საეკლესიო სამართალი - საეკლესიო კანონთა კომენტატორები და მათი მნიშვნელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
საეკლესიო კანონთა კომენტატორები და მათი მნიშვნელობა
წმიდა საეკლესიო კრება
ავტორი: პროფ. მიხაილ ანდრიას ძე ოსტროუმოვი. ამონაწერები ნაშრომიდან: Очерк православного церковного права. Отдел второй. О памятниках церковного права, как источнике науки церковного права.
 
 
ალექსი არისტინეს კომენტარები
 

1. ბიოგრაფიული ცნობები.

თეოდორე პროდომოსის (ბერძნ.: Θεόδορος Πρόδρομος – "აპოკ." რედ.) ანუ პტოხოპროდრომოსის (ლათ.: Ptochoprodromos ბერძნ.: Πτωχοπρόδρομος "ღატაკი იოანე წინამორბედი" – "აპოკ." რედ.) (1) ალექსი არისტინესადმი (2) მიწერილი ეპისტოლედან ვიგებთ, რომ არისტინე იყო ელადის მკვიდრი, სადაც მან მიიღო უმაღლესი განათლება: შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, იურისპრუდენცია და ფილოსოფია  (Καὶ Νομικὴ μετὰ ταύτην ἐστόμασε καὶ Φιλοσοφία ἐϑεαγώγησεν) (3).
 
შემდეგში, აქვე ელადაში, ის იმყოფებოდა რომელიღაც მაღალ სამოქალაქო თანამდებობაზე, მაგრამ გამოძახებულ იქნა იმპერატორის, სავარაუდოდ იოანე კომნენოსის (ბერძნ.: Ίωάννης Β΄ Κομνηνός – "აპოკ." რედ.) (4) მიერ კონსტანტინოპოლში (Διὰ τοῦτό σε καὶ Έλλάς ἡ πολυϑρύλλητος ἔσχε μέγιστον ἠγεμόνα κὰκεῖϑεν ἐπανελϑόντα ἡ Βύζαντος ἐμερίσατο). შესაძლოა ის უბრალოდ გადაიყვანეს იმავე, სავარაუდოდ, მოსამართლის თანამდებობაზე. შემდეგ მას ხელი დაასხეს დიაკვნად და იმპერატორმა ის ნომოფილაქსად, პროტეკდიკად და ორთანოტროფად დანიშნა (ეს თანამდებობები ითვალისწინებდნენ იურიდიულ და საქველმოქმედო საქმიანობებს: კანონთა დაცვა-მეთვალყურეობას (ნომოფილაქსი), ადვოკატურ საქმეებს (პროტეკდიკი) და ობლებზე მზრუნველობას (ორფანოტროფი) – "აპოკ." რედ.), ასე რომ ის ყველა ამ თანამდებობას ერთდროულად იყო შედგომილი (5), თუმცა, შესაძლოა, მათზე დანიშვნა თანმიმდევრობითი იყო.
 
სავარაუდოდ, მოგვიანებით ის გახდა დიდი ეკონომოსი, რომელ თანამდებობაზეც, მანუილ კომნენოსის დროს, პატრიარქის ოფიციალების რანგში იმყოფებოდა 1166 წლის კრებაზე (6). ბალსამონის მოწმობით "წმიდა სინოდი ამ დიდ ეკონომოსს, უპატიოსნეს არისტინეს, 30 დღის განმავლობაში სამგზის შეახსენებდა თავი შეეკავებინა (საერო) სასამართლო თანამდებობისგან (ἡ ἄγια σύνοδος ἀποσχέσϑαι τοῦ δικαιοδοτικοῦ ὀφφικίου) (7). ეს აჩვენებს, რომ, ეკონომოსად მისი დანიშვნის შემდეგ, ის აგრძელებდა ერთ-ერთი ადრინდელ თანამდებობაზე მუშაობას, კერძოდ ნომოფილაქსის თანამდებობაზე, რაც დასტურდება პროდრომოსის ერთი წერილის ზედწერით, რომელიც არისტინესადმი, როგორც ნომოფილასქისა და დიდი ეკონომოსისადმი იყო მიმართული (8).
 
ორფანოტროფი ის იყო ორჯერ: დაცულია მისალმება (Ἐισιτήριος) და პროხოპროდრომოსის იამბიკო ამ თანამდებობაზე მის ხელმეორედ შესვლასთან დაკავშირებით (9). საეკლესიო კანონთა განმარტებები არისტინემ დაწერა იოანე კომნენოსის დავალებით, როდესაც ის ჯერ კიდევ ნომოფილაქსის თანამდებობაზე იყო, შედეგად, მალევე კონსტანტინოპოლში გადაყვანის შემდეგ (10).
 
არისტინესადმი პროდრომოსის დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობდა. საპატრიარქო სინოდში მის ხმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბალსამონი იუწყება, რომ როდესაც წამოიჭრა საკითხი, შეუძლიათ თუ არა ანტიოქიის, იერუსალიმისა და სხვა პატრიარქებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს თავიანთ ეკლესიებთან გამგზავრება და თავიანთ საყდრებზე განმტკიცება, მონაწილეობა მიიღონ საეკლესიო საქმეებთან დაკავშირებულ სინოდალურ მსჯელობებში, ხელდასხმებში და, საერთოდ, აღასრულონ სამღვდელმთავრო მოქმედებები, და როდესაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არ შეუძლიათ, არისტინემ დაიმოწმა ტრულის კრების 37-ეკანონი იერუსალიმის პატრიარქის ნიკიფორე II-ის (1156-1166) წინააღმდეგ, აშკარად იმ აზრის დასამტკიცებლად, რომ შეუძლიათ (11). არისტინეს გარდაცვალების წელი უცნობია.
 
 
2. განსამარტავი ტექსტი და არისტინეს განმარტებათა მიზანი

როგორც ცნობილია (12), არისტინემ დაწერა არა კანონთა სრული, არამედ შემოკლებული ტექსტის განმარტებები, კერძოდ სტეფანე ედესელის სინოფსისისა შევსებული და შეცვლილი რედაქციით. ეს კომენტარები არისტინეს სახელითაა ცნობილი (13). რადგან ამ ტექსტის სიმოკლეს და სიმჭიდროვეს ბუნებრივად თან ახლდა ბუნდოვანება, არასრულობა, უზუსტობები, ზოგჯერ კანონთა სრული ტექსტის ნამდვილი შინაარსის გადმოცემაში გაპარული იყო შეცდომები, არისტინეს განმარტებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სინოფსისის ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რათა უფრო მოხერხებული და დამაკმაყოფილებელი შეექმნა იგი პრაქტიკული მოხმარებისთვის.
 
სინოფსისის ბუნდოვანების გასწორების ნიმუშად შეიძლება მივუთითოთ ლაოდიკიის კრების 46-ე და 47-ე კანონთა განმარტებებზე, ასევე ნეოკესარიის მე-4, კართაგენის კრების 40-ე, 64-ე და 136-ე კანონებზე და სხვა მრავალი შემთხვევაზე; არასრულობის გასწორების ნიმუშად მივუთითებთ - ანტიოქიის კრების მე-4 და მე-8 კანონებზე, ლაოდიკიის 20-ე და 36-ე, ანკირიის მე-8, კართაგენის 10-ე და 35-ე კანონებზე, ასევე მეშვიდე მსოფლიო კრების მე-3 კანონზე; უზუსტობის გასწორების შემთხვევათა მაგალითებია - ტრულის კრების 24-ე და 101-ე კანონთა, ასევე სარდიკიის 14-ე, VII მსოფლ. კრების კანონთა და სხვათა განმარტებები; და ბოლოს, სინოფსისის შეცდომების გასწორების ნიმუშად შეგვიძლია მივუთითოთ წმ. მოციქულთა 72-ე და 75-ე და ანკირიის კრების 19-ე კანონთა განმარტებები (14).
 
კანონთა ტექსტი, რომელიც არისტინეს საკმაოდ სრულ, ნათელ და ზუსტ ფორმულირებად ეჩვენებოდა, მის მიერ განმარტების გარეშეა დატოვებული, ზოგჯერ მხოლოდ მოკლე შენიშვნით: ნათელია, σαφής (κανών), "ეს გასაგებია" ან "ასე გონივრულია", როგორც ეს თარგმნილია "დიდ რჯულისკანონში". აღრიცხულია 43 შემთხვევა, რომლებშიც არისტინე აკეთებს ამგვარ შენიშვნას, ხოლო ყველა კანონთა რაოდენობა, რომლებიც მის მიერ განმარტების გარეშეა დატოვებული სულ 68-ს აღწევს (15).
 
ის კანონები, რომლებიც საერთოდ არ იყო სინოფსისში, შემოკლებულია და სინოფსისში სავარაუდოდ თვით არისტინეს მიერ არის შეტანილი, კერძოდ, მისი არასრულობის შესავსებად. სინოფსისის დამატებანი, რომლებიც, სავარაუდოდ, არისტინეს ეკუთვნის, ზემოთაა მითითებული (16).
 
 
3. არისტინეს განმარტებათა წყაროები

თავისი განმარტებების შედგენისას სახელმძღვანელოდ არისტინე უპირველეს ყოვლისა, და უმთავრესად, სარგებლობდა კანონთა სრული ტესტით (τὸ πλάτος τῶν κανόνων). ეს ჩანს განმარტებათა ტექსტის შედარებიდან კანონის ტექსტთან და თვით არისტინეს პირდაპირ მითითებებიდან. ასე, მაგალითად, წმ. მოციქულთა 72-ე კანონის განმარტებაში ის წერს: "კანონთა სრული ტექსტი ითხოვს, რათა დაბრუნებულ იქნას არა ხუთმაგად მიტაცებულის სანაცვლოდ, არამედ მხოლოდ თვით მიტაცებული და კიდევ მისი მეხუთედი ნაწილი (καὶ τὸ ἐπίπεμτον)". ბასილი დიდის 72-ე კანონის განმარტებაში ნათქვამია: "ხოლო ვისაც სჯერა მისნების..., ის დაექვემდებარება ეპითიმიას 6 წლით, როგორც ამას ამბობს ტრულის მეექვსე კრების 61-ე და წინამდებარეს 83-ე კანონი, რაც ჩვენს ხელთაა, ბასილი დიდის მესამე ესპისტოლედან".
 
მეორე წყაროს არისტინეს განმარტებებისთვის წარმოადგენდნენ კანონთა ძველი სქოლიოები, რომლებსაც უცნობი ავტორები ჩვეულებრივ ხელნაწერთა ველებზე წერდნენ, განსამარტი კანონის გასწვრივ. თუმცა XII ს-მდე არსებუული სქოლიოები არ წარმოადგენენ უწყვეტ და სისტემატურ აპარატს, მაგრამ მათი რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და მდიდარ მასალას წარმოადგენდა გვიანდელი კომენტატორისთვის (17).
 
შემდეგი თორმეტი კომენტარი არისტინემ ძველი სქოლიოებიდან ისესხა, კერძოდ, ესენია: მოც. 20-ე და 27- კანონთა განმარტებები, ასევე I მსოფლ. კრების მე-5 და მე-7 კანონთა განმარტებები, II მსოფლ. კრების მე-3 კანონის და ქალკიდონის კრების მე-9, 11-ე და 17-ე კანონთა განმარტებები; ასევე ანკირიის კრების 17-ე, ნეოკესარიის მე-5, ლაოდიკიის 35-ე და კართაგენის კრების 14-ე კანონთა განმარტებები (18). გარდა ამისა, სავარაუდოდ, იმავე სქოლიოების გავლენით არისტინესთან მითითებულია განსამარტი კანონის ზოგიერთი პარალელური ადგილი, ანუ გაკეთებულია ციფრული მითითება მსგავს კანონზე (19).
 
არისტინესეული განმარტებების მესამე წყაროს წარმოადგენდა საერო კანონმდებლობა, თუმცა მასთან მხოლოდ 11-ჯერ არის დამოწმებული საერო რჯულმდებლობა, კერძოდ, შემდეგი კანონების განმარტებებში: მოციქულთა მე-7 (20), I-ლი მსოფლიო კრების მე-7 (21), ქალკიდონის კრების მე-3 (22) და მე-7 (23), ტრულის კრების 93-ე (24), ანკირიის კრების 11-ე (25) და 16-ე (26), კართაგენის კრებათა მე-13 (27) და 146 (136)-ე (28) , ასევე: ბასილი დიდის 22-ე (29) და 36-ე (30) კანონები. წყაროები მოცემულია იუსტინიანეს 123-ე და 117-ე ნოველებზე, ლეონ დიდის მე-8 ნოველასა და ბასილიკებზე (ბასილიკონი).
 
 
4. განმარტების ხერხები, რომელსაც იყენებდა არისტინე

უმეტეს შემთხვევაში არისტინე არკვევს კანონთა მხოლოდ ბუკვალურ მნიშვნელობას. ამისთვის ის ზოგიერთ შემთხვევაში უთითებს, თუ როგორ უნდა იყოს შესამეცნები გაურკვეველი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც სინოფსისის ტექსტში გვხვდება (31), ზოგიერთ განმარტებაში ოდნავ პერიფრაზირებულია ტქსტი, და მასთან შედარებით ახალი არაფერია მიმატებული (32), ზოგიერთ კომენტარში ის გვაძლევს გაგრძელებას ან ტექსტის ერთგვარ დამატებას (33), სხვა შემთხვევებში წარმოგვიდგენს თითქმის ბუკვალურ ამონარიდს კანონის სრული ტექსტიდან (ოღონდ სიტყვების გადაადგილებით), ზოგჯერ თვითონ ამატებს რაიმეს (34). ამასთან ის ხანდახან გვაუწყებს მნიშვნელოვან ცნობებს პრაქტიკული მიზნებისთვის, კერძოდ, უთითებს ზოგიერთი კანონის გამოცემის მიზეზებს, ვითარებებსა და მოტივებს (35), აღნიშნავს იმ კანონებს, რომლებმაც ძალა დაკარგეს, ან შემდეგში შეიცვალნენ (36), ზოგიერთებთან მიმართებაში უთითებს, რომ ისინი არიან არა საზოგადო, არამედ განსაკუთრებული კანონები, რომლებიც ცნობილი ადგილისა და ცნობილი დროისთვის იქნენ გამოცემულნი (37); ზოგჯერ ის უთითებს გამონაკლისებს განსამარტი კანონებიდან (38). გარდა ამისა მას ჩვეულებად აქვს მიუთითოს მსგავსი კანონები და აღნიშნოს მათ შორის წინააღმდეგობანი ისე, რომ არ იძლევა ამ წინააღმდეგობათა გადაწყვეტას (39),  ერთი შემთხვევის გარდა, სადაც ეს წინააღმდეგობა გადაჭრილია (40). ზოგიერთ მსგავს კანონებზე ის იძლევა ერთ საზოგადო განმარტებას (41). რამოდენიმე (9) შემთხვევაში არისტინე იძლევა ზოგიერთ ისტორიულ ცნობას.
 
 
5. არისტინეს განმარტებათა ხასიათი

აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ არისტინეს განმარტებები მიეკუთვნებიან დოგმატურ კომენტარებს, რომლებიც მხოლოდ დოგმატური მეთოდით (42) არის დაწერილი. მაგრამ ეს დოგმატური კომენტარი ამასთანავე გაჟღენთილია პრაქტიკული ტენდენციით, რომელიც განმარტავს მის ზოგიერთ თავისებურებას. ჯერ-ერთი, პრაქტიკული ტენდენციით აიხსნება არჩევანი კანონთა მოკლე ტექსტის განმარტებისთვის, როგორც ყველაზე მოხერხებული და მისაწვდომი პრაქტიკული გამოყენებისთვის; მეორეც, ამ ტენდენციით აიხსნება ასევე არისტინესეული განმარტებების სიმოკლე, თანაც ავტორი წინასწარგანსაზღვრულად, სულ რამოდენიმე სიტყვით იუწყება იმას, რაც კანონთა მოკლე ტექსტის გასაგებად ყველაზე მნიშვნელოვანია და აუცილებელი; და ბოლოს, მესამე, ამავე ტენდენციით აიხსნება ამ განმარტებათა პოპულარული და არა მეცნიერული ხასიათი, რომელიც გამოირჩევა უკიდურესი სიმარტივითა და საზოგადო მისაწვდომობით. შედეგად, შეიძლება არისტინეს კომენტარები დავახასიათოთ, როგორც დოგმატურ-პოპულარული განმარტება, რომელიც საზოგადო პრაქტიკული გამოყენებისთვის არის გამიზნული.
 
 
6. არისტინეს განმარტებათა ღირსება

არისტინეს განმარტებათა უმთავრესი ღირსება მისი სიცხადე და სიმოკლეა. რამოდენიმე სიტყვით ის იძლევა ყოველივეს, რაც არსებითი და აუცილებელია კანონის გასაგებად; ის არაფერს ლაპარაკობს ზედმეტს, რაც კი განმარტების საგანს არ შეეხება, უცხო საგანთა განსჯისკენ არასოდეს იხრება. პოპულარულ ხასიათთან ერთად, განმარტების ამ თვისებებმა ის საკმაოდ მოხერხებული გახადა პრაქტიკული გამოყენებისთვის. მცირე მოცულობა, რომელიც აადვილებს მიმოწერას, არისტინეს შრომის ასევე მნიშვნელოვანი პრაქტიკული უპირატესობაა. აი რატომ მოიპოვა მალევე მისმა განმარტებებმა ესოდენი ფართო გამოყენება და გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ მალე გაჩნდნენ ზონარასა და ბალსამონის უფრო დეტალური და სრულყოფილი განმარტებანი. ის გავრცელდა არა მარტო ბერძნულ მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ სლავურ და მოლდო-ვალახიურ ოლქებშიც. წმ. საბა სერბიელის მიერთ გადათარგმნილი ეს შრომა სლავური "მესაჭის" (Кормчая) საფუძველი გახდა მის გავრცელებულ რედაქციებში, რომელიც ბეჭდვით "მესაჭეშიც" გადავიდა. ის შევიდა ასევე რუმინეთის საეკლესიო კოდექსის (Indreptarea legii) შემადგენლობაში.
 
 
7. არისტინეს განმარტების შეცდომები და უზუსტობანი

სამწუხაროდ, ასწორებდა რა სინოფსისის უზუსტობებსა და შეცდომებს, თვით არისტინემ საკუთარ განმარტებებში სრულიად მსგავსი უზუსტობები და შეცდომები ვერ აიცილა. მომდევნო 10 შემთხვევაში უთითებენ მის შემდეგ ნაკლოვანებებს: ჯერ-ერთი, II მსოფლ. კრების მე-3, IV მსოფლ. კრების 28-ე და VI მსოფლ. კრების 36-ე კანონებში, არისტინე, მისდევს და ძველ სქოლიოებს, ამტკიცებს, რომ თანდებული μετὰ (по) (ქართ.: მიხედვით, - ებრ, - დაგვარ - "აპოკ." რედ.) აქ აღნიშნავს არა პატივის დაკნინებას, არამედ დროის თანმიმდევრულობას; ამ მტკიცების არასწორობა შენიშნეს ზონარამ და ბალსამონმა.
 
მეორეც, ეფესოს მსოფლიო კრების პირველი ხუთი კანონის განმარტებებში, ასწორებს და სინოფსისს, სადაც 1-ელ და მე-4 კანონებში შეცდომითაა ნახსენები კელესტინე პელაგიუსის მოწაფე ცელესტიუსის ნაცვლად (რომლის მიმდევრები იმ დროს შეუერთდნენ ნესტორიანელებს); თვითონ, მიიჩნევდა რა ცელესტიუსს რომის ეპისკოპოსად, შთავარდა იმავე ცდომილებაში, რომელიც შემდეგ ბალსამონმა მიუთითა და გაასწორა.
 
მესამეც, IV მსოფლ. კრების მე-6 კანონის განმარტებაში, რომელი კანონიც აწესებს არავის დაასხან ხელი კონკრეტულ ეკლესიაში ხელდასასხმელი კანდიდატის დანიშვნის გარეშე, არისტინე მიდის მცდარ დასკვნამდე, რომ ხელდასხმაზე მისაღებად აუცილებელია რომელიმე საეკლესიო ხარისხში ყოფნა.
 
მეოთხეც, VI მსოფლიო კრების 95-ე კანონის განმარტებაში არისტინე ამბობს, რომ მანიქეველები, ვალენტინიანელები და მარკიონიტები, ისევე როგორც სევერიანელები, ეკლესიაში მიიღებიან მხოლოდ ხელწერილით და საკუთარი მწვალებლობის ანათემაზე გადაცემით, რაც ეწინააღმდეგება კანონის სრულ ტექსტს და საკუთარ განმარტებასაც ბასილი დიდის 1-ელ კანონზე, სადაც თვით არისტინე ამტკიცებს, რომ ეს მწვალებლები "უნდა მოინათლონ, რადგან მათი ნათლობა ჩვენს მიერ უარყოფილია".
 
მეხუთეც, ლაოდიკიის კრების 15-ე კანონში ის არასწორად განმარტავს სიტყვას: διφϑέρα (кожа) და მიიჩნევს, რომ ის აქ ფელონის (სამღვდლო შესამოსელი, კვართი) აღსანიშნად არის გამოყენებული, მაშინ როდესაც ზონარა და ბალსამონი, კანონის სრული ტექსტის შესაბამისად (ἀπὸ διφϑέρας ψαλλόντων), მას ტყავის წიგნის (პერტამენტის) მნიშვნელობით განმარტავენ.
 
მეექვსეც, კართაგენის კრების 127 (113)-ე კანონის განმარტებაში ცელესტიუსის ნაცვლად, არასწორად ასახელებს ნესტორის მიმდევარ კელესტინეს.
 
მეშვიდეც, იმავე კრების 139 (125)-ე კანონის განმარტებაში ზღვის გადაღმა, ანუ რომში აპელირების აკრძალვა გაგებულია, არა როგორც აფრიკის ეკლესიის მისწრაფება დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა რომის პრეტენზიებისგან, არამედ შორეული საზღვაო მოგზაურობის საშიშროებებითა და დანახარჯებით.
 
მერვე, ბასილი დიდის 32-ე კანონის განმარტებაში მომაკვდინებელ ცოდვაში არასწორად ესმის მხოლოდ ხორციელი სიამტკბილობა.
 
მეცხრე, იმავე მამის 81-ე კანონის განმარტებაში არისტინე არასწორად ჩამოთვლის ეპითიმიებს.
 
და ბოლოს, მეათე, მსგავსი არასწორი (გამოტოვებებით) მათი ჩამონათვალი არისტინესთან გვხვდება იმავე წმინდანის 82-ე კანონის განმარტებაში (42). შესაძლოა ეს ბოლო ორი უზუსტობა დაშვებული იყოს გადამწერთა მიერ.


გაგრძელება იქნება.
 
 
წყაროები და შენიშვნები:
 
_________________________
 
1. თეოდორ პროდრომოსის და მისი თხზულებების შესახებ იხ. Krumbacher, Geschichte der byzantinischen Literatur, S. 359–368. აქ მითითებულია მისი თხზულებების გამოცემები. მრავალი მათგანი ხელახლა გამოსცა მინმა, СХХХIII, соl. 1003.
 
2. არისტინეს შესახებ: Нistoria, II, 238. – Сеilliеr, Histoire des auteures ecclesiastiques. XIV, 653. – Dupin, Biblioth. des auteres eccles. 1699, XII, II, 676. – Fabricius, Biblioth. graeca, 1721, X, 287 (ed Harless, XI, 280), XI, 43, (47 Harl. XII, 202. 207). – Oudin, Commentar. II, 1300. (Supplem. Bell. 1728, 437). – Beveregius, Synod. Proleg. p. XVII. – Biener, De collection. can. scelestae graecae, p 32. – Mortreuil, Histoire, IIІ, p. 412. – Heimbach, Encyklopadie, Ersch und Gruber, 86, S. 460. – Иоанна, Опыт кypсa цepк. законов. I, стр. 102. – Соколова, Из лекций, 181. – Особенно: Проф. Павлова, Замечания на программу издания в русском переводе церковных правил с толкованиями. Записки Новоросс. универ. т. XVI, 1875. Приложение. Его же, О новом переводе толкований на церковные правила. Пpaвocл. Обозрение. 1876 г. Апрель, 730. – Проф. А. Ф. Лaвpoвa (впоследствии Алексия, apxиeп. Литовского), Печатное письмо к Алексею Степановичу Павлову. Чтения в Моск. обществе любит. духовн. просвещения, 1877, II, 158. – В. Демидова, Характер и значение толкований на канонический кодекс греч. церкви – Аристина, Зонары и Вальсамона. Правосл. Обозрение, 1888, II. – Приват-доц. М. Е. Красножена, Толкователи канонического кодекса восточной церкви: Аристин, Зонара и Baльсамон. М. 1892.
 
3. Notice et extraits des manuscrits de lа bibliothèque national. Paris. Аn IX (de la republique). VI, p. 564 (Migne, СХХХIII, col. 1273, C.). Cp. Migne, ib. col. 1243–1244.
 
4. Porte du Theeil ამბობს, რომ არისტინე ალექსისა და იოანე კომნინოსების მმართველობის დროს იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: ნომოფილაქსის, პროტეკდიკისა და ორთანატროფის (Migne, СХХХIII, col. 1021), საიდანაც გამოდის, რომ არისტინე ჯერ კიდევ ალექსის დროს გამოძახებული იყო კონსტანტინოპოლში (Cp. ib. col. 1036).
 
5. პროდრომოსი თავის ეპისტოლეს უგზავნის (ორთანატროფს,, პროტეკდიტს და ნომოფილაქტს): τῷ ὀρφανοτρόφψ πρωτεδίκῳ, καὶ νομοφύλακι. როგორც ჩანს, არისტინე ერთდროულად ატარებდა ამ წოდებებს.
 
6. Міgnе, CXL, col.
 
7. ბალს., მოც. მე-6 კანონის განმარტებაში.
 
8. Πρὸς τὸν νομοφύλακα, καὶ μέγαν οἰκονόμον τὸν Ἀριστηνον. Μigne, іb. col. 1279, nota 56. პროდრომოსი საერთოდ არისტინეს ადარებს ქვაკუთხედ ლოდს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს საეკლესიო ხარისხსა და თანამდებობას მეფის სინკლიტში. თავის მისალმებაში პროდრომოსი ამბობს: Σὲ δὲ μόνον τῶν ἄλλων ἡ σύγκλητός τε βουλὴ, καὶ το ἱερὸν κατεμερίσαντο βῆμα. «Ισως γὰρ οὐ χωρεῖ σε τηλικοῦτο ὄντα μία τῆς Ῥωμαίων ἐπικρατείας μερίς ἀλλὰ δεῖ σε καὶ κανόνα εἶναι τῇ Ἐκκλησίᾳ, καὶ στάϑμην τῇ κολιτείᾳ, καὶ λίϑον ἀκρογωνιαῖον τὰ τῆς Ρωμαῖδος συναπτοντα μέρη, καὶ συνόλως φάναι, βασίλειον ἱεράτευμα. Migne, СXXXIII, col. 1274.
 
9. მიზეზი, რომლის გამოც არისტინემ პირველად დატოვა ორთანატროფის თანამდებობა, როგორც ჩანს, იყო ცილისწამება. პროდრომოსი თავის მისალმებაში ამბობს: Φιμούσϑων γὰρ αί βλάσφημοι γλῶσσται, καὶ ἄλαλα γενηϑήτω τὰ χείλη τὰ δόλια τὰ καϑ’ ἡμῶν ἀνομίαν λαλήσαντα· ἐν τοῦτο τὸ καιριώτατον ἀγνοήσαντα, ὄσον κεπαιδευμένης καὶ χρηστῆς ἀκοῆς καὶ αὔ ἀπαιδεύτον καὶ φαύλης εἰς διαβολῆς παραδοχὴν τὸ διάφορον. Migne, CXXXIII, col. 1268.
 
10. ეს ჩანს თვით არისტინეს შრომის დასათაურებიდან, რომელიც ზემოთაა დამოწმებული, შენიშვნა 1703.
 
11. ბალსამონი ტრულის კრების 37-ე კანონის განმარტებაში.
 
12. იხ. ზემოთ.
 
13. არისტინეს განმარტებათა გამოცემები: Вeveregii, Synodicon sive Pandaectae. Oxonii 1627. Voll. II. – Σύνταγμα... Рαλλῆ καὶ Поτλῆ. II. III и IV. ბევერეგიუსთანაც და სინტაგმის გამოცემაშიც ისინი გამოცემულნი არიან ზონარას და ბალსამონის კომენტარებითურთ. ბევერეგიუსის გამოცემა გადაბეჭდილია მინის პატროლოგიაში, tt. CXXXVII и СХХХVIII. რუსული გამოცემა დაბეჭდა მოსკოვის სულიერი განათლების მოყვარულთა საზოგადოებამ (Московское Общество любителей духовного просвещения), ოთხ წიგნად. М. 1876–1884.
 
14. Демидов (oтд. oттиск), стр. 61–65.
 
15. Красножен, Толкователи, стр. 77.
 
16. იხ. ზემოთ.
 
17. "ძველი სქოლიოების უმეტესი ნაწილი წარმოადგენს კანონთა მოკლე ან მის ნაწილობრივ გადმოცემას; ზოგიერთ შემთხვევაში კომენტატორები ცდილობენ უფრო დეტალურად ახსნან განწესება და გამოთქვამენ საკუთარ აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული ესა თუ ის განწესება; განმარტავენ კანონის ტექსტში გამოყენებულ ცალკეულ სიტყვებს და მთელ გამონათქვამებს; უთითებენ მოტივებს, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ეკლესიის მამათა საფუძველი ზოგიერთი კანონის გამოცემისას, და იმ ვითარებებს, რომლებმაც გამოიწვიეს ამა თუ იმ კანონის გაჩენა; წყვეტენ საკითხებს, რომლებიც შეიძლება აღმოცენდეს პრაქტიკაში, და უთითებენ შემთხვევებს, რომლებიც თუმც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ექვემდებარება მის მოქმედებას, ასევე ისეთებს, რომლებთან კანონის გამოყენება შეუძლებელია; ასახელებენ იმ კანონებს, რომლებმაც დაკარგეს ძალა. თუკი ერთსა და იმავე საგანზე ლაპარაკია რამოდენიმე კანონში, განმარტავენ რა ერთ რომელიმეს, სქოლიასტი უთითებს სხვა კანონებზეც, ხოლო თუკი ერთი განწესება მეორის საწინააღმდეგოა, ამ წინააღმდეგობებსაც აღნიშნავს. ზოგჯერ კანონის დასადასტურებლად იმოწმებენ წმ. წერილს. იმ კანონთა განმარტებებში, რომლებშიც ლაპარაკია კონსტანტინოპოლისა და რომის პაპის უფლებებსა და უპირატესობებზე, შეიძლება შევნიშნოთ მოშურნეობრივი დაცვა პირველისა და გაკიცხვა (ზოგჯერ მკაცრი ფორმით) უკანასკნელის პრეტენზიებისა, ასევე საერთოდ, რომის ეკლესიის ჩვეულებებისა" (Красножен, стр. 36-37). პიტრემ (Juris ecclesiastici graecorum historia et monumenta, II, p. 642) და კრასნოჟენმა (Толкователи канон. кодекса восточн. церкви, стр. 221) გამოსცეს მრავალნი ამ სქოლიოთაგან (კრასნოჟენთან - 10). ბევერეგიუსთან მის Annotationes-ში (X. II. Synodicon) ასევე გამოცემულია რამოდენიმე სქოლიო.
 
18. Красножен, стр. 40–53.
 
19. Там же, стр. 53–55.
 
20. 8-я статья 81 гл. 36 тит. 60 кн. Василик.
 
21. 133 новелла Юстиниана, находящаяся в 1 тит. I книги.
 
22. 8-я новелла Льва Философа.
 
23. 8-я новелла Льва и 11 постановл. 62 гл. I тит. 4 книги Василик.
 
24. 117 новел. Юстин. в 7 тит. 28 книги Василик.
 
25. 58 тит. 60 кн. Василик.
 
26. 81 гл. 37 тит. 60 кн. Василик.
 
27. 14 гл. 1 тит. 21 книги (Василик).
 
28. 2 ст. 17 гл. 1 тит. 21 кн. и 21, 25 и 15 гл. того же титула и книги Василик.
 
29. 58 тит. 17 кн. Василик.
 
30. 117 новелла в 7 тит. 28 книги Василик.
 
31. 11 Халкид., 13 Анкирск., 15 Неокес., 33 Лаодик., 16 Сардик., 22 и 50 Васил. В.
 
32. მოც. 10, 11, 17, 18, 32, 33, 35, 60, 82, I მსოფლ. 20; ქალკიდ. 22, 23, 29; ლაოდიკ. 3, 51, 55; კართაგ. 69 (80); ბას. დ. 49, 65. – მაგ.: მოციქულთა 11-ე კანონი: სინოფსისი – "ვინც დამხობილთან ერთად ილოცებს იმავე სასჯელს დაექვემდებაროს". არისტინე - "ვინც ილოცებს ან იმსახურებს დამხობილთან ერთად თვითონაც დაემხოს პატივისგან"
 
მოციქულთა 60-ე კანონი: სინოფსისი – "ვინც ეკლესიაში უკეთურ წიგნს წაიკითხავს დაემხობა". არისტინე - "ვინც ეკლესიაში უკეთურთა წიგნებს წაიკითხავს, როგორც წმიდას, უნდა დაემხოს პატივისგან".
 
33. მოც. 1, ტრულ. 70, 88, 93, ლაოდ. 11, 12; კართაგ. 21, (30), 41, (50), 61, (72); ბას. დ. 14, 39. მაგალითად: ტრულის კრების 70-ე კანონი: "ქალებს ეკლესიებში ლაპარაკის უფლება არ ეძლევათ". არისტინე: "რადგან თუკი რაიმეს შესწავლას ისურვებენ, დაე თავიანთ ქმრებს სახლში ჰკითხონ".
 
34. სარდ. 13; ბას. დ. 5, და სხვა.
 
35. მოც. 3, 44, 68; ქალკიდ. 21, 30; ტრულ. 18, 48; ლაოდ. 11, 17; კონსტ. ადგილ. ბას. დ. 3, 46 და კართაგენის კრების მრავალი განწასება.
 
36. მოც. 14, 85; ქალკ. 19; ტრულ. 31; სარდ. 6, კართ. 70 (81), ბას. დ. 9, 18.
 
37. ტრულ. 39; სარდიკიის კრების 14-ე კანონი, რომელიც წაკითხულ იქნა კართაგენის კრებაზე, კართაგ. 55 (66).
 
38. მოც. 6, 20, 61, ტრულ. 20.
 
39. I მსოფლ. 15, 17; ტრულ. 59; ანკირ. 24; ანტიოქ. 20.
 
40. ბას. დ. 22-ე კანონი.
 
41. მოციქულთა კანონებზე: 21, 22, 23 и 24; 77 და 78; ეფეს. 1, 2, 3, 4 და 5; ტრულ. 14 და 15; ლაოდ. 53 და 54; კართ. 109 (123), 110 (124) 111 (125), 112 (126) და 113 (127), ასევე ღანგრის კრების ყველა კანონზე.
 
42. პროფ. პავლოვი არისტინეს კომენტარებს უპირატესად ახასიათებს, როგორც გრამატიკულს (Записки Новорос. унив. XII, Прилож. стр. Правос. Обозр. 1876, апрель, стр. 798).
 
43. Красножен, там же, cтp. 82–88.
 
_________________________


წყარო: Очерк православного церковного права : Ч. 1-. / [Соч.] М. Остроумова, экстра-орд. проф. Харьковск. ун-та. – Харьков, тип. Губ. правл., 1893. / Ч. 1: Введение в православное церковное право.

https://azbyka.ru/otechnik/Mihail_Ostroumov/ocherk-pravoslavnogo-tserkovnogo-prava-chast-1-vvedenie/2_40#source
Назад к содержимому