პუბლიკაციები - ყველაფერი ხდება საღმრთო განგების ჩარჩოებში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ყველაფერი ხდება საღმრთო განგების ჩარჩოებში
ოთხი აპოკალიფსური მხედარი
გამოცხადების წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება იმაშია, რომ ყველაფერი, რაც კი მასში აღწერილია დემონებზე, სატანაზე, ანტიქრისტეზე და ა. შ. ყველაფერი, ხდება "მიცემულია"-ს ჩარჩოებში.
 
მიცემულია ეს ნიშნავს: 1) მას მანამდე არ ჰქონდა ასეთი ძალაუფლება და უფლებამოსილება; 2) მათ, ვინც მასზე დაბლაა, მითუმეტეს არ შეიძლება ასეთი ძალაუფლება და უფლებამოსილება ჰქონდეს; 3) მან შეიძლება ძალაფულება და უფლებამოსილება მიიღოს მხოლოდ იმისგან, ვის ხელშიც არის მთელი ძალაუფლება, იმისგან, ვინც ყველაზე მაღლაა.
 
ბეჭდები, საყვირები და თასები გაჟღენთილია სიტყვით "მიეცა".
 
 
ბეჭდები
 
პირველ მხედარს მიეცა გვირგვინი, მიეცა გამოსვლის უფლება, რათა გამოსულიყო, როგორც მძლეველი;
 
"და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს" (აპოკ. 6:2).
 
მეორე მხედარს მიეცა "მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა".
 
"გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი" (აპოკ. 6:4).
 
მესამე მხედარს მიეცა უფლება მოეტანა შიმშილი და მოუსავლიანობა, ასევე დაწესდა ჩარჩოები: "ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ".
 
"და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ" (აპოკ. 6:5-6).
 
მეოთხე მხედარი - სიკვდილი, რომელსაც მოჰყვებოდა ჯოჯოხეთი. მიუხედავად იმისა, მან ყველაფერი უნდა გაანადგუროს თავის გზაზე, და როგორც მორჩილმა კრავმა აღასრულოს თავისი უფლის ბრძანება, მას მიეცა უფლება დაეხოცა კაცობრიობის მხოლოდ 1/4 ნაწილი. არა უმეტესი...
 
"და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით" (აპოკ. 6:7-8).
 
 
საყვირები
 
"და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად" (აპოკ. 8:6)
 
პირველი საყვირი. ეს არის ზებუნებრივი სეტყვა, რომელშიც შერეულია სისხლი და ცეცხლი (რაც არ ხდება ბუნებრივ მოვლენებში). ეს არ არის ქაოტური სეტყვა, რომელიც ხან აქ მოდის და ხან იქ, არამედ მას აქვს მკაფიო მიზანი - დაწვას და გაანადგუროს ხეების 1/3, ნიადაგის 1/3 და მთელი ბალახი.
 
"პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა" (აპოკ. 8:7).
 
ამ სეტყვას არ შეეძლო შემთხვევით გაენადგურებინა ხეთა 1/4 ან 1/5 ან მსოფლიო ტყის მასივების 50%. არა, სეტყვა მოქმედებს უზენაესის განკარგულების ჩარჩოებში, მას მიეცა უფლება გაანადგუროს არც მეტი-არც ნაკლები ხეთა 1/3. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამგვარი მოვლენა შეუძლებელია იყოს ტექნოგენური კატასტროფა ან საერთოდ რაიმე, რაც არის ადამიანის ნახელავი.
 
მეორე საყვირი. ზღვაში (ანუ თანამედროვე ენით ოკეანეში, ზღვის წყლებში) ვარდება უზარმაზარი მთა ცეცხლით მოლაპლაპე.
 
"მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა" (აპოკ. 8:8-9).
 
ამ დაცემის შედეგიც ძალზედ მკაფიო და კონკრეტულია. "ზღვის მესამედი სისხლად იქცა". არა 1/4, არა 1/5, არა 87%, არა 98%, არა 3%, არამედ ზუსტად 1/3. ეს არის საღმრთო განგებულების ნიშანი, და მისთვის სულაც არ არის ძნელი ცეცხლმოდებულ მთას მისცეს ძალა წყლების მესამედი გადააქციოს სისხლად, მაგრამ აქაც არც მეტი-არც ნაკლები. დიახ, ეს ღმრთის სამსჯავროა, და ადამიანის ხელს ამის ქმნა არანაირად ძალუძს.
 
მესამე საყვირი. ზეციდან ვარდება "ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი".
 
"მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ" (აპოკ. 8:10-11).
 
და კვლავ, უფლის დაშვებით მოხდება ისე, რომ ამ ვარსკვლავის დაცემის შედეგად წყლების მესამედი დამწარდება როგორც დარიშხანი, როგორც აბსინთი. რა თქმა უნდა, ეს არანაირი ჩერნობილი არ არის, ეს აზრი იმთავითვე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიგდოთ აზროვნებიდან. ყველაფერი ხდება ადამიანის მონაწილეობის გარეშე. ანგელოზს მიეცა საყვირი, მანაც ჩაჰბერა, ზეციდან ვარდება "ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი" და წყალი ხდება აბსინთივით შხამიანი. დააკვირდით, აქაც მწარდება არა მთელი წყლის მარაგი დედამიწაზე, არამედ მისი მხოლოდ 1/3. მიცემულია მსჯავრი. მკაფიო, შეზღუდული, კონკრეტული.
 
მეოთხე საყვირი. ანგელოზს კვლავ მიეცემა საყვირი და მიეცემა უფლება ქნას ისე, რომ შეიცვლება კოსმოსი, მაგრამ ისე შეიცვლება, რომ ადვილი მისახვედრია - ეს არის მართვადი ცვლილება - ხოლო ვინ არის კოსმოსის ასეთი გეგმაზომიერი მმართველი? - მხოლოდ უფალი.
 
"მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის" (აპოკ. 8:12).
 
ღმერთმა თქვა - მზის მესამედი უნდა მოიწყლას, და სწორედ მესამედი მოიწყვლება, არა 50%, არამედ მესამედი, რადგან ასეა უფლება მიცემული. ეს არის მსჯავრი; ეს არის ჩარჩოები, თანაც ადამიანის მონაწილეობის გარეშე.
 
მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე საყვირებს ეწოდბათ პირველი, მეორე და მესამე ვაებები, და ნათქვამია, რომ ამ ვაებებს აუშვებენ ანგელოზები. ვაი დედამიწაზე მცხოვრებთ, რომელთაც თავს დაატყდებათ ეს უბედურებანი. ეს არ იქნება კორონავირუსი, ან მესამე მსოფლიო ომი... ეს იქნება ამათზე უარესი... ეს იქნება ცოდვილთა დასჯა საღმრთო სასჯელებით...
 
მეხუთე საყვირი. უფსკრულიდან ამომავალი დემონთა არმია აშკარად არ არის მოხიბლული იმით, რომ მას არა აქვს ვინმეს მოკვლის უფლება. დააკვირდით:
 
"მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ" (აპოკ. 9:1-6).
 
1) ანგელოზს მიეცა უფსკრულის ჭის გასაღები;
 
2) უფკსრულის კვამლიდან გამოვა კალიის გუნდი, რომელსაც მიეცა ადამიანთა კბენისა და მოწყვლის უფლებამოსილება. მაგრამ მათ ებრძანა - "ითქვა მართ მიმართ" - რომ "არ ავნონ არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე". თანაც ეს უფლებამოსილება მათ ეძლევათ მხოლოდ 5 თვით.
 
მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ესენი არიან დემონები, რადგან მათი მეთაურია აბადონი, რომელიც არის უფსკრულის თავადი, არა ადამიანი, სიკვდილის მეგობარი. ამიტომაც ჰქვია მას "წარმწყმედელი" და ეს აშკარად არის დემონთა იერარქიის მაღალი დასის წარმომადგენელი.
 
მეექვსე საყვირი. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მესამე მსოფლიო ომი. ეს არის "ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა" (აპოკ. 9:14). მათ კონკრეტულ ჟამს, კონკრეტული დროით მიეცემათ კონკრეტული მოქმედების უფლება! არც მეტი-არც ნაკლები. ეს უფლება მათ ეძლევათ არა ადამიანებისგან, არამედ ღმრთისგან!
 
"და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა" (აპოკ. 9:15). დიახ, მათ მიეცემათ მუსრი გაავლონ კაცთა 1/3-ს. ალბათ გახსოვთ, რომ კაცობრიობის ¼ უკვე ამოწყდა მეოთხე ბეჭდის მოხსნისას... მაშ, როგორ არის ეს (მეექვსე საყვირი) მესამე მსოფლიო ომი, თუკი მანამდე უკვე უნდა იყოს ხოცვა-ჟლეტა დედამიწაზე (მეორე ბეჭედი), შიმშილი (მე3 ბეჭედი) და შემდეგ სიკვილმა და ჯოჯოხეთმა მეექვსე საყვირის დაცემამდე უნდა ამოჟლიტონ 2 მილიარდი ადამიანი?
 
ამრიგად, მეექვსე ბეჭედი არ არის მესამე მსოფლიო ომი. ეს არის დემონური არმია, რომელიც გააფთრებული დაეცემა თავს განდგომილ კაცობრიობას, და კვლავ - საღმრთო განგებულების ჩარჩოებში. მათ მიეცემათ ამისი კეთების უფლება. ისინი ვერ გაანადგურებენ მთელ კაცობრიობას, არამედ მის მხოლოდ 1/3.
 
იგივე სურათს ვხედავთ მრისხანების თასებშიც, იქაც ყველაფერი მოქმედებს საღმრთო განგებულების ჩარჩოებში.
 
 
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому