ შეუძლია დაეთანხმოს იმას, რომ შეუსაბამობათა არარსებობის პრინციპი თითქოსდა ადამიანებს ღმრთის სიტყვის შეფასების კრიტერიუმად მიეცა. მაგრამ სწორედ ამ კრიტერიუმს ახვევენ თავს მუსლიმები ყველას გამოცხადების განხილვისას.
 
შეცდომა, რომელსაც მრავალი ჩვენთაგანი უშვებს, მდგომარეობს მისწრაფებაში გაუგებარი (მიუწვდომელი) გაზომოს ჩვენთვის გასაგები და ცნობილი სტანდარტებით. მოცემულ შემთხვევაში - ბიბლია შეუთანხმოს იმ სტანდარტებს, რომლებიც ნასესხებია ყურანიდან. მუსლიმებს სწამთ ის, რომ მათი წიგნი, ყურანი, "ზეგარდმოვლენილი" იყო ადამიანის ჩაურევნელად. წმიდა წერილში არსებობს "გამოცხადების" ცნება, რომელიც ასევე "ზეგარდმოვლენილი" იყო და, რომელსაც მუსლიმები ცდილობენ დაუკავშირონ თვით ბიბლიას. მაგრამ ისინი ცდებიან, რადგან ვარაუდობენ, რომ ბიბლია შეიძლება იმავე კრიტერიუმებით შეფასდეს, როგორსაც ისინი იყენებენ ყურანის მიმართ.
 
ბიბლია - ყურანი როდია, რომელიც, როგორც მუსლიმები ფიქრობენ, შეადგინა ერთმა კაცმა და წარმოადგენს ერთიან წიგნს; ბიბლია - ეს 66 წიგნია, რომელიც დაწერილია 40-ზე მეტი ავტორის მიერ და ეს წიგნი 1500 წლის განმავლობაში იწერებოდა! სწორედ ამიტომ ქრისტიანები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ ბიბლიას ადამიანის ხელიც ამჩნევია. ამ პრინციპის დასამტკიცებლად შეიძლება ავიღოთ ენათა და წიგნთა დაწერის უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც შეადგენენ ბიბლიას, ასევე განსხვავება ინტელექტუალურ განვითარებასა და ავტორთა ტემპერამენტში, სხვა არაფერი რომ არ ვთქვათ აშკარა მინიშნებებზე იმ ეპოქის სამეცნიერო კონცეფციებზე, რომელთა გარეშე წერილი თანამედროვეთათვის სრულიად გაუგებარი გახდებოდა. მაგრამ ყველაფერი ზემოთთქმული სრულიად არ აკნინებს და ძირს არ უთხრის ბიბლიის სანდოობას და ავტორიტეტს, რადგან ყოველი წიგნის ავტორი ამ გამოცხადებას იღებდა ღმრთისგან.
 
 
ღვთითშთაგონებულობის განსაზღვრება
 
2 ტიმ. 3:16-ში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ მთელი წერილი ღვთივსულიერია. ბერძნული სიტყვა თეოპნეუსტოს (θεόπνευστος - theopneustos), რომელიც გამოყენებულია ამ მოვლენის განსასაზღვრავად, ითარგმნება, როგორც "ღმრთის სუნთქვა", საიდანაც მომდინარეობს, რომ ყველაფერი, რაც ბიბლიაში წერია თავის დასაბამს იღებს ღმრთისგან. 2 პეტ. 1:21-ში ლაპარაკია იმაზე, რომ ავტორები სულიწმიდით იყვნენ "შთაგონებულნი". შედეგად, ღმერთი იყენებდა ამა თუ იმ წიგნის ყოველ ავტორს, რაც გულისხმობდა ავტორის პიროვნულ თავისებურებებსაც, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად იყო საჭირო, რადგან უფალი შეუძლებელია შემცდარიყო თავის გამოცხადებებში.
 
ბიბლია არაერთხელ შეგვახსენებს ამ დადი წიგნის ღვთაებრივ თანაავტორობაზე: ლუკა 24:27, 44; იოანე 5:39 და ებრ. 10:7-ში იესუ ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ყველაფერი, რაც მის შესახებ არის დაწერილი ძველ აღთქმაში აუცილებლად აღსრულდება. რომ. 3:2-სა და ებრ. 5:12-ში ძველ აღთქმაზე ლაპარაკია, როგორც ღმრთის სიტყვაზე. 1 კორინთ. 2:13-ში ვკითხულობთ: "რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს". როგორც უკვე ვნახეთ, ამისი ჭეშმარიტება 2 ტიმ. 3:16-ში დასტურდება.
 
1 თესალონიკ. 2:13-ში პავლე, ლაპარაკობს რა იმაზე, რასაც წერდა, ამბობს: "... მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად..." პეტრე ლაპარაკობს პავლეს მიერ დაწერილის ღმრთითშთაგონებულობაზე (2 პეტ. 3:15-16), სადაც ამტკიცებს, რომ: "... ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით. ამასვე გწერთ ყველა წერილში..." ადრე, 2 პეტ. 1:21-ში, პეტრე ამბობდა: "წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი". და, ბოლოს, გამოცხადების 22:18-19-ში იოანე, როდესაც გამოცხადების წიგნზე ლაპარაკობს, ამტკიცებს: "ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში".
 
ჩარლზ უესლიმ, აჯამებდა რა ღვთითშთაგონებულობის მაღალ თემას, ბრწყინვალედ თქვა: "ბიბლია ან კარგი ადამიანებისა და ანგელოზების, ცუდი ადამიანებისა და დემონების შეთხზულია, ან კიდევ ღმრთისა. მაგრამ ის არ შეიძლება დაწერილი იყოს კეთილი ადამიანების მიერ, რადგან კეთილი ადამიანები არ მოიტყუებოდნენ და არ იტყოდნენ: "ასე ბრძანებს უფალი...". ის არც ცუდი ადამიანების დაწერილი შეიძლება იყოს, რადგან ისინი არ დაიწყებდნენ კეთილი საქმეების კეთებაზე ამდენის წერას, არც ცოდვის მხილებას შეუდგებოდნენ და საკუთარი ხვედრზე გვამცნობდნენ რამეს ჯოჯოხეთში. შედეგად, ის, გამოცხადებით არის დაწერილი, რომელიც მოგვეცა ღმრთისგან" (McDowell, Josh, Christianity; A Ready Defence, Harpendon, Scripture Press Foundation, 1990, 178).
 
როგორი სახით უგზავნიდა ღმერთი თავის გამოცხადებებს წიგნთა ავტორებს? ამ დროს, ხომ არ აღძრავდა იგი მათ გულებს ახალი სიმაღლეების მისაღწევად, ისე, როგორც ეს გვაქვს შექსპირის, მილტონის, ჰომეროსის და დიკენსის ნაწარმოებებში, სადაც ყოველი მათგანი, სრული უფლებით, კაცობრიობის ლიტერატურულ შედევრებს განეკუთვნება? ან იქნებ ისე, რომ ავტორებს ღვთის სიტყვასთან ერთად მითებს, შეცდომებს და ლეგენდებსაც უცხადებდა და ახლა ღმრთის სიტყვა ადამიანის შეზღუდული ცნობიერების გამონაგონებთან ერთად არსებობს? თუ მაინც, წერილი - ეს არის ჭეშმარიტი, ღმრთის უცდომელი სიტყვა მთელი მისის სისრულითა და მთლიანობით? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: "როგორი სახით, - შეგვეკითხებიან მუსლიმები, - იღებდნენ ბიბლიის ავტორები გამოცხადებებს ღმრთისგან?" ღმერთი წმიდად მექანიკურად კარნახობდა წერილის ტექსტს, ისევე, როგორც დაიწერა, თვით მუსლიმთა განცხადებით, ყურანი თუ წერილის ავტორთა გონიერებითა და გამოცდილებითაც სარგებლობდა?
 
ყველაზე მარტივი პასუხი შეიძლება ასე გამოვხატოთ: ღმერთი, სხვადასხვა ავტორების მიერ წიგნების დაწერის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახორციელებდა მუდმივ კონტროლს, ამიტომაც ბიბლია - ეს სხვა არაფერია, თუ არა "ღმრთის სიტყვა, გამოხატული ადამიანური ენით" (McDowell, Josh, Christianity; A Ready Defence, Harpendon, Scripture Press Foundation, 1990, 176). ეს ნიშნავს, რომ ღმერთი სარგებლობდა იმ ეპოქის კულტურული გარემოთი და ჩვეულებებით, რომელშიც წმიდა წერილის ავტორები ცხოვრობდნენ, იმ ეპოქისა, რომელსაც ღმერთი თავისი უზენაესი განგებულებით აკონტროლებდა. ამიტომაც ისტორიული მოვლენები უნდა გავიგოთ, როგორც ისტორია, პოეზია, როგორც - პოეზია, სიმბოლოები და მეტაფორები უნდა აღვიქვათ - სიმბოლოებად და მეტაფორებად, განზოგადოებანიც და დაშვებანიც იმ აზრით, რომელსაც ისინი ატარებენ და ა. შ.
 
გარდა ამისა, აუცილებელია გვესმოდეს განსხვავება ბიბლიურ და თანამედროვე დროებათა ჩვეულებებსა და ტრადიციებში. მაგალითად, ქრონოლოგიის დარღვევა თხრობისას ან არაზუსტი ციტირება ჩვეულებრივი მოვლენა იყო იმ დღეებში და ადამიანები მას ნორმალურად აღიქვამდნენ; ისინი არ არღვევდნენ ან არ შეურაცხყოფდნენ ვინმეს მოლოდინს. ამიტომაც, როდესაც ბიბლიაში მსგავს გამოვლინებებს ვპოულობთ, ეს წერილის ავტორებს დანაშაულში არ უნდა ჩავუთვალოთ. როდესაც ამა თუ იმ მოვლენის აღწერისას არ იყო საჭირო აბსოლუტური სიზუსტის დაცვა, - და ეს არც იყო დასახული მიზნად, - ამგვარი სიზუსტის არარსებობა არ უნდა მივიჩნიოთ შეცდომად. წერილი - უცდომელია და ზუსტი, არა აბსოლუტური სიზუსტის და თანამედროვე სტანდარტების თვალსაზრისით, არამედ სიკეთის თვალსაზრისით, რომლისკენაც ის მოგვიწოდებს, და ჭეშმარიტების იმ კრიტერიუმების მისაღწევად, რომლებზეც ავტორები ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას.
 
წერილის ჭეშემარიტება არ უარიყოფა გრამატიკულ თუ ორთოგრაფიულ ნორმათა დარღვევის ან ბუნების უჩვეულო აღწერის მიზეზით, ან კიდევ მოთხრობების გამო ცრუ მტკიცებულებათა შესახებ (მაგალითად, სატანის სიცრუე), და კვლავაც ხილულ განსხვავებათა გამო ამა თუ იმ მონაკვეთში. არასწორი იქნებოდა შეგვეპირისპირებინა ე. წ. წერილის "ფენომენი" მის სწავლებასთან საკუთარ თავზე. ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ მისი ხილული არათანმიმდევრულობა. ასეთი მომენტების გადაწყვეტა, სადაც ეს შესაძლებელია (და რის გაკეთებასაც შევეცდებით ამ წიგნის გვერდებზე), კიდევ უფრო მხარს უჭერს და შთააგონებს ჩვენს რწმენას. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც არ შეგვიძლია დამაჯერებელი ახსნის პოვნა, ღმერთს უნდა მივაგოთ დიდი პატივი ჩვენი მისდამი ნდობით, რომ მიუხედავად ყველა უზუსტობისა და აუხსნელობისა, მისი სიტყვა - ჭეშმარიტია. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ მოვა დღე, როდესაც გავიგებთ ამ მოჩვენებით უზუსტობათა ნამდვილ უსუსურობას და ჭეშმარიტ შინაარსს.  
 
ეს არ არის ბრმა რწმენა. მაგალითად, სულ რაღაც ასი წლის წინ ადამიანის ორგანიზმში იყო 100 ორგანო ანუ მათი ნაწილები, რომელთა დანიშნულება ექიმებისთვის უცნობი გახლდათ, და ადამიანებს შეეძლოთ ეთქვათ: "ეს არის ადამიანის ევოლუციური განვითარების მტკიცებულება, რადგან ორგანიზმის ყველა ნაწილი, რომლებითაც ახლა ვსარგებლობთ, მემკვიდრეობითად გვერგო". მაგრამ მეცნიერების განვითარებისა და მუდმივი კვლევა-ძიებებისდა კვალად, დღეს მხოლოდ ერთი ორგანოღა დარჩა, რომელიც შეიძლება ზედმეტად ჩავთვალოთ. დროთა განმავლობაში მალე გავიგებთ, რისთვის არის ის საჭირო.
 
იგივე პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ბიბლიაზე ვლაპარაკობთ. "შეუსაბამობათა" უზარმაზარი რაოდენობა განმარტებულ იქნა ღრმა კვლევებისა და შემეცნების წყალობით. შაბირს (Shabir) ასი წლის წინ რომ ეცხოვრა, თუმცა ოცდახუთი წელიც საკმარისი იქნებოდა, რომ მის სიაში ყოფილიყო 1001 შეუსაბამობა. ახალი და ახალი ფაქტების აღმოჩენის კვალად, ჩვენ მუდმივად ვიღებთ პასუხებს იდუმალებით მოსილ ისტორიულ კითხვებზე. ამიტომაც სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის დროზე ყველაფერი საიდუმლო და მიუწვდომელი ნათელი და მკაფიოდ მისაწვდომი გახდება.
 
ჩვენ ბრწყინვალედ ვიცით, რომ ღვთითშთაგონებულობისა და გამოცხადების ქრისტიანული კრიტერიუმები მიუღებელია მუსლიმთათვის, რადგან ისინი მათ საკუთარ კრიტერიუმებს ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ბიბლიის უბრალო შეპირისპირებით ნაზილას ანუ ტანზილას ("გარდამოვლენილის") კონცეფციასთან - სწორედ ასე იქნა მიღებული ყურანი მუსლიმების რწმენით - ისინი საკუთარ თავს სიცრუეში ამხელენ, რადგან ახალ აღთქმას (ინჯილ) იგივე მოთხოვნებს უყენებენ, რომლებსაც არ წარუდგენენ მათზე ადრე დაწერილ ღვთივსულიერ წიგნებს - თორას და ფსალმუნებს (თაურატ და ზაბურ), მიუხედავად იმისა, რომ ორივეს პატივს მიაგებენ, როგორც ყველა მუსლიმისთვის გარდამოვლენილ წიგნებს.
 
მუსლიმებს სწამთ, რომ მოსემ დაწერა თორა (თაურათ), ხოლო დავითმა - ფსალმუნთა წიგნი (ზაბურ). თუმცა არც ეერთი, და არც მეორე არასოდეს ამბობს ღმრთისგან გამოცხადების ნაზილით მიღების შესახებ. მაშ, რატომ უნდა დაიჩემონ ინფორმაციის ამ მეთოდით მიღება ახალი აღთქმის (ინჯილ) სხვა წიგნებთან მიმართებაში, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მასში შემავალი წიგნები არასოდეს და არსად არ ახსენებენ ამას?
 
მიზეზი, რომელიც მსგავსი დამოკიდებულების საფუძველში ძევს, უფრო ეფუძნება მუსლიმთა რწმენას იმისადმი, რომ ყურანი, წარმაოდგენს რა ერთადერთ გამოცხადებას, რომელიც არ "დაბინძურებულა" ადამიანის ხელით, სხვა არაფერია, თუ არა ალლაჰის ყველაზე ჭეშმარიტი და ყველაზე მკაფიოდ გადმოცემული სიტყვა. ამიტომაც ის ცვლის ყველა წინმსწრებ გამოცხადებებს, და არა უბრალოდ ცვლის, არამედ სრულიად აუქმებს მათ, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა მათგანი, როგორც ჩანს, დამახინჯებული იყო მათი დამწერი ადამიანების მიერ.
 
მაგრამ ძირითადი ირონია მდგომარეობს იმაში, რომ მტკიცებულება საღმრთო გამოცხადების (ნაზილ) შესახებ, რომლის დახმარებითაც გადაეცა ყურანი ადამიანებს, მომდინარეობს ერთადერთი წყაროდან - ადამიანისგან, რომლის სახელია მუჰამედი და, რომელსაც სავარაუდოდ გამოეცხადა ყურანის ტექსტი. თანაც ყურანის არც მიღებამდე და არც მიღების მომენტში არ არსებობდა არც ერთი გარეშე მოწმე, რომელიც დაადასტურებდა მუჰამედის მოწმობას. არ არსებობს არც ერთი ცნობილი დოკუმენტი ყურანის ტექსტით, რომელიც დათარიღებული იქნებოდა შორეული ასწლეულებით, როდესაც ყურანი, მუჰამედის თქმით, მას ზეგარდმო გადმოეცა.
 
ყურანის ტექსტის ადრინდელ ჩანაწერებთან დაკავშირებულ ისტორიულ პრობლემებსაც თუ არად ჩავაგდებთ, არსებობს უზარმაზარი რაოდენობის მუსლიმურ ტრადიციებთან დაკავშირებული პრობლემა, რომლებიც სხვადასხვა ყურანული კოდის არსებობაზე მეტყველებენ. ისინი გავრცელებულნი იყვნენ ყურანის ტექსტის დათვალიერებისა და რედაქტირების დროს მეშვიდე საუკუნის შუა წლებში, როდესაც კონფლიქტური ასლები გაანადგურეს. ამიტომაც ჩვენ არც კი ვიცით, შეესაბამება თუ არა ყურანის ტექსტი, რომელიც დღეს გვაქვს, იმ პირველ ტექსტს, რომელიც მუჰამედს გამოეგზავნა.
 
ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს მსგავს დისკუსიებში წარმოადგენს მუსლიმებისთვის იმ ფაქტის მკაფიოდ განმარტების აუცილებლობა, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის ცნობილია: ღმრთის სიტყვა, ბიბლია, სინამდვილეში ადამიანებმა დაწერეს, მაგრამ ეს ადამიანები მუდმივად იყვნენ შთაგონებულნი სულიწმიდის მიერ (2 პეტ. 1:20-21).
 
მაშინ როდესაც ყურანი პრეტენზიას აცხადებს ადამიანური გავლენისგან აბსოლუტურ თავისუფლებაზე. ბიბლიაში ღმერთი შეგნებულად მიდის იმაზე, რომ საკუთარი თავი ადამიანთა მეშვეობით გამოაცხადოს, რომლებიც მანვე აირჩია და ისინი წინასწარმეტყველებად და მოციქულებად დააწესა. ეს იმიტომ მოხდა, რათა მათი მეშვეობით ღმრთის სიტყვა არა მარტო ადამიანებამდე უნდა მისულიყო იმ სახით, რა სახითაც მათ გამოეცხადათ, არამედ მისულიყო მათთვის გასაგები ფორმითაც. ამისი გაკეთება ყურანს არ ძალუძს, თუკი ის მართლაც მოკლებულია ადამიანურ ელემენტს, რაზეც საკუთრივ აცხადებს კიდეც პრეტენზიებს.
 
არსებობს კიდევ მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც მუსლიმებთან პოლემიკისას ჩნდება, როდესაც ბიბლიურ შეუსაბამობებზე ვლაპარაკობთ. მაგალითად, რას უპირებენ მუსლიმები ბიბლიის ავტორიტეტს, რომელსაც მათივე ყურანი აღიარებს?


ყურანის მიერ აღიარებული ბიბლიის ავტორიტეტი
 
ყურანი, რომელიც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა მუსლიმთა შორის, აღიარებს ბიბლიის ავტორიტეტს, ეთანხმება მას სრულიად, უკიდურეს შემთხვევაში მეშვიდე-მეცხრე ასწლეულებში. წაიკითხეთ შემდეგი სურები:
 
სურა ძროხა 2:136 უთითებს, რომ არ არსებობს განსხვავება წინმსწრობ წერილებსა და იმათ შორის, რომელთა შესახებაც ყურანი ლაპარაკობს: "... იმაში, რაც ჩვენ ციდან მოგვეცა, და რაც მიეცა ... ისას... ჩვენ მათ შორის არაფერს ვასხვავებთ..."
 
სურა იმრანის ოჯახი. 3:2-3 აგრძელებს: "ალლაჰმა... გადმოაგზავნა თორა და სახარებები".
 
სურა ქალები 4:136 კიდევ უფრო შორს მიდის და მუსლიმებს აფრთხილებს: "... გწამდეთ ... წერილის, რომელიც მან უფრო ადრე გამოაგზავნა..."
 
სურაში ტრაპეზი 5:46-47 ჩვენ ვპოულობთ პირდაპირ მოწოდებას ქრისტიანთადმი ერწმუნონ თავიანთ წერილს: "და გავაგზავნეთ ჩვენ მათ კვალზე ისა, მარიამის ძე, იმის ჭეშმარიტების დადასტურებით, რაც მანამდე თორაში იყო გამოგზავნილი, და ვუბოძეთ ჩვენ მას სახარება, რომელშიც არის ხელმძღვანელობა და ნათელი, იმის ჭეშმარიტების დადასტურებით, რაც მანამდე თორაში იყო გამოგზავნილი, და სახელმძღვანელოდ იყო ბოძებული ღვთისმოშიშთათვის. დაე სახარების მფლობელებმა განსაჯონ იმის მიხედვით, რაც მასში ალლაჰმა გამოაგზავნა. ხოლო ვინც იმის მიხედვით არ განსჯის, რაც ალლაჰმა გამოაგზავნა, ასეთები არიან გარყვნილები".
 
და კვლავ სურაში ტრაპეზი 5:68 ვპოულობთ ანალოგიურ მოწოდებას: "... ო კაცნო წერილისა! თქვენ არაფერს ეყრდნობით, სანამ არ დაამყარებთ თორას და სახარებას, და იმასა, რაც თქვენი უფლისგან გებოძათ".
 
ძველი და ახალი აღთქმის ავტორიტეტულობისა და სინამდვილის ჭეშმარიტება რომ დავამტკიცოთ, მოდი გადავშალოთ სურა 10:94, სადაც მუსლიმებს ურჩევენ მიმართონ ბიბლიას საკუთარ წერილში რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში: "თუკი შენ ეჭვებ იმას, რაც ჩვენ გამოგიგზავნეთ, ჰკითხე მათ, ვინც წერილს შენამდე კითხულობდა. მოვიდა შენთან ჭეშმარიტება შენი უფლისგან; ნუ იქნები მერყევი!" იგივე რჩევა მეორდება სურა 21:7-ში, იმ მიზნით, რათა განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრეს იმას, რაც მასშია ნათქვამი: "შენამდეც ვაგზავნიდით მხოლოდ ადამიანებს, რომელთაც შთავაგონებდით; მაშ ჰკითხეთ შეხსენების კაცებს, თუკი თქვენ არ იცით!"
 
და ბოლოს, სურაში ობობა 29:46 მუსლიმებს სთხოვენ ეჭვი არ შეიტანონ ქრისტიანთა წერილის ავტორიტეტულობაში: "ნუ ეკამათებით წიგნების მფლობელებს, თუ სხვა უკეთესი არ გაქვთ, გარდა იმათი, ვინც უსამართლოა, და უთხარით: "ჩვენ ვირწმუნეთ ის, რაც გამოგვეგზავნა ჩვენ და გამოგეგზავნათ თქვენ. ჩვენი ღმერთი და თქვენი ღმერთი ერთია, და ჩვენ მას მივენდობით".
 
თუკი რაიმე გასაგებია ამ სურებში, ეს არის ის, რომ ყურანი დაბეჯითებით იწონებს და მხარს უჭერს თორასა და ახალი აღთქმის ავტორიტეტულობას, როგორც ღმრთის ჭეშმარიტ გამოცხადებას. და ეს სრულიად შეესაბამება იმას, რისიც სწამთ ქრისტიანებს.
 
ფაქტობრივად, ყურანში მინიშნებაც კი არ არის მის წინამორბედ წერილთა დამახინჯებაზე ან წინააღმდეგობაზე მათში. ყურანი მართლაც საბოლოო და დასრულებული გამოცხადება რომ იყოს, და წარმოადგენდეს ყველა ადრინდელი გამოცხადების ბეჭედს (რისი პრეტენზიაც აქვთ მუსლიმებს) ყურანის ავტორი ცალსახად გააფრთხილებდა მკითხველებს მისი წინამორბედი წერილების დამახინჯების შესახებ. მაგრამ ჩვენ ერთ მინიშნებასაც კი ვერ ვპოულობთ წინააღმდეგობებზე ბიბლიაში, არაფერი რომ არ ვთქვათ დამახინჯებებზე.
 
მაგრამ არიან მუსლიმები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სურა 2:140-ზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, რომ იუდეველებმა და ქრისტიანებმა დაამახინჯეს თავიანთი წერილები. ეს აიატი ებრაელებთან დაკავშირებით ამბობს: "... ვინ არის იმაზე ურჯულო, ვინც დამალა ალლაჰის მოწმობანი?" მაგრამ მაინც ტექსტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ იუდეველებმა და ქრისტიანებმა დაამახინჯეს თავიანთი წერილი. ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ განსაზღვრულმა იუდეველებმა დაფარეს "ალლაჰის მოწმობანი". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწმობები ჯერაც იქაა (ამის ძალით ზემოთხსენებული სურები მუსლიმებს მოუწოდებენ პატივი მიაგონ ადრინდელ წერილებს), თუმცა ამ მოწმობის მიმდევრებმა ისინი დაფარეს. ასე რომ მოცემული აიატის მოწოდების აზრი მდგომარეობს ალლაჰის მოწმობის ფაქტიურ აღიარებაში, რომელიც იუდაურ გარემოშია დაფარული.
 
 
ღმერთი არ ცვლის თავის სიტყვას
 
გავაგრძელოთ მსჯელობა. ქრისტიანულ წერილზე მუსლიმური წერილი აზრსაც კი არ უშვებს, რომ ღმერთს შეეძლო შეეცვალა თავისი სიტყვა. ის არ ცვლის თავის გამოცხადებებს. სურა იუნუსი 10:64 ამბობს: "... არ არსებობს ცვალებადობა ალლაჰის სიტყვებში..." იგივე აზრია განმეორებული სურაში კაფი 50:28: "არ იცვლება ჩემი სიტყვა..." ბიბლიაში იოლად ვიპოვით საკმაო რაოდენობის მოწმობებს ღმრთის სიტყვათა უცვალებლობის შესახებ, მაგალითად, მეორე რჯულის წიგნში 4:1-2; ესაია 8:20; მათე 5:17-18; 24:35 და გამოცხადება 22:18-20.
 
თუკი ეს თემა ასე ხშირად არის წამოწეული, როგორც ბიბლიაში, ასევე ყურანში, მაშინ ძალიან საეჭვოა, წერილში არსებობდეს იმდენი რაოდენობის წინააღმდეგობა, რომლებიც, როგორც მუსლიმები ამტკიცებენ, მათ ქრისტიანულ წერილში უპოვიათ.
 
მაშ, რა ვუყოთ ახლა იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც, როგორც მუსლიმები ამბობენ, იპოვეს მათ ბიბლიაში?


შეუსაბამობათა ანალიზი
 
ყურადღებით თუ განვიხილავთ წინააღმდეგობებს, რომლებზეც მუსლიმები უთითებენ, დავინახავთ, რომ მრავალი ამ შეცდომათაგან სულაც არ არის ასეთი, არამედ ან კონტექსტის ვერგაგების შედეგია, ან კიდევ, უბრალოდ, გადამწერთა შეცდომაა.
 
პირველი იოლი ასახსნელია, მაშინ როდესაც მეორე სახის შეცდომები უფრო დეტალურ დაკვირვებას ითხოვენ. არანაირ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ძველი აღთქმის წიგნები დაიწერა 17-ე და მე-5 ასწლეულებს შორის ქრ. შ.-მდე, თანაც იმ დროისთვის მისაწვდომ ერთადერთ მასალაზე - პაპირუსზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად ფუჭდებოდა და ხელნაწერები მუდმივ გადაწერას ითხოვდა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ძველი აღთქმის წიგნების უდიდესი ნაწილი 3000 წლის განმავლობაში ხელით იწერებოდა, შემდეგ კი ახალი აღთქმაც ექვემდებარებოდა მუდმივ გადაწერას მთელი მომდევნო 1400 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნების იზოლირებულ საზოგადოებებში, სხვადასხვა კონტინენტებზე და მაინც, ისინი ძირითადად უცვალებელნი რჩებოდნენ.
 
დღეს პოულობენ იმ დროთა ხელნაწერებს, რომლებიც ადასტურებენ წმიდა წერილში გადმოცემულ ფაქტებს, და ჩვენ გვაქვს ამგვარი დოკუმენტების მთელი კოლექცია. რაც შეეხება ახალი აღთქმის ხელნაწერებს, ჩვენს განკარგულებაშია 5300 ხელნაწერი ან ხელნაწერთა ფრაგმენტები ბერძნულ ენაზე, ვულგატის 10 000-მდე ხელნაწერი, და ყველაზე უმცირესი 9300 სხვა ადრინდელი ხელნაწერი.
 
საზოგადოდ და მთლიანობაში  ჩვენ გვაქვს ახალი აღთქმის 24000-ზე მეტი ხელნაწერი ან ფრაგმენტი. მართლაც შთამბეჭდავი ციფრია და არჩევანიც საკმაოდ დიდია, არა? საბოლოო ჯამში ეს ჩვენ გვაძლევს უფრო მეტ მასალას, ვიდრე აუცილებელია ნებისმიერი არსებული ვარიანტის აღსაწერად. განსხვავებულ წაკითხვათა აღმოცენების შემთხვევაში, სქოლიოებში შეგვიძლია ვიპოვოთ მასალა, რომელიც ადასტურებს ტექსტის სხვა ადგილების გამომრიცხველ ან დამმოწმებელ ადგილებს. და ამ სისტემას არანაირად არ შეაქვს ბიბლიაში რაიმე გადახრა.
 
მაგრამ მაინც, მიუხედავად ამისა, მრავალი ქრისტიანი იოლად ეთანხმება ძველი და ახალი აღთქმის "გადამწერთა შეცდომების" არსებობას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი წიგნის ტექსტის გადაწერის დროს შემთხვევითი კორექტურული შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული: იქნება ეს წმიდა თუ საერო წერილი. მაგრამ, ყოველივე ამისდა მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ბიბლიის ყოველი წიგნის ორიგინალური ხელნაწერი, არის რა ღმრთითშთაგონებული, არანაირ შეცდომებს არ შეიცავდა. წიგნთა ამ ორიგინალურმა ხელნაწერებმა ჩვენამდე იმიტომ ვერ მოაღწია, რომ ისინი ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ იყვნენ დაწერილნი.
 
გადაწერაზე პასუხისმგებელი ადამიანები (მწერლები ან გადამწერლები), როგორც წესი, უშვებდნენ ორი სახის კორექტურულ შეცდომას. ეს შეცდომები კარგად არის ცნობილი და აღწერილია ხელნაწერთა ანალიზის სფეროს ექსპერტების მიერ. ერთ-ერთ მათგანს უშუალო კავშირი აქვს საკუთარ სახელთა დაწერილობასთან (განსაკუთრებით გადამწერთათვის უცხო სახელებთან) და მეორე - რიცხვებთან. შეცდომათა სწორედ ეს ორი სახეობა უდევს საფუძვლად არგუმენტებს ხელნაწერებში მსგავსი შეცდომების არსებობის შესახებ. ხელნაწერთა ორიგინალები სავსენი რომ ყოფილიყვნენ წინააღმდეგობებითა და შეუსაბამობებით, ჩვენ მაშინვე შევნიშნავდით ამას მოვლენათა გადმოცემებში, რომლებიც წერილშია აღწერილი (Archer, Gleason, L.,  Encyclopedia of Bible Difficulties, 1994 Revised Edition, 1982, Zondervan Publishing House, p. 221–222).
 
მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელნაწერთა არც ერთი დადასტურებული ვარიანტი, რომელსაც ჩვენამდე მოუღწევია, არ ცვლის ბიბლიის დოქტრინას. უკიდურეს შემთხვევაში, წმიდა წერილი, ცნობილ დონემდე, შემკავებელ გავლენას ახდენდა ტექსტის გადაცემის საკითხში.
 
რადგან ღმერთს არსად მოუცია დაპირება წერილის უზადო გადაცემის შესახებ, აუცილებელია ვთქვათ, რომ ღვთითშთაგონებული იყო მხოლოდ ის ტექსტი, რომელიც საკუთარი ხელით იყო დაწერილი ორიგინალური დოკუმენტების ავტორთა მიერ. ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ ტექსტოლოგიის ან ტექსტის კრიტიკული შესწავლის არსებით აუცილებლობას, როგორც ნებისმიერი შეცდომის განსაზღვრის საშუალებას, რომლებიც შესაძლოა შეპარულიყვნენ ტექსტში მისი გადაცემის პროცესში. მაგრამ მეცნიერების მოცემული განყოფილების დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ებრაული და ბერძნული ტექსტი გასაოცრად კარგად არის შენარჩუნებული, ასე რომ ჩვენ სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია აღვნიშნოთ ღმრთის საკვირველი წინდახედულობა მოცემულ საკითხში. ჩვენ ასევე საფუძვლიანად ვამტკიცებთ, რომ წმიდა წერილის ავტორიტეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაექვემდებაროს ეჭვს იმის გამო, რომ ასლები, რომელთაც დღეს ვფლობთ, შეუძლებელია იყონ აბსოლუტურად უშეცდომონი.
 
ზუსტად ასევე არ არსებობს სრულყოფილი თარგმანებიც, ამიტომაც წერილის ყველა თარგმანი - ეს კიდევ ერთი განზე გადადგმული ნაბიჯია ხელნაწერთა ორიგინალებისგან. მიუხედავად ამისა, ლინგვისტების დასკვნით, უკიდურეს შემთხვევაში ინგლისურად მეტყველი ქრისტიანები, საკმაოდ კარგად და საკმარისად არიან მომარაგებულნი შესანიშნავი თარგმანებით და, შედეგად, არა აქვთ მიზეზი დაეჭვდნენ იმაში, არის თუ არა მათთვის მისაწვდომი ღმრთის სიტყვა. მართლაც, წერილში ძირითადი იდეების არსებული ხშირი განმეორებებისა და სულიწმიდის მუდმივი მოწმობების გამო ქრისტეში და მის მიერ, ვერანაირ თარგმანს ვერ ძალუძს იმდენად შეცვალოს წმიდა წერილი, რომ მას არ შეეძლოს "შენი გაბრძნობა, ... რათა ცხონდე ქრისტე იესუს რწმენით" (2 ტიმ. 3:15).
 
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, მოდი შევხედოთ მაგალითებს, რომლებსაც იმოწმებს შაბირ ალი თავის ბროშურაში, რათა დავრწმუნდეთ, გაივლის თუ არა წმიდა წერილი გამოცდას ავტორიტეტულობაზე.
 
თავისი ბროშურის "ბიბლიის 101 აშკარა წინააღმდეგობა" მეორე მხარეზე, შაბირ ალი აცხადებს: "გადაწყვეტილება მიღებულია! გაამრავლეთ ეს ბროშურა და აცნობეთ ხალხს ჭეშმარიტება".
 
ჩვენ, ამ წიგნის ავტორები, ხალისით შევასრულებთ ბ-ნ ალის ამ თხოვნას. და, თუმც ბუკვალურად არ დავიწყებთ მისი სიტყვების კოპირებას, დავაფიქსირებთ მის მოჩვენებით წინააღმდეგობებს და შევაფასებთ მათ. გარდა ამისა, უარყოფათა დახმარებით გავაკეთებთ იმას, რისკენაც მოუწოდებს შაბირი: ვაცნობებთ ხალხს ჭეშმარიტებას! ჩვენ ვაჩვენებთ მათ ბიბლიის მტკიცე საბუძველს, რომელიც არის კიდევაც ჭეშმარიტება. შეადარეთ, გეთაყვა, ის, რასაც ამბობს ალი, და ის უარყოფანი, რომელსაც თქვენ იპოვით ჩვენს წიგნში.
 
თქვენ დაინახავთ, რომ გარკვეული კითხვები შეიცავენ ერთზე მეტ პასუხს. ეს ასე შეგნებულად გაკეთდა, რათა ვაჩვენოთ ბიბლიურ ტექსტში არსებულ განსახილველ პრობლემათა შემეცნების განსხვავებული გზები.





წინააღმდეგობათა სია:
 
 
1. ვინ წააქეზა დავითი აღესრულებინა მოსახლეობის აღწერა, ღმერთმა (2 მეფ. 24:1) თუ სატანამ (1 პარ. 21:1)?
 
(კატეგორია: გაუგებრობა იმისა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი ისტორიაში).
 
ეს აშკარა წინააღმდეგობად გამოჩნდება, თუკი ორივე მტკიცებულება სიმართლე არ აღმოჩნდება. ეს ამბავი დავითის მმართველობის მიწურულს მოხდა, როდესაც მან გადახედა თავის ბრწყინვალე გამარჯვებებს, რომლითაც ქანაანის, ასურეთის და ფინიკიის სამეფოები ისრაელის ვასალ სახელმწიფოებად აქცია. ის თავის მიღწევებს დიდი სიამაყითა და თვითაღტაცებით უყურებდა, და ღმრთის წყალობაზე მეტად შეიარაღებასა და ჯარებზე ფიქრობდა. ამიტომაც ღმერთმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო დავითი მუხლზე დაეჩოქებინა, რათა კვლავ შეეხსენებინა მისთვის ღმრთის წყალობა. აქედან გამომდინარე, ღმერთმა დაუშვა, რათა დავითს დაეწყო ეს აღწერა, მისი შედეგი რომ ენახა, რადგან ერთადერთი შედეგი, რაც კი ამ აღწერას შეიძლებოდა გამოეწვია, ეროვნული თავდაჯერებულობის გაბუქება უნდა ყოფილიყო (რომლის შესახებაც აფრთხილებდა მას იოაბი, როდესაც აღწერის წინააღმდეგ გამოდიოდა - იხ. 1 პარ. 21:3). როგორც კი აღწერა დასრულდა, ღმერთმა ერი საშინელი წყლულით მოსწყლა, რამაც ადამიანთა უდიდესი დანაკარგები გამოიწვია (ფაქტობრივად, მე-2 მეფეთა 24:15-ის თანახმად, ისრაელში 70 000 ადამიანი დაიღუპა).
 
მაგრამ რა შუაშია აქ სატანა? რაში სჭირდებოდა მას ამ საქმეში ჩართვა (იხ. 1 პარ. 21:1), თუკი ღმერთმა უკვე აღძრა დავითი მის აზრებში გაჩენილი ამ უგუნური საქციელის აღსასრულებლად? მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტგანზრახვაა, რადგან მან იცოდა, რომ ეს აღწერა ღმერთს არ ესათნოვებოდა (1 პარ. 21:7-8), და სწორედ ამიტომაც უბიძგა მან დავითს ამ საქმის აღსასრულებლად.
 
და ამაშიც არაფერია ახალი, რადგან ბიბლიაში სხვა მრავალი შემთხვევებიც არის აღწერილი, როდესაც უფალი და სატანა (ცალ-ცალკე) ჩართულნი არიან სულთა გამოცდებში:
 
ა) იობის წიგნის პირველ და მეორე თავებში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ეპაექრება ღმერთის სატანას, და ნებას აძლევს მას გამოსცადოს იობი. ღმრთის მიზანი - იობის რწმენის განწმენდაა; ამ განსაცდელით ღმერთმა განამტკიცა იობის ხასიათი, რადგან საშუალება მისცა მას უბედურებები დაეძლია. სატანის განზრახვა კი ყოველთვის ბოროტია - მას სურდა იობისთვის რაც შეიძლებოდა მეტი ზიანი მიეყენებინა, რათა საბოლოოდ უარი ეთქვა რწმენაზეც და ღმერთზეც.
 
ბ) ზუსტად ასევე, ღმერთი და სატანა (ცალ-ცალკე) ჩართულნი არიან ქრისტიანთა დევნაში (იხ. 1 პეტ. 4:19 და 5:8). აქაც, ღმერთის მიზანი - ქრისტიანთა რწმენის გამოცდა და განმტკიცებაა, რათა მისცეს მათ შესაძლებლობა ამ ცხოვრებაშივე მიიღონ მონაწილეობა ქრისტეს ვნებებში, რათა შემდეგ, ცათა სასუფეველში მარადის იხარონ უფალ იესუსთან ერთად (1 პეტ. 4:13-14). სატანის მიზანი კი მათი (ქრისტიანების) შთანთქმაა (1 პეტ. 5:8), ან კიდევ მათი დაუძლურება და დამწუხრებაა, რასაც უკიდურესი დევნულებები იწვევს და მით სასოწარკვეთილებაში აგდებს ადამიანს.
 
გ) ღმერთმა დაუშვა, რათა იესუს გაევლო სამი განსაცდელი თავისი მიწიერი მსახურებისას. ეს სატანასაც სურდა. მაგრამ ღმერთის მიზანი ამ საცდურებში იყო ის, რომ ქრისტეს სრულად უნდა გაემარჯვა მაცდურზე, რომელმაც პირველი ადამი შეაცდინა და დაცემამდე მიიყვანა. სატანის მიზანი კი მაცხოვრის განშორება იყო თავისი მესიანური მიზნისგან.
 
დ) პეტრეს მიერ ქრისტესგან სამგზისი უარყოფით, რაც მღვდელმთავრის ეზოში მოხდა, იესუმ პირადად მიუთითა ორივე ჩართული მხარის მიზნებზე, როდესაც თქვა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები" (ლკ. 22:31, 32).
 
ე) და ბოლოს, თვით ჯვარცმა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ განაგებენ განსაცდელს ღმერთი და სატანა. სატანის მიზანი ცხადი ხდება, როდესაც იუდას გულს მზაკვარებითა და სიძულვილით აღავსებს (იოანე 13:27), რამაც ის იესუს გამცემლობამდე მიიყვანა. მაგრამ უფლის ჩანაფიქრი ჯვარცმაში ის იყო, რომ იესუს, დასაკლავ კრავს, თავისი სიცოცხლე მიეცა მრავალთა საცხოვნებლად, რათა ცოდვილ ადამიანებს კიდევ ერთხელ მისცემოდათ იმ ურთიერთობით ტკბობის შესაძლებლობა, რომლებიც მათ დასაბამში, ედემის ბაღში დაკარგეს, და ისინი შევიდნენ კიდეც იმ ურთიერთობებში, რომლებიც ამიერიდან (ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ) მარადიულია.
 
ამრიგად, ჩვენ გვაქვს ხუთი მაგალითი იმისა, თუ როგორ განაგებენ უფალი და სატანა განსაცდელებს, სადაც ჩანს, რაოდენ განსხვავებული მოტივები ამოძრავებს თითოეულ მათგან. სატანის მოტივი ამ მაგალითებში (და ყველგან), დავითის აღწერის ჩათვლით, მხოლოდ ბოროტგანზრახვაა. უფალთან მიმართებაშიუ კი ყველა ეს შემთხვევა სულ სხვა მოტივებს ააშკარავებს. უფლის კეთილი განზრახვაა იხილოს ადამიანთა საბოლოო გამარჯვება, თანაც გაზარდოს გამოსაცდელი ადამიანის სარგებლობა და სულიერი სიმტკიცე. ყოველ შემთხვევაში სატანის წარმატებულობა მუდმივად შეზღუდული და ხანმოკლეა, მაშინ როდესაც ღმრთის მიზანი ბოლოში ყოველთვის დადებია და მისი საქმე ყოველთვის გამარჯვებულია.


2. მეფეთა მე-2 წიგნში 24:9-ე მუხლში ნათქვამია, რომ ისრაელელთა რაოდენობა აღწერის შემდეგ შეადგენდა 800 000 ადამიანს, მაშინ როდესაც 1 ნეშტთა (პარალიპომენონი) წიგნის 21:5-ე მუხლში ეს ციფრი 1 100 000 ადამიანია.
 
(კატეგორია: ისტორიული კონტექსტის არასწორი გაგება, ან ავტორის განზრახვის არასწორი წვდომა).
 
არსებობს რამოდენიმე მეთოდი, თუ როგორ არის შესაძლებელი გავიგოთ არა მარტო ეს პრობლემა, არამედ სხვა გამოწვევაც, რადგან ისინი ორივენი ერთსა და იმავე მონაკვეთს ეხებიან და ერთსა და იმავე აღწერას განეკუთვნებიან.
 
არსებობს ალბათობა იმისა, რომ განსხვავება ორ ხელნაწერში დაკავშირებულია აღწერის არაოფიციალურ და დაუმთავრებელ ხასიათთან (რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ), ან კიდევ დამრგვალებულ ციფრებთან, განსაკუთრებით იუდასთვის.
 
მაგრამ ყველაზე სავარაუდო პასუხია ის, რომ ერთ სიაში ჩართულია ადამიანთა ის კატეგორია, რომლებიც ჩართულნი არ არიან სხვა სიაში. სრულიად ნათელია, რომ 1 ნეშტთა წიგნში, 21:5-ე მუხლში ციფრები გულისხმობენ გასაწვევი ასაკის ყველა მამაკაცს, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდნენ ისინი ადრე ბრძოლებში თუ არა. მაშინ როდესაც 2 მეფ. 24:9-ში ლაპარაკია მხოლოდ იმათზე, ვინც მზად იყო საბრძოლველად. იოაბის ანგარიში 2 მეფ. 24-ში შეიცავს სიტყვას: "is hayil", რომელიც ითარგმნება, როგორც "ძლიერი, ომში გამოსადეგი მამაკაცი", ან ისინი, ვინც ერთხელ უკვე იომა, და ციფრი 800 000 სწორედ ამ ვეტერანებს განეკუთვნება. სრულიად სავარაუდოა, რომ იყო კიდევ 300 000-მდე მამაკაცი, რომელთა ჯარში გაწვევა თავისუფლად შეიძლებოდა და რეზერვში იმყოფებოდნენ. მათ შესახებ ლაპარაკია ნეშტთა 1-ლი წიგნის 21-ე თავში, სადაც ძველებრაული სიტყვა "is hayil" მათ აღსაწერად არ გამოიყენება.

 
3. მეფეთა წიგნში 24-:9-ე მუხლში ლაპარაკია 500 000 იუდეველზე, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ, რაც 30 000 ადამიანით ნაკლებია 1-ელ ნეშტთა წიგნში (1 პარ. 21:5) მოცემულ ანალოგიურ აღრიცხვაზე.
 
(კატეგორია: ისტორიული კონტექსტის არასწორი გაგება).
 
შენიშნეთ, რომ ნეშტთა 1-ელი წიგნის 21:6-ე მუხლში ნათლად არის ნათქვამი, რომ იოაბს არ დაუმთავრებია აღრიცხვა, რადგან მას ჯერაც არ ჩაუტარებია ბენიამინის ტომის აღწერა, ისევე როგორც ლევიანთა ტომისა, იმის გამო, რომ დავითის ბრძანება აღწერის ჩატარებაზე მისთვის მიუღებელი იყო. ამიტომაც ციფრებში განსხვავება აიხსნება ადამიანთა დაუსახელებელი ჯგუფების დამატებით ან გამორიცხვით. ამის შესახებ სხვა ცნობას ვპოულობთ ნეშტთა 1-ელი წიგნის 27:23-24-ე მუხლებში, სადაც ნათქვამია, რომ დავითი არ აღრიცხავდა მათ, ვინც 20 წლის და ნაკლებისა იყო, და რადგან იოაბმა არ დაასრულა აღწერა ეს ციფრები მეფე დავითის ქრონიკებში ჩართულნი არ ყოფილან.
 
აღწერის პროცედურა უნდა დაწყებულიყო იორდანის გაღმა მცხოვრებ ტომთაგან (2 მეფ. 24:4), შემდეგ აღწერა უნდა გადასულიყო ყველაზე ჩრდილოეთით მყოფ დანის ტომზე, და იქიდან წამოსულიყო სამხრეთით, იერუსალიმის მხარეს (მ. 7). ამიტომაც ბენიამინის აღწერა ყველაზე ბოლოს უნდა მომხდარიყო. შედეგად ბენიამინის ტომი არ იყო ჩართული არც საერთოდ ისრაელიტელთა რაოდენობაში, და არც საერთოდ იუდეის მცხოვრებთა საზოგადო რიცხვში. მე-2 მეფეთა 24-ე მუხლის შემთხვევაში ციფრები იუდეის მცხოვრებთათვის მოიცავენ უკვე ცნობილ ციფრს 30 000 მეომარს ბენიამინის ტომიდან. რაც მთლიანობაში, ბენიამინის ტომთან ერთად, შეადგენს 500 000-ს.
 
შენიშნეთ, რომ ერთიანი სამეფოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად დაყოფისა და სოლომონის სიკვდილის შემდეგ (930 წ. ჩვ. წ.-მდე) ბენიამინელების უმრავლესობა დავითის დინასტიის ერთგული დარჩა და (სამხრეთით მდებარე სიმეონის ტომთან ერთად) იუდას სამეფოში შედიოდა. ამიტომაც სრულიად ნათელია, რომ ბენიამინი, იუდასთან და სიმეონთან ერთად შეადგენენ შუალედურ ჯამს 500 000-ს, თუმცა იოაბმა ისინი არ ჩართო პირველ ანგარიშში, რომელიც დავით წარუდგინა (იხ. 1 პარ. 21:5). ამრიგად, შეიარაღებული ძალების საბოლოო რაოდენობა, რომელიც დავითის განკარგულებაში იყო შეადგენდა 1 600 000 (1 100 000) ისრაელიტელს, 470 000 იუდას და სიმეონის ტომებიდან, და 30 000 ბენიამინის ტომიდან).  


4. მეფეთა მე-2 წიგნში მ. 24:13 ნახსენებია ქვეყანაში არსებული შვიდწლიანი შიმშილობა, მაშინ როდესაც ნეშტთა (პარალიპომენონის) 1-ელ წიგნში მ. 21:12 ლაპარაკი მხოლოდ სამ წელიწადზე.
 
(კატეგორია: ავტორის განზრახვისა და ფორმულირებების არასწორი გაგება).
 
არსებობს ორი შესაძლო განმარტება. პირველი მდგომარეოს იმაში, რომ ნეშტთა პირველი წიგნის ავტორი გამოყოფს სამწლიან პერიოდს, როდესაც შიმშილობა განსაკუთრებულად ძლიერი იყო, მაშინ როდესაც მე-2 მეფეთა ავტორი ახსენებს ორ წელს დასაწყისში და ორს დასასრულში, როდესაც შიმშილი შესაბამისად ძლიერდებოდა შემდეგ კი სუსტდებოდა.
 
შეიძლება ვიპოვოთ სხვა გადაწყვეტაც, თუ ყურადღებას მივაქცევთ სიტყვების გამოყენებას ყოველ ნაწყვეტში. თუ ერთმანეთს შევადარებთ ორ მონაკვეთს, დავინახავთ, რომ პირველი ნეშტთა წიგნის ფორმულირება (მ. 21) არსებითად განსხვავდება მე-2 მეფეთა წიგნის 24-ის ფორმულირებებისგან. მე-2 მეფ. 24:13-ში არის შეკითხვა: "რა გიჯობს, შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაში, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში?" (2). ნეშტთა პირველ წიგნში მოცემულია განკარგულება: ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე, სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის ლტოლვილობა შენი მტრისგან და მათ მიერ შენი დევნა, და უფლის ანგელოზი, შემმუსრველი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში. აქედან დასაბუთებულად შეიძლება დავასვკნათ, რომ მეფეთა მე-2 წიგნში აღწერილია წინასწარმეტყველ გადის პირველი მიმართვა დავითისადმი, რომელშიც არჩევანში იყო 7 წელი; ხოლო ნეშტთა პირველ წიგნში ლაპარაკია მეორე და უკანასკნელ მიმართვაზე წინასწარმეტყველ გადისა მეფისადმი, რომელშიც უფალი (უეჭველად, დავითის გულწრფელ, პირად ლოცვაზე) ამცირებს ამ საშინელი არჩევანის სიმკაცრეს სამ წლამდე, თავიდან შეთავაზებული შვიდის ნაცვლად. მაგრამ, როგორც ჩანს, დავითმა ირჩია მესამე ვარიანტი, რომელიც უფალმა შესთავაზა, რამაც გამოიწვია საშინელი სამდღიანი ეპიდემია, რომელმაც გამოიწვია 70 000 ისრაელელის სიკვდილი.
 
(Archer 1982:189–190 и Light of Life II 1992:190).
 
_________________
 
2. ხსენებული წინააღმდეგობა მოცემულია მხოლოდ ბიბლიის ინგლისურ თარგმანებში. ძველბერძნულ, ძველქართულ და სლავურ ბიბლიებში ასეთი წინააღმდეგობა არ არის.
   
ძველ ქართულ თარგმანში, რომელიც შესრულებულია სეპტუაგინტიდან, წერია: "და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: გამოირჩიე თავისა შენისა ერთი ამათგანი: ანუ სამ წელ სიყმილი პურისა ქუეყანასა ზედა შენსა..." (2 მეფ. 24:13) (ბიბლია. ძველი აღთქმა. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 2017 წ. წიგნი I. გვ. 1036.
 
ძველბერძნულში (სეპტუაგინტა): "... τρία ἔτη λιμός..." (ციტ.: https://manuscript-bible.ru/greek.htm).
 
ასეა სლავურშიც: "И вниде Гад к Давиду, и поведа, и рече ему: избери себе быти: или приидут тебе три лета глада на землю твою..." (2Цар.24:13) (ციტ.: https://azbyka.ru/biblia/?2Sam.24&r~utfcs~cs).
 
_________________
 
 
5. რამდენი წლისა იყო ოქოზია, როდესაც ის გამეფდა იერუსალიმში - 22 წლისა (4 მეფ. 8:26) თუ 42-ის (2 ნეშტთა (პარ.) 22:2)? (3).
 
(კატეგორია: გადამწერის შეცდომა).
 
რადგანაც ჩვენ საქმე გვაქვს მოვლენებთან, რომლებიც ჩაწერილ იქნა ათასი წლის წინ, ვერ დავიჩემებთ, რომ ჩვენს წინაშეა ორიგინალები, რადგან ისინი დიდი ხნის წინათ დაიშალა. ამიტომაც ჩვენ დამოკიდებულები ვართ იმ ასლებზე, რომლებიც გადაღებულია ორიგინალთა ასლებიდან, რომლებიც თავის მხრივ მუდმივად გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ისინი, ვინც ამ ასლებს წერდნენ, მიდრეკილნი იყვნენ ორი შესაძლო შეცდომისკენ. პირველი ეხება საკუთარ სახელთა დაწერილობას, მეორე კი - ციფრებს.
 
4 მეფეთა წიგნში ნათქვამია, რომ ოქოზია იყო 22 წლის, მაშინ როდესაც მე-2 ნეშტთა წიგნში მისი ასაკი 42 წელია. საბედნიეროდ, ბიბლიაში საკმარისად არის დამატებითი მასალა, საიდანაც ჩანს, რომ სწორი ციფრია 22. ადრე 4 მეფეთა 8:17-ში ავტორი ახსენებდა, რომ ოქოზიას მამას იორამ ბენ აქაბი 32 წლისა იყო სამეფო ტახტზე რომ ავიდა, და გარდაიცვალა იგი 8 წლით გვიან, 40 წლის ასაკში. ამიტომაც ოქოზია ვერანაირად იქნებოდა 42 წლისა საკუთარი მამის გარდაცვალების მომენტში, რომელიც 40 წლისა გახლდათ! გადამწერთა ასეთი სახის შეცდომები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ იუდეველთა ან ქრისტიანთა რწმენაზე. ასეთ შემთხვევაში წერილის მეორე ნაწილს ასწორებს შეცდომას (მოცემულ შემთხვევაში 4 მეფ. 8:26). ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მწერლები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ კოპირებაზე, ძალიან პატიოსნები იყვნენ ბიბლიის ტექსტთან მიმართებაში. ისინი აკოპირებდნენ მას ისე, როგორც მიიღეს, და არ ასწორებდნენ აშკარა შეცდომებსაც კი, რომლებიც, სინამდვილეში, არც ისე ბევრია.
 
(მომდევნო განყოფილებაში უფრო დეტალურად იქნება აღწერილი თუ როგორ შეეძლოთ მწერლებს არასწორად განემარტათ ციფრები ხელნაწერებში).
 
(Archer 1982:206 и Light of Life II 1992:201)
 
_________________
 
3. ხსენებული წინააღმდეგობა მოცემულია მხოლოდ ბიბლიის ინგლისურ თარგმანებში. ძველბერძნულ, ძველქართულ და სლავურ ბიბლიებში ასეთი წინააღმდეგობა არ არის.
 
ძველბერძნულშია (სეპტუაგინტა): "... ὤν εἴκοσι (ოცი) ἐτῶν Οχοζιας..." (ციტ.: https://manuscript-bible.ru/greek.htm).
 
ძველქართულ თარგმანში: "ოცდაორისა წლისა იყო ოქოზია დადგომასა მისსა მეფედ" ((2 ნეშტთა. 22:2. ხელნაწერი DFIS) (ბიბლია. ძველი აღთქმა. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 2017 წ. წიგნი I. გვ. 1419).
 
სლავურში: "Двадесяти дву лет сый Охозиа царствовати нача..." (2 Пар.22:2).  (ციტ.: https://azbyka.ru/biblia/?2Chron.22&r~utfcs~cs).
 
განსხვავებაზე თუ არის აქ ლაპარაკი, ეს განსხვავება მდგომარეობს 20 წელსა და 22 წელს შორის, რადგან სეპტუაგინტაში ნახსენებია, რომ ოქოზია იყო 20 წლის, იგივეა ერთ-ერთ ძველ ქართულ ხელნაწერშიც. "ოცი წლისა რომელ იყო ოქოზია, მეფობად იწყო (2 ნეშტთა. 22:2. ხელნაწერი B) (ბიბლია. ძველი აღთქმა. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 2017 წ. წიგნი I. გვ. 1419).

_________________


გაგრძელება იქნება.

წყარო: http://answering-islam.org // https://azbyka.ru/101-mnimoe-protivorechie-biblii#ch_0_1

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому