სწავლანი > საეკლესიო სამართალი
დანაშაული და საეკლესიო სასჯელი ძველი საყოველთაო ეკლესიის კანონების მიხედვით
ავტორი: ი. მილოვანოვი.
წყარო: Христианское чтение. 1887. № 5-6. СПБ.
განყოფილება I
ზოგადად დანაშაულისა და სასჯელის შესახებ
I.
§ 1.
§ 2.
§ 3.
§ 4.
§ 5.
§ 6.
§ 7.
§ 8.
II.
სასჯელთა სახეობები
I. ერისკაცთა განკვეთა
§ 9.
§ 10.
§ 11.
II. კლირიკოსთა განკვეთა
§ 12.
§ 13.
§ 14.
III. სასულიერო პატივის აყრა
§ 15.
§ 16.
§ 17.
§ 18.
IV. ანათემა ანუ ეკლესიიდან მოკვეთა
§ 19.
§ 20.
§ 21.
***
განყოფილება I
ზოგადად დანაშაულისა და სასჯელის შესახებ
I.
§ 1. საეკლესიო კანონებში არ არსებობს დანაშაულის განსაზღვრება. თვით სიტყვა "დანაშაული" იშვიათად გვხვდება (იხ. ბასილი დიდის 73, 81-ე; პეტრე ალექსანდრიელის 1-ლი; გრიგოლ ნოსელის მე-6; ტრულის (VI მსოფლ.) კრების 21-ე; კართაგენის 14-ე კანონები) (1). უფრო გავრცელებულია და გამოყენებაშია სხვა ტერმინი; ეს არის - ცოდვა (ἁμαρτία), რომლითაც შეცვლილია სიტყვა "დანაშაული". მაშ, რა არის ცოდვა? - საეკლესიო კანონებში არც ამაზე გვაქვს მზა პასუხი და მკაცრი ლოგიკური განსაზღვრება. მაგალითად, ტრულის კრება ლაპარაკობს "ცოდვის ხარისხზე", "ცოდვის სნეულებაზე", ზიანის სხვადასხვა სახეობებზე, რომლებიც "მომდინარეობენ ცოდვისგან" (კან. 102), მაგრამ თვით ცოდვის ცნება მოცემული არ აქვს. ზუსტად ასევე წმ. გრიგოლ ნოსელი დეტალურად განიხილავს თავის კანონებში ცოდვის სხვადასხვა სახეობას, მათ წყაროებს, რომლებიც ჩაბუდებულია ადამიანის სულში, მაგრამ რა არის საზოგადოდ ცოდვა? - ამაზე დუმს.
________________
1. ბასილი დიდის 81-ე კანონი: "ბარბაროსთა მიერ რბევის დროს ბევრმა უღალატა ღმრთის მიმართ სარწმუნოებას, საწარმართო ფიცი შეასრულა და კერპებისთვის გრძნებით შეწირული უწესო საჭმელი ჭამა...." ტრულის კრების 21-ე კანონი: "ვინც ისეთი კანონსაწინააღმდეგო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისი წოდებიდან სრული და სამუდამო განკვეთა დაიმსახურა და ერისკაცთა რიგებში იქნა გადაყვანილი..."
________________
ცოდვის საზოგადო განსაზღვრება გვხვდება წმიდა წერილში. მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება (ἀμαρτία ἐστιν ή ἀνομία )" (1 იოანე 3:4). სიტყვა ცოდვა (ἁμαρτία) მის მიერ გამოყენებულია იმავე მნიშვნელობით, როგორც ის გვხვდება უფლის ცნობილ ქადაგებაში: "თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ..." (მათე 18:15). მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს; "...რჯულით შეიცნობა ცოდვა" (რომ. 3:20), შედეგად, სჯულის გარეშე არ არსებობს ცოდვა, და ცოდვა არის უსჯულოება, ანუ სჯულის დარღვევა, მისგან გადახრა.
ამგვარად, საზოგადოდ, საღმრთო სჯულის ყოველგვარი დარღვევა, იქნება ის აღსრულებული საქმით (de facto), თუ მხოლოდ აზრებსა და განზრახვებში, არის ცოდვა, რომელიც ადამიანს აკისრებს პასუხისმგებლობას, ან უკიდურეს შემთხვევაში ითხოვს სინანულის გზით მისი სინდისის განწმენდას. მაგრამ აშკარაა, რომ ასეთი ზოგადი აზრით გაგებული ცოდვა, ანუ როგორც გონებისა და გრძნობის სინდისის საწინააღმდეგო ყოველგვარი მიმართულება, არ შეიძლება გარეგანი საეკლესიო სასამართლოს საგანი იყოს (forum externum) და აყვანილ იქნას დანაშაულის ხარისხში. საეკლესიო სჯულმდებლობაში სასჯელი გამოითქმის მხოლოდ სჯულის de facto-დ, ანუ საქმით დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არასოდეს მისი დარღვევით აზრებში, განზრახვით ან სიტყვით (ნეოკ. 4).
ამგვარად, ყოველი ცოდვა დანაშაული როდია; არამედ მხოლოდ ის, რომელიც გამოიხატა გარეგანი საქმით, გახდა ფაქტი, რომელიც არღვევს გარეგან იურიდიულ წესრიგს საეკლესიო საზოგადოებაში. სანამ ცოდვა გამოხატულ არ იქნა გარეგან მოქმედებაში, ან თუნდაც გამოიხატა, მაგრამ ეს მოქმედება ატარებს საიდუმლო ქმედების სახეს, რომელიც მხოლოდ ჩამდენისთვის არის ცნობილი, მანამ მას კავშირი აქვს მხოლოდ ეკლესიასთან, როგორც საღმრთო დაწესებათან, რომელიც ცოდვებისგან განწმენდს სულს, და ამ სახით ხდება ან შინაგანი საეკლესიო სამსჯავროს მონაპოვარი და საგანი ან კიდევ აღსარების (სინანულის) საიდუმლოსი (forum internum). ნათქვამიდან გამომდინარეობს ის, რომ ცოდვად დანაშაულის აზრით იწოდება მხოლოდ სჯულის აშკარა დარღვევა საქმით. ამის შესაბამისად ცნება დანაშაულის შესახებ ასე უნდა ჩამოყალიბდეს: დანაშაული არის სჯულის ან სამართლის დარღვევა გარეგანი, ხილული მოქმედებით.
§ 2. VI მსოფლიო კრების გამოთქმით "არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი" (102-ე კანონი). წმ. გრიგოლ ნოსელი დანაშაულთა მთელ ერთობლიობას, რაც კი შესაძლოა ეკლესიის წევრისთვის, სამ მთავარ კატეგორიად ჰყოფს, რომელთა საფუძველშია ჩვენი სულის სამი უმთავრესი უნარი და, რომლებიც ადამიანური საქმიანობის წყაროს წარმოადგენენ: "ჩვენი სულის ხილული ნაწილი სამია თავდაპირველი დაყოფისამებრ: ძალა სიტყვიერი (გონიერი), ძალა გულისთქმისა (სურვილისა) და ძალა გულისწყრომისა (გაღიზიანებისა, გაბრაზებისა). აქ არის სათნო მოღვაწეობის წარმართვის საშუალებაც და სიბოროტისკენ მიდრეკილთა დაცემაც" (1-ლი კანონი).
პირველი ამ უნართაგანის, ანუ გონების არანორმატიულ საქმიანობას, საზოგადოდ ის განაკუთვნებს შემდეგ ბიწიერ მოქმედებებს: "ღვთის არაკეთილად მსახურება, საქმისა და საგანთა ბუნების, ჭეშმარიტად კეთილისა და მცდარის აღრევა იმ ზომამდე, რომ "ნათელს ბნელად თვლის და ბნელს ნათლად" (ესაია 5:20)"; კერძოდ: სარწმუნოების უარყოფა, მიდრეკილება იუდეველობისკენ, კერპთაყვანისმცემლობა, მწვალებლობა, მისნობა და ჯადოქრობა (კანონი მე-2).
მითითებულ უნართაგან მეორის შეცვლა და ცოდვა სულის ამ ნაწილისა ის არის, როცა ვინმე შეცვლის თავის გულისთქმას უსხეულო ფუჭი დიდებისა ან ხორცის გარედან ცხებული მშვენიერების მიმართ (1-ლი კანონი); აქედან მოდის: "ქონების სიყვარული, გემოთმოყვარეობა, დიდების მოყვარეობა და ყველაფერი ამის მსგავსი, რაც მოჰყვება რობოტების მონათესავე საქმეებს (ibid), ასევე სიძვა და მრუშობა (მე-4 კანონი) და სხვა.
რაც შეეხება ჩვენი სულის მესამე უნარს - გაღიზიანებას, გულისწყრომას, წმ. გრიგოლ ნოსლის თქმით, "სულის ამ ნაწილის დაცემა ის არის, რაც ყველასთვის ცხადია: შური, სიძულვილი, ავსიტყვაობა, განკითხვა, ერთმანეთს შორის ბრძოლა, შფოთი, ბოროტების მიმგებელი ფიქრი და განზრახვა, დიდხანს გაგრძელებული ავის გულში ჩამარხვა, მკვლელობა, მოსისხლეობა" (კანონი მე-4), ანგარება, პარვა, საფლავის მძარცველობა, სიწმიდეთ მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება, მევახშეობა (კანონები: მე-5-8) და სხვა. წმ. გრიგოლ ნოსელის თქმით: "ბევრია გულისწყრომის ცოდვიანი ქმედება და ყველა ბოროტია. ჩვენმა წმინდა მამებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს ყველაფერზე დაწვრილებით ლაპარაკი..." (კანონი მე-4).
ასეთია ზოგადი სახით დანაშაულობათა დაყოფა შინაგანი წყაროს თვალსაზრისით, რომლისგანაც ისინი მოედინებიან. მაგრამ, ამის გარდა, დანაშაულობათა დაყოფა სხვანაირადაც შეიძლება. ასე მაგალითად:
ბოროტმოქმედების სახეობის, დარღვეული კანონის დიდი ან მცირე მნიშვნელობით და დანაშაულის სიმძიმით, დანაშაულებრივი მოქმედებანი შეიძლება დაიყოს: დანაშაულად (erimen) და გადაცდომად, ცდომილებად (delictum) (2). პირველს უნდა განვაკუთვნოთ სჯულის დარღვევის ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომელსაც მოსდევს დიდი პასუხისმგებლობა და თან ახლავს მძიმე სასჯელები. ასეთებია, მაგალითად: სარწმუნოების უარყოფა, მწვალებლობა, სქიზმა (განხეთქილება), მკვლელობა, ჯადოქრობა, სიძვა, მრუშობა, სისხლის აღრევა, ქალების მოტაცება და ა. შ. ხოლო გადაცდომებს (ცდომილებებს) უნდა მივაკუთვნოთ შედარებით ნაკლები მნიშვნელობის ცოდვები, განაწესის დარღვევები (3), რომლებიც თუმც იმსახურებენ სასჯელს, მაგრამ ნაკლებად მკაცრს.
სანიმუშოდ მივუთითებთ შემდეგ კანონებს: ეკლესიიდან გამოსვლა ღვთისმსახურების დამთავრებამდე (ანტიოქ. მე-2 კანონი); მღვდლების მიერ ზიარებისთვის თავის არიდება (მოციქ. მე-8); დუქნებში შესვლა (მოციქ. 54); თამაშები და სანახაობები (VI მსოფლ. კრების 24-ე); თავზე თმების კულულებად დახვევა სხვათა საცთუნებლად; კლირიკოსთა მიერ შეუფერებელი ტანისამოსის ტარება (VI მსოფლ. კრების 27-ე კანონი) და სხვა.
________________
2. ტერმინი გადაცდომა გვხვდება საეკლესიო კანონებში. ასე, მაგალითად, ანტიოქიის მე-15 კანონი ამბობს: "თუ რაიმე ცდომილებისთვის ბრალდებული ეპისკოპოსი გასამართლებულ იქნება სამთავროს ეპისკოპოსების მიერ... (სლავურ სჯულისკანონშია: "аще который епископ, будучи обвиняем в некоторых проступках судим будет от всех епископов тоя области..."
3. შეად.: Das kanonische Gerichtsverfahren und Strafrecht von. München. B. II, 5. 20.
________________
მოქმედების ფორმის მიხედვით დანაშაულობანი შეიძლება დაიყოს დანაშაულებრივ აღსრულებად და დანაშაულებრივ დაუდევრობად, ან იმის არშესრულებად, რაც სჯულით იყო განწესებული.
პირველი სახის მოქმედებით ხდება იმისი აღსრულება, რაც აკრძალულია, მაგალითად: "არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო"; ამიტომ არის მკვლელობა, სიძვა-მრუშობა და პარვა დანაშაულებრივი ქმედებანი.
მეორე სახის მოქმედებებით არ აღსრულდება ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, კანონის განწესების შესაბამისად. მაგალითად, კანონი განაწესებს: დადგენილ დღეებში მარხვას, ღვთისმსახურებაზე დასწრებას, უფლის უწმიდეს ხორცთან და სისხლთან ზიარებას; აქედან მომდინარეობს: მარხვების დაუცვებლობა, ღმრთისმსახურებისა და ზიარებისგან თავის არიდება - ესენი დანაშაულებრივი გადაცდომებია.
ქრისტიანებში სამი უმთავრესი სახის მოვალეობაა: მოვალეობა ღმრთისადმი, მოყვასისადმი და საკუთარი თავისადმი. ზნეობრივი კანონის გარდა ამ მოვალეობებს ეკისრებათ საეკლესიო სჯულის შესრულებაც, რომლის მეშვეობით განსაზღვრულ გარეგან ფორმებში ხორციელდება ზნეობრივი იდეები და ისინი ცხოვრების გარეგანი პირობებისა და მოთხოვნილებებისადმი გამოიყენება. მათი დარღვევა იწვევს დანაშულობებს, რომლებიც არღვევენ ყველა ამ მოვალეობას და ისინი შეიძლება დაიყოს სამ კლასად: დანაშაულობანი რწმენის, ზნეობრიობის და საეკლესიო დისციპლინის წინააღმდეგ.
ქრისტიანულ ეკლესიაში ორი უმთავრესი ფენა ანუ წოდებაა: კლირიკოსთა და ერისკაცთა; ორი უმთავრესი მოვალეობაა: ზოგად-ქრისტიანული, რომელსაც ადამიანს თვით ეკლესიის წევრობა აკისრებს, და კლირიკოსული. აქედან მომდინარე დანაშაულობანი იყოფა ზოგად და განსაკუთრებულ (მსახურებით) დანაშაულებად. პირველს განეკუთვნება რწმენის, ზნეობის, ღვთისმოსაობის და ქრისტიანული კეთილმსახურების წინაშე ჩადენილი დანაშაულობანი; ხოლო მეორე - ყველა დანაშაული, რაც კი ღმრთისმსახურებას ეხება.
§ 3. თუკი "არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებულია და მრავალსახოვანი" (VI მსოფლიო კრების 102-ე კანონი), თუკი ადამიანის დანაშაული თავისი არსით განსხვავებულია და ეკლესიისა და მოყვასისადმი მიყენებული ზიანიც სხვადასხვაა, მაშინ მათი საზღაური და სასჯელიც განსხვავებული უნდა იყოს. სწავლება სასჯელის ზომაზე ან დასჯადობის ხარისხზე ერთი დანაშაულისთვის, სხვა დანაშაულთან შედარებით, - საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანია კანონიკური სჯულმდებლობის თვალსაზრისით.
VI მსოფლიო კრების მამათა თქმით, შეიძლება "ერთ, ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო აღმოჩნდეს" (კანონი 102-ე), ანუ სასჯელების, როგორც გამოსწორების საშუალების არასწორმა, არამიზანშეწონილმა სარგებლობამ, შეცდომებმა სასჯელთა გამოყენების საქმეში შეიძლება დასჯის მიზნის საწინააღმდეგო შედეგამდე მიგვიყვანოს და სასურველი სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოგვიტანოს. ამ მიმართებით აღსანიშნავია მოციქულთა დადგენილებების მსჯელობა.
ამ უკანასკნელთა თვალსაზრისით, ადამიანის ყოველი დანაშაულებრივი ქმედება ეკლესიის მკაცრ დაგმობას უნდა იმსახურებდეს (წიგნი II, თ. 43); მაგრამ დამნაშავის დასჯა არაერთგვაროვანი უნდა იყოს, სასჯელის ხარისხიც განსხვავებული, დანაშაულის სიმძიმისა და სხვადასხვა ვითარებების შესაბამისად. "აზრი, გადაწყვეტილება ან განაჩენი (sententia ἀποφασισ), - ნათქვამია მოციქულთა დადგენილებებში, - ყოველ ცოდვაზე ერთნაირი არ უნდა იყოს, არამედ თითოეულის შესაბამისი. ყოველი შეცოდება, როგორც დიდი, ასევე მცირე, კეთილგონივრულად უნდა იქნას გარჩეული; სხვაგვარად განსაჯეთ საქმით აღსრულებული ცოდვა, და სხვაგვარად - ბოროტსიტყვაობა, კიდევ სხგვაგვარად - ეჭვი. ერთნი მხოლოდ სასჯელის მუქარით დააშინეთ, მეორეთ - გლახაკთადმი მოწყალების გაცემა დაუწესეთ, ხოლო მესამეთ - მკაცრი მარხვები; დანარჩენები, მათი დანაშაულის სიდიდისდა შესაბამისად, განკვეთეთ. სჯულსაც ერთი და იგივე სასჯელი არ განუწესებია ყოველი შეცოდებისთვის: სხვაა ღმრთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები, სხვა - მღვდელთა წინააღმდეგ, სხვაა კიდევ ტაძრის წინააღმდეგ და საკურთხეველისა; სხვა არის ცოდვა ჩადენილი მეფის წინაშე, სხვა - ჯარისკაცის წინაშე... და კვლავ განსხვავებულია ცოდვები, რომლებიც ჩადენილია მშობლების ან ნათესავების წინააღმდეგ, ზოგი ცოდვა ნებაყოფლობითია და ზოგიც - უნებლიე, ზოგი ცოდვისთვის სიკვდილს ექვემდებარებიან დამნაშავენი, სხვა დანაშაულთათვის კი - გაროზგვას ან ზარალის ანაზღაურებას. თქვენც ასე მოიქეცით, სხვადასხვა ცოდვისთვის სხვადასხვა სასჯელები დააწესეთ, რათა რაიმე უსამართლობა არ შეიპაროს თქვენში და არ განარისხოთ ღმერთი" (წიგნი 11. თ. 48).
ამრიგად მოციქულთა დადგენილებები ითხოვენ კეთილგონივრულ მიდგომას დანაშაულობათადმი, მათ ყურადღებით განხილვას და ყოველმხრივ გამოკვლევას. მართალია, მათი მოთხოვნა მოტივირებულია მით, რომ "უსამართლობა არ უნდა შეიპაროს" საქმეში მისდამი სხვაგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში; მაგრამ ასევე ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ აქ მხედველობაშია მიღებული სასჯელისაგან მომდინარე სარგებლობა, რომელსაც საეკლესიო სასამართლო განაწესებს. ეს სარგებლობა ცოდვილის გამოსწორებაში მდგომარეობს, კერძოდ: ცოდვის თავიდან აცილება ან მისდამი მიდრეკილების შემცირება, ცნობილი ცოდვითი ჩვევის დაძლევა რაიმე ღვაწლის დაწესებით, რომელიც ამ დანაშაულებრივი ქმედების საპირისპიროა, და შეუძლია ეს ცოდვითი მიდრეკილება მოსპოს. ეს მიზანი მიიღწევა მხოლოდ დანაშაულისა და სასჯელის მკაცრი შესატყვისობით, ზუსტად ისევე, როგორც ფიზიკური სნეულებების დროს სწრაფი და უეჭველი სარგებლობა მიიღება მხოლოდ იმ წამლებისგან, რომლებიც პირდაპირ დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული.
ზოგადი სწავლება სასჯელთა გამოყენებაზე - განსაკუთრებული საფუძვლიანობით და დეტალურობით არის გადმოცემული ტრულის (VI მსოფლიო) კრების შემდეგ განსაზღვრებაში: "ვინც ღმერთისგან მიიღო შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება, უნდა განიხილავდეს ცოდვის ხარისხსა და ცოდვის ჩამდენის მოსაქცევად მზადყოფნას და ამის გათვალისწინებით შეუმზადებდეს მათ სნეულებისაგან განსაკურნებელ წამალს, რათა ერთ, ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო არ აღმოჩნდეს; რადგან არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი და ბოროტების მრავალ ნერგს აღმოაცენებს, რომელთაგან უკეთურება უხვად დაინთხევა და შემდეგ ვრცელდება, ვიდრე არ მოხდება მკურნალის ძალ-მადლით მისი შეჩერება, ამიტომ, ვისაც მკურნალობის ხელოვნების გამოჩენა მართებს, მან პირველ რიგში უნდა განიხილოს ცოდვის ჩამდენის განწყობა და დაკვირვება მოახდინოს მასზე: სულიერი სიმრთელისაკენ ილტვის იგი, თუ პირიქით, საკუთარი ზნით სნეულებას მიიზიდავს და, ამასთან, როგორ წარმართავს თავის საქციელს; თუკი მკურნალს არ ეწინააღმდეგება და სულიერ წყლულებს დანიშნული წამლებით განიკურნავს, ასეთ შემთხვევაში ღირსებისამებრ მიესაწყაოს მას მოწყალება, რამეთუ ღმერთს და სამწყსოს წინამძღოლად ხელთდასხმულსაც მთელი საზრუნავი იქით აქვთ მიმართული, რომ შეცდომილი ცხოვარი მოაბრუნონ და გველის მოწყლული განკურნონ; არც სასოწარკვეთის ციცაბოზე განდევნა ეგების, არც აღვირის მიშვება, განლაღებული ცხოვრებისა და დაუდევრობისათვის, არამედ დაუყოვნებლივ რაიმე სახით, ან მკაცრი და შემკვრელი, ან უფრო რბილი და მსუბუქი სამკურნალო საშუალებით, საჭიროა სნეულების წინააღმდეგ აღდგომა და წყლულის გასამართლებლად მოღვაწეობა; სინანულის ნაყოფის მიღება და ადამიანის ბრძნულად წარმართვა, რომელიც ზეციური განათლებისათვის არის მოწოდებული. ჩვენ გვმართებს ერთის და მეორის ცოდნაც - პატიოსანი მოშურნეობაც მონანულისა და წესის შესაბამისად მოთხოვნაც; ხოლო, ვინც არად აგდებს სრულყოფილი სინანულის მნიშვნელობას, მათ მიმართ გადმოცემისამებრ უნდა მოვიქცეთ, როგორც საღვთო ბასილი გვასწავლის".
§ 4. VI მსოფლიო კრების ზემოთმოტანილი დადგენილებიდან, ასევე სხვა კრებათა და ცალკეულ მამათა განსაზღვრებებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა ან წესი სასჯელთა დაწესებასთან დაკავშირებით:
1. სასჯელი მკაცრს შესაბამისობაში უნდა იყოს ცოდვის ხარისხთან. რაც უფრო მძიმეა დანაშაული თავისთავად და თავისი შედეგებით ეკლესიის საზოგადო ცხოვრებისთვის, მით უფრო მნიშვნელოვანია სამართალდარღვევა, მით უფრო უკანონო და უზნეო მოქმედებაა იგი, უმეტესად დასჯადია და პირიქით. ასეთი კანონის ფართოდ გამოყენება შეიმჩნევა საეკლესიო სჯულმდებლობაშიც. ამიტომაც, "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს" (მოც. 45); "კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს" (მოც. 55); "კლირიკოსი, რომელიც მღვდელს ან დიაკონს შეურაცხყოფს, საეკლესიო ზიარებიდან განყენებულ იქნეს" (მოც. 56).
2. დასჯისას მხედველობაში მიიღება ცხოვრება, რომელიც წინ უძღოდა ცოდვით დაცემას. "პირველ ყოვლისა უნდა განიხილონ მათი (ცდუნებამდე და ცდუნების შემდგომ) გატარებული ცხოვრება და შესაბამისად უნდა მიეზღოთ მათ კაცთმოყვარეობით" (ანკ. 5).
დამნაშავის წარსული ცხოვრება ნათელს ჰფენს მის პირად მოქმედებას. რაც უფრო წუნდაუდებელია ცნობილი ადამიანის წარსული ცხოვრება, მით ადვილად მისახვედრია კერძო ფაქტი, რომელიც მომდინარეობს რაიმე შემთხვევითი ვითარებიდან; და პირიქით, ცნობილი პიროვნების ცუდი წარსული უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მის მიერ ჩადენილი ბოროტება ერთ-ერთი ამაზრზენი გამოვლინებაა მისი უზნეო ცხოვრებისა, და არ გამომდინარეობს რაიმე შემთხვევითი და დროებითი მიზეზებისგან.
შემდეგ, დამნაშავე, რომელსაც წუნდაუდებელი წარსული ჰქონდა, უფრო იძლევა გამოსწორების იმედს, ვიდრე საპირისპირო შემთხვევა. ადრინდელი ცხოვრების გათვალისწინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ დანაშულობებზე სასჯელების დადებისას, სადაც მიზანშეწონილია ლაპარაკი ძალადობაზე, იძულებაზე, როდესაც ბოროტმოქმედება წარმოდგენილია, როგორც უნებური ან სურვილის საწინააღმდეგო ქმედება. ასეთია, მაგალითად, ქალის გაუპატიურება ტყვეობაში ბარბაროსების მიერ. ამიტომაც წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი მსგავსი შემთხვევებისთვის იძლევა განწესებას: "თუ ტყვე ქალები მათი ხორცის გახრწნით შეგინებულ იქნენ ბარბაროსთა მიერ და თუ რომელიმე მათგანის ცხოვრება ადრეც განსაკითხავი იყო და ცხოვრობდა როგორც მეძავი, ცხადია წმინდა წერილისამებრ, რომ მეძავის ჩვევები და ქცევა მოსალოდნელია მათგან ტყვეობის დროსაც. ასეთები მაშინვე არ უნდა ვაზიაროთ" (იხ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 391 – "აპოკ." რედ.).
3. ერთი დანაშაულისთვის ორჯერ არავინ უნდა დაისაჯოს. მოციქულთა 25-ე კანონი ბრძანებს: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: "... არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა" (ნაუმ. 1,9). იგივეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც" (შეად. ბას. დიდ. მე-3 კან.). ეს კანონი მოქმედია თვით მძიმე დანაშაულობებისა და დამნაშავეების მიმართაც, როგორებიც არიან მოცემულ შემთხვევაში კლირიკოსები, რომლებიც ფიცს არღვევენ და სხვა. სასჯელის ორმაგობა გაგებულ უნდა იქნას, როგორც ორი განსხვავებული სასჯელი, რომლისგანაც ერთი ადამიანს ართმევს პირადად მისთვის ბოძებულ უფლებებს (მაგ, კლირიკოსობას), მეორე კი - უფლებებს, რომელიც ეკუთვნის იმ მდრომარეობას, რომელშიც ჩაყენდება სასჯელის ძალით.
მეორე სასჯელისთვის საჭიროა არსებობდეს დანაშაული ახალ, დაკნინებულ მდგომარეობაში, როგორც, მაგალითად, შემდეგ შემთხვევაშია: "აშკარა დანაშაულისათვის სამართლიანად განკვეთილი ეისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაბედავს და კვლავ შეუდგება ოდესღაც მისთვის დავალებულ მსახურებას, ეკლესიიდან სრულიად მოიკვეთოს" (მოც. 28). მაგრამ განსახილველ ორმაგობას ადგილი არა აქვს ისეთ სასჯელებთან მიმართებაში, რომლებიც თავისთავად მოიცავენ ერთგვაროვან შერბილებულ დასჯას, როგორც საკუთარ აუცილებელ ელემენტს. მაგალითად, წმიდა ზიარებისგან განკვეთას აუცილებლად თან სდევს საერთო-საეკლესიო ლოცვათა თანაზიარობისგან განკვეთაც; ანათემას თან სდევს კლიროსიდან დამხობაც.
თითქოსდა ზემოთნათქვამს ეწინააღმდეგებიან ისეთი კანონები, რომლებშიც განწესებულია ორი სასჯელი ერთი და იგივე დანაშაულისთვის. ასე, მაგალითად, მოციქულთა 30-ე კანონის მიხედვით: "ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი მეშვეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს, ასევე, ყველა მისი თანამოაზრე". ზუსტად ასევე "სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელდამსხმელიც ეკლესიიდან სრულიად უნდა მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი ჩემგან – პეტრესგან" (მოც. 29). მაგრამ აქ ლაპარაკია მღვდლობის უკანონოდ მოპოვებაზე; აქედან გამომდინარე მღვდლის ხარისხის წართმევა მოცემულ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სასჯელს, როგორც წართმევა, მაგ., ქურდისთვის მის მიერ მოპარული ნივთების წართმევა სასჯელი არ არის. ამგვარად მითითებულ კანონებშიც საკუთრივ მიეცემა ერთი სასჯელი - განკვეთა; ხოლო კლირიდან დამხობა, როგორც უღირსი მონაპოვარისა, თავისთავად გამომდინარეა.
4. სასჯელის დადებას, ზოგიერთ შემთხვევაში წინ უნდა უსწრებდეს დარიგება. "ჩვენ განვაცხადეთ, - ნათქვამია მოციქულთა 81-ე კანონში, - რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისათვის საერო-საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა (ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა - განიკვეთოს...". ზუსტად ასევე მოციქულთა 31-ე კანონი ამტკიცებს: "მღვდელი, რომელიც უგლებელყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე კრებებს მოაწყობს და სხვა საკურთხეველს აღმართავს ... განკვეთილ იქნეს, როგორც მთავრობისმოყვარე, რამეთუ იგი ძალაუფლების მიმტაცებელია. ასევე, განიკვეთოს კლირის ყველა სხვა წევრი, ვინც კი მას შეუდგება; ერისკაცები კი, ასეთ შემთხვევაში, საეკლესიო ზიარებიდან განკანონდნენ. ხოლო ეს ამგვარად აღესრულოს ეპისკოპოსის მხრიდან ერთგზის, ორგზის და სამგზის შეგონების შემდეგ". ამ შემთხვევაში გამოსწორება და აკრძალული საქმიანობის შეწყვეტა ადამიანს თავიდან აარიდებს პასუხისმგებლობას. ასეთი აზრი აქვს ყველა იმ განსაზღვრებას, რომლებიც პირობითად იმუქრებიან სასჯელებით, "... დაცხრეს, არადა - განიკვეთოს" (იხ. VI მსოფლ. კრებ. 9, 10).
ამ კანონს ადგილი აქვს: ა) იმ დანაშაულთა შემთხვევაში, რომლებიც წარმოადგენენ რაიმე უწყვეტ მოქმედებას, მაგალითად, მევახშეობას (მოც. 44; ტრულ. 10), მედუქნეობას (ibid. 9) და სხვა; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ეკლესიის შედარებით უმნიშვნელო დადგენილებებს; გ) სასჯელთაგან უმძიმესის - ანათემის განწესებისას.
5. სიჯიუტე, გამოუსწორებლობა, ცოდვაში გახევება მიიჩნევა სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად: პირიქით, გულითადი და ღრმა სინანული, გამოსწორების საქმეში მოშურნეობა და სინანულის ღვაწლის აღება არბილებს სასჯელს და ამოკლებს განკვეთის ვადას. სწორედ ეს იგულისხმება "მოქცევისადმი მზადყოფნაში", რომელიც ტრულის კრების 102-ე კანონის მიხედვით აუცილებლად მხედველობაში მიიღება სასჯელის დადებისას. ეს წესი ფართოდ გამოიყენება (იხ. I მსოფლ. 12; ნეოკესარ. 3; ბას. დ. 3, 74; გრიგ. ნოს. 4, 5), განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როდესაც მიემართება ცოდვილის გამოსწორებისკენ, ანუ გამომსწორებელი სასჯელების გამოყენების საქმეში, განსაკუთრებით ერისკაცთა ზიარებისგან განკვეთისას ან კლირიკოსთა პატივაყრისას.
6. სასჯელი შეეფარდება წოდებას ან ადამიანის მდგომარეობას ეკლესიაში. რაც უფრო მეტია წოდება, მით მკაცრია სასჯელი და პირიქით. ეს იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილი მოქმედება საძრახისია ყველასთვის, მაგრამ ერთთათვის უფრო, მეორეთათვის კი - ნაკლებად; უფრო დასაძრახია კლირიკოსთათვის, რომლებიც თავიანთი მსახურების ხასიათით უბიწოების და პატიოსნების მაგალითები უნდა იყონ, მტკიცედ და ურყევად უნდა ასრულებდნენ რწმენის კანონებს და ცხოვრობდნენ ზნეობრივად; ნაკლებად ერისკაცტათვის, რომლებიც იმყოფებიან თავიანთ მოძღვართა ხელმძღვანელობის ქვეშ; და კვლავ: უფრო საპასუხისმგებლობა უმაღლეს კლირიკოსთათვის, ვიდრე უქვემოესთათვის.
ამის ძალით, ერთი და იგივე დანაშაულისთვის კლირიკოსები ერისკაცებზე უფრო მკაცრად ისჯებიან, უმაღლესი კლირიკოსები უქვემოესებზე უმკაცრესად. "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, - ნათქვამია მოციქულთა კანონებში, - რომელიც თამაშსა და მემთვრალეობას მიეცა, - დაცხრეს, თუ არადა დაემხოს" (კანონი 42). "იპოდიაკონი, წიგნისმკითხველი (მედავითნე) ან მგალობელი, რომელიც იმავე ცოდვას სჩადის, რაც წინა კანონშია დასახელებული, დაცხრეს, თუ არადა განყენებულ იქნეს ზიარებიდან" (კანონი 43).
7. ვინც თვითონ აღიარებს საკუთარ ცოდვას უფრო ნაკლებად ისჯება, ვიდრე სხვის მიერ "ბოროტებაში მხილებული". წმ. გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "ვინც თვითონ აღიარებს ცოდვას და თავისი ნებით მოიწადინებს, გაამხილოს თავისი დაფარული საქმეები, როგორც თავისი ვნების მკურნალობის დამწყები და უკეთესისკენ თავისი შეცვლის ნიშნების მაჩვენებელი, დაექვემდებარება უფრო კაცთმოყვარე სასჯელს. ხოლო ვინც ასეთი ცოდვის მოქმედად აღმოჩნდება, და ან ეჭვით, ან ვინმეს დასმენით უნებურად მხილებული იქნბა, უფრო ხანგრძლივ და მკაცრ განკანონებას დაექვემდებარება, რათა სიმკაცრით განწმენდილი სიწმიდეებთან საზიარებლად იქნას დაშვებული..." (კან. 3) (ქართულ რჯულისკანონში ეს არის მე-3, ხოლო სლავურ რჯულისკანონში მე-4 განწესება - "აპოკ." რედ.).
8. სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღება ის განზრახვა, რომლის მიხედვითაც აღსრულდა დანაშაჯული. რაც უფრო კანონსაწინააღმდეგო და უზნეოა დანაშაულის მოტივი, რაც უფრო შესაძლებელი იყო ბოროტების თავიდან აცილება, რაც უფრო შეგნებული და მოფიქრებულია სამართალდარღვევა, მით უფრო დასჯადია. და პირიქით: თუ დანაშაული ჩადენილია უბრალო ქარაფშუტობით ან უმეცრებით, ან გონებრივი განვითარების უკმარობით, ან კიდევ კანონის არცოდნით, საჭიროებით თუ ვინმეს იძულებით, სასჯელი მნიშვნელოვნად მსუბუქდება, ზოგჯერ კი სრულიად ათავისუფლებს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან.
ნათქვამის სამართლიანობაში რომ დავრწმუნდეთ საკმარისია ყურადღება მივაპყროთ კანონებს, რომლებიც სარწმუნოებისგან განდგომილთ ეხება. მათში განსხვავებული სასჯელებია დაწესებული ყოველგვარი პირობებისა და დანაშაულის ჩადენის მიზეზთა გათვალისწინებით. ასე, მაგალითად, სარწმუნოებისგან ნებაყოფლობითი განდგომისას, როდესაც არ არსებობდა დევნულება ან ვინმესგან იძულება, დამნაშავე განიკვეთება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე სიკვდილამდე (ბას. დ. 73; გრიგ. ნოს. 2); მაგრამ სულმოკლეობისა და შიშის გამო განდგომისას, ან მუქარებისა და ტანჯვა-წამების შიშით - თერთმეტი წლით განიკვეთება (ბას. დ. 81); თუკი შიშის მიზეზი ნამდვილად მუქარები იყო, სასჯელი მსუბუქდება, და იზღუდება ექვსწლიანი განკვეთით (ანკირ. 6) და ა. შ. ზუსტად ასევე ერისკაცი, რომელიც დაარღვევს ფიცს რაიმე იძულებით ან ძალადობით, ექვსი წლით განიკვეთება (ბას. დ. 82); იგივეს ჩამდენი, ოღონდ ყოველგვარი იძულების გარეშე - ათი წლით (ბას. დ. 64).
9. დანაშაულის გამოსყიდვა მისი სრულიად საპირისპირო ღვაწლის აღსრულებით, მითუმეტეს მთელი რიგი მსგავსი მოსაგრეობით მიიჩნევა მიზეზად, რომელიც სასჯელის შემსუბუქების უფლებას იძლევა. ამის საფუძველზე ანკირიის კრება ამსუბუქებს სასჯელებს იმ პრესვიტერთა და დიაკონთათვის, "რომლებმაც კერპს მსხვერპლი შეწირეს, ხოლო ამის შემდეგ მოიქცნენ". კრება მათ უქვემდებარებს არასრულ დამხობას და ეპისკოპოსს აძლევს უფლებას შეარბილოს ეს სასჯელიც (კან. 1, 2), მაშინ როდესაც სარწმუნოების უარყოფისთვის კლირიკოსები, მოციქულთა 62-ე კანონის მიხედვით, ეკლესიისგან განიკვეთებიან. ზუსტად ასევე წყენის მიმყენებელის (შეურაცხმყოფელის) შერიგება დაზარალებულთან (შეურაცხყოფილთან) ამსუბუქებს დანაშაულსაც და სასჯელსაც. "დედაკაცები, - ამბობს ბასილი დიდი, - რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილნი არიან სიძვის მოქმედად. ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული" (ბას. დ. 38).
§ 5. შესაძლებელია შემთხვევები, როდესაც პირი, რომელიც დაექვემდებარა გაკიცხვას და სასჯელს კვლავ ჩავარდეს დანაშაულში ან სასჯელის მოხდის პერიოდში, ან კიდევ მისი დასრულების შემდეგ. დანაშაული შეიძლება წინანდელის მსგავსი იყოს ან იგივე, ან კიდევ მასთან ერთგვაროვანი, და ბოლოს, წარმოადგენდეს ახალ სამართალდარღვევას. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში სასჯელი ძლიერდება; რადგან დანაშაულის განმეორება არის უეჭველი მტკიცებულება იმისა, რომ პირველმა სასჯელმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, რომ ცოდვილი ისევ თავისი მიდრეკილებით დარჩა, რომ ის გახევდა ბოროტებაში, და მისი ჯეროვანი გამოსწორებისთვის უფრო ძლიერი საშუალებებია საჭირო. საკუთრივ ეს უნდა ითქვას მსგავსი დანაშაულებების განმეორების შემთხვევაშიც, როდესაც სასჯელის მოხდის შემდეგ ქრისტიანი ჩადის იმავე ცოდვას.
ნეოკესარიის კრება თავისი მე-5 კანონით ადგენს: "თუ ეკლესიაში შემსვლელი კათაკმეველი კათაკმეველთა რიგში დგას და აღმოჩნდება, რომ სცოდავს, [შემდეგ] მუხლთმოდრეკილთა შორის გადაყვანილიც არ შეისმენს, რომ არ უნდა სცოდოს და მსმენელობის დროსაც შეცოდავს, განდევნილ უნდა იქნეს ეკლესიიდან".
ზუსტად ასევე მოციქულთა კანონები, ბრძანებენ რა კლირიკოსის და ერისკაცის განკვეთას, თუკი ისინი იქ გამოცხადდებიან წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე (12-ე კან.), ამატებს: "ხოლო თუ განყენებული იყო, სასჯელი გაუგრძელდეს, როგორც ცრუსა და ღვთის ეკლესიის მომატყუებელს" (კან. 13-ე). ამრიგად ის აძლიერებს სასჯელს ახალი დანაშაულისთვის, რომელიც გამოიტახება მოტყუებაში (იხ. ასევე მოციქულთა 15-ე კან.).
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთი და იგივე პირი ერთდროულად ან უშუალოდ ერთი მეორის მიყოლებით ჩაიდენს რამოდენიმე დანაშაულს, თანაც არც ერთი მათგანისთვის ჯერაც არ დაქვემდებარებია რაიმე სასჯელს. ეს დანაშაულობანი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგ.: სიძვა-მრუშობა, ქურდობა; ან მათთან მონათესავე დანაშაულობანი, თანაც ერთი მათგანი დასაბამს აძლევს მეორეს, მაგ., რწმენისგან განდგომა და ქრისტიანთა დევნულებაში მონაწილეობა (ანკირ. 9), კლირიკოსის თვითნებური გადაადგილება მსახურების ერთი ადგილიდან მეორეზე და სიჯიუტე მღვდელმთავრობასთან მიმართებაში, რომელიც ასეთი კლირიკოსს თავისი პირვანდელი მსახურების ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს (მოც. 15; ანტ. 3).
საეკლესიო კანონებით, პირი, რომელიც დამნაშავეა ორ ან მეტ დანაშაულში, ორმაგად არ დაისჯება ან თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე, არამედ დაექვემდებარება მხოლოდ გაძლიერებულ სასჯელს; და დანაშაულობათა ერთობლიობა წარმოადგენს მხოლოდ ვითარებას, რომელიც ბრალეულობას აძლიერებს. ნათქვამის დასადასტურებლად ჩვენ მივუთითებთ შემდეგ მაგალითებს:
1) სარწმუნოებისგან განდგომა და კერპთმსახურობასი მონაწილეობა ისჯება ექვსწლიანი განკვეთით (ანკირ. 4); ვინც არა მარტო თვითონ განუდგება რწმენას, არამედ "აღდგება და აიძულებს ძმებსაც ან იძულების მიზეზი გახდება", განიკვეთებიან ათი წლით (ანკირ. 9).
2) ქალის მოტაცებისთვის, თუ მას მისი გაუპატიურება მოჰყვა, დამნაშავე განიკვეთება სამი წლით (ბას. დიდი 30); ქალის მოტაცებისთვის, რომელსაც მოჰყვა მისი გახრწნა, დამნაშავე განიკვეთება ოთხი წლით (ბას. დ. 22).
§ 6. განზრახვა ან მიზეზები, რომელთა მიხედვითაც ადამიანი ჩადის ამა თუ იმ საქმეს, თავისი შინაგანი ძალით არაერთნაირია. არის ქცევები, რომლებიც თავისთავად დასაგმობია, არის იძულებით ჩადენილი დანაშაულობანი, რომლებიც თუმც კი ცნობილმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ საკუთარ თავთან ჭიდილისა და წინააღმდეგობის შემდეგ, იმის შეგნებით, რომ მისი მოქმედება დასაგმობია. ამგვარად, მთელი რიგი პირობებისა და ვითარებების გათვალისწინებით, რომლებიც ახლავს ცნობილ დანაშაულებრივ ქმედებას, არა თუ არსებობენ ისეთები, რომლებიც გავლენას ახდენენ სასჯელის ხარისხზე, - ამცირებენ ან აძლიერებენ ბრალეულობას, - არამედ ისეთებიც, რომლებიც სრულიად აქრობენ ბრალეულობას, ხოლო პიროვნებას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ ან დასჯის შესაძლებლობას აუქმებენ. ამგვარ მიზეზებს ან პირობებს განეკუთვნებიან:
1. იძულება. ის შეიძლება იყოს ორი სახის: ა) ფიზიკური, ანუ ადამიანის იძულება ფიზიკური ძალით აღასრულოს დანაშაულებრივი ქმედება; ბ) ზნეობრივი იძულება, როდესაც ერთი უბრძანებს მეორეს რაიმეს ჩადენას, თანაც პირველს აქვს ბრძანების გაცემის უფლება, მეორე კი ვალდებულია ემორჩილებოდეს.
პირველი სახის იძულება უდავოდ ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისგან, რადგან, მაგალითად, ანკირიის კრების მე-3 კანონიდან ჩანს, რომ: "რომლებიც გაქცევის დროს შეპყრობილნი ან შინაურების მიერ გაცემულნი იქნებიან, ან ქონება ჩამოერთმევათ, ტანჯვას აიტანენ, ან საპყრობილეში ჩაცვივდებიან და ასეთ დროს ღაღადებენ, რომ ქრისტიანები არიან, ან თუ იძულებით აუვსებენ ხელებს გუნდრუკით, ან გაჭირვების შედეგად მიაღებინებენ კერპისთვის შეწირულ საჭმელს, მაგრამ განუწყვეტლივ აღიარებენ, რომქრისტიანები არიან და იმ წუხილს, რომელიც მათ შეემთხვათ, მყუდროებით და თავმდაბლად აიტანენ, ასეთებს, როგორც უცოდველებს, ნუ აეკრძალებათ ზიარება". ... ეს ეხება როგორც კლირიკოსებს, ასევე ერისკაცებს. თანაც გამოკვლეულ იქნა ისიც, "შეუძლია თუ არა ამგვარ ჭირგანცდილ ერისკაცს სამღვდელო დასში შესვლა". ამგვართა სამღვდელო დასში შესვლა ჯეროვნად მიიჩნიეს, "როგორც უცოდველთა". ამგვარად ვისაც ძალადობით აიძულებენ კერპშეწირვას არა მარტო თავისუფლდებოდნენ რაიმე დაწესებული სასჯელისგან, არამედ კლიროსთა დასში მიღების შესაძლებლობასაც აძლევდნენ, რასაც ვერ ვიტყვით სხვა დაცემულებზე (I მსოფლ. კრების მე-10 კან.).
რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც ზნეობრივი იძულების ძალით ან ძალაუფლების მქონე პირის განკარგულებით არის ჩადენილი, ისინი უცხო არ არიან დანაშაულისგან; რადგან ქრისტიანისთვის დანაშაულებრივი განკარგულება, მიმართული საღმრთო ნებისა და მცნებების წინააღმდეგ, არასავალდებულოა, ვის მიერაც გინდ იყოს იგი გაცემული.
სწორედ ამიოტმ, წმ. პეტრე ალექსანდრიელი კიცხავს და სასჯელს უქვემდებარებს ქრისტიან მონებს, რომლებიც თავიანთ ბატონთა მორჩილების გამო მათ ნაცვლად სწირავდნენ კერპებს და ამ გზით სარწმუნოებრივ დაცემამდე მივიდნენ (მე-6 კან.), ის სჯის მათ იმ მიზნით, რათა "ასეთმა მონებმა... ისწავლონ ამიერიდან, როგორც ქრისტეს მონებმა, რომ ღმერთის ნება უნდა აღასრულონ და მისი ეშინოდეთ..." (იქვე). ამ შემთხვევებში სასჯელი მსუბუქდებოდა მხოლოდ მოტივის ძალით, რომელმაც გამოიწვია საქციელი; რადგან მუქარა ბატონის მხრიდან, დასჯის შიში (იქვე. პ. ალექს.) - საკმაოდ ძლიერი წამქეზებელია ასეთი ან სხვაგვარი საქციელის ჩადენისკენ. მაგრამ ამ შემთხვევებში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება განკარგულების გამცემთ.
იგივე წმ. პეტრე ალექსანდრიელი სამგზის ზრდის სასჯელს ბატონთათვის, რომლებმაც აიძულეს თავიანთი უფლისმიერი თანამონები მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის; რადგან "მათ არ შეისმინეს მოციქულისა, რომელსაც სურს, რომ "ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება" (ეფეს. 6:9) (იქვე).
იმავე პრინციპის ძალით ორგზისმა კრებამ განაწესა: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მხილებული იქნება ვისმეს გამოსაჭურისებაში თავისი ხელით, ან ვისმეს მხარს დაუჭერს და მოუწონებს ასეთ საქციელს, უნდა დაემხოს თავისი ხარისხისგან" (მე-8 კან.); ზუსტად ასევე დამნაშავე პირი, რომელიც სასტიკ და მომაკვდინებელ ჭრილობებს მიაყენებს სხვა ადამიანს თუნდაც "განკარგულების მეშვეობით", დაექვემდებარება შესაბამის სასჯელს (ორგზისი კრების მე-9 კან.).
2. უკიდურესი აუცილებლობა მიიჩნევა ასევე პირობად, რომელიც ანადგურებს დანაშაულს. რას ნიშნავს უკიდურესი აუცილებლობა? ეს არის ადამიანის გამოუვალი მდგომარეობა, რომლის გამოც ის ჩადის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ან ორი გარდაუვალი ბოროტებიდან ირჩევს უმცირესს, რითაც უფრთხილდება უფრო ღირებულს ნაკლებად ღირებულის ხარჯზე. აქედან - ა) მარხვათა დარღვევა ხორცის უძლურების და სხეულის სნეულების გამო, დანაშაულს არ წარმოადგენს (მოც. 69). ტიმოთე ალექსანდრიელი კითხვაზე: უნდა იმარხულოს თუ არა მან, ვინც ავად არის და სრულიად დასუსტებულია ძლიერი სნეულებისაგან? პასუხობს: "მას უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს საკვები და სსმელი, რამდენის ატანაც შეუძლია სნეულს, რადგანაც ზეთის მიღება სრულიად დაუძლურებულის მიერ ძალზე მართებულია" (10-ე კან.). ამის შედეგად, დედაკაცს, რომელმაც იმშობიარა პასექის წინ, ანუ ვნების შვიდეულს, ის ნებას აძლევს მიიღოს საკვები და სასმელი "რამდენიც უნდა" (მე-8 კან). ზუსტად ასევე თუ კლირიკოსი დუქანში რაიმე მაიძულებელი გარემოების გამო შევა - წმ. მოციქულთა 54-ე კანონის ძალით არ ჩაითვლება დამნაშავედ. ტაძარში ცხოველის შეყვანა - საზოგადოდ შეურაცხმყოფელია ტაძრის სიწმიდისთვის; მაგრამ ამისი გაკეთება მაიძულებელი გარემოების გამო მისატევებელია.
ამ მხრივ აღსანიშნავია ტრულის კრების 88-ე კანონი: "არავინ შეიყვანოს წმინდა ტაძარში რაიმე პირუტყვი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვინმე მგზავრობისას დიდი უკიდურესობით შეჭირვებული, და სახლსა და მასპინძლობას მოკლებული, ტაძარში გაჩერდება. რადგან ზღუდეს გარეთ დარჩენილი პირუტყვი შეიძლება დაიღუპოს და თვითონ მგზავრი, მისი დაკარგვის გამო, მგზავრობის გაგრძელებისათვის (საუბარია პირუტყვზე, რომლითაც მგზავრი გადაადგილდება (ვირი, ცხენი და მისთ) - რედ.) უღონო შეიქნეს და მის სიცოცხლეს ხიფათი შეექმნას. რადგანაც ჩვენ განსწავლული ვართ, რომ "...შაბათი კაცისათჳს დაებადა..." (მარკ. 2.27). ამიტომ ყოველნაირად უნდა ვეცადოთ მისი გადარჩენისა და უსაფრთხოებისათვის ვიზრუნოთ..."
ამრიგად, უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა უფლებას იძლევა დაირღვეს შაბათიც, ანუ სჯულის განაწესიც, რომელიც სხვადასხვა შემთხვევისთვის არის ბოძებული. ისეთი მძიმე დანაშაულობანიც კი, როგორიცაა, მაგალითად, დასაჭურისება, დედის მიერ საკუთარი ყრმის ბედის ანაბარად მიტოვება შეიძლება ცოდვის ჩამდენს დანაშაულად არ ჩაეთვალოს, როდესაც ეს ხდება უკიდურესი აუცილებლობით" (ორგზ. 8; ბას. დ. 52): პირველი სხეულის სნეულების გამო, მეორე - "ადგილის უდაბურობის ან გაჭირვებით შექმნილი აუტანელი პირობების გამო" (ibid.). ნათქვამს, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგებიან ის კანონები, რომლებშიც განსაზღვრულია სასჯელი, და არც თუ იშვიათად მკაცრიც, დანაშაულისთვის, რომელიც ქრისტიანს სიკვდილის ან მძიმე სატანჯველების შიშით აიძულეს; ასეთებია, მაგალითად, კანონები დაცემულთა ან დევნულების დროს სარწმუნოების უარმყოფელთა შესახებ. მაგრამ ღმრთისადმი სიყვარული ყოველთვის უნდა იდგეს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულზე მაღლა; ღმერთისთვის ქრისტიანმა ყველაფრის დათმობა უნდა შეძლოს - თავისი ქონებისაც და საკუთარი სიცოცხლისაც; სხვაგვარად, რომ ვთქვათ: რწმენა - სიცოცხლეზე ძვირფასია; აქედან სიცოცხლის შენარჩუნება რწმენის დათმობის ხარჯზე კანონდამრღვევი ქმედებაა.
§ 7. საეკლესიო სასჯელის არსი მდგომარეობს ურთიერთობის შეწყვეტაში (κοινωνία, communio), ან იმ სიკეთეების მოკლებაში, რასაც ქრისტიანი იძენს ნათლობის დროიდან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. რა სიკეთეებია ეს? - ან როგორ უფლებებს იღებს ადამიანი, როდესაც ხდება ეკლესიის წევრი? ეს უფლებები და სიკეთეები თავიანთი მნიშვნელობით შეიძლება განვალაგოთ შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ზიარების უფლება; ბ) მართალდა ლიტურგიის მოსმენა და ლოცვები სხვა მართლებთან ერთად; გ) უფლება ლოცვითი მონაწილეობა მიიღო კათაკმეველთა ლიტურგიაზე; დ) უფლება მოისმინო ღვთის სიტყვა ლიტურგიაზე და ქადაგებებზე; ე) უფლება ეწვიო ტაძარს ღვთისმსახურების დროს ან შიგ შესვლის უფლება; ე) დასასრულ - თვით ეკლესიის წევრად წოდებისა და სხვა მართლმორწმუნეებთან დაუბრკოლებელი საყოფაცხოვრებო ურთიერთობის უფლება. ეს არის ზოგადი უფლებები, რომელთა ერთობლიობა იწოდება სახელით: ერისკაცთა თანაზიარობა (κοινωνία λαϊκῷν, communio laica).
მაგრამ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს პირთა განსაკუთრებული კლასი, რომლებიც მოწოდებულნი არიან თანამდებობრივი საეკლესიო-საზოგადოებრივი საქმიანობისკენ - ესენი არიან - კლირიკოსები; ამიტომ არსებობს განსაკუთრებული კანონები, რომლებიც ეხება მხოლოდ ამ წოდებას. აქ შედის: მღვდელმოქმედების უფლება, რომელიც განეკუთვნება ამა თუ იმ იერარქიულ ხარისხს; სულიერი მმართველობის უფლება; საეკლესიო მოძღვრობის უფლება და ბოლოს გარეგანი უპირატესობები (პატივის უფლება). ამ უკანასკნელ უფლებათა ერთობლიობა ცნობილია ასევე კლირიკოსული თანაზიარობის (κοινωνία ἐκκλησιαστική, communio clericalis) სახელით. ამგვარი ორმაგი თანაზიარობის გამო უნდა განვასხვავოთ სასჯელები დაწესებულნი კლირიკოსთათვის და ერისკაცთათვის.
როგორც ერთნი, ასევე მეორენი, დანაშაულობათათვის დასჯილან თანაზიარობიდან განკვეთით, მაგრამ კლირიკოსები უპირველეს ყოვლისა კლირიკოსული თანაზიარობისგან, სხვაგვარად ისინი განიკვეთებოდნენ სამუდამოდ ან მთლიანად ან ეზღუდებოდათ მხოლოდ ზოგიერთი მოვალეობა და უფლებანი. რაც შეეხება ერისკაცთ, ისინი განიკვეთებოდნენ ერისკაცთა თანაზიარობისგან, ან მათ ართმევდნენ ამა თუ იმ უფლებას, რომელიც საზოგადოდ ქრისტეს ეკლესიის ყველა წევრს ეკუთვნის. აქედან მომდინარეობს დამსჯელი განსაზღვრებების უმთვრესი ფორმულა, რომელიც საეკლესიო კანონებში ყველგან გვხვდება: განიკვეთოს თანაზიარობიდან. ამ ფორმულირებას აქვს ორმაგი აზრი, იმ პიროვნებებისდა მიხედვით, ვისაც ეხება იგი.
საეკლესიო დასჯის მიზანი ნათლად არის მითითებული მაცხოვრის მიერ ცნობილ მცნებაში სასჯელთა შესახებ (მათე 18:15-17). ძმის მოპოვება, მისი გამოსწორება, კეთილი ზემოქმედება მის ნებაზე - აი მთავარი და ერთადერთი მიზანი, რომელიც უნდა ამოძრავებდეს ეკლესიის დამსჯელ საქმიანობას. იგივე აზრს ატარებდნენ მოციქულებიც თავიანთი დამოკიდებულებით ცოდვილთადმი.
მოციქულმა პავლემ ერთი კორინთელი ცოდვილი გადასცა სატანას "ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესუს დღეს" (1 კორინთ. 5:5), ანუ იმისთვის, რათა მან სასჯელის სიმძიმითა და მისით გამოწვეული უბედურებით, რომელსაც დაექვემდებარა, ქრისტეს ეკლესიის ფარგლებს მიღმა ყოფნის მწარე გამოცდილებით, იმ უფსკრულის განჭვრეტით, რომელშიც იქნა შთაგდებული, - შეეგნო თავისი მდგომარეობის მთელი სიმწარე, და ის აუტანელი კირთი, რომელიც დამოკიდული იყო მასზე. აქედან, თავისი ცხოვრების შეცვლით, მას უკვე შეეძლო უკეთესისკენ მობრუნება. სწორედ ასე იყო კორინთელ ცოდვილთან დაკავშირებითაც. ის გამოსწორდა და კვლავ შეწყნარებულ იქნა ქრისტიანულ საზოგადოებაში.
ზუსტად ასევე ჰიმენეოსი და ალექსანდრე მოციქულმა გადასცა სატანას "რათა თავი ანებონ გმობას" (1 ტიმ. 1:20), ანუ იმისთვის, რათა თავიანთი უბადრუკი მდგომარეობით და სატანისადმი დამორჩილების სიმძიმით შეეგნოთ საკუთარი ცოდვილიანობა და გამოსწორებულიყვნენ. როგორც მოციქულისა და მისი სწავლების მიხედვით, რომლის თანახმადაც საეკლესიო დამსჯელი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს "ასაშენებლად, და არა დასაქცევად" (2 კორინთ. 13:10), სულის საცხოვნებლად, და არა წარსაწყმედად, საყოველთაო ეკლესიის კანონიკურ სჯულმდებლობაშიც დასჯა უმთავრესად განიხილება, როგორც სამკურნალო ზომა და ადამიანის გამოსწორების საშუალება.
ამასთან არის დაკავშირებული დასჯის ის ძირითადი წესი, რომლის მიხედვითაც "საკუთარი თავის თავადვე აღმძვრელი ცოდვების აღიარებად, როგორც თავისი სნეულების კურნების უკვე დამწყები... დაე, უფრო შემწყნარებლურ ეპითიმიას დაექვემდებაროს" (გრიგოლ ნოს. 4, 5); ვინც ეპითიმიის შესრულებაში, "სინანულისა და აღსარებისადმი დიდ მისწრაფებას გამოიჩენს" ეპითიმია შეუმცირდება (ბას. დ. 74; გრ. ნოს. Ibid; VI მსოფლ. 102; I მსოფლ. 12 და სხვა).
თუმცა, ცოდვილის გამოსწორება და ცხონება დასჯის ერთადერთი მიზანი როდია. ამასთან მხედველობაშია მიღებული:
a) მთელი ეკლესიის კეთილდღეობა. როგორც ყველა ადამიანურ საზოგადოებაში ცალკეულ პირთა დანაშაული და ბიწიერება, თუკი დაუსჯელი დარჩება, ადვილად ითრევს სხვებსაც და იჩენს მიმბაძველებს, ხოლო თუ გაძლიერდება უფრო და უფრო მოიცავს მთელ საზოგადოებას, ასევე შეიძლება მოხდეს ქრისტეს ეკლესიაშიც, როგორც ადამიანთა საზოგადოებაში. მისი მკაცრი დისციპლინა შეირყეოდა, თუკი ზნეობრივ-რელიგიური ცხოვრება დაექვემდებარებოდა დიდ საშიშროებას, თუკი ეკლესია არ გამოიყენებდა უფლებით საკუთარი წიაღიდან მოეკვეთა ბიწიერი ადამიანები და სხვებს არ დაიცავდა ზნეობრივად დასნებოვნებულ ადამიანთაგან. ამ თვალსაზრისს მისდევდა მოციქული პავლეც, როდესაც მან კორინთელთაგან სისხლის აღრევაში შემცოდის საეკლესიო საზოგადოებისგან მოკვეთა მოითხოვა: " ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?" (1 კორინთ. 5:6). ანუ, ნუთუ თქვენ გამოცდილებით არ იცით, რომ ერთი ადამიანის სნეულება შეიძლება მრავალს გადაედოს, თუკი არ განვაცალკევებთ მათგან.
იგივე აზრია გატარებული საეკლესიო სჯულმდებლობაშიც, სადაც სასჯელი განიხილება არა მარტო, როგორც ცალკეული პიროვნების გამოსწორებისა და ცხონების საშუალება, არამედ როგორც ზომა, რომელიც აბრკოლებს დანაშაულის გავრცელებას, შედეგად, ხელს უწყობს მრავალთა ცხონებას.
სარდიკიის კრების 19- კანონში ნათქვამია: "ღავდენტიოს ეპისკოპოსმა თქვა: ეს, რაც შესაფერისად, ჯეროვნად და საცხოვნებლად დაადგინეთ თქვენ, ღმრთისა და კაცთათვის სათნო მღვდელმა, თავის ძალასა და სიმტკიცეს ვერ აჩვენებს, თუ არ დაშინდებიან გამოსული დადგენილებების დამრღვევნი. თქვენც იცით, რომ ხშირად ვისიმე მცირედი ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდელობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება". განსახილველი მიზანი არსებითად არ განსხვავდება პირველისგან. ერთიც და მეორეც მიმართულია ეკლესიის წევრთა კეთილი ცხოვრების გამყარებისა და ცხოვნებისკენ.
b) ეკლესიის პატივი. ეკლესიისადმი პატივისცემას აღძრავენ ადამიანები, რომლებიც ეკუთვნიან მას და გამორჩეულნი არიან ზნეობრივი ცხოვრებითა და სათნოებებით; მაგრამ, მისდამი პატივისცემა იკლებს იმისდა შესაბამისად, რაც მასში დაიბუდებს და განვითარდება ბიწიერება; ეკლესიის ღირსება განსაკუთრებულად კნინდება მაშინ, როდესაც უდიდესი ცოდვილები და დამნაშავეები სრულიად დაუსჯელნი რჩებიან, როდესაც ის ითმენს და თავის წიაღში ადგილს უთმობს სჯულისა და განწესებების დამრღვევთ, რომლებიც ჯიუტად არ ემორჩილებიან ეკლესიას და ეწინააღმდეგებია კიდევაც მას. ამიტომ საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად ეკლესია მიმართავს ისეთ ზომებს, როგორსაც საერთოდ ადამიანური საზოგადოებები, დიდი იქნება ის თუ მცირე, და ამ შემთხვევაში ის ეფუძნება ბუნებრივ სჯულს.
ცნობილია, როგორი მოშურნეობით ზრუნავდა ეკლესია თავისი პატივის, ღირსებისა და დიდების შენარჩუნებისთვის. "მონები, - ამბობს მოციქული პავლე ტიმოთესადმი მიწერილ პირველ ეპისტოლეში, - ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება" (1 ტიმ. 6:1); "მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას; ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება" (ტიტ. 2:10).
ამიტომაც, როდესაც ერთმა ეპისკოპოსმა, სახელად ევკრატიოსმა, ჰკითხა კვიპრიანეს: "უნდა დარჩეს თუ არა თანაზიარობაში კომედიანტი, რომელიც არა მარტო თვითონ არ ტოვებს თავის საქმიანობას, არამედ სხვებსაც აცნობს მას", კვიპრიანესგან მიიღო შემდეგი პასუხი: "ეს საქმიანობა არ შეეფერება არც საღმრთო, არც სახარებისეულ ღვთისმოსაობას. ეკლესიის სიწმიდე და ღირსება არ უნდა შეურაცხიქმნეს ესოდენ ბილწი და უწმინდური წყლულით" (Пис. к Евкр. о комедианте стр. 21 (рус. пер.)).
ასეთივე პრინციპია გატარებული თვით საეკლესიო სჯულმდებლობითაც. ასე, მაგალითად, წმ. ბასილი დიდი თავის მე-6 კანონში ამბობს: "კანონის მორჩილთა, ღმრთისთვის შეწირულთა სიძვა ქორწინებად ნუ ჩაითვლება, არამედ ყოველი ღონით უნდა გაითიშოს მათი შეერთება. ამით ეკლესიის უცთომელობა იქნება წარმატებული და მწვალებლებიც ჩვენზე ძვირის საქთქმელად არ გახსნიან პირს, რომ ჩვენ ცოდვას მივიზიდავთ მისთვის თავისუფლების მიცემით". ზუსტად ასევე VI მსოფლიო კრება, უკრძალავს რა ქრისტიანებს აბანოში ქალებთან ერთად ბანაობას, შენიშნავს, რომ "წარმართთა მხრიდან განკითხვის პირველი მიზეზი სწორედ ეს არის" (77-ე კან.)
§ 8. სასჯელი დაკარგავდა თავის მნიშვნელობას და ვერ მიაღწევდა მიზანს, თუკი ერთ ადგილას განკვეთილი დაშვებული იქნებოდა სხვაგან, და ეკლესიას ცნობილი მეთოდებით ყველგან არ დაეკეტა მათთვის წვდომა საზოგადო თანაზიარობისთვის. ეკლესია არ მიმართავდა გადასახლებებს ან დამნაშავის დაპატიმრებას, როგორც ამას აკეთებს სახელმწიფო დამნაშავის სხვებისგან იზოლირების შემთხვევაში. დამნაშავე რჩებოდა ქრისტიანთა შორის, მათ საზოგადოებაში, თუმცა თანაზიარობის გარეშე იყო დარჩენილი და ვერსად ისარგებლებდა მისით. კართაგენის კრების თანახმად, "ვინც უზიარებელქმნილია აფრიკაში და მოინდომებს ზღვის გადაღმა (იტალიაში) წასვლას, იგი დაკარგავს თავის პატივს" (105 (118)). საზოგადო საშუალებად აღნიშნული მიზნისთვის დაწესებული იყო ცალკეული ღონისძიებები:
а) განაჩენის გამოქვეყნება. კრებითი ეპისტოლეები ადგილობრივი ეკლესიებისადმი, სადაც ამ უკანასკნელთ ეცნობებოდა იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაექვემდებარნენ განკვეთას. ასეთ ეპისტოლეებს ყველგან აგზავნიდნენ გასაცნობად. წმ. ბასილი დიდის თქმით, "სრულიად განკვეთილი ეკლესიისგან, ცნობილია მთელი ეკლესიისთვის... მისი განკვეთა იუწყება ყველგან, და ის იმხილება ყველას, როგორც მისიანების, ასევე უცხოების წინაშე" (იხ. изд. твор. Вас. В. в р. пер. ч. VI, стр. 161). და ჩვენთვის ნამდვილად ცნობილია ამგვარი უწყების ფაქტები. ასე, მაგალითად, ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ, როდესაც ანათემას გადასცა არიოზი, მრგვლივ მოსავლელი ეპისტოლეთი ამის შესახებ გააგებინა დანარჩენ ეპისკოპოსებს (სოკრატე. საეკლ. ისტორია. I. თ. 6).
სინეზიუსმა, როდესაც მოიკვეთა ანდრონიკე და მისი თანამოაზრენი, წერილი მიწერა სხვა ეპისკოპოსებს. "ანდრონიკესა და მის თანამოაზრეთათვის ყველგან უნდა იყოს დახშული ეკლესიის კარები. ყველას შევაგონებ - არ იცხოვროთ მათთან ერთ ჭერქვეშ და არ გაიზიაროთ მათთან ტრაპეზი. ვინც არად ჩააგდებს ჩვენი ეკლესიის განსაზღვრებას და შეიწყნარებს მის მიერ განკითხულთ, იცოდეს, წარმოშობს განხეთქილებას ეკლესიაში, რომელიც თავისი დამფუძნებლის თქმით უნდა იყოს ერთი ... " და ა. შ. (Binhami, Orig, Ec. vol. VII. с. 2, § 8).
როგორც ცალკეული ეპისკოპოსები აგზავნიდნენ მრგვლივ მოსავლელ ეპისტოლეებს სხვა ეპისკოპოსებთან, რომლებშიც აუწყებდნენ მათ მიერ ეკლესიიდან ვინმეს მოკვეთის შესახებ, ზუსტად ასევე იქცეოდნენ კრებებიც, და სხდომებზე არ დამსწრე ეპისკოპოსებს ამცნობდნენ განკვეთილთა სახელებს, რათა დაცულ ყოფილიყო კრებითი განაჩენი. ასე, მაგალითად, ნიკეის კრებამ, არიოზის დამხობის შემდეგ, ამის შესახებ სპეციალური ეპისტოლეთი აუწყა ალექსანდრიის ეკლესიას და ძმებს ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში (სოკრატე. საეკლესიო ისტორია. წიგნი I, თ. 9).
b) დამსჯელ განაჩენს სავალდებულო ძალა ჰქონდა არა მარტო იმ ეპარქიისთვის, არამედ ქრისტიანული სამყაროს ყველა ადგილისთვის, ეკლესიის დადებითი განწესებების ძალით. ამ მხრივ აღსანიშნავია სოფია წმიდის ტაძარში შეკრებილი კრების 1-ლი კანონი. აქ ნათქვამია: "თუ იტალიელი სასულიერო პირნი, ერისკაცნი ან ეპისკოპოსნი, დასჯილნი მთავარეპისკოპოს იოანე პაპის მიერ განკვეთით ან შეჩვენებით, იმყოფებიან აზიასა, ევროპასა ან ლიბიაში, ასეთები კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქ ფოტისგანაც უნდა დაისაჯონ საეკლესიო სასჯელის იმავე ზომით, ეი. ი ან განკვეთით ან შეჩვენებით, ან უზიარებლობით. და თუ ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ფოტიმ, რომელ სამთავროშიც უნდა იყოს, დასაჯოს უზიარებლობით, განკვეთით ან შეჩვენებით სასულიერო პირი, ერისკაცი, ან სამღვდელმთავრო და სამღვდელო დასისაგანი, ასევე განკანონების იმავე სასჯელით უნდა დასაჯოს ისინი წმიდა იოანე პაპმა და მასთან ერთად მისმა რომის წმინდა ეკლესიამ". წმ. ბასილი დიდის 87-e კანონის მიხედვით, ანათემირებულის შემწყნარებელი თვითონადც ანათემირებულ უნდა იქნას მთელი ეკლესიისგან (ქართ.: ბასილი დიდის ეპისტოლე გრიგოლ ხუცესის მიმართ, რათა ჩამოშორდეს იგი თანამცხოვრებ დედაკაცს. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 426 – "აპოკ." რედ.).
c) წარმომადგენლობითი სიგელები. სხვადასხვა სახის შეცდომათა თავიდან აცილებას, რომელიც თანაზიარობისგან განკვეთილ პირთა შეუწყნარებლობას ეხება, ემსახურება ე. წ. წარმომადგენლობითი სიგელები (γράμματα συστατικὰ), რომელთაც ახსენებენ ჯერ კიდევ მოციქულთა 12-ე და 13-ე კანონები. ეს სიგელები ეპისკოპოსთაგან ეძლეოდათ კლირიკოსებს და ერისკაცებს, რომლებიც მიემგზავრებოდნენ სხვა ეკლესიათა ან ეპარქიათა საზღვრებში. ამ სიგელებში დადასტურებული იყო მათი მართლმადიდებლურობა, პატიოსნება, ეკლესიასთან თანაზიარობა და განსაკუთრებით ის, რომ ამ სიგელის მქონე სასულიერო პირი (კლირიკოსი) არ იყო მისი ეპისკოპოსის მიერ აკრძალული, ხოლო ერისკაცი დაშვებული იყო ზიარებაზე. ამ სიგელების გარეშე არავის ჰქონდა უფლება გამგზავრებულიყო უცხო მხარეში, ხოლო ეპისკოპოსებს, დასჯის მუქარით, ეკრძალებოდათ ამგვართა თანაზიარობაში შეწყნარება (იხ. იგივე კანონები).
II
სასჯელთა სახეობები
I. ერისკაცთა განკვეთა
§ 9.
§ 10.
§ 11.
§ 9. სახელწოდებით განკვეთა (ἀφορισμός, separatio, excommunicatio) იწოდება ისეთი სასჯელი, რომლის მიხედვითაც დანაშაულში ბრალეული გარკვეული დროით განეშორება წმ. საიდუმლოთა ზიარებას, ასევე ზოგიერთ საეკლესიო ლოცვებში მონაწილეობას და დაყენებული იქნება საჯაროდ მონანულთა რიგში. ამგვარად განკვეთაში გამოიხატება ორი აუცილებელი ელემენტი: საეკლესიო სინანული და ზიარებისგან განშორება, რის გამოც ეს სასჯელი საეკლესიო განწესებების მიხედვით ორგვარად იწოდება: ხან განკვეთად, ხან კიდევ სინანულად.
განკვეთილნი ან მონანულნი იყოფიან ოთხ კლასად. პირველი კლასის მონანულთ ეწოდებათ შეტირილში მყოფნი (შეტირება) (προσκλαίοντες, fientes); მეორე კლასის მონანულთ - მსმენელნი (მსმენელობა) (ἀκροώμενοι, avdientes); მესამეს - შევრდომილნი (შევრდომილობა) (προσπίπτοντες, prostrati); მეოთხეს - თანამდგომნი (თანამდგომობა) (συνιστάμενοι, consistantes) (1). სინანულის ეს ოთხი საფეხური წარმოადგენს დასჯის ოთხ სხვადასხვა ხარისხს, რომელსაც ეწოდება განკვეთა.
____________________
1. გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიის ეპისკოპოსი, პირველად ახსენებს ამ კლასებს თავის კანონიკურ ეპისტოლეში, რომელიც მან 263 წელს დაწერა (კან. 12).
____________________
а) შეტირილში მყოფთ ერთმევათ უფლება მონაწილეობა მიიღონ საეკლესიო ღვთისმსახურებასა და ლოცვებში, მათ ასევე არ აქვთ ტაძარში შესვლის უფლება. ისინი, გრიგოლ ნეოკესარიელის თქმით, ჩვეულებისამებრ "სამლოცველო ტაძრის კარიბჭის გარეთ" (კან. 12), ანუ სტოაში შესასვლელ კარებთან დგანან. აქ დგომისას, ისინი მუხლს იყრიან ტაძარში შემსვლელ მორწმუნეთა წინაშე, უვარდებიან მათ ფეხებქვეშ, და ევედრებიან ლოცვასა და შუამდგომლობას. ერთი შეხდვით ცხადია, რომ ეს არის ერთ-ერთი უკიდურესი სასჯელთაგანი. მისით დასჯილი ცოდვილი მხოლოდ ეკლესიის წევრის წოდებასა და ქრისტიანებთან ჩვეულებრივი ურთიერთობების უფლებას ინარჩუნებს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ საეკლესიო სიკეთეს მოკლებულია.
b) მსმენელებს ტაძარში შესვლის უფლება არ ერთმევათ. როდესაც ეკლესიაში მოვლენ, ისინი განსაზღვრულ ადგილას დგებიან, რომელსაც "νάρθηξ"-ი ეწოდება. ეს არის ეკლესიის შიდა სტოა (იხ. იგივე კანონი), ტაძარში შესასვლელ კარებთან ახლოს. - მსმენელებს ნება ეძლევათ მოისმინონ წმიდა წერილი და ეპისკოპოსის ქადაგება, რომლებიც ჩვეულებისამებრ წარმოითქმება სახარების წაკითხვის შემდეგ. ქადაგების დასრულებიდან როგორც კი დიაკვანი იტყვის: "ნურავინ მსმენელთაგან", ისინი უნდა გავიდნენ ტაძრიდან კათაკმევლებთან ერთად (წმ. ბასილი დიდი. კან. 75). ამგვარად საეკლესიო ლოცვებში მონაწილეობის უფლება მსმენელებს არ ეძლევათ.
с) შევრდომილნი უკვე ტაძარში დგანან, ოღონდ მის უკანა ნაწილში შესასვლელთან, ქვრივთა და მოხუც დედაკაცთა წინ (გრიგოლ საკვირველთმოქმედი. კან. 12). მათ ნება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადო, მათთვის წარმოთქმულ ლოცვებში, რომელთაც ისინი მუხლმოყრილნი ისმენენ (2). ამ ლოცვათა დასრულების შემდეგ, შევრდომილნი თავიანთ ცოდვას აღიარებენ ეკლესიის წინაშე და გადიან ტაძრიდან. ამგვარად მონანულთა ეს კლასი აკლდება მხოლოდ ორ სიკეთეს: მართალთა ლიტურგიაში მონაწილეობას და ზიარებას (3).
____________________
2. აქედან მოდის სახელწოდება შევრდომილნი (γονοκλίνοντες), რომელიც ზოგჯერ განეკუთვნებოდა მონანულთა მესამე კლასს.
3. თუმცა ეს მოქმედებები ეხებიან ადამიანურ სიამაყეს, რომელიც ცოდვის წყაროა, მაგრამ ეკლესია მათით არ შემოიფარგლება დამნაშავის დასჯისა და მისი გამოსწორების საქმეში. ამ ყველაფერს მან კიდევ მიუმატა სინანულის რთული ღვაწლი, რომელსაც მონანულები უკვე სახლში ასრულებდნენ. კერძოდ, მკაცრი მარხვა, ხორცის მუდმივი დათრგუნვა, მოშურნეობითი და გულწრფელი ლოცვა, მცირე ძილი, ხანგრძლივი მღვიძარება, მძიმე ფიზიკური შრომა - სულიერი და ფიზიკური ღვაწლის ეს ფორმები ჩვეულებისამებრ სინანულის ღვაწლის საშინაო ფორმებს წარმოადგენს.
____________________
d) თანამდგომნი ეკლესიაში მორწმუნეთა გვერდით დგანან. აქედან ეწოდა ამ კლასს "συνίστασις" – "თანამდგომობა", საპირისპიროდ შევრომილობისა და მუხლმოყრისა. ამ ხარისხის მონანულთ უკვე უფლება ეძლევათ ილოცონ მორწმუნეებთან ერთად, დაესწრონ მთელ ლიტურგიას, მონაწილეობა მიიღონ ძმათა მისალმებებსა და ამბორში. მათ ასევე შეუძლიათ სადიდებელი და სამადლობელი ლოცვები იგალობონ სხვა მორწმუნეებთან ერთად, და თავი მოიდრიკონ კურთხევის მისაღებად. მხოლოდ ერთი სიკეთეღა აკლია ამ ხარისხის მონანულთ - წმიდა საიდუმლოთა ზიარება.
§ 10. მონანულის ყოფნის დრო ამა თუ იმ კლასში, ისევე როგორც განკვეთის ხანგრძლივობა, ერთნაირი არ არის ცოდვათა თვისებებისა და დაცემულთა ზნეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც შეეხება სინანულის პირველ საფეხურს, მასში ყოფნის ვადა სხვადასხვაგვარია. ბასილი დიდის კანონებიდან ვიგებთ, რომ ცოდვილთაგან ერთნი შეტირილის კლასში იმყოფებოდნენ მხოლოდ ერთი წლით (იხ. კან.: 22, 77, 80 და 83), - სხვები ორი წლით (კან.: 57, 59, 64, 66, 82), და კიდევ სხვები სამი წლით (კან. 75), ზოგიერთები სინანულში იყვნენ ოთხი წლით (კან. 56, 58). მაგრამ იყვნენ ისეთი ცოდვილებიც, რომლებიც შეტირილის ხარისხში უნდა იყონ მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში და მხოლოდ სიკვდილის წინ უნდა ეღირსოთ წმ. საიდუმლოთა ზიარება (ბას. დ. კან. 73).
ზუსტად ასევე, არაერთგვაროვანია მონანულის ყოფნის ხანგრძლივობა სინანულის მეორე ხარისხში. I-მა მსოფლიო კრებამ მათ სინანულის ვადად სამი წელი განუსაზღვრა (კან. 11, 12), ანკირიის კრებამ სამი წლით (კან. 9), ზოგჯერ - ორით (კან. 8) და ერთი წლითაც (კან. 4). წმ. ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი გადადიან სამწლიან ზღვარს და მძიმედ შემცოდეთ მსმენელობაში ყოფნისთვის განუსაზღვრავენ ხუთ, ცხრა და ათ წელსაც (იხ. მაგ.: ბას. დ. კან. 56 და გრიგ. ნოს. კან. 5).
რაც შეეხება შევრდომილთა კლასს, მამათაგან ზოგიერთი მათთვის ორჯერ მეტ დროს აწესებს პირველ ორ კლასთან შედარებით. ასე, მაგალითად, I მსოფლ. კრებამ დევნულების დროს ნებაყოფლობით დაცემულებს "მსმენელობისთვის" მხოლოდ სამი წელი განუსაზღვრა, "შევრდომისთვის" შვიდი წელი (11-ე კან.). სხვა სახის დაცემულთ იმავე კრებამ შევრდომილობისთვის ათი წელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც მსმენელობისთვის მხოლოდ სამი წელი (კან. 12).
ასე იქცეოდა ეს კრება, რადგან, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სინანულის მესამე საფეხურს, რომელიც დაკავშირებული იყო მრავალრიცხოვან რთულ ღვაწლთან და ცოდვათა აღსარებებთან. თუმცა, ეკლესიის მამათაგან ზოგიერთი არ აორმაგებს ვადას ამ კლასისთვის, არამედ უფრო ახანგრძლივებს პირველ საფეხურებთან შედარებით, ზოგჯერ კი უთანაბრებს მათ. ასე, მაგალითად, ბასილი დიდი ნებაყოფლობით მკვლელს უწესებს შვიდწლიან შევრდომას, ხოლო შეტირილისა და მსმენელობისთვის ოთხ წელიწადს (კან. 56, იხ. ასევე 57 და 64); მემრუშეს კი ის შევრდომისთვის უწესებს იმდენსავე, რამდენსაც პირველ ორ ხარისხში მყოფთ - ორ-ორი წელს (კან. 59) და ა. შ. და ბოლოს, რაც შეეხება თანამდგომთა ხარისხს, მათთვის ასევე მითითებულია განსაზღვრული ვადა, თუმცა სხვადასხვაა ყოველი ცოდვილის დანაშაულისა და სინანულის ხარისხისდა შესაბამისად.
§ 11. გამოსცეს რა კანონები ზოგადად სინანულის ვადის ხანგრძლივობისა და კონკრეტულად სინანულის თითოეულ კლასში ყოფნისთვის, ეკლესიის მამებმა არ მიანიჭეს მათ ისეთი მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იქნებოდა მათგან გადახრა, და მათი თუნდაც უმცირესი დარღვევა დანაშაულად ჩაითვლებოდა საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან. არა, - ყველა ეს კანონი არსებითაც სხვა არაფერია, თუ არა სინანულის დროის მიახლოვებითი მონიშვნა. მათი ასეთი ან სხვაგვარი გამოყენება საეკლესიო სასამართლოს გადასაწყვეტია, რომელსაც უფლება აქვს შეამციროს ან გაზარდოს მითითებულ კანონთა ვადა, და მხოლოდ არ შეუძლია, როგორც ბალსამონი ამბობს, ობობას ქსელივით დახლართოს ის, რაც სამი თოკით უნდა შეკრას საეკლესიო კანონთა შესაბამისად (იხ. ბასილი დიდის 74-ე კანონის განმარტება). ასეთი უფლებამოსილება თვით ამ კანონთა მიერ მხოლოდ საეკლესიო მოსამართლეებს ეძლევათ. ასე, მაგალითად, I-მა მსოფლიო კრებამ განსაზღვრა სინანულის დრო ლიკინიუსის დევნულების დროს დაცემულთათვის, და აღნიშნა: "ეპისკოპოსს თავის მხრივ ნება ეძლევა მათ მიმართ კიდევ უფრო რაიმე კაცთმოყვარული გადაწყვეტილება მიიღოს" (კან. 12).
ზუსტად ასევე ანკირიის კრებამ, სამწლიანი განკვეთა დაუწესა ქრისტიანთ, რომლებიც წარმართულ საკერპეებში შევლენ, მაგრამ, ეპისკოპოსებს უფლება მისცა "გამოსცადონ მათი მოქცევა და შეუმოკლონ სინანულის ვადა კაცთმოყვარეობით, ან გაუგრძელონ" (კან. 5). თანაც ამავე დროს ის ნათლად მიანიშნებს, რომ ეპისკოპოსები, ეპითიმიის დადებისას, უპირატესად ყურადღებას უნდა აქცევდნენ ცოდვილის სინანულის ხარისხს და გამოსწორების მონდომებას, ამიტომ, სინანულის დროც ამის შესაბამისად უნდა შეუფარდონ და "კაცთმოყვარეობაც შესაბამისი საწყაულით მიეგოთ" (იქვე).
ბასილი დიდმაც, რომელმაც ესოდენი დეტალურობით და განსაზღვრულობით დააწესა სინანულის დრო სხვადასხვა ცოდვილთათვის, ერთ ადგილას ნათლად განაწესა, რომ "მათი სრულიად განკურნება ბრალისაგან შეუძლია არა დროს, არამედ სინანულის სახეს" (კან. 2).
გარდა ამისა, მკაცრ, განმკვეთელ კანონთა დაწესებასთან ერთად, ეკლესიის მამები ნათლად აღნიშნავენ იმ შემთხვევებსაც, როდესაც სინანულის დრო უნდა შემოკლდეს იმისდა მიხედვით, გამოსწორდა თუ არა ცოდვილი და საკმარისად იტვირთა თუ არა სასჯელი იმ საცდურისთვის, რომელიც მან თავისი დანაშაულით ქრისტიანთა წინაშე წარმოაჩინა. ასეთ ვითარებას წარმოადგენს განკვეთილის სასიკვდილო მდგომარეობა. კანონი ასეთებს წმიდა საიდუმლოთა ზიარებასაც აძლევს, და I მსოფლიო კრება ამას პირდაპირ უწოდებს ძველ განწესებას. "მომაკვდავთა შესახებ კვლავაც იქნეს დაცული ძველი და კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც სიკვდილის წინ არავინ უნდა მოაკლდეს უკანასკნელ უაღრესად საჭირო საგზალს" (კან. 13). თუმცა, რადგან მონანულის სასჯელისგან გახსნა აღესრულებოდა აუცილებლობის გამო, ის ყოველთვის იყო შეერთებული პირობასთან - გამოჯანმრთელების შემთხვევაში გააგრძელოს თავისი სინანულის ეპითიმია დაწესებულ დრომდე. ამ პირობას აშკარად ახსენებენ I მსოფლიო კრება (კან. 13), ანკირიის კრება (მე-6 კან) და წმ. გრიგოლ ნოსელი (მე-5 კან.).
გაგრძელება იქნება.
თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2023 წ.
წყარო: Христианское чтение. 1887. № 5-6. СПБ.