საუბრები ბიბლიაზე - ახალაღთქმისეული ჩანართების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ახალაღთქმისეული ჩანართების შესახებ
წმიდა წერილი
ქრისტიანებს ხშირად ესმით ბიბლიის დამახინჯების შესახებ. კერძოდ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ისმის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მან გვიან საუკუნეებში ახალაღთქმისეულ წიგნებში შეიტანა ჩანართები. ქვემოთ მოტანილია რამოდენიმე ასეთი მუხლის მოკლე ანალიზი.
 
 
1) მარკოზის სახარება (მკ. 16:9-20).
 
სინურ და ვატიკანურ კოდექსებში (IV ს.) ეს ტექსტი არ არის.
 
1. ამ ტექსტს უკვე იმოწმებს წმ. ირინეოს ლიონელი (130-190 წწ.) (იხ. წმ. ირინეოს ლიონელი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. 3, 10, 6).
 
2. ეს მუხლები ცნობილია წმ. მოწ. იუსტინე ფილოსოფოსისთვის, რომელიც დაახლ. 165 წ. ეწამა ქრისტესთვის.
 
3. ცნობილია იგივე მუხლები წმ. იუსტინეს მოწაფის, ტატიანესთვის, რომელიც იყო II ს-ის ქრისტიანი მწერალი და, რომელმაც ოთხივე სახარება შეაერთა ერთ თხრობად, ანუ დიატესარიონად და, რომელიც სირიის ეკლესიაში გამოიყენებოდა რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში.
 
3. W კოდექსში არსებობს IV-V სს. ოთხი სახარება. ეს ადგილი თვით კოდექსში სტილით წააგავს Р45-ს (III ს-ის პირვ. ნახ.).
 
4. არის ის ბეზას კოდექსში, რომელიც, სიმართლე უნდა აღინიშნოს, ერთი მკვლევრის მიერ თარიღდება IV, სხვა მკვლევართა მიერ კი V-VI საუკუნეებით.
 
5. არის ის ალექსანდრიისა და ეფრემის V ს-ის ორ კოდექსში.
 
6. თუკი ვაღიარებთ, რომ სადავო მუხლები არის გვიანდელი ჩანართი, მაშინ მარკოზის სახარების დასკვნად უნდა ვაღიაროთ მენელსაცხებლე დედათა სიტყვები: "გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ" (მკ. 16:8). მაგრამ შეუძლებელია სახარება - სამახარობლო უწყება - მთავრდებოდეს სიტყვებით შიშზე და ძრწოლაზე.
 
 
2) "უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი რქა ამოვარდება რჯულიდან" (ლკ. 16:17).
 
1. თავისთავად ფრაზა არ შეიცავს იმ აზრს, როგორადაც მოიაზრებენ მას ბიბლიის კრიტიკოსები (მუსლიმები, ათეისტები და სხვა): ანუ მთელი ბიბლია უცვალებელი უნდა იყოს. აქ ლაპარაკია მხოლოდ რჯულზე, ანუ მოსეს ხუთწიგნეულზე. საერთოდ, როდესაც იესუ ლაპარაკობდა მთელ ძველაღთქმისეულ წერილზე, ის ისყენებდა სხვა სიტყვებს, მაგალითად: "... უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში" (ლკ. 24:44).
 
2. ვნახოთ კონტექსტი. ამ ადგილას უფალი, ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ცვლის რჯულს: მასში ნებადართული იყო გაყრა ნებისმიერი მიზეზით, იესუ კი ამბობს: "ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს" (ლკ. 16:18). მაშ, როგორ არის შესაძლებელი ამ სიტყვებს მივაწეროთ ტექსტის ბუკვალური უცვლელობის მნიშვნელობა, როდესაც თვით იესუ ცვლის რჯულის კანონმდებლურ დადგენილებას? ცხადია, ეს ნათქვამია არა ასოთა მოხაზულობაზე ან სიტყვებზე, არამედ რჯულის არსზე, რადგან ცვლილებები მცნებებს კი არ ამახინჯებდნენ, არამედ უფრო მეტად ააშკარავებდნენ მათ შინაარსს, არსებითად კი რჯულის მცნებები რჩებოდნენ უცვალებელნი.
 
3. ვნახოთ ნეტ. თეოფილაქტეს განმარტება. მისი სამართლიანობა დასტურდება პარალელური გამონათქვამის დამოწმებით: "რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი რქაც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მთ. 5:18). ანუ, აქ ლაპარაკია წინასწარმეტყველებებზე ქრისტეს შესახებ, ასევე მცნებათა არსის აღსრულებაზე.
 
4. ვნახოთ ამ პარალელური ადგილის (მთ. 5:18) წმიდა მამებისეული განმარტებანი: ნეტ. თეოფილაქტე: "ერთნი იოტაში და რქაში გულისხმობენ თორმეტ მცნებას, სხვები - ჯვარს. იოტა - ჯვრის პირდაპირი ძელია, ხოლო რქა - განივი. ამრიგად, ამბობენ, რომ ნათქვამი ჯვართან მიმართებაში, - აღსრულდება".
 
5. ამრიგად, ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სიტყვები არასოდეს გაიგებოდა წერილის ტექსტუალურ უცვალებლობად. ეს არის გამოგონილი და "ყურით მოთრეული" ინტერპრეტაცია, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც სიტყვების პირდაპირ აზრს, ასევე კონტექსტს და ჩვენს "განმარტებებსაც".
 
 
3) იოანეს სახარების ფრაგმენტი (ინ. 7:53-8:11)
 
ეს არის ფრაგმენტი, როდესაც ქრისტეს მიუყვანეს მრუშობაში მხილებული და ჩასაქოლად განწირული დედაკაცი.
 
ეს თხრობა არ მოიპოვება სახარების მრავალ უძველეს ხელნაწერში, მას არ იმოწმებენ ეკლესიის მამები, თვით თხრობის სტილი არ შეესაბამება მთელი სახარების სტილს.
 
1. ამ მოთხრობის შინაარსი ცნობილი იყო იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის, იერაპოლის ეპისკოპოს პაპიასისთვის (დაახლ. 70 – 155 (165)) (ევს. საეკლ. ისტ. 3:39, 16).
 
2. ამ მოთხრობის შესახებ ხსენებას ვხვდებით მოციქულთა დადგენილებებში - III ს-ის წერილობით ძეგლში (2:24, 4).
 
3. ნეტ. ავგუსტინეც (IV ს.) იცავს მის სინამდვილეს და მრავალ კოდექსში მისი არარსებობის ფაქტს განმარტავს მით, რომ მცირედმორწმუნენი შეიძლებოდა შეშინებულიყვნენ სახარების ამ ადგილის ბოროტად გამოყენებით, რაც შეიძლებოდა გამოეწვია ამ მოთხრობას მათ ცოლებში, ამიტომაც ამოშალეს იგი ახალი აღთქმის საკუთარი ხელნაწერებიდან (прот. Прелюб. 2:7).
 
4. ნეტ. იერონიმე ჯერ კიდევ V ს-ის დასაწყისში წერდა, რომ ეს მოთხრობა შეტანილია მრავალ კოდექსში, როგორც ლათინურ, ასევე ბერძნულში (прот. Пелагия 2:17).
 
5. აღმოსავლეთში, სახარების სირიულ თარგმანში ეს მოთხრობა ჩნდება მხოლოდ VI ს-ში.
 
6. VI ს-ში ეს მოთრობა ჩნდება სახარების ბერძნულ კოდექსებში, ხოლო მისი განმარტება იწყება მხოლოდ მე-7 ს-დან (თეოფილაქტესთან).
 
 
4) "ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია" (1 ინ. 5:7).
 
1. ეს მუხლი არ წარმოადგენს გვიანდელ ინტერპოლაციას.
 
2. ეს მუხლი ცნობილია უძველესი დროიდან და ლათინურ მართლმადიდებლურ დასავლეთში ფიქსირდება ყოველ ასწლეულში:
 
— ამ მუხლს იმოწმებს ტერტულიანე (პრაქსეასის წინააღმდეგ 25; 31);
 
— III ს-ის შუაში - წმ. მღვდელმოწ. კვიპრიანე კართაგენელი (თუმც იძლევა არ სიტყვასიტყვით ციტატას, არამედ მხოლოდ იმოწმებს მას) (1);
 
_________________________
 
1. წმ. კვიპრიანე კართაგენელი (III ს.) თავის წიგნში "ეკლესიის ერთობის შესახებ" წერს: "უფალი ამბობს: "მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ" (ინ. 10,30). მამისა, ძისა და სულიწმიდის შესახებ აგრეთვე წერია: "ესე სამნი ერთ არიან" ( 1ინ. 5,7) ("Dicit dominus: ego et pater unum sumus. Et iterum de patre et filio et spiritu sancto scriptum est: et hi tres unum sunt" (J.-P. Migne, Patrilogiae Cursus Completus: Series Latina (далее – MPL), vol. 4. Col. 504A). ზოგიერთი მკვლევრის მცდელობა ეს ფრაზა ისე განმარტოს, თითქოსდა მას არ ჰქონდეს კავშირი 1 ინ. 3:7-თან აშკარად ყურით მოთრეული და ტენდენციური არგუმენტია, რაც ნაკარნახევია აპრიორული დარწმუნებულობით ამ მუხლის გვიანდელ ინტერპოლირებულობაში. უფრო დეტალურად იხ. Response to Daniel Wallace Regarding 1 John 5:7 by Martin A. Shue // http://www.geocities.com/avdefense1611/wallace.html.
 
_________________________
 
 
— IV საუკუნეში - იდაციუსი (лат. Idatius, Idacius (დაახლ. 394-469) - ესპანელი ეპისკოპოსი და ჟამთააღმწერელი - "აპოკ." რედ.) (MPL, vol. 62, col. 359);
 
— პრისკილიანე, ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (რომელიც კიცხავს ბერძენ გადამწერებს, რომლებიც ხშირად ტოვებდნენ ამ ტექსტს) (MPL, vol. 29, col. 847А);
 
— V ს-ში - თხზულების "ვარიმადიუსის წინააღმდეგ" ავტორი;
 
— ასევე - ყურადღება! – 485 წლის კართაგენის კრების მართლმადიდებელი მამები (2), ვიგილიუს ტაპენსიელი (ტაპსუელი) (MPL, vol. 62, col. 243) და ვიქტორ ვიტენსიელი;
 
_________________________
 
2. კრებითი დადგენილებიდან: "... ცხადზე უცხადესია, რომ სულიწმიდა ერთიანი ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად. ეს დამტკიცებულია მახარობელ იოანეს მიერ, რადგან მან თქვა: "სამნი მოწმობენ ცაში, მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია" (Victor of Vitensis, Historia persecutionis Africanae Prov, 2.82. Цит. по: Maynard М. A History of the Debate Over 1 John 5:7–8. Tempe, 1995. – P. 43).
 
_________________________
 
— ამავე ასწლეულს განეკუთვნება ორი უძველესი ლათინური ხელნაწერი, რომლებიც შეიცავენ ამ მუხლს;
 
— VI ს-ში მუხლს იმოწმებენ ისეთი ავტორები, როგორებიცაა (MPL, vol. 65, col. 500) და კასიოდორე (MPL, vol. 70, col. 1373);
 
— VII ს-ში - წმ. ისიდორე სევილიელი;
 
— ამასთანავე არსებობს კიდევ ერთი ლათინური ხელნაწერი, რომელიც ამავე საუკუნით არის დათარიღებული და შეიცავს მე-7 მუხლს;
 
— VIII ს-ში მას იმოწმებს ბედა პატივდებული, და ა. შ.
 
3. სადღეისოდ საკმაოდ საიმედოდ არის დადგენილი, რომ ეს ტექსტი არსებობდა იტალოსში - ძველლათინურ თარგმანში, რომელიც შესრულებულია II ს-ში (ის გვხვდება ხელნაწერებში: itm (427 წ.), itr (VII წ.), itt (VIII წ.)). მეცგერის მტკიცება იმის შესახებ, რომ ის არ იყო ნეტ. იერონიმეს ვულგატაში, ასევე სერიოზულ კრიტიკას დაექვემდებარა, რომელიც ადასტურებს, რომ თავდაპირველად ვულგატაში ეს ტექსტი იყო, თუმცა გვხვდება უძველესი ხელნაწერები, სადაც ის მოცემული არ არის. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ეს ტექსტი არსებობს ძველ სომხურ თარგმანში (ხელნაწერი №1295); გაკრიტიკებულია მეცგერის მტკიცება იმის შესახებ, რომ ის არ არის პეშიტოში (სირიულ თარგმანში) (1664 წელს გამოცემული Gutbier-ის მიერ გამოცემული Lexicon Syricum concerdatntiale omnes N.T. Syriaci, შეიცავს 1 ინ 5:7-ს). ეს მტკიცებულება მეცგერის მიერ გაკეთებულ იყო სირიულ ხელნაწერთა არაჯეროვანი შესწავლის შემდეგ და ეფუძნებოდა ტექსტების მხოლოდ ექვს გამოცემას.
 
4. არსებობს ბერძნული ხელნაწერები, რომლებიც უფრო ადრინდელია, ვიდრე ერაზმ როტერდამელის გამოცემა, რომელიც შეიცავენ განსახილველ მუხლს (3).
 
_________________________
 
3. ამის შესახებ იხ.: Maynard, Michael. A History of the Debate Over 1 John 5:7–8. Tempe, 1995. – Рр. 252–265. რ. დაბნი უთითებდა, რომ ეს მუხლი არსებობდა VIII ს-ის ხელნაწერში Codex Wizanburgensis (Discussions of Robert Lewis Dabney, «The Doctrinal Various Readings of the New Testament Greek» // Discussions: Evangelical and Theological, Vol. 1, 1891, pp. 350–390). ის ასევე შესულია Codex Ottobonianus-ში (ხელნაწერი № 629), რომელიც დათარიღებულია XIV ს-ით, და Codex Monfortanius-ში, რომელიც ეკუთვნის XVI ს-ის დასაწყისს (ამის შესახებ წერს ბოიდი (J.M. Boyd) სტატიაში, რომლის მისამართი ზემოთ არის მითითებული).
 
_________________________
 
თვით ისტორია "სიყალბე ერაზმისთვის" რეფორმაციის ამ გამოჩენილი მოღვაწის მრავალმა ავტორიტეტულმა მკვლევრმა ძლიერ გააკრიტიკა.
 
5. მიუხედავად ამისა, ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიის ბერძენ მამათა უმეტესობამ ეს ტექსტი არ იცოდა, ან მას მდუმარებით გვერდს უვლიდა. ნათლად ჩანს, რომ ძალიან ადრეულ პერიოდში - როგორც მინიმუმ, IV ს-დან, გავრცელდა ბერძნული ხელნაწერები, რომლებშიც ეს ტექსტი მოცემული არ ყოფილა. მაგრამ ძნელია თქმა იმისა, რომ ბერძენ მამათაგან იგი საერთოდ არავის უხსენებია. უკიდურეს შემთხვევაში, 1 ინ. 5:7-8-ის თანამედროვე დამცველები უთითებენ წმ. ათანასე ალექსანდრიელს, რომელიც სამგზის იმოწმებს ან ციტირებს ამ მუხლს (იხ.: R.E. Brown, The Anchor Bible; Epistles of John. NY., 1982, Р. 782); და მეორეც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომელიც ერთ ადგილას დეტალურად საუბრობს ამ მუხლზე, სადაც მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ მისთვის ეს მე-7 მუხლი ცნობილი იყო, და ის იცავს მის სინამდვილეს ოპონენტ-არიანელების წინაშე (წყარო შეიძლება შევამოწმოთ გამოცემის მიხედვით: The Nicene and Post-Nicene Fathers. Grand Rapids, 1978, 7: Рр. 323-324).
 
6. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი - ამ მუხლს, როგორც წმიდა წერილის ნაწილს იმოწმებს VII ს-ის სირიელი მწერალი იაკობ ედესელი (Jaqub of Edessa, On the Holy (Eucharistic) Mysteries, translated by R.E. Brown in The Anchor Bible; Epistles of John. New York, 1982. – P.778). აშკარაა, რომ მან ამოიწერა არა მისთვის უცნობი ლათინური თარგმანებიდან, არამედ ან ძველსირიულიდან ან კიდევ ბერძნული ტექსტიდან.
 
7. პროტესტანტები, ისევე, როგორც ზოგიერთი მართლმადიდებელი, აწარმოებდა მოცემულ მუხლთა დეტალურ ლექსიკურ, სინტაქსურ, სტრუქტურულ, კონტექსტუალურ, რიტორიკუკლ, ჰომილეტიკურ და საღვთისმეტყველო ანალიზს, რის შედეგადაც მიდიოდნენ იმ დასკვნასთან, რომ მე-7 მუხლი ფრაზის ორგანული ნაწილია, რომლის გარეშეც ის კარგავს გამართულობას და გააზრებულობას.
 
ბიბლეისტიკაში ამ საკითხის თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა უფრო სრული რომ იყოს ყველას, ვინც კი მოცემული პრობლემატიკით ინტერესდება, მივუთითებთ Michael Maynard-ის წიგნს: A History of the Debate Over 1 John 5:7-8. Tempe, 1995, ან J.M. Boyd-ის სტატიას: "And these three are one" (www.jesus-is-savior.com/Bible/1john57-exegesis.htm). თუმცა, გარკვეული ცნობები მას შეეძლო აეღო მიტრ. მაკარისგან (ბულგაკოვი), კერძოდ, მისი "დოგმატური ღვთისმეტყველებისგან" (Православно-догматическое богословие. СПб. 1868. Т.1. СС. 179-185).
 
ამრიგად, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს არა ტექსტი, რომელიც ბიბლიაში XVI ს-დან აღმოცენდა, არამედ ტექსტი, რომელიც უძველესი საუკუნეებიდან არის ცნობილი - ლათინურ და სომხურ თარგმანებში, ცნობილი იყო ის მთელი რიგი ლათინი მამებისთვის,სირიელი მწერლისთვის და რამოდენიმე ბერძენი მოღვაწისთვისაც. ის, რომ ეს მუხლი რამოდენიმე საუკუნით "ამოვარდა" ბერძნული ტექსტიდან, ისევე როგორც ზოგიერთი ბერძნულზე დამოკიდებული თარგმანიდან, მათ შორის, სლავურიდან, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა, მოწმობს სწორედ იმაზე, რომ უფალი იცავს ბიბლიური ტექსტს, და თავისი განგებულებით კვლავ უზიანებლად აღადგენს მას.
 
 
5) მოციქულ პავლეს ეპისტოლე ებრაელთა მიმართ.
 
ეს ეპისტოლე ამ მოციქულის სხვა ეპისტოლეებისგან იმით განსხვავდება, რომ არსად ასახელებს თავის ავტორს, რომლადაც - გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა განსხვავებათა გათვალისწინებით - ყოველთვის ერთსულოვნად როდი მიიჩნევდნენ მოციქულ პავლეს.
 
1. პანტენი და კლიმენტ ალექსანდრიელი არა მარტო იმოწმებენ ეპისტოლეს სახელწოდებით "ებრაელთა მიმართ", არამედ მას სწორედაც რომ მოციქულ პავლეს ნაწარმოებად აღიარებენ. II ს-ში აღმოსავლეთი ერთსულოვანია იმაში, რომ ეს ეპისტოლე პავლეს ეპისტოლეა.
 
2. დასავლეთი თავის ამგვარ შეხედულებაში მოგვიანებით განმტკიცდა (IV ს-ის ნახევარში, ორიგენეს თხზულებათა გავრცელებასთან ერთად);
 
3. და ბოლოს, კართაგენის კრებაზე (397 წ.) ეპისტოლე გადაჭრით იქნა აღიარებული მოციქულ პავლეს ეპისტოლედ, რიცხვით XIV-ედ.
 
4. II თ. მე-3 მუხლი, თითქოსდა ლაპარაკია რომელიღაც სხვა პირისგან. - მწერლის პიროვნება, თუკი არ იხსენიება, ნათლად გვეხსნება (შეად.: 13:23, 24, 1 და ა. შ.). მოციქული იძულებული იყო ანგარიში გაეწია მის მიმართ არსებულ თანამოძმეთა (თანამემამულეთა) მტრული გრძნობისადმი, ეპისტოლე ხომ სწორედ ებრაელთა მიმართ იყო გამიზნული, რის გამოც მან საჭიროდ არ ჩათვალა თავისი სახელის მოხსენიება.
 
5. ციტირების პავლესთვის არცთუ ჩვეული მეთოდი ამ ეპისტოლეში. - ცალკეული გამონათქვამები და შეხედულებები სრულიად ნათესაური აღმოჩნდა პავლესეულ გამონათქვამებთან (შეად. მაგ. ებრ. 10:30 და რომ. 12:19).
 
6. რელიგური ებრაული ლიტერატურის განსაკუთრებული ჟანრი, რომელშიც არის დაწერილი ეს ეპისტოლე, განსაზღვრავს მის თავისებურებებს: ავტორობის მიუთითებლობა, სხვა სტილი, ძველი აღთქმის ციტირების სხვა პრინციპები.
 
ანტიქრისტიანული კრიტიკის (ათეისტები, მუსლიმები, ნაწილობრივ იეჰოვას მოწმეები და სხვა) უმთავრესი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად ქრისტეს მიმდევრებს გააჩნდათ ისეთივე შეხედულებები, როგორც მუჰამედს ყურანში - ანუ, ისინი მას განკაცებულ ღმერთად არ მიიჩნევდნენ და არც ძედ ღმრთისად, არ სწამდათ სამებისა და ქრისტეს ჯვარცმისაც არ სწამდათ, არამედ ყველა მითითებული იდეა ქრისტიანებში თითქოსდა მოგვიანებით გაჩნდა. ამიტომაც მათ ძალიან უყვართ 1 ინ. 5:7-ისა და 1 ტიმ. 3:16-ის დამოწმება, ამბობენ, აი, არაფერი იყო ნათქვამი ტექსტში სამებაზე, ამიტომაც ეს ტექსტი მერე დაამატეს, ძველ ხელნაწერებში ქრისტე არ იწოდებოდა ღმერთად, ეს შემდგომ ჩაწერეს. მაგრამ აქ ისინი დუმან მათთვის უხერხულ ჭეშმარიტებაზე, რადგან თავიანთი პროპაგანდა ძირითადად მსმენელთა თუ მკითხველთა გაუთვითცნობიერებლობაზე აქვთ გათვლილი.
 
სინამდვილეში ტექსტოლოგიამ ჩვენ გაგვიხსნა ის ჭეშმარიტება, რომ ახალი აღთქმის მრავალ ძველ ხელნაწერში უფრო მეტია იმგვარი ადგილი, სადაც ქრისტე ღმერთად იწოდება, ვიდრე გვიანდელ ტექსტებში. მოვიტანთ მაგალითებს:
 
1. აი, როგორ გამოიყურება დღეს იუდ. 5: "მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი". მაგრამ უძველეს პაპირუსზე, რომელიც შეიცავს მოც. იუდას ეპისტოლეს - p72 (III век) ეს ტექსტი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: "მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ქრისტე ღმერთმა (Theos Hristos) ერთხელ ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი".
 
2. აი კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს 2:2-ის დღევანდელი ტექსტი: "... ეზიარონ ... საიდუმლოს ღმრთისა და მამისა და ქრისტესა". მაგრამ უძველეს პაპირუსში, რომელშიც დაცულია მოც. პავლეს ეპისტოლეს ტექსტი - p46 (II ს-ის მიწურული), - სხვაგვარად წერია: "ეზიარონ ქრისტე ღმერთის, (tou Theou Hristou) ჩვენი უფლის საიდუმლოს".
 
3. 2 პეტ. 1:2-ში ვკითხულობთ: "მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით". მაგრამ აი, როგორ გამოიყურება ეს ტექსტი ამ ეპისტოლეს ძველ ხელნაწერში: "მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ჩვენი უფლის, ღმერთ იესუს (tou Theou Iesou) წყალობით".
 
4. იოანეს სახარების 1:18-ის თანამედროვე ტექსტში წერია: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა". მაგრამ იოანეს სახარების უადრეს ტექსტებში, კერძოდ - პაპირუსებში p66 (II ს-ის მიწურული) და p75 (III ს. შუაწლები) ვკითხულობთ: "მხოლოდშობილმა ღმერთმა, რომელიც იყო მამის წიაღში". ამავე სახით იმოწმებს ამ ადგილს წმ. ირინეოს ლიონელიც.
 
5. რაც შეეხება ქრისტეს ჯვარცმა, აქ საერთოდ არანაირი ვარიანტი არ არსებობს - აღსანიშნავია, რომ სახარებათა ყველაზე ძველი ხელნაწერები შეიცავენ სწორედ იმგვარ ფრაგმენტებს, რომლებიც მაცხოვრის ჯვარზე ვნებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ცნობილ "რეილანდის პაპირუს 457"-ს, რომელიც წარმოადგენს ნაწილს იოანეს სახარებისა, კერძოდ 18:31-33, 37-38. ჯ. რაილენდის ფრაგმენტი (Р52) – პაპირუსი, რომელიც თარიღდება 117-138 წლებით, ანუ იმპერატორ ადრიანეს მმართველობის დროით, ანუ 30 წლის შემდეგ თვით სახარების დაწერიდან. ა. დეისმანი (Deissman) ვარაუდობს, რომ ეს პაპირუსი გამოჩნდა ჯერ კიდევ იმპ. ტრაიანეს დროს (98-117 წწ.) ის დაცულია მანჩესტერში.
 
"უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება. რათა აღსრულდეს იესუს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. მაშინ, კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესუს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ... უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესუმ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში" (იოანე 18:31-33, 37, 38).
 
1920 წ-ს ეგვიპტეში ბერნარდ გრენფელმა II-ში გარდაცვლილი ეგვიპტელი ჯარისკაცის საველე ჩანთაში იპოვა პაპირუსი p52, რომელიც შეიცავს იოანეს სახარების ნაწყვეტს (ქრისტეს დიალოგს პილატესთან ( იხ.: ინ. 18, 31-33 და 37, 38)). შემდეგ ეს პაპირუსი ინახებოდა რაილენდის ბიბლიოთეკაში მანჩესტერში; 1935 წ-ს გამოიკვლია და გამოაქვეყნა ს. რობერტსმა. ხელნაწერის თავისებურებების მიხედვით ყველა მეცნიერი თავისი კონფესიური კუთვნილებისდა მიუხედავად ამ პაპირუსს II ს-ის პირველი ნახევრით ათარიღებს (სავარაუდოდ, 130 წ-ზე უადრეს0 - იხ. (Мецгер Б. Текстология Нового Завета… С. 36–37. Крывелев И.А. Библия: Историко-критический анализ. М., 1982. С. 61).
 
იოანეს სახარება დაიწერა ყველა სახარების შემდეგ; მოც. იოანე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს ჯერაც ყმაწვილი იყო, და ის ერთადერთია მოციქულთაგან, რომელიც არ მოუკლავთ, მხცოვანებამდე იცოცხლა, და ქრ. შ.-დან 117 წელს გარდაიცვალა. მოციქულმა სახარება სიცოცხლის მიწურულს დაწერა, დაახლოებით I-II სს მიჯნაზე. მაშასადამე, ასლი, რომელიც ჩვენს ხელთაა, სულ რაღაც ორი ათწლეულით ჩამორჩება დაწერილ ორიგინალს - (მეოთხე სახარება, სავარაუდოდ, შედგენილია 90-იან წლებში) (А. Ч. Козаржевский Источниковедческие проблемы раннехристианской литературы. С. 55). საღვთისმსახურებო თვენი იოანეს სახარების დაწერის თარიღად მიიჩნევს "დაახლოებით 95 წელს" ქრისტეს შობიდან (Минея. М., 1996. Т. 1: Сентябрь. С. 772). "სრული უეჭველობით დადგენილია, რომ მეოთხე სახარება შეიქმნა 95-100 წლებში" (Косидовский З. Сказания евангелистов. М., 1987. С. 70).
 
 
6. "უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიმ. 3:16).
 
1972 წელს ესპანელმა მეცნიერ-პალეოგრაფმა ხოსე ო'კალაჰანმა დაასრულა მუშაობა 9 ფრაგმენტის, როგორც ახალაღთქმისეული ფრაგმენტების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც ნაპოვნი იყო მკვდარი ზღვის ახლოს №7 გამოქვაბულში. კერძოდ ეს ფრაგმენტებია: მკ. 4:28; 6:48, 52-53; 12:17; საქმე. 27:38; რომ. 5:11-12; 1 ტიმ. 3:16; 4:1-3; 2 Пет. 1:15; Иак. 1:23-24). ხელნაწერ 7Q4-ის ნაწყვეტი, რომელიც ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლეს ტექსტის იდენტურია (იხ.: 1 ტიმ. 3, 16–4, 3) — (იხ.: იქვე. P. 8 და 17). 7Q4 ხელნაწერს მეცნიერი განაკუთვნებს 70-ე წელს.
 
 
დასკვნა
 
ამრიგად, მუსლიმთა (ათეისტთა და სხვათა) ხედვა ქრისტესთან და ქრისტიანთა დასაბამიერ ისტორიასთან მიმართებაში მართებულიც რომ ყოფილიყო, უძველეს ხელნაწერებში ჩვენ დავინახავდით ყველა იმ ადგილის არარსებობას, რომლებიც უთითებენ იმას, რომ ქრისტე ღმერთია, ტექსტოლოგია კი აჩვენებს, რომ ამგვარი ადგილების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია!
 
ეს კი ნიშნავს, რომ არა თუ არ დასტურდება, არამედ პირიქით, უარიყოფა მუსლიმთა სწავლება იმის შესახებ, თითქოსდა ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი და წინასწარმეტყველი იყო, და სწორედ ასეთად მიაჩნდათ ის თავის მოწაფეებს. მაგრამ საიდან მომდინარეობდა ტექსტის ცვლილებები? წმიდა მამები მოწმობდნენ, რომ IV ს-ში მცხოვრები მწვალებელი არიანელები გადაწერის დროს აფუჭებდნენ წერილის ტექსტს, შლიდნენ მათთვის არახელსაყრელ ადგილებს. უნდა აღინიშნოს, რომ 1 ინ. 5 და 1 ტიმ. 3-ის ადრინდელი ბერძნული ხელნაწერები სწორედ IV ს-ს განეკუთვნებიან, მაშინ როდესაც ჩვენ მიერ დამოწმებული მაგალითები აღებულია II-III საუკუნეთა ხელნაწერებიდან.
 
არსი იმაშია, რომ ბიბლიური ტექსტოლოგია სულაც არ ასხამს წყალს მათ წისქვილზე, პირიქით, ის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სიმართლეს ადასტურებს.
 
არსებობს პაპირუსები, რომელთა შესახებაც დღემდე დავობენ.
 
ა) უპირველეს ყოვლისა - ეს არის პაპირუსი р64 ოქსფორდის მაგდალენას კოლეჯიდან (Magdalen Gr 17), რომელიც შეიცავს მათეს სახარების 26-ე თავის ფრაგმენტს. ხელწერა, რომლითაც არის დაწერილი პაპირუსი, დამახასიათებელია I-ლი ს-ის 60-იანი წლებისთვის (იხ.: Thiede C.P. Jesus selon Matthieu: la nouvelle datation du papyrus Magdalen d’Oxford et l’origine des Evangiles: examen et discussion des derni(eres objections scientifiques. Paris, 1996). მაგრამ მეცნიერები არ ჩქარობენ გამოიტანონ საბოლოო ვერდიქტი, რადგან უცნობია ამ პაპირუსის დამზადების ადგილი: ხელწერა, რომელიც გამოყენებაში შევიდა დიდ ქალაქში და გარკვეული დრო "მოდური" იყო მის სკოლებსა და სკრპტორიუმებში, შეიძლება მრავალი წლის შემდეგ მივიდეს მოშორებულ ქალაქებამდეც და კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდეს იქ "დაკონსერვებული" სახით, და გადაწერილი იყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთადერთი ადგილობრივი მწერლის ხელით...
 
ბ) გარდა ამისა, 1955 წ-ს ყუმრანში იპოვეს ხელნაწერი 7Q5. ის გამოქვეყნდა 1962 წელს. 1972 წ-ს ჰ. ო'კალაჰანმა მოახდინა Q5-ის იდენტიფიცირება მე-7 გამოქვაბულიდან, როგორც მარკოზის სახარების ფრაგმენტი (იხ.: მკ. 6, 52-53). რადგან ყუმრანის ხელნაწერები არ სცილდებიან I ს-ის 69-70 წლებს, ხოლო პალეოგრაფიული ხელნაწერი უთითებს 50-იან წლებს, გამოდის, რომ მარკოზის სახარება იმ დროს უკვე არსებობდა. მართალია, სხვა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ხელნაწერი 7Q5 სახარების იდენტურია მხოლოდ იმ დაშვებით, რომ ტექსტი დაწერილია კალმური შეცდომებით (იხ.: Мецгер Б. Текстология Нового Завета… С. 266)".


წყარო: Проблема вставок в Новом Завете. [Электронный ресурс] // Комиссия по катехизации и поддержке внутренней миссии при Епархиальном совете г. Москвы. https://moscmc.ru/problema-vstavok-v-novom-zavete.

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому