სწავლანი > საეკლესიო სამართალი
განდგომილნი თუ "არაგაეკლესიურებულნი"?
(მოძღვრის შეხედულება სამრევლო ცხოვრების ზოგიერთ ასპექტზე)
"თუ ვინმეს ქრისტეს სახელი აქვს შემოსილი, მაგრამ თავისი ცხოვრებით არ ავლენს იგი სხვა დანარჩენთ, რაც კი ქრისტეს სახელთან ერთად მოიაზრება, ამგვარი ვინმე აყალბებს აღნიშნულ სახელს და, ... ადამიანის სახის გამომხატველ უსულო ნიღაბს აცმევს იგი მაიმუნს, რადგან, ისევე როგორც არ შეიძლება, რომ ქრისტე არ იყოს სამართლიანობა, სიწმინდე, ჭეშმარიტება და ყოველგვარი უკეთრებისგან გაუცხოება, ასევე არ შეიძლება, რომ ქრისტიანი (რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ქრისტიანი) არ ავლენდეს თავის თავში ამ სახელებთან ზიარებას".
წმ. გრიგოლ ნოსელი. რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?
ავტორი: მღვდ. გიორგი კაზანცევი. ნაწყვეტი (მე-2 თავი) პუბლიკაციიდან: "Мертвые души (проблема номинальных христиан)" ("მკვდარი სულები (ნომინალურ ქრისტიანთა პრობლემა").
საინტერესოა, რომ დასავლეთიდან გადმონერგილი დამღუპველი ცთომილება ერთგვარი "ქრისტიანობის" არსებობაზე, რომელიც, თურმე, ეკლესიისგან დამოუკიდებელია, დღეს ახალი საღვთისმეტყველო "თეორიით" იმოსება. ამ "თეორიას" თქვენ ვერ იპოვით ვერც საეკლესიო სამართლის და ვერც დოგმატიკის სახელმძღვანელოებში, მაგრამ მის შესახებ ბევრს მოგითხრობთ ყოველი სამრევლოს რომელიმე წარმომადგენელი, და შესაძლოა, ზოგიერთი მღვდელმსახურიც. მოდი, ამ განსჯას "ეკლესიის პასიური წევრობის თეორია" ვუწოდოთ.
ყოველდღიურობაში ეს "ღვთისმეტყველება" ვლინდება იმაში, რომ მონათლულთ, მაგრამ არაქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანებს, უწოდებენ მზაკვრულ სახელწოდებას - "არაგაეკლესიურებულნი". იგულისხმება, რომ ადამიანი უკვე გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ მას სულ მცირე არ ჰყოფნის - დაიწყოს საეკლესიო ცხოვრების ნორმების დაცვა. თუმცა, მიაჩნიათ, რომ ეს წვრილმანია, მთავარია იყო მონათლული.
ცრუ სტერეოტიპი არაგაეკლესიურებულებს "მართლმადიდებლებს" უწოდებს. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება კანონთა ლოგიკას. VI მსოფლიო კრების 80-ე კანონი ნათლად მიუთითდბს, რომ ადამიანი, ვინც გაურბის საეკლესიო თანაზიარობას, ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. სამი საკვირაო ღვთისმსახურება, რომელიც გამოტოვებულ იქნება რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, ეკლესიიდან განკვეთის საფუძველია. თანაც, იმ დროის საეკლესიო ტრადიცია გულისხმობდა, რომ ყოველ ღვთისმსახურებაზე მისული ქრისტიანი უნდა ზიარებულიყო, თუ ის მონანულთა კატეგორიაში არ იდგა. VI მსოფლიო კრების მამებმა საეკლესიო ცხოვრების ნორმად მიიჩნიეს სამ კვირაში ერთხელ ეკლესიაში მისვლა და ლოცვებთან თანაზიარობა. ეს, ერთგვარი, "საარსებო მინიმუმია", რომელიც სულს ჰაერივით სჭირდება.
დღეს ეს ჩვეულება შეიცვალა. საეკლესიო ცხოვრების ევქარისტული რიტმი დაიკარგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საეკლესიო ორგანიზმში დაიკარგა კუთვნილების ევქარისტული პრინციპი. თუ მოცემული პრინციპიდან გადავუხვევთ, მაშინ გარდაუვალია გადასვლა ეკლესიისადმი კუთვნილების სეკულარულ საფუძვლებზე, რაც მხოლოდ ნათლისღების მიღებას ეფუძნება.
რა თქმა უნდა, იკონომიური (1) მოსაზრებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ზოგიერთ კანონიკურ მოთხოვნას არბილებენ. მაგრამ არ არსებობს არანაირი აუცილებლობა უარი ვთქვათ იმ კანონთა გამოყენებაზე, რომლებიც ეკლესიიდან განდგომის დამღუპველობაზე მეტყველებენ. მოცემული კანონების უარყოფა განსაკუთრებულად ვნებს სულიერ ცხოვრებას და მისიონერულ საქმიანობას. ამიტომაც დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ ეკლესიის წევრთა მართლუნარიანობის შეფასების ეკლესიისთვის ბუნებრივ პლატფორმას.
_______________________
1. იკონომიის პრინციპს უწოდებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც კანონიკური ნორმები, სამოძღვრო აუცილებლობის თვალსაზრისით, კონკრეტულ ცხოვრებისეულ ვითარებებში მთელი სიმკაცრით არ გამოიყენება. იკონომია აკრიბიის მოპირისპირე პრინციპია. აკრიბია ეწოდება კანონთა მთელი სიმკაცრით გამოყენებას ეკლესიის ცხოვრების კონკრეტულ ვითარებებში. იკონომიაც და აკრიბიაც საშუალებებია, რომლებმაც თანაბრად უნდა შეუწყოს ხელი მორწმუნეთა სულიერ ცხონებას და ეწინააღმდეგოს ცოდვას.
_______________________
მოდი, დეკ. ვლადისლავ ციპინის კანონიკური სამართლის სახელმძღვანელოში ჩავიხედოთ. მოცემული სახელმძღვანელო ეკლესიის შემადგენლობას ასე განიხილავს: ეკლესიის თავი არის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, ხოლო მიწიერი (მებრძოლი) ეკლესიის შემადგენლობაში გამოიყოფიან კლირიკოსები, ერისკაცები და ბერ-მონაზვნები (Прот. Владислав Ципин. Курс церковного права. Клин, 2002. – С. 174 – 176). არავითარი "არაგაეკლესიურებულები" არ მოხსენიებული არ არის.
შეგვიძლია ჩავიხედოთ საეკლესიო სამართლის ძველ წყაროებშიც, მაგრამ "არაგაეკლესიურებულ" (მტრულ ან პასიურ), მაგრამ ეკლესიის უფლებამოსილ წევრებს იქაც ვერ ვიპოვით. საეკლესიო სჯულის ძველ კომენტატორთა კანონიკური კრებულები და შრომები გვაძლევენ ეკლესიის არასრულფასოვანი წევრობის ერთადერთ ტერმინს - კათაკმევლები, ანუ ადამიანები, რომლებიც აქტიურად ემზადებიან ნათლისღებისთვის, ისწრაფვიან გახდნენ ეკლესიის სრულფასოვანი წევრები. ეკლესიის შემადგენლობაში, კლირიკოსების და ბერ-მონაზვნების გარდა, კანონები კიდევ გამოყოფენ "მართალთ" და "მონანულთ". მაგრამ ყველა მათგანი აქტიურად ავლენს თავის რწმენას და ეკლესიურობას.
არსებობს ადამიანთა კიდევ ერთი კატგორია, რომელსაც გამოყოფენ საეკლესიო სამართლის ძველი წყაროები. ესენი არიან: "განდგომილები" (ნებაყოფლობითი ან იძულებითი). ნებაყოფლობით განდგომილთაგან საეკლესიო უფლებამოსილებას იძენენ მხოლოდ სარწმუნობიდან განდგომაში გულწრფელად მონანული ადამიანები. მაგრამ მონანულთა მიმართაც კანონები არიან საკმაოდ მკაცრნი. წმ. ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი მიიჩნევენ, რომ ნებაყოფლობით განდგომაში ჩავარდნილი, მაგრამ მონანული ადამიანი სიკვდილამდე უზიარებელი უნდა იყოს. I მსოფლიო კრება, თავის კანონებში, ამგვარ მონანულთადმი უფრო მოწყალეა: "თუმც არ არიან კაცთმოყვარეობის ღირსნი" (დიდი სჯულისკანონი. I მსოფლიო კრების 11-ე კანონი).
საკმაოდ სანიმუშოდ მსჯელობს მათზე ამავე კრების 12-ე კანონი: "ვინც მადლის მიერ იქნენ მოწოდებულნი რწმენის აღმსარებლად, მოშურნეობის პირველი აღტკინება გამოიჩინეს, ... მაგრამ შემდეგ როგორც ძაღლები თავიანთ ნათხევარს დაუბრუნდნენ ... ასეთები, სტოვაში საღვთო წერილის სამი წლის მსმენელობის შემდეგ, ათი წელიწადი ტაძარში შევრდომილნი უნდა იყვნენ და პატიება ითხოვონ. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მონანულთა განწყობა და სინანულის სიწრფელე, რომ საქმით და არა მხოლოდ გარეგნულად გამოავლინონ თავიანთი მოქცევა, მსმენელობისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კი ჯეროვანი იქნება მათი მიღება მლოცველებთან თანაზიარობაში. ეპისკოპოსს თავის მხრივ ნება ეძლევა მათ მიმართ კიდევ უფრო რაიმე კაცთმოყვარული გადაწყვეტილება მიიღოს; ხოლო ვინც გულგრილად გადაიტანს თავის დაცემას და ეკლესიაში შესვლის ნებართვას მოქცევისათვის საკმარისად ჩათვლის, სინანულის ვადის მოხდა ბოლომდე დაეკისროს" (დიდი სჯულისკანონი. I მსოფლიო კრების 12-ე კანონი).
სრულიად ნათელია, რომ კანონი აქ ნათლისღების შემდეგ კვლავ ადრინდელი ცხოვრების წესისკენ მიბრუნებას, განდგომილებას უწოდებს. ეს ნიშანი შესაძლებლობას იძლევა ასეთი "არაგაეკლესიურებული", ანუ ეკლესიისგან ნებაყოფლობით განდგომილი ადამიანები შევადაროთ "ძაღლებს, რომლებიც თავიანთ ნათხევარს დაუბრუნდნენ".
ცხოვრების ადრინდელ წესთან დაბრუნება I მსოფლიო კრების 12-ე კანონი იგმობა კერპთაყვანისმცემლობასთან დაბრუნების ძალით. IV ს-ის დასაწყისის რომის იმპერიაში ეკლესიისგან განდგომა დაკავშირებული იყო სხვა რელიგიური პრაქტიკის მიღების აუცილებლობით. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სრულიად დასაშვებია კანონის პრინციპების ექსტრაპოლაცია (გადატანა) მსგავს ვითარებებზე. თუკი დღეს სახელმწიფო არ ითხოვს კერპთაყვანისმცემლობას, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საეკლესიო თანაზიარობის გარეშე ადამიანი ქრისტიანად რჩება.
თანამედროვე ნომინალური "ქრისტიანები" გარდაუვალად ექცევიან ასტროლოგთა, ჯადოქართა, მისანთა და მოგვთა გავლენის ქვეშ, რომელთა მომსახურეობითაც არცთუ იშვიათა სარგებლობენ. მაშინ, როდესაც VI მსოფლიო კრების 61-ე კანონი ამგვარ საქმიანობას კერპთაყვანისმცემლობას ადარებს და ბრძანებს ეკლესიიდან იმათ განკვეთას, კერძოდ მსოფლიო კრება ბრძანებს: "ვინც მტკიცედ არის დადგრომილი ამგვარ საქმიანობაში, არ უტევებს და არ ილტვის ასეთი დამღუპველი და წარმართული გამოგონებებისაგან, მათ მიმართ ეკლესიიდან გაძევებას განვაჩინებთ, როგორც ამას საღვთო სჯული ბრძანებს: "...რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? - იტყვის მოციქული, - ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?" (იხ. II კორ. 6. 14,16,15) (დიდი სჯულისკანონი. VI მსოფლ. კრების 61- კანონი).
გარდა წარმართულ უსჯულოებებში აშკარა მონაწილეობისა, ეკლესიის "არაგაეკლესიურებული წევრები" ჩადიან მრავალ მომაკვდინებელ ცოდვას, რომლებიც ქრისტიანულ რწმენასთან შეუთავსებელია, და მათ ცხოვრების ნორმადაც კი მიიჩნევენ. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა კანონიკურად გაფორმდეს ახალგამოგონილი ტერმინი "არაგაეკლესიურებული" არადამაჯერებლად გამოიყურება.
განდგომილი ადამიანი, რომელმაც დაკარგა ღმერთთან ურთიერთობის მადლი, საეკლესიო უფლებამოსილებებსაც უნდა კარგავდეს. ის საჭიროებს გულწრფელ (და არა გარეგან) ორმაგ სინანულს, რომლის შესახებაც არის ლაპარაკი I მსოფლიო კრების 12-ე კანონში. ამგვარი ადამიანები არ უნდა ჩაითვალონ ეკლესიის წევრებად. მაგრამ კანონიკური ტერმინის "განდგომილის" გამოყენება მათდამი საჭიროა თანამედროვე ვითარებების გათვალისწინებით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ტერმინის ("განდგომილის") აღქმა, როგორც იმ ადამიანთა უგულვებელმყოფელისა, ან აბუჩად აგდბისა, ვინც კავშირი დაკარგა ეკლესიასთან.
განდგომილები არიან ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ქმედით ზრუნვას ეკლესიაში მათ დასაბრუნებლად. დღეს ეკლესიისგან განდგომა ხდება სხვა ვითარებებში, ვიდრე უწინ, ძველ დროში. დღეს ცხოვრების პირობებიც შეიცვალა. ძველ დროებაში განდგომა ქრისტესა და ეკლესიის, საკუთარი ევქარისტული თემის აშკარა გამყიდველობას უკავშირდებოდა. დღევანდელი განდგომილი არც არასოდეს ყოფილა ევქარისტული თემის წევრი, რომელთან ერთობაშიც შეეძლო მას დაენახა ქრისტეში მორწმუნეთა ერთობა. მას მიახლოვებითი წარმოდგენაც კი არა აქვს ქრისტეზე, ჩვენი ცხოვნების საღმრთო აღმშენებლობაზე, ქრისტიანთა მოვალეობაზე ეკლესიის წინაშე. ამიტომაც პასუხისმგებლობის მისი დონე საეკლესიო კანონთა მოთხოვნებზე ბევრად ნაკლებია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ეკლესიის ბუნება და ნათლისღების საიდუმლოს ადამიანები ღმერთთან და მთელ ეკლესიასთან მადლისმიერ ერთობაში უკვე აღარ შეჰყავს.
ნათლისღების საიდუმლოში ადამიანი ისევე იმოსება ქრისტეთი, როგორც ყოველთვის. ის ისევე წარმოთქვამს ნათლისღების აღთქმებს და ადასტურებს თავის რწმენას "ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისადმი", როგორც ყოველთვის, თუნდაც ეს მრწამსი მის ნაცვლად მღვდელმა წაიკითხოს. თუკი ნათლისღების შემდეგ ადამიანი კვლავ არაქრისტიანულად ცხოვრობს, ის კარგავს იმ მადლისმიერ თანაზიარობას და ერთობას, რაც ნათლისღების საიდუმლოთი მოიპოვა. ამას კი სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა განდგომას ეკლესიისგან.
ფაქტი ფაქტად რჩება: მონათლული, მაგრამ არაქრისტიანულად მცხოვრები ადამიანი განდგომილია. თანაც დღეს მისი განდგომილების დანაშაულისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც ის მონათლა, და მისი განათლებისთვის არ იზრუნა. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ფსევდოკანონიკური ტერმინის "არაგაეკლესიურებულის" საფუძვლები.
საჭიროა ვაღიაროთ, რომ როდესაც ზოგიერთ ადამიანს არაგაეკლესიურებულს, მაგრამ ეკლესიის სრულუფლებიან წევრს ვუწოდებთ, ამით საკუთარ პასუხისმგებლობას ვიხსნით მათ უბადრუკ სულიერ მდგომარეობაზე: "ჩვენ ნათლისღება აღვასრულეთ, დანარცენი კი - მათი საქმეა". ჩვენ ხელს ვიბანთ და ვივიწყებთ ადამიანებს. ასეთ დამოკიდებულებას კი ვიღაც "სიყვარულს" და "ადამიანთა ცხონებაზე ზრუნვასაც" კი უწოდებს. თუმცა, სინამდვილეში, სახეზეა დანაშაულებრივი გულგრილობა ადამიანებისა და თვით ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მიმართ.
წყარო: golubinski.ru