სწავლანი > საეკლესიო სამართალი
იმის შესახებ, რომ დაუშვებელია სქიზმატიკოსთა და მწვალებელ-ტრინიტარელთა გადანათვლა.
პასუხები ტიპიურ არგუმენტებზე
წინამდებარე პუბლიკაცია ეძღვნება მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ აღსრულებულ საიდუმლოებებს, კერძოდ ეკლესიისკენ მოქცეული ყველა მწვალებლისა თუ სქიზმატის გადანათვლისა ან არგადანათვლის საკითხს.
აქ განხილულია ტიპიური არგუმენტები, რომელთაც ვაწყდებით მოცემული თემის განხილვისას. კერძოდ, როგორც უახლოესი წარსულის, ასევე თანამედროვე სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ აღსრულებული ნათლობა უმოქმედოა და მწვალებლობიდან ან სქიზმიდან მოსული პირი თავიდან უნდა მოინათლოს, მიუხედავად იმისა, სწორად შეუსრულდა მას ნათლობა თავის სქიზმატურ / მწვალებლურ საზოგადოებაში თუ არა. ასეთი მიდგომა არასწორია. ამას ადასტურებს მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ლიტურგიკული პრაქტიკა, ასევე წმიდა მამათა სწავლებები და საეკლესიო დადგენილებები. ამაში დაგვარწმუნებს წინამდებარე განხილვაც.
პუბლიკაციის კითხვა მოხერხებული რომ იყოს, თავდაპირველად მოვიტანთ მოწინააღმდეგეთა ფორმულირებებს, შემდეგ კი პუნქტობრივად ვუპასუხებთ.
გარდა ამისა, ბოლოში გთავაზობთ დამატებებს საკითხის თემატური დაჯგუფებით, სადაც კონკრეტულ საკითხებზე პასუხები გაცემულია კრებათა და წმიდა მამათა მოწმობების მიხედვით.
წყაროები მითითებულია ყოველი კითხვის პასუხის ქვეშ.
***
ამრიგად, ამ ტექსტში მოცემულია პასუხები შემდეგ ტიპიურ არგუმენტაციაზე:
1) ღირ. იოანე დამასკელის სიტყვები: "თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს" - მისი კერძო აზრია და წმიდა გადმოცემაში რეცეფცია არ გაუვლია.
2) დამოწმებულ 1-ელ ციტატაში ღირ. იოანე დამასკელი წერს იმათი ნათლობის განუმეორებლობაზე, ვინც პირველი ნათლობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღო. როდესაც მამები და კრებები (იხ. დამატება 1) მწვალებელთა ნათლობის აღიარებაზე ლაპარაკობენ - მხედველობაში ჰყავთ ეკლესიის წიაღში მყოფი მწვალებლები.
3) ნათლობის განმეორების საკითხი (კერძოდ - მიღების წეს-განგებაში), დოგმატური კი არა დისციპლინარული საკითხია, მაშასადამე, ის დადგენილებები, რომლებიც ადრე გაკეთდა (მათ შორის 1-ელ დამატებაში მოტანილებიც. იხ. ქვემოთ) - შეიძლება გადასინჯულ იქნან.
4) ტექსტები, რომელსაც ეფუძნება ავტორი - არ განეკუთვნებიან მიღების წეს-განგებას. ისინი ლაპარაკობენ მართლმადიდებელთა გადანათვლის დაუშვებლობაზე, რომლებიც ადრე მონათლულები იყვნენ, მაგრამ განდუდგნენ ეკლესიას. კერძოდ, ციტატა კართაგენის 57 (68)-ე კანონიდან - არ განმარტავს დონატისტების გადანათვლის გარეშე მიღების მიზეზს, არამედ გმობს დონატისტების სწავლებას, რომლებიც გადანათლავდნენ განდგომილებს. ხოლო იერუსალიმის კრების აღსარება ლაპარაკობს მწვალებელთა რწმენის არასრულყოფილებაზე, რომლებიც ეკლესიაში უკვე ნათლისღების მეშვეობით არიან მიღებულნი.
5) მიღების წეს-განგებისადმი მკაცრი მიდგომა ვარაუდობს ეკლესიისკენ ყველა მოქცეულის გადანათვლას. მაგრამ ეს შეიძლება არ გაკეთდეს იკონომიით იმ შემთხვევაში, თუკი ეს ეკლესიის სარგებლობისთვის არის გამიზნული.
6) სწავლებას მიღების წეს-განგების იკონომიურობის შესახებ მისდევდა ოთხი წმინდანი - წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ბასილი დიდი, ნიკოდიმე მთაწმინდელი და ილარიონ ტროიცკი.
7) კანონთა წიგნში (Книга Правил) არის კანონები, რომლებიც ითხოვენ სამების სახელზე მონათლულთა გადანათვლას, მაშასადამე ღირ. იოანე დამასკელის და სხვა მამათა თუ კრებათა სიტყვები, რომლებიც შემოკრებილია პირველ დამატებაში (იხ. ქვემოთ) - ან არასწორია, ან კიდევ არასწორად არის განმარტებული.
8) ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნათლობასთან დაკავშირებით შეიცვალა მიღების წესი, თანაც ერთსა და იმავე ჯგუფებთან (კერძოდ - კათოლიკეებთან) მიმართებაში, მაშასადამე არაეკლესიური ნათლისღების აღიარების საზოგადო კრიტერიუმი არ არსებობს.
9) კართაგენის კრების დადგენილებას წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს მხარი დაუჭირა იმ დროის ეკლესიათა უმრავლესობამ, მოგვიანებით კი ის "აისახა" VI მსოფლიო კრების მე-2 კანონში მისი "შეცვლის ან გაუქმების" აკრძალვით, მაშასადამე მას გააჩნია მსოფლიო მნიშვნელობა.
10) მსოფლიო კრებათა კანონების (II.7, VI, 95) თანახმად, ეკლესია განსაზღვრულ მწვალებელთა წარმომადგენლებს იღებს გადანათვლის გარეშე. მაგრამ მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონები - ითხოვენ ყველა მწვალებლის ნათლობას. რადგან მოციქულთა კანონების ავტორიტეტი მსოფლიო კრებათა ავტორიტეტზე დაბალი არ არის, ერთადერთი მეთოდი თავიდან ავიცილოთ წინააღმდეგობა ამ კანონებს შორის, იქნება ვარაუდი, რომ კანონები, რომლებიც აწესებენ მწვალებელთა მიღებას გადანათვლის გარეშე - მიღებულია იკონომიით.
11) ცნობილია წმ. ლუკა კრიმელის განკარგულება იმათი გადანათვლის შესახებ, ვინც მართლმადიდებლურ ეკლესიაშია მონათლული, მაგრამ არასწორი ფორმით (პკურებით). მაგრამ სხვა შემთხვევებში პკურებითი ნათლობა ნამდვილ ნათლობად არის აღიარებული. ასევე ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანზე არ იციან, იყო თუ არა ის ნამდვილად მონათლული - ის დაუყოვნებლივ უნდა მოინათლოს. თუკი ამ შემთხვევებში შეიძლება მართლმადიდებლურ ეკლესიაში მონათლულის გადანათვლა, მითუმეტეს არაფერია საშინელი იმაში გადავნათლოთ მწვალებელი ან სქიზმატი.
12) მამათა განსჯა არამართლმადიდებელთა ნათლისღების აღიარების შესახებ განეკუთვნება მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებმაც შეინარჩუმეს იერარქიის სამოციქულო მემკვიდრეობა. მაგრამ ერისკაცთ არა აქვთ ნათლობის უფლება (იხ. ბასილი დიდი 1, მოციქულთა 47), ამიტომაც იმ საზოგადოებებში მონათლულები, რომელთაც არ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობა (მაგალითად, ყველა ეპისკოპოსის პატივაყრის გამო) - ეკლესიაში შემოერთების დროს უნდა მოინათლონ.
13) კანონები განაწესებენ კონკრეტულ ჯგუფთა მიღებას, მაგრამ თუ რომელიმე ჯგუფების (მაგ. უკრაინელი სქიზმატების) შესახებ კრებითად მიღებული კანონები არ არსებობს - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეპისკოპოსს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როგორ მიიღოს ეკლესიისკენ მოქცეული: ნათლისღებით თუ მის გარეშე, როგორც ამას აკეთებდა წმ. ბასილი დიდი, როდესაც პასუხობდა წმ. ამფილოქე იკონიელის კითხვებს.
14) წმ. ათანასე დიდი თავის "მეორე სიტყვაში არიანელთა წინააღმდეგ" წერდა არიანელთა და ყველა სხვა მწვალებელთა ნათლობის უმოქმედობაზე.
***
ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ ყოველი საწინააღმდეგო მოსაზრება:
1) ღირ. იოანე დამასკელის სიტყვები "თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს" - მისი კერძო აზრია და წმიდა გადმოცემაში რეცეფცია არ გაუვლია.
პასუხი:
1.1. აი სრული ციტატა: "თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქული: "შეუხლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი" (და ასე შემდეგ) ... კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცმევენ რა და განაქიქებენ ქრისტეს" (ებრ. 6,4-6). მაგრამ ისინი, ვინც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან, საჭიროა მათი ახლად ნათლისცემა, რადგან თუმცა ამბობს მოციქული, რომ "ქრისტეს მიმართ" და "მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ" (რომ. 6,3), ... ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (ღირ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი 4, თ. 9 (82)).
ამ სიტყვებს, მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ აღსრულებული ნათლობის აღიარების პირობებზე და მწვალებელ-ტრინიტარელთა გადანათვლის დაუშვებლობაზე იმოწმებენ დოგმატური ღვთისმეტყველების სამი კლასიკური ნაშრომის ავტორები: სილვესტრ მალევანსკი (1828-1908), ფილარეტ გუმილევსკი (1805–1866) და მიტრ. მაკარი ბულგაკოვი (1816-1882) - იხ. დამატება 1-ლი: §§ 1.11; 1.13 და 1.14. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ამ აზრმა გაიარა რეცეფცია გადმოცემაში.
2) დამოწმებულ 1-ელ ციტატაში ღირ. იოანე დამასკელი წერს იმათი ნათლობის განუმეორებლობაზე, ვინც პირველი ნათლობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღო. როდესაც მამები და კრებები (იხ. დამატება 1) მწვალებელთა ნათლობის აღიარებაზე ლაპარაკობენ მხედველობაში ჰყავთ ეკლესიის წიაღში მყოფი მწვალებლები.
პასუხი:
2. 1. ციტატის მეორე ნაწილში ღირ. იოანე დამასკელი მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულთ უპირისპირებს მათ, ვინც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან. მაგრამ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყოველთვის ნათლავდნენ მხოლოდ მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე. ამგვარად, ციტატის მეორე ნაწილი შეიძლება განეკუთვნოს მხოლოდ იმათ, ვინც არასწორად არის მონათლული მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ. ვარაუდი იმისა, რომ ციტატის პირველი ნაწილი პირიქით, - მეტყველებს იმათზე, ვინც მართლმადიდებლურ ეკლესიაშია სწორად მონათლული - ფრაზას მთლიანობაში უაზროს ხდის.
შევნიშნავთ, რომ სილვესტრ მალევანსკი, მიტრ. ფილარეტი (გუმილევსკი) და მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი) ღირ. იოანე დამასკელის ამ სიტყვების განმარტებაში ბრძანებდნენ, რომ ის ეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ მონათლულებს - იხ. 1-ლი დამატებიდან: § 1 და, § 1.11, § 1.13 და § 1.14
2.2. 1-ლი დამატების არც ერთ ციტატაში არ არის არანაირი მითითება იმაზე, რომ იგულისხმება ეკლესიის წიაღში მყოფი მწვალებლები. წმ. დიონისეს ციტატაში §.1.1, რომელიც ფორმით ახლოსაა ღირ. იოანე დამასკელის ციტატასთან, ფორმით სწორი ნათლობის მქონე ტრინიტარების ანტითეზას წარმოადგენს სხვა მწვალებლობათაგან ეკლესიისკენ მოქცეულთა "ნათლობა", საიდანაც შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ განწესების პირველ ნაწილში ტრინიტარებიც "მოდიან ეკლესიაში".
§ 1.2, §1.9, §1. 11-ში პირდაპირ ლაპარაკია "ეკლესიისკენ მოქცეულებზე" §1.12-ში - "ნათლობის შესახებ, რომელიც აღსრულებულია არამართლმადიდებლურ საზოგადოებაში". §1.3, §1.4, §1.6, §1.7, §1.13, §1.14-ში ნახსენებია კონკრეტული მწვალებლური და სქიზმატური დაჯგუფებები.
3) ნათლობის განმეორების საკითხი (კერძოდ - მიღების წეს-განგებაში), დოგმატური კი არა დისციპლინარული საკითხია, მაშასადამე, ის დადგენილებები, რომლებიც ადრე გაკეთდა (მათ შორის 1-ელ დამატებაში მოტანილებიც) - შეიძლება გადაისინჯონ.
პასუხი:
3.1. პირველ პარაგრაფში (§ 1) ნაჩვენებია, რომ ღირ. იოანე დამასკელი მოციქულის ტექსტის საფუძველზე მიიჩნევდა, რომ ის, ვინც სამებისადმი რწმენით და წმიდა სამების სახელზე იყო მონათლული და კვლავ მოინათლებოდა, - თავიდანვე ჯვარს აცვამდა ქრისტეს.
3.2 კართაგენის 419 წ-ის კრების 57 (68-ე კანონი) ეკლესიაში ნათლისღების განმეორების გარეშე დონატისტების მიღების საფუძვლად იმოწმობს სხვა სამოციქულო საკითხავს: "როგორც წმიდა მოციქული ამბობს: "ერთი არს ღმერთი, ერთი - სარწმუნოება, ერთი - ნათლისღება" (ეფეს. 4:5), და ვისაც ერთხელ უკვე მიცემული აქვს ნათელი, მეორედ მიცემა უჯეროა".
3.3. "ვრცელი კატეხიზმოს" თანახმად გადანათვლის დაუშვებლობა დაფიქსირებულია სარწმუნოების სიმბოლოში: "სარწმუნოების სიმბოლოში ნახსენებია არა ყველა საიდუმლო, არამედ მხოლოდ ნათლისღება, რადგან ნათლობის მიმართ იყო ეჭვი: ხომ არ უნდა გადანათლულიყო ზოგიერთი ადამიანი (მაგალითად, მწვალებელები); საჭირო იყო ამ საკითხის გადაწყვეტა, რაც გაკეთდა კიდეც სარწმუნოების სიმბოლოში, რომლის მიერაც ჩვენ ვაღიარებთ "ერთსა ნათლისღებასა"".
3.4. მართლმადიდებლურ სიმბოლურ წიგნებში ასევე განიხილება მიღების წეს-განგების საკითხები ნათლობასთან მიმართებაში. "აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" ვკითხულობთ: "ეს საიდუმლო (ანუ ნათლობა), კათოლიკე და მართლმადიდებლური ეკლესიის თანახმად, ერთხელ მიღების შემდეგ არ უნდა განმეორდეს, იმ პირობით, რომ პირს, რომელიც ასრულებდა ნათლობას, მართლმადიდებლურად სწამდა ერთი სამიპოსტასოვანი ღმერთი და ზუსტად, რაიმე ცვლილების გარეშე წარმოთქვამდა სიტყვებს, კერძოდ: სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ" (Православное исповедание Кафолической и Апостольской Церкви Восточной, 102, пер. Сергия Федорова https://vk.com/doc-184478279_510010786).
3.5. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოებრივ აღმსარებლობაში, რომელიც მიიღო იერუსალიმის 1672 წლის კრებამ, ნათქვამია: "უარვყოფთ, როგორც ბილწ სისაძაგლეს (იმ აზრს), თითქოსდა "რწმენის უკმარობა არღვევდეს საიდუმლოს სისრულეს. რადგან მწვალებლებს (რომლებსაც ეკლესია მათ მიერ მწვალებლობის უარყოფის შემდეგ იღებს და კათოლიკე ეკლესიას უერთებს) მიუხედავად იმისა, რომ რწმენა თავიდან არასრული ჰქონდათ, მიღებული აქვთ სრული ნათლობა; ამიტომაც, შემდეგ, როდესაც მათ სრულყოფილი რწმენა მიიღეს, უკვე აღარ ნათლავენ" (Исповедание Православной веры Восточной Церкви, принятое Иерусалимским собором 1672 года (Послание патриархов восточно-кафолической церкви о православной вере 1723 г.), 15, пер. Сергия Федорова и Петра Пашкова https://vk.com/doc-184478279_510010771).
3.6. მოტანილი ტექსტები, წმიდა წერილზე დაფუძნებით (იხ. §§ 3.1-3.2) გადანათვლის პრინციპულ დაუშვებლობაზე უთითებს, რადგან მთლიანობაში ატარებენ დოგმატურ ხასიათს (§§ 3.3-3.5). ამგვარად, მიღების წეს-განგების ფორმასთან დაკავშირებულ საკითხს ნათლისღებასთან მიმართებაში გააჩნია დოგმატური მნიშვნელობა.
4) ტექსტები, რომლებიც ციტირებულია §§ 3.2-3.5. არ ეხებიან მიღების წეს-განგებას. ისინი ლაპარაკობენ იმ მართლმადიდებელთა გადანათვლის დაუშვებლობაზე, რომლებიც ადრე მონათლულნი იყვნენ, მაგრამ განუდგნენ ეკლესიას. კერძოდ, მოტანილი ციტატა კართაგენის კრების 57 (68) კანონიდან - არ განმარტავს დონატისტების ეკლესიაში გადაუნათლავად მიღების მიზეზს, არამედ გმობს დონატისტთა სწავლებას, რომლებიც თავიდან ნათლავდნენ განდგომილებს. ხოლო იერუსალიმის კრების აღმსარებლობა ლაპარაკობს მწვალებელთა რწმენის არასრულყოფილებაზე, რომლებიც უკვე მიღებულ იქნენ ეკლესიაში ნათლისღებით.
პასუხი:
კართაგენის კრების (419 წ.) 57 (68)-ე კანონების ანალიზის დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მითითებული განწესება ფაქტობრივად შედგენილია კართაგენის 401 წლის ანტიდონატისტური კრების მიერ, რომლის ყველაზე აქტიური მონაწილე ნეტ. ავგუსტინე იყო. ის დეტალურად სწავლობდა დონატისტთა ტექსტებს. თავის წიგნში "ნათლისღების შესახებ დონატისტთა წინააღმდეგ", რომელიც დაიწერა 400-401 წლებში (ე. ი. პრაქტიკულად იმ კრების ერთდროულად, რომელმაც მიიღო ციტირებული კანონი) ნეტ. ავგუსტინე ასაბუთებს დონატისტებში მონათლულთა გადანათვლის პრაქტიკის ცთომილებას მართლმადიდებლობაში, და ეფუძნება იმას, რომ დონატისტები არ გადანათლავენ განდგომილებს: "დონატისტთაგან არავინ უარყოფს, რომ ნათლობა გააჩნიათ თვით სარწმუნოებისგან განდგომილთაც კი (apostatas), რომლებიც გარდაუვალად, როდესაც ბრუნდებიან ეკლესიის წიაღში, მიიღებიან სინანულით, რადგან ვერავინ დაკარგვს ნათლობის მადლს. ასევე ისინიც, ვინც სქიზმის მკრეხელობით (sacrilegium) ტოვებს ეკლესიის ერთობას, განსაზღვრულად ინარჩუნებს ნათლობის მადლსაც, რომელიც მათ თავიანთ წასვლამდე მიიღეს, იმის გათვალისიწინებით, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში, ის მათზე კვლავ არ სრულდება, რითაც მტკიცდება ის, რომ ნათლობა, რომლებიც მათ მიიღეს ჯერ კიდევ ეკლესიის ერთობაში, შეუძლებელი იყო დაეკარგად მისგან განცალკევების შემდეგ" (Св. Августин Блаженный Иппонийский. О Крещении против донатистов. Книга I, 2. Пер. иеромонаха Афанасия (Букина), Труды и переводы № 1, 2018, с. 113).
ამრიგად, ნეტ. ავგუსტინე (ისევე, როგორც ჩანს, კრების სხვა მონაწილეებიც) მიიჩნევდა, რომ დონატისტები არ გადანათლავენ განდგომილებს (ასეა თუ არა ეს სინამდვილეში - მოცემულ შემთხვევაში არაარსებითია). იმავდროულად ცნობილია, რომ თვით ნეტ. ავგუსტინე მტკიცედ ემხრობოდა სწავლებას სქიზმატიკოსთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოთა სინამდვილის შესახებ (თუმცა, მათ მაცხოვნებლად არ მიიჩნევდა). იმის გათვალისიწინებით, რომ ის გახლდათ კართაგენის ეკლესიის ლიდერი-ღვთისმეტყველი, ხოლო წმ. ავრილი კართაგენელი, რომელსაც ეკუთვნის თვით კანონის ტექსტი - ნეტ. ავგუსტინეს პირადი მეგობარი და თანამოაზრე იყო - აზრი იმის შესახებ, თითქოსდა ციტირებული სიტყვები ნიშნავდეს არა დონატისტთა გადანათვლის დაუშვებლობას, არამედ დონატისტთა პრაქტიკის დაგმობას განდგომილთა ხელმეორედ ნათლობის შესახებ - პრაქტიკულად შეიძლება დაუჯერებლად ჩავთვალოთ.
4.2. თვით მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავა განდგომილთა გადანათვლაზე - არც სიმბოლოს შედგენის დროს და არც გვიან - არ ყოფილა: მათი გადანათვლის აუცილებლობის აზრს (განსხვავებით აზრისა სქიზმატიკოსთაგან და მწვალებელთაგან მონათლულთა გადანათვლის აუცილებლობის შესახებ) - არავინ მიჰყვებოდა. ვარაუდი იმის შესახებ, რომ იერუსალიმის კრების აღმსარებლობა დაკავშირებული არ არის მიღების წეს-განგებასთან - დეტალურად განიხილება სტატიაში: Фёдоров С. Учение о действительности таинств во внецерковных сообществах по "Посланию Восточных Патриархов". https://pravblog.ru/pravoslavie/uchenie-o-dejstvitelnosti-tainstv-vo-vnetserkovnyh-soobshhestvah-po-poslaniyu-vostochnyh-patriarhov-v/. უმნიშვნელოვანეს არგუმენტად შეიძლება დავიმოწმოთ მოტანილი ლინკები (იხ. ასევე პ 7.3), სადაც მოტანილია აღმსარებლობის ავტორის - პატრ. დოსითეოს იერუსალიმელის საკმაოდ ხისტი სიტყვები წმ. კვიპრიანე კართაგენელის ეკლესიოლოგიასთან დაკავშირებით.
5) მკაცრი მიდგომა წეს-განგებისადმი ვარაუდობს ეკლესიისკენ ყოველი მოქცეულის გადანათვლას. მაგრამ იკონომიით ეს შეიძლება არ გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუკი ეს უმჯობესია ეკლესიის სასარგებლოდ.
პასუხი:
5.1. საეკლესიო იკონომიის შესახებ სწავლების შესაბამისად (იხ. მაგალითად, დიმიტრი ხომატინოსის მსჯელობა: Димитрий Хоматин. Письмо 150 (577) Защитительное слово к святейшему патриарху Константинопольскому господину Герману и его синоду (Pitra J.B. Juris ecclesiastici graecorum v.6, col.577-588). http://ex-redechni.livejournal.com/29213.html) "იკონომია - ეს არის თავდაპირველი სიკეთის აღდგენა განსაკუთრებული მეთოდით, თუკი ვინმე ვარდება რთულ ვითარებაში და ბრკოლდება მათ გამო". იკონომია ჩვეულებისამებრ იზღუდება დროისა და ადგილის ვითარებებით. თვით ნიკოდიმე მთაწმინდელიც - მიღების-წესგანგების "იკონომიური თეორიის" შემქმნელი - აღიარებს, რომ იკონომია, აკრიბიისგან განსხვავებით - არ აიყვანება კანონის რანგში (1).
______________________
1. "…იკონომია, რომელსაც ზოგჯერ იყენებდა ზოგიერთი წმიდა მამა, არ შეიძლება ჩაითვალოს არც კანონად და არც ნიმუშად" (Пидалион, 371. цит. по Говорун С. Из истории богословских споров XVIII века по проблеме латинского крещения, 2.1 http://www.pravoslavie.ru/archiv/anabaptism.htm).
______________________
ამავდროულად ჩვენ ვხედავთ მრავალ საეკლესიო განწესებას, რომლებიც პირდაპირ განგვიწესებენ გარკვეული ჯგუფები მივიღოთ გარკვეული სახით, თანაც ეს განწესებები არ იზღუდებიან არც დროითი მოქმედებით (გადანათვლის შესახებ კანონისგან განსხვავებით, რომელიც VI მსოფლიო კრების მე-2 კანონის თანახმად მოქმედებდა მხოლოდ აფრიკაში და ისიც წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს). ამგვარად, ეს კანონი არ შეიძლება იკონომიად ჩაითვალოს.
5.2 აღწერილი მიდგომა ვარაუდობს მიღების წეს-განგების ვარიატიულობას: ვითარებიდან გამომდინარე, ეკლესიური სარგბლობისთვის ერთი და იგივე ადამიანები ან შეიძლება თავიდან მოინათლონ, ან კიდევ მიღებულ იქნან ნათლისღების გარეშე. მაგრამ მოციქულთა 47-ე კანონი კრძალავს ასეთ ვარიატიულობას:
მოციქულთა 47-ე კანონი: "თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი".
ჯერ-ჯერობით არ შევალთ რა იმის განხილვაში, თუ ვინ იგულისხმება მოცემულ კონტექსტში "უკეთურთაგან შებილწულებში", აღვნიშნავთ, რომ მოცემულ კანონთან შესაბამისობაში "ვარიატიულობა" (ანუ იკონომია) აკრძალულია "ჭეშმარიტად ნათელღებულისადმიც" და "უკეთურთაგან შებილწულთადმიც". და მათ, ვინც ხელმეორედ მონათლავენ პირველთ და იმათ, ვინც არ მონათლავენ მეორეთ - კანონი პატივისგან დამხობას განუწესებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მიღების წეს-განგების "იკონომიურ თეორიას".
5.3. მოციქულთა 47-ე კანონში ლაპარაკია მიღების წეს-განგებაში შესაძლო საშიშროების შესახებ; ამას ერთხმად აღიარებდნენ როგორც იმ აზრის მომხრეები, რომლებიც ლაპარაკობდნენ ყველა სქიზმატის და მწვალებლის აუცილებელ გადანათვლაზე - ფირმილიანე კესარიელი და წმ. ბასილი დიდი, - ასევე მისი მოწინააღმდეგეებიც - წმ. დიონისე დიდი და ღირ. იოანე დამასკელი (იხ დანართი 2).
6) მწვალებელთა მიღების წეს-განგებისას სწავლებას იკონომიის შესახებ იყენებდნენ - წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ბასილი დიდი, ნიკოდიმე მთაწმინდელი და ილარონ ტროიცკი.
პასუხი:
6.1. წმ. კვიპრიანე კართაგენელი არ მისდევდა სწავლებს იკონომიის შესახებ, არამედ თავისი ოპონენტის, წმ. სტეფანე რომაელის მსგავსად - გადაჭრით ითხოვდა, რათა ნათლობა ყოფილიყო მხოლოდ ერთი. უარყოფდა რა მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ნათლობის სინამდვილეს - ის მიიჩნევდა, რომ ყველა სქიზმიდან და მწვალებლობიდან ეკლესიისკენ მომსვლელნი აუცილებლად უნდა მონათლულიყვნენ. მას რომ დაეშვა გადანათვლის გარეშე მათი შეწყნარების აზრი - მაშინ რაში უნდა დასჭირვებოდა კონფლიქტში შესვლა წმ. სტეფანესთან - მას იკონომიით შეეძლო დათანხმებოდა რომის ეპისკოპოსს. მაგრამ არა, მან უფრო ამჯობინა განკვეთილი ყოფილიყო წმ. სტეფანესგან, ვიდრე ეკლესიაში მიეღო ისინი, ვისაც ის მოუნათლავად მიიჩნევდა. ეს კი ნიშნავს, რომ ის, განსხვავდებოდა რა სხვა მამებისგან ნათლობის სინამდვილის კრიტერიუმების განსაზღვრაში, მათ მსგავსად მიღების წეს-განგების საკითხს - დოგმატური მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევდა. წმ. კვიპრიანეს თანამოაზრე - ფირმილიანე კესარიელი - პირდაპირ წერდა, რომ ის სქიზმატიკოსები და მწვალებლები, ვისაც ეკლესიაში ნათლობის გარეშე შეიწყნარებენ - მოუნათლავნი რჩებიან (იხ. § 2.2).
6.2. წმ. ბასილი დიდი ასევე არ იყო იკონომიური თეორიის მომხრე. სიტყვა "იკონომიას", რომელიც რამოდენიმეჯერ გვხვდება მიღების წეს-განგებისადმი მიძღვნილ კანონიკურ ეპისტოლეებში, მის დროს ჯერაც არ გააჩნდა თანამედროვე მნიშვნელობა - "საეკლესიო კანონთა გამოყენების განსაკუთრებული მეთოდი". წმ. ბასილის დიდის ტექსტებში ის გამოიყენება ზოგადლექსიკური მნიშვნელობით - "აღმშენებლობა" - ამ სიტყვით აღნიშნავს წმ. ბასილი დიდი ეპისკოპოსის ყოველ მოქმედებას მისდამი მიბარებული ეკლესიის მმართველობის საქმეში.
მიღების წეს-განგების საკითხთან დაკავშირებით წმ. ბასილის პოზიციის განსაკუკთრებულობა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ IV ს-ის კაპადოკიაში მირონცხების საიდუმლოს ჯერ კიდევ არ არსრულებდნენ განცალკევებით, რომელშიც მონათლული იღებს სულიწმიდას (2)
______________________
2. "…სირიასა და კაპადოკიაში სულიწმიდის მისაღებად მოსანათლავთა ზეთით და მირონით ცხება სრულდებოდა მათი ნათლობის წინ, და არა მის შემდეგ. ეს პრაქტიკა შენარჩუნებული იყო IV ს-მდე" (Православная Энциклопедия, т. 45. Миропомазание, с. 381).
______________________
და როდესაც წმ. ბასილი წერდა ნათლისღების შესახებ - მას ფაქტობრივად მხედველობაში ჰქონდა ორი საიდუმლოს - ნათლობა-მირონცხების კომპლექსი. ამ მიზეზით ის, ზოგადმართლმადიდებლური ტრადიციის (3) საპირისპიროდ უარყოფს ერისკაცთა მიერ აღსრულებულ ნათლობას და წერს, რომ კათარები " ... ერისკაცები გახდნენ და არც ნათლიცემისა და არც ხელთდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს" (წმ. ბასილი დიდი. კანონი 1-ლი). მართლაც, ეკლესიის თანამედროვე სწავლებით (4-5), სულიწმიდის მადლი ადამიანზე გადმოდის მირონცხების საიდუმლოში, მისი შესრულების უფლება კი აქვთ მხოლოდ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს.
______________________
3. წმ. ათანასე დიდის ცხოვრებაში აღწერილია ეპიზოდი, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვობაში სხვა ბავშვებთან თამაშისას მან შეასრულა ვინმე ბიჭუნას ნათლობა, რომელიც ჯერაც მოუნათლავი იყო. წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელმა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნათლობა ფორმით სწორად იყო შესრულებული, - აღიარა იგი.
4. "მეორე საიდუმლო - მირონცხება. მან დასაბამი მიიღო მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის დროიდან (საქმე თ. 2), როდესაც თავისი საღმრთო მადლით აღბეჭდა ისინი, რათა მტკიცედ და მუდმივად ექადაგათ ქრისტეს სარწმუნოება. ამგვარ შეწევნას საჭიროებენ მოსანათლავნიც. და როგორც მაშინ სულიწმიდა მოციქულებზე გადმოვიდა ცეცხლის სახით და გადმოღვარა მათზე თავისი ნიჭები, ასევე ახლაც, როდესაც მღვდელი წმიდა მირონს სცხებს მოსანათლავს, მასზე ზეგარდმო იღვრება სულიწმიდის ნიჭები" (Православное исповедание Кафолической и Апостольской Церкви Восточной, 104, пер. Сергия Федорова. https://azbyka.ru/otechnik/bogoslovie/ispovedanie-pravoslavnoj-very-vostochnoj-tserkvi-prinjatoe-ierusalimskim-soborom-1672-goda/).
5. "წმიდა მირონის, ანუ წმიდა მირონცხების საიდუმლო, რომელიც ასევე "კონფირმაციად" იწოდება, დააწესა ჩვენმა უფალმა, როდესაც თქვა: "დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით" (ლკ. 24:49), რომელიც შეიმოსეს მათ სულიწმიდის გარდამოსვლის დროს, რასაც ნიშნავს კიდეც მირონცხება" (Исповедание православной веры Восточной Церкви, 15, пер. Сергия Федорова и Петра Пашкова. https://azbyka.ru/otechnik/bogoslovie/ispovedanie-pravoslavnoj-very-vostochnoj-tserkvi-prinjatoe-ierusalimskim-soborom-1672-goda/).
______________________
აქედან გამომდინარე, წმ. ბასილი, როდესაც მას წმ. ამფილოქემ ჰკითხა - როგორ მიეღოთ კათარები - ჯერ აღწერს მიღების წეს-განგების საზოგადო ტრადიციას ("პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება") (წმ. ბასილი დიდი. კანონი 1-ლი), შემდეგ მას უპირისპირებს წმ. კვიპრიანეს პოზიციას და საკუთარ განსჯას, რომლისგანაც გამომდინარეობს გადანათვლის აუცილებლობა, მაგრამ ბოლოში უთითებს ლაოდიკიის კრების დადგენილებას (6) ("მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ") (წმ. ბასილი დიდი. კანონი 1-ლი). ამრიგად, წმ. ბასილი დიდი შესაძლებლად არ მიიჩნევს კათარების გადანათვლას კანონის საპირისპიროდ, რომელიც კრებითად იყო მიღებული (თუმც სხვა ოლქში).
______________________
6. ლაოდიკიის კრების მე-7 კანონი. "მწვალებლები - ნავატიანნი, ფოტინიანნი და მეთოთხმეტიანელები - თუ მოიქცევიან და გახდებიან კათაკმევლები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობინი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებელით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს".
______________________
ეკლესიაში ენკრატიტების მიღების წეს-განგების განსაზღვრისას თავის 1-ელ კანონში წმ. ბასილი დიდი ასევე იმოწმებს იმას, რომ "გარკვეული წესი მივიღეთ მათთან ერთობისა" (იხ. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით. ტ. II. თბილისი 2021, გვ. 342), ხოლო 47-ე კანონში - ეკლესიასთან მათი დოგმატური განსხვავების ხარისხიდან გამომდინარე გამოთქვამს სურვილს, რომ საკითხი განხილული იყოს დიდ კრებაზე - "... ეპისკოპოსთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და დადგინდეს კანონი, რომ მოქმედიც დაზღვეული იყოს და ვისაც ეკითხებიან და პასუხს აძლევს, მასაც ჰქონდეს სარწმუნო პასუხი შეკითხვაზე" (წმ. ბასილი დიდი. 47-ე კანონი).
"იკონომიური თეორიის" თვალსაზრისით წმ. ბასილის შეეძლო თავის ეპარქიაში (ისევე, როგორც წმ. ამფილოქე იკონიელს, რომლისკენაც არის მიმართული მისი ეპისტოლე - თავისში) კათარები და ენკრატიტები მიეღოთ ნებისმიერი ფორმით ეკლესიის სარგებლობიდან გამომდინარე და არ მიექციათ ყურადღება მათი დოგმატური ცდომილებისთვის, მითუმეტეს - პრაქტიკისთვის, რომლებიც მიღებული იყო სხვა ოლქებში. მაგრამ ის ასე არ მოიქცა, არამედ პირიქით, წერს იმაზე, რომ მხოლოდ საზოგადო წესის პირობებში იქნება "დაზღვეული მოქმედი". მაშასადამე, არ არსებობს არანაირი საფუძველი წმ. ბასილი დიდი მივიჩნიოთ "იკონომისტად".
6.3 ამრიგად, "იკონომიური თეორიის" მომხრეებს შეიძლება მივაკუთვნოთ მხოლოდ ნიკოდიმე მთაწმინდელი და ილარიონი, თვით თეორია კი დავათარიღოთ XVIII-XIX საუკუნეებით. ეს შესაძლებლობა არ გვაძლევს "იკონომიიური თეორია" გამოვაცხადოთ ეკლესიის წმიდა გადმოცემად, ან იმად, რისიც, წმ. ბიკენტი ლირინელის თანახმად, "ყველგან და ყოველთვის სწამდათ" (Св. Викентий Лиринский. Памятные записки Перегрина о древности и всеобщности кафолической веры против непотребных новизн всех еретиков, I, 2).
აღვნიშნავთ, რომ პოზიცია, რომელსაც გამოთქვამენ მამები და კრებები, რომელთა მოწმობები შეკრებილია 1-ელ დანართში, პირიქით, ამ კრიტერიუმებს სრულიად აკმაყოფილებენ.ს
7) "კანონთა წიგნში" არის კანონები, რომლებიც ითხოვენ სამების სახელზე მონათლულთა გადანათვლას, მაშასადამე ღირ. იოანე დამასკელისა და სხვა მამების, ასევე კრებების სიტყვები, რომლებიც შეკრებილია 1-ელ დანართში (იხ. ქვემოთ) - ან არასწორია, ან კიდევ არასწორად არის განმარტებული.
პასუხი:
7.1. მართლაც, "კანონთა წიგნის" (კანონთა ოფიციალური კრებული, რომელიც მიღებულია რმე-ში) ზოგიერთი განწესება, კერძოდ I მსოფლ. კრ. 19, II მსოფლ. კრ. 7, VI მსოფლ. კრ. 95, ლაოდ. 8 - განაწესებენ განმეორებით მოინათლონ ზოგიერთი მწვალებლური ჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ პავლე სამოსატელისა და მონტანისტების (ფრიგველთა და პეპუზიანელთა) მიმდევრები, რომლებიც ნათლობას ფორმალურად სწორად ასრულებდნენ ("სახელითა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა"). მაგრამ ღირ. იოანე დამასკელისა და სხვა მამათა თანახმად ფორმის სისწორე - არ არის საკმარისი პირობა მწვალებელთა ნათლობის აღიარებისთვის. წმ. მამები ლაპარაკობენ მეორე, სავალდებულო პირობაზე - ღმრთის სამპიროვნობისადმი რწმენაზე - იხ. დანართი მე-3.
ძველი მამებისა და კანონისტების თანახმად, პავლე სამოსატელის მიმდევრებიც (იხ. დანართი მე-4) და მონტანისტებიც (იხ. დანართი მე-5) იყვნენ საბელიანოზნი, ანუ სამების პირებს განიხილავდნენ, როგორც ერთი ღმერთის სამ სხვადასხვა გამოვლინებას. ეს კი ნიშნავდა ღმრთის სამპიროვნების უარყოფას. წმ. ბასილი დიდი (იხ. § 5.3) ასევე აღნიშნავს, რომ მონტანისტები ფაქტობრივად სულიწმიდაში გულისხმობდნენ - მონტანს, ანუ სანათლავ ფორმულაში მას სულიწმიდად მოიხსენიებდნენ, რითაც ფაქტობრივად ნათლავდნენ მამის, და ძის და მონტანის, შემოქმედისა და ქმნილების სახელით.
ასე რომ, ჩამოთვლილ ჯგუფთა სწავლება - არ აკმაყოფილებს მეორე კრიტერიუმს, მაშასადამე - მათი ნათლობა არ შეიძლება შეწყნარებულ იქნას.
7.2 თუკი განვიხილავთ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ნათლობის (სამებისადმი რწმენით და ფორმულით: მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა) აღიარების ერთიან კრიტერიუმს, რომლის შესახებაც წერდნენ მამები და კრებები (იხ. დანართი 1-ლი), აღმოჩნდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონთა წიგნის ყველა კანონი, რომელიც მწვალებელთა მიღების წეს-განგებას ეხება - მას მკაცრად შეესაბამება: ეკლესიამ დაადგინა გადანათვლის გარეშე მიეღოთ ყველა იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს და დააწესა ყველა იმათი გადანათლვა, ვინც ხსენებულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
8) ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეუცვლიათ მწვალებელთა მიღების წეს-განგება ნათლობასთან მიმართებაში ერთი და იგივე ჯგუფებთან (კერძოდ - კათოლიკეებთან) დაკავშირებით, მაშასადამე არაეკლესიური ნათლობის აღიარების საზოგადო კრიტერიუმი არ არსებობს.
პასუხი:
ასეთი შემთხვევები მართლაც ყოფილა, მაგრამ ისინი ძალზედ ცოტაა, და ოდესმე მოქმედ არც ერთ კანონთაგან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ზემოთაღწერილ კრიტერიუმს - კანონთა კრებულებში არ შესულა (იხ. § 7.2). მათ შეიძლება განვაკუთვნოთ ყველა სქიზმატიკოსისა და მწვალებლის გადანათვლა, რომელიც დააწესა 255 და 256 წლების კართაგენის კრებამ წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს (7) (იხ. ასევე § 9). ანალოგიურ პრაქტიკას მისდევდა მაშინ კესარია კაპადოკიაში ფირმილიანე კესარიელი. ნეტ. იერონიმე მოწმობს, რომ კართაგენში გადანათვლები შეწყდა წმ. კვიპრიანეს გარდაცვალებისთანავე (8). ეს ასეც რომ არ იყოს, უკიდურეს შემთხვევაში, არელატის კრების (314 წ.) შემდეგ (იხ. § 1.2), რომელსაც კართაგენის ეკლესიის წარმომადგენელიც ესწრებოდა - ტრინიტარიელთა გადანათვლა აიკრძალა. თქმა იმისა, თუ როდის შეწყდა გადანათვლის პრაქტიკა კესარიაში ძნელია. შეიძლება აღვნიშნოთ, რომ წმ. ბასილი დიდი, თავის 1-ელ კანონში (370-379 წწ.), იმოწმებდა რა "ძველ მამებს", მაინც 364 წლის ლაოდიკიის კრების დადგენილებებს მისდევდა, რომელმაც დააწესა სქიზმატიკოსები მიეღოთ გადანათვლის გარეშე: "... მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ" (9) (იხ. ასევე. § 6.2).
8.2. როგორც ჩანს, წმ. სტეფანე რომაელი, რომელსაც ედავებოდა წმ. კვიპრიანე, საწინააღმდეგო ცდომილების მომხრე იყო. წმ. კვიპრიანეს იუბაიანესადმი მიწერილი წერილიდან (10) შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის (სტეფანე - "აპოკ." რედ.) აღიარებდა გნოსტიკური ჯგუფების ნათლობას, - რომლებსაც ქრისტიანებიც კი არ შეიძლება ვუწოდოთ - ოღონდაც ის ფორმალურად სწორად ყოფილიყო შესრულებული. თუმცა, დამაჯერებელი მოწმობა წმ. სტეფანეს პოზიციასთან დაკავშირებით არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ რომმა მიიღო I მსოფლიო კრების 19-ე კანონი, რომელიც პავლე სამოსატელის მიმდევართა ნათლობის აუცილებლობას აწესებს - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ I მსოფლიო კრების დროისთვის მითითებული ცდომილება უარყოფილი იყო.
8.3. ბრალდებათა შორის, რომლებიც 1054 წლის განხეთქილების დროს ლათინებმა მართლმადიდებლებს წაუყენეს - იყო ბრალდება დასავლეთის ეკლესიაში მონათლულთა გადანათვლის შესახებ (11), რასაც ზოგიერთი რომაელი-კათოლიკეების საიდუმლოთა უარყოფის პირველ პრეცედენტად განიხილავს. მაგრამ არც ერთი ბიზანტიური დოკუმენტი ამ მოწმობას არ ადასტურებს. შეიძლება მხოლოდ აღვნიშნოთ აღმოსავლელ პატრიარქთა გაკვირვება, რომლებმაც გაიგეს, რომ ლათინები "როდესაც საღმრთო ნათლობას ასრულებენ, მოსანათლავებს ერთჯერ შთაფლავენ, მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე და, თანაც, მოსანათლავების პირს მარილით ავსებენ" (12). შესაძლოა, ვინმე მართლმადიდებელი მღვდელმსახური, თუკი გაიგებდა ნათლობის წეს-განგების ამგვარი დარღვევის შესახებ (რომელიც, სხვათა შორის, მიდის წმ. გრიგოლ დიალოგოსამდე) თავიდან ასრულებდა ნათლობას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს პრაქტიკა შესაძლოა ვინმეს პირადი ინიციატივაც ყოფილიყო.
8.4. რუსეთის ეკლესიაში, მოსკოვის 1620 წლის კრებაზე, რომელიც მოწვეულ იქნა პატრ. ფილარეტის დროს, დადგინდა კათოლიკეთა გადანათვლა (ფაქტობრივად, ასეთი პრაქტიკა, სავარაუდოდ, გაჩნდა ე. წ. "არეულ დროს" XVII ს.-ის დასაწყისში (13)). კრებით საქმეებში მოცემული გადაწყვეტილება ეფუძნება მსოფლიო კრებათა კანონებს, რომლებიც ეხებიან საბელიანოზთ, მონტანისტებს (ფრიგველებს) და პავლე სამოსატელის მიმდევრებს; ამასთან კათოლიკეებს მიეწერებათ ყველა ზემოთჩამოთვლილი მწვალებლობანი. ამგვარად, მოცემული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ნათლობის აღიარების კრიტერიუმებს, რომლებიც აღწერილია 1-ლ დანართში, მაგრამ ამასთან ეფუძნება მთელ რიგ ცრუ წარმოდგენებს კათოლიკეთა სწავლა-მოძღვრების შესახებ.
რუსეთის ეკლესიის 1655 წლის კრებამ, პატრ. ნიკონის დროს, გააუქმა ეს პრაქტიკა, და კათოლიკეთა მირონცხებით მიღება დააწესა, "რადგან პოლონელებს სწამთ და ნათლავენ წმ. სამების სახელით და არც იმდენად განსხვავდებიან ჩვენგან, როგორც სხვა მწვალებლები" (14). ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით დაამტკიცა მოსკოვის 1667 წლის კრებამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მოსკოვისა და კიდევ ორი აღმოსავლელი პატრიარქი, რომლებმაც 1620 წლის კრების მსჯელობის მრავალრიცხოვან შეცდომებზე მიუთითეს და მისი გადაწყვეტილებები "გაასწორეს", თანაც დაეფუძნენ მოციქულთა 47-ე კანონს, გამომდინარე იქიდან, რომ ლათინთა მწვალებლობა - უფრო მცირეა, ვიდრე არიანელთა და მაკედონიანელთა, ასევე წმ. მარკოზ ეფესელის სიტყვებს.
ასე რომ, მიღების წეს-განგების დარღვევის პრაქტიკა არასოდეს ყოფილა ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობის, არამედ წარმოადგენდა ცალკეულ პირთა ინიციატივას, ხშირად ეფუძნებოდა შეცდომებს და ჩვეულებისამებრ სწრაფადვე აღმოიფხვრებოდა.
______________________
7. კართაგენის 256 წ-ის კრების კანონი მოცემულია წმ. კვიპრიანე კართაგენელის წერილში "იანუარიუსისა და სხვა ნუმიდიელ ეპისკოპოსთადმი მწვალებელთა ნათლისღების შესახებ".
8. "იგივე ეპისკოპოსები, რომლებმაც (კვიპრიანესთან) ერთად დაადგინეს მწვალებელთა გადანათვლა, შემდეგ კვლავ ძველ ჩვეულებას დაუბრუნდნენ და ახალი დადგენილება გამოსცეს" (бл. Иероним Стридонский. Разговор против люцифериан).
9. წმ. ბასილი დიდი. 1-ლი კანონი.
10. წმ. კვიპრიანე კართაგენელი. წერილი იუბაიანეს მწვალებელთა ნათლისღების შესახებ.
11. Говорун С. Из истории богословских споров XVIII века по проблеме латинского крещения, 1.1 http://www.pravoslavie.ru/archiv/anabaptism.htm
12. კონსტანტინოპოლის უწმიდესი პატრიარქის მიხაილ კერულარიოსის ეპისტოლე ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ პეტრესადმი (1054 წ.).
13. ტ. ა. ოპარინას სტატიებში მოცემულია მტკიცება, რომ "მიღების წეს-განგების რედაქციები", რომლებშიც განწესებულია ლათინთა თავიდან ნათლობა "რუსულ ხელნაწერებში გაჩნდა XVI ს-ის მიწურულს" (Опарина Т.А. Греческий чин приема католиков в православие в сербских и украинско-белорусских памятниках и их влияние на русскую традицию // Вестник церковной истории. 2010. № 1/2 (17/18)) ან საერთოდ "XVI სში" (Опарина Т.А. Выбор чина приема в православие западных христиан в период междупатриаршества (1612–1619 гг.)// Российская история. №5, 2010). თუმცა, სხვა ავტორები, მათ შორის ნ. ი. კრანოსელცევი, რომელმაც გამოაქვეყნა მითითებული წეს-განგება (Красносельцев Н. Я. К истории православного богослужения по поводу некоторых церковных служб и обрядов, ныне не употребляющихся. Казань, 1889. С. 126–133) ამ წეს-განგებას განაკუთვნებენ XVII ს-ეს.
14. Митр. Макарий (Булгаков), История Русской Церкви. Том 5. Отдел 2. Глава II.
______________________
9) წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს მოწვეული კართაგენის კრების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა იმ დროის ეკლესიათა უმეტესმა ნაწილმა, მოგვიანებით კი ის "დაადასტურა" VI მსოფლიო კრებამ თავისი მე-2 კანონით და აკრძალა მისი "შეცვლა ან გაუქმება", მაშასადამე მას გააჩნია საყოველთაო მნიშვნელობა.
პასუხი:
9.1. როგორც უკვე § 8.1-ში აღინიშნა, ყველა სქიზმატიკოსისა და მწვალებლის გადანათვლით მიღების წეს-განგება დაწესებულ იყო წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს კართაგენის 255 და 256 წლების კრებებზე, და ასევე ფირმილიანე კესარიელის მიერ (15). ქსელურ განხილვებში ნახსენებია იმ დროის სხვა კრებებიც, კერძოდ იკონიასა და სინაადში, რომლებიც თითქოსდა ადასტურებდნენ წმ. კვიპრიანეს პოზიციას. სინამდვილეში, წმ. დიონისე დიდი რომში გაგზავნილ თავის წერილებში (წმ. ქსისტუს რომაელისადმი) (16) და პრესვიტერ ფილიმონისადმი (17)), ასევე ფირმილიან კესარიელი თავის წერილში წმ. კვიპრიანესადმი (18) ახსენებენ, რომ შესაბამისი ოლქების კრებებმა დააწესეს - მწვალებელთა გადანათვლა. მაგრამ აქედან სულაც არ გამოდის ის, რომ ისინი ასევე გადანათლავდნენ სქიზმატიკოსებს. რადგან თვით წმ. დიონისე მიიჩნევდა, რომ ნათლისღებისთვის აუცილებელი იყო არა მარტო სწორი ფორმა, არამედ სამებისადმი რწმენაც, ხოლო ისინი, ვინც არასწორად ნათლავს ან უარყოფს ღვთაების სამპიროვნებას (მაგალითად, საბელიანოსნი) - ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში უნდა მოინათლონ (იხ. პ. 1.1). ამიტომაც, ელტვოდა რა რომის ეკლესიის წარმომადგენელთა გადარწმუნებას, რომლებიც ლამის ყვლა მწვალებელთა ნათლობას შეიწყნარებდნენ - ის იმოწმებდა იმათ პრაქტიკას, ვინც ისე იქცეოდა, როგორც თვითონ.
როგორც უკვე პ. 8.1-ში აღინიშნა, აფრიკაში გადანათვლის პრაქტიკა შეწყდა არა უგვიანეს არელატის კრებისა (314 წ.), ხოლო მცირე აზიაში - არა უგვიანეს ლაოდიკიის კრებისა (364 წ.).
9.2. რადგან გადანათვლის პრაქტიკა, რომელიც წმ. კვიპრიანეს დროს მოწვეულ კრებებზე დაწესდა - იმემკვიდრევეს დონატისტებმაც - შემდეგში, დონატიზმის საწინააღმდეგოდ მოწვეულმა კრებებმა ის დაგმეს (ცხადია - ლაპარაკია მხოლოდ ტრინიტარელთა ნათლობაზე). კერძოდ, არელატის კრებაზე 314 წ-ს (იხ. პ. 1.2), კართაგენის კრებაზე 348 წ-ს, წმ. გრატის დროს (იხ. პ. 1.3) და ასევე კართაგენის 401 წ-ის კრება, რომელშიც მონაწილეობდა ნეტ. ავგუსტინეც.
9.3. მართლაც, კართაგენის 255 წ-ის (19) [43] კრების დადგენილება ნახსენებია VI მსოფლიო კრების მე-2 კანონში. ტრულის სინტაგმაში წმ. კვიპრიანეს დროს მოწვეული კრების განწესების ჩართვის ისტორიული ვითარებები და მისი განხილვა ტრულის კრებაზე უცნობია. შეიძლება აღვნიშნოთ, რომ კანონიკურ კრებულებში, რომლებიც ტრულის კრებამდეა შედგენილი ეს განაწესი არ არსებობს (20) [44]. ვ. ნ. ბენეშევიჩის აზრით (21) [45], მოცემული კანონი გადათარგმნილი იყო ლათინურიდან ტრულის კრებამდე რამოდენიმე წლით ადრე. კანონთა სინტაგმაში, რომლებიც მომზადდა ტრულის კრებისთვის, ეს კანონი მე-3 ადგილზე დგას მოციქულთა კანონებისა და ნიკეის კრების კანონების შემდგომ, ანკირიის კრების განწესებების წინ.
მაგრამ ტრულის კრებამ, რომელმაც თავისი მე-2 კანონით (წმიდა გადმოცემაში ის აღიარებულია, როგორც VI მსოფლიო კრების მე-2 კანონი), კვიპრიანე კართაგენელის დროინდელი კრების კანონი ყველაზე ბოლო ადგილზე გადაიტანა და მას პრინციპული შენიშვნა დაურთო (იხ. დამუქებული ადგილები):
"... ერთსულოვნებით ვბეჭდავთ ყველა სხვა (მოციქულთა კანონების შემდგომ - ავტ.) წმინდა განწესებებსაც დადგენილთ ჩვენი წმინდა და ნეტარი მამების მიერ, ესენია: ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტი მამისაგან მოცემული; ასევე, ანკვირიაში, ნეოკესარიაში, აგრეთვე ღანგრაში, ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში შეკრებილთაგან; ... ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს კირილეს და ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქის პატრიარქ გენადის მიერ; აგრეთვე აფრიკის ქვეყნების მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანესაგან და მასთან ერთად შეკრებილ მამათაგან დასხმულ კანონს, რომელთა განწესებაც მხოლოდ ხსენებულ წინამძღვრისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში იყო შენარჩუნებული მათი ჩვეულების შესაბამისად. ნუმცა მიეცეს ვინმეს ნება ზემოაღნიშნული კანონების შეცვლის, ან უარყოფის, ან წინამდებარე კანონთა ნაცვლად, სხვა კანონების შეწყნარებისა, ცრუ სახელით დაწერილისა ზოგიერთი ადამიანის მიერ, რომელთაც ეყოთ კადნიერება ჭეშმარიტებით ევაჭრათ. ხოლო იმ პირს, რომელიც დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში იმხილება, ისეთი ეპიტიმია უნდა დაედოს, როგორსაც მის მიერ დარღვეული კანონი განაჩინებს და ამ გზით განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესცოდა".
9.4. პრაქტიკულად ყველა კანონისტის საზოგადო განმარტების თანახმად (გარდა ნიკოდიმე მთაწმინდელისა, - იხ. დამატება 6), მითითებული განმარტება ნიშნავს, რომ კანონი მოქმედად აღიარებული იყო მხოლოდ აფრიკაში და მხოლოდ წმ. კვიპრიანეს დროს. ბალსამონის, ზონარას და ნიკოდიმე მილაშის მიხედვით წმ. კვიპრიანეს კანონი "მიტოვებულია", რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის II მსოფლ. კრების მე-7 კანონთან, რომელიც მას ფაქტიურად ცვლის ა) როგორც უფრო გვიანდელი კრების კანონი და ბ) როგორც მიღებული მსოფლიო კრების მიერ. მათე ბლასტარისის მიხედვით - მას (წმ. კვიპრიანეს დროს მიღებულ კანონს - "აპოკ." რედ.) მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა გააჩნია, და მხოლოდ კართაგენის ეკლესიაში შეიძლება იმოქმედოს. არავითარი მითითება იმაზე, რომ რაიმეს ამ კანონში (მაგალითად, სქიზმატური ნათლობის სინამდვილის უარყოფა) გარდაუვალი მნიშვნელობა ჰქონდეს და მთელი ეკლესიისთვის აქტუალური იყოს - ჩამოთვლილ კანონისტებთან არ არსებობს.
ამაზე მოწმობს შემდგომი ისტორიაც. წმ. კვიპრიანეს დროს მოწვეული კრება შევიდა VIII ს-ის პირველი ნახევრის კიდევ ორ კანონიკურ კრებულში და ერთ კრებულში, რომელიც IX ს-ის დასაწყისში შეადგინეს, მაგრამ, უკვე სინტაგმაში, რომელსაც ბენეშევიჩი წმ. პატრ. ტარასი კონსტანტინოპოლელის სახელს უკავშირებს (VIII ს-ის მეორე ნახევარი) ეს კანონი არ არის (აქ და ქვემოთ ცნობები კანონიკურ კრებულთა შემადგენლობაზე მოცემულია ბენეშევიჩის მონოგრაფიის მიხედვით (22) [46]. არ არის ის IX ს-ის კრებულთა უმრავლესობაშიც, მათ შორის XIV ტიტულიანი ნომოკანონის მეორე რედაქციაშიც (883 წ.). ეს უკანასკნელი დამტკიცებულია კონსტანტინოპოლის 920 წ-ის კრების მიერ, ხოლო მისი სინტაგმა მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური დოკუმენტი გახდა.
ამგვარად, VIII ს-ის მიწურულისა და IX ს-ის დასაწყისის პერიოდიდან, წმ. კვიპრიანეს დროს მოწვეული კრების კანონი ამოვარდა მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური სამართლის სისტემიდან: ბერძნულ ეკლესიებში - XIX ს-ის დასაწყისამდე (პიდალიონი), ხოლო სლავურ ეკლესიებში - დღემდე. მოცემული ვითარება, ამ კანონის ლოკალისტურობასთან დაკავშირებით, შეიძლება კანონისტთა განმარტების იმპლიციტურ მტკიცებულებად ჩავთვალოთ
უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ტრულის კრებამ, სხვა კანონთა გარდა, რომლებშიც დაფიქსირებულია კონკრეტულ ჯგუფთა მიღების წეს-განგება გადანათვლის გარეშე (II მსოფლ. კრების მე-7, VI მსოფლ. კრების 95-ე და სხვა) ასევე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაამტკიცა 419 წლის კართაგენის კრების 57-ე (68-ე) კანონი, რომელიც პირდაპირ, მოციქულთა სიტყვების საფუძველზე კრძალავს გადანათვლას (იხ. პ. 3.2 და 4.1), რაც ასევე იმპლიციტური შეცვლაა კანონისა, რომელიც მიღებულ იქნა წმ. კვიპრიანეს დროს მოწვეულ კრებაზე.
9.5. რადგან წმ. კვიპრიანეს ცდომილება გადანათვლებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა დონატისტების მიერ, მთელი რიგი მამები და ავტორიტეტული ღვთისმეტყველები დეტალურად განიხილავდნენ მათ (თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ აყენებდნენ ეჭვქვეშ წმ. კვიპრიანეს ავტორიტეტს). შესაბამისი მოწმობანი შევკრიბეთ მე-7 დამატებაში).
___________________
15. Спор св. Киприана Карфагенского со св. Стефаном Римским о чиноприеме и его рецепция. Часть 1. https://zloi-prepod.livejournal.com/1847.html; часть 4 https://zloi-prepod.livejournal.com/2567.html
16. Письмо св. Дионисия Александрийскому св. Ксисту Римскому//Евсевий Кесарийский. Церковная история, 7:5:4-5.
17. Письмо св. Дионисия Александрийскому Филимону//Евсевий Кесарийский. Церковная история, 7:7:5.
18. Фирмилиан Кесарийский. Письмо св. Киприану Карфагенскому// Св. Киприан Карфагенский. Письмо к Магну о крещении Новациан и о получивших крещение в болезни.
19. Св. Киприан Карфагенский. Письмо к Януарию и прочим епископам нумидийским о крещении еретиков.
20. Каноническое право. //Православная Энциклопедия, т.30.
21. Бенешевич В.Н. Канонический сборник XIV титулов со второй четверти VIII века до 883 года. СПб, 1905 г ., с. 238-239.
22. Бенешевич В.Н. Указ. соч.
______________________
გაგრძელება იქნება.
წყარო: vk.com.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.