სწავლანი > საეკლესიო სამართალი
მოციქულთა კანონები
1. ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებები ნათარგმნია გამოცემიდან: Правила святых апостол и святых отец с толкованиями. Москва. 1876 г.
2. კანონთა ფორმულირებები და განმარტებები სლავური Кормчая-დან ("მესაჭე") ნათარგმნია იმავე გამოცემიდან.
3. კანონთა განმარტებები ბერძნული ΠΗΔΑΛΙΟΝ-იდან ("პიდალიონი" - "მესაჭე") ნათარგმნია გამოცემიდან: Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский женский монастырь. 2019 г.
66
თუ კლირიკოსი ჩხუბში ვინმეს დაჰკრავს და ერთი დარტყმით მოკლავს, დაემხოს პატივისგან თავისი გულფიცხობის გამო; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებლობით დაისაჯოს.
(მოც. 27; ორგზ. 9; ანკვ. 22,23; ბასილი დიდი 8,54,55,56,57; გრიგოლ ნოს. 5).
განმარტებანი:
ზონარა. უფალმა ყველას მოგვცა მცნება მარჯვენა ყვრიმალში დამრტყმელს მარცხენაც მივუშვიროთ, და საპასუხოდ შური არ ვიძიოთ. ამიტომაც კლირიკოსი, რომელიც ჩხუბში ვინმეს დაარტყამს, ხოლო დარტყმის მიმღები მოკვდება, თუნდაც ეს ერთი დარტყმისგან განიცადოს, პატივისგან დაემხობა, როგორც უგუნური; ხოლო ამის ჩამდენი ერისკაცი ზიარებისგან განიკვეთოს. ჩხუბში უნდა გავიგოთ შეკამათება და არა ომი.
არისტინე. მკვლელი-კლირიკოსი დაემხობა პატივისგან; ერისკაცი კი დაისჯება უზიარებლობით.
ბალსამონი. საღმრთო სიწმიდის მსახურებს ევალებათ დაიოკონ თავიანთი მრისხანება, როგორც ეს ცხადი ხდება მოციქულთა 27-ე კანონიდან. აქ განწესება განსაზღვრავს იმ კლირიკოსის პატივისგან დამხობას, რომელიც მრისხანებით იქნება ძლეული და ვინმეს შეკამათების დროს მოკლავს. ხოლო თუ ვინმე იტყვის: არ უნდა დაემხოს პატივისგან ამდაგვარი, თუკი ნაცემი მხოლოდ ერთი დარტყმისგან გარდაიცვალა, რადგან ეს მკვლელობა, შესაძლოა, უნებლიე იყო, კანონმა დაამატა, რომ პატივი უნდა აეყაროს იმასაც, ვინც ერთი დარტყმით მოკლავს. წმიდა ბასილი დიდის სხვადასხვა კანონები პატივისგან ამხობენ კლირიკოსს, რომელიც ვინმე მოკლავს როგორი სახითაც გინდ იყოს. წაიკითხე ასევე ბასილიკონის 60-ე წიგნი, ტიტული 39-ე, თავი 1-ლი, გვერდი მე-3 და მე-5 თავი, მე-2 გტვერდი; ასევე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტულის 26-ე თავი: იქ მოტანილია მითითებული კანონები. წაიკითხე ასევე წმიდა ბასილი დიდის მე-8, 11-ე, 43-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე კანონები, - და მათში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმას, რაც შეეხება სულს; რადგან სულიერი წყლულები უფრო საჭიროებენსაეკლესიო მკურნალობას, ვიდრე სამოქალაქოს.
სხვა განმარტებანი
პიდალიონი: თუ კლირიკოსი ჩხუბში ვინმეს დაჰკრავს და ერთი დარტყმით მოკლავს, დაემხოს პატივისგან თავისი გულფიცხობის გამო; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებლობით დაისაჯოს.
(VI მსოფლ. 91; ანკირ. 21–23; ათანასე დიდი, 1-ლი ეპისტოლე; ბასილი დიდი 2, 8, 13, 33, 43, 52, 54, 56, 57; გრიგოლ ნოსელი 5).
განმარტება:
თავიანთ 27-ე კანონში საღმრთო მოციქულები პატივისგან დაამხობენ კლირიკოსს, რომელიც სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს, ან ურწმუნოს, რომლებიც უსამართლოდ მოიქცნენ, როგორც ეს იმ კანონის განმარტებაში ვთქვით. ხოლო წინამდებარე კანონში მოციქულები განსაზღვრავენ, - თუ კლირიკოსი ჩხუბის ან კამათის დროს ვინმეს ერთხელ ხელს დაარტყამს და ამ ერთი დარტყმის დროს მოკლავს, პატივისგან უნდა დაემხოს (1) არა იმიტომ, რომ მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა მოკვლის განზრახვის გარეშე, არამედ იმისთვის, რომ იძლია მრისხანების მიერ და გამოავლინა გულფიცხობა და კადნიერება, რის გამოც ხელი აწია და დაარტყა, რაც კლირიკოსისთვის დაუშვებელია (არაფერი რომ არ ვთქვათ მკვლელობის უდიდეს მომაკვდინებელ ცოდვაზე, რომელიც მან აღასრულა). თუკი ასეთ მკვლელობას ჩაიდენს ერისკაცი, ზიარებისგან და მართალთა საკრებულოსგან უნდა განიკვეთოს.
შეთანხმება:
შენიშნე, რომ ბასილი დიდის მე-8 კანონის თანახმად, ერთი საქმეა - არა წინასწარგანზრახული მკვლელობა და სხვა - წინასწარგანზრახული, მესამე კიდევ - მკვლელობა, რომელიც დგას არა წინასწარგანზრახულსა და წინასწარგანზრახულს შორის, უმჯობესია ვთქვათ, რომელიც უახლოვდება წინასწარგანზრახულს. არა წინასწარგანზრახული მკვლელობა მაშინ ხდება, როდესაც ვინმე ისვრის ქვას, რათა მოერტყა ხისთვის ან ძაღლისთვის, და შემთხვევით ადამიანს მოარტყამს. წინასწარგანზრახული კი - როდესაც ადამიანი აიღებს დანას ან იარაღს, რათა ვინმე მოკლას: ასეთ ნებაყოფლობით მკვლელებს ეკუთვნიან ქურდები და ისინი, ვინც ომში მიდის.
გრიგოლ ნოსელის მე-5 კანონის მიხედვით წინასწარგანზრახული მკვლელობა - ეს ისეთი მკვლელობაა, რომელიც აღსრულდება წინასწარ მომზადებითა და მოფიქრებით. წინასწარგანზრახულ მკვლელობას მიახლოვებული კი ის მკვლელობაა (ბასილი დიდის განმარტებით), როდესაც ვინმე ჩხუბში უმოწყალოდ სცემს ვინმეს და ჯოხს ან ხელს დაარტყამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებში. ხოლო გრიგოლ ნოსელი ზემოთხსენებულ კანონში ასეთ მკვლელობასაც წინასწარგანზრახულად მიიჩნევს (2).
სწორედ ასეთი სახეობის მკვლელობას ეკუთვნის ის მკვლელობა, რომელსაც განიხლავს მოციქულთა წინამდებარე კანონი, - წინასწარგანზრახულს, წმიდა გრიგოლ ნოსელის მიხედვით, ან მიახლოვებულს წინასწარგანზრახულთან, ბასილი დიდის მიხედვით, - რადგან მკვლელმა, სრულიად გონებადაბინდული იყო რა მრსიხანებით, იარაღი გამოიყენა დარტყმის მისაყენებლად და უმოწყალოდ დაარტყა ადამიანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას.
მოკლედ რომ ვთქვათ, მკვლელობა, ფოტის "ნომოკანონის" მიხედვით (ტიტ. 9, თ. 26), უნდა შეფასდეს მკვლელის განწყობისა და განზრახვის შესაბამისად: ჰქონდა თუ არა მას განზრახული მკვლელობა; ხოლო განწყობა, თავის მხრივ, უნდა ფასდებოდეს იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იარაღი იყო გამოყენებული მკვლელობისას. ამიტომაც მრავალ შემთხვევაში იმას, ვინც დაარტყა, მაგრამ არ მოკლა, სჯიან მკვლელივით, რადგან მას მოკვლის განზრახვა ჰქონდა. და პირიქით, იმას, ვინც მოკლა, არ სჯიან, როგორც მკვლელს, თუკი მას მხოლოდ ხელის დარტყმა ჰქონდა განზრახული, და არა მოკვლა.
ამრიგად, განსხვავება ნებაყოფლობით და უნებლიე მკვლელობებს შორის დგინდება ორი ნიშნით: დამრტყმელის განწყობისა და გამოყენებული იარაღის მიხედვით (3).
წინასწარმზრახველ მკვლელებს მიეკუთვნებიან ასევე ის ქალები, რომლებიც ორსულ დედაკაცებს აძლევენ მცენარეულ წამლებს, რათა მოაკვდინონ ნაყოფი მათ მუცელში, ასევე ისინიც, ვინც იღებენ ამ მცენარეულ წამლებს, როგორც განსაზღვრავენ ამას VI მსოფლიო კრება თავის 91-ე კანონში, ანკირიის კრება 21-ეში, ბასილი დიდი მე-2 და მე-8 კანონებში. თუმცა ანკირიის 21-ე და ბასილი დიდის მე-2 კანონები მათ უფრო შემწყნარებლურად სჯიან: არა სიცოცხლის ბოლომდე, არამედ ათი წლით.
წინასწარმზრახველ მკვლელებს მიეკუთვნებიან ის ქალებიც, რომლებიც ვინმეს აძლევენ შინაურ, მცენარეულ წამალს იმ მიზნით, რათა თავიანთი სატანური სიყვარულით დაატყვევონ, რადგან ეს მცენარეული წამლები მიმღებში იწვევს გონების დაბნელებას, ხშირად კი სიკვდილსაც, როგორც ამას აჩვენებს ბასილი დიდი ზემოთხსენებულ მე-8 კანონში.
ქალი, რომელიც უგულებელყოფს თავის შვილს იმდენად, რომ ის მოკვდება, მკვლელად ჩაითვლება ბასილი დიდის 33-ე და 52-ე კანონების მიხედვით. იოანე მმარხველი 26-ე კანონში ამბობს, რომ ვინც თავიანთ ჩვილებს ეკლესიის კარებთან ტოვებენ მკვლელებად მიიჩნევიან. არმენოპოლი (კანონთა მოკლე გადმოცემა, განყოფილება მე-6) ამატებს, რომ იგივეა განსაზღვრული კრებითი დადგენილებით. ხოლო იოანე მმარხველი 23-ე კანონში ამბობს, რომ დედა, რომელსაც თავის შვილზე დაეძინება და დაახრჩობს, მკვლელად ჩაითვლება, თუნდაც ეს მისი დაუდევრობის ან შეუკავებლობის გამო მოხდეს.
ბასილი დიდი 43-ე კანონში ამბობს, რომ ვინც მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა თავის ძმას - მკვლელია, და არა აქვს მნიშვნელობა პირველად მან დაარტყა თუ მისმა ძმამ.
უნებლიე მკვლელობისთვის ანკირიის კრების 23-ე კანონი სჯის 7 ან 5 წლით, ხოლო ბასილი დიდი 57-ე კანონში - 11 წლით (4). კანონში ეს უკანასკნელი ასევე ამბობს, რომ არა წინასწარგანზრახული მკვლელობის სასჯელად საკმარისია ის წლებიც, რომელიც ადამიანმა უზიარებლობაში გაატარა. გრიგოლ ნოსელი თავი მე-5 კანონში უზიარებლობის სჯის 9 წლის განმავლობაში, ხოლო იოანე მმარხველი თავის 20-ე კანონში - 3 წლით.
წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის ანკირიის კრება თავის 22-ე კანონში მკვლელს ზიარებისგან განაშორებს მთელი ცხოვრების განმავლობაში; ხოლო ბასილი დიდი 56-ე კანონში 20 წლით, გრიგოლ ნოსელი მე-5 კანონში - 27 წლით, იოანე მმარხველი კი 20-ე კანონში - 5 წლით. ის კლირიკოსები, რომლებიც სცემენ და მოკლავენ მათზე თავდამსხმელ ავაზაკებს, ბასილი დიდის 55-ე კანონის თანახმად დაემხობიან თავიანთი პატივისგან.
გრიგოლ ნოსელიც თავის მე-5 კანონში ამბობს, რომ თუკი ვინმემ არა წინასწარგანზრახვითაც რომ მოკლას ადამიანი - ის მღვდლობის მადლის უღირსად უნდა ჩაითვალოს. და საერთოდ, ყველა ის კლირიკოსი, რომლებიც კლავენ, წინასწარგანზრახვით იქნება ეს თუ წინასწარგანზრახვის გარეშე, თავიანთი ხელით იქნება ეს თუ სხვებს მოუწოდებენ მოსაკლავად, პატრიარქ კონსტანტინე ხლიარინოსის განსაზღვრების შესაბამისად დაემხობიან პატივისგან (5).
ვინც ომში წავა და მტრებს ღვთისმოშიშების, უბიწოებისა და თავის ძმათა საზოგადო მშვიდობის გამო მოკლავს, ათანასე დიდის თანახმად (ეპისტოლე ამონ მონაზვნისადმი), ქების ღირსნი არიან (Athanas. Alex. Ad Amun. // PG 26, 1173B), ხოლო ბასილი დიდი თავის 13-ე კანონში სამი წლით განაკანონებს მათ ზიარებისგან, რადგან მათი ხელები სისხლშია მოთხვრილი. ამ მოჩვენებითი წინააღმდეგობის გადაწყვეტა იხილე ბასილი დიდის 13-ე კანონის შენიშვნებში (6).
შენიშვნები:
1. შენიშნე, რომ მას თუმც მხოლოდ პატივს ჰყრიან და არ განკვეთენ მართალთა ლოცვიდან ეკლესიაში, მაინც არ ეძლევა უფლება მართლებთან ერთად მიიღოს ზიარება იმდენი ხნით, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის მღვდელმთავარი ან სულიერი მოძღვარი, როგორც ეს ვთქვით მოციქულთა 25-ე კანონის განმარტებაში.
2. ფოტის "ნომოკანონის" მიხედვით (ტიტლ. 9, თ. 25), მკვლელობაში დამნაშავეა მეწამლეც, რათა მოაკვდინოს ადამიანი, წამლის გამყიდველიც და წამლის თავისთან შემნახველიც, რადგან არანაირი განსხვავება არ არის მკვლელი იქნება ადამიანი თუ მკვლელობისკენ წამქეზებელი.
მეწამლეობით მკვლელობა უფრო მძიმეც კია, ვიდრე მახვილით. შედეგად, ორივე მკვლელი უნდა დაექვემდებაროს ერთნაირ სასჯელს, "ბასილიკონის" 60-ე წიგნის (თ. 12, 36-ე და 39-ე ტიტლ.). პატრიარქ ფოტის თანახმად, მკვლელობაში ბრალდებული იქნება ისიც, ვინც გაუფრთხილებლად მისცემს ვინმეს წამალს (თ. 25, ტიტლ. 9).
თუკი ადამიანის ცემაში მონაწილეობდნენ ბევრნი, მაგრამ ცნობილი იქნება, მათგან ვინ მოკლა ადამიანი, ყველა მათგანი "ბასილიკონის" 60-ე წიგნის მიხედვით (ტიტლ. 56) მკვლელის ბრალდებით უნდა გასამართლდნენ. მკვლელობის ჩამდენს უნდა ჩამოერთვას ქონება, ცოლის მზითევი, საქორწილო საჩუქრები და წილი, რომელიც მისი შვილების მემკვიდრეობას წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი ქონება უნდა გაიყოს სამნაწილად: ორი ნაწილი მისცენ მოკლულის ცოლსა და შვილებს, ხოლო ერთი დაიტოვოს (არმენოპოლი, წიგნი მე-6, თ. მე-6).
"მოციქულთა დადგენილებების" თანახმად (წიგნი მე-7, თ. მე-2), ხელმძღვანელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მკვლელობისთვის, რომელიც მან კანონიერად და სამართლიანად ჩაიდინა (PG 1, 997D). მიაქციე ყურადღება, რომ მკვლელივით განიკითხავენ იმ ადამიანსაც, რომელიც ჭირის დროს, იცის რომ სნეულია, დადის სახლებში და ქალაქებში, ასნებოვნებს სხვებსაც და მრავალთა სიკვდილის მიზეზი ხდება.
3. უსარგებლოდ და ამაოდ როდია გათვალისწინებული დამრტყმელის მიერ გამოყენებულ იარაღთან ერთად მისი განწყობა, რადგან, ღვთაებრივი ბასილის მიერ (სამოღვაწეო განაწესი. თ. 13), მკვლელებიც და ექიმებიც სარგებლობენ დანით, მაგრამ სხვადასხვა აქვთ განწყობა და მიზანი: მკვლელები დანებს ადამიანთა მოსაკლავად იყენებენ, ხოლოდ ექიმები - სამკურნალოდ (PG 31, 1376C).
4. ბასილი დიდი თავის 57-ე კანონში უნებლიე მკვლელს სჯის არა 11, არამედ 10 წლით.
5. ამ პატრიარქოს დროს კრებითად გადაწყდა და დაწესდა, რომ ის, ვისაც შესაძლებლობა აქვს გაიქცეს და თავი გადაირჩინოს ავაზაკთა თავდასხმისგან, მაგრამ არ გაიქცევა, დარჩება და წინასწარგანზრახვით მოკლავს ავაზაკს, დაისჯება როგორც მკვლელი, ეპითიმია კი სამ წელზე მეტით განესაზღვრება. ხოლო ის, ვინც გაძლიერებული მონდომებით დაიწყებს ავაზაკის ძიებას, იპოვის მას და მოკლავს საზოგადო სარგებლობისთვის, დაჯილდოვდეს. მაგრამ უდიდესი უსაფრთხოებისთვის უფრო გონივრულად მიიჩნიეს, რომ ასეთიც ეპითიმიას დაუქვემდებარონ სამი წლით. ბალსამონი კი ამატებს, რომ უნახავს მღვდელი, რომელიც პატივისგან დამხობილი იყო შემდეგი მიზეზით: ერთხელ ამ მღვდელს საკუთარი წიგნის გამო კამათი ჰქონია სხვა მღვდელთან, რომელსაც წიგნის წართმევის დროს კრუნჩხვა დაეწყო და მოკვდა. უნახავს ასევე ერთი მღვდელმონაზონი, რომელსაც პატივი აჰყარეს იმის გამო, რომ შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ბერს, რომელმაც ეს ვერ აიტანა, მძიმედ ამოიოხრა და კვნესით აღმოხდა სული. უნახავს ასევე მღვდელმთავარი, რომელიც განკვეთეს მღვდელმთავრობისგან იმის გამო, რომ ომის დროს მოკლა აგარიანელი, რომელმაც მასზე ხმალი ასწია.
6. ნუთუ საჭურველთმტვირთველი და ჯალათი, რომელიც მმართველის მახვილს ატარებს, მოციქულის თქმით, "ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ ... რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ" (რომ. 13:4), - და, ვამბობ, უნდა ისჯებოდეს თუ არა ეპითიმიით? ოქროპირის თანახმადაც ხომ მკვლელია არა ის, ვისაც განაჩენი გამოაქვს და ვინც სიკვდილს უსჯის დამნაშავეს, არამედ მკვლელია თავად მისჯილის დანაშაული (მე-7 ჰომილია კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეზე) (Ioan. Chrysost. Hom. in Ер. II ad Cor. 7. 1 // PG 61, 442); დიახ, მან სასჯელი უნდა იტვირთოს ორი მიზეზით: ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ ის მკვლელობისა და ბოროტმოქმედების შემძლე აღმოჩნდა, როგორც ერთგვარი ბოროტი ძალა და ჭურჭელი, რომელიც ემსახურება არა პატივს, არამედ უპატივობას (იხ. 2 ტიმ. 2:20); ემსახურება არა იმას, რაც ღმრთის კეთილნებელობითა და ღვთივსათნოებით ხდება, და როგორც ბასილი დიდი ამბობს, რომლისადმი ჩვენც ქედს უნდა ვიდრეკდეთ მისი სახიერების მიმბაძველნი (იხ. მოკლე განწესებანი, კანონი 276), არამედ იმას, რაც ღმრთის დაშვებით ხდება. იმავე ბასილის თანახმად (იქვე), ღმერთს არ სურს, რათა ჩვენ ამის ხელშემწყობნი ვიყოთ (PG 31, 1273C–1276A.), ვდევნოთ ის, ვისაც გვემს ღმერთი და მის გვემილთა სატკივარს ამრავლებენ (იხ. ფსალმ. 68:27). თუმცა ღმერთი იმათაც იყენებს, ვინც საკუთარი ნებით გახდნენ ბოროტნი, - ან დემონებს ან ადამიანებს, - როგორც იარაღს ცოდვილთა შესაგონებლად, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ, ოღონდ ღმერთი მაინც უგულებელყოფს მათ და ზურგს აქცევს ბრძენი სინეზიუსის თანახმად, რადგან ისინი ზიანს აყენებენ სხვებს, მტრობენ და ანადგურებენ ღმრთის ქმნილებებს (Synes. Ptolem. Ep. 57 // PG 66, 1384ACD–1385A).
მეორეც, ჯალათს და საჭურველთმტვირთველს ან დემონს, რომლებიც სჯიან ადამიანებს, არა აქვთ იმისი აზრი, რომ იმით, ადამიანებს რომ კლავენ, ღმერთს ემსახურებიან, არამედ, გააჩნიათ რა ბოროტი ნებელობა, იმავე სინეზიუსის თქმით, ხარობენ სხვათა უბედურებებისა და სისხლისღვრის გამო.
და ბოლოს, ჯალათი ვერ გაექცევა სასჯელს იმის გამო, რომ მოკლა ისინი, ვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რადგან მსგავსადვე შეიძლება იუდაც გამართლდეს. რადგან საყოველთაო ცხონებისთვის ქრისტეს ჯვარცმა აუცილებელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაი მას, ვისი მიზეზითაც ის ჯვარს აცვეს (Synes. Ptolem. Ер. 57 // PG 66, 1385А). თუკი ოქროპირი ამბობს (გალატელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტება. თ. მე-5), რომ არავის სძულს იარაღი და ზურგს არ აქცევენ მას, არამედ სძულთ და ზურგს აქცევენ იმას, ვინც ამ იარაღს იყენებს (Ioan. Chrysost. Hom. in Gal. 5. 5 // PG 61, 671.), ამას ის ამბობს უსულო იარაღთა, და არა ცოცხალ და გონიერ ქმნილებათა მიმართ, როგორიცაა საჭურველთმტვირთველი. ამრიგად, აქედან ჩანს, რომ სასჯელთა აღმასრულებლებსა და ჯალათებსაც უნდა დაედოთ ეპითიმიები.
დაუსჯელად არ უნდა დარჩნენ ისინიც, ვინც ჯალათებთან ერთად დადიან სასჯელთა საყურებლად, რადგან ამით ავლენენ სისატიკეს, სურთ უყურონ ადამიანთა მოკვდინებას და სისხლისღვრას, თუმცა საკმარისია მარტო წარმოიდგინო ეს სანახაობა, რომ შეძრწუნდე.
67
თუ ვინმე თავისთან აცხოვრებს დაუწინდავ ქალწულს, იმის შემდეგ რაც ძალადობა იხმარა მასზე, ზიარებიდან განყენებულ იქნას. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ ჰყავდეს ის, ვინც ირჩია, თუნდაც იგი გლახაკი აღმოჩნდეს.
IV მსოფლ. 27; ტრულ. 92, 98; ანკირ. 11; ბას. დ. 22, 25, 26, 30, 69
განმარტებანი:
ზონარა. ვინც ძალადობით გახრწნის ქალწულს, თუ ის ვინმეზე დაწინდული იყო, დაისჯება, როგორც მემრუშე; ხოლო თუკი - დაუწინდავზე, მაშინ კანონი განაწესებს, რათა დარჩეს მას და არ განიშოროს, თუნდაც გლახაკი აღმოჩნდეს და შეუფერებელი იყოს მისთვის. სამოქალაქო კანონები კი სხვაგვარად სჯიან.
არისტინე. ვინც ძალადობა იხმარა ქალწულზე განიკვეთება ზიარებისგან და უნდა ჰყავდეს ის, თუნდაც გლახაკი იყოს. ვინც ძალადობას იხმარს დაწინდულ ქალწულზე მისი გამხრწნელი უზიარებელი უნდა იყოს და სხვისი ცოლად შერთვის უფლება არ უნდა მიეცეს, არამედ დაიტოვოს ის, ვინც ირჩია, თუნდაც გლახაკი იყოს. ხოლო მე-8 სტატიით, რომელიც მოთავსებულია ბასილიკონის 60-ე წიგნის 37-ე ტიტულის 81-ე თავში ამგვარს ცხვირი უნდა მოეჭრას, ხოლო მისი ქონების მესამედი ნაწილი მისგან გაუპატიურებულ და გახრწნილ ქალწულს უნდა გადაეცეს.
ბალსამონი. წინამდებარე კანონი ამბობს, რომ თუ ვინმე ძალადობას იხმარს დაუწინდავ ქალწულზე ზიარებისგან უნდა განიკვეთოს, და ასევე იძულებულს ხდის იცხოვროს მასთან, თუნდაც გლახაკი, და მისი მოდგმისთვისაც შეუფერებელი იყოს; მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ ჰყავდეს ის, ვინც ირჩია.
ეს არის დაწესებული წინამდებარე კანონის მიერ; რადგან ვიცნ ძალადობას იხმარს დაწინდულზე ის დაისჯება, როგორც მემრუშე. იხილე ასევე VI მსოფლიო კრების 93-ე კანონი. ხოლო იმის შესახებ, რომ მოძალადეს უნდა დარჩეს მის მიერ გაუპატიურებული ქალი, თუნდაც ის გლახაკი იყოს, - და არ უნდა დაქორწინდეს სხვაზე, - გამოკვლეულ უნდა იქნას. რადგან, რატომ არის ნებადართული, რათა მოძალადემ, ამის შემდეგაც ცოლად დაიტოვოს მის მიერ გაუპატიურებული ქალი, და არ დაქორწინდეს სხვაზე, თუკი კანონი (ბასილიკონის 60-ე წიგნის, 37-ე ტიტლოსის, 81-ე თავი) ამბობს: "ქალწულზე მოძალადეს და მის გამხრწნელს ცხვირი უნდა მოეჭრას, ხოლო მისი ქონების მესამედი გაუპატიურებულ ქალს გადაეცეს"? როგორც ჩანს, წინამდებარე კანონს ბასილიკონის 60-ე წიგნის 37-ე ტიტლოსის მიხედვით გულისხმაყოფენ, რომელშიც განსაზღვრულია, რომ ის, ვინც ხარჭად დაისვამს პატიოსან ქალს, იძულებული იყოს დაქორწინდეს მასზე, ხოლო მოძალადეს ზიარებისგან განკვეთენ, ქალწულის გადასარჩენად კი კანონი მას (მოძალადეს) კანონიერ შეუღლებას ავალდებულებს.
წაიკითხე ასევე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტლოსის 30-ე თავი და მასში ნათქვამი, ასევე ბასილიკონი, წიგნი 60-ე, ტიტლოსი 58-ე, თავი მე-3, რომელშიც ნათქვამია: ნუ შეეუღლება მოტაცებული მომტაცებელს; მაგრამ თუ ასეთ თანაცხოვრებას მისი მშობლები დათანხმდებიან, გადასახლებას უნდა დაექვემდებარონ. ნუ იფიქრებ, რომ აქ წინააღმდეგობაა; რადგან სხვაგვარად ისჯება ქალის მომტაცებელი, და სხვაგვარად ძალადობით ქალის გამხრწნელი. მოტაცება მომტაცებლის უსირცხვობის გამო მიუტევებელია; ხოლო გახრწნა (გაუპატიურება), რომელიც ძალადობით აღსრულდა, თუ დაშვებულ იქნა გახრწნას დაქვემდებარებულის მიერ, მიტევებადია. ქალწულთან სქესობრივი კავშირის დამყარება მისივე სურვილით, სხვაგვარად ისჯება; რადგან კანონი ბასილიკონის 60-ე წიგნის, 37-ე ტიტლოსის 80-ე თავში ამბობს: "ვინც სქესობრივ კავშირს დაამყარებს ქალწულთან მისივე თანხმობით, მაგრამ ქალწულის მშობლებისგან ფარულად, საქმის გამოააშკარავებისას, თუ მის ცოლად შერთვას მშობლებიც დაეთანხმებიან, ცოლ-ქმრული კავშირი შეიძლება შედგეს. ხოლო თუ მშობელთა ერთი მხარე, ანუ როგორც ერთი, ასევე მეორე პიროვნების მშობელი არ ისურვებს, და თუკი გახრწნის მოქმედი შეძლებულია, მაშინ მან გახრწნილ ქალწულს უნდა მისცეს ერთი ლიტრი ოქრო; ხოლო თუ შეძლებული არ არის, მაშინ თავისი ქონების ნახევარი; თუკი ის სრულიად ღარიბია, მაშინ, ხორციელი დასჯის და თმების შეკვეცის შემდეგ, გადასახლებაში უნდა გააგზავნონ".
სხვა განმარტებანი
პიდალიონი: თუ ვინმე თავისთან აცხოვრებს დაუწინდავ ქალწულს, იმის შემდეგ რაც ძალადობა იხმარა მასზე, ზიარებიდან განყენებულ იქნას. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ ჰყავდეს ის, ვინც ირჩია, თუნდაც იგი გლახაკი აღმოჩნდეს
ბასილი დიდი 22, 23, 25, 26.
განმარტება:
წინამდებარე კანონი განსაზღვრავს: ვინც ძალადობით და საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით გააუპატიურებს სხვასთან დაუწინდველ ქალწულს, და სახლში დაიტოვებს მას, დაე განიკვეთოს ზიარებისგან ძალადობრივი გახრწნისთვის, და მას არა აქვს უფლება ცოლად შეირთოს სხვა, არამედ მხოლოდ ის, ვინც ირჩია, თუნდაც მდაბიური წარმოშობისა იყოს და ღარიბიც.
შეთანხმება:
ბასილი დიდი, თავის 22-ე და 25-ე კანონებში განიხილავს რა წინამდებარე კანონის თემას, განსაზღვრავს: გამხრწნელმა ცოლად უნდა შეირთოს მის მიერ გაუპატიურებული, მაგრამ ამასთან მასვე დაეკისრება მემრუშის ეპითიმია, ანუ ოთხი წელი არ ეზიარება. 26-ე კანონში ის ამბობს, რომ ისინი, რომლებიც თავიდან სიძვაში ჩავარდნენ, შემდეგ კი დაქორწინდნენ, უმჯობესია გაეყარონ ერთურთს, ხოლო თუკი მათ არანაირად არ სურთ გაყრა, ერთად დარჩნენ (1).
მაგრამ უნდა განვიხილოთ ისიც, თუ რას ამბობს ღმერთი ამასთან დაკავშირებით მეორე რჯულის 22-ე თავში: "სასიკვდილო დანაშაული არ აწევს ყმაწვილ ქალს, რადგან ეს იმგვარი საქმეა, გინდა კაცი დასხმოდეს თავის მოყვასს და მოეკლას. რადგან თუმც ყვიროდა ყმაწვილი ქალი, არავინ იყო მისი მშველელი" (მეორე რჯლ. 22:26-27). ხოლო თუ ქალს თავს დაესხმებიან არა უდაბურ ადგილას და არ იყვირებს, მაშასადამე, ის გააუპატიურეს მისივე თანხმობით (იხ. ასევე გრიგოლ საკვირველთმოქმედის მე-2 კანონის მე-2 შენიშვნა).
ხოლო თუ მოძალადეს ჰყავს მშობლები (ან ის დაქორწინებულია) და მის მიერ გაუპატიურებულ გოგონასაც ჰყავს მშობლები და ისინი (ან ერთნი და მეორენი) თანხმობას არ იძლევიან ქორწინებაზე, მაშინ, ბასილი დიდის 22-ე კანონის მიხედვით, მათი იძულება არ შეიძლება. სამოქალაქო კანონის მიხედვით (არმენოპოლი, წიგნი 6, ტიტლ. 3), თუ მოძალადე მდიდარია, მან მის მიერ გაუპატიურებულ ქალწულს უნდა მისცეს ერთი ლიტრი ოქრო (2), ხოლო თუ ღარიბია - თავისი ქონების ნახევარი; მაგრამ თუ სრულიად ღატაკია, მაშინ ჯოხით უნდა სცემონ, გაკრიჭონ და გადაასახლონ. თუ ვინმე გახრწნის არასრულწლოვან გოგონას, ანუ ისეთს, რომელსაც ჯერაც 13 წელი არ შესრულებია, მაშინ მას (მოძალადეს) ცხვირი უნდა მოაჭრან და ხოლო გახრწნილ (გაუპატიურებულ) გოგონას მოძალადის ქონების ნახევარი გადასცენ (იქვე).
შენიშვნები:
1. გაურკვევლობას იწვევს: რატომ რთავენ ნებას, როგორც წინამდებარე მოციქულთა კანონი, ასევე ბასილი დიდის 22-ე და 25-ე კანონები მოძალადეებს ცოლად შეირთონ მათ მიერ გაუპატიურებულნი, ხოლო 26-ე კანონში იგივე ბასილი ამბობს, რომ სიძვის მოქმედების შემდეგ დაქორწინებულნი ერთმანეთს უნდა გაეყარონ? ამ გაუგებრობის გადაწყვეტისას, ბალსამონი ამბობს, რომ ბასილი დიდს პირველ კანონებში მხედველობაში ჰყავს გაუპატიურებული გოგონა, რომელიც, თუკი ცოლად არ გაჰყვება თავის გამხრწნელს, სახელგატეხილი და სიბრალულის ღირსი გახდება, რადგან სხვა არავინ შეირთავს მას იმის გამო, რომ ქალწულობა წაართვეს.
ხოლო 26-ე კანონში ბასილი გულისხმობს მეძავს, რომელიც თავიდან ვიღაცამ გახრწნა, შემდეგ კი ის სიძვას სხვასთანაც მიეცა: ასეთი, თუკი ცოლად არ გაჰყვება მასთან მსიძავს ზიანს ვერ მიიღებს და ისე არ იქნება დაჩაგრული, როგორც ზემოთხსენებული ქალწული. ამიტომაც უმჯობესია ამგვარნი ერთმანეთს გაეყარონ. მაგრამ რადგან ზონარა მსგავსს არაფერს ამბობს, ხოლო ბასილი დიდი 22-ე კანონში სიძვას ქალწულის გახრწნასაც უწოდებს, ბალსამონის აზრს არ ვიწონებთ, როგორც საღ აზრთან და ბასილის მიზანთან შეუსაბამოს.
ამრიგად, ამ გაუგებრობის გადასაწყვეტად, ჩვენ ვამბობთ, რომ იმის შემდეგ, რაც ბასილი დიდმა 22-ე და 25-ე კანონებში ილაპარაკა დაქორწინებულებზე, რომელსაც წინ გახრწნა უძღოდა, საბოლოოდ 26-ე კანონში თავის აზრს გამოთქვამს საერთოდ ყველაზე, ვინც ერთმანეთს სიძვის შემდეგ შეეუღლა, იქნება ეს გაუხრწნელი ქალწული თუ დედაკაცი, რომელიც ადრე სხვამ გახრწნა: სიძვა - არ არის ქორიწნება, და არც ქორწინების დასაწყისი. ამიტომაც თუკი შესაძლებელია იმათი გაყრა, ვინც ამგვარი სახით, ქორწინებამდე, სიძვას მიეცა, უმჯობესია. მაგრამ რატომ არის უმჯობესი ამგვართა გაყრა?
ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ, მოციქულის თქმით "პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ" (ებრ. 13:4), ხოლო ისეთი ქორწინება, რომელიც სიძვის მიზეზით არის გამოწვეული, შესაბამისად, საერთოდ არ შეიძლება იწოდოს ქორწინებად, და ასეთი საწოლი ვერ იქნება პატიოსანი, არამედ ბილწი და უწმინდური. რადგან ღმერთს ამგვარნი არ შეუერთებია, არამედ წერილ არს: "ღმერთმა შეაუღლა" (იხ. მთ. 19:6); ასე რომ, ეს არ არის ღმრთის სიტყვა და კურთხევა, რომელიც მღვდლის მიერ აღსრულდება, არამედ თავშეუკავებლობა და გარყვნილება. მაშ, როგორ იქნებიან ამგვარნი ღირსეულნი ჯვრისწერის დროს საკუთარ თავებზე დაიდგან გვირგვინები, რომლებიც წარმოადგენენ სიამტკბილობაზე გვირგვინმოსილთა გამარჯვების სიმბოლოს, და ოქროპირის თქმით ნიშანს მათი უძლეველობისა (მე-9 ჰომილია, ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეზე) (Ioan. Chrysost. Hom. in Ер. I ad Tim. 9. 2 // PG 62, 546)?
პირიქით, სიამტკბილობითა და თავშეუკავებლობით ძლეულნი, ისინი დაცემულნი არიან! ან როგორ გახდებიან ტაძარში საღმრთო საიდუმლოთა ზიარების ღირსნი ისინი, ვინც დასჯილნი არიან ეპითიმიებით სიძვისთვის და როგორ მიიღებენ ქორწინების კურთხევას წესისამებრ, რომელიც ჩვენს წმიდა ეკლესიაში დაწესდა?
მეორეც, თუკი ასეთებს არ გავყრით, მაშინ ყველა გარყვნილისა და თავშეუკავებელისთვის წარწყმედის კარები გაიღება: შესაძლებელი გახდება ქალებთან სქესობრივი კავშირის დამყარება, შემდეგ კი მათზე დაქორწინება. ამის გამო მრავალი წინასწარგანზრახულად წაართმევს ქალწულთ პატიოსნებას, რათა მომხდარის შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდეს მასზე დაქორწინებისა, თუნდაც ეს მშობლებს არ სურდეთ; და პირიქით, თუკი ამგვართ გავყრით, მაშინ ეს ლაგამს ამოსდებს თავშეუკავებლობას, განსაკუთრებით ქალებს, რათა მათ ნება არ მისცენ მამაკაცებს გახრწნან ისინი ქორწინებამდე, რადგან შეგნებული ექნებათ, რომ, თუ ასე მოხდება, ისინი არა თუ ცოლად ვერ გაჰყვებიან მათ გამხრწნელებს, არამედ მთელი ცხოვრება სახელგატეხილნი დარჩებიან, მათი მონაპოვარი კი მხოლოდ ცოდვა და სასჯელი გახდება.
ამრიგად, ამ მიზეზთა გამო უმჯობესია და უფრო სწორია, სიძვის შემდეგ დაქორწინების მსურველნი არა თუ საერთოდ, თავიდანვე, არ ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე და ჯვარს არ იწერდნენ, არამედ გაიყარონ კიდეც იმ შემთხვევაში, თუკი უკვე დაქორწინდნენ და ჯვარი დაიწერეს. ასეთია გაყრის აზრი, რომლის შესახებას მსჯელობს წმ. ბასილი.
ამის შემდეგ, აკეთებს რა დათმობას და იჩენს რა სიბრალულს, ის ამატებს, რომ თუკი სიძვის შემდეგ ჯვარდაწერილნი შეუდრეკელნი არიან თავიანთ სურვილში ერთად ყოფნისა და არანაირად არ სურთ განქორწინება, დაისაჯონ სიძვის ეპითიმიით, თუმცა დარჩნენ ერთად, რათა რაიმე უარესი არ მოხდეს, ანუ თავი არ მოიკლან, რადგან არ ძალუძთ დაძლიონ ერთმანეთისკენ ლტოლვა, ან კიდევ გაყრის შემდეგ საიდუმლოდ არ მიეცნენ სიძვას და მრუშობას, როგორც ამას განმარტავს ზონარა.
შედეგად, მოციქულთა წინამდებარე კანონი უშვებს იმავე დათმობასა და შეწყნარებას, ერთდროულად აქვს რა მიზნად ბოროტების შემცირება. შეწყნარება დაკავშირებულია იმასთან, რათა არ მოხდეს რაიმე უარესი და პატივაყრილმა გოგონამ, - რომელსაც სურვილი ექნება ცოლად გაჰყვეს მას, ვინც დააკარგინა ქალწულობა, მაგრამ მიტოვებულ იქნა მისგან, - შერცხვენისა და გალანძღვის გამო თავი არ მოიკლას, როგორც ეს მრავალ ადამიანს შეემთხვა. ამასთან გოგონა გაუპატიურებულ იქნა ძალადობით, და არა საკუთარი ნებით, რაც მისთვის აუტანელი ჩანს. მართლაც, წინამდებარე კანონი ამბობს: "თუ ვინმე თავისთან აცხოვრებს დაუწინდავ ქალწულს, იმის შემდეგ რაც ძალადობა იხმარა მასზე..." ხოლო ბასილი დიდი თავის 25-ე კანონში არ ლაპარაკობს ძალადობაზე, არამედ მხოლოდ გახრწნაზე.
ბოროტების შემცირება მდგომარეობს იმაში, რომ მდიდარი მამაკაცები უფრთხოდნენ ღარიბ ქალთა გაუპატიურებას, რადგან მოციქულთა ეს კანონი ავალდებულებს მათ ამგვარ ქალებზე დაქორწინებას, ასევე მდიდარი ქალებიც უნდა უფრთხოდნენ საკუთარი ნებით დაამყარონ სქესობრივი კავშირები ღატაკ მამაკაცებთან, რადგან შემდეგ ვალდებულნი იქნებიან ცოლად გაჰყვნენ მათ. როგორც მამაკაცები, ასევე ქალები თავს უნდა იკავებდნენ მსგავსი საქციელისგან, და ახსოვდეთ, რომ მათ მოუწევთ მდაბიოებთან და გლახაკებთან დაქორწინება - ეს კი მათ შეუძლებლად მოეჩვენებათ. ხოლო ის, რომ კანონი სწორედ ამგვარ მდიდარ ადამიანებზე ლაპარაკობს, ნათელია შემდეგი სიტყვებიდან: "... ჰყავდეს ის, ვინც ირჩია, თუნდაც იგი გლახაკი აღმოჩნდეს". ასეთია აქ საქმის ვითარება.
ხოლო თუკი ვინმე ცოლად შეირთავს სხვათა მიერ გახრწნილს ან მეძავს ისე, რომ თვითონ მასთან არ ჩაუდენია სიძვის მოქმედება - ვერ გამოვთქვამ, რაოდენ ბრწყინვალეა ასეთი ქცევა: ის ხომ იწყნარებს დაღუპულ ცხვარს და დაკარგულ სულს აცხონებს! ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ის ხდება თვით ღმერთის მიმბაძველი, რომელიც მეძავ და ცოდვილ ადამიანურ ბუნებაზე დაქორწინდა ისე, რომ არ ჩაუთვალა მას ადრინდელი ცოდვები, როგორც ეს აღვნიშნეთ მოციქულთა 48-ე კანონის შენიშვნაში.
2. ლიტრა შეიცავს 72 მონეტას. უცნობია, თუ რამდენს იწონიდა ზუსტად თითოეული მონეტა. დღეს ლიტრა შეადგენს 12 უნციას, უნცია - 8 დრამს, ხოლო დრამი - 60 გრანს. ნათელია, რომ ამ ჯარიმის გარდა ასეთი ადამიანი, როგორც სიძვის ჩამდენი, საეკლესიო ეპითიმიასაც ექვემდებარებოდა.
68
ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელდასხმას, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს - ისიც და მისი ხელდამსხმელიც; გარდა იმ შემხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელდასხმა ერეტიკოსისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური.
(მოც. 46,47; I მსოფ. 8,19; II მსოფ. 4; III მსოფ. 5; ლაოდ. 8,32; კართ. 36,47,57,68; ბასილი დიდი 1,3).
(მოც. 46,47; I მსოფ. 8,19; II მსოფ. 4; III მსოფ. 5; ლაოდ. 8,32; კართ. 36,47,57,68; ბასილი დიდი 1,3).
განმარტებანი:
ზონარა. ორმაგ ხელდასხმაზე შეიძლება სხვადასხვანაირად ვიფიქროთ. მეორედ ხელდასხმული თუკი ეძებს მეორედ ხელდასხმას, ან იმიტომ, რომ გმობს პირველს, ან კიდევ იმიტომ, რომ იმედოვნებს მისი ხელმეორედ ხელდამსხმელისგან მიიღებს უმეტეს მადლს სულისა და განიწმინდება, რადგან მისი სწამს; ან კიდევ იმიტომ, რომ დატოვა მღვდლობა, და შემდეგ კვლავ ხელდასხმას იღებს თითქოსდა თავიდან; შესაძლოა კიდევ სხვა მიზეზებიც იყოს. რა სახითაც გინდ ქნას მან ეს, ორჯერ ხელდასხმული, და მისი ხელდამსხმელი დაექვემდებარებიან სასულიერო პატივის აყრას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი პირველი ხელდასხმა იყო მწვალებლისგან: რადგან მწვალებელთა არც ნათლობა შეიქს ვინმეს ქრისტიანად, და არც ხელდასხმა - კლირიკოსად. ამრიგად, მწვალებელთა მიერ ხელდასხმულის კვლავ ხელდასხმა საშიშროებას არ შეიცავს.
არისტინე. ორჯერ ხელდასხმული უნდა დაემხოს თავის ხელდამსხმელთან ერთად, თუკი 1-ლი ხელდასხმა არ იყო მწვალებლური. ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, რომელიც მიიღებს მე-2 ხელდასხმას, რადგან აჩვენებს თითქოსდა არაფრად აგდებს 1-ელს, დაემხობა თავის ხელდამსხმელთან ერთად, თუკი 1-ლი არ იყო მწვალებლისგან.
ბალსამონი. როგორიც გინდ იყოს ერთსა და იმავე სამღვდლო ხარისხში ორჯერ ხელდასხმული უნდა დაემხოს პატივისგან, და არა მარტო თვითონ, არამედ მისი ხელდასხმის წინასწარ მცოდნეც, რადგან აჩვენებენ, რომ თუკი გმობენ 1-ელ ხელდასხმას, ან მე-2 აღესრულება 1-ლის დატოვების შემდეგ, რაც შეუძლებელია მოხდეს; რადგან ვინც ერთხელ უარყო მისთვის მიცემული ხელდასხმის მადლი უკვე ვეღარაფერ სამღვდლოს ვერ მოიმოქმედებს. ხოლო რადგან მწვალებელთა მიერ მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური, განსაზღვრულია, უშიშრად მიეცეს ხელდასხმა ან ნათლობა მწვალებელთა მიერ უკვე ხელდასხმულთ ან ნათელღებულთ; რადგან მათში აღსრულებული ეს საიდუმლონი არარსებულად მიიჩნევა.
სხვა განმარტებანი
პიდალიონი: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელდასხმას, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს - ისიც და მისი ხელდამსხმელიც; გარდა იმ შემხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელდასხმა ერეტიკოსისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური.
(მოც. 46, 47; I მსოფლ. 8; II მსოფლ. 7; VI მსოფლ. 95; კართაგ. 57, 77, 101.)
განმარტება:
შეიძლება მოვიაზროთ მეორედ ხელდასხმის სხვადასხვა მიზეზი: ხელდასხმულმა ან უარყო ის, ვინც მას პირველად დაასხა ხელი, ან მიიჩნევს, თითქოსდა უმეტეს მადლს მიიღებს მეორედ ხელდამსხმელისგან, რადგან მას ამ მეორისადმი აქვს უმეტესი რწმენა, ან კიდევ არსებობს რაიმე სხვა მსგავსი მიზეზი. აქედან გამომდინარე წინამდებარე კანონი განსაზღვრავს: ის ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, ან დიაკვანი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელდასხმას (1), უნდა დაემხოს სასულიერო პატივისგან მის ხელდამსხმელთან ერთად, თუკი დამტკიცებული არ იქნება, რომ მან ხელდასხმა მწვალებელთაგან მიიღო. რადგან მწვალებელთა მიერ მონათლულნი და ხელდასხმულნი მწვალებლური ნათლობით ვერც ქრისტიანები ხდებიან, - რადგან უფრო იბილწებიან, ვიდრე განიწმინდებიან, - და ვერც მღვდლები და კლირიკოსები - მწვალებელთაგან მიღებული ხელდასხმით. ამიტომაც ისინი ყოველგვარი შიშის გარეშე იღებენ ნათლისღებას მართლმადიდებელ მღვდელთაგან, და ხელდასხმას მართლმადიდებელ ეპისკოპოსთაგან (2). ბასილი დიდიც ნიკოპოლის მცხოვრებთადმი მიწერილ წერილში წერს: "არასოდეს ჩავთვლი ქრისტეს ჭეშმარიტ მღვდლად იმას, ვინც ხელდასხმა და ერის მწყემსობა მართლმადიდებლური რწმენის დასანგრევად მწვალებელთა უკეთური ხელისგან მიიღო" (Basil. Маgn. Ер. 240. 3 // PG 32, 897В).
შეთანხმება:
თუკი I-მა მსოფლიო კრებამ მე-8 კანონით აღიარა ნოვაციანელთა, ხოლო კართაგენის 77-ე კანონმა - დონატისტთა ხელდასხმა, ეს იმიტომ, რომ ნოვაციანელები, ბასილი დიდის 1-ლი კანონის თანახმად, იყვნენ არა მწვალებლები, არამედ სქიზმატიკოსები, ხოლო დონატისტთა ხელდასხმა, კართაგენის 66-ე კანონის თანახმად, კართაგენის კრებამ აღიარა აფრიკაში კლირიკოსთა მძაფრი უკმარობის მიზეზით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის აღიარებულ იქნა იკონომიითა და აუცილებლობით.
ამიტომაც იტალიაში გამართულმა კრებამ, რომელიც არ იდგა ამგვარი აუცილებლობის წინაშე, ეს ხელდასხმები არ აღიარა. ამასთან კართაგენის იგივე კრება 101-ე კანონში ითხოვს 10 ლიტრ ოქროს მათგან, ვინც ხელს დაასხამს მწვალებელთ, ან მიიღებს მათგან ხელდასხმას, ან კიდევ დაუშვებს მათ ღმრთისმსახურებაზე. ხოლო VII მსოფლიო კრებამ, როგორც ეს ცნობილი ხდება კრების 1-ლი საქმეებიდან, თუმც კი აღიარა ხატმებრძოლ-მწვალებელთა ხელდასხმები და არ გასცა განკარგულება თავიდან დაესხათ ხელი მათთვის, როდესაც ისინი მართლმადიდებლობისკენ მოექცნენ, მანაც ეს იკონომიით გააკეთა, რადგან მაშინ ხატმებრძოლეები ბევრნი იყვნენ (თუმცა, აღიარებულ იყო არა მწვალებელთა მეთაურების ან იმათი ხელდასხმები, ვინც ბეჯითად ემხრობოდა ამ მწვალებლობას და არაგულწრფელად და არაჭეშმარიტად ინანიებდა, როგორც ეს თქვა ღვთაებრივმა ტარასიმ, არამედ ამ ბელადების მიმდევართა - ანუ იმათი, ვინც გულწრფელად და ჭეშმარიტად ინანიებდა. ამის შესახებ იხ. ათანასე დიდი რუფინიანესადმი მიწერილი ეპისტოლეს განმარტება).
ასევე II მსოფლიო კრებამ იკონომიით აღიარა ზოგიერთი მწვალებლის ნათლობა, რის შესახებაც უკვე ვილაპარაკეთ. ამიტომაც, რაკიღა VII მსოფლიო კრება განსაზღვრებად არ აწესებს ასეთ დროებით და ვითარებით გამოწვეულ იკონომიას, ის არ ეწინააღმდეგება წინამდებარე მოციქულთა კანონს.
მართლაც, პატრიარქი ანატოლი ხელდასხმულ იყო მწვალებელ დიოსკორეს და მის მიერ მოწვეული კრების მიერ, ხოლო წმ. მელეტი ანტიოქიელი - არიანელების მიერ, როგორც ამას იუწყება სოზომენე (წიგნი 4, თ. 28) (PG 67, 1204С); მაშინ ბევრმა მიიღო ხელდასხმები მწვალებელთაგან და შემდეგში მართლმადიდებელთაგან შეწყნარებულ იქნენ, მაგრამ ეს შემთხვევები იშვიათია და კანონიკური აკრიბიიდან მათი გადახრა გამოწვეული იყო ვითარებით. ხოლო ეკლესიისთვის ყოველივე, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება და იშვიათია, კანონს არ წარმოადგენს, რაც დასტურდება ორგზისი კრების 17-ე კანონით, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით (Greg. Nazianz. Or. 39.14 // PG 36, 352В), წმიდა სოფიას ტაძარში შეკრებილი კრების მეორე საქმით და იმ სამართლებრივი პრინციპით, რომელიც ბრძანებს: "კანონთაგან გამონაკლისი სანიმუშოდ არ მიიღება".
მართლმადიდებელთა განმეორებით ხელდასხმას კრძალავს კართაგ. კრების 57-ე კანონიც. წაიკითხე ასევე მოც. 46 და 47-ე კანონების განმარტებები და შენიშვნები.
შენიშვნები:
1. რა მიზეზით არ მეორდება შვიდი საიდუმლოდან მხოლოდ ორი: ნათლობა და სამღვდლო ხელდასხმა? სქოლასტიკოსების აზრით, მიზეზი იმაშია, რომ ეს საიდუმლოებები ტოვებენ აღუხოცელ ანაბეჭდს, რომელიც, როგორც ისინი ფიქრობენ (იხ.: ნიკოლოზ ბულგარისი. კატეხიზმო. ღვთისმეტყველება. თ. 4), არის ნამდვილი თვისება, რომელიც სულს ახასიათებს, და ზებუნებრივი ძალა. სქოლასტიკოსების ასეთ შეხედულებას მისდევს ყველა ჩვენი თანამედროვე ღვთისმეტყველი, განსაკუთრებით კორესიუსი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საიდუმლონი მიმღებთა ერთადერთ ცხოვრებაში არ მეორდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აღესრულებიან უფლის სიკვდილის ხატად, რომელიც მოხდა ერთხელ, და არ შეიძლება განმეორდეს. მოსანათლავებიც ხომ უფლის სიკვდილის ხატად ინათლებიან, მოციქულ პავლეს თქმით (იხ. რომ. 6:3) და ასევე მოციქულთა 47-ე კანონის თანახმად.
ხოლო მღვდლები, რომლებიც განიკვეთნენ მღვდლობიდან, იმიტომაც არ ხელდაისხმებიან მეორედ, რომ საკუთარ თავზე გამოხატავენ პირველ და დიდ მღვდელმთავარს, რომელიც ერთხელ შევიდა წმიდათა წმიდაში და მოციქულ პავლეს თქმით, საუკუნო გამოსყიდვა მოგვიპოვა (ებრ. 9:12), ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს (იხ. ებრ. 7:24). სწორედ ასეთია, ჩემი აზრით, მიზეზი, რომლის გამოც მღვდელი ხელმეორედ არ უნდა იღებდეს ხელდასხმას.
ქრისტეში მღვდლობა წარუხოცელია, ამიტომაც ქრისტეს ხატება ყოველთვის წმიდად უნდა იყოს დაცული მღვდელში, რათა სრულად იყოს მსგავსება პირველხატსა და მის ანარეკლს - მღვდელმსახურს შორის. სხვა მიზეზი შემდეგშია: მღვდელი უმთავრესად ხელდაისხმება იმისთვის, რათა იმსახუროს, კერძოდ შეწიროს საიდუმლო მსხვერპლი, რომელიც არის უსისხლო და რომლის მიერაც, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, ნაუწყებია უფლის ერთი სიკვდილი (იხ. 1 კორ. 11:26).
თუკი სქოლასტიკოსების მიერ გამოგონილი "ანაბეჭდი" მარტლაც მიზეზია იმისა, რომ ეს საიდუმლონი არ მეორდებიან, მაშინ რატომ მეორდება მირონცხების საიდუმლო, თუმც ის ბეჭდად იწოდება და სულში ანაბეჭდს ტოვებს? რადგან მახარობელი იოანე ამბობს: "თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია" (1 ინ. 2:27); და მოც. პავლეც: "რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში" (იხ. 2 კორ. 1:22); ხოლო დავითი საულს უფლის ცხებულს უწოდებს არა მის მიერ ღმერთის უარყოფის, არამედ მისი სიკვდილის შემდეგაც (იხ. 2 მეფ. 1:14).
ამრიგად, სწორედ ამ მიზეზით, ანუ იმიტომ, რომ უფლის სიკვდილი ერთია, ერთ ლიტურგიაზე, როგორც სიმეონ თესალონიკელი წერს (პასუხი 39) უნდა დაესხას ხელი მხოლოდ ერთ დიაკვანს, მხოლოდ ერთ მღვდელს და მხოლოდ ერთ მღვდელმთავარს, და არა ორს ან მეტს (Sym. Thessal. Respons. 39 // PG 155, 888В) და იობის თქმითაც, რომელიც ქრიზანთოსის "სინტაგმატიონშია" დამოწმებული. "ხოლო ისინი, ვისაც ხელი დაასხეს არა ერთხელ, - არც კი ვიცი რა ვუწოდო მათ, - ამბობს იგივე სიმეონი, - რადგან ისინი ხელდასხმულნი არიან არა ეკლესიის გადმოცემისამებრ" (Ibid. // PG 155, 888C).
ერთად ხელს დაასხამენ წიგნისმკითხველებსა და იპოდიაკვნებს - რამოდენიმეს ერთ ლიტურგიაზე, რადგან ისინი მღვდლობის უკნინესი ნაწილნი არიან და საკურთხევლის გარეთ მსახურობენ, იმავე იობის თანახმად (იქვე). სწორედ ამიტომ, ანუ იმისთვის, რათა ქრისტეს სიკვდილი ორჯერ არ განმეორდეს, ანტისიოდორში შეკრებილმა ადგილობრივმა კრებამ, 613 წელს, იმპერატორ ჰერაკლეს დროს, დააწესა ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე საყდარზე არ ჩატარდეს ორი ლიტურგია: "არ არის ნებადართული ერთსა და იმავვე საყდარზე ერთსა და იმავე დღეს აღავლინონ ორი ლიტურგია, ისევე როგორც არ არის ნებადართული ერთსა და იმავე საყდარზე, სადაც ლიტურგიას აღასრულებს ეპისკოპოსი, აღასრულოს ის პრესვიტერმაც" - რასაც პაპისტები არღვევენ. ჩვენი მღვდლებიც, რომლებიც ლიტურგიას კადნიერებით დღეში ორჯერ აღასრულებენ, მძიმედ სცოდავენ და ამიერიდან აღარ დაუშვან ეს შეუსაბამობა.
2. სწორედ ამიტომ ბალსამონიც 30-ე პასუხში (ბერძნულ-რომაული სამართალი. გვ. 378) ამბობს, თუკი მწვალებელთაგან გადმოსული მღვდელი ან დიაკვანი მოინათლება (ან მირონიცხება), მისი ადრინდელი მღვდლობა შებილწვად და არარად ჩაითვლება. მაგრამ თუკი შემდგომში ის ღირსეული აღმოჩნდება, შეიძლება მღვდელიც გახდეს და მღვდელმთვარიც.
ამრიგად, რადგან, წინამდებარე სამოციქულო კანონის მიხედვით, მწვალებლებს არ გააჩნიათ მღვდლობა, მათი მღვდელმოქმედება სიბილწეა და მადლსა და განწმენდას მიუახლებელია. შედეგად, მოც. 46-ე კანონის თანახმად, მწვალებელ-ლათინთა მაცა და საიდუმლოებანი შებილწულია და არა წმიდა. ხოლო თუკი დიმიტრი ხომატინოსმა (ბერძნულ-რომაული სამართალი. გვ. 320) და იოანე კიტროელმა (პასუხი 12, შემორჩენილი ხელნაწერებში) თქვეს, რომ ცოდვა არ არის ლათინთა მღვდელმოქმედება ჩაითვალოს წმიდად - მათ ეს თქვეს იმიტომ, რომ იმ დროს ლათინთა ნათლისღებაც მიიღებოდა: :მაშინ მათ ჯერ კიდევ არ უარეყოთ შთაფლვა და აღმოსვლა ნათლისღების საიდუმლოში.
მაგრამ დააკვირდი, როდესაც ასე ამბობენ, ისინი ამავდროულად ამატებენ, რომ მართლმადიდებელთაგან არავის შეუძლია ეზიაროს ლათინებთან. ამ აზრით უნდა გავიგოთ ისიც, რასაც წერს ლათინებზე ვრიენიუსი წერილში ნიკიტას მიმართ.
მაგრამ 500 წელზე მეტი ხნის წინათ აღმოსავლელი ქრისტიანები დასავლელთა მღვდელმოქმედებას უკვე შებილწვად მიიჩნევდნენ. ამიტომაც იქ, სადაც ლიტურგია შესრულებული ჰქონდათ ლათინთ, აღმოსავლელი ქრისტიანები ჯერ განწმენდდნენ, რათა წმიდა ეყოთ ეს ადგილი, შემდეგ კი თვითონ ატარებდნენ მსახურებას. იხილე ასევე ლატერანის კრების კანონი მოც. 46 კანონის განმარტებაში.
69
ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელმაც აღდგომის წინ წმიდა ორმოცი, ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი, ასეთივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს.
(ტრულ. 29, 56, 89; ღანგ. 19; ლაოდ. 49, 50, 51, 52; დიონისე ალექს. 1; პეტრე ალექს. 15; ტიმოთე ალექს. 8, 10).
განმარტებანი:
ზონარა. ეს კანონი გარდაუვალად ითხოვს, რათა მართლებმა პასექის წინ წმიდა ორმოცეული იმარხულონ, ასევე ოთხშაბათი და პარასკევი სხვა შვიდეულებში, იმათ გარდა, ვისაც ხორციელი უძლურების გამო მარხვა არ ძალუძს. რადგან მარხვა დაწესებულია ხორცის მოსათოკად. თუკი ის ისედაც დაუძლურებულია სნეულების ან სხვა რაიმე უძლულრების გამო, უკვე აუცილებელი აღარ არის მისი მოთოკვა მარხვის მეშვეობით. ვინც ამ კანონს არ დაიცავს, თუ ხელდასხმულია უნდა დაემხოს პატივისგან, ხოლო ერისკაცნი ზიარებისგან განიკვეთონ. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ოთხშაბათსა და პარასკევს პასექის წინ წმიდა ორმოცეულის მარხვას უთანაბრებს.
არისტინე. ის, ვინც ორმოცეულს არ დაიცავს, ან ოთხშაბათს და პარასკევს, თუ კლირიკოსია დაემხოს, ხოლო თუ ერისკაცია, ზიარებისგან განიკვეთოს; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარხვას უძლურება აბრკოლებს. ნათელია.
ბალსამონი. 40 დღიანი მარხვა პასექის წინ უპირველეს ყოვლისა გადმოცემულია უფლის მიერ, რომელიც ამდენივე დღე მარხულობდა; შემდეგ კი - წმიდა მოციქულთა მიერაც წინამდებარე კანონის მეშვეობით. რადგან განწესება ამბობს: თუკი რომელიმე მართლმადიდებელი არ იმახრულებს წმიდა ორმოცეულს პასექის წინ, და ასევე ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს (რადგან ამ დღეებში წმიდა ორმოცეულის დარად დაწესებულია მშრალი მარხვა); თუ ის კლირიკოსია, უნდა დაემხოს პატივისგან; ხოლო თუ ერისკაცია, ზიარებისგან უნდა განიკვეთოს. გამორიცხე აქედან ავადმყოფნი. რადგან, თუკი ისინი გაიხსნილებენ თევზით, შეწყნარების ღირსნი გახდებიან. ხოლო ხორცით, არც ოთხშაბათს და არც პარასკევს, თუნდაც სული ძვრებოდეთ, არავინ უნდა გაიხსნილოს, გარდა პასექისა და სხვა დღეებისა, როდესაც ეს ნებადართულია.
გამორიცხე ოთხშაბათები და პარასკევები იმ შვიდეულებისა, რომლებიც წინ უსწრებენ ხორციელისა და ყველიერის კვირეებს, ასევე ბრწყინვალე შვიდეული; ამ პერიოდებში ჩვენ (გახსნილების) ნებას ვრთავთ, რადგან ხორციელის წინა შვიდეულს მარხულობენ სომხები ნინევიელთა გამო, ხოლო ყველიერის შვიდეულში მარხვას იცავენ მწვალებელი ტეტრადიტები. ხოლო პასექის (ბრწყინვალე) შვიდეული უფლის ყველაზე დიდ დღედ არის მიჩნეული; რადგან მაშინ ყოველდღიურად იკითხება ცისკრის სააღდგომო სახარება. ზუსტად ასევე გამორიცხე წმიდა ორმოცეულიდან შაბათები და კვირეები; რადგან ამ დღეებში ვიხსნილებთ (ზეთით) მოციქულთა 64-ე კანონის მიხედვით. ხოლო როდესაც გესმის გახსნილება, არ იფიქრო, რომ ეს იყოს ხორცით გახსნილება. რადგან ხორცის ჭამის უფლება დიდ ორმოცეულში არავის უნდა მიეცეს, თუნდაც ის მომაკვდავი იყოს.
ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა დროს ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები კრებებზე, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. წინამდებარე კანონიდან შენიშნე, რომ საკუთრივ არსებობს ერთი მარხვა, ორმოცეული, პასექის წინ; რადგან სხვა მარხვები რომ ყოფილიყო, მაშინ კანონი მათზეც იტყოდა. თუმცა, თუკი ჩვენ სხვა მარხვებსაც ვიცავთ, როგორებიცაა: წმიდა მოციქულთა მარხვა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მარხვა და ქრისტეს შობის მარხვა, ამის გამო ვერავინ დაგვძრახავს. წაიკითხე ჩვენ მიერ დაწერილი მესამე პასუხი სინოდალურ კითხვებზე, რომლებიც პატრიარქ ნიკოლოზის დღეებში იყო.
სხვა განმარტებანი
პიდალიონი: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელმაც აღდგომის წინ წმიდა ორმოცი, ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი, ასეთივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს.
(ტრულ. 29, 89; ლაოდ. 49, 51,52; დიონისე ალექს. 1; პეტრე ალექს. 15; ტიმოთე ალექს. 8,10).
განმარტება:
ყველა მღვდელმსახურსა და ერისკაცს წინამდებარე დადგენილება ერთნაირად განუწესებს მარხვას, როგორც დიდ ორმოცეულში (1), ასევე ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს. ის ბუკვალურად ამბობს შემდეგს: ის ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, ან დიაკვანი, ან კიდევ წიგნისმკითხველი თუ მგალობელი, რომელიც არ იმარხულებს წმიდა ორმოცს ან ყოველ ოთხშსაბათსა და პარასკევს, პატივისგნა უნდა დაემხოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელი უძლურების გამო მარხვა არ ძალუძს. თუკი მითითებულ დღეებში ერისკაცი არ იმარხულებს, ზიარებისგან უნდა განიკვეთოს.
ღვთაებრივი ოქროპირის განსჯით (სიტყვა მათ მიმართ, ვინც ადრინდელივით მარხულობს პასექს), "ჩვენ ორმოც დღეს ვმარხულობთ არა პასექის ან ჯვრის გამო, არამედ საკუთარი ცოდვების გამო... რადგან პასექი არის არა მარხვისა და გლოვის, არამედ სიხარულის მიზეზი. ამიტომაც არ უნდა ვამბობდეთ, რომ ვგლოვობთ ჯვრის გამო. არა, ჯვრის გამო კი არ ვგლოვობთ, ნუმც იყოფინ! არამედ საკუთარი ცოდვების გამო" (Ioan. Chrysost. Adv. Jud. 3.4 // PG 48, 867 - 868). ორმოც დღიან მარხვაში ვბაძავთ უფალს, რომელმაც მთაზე 40 დღე იმარხულა. ხოლო კვირაში ორ დღეს, ოთხშაბათსა და პარასკევს, ვმარხულობთ იმიტომ, რომ ოთხშაბათს შეითქვნენ გაეყიდათ ჩვენი უფალი, ხოლო პარასკევს მან განიცადა ხორციელი სიკვდილი ჩვენი ცხონების გამო, როგორც ამბობენ ამას წმ. მღვდელმოწ. პეტრე (15-ე კანონი) და ღვთაებრივი იერონიმე (2).
ლაოდიკიის კრების 50-ე კანონი მთელი ორმოცეულის განმავლობაში მშრალ მარხვას განგვიწესებს, და ღვთაებრივი ეპიფანეც 75-ე მწვალებლობასთან დაკავშირებულ თავში ბრძანებს: "ორმოცეულს ვიცავთ მშრალი მარხვით და უბიწოებით" (Epiph. Adv. haer. 75. 3 // PG 42, 508B). ხოლო მოციქულთა წინამდებარე კანონი ორმოცეულის მარხვასთან ერთად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვასაც განგვიწესებს. შედეგად, ყოველი ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვას, ორმოცეულის მარხვასთან ერთად, მშრალი მარხვით უნდა ვიცავდეთ. მშრალი მარხვა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ჭამენ დღეში ერთხელ მეცხრე ჟამნზე, არ მიირთმევენ ზეთს და არ სვამენ ღვინოს, როგორც ეს მოციქულთა 64-ე კანონის განმარტებაში აღვნიშნეთ. ამიტომ ბალსამონიც კრძალავს ოთხშაბათსა და პარასკევს, ასევე ორმოცეულის მარხვაში კიბორჩხალებისებრთა ჭამას.
ნათქვამის სისწორეს ღვთაებრივი ეპიფანეც ადასტურებს, რომელიც ბრძანებს: "მარხვა ოთხშაბათსა და შაბათის წინა დღეს, ანუ პარასკევს, - მეცხრე ჟამამდე" (Idem. De fide 22 // PG 42, 825B). ფილოსტორგიოსი (საეკლესიო ისტორია. წიგნი 10-ე) ასევე ამბობს: "ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ხორცის უჭმელობით, არამედ, განწესებათა შესაბამისად, მდგომარეობს იმაში, რათა საერთოდ არ მიეკარო საჭმელს საღამომდე" (Philostorg. Hist. eccl. X, 12 // PG 65, 592C). ამიტომ ნეტ. ბენედიქტეც თავის 41-ე კანონში განსაზღვრავს, რათა მისდამი დაქვემდებარებულმა ბერემა ოთხშაბათი და პარასკევი იმარხულონ მეცხრე ჟამამდე. ღვთაებრივი ეგნატეც ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: "ორმოცეულს ნუ დააკნინებთ, რადგან მასშია მიბაძვა უფლის ცხოვრებისადმი. ვნების შვიდეულის შემდეგ არ უგულებელჰყოთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა, ჭარბი საკვები კი ღარიბებს დაურიგეთ" (Ign. Ер. ad Phil. 13 // PG 5, 937А).
ამრიგად, ნუ მოტყუვდებიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ოთხშაბათი და პარასკევის მარხვა მოციქულთა რჯულმდებლობა არ იყოს. რადგან აი, მოციქულები თავიანთ კანონებში ჩამოთვლიან მათ ორმოცეული მარხვის თანასწორად, თავიანთ "განწესებებში" კი - დიდი შვიდეულის მარხვის გვერდით. მათში მართლაც წერია: "აუცილებელია მარხვა დიდ შვიდეულს, და ოთხშაბათსა და პარასკევს" (Const. Ар. V, 15 // PG 1, 880В) (3).
მაგრამ რატომ ვთქვი მე, რომ ეს არის მოციქულთა დადგენილება? თვით ქრისტემ გვიბოძა ამ ორ დღეს მარხულობის რჯული. ხოლო ეს რომ ჭეშმარიტებაა, თვით მოციქულებს მოუსმინე. "განწესებებში" (წიგნი 5, თ. 14) ისინი ამბობენ: "მან თვით გვიბრძანა გვემარხულა ოთხშაბათსა და პარასკევს" (Ibid.). ხედავ, რომ თვით უფალია ამ ორი დღის რჯულმდებელი?
რადგან, როგორც დამტკიცებულია, ორმოცეულის მარხვა არაფრით განსხვავდება ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვისგან, შესაბამისად, უძლურთათვის ამ ორი დღის მარხვის შერბილებაც ერთნაირია. როგორც ტიმოთე, თავის მე-8 და 10-ე კანონებში, ნებას აძლევს ორმოცეულში მშობიარე ქალს დალიოს ღვინო და ჭამოს საკმარისი საკვები, თანაც თავი შეიკავოს იმდენად, რამდენადაც მას ეს ძალუძს, ხოლო მძიმე სნეულებით დაუძლურებულს უფლებას აძლევს ორმოცეულში ჭამოს ზეთიანი, "რადგან, - როგორც ამბობს, - სრულიად დაუძლურებულთათვის ზეთიანის ჭამა გამართლებულია", - ზუსტად ასევე, მას, ვინც დაუძლურებულია მძიმე სნეულებით, ოთხშაბათსა და პარასკევს, მხოლოდ ზეთითა და ღვინით უნდა გავახსნილებინოთ. ამიტომაც ამბობს ღვთაებრივი იერონიმე: "ოთხშაბათსა და პარასკევს არ შეიძლება მარხვის დარღვევა რაიმე უდიდესი საჭიროების გარეშე". იგივეს ბრძანებს ნეტ. ავგუსტინეც (4).
მაგრამ რადგან ხორციელი ადამიანები, რომელთაც სურთ დაარღვიონ ორმოცეულისა და ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა და თავს იმართლებენ ან იმით, რომ ავად არიან, თუმცა სინამდვილეში ჯანმრთელნი არიან, ან კიდევ მართლაც დაავადებულნი, ამბობენ, რომ ძალთა მოკრებისთვის არ ყოფნით ოდენ ზეთი და ღვინო, საჭიროა რომელიმე გამოცდილ და ამასთანავე ღვთისმოშიშ ექიმს ვკითხოთ სნეულების დროს რომელი სახის საკვებია ადამიანის ძალთა განმტკიცებისთვის საკმარისი. ამიტომაც, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მღვდელმთავარმა ან სულიერმა მოძღვარმა დაე ნება მისცეს ავადმყოფს გაიხსნილოს მარხვა, მაგრამ მხოლოდ ავადმყოფთა თავის მართლებას არ უნდა ენდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ავადმყოფნი ე. წ. კეთილშობილი პირთაგანნი არიან.
შეთანხმება:
ლაოდიკიის 49-ე კანონს, რომელიც კრძალავს ორმოცეულის განმავლობაში სრული ლიტურგიის ჩატარებას, და 51-ე კანონს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმოცეულში არ შეიძლება არც მოწამეთა დაბადების დღის აღნიშვნა, და ასევე ამავე კრების 52-ე კანონს, რომელიც განსაზღვრავს, რომ ორმოცეულში არ იქორწინონ, - ყველა ამ კანონს ზემოთნახსენებ კანონთა მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ისინიც ადასტურებენ, რომ წმიდა ორმოცეულში გვმართებს მარხვა და გლოვა. ამიტომაც მის დროს ნებადართული არ არის ქორწილები და მოწამეთა დაბადების დღეები, რომლებსაც მხიარულებისა და მარხვის დასარღვევად იყენებენ.
შემდეგ VI მსოფლიო კრების 89-ე კანონი განსაზღვრავს, რომ წმიდა ვნებათა დღეები გავატაროთ არა მარტო მარხვაში, არამედ ლოცვასა და გულშემუსვრილობაში, რამეთუ, როგორც ოქროპირი ბრძანებს (მესამე ჰომილია ანტიოქიელთადმი), მარხვა თავისთავად უსარგებლოა, თუ ადამიანი თავს ცოდვისგან არ იკავებს: "თავი შევიკავოთ არა მარტო საჭმლისგან, არამედ ცოდვებისგანაც" (Ioan. Chrysost. Ad popul. Antioch. 3. 3 // PG 49, 51).
ისიდორეც თავის 403-ე წერილში წერს: "საკვებში თვშეკავებას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მათთვის, ვინც მთელი გრძნობებით არ მარხულობს, რადგან მოსაგრეები ყველაფრისგან თავს იკავებენ: "ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს" (1 კორ. 9:25)" (Isid. Pel. Ep. I, 403 // PG 78, 408В).
წმ. ნიკიფორე 16-ე განწესებაში ამბობს, რომ ბერები ორმოცეულის პერიოდში მიწას არ უნდა ამუშავებდნენ, რათა არ ეძებონ მიზეზი მარხვის გასახსნელად ზეთითა და ღვინით. ხოლო 19-ე განწესებაში ის ამბობს, რომ ბერები, რომლებიც იმყოფებიან მონასტერში, ოთხშაბათსა და პარასკევს დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა ჭამდნენ.
შენიშნე, რომ მოციქულთა წინამდებარე კანონი, როდესაც წმიდა ორმოცეულის მარხვაზე ლაპარაკობს, მასთან ერთად დიდ და ვნების შვიდეულსაც მოიაზრებს, რადგან ამ დროსაც საჭიროა მარხვა. იხილე ასევე შენიშვნები VI მსოფლ. კრების 29-ე კანონზე.
შენიშვნები:
1. ორმოცეული - ბლასტარისის ზუსტი გამოთვლის მიხედვით, ეს არის მთელი წლის მეათედი: წელიწადში 365 დღეა, ხოლო ორმოცეული შედგება შვიდი კვირისგან, რომლებიც, შაბათებისა და კვირეების გამოკლებით, როდესაც ნებადართულია ღვინო და ზეთი, შეადგენენ 35 დღეს. მივუმატებთ დიდ შაბათს - და გამოვა 36 დღე, ანუ წელიწადის 360 დღის მე-10 ნაწილი. ამას კიდევ მივუმატოთ დიდი შაბათის ღამე პასექის ცისკრამდე - ნახევარი დღე, რომელიც წლის დარჩენილი ხუთი დღის მეათედი ნაწილია, და მაშინ გამოვა მთელი წლის მეათედი.
მიაქციე ყურადღება, რომ მთელი ორმოცეულის განმავლობაში ჩვენ მარხვას ვიხსნილებთ თევზით მხოლოდ ერთხელ, კერძოდ, ხარების დღესასწაულზე, როგორც ამას განსაზღვრავენ წმიდა მთის ხელნაწერი წეს-განგებები. მაგრამ თუკი ხარება მოუწევს ვნების შვიდეულს, მაშინ ვიხსნილებთ მხოლოდ ზეთითა და ღვინით, როგორც ამას ხელნაწერი და ბეჭდვითი წეს-განგებები განაწესებენ. შედეგად, თევზით ხსნილობა ბაიობის დღესასწაულს, რომელიც მითითებულია ბეჭდვით განაწესებსა და ტრიოდიონებში, სიახლეა. პატრიარქი ნიკოლოზიც თავის ტაეპებში ამბობს, რომ თევზის ჭამა მხოლოდ ხარების დღესასწაულზეა ჯეროვანი (Nicol. Const. De vita monastics 9 // PG 111, 400C.). ამრიგად, ვიცით რა ეს, მივდიოთ წმინდანთა განწესებებს, და არა მწვალებელთა სიახლეებს მუცლის საამებლად შემოღებულთ.
2. გამოირიცხება პასექისა და შემდგომი ორმოცდაათი შვიდეულის ოთხშაბათ-პარასკევები. პასექის შვიდეულებში ჩვენ არ ვმარხულობთ ღმრთის ძისა და სიტყვის მკვდრეთით აღგომის სიხარულის გამო, ხოლო სულთმოფენობის შვიდეულებში - სულიწმიდის გარდამოსვლის სიხარულის გამო, რათა ამგვარად ცხადი გახდეს სულიწმიდისა და ძის ერთარსობა და, როგორც იოანე კიტროელი ამბობს თავის 25-ე განწესებაში - ის არაფრით არის უკნინესი ძესთან შედარებით.
ქრისტეს შობისა და უფლის განცხადების (ნათლისღების) დღესასწაულთა ოთხშაბათებსა და პარასკევებს მარხვის სრული გახსნილება, როგორც ჩანს, ნაზღაურდება ამ დღესასწაულთა წინმსწრები მწუხრის მარხვით. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიზეზით არის დაწესებული ამ მარხვის დაცვა მითითებულ დღესასწაულებზე. მაგრამ ოთხშაბათისა და პარასკევის გახსნილება ხორციელის კვირის წინ და ყველიერის კვირას ვერაფრით ანაზღაურდება.
მიზეზი, რომელსაც ზოგიერთი ასახელებს ამ გახსნილების გასამართლებლად, მდგომარეობს იმაში, რომ შობიდან ნათლისღებამდე პერიოდში (ე. წ. "საშობაო მარხვა" 30 დეკემბრიდან (12 იანვ. ახ. სტ.) 5 იანვრამდე (18 იანვ. ახ. სტ.) – "აპოკ." რედ.) მარხულობენ სომხები ძაღლ "არაჯავორქ"-ის* გამო, ხოლო შვიდეულს, რომელიც წინ უძღვის ხორციელის კვირას, - ნინევიელები, ყველიერის შვიდეულს კი ტეტრადიტები (იხ. ეს. 1:13-14), და ეს სრულიად არადამაჯერებელია და უსაფუძვლო; რადგან ჩვენ, მართლმადიდებლები, არამართლმადიდებელთაგან და მწვალებელთაგან განვსხვავდებით არა საჭმლით, არამედ სარწმუნოების დოგმატებით. ამიტომაც ამბობდა მოც. პავლე, რომ (ქრისტემ) "აღთქმათა რჯული განაქარვა მოძღვრებით" (შეად. ეფეს. 2:15).
______________
* არაჯავორქი (ელინიზირებული სომხური სიტყვა "aratshavorath", თარგმანში ნიშნავს - მაცნეს, მოციქულს, მაუწყებელს) - ეს არის სომხებში შვიდეულის სახელწოდება ხორციელი კვირის წინ, რომლის დროსაც ისინი მკაცრად მარხულობენ. ამ მარხვის წარმოშობის შესახებ იოანე კიტროელი თავის პასუხებში კონსტანტინე კაბასილას დირაქიელისადმი წერს: "ისინი (სომხები) ამ შვიდეულშიც მარხულობენ ძაღლ არაჯავორქის სიკვდილის გამო, რომელმაც სოფელში თუ ქალაქში მოირბინა მოწაფე სერგიზე უადრეს და აუწყა მათ მისი მოსვლა. "არაჯავორქი" სომხურად სწორედ "მაცნეს" ნიშნავს. როდესაც ეს ძაღლი მხეცებმა დაგლიჯეს, დამწუხრებულმა სერგიმ ყველა სომეხს უბრძანა ძაღლის საპატივცემოდ ემარხულათ ეს დღეები და ყოველწლიურად ყოფილიყვნენ მწუხარებასა და გლოვაში" (PG l, 864ВС). იოანე კიტროელის მიერ გადმოცემული ვერსია, სავარაუდოდ, ნამდვილი არ არის და ატარებს პოლემიკურ ხასიათს. არსებობს ამ მარხვის წარმოშობის რამოდენიმე ისტორიული ვერსია. ი. ა. კარაბინოვის მითითებით, აღმოსავლურ-სირიული ტრადიცია მას დაფუძნებას განაკუთვნებს VI ს-ის მე-2 ნახევარს, როდესაც სამი დღის განმავლობაში მმარხველი სპარსელი ქრისტიანები სასწაულებრივად გათავისუფლდნენ შავი ჭირისგან. სომხების კათალიკოსი ნერსეს შნორალი ბიზანტიელ იმპერატორ მანუელ I კომნენისადმი მიწერილ წერილში ახსენებს სირიულ ჩვეულებას და ამ მარხვის დაფუძნებას მიაწერს წმ. გრიგოლ განმანათლებელს, უკავშირებს რა მას 5 დღიან მარხვას დაწესებულთ ღმრთის მიერ მეფე თრდატისა და მის დიდებულთათვის, რომლის შემდეგაც ისინი განიკურნენ. ქორეპ. გრიგორ არშარუნის ლექციონარის კომენტარების თანახმად, ეს მარხვა ეძღვნებოდა ძველაღთქმისეულ პატრიარქებს და, როგორც ჩანს, იწყებოდა შაბათს (ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ. მართლმადიდებლური ენციკლოპედია. ПЭ. Т. 3. С. 368).
______________
ბალსამონიცა და იოანე კიტროელიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვებს ვიხსნილებთ მაშინ, როდესაც მარხულობენ ზემოთხსენებული მწვალებლები, ამბობენ, რომ მარხვა უნდა გაიხსნილოს არა საერთოდ ყველა მართლმადიდებელმა, არამედ მხოლოდ იმათ, ვინც ურთიერთობს და ცხოვრობს ამ მწვალებელთა შორის. რადგან ბალსამონი თავის 52-ე პასუხში, რომელსაც ის აძლევს მარკოზ ალექსანდრიელს, ამბობს შემდეგს: "მაგრამ დაე იყოს ასე იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე ცხოვრობს ტეტრადიტებს ან სომხებს შორის". ხოლო იოანე კიტროელი კონსტანტინე კაბასილას დიდრაქიელისადმი მიწერილ თავის 27-ე პასუხში მსგავსადვე მსჯელობს: "და განსაკუთრებით მაშინ, თუკი ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება ასეთ მწვალებელთა შორის, მაგრამ ამ მიზეზით ნუ გავხდებით მუცლის მაამებელნი".
პატრიარქი ნიკოლოზი ანასტასი სინელს ლექსად წერს: "ხორციელის წინა შვიდეულს, რომელსაც ჩვენ ასევე არაჯავორქის შვიდეულს ვუწოდებთ, ერისკაცთა უმრავლესობამ უშიშრად გააჩინა ჩვეულება გაიხსნილონ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა და ჭამონ ხორცი. მათ მსგავსად მონაზვნები ჭამენ ყველს, და ასე იქცევიან იმ მოსაზრებით, რომ ეს ჭეშმარიტად კარგია. თუკი ისინი არიან სომხური მოდგმისგან და ადრე აღიარებდნენ არაჯავორქის მწვალებლობას, მაშინ ისინი სწორად იქცევიან, რადგან ამით აქარწყლებენ ყოველგვარ ეჭვს, (რომელიც შეიძლება არსებობდეს მათდამი). ხოლო თუ ისინი არიან ერთგული მართლმადიდებლები და ასეთები იყვნენ მათი წინაპრებიც, მაშინ ამაოდ ამართლებენ ისინი (ოთხშაბათ-პარასკევის) მარხვის დარღვევას" (Nicol. Const. De vita monastica 13 // PG 111, 404A).
ამრიგად, დაე ამ სიტყვებმა გააჩუმონ ისინი, ვინც არ ცხოვრობენ სომეხთა შორის (ასევე - ტეტრადიტთა და ნინევიელთა შორის - რომლებიც უკვე აღარც არსებობენ) და თავად არ წარმოდგებიან სომეხთა მოდგმიდან, და უსირცხვილოდ არღვევენ მარხვას ცნობილ ოთხშაბათსა და პარასკევს! დაე შეიგნონ მათ, რომ ამას აკეთებენ არა სომეხთა საპირისპიროდ, არამედ უფრო საკუთარი მუცლის საამებლად. ამავდროულად მათ, რომლებიც სომეხთა შორის ცხოვრობენ ან წარმოშობით არიან სომხები, მწვალებლობაში ეჭვმიტანილნი რომ არ იყონ, შეუძლიათ არ დაიცვან მარხვა საშობაო პერიოდის არასამარხვო დღეებში, ანუ სამშაბათსა და ხუთშაბათს, და ამგვარად უარყონ მთელი კვირის განმავლობაში მმარხველთა ცდომილება.
წეს-განგებები ბერ-მონაზონთ, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კიდევ განუწესებთ მთელი წლის განმავლობაში იმარხულონ ყოველ ორშაბათს. მაგრამ ერისკაცი, რომელსაც სურს ორშაბათობით იმარხულოს, ღმრთისგან ქების ღირსია და შესაბამის საზღაურს მიიღებს. რადგან სიკეთის გაზრდა უმეტეს ღვთისმოსაობას იწვევს. ჩვენ თვითონაც ვიცით და საკუთარი თვალითაც გვინახავს ერში მრავალი მამაკაცი, განსაკუთრებით კი დედაკაცნი, რომლებიც ორშაბათობით ისევე მარხულობდნენ, როგორც ოთხშაბათსა და პარასკევს. სწორია და უზენაესად სამართლიანია მრავალთა მიერ შემოთავაზებული განსჯა ორშაბათის მარხვის შესახებ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. უფალმა თქვა, რომ თუკი ჩვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შევალთ ცათა სასუფეველში.
რადგან ფარისევლები კვირაში ორი დღე მარხულობდნენ, როგორც ამას სახარებისეული ფარისეველი ბრძანებს: "ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ" (ლკ. 18:12), ამდენად ჩვენ, ქრისტიანებმა, კვირაში სამი დღე უნდა ვიმარხულოთ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, და არა მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს, რათა ჩვენი სიმართლე აღემატოს ფარისეველთა სიმართლეს. იმის შესახებ, რომ ფარისევლები მარხულობდნენ ოთხშაბათსა და პარასკევს, ნათლად ბრძანებს ღვთაებრივი ოქროპირი სიტყვაში "მეზვერესა და ფარისეველზე" (PG 62,727). წმ. მელეტი აღმსარებელი ამბობს, რომ საჭიროა ორშაბათობით მარხვა, რათა კვირა მარხვითვე იწყებოდეს (საფეხური 35).
დააკვირდი, რადგან ღანგრის 19-ე კანონი ანათემას გადასცემს მათ, ვინც არა სხეულებრივი უძლურების, არამედ საკუთარი მოსაზრებებითა და ღვთისმოსაობის მომიზეზებით არღვევს ყველასთვის გადმოცემულ მარხვებს, ყველას, - მღვდელმსახურებსაც და ერისკაცებსაც - დიდ ორმოცეულთან ერთად კიდევ სამი მარხვის დაცვა მართებს. მხედველობაში მაქვს ორმოცდღიანი მარხვა, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ ქრისტეს შობის საპატივცემოდ, ასევე იმისთვის, რომ აღვხოცოთ ჩვენი ცოდვები. შემდეგ, ვიცავთ ე. წ. მოციქულთა მარხვას, რომელიც აღესრულება არა იმათ გამო, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს, და არც სულიწმიდის გარდამოსვლის გამო, არამედ უპირველესად და უმთავრესად წინმსწრები შვიდდღიანი შერბილების გამო, როგორც ნათქვამია "მოციქულთა დადგენილებებში" (წიგნი 5, თ. 20) (PG 1, 900В–901), შემდეგ კი იმ მიზეზითაც, რომ ღვთაებრივი მოციქულები, სანამ მათ წარაგზავნიდნენ საქადაგებლად, მარხულობდნენ: "მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს" (საქმე 13:3). ასეა ნათქვამი "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაშიც" (გვ. 109). ამ მარხვას ახსენებს ათანასე დიდიც (სიტყვა ბრალმდებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ადანაშაულებდნენ მას გაქცევაში დევნულების დროს): "წმიდა სულთმოფენობის შემდგომ შვიდეულში ერმა დაიწყო მარხვა და სასაფლაოზე გამოვიდა ლოცვისთვის" (Athanas. Alex. Apol. de fuga sua 6 // PG 25b, 652B.), – ასევე წმ. ნიკიფორე 19-ე განწესებაში. მესამე მარხვა, აგვისტოშია - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საპატივცემოდ, რომელიც, სიმეონ თესალონიკელის თქმით, კიდევ უფრო გულმოდგინედ მარხულობდა, როდესაც მოახლოვდა მისი მიძინების დრო (პასუხი 54) (PG 155,901В).
ეს მარხვები უნდა დავიცვათ არა მშრალად, როგორც დიდი მარხვა, არამედ უფრო მსუბუქად, ნებადართულია ღვინო, ზეთი და თევზი, გარდა ამ მარხვების ოთხშაბათ-პარასკევებისა და აგვისტოს მარხვისა, რომლის დროსაც თევზს მივირთმევთ მხოლოდ ერთხელ, ფერიცვალების დღესასწაულზე.
მართალია, ეს მარხვები არ დაუწესებიათ მოციქულებს, მაგრამ ჩვენი ისინი უნდა დავიცვათ და მამათა გადმოცემები ჩვეულების სიძველის გამო უნდა შევასრულოთ, რომელთაც, წმიდა და სამოქალაქო კანონების თანახმად, რჯულის ძალა გააჩნიათ. ესეც არ იყოს, ბასილი დიდის თანახმად (70-ე ზნეობრივი განწესება), "იმაშიც კი, რაც წერილით არ არის განსაზღვრული, ყველანი სასარგებლო და სასიკეთო საქმისკენ უნდა წავაქეზოთ" (Basil. Magn. Moralia 70.8 // PG 31, 824В.). აგვისტოს მარხვა ნახსენებია ნიკოლოზის მე-3 კანონში; აგვისტოსა და 40 დღიან საშობაო მარხვებს ახსენებს "ერთობის ტომოსი" (იხ. ასევე შენიშვნა ნეოკეს. მე-3 კანონზე). შედეგად, ისინი, ვინც ამ სამი მარხვის დროს მხოლოდ შვიდ დღეს მარხულობენ, განიკითხებიან, როგორც უძველესი საეკლესიო დადგენილების დამრღვევნი.
3. თუკი მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს მსგავსია ორმოცეულის მარხვისა, მაშინ ნათელია, რომ, როგორც ორმოცეულში არ აღესრულება ქორწინება ლაოდიკიის 52-ე კანონის თანახმად, ასევე არც ოთხშაბათსა და პარასკევს უნდა აღესრულებოდეს იგი. ასე შემთხვევაში ნათელია ისიც, რომ მეუღლეებს არ მართებთ ხორციელი კავშირის დამყარება ოთხშაბათ-პარასკევობით მარხვის სიწმიდისა და პატივის გამო, როგორც არ მართებთ ამისი გაკეთება ორმოცეულის მარხვაში. რადგან არასწორია, ერთი მხრივ, დაიცვა ეს მარხვები საკვებისგან თავშეკავებით, და მეორე მხრივ - დაარღვიო იგი ხორციელი შეერთებით და სიამტკბილობით. ამიტომაც ამ დღეებში საჭიროა მარხვა, და ანალოგიურად, თავშეკავება მარხვაში აკრძალული საკვებისგანაც და ხორციელი მოსურვებისგანაც. წინასწარმეტყველი იოველიც მინიშნებით ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ მარხვის დროს მეუღლეებს უბიწოება მართებთ: "... წმიდა ჰყავით მარხვა და ქადაგეთ მსახურება, ... გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი - სანთიობოდან!" (იოველ 2:15-16).
ღვთაებრივი პავლე კი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ მეუღლეები ურთიერთთანხმობით უნდა იკავებდნენ თავს ხორციელი კავშირისგან, რათა "მოიცალოთ ლოცვისთვის და მარხვისთვის" (იხ. 1 კორ. 7:5), ანუ თავი უნდა შეიკავონ მარხვის დროს, როგორც ვთქვით, და იმ დროს, როდესაც ლოცულობენ და ემზადებიან საღმრთო საიდუმლოთათვის, ასევე შაბათსა და კვირას, ტიმოთე ალექსანდრიელის 13-ე კანონის თანახმად, და საერთოდ ყველა დღესასწაულზე, როდესაც სულიერი მსხვერპლი აღევლინება ღმერთს. იხილე ასევე შენიშვნა 1-ლი VI მსოფლიო კრების 13-ე კანონზე და შენიშვნა დიონისე ალექსანდრიელის მე-3 კანონზე.
იხილე ასევე ბალსამონის 50-ე პასუხი მარკოზს, რომელშიც ის ამბობს, რომ მეუღლეები, რომლებიც თავს არ იკავებენ დიდ ორმოცდღიან მარხვაში, არა მარტო ზიარება უნდა აეკრძალოთ პასექზე, არამედ ეპითიმიაც განესაზღვროთ, რათა გამოსწორდნენ. ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ ოქროპირს (სიტყვა ქალწულობის შესახებ. Слово о девстве. Т. 6. С. 260) მოწმობად მოჰყავს ხსენებული ადგილი იოველიდან და ამბობს: "თუკი ახალდაქორწინებულთ, რომლებშიც ვნებები ბობოქრობენ, ახალგაზრდობა იფურჩქნება და შეუკავებელია ლტოლვა, არ მართებთ ერთმანეთთან კავშირი მარხვისა და ლოცვის ჟამს, მითუმეტეს დანარჩენ ცოლ-ქმრულ წყვილებს, რომლებიც ხორცის ასეთ ძალმომრეობას არ განიცდიან" (Ioan. Chrysost. De virgin. 30 // PG 48, 554).
ხოლო იმის შესახებ, რომ ძველი ქრისტიანები მშრალად მარხულობდნენ მთელ ორმოცეულს და საღამომდე არაფერს ჭამდნენ, ისმინე ღვთაებრივი ოქროპირისა, რომელიც ამბობს: "ზოგიერთნი, ერთმანეთთან ჯიბრით, საკვირველ ასპარეზს ეძლევიან: ერთნი ორი დღით არაფერს ჭამენ, სხვებს კი თავიანთი ტრაპეზიდან გააქვთ არა მარტო ღვინო და ზეთი, არამედ ყოველგვარი საკვები, და ასე იქმან მთელი ორმოცეულის განმავლობაში, როდესაც იხმევენ მხოლოდ პურსა და წყალს". და კიდევ: აი, დღეს მთელი დღე უჭმელად გავატარეთ, საღამოს კი ვიტრაპეზებთ" (ჰომ. მე-4 ქანდაკებათა შესახებ (Idem. Ad popul. Antioch. 4. 6 // PG 49, 68).
4. აქედან ნათელი ხდება, თუ როგორ კიცხევას იმსახურებენ ისინი, რომლებმაც ღვინითა და ზეთით გახსნილების განაწესებით აავსეს ახალგამოცემული ჟამნები არა მარტო დიდ წმინდანთა ზეიმობის დღეებში, არამედ მცირე წმინდანთა ხსენების დღესაც, რომელთაც, მარტივად რომ ვთქვათ, არა გააჩნიათ დიდებისმეტყველება, თუმცა ასეთი ნებართვები არ არსებობს დღემდე დაცულ უძველეს ხელნაწერ თუ ბეჭდვით ჟამნებში. ამიტომაც, ვინც კი შეიტყობს ამის შესახებ გამოსწორდეს და უფრო ძველ ჟამნებსა და წეს-განგებებს უნდა მიჰყვეს, ვიდრე ახალს.
მარხვების შესახებ ჩვენი სიტყვის დასასრულს აქ კიდევ დავამატებთ იმას, რომ ეს სამი მარხვა: საშობაო, წმიდა მოციქულთა და აგვისტოს მარხვა - დაკანონებულია სიმეონ თესალონიკელის მიერაც (პასუხი 54) (PG 155, 900D–901AB.), და ძველად ცნობილი "მოციქულთა დადგენილებების" მიერაც, ასევე იერუსალიმისა და სტოდიის საზოგადო ტიპიკონებითაც, ასევე წმიდა მთის სამეფო მონასტრების კერძო ტიპიკონებმა (რომლებიც დააფუძნა ბიზანტიის იმპერატორთა ქრისობულმა). და თვით ის, რომ ორმოცეული იწოდება დიდ მარხვად, აჩვენებს, რომ არის სხვა მარხვებიც, მაგრამ სიმეონ თესალონიკელის მოსწრებული შენიშვნის თანახმად, ეს მარხვა მათ აღემატება (პასუხი 56) (PG 155, 908CD).
ამრიგად, საშობაო და მოციქულთა მარხვებში, წეს-განგებების თანახმად, სამშაბათსა და ხუთშაბათს ნებადართულია ზეთისა და ღვინის, მაგრამ არა თევზის ჭამა. ხოლო ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით ჩვენ არც ზეთს ვჭამთ, არც ღვინოს და თუკი ამ დღეებში მოუწევს "ალილუიას" მსახურება, ანუ მსახურება ისეთი წმინდანის მიმართ, რომელსაც არ გააჩნია დიდებისმეტყველება, მაშინ მარხვა უწევს მეცხრე ჟამნამდე, საჭმლის ჭამა ნებადართულია დღეში ერთხელ და ისიც მშრალად. თუმცა, თუკი მოუწევს მსახურება წმინდანზე, რომელზეც განწესებულია დიდებისმეტყველება, მაშინ საკვებს დღეში ორჯერ მივიღებთ.
ამ მიზეზით ბალსამონიც თავის 54-ე პასუხში განაწესების თანახმად ამბობს, რომ ვინც თავშეუკავებლობის გამო დღეში ორჯერ ჭამს საჭმელს შობის, მოციქულებისა და აგვისტოს მარხვების დროს, და არა ხორციელი უძლურებისა და საჭიროების გამო, ამით უგულებელყოფს მთელი დღის თავშეკავებას და ეპითიმია უნდა განესაზღვროს (Греко-римское право. С. 338).
70
ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), (სასულიერო დასიდან) განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს.
(მოც. 7,64,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38; კართ. 51,73,106).
განმარტებანი:
ზონარა. ადრე გადმოცემულ კანონთა თანახმად, თუკი ის, ვინც თანაზიარობისგან განკვეთილთან ან სასულიერო პატივაყრილთან ერთად ილოცებს ეპითიმიის ქვეშ ექცევა, ის, ვინც იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად ან მათთან ერთად იმარხულებს, ან კიდევ მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (ანუ არა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც განკვეთილ იქნენ ან თანაზიარობას არიან მოკლებულნი, არამედ ქრისტეს მკვლელთა და მორწმუნეთა საზოგადოებას მოშორებულთაგან, ან უკეთესი იქნება ვთქვათ - წყეულ ადამიანთაგან) როგორი ღირსეულიც გინდ იყოს - ხელდასხმული უნდა დაემხოს, ერისკაცი კი ზიარებისგან განიკვეთოს. რადგან ამგვარი, თუმც არათანამოაზრეა მათი, მაინც ბევრ მიზეზს იძლევა საცდურისთვის და ეჭვს აღძრავს საკუთარი თავის მიმართ, თითქოსდა პატივს მიაგებდეს იუდაურ წეს-ჩვეულებებს. ამასთან ერთად ვფიქრობთ, რომ ის იბილწება იმათთან ურთიერთობით, რომელთაც ღმერთმა ქრისტეს მკვლელობამდე წინასწარმეტყველთა მიერ უთხრა: "მარხვა, უქმობა და დღესასწაულნი თქვენნი შეიძულა ჩემმა სულმა" (ეს. 1:14). ლაოდიკიის კრბის 29-ე კანონიც განსაზღვრავს, რომ ქრისტიანმა არ უნდა იდღესასწაულოს შაბათს, ხოლო ვინც იუდეველობს იმას უცხადებს ანათემას. ასევე კართაგენის კრების 71-ე კანონი კრძალავს დღესასწაულობას და ნადიმობას ელინებთან (წარმართებთან) ერთად.
ბალსამონი. წმიდა მოციქულები, რომლებიც სხვა კანონებში განსაზღვრავენ, თუ რა ეკუთვნით იმათ, ვინც ლოცულობენ მწვალებლებთან ან განკვეთილებთან ერთად, ახლა განსაზღვრავენ: ვინც იმარხულებს იუდეველებთან ერთად ან მაცას მიიღებს ან კიდევ (მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ) სხვა რაიმე ძღვენს - კლირიკოსი პატივისგან უნდა დაემხოს, ერისკაცი კი განიკვეთოს ზიარებისგან. მაგრამ ნუ იტყვი, რომ ესენი იუდეველობდნენ და იუდეველთა თანამოაზრენი იყვნენ, რადგან ამდაგვარნი დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებარონ არა მარტო დამხობას და განკვეთას ზიარებისგან, არამედ სრულ მოკვეთას, როგორც ამას ბრძანებს ლაოდიკიის კრების 29-ე განწესება. არამედ იცოდე, რომ ამდაგვარნი მართლმადიდებელნი არიან, ოღონდ უგულებელყოფენ საეკლესიო გადმოცემებს და უდარდელად ცხოვრობენ; ამიტომაც მათ, როგორც საცდურთა წარმომქმნელთ, უფრო შემწყნარებლურად სჯიან.
ამიტომაც ჩვენ, რომლებსაც გვწამს და ყველაფერს ვაკეთებთ არა იუდეველთა და სხვა მწვალებელთა თანხმიერად, უეჭველად გავიხსნილებთ მარხვას, როდესაც ისინი შესაძლოა ნინევიელთა მუქარის ან სხვა რომელიმე მათი მოჩვენებითი მიზეზების გამო მარხულობენ. ხოლო იქიდან, რომ პატივისგან დაემხობიან და ზიარებისგან განიკვეთებიან იუდეველთა დღესასწაულის აღმნიშვნელი რაიმე ძღვენის მიმღებნი, იქნება ეს მაცა თუ სხვა რამ, მრავალი ასკვნის, რომ ამით იმხილებიან მაცაზე საიდუმლო წირვის აღმასრულებელნიც, რადგან, ამბობენ: თუკი იუდეველთა უფუარის (მაცის) ოდენ შეჭმა დამხობასა და განკვეთას იწვევს, როგორ არ უნდა დაექვემდებაროს განკითხვას და დასჯას მათით, როგორც საუფლო მსხვერპლით ზიარება და იუდეველთა მსგავსად უფუარ პურზე პასექის აღსრულება? ამრიგად, დაიმახსოვრე ეს კანონი და იხილე ასევე კართაგენის კრების 71-ე განწესება.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), (სასულიერო დასიდან) განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს.
(მოც. 7, 65, 71; VI მსოფლ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29, 37, 38; კართ. 60, 81, 117.)
განმარტება:
თუკი მათ, ვინც მხოლოდ ილოცებენ განკვეთილთან ან პატივაყრილთან ერთად, განკვეთენ ან პატივს ჰყრიან, რამდენად უფრო უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც მარხულობენ და დღესასწაულობენ ქრისტეს მკვლელ იუდეველებთან ერთად. ამგვარი რამის მოქმედ კლირიკოსს პატივს ჰყრიან, ხოლო ერისკაცს ზიარებისგან განკვეთენ. ამიტომაც წინამდებარე კანონი განსაზღვრავს: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს პასექს ან სხვა დღესასწაულებს, ან რაიმე ძღვენს მიიღებს მათი დღესასწაულებიდან, მაგალითად, მაცას (1) (რომელსაც ისინი თავიანთი პასექის დღეებში და ყველა დღესასწაულზე ჭამენ და, სწირავენ თავიანთი მსხვერპლშეწირვისას) ან კიდევ რაიმე მსგავსს, - უნდა დაემხოს პატივისგან, ხოლო თუ ამას ერისკაცი გააკეთებს, უნდა განიკვეთოს ზიარებისგან.
ამგვარი ძღვენის მიმღებნი, ვინც მარხულობენ და დღესასწაულობენ იუდეველებთან ერთად, რომც არ მისდევდნენ მათ სწავლებას (წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა არა მათი დამხობა და განკვეთა, არამედ ლაოდიკიის კრების 29-ე კანონის თანახმად - ანათემაზე გადაცემა), მაინც იძლევიან მიზეზს საცდურისთვის და ეჭვს აღძრავენ, ხომ არ მიაგებენ პატივს იუდაურ წეს-ჩვეულებებს - რაც მართლმადიდებელთათვის უცხოა. ხოლო საერთოდ ეჭვიც კი არ შეიტანო იმაში, რომ ისინი იბილწებიან ქრისტეს მკვლელებთან ურთიერთობით, რომელთაც ღმერთმა უთხრა: "მარხვა, უქმობა და დღესასწაულნი თქვენნი შეიძულა ჩემმა სულმა" (ეს. 1:14).
იხ. ასევე მოც. მე-7 კანონის განმარტება.
შენიშვნები:
1. მიაქციე ყურადღება: წინამდებარე კანონიდან გამოდის, რომ მსგავსადვე უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც იღებს და ჭამს აგარიანელთა (მაჰმადიანთა) სამსხვერპლო კრავს, განსაკუთრებით მათ ღვთითსაძაგელ ბაირამობებზე, ასევე იმის ჭამა, რაც მიღებულია მათში ბავშვთა წინადაცვეთის მათი სატანური და ღმრთითსაძაგელი რიტუალის დროს.
ამ კანონიდან ნათელი ხდება, როგორი გაკიცხვის ღირსნი არიან ლათინები, რომლებმაც დაუშვეს სიახლე საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოში და მასში იუდაური მაცა შემოიტანეს. ხოლო მაცის ჭამა სიახლო რომ არის - აშკარაა. ქრისტეს დროიდან ვიდრე 1053 წლამდე დასავლეთის ეკლესიაში ლიტურგია აფუებულ პურზე ტარდებოდა, ხოლო 1053 წლიდან ლეონ IX გახდა პირველი, ვინც მაცა შემოიღო. უდიდესი სიცრუე აღმოჩნდა ლათინთა მიერ მოტანილი არგუმენტი, თითქოსდა უფალმა საიდუმლო სერობა მაცაზე აღასრულა.
ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ ნაპოვნი იქნა ის აფუებული პური, რომელიც უფალმა მისცა მოციქულებს. ნიკოლოზ ჰიდრუნტოსი (Νικόλαος Ὑδροῦντος – "აპოკ." რედ.) თავის სიტყვაში მაცის წინააღმდეგ მოგვითხრობს, რომ როდესაც ფრანკებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, მათ სამეფო საცავში იპოვეს პატიოსანი ძელი, ეკლლის გვირგვინი, მაცხოვრის სანდლები და ერთი სამსჭვალი. ხოლო მარგალიტით დამშვენებულ ოქროს ჭურჭელში მათ ასევე იპოვეს პური, რომელიც ქრისტემ მიაწოდა მოციქულებს, ამიტომაც ამ ჭურჭელს ჰქონდა ასეთი წარწერა: "აქ დევს საღმრთო პური, რომელიც ქრისტემ გაუყო თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობაზე, და უთხრა: "მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი" (მთ. 26:26). რადგან ეს პური აფუებული იყო, მისმა მპოვნელმა დასავლელმა ქრისტიანებმა და ალვისტანიელმა ეპისკოპოსმა, ბეთლემის ეპისკოპოსად წოდებულმა, სცადეს მისი გადამალვა, მაგრამ, ღმრთის განგებით, ვერ შეძლეს. ამისტორიის ჭეშმარიტებას ადასტურებს გეორგი კერკირელი, რომლის მოღვაწეობის გაფურჩქვნა უწევს დაახლოებით 1146 წელს.
მეორე მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ჯერ იოანე იერუსალიმელმა, შემდეგ კი, მის მსჯელობაზე დაფუძნებით, მრავალგანსწავლულმა ევსტრატი არგენტისმა შეადგინეს თხზულება მაცის წინააღმდეგ და წერილის ეჭვმიუტანელი სიტყვებით დაამტკიცეს, რომ უფალს საიდუმლო სერობაზე არ უჭამია რჯულიერი პასექი და, შედეგად, აღასრულა საიდუმლო სერობა არა მაცაზე, არამედ აფუებულ პურზე.
წაიკითხე ასევე დოსითეოსი (წიგნი 8, თ. 12) და ნიკოლოზ ბულგარისი (წმიდა კატეხიზმო).
71
ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს.
(მოც. 7,64,70; ტრულ. 11,94; ანკვ. 7,24; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38,39; კართ. 21).
ზონარა. "ეკლესიიდან მოიკვეთოს", რადგან ზეთი მიაქვს და სანთელს ანთებს იმიტომ, რომ პატივს მიაგებს იუდეველთა და წარმართთა ჩვეულებებს. ხოლო თუკი პატივს მიაგებს მათ ღვთისმსახურებას, უნდა ვიფიქროთ, რომ მათნაირად აზროვნებს.
არისტინე. კანონი 70. ერისკაცი, რომელიც იუდეველობს ან წარმართების თანხმიერად აზროვნებს, განკვეთე.
კანონი 71. კლირიკოსი დაამხე თავისი პატივისგან. ვინც იუდეველთა თანხმიერად აზროვნებს ან მათთან ერთად მარხულობს, ან დღესასწაულობს, თუ კლირიკოსია პატივაყრილ უნდა იქნას, ხოლო თუ ერისკაცი, ეკლესიიდან განიკვეთოს.
ბალსამონი. სხვა ადგილას ნათქვამია, რომ არაფერი აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან (2 კორ. 6:14-15). ამიტომაც წინამდებარე კანონის თანახმად უნდა განიკვეთოს ის ქრისტიანი, რომელიც დღესასწაულობს რომელიც გინდა ურწმუნოსთან ერთად, ან ანთებს კანდელს, ან სანთელს მათ ცრუ ღვთისმსახურებაზე; რადგან ასეთი ურწმუნოთა თანამოაზრედ ჩაითვლება. წინამდებარე კანონის მიხედვით ასეთი შემწყნარებლურად ისჯება, მაგრამ სხვა კანონთა მიხედვით უფრო მკაცრ სასჯელებს ექვემდებარება.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს.
(მოც. 7, 65, 70; VI მსოფლ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29, 37, 38; კართ. 69.)
განმარტება:
წინა კანონის მსგავსად, ესეც განკვეთს იმ ქრისტიანს, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართთა ან კერპთაყვანისმცემელთა ტაძარში, ან კიდევ იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულების დროს და აანთებს მათ სანთლებს. ამ საქციელიდანაც ნათელი ხდება, რომ ის ჭეშმარიტად მიიჩნევს მათ ცრუჩვეულებებსა და ბილწ საიდუმლოებებს.
წაიკითხე ასევე მოც. მე-7 კანონის განმარტება.
72
თუ ვინმემ, იქნება ის კლირიკოსი თუ ერისკაცი, წმიდა ეკლესიიდან ცვილი ან ზეთი მიიტაცოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს და ხუთწილად გადაიხადოს, რაც წაიღო.
(მოც. 25,38,73; ანტიოქ. 25; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8).
არისტინე. ვინც ეკლესიისდან მიიტაცებს ცვილს ან ზეთს განიკვეთება, თანაც წაღებული ხუთმაგად უნდა ზღოს. კანონთა სრული კრებული ითხოვს, რათა და დაბრუნებულ იქნას არა წაღებულის ხუთმაგი ოდენობა, არამედ მხოლოდ მიტაცებული და კიდევ მისი მეხუთედი ნაწილი.
ბალსამონი. კანონი ამბობს, რომ ყოველი მართლმადიდებელი, რომელიც ეკლესიიდან აიღებს ცვილს ან ზეთს, უნდა განიკვეთოს. მაგრამ ნუ იფიქრებ, ეს აღება მოპარვას ნიშნავდეს. რადგან ვინც ეკლესიიდან ცვილს ან საეკლესიო ზეთს ამგვარი განზრახვით წაიღებს უნდა დაისაჯოს, როგორც მკრეხელობის ჩამდენი. აქ კი ჩათვალე, რომ ისჯება ის, ვინც უბრალოდ აიღო და ჩვეულებრივ გამოიყენა ის, რაც ღმერთისთვის იყო შეწირული, გინდ ტაძრის წინამძღვარი იყოს ან ვინმე მომსახურე პირი.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: თუ ვინმემ, იქნება ის კლირიკოსი თუ ერისკაცი, წმიდა ეკლესიიდან ცვილი ან ზეთი მიიტაცოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს და ხუთწილად გადაიხადოს, რაც წაიღო.
(მოც. 73; ორგზ. 10; გრიგ. ნოს. 8).
განმარტება
წინამდებარე კანონი განსაზღვრავს, რომ კლირიკოსი ან ერისკაცი, რომელიც ეკლესიიდან ცვილს ან ზეთს აიღებს და არა საღმრთო დანიშნულებით, არამედ ყოველდღიურობისთვის გამოიყენებს, უნდა განიკვეთოს. და როდესაც მთლიანად დააბრუნებს მათ იმავე ეკლესიაში, ანუ იმ ოდენობით, რა რაოდენობითაც წაიღო, კიდევ ზედმეტად ეკლესიას წაღებულის ღირებულების მეხუთედი უნდა დაუმატოს. არისტინეს განმარტებაშია - "ხუთმაგად უნდა ზღვიოს", ასე რომ, მისი აზრით, კანონი ბრძანებს, თუკი მკრეხელმა უნდა დააბრუნოს ცვილი ან ზეთი, რომელიც აიღო, კიდევ ხუთმაგად უნდა დააბრუნოს. იოსებ ეგვიპტელი, რომელმაც კანონთა პერიფრაზი გააკეთა არაბულ ენაზე, სიტყვები "ერთი მეხუთედი ნაწილი" ასევე გადათარგმნა, როგორც "ხუთმაგად მეტი", და მიუხედავად ამისა პირველი განმარტება უკეთესია. რადგან ნაყოფთა მეხუთედი ან მეათედი ნაწილი, რომელსაც ებრაელები აძლევდნენ მღვდელმსახურებს და, რომლის შესახებაც წმიდა წერილის მრავალ ადგილზეა ლაპარაკი, არ ნიშნავს ხუთმაგ ან ათმაგ რაოდენობას, არამედ ხუთის ან ათის ერთ ნაწილს. ამიტომაც კანონთა ანონიმურმა კომენტატორმაც ეს გამოთქმა განმარტა, როგორც "მეხუთედი ნაწილი".
შეთანხმება:
ორგზ. კრების 10-ე კანონი ბრძანებს: "კლირიკოსები, რომელნიც, როგორც ქურდები, არა სამღვდელო მიზნებისთვის მიიტაცებენ წმიდა საკურთხეველში არსებულ სამღვდელო შესამოსელსა თუ წმინდა ჭურჭელს, საბოლოოდ დაემხობიან თავიანთი პატივისგან. ამ საგანთა გამოყენება არა სამღვდელო საჭიროებებისთვის, - ეს არის სიწმიდის შეურაცხყოფა, ხოლო მათი მიტაცება - მკრეხელობა.
მათ, ვინც საკუთარი ან სხვისი გამოყენებისთვის მიიტაცებს წმიდა საკურთხევლის გარეთ არსებულ ჭურჭლებსა და შესამოსელს, წმიდა მოციქულთა 73-ე კანონი განკვეთს, და ჩვენც მათთან ერთად განვკვეთთ. ხოლო იმათ, ვინც ამ საგნებს ტაძრიდან სამუდამოდ იპარავენ, სიწმიდეთმკრეხელთა ეპითიმიას ვუქვემდებარებთ". სიწმიდეთმკრეხელობისთვის სასჯელი, გრიგოლ ნოსელის მე-8 კანონის თანახმად, ძველაღთქმისეულ წერილში მკვლელობაზე უმცირეს სასჯელს როდი იმსახურებდა: როგორც მკვლელი, ასევე სიწმიდეთმკრეხელი ერთნაირ დასჯას ექვემდებარებოდნენ - ჩაქოლვას (რაც ნათელყოფილია აქარის, ქარმის ძის მაგალითიდანაც (იხ. ნავ. 7).
მაგრამ საეკლესიო ჩვეულებით ამ შემთხვევისთვის დაშვებულია შემწყნარებლობა, ასე რომ სიწმიდეთმკრეხელობა ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე მრუშობა (1). პაპი ბონიფაციუს V ამბობს, რომ სიწმიდეთმკრეხელობა ნებისმიერ დროს ანათემას უნდა გადაეცეს.
შენიშვნები:
1. შენიშნე, რომ "დიგესტების" 48-ე წიგნის 19-ე ტიტლოსის 16-ე დადგენილების თანახმად, როგორც ამას ამბობს ფოტის "ნომოკანონი" (ტიტლ. მე-2; თ. მე-2), - ქურდს სიწმიდეთმკრეხელისგან განასხვავებს ადგილი; ანუ თუკი ადგილი, საიდანაც იყო მოტაცებული ნივთი წარმოადგენს წმიდა ტაძარს, მოტაცება სიწმიდეთმკრეხელობად იწოდება, ხოლო თუკი ადგილი ჩვეულებრივია - უბრალოდ ქურდობად.
მაგრამ სიწმიდეთმკრეხელობის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, თუ როგორი სახის ნივთია მიტაცებული. სამღვდლო საგნის მიმტაცებელი დაისჯება, როგორც სიწმიდეთმკრეხელი, ხოლო ვინც, მაგალითად, მიიტაცებს ვინმეს კუთვნილ ხატს ან რაიმე სხვა ნივთს დაისჯება როგორც ქურდი (მიაქციე ამას ყურადღება, რადგან ზოგიერთის თქმით, ხატის ან წმინდანთა უხრწნელი ნაწილების, ან კიდევ წიგნის მპარავი ქურდი არ არის, რადგან ღვთისმოშიშების გამო იპარავს; ასეთებს კი აქ ქურდს უწოდებენ და შესაბამისად სჯიან). ამიტომაც ტაძრიდან ფულის მოპარვა, რომელიც ეკუთვნოდა კერძო პირს, არ არის სიწმიდეთმკრეხელობა, არამედ უბრალო ქურდობაა, ხოლო იმგვარ საგანთა მოპარვა, რომელიც შეწირულია ღმრთისთვის, თუნდაც ჩვეულებრივი ადგილიდან მიიტაცონი იგი, - სიწმიდეთმკრეხელობაა.
მითუმეტეს სიწმიდეთმკრეხელია ის, ვინც წმიდა ადგილიდან იპარავს და თანაც ისეთ საგნებს, რომლებიც შეწირულია ღმრთისთვის. წმიდა (სამღვდლო) საგან კი არის ის, რომელიც მღვდელმა სახალხოდ შეწირა ღმერთს. რადგან კერძო პირთა კუთვნილი საგნები - არიან არა წმიდა, არამედ ჩვეულებრივი და არა სამღვდლონი. ამიტომაც არასამღვდლო წმიდა საგნები შეიძლება გაიყიდონ, ან გაჩუქებულ იანენ, და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ვიღაცის გამგებლობაში, ხოლო სამღვდლო წმიდა საგნები მხოლოდ საეკლესიო მღვდელმსახურთა განკარგულებაში იმყოფებიან.
მიაქციე ასევე ყურადღება, რომ არმენოპოლის თანახმად (წიგნი მე-6, ტიტლ. მე-5), იმას, ვინც წმიდა საკურთხეველში შევა და მიიტაცებს იქ მუდმივად მყოფ რაიმე სამღვდლო ჭურჭელს, ორივე თვალთ აბრმავებენ. ხოლო თუკი ვინმე საკურთხევლის გარეთ მდებარა საგანთაგან რაიმეს მიიტაცებს სხვა ტაძრისთვის, ქურდს, როგორც კი შეპყრობილ იქნება, დაუქვემდებარებენ სხეულებრივ სასჯელს, გაკრეჭენ და განდევნიან.
დასასრულს, ისინი, ვინც რაიმეს იტაცებენ საზოგადო ტაძრებიდან, - სიწმიდეთმკრეხელნი არიან და დაისჯებიან როგორც ასეთნი, ხოლო ისინი, ვინც იტაცებენ რაიმეს კერძო ტაძრებიდან და თანაც კერძო პირთა კუთვნილ სამღვდლო საგნებს, რომლებიც უმეთვალყურეოდ ჰქონდათ მიტოვებული, უფრო მკაცრად დაისჯებიან ვიდრე ქურდები, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე სიწმიდეთმკრეხელნი (წიგნი "დიგესტები", 48, ტიტლ. 13, დადგენილება ბ; ფოტიოსი ტიტლ. 2, თ. 2).
"ნოველების" მე-2 ტიტლოსის 1-ლი დადგენილება სასჯელს უქვემდებარებს მათ, ვინც მარხავს სამღვდლო ჭურჭელს, ან ჰყიდის მათ ან კიდევ ადნობს ან აუცხოვებს ეკლესიისგან, რომელსაც ისინი ეკუთვნოდა, და სხვას აძლევს მფლობელობაში. ეს ყველაფერი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამოღებული თანხა გამოყენებულ იქნება ტყვეთა განთავისუფლებისათვის. ხოლო თუკი ეს ჭურჭლები - ზედმეტია და ისე მოხდება, რომ მათ მფლობელ ეკლესიას აქვს ვალი, მაშინ მას ნება ეძლევა დამოუკიდებლად მიჰყიდოს ის სხვა ეკლესიებს, რომელთაც ისინი არა აქვთ, ან გადაადნოს და მოგებული თანხა მისცეს ვალის დასაფარად, რათა ეკლესიას არ წაერთვას უძრავი ქონება.
მე-10 წიგნის, მე-2 ტიტლოსის, მე-4 დადგენილება განსაზღვრავს, რომ მემკვიდრეებმა არ უნდა აიღონ სიწმიდეთმკრეხელობით მიღებული მონაგარი. ის, ვინც სამღვდლო ჭურჭელს ან შესამოსელს იყიდის ან იღებს მათ გირაოს სახით, მიცემულ ფულს დაკარგავს, ხოლო სამღვდლო ნივთებს, ეპისკოპოსთა და იკონომოსთა მეშვეობით, დაუბრუნებს ეკლესიას, რომელსაც ისინი ეკუთვნოდა. "კოდექსის" 1-ლი წიგნის, მე-2 ტიტლოსის 17-ე დადგენილების მიხედვით, ჭურჭლები რომც გადაადნონ, ეკლესიამ უნდა მოითხოვს მათი ღირებულება.
რადგან, 48-ე წიგნის, მე-4 ტიტლოსის 1-ლი დადგენილების თანახმად, სახელმწიფოს ღალატი სიწმიდეთმკრეხელობის ტოლფასია, ამ დანაშაულში შთავარდნილი ადამიანი დაისჯება, როგორც სიწმიდეთმკრეხელი.
"ბასილიკონის" 66-ე წიგნის 1-ლი თავის 36-ე ტიტლოსის მიხედვით, სახელმწიფოს ღალატი მდგომარეობს იმაში, როდესაც ვინმე უბედურებას შეჰყრის რომაელ ხალხს: მოტყუებით, იმპერატორის განკარგულების გარეშე, ქალაქში შეიყვანს შეიარაღებულ პირებს ამავე ქალაქის დამცველ მეომართა წინააღმდეგ, ან დაიპყრობს და ძალდატანებით დაიკავებს წმიდა ადგილს ან ტაძარს, ან კიდევ შემოიკრებს მეამბოხეეებს, ან მოკლავს მმართველს.
სახელმწიფოს ღალატად ჩაითვლება ასევე ის, თუკი ვინმე მტერს გაუგზავნის წერილს ან შეტყობინებას, ან მისცემს რაიმე ნიშანს, ან გაუწევს დახმარებას, ან აღძრავს მეომრებს ამბოხისკენ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მიაქციე ყურადღება, რომ ბალსამონიც ასხვავებს სამღვდლოსა და წმიდას შორის. ის ამბობს, რომ ყოველივე სამღვდლო და ღმრთისთვის მიძღვნილი წმიდაა, მაგრამ ყოველივე წმიდა ყოველთვის არ შეიძლება იყოს სამღვდლო, ანუ ღმრთისთვის მიძღვნილი და შეწირული. მაგალითად, ჯვრის გამოსახულება, ამოტვიფრული რომელიმე მონეტაზე, - წმიდაა, მაგრამ არა სამღვდლო (იგულისხმება, რომ ეს მონეტა ამავდროულად არ წარმოადგენს ღმრთისთვის მიძღვნილ ნივთს), ამიტომაც, ის, ვინც იპარავს ფულს ჯვრის ან ქრისტეს გამოსახულებით, ქურდად იწოდება და არა სიწმიდეთმკრეხელად.
73
ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, ნურავინ მიითვისებს საკუთარი საჭიროებისათვის - ეს უსჯულოებაა. მხილებული კი ასეთ ქმედებაში, ეკლესიიდან განყენებულ იქნეს.
(მოც. 25, 38, 72; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8; კირილე ალექს. 2).
ზონარა. ის, რაც ღმერთისთვის განკუთვნილია არ უნდა იქნას გამოყენებული ჩვეულებრივი საჭიროებისთვის (რადგან ნაკურთხია), და არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს რაიმე ჭურჭელი, ქსოვილი (რადგან კრეტსაბმელის სახელწოდებით კანონმა ყოველგვარ ქსოვილზე მიანიშნა), ზეთი თუ სანთელი. ეს საგნები იკურთხებიან ტაძარში მიტანით. ასევე ეკლესიიდან არ უნდა გაჰქონდეთ არც სანთელი, არც ზეთი, არც სხვა რაიმე ჭურჭელი, არც ქსოვილები, რომლებიც ღმერთს შეწირეს, და არ უნდა გამოიყენონ ისინი საკუთარი საჭიროებისთვის. ამგვარ ქმედებაში მხილებულნი დაექვემდებარებიან განკვეთას. აქარმა (ის. ნავ. 7) ღმრთისგან აიღო არა შეწირული ან ნაკურთხი, არამედ მხოლოდ შეპირებული, და, მაინც, სასჯელს დაექვემდებარა აქარიც და მთელი მისი ოჯახიც. ყველანი ჩაქოლეს (იეს. ნავ. 7).
არისტინე. ვინც საკუთარი საჭიროებისთვის მიისაკუთრებს წმიდა ჭურჭლებს უნდა განიკვეთოს. ვინც საკუთარი მოხმარებისთვის გამოიყენებს წმიდა საგნებს, - იქნება ეს ნაკურთხი ჭურჭელი თუ კრეტსაბმელი, ის უნდა განიკვეთოს, როგორც რჯულის დამრღვევი.
ბალსამონი. წინამდებარე კანონი განსაზღვრავს იგივეს, რასაც 72-ე კანონი, ანუ, არავინ არ უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივი საჭიროებისთვის ღმრთისთვის შეწირული და ტაძრებისთვის მიძღვნილი ნივთები, იქნება ეს ავეჯი, ქსოვილი თუ ჭურჭელი. რადგან კრეტსაბმელით აღინიშნება ყოველგვარი ქსოვილი. აქარმა, რომელმაც მიისაკუთრა ოქროს ენა ღმრთისთვის აღთქმული, თუმცა ჯერაც უკურთხებელი ნადავლიდან (იხ. ის. ნავ. 7:21. ძვ. ქართ. – "აპოკ." რედ.), მთელ თავის მოდგმასთან ერთად ჩაიქოლა. წაიკითხე ასევე I და II მსოფლიო კრებების 10-ე კანონი, რომელიც შედგა წმიდა მოციქულთა ტაძარში.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, ნურავინ მიითვისებს საკუთარი საჭიროებისათვის - ეს უსჯულოებაა. მხილებული კი ასეთ ქმედებაში, ეკლესიიდან განყენებულ იქნეს.
(მოც. 72; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8).
განმარტება:
ეს კანონი, წინა განწესების მსგავსად, კრძალავს წმიდა საგანთა გამოყენებას ჩვეულებრივი საჭიროებისთვის და განსაზღვრავს: დაე ნურავინ აიღებს და საკუთარი საჭიროებისთვის ნუ გამოიყენებს ოქროს და ვერცხლის ჭურჭელს, ან საეკლესიო კრეტსაბმელს და შესამოსელს, რომლებიც ნაკურთხია და მიძღვნილია ღმრთისთვის (1), რადგან მათი მისაკუთრება და გამოყენება - ღმრთითსაძულველი და ურჯულო საქმეა. თუკი აღმოჩნდება, რომ ვიღაცას ასეთი საქმე ჩაუდენია, ის უნდა დაექვემდებაროს განკვეთის ეპითიმიას, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ - უნდა განიკვეთოს. ხოლო თუ როგორ ისჯებიან ღმრთისგან ისინი, ვინც ბილწავს მისთვის შეწირულ საგნებს და მათ ჩვეულებრივი საჭიროებისთვის იყენებს, ყველაზე კარგად ჩანს მეფე ბალთაზარის მაგალითიდან. როდესაც მან შეურაცხყო ოქროს და ვერცხლის ჭურჭლები, რომელიც მამამისმა ნაბუქოდონოსორმა მოიტაცა იერუსალიმის საღმრთო ტაძრიდან, და შეურაცხყო ისინი მით, რომ მათგან სვამდა ღვინოს თვითონაც და თავისი დიდებულებიც, ხარჭებიც და ცოლებიც. იმავე ღამეს იქნა ის მოკლული, ხოლო მისი სამეფო მიდიელებმა და სპარსელებმა გადაინაწილეს (იხ. დან. 5). ხოლო პაპი სტეფანე, როგორც პლატინა ამბობს, საღმრთო შესამოსელს მღვდელიც კი ვერ გამოიყენებს არასაეკლესიო საჭიროებებისთვის. წაიკითხე ასევე ზემოთმოტანილი 72-ე კანონის განმარტება.
შენიშვნები:
1. მაგრამ, ყურადღება მიაქციე იმას, რომ იოანე კიტროელის მე-7 პასუხის მიხედვით, რომელიც ხელნაწერებშია დაცული, ინსტრუმენტები, რომლებიც გამოყენებულნი იყვნენ დაზიანებული საღმრთო ჭურჭლების შესარემონტებლად, არც გამოყენების გარეშე უნდა დარჩნენ და არც ზღვაში გადააგდონ, რადგან წმიდასთან შეხებით ისინი იმწამსვე როდი იკურთხებიან. და ის ადგილი, სადაც ოსტატები ადნობდნენ წმიდა ჭურჭლებს, არ უნდა აიღონ საფუძვლამდე ან დაფარონ სხვა მასალით, თითქოსდა იმიტომ, რომ ის ადგილი არ გაიქელოს. ჩვენი ხელები, რომლებიც ეხებიან ხან წმიდა საგნებს, ხან კიდევ ჩვენი სხეულის სიბილწეებს, ჩვენ არც წმიდად მივიჩნევთ და არც შებილწულად.
მსგავსადვე უნდა განვსაჯოთ ამ ინსტრუმენტების შესახებაც, თუკი ისინი საჯაროდ არ იყვნენ შეწირულნი საღმრთო ტაძრებისთვის, რადგანმაშინ ისინი წმიდად ითვლებიან. მაგრამ რომც ვთქვათ, მათ მიიღეს კურთხევაო, მას მაინც აუქმებს ცეცხლის ქმედითი ძალა. ამ მიზეზით საიმპერატორო კანონები განაწესებენ ვერცხლისა და ოქროს საეკლესიო ჭურჭლები ჯერ გადაადნონ და უკვე შემდეგ მისცენ ტყვეთა გამოსასყიდად. გარდა ამისა, წმიდა საეკლესიო შესამოსელი და მღვდელთა შესამოსელი გარეცხვის შემთხვევაში არ იბილწება.
თუკი, ნიკიფორეს 1-ლი კანონის მიხედვით, ანტიმინსი (ოდიკი - "აპოკ." რედ.), უცოდინრობის გამო გარეცხილი, არ კარგავს კურთხევასა და სიწმიდეს, და არ იბილწება, როგორ უნდა შეიბილწოს რეცხვით სხვა შესამოსელი? ხოლო ნიკიფორეს სიტყვებიდან "უცოდინრობით" ნათელი ხდება, რომ ასე უბრალოდ არ უნდა გავრეცხოთ ანტიმინსები და წმიდა თასების დაფარნები. თუკი ისინი საბოლოოდ უვარგისნი გახდებიან, ისევე, როგორც სხვა წმიდა შესამოსლები და კრეტსაბმელები, ზოგიერთი გვირჩევს დავწვათ ისინი (რაც ყველაზე უკეთესია), ან ჩავაგდოთ ზღვის სიღრმეში, ან კიდევ დავდოთ უვალ ადგილებში.
იხილე ახევე შენიშვნა ნიკიფორეს 1-ლი კანონზე.
74
ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, - მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს.
(მოც. 34,37,75; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).
ზონარა. 61-ე კანონშიც გვითხრეს, რომ ყველას როდი შეუძლია ეპისკოპოსის ბრალდება, არამედ მხოლოდ უმწიკვლო და მართლმადიდებელ ადამიანებს. ამაზე უთითებს წინამდებარე კანონიც სიტყვებით: "რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ". მაგრამ თუნდაც ასეთი ადამიანების მიერ იყოს დადანაშაულებული ეპისკოპოსი, არ უნდა იქნას ის განკითხული მისი არ ყოფნის დროს, არამედ მოუწოდონ მას, და, როდესაც მოვა, მოისმინოს, თუ რას ამბობენ მის წინააღმდეგ. და როდესაც მოისმენს, მან ან სამართლიანად უნდა აღიაროს მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებები, ანდა, თუ არ აღიარებს, მხილებულ უნდა იქნას, და ასეთი სახით გამოუტანონ მას განაჩენი. მაგრამ, თუკი მას გამოიძახებენ ერთხელ, და არ მოვა, მაშინ კანონი განაწესებს, რათა მეორედ გაუგზავნონ მას მოწვევა ორი ეპისკოპოსის მიერ. და თუკი ამ მიწვევასაც უყურადღებოდ დატოვებს, მაშინ კანონი ბრძანებს ძიებისთვის მას მოუწოდონ მესამედ, კვლავ ორი ეპისკოპოსის მეშვეობით; და ამგვარი ღონისძიებების შემდეგაც თუ არ მოვა, კრებას შეუძლია მის წინააღმდეგ მიიღოს განჩინება მხოლოდ ერთი მხარის (ანუ ბრალმდებელთა) მონაწილეობით, რათა, გამოკვლევისა და განაჩენის მომდევნო გადადება, სასამართლოს მოწოდებისგან უტიფარი თავის არიდებით, მომგებიანი არ აღმოჩნდეს მისთვის.
არისტინე. ეპისკოპოსი, რომელიც ბრალდებულია და გამოძახებული, მაგრამ უგულებელყოფს (ამ გამოძახებას) ორჯერ და სამჯერაც უნდა დაიბარონ; და თუ გაჯიუტდება, კრებამ თვითონ უნდა გამოიტანოს მის შესახებ განჩინება. ეპისკოპოსი, რომელიც გინდ დანაშაულში იყოს ბრალდებული კაცთა მიერ, რომლებიც ნდობას იმსახურებენ, და გამოძახებულ იქნება სასამართლოზე, მაგრამ არ დაემორჩილება ამ განკარგულებას, მაშინათვე არ უნდა იქნას გაკიცხული კრების მიერ, არამედ ორჯერ ან სამჯერ უნდა იქნას მოწოდებული და ყოველ მოწოდებაზე მიეგზავნოს ორი ეპისკოპოსი. თუკი მაინც გაჯიუტდება, უგულებელყოფს ამ მოწდებას და სასამართლოზე არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ, მხოლოდ ერთი (ბრალმდებელი) მხარის მონაწილეობით, თვითონ უნდა აწარმოოს ბრალდების ვითარებათა გამოკვლევა და მიიღოს განაჩენი, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
ბალსამონი. იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია ეპისკოპოსის ან კლირიკოსთა ბრალდება, და ვის შეუძლია მოწმედ გამოსვლა მათ წინააღმდეგ, წაიკითხე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტლოსი და ის, რაც მასში წერია, ასევე მე-2 თავი, და მასში ნათქვამი. ხოლო წინამდებარე კანონი ადგენს, რომ ეპისკოპოსი, რომელიც დანაშაულშია ბრალდებული, კანონთა მიხედვით, ეპისკოპოსთა მიერ უნდა იყოს გამოძახებული; რადგან მისი დაუსწრებლად გასამართლება უსამართლობად არის მიჩნეული, და თუ ის ესწრება (სასამართლოს) და იმხილება უეჭველი მტკიცებულებებით, ან საკუთარი სინდისით, ეპითიმია უნდა დაედოს კანონთა შესაბამისად. მაგრამ, თუ არ გამოცხადდება, მას კვლავ უნდა მოუწოდონ ორი ეპისკოპოსის მეშვეობით, და მესამეჯერაც კი; მაშ, თუკი ამგვარი მოწოდების შემდეგაც არ გამოცხადდება, მაშინ კრება მხოლოდ ერთი (ბრალმდებელი) მხარის თანდასწრებით გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას მასზე, რათა, კრების უგულებელმყოფელმა დროის გაწელვით არ მიიღოს სარგებელი.
ამგვარი განსაზღვრების გამო, რასაც შეიცავს წინამდებარე კანონი, მრავალგზის იყო დასმული კითხვა: ეძლევა თუ არა ამ კანონით კრებას უფლება დაუმორჩილებელი ეპისკოპოსი დაუქვემდებაროს სასულიერო პატივის აყრას? და ზოგიერთები ამბობდნენ, რომ სისასტიკეა ეპისკოპოსის დამხობა დაუმორჩილებლობისთვის; ის სხვაგვარ სასჯელს უნდა დაექვემდებაროსო. რადგან, თუკი, - ამბობენ, - მოციქულებს ენებათ ამისთვის ეპისკოპოსის დამხობა, მაშინ ახსენებდნენო მას თავიანთ კანონში და განაწესებდნენო მის დამხობას.
სხვები ამბობდნენ, რომ ჩვენი ღმრთითკურთხეულისა და პატივდებულის, უდიდებულესისა და წმიდა თვითმპყრობელის მიერ ახლახან გამოცემული ნოველის მიხედვით, ყოველი ბრალდებული, თუკი ის სასამართლოში იქნება გამოძახებული, და სამი წერილობითი მოწოდების შემდეგ უგულებელყოფს მას და არ მოვა, სასამართლოს დაექვემდებარება თუნდაც ერთი მხარის მონაწილეობით.
ამრიგად, თუკი ეპისკოპოსი ბრალდებული იქნება საბრალდებო საჩივრისა და კანონიერი წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე, - და ჯერ შეტყობინებით იქნება გამოძახებული სასამართლოზე, შემდეგ კი სამი წერილობითი უწყებით და, მაინც, არ მოვა - უნდა დაექვემდებაროს სასამართლო განჩინებას თუნდაც ერთი (ანუ ბრალმდებელი) მხარის მონაწილეობით, და შეიძლება აეყაროს სასულიერო ხარისხი.
გამოძახებაში აქ იგულისხმება კანონებით განსაზღვრული შეტყობინებები, ანუ უწყებების მეშვეობით ოცდაათდღიან ვადაში, და არა წერილობითი ცნობებით რამოდენიმე დღეში, როგორც ამბობდა ზოგიერთი. ეს მრავალმხრივ იქნა განხილული სამეფო სასამართლოზე, და განსაკუთრებით მსოფლიო ეპისკოპოსის საქმეზე, სადაც გადაწყდა, რომ ბრალდებული ეპისკოპოსი სასამართლოში გამოძახებულ უნდა იქნას 3 დაკანონებული უწყებით, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას ის განკითხული დაუმორჩილებლობისთვის.
სხვა განმარტება. არ არის სადავო, რომ ღირსპატივდებული მეფის მანუელ კომნენოსის ნოველის მიხედვით, დაუმორჩილებელი ეპისკოპოსი გასამართლების ღირსია, რადგან ასე იქნა განსჯილი, როგორც ითქვა, წმიდა სამეფო სასამართლოზე. ხოლო გამოძახება რომ უნდა იწარმოოს ორი მღვდელმთავრის, და არა სხვა რაიმე სახის მეშვეობით, როგორც ზოგიერთი ამბობდა, - ეს არც კანონშია, და არც წინამდებარე კანონის აზრში. რადგან როდესაც ის დაიწერა, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა დადგენილება, რათა მოსამართლეები და საპატრიარქო ნოტარიუსები თვითონ ყოფილიყვნენ ნდობით აღჭურვილი პირები, და ამიტომაც განისაზღვრა, რათა მღვდელმთავართა სასამართლოში გამოძახება შეესრულებინა ორ ეპისკოპოსს. მაგრამ დღეს, როდესაც მოსამართლეები და საპატრიარქო ნოტარიუსები აღჭურვილნი არიან ნდობით, მათ მიერ წარმოებული აუცილებელი გამოძახებები არ უნდა იყოს საკამათო. ამრიგად, მათ მიერ გამოძახებული, თუკი არ მოვა სასამართლოზე სამართლიანად დაექვემდებარება მსჯავრს, რადგან ეს გამოძახებები ვერ ჩაითვლება არანამდვილად მხოლოდ იმის გამო, რომ მღვდელმთავრების მიერ არ იყო შესრულებული.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, - მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს.
(II მსოფ. 6; IV მსოფ. 9, 17, 19, 21; ანტიოქ. 14, 15; სარდ. 4; კართ. 8, 12, 16, 27, 96, 105, 131; თეოფილე ალექს. 9).
განმარტება:
ბრალდებები ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რომელიც წინამდებარე კანონშია ნახსენები, ეხება არა ქონებრივ საკითხს, ანუ ვიღაცის პირად საქმეს და კერძო საჩივარს იმაზე, რომ ეპისკოპოსმა მასთან უსამართლოდ ან ანგარებიანად მოიქცა, როგორც ეს არასწორად განმარტა ბალსამონმა, არამედ საეკლესიო საქმის გამო, რომელმაც შეიძლება მიიყვანოს იგი სასულიერო პატივის აყრამდე. და საიდან ჩანს ეს? გამოთქმიდან: "ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ" - მხოლოდ ასეთ ადამიანებს მიიჩნევს კანონი ბრალმდებლის უფლების მქონედ. რადგან ეპისკოპოსის ბრალმდებლებს ქონებრივ და კერძო საჩივრებზე არ ცდიან: მართლმადიდებლები არიან ისინი თუ ბოროტმადიდებლები, უბიწოები არიან თუ ბიწიერები, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არიან თუ არა ნდობის ღირსნი, მაგრამ, როგორებიც გინდ იყონ, მათი ბრალდება, II მსოფლ. კრების მე-6, კართაგენის მე-8 და 27-ე კანონების მიხედვით, მიიღება. ხოლო ისინი, ვინც მას ბრალს დებენ საეკლესიო საქმეებში, მართლმადიდებლებიც უნდა იყონ და უმწიკვლონიც, ანუ ნდობის ღისნი, - წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან ბრალდებაზე, იმავე კანონების მიხედვით. ზონარა, ასევე, როგორც ჩანს, ეთანხმება კანონის ასეთ გაგებას.
ამრიგად, კანონი ამბობს: თუკი ეპისკოპოსი ბრალდებულ იქნა რომელიმე საეკლესიო დანაშაულის გამო ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც ნდობას იმსახურებენ და არაფერში არიან თავად ბრალდებულნი, მაშინ აუცილებელია, რათა ეპისკოპოსებმა მოუწოდონ მას სასამართლოზე. და თუ თვითონ მოვა, აღიარებს ამ დანაშაულს ან, მიუხედავად ბრალდების უარყოფისა, მხილებულ იქნება ბრალმდებელთა მიერ უეჭველი მტკიცებულებების მეშვეობით, მაშინ ეპისკოპოსებმა მას უნდა დაუწესონ შესაბამისი ეპითიმია. ხოლო, თუ მას დაიბარებენ, მაგრამ ის არ შეისმენს და სასამართლოზე არ მოვა, მაშინ უნდა გაუგზავნონ მას ორი ეპისკოპოსი და მეორედ მოუწოდონ. თუკი ისევ არ შეისმენს, მაშინ კვლავ ორი ეპისკოპოსი მიუგზავნონ და მესამედ მოუწოდონ. და იმ შემთხვევაში, თუკი მესამედაც უგულებელყოფს მოწოდებას და არ წავა, მაშინ კრების ეპისკოპოსებმა მასზე მის გარეშე უნდა გამოიტანონ განაჩენი და დაუწესონ ის ეპითიმია, რომელსაც კრება ყველაზე სამართლიანად და კანონიკურად ჩათვლის, რათა დამნაშავეს არ ეგონოს, რომ რაიმე სარგებლობას მიიღებს სასამართლოსგან თავის არიდებით და დროის გაწელვით.
შეთანხმება:
კართაგენის კრების 27-ე კანონი ამატებს, რომ ეპისკოპოსთა კრებამ ბრალდებულ ეპისკოპოსს უნდა გაუგზავნოს მოსაწვევი წერილები, და თუკი ერთი თვის განმავლობაში არ მოვა, მაშინ შეწყვიტონ მასთან თანაზიარობა. ხოლო თუკი ის დაამტკიცებს, რომ არ მოვიდა რაიმე აუცილებელი საქმის გამო, მაშინ კიდევ ერთი თვე მიეცეს. ამ მეორე თვის გასვლის შემდეგაც თუ არ მოვა, მაშინ შეწყდეს მასთან თანაზიარობა მანამ, სანამ არ დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა იმ საქმეში, რაშიც ბრალს დებენ. ბალსამონის თქმით, სამი გამოძახება, რომლებიც, კანონის თქმით, ბრალდებულ ეპისკოპოსს უნდა გაეგზავნოს, გათვლილია ყოველ 30 დღეზე. ამიტომაც, თუკი ბრალდებული ეპისკოპოსი სამი თვის შემდეგაც არ წარდგება კრების სასამართლოზე, ის დაისჯება ცალმხრივი წესით (1).
მაშინ, წმიდა მოციქულთა დროს, რადგან ჯერ კიდევ არ იყვნენ პატრიარქები, ეპისკოპოსის გამოსაძახებლად წარიგზავნებოდა ორი ესპისკოპოსი, ხოლო ახლა, მის გამოსაძახებლად საკმარისია პატრიარქის ნდობით აღჭურვილი ნოტარიუსებიც. კართაგენის 12-ე და 111-ე კანონების მიხედვით, ეპისკოპოსს ასამართლებს 12 ეპისკოპოსი, პრესვიტერს - 6, დიაკვანს - 3, ასევე თავისი მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი (2). მაგრამ თუკი მხარეები ურთიერთთანხმობით დანიშნავენ რჩეულ მსაჯულებს, მაშინ მათ არ უნდა ეძებონ აპელაციები, თუნდაც მსაჯულები ნაკლები იყოს, ვიდრე კანონითაა განსაზღვრული. იხ. კართ. 16, 105 და 131. ხოლო თუკი რომელიმე ეპისკოპოსმა თავიდან პირობა დადო, რომ მისი საქმე განხილულ იქნება ეპისკოპოსთა მიერ, შემდეგ კი ეს არ ისურვა, უნდა შეწყდეს მასთან თანაზიარობა. მაგრამ მანამ, სანამ მისი საკითხი არ გადაწყდება, კართ. 96 მიხედვით, ეპისკოპოსის ხარისხი არ უნდა წაერთვას.
როდესაც ვინმე დაადანაშაულებს ეპისკოპოსს, მისი სასამართლო საქმე ჯერ განსახილველად უნდა გაიტანონ სამიტროპოლიო ოლქის ეპისკოპოსთა კრებაზე. თუკი ეს კრება არასაკმარისი აღმოჩნდება, მაშინ სასამართლო II მსოფლ. კრების მე-6 კანონის თანახმად, უნდა იწარმოოს დიოცეზის დიდ კრებაზე (3). თუ ვინმეს სარჩელი აქვს მიტროოპლიტის წინააღმდეგ, მან უნდა მიმართოს ან დიოცეზის ეგზარქოსს ან კონსტანტინოპოლის პატრიარქს (იხ. IV მსოფლ. კრების მე-9 და 17-ე კანონები).
თუკი ეპისკოპოსის გასამართლების დროს სამიტროპოლი ოლქის ეპისკოპოსთანგან ერთნი მას ამართლებენ, სხვები კი ამტყუნებენ, მაშინ, ანტიოქიის 14-ე კანონის მიხედვით, მიტროპოლიტმა უნდა მოუწოდოს მეზობელ ეპისკოპსებს, რათა მათ განიხილონ ეს საქმე. თუკი სამიტროპოლიო ოლქის ყველა ეპისკოპოსი ერთხმად გამოუტანს განაჩენს ბრალდებულს, მაშინ ამგვარად მსჯავრდებული უკვე სხვაგან არ უნდა არჩევდეს საქმეს, იმავე კრების 15-ე კანონის მიხედვით. ხოლო სარდიკიის კრების მე-4 კანონი განსაზღვრავს: თუ ეპისკოპოსი, რომელიც პატივაყრილია მეზობელი ეპისკოპოსების მიერ, ამბობს, რომ მას კვლავ სურს გაიმართლოს თავი (4), მაშინ დაე არავის დაასხას ხელი მის ნაცვლად, სანამ წარმოებული არ იქნება ამ საქმის უკეთესი გამოკვლევა.
იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსთა და კლირიკოსთა დანაშაულებრივ საქმეებში ბრალმდებელნი რომ უმწიკვლო და მართლმადიდებლები უნდა იყვნენ, ყველაზე კარგად განსაზღვრა კართაგენის კრების 138-ე (იხ. კართ. 129 (144) – "აპოკ." რედ.) კანონმა: კლირიკოსთა ბრალმდებლებად არ მიიღებიან არც მონები და არც განთავისუფლებულები, რომლებიც, რომლებიც უჩივიან თავიანთ ბატონებს, არც მიმოსები და უპატიო პირები, და საერთოდ ყველა ისინი, ვინც სამოქალაქო კანონებითაც არ დაიშვებიან ბრალდებებზე.
იმავე კრების 139-ე (იხ. კართ. 130 (145) – "აპოკ." რედ.) კანონი ბრძანებს: "თუკი კლირიკოსის მრავალ დანაშაულში ბრალმდებელი ვერ შეძლებს ერთი დანაშაულის დამტკიცებას, სხვა ბრალდება მისგან აღარ იქნება მიღებული, როგორც მიიღებდნენ მართლმადიდებლისგან. ჯერ კიდევ უზიარებლობაში მყოფი ასევე არ დაიშვება ბრალმდებლად, 137-ე (იხ. კართ. 128 (143) – "აპოკ." რედ.) კანონის მიხედვით.
ხოლო თუკი ამგვარ პირთაგან არ მიიღება ბრალდებები კლირიკოსთა წინააღმდეგ, მითუმეტეს არ მიიღება მათგან ბრალდება ეპისკოპოსთა წინააღმდეგ. ამასვე ამბობს IV მსოფლ. კრების 21-ე კანონი, რომ უნდა გამოვიკვლიოთ საზოგადოებრივი აზრი იმათ შესახებ, თუ ვინ უყენებს ბრალს ეპისკოპოსს და კლირიკოსებს. იგივეს ამბობს თეოფილე ალექსანდრიელის მე-9 კანონიც.
იხ. კიდევ II მსოფლ. კრების მე-6 და IV მსოფლ. კრების მე-9 კანონთა განმარტებანი.
შენიშვნები:
1. ასეთი დაემხობა, და არასწორია ბალსამონი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. რადგან III მსოფლ. კრებამ, რომელმაც სამგზის მოუწოდა ნესტორს, დაამხო იგი, როგორც დაუმორჩილებელი. მსგავსადვე დაამხო IV მსოფლიო კრებამ დიოსკორე, რაც ჩანს კრების საქმეებიდან. ხოლო ოქროპირი, რომელიც ოთხჯერ იყო მოწოდებული მის წინააღმდეგ მოწვეული კრების მიერ, რომელიც გაიმართა "მუხის ქვეშ" და არ გამოცხადდა, არ იმსახურებდა გაკიცხვას, რადგან მისი მომწოდებელი ეპისკოპოსები მისი აშკარა მტრები და განმკითხველები იყვნენ. ის ამბობდა, რომ გაურბის არა სამსჯავროს, არამედ მხოლოდ საკუთარ მტრებს, თუმც ისინი მსაჯულთა და ბრალმდებელთა ხარისხში მოგვევლინენ, - და ჩამოთვლის მათ სახელობითად. იმპერატორ მანუილის ნოველა ადგენს, რომ არა მარტო ეპისკოპოსებს, რამედ ყველა ბრალდებულს და ბრალმდებელს, როგორ თანამდებობასაც გინდ იკავებდნენ ისინი და რა საქმეც გინდ ჰქონდეთ, მოწოდებულ უნდა იქნენ სამი წერილობითი უწყებით, რომლიდანაც თითოეული გათვლილი იქნება ოცდაათდღიან და არა მოკლე ვადაზე (ბლასტარისის მიხედვით).
2. მიაქციე ყურადღება, რომ ჩანაწერებიდან, რომლებიც კონსტანტინოპოლში პატრიარქ ნექტარიუსის დროს იქნა გაკეთებული აღაპისა და ვაღადის შესახებ, რომლებიც თავიანთ უფლებებს იცავდნენ ბოსტრის საეპისკოპოსოს თაობაზე (იხ. ეს ჩანაწერები სარდიკიის კრების კანონებში), ცხადი ხდება, რომ არ არის ჯეროვანი ეპისკოპოსის დამხობა, თუ ის არ მონაწილეობდა სასამართლოზე, და დამხობა მისი მართებთ არა სამ ან ორ ეპისკოპოსს, არამედ სამიტროპოლიო ოლქის ეპისკოპოსთა უმრავლესობას, "როგორც ეს დაწესებულია მოციქულთა კანონებით", ანუ წინამდებარე კანონით.
გარდა ამისა, მოციქული პავლე ამბობს, რომ რომაელებსაც კი არ ჰქონდათ ჩვეულებად სიკვდილით დაესაჯათ ადამიანი (და უბრალოდ გამოეტანათ საბრალდებო განაჩენი), თუკი თავიდან ბრალდებული პირადად არ წარდგებოდა თავის ბრალმდებელთა წინაშე და უფლებას არ მიიღებდა თავი ემართლებინა ბრალდებებისგან, რომელიც მის წინააღმდეგ იყო გამოთქმული: "რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა" (საქმე 25:16). და ნიკოდიმემაც უთხრა იუდეველთ: "განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?" (ინ. 7:51). თვით ღმერთი ეუბნება მოსამართლეს იმის შესახებ, თუ ვინ ემსახურებოდა სხვა ღმერთებს, აი ასე: "მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და, აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყველაფერი - მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში, გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი" (იხ. მეორე რჯლ. 17:4-5).
3. თუ რა არის დიოცეზი და ვინ არის მისი ეგზარქოსი, იხილე ამ კანონთა ცალკეულ განმატებებში.
4. იგულისხმება: თავის გამართლება უმაღლესი ინსტანციის წინაშე.
75
ეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებელი მოწმის სახით ნუ მიიღება, ნურც მხოლოდ ერთი მორწმუნე. "... პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი" (მთ. 18,16).
(I მსოფ. 2; II მსოფ. 6; კართ. 59, 131, 132; თეოფილე ალექს. 9).
განმარტებანი:
ზონარა. მწვალებელი არა თუ დაშვებულ არ უნდა იქნას ეპისკოპოსის ბრალმდებლად, არამედ მოწმედაც. და კიდევ: თუ ერთი მოწმობს ეპისკოპოსის წინააღმდეგ, მართლმადიდებელიც რომ იყოს, მიღებულ არ უნდა იქნას. რადგან დიდი პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს: "ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე" (1 ტიმ. 5:19). მე ვფიქრობ, რომ სადღეისოდ, ბრალდებებზე, რომელთა შედეგად მღვდელმსახურებს პატივი უნდა აეყაროთ, - 2 მოწმეც საკმარისი არ არის, თუნდაც მართლმადიდებელი და უზადო პიროვნებები იყონ.
არისტინე. მწვალებელი ვერ დაადანაშაულებს ეპისკოპოსს, ვერც ერთი მართალი ვერ იზამს ამას. ვინც წინამდებარე კანონი შეამოკლა არასწორად ესმოდა იგი. ის, რომ მწვალებელი ვერ დაადანაშაულებს ეპისკოპოსს, ან ვერ გამოდგება მოწმედ მის წინააღმდეგ, ჭეშმარიტია; ხოლო ის, რომ ერთ მართალს არ შეუძლია ბრალი წაუყენოს ეპისკოპოსს, სიცრუეა. რადგან არ მიიღება ერთი კაცის მოწმობა ვინმეს წინააღმდეგ, ხოლო ბრალდება შეიძლება წამოყენებულ იქნას, როგორც ერთის, ასევე მრავლის მიერაც.
ბალსამონი. თუ გინდა იცოდე, რა რაოდებნოთ და ვინ შეიძლება გამოვიდეს მოწმედ ეპისკოპოსის ან კლირიკოსთა წინააღმდეგ, როგორც ზემოთ ვთქვი, წაიკითხე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტლოსი, მე-2 თავი. ხოლო წინამდებარე კანონიდან ხედავ, რომ ვერც ერეტიკოსი, ვერც ერთი მხოლოდ მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ მოწმედ არ მიიღება. რადგან "ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა" (მთ. 18:16). თუმცა, ნუ გაიგებ ამას განსხვავების გარეშე; არამედ კანონის ზუსტი მნიშვნელობით თქვი, რომ თუკი სარჩელი შეეხება ფულის საკითხს და სცილდება 1 ლიტრას, საკმარისი იქნება, თუკი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ფიცის ქვეშ გამოვა 2 მართლმადიდებელი და პატიოსანი მოწმე; თუ 50 ლიტრს სცილდება საქმე, მაშინ - 3, ხოლო თუ მეტს, - 5. თუკი იქნება არა ფულადი სარჩელი, არამედ ბრალდება დანაშაულში, მაშინ ასეთი ბრალდება ეპისკოპოსის წინააღმდეგ დამტკიცებულ უნდა იქნას 5 მართლმადიდებელი და პატიოსანი მოწმის მიერ, ისიც ფიცის ქვეშ. წაიკითხე ასევე ბასილიკონის 21-ე წიგნის 1-ლი ტიტული, რომელშიც ბევრია ნათქვამი ამის შესახებ.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: ეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებელი მოწმის სახით ნუ მიიღება, ნურც მხოლოდ ერთი მორწმუნე. "... პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი" (მთ. 18,16).
(I მსოფ. 2; კართ. 140; თეოფილე ალექს. 9).
განმარტება:
არა მარტო ეპისკოპოსის ბრალმდებლები არ უნდა იყონ მწვალებლები, როგორც ეს ზემოთაც ვთქვით, არამედ მის წინააღმდეგ მოსული მოწმეებიც; ასევე არ შეიძლება მხოლოდ ერთი მოწმის შეწყნარება ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ამიტომაც წინამდებარე კანონის თქმით, ეპისკოპოსის წინააღმდეგ არ უნდა იქნას დაშვებული არა მხოლოდ ერეტიკოსი, არამედ მართლმადიდებელიც, თუკი ის ერთია. რადგან ძველ აღთქმაში წერია (იხ. მეორე რჯლ. 17:6), რომ ორი ან სამი მოწმის მიერ დამტკიცდება ყოველი სიტყვა და ბრალდება, რომელიც ეჭვს იწვევს (იხ. ასევე მეორე რჯლ. 19:15) (1).
შეთანხმება:
იგივეს ამბობდა მოციქული პავლე ცალკე ტიმოთესადმი ეპისტოლეში: "ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე" (1 ტიმ. 5:19). კართაგენის კრების 140-ე კანონი განსაზღვრავს, რომ ყველა ის პირი, რომლებიც არ დაიშვებიან ბრალდებაზე, არც მოწმეებად მიიღებიან. მაგრამ არ მიიღება არც იმათი მოწმობა, ვისაც ბრალმდებელი საკუთარი სახლიდან, მოიყვანს, ანუ თავის ნათესავს, სახლეულს ან მსახურს. კართაგენის იმავე კრების მიხედვით მოწმედ არ უნდა იქნას მიღებული 14 წელზე ნაკლები ასაკის მქონე არასრულწლოვანი. თუმცა, "ბასილიკონის" 21-ე წიგნის 1-ლი ტიტლოსის 20-ე თავი ამბობს, რომ მოწმედ არ დაიშვება ის, ვისაც ჯერ კიდევ 20 წელი არ შესრულებია. I მსოფლიო კრებამ თავის მე-2 კანონში განაწესა, რომ ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, ტუ ორი ან სამი მოწმე რაიმე ცოდვაში ამხელს, განიდევნოს კლიროსიდან; თეოფილეს მე-9 კანონიც განსაზღვრავს, რომ სიძვა-მრუშობაში ბრალდებული კლირიკოსი, თუკი მისი დანაშაული ნდობის ღირს მოწმეთა მიერ იქნება დამტკიცებული, კლირიკოსთა დასიდან უნდა განიდევნოს (2).
კართაგენის კრების 38-ე კანონი ამბობს, რომ თუკი ბრალმდებელს არ შეუძლია მოიყვანოს მოწმე იმიტომ, რომ ადგილი, სადაც ბრალდებული იმყოფება, საშიშია, მაშინ სასამართლო უნდა შეიკრიბოს იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მოწმე იოლად შეძლებს მოსვლას. ხოლო იმავე კრების 68-ე კანონი ამბობს, რომ კლირიკოსები მათი ნების წინააღმდეგ არ უნდა იქნენ გამოძახებულნი მოწმედ სასამართლოზე. ერთ მოწმეს არასოდეს უნდა ვენდოთ, თუნდაც ის ავტორიტეტული უმაღლესი მოხელე ან სინკლიტის წევრი იყოს, როგორც ეს ფოტის "ნომოკანონის" მე-2 თავის მე-9 ტიტლოსშია ნათქვამი.
იხ. ასევე მოც. 74.
შენიშვნები:
1. მიაქციე ყურადღება, რომ თუკი მრავალი მოწმე არ იმსახურებს ნდობას, მაშინ, "მოციქულთა დადგენილებების" თანახმად (წიგნი მე-2, თ. 49 // PG 1, 709С) აუცილებელია ყველაფრის გაგება მათი ცხოვრების წესისა და განზრახვების შესახებ. რადგან ხშირად ხდება, რომ ორი, სამი და მეტი მოწმე ერთმანეთთან შეთანხმდებიან ბოროტ საქმეზე და ცრუდ მოწმობენ, როგორც, მაგალითად, ცრუდ იმოწმეს სუსანას, ნაბუთეს, სტეფანეს და თვით უფლის წინააღმდეგ. ამიტომაც მოწმეები, როგორც ეს არის ნათქვამი "ბასილიკონის" 21-ე წიგნის 1-ელ ტიტლოსში (ფოტისთან მე-9 ტიტლ., თავი მე-2), ნდობის ღირსი ადამიანები უნდა იყვნენ. ხოლო თუკი ისინი იმსახურებენ ნდობას, მაშინ ზედმეტია მათგან ფიცის მოთხოვნა.
მფიცავნი საეჭვონი არიან იმის გამო, რომ მათი ცხოვრების წესი და სათნოებები არ არის ნდობის ღირსი და ამიტომაც ცდილობენ ისინი საკუთარი მოწმობების ფიცით დამტკიცებას. არმენოპოლის თქმით, არსებობს კანონი რომელიც მოწმეს არდაფიცებას ავალდებულებს (წიგნი 1, ტიტლ. 1).
კანონის მოთხოვნით მოწმეები ნდობას უნდა იმსახურებდნენ, რის გამოც განსაზღვრულად უკრძალავს მოწმედ გამოსვლას ცუდი ყოფაქცევის ადამიანებს, გარყვნილებს, საზოგადოებრივი მდგომარეობის არმქონეთ, უცნობებს, მხეცებთან მებრძოლებს, მსახიობებს, მოცეკვავეებს ან მათ, ვინც საჯარო სასამართლოში ცილისწამებისთვის იყვნენ გასამართლებულნი, მრუშებს და მეძავებს, მპარავებს ან მსგავსი კანონსაწინააღმდეგო დანაშაულის ჩამდენთ, რომელთაც ეს ბრალდება არ გაუქმებიათ ან მეტიც, დაპატიმრებულებიც კი იყვნენ და ჩამოთვლილ ბოროტ საქმეთა გამო საპყრობილეში ისხდნენ.
ვინც თავიდან ჩვენებას მისცემს ვინმეს ბრალდებისთვის, მოგვიანებით უკვე მის დასაცავად ვერ გამოვა. სისხლის სამართლის საქმეებში არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა სიტყვების ნდობა თანაც, თუკი ისინი თვითონ არ ესწრებიან სასამართლოს. მოწმეები სასამართლოს პირადად უნდა ესწრებოდნენ, და საჭიროა მათი წაქეზება იმისკენ, რათა ზუსტად აღწერონ დანაშაული და დაასახელონ წელი, თვე, დანაშაულის ჩადენის ადგილი და მასში მონაწილე პირი; მაგრამ არ არის საჭირო მათი იძულება მიუთითონ დღეც და საათიც. თუკი მათ არ შეუძლიათ ბრალდების დამტკიცება, განდევნილ უნდა იქნენ.
მოხელეები და მღვდლები მათი თანხმობის გარეშე არ წარდგებიან მოწმეებად, არამედ ნებაყოფლობით. მღვდელმთავრები, თვითონაც რომ ჰსუროდეთ მოწმედ გამოსვლა, არ უნდა დაიბარონ ამისთვის, არამედ უბრალოდ სახლში გამოჰკითხონ. ხოლო არმენოპოლის თანახმად, მწვალებელი და არასანდო ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანის წინააღმდეგ მოწმედ ვერ დადგება (წიგნი 1, ტიტლ. 6). იხ. ასევე "კოდექსის" 1-ლი წიგნი (ტიტლ. 5 დადგენილება 21) და ფოტიოსის "ნომოკანონი" (ტიტლ. 9, თ. 2); მართლმადიდებელთ შეუძლიათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოწმედ გამოსვლა. "მოციქულთა დადგენილებების" (წიგნი მე-2, თ. 50-ე) თანახმად, ცრუმოწმე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს (PG 1, 712С), ანუ უსამართლო და მატყუარა მოწმე, როგორც ამის შესახებ ამბობს იგავთა ვტორი, რომლისგანაც აიღეს მოციქულებმა ეს გამონათქვამი (იხ. იგავნი 19:5 შემდგ., და 9).
ოქროპირი კი ამბობს ("სიტყვა იმის შესახებ, რომ ცოდვამ დაამკვიდრა სამგვარი მონობა"), იმის ბრალდებისთვის, ვინც შეურაცხყო ან სცემა თავისი მამა, თვით მამის მოწმობაც საკმარისია, სხვა მტკიცებულების გარეშეც. და სამართლიანად, რადგან მამა, რომელიც ფულს, ქონებას, და ხშირად სიცოცხლესაც კი თმობს შვილისთვის, არასოდეს გახდება მისი ბრალმდებელი, თუკი შეურაცხყოფა, რომელიც შვილმა მიაყენა, მართლაც მეტისმეტი არ იქნება (Ioan. Chrysost. In Gen. sermo 4. 3 // PG 54,598).
იუსტინიანეს 123-ე და ლეონ ბრძენის 76-ე ნოველები განსაზღვრავენ: თუკი მღვდელი და დიაკვანი, ქონებრივ და სამოქალაქო დავაში, ფიცის დადების გარეშე ცრუდ იმოწმებენ, დაე სამი წლით აიკრძალონ მსახურებაში და მონასტერში ჩამწყვდეულ იქნენ. ხოლო თუ დაიფიცეს, მაშინ დაემხონ სამღვდლო ხარისხიდან. თუ მათ ცრუდ იმოწმეს სისხლის სამართლის ან საეკლესიო საქმეში, დაამხონ პატივისგან და მონასტერში ჩაამწყვდიონ.
2. ზონარა ამბობს, რომ როდესაც ბრალდების მიხედვით ბრალდებულს ხარისხისგან დამხობა ემუქრება, ორი მართალი და უბიწო ადამიანის მოწმობაც კი არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა სამი ან ხუთი მოწმე.
იხილე ასევე შენიშვნა თეოფილე ალექსანდრიელის მე-9 კანონზე, რომელშიც იპოვი ნიკიტა ჰერაკლიელის მე-4 პასუხს. ამიტომაც იმპერატორთა ღვთივსათნო კანონები გამოთქვამენ შემდეგ ავტორიტეტულ აზრს: უმჯობესია დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი, ვიდრე უდანაშაულო დაისაჯოს (ბლასტარისის მიხედვით).
76
ეპისკოპოსისთვის დაუშვებელია საკუთარი სურვილისამებრ ეპისკოპოსის ხარისხში ვინმეს აყვანა იმ მიზნით, რომ სათნო ეყოს თავის ძმას, შვილს, ან სხვა რომელიმე ნათესავს; არ არის მართებული ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად, ხოლო ღმერთის საკუთრება - კაცობრიულ ვნებების დასაკმაყოფილებელ ძღვნად ვაქციოთ; არ შეიძლება ღვთის ეკლესია მემკვიდრეების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდეს. ვინც ამას მოიმოქმედებს, უზიარებლობით დაისაჯოს, მის მიერ აღსრულებული ხელდასხმა კი გაუქმებულად ჩაითვალოს.
(მოც. 1,30; I მსოფ. 4; VII მსოფ. 3; ანტიოქ. 19,23; კართ. 22,49)
განმარტებანი
ზონარა. სამღვდელმთავრო ძალაუფლება სულიწმიდის მადლის ნიჭად უნდა ჩავთვალოთ. აქედან გამომდინარე, როგორ უნდა გადასცეს ვინმემ სულიწმიდის მადლი სხვას, როგორც მემკვიდრეობა, მისი გულის მოსაგებად? ამიტომაც ეკლესიებში ეპისკოპოსებს ეკრძალებათ თავიანთ ადგილას სხვების ხელდასხმა საკუთარი სურვილის შესაბამისად. რადგან ისინი, ვისაც უფლება არა აქვთ ეპისკოპოსობის დროს შეძენილი ქონება დაუტოვონ იმათ, ვისაც ნებავთ (გარდა ქონებისა, რომელიც მათ მემკვიდრეობითად მიიღეს ნათესავებისგან, როგორც ბრძანებს ამას კართაგენის კრების 32 (31-ე) კანონი), როგორ შეძლებენ თვით ეპისკოპოსობა უბოძონ სხვებს, და ამით საკუთარი სამწყემსო ძალაუფლების მემკვიდრეებად და ღარიბთა ქონების მმართველებად დატოვონ ისინი თავიანთი კაცობრივი ვნების მიხედვით; ანუ მეგობრული ან ნათესაური სიყვარულით გააჩუქონ ის, რაც ღმრთისაა?
ამრიგად, თუკი ვინმე ამგვარ რამეს მოიმოქმედებს, კანონის ძალით, ჩადენილი საქმე აღსრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო ჩამდენი განიკვეთება; რადგან დადგენილია, რომ ეპისკოპოსები არჩეულ უნდა იქნენ კრებების მიერ. ანტიოქიის კრების 23-ე კანონიც ამბობს: "ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე". ეს ეკრძალებოდათ ისრაელიტებსაც, რადგან მოსეს ბრალს დებდნენ იმაში, რომ აარონი და მის ძენი მღვდლებად დააწესა; და თუკი ღმერთმა არ დაადასტურა მათი მღვდლობა ნიშებითა და სასწაულებით, შესაძლოა, მათ წართმეულიც ჰქონოდათ იგი.
არისტინე. ეპისკოპოსს, აღსასრულს მიახლოვებულიც რომ იყოს, თავის ნაცვლად სხვისი დადგინების უფლება არა აქვს. კანონმა დააწესა, რომ ის, ვინც ხელდასხმულ უნდა იქნას ეპისკოპოსად, ეპარქიის ეპისკოპოსებმა უნდა დაადგინონ. ხოლო ეპისკოპოსი თუ თავისი აღსასრულის წინ თავის ნაცვლად სხვა ვინმეს დაადგენს - ამით შემოიტანს მემკვიდრეობით უფლებას, მაშინ როდესაც არავინ ღმრთის ეკლესია მემკვიდრეობით არავის უნდა მისცეს.
ბალსამონი. წინამდებარე კანონი განსაზღვრავს, რომ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავის ნაცვლად ეპისკოპოსად დაასხას ხელი ნათესავს და სულიწმიდის მადლი ერთგვარ კაცობრივ მემკვიდრეობად აქციოს. ამგვარად აღსრულებულ ქიროტონიას, ის დაუმტკიცებლად აცხადებს, ეპისკოპოსს კი განკვეთს. ასევე თქვი, რომ მღვდელმთავარმა ეპისკოპოსობა თავის ნათესავს კი არა უცხოსაც რომ გადასცეს, იგივე უნდა მოხდეს; რადგან დადგენილია, - ეპისკოპოსებს კრებები აწესებენ. ამიტომაც გარდაცვლილმა და ქებულმა ფილიპოპოლელმა მიტროპოლიტმა, როდესაც თქვა, რომ უარს იტყოდა თავის მიტროპოლიაზე იმ პირობით, თუკი წმიდა კრება ფილიპოპოლის მიტროპოლიაში მის ნაცვლად ხელს დაასხამდა მის ეკონომოსს, არ იქნა დაკმაყოფილებული, არამედ მიიღო ასეთი პასუხი: თუკი ეპისკოპოსს არ შეუძლია ვინმეს აჩუქოს ან საკუთარი სურვილით გადასცეს სხვას ის ქონება, რომელიც მან ქიროტონიის შემდეგ საეკლესიო შემოსავლებიდან შეიძინა, მითუმეტეს (არ შეუძლია მას საკუთარი ნებით ვინმეს გადასცეს) ეპისკოპოსობა.
წაიკითხე ასევე კართაგენის კრების 32-ე (31-ე) და ანტიოქიის - 23-ე კანონები, რომლებშიც ნათქვამია: "ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოვებულიც რომ იყოს".
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსმა, ნათესაური გრძნობებიდან გამომდინარე, არ უნდა დაასხას ხელნი და მიმადლოს ეპისკოპოსობის პატივი ძმას, შვილს, თავის ნათესავს ან სხვას ვისაც უნდა. რადგან არ არის სამართლიანი, ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად აქციოს და ღვთის საკუთრება ადამიანური ვნებების მისამადლებელი (საჩუქარი) გახადოს. თუ ვინმე ჩაიდინოს ეს, მისი ხელდასხმა იყოს დაუმტკიცებელი, ხოლო თვით ხელდამსხმელი უზიარებლობით დაისაჯოს.
(ანტიოქ. 23; კართაგ. 40).
განმარტება:
უეჭველად, სამღვდელმთავრო ძალაუფლება სულიწმიდის მადლი და ნიჭია. ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ის მემკვიდრეობითობის უფლებით სხვას გადაეცეს? ამიტომ წინამდებარე კანონი განსაზღვრავს, რომ არ მართებს ეპისკოპოსს საკუთარი სურვილისამებრ ვინმეს ეპისკოპოსის ხარისხში აყვანა იმ მიზნით, რათა სათნო ეყოს თავის ძმას, შვილს ან სხვა რომელიმე ნათესავს. უსამართლობაა ადამიანური ვნებით, ანუ ნათესაური კავშირებისა და მეგობრობის გამო, ვინმე მღვდელმთავრობის მემკვიდრედ გახადოს (მსგავსად იმისა, როგორც ნიშნავს ის თავისი პირადი ქონების მემკვიდრეებს) და გაანიავოს ღვთური ნიჭი, რომელსაც სამღვდელმთავრო ძალაუფლება წარმოადგენს.
მას ასევე არ მართებს ღმრთის ეკლესია მემკვიდრეობითობის პრინციპს დაუქვემდებაროს და საკუთარი მამის მეკვდირეობად წარმოაჩინოს. თუკი ვინმე ეპისკოპოსთაგანი ასე მოიქცევა და თავისი ეპისკოპოსობის მემკვიდრედ ხელს დაასხამს საკუთარ ნათესავს, იმისი ხელდასხმა, ვინც ამ სახით მიიღო იგი, დაუმტკიცებელი იყოს, ხოლო თვით ხელდამსხმელი (ზიარებისგან) განიკვეთოს, რადგან ეპისკოპოსი კრებამ უნდა დააწესოს. თუკი კართაგ. კრების 40-ე კანონის თანახმად, ეპისკოპოსებს უფლება არა აქვთ თავიანთ ნათესავებს ან სხვა ადამიანებს, ვისაც ნებავთ, მემკვიდრეობის უფლებით გადასცენ ქონება, რომელიც ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ შეიძინეს (გარდა ისეთი ქონებისა, რომელიც მათ თავიანთი ნათესავებისგან მემკვიდრეობით ან კერძო შეწირულობის სახით მიიღეს), როგორ შეუძლიათ მათ საეპისკოპოსო ძალაუფლების მემკვიდრედ დატოვონ თავიანთი ნათესავი ან ნებისმიერი სხვა ვინმე, ვისაც კი ისურვებენ?
შეთანხმება:
ამის შესაბამისად ანტიოქიის კრების 23-ე კანონი ადგენს: "ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოვებულიც რომ იყოს (1). საეკლესიო წესი ამბობს, რომ ღირსეული ეპისკოპოსის დანიშვნის უფლება წინა მღვდელმთავრის გარდაცვალების შემდეგ, ეკუთვნის ეპისკოპოსთა კრებას. ის, რასაც კრძალავს ეს კანონი, ჯერ კიდევ ძველ ისრაელში იყო აკრძალული. ამიტომაც ბრალს დებდნენ მოსეს იმაში, რომ მან მღვდლობის პატივი უბოძა თავის ძმას აარონს და მის შვილებს. და თუკი ღმერთმა კვერთხის გაფურჩქვნის ნიშნით არ დაამტკიცა მათი მღვდლობა, ისინი, შესაძლოა, პატივაყრილებიც ყოფილიყვნენ.
შენიშვნები:
1. ამასთან დაკავშირებით თეოდორიტეც თავის წიგნში "საეკლესიო ისტორია" (წიგნი V, თ. 23) ამბობს, რომ კანონი უფლებას არ აძლევს მომაკვდავ მღვდელმთავარს თავის ნაცვლად ვინმე სხვა დააწესოს (1PG 82, 1248С).
77
თუ ვინმეს თვალთ აკლდეს, ან ფეხები ჰქონდეს დაზიანებული, მაგრამ ეპისკოპოსობის ღირსი იყოს, გახდეს ეპისკოპოსი, რადგან კაცს ბიწიანად აქცევს არა ხორციელი ნაკლი, არამედ სულის ჭუჭყი.
სხვა თარგმანი: ვისაც თვალს აკლია, ანდა ფეხები აქვს დაზიანებული, მაგრამ ეპისკოპოსობის ღირსია, დაე, გახდეს, რამეთუ არა ფიზიკური, არამედ სულიერი ნაკლი შებილწავს მას.
(მოც. 22,23,25,29,78,80; I მსოფ. 2,9,10; IV მსოფ. 2; ტრულ. 10,22,23; VII მსოფ. 4,5,15,19; ნეოკეს. 1,9; ლაოდ. 4,12; კართ. 5,15,16,45,63; ორგზ. 8; ბასილი დიდი 61,64,82,90; გრიგოლ ნოს. 5,6).
ზონარა. მოსეს მიერ მოცემული მცნება ითხოვდა, რათა მათი მღვდლები ხორციელად ჯანსაღნი ყოფილიყვნენ და არანაირი ნაკლი არ ჰქონოდათ; ამიტომაც რამენაირი სხეულებრივი ნაკლის მქონე მღვდლობამდე არ დაიშვებოდა. თუნდაც მღვდლობის მიღების შემდეგ ვინმე ხელდასხმულს სხეულის რომელიმე უმცირესი ნაწილიც კი დაუზიანდებოდა, სამღვდლო დასიდან გაირიცხებოდა. ხოლო ჩვენთვის ხორციელი ნაკლი მღვდლობის მოსურნეთათვის დაბრკოლებად არ მიიჩნევა; რადგან ამდაგვართ მოეთხოვებათ იყონ სულით უბიწონი, წმიდანი და სიბილწეებისგან თავისუფალნი. ხოლო თუ ვინმე ფეხმრუდეა ან ელამი, ან კიდევ კოჭლი, ან აქვს სხვა სახის რაიმე დაზიანება, სამღვდელმთავრო მსახურების აღსრულებაში ეს გარემოება ვერ დაარბკოლებს მას, ამდაგვარი დაიშვება ხელდასხმაზე, თუკი ეპისკოპოსობის ღირსი აღმოჩნდება. ხოლო ვისაც ორივე თვალი დაზიანებული აქვს, ან ყრუა (არც ერთ ყურში არ ესმის - "აპოკ." რედ.), და აქვს სხვა რაიმე სახის დაზიანება, რომელიც დააბრკოლებს მის სამღვდელმთავრო მსახურებას, არ უნდა იქნას ხელდასხმულ ეპისკოპოსად. რადგან ბრმა ან ყრუ, ან ის, ვისაც მარჯვენა ხელი დაკარგული აქვს, როგორ იმსახურებს, როგორ მიიღებს ხელებით წმიდა საიდუმლოთ, ან გადასცემს მათ სხვებს, ან როგორ შეასრულებს სხვა რომელიმე სამღვდელმთავრო მსახურებას?
არისტინე. განწესხება 77. კოჭლი და მრუდე ეპისკოპოსი შეიძლება გახდეს, თუ ამის ღირსია. რადგან სხეულებრივი ნაკლი ხელს არ უშლის საეპისკოპოსო ღირსების მიღებას, თუკი ადამიანი უბიწო ცხოვრებას ეწევა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი ხელდასასხმელი ყრუა ან ბრმაა; რადგან ასეთი მღვდელმთავარი ვერ გახდება, არა იმიტომ, რომ რამეთი შეიბილწა, არამედ იმიტომ, რომ არ შეეძლება დაუბრკოლებლად საეკლესი მსახურების შესრულება.
კანონი 78. ბრმა და ყრუ ეპისკოპოსი ვერ გახდება.
ბალსამონი. ძველი რჯულის მიხედვით ნებისმიერი სხეულებრივი ნაკლის მქონე მღვდელი ვერ გახდებოდა, მეტიც, თუკი მღვდლობის მიღების შემდეგ სნეულების ან რაიმე შემთხვევის გამო სხეული დაუზიანდებოდა, უნდა შეეწყვიტა მღვდელმსახურება. ღვთაებრივმა მოციქულებმა კი დააწესეს მღვდლობამდე არ დაეშვათ მხოლოდ ისინი, ვისაც რაიმე შეუშლიდა ხელს მსახურების აღსასრულებლად, ხოლო მათთვის ვისაც შეეძლო მსახურება, თუნდაც ყოფილიყვნენ კოჭლნი ან ფეხმრუდენი, განაწესეს მიეცათ ქიროტონია. რადგან მათ სურთ, რათა ყველას ჰქონდეს წმიდა და უბიწო სული, და არა სხეული.
ამრიგად, თუკი მღვდლობის მიღების შემდეგ ვინმე დაბრმავდება ან დაყრუვდება, ან მიიღებს რაიმე ისეთ სხეულებრივ დაზიანებას, რომ ვერ შეძლებს სამღვდლო მსახურებას, სასულიერო დასიდან უნდა გამოირიცხოს, როგორც ამას ძველი რჯული ითხოვდა? - არავითარ შემთხვევაში! რადგან არა თანამგრძნობიარეობაა და მოციქულთა განზრახვის საწინააღმდეგოა უღირსად ჩავთვალოთ ის, ვინც უფრო თანაგრძნობის ღირსია თავისი სნეულების გამო. და მრავალი მღვდელმთავარი, მღვდელი და დიაკვანი, რომელთაც თვალს დააკლდათ, ან რაიმე სხვა უკურნებელი სენი შეეყარათ და შესაძლებლობა დაჰკარგეს რომელიმე სამღვდელმთავრო მსახურება შეესრულებინათ, მათი სიცოცხლის ბოლომდე სამღვდლო დასიდან არ გარიცხულან. კანონიც ბრძანებს მე-8 წიგნის, 1-ელ ტიტლოსში, თ. 1, მ. მე-4: "ბრმამ შეიძლება აწარმოოს მართლმსაჯულება, და არ გაიყვანება სინკლიტიდან. ახალი მეთაურობა მას არ მიეცემა, მაგრამ როგორიც დაავადებამდე ჰქონდა, შეუნარჩუნდება.
სხვა განმარტებანი:
(VI მსოფლ. 33).
განმარტება:
ძველი რჯულის განკარგულებით, მღვდლობის მოსურნეთ არანაირი სხეულებრივი ნაკლი არ უნდა ჰქონოდათ, არამედ სრულიად ჯანმრთელნი უნდა ყოფილიყვნენ, სხეულებრივი ნაკლის გარეშე, და მათი სხეულის თითოეული ნაწილი დაუზიანებელი უნდა ყოფილიყო. "რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის უფლება - არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭყლეტილს, არც ცხვირწაშვერილს, არც ფეხმოტეხილს, არც ხელმოტეხილს, არც კუზიანს, არც დამჭლევებულს (1) არც თვალლიბრიანს (2), არც მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭყლეტილს" (იხ. ლევ. 21:18-20). მეტიც, მღვდლად ხელდასხმის შემდეგაც კი თუკი ადამიანს გამოაჩნდებოდა რაიმე სხეულებრივი ნაკლი, მას მღვდლობა უნდა შეეწყვიტა.
მაგრამ ახალი, სახარებისეული რჯული მსგავს სხეულებრივ ნაკლს მღვდლობის მისაღებად დამაბრკოლებლად არ მიიჩნევს, მეტიც, ითხოვს, რათა ამგვარი ადამიანის სული თავისუფალი იყოს ყოველგვარი ბიწისგან. ამიტომაც წინამდებარე კანონი ამბობს: თუ ვინმეს თვალი აქვს დაზიანებული, ანუ ცალთვალაა, ან ელამია, ან ახლომხედველია; ან ფეხი აქვს მოტეხილი და კოჭლობს; ან გააჩნია რაიმე მსგავსი სხეულებრივი დაზიანება, რომელიც მას ხელს არ შეუშლის ღვთისმსახურების შესრულებაში, და თუკი ამგვარი ადამიანი ეპისკოპოსობის ღირსი აღმოჩნდება, უნდა გახდეს, რადგან სხეულებრივი ნაკლი კი არ შეიქს მას უღირსად, არამედ სულის შემბილწველი ცოდვა.
შეთანხმება:
VI მსოფლ. კრების 33-ე კანონი განკვეთს მღვდელმთავრებს, რომლებმაც კლირიკოსთა დასში აიყვანეს მხოლოდ ისინი, ვინც სამღვდლო მოდგმისგან წარმოდგებოდნენ, და განსაზღვრავს, რათა იუდაურად არ შევხედოთ მოდგმას, არამედ უფრო სულის ღირსებები ვეძებოთ ადამიანში. წმ. ნიკიფორე თავის მე-8 კანონში ამბობს, რომ თუ ხელდასხმის მიღების ღირსნი არიან, მღვდლობას მიიღებენ ხარჭის ან მეორედ დაქორწინებულის ნაშობნიც. იგივეს ბრძანებს ნიკიტა ჰერაკლიელის მე-9 კანონიც.
შენიშვნები:
1. "დამჭლევებული" - ეს არის სნეულება, რომელიც ადამიანში ვლინდება შუბლზე და, რომლისგანაც, როგორც წესი, სახის კანი უფერულდება. ასე განმარტავს კირილე ალექსანდრიელი (Cyr. Alex. De adorat. XII // PG 68, 789В). შედეგად "დამჭლევებეული", ეს არის ისეთი ადამიანი, რომელიც ამ დაავადებითაა დასნებოვნებული.
2. "თვალლიბრიანი", ანუ ის, ვისაც ქუთუთოებზე არა აქვს წამწამები, ან უბრალოდ ის, ვისაც თვალის რაიმე დაავადება გააჩნია.
78
თუ ვინმე ყრუ ან ბრმა იყოს, ეპისკოპოსი ნუ გახდება; არა იმიტომ, რომ ამით ის თითქოს წაბილწულია, არამედ, იმიტომ, რომ საეკლესიო საქმეების წარმოებას წინააღმდეგობა არ შეექმნას.
(მოც. 22,23,25,29,77,80; I მსოფ. 2,9,10; IV მსოფ. 2; ტრულ. 10,22,23; VII მსოფ. 4,5,15,19; ლაოდ. 4,12; კართ. 5,15,16,45,63; ორგზ. 8; ბასილი დიდი 61,64,82,90; გრიგოლ ნოს. 5,6).
განმარტებანი:
იხ. 77-ე კანონის განმარრტება.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: თუ ვინმე ყრუ ან ბრმა იყოს, ეპისკოპოსი ნუ გახდება; არა იმიტომ, რომ ამით ის თითქოს წაბილწულია, არამედ, იმიტომ, რომ საეკლესიო საქმეების წარმოებას წინააღმდეგობა არ შეექმნას.
(VI მსოფლ. 33).
განმარტება:
მაგრამ, - აგრძელებს შემდეგ წინამდებარე კანონი, - თუკი ვინმე ორივე ყურით ყრუა ან ორივე თვალით ბრმაა, ასეთი ნუ გახდება ეპისკოპოსი, არა იმიტომ, რომ ის ამ ნაკლით შებილწულია და უღირსი, არამედ იმიტომ, რომ ისინი წინააღმდეგობას უქმნიან საეკლესიო მღვდელმსახურების აღსრულებას. მართლაც, როგორ შეეძლება მღვდელმსახურება იმას, ვინც ვერ ხედავს ან ვისაც არ ესმის? როგორ მიიღებს წმიდა ძღვენს ან როგორ წაიკითხავს? როგორ მოისმენს იმას, თუ რას გალობენ მორწმუნენი? მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, რომ სამღვდლო ხარისხის მიღების შემდეგ დაყრუებული ან დაბრმავებული არ უნდა იქნას პატივაყრილი, რადგან ეს შეუბრალებლობაა. ასე, მაგალითად, სამოქალაქო კანონი მე-8 წიგნის, 1-ლი ტიტლოსის 1-ლი თავის მე-4 სტატიაში ამბობს, რომ ბრმას განსჯა შეუძლია და მას არ რიცხავენ სინკლიტიდან, თუმცა სხვა ძალაუფლებას ის ვერ მიიღებს, არამედ დარჩება იმაში, რაც სნეულებამდე ჰქონდა (1).
შენიშვნები:
1. სწორედ ამიტომ ბალსამონმა მარკოს ალექსანდრიელისადმი მიწერილი კითხვა-პასუხის 23-ე პუნქტში გააერთიანა მოციქულთა ორივე კანონი (77-ე და 78-ე), და ბრძანა, რომ ვისაც რაიმე სხეულებრივი ნაკლი და სნეულება აქვს დაუბრკოლებლად შეუძლია იმსახუროს. მაგრამ თუ სნეულება აბრკოლებს ღვთისმსახურებას, მაშინ სნეულმა ის უნდა შეწყვიტოს, თუმცა თავის ღირსებას არ უნდა მოაკლდეს. პირიქით, ასეთი ადამიანის მიმართ თანაგრძნობა გვმართებს, და მან ადრინდელი პატივით უნდა ისარგებლოს, გააჩნდეს არსებობისთვის საჭირო სახსრები და სხვა, ჩვეულებრივი წესისამებრ.
79
თუ ვინმე ეშმაკეული იყოს, კლირში ნუ იქნება მიღებული, ნურც მართლებთან ერთად ილოცებს. ხოლო როცა განიწმინდება, მართლებთან ერთად ლოცვაზე დაშვებულ იქნას, ხოლო, თუ კლირიკოსობის ღირსი აღმოჩნდეს, კლირშიაც ჩაირიცხოს.
(ტრულ.60; ტიმ.2, 3, 4, 14).
განმარტებანი:
ზონარა. ეშმაკით შეპყრობილი უწმინდურად მიიჩნევა, და ამასთანავე არსებობს ეჭვი დემონს ამ კაცში მისთვის შესაფერისი საცხოვრისი რომ არ ეპოვა მისი ბოროტი ცხოვრების გამო, არც შევიდოდა მასში. მაშ, ამგვარი როგორ იქნება დაშვებული რომელიმე ხელდასხმასთან? რადგან თუკი, დიდი ღვთისმეტყველის გრიგოლის თქმით, მირონი არ მიენდობა შებილწულ ჭურჭელს, როგორ უნდა მიენდოს სულიწმიდის მადლი დემონის ჭურჭელს? წინამდებარე კანონი ავალდებულებს მართალთ ამგვართან ერთად არ ილოცონ. ხოლო ალექსანდრიის პატრიარქის ტიმოთეს მე-3 კანონი, რომელიც შეკითხვაზე: "თუკი მართლმორწმუნე ეშმაკის მიერაა შეპყრობილი, უნდა ეზიაროს თუ არა წმიდა საიდუმლოთ?" პასუხობს: "თუკი არ არღვევს საიდუმლოს, არ გმობს ღმერთს რაღაც სხვა სახით, მაშინ, დაე, ეზიაროს".
ამრიგად, როგორც ჩანს, ეს ეწინააღმდეგება წინამდებარე კანონს? არ ვფიქრობ. უნდა დავუშვათ, რომ მოციქულთა კანონი ლაპარაკობს მუდმივად შეპყრობილზე, რომელსაც არა აქვს ნათელი შუალედები: მაშ, როგორ იქნება ასეთი დაშვებული ლოცვებზე? ხოლო ტიმოთეს პასუხს მხედველობაში აქვს ისეთი ეშმაკეული, რომელსაც აქვს გამონათებები. რადგან ამდაგვარი, როცა ის არ იტანჯება, შეიძლება სიწმიდის ღირსი იქნეს. ხოლო როდესაც გათავისუფლდება ეშმაკის მძლავრებისგან, შეიძლება კლიროსშიც იქნეს მიღებული, თუკი ღირსეულად აღიარებენ.
არისტინე. ეშმაკეული კლიროსში არ მიიღება და არც საერთო ლოცვაზე დაიშვება. ხოლო განწმენდის შემდეგ დასაშვებია, თუკი ღირსია. ეშმაკეული ვერ გახდება კლირიკოსი, სანამ ეშმაკისგან არ გათავისუფლდება; ის არც მართლებთან ილოცებს. ხოლო როდესაც გათავისუფლდება ამ სნეულებისგან, მაშინ ლოცვაზეც დაიშვება და კლირშიც ჩაირიცხება, თუკი ღირსია.
ბალსამონი. ეშმაკეულს გონება და ნება წართმეული აქვს; და ამიტომაც ამ კანონით მისი კლირიკოსთა შორის ჩარიცხვა აკრძალულია, ასევე არ დაიშვება იგი მართლებთან ერთად ლოცვაზე, რათა, რაიმე ბოროტის ჩადენით და უხამსობით, ამოუშვებს რა დემონურ ყივილს, ღმრთის ერი არ შეაცბუნოს და საეკლესიო წირვას ხელი არ შეუშალოს. მაგრამ როდესაც გონს მოვა, შეიძლება კლირიკოსიც გახდეს, თუკი ღირსეულად ჩათვლიან.
მართალია, პატრიარქ ტიმოთე ალექსანდრიელის მე-3 კანონი ამბობს: "თუკი მართლმორწმუნე ეშმაკის მიერაა შეპყრობილი, უნდა ეზიაროს"; მაგრამ ის არ ეწინააღმდეგება წინამდებარე კანონს: რადგან ის ეხება იმგვარ ეშმაკეულს, რომელსაც აქვს გონებრივი გამონათებები, როდესაც საღი გონიერების დაბრუნების დროს გულისხმაყოფს საღმრთო განწმენდის საიდუმლოს; წინამდებარე კანონი კი ლაპარაკობს მუდმივ ეშმაკეულზე. თუ იტყვი, რომ ეს კანონი ისეთ ეშმაკეულსაც გულისხმობს, რომელსაც გონებრივი გამონათებები გააჩნია; მაშინ, ამ შემთხვევაშიც არანაირი წინააღმდეგობა არ გექნება. რადგან ის ეშმაკეულიც, რომელსაც გონებრივი გამონათებები აქვს კლირიკოსთა დასში არ დაიშვება, რათა შეპყრობილობის დროს მღვდლობა არ დაგმოს და ღმრთის შეურაცხმყოფელი რამ არ წარმოთქვას.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: თუ ვინმე ეშმაკეულია, კლირში ნუ იქნება მიღებული, და ნურც მართლებთან ერთად ილოცებს. ხოლო როცა განიწმინდება, მართლებთან ერთად ლოცვაზე დაშვებულ იქნას, ხოლო, თუ კლირიკოსობის ღირსი აღმოჩნდეს, კლირშიაც ჩაირიცხოს.
(VI მსოფ. 60; ტიმ. ალექს. 2, 3, 15).
განმარტება:
ყოველი ეშმაკეული უწმინდურად მიიჩნევა, რადგან ეჭვს აღძრავს იმაში, რომ თავისი ცხოვრებისეული ბიწიერებით ეშმაკს შესაძლებლობა მისცა მასში შესულიყო. მაშინ, როგორ იქნება შესაძლებელი ამგვარი ვინმე კლირში მიიღონ? ხომ ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ "ბინძურ ჭურჭელში არავინ ჩადებს შესანახათ კეთილსურნელებას" (Greg. Nazianz. Carm. moral. 33 // PG 37, 928). ამიტომაც წინამდებარე კანონი განსაზღვრავს: თუკი ვინმე მუდმივად იქნება შეპყრობილი ეშმაკისგან, ამგვარი კლირიკოსი ნუ გახდება. გარდა ამისა, მან არც მართლებთან ერთად უნდა ილოცოს ეკლესიაში, რათა ხელი არ შეუშალოს ლოცვას და ღმრთის დიდებას თავისი უწესივრობებითა და დემონური ხავილით, რაც ეშმაკეულთათვის ჩვეულია. ხოლო იმის შემდეგ, რაც განიწმინდება და გათავისუფლდება ეშმაკისგან, დაშვებულ იქნას მართლებთან ერთად ლოცვაზე; ხოლო კლირიკოსთა დასში ჩარიცხვის ღირსიც თუ გახდება, დაე გახდეს.
შეთანხმება:
რატომ აძლევს ტიმოთე ალექსანდრიელის მე-3 კანონი ეშმაკეულს ზიარების ნებას, თუკი ის ხმებს არ დაყრის საიდუმლოზე (1) და არ დაგმობს მათ, მაშინ როდესაც წინამდებარე კანონით ამგვარს მართლებთან ლოცვაც კი ეკრძალება? იმიტომ, რომ წინამდებარე კანონი ლაპარაკობს ეშმაკის მიერ მუდმივად, უწყვეტად შეპყრობილზე, ხოლო ტიმოთეს კანონი - ისეთ ეშმაკეულზე, რომელსაც დემონი დროგამოშვებით აწუხებს. ამიტომაცაა რომ ტიმოთე ნებას აძლევს მას, როდესაც ის არ ავლენს შეპყრობილობას და არ იტანჯება, ეზიაროს საღმრთო საიდუმლოთ.
ამრიგად, კანონები ურთიერთთანხმიერნი არიან და არ ეწინააღმდეგებიან ერთურთს. მაგრამ ისიც, ვინც დროგამოშვებით ხდება ეშმაკეული, არ უნდა გახდეს კლირიკოსი და არ უნდა მიიღოს ხარისხი, რათა ამით არ დაიგმოს მღვდლობა და საშინელი მღვდელმოქმედების დროს შეურაცხყოფა არ მიაყენოს წმიდა საიდუმლოთ, თუკი შეპყრობილის მეშვეობით დემონი დაიწყებს მოქმედებას.
ასეთივე განსაზღვრება მიიღო პატრიარქმა ნიკოლოზმა თავის მე-4 კანონში: თუკი ვინმე, შავი ნაღველისგან (2) იტანჯება, რაც მრავალს ეშმაკეულობა ჰგონია, ეზიაროს. ხოლო თუკი ის მართლაც ეშმაკეულია, მაშინ ზიარებისგანაც უნდა შეიკავოს თავი (3). ხოლო ტრულის კრება (4) ამბობს: ვინც თვალთმაქცურად ეშმაკეულობას დაიჩემებს, ყოველნაირად დაექვემდებაროს ისეთივე სიმკაცრესა და შრომას, როგორსაც ნამდვილი ეშმაკეულები ექვემდებარებიან დემონებისგან გამოსახსნელად.
შენიშვნები:
1. იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს გამოთქმა "საიდუმლოზე ხმის დაყრა", იხილე ტიმოთე ალექსანდრიელის მოცემული კანონის განმარტებაში.
2. ანტიკურ მედიცინაში ეს არის გონების დათრგუნვილი მდგომარეობა, შიშის ან მრისხანების უეცარი შეტევები, ცნობიერების დაბნელება და ზოგიერთი ფსიქიური აშლილობა, რასაც ხსნიდნენ ე. წ. "შავი ნაღველის" (μέλαινα χολή) სიჭარბით. შემდეგში ამ დაავადებამ მიიღო მელანქოლიის სახელწდოება - რედ.
3. მაგრამ, ყურადღება მიაქციე იმას, რომ ეშმაკეული, მუდმივად ეშმაკეულობენ ისინი თუ დროგამოშვებით, თუკი სიკვდილის საშიშროების ქვეშ იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა ეზიარონ - იმ ფორმით, როგორსაც მღვდელი აირჩევს.
რადგან თუკი მომაკვდინებელ ცოდვებში და სინანულში მყოფნი სიკვდილის ჟამს, გრიგოლ ნოსელის მე-5 კანონისა და სხვა განწესებების თანახმად, ეკლესიის კაცთმოყვარეობის გამო უფლებას იღებენ მიიღონ ზიარება, რათა არ მოაკლდნენ ამ საგზალს, განა მით უფრო არ ეკუთვნით ზიარება ეშმაკეულთ, რომელთაც ხშირად არც კი გააჩნიათ მომაკვდინებელი ცოდვები, მაგრამ ღმრთის მიუწვდომელი განგებულებით მიცემულნი იქნენ ეშმაკს და შეპყრობილნი იქნენ მისით?
მსგავსადვე იმ შემთხვევაშიც, თუკი ეშმაკეული თავისი ტანჯვის დროს თავს გადმოიგდებს სიმაღლიდან ან სხვა რამ სახით თავს მოიკლავს, მღვდლებმა, ტიმოთე ალექსანდრიელის 14-ე კანონის თანახმად, მას წესი უნდა აუგონ, ქრისტიანულად დაკრძალონ და პანაშვიდებიც გადაუხადონ, რადგან ისინი გონებაწართმეულები და ეშმაკით შეპყრობილები იყვნენ.
გარდა ამისა, თუკი ეშმაკეული არ განიწმინდება დემონისგან, ის არ შეიძლება მოინათლოს, თუმცა სიკვდილის საფრთხის შემთხვევაში მას ნათლავენ, ტიმოთე ალექსანდრიელის მე-2 კანონის თანახმად. თუკი ის სიკვდილის ჟამს ინათლება, შედეგად, სიკვდილისავე ჟამს იღებს გათავისუფლებას და ეზიარება. მაშინაც კი, როდესაც ცოლი ისე ძლიერ არის შეპყრობილი ეშმაკით, რომ მას ჯაჭვებით აბამენ, ქმარს არ შეუძლია გაშორდეს მას, რადგან ეს მრუშობაა, ტიმოთეს 15-ე კანონის თანახმად.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, დიდი გრიგოლ თესალონიკელის თქმით (ჰომილია დიდი მარხვის მე-4 კვირას), დემონები ადამიანებს ორგვარი მეთოდით გამოცდიან: ან საკუთარი ზემოქმედებით, ანუ ფარულად და გარედან, როგორც ცდილობენ ისინი ნებისმიერ ადამიანს ჩააგონონ აზრები და ვნებები; ან თავიანთი არსით, ანუ აშკარად და შიგნიდან, როგორც ეს ეშმაკეულებში ხდება. დემონები, გარკვეული სახით შედიან რა მათში არსებითად, ცვლიან მათი სხეულის წეს-რიგს, განსაკუთრებით კი ტვინისას, და, ეფლობიან რა მათ, ჭკუის შეშლამდე მიჰყავთ (Greg. Pal. Hom. 12 // PG 151,148С). ამიტომაც არის ნათქვამი იუდაზე, რომ სატანა დაეუფლა რა მას, შევიდა მასში, მანამდე კი ის იუდას გარეთ იმყოფებოდა და მხოლოდ აზრებსა და ზრახვებში ესხმოდა თავს (ინ. 13:27)
იხ. ასევე შენიშვნა ტიმოთეს მე-3 კანონზე.
4. იგულისხმება VI მსოფლ. კრების 60-ე კანონი.
80
წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულისა და ნათელღებულის, ანდა, ბიწიერი ცხოვრებიდან გაქრისტიანებულის მაშინვე ეპისკოპოსად დადგინება არ არის სამართლიანი; რადგან უჯეროა გამოუცდელი პირი სხვისი მოძღვარი იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საღმრთო მადლით ეწყობა.
(I მსოფ. 2; VII მსოფ. 2; ნეოკ. 12; ლაოდ. 3, 12; სარდ. 10; ორგზ. 17; კირ. 4).
ზონარა. ვინც რწმენისკენ ახლახან მოექცა და საღმრთო ნათლისღებას ეღირსა, მაშინათვე არ უნდა იქნას ხელდასხმული ეპისკოპოსად. რადგან ჯერ დაამტკიცოს, რომ აქვს ჯანსაღი რწმენა და ცხოვრებითაც უმწიკვლოა; ეს კი დროს ითხოვს: რადგან მოკლე დროში ამისი გაგება შეუძლებელია. ხოლო სხვების მოძღვრად იმისი დანიშვნა, ვინც ჯერ თვითონაც არ არის გამოცდილი, - არასამართლიანიც არის და არასაიმედოც. პირველი მსოფლიო კრების მეორე კანონიც კრძალავს ამას და ბრძანებს დაემხოს პატივისგან ის, ვინც ასე მოიქცევა. დიდი პავლეც ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, ეპისკოპოსად ხელდასასხმელ პირთათვის ამბობს: "არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს" (1 ტიმ. 3:6). ხოლო კანონის სიტყვები: "როცა ეს საღმრთო მადლით ეწყობა" ასე უნდა გავიგოთ: შეიძლება იყოს გამოცხადება მის შესახებ, რომ უნდა აყვანილ იქნას ეპისკოპოსის ხარისხში, როგორც, მაგალითად, ანანიას გამოეცხადა პავლეს შესახებ, როდესაც უფალმა ხილვაში უთხრა მას: "წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე" (საქმე 9:15).
არისტინე. ვერც ახალმონათლული და ვერც ის, ვინც ეს ესაა დატოვა ბიწიერი ცხოვრება, ეპისკოპოსი ვერ გახდება. ახალმოქცეულს და ახალმონათლულს, ან მას, ვინც სულ ახლახან ეწეოდა ბიწიერ ცხოვრებას, მაგალითად, მონაწილეობდა სანახაობებში ან იყო მონა, მაშინათვე არ უნდა დაესხას ხელი ეპისკოპოსად, არამედ ჯერ გამოიცადოს და იმის შემდეგ, რაც დაუბრკოლებლად გაივლის მღვდლობის ყველა საფეხურს, ხელი დაესხას ეპისკოპოსად.
ბალსამონი. სარდიკიის კრების მე-10 კანონიდან და წმიდა მოციქულთა ტაძარში ჩატარებული კრების, რომელიც პირველ-მეორედ იწოდება, 17-ე კანონიდან უნდა იცოდე, რომ ერთგული ერისკაციც საეპისკოპოსო ღირსებაში აღიყვანება არა სხვაგვარად, თუ არა სხვა ხარისხებში დაწესებული ვადების აღსრულების შემდეგ. ხოლო თუ ერთგული ერისკაცი სხვაგვარად ვერ გახდება ეპისკოპოსი, მითუმეტეს არ უნდა იქნას ეპისკოპოსად ხელდასხმული ახალმონათლული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სანახაობებში მონაწილეობდა, სანამ ჯეროვან დროს არ დაჰყოფს დაკანონებულ ხარისხებში, და ასევე, რწმენის საიდუმლოებებში ჯერაც განუსწავლელი არ უნდა იქნას დაშვებული ქრისტეს სწავლების საქადაგებლად.
ამრიგად, საჭიროა მისი ჯეროვანი გამოცდა გარკვეული დროის განმავლობაში, და, თუკი ღირსეული აღმოჩნდება, დაესხას ხელი. იხილე ასევე I-ლი კრების მე-2 კანონი, რომლითაც განსაზღვრულია იმისი დამხობა, ვინც უგულებელყოფს ამ განწესებას. დიდი პავლეც კრძალავს არა ახალგაზრდის, არამედ ახლახან მონათლულის ხელდასხმას. სიტყვებში: "გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საღმრთო მადლით ეწყობა" იგულისხმე გამოცხადება. რადგან მოციქულ ანანიას გამოეცხადა დიდი პავლეს შესახებ (როდესაც ღმერმა მას უთხრა): "ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი" (საქმე 9:15).
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულისა და ნათელღებულის, ანდა, ბიწიერი ცხოვრებიდან გაქრისტიანებულის მაშინვე ეპისკოპოსად დადგინება არ არის სამართლიანი; რადგან უჯეროა გამოუცდელი პირი სხვისი მოძღვარი იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საღმრთო მადლით ეწყობა.
(I მსოფლ. 2; ორგზ. 17; ნეოკ. 12; სარდ. 10; ლაოდ. 3; კირ. ალექს. 4).
განმარტება:
წინამდებარე კანონი განსაზღვრავს, რომ არ არის ჯეროვანი მაშინვე მიეცეს ეპისკოპოსობა იმას, ვინც წარმართობიდან ან ურწმუნოთაგან მოექცა ღვთისმოსაობისკენ და მოინათლა ან სინანულით მობრუნდა ბიწიერი და მზაკვრული ცხოვრებიდან. ასეთია მსახიობთა, მიმოსთა და მათ მსგავსთა ცხოვრება (1). რადგან არაკანონიერია და საშიშია გახდეს სხვების მოძღვარი (ხოლო ასეთი არის სწორედ ეპისკოპოსი) ის, ვინც ჯერაც გამოუცდელია და არ დაუმტკიცებია, რომ აღიარებს ჯანსაღ რწმენას და უბიწოა თავისი ცხოვრებით. ხოლო ეს გამოცდა ითხოვს დროს, და შეუძლებელია მისი სწრაფად გავლა. დაე ასეთი ადამიანი ხელდასხმულ იქნას ეპისკოპოსად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის შესახებ იქნება საღმრთო გამოცხადება. როგორი გამოცხადებაც, მაგალითად, ჰქონდა ანანიას პავლეს შესახებ და უფალმა მას ხილვაში უთხრა: "წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე" (საქმე 9:15) (2).
შეთანხმება:
ამის შესახებ განსაკუთრებულად მსჯელობს მოც. პავლე, როდესაც ის ტიმოთეს მიმართავს: "არა ახლად მოქცეული (ანუ ახლახან გაქრისტიანებული და ქრისტეს ვენახში ახლახან ჩარგული) (3), რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს" (1 ტიმ. 3:6), ანუ "ეშმაკის მახეში არ გაებას" (1 ტიმ. 3:7).
ამიტომაც I მსოფლ. კრების მე-2 კანონი განაწესებს წარმართული ცხოვრებიდან რწმენისკენ მოქცეული არ უნდა იქნას ხელდასხმული არც ეპისკოპოსად და არც პრესვიტერად, თუკი მანამდე არ გაივლიან თავიანთი რწმენისა და ცხოვრების ხანგრძლივ გამოცდას.
ლაოდიკიის კრების მე-3 კანონიც ამბობს, რომ არ არის ჯეროვანი ახლახან მონათლულის მღვდლად ხელდასხმა.
სარდიკიის კრების 10-ე კანონი განსაზღვრვს, რომ მდიდარი ან მეცნიერი საერო საზოგადოებიდან არ უნდა გახდეს ეპისკოპოსი, სანამ დიაკვნის და პრესვიტერის ხარისხში არ იმსახურებს, რათა გამოიცადოს ყოველ წოდებაში არცთუ მცირე დროით, რათა ამის წყალობით ცნობილი გახდეს მისი რწმენა, სათნო ცხოვრება და არ ჩათვალონ იგი ახალმოქცეულად.
ორგზისი კრების 17-ე კანონი განსაზღვრავს იგივეს: არავინ ერისკაცთაგან ან მონაზონთაგან მაშინათვე არ უნდა აიყვანონ საეპისკოპოსო ხარისხის სიმაღლეზე, თუკი მანამ საეკლესიო ხარისხებში გამოცდილი არ ყოფილა.
ნეოკესარიის კრების 12-ე კანონი კრძალავს პრესვიტერად იმის ხელდასხმას, ვინც მოინათლა სნეულების გამო, მხოლოდ მისი მოშურნეობისა და ხალხში საჭიროების გამო თუ შეიძლება მისი აყვანა პრესვიტერის ხარისხში.
კირილე ალექსანდრიელის მე-4 კანონი კრძალავს კლირიკოსებად ახალდაქორწინებულთა ან მღვდელმთავრისგან, ან კიდევ მონასტრისგან გაძევებულთა და საერთოდ, რამენაირად სახელგატეხილთა ხელდასხმას.
ამის შესახებ იხ. ასევე I მსოფლ. კრების 19-ე კანონი.
შენიშვნები:
1. მაგრამ ტაქსეოტებიც (ანუ მოხელეები) არ უნდა გახდნენ კლირიკოსები, რათა ამით შეურაცხყოფა და უპატიობა არ მიადგეს ღმრთის ეკლესიას, "ბასილიკონის" მე-3 წიგნის (ტიტლ. 10, თ. 27) მიხედვით. ე. წ. "საეკლესიო დადგენილებებშიც" (წგ. 3) დაწერილია, რომ მრჩეველი ან მოხელე არ უნდა ხდებოდეს ეპისკოპოსი, სანამ მონაზვნობაში არ გაატარებს 15 წელს; ხოლო თუ ამ ვადაზე, ანუ 15 წელზე ადრე გახდა (ეპისკოპოსი), კვლავ, ისევე როგორც ადრე, მოხელეობას უნდა დაუბრუნდეს ან მრჩეველობას.
2. ასე მოხდა მედიოლანის ეპისკოპოსის, წმ. ამბროსის შემთხვევაში, ვის შესახებაც წერს თეოდორიტე თავისი "საეკლესიო ისტორიის მე-4 წიგნის მე-6 თავში: "როდესაც ეს შეიტყო იმპერატორმა, მყისვე ბრძანა განდობა გადაეცათ მისთვის (ე. ი. მოენათლათ) და ხელი დაესხათ ამ ღირსადქებული კაცისთვის... მიხვდა, რომ საღვთო მსჯავრი იყო, ეს დასკვნა მან იქიდან გამოიტანა, რომ საპირისპირო შეხედულებების მქონენი შეთანხმდნენ" (PG 82, 1132С). ხოლო სოკრატე მის შესახებ წერს თავისი "საეკლესიო ისტორიის" მე-4 წიგნის 30-ე თავში: "იმპერატორი აღფრთოვანდა ხალხის ერთსულოვნებით და მომხდარში ღვთის ხელი სცნო. მან განუცხადა ეპისკოპოსებს, რომ დამორჩილებოდნენ ღმერთს, რომელიც ბრძანებდა მის ხელდასხმას..." (PG 67, 544С). სოძომენეც თავისი "საეკლესიო ისტორიის" მე-მე-6 წიგნის 24-ე თავში წერს: "როდესაც შეიტყო, რომ ხალხი უ კან არ იხევდა და ამბროსი უარს ამბობდა, მიხვდა, რომ მედიოლანის ეკლესიის ერთსულოვნებისთვის ეს უბოძა ღმერთმა" (PG 67, 1356А). იგივე სოძომენე წერს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნექტარიოსის შესახებაც, რომ კრების (იგულისხმება II მსოფლიო კრება) საერთო გადაწყვეტილებით მას, ქალაქ სამოსატის სენატორს, როდესაც ის ჯერ კიდევ ახალმონათლულის სამოსს ატარებდა, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსობა მიუბოძეს, და "ესო, - სოძომენეს თქმით, - ღვთის გარეშე არ მომხდარა" (Церковная история. Кн. 7, гл. 8) (PG 67, 14ЗЗС).
3. ბერძნ. νεόφυτος ("ახალმონათლული, ნეოფიტი") სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ახალდარგული".
81
ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისათვის საერო-საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა (ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა - განიკვეთონ, რამეთუ უფლის მცნების თანახმად "ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად..." (მათ. 6:24; ლკ. 16:13).
(მოც. 6,20,83; IV მსოფ. 3,7; VII მსოფ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).
განმარტებანი:
ზონარა. წინამდებარე კრებულის მე-6 კანონი ბრძანებს იმ მღვდელმსახურის დამხობას, რომელიც საკუთარ თავზე იღებს საერო მზრუნველობას, ხოლო ეს კანონი მას განმარტავს. რადგან მე-6 კანონი ასე უნდა გავიგოთ, - თუ (მღვდელი ან ეპისკოპოსი) არ შეისმენს (კანონის მოთხოვნას) და არ მიატოვებს საერო საქმიანობას, მაშინ ის უნდა დაემხოს პატივისგან. მაგრამ თუკი თავს იკავებს ამგვარი საქმიანობისგან და არ ერევა სახალხო მმართველობის საქმეებში, ადრინდელი საქმიანობისთვის მიიღებს პატიებას. ამიტომაც ახსენა წინამდებარე კანონმა ადრინდელი. უნდა ეძებო ასევე კართაგენის კრების 16 (19)-ე და IV მსოფლიო კრების მე-3 კანონები.
არისტინე. ეპისკოპოსი, რომელიც მონაწილეობს საჯარო, სახალხო საქმეებში, არ არის ეპისკოპოსი. პრესვიტერი ან დიაკვანი, ან კიდევ ეპისკოპოსი, სახალხო მმართველობის საქმეებს არ უნდა მიეცეს, თუ არადა, ანუ თუ არ შეისმენს (კანონის მოთხოვნას), უნდა დაემხოს პატივისგან.
ბალსამონი. მოციქულთა მე-6 კანონი ხარისხისდა მიუხედავად ითხოვს მღვდელმსახურის დამხობას, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს საერო მზრუნველობას. ხოლო წინამდებარე კანონი მათ უფრო შემწყნარებლურად სჯის, რადგან ამბობს: "ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა - განიკვეთონ". ამრიგად, შეაერთე ორივე კანონი ერთ აზრში და მიიღე უფრო შემწყნარებლური და კაცთმოყვარე მნიშვნელობა, თქვი, რომ მე-6 კანონი წინამდებარე კანონის თანხმიერად უნდა გავიგოთ. იხილე ასევე კართაგენის კრების 16 (19)-ე და IV მსოფლიო კრების მე-3 კანონები.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისთვის საერო-საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა (ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა - განიკვეთონ, რამეთუ უფლის მცნების თანახმად "ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად..." (მათ. 6:24; ლკ. 16:13).
(მოც. 6, 83; IV მსოფლ. 3, 7; VII მსოფლ. 10; ორგზ. 11; კართ. 18.)
და ეს კანონი, მოციქულთა მე-6 კანონის მსგავსად, შემდეგი სიტყვებით უკრძალავს მღვდელმსაახურებს საერო საქმეებში ჩაბმას: "ჩვენ განვაცხადეთ (ჩვენს მე-6 კანონში), რომ ეპისკოპოსს ან პრესვიტერს არ მართებთ დაეშვან საზოგადოებრივ საქმიანობამდე და მიეცნენ საერო მზრუნველობებსა და განკარგულებებს, არამედ ბეჯითად ემსახურებოდნენ საეკლესიო საჭიროებებს. ამრიგად, თუკი ის არ შეისმენს და მომავალში ასე არ მოიქცევა, ან არ დაემორჩილება (ამ კანონს - "აპოკ." რედ.), დაემხოს თავისი პატივისგან, რადგან, როგორც უფალი ამბობს: "არავის არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა და გულის მოგება".
იხილე ასევე მოციქულთა მე-6 კანონის განმარტება.
82
მონების კლირში შეყვანას - მათი ბატონების ნებართვის გარეშე - ვკრძალავთ, რათა არ მოხდეს მათი პატრონების განაწყენება, რადგან ეს სახლებში შფოთის გამოწვევის მიზეზი ხდება. ხოლო თუ ვინმე მონათაგან ხელდასხმის ღირსი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ონისიმე აღმოჩნდა, ბატონი კი ინებებს და გაათავისუფლებს და სახლიდან დაითხოვს, ასეთ შემთხვევაში ხელდასხმულ იქნეს.
(მოც. 6,81,83; IV მსოფ. 4; ტრულ. 85; ღანგ. 3; კართ. 64, 82).
განმარტებანი:
ზონარა. მართალნი უნდა გაურბოდნენ ვინმეში საცდურის წარმოქმნას. მაგრამ კლირში უცხოს მიღება მისი ბატონის გარეშე, ნიშნავს, საცდურის წარმოქმნას და მისი პატრონის განაწყენებას. ამიტომაც კანონი ამას კრძალავს, რადგან, ამგვარად, ეს სახლებში შფოთის გამოწვევის მიზეზი ხდება. თუკი, მაგალითად, მონა თავისი ბატონის სახლმმართველი იყო, ან მისი სახელოსნოს უფროსი, ან კიდევ მიბარებული ჰქონდა ფული სავაჭროდ, მისი ხელდასხმა ამ მიზეზების გამო შეიძლება მისი ბატონის განაწყენების მიზეზი გახდეს. მაგრამ თუ მონა მღვდლობის ხარისხის ღირსად იქნა აღიარებული, ეპისკოპოსი ვალდებულია მის შესახებ მის ბატონს აუწყოს, და თუ ის ინებებს, მაშინ შეიძლება ხელდასხმულ იყოს. რადგან დიდმა პავლემ ონისიმე, ფილიმონის მონა, რომელიც თავის თანამსახურების ღირსად მიიჩნია, ვერ გაბედა მისი ბატონის გარეშე დაეტოვებინა, არამედ ფილიმონს გაუგზავნა. ხოლო სამოქალაქო კანონი ამბობს, რომ მონის გათავისუფლება იმის გამო, რათა კლირში იქნას ჩარიცხული, ნებადართულია, თუკი ამის შესახებ მისმა ბატონმა იცის, და არაფერი აქვს საწინააღმდეგო.
არისტინე. მონა არ კლირში არ მიიღება სხვაგვარად, თუ არა მისი ბატონის ნებართვის გარეშე: (მღვდლობის) ღირსი ხელდასხმულ იქნება გათავისუფლების შემდეგ. ბატონის ნებართვის გარეშე მონა კლირში არ უნდა მიიღონ; ხოლო გათავისუფლების შემდეგ მიიღება, თუ ის კლირში ჩარიცხვის ღირსი აღმოჩნდება.
ბალსამონი. მონების შესახებ, რომელთაც კლირში იღებენ, წაიკითხე წინამდებარე კრებულის (იგულისხმება ფოტის XIV ტიტულოვანი ნომოკანონი) 1-ლი ტიტულის 36-ე თავი. აქ კანონს არ სურს, რათა საცდურში ჩავაყენოთ ჩვენი ძმები, და ნებას არ იძლევა კლირში მიღებულ იქნას უცხო ადამიანის მონა, თუნდაც ის უგონიერესი და ღირსეული იყოს, თუკი ამის ნებას არ დართავს მისი ბატონი და მანამდე არ გაათავისუფლებს. სანიმუშოდ მოტანილია ონისიმე; რადგან წერილ არს, რომ ეს ონისიმე, რომელიც ფილიმონის მონა იყო, დიდმა პავლემ კვლავ ფილიმონს დაუბრონა, თუმცა ის სასარგებლოდ მიაჩნდა თანამსახურებისთვის, და თქვა, რომ ფილიმონის ნებართვის გარეშე უსამართლობა იქნებოდა ემსახურა მას რწმენის ქადაგებისთვის. ამრიგად, ვერც თავისუფლება, ვერც მღვდლობა, ვერც სხვა რამ გამოიყვანს მონას თავისი ბატონის ძალაუფლებიდან, თუკი მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. კანონის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება, რომ გათავისუფლების შემდეგ მონა კვლავ თავის მდგომარეობას არ უნდა დაუბრონდეს, ეხება არა ამათ, არამედ მონას, რომელიც არასრული ბატონის ძალაუფლებისგან ნებით გათავისუფლდა.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: მონების კლირში შეყვანას - მათი ბატონების ნებართვის გარეშე - ვკრძალავთ, რათა არ მოხდეს მათი პატრონების განაწყენება, რადგან ეს სახლებში შფოთის გამოწვევის მიზეზი ხდება. ხოლო თუ ვინმე მონათაგან ხელდასხმის ღირსი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ონისიმე აღმოჩნდა, ბატონი კი ინებებს და გაათავისუფლებს და სახლიდან დაითხოვს, ასეთ შემთხვევაში ხელდასხმულ იქნეს.
(IV მსოფლ. 4; VI მსოფლ. 85; ღანგრ. 3; კართ. 73, 90; ბას. დიდი. 40–42; ეპისტოლე ფილიმონის მიმართ)
განმარტება:
არავინ უნდა აკეთებდეს ისეთ რამეს, რასაც საცდურის წარმოქმნა და სხვების განაწყენება შეუძლია. სწორედ ასეთ მიზეზს წარმოადგენს მონის ხელდასხმა მისი მფლობელის ნებართვის გარეშ. ამიტომაც წინამდებარე კანონი კრძალავს ამას შემდეგი სიტყვებით: "მონების კლირში შეყვანას - მათი ბატონების ნებართვის გარეშე - ვკრძალავთ, რათა არ მოხდეს მათი პატრონების განაწყენება, რადგან ეს სახლებში შფოთის გამოწვევის მიზეზი ხდება (რადგან კლირში მიღებული მონა შესაძლოა მმართველი იყო თავისი ბატონის სახლში, ან უფროსი ოსტატი მის სახელოსნოში, ან კიდევ ფულადი სახსრების განმკარგველი, და ამ მიზეზით ხელდასხმა წყენა მიაყენა მის პატრონს). ხოლო თუ ვინმე მონათაგან ხელდასხმის ღირსი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ონისიმე აღმოჩნდა, ეპისკოპოსი კი ამის შესახებ აუწყებს მის ბატონს, ეს უკანასკნელი კი ინებებს და ორი ან სამი მოწმის თანდასწრებით (მეორე რჯლ. 19:15) გაათავისუფლებს მას VI მსოფლ. კრების 85-ე კანონის თანახმად, და მისი სრული გათავისუფლების ნიშნად სახლიდან დაითხოვს, ასეთ შემთხვევაში ხელდასხმულ იქნეს.
ასე მოიქცა მოც. პავლეც: მან არ ისურვა თავისთან დაემტკიცებინა მონა ონისიმე, მიუხედავად იმისა, რომ ქადაგების ნიჭი ჰქონდა, არამედ გაუგზავნა თავის მფლობელ ფილიმონს.
შეთანხმება:
ასევე არ შეიძლება მონების მიღება მონასტრებში მონაზვნობის მისაღებად მათი მფლობელების ნებართვის გარეშე, როგორც IV მსოფლ. კრების მე-4 კანონი ბრძანებს. ასევე მონა ქალი, რომელიც ცოლად გაჰყვება ვინმეს თავისი მფლობელის ნებართვის გარეშე, მეძავობა აღასრულა, ბასილი დიდის 40-ე და 42-ე კანონების მიხედვით, რადგან, ბასილის თქმით, სხვებისადმი დაქვემდე ბარებული ადამიანების შეთანხმებებსა და დაპირებებს სრულიად არავითარი ძალა არ გააჩნიათ. ხოლო იმავე წმიდა მამის 41-ე კანონის თანახმად, ადრე დაქვრივებული მონის ქორწინება, რომელიც ბატონის ნებართვის გარეშე იყო აღსრულებული, დაირღვევა ამ უკანასკნელის უნებართვობის შემთხვევაში. ამიტომაც ღანგრის კრებამ მე-3 კანონით ანათემას გადასცა ის, ვინც ღვთისმოსაობის მომიზეზებით მონას თავისი ბატონისადმი დაუმორჩილებლობას და მსახურებისგან თავის არიდებას ასწავლის. ხოლო კართაგენის 73-ე კანონის თანახმად, მონათა გათავისუფლების შესახებ ეკლესიაში უნდა გამოაცხადონ (1).
შენიშვნები:
მიაქციე ყურადღება, რომ კანონების თანახმად არსებობს დაქვემდებარებულობის ოთხი სახეობა: შემთხვევითი - მონათა თავიანთი ბატონების მიმართ; ბუნებრივი - შვილთა თავიანთი მშობლების მიმართ; საქორწილო - ცოლისა ქმრისადმი და, პირიქით, ქმრისა ცოლიასდმი; მსახურებრივი - ჯარისკაცისა მხედართმთავრისადმი (ზოგიერთები ამათ კიდევ დაქვემდებარებულობის მეხუთე სახეობასაც უმატებენ - სულიერი აღთქმის მიხედვით, როგორც არიან მორჩილები თავიანთი მხცოვანი მოძღვრების მიმართ).
ცოლის ქმრისადმი და ქმრის ცოლისადმი დაქვემდებარებულობის შესახებ იხ. შენიშვნა 1 VI მსოფლიო კრების 48-ე კანონზე; შვილების მშობლებისადმი მორჩილებაზე იხ. შენიშვნა მე-2 IV მსოფლ. კრების 27-ე კანონზე და მე2- შენიშვნა კართაგენის კრების 42-ე კანონზე, ასევე ბასილი დიდის 38-ე კანონი. ხოლო მონათა მორჩილებაზე თავიანთი ბატონების მიმართ (ნაწილობრივ კი მეომართა დაქვემდებარებულობაზე მხედართმთავრების მიმართ) ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ.
ლეონ დიდის 9, 10 და 11-ე ნოველები განსაზღვრავენ, რომ ბატონს შეუძლია სამი წლის განმავლობაში დაიბრუნოს თავისი მონა, რომელიც გაიქცა და მისი ნებართვის გარეშე კლირის წევრი, მონაზონი ან ეპისკოპოსი გახდა. თუკი მონა კლირში ან მონაზვნობაში შევიდა და მისმა ბატონმა იცოდა ამის შესახებ, მაშინ მისი უკან მოთხოვნა ხდება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. ფოტიოსი 1-ლი ტიტლოსის 36-ე თავში ამბობს, რომ "კოდექსთა" 1-ლი წიგნის, მე-3 ტიტლოსის 36-ე დადგენილების მიხედვით მონა თავისი ბატონის ნებართვის შემთხვევაშიც კი არ იქნება მიღებული კლირში, თუ თავიდან გათავისუფლებული არ იქნება, და ასევე "ნოველების" 1-ლი ტიტლოსის მე-2 დადგენილება განაწესებს: თუკი მონა კლირიკოსი გახდა, ხოლო მისმა ბატონმა იცოდა ამის შესახებ და წინააღმდეგი არ იყო, მონა თავისუფლებას მიიღებს.
მიქაელ ატალიატი "სინოპსისში" (ტიტლ. 3) ამბობს, რომ მონა თავისუფალი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მისმა ბატონმა იცოდა მისი ხელდასხმის შესახებ და დუმდა. იგივე დადგენილება ("ნოველების" 1-ლი ტიტლოსის მე-2 დადგენილება) ბრძანებს, რომ ეპისკოპოსობის ხარისხის მიღება მონებს მფლობელთა დაქვემდებარებისგან ათავისუფლებს, მეომრებს მხედართმთავრების დაქვემდებარებისგან, თუკი, რა თქმა უნდა, ისინი ეპისკოპოსობის ხარისხში აყვანილ იქნენ მათი ბატონების თანხმობის შემდეგ.
ასევე შენიშნე, რომ კანონის მიხედვით: როდესაც ადამიანს ეკითხებიან და ის წინააღმდეგი არ არის, არამედ დუმს, და საქმე, რომლის შესახებაც ეკითხებიან, მის სასარგებლოდ იხრება, მიიჩნევა, რომ მან თანხმობა გამოთქვა, ხოლო თუ საზიანოდ, უარი თქვა. მაგრამ ის, ვინც იცოდა თავისი მონის ქიროტონიის შესახებ და ამის წინააღმდეგი არ ყოფილა, თუნდაც ამით დანაკლისი მიდგომოდა, მაინც თანხმობის მთქმელად არ მიიჩნევა, და ეს სპეციალურად იმისთვის, რათა კლირში მიღებული მონა გათავისუფლებულ იქნას. ასე წერია ბალსამონის კომენტარში ფოტის "ნომოკანონის" 1-ლი ტიტლოსის 36-ე თავის განმარტებაში. გარდა ამისა, არმენოპულოსის 1-ლი წიგნის 18-ე ტიტლოსის თანახმად, გათავისუფლდება მონა, რომლის ბატონი გარდაიცვალა ისე, რომ ანდერძი არ დაუტოვებია. მტრებისგან გამოსყიდულმა, თუ მდიდარია, მისთვის გადახდილი თანხა უნდა დააბრუნოს, ხოლო თუ ღარიბია, სამი წელი ან ხუთი წელი უნდა იმუშაოს იმ ადამიანის სასარგებლოდ, ვინც ის გამოისყიდა, და ამის შემდეგ გახდება თავისუფალი.
თავისუფლებას მიიღებს მეომარიც, მონაზონიც ან კლირიკოსიც თავისი მფლობელის ნებართვით. მაგრამ ის მონები, რომლებიც ჯერ მონაზვნები გახდნენ, შემდეგ მიატოვეს ღვაწლი და ცხოვრების სხვა წესს დაუბრუნდნენ, კვლავ მონები უნდა გახდნენ, არმენოპულოსის მე-4 წიგნის 1-ლი ტიტლოსის, 13-ე განყოფილების 11-ე თავის მიხედვით (იხ. ასევე შენიშვნა ორგზისი კრების მე-5 და არმენოპულოსის ხსენებულ ადგილზე).
კიდევ შენიშნე, რომ მონებად ხდებიან ორი გზით: ერთნი მონებად იბადებიან (მონა ქალთა შვილები), ხოლო სხვები მონები ხდებიან მტერთაგან შეპყრობით. ხოლო ვინც თავის მფლობელთა სასარგებლოდ მუშაობს საფასურზე - მხოლოდ დაქირავებული მუშაა, და არა მონა პირდაპირი გაგებით. მონების შესახებ ბრძანებს ღვთაებრივი იოანე ოქროპირიც (ტიტესადმი ეპისტოლეს მე-4 ჰომილიაში): "გაკიცხვის ღირსია ის, ვინც თავშეკავების მომიზეზებით განაცალკევებს ცოლებს ქმრებისგან და მონებს მათი მფლობელებისგან" (Ioan. Chrysost. Hom. in Ер. ad Tit. 4. 3 // PG 62, 684–685). ხოლო ზირაქი ასე ამბობს: "გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას" (ზირ. 7:21).
83
ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სამხედრო საქმეში იწვრთნება და ორივეს პყრობა სურს, ანუ რომის ხელისუფლებისაცა და სასულიერო წოდებისაც, განკვეთილ იქნეს იერარქიული ხარისხიდან, რამეთუ "... კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა" (მათე 22:21).
(მოც. 6,81; IV მსოფ. 3,7; VII მსოფ. 10; ორგზ. 11; ბასილი დიდი 55).
განმარტებანი:
ზონარა: ვფიქრობ, აქ "კანონი" "სამხედრო საქმეში" არ გულისხმობს იარაღის ტარებასა და მის გამოყენებას, არც ჯარისკაცთა მეთაურობას, არამედ სამხედრო ქონების განკარგვას — მაგალითად, სამხედრო გასამრჯელოს დარიგებას, მეომრებისთვის განსაზღვრული სურსათის გაცემას, ჯარში გაწვევას, ან სხვა რომელიმე თანამდებობას, რომლებიც სამოქალაქო კანონებშიც სამხედროებად იწოდება. ამრიგად, ხელდასხმული პირები, რომლებიც ამ საქმეებით არიან დაკავებულნი, კანონის მიხედვით სასულიერო ხარისხიდან განყენებას ექვემდებარებიან, რა თქმა უნდა, თუ ამას არ დაანებებენ თავს. რადგან არ უნდა აირიოს ის, რაც შეურევნელია, ანუ კეისრისა და ღვთისა. ხოლო ქალკედონის კრების მე-7 კანონი განსაზღვრავს, რომ ასეთნი, თუ არ მოინანიებენ, ანათემას უნდა გადაეცნენ.
არისტინე: მღვდელი, რომელიც სამხედრო საქმეს მეთაურობს, მღვდელი არ არის; რადგან "კეისრისა - კეისარს, ხოლო ღვთისა - ღმერთს". ვისაც სურს ერთდროულად შეინარჩუნოს რომაული სამხედრო სამსახური და მღვდელმსახურებაც, მღვდლობიდან უნდა განიყენოს, რადგან "კეისრისა - კეისარს, ხოლო ღვთისა - ღმერთს".
ბალსამონი: სხვადასხვა სამოციქულო კანონმა ხელდასხმულ პირებს საერთო-საზოგადოებრივი საქმეებით დაკავება აუკრძალა. ხოლო წინამდებარე კანონი ადგენს, რომ სამხედრო საქმეში ჩაბმულნი - ანუ ისინი, ვინც განაგებენ სამხედრო გასამრჯელოს, ქონებასა და ჯარში გაწვევას - უნდა დაემხონ (სამღვდლო ხარისხიდან). რადგან, ჩემი აზრით, აქ სწორედ ასეთი "სამხედრო საქმე" უნდა იგულისხმებოდეს და არა იარაღის ხმარება, ვინაიდან ეს უკანასკნელი სრულად აკრძალულია. წაიკითხე ქალკედონის კრების მე-7 კანონიც, სადაც ნათქვამია, რომ ასეთნი, თუ არ მოინანიებენ, ანათემას ექვემდებარებიან. მაგრამ შესაძლოა ვინმემ იკითხოს: ნუთუ აქაც არ უნდა მოქმედებდეს პირობა - "ან შეწყვიტოს, ან დაემხოს", როგორც ეს 81-ე კანონში ვიხილეთ? ანუ შეგონებამდე სამხედრო საქმეში ჩართული ხელდასხმული ამის გამო დაუყოვნებლივ უნდა დაემხოს? პასუხი: ვფიქრობ, აქაც სამხედრო საქმით დაკავებული მხოლოდ მაშინ უნდა დაექვემდებაროს განყენებას, თუ შეგონების შემდეგ არ შეწყვეტს; რადგან ყველა საერო საქმეს ერთი და იგივე საფუძველი აქვს. წაიკითხე აგრეთვე ამ კრებულის მე-9 ტიტულის 32-ე თავი და ის, რაც მასში წერია.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სამხედრო საქმეში იწვრთნება და ორივეს პყრობა სურს, ანუ რომის ხელისუფლებისაცა (ანუ საერო) და სასულიერო წოდებისაც, განკვეთილ იქნეს იერარქიული ხარისხიდან, რამეთუ "... კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა" (მათე 22:21).
(მოც. 6, 81; IV მსოფლ. 3, 7; VII მსოფლ. 10; ორგზ. 11; კართ. 18)
განმარტება:
როგორც სხვა კანონებში საღვთო მოციქულები უკრძალავენ სამღვდელო პირთ საზოგადო საქმეებში ჩართვას და საერო ზრუნვის საკუთარ თავზე აღებას, ისე ამ კანონშიც იმავეს აცხადებენ:
"ეპისკოპოსი, პრესვიტერი ან დიაკონი, რომელიც სამხედრო სამსახურს ეწევა (ცხადია, არა იარაღით ხელში საომარ მოქმედებაში მონაწილეობს, არამედ სამხედრო ქონებას განაგებს: მაგალითად, ჯარისკაცებს შორის გასამრჯელოს ანაწილებს, მათთვის სურსათს გასცემს და მსგავს სამმართველო საქმეებს აწარმოებს, რაც სამოქალაქო კანონებში სამხედრო საქმედ მოიხსენიება) და სურს ორივეს ფლობდეს - რომაულ სამეფო ხელისუფლებასაც და სამღვდელო-საეკლესიო მმართველობასაც, ე. ი. გარე და შინაგან ძალაუფლებას (1), - ასეთი, თუ ამას არ შეწყვეტს, დამხობილ იქნეს. რადგან კეისრისა და მეფის საქმე და ძალაუფლება კეისარს უნდა მიეგოს, ანუ საერო და სამეფო კაცებს; ამგვარადვე ღვთის საქმე და ძალაუფლება ღმერთს უნდა მიეგოს, სხვა სიტყვებით — საღვთო და სულიერ ადამიანებს, როგორებიც არიან ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები".
წაიკითხე აგრეთვე განმარტება: "სამოციქულო კანონი 6".
შენიშვნები:
1. ხელისუფლება და მმართველობა ორ სახედ იყოფა.
პირველი არის საერო ხელისუფლება, რომელიც ღმერთმა მეფეებსა და მოხელეებს მიანდო; მეორე — სულიერი ხელისუფლება, რომელიც ღმერთმა მღვდელმთავრებსა და სულთა წინამძღვრებს ჩააბარა. ერთი ხელისუფლება მეორისგან არსებითად განსხვავდება: ერთი მიწიერია, მეორე - ზეციერი. ერთი მახვილს ატარებს და კლავს, მეორე კი სიმშვიდით პატიობს და აცოცხლებს. ამიტომაც ამბობს ოქროპირი, რომ "სხვაა სამეფო მმართველობის საზღვრები და სხვაა მღვდლობის საზღვრები. მეფეს აბარებენ აქაურ საქმეებს, მე - ზეციერს (როცა ვამბობ "მე", ვგულისხმობ მღვდელს); მეფეს აბარია სხეულები, მღვდელს - სულები. მეფე ფულად ვალებს მიუტევებს, მღვდელი - ცოდვის ვალებს. ის აიძულებს, ეს ევედრება. იმას ხილული იარაღი აქვს, ამას - სულიერი" (Слово 4 на Озию, стр. 149, т. 5 // Ioan. Chrysost. In illud: vidi Dom. 4. 4–5 // PG 56, 126.).
ერთნაირი უგუნურებაა, როდესაც მეფე საკურთხეველში შესვლას ბედავს, ხოლო მღვდელმთავარი მეფობასა და შეიარაღებას ცდილობს - როგორც ეს გამოვიდა "ორრქიან რომაულ გოლიათთან" (ვგულისხმობ პაპს): არის რა ეკლესიური პირი და სულით მღვდელმთავარი, მას სურს, ხორციელადაც საერო პირი და მეფე იყოს: სურს აკურთხებდეს კიდეც და კლავდეს კიდეც; ფლობდეს როგორც მწყემსის კვერთხს, ისე სიკვდილის მომტან მახვილს. ეს არის შეუთავსებელი შერევა და მართლაც ამაზრზენი უგუნურება!
ამიტომ დაე, დაინახოს, რომ, რადგან სურს ერთდროულად ფლობდეს რომაულ ხელისუფლებასაც და სამღვდელო მმართველობასაც, არღვევს ამ სამოციქულო კანონს და პატივაყრას ექვემდებარება.
ამასთან დაკავშირებით მეტად სასარგებლოა კორდუბის ეპისკოპოსის ოსიას სიტყვები, მიმართული კონსტანტინე დიდისადმი (აქ დაშვებულია ისტორიული შეცდომა: ოსია მიმართავდა არა კონსტანტინეს, არამედ კონსტანციუსს) (ათანასეს ეპისტოლედან, რომელიც განდეგილ ცხოვრებაში განმტკიცებულთ ეძღვნება): "შენ ღმერთმა სამეფო მოგანდო, ჩვენ კი ეკლესიის საქმეები ჩაგვაბარა. და როგორც შენი ხელისუფლების მიმტაცებელი ეწინააღმდეგება მის დამწესებელ ღმერთს, ასევე შენც გეშინოდეს - ეკლესიურ საქმეებში ჩარევისას მძიმე დანაშაულში ბრალეული არ აღმოჩნდე. წერია: "მიეცით კეისრისა კეისარს, და ღვთისა ღმერთს". ამიტომ, როგორც ჩვენ არ გვაქვს უფლება მიწაზე ვიმეფოთ (ამაზე რას იტყვის ორმაგი ხელისუფლების მქონე პაპი?! - ღირს. ნ.), ასევე შენც, მეფევ, არ გაქვს კმევის აღსრულების უფლება" (Athanas. Alex. Hist. arian. 44 // PG 25b, 745D–748A).
84
პირი, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია. თუ იგი სასულიერო პირი იქნება, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებლობით დაისაჯოს.
(მოც. 55, 56).
განმარტებანი:
ზონარა. მოსეს რჯული ამბობს: "ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი" (გამ. 22,27). და მოციქულთა თავი პეტრე ამბობს: "პატივი მიაგეთ მეფეს" (1 პეტ. 2:17). და დიდი პავლეც ბრძანებს, რომ უნდა ვილოცოთ მეფეთათვის და ყოველთათვის, ვინც ხელისუფლებაშია (1 ტიმ. 2:2), და ეს ნათქვამია ურწმუნოთათვის.
ამრიგად, მეფეთა და მთავართა წყენა აკრძალულია. მაგრამ არ არის აკრძალული მათი მხილება, როდესაც ისინი რაიმე უსამართლობას სჩადიან, თუმცა მხილების სიტყვები ზოგჯერ შესაძლოა ძალიან მკვეთრი იყოს და მხილებულთათვის შეურაცხყოფად ჩაითვალოს. ვინმეს უსამართლოდ შევიწროვების უფლებას კანონი არ გვაძლევს. პირიქით: უნდა ვიფიქროთ, რომ ვინც მართალი საქმისთვის ამხელს მეფეებსა და დიდებულებს, სასჯელს არ ექვემდებარება.
ხოლო "ბასილიკონის" 60-ე წიგნის 36-ე ტიტულის მე-13 თავი ამბობს შემდეგს: "როცა ვინმე ავად ილაპარაკებს მეფეზე, იგი სასჯელს არ ექვემდებარება, მაგრამ ეს უნდა მოახსენონ მეფეს, ვინაიდან, თუ ეს დაუფიქრებლობით მოხდა, იგი აბუჩად აგდების ღირსია; თუ შეშლილობის დროს – შებრალებას იმსახურებს; ხოლო თუ იმიტომ, რომ დაჩაგრულია – შესაწყნარებელია".
არისტინე: მთავრის ან მეფის უსამართლოდ შეურაცხმყოფელი კლირიკოსი ექვემდებარება დამხობას, ერისკაცი – განკვეთას. ვინც ღვთისმოშიშებით მცხოვრებ მეფეს ან მთავარს გაანაწყენებს – თუ მღვდელმსახურია, დაემხოს; თუ ერისკაცია – განიკვეთოს.
ბალსამონი: მოსეს რჯული ამბობს: "ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი" (გამ. 22:27). ამრიგად, ამის კვალობაზე წინამდებარე წესიც განსაზღვრავს, რომ მეფის ან მთავრის შეურაცხმყოფელი – თუ მღვდელმსახურია, უნდა დაემხოს, ერისკაცი კი მოიკვეთოს. და ეს ასეა საეკლესიო გადმოცემით; ხოლო სამოქალაქო კანონები მეფის შეურაცხყოფისთვის სხვაგვარად სჯიან. წაიკითხე წინამდებარე კრებულის (იგულისხმება ფოტის "ნომოკანონის" ბალსამონისეული განმარტება - "აპოკ." რედ.) მე-9 ტიტულის 36-ე თავი. ზოგიერთები სიტყვების: "რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს", განმარტებისას ამბობდნენ, რომ ხშირად სამართლიან მხილებასაც შეურაცხყოფად იღებენ. მე კი ვფიქრობ, რომ ეს განმარტებულია "ბასილიკონის" 60-ე წიგნის 36-ე ტიტულის მე-13 თავში, რომელიც მოთავსებულია წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტულის 36-ე თავში.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: პირი, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია. თუ ის კლირიკოსი იქნება, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებლობით დაისაჯოს.
განმარტება:
მოსეს რჯული ამბობს: "შენი ხალხის მთავარს ნუ შეურაცხყოფ" (გამ. 22:28). მთავარმოციქული პეტრე ამბობს: "პატივი მიაგეთ მეფეს" (1 პეტ. 2:17). პავლე კი ბრძანებს, ვილოცოთ მეფეთათვის და ყოველ მთავართათვის (1ტიმ. 2:2) – თუნდაც ისინი ურწმუნონი იყვნენ. აქ კი მოციქულები ერთხმად ამბობენ:
"ვინც უსამართლოდ, ანუ ყოველგვარი სამართლიანი მიზეზის გარეშე, შეურაცხყოფს მეფეს ან მმართველს, ის დაისაჯოს; თუ შეურაცხმყოფელი კლირიკოსია – დაემხოს, ხოლო თუ ერისკაცია – განიკვეთოს".
მეფეთა მიმართ შეურაცხყოფად ითვლება მკვეთრი მხილება. კანონმა, რომელმაც მეფის უსამართლოდ შეურაცხყოფა აკრძალა, უფლება მოგვცა წესისამებრ გავაკეთოთ დასკვნა: თუ მეფეები და მმართველები უღვთოდ იქცევიან ან სცოდავენ, მაშინ მათ, ვისაც ეკადრება ამ პირთა მხილება, ნებადართული აქვთ ამხილონ. თუმცა თავად შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ არ უნდა დაისაჯოს (1).
იხ. ასევე შენიშვნა მოც. 55-ე კანონზე.
შენიშვნები:
1. იმისთვის, რათა საკუთარი რისხვა დაიოკონ და თავიანთ შეურაცხმყოფელთა მიმართ კაცთმოყვარენი იყვნენ, ღვთაებრივმა მეფეებმა მაგალითი კონსტანტინე დიდისა და თეოდოსი დიდისგან უნდა აიღონ.
როდესაც ვიღაცამ ქვები ესროლა კონსტანტინეს გამოსახულებას და მეგობრები არწმუნებდნენ დაესაჯა შეურაცხმყოფელნი, რადგან მისი ხატი ქვებით ჩაქოლეს, მან სახეზე ხელი მოისვა, გაეღიმა და შემდეგი ღირსსახსოვარი სიტყვები წარმოთქვა: "ვერ ვხედავ სახეზე ვერავითარ ჭრილობას; პირიქით, მთელია თავი, მთელია მთელი სახეც" (ოქროპირი, სიტყვა ქანდაკებათა შესახებ 20, გვ. 599, ტ. 6) (Ioan. Chrysost. Ad popul. Antioch. 21.3 // PG 49, 216).
ხოლო რაც შეეხება თეოდოსის: ანტიოქიელებმა დაამხეს მისი ქანდაკებები და სხვა თავხედური საქმეებიც ჩაიდინეს. მაგრამ როდესაც ანტიოქიელი ფლაბიანე არწმუნებდა და ევედრებოდა მას, მისი რისხვა იმდენად შერბილდა, რომ ფლაბიანეს ასეთი კაცთმოყვარეობით მიუგო: "რა არის საკვირველი და დიადი, თუ ჩვენ, როგორც კაცებმა, შევწყვიტეთ რისხვა იმ ადამიანთა მიმართ, ვინც შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც თვით ყოვლისმპყრობელმა უფალმა მამას სთხოვა მათთვის, ვინც იგი ჯვარ აცვა: "მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან" (ლკ. 23:34)" (ოქროპირი, იქვე, გვ. 602) (Ioan. Chrysost. Ad popul. Antioch. 20.4 // PG 49, 219–220.).
ნუ იფიქრებენ მეფეები, რომ თითქოსდა მათი წოდება მათ შურისგების უფლებას აძლევდეს. მათი წოდებაც კი –"მეფის" სახელი, რომელსაც ისინი ატარებენ – უნდა არწმუნებდეს მათ შეაკავონ თავიანთი რისხვა. რადგან ლეონი და კონსტანტინე, რომლებიც ისეთივე მეფეები არიან, როგორიც ისინი, "კანონთა ეკლოგაში" (ტიტ. 2) შემდეგ განმარტებას გვაძლევენ: "პირველ რიგში, მეფე არის კანონიერი მეთაურობა, საერთო სიკეთე ყველა ქვეშევრდომისთვის – ის, ვინც სჯის არა მტრობის გამო და წყალობს არა მიკერძოებით. მეორეც, მეფის მიზანია – თავისი სიკეთით დაიცვას და დაფაროს მოყვასნი და ქვეშევრდომნი. მესამეც, მეფის უკანასკნელი მიზანი საქველმოქმედოა – ამიტომაც იწოდება იგი კეთილისმყოფელად" (ბერძნულ-რომაული სამართალი, წგ. 2, გვ. 83).
ვისაც სურს, მეფური რისხვა დაიოკოს, იმან იქვე, ოქროპირთან, წაიკითხოს უბრძენესი და უაღრესად დამაჯერებელი გამონათქვამები და სიტყვები, რომლებიც ფლაბიანემ თეოდოსისადმი მიმართვისას გამოიყენა.
კანონი 85
თქვენთვის ყველასთვის, სამღვდელოებისთვის და ერისკაცებისთვისაც, პატივმისაგები და წმიდა იყოს ძველი აღთქმის შემდეგი წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა; ისო ნავეს ძისა - ერთი; მსაჯულთა - ერთი; რუთისა - ერთი; მეფეთა - ოთხი; ნეშტთა - ორი; ეზრასი - ორი; ესთერისი - ერთი; მაკაბელთა - სამი; იობისა - ერთი; ფსალმუნთა - ერთი; სამი სოლომონისა - იგავნი, ეკლესიასტე, ქება ქებათა; თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი; ესაიასი - ერთი; იერემიასი - ერთი; ეზეკიელის - ერთი; დანიელის - ერთი. გარდა ამისა, თქვენთვის შენიშვნის სახით დავსძენთ, რომ თქვენმა ყმაწვილებმა შეისწავლონ სიბრძნე მრავალგანსწავლული ზირაქისა. ჩვენი კი, ანუ ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; პავლეს ეპისტოლენი თოთხმეტი, პეტრესი - ორი, იოანეს - სამი, იაკობის - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტისა - ორი; აგრეთვე თქვენთვის, ეპისკოპოსთათვის, დადგენილებანი ჩემ, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი (რომელთა გამოქვეყნება ყველას წინაშე უჯეროა, მათში შესულ საიდუმლოთა გამო); და საქმენი ჩვენი მოციქულთა (1).
(მოც. 60; ტრულ. 2; ლაოდ. 59, 60; კართ. 24, 32, 54; ათანასე დიდის 39-ე ეპისტოლე დღესასწაულთა შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნთა შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ).
განმარტება:
ზონარა. წმიდა მოციქულებმა, როდესაც დაადგინეს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მორწმუნეებმა, ბოლოს დაურთეს ისიც, თუ რომელი წიგნები უნდა წაიკითხონ მათ, ჩამოთვალეს კიდეც. საკითხავად განკუთვნილ წიგნთა ჩამონათვალები გვხვდება აგრეთვე სხვადასხვა წმიდა მამებთან, როგორც ზემოთ სადღაც ითქვა. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ არსებობდა ან არსებობს სხვადასხვა ყალბი თხზულებები ცრუ სახელწოდებებით, ზოგი კი დაზიანებულია, როგორებიცაა კლიმენტის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები; რადგან ისინიც კი დაზიანებულა და გაფუჭებულა ზოგიერთი ბოროტად მოაზროვნე ადამიანის მიერ. ამიტომ, მათი სრულად წაკითხვა აკრძალა მეექვსე მსოფლიო კრებამ მის მიერ შედგენილ განწესებათა მეორე თავში. ზოგიერთი სხვა ჩამონათვალი, აქ ჩამოთვლილთან ერთად, ნებას რთავს წაიკითხონ სოლომონის სიბრძნე, ტობითი, ივდითი და იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსი. ასე რომ, ეს არის ყოველგვარ ქების ღირს მოციქულთა 85 განწესება.
ზოგიერთ წიგნში, რომელიც შეიცავს განწესებებს, გვხვდება ყოვლადქებულ მოციქულთა სახელით წარწერილი სხვა განწესებებიც. მაგრამ ტულის 227 წმიდა მამის კრება, რომელიც მოწვეულ იქნა თვითმპყრობელი იუსტინიანე რინოტმიტის (იუსტინიანე II – "აპოკ." რედ.) მეფობის დროს, რომელსაც მეექვსე კრებასაც უწოდებენ და, რომელმაც შეადგინა წმიდა კანონთა ჩამონათვალი, ამბობს: "მტკიცედ და ურღვევად რჩება ჩვენი წინამორბედი წმინდა და ნეტარი მამების მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული, და მათ მიერ ჩვენთვის წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით გადმოცემული ოთხომოცდახუთი კანონი".
შემდეგ, როდესაც ილაპარაკა წმიდა კლიმენტის მიერ დაწერილ დადგენილებებზე, რომ არ უნდა წაიკითხონ ისინი, და უარყო იმის გამო, რომ ერეტიკოსებმა ეკლესიის საზიანოდ მათ რაღაც ყალბი და ღვთისმოსაობისათვის უცხო სწავლებანი შეურიეს, იხსენიებს როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივი კრებების განწესებებსა რომლებიც შეადგინეს ღვთაებრივმა მამებმა კრებების გარეშე, და დასძენს: "ზემოთ მოხსენიებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავისა აქვს. აკრძალულია სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება". ვინაიდან მეექვსე კრების მეორე კანონი ასეთ დადგენილებას გამოსცემს და არსად არ ახსენებს სხვა სამოციქულო განწესებებს, გარდა 85-ისა, მაშასადამე, სხვა განწესებები, რომელთაც სამოციქულო ეწოდება, არ უნდა მივიღოთ, არამედ ასეთი კანონები, პირიქით, უნდა დავგმოთ, ვამხილოთ და უარვყოთ, როგორც ყალბი სახელწოდებების მქონენი, დაზიანებულნი და იმ განწესებათა მიღმა მყოფნი, რომლებიც ჩამოთვლილნი და დამტკიცებულნი არიან ღვთაებრივ და წმიდა მამათა მიერ.
არისტინე. პატივსაცემია მხოლოდ სამოცი წიგნი. ყველა კლირიკოსმა და ერისკაცმა პატიოსან და წმიდა წიგნებად უნდა აღიაროს მხოლოდ შემდეგნი: ძველი აღთქმისა – 5: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული; იესუ ნავეს ძისა – 1; მსაჯულთა და რუთი – 1; მეფეთა – 4; პარალიპომენონი (დღეთა წიგნნი) – 2; ეზრა – 2; ესთერი – 1; მაკაბელთა – 3; იობი – 1; ფსალმუნი – 1; სოლომონისნი – 3: იგავნი, ეკლესიასტე და ქებათა ქება; წინასწარმეტყველთა – 12. ამათ გარდა, აგრეთვე მრავალგანსწავლული ზირაქის სიბრძნე. ხოლო ახალი აღთქმისა – 4, კერძოდ, სახარებები: მათესი, მარკოზისი, ლუკასი, იოანესი; პავლესი – 14 ეპისტოლე; პეტრესი – 2 ეპისტოლე; იოანესი – 3; იაკობისი – 1; იუდასი – 1; კლიმენტისი – 2 ეპისტოლე; და მოციქულთა საქმეები; დადგენილებები, რომელიც წარმოთქვა კლიმენტი ეპისკოპოსმა 8 წიგნად, ყველას წინაშე არ უნდა გასაჯაროვდეს იმის გამო, რომ მათში ბევრი საიდუმლო რამ არის. ხოლო ტრულის მეექვსე კრების მეორე კანონი, სრულიად უარყოფს ამ დადგენილებებს, რადგან მათში სხვაგვარად მოაზროვნე პირებმა დაამატეს რაღაც ყალბი და ღვთისმოსაობისათვის უცხო.
ბალსამონი. 60-ე განწესებიდან შევიტყვეთ, რომ არ უნდა ვკითხულობდეთ უღმრთოთა იმ წიგნებს, რომლებიც წმინდანთა სახელწოდებებს ცრუდ ატარებენ. ხოლო ახლა შევიტყობთ, თუ რომელი წიგნები უნდა ვიკითხოთ ძველი აღთქმიდან და ახლიდან. შენ კი იცოდე, რომ მიუხედავად აქ დაწერილისა, რომ შეიძლება ვიკითხოთ კლიმენტის დადგენილებები, თუმცა მათი გასაჯაროების გარეშე, მეორე მეექვსე მსოფლიო კრებამ თავისი მე-2 კანონით ესეც აკრძალა, რადგან მათში მოხდა დაზიანება. წაიკითხე თვით მეორე განწესება, რომელიც ადგენს, რომ ზოგიერთ სხვა წერილთან ერთად ჩვენ მხოლოდ წმიდა მოციქულთა 85 განაწესს უნდა ვკითხულობდეთ და არ მივმართოთ სხვა რომელიმე კანონს, მაშინაც კი, თუნაც ის წმიდა მოციქულთა სახელს ატარებდეს. ხოლო, რაც დაწერილია წმიდა მამათა და აღმსარებელთა მიერ, უნდა ვიკითხოთ და მივიღოთ, რადგან ისინი გვიძღვიან ჭეშმარიტი და მართლმადიდებელი სარწმუნოებისკენ.
სხვა განმარტებანი:
პიდალიონი: თქვენთვის ყველასთვის, სამღვდელოებისთვის და ერისკაცებისთვისაც, პატივმისაგები და წმიდა იყოს ძველი აღთქმის შემდეგი წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა; ისო ნავეს ძისა - ერთი; მსაჯულთა - ერთი; რუთისა - ერთი; მეფეთა - ოთხი; ნეშტთა - ორი; ეზრასი - ორი; ესთერისი - ერთი; მაკაბელთა - სამი; იობისა - ერთი; ფსალმუნთა - ერთი; სამი სოლომონისა - იგავნი, ეკლესიასტე, ქება ქებათა; თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი; ესაიასი - ერთი; იერემიასი - ერთი; ეზეკიელის - ერთი; დანიელის - ერთი. გარდა ამისა, თქვენთვის შენიშვნის სახით დავსძენთ, რომ თქვენმა ყმაწვილებმა შეისწავლონ სიბრძნე მრავალგანსწავლული ზირაქისა. ჩვენი კი, ანუ ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; პავლეს ეპისტოლენი თოთხმეტი, პეტრესი - ორი, იოანეს - სამი, იაკობის - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტისა - ორი; აგრეთვე თქვენთვის, ეპისკოპოსთათვის, დადგენილებანი ჩემ, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი (რომელთა გამოქვეყნება ყველას წინაშე უჯეროა, მათში შესულ საიდუმლოთა გამო); და საქმენი ჩვენი მოციქულთა (1).
(მოც. 60; ტრულ. 2; ლაოდ. 59, 60; კართ. 24, 32, 54; ათანასე დიდის 39-ე ეპისტოლე დღესასწაულთა შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნთა შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ).
მას შემდეგ, რაც მოციქულებმა ასწავლეს და თავიანთ წმიდა განწესებებში დააკანონეს, თუ როგორ მართებთ ცხოვრება წმიდა მსახურებსა და უბრალოთა ერისკაცებს, ბოლოს ასწავლიან იმასაც, თუ რომელი წიგნები უნდა წაიკითხონ. 60-ე კანონში მათ გვასწავლეს, რათა არა წავიკითხოთ არაკანონიკური და ყალბი წიგნები, ხოლო წინამდებარე კანონში გვარიგებენ ვიკითხოთ წმიდა და კანონიკური წიგნები, რომლებიც ჩამოთვლილნი არიან ისე, როგორც აქ არის დაწერილი. ამ წიგნებს ახსენებენ აგრეთვე ლაოდიკიის კრება თავის 60-ე განწესებაში, კართაგენის კრება 32-ე განწესებაში, ათანასე დიდი 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლეში, გრიგოლ ღვთისმეტყველი და ამფილოქიე იკონიელი თავიანთ იამბიკოებში.
ამრიგად, ათანასე დიდი ხსენებულ ეპისტოლეში ძველი აღთქმის წიგნებს ჰყოფს ორ სახეობად: კანონიკურ და საკითხავად სასარგებლო წიგნებად. ძველი აღთქმის წიგნთა შორის კანონიკურად მიიჩნევს 22 წიგნს, ებრაული ასოების რიცხვის მიხედვით (ამასვე ამბობენ გრიგოლ ღვთისმეტყველიც და ღვთაებრივი იოანე დამასკელიც). ეს წიგნები შემდეგია: 1) დაბადება; 2) გამოსვლა; 3) ლევიანნი; 4) რიცხვნი; 5) მეორე რჯული; 6) იესუ ნავეს ძისა; 7) მსაჯულთა; 8) რუთი; 9) პირველი და მეორე მეფეთა ერთად (ებრაელები მათ სამუელის წიგნებს, ხოლო მესამე და მეოთხე მეფეთას – პირველ და მეორე მეფეთა წიგნებს უწოდებენ); 10) მესამე და მეოთხე მეფეთა ერთად; 11) პირველი და მეორე პარალიპომენონი ერთად; 12) პირველი და მეორე ეზრა ერთად; 13) ფსალმუნი; 14) იგავნი; 15) ეკლესიასტე; 16) ქებათა ქება; 17) იობი; 18) თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი, რომლებიც ერთ წიგნად იწოდებიან; 19) ესაია; 20) იერემია, გოდებასთან, ბარუქთან და ეპისტოლესთან ერთად; 21) იეზეკიელი; 22) დანიელი.
ხოლო ახლად მოქცეულთათვის საკითხავად სასარგებლო წიგნები შემდეგია: სოლომონის სიბრძნე, რომელსაც ევსებისთან "ყოველ სათნოებათა საგანძური" ეწოდება (სახარებისეული მზადება, წ. 11, თ. 7) (PG 21, 865А); ზირაქის სიბრძნე, რომელსაც გიორგი სინკელოსთანაც "ყოველ სათნოებათა საგანძური" ეწოდება (Georg. Sync. Chron. // TLG 3045/1.333. 23) (აღსანიშნავია, რომ დასავლელებთან ზირაქს ეკლესიასტიკონი ეწოდება); ესთერი, ივდითი და ტობითი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ესთერის წიგნი, რომელიც ერთია, მიეკუთვნება კანონიკურს, რადგან სწორედ ამგვართა რიგს მიაკუთვნებს მას მოციქულთა წინამდებარე განაწესიც, ლაოდიკიის კრებაც და კართაგენის კრებაც. სოლომონის სიბრძნე, ივდითი და ტობითი კართაგენის კრების მიერ ასევე მიეკუთვნებიან კანონიკურს. მოციქულთა წინამდებარე განწესებაში კანონიკურთა რიგს მიეკუთვნება აგრეთვე მაკაბელთა სამი წიგნი (2).
ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები არიან შემდეგნი: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმენი, შვიდი კრებითი ეპისტოლე (ერთი იაკობისი, ორი პეტრესი, სამი იოანესი, ერთი იუდასი); პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე და გამოცხადება.
მართალია, ღვთაებრივი ამფილოქიე იამბიკურ ლექსებში ამბობს, რომ გამოცხადებას ბევრი ცნობსო ჭეშმარიტად, თუმცა უმრავლესობა მას ყალბად მიიჩნევსო. მიუხედავად ამისა, მას კანონიკურ წიგნად აღიარებენ კართაგენის კრება 32-ე კანონში, ათანასე დიდი ზემოთხსენებულ 39-ე საზეიმო ეპისტოლეში და ღვთაებრივი დიონისე არეოპაგელი, რომელიც მას საიდუმლო ხილვას უწოდებს (Dion. Areop. De eccl. hierarch. I ll, 4.4 // PG 3, 429D), ხოლო წმიდა დიონისეს განმმარტებელი, ღვთაებრივი მაქსიმე, არაერთხელ იხსენიებს მას თავის განმარტებებში. ღვთაებრივი იერონიმეც მას მსოფლიოში ყველაზე ამაღლებულ წიგნს უწოდებს. ხოლო თუ გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის ლექსებში არ ახსენებს ამ წიგნს, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, რომლითაც მიმართა მეორე მსოფლიო კრების 150 ეპისკოპოსს, ნათლად მიუთითა მასზე სიტყვებით: "დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ეკლესიას თავისი (ანგელოზები) მფარველობენ, როგორც მასწავლის იოანე თავის გამოცხადებაში“ (Greg. Nazianz. Or. 42.9 // PG 36, 469A).
ორიგენესაც ჰქონდა გამოცხადების განმარტება. ამ წიგნს იხსენიებენ კირილე ალექსანდრიელი ("ხუთწიგნეულის განმარტება", გვ. 679) (Cyr. Alex. Glaph. in Ex. II. De hostia agni 2 // PG 69, 432A) და კლიმენტი ალექსანდრიელი („სტრომატები“, გვ. 856) (Clem. Alex. Strom. VI, 13.106 // PG 9, 328B). მას შეიწყნარებდნენ აპოლინარი, ეფრემი, პაპიასი, იუსტინე, ირინეოსი, ტერტულიანე, ლაქტანციუსი, სულპიციუს სევერი, ავგუსტინე, მეთოდე, იპოლიტე, ანდრია კესარიელი და თავად მეორე მსოფლიო კრებაც, რომლის წინაშეც გრიგოლ ღვთისმეტყველმა წარმოთქვა თავისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რომელიც შეიცავს გამოცხადების ხსენებას. შეიწყნარებენ მას მელიტონ სარდელი, თეოფილე ანტიოქიელი და სხვები.
კლიმენტის ორი ეპისტოლე, რომელთაც ახსენებს წინამდებარე სამოციქულო განწესება, მიმართულია კორინთელებისადმი რომის ეკლესიის სახელით და გამოცემულია "კრებით საქმეთა" პირველ ტომში. ამ ეპისტოლეთაგან მეორეს ფოტიოსი ყალბად მიიჩნევს ("მირიობიბლიონი" (Μυριοβίβλιον - ბუკვ. "ათასი წიგნი", სხვანაირად - "ბიბლიოთეკა" – "აპოკ." რედ.), ფურც. 156) (Phot. Bibl. 113 // PG 103, 389A). "მოციქულთა დადგენილებანი", რომელსაც ათანასე დიდი კიდევ სამოციქულო სწავლებას უწოდებს, უარყოფილ იქნა მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონით, რადგან ის ერეტიკოსებმა დაამახინჯეს. მაგრამ ვინაიდან ის არა სრულად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ იყო დამახინჯებული, მრავალი მამა მეექვსე მსოფლიო კრებამდეც, განსაკუთრებით კი გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმიდა მაქსიმე, მათგან აღებულ გამონათქვამებს იყენებდნენ. გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის ჰომილიაში აღდგომაზე, რომელიც იწყება სიტყვებით "ჩემს საგუშაგოზე დავდგები", ალეგორიულად წარმოაჩენს ქრისტეს კრავის სახით, როგორც უხრწნელობის სამოსლის სიმბოლოს (Greg. Nazianz. Or. 45.13 // PG 36, 640 C), ხოლო ეს გამონათქვამი, ნიკიტას მიხედვით, მან "დადგენილებებიდან" აიღო. ღვთაებრივმა მაქსიმემ კი დიონისეზე თავის განმარტებაში მთელი ნაწყვეტები გამოიყენა „დადგენილებებიდან“.
რაღა ვთქვა ცალკეულ მამებზე? თავად მეხუთე მსოფლიო კრებას იუსტინიანეს ეპისტოლეში მოჰყავს მოწმობა "დადგენილებებიდან" იმის შესახებ, რომ მიცვალებულთათვის მოწყალების გაღება საჭიროა ("სინოდიკონი", ტ. 2, გვ. 392). გარდა ამისა, მეექვსე მსოფლიო კრების შემდგომაც მოწმობა "დადგენილებებიდან" გამოიყენა სოფიაწმიდის ტაძარში გამართულმა კრებამ. მიქაელ კერულარიოსმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, თავის კრებასთან ერთად, რომელიც 1053 წელს შედგა, მოიყვანა მოწმობა წვერის გაპარსვის ჩვეულების წინააღმდეგ "სამოციქულო დადგენილებების" პირველი წიგნიდან (თ. 3), სადაც ნათქვამია: "ნუ გაიპარსავთ თქვენს წვერს, რადგან უწვერო სახე შემოქმედმა ღმერთმა ქალისათვის მიიჩნია საკადრისად, ხოლო კაცისათვის – შეუფერებლად ცნო" (PG 1, 568А) (იხ. აგრეთვე: "სინოდიკონი", ტ. 2, გვ. 978). დღეს კი, იმ სახით, როგორითაც ისინია დაბეჭდილი, "სამოციქულო დადგენილებანი", როგორც მე ვფიქრობ, არაფერს ყალბს ან შეუფერებელს არ შეიცავს.
ხოლო წიგნი "მწყემსი", რომელზეც ათანასე დიდი საუბრობს უკვე არაერთხელ ნახსენებ ეპისტოლეში, ჩვენამდე არ შემონახულა (Athan. Alex. Ep. fest. 39) (3). სავარაუდოდ, ეს წიგნი წარმოადგენდა იმავეს, რასაც იოანე კიბისაღმწერელის სიტყვა მიმართულს მწყემსისადმი. მოკლედ რომ ვთქვათ, ის სიტყვიერი ცხვრების მწყემსს ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ისინი მაცხოვნებელ საძოვარზე და დაუზიანებლად დაიცვას საცნაურ მგელთა – დემონთა და მაცდურ კაცთაგან. ჩვენ გვაუწყეს, რომ უძველესი წიგნი „მწყემსი“, სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთის, კვარტუსის შრომა, ერთ ბერძნულ მონასტერში ინახება. „მწყემსს“ იხსენიებს წმიდა მაქსიმეც ღვთაებრივი დიონისეს განმარტებებში. ამ წიგნის მოცულობა ფსალმუნის ტოლფარდია.
გაითვალისწინეთ, რომ კართაგენის 54-ე კანონი ძველი და ახალი აღთქმის წიგნების გვერდით განაწესებს აგრეთვე მოწამეთა ცხოვრებების კითხვას, რომლებშიც აღწერილია მათი წამებანი იმ დღეებში, როდესაც მათი ხსენება აღესრულება".
შენიშვნები:
1. აღსანიშნავია, რომ მრავალ, როგორც ხელნაწერ, ისე ნაბეჭდ წიგნში და თვით ალექსი არისტინეს "სინოფსისშიც" კი, გვხვდება სხვა განწესებებიც – ზოგი პეტრეს სახელით, ზოგი პავლეს სახელით – რომელთა მიღება ჩვენ არ გვმართებს, არამედ ისინი ყალბად და ცრუ სახელწოდების მქონედ უნდა მივიჩნიოთ. რადგან მეექვსე წმიდა მსოფლიო კრებამაც მეორე კანონში მხოლოდ ეს 85 სამოციქულო განწესება მიიღო ჭეშმარიტად, ხოლო სხვები ყალბად ჩათვალა, თან ბრძანა: "ზემოთ მოხსენიებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავისა აქვს. აკრძალულია სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება". თუმცა პესინუნტის ეპისკოპოსმა გრიგოლმა მეშვიდე წმიდა მსოფლიო კრებაზე თქვა, რომ მოციქულთა კრებამ, რომელიც ანტიოქიაში იყო (რომლის ცხრა განწესებიდან ზოგიერთი პალესტინის კესარიის ბიბლიოთეკაში ინახება, და რომელიც, როგორც დასავლელები აღნიშნავენ, წმიდა მოწამე პამფილემ დააარსა), თავის მერვე კანონში განაჩინა: "ცხონების გზას შედგომილნი არ უნდა ტყუვდებოდნენ კერპებით, არამედ მათ ნაცვლად ღმერთკაც ქრისტეს უმანკო ხატი შექმნან".
ამდენად, ჩვენ ამ სამოციქულო განაწესს იმიტომ ვიღებთ, რომ მეშვიდე მსოფლიო კრებამაც მიიღო იგი, და იმიტომაც, რომ ის ძველ მონათხრობს შეესაბამება. რადგან, როგორც ევსევი მოგვითხრობს, სისხლმდინარე დედაკაცმაც კი მიუძღვნა მაცხოვარს ქანდაკება პანეადაში (წ. 7, თ. 18) (PG 20, 680ВС), რომელიც შემდეგ, სოზომენეს (წ. 5, თ. 21) (PG 67, 1280В) და ნიკიფორეს (წ. 10, თ. 30) (PG 146, 533В) თქმით იულიანემ დაანგრია (დოსითეოსი, თორმეტწიგნეული, გვ. 18).
იხილეთ აგრეთვე მოციქულთა კანონების წინასიტყვაობა. სპირიდონ მილიასმა, რომელმაც ეს ცნობები დოსითეოსისაგან აიღო, "სინოდიკონის" მეორე ტომში განათავსა, გვ. 1016.
2. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დანიელისა და ეზეკიელის წინასწარმეტყველებებს ერთ წიგნად მიიჩნევს და ამგვარად, ებრაული ანბანის ასოთა რიცხვის მიხედვით, ძველი აღთქმის 22-ს წიგნს ითვლის, ხოლო ლაოდიკიის კრება ამავე რაოდენობას ითვლის იმით, რომ რუთის და მსაჯულთა წიგნებს აერთიანებს, რაც უმჯობესია, ვინაიდან კრების მიერ არის დადასტურებული. მაშასადამე, დღეისთვის ყველასთვის ცნობილი ძველი აღთქმის წიგნების თანმიმდევრობა, რომლითაც არიან ისინი დალაგებულნი ბეჭდვით გამოცემებში, მრავალი მიზეზის გამო არასწორი და უსაფუძვლოა.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ესთერის წიგნი იყოფა ორად და ერთი ნაწილი კანონიკურ წიგნებთანაა მოთავსებული, ხოლო მეორე – აპოკრიფებთან, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა წინამდებარე სამოციქულო წესი ნათლად მოიხსენიებს მას როგორც ერთ წიგნს. გარდა ამისა, ლაოდიკიის 60-ე და კართაგენის 32-ე კანონები, აგრეთვე ათანასე დიდი და ამფილოქე, მას ერთ წიგნად მიიჩნევენ.
მეორეც, იმიტომ, რომ ეზრას ორივე წიგნი მოთავსებულია სხვადასხვა ნაწილში: ერთი კანონიკურ წიგნთა შორისაა, ხოლო მეორე – აპოკრიფულთა შორის, მაშინ როდესაც ამ ორ წიგნს ერთ მთლიანობად მიიჩნევს მოციქულთა წინამდებარე კანონიც, ლაოდიკიის კრებაც, კართაგენის კრებაც, დიდი ათანასეც, გრიგოლ ღვთისმეტყველიც და წმიდა ამფილოქეც.
მესამეც, იმიტომ, რომ ბარუქის წიგნი და იერემიას ეპისტოლე გამოყოფილია იერემიას წინასწარმეტყველებისგან და ჩამოთვლილია აპოკრიფებთან ერთად, მაშინ როდესაც ლაოდიკიის კრება და ათანასე დიდი სამივე ამ წიგნს ერთ წიგნად მიიჩნევენ (ხოლო რატომ წერს ლაოდიკიის კრება "იერემიას ეპისტოლეებს" მრავლობით რიცხვში, თუ იგი მხოლოდ ერთია და ათანასე ამ ეპისტოლეზე მხოლობით რიცხვში საუბრობს, მე არ ვიცი).
მეოთხე, იმიტომ, რომ მაკაბელთა სამი წიგნი მიჩნეულია აპოკრიფებად, ხოლო მოციქულთა წინამდებარე განწესება მათ კანონიკურ წიგნთა რიგს მიაკუთვნებს.
მეხუთე, იმიტომ, რომ ნეემიას წიგნი მოთავსებულია კანონიკურ წიგნებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არ იხსენიება არც მოციქულთა წინამდებარე განწესებაში, არც ლაოდიკიის კრებაში, არც კართაგენის კრებაში, არც დიდ ათანასესთან, არც გრიგოლთან და არც ამფილოქიესთან.
მეექვსეც, იმიტომ, რომ ზოგიერთ გამოცემაში არაკანონიკურ წიგნებს "აპოკრიფებს" უწოდებენ, მაშინ როდესაც ათანასე დიდის თქმით (ზემოხსენებულ ეპისტოლეში), მათ საერთოდ არ უნდა ეწოდოს ეს სახელი, რადგან სახელწოდება "აპოკრიფი" მწვალებლებმა იმისთვის გამოიგონეს, რათა ამ სახელით დაეწერათ ის, რაც მოეპრიანებოდათ და ეცდუნებინათ ლიტონი მორწმუნენი, თითქოსდა მათი (ანუ მწვალებელთა - "აპოკ." რედ.) წიგნები იყო წმიდათა ძველი და დაფარული (ἀπόκρυφα) თხზულებები. მაშასადამე, უმჯობესია, ძველი აღთქმის არაკანონიკურ წიგნებს "საკითხავად რეკომენდირებული" ვუწოდოთ და არა "აპოკრიფები". ხოლო საკუთრივი მნიშვნელობით საკითხავად რეკომენდირებული პირველ რიგში, უნდა ეწოდოს შემდეგ წიგნებს: ნეემიას, სამი ყრმის სადიდებელ გალობას (იხ. დან. 3:26–45), მოთხრობას ბელისა და ურჩხულის შესახებ (იხ. დან. 14:3–28), მოთხრობას სუსანაზე (იხ. დან. 13), ვინაიდან არც ერთი ამ წიგნიდან არ იხსენიება მოციქულთა არც ამ განწესებაში, არც ლაოდიკიის კრების კანონებში, არც კართაგენის კრებისაში, არც დიდ ათანასესთან, არც ღვთაებრივ გრიგოლთან და არც ამფილოქიესთან (თუმცა, ორიგენეს, ჰქონდა ქადაგება ნეემიაზე).
ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენს მიზანს, თუ წინამდებარე შენიშვნაში ნათქვამისადმი დამატების სახით, შევიტანთ ზოგიერთ ცნობას წმიდა წერილის შემსწავლელთათვის, ხოლო სიტყვიერების მოყვარულთათვის წარვადგენთ ამას, როგორც ერთგვარ ნელსაცხებელს. ამდენად, ვიტყვით: 1) რა არის წმიდა წერილი, 2) რამდენი მნიშვნელობა აქვს წმიდა წერილს, 3) რომელ ენებზეა ის დაწერილი, 4) რამდენ წიგნად იყოფა ძველი აღთქმის წიგნები და 5) ძველი აღთქმის რამდენი გამოცემა ანუ თარგმანი არსებობს.
1. საღმრთო წერილი არის ღვთის სიტყვა, რომელიც ჩაიწერა ღვთაებრივი შთაგონებით. ღმრთის სიტყვა ეწოდება მას იმიტომ, რომ ის კავშირშია გადმოცემებთან, ხოლო ჩაწერილი – იმიტომ, რომ განსხვავდება გადმოცემებისგან, რომლებიც თვითონ წარმოადგენს ღვთის დაუწერელ სიტყვას.
სიტყვები "ღვთაებრივი შთაგონებით" დამატებულია საეკლესიო წესებისა და დადგენილებებისგან განსასხვავებლად, რომლებიც ჩაწერილ იქნებ განგებით, მაგრამ არა შთაგონებით, რის გამოც მათ არ უწოდებენ ღვთივშთაგონებულ წერილს (თუმცა, იშვიათად, კრებათა წესებსაც ღვთივშთაგონებული ეწოდება, როგორც ეს ჩანს "სინოდიკონის" სხვადასხვა ადგილებში, და ირიბად – კართაგენის კრების ეპისტოლედან ცელესტინესადმი), რამეთუ წერილის გაგზავნა შესაძლებელია ორნაირად: ან ისე, რომ მწიგნობარს უკარნახო ის სიტყვები, რომელთა დაწერაც გინდა, ან მხოლოდ აზრი გადასცე და მიაწოდო მწიგნობარს, რომ ის საკუთარი სიტყვებითა და გამოთქმებით გადმოსცეს. ასევე, სულიწმიდამ წერილებს მიანიჭა თვით სიტყვებიც, ხოლო კრებებს – მხოლოდ აზრი, თავისი განგებულებითა და განმანათლებლობით.
ღვთისმეტყველნი განასხვავებენ გამოცხადებას, შთაგონებასა და განათლებას, ანუ ნათლისცემასა და მზრუნველობას. მათ თანახმად, გამოცხადება ეს არის უცნობი ჭეშმარიტების ღვთითბოძებული გამოცხადება. ხოლო შთაგონება – ეს არის შინაგანი მოქმედება, რომლითაც ღმერთი აღძრავს ვინმეს, რაიმეს სათქმელად ან გასაკეთებლად. ამ დროს კი ადამიანის გონება არ ბნელდება და მისი ნების თავისუფლება არ იზღუდება. განათლება – ეს არის ღვთის შემწეობა და განგებულება, რომლითაც ის გულმოდგინედ იცავს მოსაუბრეს ან მწერალს ყოველგვარი სიცრუისა და ცდომილებისგან.
ამრიგად, მთელი ღვთაებრივი წერილი გამოსახულ იქნა არა მარტო განგებით, არამედ სულიწმიდის შთაგონებითაც. რამეთუ "წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. – ამბობს პეტრე თავის მეორე ეპისტოლეში, – რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტ. 1:20–21). და კიდევ: "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავლად" (2 ტიმ. 3:16). და კიდევ: "... როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს" (მთ 22:43-44).
ამიტომაც გვწამს "სულიწმიდისა, რომელი იტყოდა წინაწარმეტყველთა მიერ". ამ ჭეშმარიტებას მოწმობენ ეგნატე ღმერთშემოსილი, იუსტინე, კლიმენტე ალექსანდრიელი, ორიგენე, ათენაგორა, იერონიმე, ავგუსტინე და, საერთოდ, ყველა.
ამიტომაც ოქროპირი, უფლის სიტყვებზე დაყრდნობით – "ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისგან" (მათ. 5:18) – ამბობს: "ერთი მარცვალიც კი არ დაუწერიათ წმიდა მწერლებს თვითნებურად" (Ioan. Chrysost. Hom., in Gen. 15.1 // PG 53,1 19). ავგუსტინეც (Aug. Hipp. In Ioan. 120. 2 // PL 35, 1953.) იმავეს ამტკიცებს, როცა განმარტავს სიტყვებს: "ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა (ქრისტეს) ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა" (ინ. 19:34). თუმცა დიონისე ალექსანდრიელი და იერონიმე ამბობენ, რომ წერილებში საიდუმლო და უმნიშვნელოვანესი ჩაწერილია სულის შთაგონებით, ხოლო ისტორიული – მხოლოდ მისი განგებით, მწერალთა საკუთარი ლიტერატურული სტილის შენარჩუნებით. თავიანთ მოსაზრებას ისინი აფუძნებენ იმას, რომ, პირველი, მოსეს დეკალოგის სტილი წიგნში "გამოსვლა" (თ. 20) განსხვავდება დეკალოგის სტილისაგან "მეორე რჯულში" (თ. 5), ხოლო მეორე, მეორე მაკაბელთა წიგნის მწერალი ამბობს, რომ მან ეს წიგნი "დიდი ოფლის ღვრითა და ღამეების თევით" დაასრულა (იხ. 2 მაკ. 2:26), და კიდევ: "თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა" (2 მაკ. 15:38, 39).
რადგან, როგორც ხსენებული მამები ამბობენ, როგორ შეეძლო ამის თქმა თვით მწერალს, თუკი მას სიტყვა-სიტყვით, ყოველ იოტამდე, ჩააგონებდა სულიწმიდა? თუმცა განსხვავება ამ ორ მოსაზრებას შორის მცირეა და თანაც უმნიშვნელო: ორივე მათგანი აღიარებს უმთავრესს წერილებში, კერძოდ იმას, რომ ისინი დაწერილია სულის შთაგონებით და რომ სული, რომელიც მკვიდრობდა წმიდა მწერლებში, არ აძლევდა მათ ცდომილების საშუალებას, ისე, რომ წმიდა წერილში ყველაფერი: დოგმატები, ისტორიული თხრობები, ქრონოლოგია – არის სიტყვა ღვთისა. "ღმერთი ჭეშმარიტია" (რომ. 3:4) და "ღმერთი ჭეშმარიტებისა" (ფსალ. 30:6) არ იტყუება, "როგორც კაცი" (შეად. რიცხ. 23:19).
2. წერილის აზრი, პირველ რიგში, იყოფა პირდაპირ (ანუ ბუკვალურ) და სულიერ მნიშვნელობებად. პირდაპირი აზრი არის ის, რომელსაც უშუალოდ თვით სიტყვა წარმოაჩენს, მაგალითად, სიტყვებში: "ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან" (გალ. 4:22) – პირდაპირი მნიშვნელობით გადმოგვცემა ცნობა აბრაამზე, მის ორ ცოლზე, თავისუფალ სარაზე და მხევალ აგარზე, და ორ ძეზე – ისააკსა და ისმაილზე.
ხოლო სულიერი აზრი არის ის, რომელიც ცხადი ხდება არა უშუალოდ სიტყვებიდან და ასოებიდან, არამედ იმისგან, რასაც სიტყვა აღნიშნავს. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ გამონათქვამში აგარი აღნიშნავს მიწიერ, ამქვეყნიურ იერუსალიმს, ხოლო სარა – ზენა იერუსალიმსა და ეკლესიას, როგორც ამას პავლე განმარტავს (იხ. გალ. 4:22–26).
ბუკვალური აზრი იყოფა პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობებად. პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი: "ორი ძე ჰყავდა აბრაამს", ხოლო გადატანით – ქრისტე "დაჯდა ღმრთის მარჯვნივ" (იხ. მარკ. 16:19). "მარჯვენა" აქ აღნიშნავს არა სხეულის მდებარეობას, არამედ, გადატანით, მამისა და ძის თანასწორობას დიდებაში.
სულიერი აზრი იყოფა სამად: ალეგორიულად, ტროპოლოგიურად (ანუ ზნეობრივად, ბერძნ. τρόπος – "ზნეობა") და ანაგოგიურად (ანაგოგიური განმარტება (ბერძნ. ανάγω – "ზევით აღყვანა") ავლენს მომავალი სასუფევლის საიდუმლოებებს).
ალეგორიულს მოსეს რჯულის ხატებანი მიჰყავს სახარების მადლთან. ტროპოლოგიური მიმართულია ზნე-ჩვეულებათა მოწესრიგებისკენ. ხოლო ანაგოგიური – ნათქვამს აამაღლებს ნეტართა დიდებისკენ.
მაგალითად, სიტყვა "იერუსალიმი" ალეგორიულად აღნიშნავს ქრისტეს ეკლესიას, ტროპოლოგიურად – ყოველი ადამიანის სულს, ხოლო ანაგოგიურად – ზენა ქალაქს, ზეციერ იერუსალიმს.
პირდაპირი აზრის საფუძველზე ღვთისმეტყველება აკეთებს თავის დასკვნებს უცდომელად და დამაჯერებლად, ხოლო სულიერი აზრის საფუძველზე – არც ისეთი დამაჯერებლობით, ამიტომაც ყოველ ჯერზე განმმარტებელს მყარი საფუძველი (დასაბუთება) სჭირდება".
3. ყველა წიგნი, რომელიც შეტანილია ებრაელთა კანონში, დაწერილია ებრაულ ენაზე, ხოლო წიგნები ტობითი და ივდითი – ქალდეურ ენაზე. თუ სოლომონის სიბრძნე არის მისი ნამდვილი ნაწარმოები, როგორც ამას ათანასე ამტკიცებს, მაშინ ცხადია, რომ ეს წიგნი დაწერილია ებრაულ ენაზე. თუმცა სხვები ამბობენ, რომ სოლომონის ზოგიერთი გამონათქვამი ბერძნულ ენაზე დაწერა ფილონმა, წმიდა წერილის სამოცდაათი მთარგმნელიდან ერთ-ერთმა.
იობის წიგნი დაწერილი იყო არაბულ ენაზე და, როგორც პოლიქრონიოსი (იობის წიგნის წინასიტყვაობაში) და ნიკიტა (გრიგოლ ღვთისმეტყველის განმმარტებელი) ამბობენ, ის დაწერა ან თარგმნა სოლომონმა. ეს დასკვნა ეფუძნება ერთ გამონათქვამს, რომელიც გვხვდება გრიგოლის სიტყვაში ივლიანე მეზვერისადმი. ეს გამონათქვამი ეკუთვნის იობს, ხოლო ღვთისმეტყველი მიაწერს მას სოლომონს: "იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია" (იხ. იობ. 3:19) – ვიტყვი სოლომონის სიტყვებით" (Greg. Nazianz. Or. 19.15 // PG 35, 1061В) (თუმცა, შესაძლოა, სოლომონის სახელი აქ იმიტომ მოხვდა, რომ წმიდა მამას სწორი სახელი დაავიწყდა, ან ეს გადამწერის შეცდომაა. ამ ორი მიზეზიდან ერთ-ერთის გამო, ღვთაებრივი ოქროპირის სიტყვაში "ლოცვის შესახებ" სოლომონს მიეწერება გამონათქვამი, რომელიც ეკუთვნის ბრძენ ზირაქს, კერძოდ: "სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს" (ზირ. 19:30) (Ioan. Chrysost. De precat. 1 // PG 50, 776)).
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ იობის წიგნი დაწერა თვით იობმა, მაგრამ ამ მოსაზრებას არ იზიარებს ივლიანე ჰალიკარნასელი, რადგან ღვთაებრივი იობი არასოდეს დამარცხებულა თავმოყვარეობის ვნებით, რომ თავად შეექო საკუთარი თავს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ის დაწერეს იობის სამმა მეგობარმა, როცა მან ასე ილოცა: "ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დაგებად იგინი წიგნთა შინა უკუნისამდე" (იობ. 19:23). თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ის ან თარგმნა, ან დაწერა მოსემ ძველ ებრაელთა ნუგეშისცემის მიზნით, რომლებსაც მაშინ ეგვიპტეში ფარაონი უმოწყალოდ ჩაგრავდა.
მაკაბელთა წიგნებიდან პირველი დაწერილია ებრაულად, მეორე – ბერძნულად. ზირაქის სიბრძნე დაწერილია ებრაულად იესუს, ზირაქის ძის მიერ (როგორც ზოგიერთი ვარაუდობს, ის იყო წმიდა წერილის სამოცდაათი მთარგმნელიდან ერთ-ერთი). შემდეგ მისმა შვილიშვილმა თარგმნა ეს წიგნი ბერძნულად და მიუძღვნა, როგორც ამას მისი წინასიტყვაობიდან ვარკვევთ, თავის პაპას, რომლის სახელსაც იგი ატარებდა. ჩვენს დრომდე კი შემორჩენილია მისი მხოლოდ ბერძნული ტექსტი და არა ებრაული".
ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ ძველი აღთქმის წიგნებიდან, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ამფილოქიე იკონიელისა და იოანე დამასკელის თანახმად ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წ. 4) (Ioan. Damasc. De fide orth. IV, 17 // PG 94, 1180B), ხუთი წიგნი "პოეტურ" წიგნებად იწოდება, ესენია: იობის წიგნი, დავითის ფსალმუნები და სოლომონის სამი წიგნი – იგავნი, ეკლესიასტე და ქებათა ქება. მათ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ როგორც ბერძნულ ენაში არსებობს მეტრული ლექსთწყობის პოეტური ხელოვნება, ისევე ებრაულშიც არსებობდა ლექსთა შედგენის გარკვეული წესი, და პოეტური თხზულებანი უფრო სასიამოვნო და ტკბილი იყო, ვიდრე ებრაულ ენაზე დაწერილი დანარჩენი პროზაული წიგნები.
ახალი აღთქმის წიგნები კი ყველა დაწერილი იყო ბერძნულად, გარდა მათეს სახარებისა და ებრაელთა მიმართ ეპისტოლისა, რომლებიც ებრაულად ან სირიულად დაიწერა. მათეს სახარების ებრაული ორიგინალი არ არსებობს, ისევე როგორც სრულიად გაურკვეველია, ვინ იყო მისი მთარგმნელი ბერძნულად. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო იაკობი, უფლის ძმა.
ებრაელთა მიმართ ეპისტოლე თარგმნა ან ლუკამ, ან ბარნაბამ, ან კლიმენტი რომაელმა. მე ვთქვი "ან სირიულად" იმიტომ, რომ მაშინ არაბული სირიულთან იყო შერეული. თუ ბარონიუსი, იეზუიტი ქრონისტი, ამბობს, რომ მარკოზის სახარება დაწერილი იყო ლათინურად, მას შეუძლია თავისი აზრი თავისთვის დაიტოვოს – და შერცხვეს ჩვენი საკუთარი მამებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ის ბერძნულად დაიწერა. განსაკუთრებით კი ამას ამტკიცებს წმიდა ავგუსტინე თავის პირველ წიგნში "მახარებელთა თანხმობის შესახებ", თავი 2 (Aug. Hipp. De cons. Evang. 1, 2. 4 // PL 34,1044). მაგრამ რა ვთქვათ გრიგოლ ღვთისმეტყველისეულ იმ ლექსებზე, სადაც ნათქვამია: "მარკოზი – იტალიისთვის, ლუკა – აქაიასთვის" (Greg. Nazianz. Carm. dogm. 12 // PG 35, 474A)? ან ის, რომ ისინი ყალბია და გარედან არის მიღებული, ან ის, რომ უმრავლესობის აზრს უნდა ჰქონდეს უპირატესობა. მართლაც, თუ ეს არის ღვთისმეტყველის ნამდვილი აზრი, მაშინ როგორ არ იცოდა ამის შესახებ ღვთაებრივმა იერონიმემ, მისმა მოწაფემ, და ავგუსტინემ, იერონიმეს საუკეთესო მეგობარმა? ყურადღების ღირსია ნიკოლოზ მალაქსას მოთხრობაც იმის შესახებ, რომ ღვთაებრივმა ლუკამ თავისი სახარება დიდი მღვიმის მონასტერში დაწერა, როგორც ამ მონასტრის საიმპერატორო ქრისოვულშია ნათქვამი.
4. ძველი აღთქმის ყველა წიგნი, მათი შინაარსის მიხედვით, იყოფა რჯულმდებლობით, ისტორიულ, ზნეობრივ და წინასწარმეტყველურ წიგნებად. რჯულმდებლობითი არის მოსეს ხუთწიგნეული. ისტორიული: იესუ ნავეს ძისა, მსაჯულთა, რუთისა, მეფეთა, პარალიპომენონი, ორი ეზრა, ტობითი, ივდითი, ესთერი, მაკაბელთა და იობი. ზნეობრივი: სოლომონის სიბრძნე, ზირაქის სიბრძნე და იგავნი. ამ დაყოფის მიღმა რჩებიან ქებათა ქება და ეკლესიასტე – ისინი არიან სამოძღვრო წიგნები იმის უფრო ზუსტი შეცნობისთვის, რაც ძირითადად არის გადმოცემული ღვთაებრივ რჯულში. და ბოლოს, წინასწარმეტყველური წიგნები, რომლებიც ყველას აღძრავენ დაიცვან ღვთის მცნებები და განერიდონ ყოველგვარ ბოროტებას, და ყველას აუწყებენ განკაცების საღმრთო აღმშენებლობის საიდუმლოს.
მსგავსად ამისა, ახალი აღთქმის წიგნებიც: ზოგი – რჯულმდებლობითია, როგორებიცაა ოთხი სახარება; ზოგი – ისტორიული, როგორებიცაა მოციქულთა საქმეები, რომლებიც ხელს უწყობენ ღვთაებრივი სახარებების უფრო ზუსტ შემეცნებას. ვინ გაიაზრებს სახარებებში ნათლისღების ძალას, მადლის საიდუმლოსა და ჯვარზე ჩვენთვის მიძღვნილ მსხვერპლს მოციქულთა, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი პავლეს ეპისტოლეთა გარეშე? თუმცა, არაფერი გვიშლის ხელს, რომ ერთი და იგივე წიგნი იყოს ერთდროულად როგორც საკანონმდებლო, ისე ზნეობრივიც – მაგალითად, გამოსვლათა წიგნი და ოთხი სახარება.
5. ძველი აღთქმის ძირითადი თარგმანი ხუთია: ბერძნული, სირიული, არაბული, ქალდეური და იტალიური, ანუ ლათინური. ბერძნულ ენაზე არსებობს ოთხი ძირითადი თარგმანი. პირველი და უძველესი არის ე. წ. სამოცდაათის ან სამოცდათორმეტის თარგმანი, რომელიც შესრულდა პტოლემეოს ფილადელფოსის დროს. მათ მაკაბელთა წინა დროში, ანუ ძვ. წ. 230 წელს, თარგმნეს არა მხოლოდ ხუთწიგნეული, როგორც შეცდომით ამტკიცებენ სკალიგერი და სხვა ახალი მწერლები, არამედ მთელი ძველი აღთქმა იუსტინეს, ირინეოსის, კლიმენტე ალექსანდრიელისა და სხვათა მოწმობით. სწორედ ამ თარგმანიდან იღებდნენ ღვთაებრივი მოციქულნი წინასწარმეტყველურ ქადაგებებს. თუმცა იეზუიტი ბელარმინი ამტკიცებს, რომ სამოცდაათის ეს თარგმანი უკვე არასრულფასოვანია და მოწმედ მოჰყავს ღვთაებრივი იერონიმე, რომელიც პარალიპომენონის წიგნის წინასიტყვაობაში ამბობს, რომ ძველი და ნამდვილი თარგმანი გაფუჭებულია და მისი შემორჩენილი ორიგინალები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან (PL 28, 1324В).
ბელარმინი ეყრდნობა აგრეთვე იუსტინეს სიტყვებს, რომელიც "ტრიფონთან დიალოგში" ამბობს, რომ მეფე პტოლემეოსის ერთ-ერთი საჭურველთმტვირთველის, არისტეასის აღიარებით სამოცდაათის თარგმანი თანხმდება ებრაულ ორიგინალებთან, მაგრამ უკვე, – დასძენს თავისი მხრიდან წმინდანი, – მრავალმხრივ განსხვავდება ებრაულისგან. მაგრამ, დაე ცნობილი იყოს ბელარმინისთვის, რომ სამოცდაათის თარგმანი უძველესი დროიდანვე და თავიდანვე მიიჩნეოდა ეკლესიის მიერ ნამდვილად და აღიარებულად, და იგი მოწმედ მოჰყავდათ ღვთაებრივ მოციქულებსა და მთელ ეკლესიას, არა მარტო აღმოსავლეთში, არამედ თვით დასავლეთშიც იერონიმეს ლათინური თარგმანის გამოჩენამდე. ფილონ იუდეველი აქებს სამოცდაათს არა მარტო როგორც წერილთა მთარგმნელებს, არამედ როგორც წინასწარმეტყველებს და სულიწმიდით შთაგონებულებს. ავგუსტინე (წიგნში "ღვთის ქალაქის შესახებ") ამბობს: "იგივე სული, რომელმაც გაანათლა წინასწარმეტყველნი მათი ქადაგებისას, გაანათლა სამოცდაათიც, როდესაც ისინი თარგმნიდნენ" (Aug. Hipp. De civit. Dei XVIII, 43 // PL 41, 604).
ღვთაებრივი იუსტინეც (Just. Martyr. Cohort. ad Graec. 13 // PG 6, 265C), და ტერტულიანეც ამბობენ, რომ სამოცდაათივე მთარგმნელი თავის თარგმანს სხვადასხვა სახლში ასრულებდა და – ჰოი, სასწაულო! – აღმოჩნდა, რომ წიგნებში, რომლებიც მათ დაწერეს, ოდნავი განსხვავებაც კი არ იყო. ერთი და იგივე სიტყვები, არც მეტი და არც ნაკლები, აღმოჩნდა ყველა წიგნში განსხვავების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ვის შეუძლია, ამ ღვთივშთაგონებულ თარგმანს სხვა ამჯობინოს? თუ რომელიმე ადგილას იგი ოდნავ განსხვავდება ებრაული ორიგინალებისგან, მერე რა? "სულს, – პასუხობს ამაზე წმიდა ავგუსტინე წიგნში "ღვთის ქალაქის შესახებ", – შეეძლო რაიმეს გამოტოვება ან დამატება, რათა არავის შეეტანა ეჭვი, თითქოსდა ასეთ თარგმანში ადგილი ჰქონდა ადამიანური ხელოვნების გამოვლინებას, რამაც დაუშვა თარგმანი ზედმიწევნითი ყოფილიყო, არამედ უფრორე მიმხვდარიყო, რომ ეს გახლდათ ღვთაებრივი ძალა, რომელიც ანათლებდა და წარმართავდა მთარგმნელის გონებას" (Aug. Hipp. De civit. Dei XVIII, 43 // PL 41, 604.). ამავეს ასწავლის ავგუსტინე წიგნში "ქრისტიანული მეცნიერების შესახებ" (Idem. De doctr. Christiana II, 15 // PL 34, 46).
უნდა ითქვას, რომ ებრაული ორიგინალები განსხვავდებიან სამოცდაათის თარგმანისაგან იმის გამო, რომ იუდეველებმა, როგორც სინკელოსი აღნიშნავს, დაამახინჯეს ძველი ებრაული წერილი. მაგალითად, ებრაულ წერილში ნათქვამია, რომ ნოე ცხოვრობდა იმ დრომდე, როცა აბრაამს 58 წელი შეუსრულდა, რაც სიცრუეა. იუსტინე თავის თხზულებაში "დიალოგი ტრიფონთან" ამბობს, რომ 95-ე ფსალმუნის სიტყვები: "გამხიარულდნენ წარმართთა შორის: უფალი გამეფდა ძელიდან" (ფსალ. 95:10) იუდეველებმა დაამახინჯეს, გამოტოვეს სიტყვა "ძელიდან" (Just. Martyr. Dial. 75 // PG 6, 645B) (თუმცა ასე უნდა იკითხებოდეს დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სამოცდაათის თარგმანის გამოცემაში, შესაძლოა, რაიმე დაზიანების გამო მწიგნობართა ბრალით) (იხ. ასევე წმ. იუსტინეს პირველი აპოლოგია. § 41. გამ. "სულიერი ვენახი". თბ. 2022, გვ. 59).
შემდეგ, ებრაულ ტექსტში არ არის სიტყვები: „განხვრიტეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი“ (ფსალ. 21:17). ებრაულში ნათქვამია, რომ ყორანი დაუბრუნდა ნოეს, ხოლო იოსები, სამოცდაათი, ოქროპირი, ავგუსტინე (Aug. Hipp. Contra Faust. Manich. XII, 20 // PL 42, 264), ამბროსი ("კიდობნის შესახებ") (Ambr. Mediol. De Noe et area XVII, 62 // PL 14, 391A) და იერონიმე (Hieronym. Stridon. Contra Lucifer. 22 // PL 23,176B) (პარაფრაზში), პირიქით, ამბობენ, რომ ის არ დაბრუნებულა. ამიტომაც რაბი ელია ნათლად ამბობს, ძველი ებრაული წერილი განსხვავდება დღემდე შემორჩენილი ებრაული წერილისგან.
მაშასადამე, კარგად ამბობს სიმელხი, რომ სამოცდაათმა თარგმნეს წერილი ძველი და შურყვნელი ებრაული ნუსხიდან, და ეს ცხადია შემდეგიდან: ღვთაებრივ მახარებლებს ძველი აღთქმის სიტყვები, რომლებიც უფალმა წარმოთქვა, მოჰყავთ ებრაულ ენაზე იმის მიხედვით, როგორც ისინი სამოცდაათმა თარგმნეს ბერძნულად. მაგრამ უფალი, როგორც ჭეშმარიტების ღმერთი და კანონმდებელი, წარმოთქვამდა მათ ნამდვილი და შეურყვნელი ებრაული ორიგინალის მიხედვით, მაშასადამე, ამ სიტყვების სამოცდაათმა მთარგმნელმაც სწორედ ის ნამდვილი და შეურყვნელი ორიგინალი გამოიყენეს.
იმის შესახებ, რომ სამოცდაათის თარგმანი ყველა სხვა თარგმანზე უფრო სარწმუნოა, და იმაზე, თუ რატომ თარგმნეს მათ წერილი ქრისტემდე, და რატომ იყვნენ ისინი მრავალნი, და რატომ არ ეწინააღმდეგებიან ისინი ერთმანეთს, საკმარისია დავიმოწმოთ ღვთაებრივი ოქროპირი („ქადაგება 5 მათეს სახარებაზე“) (Ioan. Chrysost. Hom, in Matth. 5. 3 // PG 57, 57), იუსტინიანეს 146-ე ნოველა და ღვთაებრივი ეპიფანე (თავი ერესი 1-ის შესახებ). ოქროპირი თავის 27-ე ჰომილიაში იმათ წინააღმდეგ ვინც იუდეველობს (ტ. 6, გვ. 323) ამბობს, რომ პტოლემეოსის დროს ნათარგმნი წერილები დღემდე ინახება სერაპისის ტაძარში (Ioan. Chrysost. Adv. Jud. 1. 6 // PG 48, 851. (აქ იგულისხმება ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ის ნაწილი, რომელიც IV საუკუნეში ჯერ კიდევ სერაპისის ტაძართან ინახებოდა). თუ მრავალი მამათაგანი, წერილების განმარტებისას, იყენებდა ზოგიერთ სიტყვას აკვილას, თეოდოტიონისა და სიმაქეს თარგმანებიდან, ისინი ამას აკეთებდნენ არა იმიტომ, რომ მათ სამოცდაათის თარგმანს ამჯობინებდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი დახმარებით უკეთ განმარტავდნენ ამ თარგმანის ზოგიერთ ადგილს, ვინაიდან სამოცდაათმა წერილები თარგმნეს უფრო შინაარსობრივად, ვიდრე სიტყვა-სიტყვით.
წაიკითხე აგრეთვე დოსითეოსი (გვ. 214). ეს არის ყველაფერი სამოცდაათის თარგმანის შესახებ.
მეორე თარგმანი შესრულდა მეფე ადრიანეს დროს, 130 წელს ქრისტეს შობიდან, ქრისტიან აკვილას მიერ, რომელიც იუდაიზმზე გადავიდა.
მესამე – იმპერატორ კომოდოსის დროს, სამარიელი სიმაქეს მიერ, იუდეველისა, რომელიც ქრისტიანი გახდა, მაგრამ ევიონიტების მწვალებლობაში ჩავარდა.
მეოთხე თარგმანი – თეოდოტიონისი, რომელიც თავდაპირველად იყო ქრისტიანი, მაგრამ შემდგომში გახდა მარკიონიტი და წერილები ამ ერესის სულისკვეთებით თარგმნა – ანტონინ კარაკალას დროს, ან, სხვათა მიხედვით, იმავე კომოდოსის დროს.
ბოლო სამი თარგმანი შემორჩენილია არა სრულად, არამედ მხოლოდ ფრაგმენტულად. ორიგენემ გააერთიანა ეს ოთხი თარგმანი ერთ წიგნში, რომლის ყოველ გვერდზე იყო ოთხი სვეტი, რათა ერთი შეხედვით ყველა თარგმანი დაენახა, და ამ ნაშრომს "ტეტრაპლები" უწოდა. ოთხივე თარგმანის გვერდით მან დაწერა ებრაული ორიგინალიც გვერდის ორივე მხარეს და ამ წიგნს "ჰექსაპლები" უწოდა. ბოლოს, ამ ექვსს მიუმატა თარგმანი, რომელიც ნაპოვნი იქნა ნიკოპოლში ან იერიხონში, ალექსანდრე მამეას დროს, და მეექვსე თარგმანი, რომელიც ნაპოვნი იქნა ნიკოპოლში, აკციუსის პირდაპირ, სევეროსის დევნულების შემდგომ, მან ამ წიგნს უწოდა "ოქტაპლები" იმის გამო, რომ მასში იყო 8 სვეტი. ესენი არიან ცნობილი "ტეტრაპლები", "ჰექსაპლები" და "ოქტაპლები", რომელთა შესახებ დღეს ცოტამ თუ იცის.
გაითვალისწინეთ, რომ ნაპოვნი იქნა კიდევ მეშვიდე თარგმანიც – ლუკიანესი, დიდი ასკეტისა და მოწამისა, შესრულებული ნიკომიდიაში იმპერატორ კონსტანტინეს დროს. ამ ლუკიანემ, როდესაც წაიკითხა ზემოთხსენებული თარგმანები და მოიძია ებრაული ორიგინალი, გამოტოვებული აღადგინა, ხოლო ზედმეტი ამოიღო. სამი თარგმანი: აკილასი, სიმაქესი და თეოდოტიონისი – ეკლესიას არასოდეს უღიარებია და დაუმტკიცებია, რადგან ეს ადამიანები განდგომილები იყვნენ და განზრახ ბუნდოვნად ტოვებდნენ იმ გამონათქვამებს, რომლებიც შეიცავდნენ წინასწარმეტყველებებს ქრისტეს შესახებ. თუმცა მათი თარგმანები სრულიად უსარგებლო არ არის. რადგან ორიგენემ, როცა ადგენდა "ჰექსაპლებს", სამოცდაათის თარგმანში გამოტოვებული ადგილები თეოდოტიონის თარგმანიდან შეავსო, ხოლო იერონიმე ფსალმუნის წინასიტყვაობაში ამბობს, რომ ერთხელ მოისმინა, როგორ კითხულობდნენ ეკლესიაში წინასწარმეტყველ დანიელს თარგმნილს თეოდოტიონის მიერ (Hieronym. Stridon. Praefatio in Daniel // PL 28,1291C.). და დღესაც დანიელს კითხულობენ თეოდოტიონისეული თარგმანით, რადგან სამოცდაათის თარგმანი ამ ნაწილში დაზიანებული აღმოჩნდა და არ შემორჩა. ეს არის ყველაფერი ბერძნული თარგმანების შესახებ".
სირიული, არაბული და ქალდეური თარგმანები ასევე სასარგებლოა წერილთა გასაგებად, განსაკუთრებით სირიული თარგმანი, რომელიც უფრო ძველია და ებრაულთან არის დაახლოებული. დიდი ბასილი აქებს მას "ექვსთა დღეთაში", ხოლო სირიის ეკლესია იყენებდა მას, როგორც სწორ თარგმანს. ქალდეური თარგმანი შესრულებულია სამი რაბინის მიერ V საუკუნეში და ეწოდება „თარგუმი“, რაც „გადმოცემას“ ნიშნავს. თუმცა ეკლესია მას არ აღიარებს, რადგან მის ბევრ ადგილას მიმოფანტულია გარკვეული იგავ-არაკები. მეხუთე და უკანასკნელი, რომელიც სარგებლობს აღიარებით, არის იტალიური და ლათინური თარგმანი. იტალიური იყო უფრო ძველი, ხოლო ლათინური (რომელსაც ასევე უწოდებენ ვულგატას), როგორც ავგუსტინე მოწმობს, შესრულებულია ბრძენი იერონიმეს მიერ, რომელმაც მშვენივრად იცოდა სამი ენა (Aug. Hipp. De civit. Dei XVIII, 43 // PL 41, 603). ძველი აღთქმის ზოგიერთი წიგნი მან თარგმნა ებრაულიდან ლათინურად, ხოლო ახალი აღთქმა მხოლოდ ზოგიერთ ადგილას შეასწორა. თუმცა, სხვათა აზრით, ვულგატის შემქმნელი უცნობია. ეს თარგმანი შეიცავს უამრავ შეცდომას და ბევრს იმას, რაც არ არის ებრაულ ორიგინალში, რის გამოც იგი არ უნდა ვამჯობინოთ სამოცდაათის თარგმანს.
ესენი არიან ჩვენს ხელთ არსებული (1 მაკ. 12:9) ძველი და ახალი წერილის წმიდა წიგნები; ცხონების წყარონი, როგორც მათ უწოდებს ათანასე (იხ. ათანასე დიდის მე-3 განაწესი); არეოპაგელის გამოთქმით - წმიდად დაწერილი ფილები (Dion. Areop. De eccl. hierarch. 1, 4 // PG 3, 376BC.); ევსევის მიხედვით - აღთქმაში შემავალნი (Euseb. Hist. eccl. VI, 25 // PG 20, 580A); და კანონიკურნი, კართაგენის კრების თანახმად (კანონი 32). ამდენად, ძმანო და მამანო, ეზიარეთ მათ დღედაღამ, რათა დაემსგავსოთ მართალს, რომელსაც ნეტარს უწოდებს ღვთაებრივი დავითი (ფსალ. 1:1–2). იკითხეთ ის განუწყვეტლივ, ვინაიდან წერილთა კითხვა, ოქროპირის თქმით, ცის კარს აღებს, ხოლო წინასწარმეტყველთა ბაგენი არიან ღვთის ბაგენი (Ioan. Chrysost. In illud: vidi Dom. 2. 2 // PG 56, 109–110). მისდევდით მათ ყოველ ჟამს, ვინაიდან, ავგუსტინეს თანახმად, წერილში სულის ნებისმიერი სნეულების წამალია დაფარული (Aug. Hipp. De doctr. Christiana III, 17 // PL 34, 75). "გამოიკვლიეთ წერილები, რათა მათში ჰპოვოთ საუკუნო სიცოცხლე" (იოან. 5:39), როგორც თქვა უფალმა. იკითხეთ ღვთის რჯული, მოერიდეთ ყოველივე ცრუს, რასაც "განმეორებებს" უწოდებენ (იგულისხმება იუდეველთა და იუდეველურ სექტათა რიტუალური წესები. იხ.: Epiph. Adv. haer. 15 // PG 41, 248A).), ანუ იმას, რაც იქ ნათქვამია პირუტყვთა შეწირვის შესახებ ცოდვებისთვის, განწმენდისა თუ განტევებისთვის (იხ. ლევ. 16:10), ხშირი განბანვებისა და სხურებების შესახებ – და ყოველივე იმას, რაც რჯულში წარმართთა მიერ იქნა ჩამატებული ("სამოციქულო დადგენილებანი", წ. 1, თ. 6; წ. 2, თ. 35 და წ. 6, თ. 20) (PG 1, 572B–573A, 684AB, 968A).
აღსანიშნავია, რომ ამ შენიშვნის უმეტესი ნაწილი ნასესხებია დიდასკალის, ბატონ ევგენის გამოუქვეყნებელი საღვთისმეტყველო შრომიდან.
3. ლაპარაკია ერმას "მწყემსზე" (II ს-ის 1-ლი ნახევარი). "მწყემსის" ბერძნული ტექსტი აღმოაჩინეს XIX ს-ის პირველ ნახევარში და პირველად გამოიცა 1856 წელს.
