აპოსტასია > რელიგია
ათონის მთის რეკომენდაცია
ანუ
პრაქტიკული სახელმძღვანელო
კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების (861 წ.) 15-ე კანონის გამოსაყენებლად
ანუ
პრაქტიკული სახელმძღვანელო
კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების (861 წ.) 15-
საეკლესიო მოხსენიების შეწყვეტა, როგორც კუნძულ კრეტაზე გამართული "დიდი და წმიდა" ეკუმენისტური კრებისადმი წინააღმდეგობის კანონიკური და წმიდა მამებისეული ზომა.
"აპოკალიფსისის" რედ. შენიშვნა: როგორც წინამდებარე წერილიდან ჩანს, ის დაწერილია კუნძულ კრეტაზე უკვე შემდგარი ეკუმენისტური კრების მოწვევამდე. მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს ეს გარემოება. თუმცა, წერილში წამოჭრილი თემის გათვალისწინებას და სახელმძღვანელოდ მის გამოყენებას ეს ვითარება ხელს არ უშლის. წერილში მოტანილი მსჯელობა განმარტავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები და ერისკაცები, როდესაც მღვდელმთავრები მწვალებლობას იზიარებენ და საჯაროდ ქადაგებენ. მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს არის ერთგვარი "ინსტრუქცია", თუ როგორ და რომელ შემთხვევაშია მართებული და კანონიკური ლოცვით-ევქარისტული კავშირის გაწყვეტა უმაღლეს საეკლესიო იერარქებთან.
არსებობს დიდი ვარაუდი იმისა, რომ მომავალი "წმიდა და დიდი კრება", რომელიც კოლიმბარში, კრეტას "მართლმადიდებლურ" აკადემიაში, 2016 წლის 16-დან 27 ივნისამდე ჩატარდება (სხვადასხვა პრობლემების გამო კრება დაიწყო არა 16, არამედ 20 ივნისს - რედ.), ვატიკანის მეორე ფსევდო-კრების მსგავსად იქნება ცრუ, ყაჩაღური, არამართლმადიდებლური და ეკუმენისტური კრება.
როგორც გამოქვეყნებული ტექსტებიდან ჩანს, - უფრორე კი ტექსტიდან "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" (იხ. შენიშვნა ქვემოთ), - მომავალი "კრება" "სრულიადმართლმადიდებლური კრებითი გადაწყვეტილებით" მიიღებს და ოფიციალურად დააკანონებს ეკუმენიზმს, როგორც ქრისტიანთშორის და რელიგიათშორის სინკრეტულ სრულიადმწვალებლობას. ის გახდება მართლმადიდებელი ეკლესიის სჯულიერი ხაზი და შემადგენელი ნაწილი, რაც საბოლოოდ მივა მწვალებელ პაპისტთა, პროტესტანტთა და მონოფიზიტთა შორის საეკლესიო საიდუმლოებების, სამღვდელოების, სამოციქულო მემკვიდრეობისა და მადლის არსებობის აღიარებამდე. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს ხიბლით აღვსილ მწვალებელთა და ეკუმენისტურ თეორიათა: "ნათლისღებითი ღვთისმეტყველების", "ევქარისტული ეკლესიოლოგიისა" და "ერთი და (ამავდროულად) განყოფილი ეკლესიის" განმტკიცებას. ამასთანავე მოწონებულ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა თანამედროვე გაუთავებელ ანტი-წმიდამამებისეულ და არაეფექტურ საღვთისმეტყველო დიალოგებში, ასევე მსოფლიო სრულიადპროტესტანტულ "ეკლესიათა" უფრო სწორედ, მწვალებლობათა და ხიბლთა საბჭოში.
ამრიგად, ამ დიდი გამყიდველობისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების გარდაუვალი კატასტროფის წინ, რომელსაც აღასრულებენ მართლმადიდებელ ეკლესიათა ეკუმენისტი წარმომადგენლები და მათი მიმდევარი მღვდელმთავრები, ჩვენ, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდლები, ბერები და ერისკაცები, რომლებიც ეკუმენიზმის მომაკვდინებელი ვირუსისგან ვიცავთ უბიწო და ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, მოვალენი ვართ მივიღოთ ზომები და ღმრთის მადლით გამოვიყენოთ საეკლესიო, კანონიკური და წმიდა მამებისეული გზა ეკუმენისტ-ეპისკოპოსთა სახელების მოხსენიებისა.
ღვთისმსახურებასა და საღმრთო ლიტურგიაზე ეკუმენისტ პატრიარქთა, არქიეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა სახელების მოხსენიების შეწყვეტის აქტუალური და საჭირბოროტო საკითხის შესახებ უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:
1. ეკუმენისტ მღვდელმთავართა სახელების მოხსეიების შეწყვეტა უნდა განხორციელდეს საეკლესიო გადმოცემის მართლმადიდებლური განმარტების შესაბამისად, ორგზისი კრების 15-ე კანონის თანხმიერად. 2. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმ. ფოტის ორგზისი კრების (861 წ.) 15-ე კანონი ზუსტად ამტკიცებს, რომ: "მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების შესახებ დაწესებული ეს განსაზღვრება (იხ. მე- 13- 14 კანონები) კიდევ უფრო შეეფერება პატრიარქებს. თუ მღვდელი, ეპისკოპოსი, ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისაგან და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღმრთო ჟამისწირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას მოიმოქმედებს, საღმრთო კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისაგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა. ეს უკვე განსაზღვრული და დამტკიცებულია იმათ შესახებ, ვინც ცოდვის მიზეზით თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დარღვევს. მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან".
ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამ კანონის განმარტებაში ამბობს: "ის, რასაც ეპისკოპოსთა და მიტროპოლიტთათვის აწესებენ წინმსწრები კანონები (იხ. მე-13-14 კანონები), იგივეს კიდევ უფრო მკაცრად ითვალისწინებს წინამდებარე კანონი პატრიარქთათვის და ამბობს: "თუ ეს მოხდება რაიმე დანაშაულის გამო, მაგალითად, მრუშობის ან სიწმიდეთა მოპარვის, ან რაიმე მსგავსი დანაშაულისთვის მღვდლები დაშორდებიან თავიანთ ეპისკოპოსთ ან ეპისკოპოსები მიტროპოლიტებს და მიტროპოლიტები თავიანთ პატრიარქებს". ამ პუნქტის სქოლიოში ნიკოდიმოსი ამბობს: "თუმცა, მოციქულთა 31-ე კანონი უდანაშაულოდ მიიჩნევს იმას, ვინც გამოეყო, თუ დამტკიცდება მისი სიმართლე". მაგრამ მითითებული მოძღვრები მწვალებლები თუ იქნებიან და ღიად იქადაგებენ თავიანთ მწვალებლობას (ამ პუნქტის სქოლიოში ამბობს: "ბალსამონის თანახმად, ამ კანონიდან ჩანს, რომ არავინ უნდა გამოეყოს თავის ეპისკოპოსს, თუ ის მისდევს მწვალებლობას, მაგრამ ფარულად და არ ქადაგებს მას, რადგან შემდგომში შეიძლება გამოსწორდეს")... და ასეთ შემთხვევაში მათი ქვეშევრდომნი გამოეყოფიან მათ ამ მწვალებლობის გამო კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე, ამდგვარნი, არა თუ არ დაისჯებიან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსნიც კი არიან, ვითარც მართლმადიდებელნი. რადგან მათ თავიანთი განსჯით განხეთქილება კი არ მოიმოქმედეს, არამედ კიდევ უფრო მეტად გაათავისუფლეს ეკლესია განხეთქილებისაგან და ცრუ-ეპისკოპოსთაგან" (Преподобный Никодим Святогорец, Pidalion, издание Ρηγόπουλος, Tesalonic 2003, p. 358).
ზემოთმოტანილი კანონი ეთანხმება ზოგიერთი ადგილობრივი და მსოფლიო კრების სხვა კანონებს. მაგალითად, მოციქულთა 31-ე კანონს, ღანგრის ადგილობრივი კრების (340) 6-ე კანონს, ანტიოქიის ადგილობრივი კრების (341) 5-ე კანონს, კართაგენის ადგილობრივი კრების (491) 10, 11 და 92-ე კანონებს, IV მსოფლიო კრების (451) 19-ე კანონს, VI მსოფლიო კრების (691) 31-ე და 32-ე კანონებს და ორგზისი კრების (861) 12, 13 და 14 კანონებს.
ორგზისი კრების 15-ე კანონის პირველი ნაწილი იწყება სიტყვებით:
"მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების შესახებ დაწესებული ეს განსაზღვრება..." და მთავრდება სიტყვებით: "... ეკლესიის ერთობას დარღვევს".
ეს ნაწილი არის წინა ორი კანონის (13-ე და 14-ე) გაგრძელება, რომლებიც ლაპარაკობენ დიაკვნებსა და მღვდლებზე, რომლებიც წყვეტენ თავიანთი ეპისკოპოსის მოხსენიებას (13-ე კანონი) და ეპისკოპოსზე, რომელიც წყვეტს თავისი მიტროპოლიტის მოხსენიებას (14-ე კანონი). ეს აკრძალვა ქმედითია მაშინ, "როდესაც ზოგიერთი ბრალდების გამოგანუდგებიან თავიანთ მამას" და "კრების მიერ გამოძიებამდე, განკითხვამდე და დასჯამდე გაბედავენ მის ჩამოშორებას". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი კრძალავს პატრიარქის ხსენების შეწყვეტას სამართლიანობის საფუძველზე (ანუ მორალური მიზეზების გამო) მანამ, სანამ კრებითი დადგენილება არ გამოვა მის თაობაზე, და თუ ასე არ მოიქცევიან და შეწყვეტენ პატრიარქის (ან ეპისკოპოსის) მოხსენიებას "ეკლესიის ერთობას არღვევენ და განხეთქილებას აწყობენ".
კანონის მეორე ნაწილი იწყება სიტყვებით:
"მაგრამ ... იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში" და მთავრდება სიტყვებით: "... ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან".
ორგზის კრებაზე (861) მონაწილე წმიდა მამებმა, ცდილობდნენ რა ბოლო მოეღოთ განხეთქილებებისთვის, რომლებიც აშფოთებდა ეკლესიას VII-IXI საუკუნეებში, მიიღეს და დაამტკიცეს 13, 14 და15-ე კანონები, რომლითაც მართლმადიდებელ ქრისტეანებს მკაცრად აუკრძალეს მღვდელმთავრებთან საეკლესიო ერთობის გაწყვეტა კრებით განსჯამდე. მაგრამ ვინმეს ისე, რომ არ გაეგო, თითქოსდა მართლმადიდებელ ქრისტეანებს უფლება ერთმევათ კრებით განსჯამდე უერთიერთობა შეწყვიტონ მწვალებლობის მქადაგებელ იერარქთან, ბრძენმა მამებმა 15-ე კანონის ბოლოს ასეთი განმარტება დაამატეს: "მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე...".
აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსის სახელის მოხსენიების შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს, მხოლოდ დოგმატური განდგომილების დროს, მაგრამ არა მორალური დანაშაულობის დროს (როგორიცაა, მაგალითად, მრუშობა, სიწმიდეთა მოპარვა და ა. შ.).
ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ საკითხები, რომლებიც ეხება სამართლიანობას (ანუ როდესაც ლაპარაკია არა დოგმატურ, არამედ მორალურ და საეკლესიო მოწყობის საკითხებზე) და სარწმუნოებას; ასევე არ უნდა ვამტკიცებდეთ, რომ საჭიროა მღვდელმთავრის ხსენების შეწყვეტა სამართლიანობის გამო, რაც სრულად ეწინააღმდეგება ორგზისი კრების 15-ე კანონს, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნეობრივ ტრადიციებს. იკრძალება საეკლესიო ურთიერთობის უმიზეზო გაწყვეტა, და არა მაშინ, როდესაც ლაპარაკია სარწმუნოებაზე.
3. ღვთისმსახურებაზე, მით უფრო ლიტურგიაზე მღვდელმთავრის სახელის მოხსენიების შეწყვეტა, შეუძლია მხოლოდ მღვდელს და არა ერისკაცს, რადგან მხოლოდ ხელდასხმულ მღვდელმსახურს გააჩნია მღვდლობის მადლი. მღვდელი აღასრულებს ღვთისმსახურებას, წმიდა საიდუმლოებებს და იხსენებს ადგილობრივი ეპისკოპოსის სახელს; შედეგად, მხოლოდ მას შეუძლია შეწყვიტოს თავისი მღვდელმთავრის სახელის მოხსენიება და არ ახსენოს ის ღვთისმსახურებზე. მღვდლების ვალია -არ იმსახურონ და არ ილოცონ ეკუმენისტ ეპისკოპოსებთან ერთად, და არ აღამაღლონ მათი საეპისკოპოსო ტიტული ღვთისმსახურებაზე. 4. ერისკაცნი, ერთის მხრივ, განეკუთვნებიან "სამეფო სამღვდელოებას" (1 პეტრე. 2:5, 9), მაგრამ მათ არ გააჩნიათ მღვდლობის მადლი და ისინი არ აღასრულებენ ღვთისმსახურებას, წმიდა საიდუმლოებებს, შედეგად, არც შეუძლიათ მღვდელმთავრის სახელის მოხსენიების შეწყვეტა. ერთადერთი, რისი შეწყვეტაც შეუძლია ერისკაცს -ეს გახლავთ საეკლესიო ურთიერთობის გაწყვეტა ეკუმენისტ მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან, ბერებთან და ერისკაცებთან. 5. მღვდელს უფლება აქვს შეწყვიტოს მხოლოდ ადგილობრივი მღვდელმთავრის ხსენება და არა სხვა მღვდელმთავრებისა, რადგან მხოლოდ მას იხსენებს ის ღვთისმსახურებასა და ლიტურგიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ შეუძლია შეწყვიტოს სხვა მღვდელმთავრის სახელის ხსენება, რომელსაც ის ეკლესიურად (ეპარქიალურად -რედ.) არ ექვემდებარება, რადგან, ბუნებრივად, არც იხსენიებს მას. მიტროპოლიტს შეუძლია შეწყვიტოს ადგილობრივი პატრიარქის ან არქიეპისკოპოსის სახელის ხსენება. ეპისკოპოსს შეუძლია შეწყვიტოს მხოლოდ ადგილობრივი მიტროპოლიტის სახელის მოხსენიება. მღვდელს შეუძლია შეწყვიტოს მხოლოდ ადგილობრივი მიტროპოლიტისა და ეპისკოპოსის სახელის მოხსენიება. ხოლო პატრიარქს ან არქიეპისკოპოსს შეუძლია შეწყვიტონ სხვა პატრიარქის ან არქიეპისკოპოსის სახელის მოხსენიება და არ ახსენონ ის დაწესებულ დიპტიქებში.
იმ შემთხვევაში, თუ პრესვიტერი შეწყვეტს ადგილობრივი ეპისკოპოსის სახელის ხსენებას, მის ნაცვლად არ უნდა ახსენოს სხვა მღვდელმთავარი, ან წმიდა სინოდი, ან ქრისტე ან კიდევ სხვა ვინმე. უნდა დატოვოს ადგილი თავისუფლად და არ ახსენოს მღვდელმთავრის სახელი მანამ, სანამ არ გადაწყდება პრობლემა.
6. ღვთისმსახურებებსა და საღმრთო ლიტურგიაზე თქვით სავედრებელი: "პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკვანთა და ყოვლისა ერისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ", და თავისუფლად დატოვეთ ადგილი იქ, სადაც ჩვეულებრივი იხსენიება ეპისკოპოსის სახელი, ანუ უნდა მოაჭრათ სავედრებელის ის ნაწილი, რომელიც ეხება ეპისკოპოსს.
საღმრთო ლიტურგიაზე, ასამაღლებელი "პირველად მოიხსენე, უფალო, მთავარეპისკოპოსი ჩუენი, რომელი მოჰმადლე წმიდათა შენთა ეკლესიათა მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღე გრძელებით (მართლ მკუეთელობით) სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა", უნდა ითქვას ასე: "პირველად მოიხსენე, უფალო, ყოველნი მართლმადიდებელნი ეპისკოპოსნი, რომელთა მოჰმადლე წმიდათა შენთა ეკლესიათა მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღე გრძელებით (მართლ მკუეთელობით) სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა".
ასე ასრულებდნენ ღვთისმსახურებებსა და საღმრთო ლიტურგიას ათონის მთის რვა წმიდა მონასტრის, სკიტეებისა და წმიდა მთის სენაკთა მამები (აქ იგულისხმებიან ცენტრალური და ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინციები, რომლებიც ბალკანეთის ომის შემდეგ ანექსირებულ იქნენ და დღეს ისინი იმყოფებიან მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში - რედ.), ასევე ახალი ნათლის სამი მაღალუსამღვდელოესი მიტროპოლიტი: ავგუსტინე კანტიოტის ფლორინელი (http://www.augoustinos-kantiotis.gr/?p=36199 // http://www.augoustinos-kantiotis.gr/?p=36164), პავლე პარამფიელი და ამბროსი ელეფთეროპოლელი, რომლებმაც შეწყვიტეს მწვალებელ პატრიარქ-ეკუმენისტის ათენაგორას ხსენება სამი წლის განმავლობაში (1970-1973) (იხ. გამოცემა: Θεοδρομία, № 11 (1) (2009 წლის იანვარი-მარტი) 75-81).
7. კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონის შესაბამისად, პრესვიტერი, რომელიც წყვეტს თავისი ეპისკოპოსის სახელის ხსენებას არა თუ არ უნდა იქნეს განკითხული, როგორც სქიზმატიკოსი, რომელმაც დაარღვია ეკლესიის ერთობა, და ვითომცდა იმყოფება ეკლესიის გარეთ. არამედ,პირიქით, იმსახურებს ყოველგვარ ქებას, რადგან ეკლესია იხსნა განხეთქილებისგან. პრესვიტერი, რომელიც წყვეტს თავისი ეპისკოპოსის მოხსენიებას, მისივე ეპისკოპოსმა ან სინოდმა არ უნდა დაისაჯოს პატივის აყრით, რომლებიც, უეჭველად მოსდევს ხოლმე ამგვარ ქმედებას; არამედ უნდა აგრძელებდეს საღმრთო ლიტურგიის ჩატარებას, და თუ მას ეკლესიაში მსახურებას აუკრძალავენ, გააგრძელოს ღვთისმსახურება უბრალო სახლში, უბრალო ანტიმინსის გამოყენებით, რომელზეც არ უნდა იყოს წარწერილი არც მმართველი ეპისკოპოსის სახელი და არც მიტროპოლიტის ბეჭედი, ანუ არ უნდა იყოს ნაკურთხი მათ მიერ, არამედ აუცილებლად უნდა იყოს ჩაკერებული წმიდა მოწამის უხრწნელი ნაწილები.
მოცემულ შემთხვევაში (ანუ როცა პრესვიტერი წყვეტს მწვალებლობაში მხილებული მღვდელმთავრის ხსენებას - რედ.) პრესვიტერის აკრძალვა არაფერს ნიშნავს: ამას ვხედავთ იქიდან, რომ არც ერთმა წმიდა მამამ არ მიიღო ყალბი "განკვეთა" და "ანათემა" (გავიხსენოთ წმ. იოანე დამასკელი, რომელიც ანათემას გადასცა ოთხმა ადგილობრივმა კრებამ).
8. ბერძნულენოვან მართლმადიდებელ ქვეყნებში, ასევე ათონის წმიდა მთის პრაქტიკიდან, წმიდა მირონი მრავლდება ზეთისხილის ზეთით, ასევე მრავლდება ნათლისღების ნაკურთხი წყალი (დიდი აიაზმა -რედ.) (ასეა დამკვიდრებული კვიპროსისა და ანტიოქიის ეკლესიათა ტრადიციებში, ასე იქცევა მთელი ბერძნული დიასპორა, სადაც მცირეა მირონი).
წმიდა მირონი შეიძლება გამრავლდეს ათეულობით წლების განმავლობაში, როდესაც არ არის შესაძლებლობა მირონი მიღებულ იქნას ავტოკეფალური სინოდისგან. წმიდა მირონის გარდა საეკლესიო პრაქტიკაში სულიწმიდის ბეჭედი ეძლეოდათ ახალმონათლულზე ეპისკოპოსის ხელის დადებით (ხიროტესიით - რედ.), რადგან ეპისკოპოსს გააჩნია სამოციქულო მემკვიდრეობა, რათა ამგვარად მინიჭებოდა მონათლულს სულიწმიდის ნიჭი.
9. არასწორია მსჯელობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა არაფრის მაქნისია ის წმიდა საიდუმლოებანი და საღმრთო ლიტურგია, რომლებსაც ასრულებენ მმართველი, მაგრამ მწვალებელი ეპისკოპოსის არმომხსენებელი პრესვიტერები. მღვდელმსახურების მადლი ეპისკოპოსის მონოპოლიას როდი წარმოადგენს, ყოველ პრესვიტერს შეუძლია იმსახუროს, რადგან ის იყო ხელდასხმული. წმიდა საიდუმლოებათა აღსასრულებლად საჭირო მადლი პრესვიტერს მაგიურად როდი სცილდება იმის გამო, რომ მან არ მოიხსენია ეპისკოპოსი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მღვდელი იმყოფება მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და თავს იცავს ეპისკოპოსისიგან, რომელიც ქადაგებს მწვალებლობას. წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამის შესახებ ბრძანებს, რომ სწორედ იქ, სადაც არის სარწმუნოების მართლმადიდებლური აღმსარებლობა, იმყოფება კიდევაც სულიწმიდის მადლი, და იქვეა კათოლიკე (მართლმადიდებელი) ეკლესიის სისრულე. მაშასადამე წმიდა ლიტურგია და წმიდა საიდუმლოებები, რომელთაც ატარებენ ის მღვდლები, რომლებმაც შეწყვიტეს მწვალებელ ეპისკოპოსთა მოხსენიება ნამდვილია და ძალმოსილი.10. ეკლესიის ისტორიაში მრავლად არის მწვალებელ ეპისკოპოსთა მოხსენიების შეწყვეტის ფაქტი: ასე იქცეოდნენ წმიდა და ღმრთითშთაგონებული მამები, როგორებიც იყვნენ ღირ. მაქსიმე აღმსარებელი, ღირ. თევდორე სტოდიელი, გალათინებული მსოფლიო პატრიარქის დროინდელი ათონელი მამები, იოანე ვეკოსი, წმიდა გრიგოლ პალამა, ღირ. იოსებ ვრიენიოსი, წმ. მარკოზ ევგენიკოსი (ამ თემაზე იხილეთ: Οἱ ἀγῶνες τῶν μοναχῶν ὑπέρ τῆς Ὀρθοδοξίας [Сражения монахов за Православие, ed. Ἱ. Μ. Ὁσίου Γρηγορίου, Ἅγιον Ὄρος 2003) და ეკუმენისტ პატრიარქ ათენაგორას დროინდელი ათონელი ბერები.
ყველა ამ მაგალითიდან ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ ორზე, კერძოდ წმ. გრიგოლ პალამას და პატრიარქ ათენაგორას დროინდელ ათონელ მამათა მაგალითებზე:
I. პატრიარქ იოანე კალეკასის მწვალებლური მსჯელობების გამო, წმ. გრიგოლ პალამამ კრებით განსჯამდე შეწყვიტა მისი ხსენება. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც წმ. გრიგოლი გადასცეს ანათემას, "რადგან მან გაბედა და არაკანონიკურად და კრებითი მსჯავრის გარეშე შეწყვიტა ჩემი მოხსენიება...".
უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც წმ. გრიგოლმა შეწყვიტა პატრიარქის მოხსენიება, კალეკასი ჯერ კიდევ არ იყო გასამართლებული კრების მიერ, ხოლო წმიდა გრიგოლი ჯერ კიდევ არ იყო ეპისკოპოსი, არამედ ჩვეულებრივი ათონელი მღვდელმონაზონი. სავარაუდოდ, წმ. გრიგოლისანათემირების შესახებ გადაწყვეტილება ხელმოწერილ იქნა სხვა ეპისკოპოსების მიერაც, რომელთა შორის იყო ანტიოქიის პატრიარქი ეგნატეც. რაც შეეხება წმ. გრიგოლს, მან უგულებელჰყო ეს აკრძალვა და დამოუკიდებლად გააგრძელა ლიტურგიის შესრულება.
აი რას ვკითხულობთ კალეკასის წერილში: "სხვადასხვა მკრეხელობების დამფუძნებელი და დამცველი პალამა, თავის თანამოაზრეებთან ერთად განკანონებული და განკვეთილია უფლის ეკლესიისგანაც და სამღვდლო პატივისგანაც, რადგან უკან არ იხევს მიღებული გადაწყვეტილებისგან და უარს არ ამბობს გონიერებას მოკლებულ თავის სიტყვებზე, როგორც ეს ცხადი გახდ ანტიოქიის პატრიარქის სიტყვებიდანაც, აქ დამსწრე მღვდელმთავართაგანაც და მათგანაც, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ამგვარად, ერთის მხრივ (მათ მიერ მიღებული ანათემა) მიზეზია მათი სამღვდლო მსახურების შესაწყვეტად. მიუხედავად ამისა, ისინი, არად აგდებენ რა ამ სასჯელს, აგრძელებენ მღვდლობას და კადნიერად ასრულებენ წმიდა ღვთისმსახურებას" (P.G. 150, 880D).
II. საეკლესიო ისტორიიდან ცნობილია, რომ 1970-1973 წლებში, როდესაც წმიდა მთაზე მყოფ მონასტერთა თითქმის ნახევარმა (უფრო ზუსტად რვა მონასტერმა), ყველა სკიტემ და სენაკთა უმეტესობამ, წმიდა პაისი ათონელის (http://www.romfea.gr/diafora/2431- apantiseis- gia- to- fulladio- tou- agiou- pa%CF%8Asiou) და სამი მიტროპოლიტის - ავგუსტინე კანტიოტისის (ფლორინედან), პალვე პარამიფიელისა და ამბროსი ელეფთეროპოლელის წინამძღვრობით გაბედეს შეეწყვიტათ მსოფლიო პატრიარქის, ეკუმენისტი ათენაგორას მოხსენიება, რომელმაც 1965 წელს აღასრულა არაკანონიკური ქმედება და მოუხსნა ანათემა კათოლიკეთ, იერუსალიმში შეხვდა ერესიარქ რომის პაპს და, საერთოდ, გააჩნდა პაპისტური პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეწყვიტეს პატრიარქ ათენაგორას ხსენება, სამი წლის განმავლობაში აგრძელებდნენ ლიტურგიკულ ცხოვრებას პატრიარქის სახელის მოუხსენიებლად.
***
11. ასეთ შემთხვევაში, ეკუმენიზმის ყოვლადმწვალებლობის დასამხობად, წიგნების, სტატიებისა და ანტიეკუმენისტური ტექსტების მეშვეობით, საჭიროა კლერიკოსთა და ერისკაცთა ინფორმირებულობა. საჭიროა აკრიბიის გამოყენება, ყალბი და ცრუ თეორიების უარყოფა, კონგრესებისა და საღვთისმეტყველო კონფერენციების ორგანიზება, ასევე საეკლესიო, კანონიკური და წმიდა მამებისეული სამართლის ნორმების გამოყენება; საჭიროა შეწყდეს ეკუმენისტ-მღვდელმთავართა მოხსენიება და, საერთოდ, ყოველი ღონე უნდა იქნეს მიღებული, რათა არ ჩატარდეს "წმიდა და დიდი კრება" (როგორც ვიცით, ეს კრება უკვე ჩატარდა - რედ.). 12. საკრებო დოკუმენტის "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტეანულ სამყაროსთან" 22-ე პუნქტში წერია: "მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ეკლესიის ერთობის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა, რომელსაც მიმართავენ ცალკეული ადამიანები და ჯგუფები ვითომცდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაცავად, გმობას იმსახურებს". სრულიად ცხადია, რომ "წმიდა და დიდი კრების" მოწინააღმდეგეთა სასულიერო წოდებისგან პატივაყრითა და განკვეთით მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრობა ცდილობს დაამკვიდროს დევნულება.
ქრისტე იესუში ძმური სიყვარულით, მ. საბა ლავრიოტი
გერონდა საბა ლავრიოტი. დიდი ლავრის მონასტრის მხცოვანთა საბჭოს წევრი. ათონის წმიდა მთა.
მობილური ტელეფონი: +306947011111
სტაციონარული ტელეფონი: +302377-023754
ფაქსი: +302377-023762
გერონდა გაბრიელი. წმიდა ქრისტოდულეს სენაკი. ქუთლუმუშის წმიდა მონასტერი. ათონის წმიდა მთა.
დაყუდებული ბერი ვლასი ვიგლიოტი.
____________________
შენიშვნა: ტექსტების პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა მეხუთე წინასინოდალურ სრულიადმართლმადიდებლურ კონფერენციაზე (შამბეზი, ჟენევა. 2015 წლის 10-17 ოქტომბერი), სახელწოდებით: "გადაწყვეტილება: მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ქრისტიანულ სამყაროსთან". 2016 წლის 21 იანვარს, ტექსტი გამოქვეყნდა საიტზე: http://www.romfea.gr/diafora/6177-apofasis-sxeseis-tis-orthodojou-ekklisias-pros-ton-xristianiko-kosmo, მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღვართა სინაქსისის შესაბამისად, რომელიც შედგა შამბეზში 2016 წლის 21-28 იანვარს.
____________________
წყარო: http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=119855 // https://amin.su/content/analitika/9/4489/ // https://vk.com/wall-200737070_715