საეკლესიო სამართალი - "პიდალიონის" შედგენისა და რედაქტირების ზოგიერთი ვითარება მწვალებელთა მიღების საკითხში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
პიდალიონის შედგენისა და რედაქტირების ზოგიერთი ვითარება
მწვალებელთა მიღების საკითხში
ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი
ავტორი: პროფ. თეოდორ იანგუ.

XVIII ს-ის შუაწლებამდე (1) ბერძნული ეკლესიები მისდევდნენ ტრადიციულ შეხედულებას წეს-განგებაზე, რომელიც ფორმულირებული იყო წმ. დიონისე ალექსანდრიელის მიერ, რომლის თანახმადაც ტრინიტარულ საზოგადოებაში შესრულებული ნათლობა "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" აღიარებულ უნდა ყოფილიყო. მაგრამ 1755 წ-ს სამმა პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის კირილე V-ს მეთაურობით (2), ხელი მოაწერა საპატრიარქო ოროსს, რომლის თანახმადაც ლათინები, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შემოერთების შემთხვევაში, თავიდან უნდა მონათლულიყვნენ. ნიკოდიმე მთაწმინდელის "პიდალიონში" მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ნათლისღებით მიღება, - რომელიც წარმოდგენილია აკრიბიად (კანონიკური ნორმად), ხოლო მიღების წეს-განგების სხვა ფორმები - იკონომიად (ნორმისგან გადახვევა საქმის სასარგებლოდ) - ჩვეულებრივ განიხილება, როგორც პრაქტიკის კანონიკური საფუძველი, რომელიც დამტკიცებულია სამი პატრიარქის მიერ.
______________________
 
1. შეიძლება აღვნიშნოთ კონსტანტინოპოლის 1708 წლის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ლუთერანები მიღებულ უნდა ყოფილიყვნენ მირონცხებით და პატრ. იერემია კონსტანტინოპოლელის 1718 წლის სიგელი იმპერატორ პეტრე I-ს, რომელმაც დაადასტურა ეს გადაწყვეტილება - იხ. "О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. Историко-каноническое исследование Сергия епископа Вятского и Слободского". Астрахань, 1904, стр. 96-97.
 
2. ლიტერატურაში ზოგჯერ წერენ 1755 ან 1756 წწ-ის კრებაზე, რომელმაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და ხელი მოეწერა მხოლოდ სამი პატრიარქის მიერ, რომელთაც არ გაუთვალისწინებიათ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეპისკოპოატის უმრავლესობის და მეოთხე (ანტიოქიის) საპატრიარქოს აზრი.
 
______________________

მაგრამ ასეა თუ არა ეს?

"პიდალიონის" შექმნისა და დამტკიცების ისტორია დეტალურად განიხილება პროფ. თეოდორ იანგუს ისტორიულ მიმოხილვაში, რომელიც მოთავსებულია "პიდალიონის" რუსული გამოცემის პირველ ტომში. მოცემულ კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მე-9 განყოფილება ("დოროთე ვულისმას კრიტიკული შენიშვნები"). აი რამოდენიმე ფრაგმენტი (აქ და ქვემოთ ციტატები მოგვყავს "პიდალიონის" შესავალში მოთავსებული პროფ. თეოდორ იანგუს გამოკვლევიდან. Пидалион. Правила святых Апостолов. Александро-Невский Ново-Тихвинский жегнский монастырь. 2019 г.).
 
"ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მწვალებელთა მიღების საკითხში აკრიბიის მომხრეთა (რომლებიც მწვალებელთა მიღებას დასაშვებად მიიჩნევდნენ მხოლოდ ნათლობით) და იმ გადმოცემის დამცველთა შორის, რომლებიც იცავდნენ იკონომიას კოლივადების საღვთისმსახურებო პრაქტიკის საკითხებში, პრინციპულად არ იყო არავითარი სულიერი სიახლოვე. პირიქით, კოლივადების თხზულებებში დაგმობილია პატრიარქი კირილე V (1748–1751, 1752–1757), როგორც საღვთისმახურებო აკრიბიის მოწინააღმდეგე და "ანტიკოლივადების" მოკავშირე და შემწე, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი უმთავრესი მონაწილე იყო დავისა მწვალებელთა მიღების საკითხში და მათი გადანათვლის მომხრეც.
 
"პიდალიონის" დაწერა და რეცენზირება განეკუთვნება დროს, რომელიც არცთუ დიდი პერიოდით არის დაშორებული აღწერილ მოვლენებს. "პიდალიონში", უდავოდ, განიხილებოდა ის კანონიკური საკითხები, რომლებიც სულ ახლახან გამართული დავების მთავარი თემა იყო, როგორც კონსტანტინოპოლში, ასევე წმიდა მთაზეც. თვით ტექსტები, რომლებსაც შეიცავდა "პიდალიონი", იძულებულს ხდიდა მათ განეხილათ ეს საკითხები. ნიკოდიმე, მისთვის დამახასიათებელი გონივრულობით, ძლიერ ცდილობდა დისტანცია დაეჭირა და არ მიმხრობოდა არც ერთ ბანაკს, მაგრამ საჭირბოროტო საკითხებზე კანონთა განმარტებების დროს იძულებული იყო თავისი აზრი გამოეთქვა და მის დასამტკიცებლად დაემოწმებინა სხვადასხვა წყაროები.
 
...
 
ხსენებულ სადავო საკითხებში ნიკოდიმესა და დოროთეს (იგულისხმება პიდალიონის რეცენზენტი არქიეპ. დოროთე ვულისმა - Ἀλήθεια / Православное богословие) საღვთისმეტყველო შეხედულებებში შესამჩნევია განსხვავებანი.

...
 
დოროთემ პატრიარქ კირილე V-ს პოზიცია დაიკავა. მან ორი ტრაქტატიც კი დაწერა (ისინი მოთავსებულია პანტელეიმონის მონასტრის ხელნაწერში № 520) მწვალებელთა მიღების შესახებ, სადაც აკრიბიის პრინციპებს იცავს. პირველ ტრაქტატს ეწოდება: "იმის შესახებ, რომ უნდა მოინათლოს ყველა მწვალებელი, ვინც კი მონათლული არ არის უფლის მცნებისამებრ, რომელიც მან მოგვცა როგორც აღდგომამდე, ასევე აღდგომის შემდეგ". მეორე ტრაქტატს ეწოდება "აკრიბიის პრინციპის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩვენსკენ გადმოსული მწვალებლები ან სქიზმატიკოსები უნდა მივიღოთ ნათლისღებით".
 
ვულისმას გარდა, მწვალებელთა გადანათვლის მომხრე იყო თეოდორიტე ევსთიგმენელი, როგორც ეს ჩანს კვიპრიანე კართაგენელის კანონის განმარტების დამატებაში, რომელიც ფარულად ჩაამატა ამ "უმზაკვრესმა" ადამიანმა, როდესაც "პიდალიონის" პირველ გამოცემაზე ზრუნვა მიანდეს. სხვათა სორის ამ განმარტებაში ნათქვამია: "... ყველა მწვალებელი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა მოინათლოს. ხოლო იკონომია, რომელსაც დროის შესაბამისად იყენებდა ზოგიერთი წმიდა მამა, არ შეიძლება ჩაითვალოს არც კანონად და არც ნიმუშად". სამწუხაროდ, ეს აზრი (ასე ვთქვათ, მორიგი "უცხო იგავ-არაკი"), რომელიც თეოდორიტემ მისეულ დამატებაში გამოთქვა, თვით ნიკოდიმეს მიაწერეს" (იხ. მაგალითად. С. Говорун. Из истории богословских споров XVIII века по проблеме латинского крещения п.2.1 https://www.pravoslavie.ru/archiv/anabaptism.htm - Ἀλήθεια / Православное богословие).
 
შემდეგ პროფ. იანგუს მოჰყავს არქიეპ. დოსითეოსის მხრიდან "პიდალიონის" პირველი ვარიანტების საკმაოდ მძაფრი კრიტიკის ფრაგმენტები. როგორც ტექსტიდან ჩანს, დოსითეოსის უთანხმოება გამოიწვია ნიკოდიმეს აზრმა, რომელიც გამოთქმულია მოციქულთა 68-ე კანონის განმარტებაში და რომელშიც ლაპარაკია მწვალებელთა ხარისხის აღიარების ნორმატიულობაზე, რომელიც ეფუძნება I მსოფლიო კრების მე-8 კანონს, კართაგენის კრების რამოდენიმე კანონს და ასევე, IV და VII მსოფლიო კრებათა საქმეებს. ავტორი ყურადღებას აქცევს მნიშვნელოვან ვითარებას:

"... უნდა აღვნიშნოთ, რომ ვულისმას წერილიდან ზემოთ მოტანილ ვრცელ და დამაჯერებელ ნაწყვეტში ის მიმართავს ისეთ მაგალითებს, რომელთა შესახებაც ნიკოდიმე ჩვენთვის ცნობილ წყაროებში ("პიდალიონის" ბეჭდვით გამოცემებსა და შესაბამის წერილებში) საერთოდ არც ახსენებს.

...
 
ვულისმას დამოწმებულ წერილში ჩვენ ვხედავთ მის ახალ მსჯელობას ნიკოდიმესთან დიალოგში, და ამას, ჩვენი აზრით, შეიძლება გარკვეული ახსნა მიეცეს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რამ (თუნდაც ეს მხოლოდ ვარაუდი იყოს): ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო მოციქულთა 68-ე კანონის კომენტარის თავდაპირველი ტექსტი "პიდალიონის" იმ ხელნაწერში, რომელიც საპატრიარქოს გაეგზავნა. აქედან იბადება სამართლიანი კითხვა: ემთხვევა თუ არა "პიდალიონის" თავდაპირველი ვარიანტის ("განმარტებების", როგორც უწოდებს მას ვულისმა თავის მოხსენებით ბარათში) კომენტარის ტექსტი "პიდალიონის" "შეთანხმებათა" ტექსტს იმავე კანონზე "პიდალიონის" ბეჭდვით ვარიანტში? რატომ ლაპარაკობს ვულისმა "კომენტარებზე" და არა "შეთანხმებებზე"? ეს კითხვები ძლიერ დამაფიქრებელია, თანაც ამოცანას ართულებს ზოგიერთი მომენტი, რომელსაც ვამჩნევთ ხსენებული "შეთანხმებების" უფრო ყურადღებით და დაკვირვებით კითხვისას ბეჭდვით "პიდალიონში".
 
ჩვენ მივყვებით იმ აზრს, რომ ნიკოდიმეს შეხედულებები, რომლებიც გადმოსცა მან "შეთანხმებებში" მოციქულთა 68-ე კანონის განმარტებისას, არ წარმოადგენენ საფუძველს იმ მძაფრი კრიტიკისთვის, რომლითაც გამოვიდა ვულისმა ზემოთციტირებულ წერილში.

...
 
ყოველივე ზემოთთქმული გვაიძულებს ვიკითხოთ: გაითვალისწინა თუ არა ნიკოდიმემ ვულისმას შეხედულებები და აქედან გამომდინარე, შეცვალა ან გადაამუშავა თუ არა მან მოციქულთა 68-ე კანონის განმარტების თავდაპირველი ტექსტი? ამასთან ნიკოდიმეს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ იძულებული იყო მწვალებელთა ხელდასხმებთან დაკავშირებით გადმოეცა სწორედ ისეთი შეხედულება, რომელსაც იზიარებდა ვულისმა, რადგან პატრიარქ ნეოფიტეს განკარგულება ცალსახად ამტკიცებდა: "შეუძლებელია დაიბეჭდოს წიგნი (იგულისხმება "პიდალიონი" – "აპოკ." რედ.), თუ ის რეცენზიის შესაბამისად არ ჩასწორდება".
 
რეცენზენტის უკიდურესად მძაფრი და ნიკოდიმეს კომპრომისული პოზიციების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ნიკოდიმეს შემდეგი სიტყვებით: "როდესაც ნიკოდიმესთვის ცხადი გახდა, რომ წიგნის გამოცემა ჭიანურდება და, რომ რეცენზენტი, დოროთე ვულისმა აგვიანებს პასუხს, ის მზად იყო მთლიანად გადაელოცა წიგნის ავტორობა დოროთესთვის: "მე მსურს და ძალიან მოხარული ვიქნებოდი, ბ-ნი დოროთე წიგნში მითითებული იყოს არა როგორც რეცენზენტი, არამედ როგორც ავტორი" (Пидалион. Правила святых Апостолов. Александро-Невский Ново-Тихвинский жегнский монастырь. 2019 г., стр. 41).

...

დამოწმებული ადგილებიდან, შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:
 
1) ნიკოდიმე განიცდიდა პატრ. კირილე V-ეს მიმდევრების მკაცრ ზეწოლას, რომელიც მიმართული იყო იკონომიითაც კი მწვალებელთა ნათლობის მიღების წინააღმდეგ. თუ მწვალებელთა მიღების წეს-განგების შესახებ ნიკოდიმემ გადმოსცემდა ისეთ სწავლებას, რომელიც კონსტანტინოპოლის ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგო იქნებოდა - პიდალიონის დაბეჭდვა არ იქნებოდა დამტკიცებული.

2) პიდალიონში, იმ კანონთა განმარტებებში, სადაც ლაპარაკია მწვალებელთა მიღების წეს-განგებაზე, უკიდურეს შემთხვევაში, არსებობს ერთი (საკმაოდ მკაცრი) ადგილი, რომელიც არ ეკუთვნის ნიკოდიმეს (ეს არის წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს მოწვული კრების ერთ-ერთი კანონის განმარტება).
3) ძალზედ სავარაუდოა, რომ ნიკოდიმეს განმარტებების ზოგიერთი ადგილი, რომლებიც უფრო ლოიალურია მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა საიდუმლოებებტან (კერძოდ - ის, რაც ეხება მწვალებელთა ხარისხის აღიარებას მოციქულთა 68-ე კანონის განმარტებაში) - არქიეპ. დოროთეს მოთხოვნით ამოღებულ იქნა "პიდალიონის" საბოლოო ვარიანტის ტექსტიდან.

4) საკითხი მწვალებელთა მიღებასთან დაკავშირებული განსხვავებების შესახებ, რომელიც გადმოცემულია "პიდალიონში" და ნიკოდიმეს პირადი პოზიცია სპეციალურ გამოკვლევას ითხოვს (ყოველ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი მათი სრული გაიგივებისა). ამ საკითხთან დაკავშირებულ ზოგიერთ შეხედულებას, რომელიც ეფუძნება პიდალიონის სხვადასხვა კანონის განმარტების შედარებას და პიდალიონის სტრუქტურას - ჩვენ ცალკე სტატიაში გადმოვცემთ.

წყარო: vk.com.
Назад к содержимому