სწავლანი > საეკლესიო სამართალი
მართლმადიდებლურ ეკლესიაში
არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მიღების წეს-განგებანი
წინათქმა
მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვა ტიპის მწვალებელთა მიღების თემა დღემდე აქტუალურია და ალბათ ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე. სამწუხაროდ, ამ საგანზე საქართველოში მრავალ არათუ ერისკაცს, არამედ სასულიერო პირსაც კი ჯეროვანი წარმოდგენა არ გააჩნია. არ არსებობს ერთიანი პრაქტიკა ერთი და იგივე მწვალებლობიდან თუ სქიზმიდან მოქცეულთა მიღების საკითხში და ხშირად მათ სხვადასხვაგვარად, ურთიერთგამომრიცხავი წესით იღებენ. მსგავსი მდგომარეობა შეიძლება ვნახოთ სხვა მართლმადიდებურ კონფესიებშიც. ანუ, როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ ეკლესიურ თემებში არ არსებობს ერთიანი და სწორი წარმოდგენა ამ საგანზე. არადა ის დიდი ხანია, რაც გარკვეულია და ჩამოყალიბებულია როგორც მართლმადიდებლური ეკლესიიკენ მოქცეულ მწვალებელთა მიღების საფუძველი. სწორედ მასზე დაყრდნობით იღებს ეკლესია მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებს საკუთარ წიაღში.
მოცემულ საგანზე მრავალი საინტერესო ნაშრომი არსებობს და ჩვენ მათ მომავალში აუცილებლად შევეხებით, ხსენებულ თემას კი დავიწყებთ გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთის ოფიციალური ეკლესიის ეპისკოპოსის, სერგი სერაფიმოვის წინის (О правилах и чинопоследованиях принятия неправославных в Православную Церковь - 1904) ნაწილობრივი გამოქვეყნებით. ნაწილობრივით იმიტომ, რომ ხშირად მწვალებელთა მიღების თემას რეფორმატორული და მოდერნისტული ეკლესიები უდგებიან მათთვის ხელსაყრელი პირობებიდან და ვითარებებიდან გამომდინარე. ამიტომაც, მათში ზოგიერთი ფაქტი ან მიჩქმალულია ან საერთოდ გამოტოვებულია. ჩვენ ამ წიგნიდან ავიღეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სასარგებლოდ ჩავთვალეთ. ეს არის ძველ მსოფლიო კრებათა დროინდელი ეკლესიის მიერ პირველი საუკუნიდან ვიდრე მერვე საუკუნემდე პერიოდში ჩატარებული უდიდესი სამუშაო, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მწვალებლობათა კატეგორიები და ისიც, ამა თუ იმ კატეგორიიდან გადმოსული მწვალებელი როგორ უნდა შევიწყნაროთ ეკლესიაში.
ამიტომაც, ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს სწორედ ძველი ეკლესიის ეპოქა წარმოადგენს. ამონაწერებიც სწორედ ამ ეპოქას ეხება, სადაც კარგად არის ნაჩვენები ეკლესიაში მწვალებელთა მიღების წეს-განგებების ჩამოყალიბების პრინციპები.
შესავალი
ქრისტეს ეკლესიაში ოდითგანვე გაჩნდნენ ცრუწინასწარმეტყველნი და მაცთურნი, რომელთა შესახებაც უფალი ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს და, რომელთა საცთურთაგან თავის დაცვას ამცნებდა (იხ. მათე 24:4, 5, 11). ესენი იყვნენ ყალბი ძმები, ერთი სარწმუნოებისგან და სულიწმიდისგან განდრეკილები, ღმრთის ეპისკოპოსთა და მღვდელთა მოძულენი, რომლებმაც გაბედეს სხვა საკურთხევლის აღმართვა და სხვა ლოცვების აღვლენა, რომელთაგან თავდაცვას თავიანთ მოწაფეებს აფრთხილებდნენ უკვე მოციქულებიც (გალატ. 2:4; 1 კორინთ 3; იუდ. 19 და სხვა.). მაგრამ, ამავდროულად, ამ მწვალებელთა გამოჩენისთანავე აღმოცენდა საკითხი, თუ როგორ მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ის მწვალებლები, რომლებიც გულწრფელი სინანულით გმობდნენ თავიანთ ცთომილებებს და გულწრფელი სინანულით ეძიებდნენ დაბრუნებას დედა-ეკლესიაში.
სხვადასხვა ჯურის არამართლმადიდებელთა გამოჩენა მოციქულთა დროებამდე მიდის, და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათი მიღების პირველი კანონებიც სწორედ მოციქულებს ეკუთვნით. მაგრამ, რადგან მოციქულთა კანონები სრულად არ მოიცავდნენ ყველა სახეობის მწვალებელთ, ხოლო დროთა განმავლობაში ისინი სულ უფრო მრავლდებოდნენ და მათი სწავლებებიც მრავალგვარი იყო, აუცილებელი გახდა დაწერილიყო ახალი კანონები, რომლებიც უფრო მეტი სიზუსტით და სიმკვეთრით განსაზღვრავდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვა სახის არამართლმადიდებელთა მიღების საკითხს.
ამგვარი განმსაზღვრელი კანონები ჩნდება IV ს-დან მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე, ასევე წმიდა მამათა თხზულებებში, რომლებიც თანდათანობით, მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა, რომ VII მსოფლიო კრებაზე, როდესაც მართლმადიდებლობაში ხატმებრძოლთა მიღების საკითხი იდგა, ეკლესიის მამები უკვე მზა კანონებითა და ეკლესიის მაგალითებით ხელმძღვანელობდნენ.
ამ კანონებში მწვალებელთა ერთი კატეგორია მკაფიოდ არის განცალკევებული სხვა კატეგორიებისგან და, ამიტომაც, მწვალებლობათა არსისა თუ ხასიათის მიხედვით განისაზღვრება მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელთა მიღების მეთოდებიც.
კერძოდ, ზოგს ეკლესია იღებდა სრული ნათლისღებით; სხვებს - მირონცხებით; დანარჩენებს კი - მხოლოდ თავზე ხელის დადებით, ნიშნად იმისა, რომ ეკლესიისკენ მოქცეული მწვალებელი ინანიებდა თავის ცოდვას და საჯაროდ უარყოფდა, როგორც საკუთარ, ასევე სხვა მწვალებლობებსაც. დაწესებულ იქნა ასევე როგორ უნდა ყოფილიყვნენ მიღებულნი მწვალებელთა კლირიკოსები - თავიანთსავე ხარისხებში, რომლებიც მიღებული ჰქონდათ მათ მართლმადიდებლობაში მოქცევისკენ, თუ - როგორც უბრალო ერისკაცები.
ასე რომ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელ კლირისკოსთა და ერისკაცთა მიღების ფორმები და მეთოდები VIII ს-ის მიწურულისთვის სრულიად გადაწყვეტილი იყო. მაგრამ, იმის შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ეკლესიას გამოეყო დასავლეთი (XI ს.) ჩნდება არამართლმადიდებელთა ახალი სახეობა - რომაელი კათოლიკეები და მათგან გამოყოფილი მრავალი სახეობის პროტესტანტი. აქედან გამომდინარე, საკითხი, თუ როგორ უნდა მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათგან მოქცეულნი გადაწყვეტას ითხოვდა და, მართლაც, არაერთხელ წამოიჭრა იგი, როგორც ბერძნულ, ასევე რუსულ ეკლესიაში, და განსაკუთრებული დადგენილებების მიღების მიზეზიც გახდა. თუ როგორი იყო ეს დადგენილებები ამა თუ იმ პერიოდში, როგორ ეხებოდნენ ისინი ძველი ეკლესიის კანონებს და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ უკანასკნელის პრაქტიკას იმ განსაზღვრებათა ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც შემდეგ ინერგებოდა ან ერთ ან მეორე ეკლესიაში, - დავინახავთ მოგვიანებით; აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ 18-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე დასავლელ ქრისტიანთა მიღების პრაქტიკა, როგორც ერთ, ასევე მეორე ეკლესიაში (1) ძირითადად ერთნაირი იყო, ზოგიერთი შემთხვევის გამოკლებით.
_______________
1. იგულისხმებიან ბერძნული და რუსული ეკლესიები - "აპოკ." რედ.
_______________
18-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ეს თანხმიერება დაირღვა და დღემდე ამ მდგომარეობაშია. რუსეთში, ძველი კანონებიდან და მსოფლიო ეკლესიის საუკუნეობრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, დასავლელ ქრისტიანებს, მათი ცთომილების ხარისხის შესაბამისად, იღებდნენ ნათლისღების გარეშე, მაგრამ ან მირონცხებით ან კიდევ მხოლოდ სინანულით. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კლირიკოსებს უნარჩუნდებოდათ თავიანთი ხარისხებიც (2).
_______________
2. ავტორის მიერ აღწერილი ვითარება, რომელიც ეხება დასავლელ ქრისტიანთა მართლმადიდებლობაში მიღების საკითხს, არაზუსტად არის გადმოცემული. თუ ადრე მართლმადიდებლობისკენ გადმოსულ ლათინებს იღებდნენ მირონცხებით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი იმ დროს არ არღვევდნენ ნათლისღების საიდუმლოს და ნათლავდნენ წყალში სრული სამგზისი შთაფლვით. მაგრამ 17-18-ე საუკუნეებში ლათინებმა თავიანთ წიაღში საყოველთაოდ დაამკვიდრეს წყალპკურებითი ნათლობა, რამაც მართლმადიდებლობაში მათი მიღების პრაქტიკა შეცვალა. ამ პერიოდიდან მათ უკვე იღებდნენ ნათლისღებით და არა მირონცხებით. ეს კარგად არის ასახული ამ პერიოდის რუსულ და ბერძნულ, ასევე ქართულ საეკლესიო დადგენილებებსა და ცალკეულ სასულიერო პირთა თხზულებებში. – "აპოკ." რედ.
_______________
ბერძნულ ეკლესიაში, პირიქით, კონსტანტინოპოლის 1756 წლის კრებიდან მოყოლებული, ძალაში რჩება წესი - რომაელი კათოლიკეები და პროტესტანტები მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში მიიღონ სრული ნათლისღებით, ხოლო კლერიკოსები თავიანთი ხარისხების გარეშე, როგორც ერისკაცები.
ეს და სხვა ვითარებები უთითებს იაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საეკლესიო კანონთა გამოკვლევა და მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მწვალებელთა მიღების საკითხში ეკლესიის პრაქტიკის ცოდნა, რათა ეკლესიის სჯულიერება და პრაქტიკის კანონიერება შუსაბამო არ აღმოჩნდეს დიდ სჯულისკანონთან და საყოველთაო ეკლესიის პრინციპებთან.
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად, საეკლესიო კანონთა და დადგენილებათა განმარტებებთან ერთად, რომლებიც განსაზღვრავენ მწვალებელთ განსხვავებული მეთოდებით მიღების წესებს, გვეჩვენებინა ის საძირკვლებიც, რომლებსაც დროთა განმავლობაში ეფუძნებოდა ეს დადგენილებები, ასევე გვეჩვენებინა ის მიზეზები, რომელთა გამოც ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში არსებობდა გადახრა საზოგადოდ მიღებული წესისგან.
ნაწილი პირველი
მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელ ერისკაცთა მიღების წესები
ა) წმიდა მოციქულთა განწესებები და ეკლესიის პრაქტიკა პირველ სამ საუკუნეში. - მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონების აზრი. რომის, მცირე აზიის და აფრიკის ეკლესიათა პრაქტიკა პირველ სამ საუკუნეშის. პირველ და უკანასკნელ ეკლესიათა სხვაობა არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების საკითხში. წმ. კვიპრიანე კართაგენელის დავა რომის ეპისკოპოს სტეფანესთან და, რომის ეკლესიის საპირისპიროდ, აფრიკის ეკლესიათა დადგენილებები ყველა არამართლმადიდებელთა ნათლისღებით მიღების შესახებ. წმ. დიონისე ალექსანდრიელის შუამავლობა.
რომისა და აფრიკის ეკლესიათა სხვადასხვა კანონების სფუძვლები და მტკიცებულებები, რომლებიც მოჰყავდათ საკუთარ შეხედულებათა დასაცავად - ერთი მხრივ წმ. კვიპრიანეს და მის თანამოაზრე აფრიკელ და მცირე აზიელ ეპისკოპოსებს, და მეორე მხრივ, რომის ეპისკოპოს სტეფანეს.
***
1. წმ. მოციქულთა კანონები და ეკლესიის პრაქტიკა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში
მართლმადიდებლური ეკლესიის ძველ კანონთა შორის, რომლებიც არამართლმადიდებელ ერისკაცთა მიღების წესს განსაზღვრავენ, უპირველესი ადგილი უკავიათ მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონებს, რომელთაგან პირველის (46-ე) განკარგულებით პატივი ეყრება იმ ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, რომელიც მიიღებს მწვალებელთა ნათლობას ან მსხვერპლს, ხოლო მეორე (47-ე), პატივს ჰყრის იმ ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, რომელიც კვლავ მონათლავს ერთხელ უკვე ჭეშმარიტად ნათელღებულს ან თავიდან არ მონათლავს უკეთურთაგან შებილწულს (ანუ ერეტიკოსს), - კერძოდ:
"თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის დამხობას* ვბრძანებთ" (კან. 46).
"თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით), დაემხოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისგან" (კან. 47).
_________________________
* საეკლესიო განწესებათა ქართულ გამოცემებში ამ ადგილას გამოყენებულია სიტყვა "განიკვეთოს". ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ზიარებისგან განკვეთის შემთხვევაშიც. რადგან ერთი ტერმინით (განკვეთა) სხვადასხვა მოქმედების აღნიშვნამ შეიძლება გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს, სასულიერო პირთა პატივაყრის აღსანიშნად ვიყენებთ ტერმნის "დაემხოს" (სლავ. რჯულისკანონშია "да будет извержен": ბერძნულად - καθαιρείσθω).
_________________________
მაგრამ დამოწმებული კანონებიდან არ ჩანს აქ კონკრეტულად რომელი მწვალებლები უნდა ვიგულისხმოთ - ყველანი, თუ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის? მწვალებელთა ყოველგვარი ნათლობა უნდა ჩავთვალოთ არაჭეშმარიტად? შედეგად, ნებისმიერი მწვალებელი თავიდან უნდა მოვნათლოთ მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მისი მოქცევის შემთხვევაში, თუ არა? ამგვარი განუსაზღვრელობა გახდა მათი სხვადასხვაგვარი გაგებისა და განმარტების მიზეზიც; ზოგიერთებს ეს კანონები ესმოდათ და ესმით საკმაოდ ვრცელი გაგებით, და მწვალებლებში, რომელთა ნათლობაც აქ უარყოფილია, ყველა არამართლმადიდებელს გულისხმობენ (გამონაკლისის გარეშე), როგორიც გინდ იყოს მათი ცდომილება. ამიტომ ისინი უმოქმედოდ მიიჩნევენ ყოველგვარ ნათლობას, რომელსაც არამართლმადიდებელნი აღასრულებენ.
დამოწმებული კანონების სწორედ ასეთი გაგებაა გამოთქმული კონსტანტინოპოლის 1756 წლის კრებაზე (1), ბერძნული პიდალიონის განმარტებაში (2), 1620 წლის რუსი იერარქების კრებაზე (3) და ჩვენი "ბეზპოპოვეცი" სქიზმატების თხზულებებში (4).
_________________________
1. Σύνταγμα τῶν θείων καὶ ἱερῶν κανόνων – ὑπὸ Ράλλη καὶ Ποτλῆ, Τ. V. σ. 614 (რალესა და პოტლეს "ღვთაებრივ და წმიდა კანონთა სინტაგმა"). იხ. ასევე: Ἐπιτομὴ τῶν θείων δογμάτων – Ἀναστασίου τοῦ Παρίου, 1806 г. σ. 350-352 (ათანასე პაროსელი. საღმრთო დოგმატთა მოკლე გადმოცემა). ამის შესახებ უფრო დეტალურად ნათქვამი იქნება ქვემოთ.
2. Πηδάλιον. a. 33–36 ("პიდალიონი"), 1-ლი შენიშვნა მოც. 46-ე კანონთან დაკავშირებით (46-ე და 47-ე კანონებთან და, ასევე, ნიკოდიმე მთაწმინდელის განმარტებებთან დაკავშირებით იხ. სტატია: სქიზმატიკოსთა ნათლობა: ნიკოდიმე მთაწმინდელი - მიღების წეს-განგებათა იკონომიური თეორიის წინააღმდეგ - "აპოკ." რედ.)
https://www.apocalypse.ge/saeklesio_samartali_schismatikosta_natloba_nikodime_mtacmindeli_migebis_wes_gangebata_ikonomiuri_teoriis_winaamgdeg.html
3. Соборное изложение Патриарха Филарета в Требнике 1651 г., л. 565 обор.
4. იხ. მაგ. მოსკ. სასულიერო აკადემიის ხელნაწერი "Цветик или о поливательном крещении": "показание от правил святых соборов, Св. Апостол и Св. Отцов, яко приходящих от еретик Латин, Люторов и Кальвин, Ляхов и Хохлов и прочих подобных им еретиков подобает совершенно крестить в три погружения, якоже нижеписанные вины показуют, – именно: первая причина: правила Св. Апостол 46-е и проч" ("წმიდა კრებათა, წმ. მოციქულთა და წმ. მამათა კანონების მოწმობა იმის შესახებ, რომ მწვალებელ ლათინთაგან, ლუთერანთაგან და კალვინელთაგან, ასევე პოლონელთა (Ляхи), უკრაინელთაგან (Хохлов) და მათ მსგავს მწვალებელთაგან გადმოსულნი სრულიად უნდა მოინათლონ სამგზისი შთაფლვით, როგორც ქვემოთაღწერილი მიზეზები აჩვენებენ. კერძოდ, პირველი მიზეზი: წმ. მოციქულთა 46-ე კანონი..." და სხვა).
იხ. ასევე ხელნაწერები: "ბეზპოპოვცური" "Кормчая" ("მესაჭე წიგნი", იგივე რჯულის კანონი), რომელიც ეკუთვნის კოსტრომას სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკას, სტატიაში "ნათლისღების შესახებ", ფურც. 1-22 და "ბეზპოპოვცების" სხვა თხზულებები, რომლებიც ყველგან დღემდე ამბობენ, რომ "ლათინები, ლუთერანელები, კალვინელები და სხვა მათი მსგავსი მწვალებლები სრულიად უნდა მოინათლონ სამგზისი შთაფლვით, რადგან თურმე "ლათინი პაპისტები ყველა მწვალებლებზე უბილწესი და უსაზიზღრესნი არიან".
_________________________
სხვათა განმარტებით, მოციქულთა მითითებულ კანონებში იგულისხმებიან მხოლოდ ის მწვალებლები, რომელთაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ სარწმუნოების არსებით დოგმატებზე ან უარყოფდნენ ამ დოგმატებს, როგორც მაგალითად, დოგმატს წმიდა სამების შესახებ, ღმრთის ძის განკაცების შესახებ, საიდუმლოთა შესახებ და სხვა. ამის გამო მათ არ შეიძლებოდათ ჰქონოდათ ჭეშმარიტი საიდუმლონი და, კერძოდ, ნათლისღების საიდუმლო; ამგვარი მწვალებლები პირველ სამ საუკუნეში იყვნენ სიმონიანელები, მენადრეველნი, კერინთოსიანნი, ებიონები და სხვა. ამ აზრით არის მიღებული ეს კანონები მოსკოვის 1667 წლის დიდ კრებაზე (5) და სინოდის მიერ გამოცემულ წიგნში "კანონთა წიგნი" (Книга правил) (6).
_________________________
5. ამ კრების საქმეებში ნათქვამია: "По сим апостольским правилам 49-му и 50-му поразумети подобает: глаголют бо оные правила крещение и жертву еретическу и крещение во едино погружение, явно есть, о тех еретиках глаголют, иже Божией веры отнюдь отчуждишася, их же и последующие правила повелевают крестити, а не о тех, иже крещаются во имя Отца и Сына и Св. Духа, противятъ же Ее иными некими расколы или ересьми". См. Дополн. к Антич. Историч., издан. Археограф. Коммис. Т. 5, СПб., 1853. с. 495.
(ქართ.: "მოციქულთა 49-ე და 50-ე კანონების მიხედვით: მწვალებელთა მსხვერპლი და ერთგზისი შთაფლვა, მეტყველებენ იმ მწვალებლებზე, რომლებიც გაუცხოებულნი არიან საღმრთო რწმენისგან, სწორედ მათ თავიდან გადანათვლას განაწესებენ კანონები, და არა იმათსას, ვინც ინათლება მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, თუმცა ეწინააღმდეგებიან მას (ეკლესიას - "აპოკ." რედ.) განხეთქილებებითა და სხვა სახის მწვალებლობებით").
6. Книга правил. Изд. 1843. С. 18, იხ. შენიშვნა მოც. 46-ე კანონთან დაკავშირებით.
_________________________

ზემოთ ნახატზე: ებრაელთა ნათლობა. აპოკალიფსის თემატიკიდან
კანონთა ძველი კომენტატორები, ბალსამონი, ზონარა და არისტინე, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ნათლობაში, რომელიც აღესრულება ჭეშმარიტებით (κατ’ ἀλήθειαν), იგულისხმება ისეთი ნათლობა, რომელიც აღესრულება უფლის დაწესებისამებრ, სამგზისი შთაფლვით, და ღვთითდაწესებული სიტყვების წარმოთქმით: სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა; ხოლო ყოველი სხვაგვარი ნათლობა - არაჭეშმარიტია, ამიტომაც ის არის არა ნათლობა, არამედ შებილწვა (იხ. მოციქულთ კანონების მათი განმარტება). ამგვარ განმარტებას სრულიად ხელს უწყობს სხვა სამოციქულო კანონთა მკაფიო აზრი, რომლებიც ნათლობის საიდუმლოს ეხებიან, კერძოდ - 49-ე და 50-ე კანონები, რომელთაგან პირველი ბრძანებს ეპისკოპოსის ან პრესვიტერის დამხობას, თუკი ის ნათლობას აღასრულებს არა უფლის დაწესებისამებრ, სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა, არამედ სამი დაუსაბამოს, სამი ძის ან სამი ნუგეშინისმცემელის მიმართ (7), ხოლო მეორე პატივისგან დაამხობს იმათ, ვინც ნათლავენ არა სამი, არამედ ერთგზისი შთაფლვით (8).
_________________________
7. კან. 49-ე: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელ-სცეს არა უფლის განწესების შესაბამისად მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ, არამედ ან სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ: დაემხოს". ხოლო ასე ნათლავდნენ სხვადასხვა ჯურის გნოსტიკოსები, პრისკილიანელები და სხვა მწვალებლები, რომლებიც თავიანთ მოძღვრებებში ასწავლიდნენ სამღმერთობას ან კიდევ სამ სამებას. Iren. Наеr. 2, 3, et. al.vd. apud Binghamum Orig. Eсcles.T. IV, lib. X, cap. II.
8. კან. 50-ე: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, დაემხოს". ასეთ ნათლობას მიაწერდნენ ევნომეველებს (Sozomen lib. 6, cap. 28), მაგრამ სავარაუდოდ ასეთი პრაქტიკა ჰქონდათ მწვალებლებს ევნომემდეც; რადგან ამგვარ ნათლისღებას ამხელდა ჯერ კიდევ ორიგენე. Comment. ad. Rom. Cap. 6.
_________________________
46-ე და 47-ე კანონების ჭეშმარიტი აზრის გულისხმისსაყოფად და მოსკოვის 1667 წლის დიდ კრებაზე მიღებული და ჩვენს კანონთა წიგნში მოცემული განწესებების სისწორის საჩვენებლად მოჰყავთ შემდეგი შეხედულება: უეჭველად, მოციქულებს, როდესაც თავიანთ განწესებებს წერდნენ, მხედველობაში ჰყავდათ თავიანთი დროის მწვალებლები: ნიკოლაიტები, სიმონიანელნი, მენანდრეს, კერინთოსის და ებიონის მიმდევრები. როგორი იყო მათი ცდომილება? - მოციქულთა, ძველ მამათა და ეკლესიის მოძღვართა ნაწერებიდან ცნობილია, რომ ნიკოლაიტები კერპშენაწირის ჭამისა და სიძვა-მრუშობის ნება იძლეოდნენ, რის გამოც აპოკალიფსში ისინი მიამსგავსეს ბალაამსა და იეზაბელს, ხოლო მათი ცდომილება პირდაპირ "სატანის სიღრმედ" იწოდება (იხ. აპოკ. 2:24) (Iren. lib. 1, cap. 27).
სიმონ მოგვი, სიმონიანელთა მწვალებლობის დამწყები, ასწავლიდა, რომ ქვეყანა შექმნილია ანგელოზების მიერ, რომ ის, სიმონი, სინას მთაზე იმყოფებოდა, როგორც მამა, ტიბერიუსის დროს ჩამოვიდა როგორც ძე და მოციქულებს მოევლინა, როგორც სულიწმიდა, რომ ის არის ჭეშმარიტი მესია (9).
_________________________
9. იუსტინე წერს კიდევ, რომ მას რომში მიეძღვნა ქანდაკება. Apolog. II.
_________________________
მენანდრე, სიმონის მოწაფე, ამბობდა, რომ ის მაცხოვარია, რომელიც წარმოგზავნილ იქნა ზენა შეუცნობელი ძალისგან, რომ მისი მაგია ქვეყნიერების შემქმნელ ანგელოზებსაც კი ძლევს", რომ მისი სახელით მონათლული ადამიანები უკვდავნი გახდებიან (Iren. lib. I, cap. 25).
კერინთოსი ასწავლიდა, რომ ქვეყნიერება ღმრთისგან დაუკითხავად შეიქმნა, რომ იესუ იშვა იოსების და მარიამისგან, ხოლო ქრისტე იესუზე ნათლისღების დროს მტრედის სახით გადმოვიდა, იუწყა შეუცნობელი მამა, იქმოდა სასწაულებს და ჯვარზე ტანჯვის წინ კვლავ ზემოთ აფრინდა (იქვე).
ებიონელნი ცხონების აუცილებელ პირობად ასახელებდნენ მოსეს საწესჩვეულებო რჯულის შესრულებას, რის გამოც უარყვეს მოციქული პავლე; ზოგიერთი მათგანი პატივს მიაგებდა იესუ ქრისტეს, ოღონდ როგორც უბრალო ადამიანს (Церк. истор. Евсевия. III, 27); ბინგამის მოწმობით, საზოგადოდ, ყველა გნოსტიკოსი ამახინჯებდა ნათლისღების საიდუმლოს ფორმას (Памятн. Христ. древн. Кн. X, с. 359).
ამრიგად, მოციქულთა თანამედროვე მწვალებელთა ცდომილებანი ამახინჯებდნენ თვით ქრისტიანობის არსებით დოგმატებს, როგორებიცაა, დოგმატი წმიდა სამების შესახებ, სწავლებას მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდის იპოსტასთა შესახებ. განსაკუთრებით ამახინჯებდნენ ისინი ღმრთის ძის განკაცებისა და მის მიერ კაცთა მოდგმის გამოსყიდვის შესახებ დოგმატს. ასეთ მწვალებლებს, აშკარად, არ შეიძლებოდათ ჰქონოდათ ჭეშმარიტი ნათლობა, როგორც საიდუმლო, რომელიც ადამიანს ააღორძინებს ახალი და სულიწმიდის საღმრთო მადლით განმწმენდელი ცხოვრებისთვის; და ეს საიდუმლო გარეგნულად სწორადაც რომ შესრულებულიყო, ანუ სამგზისი შთაფლვით და ღმრთითდაწესებული სიტყვების წარმოთქმით, - იმის გამო, რომ მათი წარმოდგენა ღმერთზე იყო სრულიად ცრუ და საღმრთო გამოცხადების საწინააღმდეგო, - ნათლისღება შინაარსობრივად უკავშირდებოდა ამ ერეტიკოსთა მახინჯ სწავლებას.
ღმერთისა და გამოსყიდვის შესახებ ასეთი ანტიქრისტიანული გაგების პირობებში ნაკლებად დასაჯერებელია მათ ნათლობის სწორი ფორმა ჰქონოდათ; ბინგამთან ერთად უნდა ვივარაუდოთ, რომ, როგორც მენანდრეს მიმდევრები ინათლებოდნენ თავიანთი მოძღვრის - მენანდრეს სახელით, რომელიც თავს ქვეყნიერების მაცხოვარს უწოდებდა, ასევე ყველა სხვა ერეტიკოსი, თუკი ისინი საკუთარი თავის ერთგულნი იყვნენ, მათივე ცრუსწავლების არსიდან გამომდინარე, თავიანთი ცრუ მოძღვარ-ცრუ მესიათა სახელით ინათლებოდნენ.
აქედან გამომდინარე, მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონებთან დაკავშირებით სწორია ის დასკვნა, რომ მათში უარიყოფა მხოლოდ ისეთი ერეტიკოსების ნათლობა, რომლებიც ამახინჯებდნენ ქრისტეს რწმენის არსებით და ძირითად დოგმატებს და შეუძლებელი იყო საერთოდ ჭეშმარიტი საიდუმლო კერძოდ, ჭეშმარიტი ნათლისღება ჰქონოდათ. ამიტომაც ამ კანონებით ნაბრძანები იყო ეკლესიაში თავიდან ნათლობით მიეღოთ მხოლოდ ასეთი, და არა განურჩევლად ნებისმიერი ერეტიკოსი.
მაგრამ, რადგანაც კანონებში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული მწვალებელთაგან ვინ რყვნის რწმენის არსებით დოგმატებს, ისევე როგორც არ არის ნაჩვენები თვით დოგმატები, რომელთა უარყოფა ან შერყვნა ნათლობას უკარგავს ჭეშმარიტ ხასიათს, მომდევნო პერიოდებში, განსაკუთრებით პირველ სამ საუკუნეში, ახალი მწვალებლობებისა და ცდომილებების გაჩენასთან ერთად, ეკლესიაში არამართლმადიდებელთა მიღების წესის საკითხი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად წყდებოდა, ხოლო III ს-ში ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიათა შორის უთანხმოებანი ღია დავაში გადაიზარდა.
რომის ეკლესია პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ჭეშმარიტად აღიარებდა ყველა იმ არამართლმადიდებელთა ნათლობას, რომლებსაც წმ. სამების სწამდათ, ამიტომაც, მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში, მათ გადანათვლას საჭიროდ არ მიიჩნევდა, არამედ იღებდა მათ მხოლოდ ხელის დადებით თუკი მოქცეული ინანიებდა თავის მწვალებლობას. "თუ რომელიმე მწვალებლობიდან ვინმე თქვენსკენ მოექცევა, - წერდა წმიდა კვიპრიანეს რომის ეპისკოპოსი სტეფანე (III ს), - ნურაფერ ახალს ნუ შემოიტანთ, გარდა იმისა, რაც გადმოცემულია, ანუ ასეთებს მხოლოდ ხელი უნდა დაედოთ სინანულის ნიშნად" (Ad Pompeum epist. Cypriani 74)
წმ. კვიპრიანე პომპეოსისადმი მიწერილ თავის წერილში სტეფანეს ამ სიტყვებზე უთითებს და ამბობს:: "ის გვიკრძალავს ნებისმიერი მწვალებლობიდან მოქცეულთა ნათლობას; ეს ნიშნავს, რომ, მისი აზრით, ყველა მწვალებლის ნათლობა სწორი და რჯულიერია" (იქვე). ქვემოთ იმავე წერილში ის აგრძელებს: "ჩვენმა ძმამ სტეფანემ თავისი ხისტი სიჯიუტე იქამდე განავრცო, რომ თვით მარკიონის, ვალენტინეს, აპელესის და მამა ღმერთის სხვა მგმობართა (10) ნათლობებს ღმრთისშვილთა შობის ძალმოსილება მიანიჭა; ის ამტკიცებს, თითქოსდა იქაც კი, სადაც ანთხევენ გმობას მამასა და უფალ ქრისტეზე, იესუ ქრისტეს სახელით ცოდვათა მიტევება ეძლევათ" (Cypriani ad Pompeum epist. 74).
_________________________
10. ყველა აქ ჩამოთვლილი მწვალებელი რყვნიდა ქრისტიანობის ყველაზე არსებით დოგმატს: მარკიონი ასწავლიდა სამღმერთობას და სამ საწყისზე სამყაროში, რის გამოც მარკიონიტები სამი სამების სახელით ნათლავდნენ; აპელესი მარკიონის მოწაფე იყო; ვალენტინემ თავისებურად განავითარა გნოსტიკური სწავლება ქრისტეზე თითქოსდა ის 4 ქალწულებრივი ეონიდან ერთ-ერთი ყოფილიყო, რომელმაც დემიურგის ძალაუფლებისმოყვარების დასაცხრობად მარიამის სხეულში ისე გაიარა, როგორც წყალი გადის ხოლმე არხს, და დედამიწას ეთერულ სხეულში მოევლინა; იორდანეში ნათლისღების დროს მას სხვა ეონი, იესუ შეუერთდა. ორივე მათგანი (ქრისტეს) ტანჯვის წინ გაფრინდნენ, ჯვარზე კი მგრძნობიარე მშვინვა და ეთერული სხეული დატოვეს (Tertullian. de Valentin. с. I. Iren. Haer. 3, 3. Epiphan. haer. LXVI. Theodorit. haer. fab. 1, 26).
ამ მწვალებლების გარდა, იმ დროს იყვნენ კიდევ მონტანისტები, რომლებიც თავიანთ მოძღვარს, მონტანს, იესუ ქრისტეს მიერ აღთქმული ნუგეშისმცემლად მიიჩნევდნენ. ორ მდიდარ ქალს - პრისკილას და მაქსიმილას ისინი წინასწარმეტყველებად აღიარებდნენ, რომლებიც უარყოფდნენ მეორე ქორწინებას, თანაზიარობაში არ შედიოდნენ დაცემულთ და არღვევდნენ ნათლისღების ფორმულას, რომელსაც აღასრულებდნენ მამის, ძის, მონტანისა და პრისკილას სახელით (Вас. Вел. пp. 1. Иероним ad Marcеll. ер. 54);
მანიქეველები სამყაროში ორ საწყისს აღიარებდნენ: კეთილსა და ბოროტს, უარყოფდნენ იესუ ქრისტეს ღვთაებრიობას, ხოლო თავიანთ ერესიარხ მანესს პარაკლიტს (ნუგეშისმცემელს) უწოდებდნენ (Epiphan. haer. LXVI. Hieronym. dialog. сontr. Pеlagianos Augustin. ep. 74 ad Deuterium; de natura boni contra Manicheos). იყვნენ ამათი მსგავსი სხვა მწვალებლებიც. იხ. Начерт. Церк. Истор. отд. 1, вв. 2 и 3.
_________________________
დიონისე ალექსანდრიელის მოწმობით, რომელსაც ევსები იმოწმებს (საეკლ. ისტ. წგ. 7, თ. 5), სტეფანე ჯერ კიდევ კვიპრიანესთან დავამდე შედიოდა ურთიერთობაში აღმოსავლურ ეკლესიებთან და დაჟინებით ითხოვდა, რათა სხვა ეკლესიებიც არამართლმადიდებელთა მიღების საკითხში მიჰყოლოდნენ რომის ეკლესიის ჩვეულებას და ეპისკოპოსებს ტარსელ ელენოსსა და კაპადოკიელ ფირმილიანეს წერდა, რომ მასთან არ ექნებოდა თანაზიარობა, თუკი არ შეწყვეტდნენ მწვალებელთა გადანათვლას.
თუმცა, რომის ეკლესიაშიც იყვნენ მოქმედი განწესებების მოწინააღმდეგენი და მწვალებელთა გადანათვლის დამცველები. ტერტულიანე (11) ჭეშმარიტად აღიარებდა მხოლოდ ერთ ნათლობას, მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღსრულებულს უფლის დაწესებისამებრ, ანუ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, სამგზისი შთაფლვით, აღიარებდა მხოლოდ ამგვარი ნათლობის განუმეორებლობას, უარყოფდა ყოველ სხვა და საერთოდ ეკლესიის გარეთ აღსრულებულ საიდუმლოს, ამ უკანასკნელს კი ცრუს და ძალის არმქონეს უწოდებდა.
_________________________
11. ჯერ რომში ცხოვრობდა, შემდეგ კი აფრიკაში.
"ამიერიდან ნათლობის რჯული მოცემულია, - ამბობდა ტერტულიანე, - ფორმა განწესებულია: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მთ. 28:19) (De baptismо С. X. XI. XIII. მაგრამ "qui baptismum rite non habent, sine dubio (omnino) non habent". Ibid. С. XV). ჭეშმარიტი ნათლობის განუმეორებლობაზე ის ამბობს: "denuo alicui (baptizari) non licet. Semel ergo lavacrum inimus et delicta diluuntur: quia ea iterari non oportet". Ibid.
_________________________
მცირე აზიის ეკლესიებში გაჩენილ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ნათლისღების საკითხს, ზოგიერთ არამართლმადიდებელს ის წერდა განსაკუთრებულ თხზულებას ბერძნულ ენაზე (რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია), სადაც ამტკიცებდა მწვალებლური ნათლობის უმაქნისობას (Hieronym. de Scriptorib. Eccles. in Lucam). თავის სხვა თხზულებაში ის ამბობდა: "მხოლოდ ჩვენ გვაქვს ერთი ნათლობა, როგორც ეს უფლის სახარებიდან და მოციქულის ეპისტოლეებიდან ჩანს, რადგან ერთია უფალი და ერთია ნათლისღება, ერთი ეკლესია ზეცად.
მაგრამ, შეიძლება ვინმე დაეჭვდეს იმაში, რაც უნდა დავიცვათ მწვალებელთა მიმართ, მაშინ როდესაც ეს ჩვენ მიგვეთითა (ანუ ის, რომ ნათლობა მხოლოდ ერთია და ისიც ჭეშმარიტ ეკლესიაში)? - მწვალებლებს არაფერი აქვთ საზიარო ჩვენს ღვთისმოსაობაში; მათ აუცხოებს თვით თანაზიარობის არქონა. მე არ ვარ ვალდებული მათში ვაღიარო ის, რაც მხოლოდ მე მეკუთვნის, ვინაიდან მათ არ ჰყავთ ის ღმერთი და ის ქრისტე, რომელიც ჩვენ. ამიტომ ნათლობაც არ არის ერთი ჩვენსა და მათ შორის, რამეთუ არა ერთი და იგივეა. რადგან ისინი მას არასწორად ასრულებენ, უეჭველად არც გააჩნიათ იგი და რა საჭიროა ვაღიაროთ ის, რაც არ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მათგან მივიღოთ ის, რაც მათ არა აქვთ" (De baptismo cap. XV. Patrol. Curs. Complet. T. 1. P. 1216).
მცირე აზიის ეკლესიებში უძველეს წესად მიიჩნეოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველა არამართლმადიდებლის მიღება ნათლისღებით; III ს-ის ნახევარში ზოგიერთებში აღმოცენებული გაუგებრობა სქიზმატთა ნათლობასთან დაკავშირებით და მათი მიღება ნათლისღების მეშვეობით გადაწყდა ორი კრების - იკონიისა და სინადის კრებათა მიერ (დაახლ. 235 წ.), რომლებმაც განსაზღვრეს, რათა ყველა არამართლმადიდებელი მიეღოთ ნათლისღებით, როგორი სახისაც გინდ ყოფილიყო მათი ცდომილება.
ფირმილიანე, კაპადოკიელი ეპისკოპოსი, წმ. კვიპრიანესადმი მიწერილ წერილში ამბობს: "არ გვახსოვს, როდის დაიწყო ჩვენში, მაგრამ ყოველთვის დაცული იყო ჩვეულება, რომ ვცნობთ მხოლოდ ღმრთის ერთ ეკლესიას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთ ნათლისღებას წმიდა ეკლესიაში აღსრულებულს. მართალია, აქ ზოგიერთებში ჩნდებოდა ეჭვი იმათ ნათლობასთან დაკავშირებით, რომლებიც თუმც აღიარებენ ახალ წინასწარმეტყველთ, როგორც ჩანს, იციან იგივე, რაც ჩვენ, - მამა და ძე. მაგრამ ჩვენ, მიმოწვლილვით განვიხილეთ რა ეს საგანი იკონიაში გამართულ კრებაზე, დავადგინეთ - სრულიად უარვყოთ ყოველგვარი ნათლობა, რომელიც აღსრულდება ეკლესიის გარეთ" (Firmilliani ad Cyprian. epist. 75. О соборе Синнадском упоминает Евсевий. Истор. кн. VII, гл. 7).
და კიდევ: "მწვალებლებს, რომლებიც გამოყოფილნი არიან ღმრთის ეკლესიისგან, შეუძლებელია ჰქონდეთ ძალაუფლება და მადლი: მთელი ძალაუფლება და მადლი ეკუთვნის ეკლესიას, სადაც თავმჯდომარეობენ უხუცესები, რომელთაც აქვთ ნათლობის, ხელდასხმის და განმგებლობის უფლება; მწვალებელს კი არც ხელდასხმის უფლება აქვს, არც ნათლობის და არც რაიმე წმიდა და სულიერის აღსრულების, რადგან ის სულიერი და განმაღმრთობელის სიწმიდისგან გაუცხოებულია. უკვე დიდი ხანია ჩვენ, ვინც შევიკრიბეთ გალატიიდან, კილიკიიდან და სხვა ახლო მდებარე ოლქებიდან კრებაზე ფრიგიის იკონიაში, დავადგინეთ მტკიცედ მივყოლოდით ასეთ აზრს მწვალებლებზე და დაგვეცვა იგი, როდესაც ამ საგანთან დაკავშირებით ვინმეს ეჭვი გაუჩნდებოდა".
"ჩვენი აზრით საჭიროა მოუნათლავად მიჩნეულ იქნან ისინიც კი, ვინც ადრე კათოლიკე ეკლესიაში მყოფმა ეპისკოპოსებმა მონათლეს, მაგრამ შემდეგ ისინი (ეპისკოპოსები - "აპოკ." რედ.) განუდგნენ ეკლესიას და მღვდელმოქმედების ძალაუფლება მიისაკუთრეს. ჩვენში ესეც დაცულია, ასე რომ, როდესაც ვინმე მათგან მონათლული მოდის ჩვენთან, როგორც (მადლისგან) გაუცხოებულს და არაფრის მიმღებს, ვნათლავთ კათოლიკე ეკლესიის ერთადერთი ჭეშმარიტი ნათლობით, და ჩვენთან იღებს აღორძინების მაცოცხლებელ საბანელს" (Firmilliani ad Cypr. ер. 75).
III ს-ის ნახევრამდე აფრიკის ეკლესიებში არ იყო ერთსულოვნება და სრული თანხმობა არამართლმადიდებელთა მიღების საკითხში; როდესაც ეკლესიათა ზოგიერთი წარმომადგენელი კანონიერად მიიჩნევდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველა არამართლმადიდებელთა მიღებას სრული ნათლისცემით, სხვები ასე იღებდნენ მხოლოდ მწვალებლებს, სქიზმატიკოსთა ნათლობას კი ჭეშმარიტად აღიარებდნენ.
ასე მაგალითად, კლიმენტი ალექსანდრიელი არა მარტო ცეცხლით ნათლობას (12), არამედ ყველა მწვალებელთა ნათლობაზე ამბობდა οὐκ οἰκεῖον καὶ γνήσιον ὕδωρ ("წყალი უცხო და არანამდვილი") (Stromat lib. l, c. XIX. Patrol. curs. Compl., T. VIII p. 813); ყველა მწვალებლის თავიდან ნათლობას ითხოვდა ასევე კართაგენელი აგრიპინე, რომლის დროსაც (დაახლ. 200 წ.) შედგა აფრიკელ ეპისკოპოსთა პირველი კრება, რომლებმაც განიხილეს მწვალებელთა მიღების ფორმა მართლმადიდებლურ ეკლესიაში, და დაადგინეს ყველა ერეტიკოსის მიეღოთ სრული ნათლისღებით (Cypriani ad Jubajanum ep. 73) (13); აგრიპინე თავისი შეხედულებისა და კრებითი განსაზღვრების გასამყარებლად, როგორც ჩანს, თხზულებებსაც წერდა" (Августин. Ер. 23. с. 10, р. 245. t. II).
_________________________
12. ზუსტად განსაზღვრება იმისა, თუ რაში მდგომარეობდა ცეცხლით ნათლობა ძნელია. თვით კლიმენტი ამბობს (Electa е scriptur. apud Combefis. avctr. noviss. par. 1 p. 202), რომ მოსანათლავებს ყურებს ცეცხლით უდაღავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამით ცეცხლით ნათლობას და წყლით ნათლობას შეაერთებდნენ. მსგავს რამეს ამბობს ირინეოსიც კარპოკრატელებზე: alii ex ipsis signant c suos discipulos in posterioribus partibus extantiae deхtrae avris ("მათგან სხვები თავიანთ მოწაფეებს ნიშანს ადებენ მარჯვენა ყურის უკანა ნაწილზე") (lib. 1, cap. 24). მწვალებელთა ნათლობის შესახებ ტრაქტატის უცნობი ავტორი, რომელსაც კვიპრიანეს თხზულებებს შორის ათავსებენ (Patrol. curs. Complet. T. III, p. 1138) და რუსულ ენაზე გადათარგმნილია ჟურნალში Христ. Чтен. 1828 г., მოწმობს, რომ მწვალებლები, რომლებსაც პრაქტიკაში ჰქონდათ ცეცხლით ნათლობა, ამბობდნენ, თითქოსდა, ყოველთვის, როდესაც მათი მოსანათლავი იძირებოდა წყალში, წყალს ზემოთ ცეცხლი ჩნდებოდა. არა აქვს მნიშვნელობა, როგორც თხზულების ავტორი წერს, მივაწერთ თუ არა ამას თვით მწვალებელთა წარმოსახვას ან ცეცხლის ბუნებრივ ანარეკლს წყალში, რომელსაც, როგორც ჩანს ისინი თავიანთი ნათლობის დროს იყენებდნენ, ან მაგიის ძალას, რომელიც აბნელებს ამ ყველაფრისადმი მიმნდობ მცირედმორწმუნეთა გონებას, ან კიდევ, ბოლოს, - ბოროტი სულის მოქმედებას, - თხზულების უცნობ ავტორთან ერთად საკმარისია ამგვარ ნათლობას ვუწოდოთ ცრუ და მომაკვდინებელი (fallaciam et stropham).
13. ზოგიერთი მწერლის აზრით (ბიკენტი ლირინელი, Common. 1, с. 9), "აგრიპინემ პირველმა, ეკლესიის საღმრტო კანონებისა და საყოველთაო ჩვეულების წინააღმდეგ", პირველმა მოითხოვა მწვალებელთა მონათვლა მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მათი მოქცევის შემთხვევაში, ხოლო მანამდე თითქოსდა ამგვარ ადამიანებზე მხოლოდ ლოცვებს კითხულობდნენ ხელის დადებით, და განსაკუთრებით ასე იქცეოდნენ კართაგენის ეკლესიაში; მაგრამ ეს არცთუ სამართლიანი შენიშვნაა; საკმარისია გავიხსენოთ კლიმენტი ალექსანდრიელი და ის აფრიკელი ეპისკოპოსები, რომელთა გაუგებრობები, აგრიპინესთან უთანხმოებანი და მისი უარყოფანი მიზეზი გახდა აგრიპინეს დროს კრებითი განსჯისა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიეღოთ მწვალებლები ეკლესიაში; ყველაზე სავარაუდოდ, აგრიპინეს დროს კრებამდე აფრიკის ეკლესიაში არ არსებობდა საერთო და დადებითი წესი მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელთა მიღებასთან დაკავშირებით; ზოგ ეკლესიაში მათ ხელის დადებით იღებდნენ სინანულის ნიშნად, ზოგან კი - თავიდან ნათლავდნენ.
_________________________

ზოგიერთ ეკლესიაში ჩვეულებად ჰქონდათ მწვალებლები მიეღოთ ნათლისღების გარეშე, ასე რომ აგრიპინეს დროს ჩატარებულმა კრებამ ბოლო ვერ მოუღო უთანხმოებას აფრიკელ ეპისკოპოსთა შორის. ამის შესახებ შეიძლება უკვე დავასკვნათ ევსების სიტყვებიდანაც, თითქოსდა, "კართაგენის საკრებულოს მწყემსი კვიპრიანე, იმ დროს (მოღვაწეთა) შორის პირველი კაცი, მიიჩნევდა, რომ ეკლესიაში მწვალებელთა მიღება შეიძლებოდა არა სხვაგვარად, არამედ პირველ რიგში საცთურისაგან ნათლისღებითი განწმენდით", და რომ "ძველი ჩვეულებით ასეთებზე საჭირო იყო მხოლოდ ხელების დადებითი ლოცვა" (ევს. საეკლ. ისტ. წიგნი VII, თთ. 2-3) (14), მაგრამ განსაკუთრებულად ნათელია ეს წმ. კვიპრიანეს დროს არსებულ აფრიკელ ეპისკოპოსთა ურთიერთობებიდან და კრებებზე მათი ღია საუბრებიდან არამართლმადიდებელთა მიღების შესახებ.
_________________________
14. ევსებიმ, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი თქვა ამ საგანზე, მაგრამ მხედველობიდან გაუშვა რომისა და ზოგიერთი აფრიკული ეკლესიის პრაქტიკა, ტერტულიანეს და კლიმენტი ალექსანდრიელის შეხედულებები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ კვიპრიანე არ ყოფილა პირველი, რომელმაც შემოიტანა მწვალებელთა გადანათვლა და, რომ კვიპრიანემდე თუ იყო პრაქტიკაში არამართლმადიდებელთა მიღებისას ხელის დადების წესი, არა ყველგან და არა ყველა აფრიკულ ეკლესიაში, როგორც ეს თვით კვიპრიანეს წერილებიდანაც ჩანს (მაგ. 73-ე იუბაიანესადმი).
_________________________
პირველად კრებითი განსჯისა და ამ საგანზე განსაზღვრებების მიღების მიზეზი გახდნენ ნუმიდიელი ეპისკოპოსები, რომლებიც სპეციალურ ეპისტოლეში წმ. კვიპრიანეს ეკითხებოდნენ: "გვმართებს თუ არა ნათლობა მათი, ვინც მონათლულია მწვალებლებთან ან სქიზმატებთან, როდესაც ისინი უბრუნდებიან ერთი ჭეშმარიტი კათოლიკე ეკლესიის ერთობას?" (Cypriani ad Januarium et coeter. Episc. Numid. ep. 70). კართაგენის კრებაზე (დაახლ. 254 წ.) კვიპრიანეს მეთაურობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყველა არამართლმადიდებელი მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიეღოთ არა სხვაგვარად, თუ არა ნათლობით.
კრების ეპისტოლეში ნუმიდიელი ეპისკოპოსების მიმართ, სადაც არის უწყება ამ განსაზღვრების შესახებ, სხვათა შორის, ნათქვამია: "თქვენ გვეკითხებით: გმართებთ თუ არა ნათლობა მათი, ვინც, როგორც ჩანს, მონათლულია მწვალებლებთან და სქიზმატებთან, როდესაც ისინი უბრუნდებიან კათოლიკე ეკლესიის ერთობას? - თუმცა ამ საგანთან დაკავშირებით თქვენ თვითონაც ერთგულად და მტკიცედ მიჰყვებით კათოლიკე განწესებას (15): მაგრამ, რადგან საჭიროდ ჩათვალეთ, საზოგადო სიყვარულის მიხედვით, კითხვა ჩვენთვისაც დაგესვათ, გადმოგეცით ჩვენი აზრი, რომელიც არახალია, არამედ უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია ჩვენი წინამორბედების მიერ (16), რომელსაც თქვენთან თანხმობით სრულიად ვიცავთ. სწორედაც - ჩვენ ვფიქრობთ და სამართლიანად მივიჩნევთ, რომ არავინ შეიძლება იყოს მონათლული განზე, ეკლესიის გარეთ, რადგან წმიდა ეკლესიაშია დაწესებული ერთი ნათლობა"...
_________________________
15. ნუმიდიელი ეპისკოპოსების მიმართვა კვიპრიანესადმი შეკითხვით, თუ როგორ მიიღონ მწვალებლები და სქიზმატები უკვე აჩვენებს, რომ ისინი არ იყვნენ ერთსულოვანნი და ყველა მტკიცედ როდი მისდევდა წესს (რომელსაც კრების მამები კათოლიკეს უწოდებდნენ) - ყველა არამართლმადიდებელი მიეღოთ ნათლისღებით, - ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამ წესის რჯულიერებაში ყველა მტკიცედ დარწმუნებული არ ყოფილა.
16. სავარაუდოდ, იგულისხმება აგრიპინეს დროს ჩატარებული კრება.
_________________________
შემდეგ გამოთქვეს რა თავისი განსაზღვრების საფუძველი, კრების მამებმა დაასკვნეს: "ამრიგად, ჩვენ, უფალთან მყოფნი, ვიცავთ რა მის ერთობას და ეკლესიაში აღვასრულებთ მისგან ბოძებულ სამღვდლო მსახურებას, უნდა უარვყოფდეთ და უკეთურებად მივიჩნევდეთ ყველაფერს, რაც კი მისი მტრებისა და ანტიქრისტეების (ანუ მწვალებლებისა და სქიზმატების) მიერ აღესრულება, - ამიტომაც მათ, ვინც მოექცევა ცდომილებისა და უკეთურებისგან, შეიცნობს თავიანთი ეკლესიის ჭეშმარიტ რწმენას, საჭიროა სრულად მიეცეს საღმრთო მადლის საიდუმლონი, და ერთობისა და რწმენის ჭეშმარიტება" (Сурr. ер. 70).
ამ კრების დასრულებიდან ძალიან მალე წმ. კვიპრიანემ მიიღო წერილი მავრიტანელი ეპისკოპოსის კვინტუსისგან, რომელიც ამბობდა, რომ არიან ეკლესიათა წინამძღვრები, რომლებიც იმის საფუძველზე, რომ ნათლობა ერთია, მათკენ მოქცეულ ერეტიკოსებს არ ნათლავენ, - და, ნუმიდიელი ეპისკოპოსებივით გამოხატა სურვილი ამ საგანზე გაეგო წმ. კვიპრიანეს შეხედულება.
ამ წერილის საპასუხოდ წმ. კვიპრიანემ კვინტუსს გაუგზავნა იმავე შინაარსის წერილი, რაც ნუმიდიელ ეპისკოპოსებს, და თანაც ამ უკანასკნელის ხელნაწერიც თან დაურთო (Cypriani ad Quintum ер. 71). მიუხედავად ამისა, აფრიკული ეკლესიების წინამძღვართა შორის კიდევ იყვნენ ისეთები, რომლებისთვისაც არამართლმადიდებლობიდან მოქცეულთა გადანათვლა არასწორ ქმედებად მიიჩნეოდა და, რომლებსაც არ სურდათ კართაგენის ეპისკოპოსის შეხედულების გაზიარება; რის გამოც კვიპრიანემ მომდევნო წელს (255 წ.) კართაგენში მოიწვია ახალი კრება, რომელზეც, 70 მამის ხმით, დაამტკიცა ადრინდელი კრების კანონი ეკლესიაში ყველა არამართლმადიდებელთა ნათლობით მიღების შესახებ და დაამატა დადგენილება ერისკაცებად იმათი მიღების შესახებ, ვინც მწვალებლობაში ხელდასხმული იყო პრესვიტერად და დიაკვნად (Epist. 72 ad Stephanum).
კრების დამთავრების შემდეგ კართაგენის ეპისკოპოსმა ამ ყველაფრის შესახებ, ანუ რაც გაკეთდა და დადგინდა კართაგენში ეკლესიაში მისგან გამოყოფილთა კვლავ მიღების თაობაზე, ამცნო რომის ეპისკოპოს სტეფანეს; თავის წერილთან ერთად, სადაც კვიპრიანე გადმოსცემდა ბოლო კრების დადგენილებებს, მან სტეფანეს გაუგზავნა წერილები, რომლებიც ნუმიდიელ ეპისკოპოსებსა და კვინტუსს (Ibid.) მიწერა.
სტეფანე, როგორც უკვე ვნახეთ, მწვალებელთა ნათლობაზე სხვაგვარად ფიქრობდა და მათგან მოქცეულებს სხვაგვარად იღებდა; მიუხედავად იმისა, რომ წმ. კვიპრიანე მას წერს ძმური სიყვარულის სულისკვეთებით, და გამოხატავს რა იმედს, რომ ანალოგიური განწყობა ექნება სტეფანესაც, თითქოსდა ცდილობს თავიდან აიცილოს არასაჭირო განხეთქილება ეკლესიათა შორის და წერილის ბოლოს ამატებს: "ჩვენ არავის არაფერს ვაიძულებთ და არავის არაფერს ვუკანონებთ, რადგან ყოველი წინამძღვარი თავისუფალია თავისი ეკლესია თავისივე ნებით მართოს, რადგან ყველა ბოლოს თვითონ მისცემს პასუხს ღმერთს საკუთარი ქმედებებისთვის" (Kиприан. пис. 72). მიუხედავად ამ ყველაფრისა, სტეფანემ კვიპრიანეს ელჩები საკმაოდ არამეგობრულად მიიღო, - თავისთან არ შეუშვა და სხვებსაც აუკრძალა მათთვის არა მარტო მშვიდობის მიცემისა და ურთიერთობის უფლება, არამედ სახლებში შეშვებაც კი და მათთვის სტუმართმოყვრული მიღების გაწევაც (17).
_________________________
17. ამ აკრძალვას ყველა როდი მიჰყვა, რადგან რომის ეკლესიაში იყვნენ პირები, რომლებიც სულის სიღრმეში არ იწონებდნენ თავიანთი ეპისკოპოსის ამგვარ ქმედებას, როგორც, მაგალითად, პრესვიტერები დიონისე და ფილიმონი. იხ. ევს. საეკლ. ისტ. წიგნი VII, თ. 5.
_________________________
მეტიც, მან გადაწყვიტა იძულებული გაეხადა აფრიკის ეკლესია, როგორც ადრე ფიქრობდა მცირე აზიის ეკლესიათა იძულებას, მიეღოთ მისი პირადი აზრი მწვალებელთა ნათლობათან და მართლმადიდებელ ეკლესიასთან მათი შემოერთების შესახებ, მიიჩნევდა რა მას მოციქულთამიერ ჭეშმარიტებად. კვიპრიანესადმი მიწერილ პასუხში ის ეკლესიისგან განკვეთით ემუქრებოდა მას და დანარჩენ აფრიკელ ეპისკოპოსებსაც, თუკი ისინი თავიანთ აზრზე დარჩებოდნენ და მის განსაზღვრებებს არ დაეთანხმებოდნენ, ანუ რომის ეკლესიის დარად, მწვალებლებს მართლმადიდებელ ეკლესიაში ოდენ ხელის დადებით არ მიიღებდნენ (Cypriani ad Jubajanum ер. 73).
როდესაც ასეთი წერილი მიიღო, წმ. კვიპრიანეს არ უფიქრია თავდასხმაზე თავდასხმით ეპასუხა და სამაგიერო გადაეხადა შეურაცხყოფისთვის. ის მხოლოდ იმაზე შიშობდა, რომ გამჟღავნებული უთანხმოება ეკლესიებს შორის ღია დავის საგანი არ გამხდარიყო თვით აფრიკულ ეკლესიებს შორის, - მითუმეტეს, რომ აქაც იზრდებოდა გაურკვევლობა და სულ უფრო და უფრო რეალური ხდებოდა განხეთქილების საშიშროება. ვიღაცამ მთელი თხზულებაც კი დაწერა მწვალებელთა გადანათვლის წინააღმდეგ, სადაც ის ეკლესიაში მათი ხელისდადებით მიღებას იცავდა (18).
_________________________
18. ეს არის ზემოთ უკვე ნახსენები ტრაქტატი მწვალებელთა ნათლისღების შესახებ: Anonymi liber de rebaptismate. – Patrol. Curs. Complet. T. 111. p. 1183–1196.
_________________________
ეს თხზულება კვიპრიანეს გადასცა იუბაიანემ, რომელიც თვითონაც ეკითხებოდა მას, თუ როგორ უნდა ეფიქრა ამ წერილის შინაარსზე და საერთოდ სადაო საგანზე? (Cypr. ad Jubaj. ep. 73). ამის შემდეგ სხვა ეპისკოპოსმა, პომპეოსმა, კვიპრიანეს ჰკითხა, როგორ ეფიქრა მწვალებელთა ნათლობაზე, და სთხოვა მას გაეგზავნა მისთვის სტეფანეს წერილის დედანი, რათა გაეგო, თუ როგორ მიიღო რომის ეპისკოპოსმა კართაგენის კრების გადაწყვეტილება (Cypr. ad Pompeum ep. 74); ხოლო ვინმე მაგნუსმა (როგორც ჩანს, ეპისკოპოსმა) მას ორი კითხვა დაუსვა: 1) ხომ არ უნდა მივიღოთ, უკიდურეს შემთხვევაში, ნათლისღების გარეშე ნოვატიანელნი? (19), და 2) რა უნდა ვიფიქროთ მათ შესახებ, რომლებიც სნეულების გამო ინათლებიან არა შთაფლვით, არამედ მხოლოდ პკურებით, - ნამდვილია თუ არა ასეთი ნათლობა? (Epist. ad Magnum, 76).
_________________________
19. ნოვატიანელები იყვნენ სქიზმატები, რომაელი პრესვიტერის (შემდეგ კი არაკანონიერი ეპისკოპოსის) ნოვაციანეს მიმდევრები, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტიანთა დევნულების დროს დაცემულნი, ასევე მეორედ ქორწინებულნი, როგორც უწმინდურნი, არ უნდა დაეშვათ ეკლესიასთან ერთობაში, - თუნდაც მონანულთა ყოველგვარი მოვალეობანი აღესრულებინოთ, - იმის საფუძველზე, რომ დაცემულნი, არსებითად, თითქოსდა, მკვდრები არიან, რომ დაცემულთა შეწყალებით მცირდება სათნოებები და უძლურდება მოწამეობრივი ღვაწლი, რომ მათი ბიწიერება შეიძლება გადაედოს სხვებსაც და ა. შ. გარდა ამისა, ნოვატიანელები თავიდან ნათლავდნენ მათ, ვინც შედიოდა მათ საზოგადოებაში, და თავს წმიდას (καθαροί - კათარებს) უწოდებდნენ. იხ. Epiphan. haer. 59; Евсев. Церк. Ист. Кн. VI, гл. 43. აქ ევსები ლაპარაკობს ნოვატზე; მაგრამ ეს ისაა, ვისაც სხვა ადგილას (წიგნი VII, თ. 8) ნოვაციანეს უწოდებს. ბალსამონის მოწმობით (იხ. I მსოფლ. კრების მე-8 კანონის განმარტება), "რომში, პაპ კორნილიუსის დროს ნოვატი კრებითად გადასცეს ანათემას, ასევე მისი მწვალებლობის ყველა მიმდევარი".
_________________________
კვიპრიანე ყველას პასუხობდა ცალკე წერილებით, ინდივიდუალურად, და მისი პასუხები ნათლად აჩვენებენ, თუ რაოდენ მტკიცედ იყო ის დარწმუნებული საკუთარი აზრის მართებულობასა და საკუთარი ეკლესიის სიმართლეში არამართლმადიდებელთა ეკლესიაში მიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ - ყველას ნათლობით.
იუბაიანისადმი მიწერილ წერილში დეტალურად განიხილა უცნობი ავტორის წერილი და იუბაიანეს თხოვნის შესასრულებლად - "ცოდნოდა "მწვალებელთა ნათლობაზე" კიპრიანეს შეხედულების შინაგანი საფუძველი, გაუგზავნა მას თავისი ადრინდელი წერილების ხელნაწერები.
როდესაც პომპეოსს უგზავნიდა სტეფანეს პასუხს, კვიპრიანემ მისთვის ასევე დაწერა შენიშვნები, მაგრამ არც ერთი სიტყვით არ უხსენებია სტეფანეს მიერ აფრიკელი ეპისკოპოსების შეურაცხმყოფელი მიღება. თავის წერილს კვიპრიანე ამთავრებს შემდეგი სიტყვებით: "ამრიგად, საყვარელო ძმაო, რადგან გავიგეთ და აშკარად ვიხილეთ ჭესმარიტება, დავიცვათ და მივყვეთ იმ წესს, რათა ყოველი, რომელი მწვალებლობიდანაც გინდ იყოს მოქცეული ეკლესიისკენ, უნდა მოინათლოს ერთადერთი და ეკლესიის კანონიერი ნათლისღებით, იმათ გარდა, ვინც ადრე უკვე მონათლული იყო ეკლესიაში. ამ უკანასკნელთ, როდესაც ისინი მოექცევიან, მოძღვარმა უნდა მიიღოს და შეიყვანოს ფარეხში, საიდანაც გაიქცნენ, ოდენ თავზე ხელის დადებით, სინანულის შემდეგ".
მაგნუსს კვიპრიანე უმტკიცებდა, რომ ნოვატიანელნი "უნდა მივიჩნით მოწინააღმდეგებად და ანტიქრისტეებად" და ეკლესიაში მივიღოთ მხოლოდ ნათლისღებით" (20).
_________________________
20. წმ. კვიპრიანეს შეხედულების საფუძვლები და მტკიცებულებები, რომლებიც მას მოჰყავდა თავის სხვადასხვა წერილებში გადმოცემული იქნება ქვემოთ.
_________________________

სადავო საკითხებზე აფრიკულ ეკლესიებს შორის საბოლოო ერთსულოვნების მისაღწევად წმ. კვიპრიანემ მოიწვია მესამე კრება (256 წ.), რომელსაც ესწრებოდა 87 ეპისკოპოსი და პრესვიტერთა და დიაკვანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ამ კრებაზე ჯერ წაკითხულ იქნა კვიპრიანეს მიმოწერა იუბაიანესთან; შემდეგ კვიპრიანემ კრების მამებს შესთავაზა თავიანთი აზრები გამოეთქვათ სრული თავისუფლებით ისე, რომ არაფრის შეშინებოდათ, რის გამოც იტყვის: "გვრჩება, - ამბობს ის, - რომ თითოეულმა უნდა გამოთქვას თავისი აზრი ამ საგანზე. ჩვენ არავის ვაიძულებთ და არავისთან გავწყვეტთ ურთიერთობას, თუნდაც ვინმე ჩვენგან განსხვავებულად აზროვნებდეს; რადგან ჩვენთაგან არავინ აყენებს თავს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსად, არავინ ძალაუფლების შიშით არ აიძულებს ძმებს საკუთარი თავისადმი დამორჩილებას (21);
ყოველ ეპისკოპოსს სრული თავისუფლებითა და ძალაუფლებით შეუძლია იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ, და არც თვითონ იქნება განსჯილი სხვათაგან, და არც ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ სხვები: ჩვენ ყველანი ველოდებით ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სამსჯავროს, რომელსაც აქვს მხოლოდ ძალაუფლება აგვირჩიოს თავისი ეკლესიის მმართველებად და განიკითხოს ჩვენი საქმეები".
მართლად, ყოველი ეპისკოპოსი თავისუფლად გამოთქვამდა საკუთარ აზრს: მაგრამ, რადგან ყველა აზრი, არსებითად, თავმჯდომარის აზრის თანხმიერი იყო, დადგინდა: ყველა არამართლმადიდებელი, რომლებიც მოექცევიან მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მიღებულ უნდა იქნა არა სხვაგვარად, თუ არა ნათლისღებით, იმათ გარდა, ვინც ადრე მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო მონათლული" (Sententiae episcoporum LXXXVII de haereticis baptisandis – in Patr. Curs. Compl. T. III. pp. 1052-1059).
_________________________
21. ეს სიტყვები, აშკარად, მიმართულია რომის ეპისკოპოს სტეფანესადმი, რომელიც, როგორც ფირმილიანეს კვიპრიანესადმი მიწერილი წერილიდან ჩანს (Ер. 75), საკუთარ თავს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსს უწოდებდა და აფრიკისა და მცირე აზიის ეკლესიებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა მასთან უთანხმოების გამო. იხ.: ევს. საეკლ. ისტ. წიგნი VII, თ. 5.
_________________________
კიდევ უფრო რომ განემტკიცებინა მშვიდობა აფრიკის ეკლესიებში, წმ. კვიპრიანემ ურთიერთობა დაამყარა აღმოსავლელ ეპისკოპოსებთან, რომლებიც იცავდნენ მის აზრს რომის ეპისკოპოსის საპირისპიროდ, და, განსაკუთრებით, ფირმილიანე კაპადოკიელთან, რომელსაც შეატყობინა თავისი უთანხმოების შესახებ სტეფანესთან და, სავარაუდოდ, გადაუგზავნა მას ზოგიერთი თავისი წერილი, რომელიც მან მიწერა აფრიკელ ეპისკოპოსებს სადავო საგანზე.
ფირმილიანე ფრიად გაახარა კართაგენელი ესპისკოპოსის წერილმა, რამოდენიმეჯერ წაიკითხა იგი და პასუხიც არ დააყოვნა - სწორედ ის, რომლიდანაც ზემოთ დავიმოწმეთ მისი სიტყვები მცირე აზიის ძველი პრაქტიკის შესახებ არამართლმადიდებელთა მიღებასთან დაკავშირებით. ამ წერილში ფირმილიანე სრულიად ეთანხმება წმ. კვიპრიანეს აზრს და მის დროს მიღებულ დადგენილებებს, და პირიქით, სრულიად ეწინააღმდეგება რომის ეკლესიის პრაქტიკასა და ეპ. სტეფანეს შეხედულებებს, რომელსაც ფირმილიანე ძლიერ კიცხავს მისი სიამაყისა და მედიდურობის გამო.
ამ წერილმა, რომელიც მსოფლიო ეკლესიის არცთუ მცირედი ნაწილის ხმის გამოხატულება გახლდათ იმ 87 კართაგენელი ეპისკოპოსის ერთსულოვან ხმასთან ერთად, რომლებიც ესწრებოდნენ 256 წლის კრებას, მართლაც დიდი როლი ითამაშა აფრიკულ ეკლესიათა წევრებს შორის ერთსულოვნების განსამტკიცებლად; იმ დროიდან იქ უკვე აღარ ჩანს აზრთა უთანხმოება და გაურკვევლობათა გამოხატულებანი, როგორც ადრე იყო (22); და წესი - მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეული ყველა არამართლმადიდებელი აფრიკისა და მცირე აზიის ეკლესიებში მიეღოთ სრული ნათლისღებით, თავის ძალაში რჩებოდა მთელი III ს-ის განმავლობაში.
_________________________
22. ნეტ. იერონიმე თავის "საუბარში ლუციფერიანელის წინააღმდეგ" (Oper. Hieronymi. Т. IV. р. 303. Paris, 1706) წერს, თითქოსდა იმავე ეპისკოპოსებმა, რომლებიც ესწრებოდნენ 256 წლის კრებას, შემდეგში შეცვალეს თავიანთი შეხედულება, ახალ კრებაზე უარყვეს თავიანთი განსაზღვრებანი და დაადგინეს - მწვალებლები მიეღოთ ხელის დადებით; მაგრამ ამას ეწინააღმდეგება არლის კრების (314 წ.) საქმენი, რომლის მე-8 კანონში ნახსენებია, რომ იმ დროის აფრიკელები, ანუ ვიდრე 314 წლამდე, მწვალებელთა მიღების საქმეში ხელმძღვანელობდნენ მათ მიერვე მიღებული კანონით - მწვალებლები მიეღოთ მხოლოდ ნათლისღებით (Marcel. annal. eccles. aphrican. 310). აფრიკის ხსენებული კრების მამებს მართლაც რომ უარი ეთქვათ საკუთარ დადგენილებაზე, მაშინ ნეტ. ავგუსტინესთვის, ამ კრების უარყოფის ნაცვლად (Contra Donatist.; lib. V и VI), უმჯობესი იქნებოდა მხოლოდ ეხსენებინა აფრიკელი მამების შეხედულებათა შეცვლის შესახებ, მაგრამ ავგუსტინესთან ასეთი მითითება არსად გვხვდება, პირიქით, ის პირდაპირ ამბობს, რომ ვერანაირი ისტორიული მოწმობა ვერ იპოვა იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა კვიპრიანემ, როგორც ზოგიერთი ირწმუნება, უარი ეთქვას თავის შეხედულებაზე (In epist. 33 ad Wineent. Rogatist. c. x.).
_________________________
წმ. კვიპრიანე, ერთი მხრივ, აფრიკელ და მცირე აზიელ ეპისკოპოსებთან ერთსულოვნებით გახარებული, ხოლო მეორე მხრივ - უეჭველად, მიმყოლი იმ შეხედულებისა, რომ ყოველ ეპისკოპოსს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი ჯერ კიდევ გაუგებარ და გადაუჭრელ საკითხებზე, - და ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება განკითხულ იქნას სხვის მიერ, და ვერც თვითონ განიკითხავს სხვას განსხვავებული აზრისთვის, - უკვე არც სურდა მიედრიკა სტეფანე საკუთარი აზრისკენ, და არც მის მიმართ არც საკუთარი სამართლის გამოთქმას ითხოვდა.
არსაიდან ჩანს, რომ სტეფანესაც აღესრულებინა თავისი მუქარები, ასე რომ, მიუხედავად მათი შეხედულებების სხვაობისა, მათ გულებში, როგორც ნეტ. ავგუსტინე ამბობს (იხ. De baptismo contra Donatist. lib. V, c. 25), მშვიდობამ იმდენად იმძლავრა, რომ არავითარი განყოფა აღარ მოხდა. ამას თავისი მშვიდობისმოყვრული შუამავლობით მრავალწილ ხელი შეუწყო წმ. დიონისე ალექსანდრიელმაც, ეპისკოპოსმა, რომელიც, არც სტეფანეს უკიდურესობებს გამოჰკიდებია მწვალებელთა მიღების საკითხში, და სრულიად არც კვიპრიანესა და ფირმილიანეს შეხედულებებს იზიარებდა. სადაო საგანზე ის არაერთხელ წერდა ხან სტეფანეს (Евсевий в Церк. Истор. Кн. VII, гл. гл. 4, 5), ხან დიონისეს და ფილიმონს (Там же, гл. V, VII, VIII), რომაელ პრესვიტერებს, ხან კიდევ სტეფანეს მემკვიდრეს - სიქსტეს (Там же, гл. IX).
ფილიმონისადმი ეპისტოლეში წმ. დიონისე, სხვათა შორის წერდა: "მე ეს კანონი და დადგენილება (არ გადაენათლათ ერეტიკოსები) მივიღე ჩვენი ნეტარი პაპის ჰერაკლასისგან. რადგან მწვალებლობებიდან მოსულებს, და მაინც ეკლესიიდან განდგომილებს (უფრო არა განდგომილებად, არამედ მასთან მყოფებად ჩანდნენ, მაგრამ მხილებული იყვნენ ცრუ მასწავლებლების მოწაფეობაში) ეკლესიიდან აგდებდა და არ ისმენდა მათ თხოვნებს, ვიდრე სახალხოდ არ იტყოდნენ ყველაფერს მოსმენილს მოწინააღმდეგეებთან (შდრ. 2 ტიმ. 2:25), და მაშინ შეიყვანდა მათ კრებულში, არ ითხოვდა მათგან მეორე ნათლობას; რადგან პირველად მისგან ჰქონდათ მიღებული წმინდა ნათლობა" (ევს. საეკლ. ისტ. წიგნი. VII. თ. მე-7). და კიდევ: "გამიგია ესეც, რომ აფრიკაში მყოფთ ეს მხოლოდ ახლა არ შემოუღიათ, არამედ დიდი ხნის წინათ ჩვენს უწინარეს მყოფი ეპისკოპოსების დროს ხალხმრავალ ეკლესიებში და ძმათა სინოდებზე, იკონიასა და სინადაში, და მრავალთან ეს დაადგინეს. მათი გადაწყვეტილების უკუგდებას, და მათ ჩათრევას კამათსა და შეჯიბრებაში მე ვერ გავბედავ. ამბობს: "არ შეცვალო შენი მახლობლის საზღვრები, რაც დაადგინებს შენმა მამებმა (II რჯლ. 19:14)" (ევს. იქვე).
სიქსტესადმი (Sixtus) წერილში წმ. დიონისე აღწერს შემდეგ ფაქტს, რომელიც აშკარად აჩვენებს მისი აზროვნების მიმართულებას და პრაქტიკას მწვალებელთაგან მონათლულთა მიღების საკითხში: "ძმაო, ნამდვილად მჭირდება რჩევა და შენგან ვითხოვ აზრს. ასეთი საქმე შემემთხვა და მეშინია არ შევცდე. რადგან შეკრებილ ძმათა შორის არის ერთი მორწმუნე, რომელიც ითვლება ძველად და ჩემი ხელდასხმის უწინარესად, ვგონებ ნეტარი ჰერაკლასისი დადგეინების უწინარესადაც. როდესაც კრებულის ღვთისმსახურებაზე მონაწილეობდა, ახლახანს ნათელღებულებთან აღმოჩნდა და მოისმინე შეკითხვები და პასუხები, ჩემთან მოვიდა გოდებითა და ცრემლით და დაეცა ჩემს ფეხებთან, აღიარებდა და იფიცებოდა, რომ ნათლობა, რომლითაც მწვალებლებთან მონათლულა, ასეთი არ ყოფილა, სრულიად არც ჰ ქონია რაიმე საერთო მასთან, რადგან უღმერთო იყო იგი და გმობით აღსავსე.
ამბობდა, რომ ახლა მთელი სული დამწუხრებული ჰქონდა და არ გააჩნდა კადნიერება თვალები აღეპყრო ღვთის მიმართ იმ უწმინდური სიტყვებისა და საქმეებისგან აღძრულს, და ამის გამო ითხოვდა, რომ მიეღო ეს უწმინდესი განწმენდა, შეთვისება და მადლი. ამის შესრულება მე ვერ გავბედე და ვთქვი, რომ ამისთვის საკმარისი იყო მისი ხანგრძლივი თანაზიარება. რადგან ვერ გავბედავდი იმ კაცის თავიდან განწესებას, ვინც ისმენდა ევქარისტიას და წარმოთქვამდა "ამინს", ტრაპეზთან იდგა და წმინდა საზრდოს მისაღებად ხელებს იწვდიდა და იღებდა, ჩვენი უფლის სხეულსა და სისხლს ეზიარებოდა" (იქვე. თ. მე-9).
წმ. ბასილი დიდის თქმით, დიონისე საჭიროდ არ მიიჩნევდა თვით მონტანისტთა გადანათვლას, რასაც წმ. ბასილი შეცდომას უწოდებს, რადგან ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს მოუნათლავად მიიღო ისეთი ერეტიკოსები, რომლებიც ინათლებიან მამის, ძის, მონტანისა და პრისკილას სახელით: "რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული. თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება" (იხ. 1-ლი ეპისტოლე ამფილოქეს მიმართ. კან. 1-ლი).
ასეთი და ესოდენ განსხვავებულნი იყვნენ ადგილობრივ ეკლესიათა კანონები და პრაქტიკა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში იმ მწვალებელთა მიმართ, რომლებიც მოექცეოდნენ მართლმადიდებლური ეკლესიისკენ: ზოგ ეკლესიაში, როგორც რომში, წესად ჰქონდათ - ყველა არამართლმადიდებელი მიეღოთ ხელის დადებით, სხვებში, - კერძოდ, მცირე აზიის ეკლესიებში, - ყველა არამართლმადიდებელი მიეღოთ ნათლისღებით; ზოგ (აფრიკულ) ეკლესიაში კი უფრო ზოგადი წესით, რომელიც არაერთხელ ყოფილა დამტკიცებული კრებებზეც, - ყველა არამართლმადიდებელს იღებდნენ ნათლისღებით, მაგრამ კართაგენის კრებამდე (256 წ.) იყვნენ მოძღვრები, რომლებიც სხვაგვარად იქცეოდნენ და საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, - მწვალებლებს იღებდნენ ხელის დადების მეშვეობით, ან კიდევ მირონცხებით (23); სხვები ფიქრობდნენ, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, სქიზმატიკოსები, როგორებიც იმ დროს იყვნენ ნავატიანელები, უნდა მიეღოთ ხელის დადებით. III ს-ის მიწურულს, კართაგენის კრების (256 წ.) დადგენილების შესაბამისად, საზოგადო შეხედულება იყო მხოლოდ ის, რომ მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში არ გადაენათლათ ის არამართლმადიდებელნი, რომლებიც ეკლესიიდან თავიანთ განდგომამდე მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყვნენ მონათლულნი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ან პრესვიტერის მიერ.
_________________________
23. არამართლმადიდებელთა მიღების ამ მეთოდის შესახებ ნათლად ამბობს წმ. კვიპრიანე იუბაიანესადმი მიწერილ თავის წერილში: "ზოგიერთები (ვინც არ ეთანხმება მწვალებელთა გადანათვლას) იმოწმებენ იმას, რომ სამარიაში მონათლულებს, მოციქულების პეტრესა და იოანეს მოსვლის შემდეგ, მხოლოდ ხელი დაედოთ, რათა მათ მიეღოთ სულიწმიდა. მაგრამ ეს ვითარება, საყვარელო ძმაო, აშკარაა, რომ სულაც არ ეხება ჩვენს შემთხვევას; რადგან ისინი, ვინც სამარიაში ირწმუნა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში იყო ერთიანი ეკლესიის წიაღში, რომელსაცა აქვს მხოლოდ უფლება მიანიჭოს სხვებს ნათლობის მადლი და მიუტევოს ცოდვები... რადგან მათ მიიღეს რჯულიერი და საეკლესიო ნათლობა, მათ არ სჭირდებოდათ კვლავ მონათვლა, არამედ მხოლოდ ის, რაც არ ჰყოფნიდათ, რაც გააკეთეს კიდევაც მათთვის პეტრემ და იოანემ, კერძოდ: ლოცვით და მათზე ხელების დადებით მოუწოდეს სულიწმიდას, რომელიც გადმოვიდა მათზე. ეს ახლა ჩვენშიც ხდება: ეკლესიაში მონათლულები წარუდგებიან ეკლესიის წინამძღოლებს და ჩვენი ლოცვითა და ხელდადებით მიიღებენ სულიწმიდას და აღიბეჭდებიან უფლის ბეჭდით", ანუ მათზე სრულდება მირონცხების საიდუმლო. ასე იყო ეს პირველი სამი საუკუნის განმავლობაში, და გვიანაც, მირონცხებით და ხელის დადებით, ან ამ ორიდან ერთი რომელიმეს აღსრულებით (შეად.: Тертулл. De baptism. с. VII, VIII. Augustin. De baptism. lib. III, cap. 16).
_________________________
რა იყო ესოდენ განსხვავებულ კანონთა საფუძველი და რითი ამტკიცებდნენ საკუთარ მოქმედებათა სიმართლეს მართლმადიდებელი ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა სხვადასხვა წესით მიმღებნი? - მამათა კრებითი მსჯელობიდან და მათივე კერძო წერილებიდან ჩანს, რომ საკუთარი შეხედულების ყოველი დამცველისთვის საფუძველს წარმოადგენდა ნათლობის საიდუმლოს ერთადერთობისა და განუმეორებლობის ჭეშმარიტება; მაგრამ, ამოდიოდნენ რა ერთი და იგივე საწყისიდან, ყოველი მათგანი საკუთარი გზით მიდიოდა, და შემდეგ უკვე განსხვავდებოდა თავისი ოპონენტებისგან.
ისინი, ვინც იცავდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ მონათლულ ყველა არამართლმადიდებელთა გადანათვლის პრაქტიკას, ამბობდნენ, რომ ერთი ნათლობა შეიძლება იყოს მხოლოდ ეკლესიაში, რომელიც ასევე ერთია (ეფეს. 4:6), რომ ამიტომაც "ნათლობა შეუძლებელია გამოყოფილი იყოს ეკლესიისგან" (Cypriani ad Pompeum. ер. 74).
და თუკი უეჭველია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ნათლობა ჭეშმარიტია, მაშინ, აშკარაა, რომ ეკლესიის გარეთ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა მიერ აღსრულებული ნათლობა ცრუა, - სწორედ იმიტომ, რომ ის ვერ ანიჭებს ადამიანს სულიწმიდის მადლს, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიაში და, რომლის მინიჭება შეუძლიათ მხოლოდ ხელდასხმულ და მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს.
თქმა იმისა, რომ მწვალებლებს შეიძლება ჰქონდეთ ჭეშმარიტი ნათლობა, ნიშნავს დაუშვა მათსი მადლის არსებობის შესაძლებლობა, აუცილებელი ხდება იმისი აღიარება, რომ მწვალებელთა ყოველი საზოგადოება ჭეშმარიტი ეკლესიაა, რაც ეწინააღმდეგება ეკლესიის ერთობას. "ისინი, ვინც ამტკიცებენ, - წერდა კვიპრიანე ფირმილიანეს, - რომ მწვალებელთა მიერ მონათლულნი უნდა მივიღოთ, როგორც რჯულიერი ნათლობის მადლის მიმღებნი, ნიშნავს თქმას იმისა, რომ ნათლობა ჩვენთანაც და იმათთანაც ერთი და იგივეა, და აქ არაფერშია სხვაობა.
მაგრამ რას ამბობს მოციქული პავლე? "ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი". თუკი ჩვენთანაც და მწვალებლებთანაც ნათლობა ერთია, მაშინ, უეჭველად, რწმენაც ერთი ყოფილა; თუ რწმენა ერთია, მაშინ უფალიც ერთია; და თუკი უფალი ერთია, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერში ერთნი ვართ. მაგრამ თუკი მწვალებლებში იგივე ერთობაა, რომელიც სულაც შეუძლებელია გახლიჩო, ან გაჰყო: მაშინ რის გამო ვდაობთ? რისთვის ვუწოდებთ მათ მწვალებლებს, და არა ქრისტიანებს? ... და როგორია მათში ნათლობა, სხეულებრივი თუ სულიერი? თუკი სხეულებრივი, მაშინ ისინი ნათლობით არაფრით განსხვავდებიან იუდეველთაგან, რომლებიც მას უბრალოდ უწმინდურებათა ჩამოსაბანად იყენებენ. თუკი სულიერი, მაშინ, როგორ შეიძლება ის იყოს იმათთან, ვისთანაც არ არსებობს სულიწმიდა?"
შემდეგ უთითებს რა წმიდა წერილის იმ ადგილებს, სადაც ეკლესია ქრისტეს პატარძლად იწოდება (2 კორ. 11:2; ფსალმ. 44:11-12; ქება 4:8; 5:1), ფირმილიანე აგრძელებს: "ჩვენ ვხედავთ, რომ ყველგან ლაპარაკია მხოლოდ ერთ პირზე; შედეგად, პატარძალი ერთია. მაშ, რადგან მწვალებელთა თავყრილობა ერთი არ არის ჩვენთან, ის არც პატარძალია, არამედ ხარჭა, ხასა და, შედეგად, ღვთის შვილთა შობა მას არ შეუძლია" (Firmilliani ad Cypr. ер. 75). "დათანხმება იმაზედ, - ნათქვამია კართაგენის კრების ეპისტოლეში (254 წ.) ნუმიდიელ ეპისკოპოსთა მიმართ, - რომ მწვალებლებში და სქიზმატიკოსებში არის ნათლობა, ნიშნავს მათი ნათლობის გამართლებას"... ვისაც შეეძლო ნათლობა, მას შეეძლო სულიწმიდის მინიჭებაც.
თუკი (მწვალებელს) არ ძალუძს მიანიჭოს სულიწმიდა, რადგან ეკლესიის გარეთ ის სულიწმიდის გარეშე იმყოფება; მაშინ მას არც მოსულთა ნათლობა შეუძლია, რადგან ნათლობა ერთია, სულიწმიდაც ერთია და ეკლესიაც ერთია, და ეს ასეა ერთობის საწყისისა და მოთხოვნის მიხედვით (origine et ratione unitatis); ის, რაც უფალმა ქრისტემ პეტრეზე დააფუძნა, ერთია. აქედან გამოდის, რომ, რადგან მათში ყველაფერი არარაობა და სიცრუეა, ჩვენ არაფერი უნდა მოვიწონოთ იმისგან, რაც მათ მიერ აღესრულება".
შემდეგ, მიუთითა რა მაცხოვრის სიტყვებზე: ლკ. 11:23 და ინ. 2:18-19, - კრების მამები ამბობენ: "აქედან უნდა დავასკვნათ და გავიგოთ, შეუძლიათ თუ არა მადლის მინიჭება მათ, ვინც უფლის მოწინააღმდეგეები არიან, და ანტიქრისტეებად იწოდებიან" (Сурr. ер. 70). "თუკი მწვალებლებს არა აქვთ ეკლესია, - ამბობს წმ. კვიპრიანე პომპეოსისადმი მიწერილ წერილში, - რადგან ის ერთია და არ შეიძლება გაიყოს, თუკი მათ არ ჰყავთ სულიწმიდა, რადგან ისიც ერთია და არ შეიძლება ჰყავდეთ უკეთურთა და უცხოთ; მაშინ, რა თქმა უნდა, მათში არ შეიძლება იყოს ნათლობაც, რომელიც იმავე ერთობაში შედის, რადგან არც ის შეიძლება გამოეყოს არც ეკლესიას და არც სულიწმიდას".
"თუკი ვინმეს შეეძლებოდა მონათლულიყო მწვალებლებთან, - წერს ის იუბაიანეს (წერ. 73), - მაშინ, რა თქმა უნდა, ცოდვათა მიტევებასაც მიიღებდა; ხოლო თუკი ცოდვათა მიტევება მიიღო, მაშინ განწმენდილა და ღმრთის ტაძრად შექმნილა; ხოლო თუკი განიწმინდა და ღმრთის ტაძრად შეიქმნა, მაშინ გეკითხებით: რომელი ღმრთისა? შემოქმედისა? არა, რადგან მას მისი არ სწამდა. ქრისტესი? არა, და ქრისტეს ტაძრად ვერ შეიქნებოდა ის, ვინც ქრისტეს ღმერთად არ აღიარებს. სულიწმიდისა? არა, რადგან ეს სამი ერთია: მაშ, რანაირად შეიძლებოდა სულიწმიდა მოწყალე ყოფილიყო იმისა, ვინც მამისა და ძის მტერია?"
ზუსტად ასე მსჯელობს წმ. კვიპრიანე სქიზმატიკოსთა ნათლობაზეც, როგორებიც იყვნენ იმ დროს ნავატიანელები. მაგნუსისადმი მიწერილ წერილში (წერ. 76), მას ჯერ მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები: ლკ. 11:23; მთ. 18:17 და ინ. 2:18, სადაც არ არის მონიშნული რომელიმე განსაზღვრული სახის მწვალებლობა, მაგრამ "ქრისტეს მოწინააღმდეგეებად" იწოდებიან ყველანი, ვინც მასთან არ იმყოფება, და ყველა, ვინც კი ეკლესიას, "მის სიყვარულსა და ერთობას" გამოეყო. კვიპრიანე შემდეგ ამბობს: "თუკი ისინი, ვინც არ უსმენენ ეკლესიას, წარმართებად და მეზვერეებად მიიჩნევიან: განა უფრო მეტად არ უნდა ჩავთვალოთ წარმართებად და მეზვერეებად ეკლესიის ამრევნი და მტრები, რომლებსაც ცრუ საკურთხევლები აღუმართავთ, ჰყავთ ნებადაურთველი სამღვდელოება, აღასრულებენ მკრეხელური მსხვერპლშეწირვა და მაცდუნებელი სახელწოდება (კათარები, ანუ წმინდანები) გააჩნიათ, მასინ როდესაც უფლის განაჩენით მათზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორც წარმართებსა და მეზვერეებზე, მათზე, რომლებიც ნაკლებად სცოდავენ და მხოლოდ არ უსმენენ ეკლესიას...
თუკი ვინმე შემოგვეპასუხება, რომ ნოვაციანე იმავე რჯულს იცავს, როგორსაც კათოლიკე ეკლესია, ნათლავს იმავე ნიშნით, როგორც ჩვენ, - იცის იგივე მამა ღმერთი, იგივე ქრისტე, იგივე სულიწმიდა, და ამიტომ მას შეუძლია ისარგებლოს ნათლობის ძალაუფლებით, მაშინ, როგორც ჩანს, ის არაფრით განსხვავდება ჩვენგან ნათლობის საკითხშიც: მაშინ დაე უწყოდეს ყოველმა მოდავემ, რომ ჩვენ სქიზმატიკოსებთან ერთი და იგივე ნიშანი და ერთი და იგივე კითხვა როდი გაგვაჩნია. როდესაც ის ამბობს: გწამს თუ არა ცოდვათა მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისა, რომელიც წმიდა ეკლესიის მიერ გვენიჭება, - თვით კითხვაშიც ცრუობენ, რადგან მათ ეკლესია არ გააჩნიათ".
ამრიგად, ამტკიცებდა რა ეკლესიისკენ მოქცეული ყველა არამართლმადიდებლის გადანათვლის აუცილებლობას, წმ. კვიპრიანე უარყოფდა მათაც, ვინც საიდუმლოს ძალასა და სინამდვილეს ქრისტეს სახელის სიდიადეს მიაწერდა, ან იმოწმებდა მოციქულთა გადმოცემასა და ძველ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ეკლესიისკენ მოქცეული არამართლმადიდებელნი ხელის დადებით მიიღებოდნენ. "თუკი ვინმე მხოლოდ იმისთვის, რომ დააბნიოს ქრისტიანული ჭეშმარიტება, - წერს იგი იუბაიანეს (წერ. 73), - ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს ქრისტეს სახელს და იტყვის, რომ იესუ ქრისტეს სახელით მონათლულებმა სადაც გინდ იყოს, ვის მიერადაც იყოს, და რანაირადაც იყოს, მიიღეს ნათლობის მადლი, ეს მათი მოსაზრებაც არაფერს ნიშნავს, რადგან თვით ქრისტე ნათლად ამბობს: "ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში" (მთ. 7:21); და სხვა ადგილას, რომ არავინ იქნას მოტყუებული ცრუწინასწარმეტყველთა და ცრუქრისტეთა მიერ მისი სახელით, აფრთხილებს ყველას ამისგან და ამბობს, "მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ" (მკ. 13:6), და ამის შემდეგ ამატებს: "ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ" (მკ. 13:23). აქედან ჩანს, რომ იმას კი არ უნდა შევხედოთ ქრისტეს სახელით თავს იქებს თუ არა ვინმე, არამედ იმას, აღასრულებს თუ არა რაიმეს ქრისტეს ჭეშმარიტებაში".
სხვა წერილში (Ad Pompeum. ер. 74) კვიპრიანე კითხულობს: "რატომ არ აღესრულება მათში (მწვალებლებში) იმავე ქრისტეს სახელით მონათლულზე ხელების დადება იმავე სულიწმიდის მისაღებად? ... თუკი ვინმეს შეეძლება ეკლესიის გარეთ აღორძინება და ღმრთის ტაძრად შექმნა, მაშინ რატომ ვერ შეიქნებოდა იგი სულიწმიდის ტაძრად?.. თუკი ეკლესიის გარეთ მონათლულს შეეძლება შეიმოსოს ქრისტე, სულიწმიდის მიღება კი ვერა: მაშინ გაგზავნილი (სულიწმიდა) გამომგზავნზე (ქრისტეზე) მეტი აღმოჩნდება. მაგრამ განა შესაძლებელია ქრისტეთი შემოსვა სულის გარეშე, ან განა შეუძლია სულს ქრისტესგან გამოყოფა?"
ჩვეულებისა და სამოციქულო გადმოცემის საწინააღმდეგოდ, რასაც მისი იპონენტები იმოწმებდნენ, კვიპრიანე ამბობს, რომ "ჩვეულება არ დგას ჭეშმარიტებაზე მაღლა" და, რომ "სულიერ საქმეებში უნდა მივდიოთ არა ჩვევას, არამედ იმას, რაც უკეთესობისთვის გამოგვიცხადა სულიწმიდამ"... "არავინ თქვას: ჩვენ მივყვებით იმას, რაც მოციქულებისგან მიგვიღია. მოციქულებმა გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ეკლესია და ერთი ნათლისღება, სწორედ ის, რომელიც იმავე ეკლესიაშია დამკვიდრებული, და ვერ ვპოულობთ ვერც ერთ მაგალითს იმისას, მოციქულებს ერეტიკოსებთან მონათლული ვინმე იმავე ნათლობით მიეღოთ ეკლესიურ თანაზიარებაში და ამით ეჩვენებინოთ, თითქოს ისინი შეიწყნარებდნენ ერეტიკოსთა ნათლობას" (Сурr. ad Jubajan. 73).
ზუსტად ისევე, როგორც ფირმილიანე და კვიპრიანე ამტკიცებდნენ ყველა ერეტიკოსისა და განდგომილის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების კანონიკურობას ნათლისღებით, 256 წელს აფრიკის ეკლესიათა მამების კრებამ იგივე განაცხადა: "აღვიარებ მხოლოდ ერთ ნათლისღებას, – აცხადებდა ერთ-ერთი ეპისკოპოსი, – ეკლესიის გარეთ კი არავითარს". იგი ერთია მხოლოდ იქ, სადაც ჭეშმარიტი სასოება და მართებული რჯულია; რამეთუ წერილ არს: "ერთი რწმენა, ერთი სასოება, ერთი ნათლისღება" – მაგრამ არა ერეტიკოსთა შორის, რომელთა სასოებაც ამაოა და რწმენაც ცრუ, სადაც ყველაფერი მოტყუებით აღესრულება, შეფუცვებს კი წარმოთქვამს ეშმაკისაგან შეპყრობილი, საიდუმლოს ჩატარებისას კითხვას სვამს ის, ვისი ბაგეებიც გმობას აფრქვევს, რომლებთანაც აღთქმას დებს ურწმუნო, ცოდვებს მიუტევებს ის, ვინც ცოდვებითაა დამძიმებული, ქრისტეს სახელით წყალში შთაფლავს ქრისტეს მოწინააღმდეგე, აკურთხებს ღვთისაგან უარყოფილი, სიცოცხლეს გვპირდება მკვდარი, მშვიდობას იძლევა ის, ვისაც მშვიდობა არა აქვს, ღმერთს მოუხმობს ღვთისმგმობელი, მღვდლის საქმეს ასრულებს უფლებამოსილების არმქონე, საკურთხეველს მიეალხება მკრეხელი. ამ ყოველს თან უერთდება კიდევ ის ბოროტებაც, რომ ეშმაკის წინამძღოლნი (antistites) ბედავენ ევქარისტიის აღსრულებას; დაე თქვან მათმა დამცველებმა, რომ ეს ყოველივე ერეტიკოსებთან ცრუა.
აი, რაზე სურთ დაითანხმონ ეკლესია, როდესაც მწვალებელთა მიღებას აიძულებენ ნათლისღებისა და ცოდვათა მიტევების გარეშე. არა, ძმანო, ჩვენ უნდა გავექცეთ და განვეშოროთ ამგვარ დანაშაულს, და შევინარჩუნოთ ერთი ნათლობა, რომელიც უფალმა მხოლოდ ერთადერთ ეკლესიას მიანიჭა" (Sententiae episcoporum LXXXVII in Patrol. Curs. Compl. T. III, p. 1054–1055. Срав. слова Секундина Цедийского, p. 1060–1061; Доната изъ Цибалианы, р. 1069; Виктора Ассурского р. 1070).
ჩვეულების წინააღმდეგ, რომელსაც იმოწმებდნენ ხელის დადების გზით არამართლმორწმუნეთა მიღების დამცველები, კრების მამები ამბობდნენ: "ნათლისღების გარეშე ერეტიკოსთა მიღების საკითხში, არავინ უნდა უპირისპირებდეს ჩვეულებას გონსა და ჭეშმარიტებას, ვინაიდან გონი და ჭეშმარიტება ჩვეულებას ყოველთვის გამორიცხავენ". "სახარებაში უფალმა თქვა: "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოან. 14:6), არ უთქვამს: "მე ვარ ჩვეულება"-ო. ამიტომ, ჭეშმარიტების გამოცხადების შემდეგ (veritate manifesta) ჩვეულებამ ჭეშმარიტებას უნდა დაუთმოს, და ვინც აქამდე ერეტიკოსებს ეკლესიაში არ ნათლავდა, ამიერიდან მათი ნათლისცემა დაიწყოს".
სხვები თავიანთი მოსაზრების სასარგებლოდ ასეთი სახის დასკვნებს აკეთებდნენ: "ერეტიკოსებს ან ყველაფერი ეძლევათ, ან არაფერი. თუ მათ შეუძლიათ ნათლისცემა, მაშინ შეუძლიათ სულიწმიდის მიცემაც. ხოლო თუ სულიწმიდის მიცემა არ შეუძლიათ, ვინაიდან სულიწმიდა არ გააჩნიათ, მაშინ ვერც სულიერ ნათლისცემას შეძლებენ". ან: "მხოლოდ მას შეუძლია რაიმეს მიცემა, ვისაც რაიმე გააჩნია; რისი მიცემა შეუძლიათ ერეტიკოსებს, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ?" "ერეტიკოს ადამიანს არ შეუძლია მისცეს ის, რაც არ გააჩნია; მით უმეტეს, განდგომილს, რომელმაც დაკარგა ისიც კი, რაც ჰქონდა".
ირინეოს ულულისელი (ab Ululis) ამბობდა: "თუ ეკლესია ერეტიკოსს არ ნათლავს იმ მიზეზით, რომ იგი ნათელღებულად იწოდება, მაშინ ერესი (ეკლესიაზე) დიდი ყოფილა" (24). როგაციანე ნოვაელი ამბობდა: "ეკლესია დააარსა ქრისტემ, ხოლო ერესი – ეშმაკმა. როგორ შეიძლება სატანის სინაგოგას ქრისტეს ნათლობა გააჩნდეს?" იულიანე ტელეპტელი (a Telepte) ასე მსჯელობდა: "დაწერილია (იოან. 3:27): "ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია". თუ ერესი ზეცითგან არის, მაშინ ნათლისღების მიცემაც შეუძლია" (Sententiae episcoporum – Curs. Comipl. T. III, X, р. 1069-1070).
_________________________
24. ნეტ. ავგუსტინე ირინეოსის ამ სიტყვებზე შენიშნავს: "hoc modо dici potest, si ideo avarum ecclesia non babtisat, quod dicatur jam babtizatus esse, avaritia major est. Hoc autem falsum est, ita ergo et illud" ("შეიძლება ასე ითქვას: თუ ეკლესია ძუნწს არ ნათლავს იმ მიზეზით, რომ ის უკვე მონათლულად ითვლება, მაშინ გამოდის, რომ სიხარბე უფრო მძიმე ბოროტება ყოფილა. მაგრამ ეს სიცრუეა. მაშასადამე, ცრუა მისი წინაპირობაც") Contr. Donatist. lib. VII.
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი შრეა:
"avarus" (ძუნწი) ავგუსტინესთვის უბრალოდ ხასიათი არ არის - ეს არის სულიერი მანკი, avaritia, რომელიც ხშირად კერპთაყვანისმცემლობასაც კი უახლოვდება (შეადარე: "სიხარბე - კერპთმსახურებაა"). არგუმენტი მიმართულია იმ აზრის წინააღმდეგ, რომ ნათლობა შეიძლება "არ ჩაითვალოს" ან გაუქმდეს ადამიანის ცოდვების გამო.
ავგუსტინე აქ იცავს პრინციპს: საიდუმლოს ამოქმედებს ღმერთი და არა ადამიანის ღირსება.
ავგუსტინე თავის ნაშრომში De Baptismo ("ნათლისღების შესახებ") განიხილავს კართაგენის კრების მამათა განჩინებებს. ერთ-ერთ ადგილას ის პასუხობს პავლე ობელი ეპისკოპოსის სიტყვებს:
ლათინური ტექსტი (De Baptismo VII, 18):
"Paulus ab Obba dixit: Me non mouet, si aliquis ecclesiae fidem et ueritatem non uindicat, quando apostolus dicat: quid enim, quia exciderunt a fide quidam illorum? numquid infidelitas illorum fidem dei catholicam absit. est enim deus uerax, omnis autem homo mendax. si autem deus uerax est, quomodo esse aput haereticos baptismi ueritas potest aput quos deus non est?
Huic respondetur: Quid? aput auaros numquid est deus? et tamen est baptismus. ita et aput haereticos. aput quos enim est deus templum dei sunt. quae autem compositio templo dei cum idolis? porro auaritiam idololatriam Paulus sentit, Cyprianus consentit, et idem ipse inter collegas raptores et tamen baptizatores cum magna tolerantiae mercede uersatur".
თარგმანი:
პავლე ობელი ამბობდა: "მე არ მაძრწუნებს ის ფაქტი, რომ ზოგი ეკლესიის ჭეშმარიტებას არ იცავს, რადგან მოციქული თავად ამბობს: თუ ზოგიერთმა რწმენა დაკარგა, მათი ურწმუნოება ვერ გააუქმებს ღვთის ჭეშმარიტებას; ღმერთი ჭეშმარიტია, ადამიანი კი - ცრუ აქედან გამომდინარე, თუ ღმერთი ჭეშმარიტია, შეუძლებელია ნათლობის ჭეშმარიტება არსებობდეს იქ, სადაც ღმერთი არ არის - ანუ ერეტიკოსებთან.
ნეტ. ავგუსტინე პასუხობს: "რა? ნუთუ ძუნწებშია ღმერთი? მაგრამ ნათლობა მათშიც არსებობს. მაშასადამე, იგივე უნდა ითქვას ერეტიკოსებზეც. რადგან მხოლოდ ისინი, ვისშიც ღმერთია, არიან მისი ტაძარი; ხოლო რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? მაგრამ, როგორც მოციქული ასწავლის, სიხარბე არის კერპთაყვანისმცემლობა — და ამას კვიპრიანეც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, იგი თავადაც თავის თანამოძმეებს შორის, რომლებიც მძარცველნი არიან, მაინც აღასრულებს ნათლობას და ამას დიდი მოთმინების გამოვლინებად მიიჩნევს".
განმარტება:
ამ ტექსტში ავგუსტინე იყენებს apud avaros („ხარბთა შორის“) მაგალითს, რათა აჩვენოს, რომ ნათლისცემის მადლი შეიძლება არსებობდეს იქაც, სადაც თავად ადამიანი ცოდვილია (ხარბი) ან მღვდელი უღირსია. მისი არგუმენტია: თუ ხარბთა შორის (რომლებიც ცოდვილნი არიან, მაგრამ ეკლესიაში იმყოფებიან) ნათლისცემა მოქმედებს, მაშინ ერეტიკოსთა შორისაც შეიძლება მოქმედი იყოს, რადგან ნათლისცემა არ არის დამოკიდებული მსახურის პირად ღირსებაზე.
ეს ადგილი პირდაპირ კავშირშია თქვენ მიერ ადრე ნახსენებ avarum / avaritia ფორმებთან, რომლებიც ირინეოს ულულისელის ციტატაში შეცდომით იყო დაფიქსირებული. ავგუსტინეს ტექსტში ეს ტერმინები კონტექსტუალურად არის გამართული და ემსახურება დონატისტებთან პოლემიკაში მის მთავარ არგუმენტს: საკრამენტის მოქმედება არ არის დამოკიდებული მსახურის სიწმინდეზე.
_________________________
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არამართლმორწმუნეთა ხელახლა ნათლობის დამცველები ზოგჯერ მიუთითებდნენ თავიანთი ეკლესიების წინანდელ პრაქტიკაზე, ანუ ძველ ჩვეულებაზე, როგორც ამას თვად კვიპრიანესა და ფირმილიანეს წერილებიდან (Epp. Сypr. 73, 75), ნაწილობრივ კი 266 წლის აფრიკის კრების მამათა მსჯელობებიდანაც ვხედავთ; მაგრამ ეს ჩვეულება – ნათლისცემის გზით ყველა არამართლმორწმუნის ეკლესიაში მიღება – არ წარმოადგენდა ყველა აფრიკული და მცირეაზიური ეკლესიის საყოველთაო და ძველ წესს, ეს იმავე წერილებიდან ჩანს.
ასე, მაგალითად, როცა წმიდა კვიპრიანე იუბაიანესადმი მიწერილ წერილში ამბობს: "ჩვენთვის ეს საქმე არავითარ შემთხვევაში ახალი არ არის… უკვე მრავალი წელია, რაც ეპისკოპოსთა კრებამ, ნეტარსახსოვარი აგრიპინეს თავმჯდომარეობით, იგივე დაადგინა, და მას შემდეგ დღემდე ამდენი ათას ერეტიკოსს არ შერცხვენია და არც დაბრკოლებულან მიეღოთ მადლი მაცოცხლებელი საბანელისა და მაცხოვნებელი ნათლისცემისა", – ხოლო ფირმილიანე კართაგენელებზე ამბობს, რომ ჭეშმარიტების შეცნობის შემდეგ მათ მიატოვეს ცრუ ჩვეულება (ნათლისცემის გარეშე მიღება)" – ეს კი ნიშნავს, რომ იყო დრო, როდესაც კართაგენის ეკლესიაშიც ერეტიკოსები, ან, სულ ცოტა, მათგან ზოგიერთი მაინც, ნათლისცემის გარეშე მიიღებოდა.
ზუსტად ასევე, ფირმილიანეს მოწმობიდან (Firmillani ad Cypr. 75) მცირე აზიაში ზოგიერთთა ეჭვის შესახებ იმათ ნათლობასთან დაკავშირებით, ვინც თუმც აღიარებენ ახალ წინასწარმეტყველებს, როგორც ჩანს, ჩვენსავით აღიარებენ მამასა და ძეს, – და იკონიაში საერთო განჩინების შესახებ – "საერთოდ უარყონ ყოველგვარი ნათლობა, რომელიც ეკლესიის გარეთ სრულდება" – შეიძლება დავასკვნათ, რომ მცირეაზიურ ეკლესიებშიც ყველა არამართლმორწმუნის მიღება ნათლისცემის გზით არ ყოფილა საყოველთაო და ძველი ჩვეულება (25). იქაც ერთ დროს, ზოგიერთ ეკლესიაში, მოქმედებდა ნათლისღების გარეშე ზოგიერთი არამართლმორწმუნის მიღების წესი. ამიტომაც ნათლისღების ერთადერთობისა და განუმეორებლობის ჭეშმარიტება, ეკლესიის ერთობის ჭეშმარიტებასთან კავშირში, უნდა ჩაითვალოს არსებით საფუძვლად ყველა მწვალებლის ხელახლა გადანათვლის დამცველთათვის, მართლმადიდებელი ეკლესიისკენ მათი მოქცევის შემთხვევაში.
_________________________
25. იმავეს მოწმობს III საუკუნის ზემოხსენებული ტრაქტატი ერეტიკოსთა ხელახლა გადანათვლის შესახებ, დიონისე ალექსანდრიელი, ტერტულიანე და სხვ. იხ. ზემოთ.
_________________________
მაგრამ ნათლობის ერთადერთობისა და განუმეორებლობის ამავე ცნებას ეყრდნობოდნენ აგრეთვე ისინიც, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებლობაზე მოქცეულთა ხელახლა მონათვლას. მიზეზი გზათა განსხვავებისა, რომლითაც მიდიოდნენ თავიანთ მტკიცებებში ერთნიც და მეორენი, როგორც მოყვანილი მოწმობებიდან ჩანს და ქვემოთაც ვნახავთ, მხოლოდ ის იყო, რომ ხელახლა ნათლობის დამცველები არ განაცალკევებდნენ ერთ ნათლისცემას ერთი მართლმადიდებელი ეკლესიისგან, და მისი აღსრულებისა, და საერთოდ, საიდუმლოთა აღსრულების უფლებას მხოლოდ მართლმადიდებელ პირებს ანიჭებდნენ; ისევე როგორც საიდუმლოთა მაცხოვნებელ ძალასა და მოქმედებას დამოკიდებულს ხდიდნენ არა მხოლოდ მიმღებთა, არამედ საიდუმლოს აღმსრულებელთა რჯულზეც. ხოლო ისინი, ვინც პირიქით, უარყოფდნენ არამართლმორწმუნეთა ხელახლა ნათლობას, ნათლისცემის ერთობისა და განუმეორებლობის საფუძველზე, დასაშვებად მიიჩნევდნენ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შესაძლებლობას ეკლესიის გარეთაც, და ამაღორძინებელი მადლის მოქმედებას დამოკიდებულს ხდიდნენ თვით საიდუმლოს ქრისტეს სახელით აღსრულების წესთან.
ამიტომ ამბობდნენ, რომ "იესუ ქრისტეს სახელით ნათელღებული, სადაც გინდ იყოს, უკვე თვით ამით უნდა ჩაითვალოს განახლებულად და განწმედილად", რომ "ცოდვათა მიტევება იესუ ქრისტეს სახელით ერეტიკოსებსაც ეძლევათ" (26).
"ჩვენმა ძმამ სტეფანემ, – ამბობს წმიდა კვიპრიანე პომპეუსადმი მიწერილ წერილში, – თავისი სიჯიუტე იქამდე მიიყვანა, რომ მარკიონის, ვალენტინეს, აპელესისა და მამა ღმერთის სხვა მგმობელთა ნათლობასაც კი ღვთის შვილთა დაბადების ძალა მიანიჭა და ამტკიცებდა, იესუ ქრისტეს სახელით მათაც ეძლევათო ცოდვათა მიტევება" (Ер. 74).
"უაზრობაა ისიც, – წერდა ფირმილიანე კვიპრიანეს, – რომ (ერეტიკოსთა ხელის დადებით მიღების დამცველნი) საჭიროდ არ მიიჩნევენ იკითხონ: ვინ მონათლა? იმის საფუძველზე, რომ ნათელღებულს წმიდა სამების – მამის, ძის და სულიწმიდის სახელის უბრალო წარმოთქმითაც კი შეეძლო მადლის მიღება…, თითქოსდა სახელთა შიშველი წარმოთქმაც კმაროდეს ცოდვათა მისატევებლად და ნათლისღებით განსაწმენდად".
ხელახლა მონათვლის მოწინააღმდეგენი თავიანთი მოსაზრებისა და პრაქტიკის სისწორის დასამტკიცებლად მიუთითებდნენ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებზე ფილიპელთა მიმართ: "როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ" (ფილ. 1:18), და აქედან გამოჰყავდათ დასკვნა, რომ ერეტიკოსებიც, რომლებიც ქრისტეს სახელით ნათლავენ, უკვე თვით ამით ჭეშმარიტად ქადაგებენ ქრისტეს, და ამგვარად, საიდუმლოს მიმღებთ ქრისტეს დამსახურებათა, ანუ საიდუმლოს მადლისმიერ ნაყოფთა თანაზიართ ხდიან.
ისინი მიუთითებდნენ აგრეთვე სამოციქულო გადმოცემაზე, რომელიც, თითქოსდა კრძალავს მწვალებლობიდან მოქცეულთა ხელახლა ნათლობას (27) და, საერთოდ, თავიანთი ეკლესიების ძველ ჩვეულებაზე, ეკლესიის გარეთ ნათელღებულ ერეტიკოსთა ახალი ნათლისცემის გარეშე მიღების შესახებ; მიუთითებდნენ თვით ერეტიკოსებზეც, რომლებიც არ ნათლავდნენ ხელახლა მათ, ვინც მათთან სხვა ერესებიდან, ან მართლმადიდებელი ეკლესიიდან გადადიოდა, და აქედან გამოჰყავდათ დასკვნა საყოველთაო თანხმობის შესახებ ნათლისცემის განუმეორებლობის ჭეშმარიტებაზე, სადაც გინდ ყოფილიყო იგი აღსრულებული (28).
_________________________
26. ვინაიდან სტეფანეს წერილი არ შემონახულა, მისი და მის მომხრეთა მოსაზრებების საფუძვლები და მტკიცებულებანი აღებულია კვიპრიანესა და ფირმილიანეს წერილებიდან, ასევე აფრიკის 256 წლის კრების საქმეებიდან.
27. "რაც შეეხება სტეფანეს სიტყვებს, – წერდა ფირმილიანე კვიპრიანეს, – თითქოსდა მოციქულები კრძალავდნენ ერესისაგან მოქცეულთა ნათლობას და ეს დასაცველად გადასცეს შთამომავლობას, ამაზე თქვენ (აფრიკელებმა) სრულად უპასუხეთ, შენიშნეთ რა, რომ არ არსებობს ისეთი სულელი, რომელიც ირწმუნებდეს, თითქოსდა მოციქულებს ეს ასე გადაეცეთ; ყველა ეს უღვთო და საძაგელი ერესი (მარკიონის, ვალენტინის, ბასილიდესი) შემდგომ წარმოიშვა.
28. "მშვენიერ უკანონო გადმოცემას გვთავაზობს ჩვენი ძმა სტეფანე თავისი სწავლებით", – წერდა წმიდა კვიპრიანე პომპეუსს (74-ე წერილი). "შესაფერის ავტორიტეტზე მიუთითებს იგი, როცა იმავე ადგილას თავის წერილში დასძენს: "ვინაიდან თვით ერეტიკოსებიც, ყველას, სხვადასხვა მწვალებლობებიდან მათთან მოქცეულთ, ხელახლა არ ნათლავენ, არამედ მხოლოდ აზიარებენ. ... რა სიბრმავეა, რა სულიერი მზაკვარებაა!"
_________________________
თუმცა, ზოგიერთი, - ეკლესიის გარეთ ნათელღებულ მწვალებელთა მხოლოდ ხელისდადებით მიღების დამცველთაგანი, - აღიარებდა რა არამართლმორწმუნეთა ნათლისღებაში ამაღორძინებელი მადლის ძალას, ამავე დროს ამბობდა, რომ ეს ნათლისცემა უნაყოფოა ადამიანის ცხონების თვალსაზრისით, ანუ ის არ აცხოვნებს მის მიმღებს, არამედ მხოლოდ უფლებას ანიჭებს ცხონების მიღებაზე, და მაცხოვნებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არამართლმორწმუნე თავის ცდომილებებს მოინანიებს და მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევისას სულიწმიდის განსაკუთრებულ მადლს ხელისდადებით მიიღებს.
სწორედ ასე მსჯელობს მწვალებლებში ქრისტეს სახელით აღსრულებული ნათლისღების შესახებ ნათლისღების ტრაქტატის უცნობი შემდგენელი: "ჩემი აზრით, – ამბობს იგი, – ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოციქულები უბრძანებდნენ იესუ ქრისტეს სახელით მათ ნათლისცემას, ვისთანაც ისინი სულიწმიდის სისავსით ქადაგებდნენ, იყო ის, რომ იესუ ქრისტეს სახელის მოხმობით მორწმუნეს ნათლისღებაში მიენიჭებოდა მნიშვნელოვანი უფლება გადარჩენის მიღებაზე, როგორც ეს პეტრემ განმარტა მოციქულთა საქმეებში, სადაც ის ამბობს: "სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს" (საქ. 4:12), და მოციქულმა პავლემაც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, იქადაგა უფალ იესუს ამაღლებაზე ყოველივეზე მაღლა (ეფეს. 1:20–22). ამიტომ მას, ვისზეც მოხმობილ იქნა იესუს სახელი, თუნდაც ცდომილებაში იმყოფებოდეს, დაუბრკოლებლად შეუძლია შემდგომში შეიცვალოს აზრი, გამოასწოროს თავისი ცდომილება და გულწრფელად აღიაროს იესუ ქრისტე ადამიანთა წინაშე ისე, რომ, როცა ეპისკოპოსთა ხელის დადებით მიიღებს სულიწმიდას, იესუს სახელის მოწოდება არ დაკარგავს მასში თავის წინანდელ ძალას, და ჩვენ არ უნდა წავართვათ იგი იმის გამო, რომ ეს მოწოდება არასაკმარისია ცხონებისთვის, როცა ადამიანი, ვისზეც იგი აღსრულდა, ცდომილებაში იყო.
პირიქით, ვინაიდან საკმარისი მიზეზის გარეშე ყოველგვარი აჯანყება ძველი დადგენილებების წინააღმდეგ დიდი ზიანის მომტანია ჩვენი წმიდათაწმიდა ეკლესიისთვის, უაღრესად სასარგებლოა ამდენი წლის, ამდენი ეკლესიის, ამდენი ეპისკოპოსისა და ყოველთა მოციქულთა მოწმობაზე დაყრდნობით, გვწამდეს, რომ იესუ ქრისტეს სახელის მოხმობა, - რომელიც უნაყოფოა იმ ადამიანის მოუნანიებელი ცდომილების შემთხვევაში, ვისზეც ის აღსრულდა, - ნაყოფიერი ხდება მაშინ, როდესაც იგი ჭეშმარიტების შეცნობით გამოსწორდება ცდომილებისგან და წინანდელ ცხოვრების წესს შეიცვლის, და შეევსება ის, რაც აკლდა მისი რწმენის სისავსეს. ხოლო თუ ისინი (ერეტიკოსები) ერესში დარჩებიან, ვერ ცხონდებიან, ვინაიდან არ ეძიეს უფალი მას შემდეგ, რაც მათზე იესუს სახელი იქნა მოწოდებულ" (Anonymi liber de rebaptismate – Patr. Curs. Compl. T. III, p. 1183-1196).
რომ ნათლისღების საიდუმლოს მიმღებისა და ნათლისმცემლის რჯულის არასწორობა არ უშლის ხელს ამაღორძინებელი მადლის მოქმედებას და "არ აკლებს საიდუმლოს მიმღებს გადარჩენის მიღების უფლებას", – ამტკიცებს ხსენებული „ტრაქტატის“ ავტორი, სხვათა შორის, თვით მოციქულთა მაგალითით, რომლებიც ქრისტეს აღდგომამდე მოკლებულნი არ იყვნენ ზოგიერთი იუდეველურ შეხედულებას მესიაზე და მთლად სრულყოფილი წარმოდგენა არ ჰქონდათ იესუ ქრისტეს პიროვნებაზე (იოან. 12:34; მათ. 17:2–23); მაგრამ ისინი, ამ ყოველივესდა მიუხედავად, სხვებს ნათლავდნენ (იოან. 3:22) და თვითონაც, გამოასწორეს რა თავიანთი რწმენა უფლის აღდგომის შემდეგ, მხოლოდ სულიწმიდით მოინათლნენ (სულთმოფენობის დღეს).
"ამრიგად, – ასკვნის იგი, – თუ მოციქულმა თქვა, რომ ერთია ნათლისღება, ეს იმას ნიშნავს, რომ იესუ ქრისტეს სახელის მოხმობას ყოველთვის გააჩნია თავისი ძალა, რომ იგი ვერ წაერთმევა მას, ვისზეც აღსრულდა იგი, და რომ უსამართლოდ ვიქცევით, თუკი რაიმე სიჭარბისადმი მიდრეკილებით გვინდა მისი გაორმაგება… ერეტიკოსები, უკვე წყლით ნათლისცემულნი იესუ ქრისტეს სახელით, უნდა მოინათლონ მხოლოდ სულიწმიდით, ანუ ეპისკოპოსთა ხელდასხმით" (Там же, с. 1196). შეიძლება ვიფიქროთ, რომ თვით სტეფანე, რომის ეპისკოპოსიც, ერეტიკოსთა ყოველგვარ ნათლისცემას როდი მიიჩნევდა ჭეშმარიტად, არამედ მხოლოდ იმას, რომელიც აღსრულდა იესუ ქრისტეს, ანუ წმიდა სამების – მამის, ძის და სულიწმიდის სახელით".
წმიდა კვიპრიანეს სიტყვების თანახმად, პომპეუსისადმი მიწერილ წერილში, სტეფანე ამტკიცებდა, რომ "ერეტიკოსებშიც იესუ ქრისტეს სახელით ეძლევათ ცოდვათა მიტევება". "თუ ნათლისცემის მოქმედებას, – წერდა იგი, – სახელის სიდიადეს მიაწერენ ისე, რომ ყოველი იესუ ქრისტეს სახელით ნათელღებული, სადაც გინდ იყოს და როგორც გინდ იყოს (?), უკვე თვით ამის გამო ჩაითვლება განახლებულად და განწმედილად: მაშინ რატომ არ აღესრულება იქვე, იმავე ქრისტეს სახელით, ნათელღებულზე ხელის დადებაც სულიწმიდის მისაღებად?" ხოლო ფირმილიანეს სიტყვებიდან კვიპრიანესადმი მიწერილ წერილში: "უაზრობაა ისიც, რომ არ მიიჩნევენ საჭიროდ იკითხონ: ვინ მონათლა? - იმ საფუძველზე, რომ ნათლისცემულს წმიდა სამების – მამისა და ძისა და სულიწმიდის – სახელთა უბრალო წარმოთქმითაც კი შეეძლო მადლის მიღება", – კიდევ უფრო ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ სტეფანე ჭეშმარიტ ნათლისცემად მიიჩნევდა იმ ერეტიკოსთა ნათლობას, რომელიც წმიდა სამების სახელით იყო აღსრულებული.
ამას ადასტურებს კვიპრიანეს შემდეგი სიტყვებიც მაგნუსისადმი მიწერილ წერილში ნოვატიანელთა ნათლისცემის შესახებ: "თუ ვინმე გააპროტესტებს (უეჭველად, ყველაზე უწინ იგულისხმება სტეფანე), რომ ნოვატიანელი იმავე კანონს იცავს, რასაც კათოლიკე ეკლესია, ნათლავს იმავე ნიშნით, როგორც ჩვენ – იცნობს იმავე მამა ღმერთს, იმავე ძეს (ქრისტეს), იმავე სულიწმიდას..., მაშინ იცოდეს გამაპროტესტებელმა, რომ ჩვენ სქიზმატიკოსებთან ერთი კანონი არ გვაქვს და ეს ერთი და იგივე საკითხი არ არის…". საერთოდ, ყველა ის აპელაცია, რომელსაც კვიპრიანე და ფირმილიანე სტეფანეს საბუთებს უპირისპირებენ, იმაზე მიუთითებს, რომ სტეფანე ჭეშმარიტად მიიჩნევდა მხოლოდ იმ არამართლმორწმუნეთა ნათლისცემას, რომელიც აღსრულებული იყო ან ქრისტეს, ან ღვთაების სამივე პირის სახელით, და საერთოდ, მართლმადიდებლური იყო აღსრულების გარეგანი წესის მიხედვით (См. Thomasini dissertatio ad synodos sub Stephano Papa in causa baptismi haereticorum collectas Carthagine, Romae et alibi, an 266–257, etc. in. Patr. Curs. Compl. T. III, p. 1217-1225).
ერეტიკოსთა ნათლისღების სხვა სახეების შესახებ კვიპრიანესა და ფირმილიანეს წერილებში არც კი არის ნახსენები; ეს მიგვანიშნებს იმ აზრზე, რომ ერეტიკოსთა ყოველი სხვაგვარი ნათლისცემა, განსაკუთრებით არასწორად აღსრულებული, სტეფანეს არაჭეშმარიტად მიაჩნდა. ამით აიხსნება სტეფანეს მითითებაც "მოციქულთა აკრძალვაზე, და შთამომავლობისთვის მის გადაცემაზე დასაცავად". – ამას ვერ იტყოდა სტეფანე, თუ ის ნათლისღების სახელწოდებაში არ გულისხმობდა ჭეშმარიტ ნათლისღებას, უფლის დაწესებისამებრ აღსრულებულს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ქრისტეს სახელით ნათლისცემას. ძნელად დასაშვებია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს ჭეშმარიტად ეცნო, მაგალითად, მონტანისა და პრისკილას ან რაიმე სხვაგვარად აღსრულებული ნათლისღება!
ყველაზე სავარაუდოა, რომ სტეფანე, არ ეთანხმებოდა კვიპრიანეს, გამონაკლისის გარეშე, ყველა მწვალებლის ნათლისღების გზით მიღებასთან დაკავშირებით, და მოითხოვდა (ზოგიერთი) მწვალებლის მიღებას ხელის დადებით; თავის წერილში კვიპრიანესადმი ის ნათლად არ გამოხატავდა, თუ კონკრეტულად რომელ ერეტიკოსებს გულისხმობდა, – საერთოდ საუბრობდა ეკლესიის გარეთ აღსრულებული ნათლისცემის განუმეორებლობაზე, ვის მიერაც გინდ ყოფილიყო იგი აღსრულებული, – და ამით მხოლოდ სწორად აღსრულებულ ნათლისცემას გულისხმობდა, თუ, სულ ცოტა, – იესუ ქრისტეს, ანუ წმიდა სამების სახელით აღსრულებულს, – და თავის დავაში კვიპრიანესთან მიზნად ისახავდა დაემტკიცებინა სწორედ ასეთი ნათლისცემის მოქმედება და დაეძლია კვიპრიანეს მოსაზრება ნებისმიერ არამართლმორწმუნეთა ნათლისცემის არაქმედითობის შესახებ (29).
_________________________
29. ასე რომ ვლაპარაკობთ სტეფანეზე, არ გვგონია, რომ მთლიანად გავამართლოთ იგი და დავამტკიცოთ, თითქოსდა არ ცდებოდა იგი თავისი მოსაზრებაში ერეტიკოსთა ნათლისღებასთან დაკავშირებით. ის უკვე იმაში ცდებოდა, რომ წმიდა სამების სახელით აღსრულებულ ერეტიკოსთა ნათლობა ჭეშმარიტად მიაჩნდა, მაგრამ არ აკეთებდა გამონაკლისს იმ ერეტიკოსთა ნათლობასთან დაკავშირებით, რომლებიც ამახინჯებდნენ რჯულის ძირითად დოგმატებს, - რომელსაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეკლესია არ ცნობდა ჭეშმარიტად,- თუმცა ნატლობის გარეგანი ფორმით სწორადაც ჰქონდათ აღსრულებული.
_________________________
ასე მსჯელობდნენ და ამტკიცებდნენ თავიანთ მოსაზრებებს მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეულ არამართლმორწმუნეთა მიღების სხვადასხვა წესის დამცველნი პირველ სამ საუკუნეში; ასე ამჟღავნებდნენ და განმარტავდნენ ისინი ამავე დროს თვით საკითხსაც ნათლისცემის მნიშვნელობისა და ქმედითობის შესახებ, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ ერეტიკოსთა და განდგომილთა მიერ იყო აღსრულებული.
ერთთა და მეორეთა (როგორც ყველა ერეტიკოსის ნათლისღებით მიღების დამცველთა, ისე მათი მოწინააღმდეგეთა) შინაგანი რწმენის სიმტკიცე თავიანთი მოსაზრებებისა და თავიანთი ეკლესიების პრაქტიკის სიმართლეში, და ამავე დროს, ორივე მხრიდან მოყვანილ საბუთთა ძალა, იყო იმის მიზეზი, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმორწმუნეთა მიღების სხვადასხვა წესები, ერთნაირი ცდომილებების მქონეთათვის, მთელი III საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა; ერთი (მიღება ნათლისცემით) – დამკვიდრებული იყო მცირეაზიურ ეკლესიებში და 256 წლიდან – აფრიკულ ეკლესიებშიც, ხოლო მეორე (ხელის დადებით) – დასავლურ ეკლესიებში და განსაკუთრებით რომაულში.

ფილიპე მოციქულის მიერ საჭურისის ნათლობა (XI ს-ის ბიზანტიური ხატი)
ბ) I მსოფლიო კრების, ლაოდიკიისა და წმიდა მამათა: ათანასე დიდისა და ბასილი დიდის კანონები.
I მსოფლიო კრების მე-8 კანონის სხვადასხვაგვარი განმარტებანი კათარების შესახებ და მისი ჭეშმარიტი აზრი. ლაოდიკიის კრების კანონები იმავე კათარებისა და მწვალებელ მონტანისტთა შესახებ. წმ. ათანასეს ეპისტოლე რუფინიანეს არიანელთა მიღების შესახებ. ამ მწვალებელთა ცთომილებანი; მათი ძალა IV ს-ის ეკლესიაში. სოკრატეს მოწმობა მართლმადიდებელ ეკლესიაში მაკედონიანელთა მიღების შესახებ. წმ. ბასილი დიდის 1-ლი და 47-ე კანონების აზრი და მნიშვნელობა.
შენიშვნა IV საუკუნის კანონთა შესახებ ვიდრე II მსოფლიო კრებამდე.
***
IV საუკუნიდან მოყოლებული, არამართლმადიდებელი ქრისტიანების მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების წესები უფრო განსაზღვრულია და ცალკეული ეკლესიების პრაქტიკა უფრო შეთანხმებულია, თუმცა არა უგამონაკლისოდ.
I მსოფლიო კრების მე-19 კანონი ბრძანებს, მართლმადიდებელ ეკლესიაში პავლიანელ ერეტიკოსთა მიღება ნათლისცემით მოხდეს, ხოლო კათარების ანუ ნოვატიანელ განდგომილთა მიღება – ნათლისცემის გარეშე: "ყოფილ პავლიანელთა შესახებ, რომლებიც შემდგომ კათოლიკე ეკლესიისაკენ მოიქცნენ, – ნათქვამია ამ კანონში, – ყველა ისინი თავიდან უნდა მოინათლონ".
III საუკუნის ანტიოქიელი ეპისკოპოსი, პავლე სამოსატელი, მცდარად ასწავლიდა, რომ ძე და სულიწმიდა ღმერთში იმყოფებიან, როგორც გონება და ძალა ადამიანში; ქრისტე იშვა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ვინაიდან მასზე გადმოვიდა მამის სიბრძნე, ანუ სიტყვა, ამიტომ იგი ასწავლიდა და ახდენდა სასწაულებს.
ერეტიკოსის თქმით, ღმრთის სიტყვისა და ადამიანი ქრისტეს ასეთ შეერთებას შეიძლებოდა ღმერთი დარქმეოდა – მაგრამ არა საკუთრივი მნიშვნელობით; ამიტომ პავლემ თავის ეკლესიაში აკრძალა იესუ ქრისტე-ღმერთის სადიდებელი გალობების შესრულება და მისი სახელით ნათლისღება (Церк. Ист. Евсевия. Кн. VII, гл. гл. 27, 30; Епифан. Haeres. 65; Август. Haeres. 44).
ამგვარად, პავლე სამოსატელის მიმდევრებს, რომლებიც უარყოფდნენ ღმრთის ძის ღვთაებრიობას, მის განკაცებასა და წმიდა სამებას, – უკვე მარტო ამის გამო, სახელის გარდა, აღარაფერი ჰქონდათ ქრისტიანული საკუთარ თავში, და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო, კერძოდ, ნათლისღება, თუნდაც აღესრულებინათ იგი. უფრო მეტიც, ისინი აშკარად ამახინჯებდნენ საიდუმლოებებს და ნათლისღებას იესუ ქრისტე-ღმერთის სახელით სრულიად უარყოფდნენ (Bingham in. Origin. Eccles. Т. IV. lib. XI, с. III, § 9); ამიტომ მათი მართლმადიდებელ ეკლესიაში მათი მიღება აუცილებელი იყო არა სხვაგვარად, თუ არა, როგორც წარმართთა, ანუ ნათლისღებით.
ნოვატიანელ განდგომილთა, ანუ იმათ შესახებ ვისზეც III საუკუნეში კვიპრიანეს ეკითხებოდა მაგნუსი და რომელთა გამორიცხვა ნათლისღებით შემოსაერთებელთაგან კვიპრიანეს არ სურდა, პირველი მსოფლიო კრება ბრძანებს: "მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს "წმინდას" უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელდასხმის შემდეგ ისინი დასში დარჩნენ. უწინარეს ყოვლისა კი მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განწესებებს, ანუ საეკლესიო თანაზიარებაში იქნებიან მეორედ ქორწინებულებთან და დევნილობის ჟამს განდგომილებთან, რომელთათვის მონანიებისა და შენდობის ვადაც განსაზღვრულია. მხოლოდ საჭიროა, რომ ისინი ყოველმხრივ მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის დადგენილებებს" (I მსოფლ. კრების მე-8 კანონი).
რომლებიც თავს წმინდებს (καθαροί) უწოდებდნენ და კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას უერთდებიან, წმიდა და დიდ კრებას სათნოეყო შემდეგი განჩინება: ხელთა დადების შემდეგ (ὥστε χειροθετουμένους αὐτούς) ისინი კლიროსში დარჩნენ“. „ხოლო უწინარეს ყოვლისა, – ნათქვამია შემდგომ მე-8 წესში, – ეკუთვნით მათ აღიარონ, რომ მიემხრობიან და მიჰყვებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განჩინებებს, ანუ იქნებიან ეკლესიურ ზიარებაში, როგორც ორცოლებთან, ისე დევნის დროს განდგომილთან, რომელთათვისაც დადგენილ არს მონანიების დროც და მიტევების ვადაც. საჭიროა, რომ ისინი ყოველთვის მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის განჩინებებს“ (მე-8 წესი).
თუმცა ეს განწესება ეხება კათარების, კერძოდ, კლირიკოსთა მიღებას; მაგრამ, თუკი, ამ განწესების მიხედვით, კლირიკოსები ხელახლა არ უნდა მოინათლონ, მაშინ, რა თქმა უნდა, – არც მორწმუნე ერისკაცნი. ამ განწესების საფუძველზე უფრო რთულია განისაზღვროს, თუ რომელი წესით უნდა იქნენ მიღებულნი ერისკაცი კათარები. დასავლეთ ეკლესიის პრაქტიკიდან, როგორც ამას მოწმობენ ინოკენტი I (30) და სირიციუსი (31) ჩანს, რომ დასავლეთის ეკლესია ამ წესში ხედავდა განჩინებას – კათარი ერისკაცები მიეღოთ მხოლოდ მონანიებით, ხელთა დადების თანხლებით ცოდვათა მიტევების ნიშნად. ნეტარი იერონიმე, როდესაც განმარტავს გამოთქმას: ὥστε χειροθετουμένους αὐτούς ("მათზე ხელთა დადების შემდეგ") ამბობს, რომ აქ იგულისხმება მირონცხება (Dialog. advers. Lucifer).
ასე ესმოდა ნიკეის კრების მე-8 განწესება ერთ-ერთ ძველ კომენტატორს – არისტენეს. ამ კანონის მისეულ განმარტებაში ის ამბობს: "ნოვატის მიერ ცდუნებულნი და მის მიერ წმინდებად წოდებულნი, თუ მოვლენ ეკლესიაში და აღიარებენ, რომ მიიღებენ როგორც ორჯერ დაქორწინებულთ, ასევე შემწყნარებლურნი იქნებიან შემცოდეთა, მაგრამ მონანულთა მიმართ, და ანათემას გასცემენ საკუთარ ერესსა და სხვა მწვალებლობებს, – უნდა იქნენ მიღებულნი და ცხებულნი მხოლოდ წმიდა მირონით" (Σύνταγμα τῶν ἱερῶν κανόνων ὑπὸ Ῥάλλη καὶ Ποτλῆ. T. II, σ. 136).
მაგრამ წმიდა ტარასი, VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე, გამოთქმაში: ὥστε χειροθετουμένους αὐτούς ("ხელთა დადებით მიიღებიან") გულისხმობდა უბრალოდ საკურთხებელ ხელის დადებას (32) (ეჭვგარეშეა, მოქცეულთა მონანიების შემდეგ). ბალსამონი და ზონარაც ასე განმარტავენ ამ გამოთქმას და ამბობენ, რომ ნოვატიანელები "თანაზიარობაში მიიღებიან მონანიებისა და საკუთარ მცდარ შეხედულებათა უარყოფის შემდეგ" (33).
განხილული გამოთქმის პირველი (დასავლეთ ეკლესიის) და უკანასკნელი გაგება უფრო მართებულად გვეჩვენება:
1) იმიტომ, რომ (პირველმა მსოფლიო) კრებამ, განასხვავა რა ნოვატიანელები პავლიანელებისგან, დაადგინა მათი კლირიკოსები მიეღოთ მღვდელმსახურების ადრინდელ ხარისხებში (იმავე მე-8 განწესების თანახმად), და ცხადია, აღიარებდა ნოვატიანელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოთა მართებულობაც – მაშასადამე, მათი მირონცხების მართებულობასაც;
2) იმიტომ, რომ მირონცხება IV საუკუნეში ჩვეულებრივ აღინიშნებოდა სიტყვებით: χρισία τῷ ἁγίῳ μύρῳ (ცხება წმიდა მირონით), ხოლო კრებათა განჩინებებში არამართლმადიდებელთა მირონცხებით მიღების შესახებ ჩვეულებრივ ნათქვამია: χριστήσονται τῷ ἁγίῳ (ცხებულ იქნენ წმიდით); ასეა ნათქვამი იმავე ნოვატიანელებზე ლაოდიკიის კრების მე-8 და II მსოფლიო კრების მე-7 კანონებში.
ლაოდიკიის კრებაზე დადგენილ იქნა, მირონცხებით მიეღოთ (ნოვატიანელების გარდა) ფოტინიანელები და მეთოთხმეტიანელები, ხოლო ნათლისცემით – მონტანისტები ანუ ფრიგიელები: "მწვალებლები - ნავატიანნი, ფოტინიანნი და მეთოთხმეტიანელები - თუ მოიქცევიან და გახდებიან კათაკმევლები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობინი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებელით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოთ" (კან. 7).
"იმ მწვალებელთაგან, რომელთაც ფრიგიელნი ეწოდებათ, თუ ვინმე მოიქცევა სარწმუნოებისკენ, ვინც გინდ იყოს, თუნცად მათ მიერ სამღვდელო პირად მიჩნეული, გინდა დიდებულად წოდებული, დიდი გულმოდგინებით უნდა იქნეს მათი ქრისტიანად განსწავლა და მონათვლა ეპისკოპოსისა და მღვდელთა მიერ" (კან. 8).
ამგვარი განჩინებებისა და ხსენებულ არამართლმადიდებელთა მიღების წესთა განსხვავების საფუძველი, ეჭვგარეშეა, იყო განსხვავება თვით მათ მცდარ შეხედულებებს შორის: ვინაიდან მონტანისტები, რომლებიც ამახინჯებდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ძირითად დოგმატებს, ამახინჯებდნენ აგრეთვე ნათლისღებასაც, აღასრულებდნენ მას მონტანისა და პრისკილას სახელით; მეთოთხმეტიანელნი ცდებოდნენ მხოლოდ წმიდა პასექის დღესასწაულის აღნიშვნაში, რადგან მას იუდეველებთან ერთად ნისანის მე-14 დღეს აღნიშნავდნენ, ზოგიერთი მათგანი კი პასექზე მარხვას არ იხსნილებდა (Socrat. V, 21. Sozomen. VII, 20), და ამგვარად, ისინიც, ნოვატიანელთა მსგავსად, მხოლოდ განდგომილები (სქიზმატები) იყვნენ; ფოტინიანელები, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფდნენ ღმრთის ძის საუკუნეთა უწინარეს ყოფნას, მის ჰიპოსტასსა და მარადიულ სასუფეველს, ნათლისღებას სწორად ასრულებდნენ – სამგზისი შთაფლვით და წმიდა სამების სახელთა მოწოდებით, ხოლო მართლმადიდებლობიდან მათთან გადასულებს ხელახლა არ ნათლავდნენ, რაც, ეჭვგარეშეა, ძირითადი მიზეზი იყო იმისა, რომ კრებამ მათ მიმართ ლმობიერება გამოიჩინა (34).
_________________________
30. Epist. II, ad Wictricium, с. VIII: "ut venientes a Nouatianis vel Montensibus per manus tantum impositionem suscipiantum" ("რათა ნოვატიანელთაგან ან მონტანისტთაგან მოქცეულნი მხოლოდ ხელთა დადების გზით იქნენ მიღებულნი"). Orig. Eccles. Binghami T. IV, lib. XII, с. § VI. n. s.
31. "Nos cum Novatianis, aliisque haereticis, sicut est in Synodo constitutum, per invocationem solam septiformis Spiritus, Episcopali manus impositione, catholicorum conventui sociamus Arianos. Quod etiam totus Oriens Occidensque custodit" ("ჩვენ, როგორც ეს კრებაზეა დადგენილი, ნოვატიანელებთან და სხვა ერეტიკოსებთან ერთად, არიანელებს მხოლოდ სულის შვიდგზისი მოხმობით და ეპისკოპოსის ხელის დადებით ვუერთებთ კათოლიკე საკრებულოს. ამასვე იცავს მთელი აღმოსავლეთი და დასავლეთიც").
32. "Forte (diхit S. Tarasius) in benedictione tantum hiс manus impositionem dicit (canon) et non consecrationem" ("შესაძლოა (თქვა წმინდა ტარასიმ), აქ ეს კანონი "მხოლოდ კურთხევაში" გულისხმობდეს ხელის დადებას და არა ხელდასხმას (კონსეკრაციას)" (Binii consiliorum. T. III, p. II, p. 486).
33. ბალსამონი წერს: "ἐάν τινες ἐκ τούτων μετὰ εἰλικρινοῦς μετανοίας ἀποστῶσι τῆς προτέρας κακίας, καὶ ἀσφαλίσωνται φυλάττειν τὰ τῆς καθολικῆς ἐκκλησίας δόγματα, δεχθήσονται ("თუ რომელიმე მათგანი გულწრფელი სინანულით განეშორება თავის წინა ბოროტებას და დაადასტურებს (დაამტკიცებს), რომ დაიცავს კათოლიკე ეკლესიის დოგმატებს, მიღებულ იქნებიან) (Σύντ. T. II, σ. 135). იგივეს ამბობს ზონარაც (σ. 134).
34. Epiphan. Наеr. 71; Socrat. II, 19; Theodoret. haer. 2, 11. სლავურ "კორმჩაია"-ში ლაოდიკიის კრების მე-7 კანონის განმარტებაში ფოტინიანელები, არისტენეს თანახმად (Σύνταγμα κανόνων – ტ. III, გვ. 177), ნოვატიანელებისგან განცალკევებულნი არიან; ხოლო ფოტინიანელნი, როგორც იქვეა ნათქვამი, უნდა მოინათლონ. მაგრამ ეს არ ეთანხმება კრების კანონის პირდაპირ და ნათელ აზრს, არც სხვა ძველ განმარტებებს, რომლებშიც ფოტინიანელთა ასეთი განცალკევება ნოვატიანელებისაგან არ გვაქვს (იხ. ვალსამონისა და ზონარას განმარტებები, Σύνταγμα καν. ტ. III, გვ. 176–177).
_________________________

არიანელთა, - IV საუკუნის ყველაზე გავრცელებული მწვალებლური სექტის, - მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღების შესახებ კანონს ვპოულობთ წმინდა ათანასე დიდთან, რუფინიანესადმი მიწერილ მის ეპისტოლეში. ამ ეპისტოლეთი წმინდა ათანასე პასუხობდა რუფინიანეს კითხვას: "შესაძლებელია თუ არა მღვდლობის თავიანთ ხარისხებში მიღება იმათი, ვინც არიანელებმა ძალადობით გადაიბირეს, ხოლო ერისკაცთა მღვდლად ხელდასხმა" და ამასთანავე გამოთქვა არიანელთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების ზოგადი წესი.
ეს წესი ზოგადად (35) შემდეგში მდგომარეობს: "არიანელები, მონანიების შემდეგ, ანათემას გასცემდნენ ევდოქსიოსსა და ევზოიოსის მწვალებლობებს", ანუ ისინი მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა იქნენ მიღებულნი თავიანთი და სხვა მწვალებლობათა უბრალო უარყოფით, სხვანაირად – მონანიებით. "ასე დააწესეს კრებებმა, – ამბობს წმინდა ათანასე, – ელადაში, ... აგრეთვე ესპანელებმა და გალიელებმა" (36).
როგორც ცნობილია, არიანელები ცდებოდნენ სწავლებაში ძის შესახებ, უარყოფდნენ მის საუკუნეთა უწინარეს შობას მამისგან, მასთან თანაარსობას და მას ქმნილებად მიიჩნევდნენ – ყველა ქმნილებათაგან უპირველესად, ხოლო ღმერთად – მხოლოდ მიშვილებითა და მამის ნებით და არა ბუნებით; მაგრამ ნათლობა, საიდუმლოს გარეგანი წესის შესრულების მხრივ, სწორი ჰქონდათ (37).
IV საუკუნის განმავლობაში, იმპერატორ კონსტანცისა და ვალენტის მმართველობისას, გავრცელდნენ რა სწრაფად აღმოსავლეთითა და დასავლეთით, საერო ხელისუფლების მფარველობით, მრავალი ქრისტიანი თავიანთ საზოგადოებაში ძალადობით მიიტაცეს და შიშით აიძულებდნენ მიეღოთ მათი ცრუმოძღვრება; აშკარა ძალადობით იპყრობდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, დევნიდნენ მათგან მართლმადიდებლებს, აწყობდნენ თავიანთ მრავალრიცხოვან კრებებს, ასამართლებდნენ ეკლესიის ერთგულ, ღვთისმოსავ მოძღვრებს და აწამებდნენ, ამგვარად, დიდი არეულობა შეჰქონდათ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (38).
არიანელთა მხრიდან სწორედ ამ ძალადობასა და ეკლესიაში დიდი არეულობის საშიშროებაში უთითებს წმინდა ათანასე ეკლესიის შემწყნარებლური მოქმედების მიზეზს იმ არიანელთა მიღებისას, რომლებიც მართლმადიდებლობას უბრუნდებოდნენ; ის რუფინიანეს წერს, რომ ეკლესიის შემწყნარებლური მოქმედება (οἰκονομικῶς) ნათლობის გარეშე მიეღოთ არიანელნი დაშვებული იყო გარკვეული კეთილი თვალსაზრისით, და იმის შიშით, რომ კანონის სიმკაცრის გამო ეკლესიები არ არეულიყვნენ და ერი არ დაღუპულიყო.
როგორც ჩანს, წმინდა ათანასე აქ საუბრობს ეკლესიის მიერ ზოგადად ყველა არიანელის მიმართ გამოჩენილ შემწყნარებლობაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის პასუხობდა რუფინიანეს კითხვას მხოლოდ ძალადობით გადაბირებულ არიანელთა მიღების შესახებ და, შესაბამისად, იმათ შესახებ, ვინც ნათლობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღეს. მათ ეკლესია არასოდეს უქვემდებარებდა ახალ ნათლობას. ხოლო თუ წმინდა მამა ეკლესიის შემწყნარებლურ მოქმედებად მიიჩნევს ძალადობით გატაცებულთა მხოლოდ მონანიებით მიღებას, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ის არ დაუშვებდა ნათლობის გარეშე იმ არიანელთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში შემოერთებას, რომლებიც არიანელთაგანვე მოინათლნენ. ხოლო, თუ ეს სხვა ეკლესიებში აქამომდე პრაქტიკაში იყო, მაშინ ეს იქნებოდა არა საეკლესიო კანონთა საფუძველზე, არამედ ასეთივე შემწყნარებლური მოქმედებით, რომელიც, შესაძლოა, იმავე მიზეზებით იყო გამოწვეული, ანუ - შიშით არ არეულიყვნენ ეკლესიები და ერი არ დაღუპულიყო.
მეორე მსოფლიო კრებამდე მართლმადიდებელ ეკლესიაში მაკედონიანელთა მიღების წესის შესახებ მოწმობს სოკრატე თავის ისტორიაში. ის მოგვითხრობს ლიბერიუსის მიერ ზოგიერთი მაკედონიანელი ეპისკოპოსის შეწყნარებაზე ცდომილებათა წერილობითი უარყოფით, ანუ მხოლოდ მონანიებით. "მას (ლიბერიუსს), – სოკრატეს თქმით, – არავითარ შემთხვევაში არ სურდა მათი მიღება, ამბობდა, რომ ისინი არიანელები იყვნენ და არ ძალუძდა მათი მიღება ეკლესიაში, როგორც ნიკეის მრწამსის უარმყოფელების" (სოკრატე. საეკლ. ისტ. წ. IV, თ. 12). მაგრამ "მათ მიუგეს, რომ მოინანიეს და შეიცნეს ჭაშმარიტება: უკვე მანამდე უარყვეს "ანომიელთა" მრწამსი და აღიარებდნენ, რომ ძე მამის მსგავსი იყო ყოველივეს მიხედვით და არაფრით განსხვავდებოდა "თანაარსისგან" ყოველივეს მიხედვით მსგავსება. როდესაც მათ ეს თქვეს, ლიბერიუსმა მათ მოსთხოვა მათი შეხედულების წერილობითი აღსარება. მათაც მიაწოდეს მას წიგნი, რომელშიც ნიკეაში გადმოცემული მრწამსის გამონათქვამები იყო ჩართული" (იქვე).
რომ ამგვარადვე მიიღებოდნენ თვით არიანელებიც, – ეს ჩანს ლიბერიუსის ეპისტოლედან მაკედონიანელი ეპისკოპოსებისადმი, რომელშიც ის, სხვათა შორის, წერდა: "აუცილებელია, რომ თქვენი მეშვეობით ყველას ეუწყოს ეს, რათა მზაკვრულად მოტყუებულებმა, ოდესმე მწვალებლური წყვდიადიდან კათოლიკე თავისუფლების საღვთო ნათლისკენ მოქცევა შეძლონ. მათ, რომლებიც ამავე კრების (39) შემდეგ არ ისურვებენ გადმონერწყვონ ბოროტი სარწმუნოების შხამი და არიოზის ყოველი გმობის აღხოცვას და შეჩვენებას, უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიოზის, მის მოწაფეებთან და დანარჩენ გველებთან, საბელიანელებთან, თუ სხვა ოდესმე არსებულ მწვალებლობებთან ერთად მოღალატეებად არიან შერაცხილი და განკვეთილი არიან საეკლესიო კრებულებიდან, რომელიც არ იღებს უკანონო შვილებს".
_________________________
35. წარგზავნილთაგან სრულად გადმოცემული იხ. კანონთა წიგნში; ამ ეპისტოლეში წმინდა მამა, სხვათა შორის, რუფინიანეს წერს: "ღირსად ჩათვალე ამის წაკითხვა სამღვდელო დასისთვის და შენს სამწყსოდ მიჩნეული ერისთვის, რომ მათაც იცოდნენ ეს და ბრალი არ დაგდონ შენ ასეთი საქმეების ამგვარად წარმართვის გამო" (Кн. Правил. С. 282) (იხ. ქართ.: დიდი რჯულისკანონი. თბილისი 2024. გვ. 374-375. – "აპოკ." რედ.)
36. ელადის, ესპანეთისა და გალიის კრებების დრო უცნობია. ალექსანდრიის კრება, რომელსაც წმინდა ათანასე "გარე ქვეყნებიდან შეკრებილ ეპისკოპოსთა კრებას" უწოდებს, გაიმართა 362 წელს. Πηδάλιον, გვ. 400, შენიშვნა 3.
37. Theodoret. Haer. fab. lib. IV. с. IV (თეოდორიტე, "მწვალებლობათა ისტორია", წ. IV, თ. IV). არიანელები რამდენიმე სექტად იყოფოდნენ: სუფთა არიანელები (რომელთა ცრუმოძღვრებაც ჩვენ განვმარტეთ), – ნახევრადარიანელები, რომელნიც ძეს მამის მსგავსარსს (ὅμοιον κατὰ πάντα – ყველაფერში მსგავსს) უწოდებდნენ და ამის გამო დაგმეს თვით არიანელებმა სირმიუმის მეორე კრებაზე, – აკაკიანელები, – რომლებიც უარყო მათივე მოძღვარმა, კესარიის ეპისკოპოსმა აკაკიმ, რომელმაც ანტიოქიის კრებაზე (დაახლ. 363 წ.) მიიღო ნიკეის სარწმუნოება. ესენი, როგორც ჩანს, ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ შუალედი არიანელებსა და ნახევრადარიანელებს შორის, ამიტომაც ძეს უბრალოდ მამის მსგავსს უწოდებდნენ, რომელსაც მხოლოდ გარკვეული ნებელობითი მსგავსება აქვს მამასთან. (სოკრატე, "ისტორია", წ. II, თ. XXX, XI).
ზოგიერთი არიანელი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ძე ღვთისა მომდინარეობს არარსებულთაგან (ἐξ οὐκ ὄντων) და ამიტომ ეწოდებოდათ: Exuconti (ექსუკონტი) (თეოდორიტე, წ. I, თ. VI). ესენი დაგმეს არიანელებმა ანტიოქიის, სირმიუმისა და არიმინის კრებებზე (სოკრატე, წ. II, თ. XLI; სოზომენი, წ. I, XIX). არიანელთაგან წარმოიშვნენ: ევნომეველნი, რომლებიც ნათლობას მხოლოდ ერთგზის ჩაძირვით ქრისტეს სიკვდილში აღასრულებდნენ და დაგმეს თვით არიანელებმა ანკვირის კრებაზე (358 წ., სოკრატე, წ. V, თ. XXV; ეპიფანე, „ერესები“, LXXVI) – მაკედონიანელები, უარყოფდნენ წმიდა სულის ღვთაებრიობას, და მრავალი სხვა (სოკრატე, წ. V, თ. 23-24). წმიდა ათანასეს ეპისტოლე, ცხადია, არ ეხება ამ უკანასკნელ ერეტიკოსებს; მასში ის საუბრობს მხოლოდ იმათზე, ვინც ძალადობით იქნა გადაბირებული არიანელობაში, შესაბამისად, ნათლობა რომ მიიღეს ჯერ კიდევ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყვნენ; და ალექსანდრიის კრებაც, რომელსაც აქ წმიდა ათანასე იხსენიებს, საკუთრივ განიხილავდა მხოლოდ არიანელთა პირველ სექტებს (Πηδάλιον, გვ. 400-401, შენიშვნა 3).
38. აი, რას წერდა წმინდა ჰილარიუსი წიგნში "კონსტანციუსის წინააღმდეგ": "გიცხადებ შენ, კონსტანციუს, იმას, რასაც ნერონს ვეტყოდი, და რასაც ჩემგან მოისმენდნენ დეციუსი და მაქსიმიანე! შენ ეომები ღმერთს, მძვინვარებ ეკლესიის წინააღმდეგ, დევნი წმინდანებს, გძულს ქრისტეს მქადაგებელნი, აოხრებ სარწმუნოებას... შენიანებს (არიანელებს) ეპისკოპოსებად ნიშნავ, კეთილებს ბოროტებით ცვლი; მღვდლებს ციხეში ამწყვდევ; შენს ლაშქარს ეკლესიის შესაშინებლად იყენებ; იწვევ კრებებს და დასავლელთა (ქრისტიანთა) სარწმუნოებას უღმრთობას აიძულებ; ერთ ადგილას გამოკეტილთ მუქარით აშინებ, შიმშილით აუძლურებ, სიცივით ჰკლავ... ყოველგვარ სისასტიკეს ჩადიხარ იმათ მიმართ, ვინც დიდებული სიკვდილით მიიცვალება, მათდამი სიძულვილის გარეშე". ხოლო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ვალენტის (არიანელის) სისასტიკესა და მართლმადიდებელთა გასაჭირზე წერდა: "როგორი მგზნებარეც იყოს ვალენტის პირველი ბოროტი საქმეები, მისი უკანასკნელი ბოროტებანი კიდევ უფრო მგზნებარე აღმოჩნდა. რომელ პირველ ბოროტებებს ვგულისხმობ? დევნას, ქონების ჩამორთმევას, ხილულ და ფარულ მზაკვრობას... ეკლესიებიდან მართალი სარწმუნოების აღმსარებელთა განდევნას, პრესვიტერთა ცოცხლად დაწვას ზღვაზე; უღმრთო მხედართმთავარნი, რომლებიც ეკლესიების წინააღმდეგ იბრძოდნენ, საკურთხევლებზე მკრეხელობდნენ, უსისხლო მღვდელმსახურებას ადამიანთა და მსხვერპლთა სისხლით ღებავდნენ, და ქალწულთა სიწმინდეს უდიდესი გმობით შეურაცხყოფდნენ" (სიტყვა 43, ქება დიდისა ბასილისა).
39. იგულისხმება ლამპსაკის კრება, რომელზეც მაკედონიანელებმა გადაწყვიტეს თხოვნით მიემართათ ლიბერიუსისთვის, რათა მიეღო ისინი თანაზიარობაში და რომელი კრებისგანაც გაიგზავნა ელჩები მისი მისამართით. Ibid.
_________________________
მაკედონიანელთა მიღებისას (ცდომილებათა უარყოფით გულწრფელი მონანიების დროს) ასეთი შემწყნარებლური მოქმედების საფუძველი, ეჭვგარეშეა, მაკედონიანელთა მიერ აღსრულებული ნათლობის სისწორე იყო, – სამი შთაფვლითა და წმიდა სამების სახელით, – და, სავარაუდოდ, – იგივე შიში უფრო დიდი არეულობა არ აღმოცენებულიყო ეკლესიაში, ვიდრე ის, რომელსაც წმიდა ათანასე წარმოაჩენს არიანელებთან მიმართებაში.
მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა განსახილველ პერიოდში (II მსოფლიო კრებამდე) აქვს წმინდა ბასილი დიდის განწესებებს. მნიშვნელოვანნი არიან ისინი არა მარტო, როგორც წმინდა მამისა და მსოფლიო მოძღვრის მოსაზრების გამოხატულების თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ წარმოადგენენ ნათელ ცნობას ადგილობრივ ეკლესიათა იმდროინდელი პრაქტიკის შესახებ სხვადასხვა სახის მწვალებელთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებისას, და აჩვენებენ იმ საწყისებს, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ეკლესიათა წინამძღვარნი ამ საკითხში.
იკონიის ეპისკოპოსის, ათანასეს (სავარაუდოდ, აქ უნდა ეწეროს ამფილოქე - "აპოკ." რედ.) კითხვაზე წმინდა ბასილი დიდი პასუხობდა: კანონი 1-ლი: "წმიდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს. პეპუზიანელთა (მონტანისტები, რომლებიც ქალაქ პეპუზას, როგორც თავიანთ ცენტრს, თავიანთ იერუსალიმს უწოდებდნენ - ავტ.) შესახებ არა მგონია, რომ რაიმე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა. ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესკრებელობა (თვითნებური თავშეყრა).
მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისგან გაყოფილები.
კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე, თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა.
პეპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, ... წმიდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენ პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმიდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები) და ანოტაქტიტები (40).
_________________________
40. ენკრატიტები ეწოდებოდათ სექტანტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ არაჩვეულებრივი თავშეკავებით საკვებში, ცხოვრების წესში და ყველაფერში, ისე, რომ უარყოფდნენ ქორწინებასაც კი, როგორც გრძნობითობის შეუკავებლობას, ერიდებოდნენ ხორცს, როგორც ბოროტებას. მათგან წარმოიშვნენ ჰიდროპარასტატები, ანუ საკოფორები, და აპოტაქტიტები, რომელთაგან პირველნი მუდმივად ატარებდნენ ჯვალოს და წარმოჩინდებოდნენ განუწყვეტლივ მომნანიებლად და თავის მოკვდინებისთვის გადადებულებად; უკანასკნელნი, როგორც ჩანს, ყველაფერს ამქვეყნიურს უარყოფდნენ, ცხოვრების ყოველგვარ სიკეთესა და სიხარულს, ყოველგვარ კავშირს ადამიანებთან, ყოველგვარ ქონებას, მიიჩნევდნენ ასეთ უარყოფას სულიერი ცხოვრების სრულყოფილებად (Epiphan. Haer. 47; Clim. Alexand. Strom. I; Theodoret. Haer. fab. lib. 1, c. 20). დიდი ალბათობით, სწორედ ამ არამართლმადიდებელთა ზიზღის გამო, რომელიც მათ ღვთის ქმნილებებისადმი გააჩნდათ, წმინდა ბასილი დიდი 47-ე განწესებაში მათ მარკიონიტებისა და მანიქეველების ერესის შთამომავლებს უწოდებს, რომელთაც ღმერთი ბოროტების შემოქმედად მიაჩნდათ.
_________________________
ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონა სინანულის შესახებ არის განხეთქილება. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა ნიშნავს გაყოფას თვით ღვთის სარწმუნოების საკითხში.
პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხში იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან.
რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისგან... განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი, ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და არც ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებიულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ, რადგანაც ასიაში ბევრს გადაჭრით სურდა, მრავალთა აღსაშენებლად (οἰκονομίας ἕνεκα τῶν πολλῶν), მიეღო მათი ნათლისღება, ამიტომ, დაე, მიღებულ იქნეს იგი" (Полное изложение правила см. в Кн. прав. на с. с. 287–290) (ქართ.: მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. მღვდელმთავარ ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებებით. თბილისი 2021 წ. გვ. 341-342).
ამგვარად, წმინდა ბასილი დიდი ყველა არამართლმადიდებელს სამ ნაწილად ჰყოფს: ერეტიკოსებად (რომლებიც თავიანთი ცრუმოძღვრებით ძირს უთხრიან ქრისტეს სარწმუნოების საფუძვლებს, ქმნიან თავიანთ ცრუ სარწმუნოებას და ამიტომ სრულიად განცალკევებულნი არიან მართლმადიდებელი ეკლესიისგან), – სქიზმატებად (რომლებიც ცდებიან რომელიმე კერძო მოსაზრებებში (δι’ αἰτίας τινὰς ἐκκλεσιαστικάς) ან ისეთ საკითხებში, რომლებიც განკურნებას ექვემდებარება (ζητήματα ἰάσιμα), ანუ ისეთ საკითხებში, სადაც ცდომილება არსებითად არ აზიანებს სარწმუნოებასა და ცხონებას, და ადვილად გამოსწორებადია), – და აგრეთვე: პარასინაგოგებად (παρασυναγωγάς), ანუ თვითნებობით შეკრებილებად (ეს არის უკანონოდ შედგენილი (ჩამოყალიბებული) კრებულები, რომლებიც არსებითად იგივეა, რაც განხეთქილება).
მისი თქმით, მამათათვის სასურველი იყო სრულიად უარეყოთ ერეტიკოსთა ნათლობა, და, შესაბამისად, ისინი მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლობით მიეღოთ; ხოლო სქიზმატიკოსთა და კიდეშესაკრებელობის მომწყობთა ნათლობა – მიეღოთ და, შესაბამისად, მათგან მოქცეულნი მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლობის გარეშე შეეწყნარებინათ. მაგრამ რა წესით, რომელი ჩინით – მირონცხებით, თუ მხოლოდ მონანიებით, წმინდა მამის შეხედულება დამოწმებული განწესების დასაწყისიდან ნათლად არ ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი კომენტატორები, ბალსამონი და არისტინე, წმინდა ბასილი დიდის 47-ე განწესების გათვალისწინებით, ფიქრობენ, რომ წმიდა მამები როგორც სქიზმატებს, ისე თვითნებური შეკრებების მომწყობთ ერთი ერთ კანონს უქვემდებარებენ და ამბობენ, რომ ორივე მათგანი შეიძლება მიიღონ მირონცხებით (Σύνταγμα κανόνων – σελ. 94 - 95 καὶ 199), მაგრამ ეს მოსაზრება არცთუ სამართლიანია: კიდეშესაკრებელთა შესახებ წმიდა მამები საკმაოდ ნათლად ამბობენ, რომ ასეთნი უნდა გამოსწორდნენ შესაბამისი მონანიებითა, ხოლო განხეთქილებულებთან დაკავშირებით მისი აზრი მართლაც ისეთია, რომ ისინი უნდა მიიღონ მირონცხებით.
ეს ჩანს წმინდა მამის შემდგომი სიტყვებიდან ამფილოქესადმი მიწერილ ეპისტოლეში, კათარების, ენკრატიტების, ჰიდროპარასტატებისა და აპოტაქტიტების შესახებ, თუმცა, როგორც ქვემოთ ვიხილავთ, ის ამ უკანასკნელთ სქიზმატიკოსთა რიცხვს არ აკუთვნებდა; როდესაც თქვა, რომ ძველთათვის – კვიპრიანესა და ფირმილიანესთვის – სასურველი იყო კათარებიც, - ენკრატიტებთან, ჰიდროპარასტატებთან და აპოტაქტიტებთან ერთად, - ერთი წესისთვის დაემორჩილებინათ, ანუ მიეღოთ ისინი ნათლობით იმ საფუძველზე, რომ მათ, ეკლესიისგან განდგომის შემდეგ, დაკარგეს სულიწმიდის მადლი, აგრეთვე წაერთმიათ მათთვის მონათვლისა და ხელდასხმის უფლება, დასძენს: "მაგრამ რადგან ზოგიერთს აზიაში სურდა, მრავალთა აღსაშენებლად, მიეღოთ მათი ნათლისღება, ამიტომ დაე, მიღებულ იქნეს იგი. ჩვენ კი უნდა შევნიშნოთ ენკრატიტების ცბიერება. ისინი თავიანთ თავს ეკლესიისთვის მიუღებლად ჰყოფენ, ჩაიფიქრეს რა საკუთარი, ნაჩქარევი ნათლისღება ჩაეტარებინათ, რითაც თავიანთ ჩვეულებას უღალატეს" (Полное изложение правила см. в Кн. прав. на с. с. 287–290) (ქართ.: მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. მღვდელმთავარ ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებებით. თბილისი 2021 წ. გვ. 341-342) (41).
_________________________
41. ზუსტად უცნობია, თუ რაში მდგომარეობდა ნათლობის წინასწარი დაჩქარება ენკრატიტებთან; ზოგიერთი ფიქრობს, რომ ენკრატიტებმა, რომლებიც ნათლობას მამის და ძისა და სულიწმიდის სახელით აღასრულებდნენ (როგორც ეს ჩანს ბასილი დიდის 47-ე კანონიდან), შემოიღეს ნათლობის ახალი წესები და შეამოკლეს ამ საიდუმლოს წეს-განგება, როგორიც დაცული იყო მართლმადიდებელ ეკლესიაში. სავარაუდოდ, ეს მათ გააკეთეს იმ მიზნით, რათა თავიანთი ნათლობა მართლმადიდებლებისთვის არასწორად ან, სულ მცირე, მართლმადიდებლურისგან სრულიად განსხვავებულად წარმოეჩინათ, და ამგვარად, გაერთულებინათ ვითარება მართლმადიდებლებისთვის, როგორც ენკრატიტების მიღებისას, ასევე თვით ენკრატიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა დაებრკოლებინათ; ენკრატიტები, რა თქმა უნდა, ხელახლა მონათვლას არ მოისურვებდნენ, რომლებიც ნათლობას თავიანთ საზოგადოებაში მამის და ძის და სულიწმიდის სახელით იღებდნენ. იხ. შენიშვნა (ბ) ბასილი დიდის 1-ლი კანონზე, მის თხზულებათა გამოცემაში გარნიეს მიერ. Paris. 1730, ტ. III, გვ. 270.
_________________________
"მაშასადამე, რადგან მათ შესახებ ნათლად არაფერი თქმულა, ვგონებ, რომ შეგვშვენის მათი ნათლისღების უარყოფა. და თუ ვინმეს მათგან იგი მიუღია, მაშინ ესევითარი, ეკლესიაში მოქცევისას - მოინათლოს. მაგრამ თუ ეს დაბრკოლების მიზეზი ხდება საერთო კეთილშენებისთვის (μέλλοι τῇ καθόλου οἰκονομίᾳ ἐμπόδιον ἔσεσθαι), მაშინ საჭიროა კვლავ ჩვეულებას მივსდიოთ და მამებს მივყვეთ, რომლებმაც კეთილგანჭვრეტით მოაწყვეს ჩვენი საქმეები (τοῖς οἰκονομήσασι τὰ καθ’ ἡμᾶς πατράσιν). რამეთუ ვშიშობ, რომ იმ დროს, როდესაც გვინდა ისინი ნაჩქარევი ნათლობისგან შევაკავოთ, სრულიად არ გავიუცხოოთ... აუცილებლად უნდა დაწესდეს, რომ მათი ნათლობის შემდეგ ეკლესიაში მოქცეულნი, ცხებულ იქნენ ერთგულთა მიერ და ისე მოხდეს საიდუმლოებებზე მათი დაშვება.
თუმცა, ვიცი, რომ ზოინისა და სატორნინეს ძმები, რომლებიც მათ საზოგადოებაში (ეპისკოპოსებად) იყვნენ, ჩვენ მივიღეთ საეპისკოპოსო კათედრაზე (ანუ მღვდლობის მათსავე ხარისხებში), ამიტომ მათთან ერთობაში მყოფთ, ჩვენ უკვე მკაცრი სასჯელით ვერ გავაუცხოებთ ეკლესიისგან, რადგან ეპისკოპოსების შეწყნარებით გარკვეული წესი მივიღეთ მათთან ერთობისა"
წმინდა მამის ეს მსჯელობა ენკრატიტებთან დაკავშირებით ნათლად აჩვენებს: ა) რომ ის, განასხვავებდა რა ენკრატიტებს სხვა ჩამოთვლილ არამართლმადიდებელთაგან (კათარები, აპოტაქტიტები და სხვ.) და განაკუთვნებდა რა მათ ერეტიკოსებს, პირადად სურდა ისინი მიეღო ნათლობით; მაგრამ, ბ) ასეთ გამკაცრებულ წესს ხელი რომ არ შეეშალა ზოგადი კეთილაღმშენებლობისთვის, თანახმა იყო "მიყოლოდა ჩვეულებას", ანუ ენკრატიტები მიეღო ნათლობის გარეშეც – მხოლოდ მირონცხებით, თუმცა ზოინი და სატორნინე მიღებულ იქნენ მხოლოდ მონანიებით. მაშასადამე, ბასილი დიდის განხილული (1-ლი) განწესების ზოგადი და სრული აზრი, ცხადია, ასეთია: ერეტიკოსები მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებულ უნდა იქნენ ნათლობით, სქიზმატიკოსები (მათზე წმინდა მამისეული წარმოდგენით) – მირონცხებით, ხოლო სხვა არამართლმადიდებელნი (თვითნებური თავყრილობების მომწყობნი) – მხოლოდ მონანიებით.
მაგრამ თუ ზოგიერთი ერეტიკოსის მიღება ნათლისღებით, კერძოდ, იმათი, ვისაც ჰქონდა სწორი ნათლობა, როგორც, მაგალითად, ენკრატიტებს, სადმე დამაბრკოლებელი გახდებოდა ზოგადი კეთილმოწყობისა და მათთვის, ვინც ხსნას ითხოვდა მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცევით, მაშინ შესაძლებელია და საჭიროაო, მოქცეულთა მიმართ გამოიჩინონ შემწყნარებლობა, ანუ მიიღონ ასეთნი ნათლობის გარეშე, მირონცხებით, და, საერთოდ, – საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი ქვეყნის ჩვეულებას მიჰყვნენ.
ხოლო ჩვეულება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვანაირად რომ ვთქვათ – ადგილობრივ ეკლესიათა პრაქტიკა სხვადასხვა დროს, წმინდა მამის მოწმობით, სხვადასხვანაირი იყო: როგორც წმინდა კვიპრიანესა და ფირმილიანეს დროს (III საუკუნეში) კათარებისა და სხვა არამართლმადიდებელთა ნათლობის შესახებ განმსჯელნი სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ, ასევე IV საუკუნეში დასავლეთის ეკლესია, ისევე როგორც იკონიის ეკლესია (რომლის ეპისკოპოსსაც წერდა ვასილი დიდი თავის ეპისტოლეებს), განსხვავებულად იქცეოდნენ კათარების, ენკრატიტების, საკოფორებისა და აპოტაქტიტების მიღებისას, ვიდრე აღმოსავლეთის ზოგიერთი ეკლესია, ანუ ყველა ამ არამართლმადიდებელს იღებდნენ ნათლობის გარეშე, მაგრამ უმეტესწილად – მხოლოდ მონანიებით, თვით წმინდა ბასილის 47-ე კანონისა და დასავლელი მწერლების, ინოკენტი I-ისა და ლეო I-ის მოწმობით (Innoc. еpist. II ad. Wictricium с. VIII; Leo I ер. 79, с. 7) (Innoc. еpist. II ad. Wictricium с. VIII; Leo I ер. 79, с. 7).
ზოგადი წესის – მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელთა ნათლობით მიღების, სქიზმატიკოსთა – მირონცხებით, ხოლო თვითნებურ თავყრილობათა მომწყობებისა – სინანულით მიღების შეზღუდვა, ერთი მხრივ, ნებადართული იყო ზოგადი კეთილმოწყობისთვის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ჩვეულებისადმი მიყოლით, რაც აჩვენებს, რომ წმინდა ბასილი დიდი არ წარმოადგენდა თავის განაწესს, როგორც უპირობოდ სავალდებულოს, არამედ ის ამფილოქეს მისცა როგორც, ასე ვთქვათ, ზოგადი საწყისი (საფუძველი), რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, როგორც არამართლმადიდებელთა ცდომილებათა გარჩევისას, ისევე მათგან მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეულთა მიღების საქმეში. იგივე ჩანს წმინდა მამის მეორე განაწესიდან, კერძოდ 47-ე კანონიდან.
ბასილი დიდის 47-ე კანონი ასე იკითხება: "მმარხველები (ენკრატიტები), ძაძით მოსილები (საკოფორები) და განყენებულები (აპოტაქტიტები) იგივე სასჯელს ექვემდებარებიან, როგორსაც ნოვატიანელები, რადგან ამათთაგან ზოგიერთთა შესახებ (περὶ ἐκείνων) მიღებულია კანონი, თუმც არა ერთგვაროვანი; სხვების შესახებ (κατὰ τούτους) კი არაფერია თქმული. ხოლო ჩვენ, ერთნაირ სასჯელს (ἑνὶ λόγῳ) წარმოვთქვამთ და ასეთებს თავიდან ვნათლავთ.
და თუმც თქვენთან არ არის მიღებული გადანათვლის ეს ჩვეულება, მსგავსად რომაელებისა, ზოგიერთი კეთილშეხედულებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენი მტკიცებულება ბრალდებისა, დაე, ძალაში იყოს. რამდენადაც მათი მწვალებლობა არის ერთგვარად მარკიონიტების მწვალებლობის ამონაყარი, რომელიც იძაგებს ქორწინებას, უარყოფს ღვინის მიღებას და ღვთის შექმნილს სიბილწეს უწოდებს, ამიტომ ჩვენ არ ვიწყნარებთ მათ ეკლესიაში, თუ არ ინათლებიან ჩვენი ნათლისღებით. დაე, ნუ იტყვიან, რომ ნათელიღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, როდესაც ისინი, მარკიონისა და სხვა მწვალებლების მსგავსად, ღმერთს წარმოადგენენ ბოროტების შემოქმედად. ამდენად, თუ სათნოდ გიჩანთ, უნდა შედგეს ეპისკოპოსთა სიმრავლის შეკრება და გამოიცეს კანონი, რათა მოქმედიც უხიფათო იყოს და პასუხის მიმცემსაც ამგვართა შესახებ შეკითხვაზე, ჰქონდეს პასუხის ღირსსარწმუნო საფუძველი" (ქართ. ტექსტი აღებულია კრებულიდან: მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. მღვდელმთავარ ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებებით. თბილისი 2021 წ. გვ. 394-395).
ამ კანონის აზრი ნათელია: ენკრატიტები, საკოფორები და აპოტაქტიტები, წმინდა ბასილი დიდის თქმით, უნდა მიიღონ ნათლობით, როგორც ისეთი არამართლმადიდებელნი, რომელთა ცდომილებებშიც ის ხედავდა მარკიონიტთა ერესის შტოს; მაგრამ რადგან ზოგიერთ ეკლესიაში, როგორებიცაა რომისა და იკონიის ეკლესიები, ეს არამართლმადიდებელნი მიიღებოდნენ ნათლობის გარეშე, – ამიტომ აქაც, ისევე როგორც 1-ელ განაწესში, წმინდა მამა საკითხის საბოლოო გადაწყვეტას, ჩამოთვლილ მწვალებელთა მიღებასთან დაკავშირებით, მიანდობს ეპისკოპოსთა კრებას და, შესაბამისად, თავის განაწესს არ წარმოაჩენს უპირობოდ სავალდებულო კანონად, ისევე როგორც 1-ელში, არამედ გამოხატავს მხოლოდ თავის პირად მოსაზრებასა და ზოგად საწყისს, რომლითაც შეიძლება იხელმძღვანელონ არამართლმადიდებელთა მიღების საქმეში. კერძოდ:
1) ერეტიკოსები (რომელთაც ის ამ განწესებაში ხსენებულ არამართლმადიდებლებს განაკუთვნებდა) უნდა იქნენ მიღებულნი ნათლობით, ხოლო უთანხმოების ან ეკლესიის კეთილმოწყობისადმი საფრთხის შემთხვევაში – 2) უნდა მივყვეთ ხმათა უმრავლესობას, ანუ რაც იგივეა, - ეკლესიათა გაბატონებულ პრაქტიკას, ეპისკოპოსთა კრებათა დადგენილებებს. მართალია, 47-ე კანონის განმარტებაში როგორც ძველი, ისე უფრო გვიანდელი კომენტატორები ვერ თანხმდებიან, რადგან სიძნელეს ხედავენ სიტყვებში: "ექვემდებარებიან (ენკრატიტები და სხვ.) იმავე განჩინებას, რასაც ნოვატიანელები", და, ამ სიტყვათა ბუკვალურ მნიშვნელობაში ხედავენ წინააღმდეგობას 1-ელ კანონთან, სადაც ნოვატიანელებს წმინდა მამა სქიზმატებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ისინი უნდა მიიღონ მირონცხებით, ან, ზოგადად, ნათლობის გარეშე, ისევე როგორც საკოფორებსა და აპოტაქტიტებს იღებდნენ.
ამ აშკარა წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად ძველი კომენტატორები ზონარა და არისტინე, ამბობენ, რომ 1-ელ კანონში წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, კათარები ანუ ნოვატიანელები მიიღონ ნათლობის გარეშე, მათ მიმართ შემწყნარებლური მოქმედებიდან გამომდინარე (Σύνταγμα κανόνων – Т. IV, σ. 93–94, 199. То же говорится в славянской Кормчей в толков. 47-го пр. Вас. Вел., гл. 26), ისევე, როგორც შემწყნარებლობიდან გამომდინარე უშვებდა ენკრატიტების მირონცხებით მიღებას; აქ კი დუმს ამ შემწყნარებლური მოქმედების შესახებ და ამიერითგან ისეთივე სიმკაცრეს უქვემდებარებს მათ, როგორც ენკრატიტებსა და საკოფორებს, თუმცა მაინც არ წარმოადგენს თავის განწესებას, როგორც უპირობოდ სავალდებულოს.
მაგრამ წმინდა ბასილი დიდის თხზულებათა ერთ-ერთი გამომცემელი (გარნიე) გასულ საუკუნეში, რომელიც არ ეთანხმება ზონარასა და არისტინეს ზემოთ გადმოცემულ განმარტებას, დღეზე უცხადესად (luce clarius) მიიჩნევს, რომ ნაცვლად "ექვემდებარებიან იმავე განჩინებას (როგორც ნოვატიანელები)" – უნდა იკითხებოდეს: "იმავე განჩინებას კი არ ექვემდებარებიან" (οὐκ τῷ αὐτῷ ἀπόκεινται λόγῳ), – იმის საფუძველზე, რომ წმინდა მამას არ შეეძლო ნოვატიანელების შედარება ენკრატიტებთან, რომელთა ცდომილებებშიც ის ხედავდა მარკიონიტთა ერესის შტოს, – რადგან ნოვატიანელთა ცდომილებები სხვა სახის იყო (S. Basilii орр. Т. III, р. 296 not. f. edit. Paris. 1730 аn).
ასეთი წაკითხვის შემთხვევაში მართლაც ადვილად იხსნება აშკარა წინააღმდეგობა ბასილი დიდის 47-ე და 1-ელ განწესებებს შორის; მაგრამ საყურადღებოა, რომ ამ გამომცემლის მიერ მითითებული შეცდომა 47-ე წესის სიტყვებში ვერც ერთმა მეცნიერმა და კომენტატორმა ვერ შენიშნა 1730 წლამდე, ანუ ბასილი დიდის თხზულებათა პარიზული გამოცემის დრომდე, რომელშიც პირველად არის გამოთქმული ეს ვარაუდი, რომელიც არც ერთ უფრო ძველ და არც ერთ ხელნაწერში არ იკითხება. ჩვენი უკიდურესი განსჯით, ასეთი ვარაუდებისა თუ ტექსტუალური ცვლილებების დაშვების გარეშეც შეგვიძლია შევათანხმოთ დიდი მოძღვრისა და ეკლესიის მამის 47-ე და 1-ელ კანონებს შორის არსებული აშკარა უთანხმოება. "ენკრატიტები, საკოფორები და აპოტაქტიტები, - წმინდა მამის თქმით, - ექვემდებარებიან იმავე განჩინებას – τῷ αὐτῷ λόγῳ, როგორსაც ნოვატიანელები, რამეთუ περὶ ἐκείνων ("პერი ეკეინონ" - მათ შესახებ) გამოცემულია განწესება, თუმცა არა ერთიანი, ხოლო κατὰ τούτους ("კატა ტუტუს" - ამათ წინააღმდეგ ან ამათთან დაკავშირებით) ნახსენები არ არის".
რატომ არ უნდა მივაკუთვნოთ სიტყვები περὶ ἐκείνων ნოვატიანელებს, ხოლო სიტყვები κατὰ τούτους – ენკრატიტებს, საკოფორებსა და აპოტაქტიტებს, რომელთა შესახებაც არის ფაქტობრივად ლაპარაკი ამ კანონში? ხოლო ასეთი მიკუთვნებისას განწესების აზრი ნათელი ხდება: მიუხედავად იმისა, რომ ნოვატიანელთა შესახებ არსებობს დადგენილებები (შესაძლოა, იგულისხმება I მსოფლიო კრების მე-8 კანონი და თვით ბასილი დიდის 1-ელი განწესებაც), რომლის მიხედვითაც ისინი უნდა მიიღონ ნათლობის გარეშე; მაგრამ ეს განაწესი ყველგან არ არის პრაქტიკაში, არამედ ზოგიერთ ეკლესიაში ისინი მიიღებიან მირონცხებით, ზოგიერთში – მხოლოდ მონანიებით, ზოგიერთში კი – ნათლობით, რადგან სხვადასხვა იყო ამ ეკლესიათა პრაქტიკა წინა დროებაში, და კიდევ იმისთვის, რათა ხელი არ შეშლოდათ ცხონების მაძიებელთ და არეულობა არ გამოეწვიათ ეკლესიაში.
ასეთია მსჯელობა ნოვატიანელთა შესახებ, ასე მსჯელობდა მათ შესახებ წმინდა ბასილი დიდიც 1-ელ კანონში, როცა განმარტავდა, თუ რატომ იყო სასურველი ძველთათვის, კვიპრიანესა და ფირმილიანესათვის, ყველა ეს კათარი, ენკრატიტი, ჰიდროპარასტატი და აპოტაქტიტი ერთიანი განჩინებისთვის დაემორჩილებინათ. ამავე განჩინებას ექვემდებარებიან ენკრატიტები და საკოფორებიც, რომელთა შესახებ ძველ წესებში (ვისაც გინდ ეკუთვნოდნენ ისინი) არაფერია ნახსენები; მათ შესახებაც ისევე უნდა ვიმსჯელოთ, როგორც ნოვატიანელთა შესახებ, ანუ ერთი და იმავე საფუძველზე (ἑνὶ λόγῳ) და ისინი 1) ხელახლა უნდა მოინათლონ, მაგრამ 2) თუ ეს გახდება ეკლესიის არეულობის მიზეზი, ან დააბრკოლებს ცოხნების მაძიებელთა მოქცევას, მაშინ უნდა შეიკრიბონ მრავალნი ეპისკოპოსნი, და ენკრატიტთა მიღების საკითხი წარადგინონ კრებითი განხილვისა და გადაწყვეტისთვის.
ბასილი დიდის სიტყვების ἑνὶ λόγῳ ასეთი გაგებით, მათი შედარება გამოთქმებთან περὶ ἐκείνων და κατὰ τούτους, ბევრად უფრო მარტივად და საფუძვლიანად იხსნება წმინდა მამის 47-ე და 1-ელ კანონებს შორის არსებული მოჩვენებითი წინააღმდეგობა, და 47-ე კანონის აზრი ისეთივე ნათელი ხდება, როგორც 1-ელის აზრი, – კერძოდ, გამოდის ის აზრი, რომელიც ჩვენ გამოვთქვით ამ კანონის განმარტების დასაწყისში.
ასეთი იყო ეკლესიის დადგენილებები და პრაქტიკა IV საუკუნეში, II მსოფლიო კრებამდე, სხვადასხვა სახის არამართლმადიდებელთა მიღებასთან დაკავშირებით. ამ დადგენილებათა შედარებისას პირველი სამი საუკუნის დადგენილებებთან იკვეთება: ა) რომ მათ შორის უფრო მეტი თანხმობაა, ვიდრე ამ უკანასკნელთა შორის, და, განსაკუთრებით, იმათ შორის, რომლებიც ეხება სქიზმატიკოსთა და ზოგადად იმ არამართლმადიდებელთა მიღებას, რომლებიც ნათლობას გარეგანი ფორმით სწორად აღასრულებდნენ; მაშინ როდესაც პირველი სამი საუკუნის განწესებათა უმეტესი ნაწილი განურჩევლად უარყოფს ყველა არამართლმადიდებლის ნათლობას და განსაზღვრავს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში როგორც სქიზმატები, ისევე ერეტიკოსები მიიღონ ახალი ნათლობით, – გარდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ადრე მონათლულებისა; და პირიქით, IV საუკუნის დადგენილებათა უმეტესი ნაწილით, – სქიზმატების (როგორებიც იყვნენ ნოვატიანელები და მათი მსგავსნი) ნათლობა ცნობილ იქნა მართებულად და განუმეორებლად, და ამდაგვართა მიღება განისაზღვრება გადანათვლის გარეშე; მაშინ როდესაც, შემდეგ, პირველ განაწესებში ზოგი ერეტიკოსი არ განსხვავდებოდა სხვებისგან და ყველა ექვემდებარებოდა ერთსა და იმავე განჩინებას – ზოგიერთ ეკლესიაში (როგორც რომაულში) ყველა მიიღებოდა ნათლობის გარეშე, სხვაში (მცირეაზიურ და აფრიკულ ეკლესიებში) ყველა მიიღებოდა – ნათლობით:
IV საუკუნის განწესებებში თვით ერეტიკოსები ერთმანეთისგან არიან გარჩეულნი, მაგალითად, არიანელები და მაკედონიანელები, რომლებიც ცდებოდნენ მოძღვრებაში წმიდა სამების ერთი ან ორი პირის შესახებ, მაგრამ ჰქონდათ სწორი ნათლობა, – განსხვავებულნი არიან პავლინიანელებისგან, მონტანისტებისგან, მანიქეველებისგან, ვალენტინიანელებისგან და მათი მსგავსებისგან, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქრისტიანობის საფუძველს; პირველთა ნათლობა, როგორც სწორი გარეგანი აღსრულების მხრივ, კანონთა უმეტესი ნაწილით განუმეორებლად იქნა ცნობილი და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათი მიღებისას მათ მიმართ ეკლესია იჩენდა შემწყნარებლობას (იკონომიას), კერძოდ – ნებადართული იყო მათი მიღება ნათლობის გარეშე; სხვათა ნათლობა კი არ იყო აღიარებული, ან თვით მათი ცდომილებების არსის გამო, ან კიდევ საიდუმლოს არასწორი ფორმობრივი (გარეგნული) აღსრულების მხრივ (მონტანისტებთან) და ბრძანებდნენ ამდაგვარნი ეკლესიას შეერთებოდნენ ნათლისღებით (42).
_________________________
42. გარდა დადებითი განწესებებისა, რომლებიც მართებულად არ აღიარებენ გარეგნულად არასწორად შესრულებულ ნათლობას, IV საუკუნეში, ჯერ კიდევ II მსოფლიო კრებამდე, ცნობებს ასეთი ნათლობების უარყოფის შესახებ ეკლესიის მამათა სხვა თხზულებებშიც ვხვდებით. კერძოდ, წმინდა ათანასე დიდი ერთ ადგილას ამბობს: "ვინც რაიმეს აკლებს სამებას და ინათლება მხოლოდ მამის, ან მხოლოდ ძის სახელით, ან მამისა და ძის სახელით სულის გარეშე, ის არაფერს იღებს, არამედ რჩება მოუნათლავად, ისევე როგორც ის, ვინც ასე ნათლავს; რამეთუ ნათლობა სამების მოხმობაში მდგომარეობს" (Epist. ad Serapion. apud Bingham. T. IV, 1, 9.). დიდიმე ალექსანდრიელი, მისდევს რა წმინდა ათანასეს, ამბობს: "არა მგონია, ვინმე იმდენად უგუნური იყოს, რომ სრულყოფილად ჩათვალოს ნათლობა, რომელიც მოიცემა მამისა და ძის სახელით და სულიწმიდის გამოტოვებით, ან ძის გამოტოვებით, ან, ბოლოს, ძისა და სულიწმიდის სახელით მამის გამოტოვებით, რადგანაც, მართალია, შეიძლება ვინმე იყოს ისეთი გულქვა და იმდენად უაზრო, რომ გაბედოს ნათლობა ქრისტეს მცნების წინააღმდეგ, ერთ-ერთი ნაბრძანები სახელის გამოტოვებით, მაგრამ ასეთი არასრულყოფილად მონათლავს, და საერთოდ ვერ შეძლებს განწმინდოს ცოდვებისგან ისინი, ვინც მისი აზრით მონათლულნი არიან" (De Spirit. Sanct, lib. II.). წმინდა ბასილი დიდთან ვხვდებით მთელ თავს "მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ საკმარისია მხოლოდ უფლის სახელით მონათვლა": "არავინ შეცდეს მოციქულთან ნათქვამის გამო, – ამბობს ის, – რომელიც ნათლობის ხსენებისას, ხშირად არ ახსენებს მამისა და სულიწმიდის სახელს, და აქედან არავინ უნდა დაასკვნას, თითქოსდა საჭირო არ არის სახელთა მოხმობა (ნათლობისას)... ვერავინ უწოდებს სრულყოფილს იმ ნათლობას, რომელშიც მოხმობილია მხოლოდ სულის სახელი... რაიმეს დამატება ან გამოკლება იქიდან, რაც ნათლობის შესახებაა ნაბრძანები, ნიშნავს, ცხადად განუდგე მარადიულ სიცოცხლეს... როგორც გვწამს მამისა და ძისა და სულიწმიდისა, ისევე ვინათლებით მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით". Творения отц. церк. в рус. переводе. Т. VII, с. с. 272–273.
_________________________
ამგვარად, პირველი სამი საუკუნის განწესებები, როგორც რომის, ისე მცირეაზიური და აფრიკული ეკლესიების დადგენილებები, ნაწილობრივ შეზღუდულნი არიან, ნაწილობრივ კი სრულიად შეიცვალნენ: რომის ეკლესიის უპირობო წესი – მიეღოთ ყველა არამართლმადიდებელი ნათლობის გარეშე (როგორც ეს აღმოსავლეთში გაიგებოდა) – IV საუკუნის დადგენილებებით შეიზღუდა ასეთთა რიცხვიდან ერეტიკოსების – პავლინიანელების, მონტანისტებისა და სხვათა გამორიცხვით; მცირეაზიური და აფრიკული ეკლესიების უპირობო წესი – მიეღოთ ყველა არამართლმადიდებელი ნათლობით – შეიზღუდა და შეიცვალა ასეთთა რიცხვიდან ერეტიკოსების – კათარებისა და მათი მსგავსი სქიზმატების გამორიცხვით, არიანელი ერეტიკოსების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ბასილი დიდის განწესებების მიხედვით, ყველა არამართლმადიდებელი, "აკრძალულ თავყრილობათა მომწყობების" გარდა, უნდა მიეღოთ ნათლობით, წმინდა ბასილი დიდი, როგორც ვნახეთ, თავის განწესებებს უპირობოდ სავალდებულო კანონებად არ წარმოადგენდა, ის თანახმა იყო დათმობებზე, გვირჩევდა მივყოლოდით თითოეული ქვეყნის ჩვეულებას და ყველასათვის საერთო წესის საბოლოო დამტკიცებას ანდობდა კრებებს (კანონი 47).
გაგრძელება იქნება.
თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2026 წ.
წყარო: О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Ист.-канон. исслед. Сергия, еп. Вятского и Слободского, с прил. ст.: О разночтениях 95-го правила 6-го Вселенского собора 1904. - 4-е изд. - Астрахань 1904.
