პუბლიკაციები - თქვა თუ არა ჟაკ ატალიმ, რომ საჭიროა სერიოზული პანდემია ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
თქვა თუ არა ჟაკ ატალიმ, რომ
საჭიროა სერიოზული პანდემია ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად?
მასონი ჟაკ ატალი
საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ამ ბოლო დროს ადამიანთა გონება ძლიერ დაიპყრო Covid-პანდემიასთან და აცრებთან დაკავშირებულმა პრობლემატიკამ. სამწუხაროდ ერთმანეთში ურევენ წმიდად სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და რელიგიურ მომენტებს, რის გამოც ჩვეულებრივი, არარელიგიური მოვლენა მისტიურ ხასიათს იძენს და მორწმუნეთა სულებს აშფოთებს. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ "კოვიდ-აცრები ანტიქრისტეს ბეჭედია", რომ "აცრა - ქრისტეს ღალატია"; კონკრეტულ ანტიქრისტეს რომ ვერ უთითებენ, იწყებენ მტკიცებას თითქოსდა "ანტიქრისტე უხილავად უკვე მოსულია და მსოფლიო პროცესებს მართავს" და ა. შ.
 
სამწუხაროა, რომ ამ აბსურდულ მტკიცებულებებს მრავალი მართლმადიდებელი მორწმუნეც აჰყვა. ჩვენ ვიცით როგორია მართლმადიდებლური ესქატოლოგია, ვიცით რომ არსებობს უსჯულოების საიდუმლო, რომლის ამოქმედება ჯერ კიდევ მოციქულ პავლესგან გვეუწყა (იხ. 2 თესალონიკ. 2:7); ისიც ვუწყით, რომ უსჯულოების ამ საიდუმლოს მომხრეებიც ჰყავს და განმახორციელებლებიც. მაგრამ, რა საჭიროა ჩვენი მტკიცებულებების აგება ცრუ ინფორმაციაზე? - ამგვარი რამ აბსოლუტურად მიუღებელია და მეტიც, მავნეა, რადგან მას შეუძლია უმძიმეს შეცდომაში შეიყვანოს მართლმორწმუნე.
 
ზოგჯერ ამგვარ ფეიკებს სპეციალურად, ქრისტიანთა მოსატყუებლად ავრცელებენ, რათა შემდეგ ამ ფეიკების მამხილებლებად გამოვიდნენ და მართლმადიდებელთა რწმენა შეარყიონ. მართლმორწმუნეებს კი "გიჟები" და "ფანატიკოსები" უწოდონ, რომლებმაც ცრუ-ინფორმაცია აიტაცეს და თავიანთი კონკრეტული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება მასზე ააგეს.
 
ამგვარი რამ თავიდან რომ ავიცილოთ, იმ ადამიანთა მიმართაც კი, ვინც აშკარად ავლენს ანტიქრისტიანულ მსოფლმხედველობას, სიცრუის გავრცელება არ გვმართებს. ცილისმწამებლობა მტრების მიმართაც კი დაუშვებელია.
 
ჭეშმარიტებას საკუთარი მტკიცებულებებისთვის სიცრუე არ სჭირდება, არც ვინმეს ცილისწამება, მეტიც, ის თვითონ ამხელს ნებისმიერ ცილისწამებს და სიცრუეს, რათა ყოველივე ცხადი და მკაფიო იყოს ადამიანთა სულების საცხონებლად. სიცრუე კი მხოლოდ უამრავ გაუგებრობას ბადებს, რაც შემდეგში შესაძლოა სულის წარმწყმედელ მახედ იქცეს. ნუ დავუჯერებთ ყველაფერს, რაც კი ინტერნეტში იწერება და ქვეყნდება, არამედ ყურადღებით მიმოვიხილოთ და შევამოწმოთ, ხომ არა აქვს ადგილი ეშმაკობას, თუნდაც ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ, რომ შემდეგ, ამგვარ უსამართლობათა გამჟღავნებით, ქრისტიანთა უგუნურება და ანტიქრისტიანთა "უდანაშაულობა" ამტკიცონ.
 
მსგავსი ვითარება შეიქმნა ცნობილი მასონის ჟაკ ატალის გამონათქვამებთან დაკავშირებითაც. წინამდებარე პუბლიკაცია სწორედ ამ თემას ეძღვნება.
 
სტატია აღებულია მართლმადიდებლური საიტიდან: pravoslavie.fm
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ციტატები, რომლებიც თითქოსდა ეკუთვნის საფრანგეთის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ჟაკ ატალის. პოსტები ციტატებით: "იმისთვის, რათა დავამყაროთ ახალი მსოფლიო წესრიგი მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება სერიოზული პანდემია" - მასობრივად ვრცელდება Facebook, Instagram-სა და TikTok-ზე. ამ პოსტებში ამტკიცებენ, თითქოსდა ატალიმ ეს დაწერა თავის წიგნში "სიცოცხლის მომავალი". ინტერნეტ საიტმა Factcheck.kz ჩაატარა გამოკვლევა ამ მიმართულებით, რათა გაერკვია რამდენად სანდოა და რეალური ის ფრაზები რომლებიც ჯაკ ატალის მიეწერება.
 

ზემოთ ფოტოზე: რუსულ ინტერნეტ-მედიაში გავრცელებული ფეიკი




რუსულ ინტერნეტ-მედიაში გავრცელებული ფეიკის ქართული თარგმანი


ვერდიქტი: ფეიკი
ჟაკ ატალი არაერთხელ გამოსულა მომავალთან დაკავშირებული საკმაოდ პესიმისტური პროგნოზებით და სადავო გამონათქვამებით, მაგრამ ციტატა, რომელიც მოთავსებულია ფოტოზე, ისევე როგორც პოსტის აღმწერი ციტატა იმის შესახებ, თითქოსდა "აცრა - ეს არის მოხუცებისგან, ავადმყოფებისგან, მშიშრებისა და ბრიყვებისგან" საზოგადოების გაწმენდის საშუალება - ჟაკ ატალის არ ეკუთვნის. არც ერთი წყარო არ ადასტურებს მათ სინამდვილეს. ხოლო ევთანაზიასთან დაკავშირებული ცილისმწამებლური ციტატის გამო ატალიმ 1984 წელს სასამართლოც კი მოიგო.
ციტატა: "იმისთვის, რათა დავამყაროთ ახალი მსოფლიო წესრიგი მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება სერიოზული პანდემია", რომელიც ჟაკ ატალის მიწერება - ფეიკია!

დეტალები: ვინ არის ჟაკ ატალი და სინამდვილეში რას ამბობს ის პანდემიაზე?
 
ჟაკ ატალი - ფრანგი ეკონომისტი, მწერალი და ბიზნესმენია. 10 წლის განმავლობაში ის იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის მრჩეველი, მოგვიანებით ის გახდა რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის პირველი პრეზიდენტი. ატალის მიეწერება უამრავი ფეიკური ციტატა და, ალბათ, არც თუ შემთხვევით, რადგან მთელი რიგი მისი პროგნოზები, წიგნები და გამონათქვამები მართლაც პროვოკაციულია, მათ შორის საზოგადოების შესაძლო მომავალი მოწყობისა და მასზე პანდემიის ზეგავლენის შესახებ.
 
ასე, მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში პასუხობდა რა კითხვას: "უნდა იცხოვრონ თუ არა ადამიანებმა 120 წელი?" ატალიმ თქვა, რომ ამაში აზრს ვერ ხედავს, რადგან 65 წლის შემდეგ ადამიანი საკმაოდ ძვირი უჯდება საზოგადოებას. ხოლო 2020 წლის მარტის შენიშვნაში დაწერა, რომ 18-ე საუკუნიდან ექიმი იღებს პოლიციის ფუნქციასაც ადამიანის სიკვდილისგან დაცვის საქმეში - ქვეტექსტიდან ამოღებულ ამგვარ გამონათქვამებს სრულიად შეუძლიათ გააჩინონ შეთქმულების თეორიებიც. ამასთან ატალისთვის მნიშვნელოვანია ალტრუიზმის კონცეფცია, რომელიც საზრდოობს ეგოიზმით, ასევე საზოგადოებრივი ინტერესების დაყენება ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა. აი რას წერდა, მაგალითად, ატალი გასული წლის 20 მარტს თავის ტვიტერში პანდემიის შესახებ:

მოგვყვავს სრული ციტატის თარგმანი ატალის შენიშვნიდან: "ამგვარად, როდესაც პანდემია ჩაცხრება, გაჩნდება ახალი ლეგიტიმური ძალაუფლება (იმის შემდეგ, რაც დადგება ავტორიტარიზმის რეგრესის ფაზა, რომელიც ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას ლაჩრული შეღავათებით და ღრმად დაეჭვდებიან ლეგიტიმურ ძალაუფლებაში); ის არ დაეფუძნება არც რწმენას, არც ძალას, არც გონიერებას (და, უდავოდ, არც ფულს, რომელიც გონების უმაღლესი გამოხატულებაა).
 
პოლიტიკური ძალაუფლება იქნება მათი, ვინც შეძლებს სხვების მიმართ ყველაზე მეტი თანაგრძნობის გამოვლენას. ეკონომიკის დომინირებული სექტორებიც დაკავშირებულნი იქნებიან ემპათიასთან: ჯანდაცვა, სტუმართმოყვარეობა, კვება, განათლება და გარემო. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ძირითად მწარმოებელ ქსელზე, ენერგიისა და ინფორმაციის ნაკადზე დაყრდნობით, რომლებიც ნებისმიერი შემთხვევაში აუცილებელია. ჩვენ შევწყვეტთ უსარგებლო ნივთების შეძენას და დავუბრუნდებით ძირითადს, რითაც საუკეთესოდ გამოვიყენებთ საკუთარ დროს ამ პლანეტაზე, რომელსაც ყველაზე ღირებულად ვაღიარებთ.
 
ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ გადასვლის სიმწყობრე, და არ გადავაქციოთ ის გაპარტახებულ ველად. რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამ სტრატეგიას, მით უფრო მალე გამოვალთ ამ პანდემიიდან და საშინელი ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც მას მოსდევს".
რა შეიძლება ითქვას ციტატაზე, რომელშიც ლაპარაკია "საზოგადოების გაწმენდაზე უძლურთაგან, სნეულთაგან, ლაჩართაგან და ბრიყვთაგან"?

ციტატა: "აცრა - ეს არის მოხუცებისგან, ავადმყოფებისგან, ლაჩრებისგან და ბრიყვებისგან საზოგადოების გაწმენდის საშუალება" - ასევე არ ეკუთვნის ჯაკ ატალის. ამგვარი შინაარსის პოსტები ვრცელდება Facebook-ზე Instagram-ზე და TikTok-ზე. მათში ირწმუნებიან, რომ თითქოსდა ატალი ლაპარაკობდა პლანეტის მოსახლეობის შემცირებაზე პანდემიის ორგანიზების გზით, რომ თითქოსდა ეს ყველაფერი მას დაწერილი აქვს წიგნში "სიცოცხლის მომავალი", რომელიც გამოქვეყნდა 1981 წელს. ჩვენმა კოლეგებმა AFP-დან და Snopes-დან უკვე გადაამოწმეს ეს და სხვა მსგავსი ციტატები, რომლებიც მიწერება ჟაკ ატალის. ჩვენ დამატებითი მოკვლევა ჩავატარეთ და იმავე აზრამდე მივედით.
 
ატალიმ მრავალი წიგნი დაწერა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ატარებს სახელწოდებას "სიცოცხლის მომავალი". წიგნი სახელწოდებით "Future Life", რომელიც 1981 წელს გამოქვეყნდა ფრანგული სახელწოდებით |L’Avenir du Futur"ს, შემდეგ კი ინგლისურადაც ითარგმნა, დაწერილია მიშელ სალომონის (Michel Salomon) მიერ და შეიცავს ინტერვიუს ატალისთან, რომელიც პასუხობს კითხვაზე "შეიძლება თუ არა და სასურველია თუ არა იცხოვრო 120 წელი?" წიგნის გამომცემელმა, სეგერსმა (Seghers), AFP-ს გაუგზავნა ნაწყვეტის ასლი, რომელშიც ციტირებულია ატალი.
 
ინტერვიუს ერთ-ერთ მომენტში ატალი ამბობს შემდეგს:
 
"... როგორც კი ადამიანი სამოც ან სამოცდახუთ წელს გადააცილებს, და მისი პროდუქტიულობა და მომგებიანობა იკლებს, ის ძვირი უჯდება საზოგადოებას... ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ღირებულების თვალსაზრისით, უმჯობესია ადამიანურმა მანქანამ უცებ შეწყვიტოს ფუნქციონირება, ვიდრე თანდათანობით გაუარესდეს".
 
ეს არის ერთადერთი ციტატა პოსტში, რომელიც ატალის ნამდვილად ეკუთვნის, საკმაოდ რადიკალური განცხადებაა მრავალთათვის (მათ შორის ჩვენთვისაც), მაგრამ ლოგიკურია ატალის ალტრუისტულ-ეგოისტური კონცეფციისთვის. თუმცა, პლანეტის დეპოპულაციაზე არც ამ ინტერვიუში და არც სხვა რომელიმე ინტერვიუსა თუ გამოსვლაში ატალის არაფერი უთქვამს.
 
რაც შეეხება ციტატას ევთანაზიაზე, ჯერ კიდევ 1984 წელს ატალიმ სასამართლო მოუგო ერთ სამედიცინო ჟურნალს მის წინააღმდეგ გამოთქმული ამგვარი ცილისწამებისთვის. სამედიცინო ჟურნალი ატალის მოხუც ადამიანთა ევთანაზიის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.
 
ატალის წიგნებში ასევე არ მოიპოვება პანდემიის აუცილებლობასთან დაკავშირებული ციტატების ნაკვალევიც კი. კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ ის გამოთქმული იყო ატალის წიგნში Verbatim - მაგრამ ამ წიგნში სიტყვა "პანდემია" ნახსენებიც კი არ გახლავთ.
 
აი სინამდვილეში რას წერს ჟაკ ატალი პანდემიასა და პოსტპანდემიურ მსოფლიოზე:
ჟაკ ატალი
შეჯამება
 
 
გავრცელებულ პოსტში მხოლოდ ერთ ციტატას აქვს კავშირი ჟაკ ატალისთან - ისიც მოთავსებულია გამოგონილ კონტექსტში.
 
ატალის არ დაუწერია წიგნი სახელწოდებით "სიცოცხლის მომავალი" და მას არ უთქვამს, რომ კაცობრიობას სჭირდებოდეს პანდემია და, რომ "აცრა - ეს არის საზოგადოების გაწმენდის საშუალება მოხუცებისგან, ავადმყოფებისგან, ლაჩრებისგან და ბრიყვებისგან".
 
ჟაკ ატალის გააჩნია სხვა მრავალი სადავო და რადიკალური პროგნოზები და გამონათქვამები, მაგრამ რაღაც მიზეზით კონსპიროლოგებმა ჰაიპისთვის გადაწყვიტეს გამოეყენებინათ გამოგონილი ციტატები, რომლებიც არ ეკუთვნიან ატალის.

__________________
 
ჰაიპი - ინგლ.: hype - აგრესიული და მომაბეზრებელი რეკლამა, რომლის მიზანია მომხმარებელში უპირატესობის ფორმირება.

__________________


წყაროები: factcheck.kz  //  pravoslavie.fm

თარგმანი საიტი "აპოკალიფსისი". 17 აგვისტო 2021 წ.
Назад к содержимому