სწავლანი > საეკლესიო სამართალი
სასულიერო პირთა მეორედ ქორწინების აკრძალვის დოგმატური აზრი
ავტორი: არქიეპისკოპოსი სერაფიმე (სობოლევი) (1881-1950).
"მღვდელმსახურთა კონგრესზე" (1) გამოთქმულ იქნა აზრი, რომ ბულგარეთის ეკლესია ძლიერ გაიჭრა წინ რუსეთის ეკლესიასთან შედარებით - იმ აზრით, რომ ბულგარეთის ეკლესია თავისი მღვდელმსახურების სახით მზად არის გადაიხაროს კანონებისგან, რომლებიც კრძალავენ სასულიერო პირთა მეორედ ქორწინებას. ეს აზრი არ არის სწორი, რადგან მის საფუძველში დევს მართლმადიდებლური ეკლესიის არსის უცოდინრობა. პროგრესულობის ცნება შეუძლებელია გამოყენებულ იქნას მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, როდესაც იგულისხმება მისი არსებითი და, კერძოდ, კანონიკური მხარე.
__________
1. იგულისხმება ომისშემდგომ პერიოდში ბულგარეთის სასულიერო პირთა კონგრესები. ამ ღონისძიებს მონაწილეები ბულგარეთის ეკლესიას სთავაზობდნენ მთელ რიგ რეფორმებს, მათ შორის გაყრის შესაძლებლობას და მეორედ ქორწინებას სასულიერო პირთათვის.
__________
ეკლესიის არსებითი მხარე მისი დოგმატური და ზნეობრივ-კანონიკური სწავლების უცვალებლობაში მდგომარეობს, რომელიც მომდინარეობს თვით ღმრთისგან, უფალ იესუ ქრისტესგან. როგორც უცვალებელია ღმერთი, ისევე უცვალებელია მისი სწავლება: ის შეუძლებელია განიცდიდეს პროგრესს ან ვითარდებოდეს და იცვლებოდეს. აი რატომ თქვა მოციქულმა პავლემ: "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თესალონიკ. 2:15).
აშკარაა, რომ დიდი მოციქული ითხოვს ყოველგვარი ცვლილების გარეშე იქნას დაცული საღმრთო სწავლება, რომელიც გადმოცემულია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატებსა და ზნეობრივ კანონებში, და ასევე ითხოვს მყარ დგომას ამ სწავლებაში. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების ამ უცვალებლობაში, ანუ იმაში, რომ ის სრული სიწმიდით იცავს სამოციქულო რწმენას, მდგომარეობს მისი მთავარი და არსებითი განსხვავება ყველა სხვა "ქრისტიანული" აღმსარებლობისგან.
მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა თქმა, რომ ბულგარეთის ეკლესიამ მნიშვნელოვნად გაასწრო რუსეთის ეკლესიას, თუკი ის, თავისი სამღვდელოების სახით, კანონების დარღვევას კი არ მიჰყოფდა ხელს, რომლებიც სასულიერო პირებს უკრძალავენ მეორედ ქორწინებას, არამედ პირიქით, რუსეთის ეკლესიაზე უფრო მკაცრად დაიცავდა ამ კანონებს. სამწუხაროდ, ამჯერად ამას ვერ ვხედავთ. სინამდვილე სხვა რამეზე მეტყველებს.
კანონიკური განწესებები ეფუძნებიან ღმრთითგამოცხადებულ მონაცემებს - წმიდა წერილის მოწმობებს. იგივე მოციქული პავლე ამბობს: "ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი" (1 ტიმ. 3:2) და კიდევ: "დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი" (იქვე. მ. 12). დიდი მოციქული ეკლესიის მსახურ ქვრივისგანაც კი ითხოვს, რათა ის იყოს ერთი ქმრის ცოლი და ამბობს: "ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი" (1 ტიმ. 5:9). აი რატომ ბრძანებს წმიდა მოციქულთა 17-ე კანონი: "ის პირი, ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო ქორწინებაში, ან ხარჭა ესვა, არ შეიძლება ეკურთხოს ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად, და მეტიც, საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი" (დიდი სჯულისკანონი). იგივეა ნათქვამი ტრულის კრების მე-3 და წმ. ბასილი დიდის 12-ე კანონებში.
ეკლესია არა თუ არასოდეს აღიარებდა მღვდელმსახურთა მეორედ ქორწინებას, არამედ ერისკაცთა მეორედ ქორწინების წინააღმდეგიც კი იყო. ის ქრისტიანული ქორწინების ნორმად მხოლოდ ერთხელ ქორწინებას აღიარებდა. და ეს ბუნებრივია, თუკი მოციქული პავლე არ ამართლებს განმეორებით ქორწინებას (იხ. 1 კორ. 7:8-11, 27). წმ. თევდორე სტუდიელი ამბობს: "ქრისტიანულ ეკლესიაში მეორე ქორწინება - არის არა კანონი, არამედ იკონომია. ის გულისხმობს ერთგვარ დაცემას და არცთუ უბიწო საქციელს. სწორედ ეს გამოთქვა ღვთაებრივმა მოციქულმა სიტყვებით: "მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას" (1 კორინთ. 7:9), ხოლო თავშეუკავებლობა მსგავსია დაცემისა და შეცოდებისა" (Церковные ведомости. 1923. № 15–16. С. 13–14). Святитель Григорий Нисский говорит: «Брак по природе один, как одно рождение и одна смерть» (Там же. С. 14). წმ. გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "ქორწინება თავისი ბუნებით მხოლოდ ერთია, როგორც ერთია დაბადება და ერთია სიკვდილი" (იქვე. გვ. 14).
ღმრთის სიტყვაზე დაყრდნობით, მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის უყურებდა განმეორებით ქორწინებას, როგორც ქრისტიანული იდეალისთვის უცხო მოვლენას, როგორც ქრისტიანობამდელი "გულქვაობისადმი" დათმობას (იქვე); ის მღვდლებს მეორედ ქორწინებულთა ქორწილში დასწრების უფლებასაც კი უკრძალავდა, როგორც ეს ჩანს ნეოკესარიის კრების მე-7 კანონიდან, რომელიც ბრძანებს: "მღვდელს არა აქვს მეორედ ქორწინებულის საქორწინოს სუფრასთან ჯდომის უფლება, ვინაიდან მეორე ქორწინებული საჭიროებს სინანულს. რად სჭირდება მღვდელს ასეთ სუფრაზე დასწრებით ამ ქორწინების მხარდაჭერა?" (დიდი სჯულისკანონი)
აი რატომ შეიცავს მეორედ ქორწინებულთა წეს-განგება სინანულის ლოცვებს, სადაც ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია: "მიეც მათ მოქცევა მეზვერისა და ცრემლნი მეძავისა, რათა გულითადი სინანულით... ღირს იქმნან შენი ზეციერი სასუფეველისა". სხვა ლოცვაში კი ნათქვამია: "უფალო, ... განწმინდე მონანი შენნი მათი უსჯულოებისგან, რადგან, ისინი უძლურნი არიან აიტანონ ... ხორცის განხურვება და შეერთვიან ერთურთს მეორე ქორწინებით" (Требник. М., 1892. С. 66).
სასულიერო პირთათვის მეორედ ქორწინების დაშვებით ვლინდება გულგრილობა ყოველივე ზემოთგადმოცემული სწავლებისადმი და მეორედ ქორწინების საძრახისობა. მღვდელი ზნეობრივი მიმართებით თავის სამწყსოზე მაღლა უნდა იდგეს.
________
2. უფრო დეტალურად სასულიერო პირთა მეორედ ქორწინების საკითხთან დაკავშირებით იხ. Троицкий С.В., проф. Догматический смысл запрещения второбрачия священнослужителям // Церковные ведомости. 1923. № 15–16. ამ ნაშრომის თარგმანს "აპოკალიფსისის" რედაქცია უახლოს დროში შემოგთავაზებთ.
________
ის ზნეობრიობის მაგალითი უნდა იყოს მთელი სამწყსოსთვის და, უპირველეს ყოვლისა, ღმრთის ნებისადმი მორჩილების მაგალითს უნდა იძლეოდეს. ამიტომაც, თუ ღმერთმა ინება წართმეოდა მას ცოლი, მან ვაჟკაცურად უნდა ზიდოს თავისი ჯვარი. ხოლო თუ ის გრძნობს, რომ ვერ ზიდავს ამ ჯვარს, მაშინ უარი უნდა თქვას თავის ხარისხზე. ჯობს დაშვებულ იქნას ნაკლები ბოროტება, ვიდრე კანონების დარღვევით ეკლესიაში დაითესოს შფოთი და შეირყას მისი საფუძვლები.
1945 წელს სოფიაში ჩამოვიდა ფსკოვისა და პორხოვის არქიეპისკოპოსი გრიგოლი (დღეს ლენინგრადის მიტროპოლიტი). ის ამბობდა, რომ მას ეწვია ბულგარელ მღვდელთა ჯგუფი, რომლებსაც სურდათ რეფორმა ჩაეტარებინათ ბულგარეთის ეკლესიაში. არქიეპისკოპოსმა მათ უთხრა: "ყველა თქვენი რეფორმა ერთ რამემდე დადის - მღვდლების მეორედ ქორწინებამდე. შეეშვით ამ საქმეს. ამ სნეულებით იყო დაავადებული ჩვენი რუსული ეკლესიაც. ამან ვერაფერი მოიტანა გარდა დიდი და აბსოლუტურდ უსარგებლო საეკლესიო რყევებისა".
გასულ წესლ აქ (ბულგარეთში - რედ.) იმყოფებოდა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ კოლჩიცკი, რომელიც სოფიაში "XXX სამღვდლო კონგრესის" გამო ჩამოვიდა. მას აცნობეს, რომ ბულგარეთის ეკლესიას აღელვებს სასულიერო პირთა მეორედ ქორწინების საკითხი. ჰქონდა რა ეს მხედველობაში, როგორც რუსეთის ეკლესიის პატრიარქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ამ კონგრესზე მან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ბრძანა, რომ რუსეთის ეკლესიას არ გადაუხვევია არც ერთი კანონისთვის, წმიდა მამათა არც ერთი დადგენილებისთვის, და ამ კანონიკურ სიწმიდეზე დღემდე ჰგიებს თავის მღვდელმთავრებთან და მღვდლებთან ერთად". ამ სიტყვებით პროტოპრესვიტერმა ბულგარეთის ეკლესიას მოუწოდა მიებაძა რუსეთის ეკლესიისთვის.
თუკი "მღვდელმსახურთა კავშირი" შეძლებს ბულგარეთში სასულიერო პირთა მეორედ ქორწინების დანერგვას, კანონთა ასეთი გაქელვა დოგმატების დარღვევასაც გამოიწვევს.
ძლიერ ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ კანონი რაღაცაში უთმობს დოგმატებს და განცალკევებულია მათგან. კანონები, არსებითად, ორგანულად შეიცავენ საკუთარ თავში დოგმატებს, რადგან გამოხატავენ ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების ზნეობრივ ნორმებს, რომლებიც იმავე დოგმატებზეა დაფუძნებული ამიტომაც, კანონებიც და დოგმატებიც, თავისი არსით, ერთსა და იმავეს წარმოადგენენ - ცოცხალ მართლმადიდებლურ რწმენას. ეს არის ჩვენი საზოგადო და ერთადერთი წმიდა კანონი. და ამ კანონში ერთი უმცირესი დარღვევაც კი, იაკობ მოციქულის სწავლებით, დაარღვევს მთელს სჯულს (იხ.: იაკობ. 2:10).
გარდა ამისა "მღვდელმსახურთა კავშირმა" შეუძლებელია არ იცოდეს, თუ როგორი საშინელი და შემაძრწუნებელი ძალა გამოდის დღეს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ეკუმენიზმის სახით. მისი დამღუპველი ცეცხლი მთელ მსოფლიოს მოედო და უკვე რამოდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიაც მოიცვა. ეკუმენიზმი საშიშია სწორედ იმით, რომ მისი დამანგრეველი მოქმედება მიმართულია ჩვენი კანონებისა და დოგმატების წინააღმდეგ - იმ კედლის წინააღმდეგ, რომელიც განყოფს მართლმადიდებლობას არამართლმადიდებელთაგან და რომლის განადგურებასაც ელტვის ეკუმენიზმი, რათა შემდეგ ჩამოაყალიბოს ერთი მსოფლიო ეკუმენისტური "ეკლესია". ამასთან ეკუმენიზმი ცდილობს ეს გაერთიანება თუ აღრევა განახორციელოს არამართლმადიდებელ "ქრისტიანთა" განდგომის გარეშე საკუთარი მწვალებლური შეხედულებებისგან - ისე, რათა, შეურევს რა მწვალებლურ სიცრუეს მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას, ამ უკანასკნელსაც გაანადგურებს, მასთან ერთად კი - მთელ მართლმადიდებლობას დედამიწაზე.
მოცემულ მიმართებაში განსაკუთრებულად ნიშანდობლივია ეკუმენისტების საქმიანობა ეკუმენისტურ კონფერენციებზე. კონფერენციის მონაწილეთა ერთობლივი ლოცვების მეშვეობით ისინი აიძულებენ "მართლმადიდებელ" ეკუმენისტებს დაარღვიონ ჩვენი სარწმუნოების წმიდა კანონები, რომლებიც მართლმადიდებელთ უკრძალავენ ლოცვას არამართლმადიდებლებთან (იხ. წმ. მოციქულთა 10-ე და 45-ე კანონები). ამასთან ეკუმენისტური კონფერენციების "მართლმადიდებელი" მონაწილეები ამ ერთობლივ ლოცვებს უყურებენ როგორც სრულიად ნორმალურ მოვლენას, რომელიც დასაშვებია და ძალიან სასურველიც კი მათი მიზნებისთვის.
შემდეგ კანონთა დარღვევიდან დოგმატთა დარღვევაზე გადასვლა უფრო ადვილი გახდება "მართლმადიდებელ" ეკუმენისტთათვის. ეს ჩანს მათი დამოკიდებულებიდან დოგმატებისადმი, რომელიც გამოხატულია სარწმუნოების სიმბოლოს მეცხრე წევრში. ეკლესიის წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, ერთ, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიაში უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია (იხ. Макарий, митр. Догматическое богословие. Т. 11. СПб., 1883. С. 242). ხოლო "მართლმადიდებელი" ეკუმენისტები მიიჩნევენ, რომ ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია მოიცავს ყველა არამართლმადიდებელ "ქრისტიანსაც", ანუ ყველა მწვალებელს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოკვეთილნი არიან მართლმადიდებლობისგან.
ბულგარეთის ეკლესიას, ეკუმენიზმთან, ამ უდიდეს ანტიკანონიკურ და ანტიდოგმატურ ბოროტებასთან ბრძოლა შეუძლია მხოლოდ თავისი რწმენის სიწმიდით, კანონიკური და დოგმატური სიმდიდრის განუხრელი დაცვით. მაგრამ როგორ შეძლებს ის ამის გაკეთებას, თუკი მისი სამღვდელოება ითხოვს კანონების დარღვევას, რაც არსებითად არის კიდევაც განდგომა მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან?
ღმერთმა ქნას, ბულგარეთის ეკლესიამ ღმრთისადმი მოშურნეობით ყოველთვის უკუაგდოს თავისგან ყოველგვარი მოდერნისტული და ეკუმენისტური ცთომილებები, რომლებიც ესოდენ დამღუპველნი და მავნენი არიან ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობისთვის! მაშინ ღმრთის მადლისმიერი საფარველი საოცრად დაიცავს ბულგარეთის ეკლესიას. ის არ გადაიხრება კანონიკური გზიდან და ყოველთვის უერთგულებს ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატურ ჭეშმარიტებებს, ურყევი წყარო გახდება მარადიული ცხონების გზაზე მდგომი თავისი სულიერი შვილებისთვის და თავისი სამშობლოს კეთილდღეობის ხელშემწყობიც.
წყარო: Пламень огненный. Жизнь и наследие архиепископа Серафима (Соболева). М., 2015.