სხვადასხვა > რჩევები მშობლებს
ციფრული გონებაჩლუნგობის ვირუსი
დღეს მთელი მსოფლიო გადარეულია გაჯეტებზე: სმარტფონებზე, პლანშეტებზე და სხვა ციფრულ ტექნიკაზე. ამასთან ერთად შემოდის ციფრული გონებაჩლუნგობის ვირუსი. და ეს ხუმრობა როდია, - ეს დიაგნოზია. 2007 წელს სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ბავშვი ავადდება ყურადღების დაფანტვით, გონების დაკარგვით, თვითკონტროლის დაბალი დონით, კოგნიტიური დარღვევებით, დათრგუნვილობითა და დეპრესიით.
გამოკვლევები აჩვენებს, რომ ციფრული თაობის წარმომადგენელთა ტვინში შეიმჩნევა ცვლილებები, რომლებიც წააგავს იმას, რომელიც ჩნდება თავის ქალისა და ტვინის ტრავმის შედეგად ან კიდევ დემენციის ადრინდელ სტადიაზე, ანუ გონებაჩლუნგობაზე, რომელიც ჩვეულებრივ მოხუცებულობის ასაკში ვითარდება.
ძნელია ამისი დაჯერება, მაგრამ საშუალოსტატისტიკურმა შვიდი წლის ევროპელმა ეკრანებთან თავისი ცხოვრების ერთ წელზე მეტი უკვე დაჰყო, ხოლო 18 წლის მოზარდმა - ოთხ წელზე მეტი!
გინდათ თქვათ, რომ დღეს ბავშვები სხვანაირები არიან? დიახ, ბავშვები სხვანაირები არიან, მაგრამ ტვინი მათ ისეთივე აქვთ, როგორიც ადამიანს ათასი წლის წინათ ჰქონდა, - მასში 100 მილიარდამდე ნეირონია, რომელთაგან თითოეული ათეულ ათასობით მის მსგავს ნეირონთან არის კავშირში.
საჭიროა ტვინის განვითარება და კვება. ყველა ჩვენი აზრი, მოქმედება, რთული ამოცანების გადაწყვეტა და ღრმა აზროვნება ჩვენს ტვინში თავის კვალს ტოვებს. "ვერაფერი შეცვლის იმას, რასაც ბავშვები საკუთარი, თავისუფალი და დამოუკიდებელი აზროვნებისგან ღებულობენ, როდესაც ისინი იკვლევენ ფიზიკურ სამყაროს და რაღაც ახალს აწყდებიან", - ამტკიცებს ფსიქოლოგიის პროფესორი ტანია ბირონი.
გაგიკვირდებათ მაგრამ 1970 წლიდან ბავშვების აქტიურობის რადიუსი (სივრცე სახლის ირგვლივ, რომელშიც ბავშვები თავისუფლად იკვლევენ გარემომცველ სამყაროს) 90%-ით შემცირდა! სამყარო სმარტფონის ეკრანამდე შემცირდა. ბავშვებმა დაივიწყოს, და რაც უარესია, არც კი იციან, როგორია სირბილი წვიმაში, გემების გაშვება მდინარეში, ხეებზე ძრომიალი და უბრალოდ ერთმანეთთან თამაში და მხიარულება. ისინი საათობით სხედან თავიანთი სმარტფონების ან კომპიუტერების წინაშე. არადა მათ საკუთარი კუნთების განვითარება სჭირდებათ, მათ უნდა იცოდნენ იმ საშიშროებათა შესახებ, რომელთაც მათ სამყარო უმზადებს, მათ უბრალო და ადამიანური ურთიერთობა სჭირდებათ. "გასაოცარია, - ამბობს ერთი ფსიქოლოგი, - რაოდენ სწრაფად ჩამოყალიბდა ბავშვების გარემოს ის ტიპი, სადაც არ ხდება გემოვნების, ყნოსვის და შეგრძნების სტიმულირება, რადგან ბავშვები სუფთა ჰაერზე კი არ სეირნობენ ან თამაშობენ, არამედ უმეტესწილად ეკრანების წინ სხედან, გარემომცველ ადამიანებთანაც კი ნაკლებად ურთიერთობენ". ჩვენ საკმაოდ შემაშფოთებელი რეალობის წინაშე ვდგავართ.
ტვინი მაშინ ყალიბდება, როდესაც არსებობს გარეგანი სტიმულირება და რაც უფრო მეტია მათი რაოდენობა, მით უკეთესი ტვინისთვის. ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვებმა იკვლიონ ფიზიკური სამყარო, და არა ვირტუალური. დღეს ეს მზარდ ტვინს სჭირდება ისევე, როგორც სჭირდებოდა იგი ათასი წლის წინათ.
ბავშვს ასევე სჭირდება ჯანსაღი და სრულყოფილი ძილი. მაგრამ თანამედროვე ბავშვებს არ ძალუძთ გამოძვრნენ ინტერნეტიდან და მოწყდნენ კომპიუტერულ თამაშებს. ეს ძლიერ ამცკირებს მათი ძილის ხანგრძლივობას, რაც შეუქცევად დარღვევებს იწვევს. რომელ განვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი, თუკი შენ უკვე დაღლილი ხარ, თავი გტკივა და სკოლის ამოცანები თავში აღარ შეგდის?!
შეიძლება ვინმემ იკითხოს, როგორ შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიას შეცვალოს ბავშვის ტვინი? ჯერ ერთი, გარეგანი სტიმულების რაოდენობა იძრუდება ინტერნეტში გატარებული დროით. ბავშვი ვერ ღებულობს მისთვის საჭირო გამოცდილებასა და აქედან გამომდინარე ინფორმაციას. ეს კი საჭიროა ტვინის საკმაოდ მნიშვნელოვანი უბნების განვითარებისთვის, რომლებიც პასუხს აგებენ განცდაზე, თვითკონტროლზე, გადაწყვეტილებათა მიღებაზე... ხოლო ის, რაც არ მუშაობს, თანდათანობით კვდება. ადამიანმა თუ სიარული მიატოვა, მისი ფეხები ნელ-ნელა ატროფირდება. ბავშვები თუ არ მიეჩვევიან ინფორმაციის დამახსოვრებას, რადგან მისი პოვნა ინტერნეტში ძალზედ ადვილია, მათი ტვინი გადაეჩვევა მუშაობას. აქედან კი მეხსიერების პრობლემები ვითარდება. ბავშვები არ ავარჯიშებენ საკუთარ ტვინს. არადა მასაც ისეთივე ვარჯიში სჭირდება, როგორც კუნთებს.
იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ინტერნეტის წყალობით ბავშვები უფრო ჭკვიანები გახდებიან? მაგრამ იცით თუ არა, რომ დღევანდელი თერთმეტი წლის მოზარდი ძლივს ასრულებს ისეთ ამოცანებს, რომელსაც წარმატებით წყვეტდნენ რვა ან ათი წლის ბავშვები 30 წლის წინათ?! მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ვირტუალურ სამყაროში გატარებული უზარმაზარი დროა, რომელიც ტვინის ბუნებრივ განვითარებას აკლდება.
"ვშიშობ, - ამბობს ფსიქოლოგი სიუზენ გრინფილდი, - ციფრული ტექნოლოგიები მოახდენენ ტვინის ინფანტილიზაციას და გადააქცევენ მას პატარა ბავშვების დონის განუვითარებელ ტვინად, რომელთაც მხოლოდ ბზუილი და მკაფიო ნათება იზიდავს და, რომელსაც არც ყურადღების კონცენტრირება შეუძლია და არც ნამდვილი, რეალური მომენტით ცხოვრება".
მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან! ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი შვილების გადარჩენა! საკმარისია უბრალოდ შევუზღუდოთ ბავშვებს ყოვლისშემძლე გაჯეტების გამოყენება. გაგიკვირდებათ, მაგრამ სტივ ჯობსი, ციფრული ინდუსტრიის გურუ, სწორედ ასე მოიქცა. მისი ბავშვები საერთოდ არ სარგებლობდნენ აიპადით, ხოლო ღამით სხვა გაჯეტების გამოყენება მათ დასვენების დღეებშიც კი ეკრძალებოდათ.
კრის ანდერსონი, ამერიკული ჟურნალის "Wired"-ის მთავარი რედაქტორი, 3D Robotics-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზღუდავს თავის შვილებს გაჯეტების გამოყენების მხრივ. ანდერსონის წესია - არავითრი ეკრანი და გაჯეტი საძინებელ ოთახში! "ვერავინ ისე ვერ ხედავს ინტერნეტით ზედმეტი გატაცების საშიშროებას, როგორც მე, რადგან თვითონ გადავაწყდი ამ პრობლემას და არ მსურს მისით ჩემი შვილებიც დაავადდნენ".
სერვისების Blogger-ისა და Twitter-ის შემქმნელებმა თავიანთ შვილებს საკუთარი პლანშეტებისა და სმარტფონების გამოყენების ნება დღეში მხოლოდ ერთი საათით დართეს, ხოლო OutCast Agency-ის დირექტორმა, გაჯეტების სახლში გამოყენების დრო დღეში 30 წუთამდე შეზღუდა. მის პატარებს კი გაჯეტები საერთოდ არა აქვთ.
ესეც თქვენ პასუხი კითხვაზე: "რა ვქნათ, როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა?". იზრუნეთ მომავალი თაობის განვითარებისთვის. იფიქრეთ, როგორი მომავალი ელოდებათ მათ 10-20 წლის შემდეგ, თუკი ისინი ახლა ნახევარ დღეს კარგავენ თავიანთი სუპერთანამედროვე გაჯეტების ეკრანის წინაშე. გაუფრთხილდით მომავალს! იხსენით მომავალი თაობა ციფრული გონებაჩლუნგობისგან.
წყარო: medinfo.ua