სწავლანი > საეკლესიო სამართალი
დანაშაული და საეკლესიო სასჯელი ძველი საყოველთაო ეკლესიის კანონების მიხედვით
ავტორი: ი. მილოვანოვი.
წყარო: Христианское чтение. 1887. № 5-6. СПБ.
განყოფილება II
დანაშაულობათა და სასჯელთა შესახებ განსაკუთრებით
I
იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც მიმართულია სარწმუნოების წინააღმდეგ
§ 22. სარწმუნოების უარყოფა
კანონები: მოც. 62; 1 მსოფლ. 11, 12; ანკ. 1—9; II. ალექს. 1—14; ბას. დ. 73, 81; გრ. ნოს. 2.
I. სარწმუნოების ცნება შედგება ორი ელემენტისგან: შინაგანი შეგნებისგან ან გრძნობისგან და მისი გარეგანი გამოვლინებისგან; სხვაგვარად - რწმენისა და აღმსარებლობისგან. აქედან გამომდინარე სარწმუნოების უარყოფაც შეიძლება ორგვარი იყოს. ის ხან წარმოადგენს, როგორც რელიგიურ შეხედულებათა ცვლილებას, როგორც რელიგიის შეცვლას სხვა რელიგიის უპირატესობის შეგნებიდან და პირველის ანუ ადრინდელის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე; რისი გარდაუვალი შედეგი ხდება რწმენის აღმსარებლობის შეცვლა.
სხვა დროს რწმენის უარყოფის ფაქტში შესამჩნევია მხოლოდ აღსარების არარსებობა, მიუხედავად იმისა, რომ გულში, როგორც გრძნობა, ის შეიძლება არსებობდეს: სხვაგვარად, ადამიანი აჩვენებს ერთს, მაგრამ გულში იმარხავს სხვას, თანაც ეს მაჩვენებლობა მთავრდება მოტივით, რომელმაც ის გამოიწვია. გარეგან საეკლესიო სასამართლოს საქმე აქვს მხოლოდ გარეგან მოქმედებებთან, და დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ გარეგანი ფაქტი. აქედან გამომდინარე რწმენის უარყოფა, როგორც რელიგიური შეხედულების ან გრძნობის შეცვლა, რომელიც გარეგნულად აღმსარებლობის შეცვლაში არ არის გამოვლენილი, სასამართლოს გასარჩევ საქმეს არ წარმოადგენს. რჩება მხოლოდ რწმენის აღმსარებლობა, როგორც გარეგანი ქმედება, რომელიც მისაწვდომია დაკვირვებისთვის.
ამიტომაც, დანაშაულის თვალსაზრისით, სარწმუნოების უარყოფად იწოდება რწმენის აღმსარებლობის შეცვლა, დამოუკიდებლად იმისა გულწრფელია ის თუ თვალთმაქცური; სხვაგვარად, ეს არის რაიმე სხვა, და არა ქრისტიანული რწმენის აღიარება, თუნდაც ის დროებითი, მოკლევადიანი იყოს, ან კიდევ ჩადენილი იყოს რაიმე აუცილებლობით.
ასე გაიგება ეს საკითხი საეკლესიო კანონებში. ყველა მათგანი გამოცემულია რწმენისგან ზოგიერთი ქრისტიანის განდგომის გამო, დევნულების დროს გარეგანი ძალადობის გავლენით, და მხედველობაში ჰყავთ უპირატესად ისეთი ქრისტიანები, რომლებიც თუმც კი აღიარებდნენ წარმართულ რწმენას, მაგრამ ამას აკეთებდნენ არა შინაგანი რწმენით, არამედ აუცილებლობის გამო, რათა თავიდან აერიდებინათ ტანჯვა და სიკვდილი.
რწმენისგან განდგომის გამოვლინებას, ანუ გარეგან ნიშანს წარმოადგენს საზოგადოდ კერპთაყვანისმცემლობა, მათდამი სხვადასხვა სახის მსხვერპლშეწირვა, სხვადასხვა სახის პატივის მიგება და კერპშენაწირის ჭამა. ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი ეს საქმიანობა, - დანაშაულობის თვალსაზრისით ერთი და იგივეა. უფრო მნიშვნელოვანია მოტივები, რომლებმაც ის გამოიწვია, ასევე ადამიანის სუბიექტური მდგომარეობა კერპშეწირვის დროს. ამ მიმართებით საეკლესიო კანონები განასხვავებენ შემდეგ შემთხვევებსა და მოქმედებებს:
a) რწმენისგან განდგომა სულმოკლეობისა და შიშის გამო (I მსოფლ. 11; ბას. დ. 81);
b) რწმენის უარყოფა მუქარებისა და წამების გამო (ანკირ. 6; ბას. დ. 81; გრ. ნოს. 2);
c) რწმენისგან ნებაყოფლობითი განდგომა (ბას. დ. 73; გრ. ნოს. 2);
d) კერპშეწირულობა მხიარული ან მწუხარე სახით (გამომეტყველებით), ნათელი ან სამგლოვიარო შესამოსელით (ანკ. 4-5);
e) მრავალგზისი კერპშეწირვა (ანკირ. 8);
f) ქრისტიანთა დევნულებაში მონაწილეობის მიღება (ანკ. 8);
g) თავიანთ ბატონთაგან იძულებული მონების კერპთაყვანისმცემლობა (პ. ალექს. 6);
h) მოჩვენებითი შეშლილობა (პ. ალექს. 5);
i) კლირიკოსთა განდგომა სარწმუნოებისგან (მოც. 62; ანკირ. 1-2; პ. ალექს. 10).
II. ჩამოთვლიან რა დანაშაულებრივ მოქმედებებს, კანონები უთითებენ სარწმუნოებიდან განდგომის იმ შემთხვევებსაც, რომელთაც ეკლესიის წევრებს დანაშაულში არ უთვლიდნენ. ასე, მაგალითად, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდნენ შემდეგი პირები:
ა) ის ქრისტიანები, რომლებსაც თავიანთი რწმენის შენარჩუნება სურდათ და ამიტომ ტანჯვაზე ნებაყოფლობით კი არ მიდიოდნენ, არამედ მადევართაგან თავს გაქცევით შველოდნენ (ანკირ. 3; პ. ალექს. 13). ასეთ ქმედებას ზოგიერთთა მხრიდან წმ. პეტრე ალექსანდრიელი შემდეგი ისტორიული ფაქტებით ამართლებს: მოციქულთა თავი პეტრე, ჩაგდებული საპყრობილეში, ... ღამით გაიქცა და გადაურჩა მოსისხლე ჰეროდეს ხელებს და მას არანაირი ბრალი არ დასდებია. ზუსტად ასევე გაექცნენ დევნულებას მოგვები, რომლებმაც ქრისტეს თაყვანი სცეს; იოსები საღმრთო ყრმასთან და ღვთისმშობელთან ერთად; ელისაბედი იოანე ნათლისმცემელთან ერთად". მაგრამ ამისთვის მათ არავინ კიცხავს (იქვე). ეს მოქმედება მაშინაც კი არ ითვლება დანაშაულად, როდესაც გაქცეულის ნაცვლად ისჯებიან სხვები (იქვე).
ბ) დამნაშავეებად არ მიიჩნეოდნენ ის ქრისტიანებიც, რომლებსაც ძალდატანებით აიძულებდნენ ხელში სჭეროდათ რაიმე კერპშესაწირი, ან მიეღოთ მცირედი საჭმელი, რითაც მტრებს ეგონათ, რომ უკიდურეს შემთხვევაში რამენაირ მონაწილეობას მიაღებინებდნენ წარმართულ მსხვერპლშეწირვებში. ასე, მაგალითად, მდევრები ძალდატანებით უდებდნენ ხელში მოწამეებს ანთებულ საკმეველს და კერპებთან მიჰყავდათ, თითქოსდა მოწამენი მათ ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ (ანკირ. 3; პ. ალექს. 14). ასეთი კერპმსახურებისთვის ბრალი არავის ეკისრებოდა: არც კლირიკოსებს, არც ერისკაცთ (იქვე).
გ) დანაშაულად არ ითვლებოდა დაცემა, რომელიც გამოწვეული იყო ძლიერი წამებით, მაგრამ შემდეგ აღხოცილი იყო ქრისტესთვის ახალი და უმეტესი ტანჯვის დათმენით, მათი გადატანით ბოლომდე (პ. ალექს. 8).
დ) თანაზიარობაზე დაიშვებოდნენ ის დაცემულნიც, რომლებიც, საკუთარი სულიერი და ხორციელი ძალების, ასევე თავიანთი რწმენისა და ნების სიმტკიცის მოიმედენი ნებაყოფლობით გადიოდნენ რწმენის აღსარებაზე სატანჯველად, მაგრამ ვერ შეძლეს და ამ თავდაჯერებულობამ ისინი დაცემამდე მიიყვანა (პ. ალექს. 9).
ე) ცოდვად არ ითვლებოდა ისიც, როდესაც ზოგიერთი ფულით მოისყიდიდა მადევრებს, ან წმ. პეტრე ალექსანდრიელის გამოთქმით "გადაიხადეს ვერცხლი, რათა ტანჯვა-წამებისაგან შეუშფოთებლად გადარჩენილიყვნენ" (კან. 12). "მათ გაიღეს ფულადი ხარჯი და დანაკარგი, - ამბობს ის, - რათა სული არ დაეკარგათ და არ წარეწყმიდათ, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ ანგარებისმოყვარეობის გამო, ... ისინი მდევართა წინაშე ღმრთისმსახურებად გამოჩნდნენ და ვერცხლის სიძულვილითა და არაფრად ჩაგდებით აღასრულეს ნათქვამი, რომ "კაცის სულის ხსნა არის სიმდიდრე მისი" (იგავ. 13,8).
III. რწმენისგან განდგომისთვის სასჯელის დაწესებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი პირობები და ვითარებები:
ა) პირი, რომელმაც უარყო სარწმუნოება, რომელ წოდებას ეკუთვნის - კლირიკოსთა დასს თუ საეროს; და თუკი განდგომილი კლირიკოსია, რაზე თქვა მან უარი: უშუალოდ სარწმუნოებაზე თუ მხოლოდ საკუთარ წოდებაზე (მოც. 62).
ბ) რა მოსაზრებით უარყო ქრისტიანმა რწმენა: უბრალო შიშის გამო თუ ტანჯვათა მიმართ შიშის გამო; თვით ტანჯვისა და სისასტიკის დროს თუ რაიმე ანგარებიანი მოსაზრებით (სხვადასხვა სახის გამორჩენის გათვალისწინებით, რასაც ქრისტიანს ჰპირდებოდნენ მდევნელები) (ბას. დ. 81; 1 მსოფლ. 11; გრ. ნოს. 2).
გ) თვითონ გამოცხადდა, ნებაყოფლობით, ტანჯვა-წამებაზე თუ მიიყვანეს (პ. ალექს. 10).
დ) თვითონ უშუალოდ შეწირა კერპებს მსხვერპლი თუ სხვებს აიძულებდა ამის გაკეთებას თავის ნაცვლად (როგორც ბატონები აიძულებდნენ მონებს, პ. ალექს. 7).
ე) რა გრძნობით წირავდა კერპს ადამიანი: გულგრილად, დაუდევრად, მხიარული სახით თუ აშკარა გლოვით და გულის შემუსვრილობით (ანკირ. 4, 5).
ვ) სინამდვილეში სწირავდა კერპს თუ მხოლოდ იმყოფებოდა საკერპეში, და თუ სწირავდა, რამდენჯერ: ერთხელ თუ რამოდენიმეჯერ (ანკირ. 5, 8).
ზ) ინანიებს თუ არა თავის ცოდვას, და რამდენად ღრმად და გულწრფელად; თუ სრულიად, უიმედოდ განდგა ქრისტიანული რწმენისგან (პ. ალექს. 4).
ამის შესაბამისად, ბრალეულეობის ხარისხი ასე განისაზღვრება: ა) უმეტეს დამნაშავედ მიიჩნევიან და უფრო მეტი სასჯელები განუწესდებათ პირებს, რომლებიც ნებაყოფლობით განუდგნენ რწმენას (ბას. დ. 73; გრ. ნოს. 2); ბ) უფრო ნაკლებად - იმ ქრისტიანებს, ვინც განდგნენ სულმოკლეობისა და შიშის გამო (ბას. დ. 81; I მსოფლ. 11). გ) კიდევ უფრო შემწყნარებლურად უდგებიან მათ, ვინც რწმენას განუდგა ტანჯვის შედეგად (ბას. დ. 81. გრ. ნოს. 2); "რადგან, როგორც შენიშნავს წმ. გრიგოლ ნოსელი, მათი სული კი არ დაქვემდებარებია დაცემას, არამედ სხეულებრივმა უძლურებამ ვერ შესძლო წინააღდგომოდა სატანჯველთ" (კან. 2); დ) შედარებით ყველაზე იოლ სასჯელს დაექვემდებარებიან პირები, რომლებსაც თვითონ არ შეუწირავთ კერპთათვის მსხვერპლი, მაგრამ თავის ნაცვლად სხვებს შეაწირვინეს (პ. ალექს. 7); პირები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ თავიანთი ბატონების ნებით ან მათ ნაცვლად (პ. ალექს. 6); პირები, რომლებიც მოჩვენებითად ან პირმოთნეობით აჩვენებდნენ თავს არაქრისტიანებად (პ. ალექს. 5).
რწმენისგან განდგომისთვის დაწესებულია შემდგომი სასჯელები:
ა) რწმენის უარყოფისას სულმოკლეობითა და შიშით, დამნაშავენი განიკვეთებიან (ზიარებისგან), დანაშაულის ხარისხისდა მიხედვით, ან თერთმეტი წლით (ბას. დ. 81) ან თორმეტი წლით (I მსოფლ. კრება 11). თუ შიშის მიზეზი იყო მტრების რეალური მუქარა, მაშინ სასჯელი მსუბუქდება, ის შეიძლება შემოიფარგლოს ექვს წლიანი განკვეთით (ზიარებისგან) (ანკირ. 6).
ბ) მძიმე ტანჯვის მიზეზით რწმენისგან განდგომილები განიკვეთებიან რვა წლით (ბას. დ. 81); გრიგოლ ნოსელის მიხედვით: "ეპითიმიის ზომა დაცემულის სინანულად მოქცევის შემდგომ, განისაზღვრება სიძვით შემცოდეთა მაგალითისამებრ" (კან. 2), ანუ 9 წლიანი განკვეთით (იხ. მისივე კან. 4).
გ) რწმენისგან ნებაყოფლობითი განდგომისთვის ერისკაცი, სინანულის შემთხვევაში, განიკვეთება მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში (ბას. დ. 73; გრ. ნოს. 2) და მხოლოდ სიკვდილის წინ ეღირსება ზიარება (ibid). გამოჯანმრთელების შემთხვევაში ასეთები ექვემდებარებიან ადრინდელ სასჯელს ვიდრე სიკვდილამდე (ibid, წმ. გრიგოლთან).
დ) კერპთაყვანისცემასა და წარმართულ ნადიმებზე უდარდელი ან მხიარული სახით მონაწილეობისთვის ბრალეულნი განიკვეთებიან ექვსი წლით (ანკირ. 4); თუ ვინმემ კერპებს მსხვერპლი შეწირა აშკარა გულშემოსვრილობით და გლოვით, თანაზიარობაში შეიწყნარება "ზიარების გარეშე", თანაც სამწლიანი შევრდომის შემდეგ (ანკირ. 5).
ამ უკანასკნელთაგან ვისაც არ უჭამია კერპშენაწირი, არამედ მხოლოდ ესწრებოდა მას საკერპეში, თანაზიარობაში მიიღებიან ზიარების გარეშე, იმის შემდეგ, რაც ორ წელს გაატარებენ შევრდომილებთან (ibid.).
ე) ვინც კერპი შეწირა ორჯერ და სამჯერ უნდა განიკვეთოს ექვსი წლით (ანკირ. 8).
ვ) რწმენისგან განდგომა და ქრისტიანთა დევნა, მათი იძულება განდგომილებისკენ, - ამგვარ დანაშაულში მხილებულნი განიკვეთებიან ათი წლით (ანკ. 9).
ზ) ბატონები, რომლებიც საკუთარი თავის ნაცვლად მონებს აწირვინებენ კერპთადმი, განიკვეთებიან სამი წლით (პ. ალექს. 7); ხოლო კერპშემწირველი მონები ერთი წლით (პ. ალექს. 6).
თ) პირები, რომლებიც მხოლოდ მოაჩვენებენ თავს არაქრისტიანებად, იყენებენ ხრიკებს ტანჯვათა ასაცილებლად, განიკვეთებიან ექვსი თვით (პ. ალექს. 5).
ი) მღვდელმსახური, რომელიც განუდგება რწმენას, შემდეგ კი "ჭეშმარიტად" განაახლებს ღვაწლს, და არა მოჩვენებითად, სამუდამოდ აიკრძალება მღვდელმსახურებაში (ანკირ. 1, 2; პ. ალექს. 10), ოღონდ ხარისხისთვის დამახასიათებელი პატივის შენარჩუნებით (ibid.).
ეპისკოპოსებს უფლება ეძლევათ შეამსუბუქონ სასჯელი, თუკი ისინი იპოვიან საფუძველს დამნაშავის მორჩილებასა და სათნოებაში (ანკირ. 2).
კ) რწმენისგან განდგომილი კლირიკოსი, რომელიც არ შეინანებს განიკვეთება ეკლესიიდან (მოც. 62); თავისი წოდების უარმყოფელი და მით რწმენის აღსარებისგან განდგომილი - დაემხობა პატივისგან (ibid.). სინანულის შემდეგ ამგვარნი ეკლესიაში მიიღებიან როგორც ერისკაცნი (ibid.).
შენიშვნა: გარდა ყოველივე ამისა განდგომილნი კარგავდნენ კლირიკული ხარისხებისა და თანამდებობების მიღების უფლებას (I მსოფლ. კრება 10), და თუ ასეთს მიიღებდნენ, მაშინ მათთვის დაუყოვნებლივ უნდა აეყარათ პატივი (ibid.).
გაგრძელება იქნება.
თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2023 წ.
წყარო: Христианское чтение. 1887. № 5-6. СПБ.