პუბლიკაციები - "სატანის დამრტყმელი იარაღი" - აპოკალიფსისი ამხელს გარყვნილებას - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
"სატანის დამრტყმელი იარაღი" - აპოკალიფსისი ამხელს გარყვნილებას
სატანიზმი და გარყვნილება
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, ანუ აპოკალიფსისი, არა მარტო ახალი აღთქმის ერთ-ერთი საიდუმლოებებით მოცული წიგნია, არამედ საკმაოდ "არაპოლიტკორექტულიცაა". ასე, მაგალითად, აპოკალიფსისში აშკარავდება გარყვნილთა და იმ ადამიანთა ხვედრი, ვინც "ტოლერანტობის" გამო მათ არ ეწინააღმდეგება.
 
მოდი მსუბუქად გადავავლოთ თვალი იესუ ქრისტეს მიმართვას აპოკალიფსური ეკლესიებისადმი, ანუ მცირე აზიის შვიდი ეკლესიისადმი. ეფესოსა და სმირნას (იზმირი) ეკლესიების შემდეგ - უფალი მიმართავს პერგამოსის ეკლესიას. აქ, სხვათაგან განსხვავებით, ვხედავთ ერთგვარ სერიოზულ თავისებურებებს. როგორც ყოველთვის, უფალი ამბობს: "ვიცი შენი საქმენი". მაგრამ თავს ასე წარადგენს: "ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე" (აპოკ. 2:12).
 
ორლესული მახვილი, - ეს ქრისტეს სიტყვაა. ცოტა გვიან, აპოკალიფსისში, თუკი მის კითხვას გავაგრძელებთ, დავინახავთ მას ცხენზე ამხედრებულს, და მძლეველს. მისი პირისგან გამოდის ორლესული მახვილი, რომლითაც სძლევს ის ყოველგვარ ბოროტებას. ქრისტე მახვილითურთ - ეს რაღაც ახალია ჩვენთვის, რადგან სახარებებში ჩვენ მას ვხედავთ მახვილის, აბჯრისა და ძვირფასი შესამოსელის გარეშე. აქ კი ქრისტე მახვილითაა და ამბობს:
 
"ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი" (აპოკ. 2:13)
 
ცხადია, იმ დროის პერგამოსში არსებობდა რომელიღაც სატანური კულტი, რომელთა შორისაც ქრისტიანები ცხოვრობდნენ. მაგრამ ასე იყო ეფესოშიც, სადაც არსებობდა არტემიდა ეფესელის კულტი, და მთელი ქვეყნიერება თავს იქ იყრიდა. ქრისტიანები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, ასწლეულების განმავლობაში მრავალმკერდა არტემიდის თანყვანისმცემლებთან საშინელ კონფრონტაციაში იყვნენ. ანუ, იქ მსოფლმხედველობათა უსერიოზულესი დაპირისპირება არსებობდა. ხოლო პერგამოსში უშუალოდ იმყოფებოდა სატანის ტახტი და იქ ძალიან ძლიერი შავი კულტები მოქმედებდნენ. მაგრამ, პერგამოსის ეკლესიის ეპისკოპოსმა, რომელიც ცხოვრობდა იქ, სადაც იყო თვით სატანა და სადაც მოკლულ იქნა უფლის ერთგული მოწმე ანტიპა, თავისი სარწმუნოება არ უარჰყო.
 
მაგრამ შემდეგ უფალი ამბობს, რომ აქვს მცირეოდენი რამ პერგამოსის ეკლესიის ეპისკოპოსის წინააღმდეგ:
 
"მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ" (აპოკ. 2:14).
 
აქ უნდა მივმართოთ რიცხვთა წიგნს, ანუ იმ დროებას, როდესაც ისრაელი ძლევამოსილად იარებოდა აღთქმული მიწისკენ, მას კი ეწინააღმდეგებოდნენ. მოწინააღმდეგეებს ესმოდათ, რომ უნდა ებრძოლათ არა მახვილით, არა კომბლებით, არა ქვებითა თუ ეტლებით, არამედ ერთგვარი საინფორმაციო ომის სულისკვეთებით. სწორედ ამიტომ ისინი ქირაობდნენ მოგვებს, რომლებსაც უნდა დაეწყევლათ ისრაელი.
 
ერთ-ერთი ასეთი მოგვთაგანი, რომელმაც სასყიდელის გამო გაბედა ისრაელის დაწყევლა, იყო ბალაამი, მაგრამ საბოლოო ჯამში მან ვერ შეძლო ისრაელის დაწყევლა. როდესაც ბალაამი ამ საქმეზე მიდიოდა, მისი ვირი ალაპარაკდა, და მან აკურთხა ისრაელი, რადგან გონიერი კაცი იყო და იხილა ისრაელის მომავალი დიდება. სწორედ ამ ვითარებაზე მიგვითითებს აპოკალიფსისი და აფრთხილებს ეპისკოპოსს, რომ "შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს" (აპოკ. 2:15)
 
ნიკოლაელთა შესახებ ჩვენ უკვე ეფესოს ეკლესიისადმი მიმართვიდან ვიცით. ისინი გარყვნილები იყვნენ, რომლებიც გარყვნილების იდეოლოგიას ქადაგებდნენ. გარყვნილება ყოველთვის სამარცხვინოა, მაგრამ გარყვნილებას პლიუს იდეოლოგია - ეს უკვე სატანის დამრტყმელი იარაღია. ამის მეშვეობით იზიდავს ის თავის მიმდევრებს, ამშვიდებს მათ სინდისს, განუმარტავს მათ, რომ ამ გარყვნილებაში არაფერია საშინელი, პირიქით, ასე უფრო უკეთესია, ასეა საჭირო, ასეთები უნდა იყვნენ დიდი ადამიანები და ა. შ. ეს, საკუთრივ, არის კიდეც ნიკოლაიტელთა სწავლება. ასეთი ადამიანები ეფესოშიც იყვნენ. ასეთები პერგამოსშიც აღმოჩნდნენ.
 
ამრიგად, უფალი პერგამოსის ეპისკოპოსს ტუქსავს და ეუბნება: შენ გყავს ასეთები, და შენ მათ ითმენ, შენ მშვიდად ხარ მიუხედავად იმისა, რომ ისინი შენს ეკლესიაში მოქმედებენ. შენ "ტოლერანტული" ხარ მათ მიმართ.
 
დავუშვათ, შენ ხარ მღვდელი, შენს სამრევლოში კი არის მნათე - ურყევი ჰომოსექსუალისტი, რომელიც ვიღაცით "სარგებლობს", და ვიღაცას აცდუნებსб და თუ შენ მას ითმენ, მაშინ დაისჯები; ან დავუშვათ შენ ხარ ეპისკოპოსი, და შენს სამრევლოში არის მღვდელი, რომელიც რყვნის მთელ სამრევლოს, რადგან თვითონაც გარყვნილია. და თუკი შენ იცი ამის შესახებ, მაგრამ ითმენ მას, მკაცრად დაისჯები. შემდეგ ამ ანალოგიის მიხედვით. თუ შენ ხარ მმართველი, შენს დაქვემდებარებაში კი არის მსახური, რომელიც რყვნის გარშემომყოფთ, შენ კი მას ითმენ და არ ბორკავ მას, მკაცრად დაისჯები.
 
ხოლო თუკი უზნეო თანამდებობით ან ხარისხით შენზე მაღლაა, ანუ შენი უფროსობა მისდევს ამგვარ ცოდვას, მაშინ, იგლოვე და ილოცე. მაგრამ, თუ შენ დგახარ ყოველივე ამაზე მაღლა და არ გააჩერებ შენდამი დაქვემდებარებულთ, დაისჯები.
 
"მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით" (აპოკ. 2:16). ხომ გახსოვთ ეს ორლესული მახვილი, რომელიც უფლის პირიდან გამოდის და ყოველგვარ უსამართლობას ამხელს. შემდეგ კი უფალი ბრძანებს:
 
"ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა" (აპოკ. 2:17).
 
მანანა - ეს არის ზეციური პური, რომელსაც ჭამდნენ უდაბნოში მოგზაური ებრაელები, ანუ ის ადამიანები, რომელთაც მიწა არ დაუმუშავებიათ. ისინი ღმრთისგან იღებდნენ საკვირველ საჩუქარს, რომელიც ყოველ დილით მათი კარვების გვერდით ჩნდებოდა. ეს ჩვენი ევქარისტიის - პურისა და ღვინის ერთგვარი ანალოგიაა. პური თითქოსდა პურია, მაგრამ სინამდვილეში ის ქრისტეს სხეულია. ღვინოც თითქოსდა ღვინოა, მაგრამ სინამდვილეში ეს ქრისტეს სისხლია. და ჩვენ ამ საიდუმლო მანანით ვიკვებებით, რომელსაც ჯერაც უხვად გვაძლევს ქრისტე. რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ დავნაყრდებით მისით უფლის სასუფევლის დაუღამებელ ნათელში.
 
მაშ, ასე, "მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა" (აპოკ. 2:17).
 
"თეთრი ქვა", რომელზეც დაწერილია "ახალი სახელი" ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი შევიცვლით სახელებს, ყოველი ქრისტიანი მიიღებს ახალ სახელს არა მშობელთა თვითნებობით და სურვილით, არა მშობელი დედის ინტუიციით, არამედ ღმრთის ცოდნით ჩვენზე. ანუ ყოველი ადამიანი მიიღებს მისი შინაგანი არსების შესაბამის სახელს. ის დაიწერება "თეთრ ქვააზე", რომელსაც უფალი ყოველ ცხონებულს უბოძებს.
 
აი, კიდევ ერთი აღთქმა მძლეველთათვის. მაშ, სძლიეთ. დაამარცხეთ სიზარმაცე, შური, ვნება, ბოროტსიტყვაობა, მთვლემარება, მცონარება, მუცელღმერთობა, ულოცველობა, ვერცხლისმოყვარება, სიამაყე, ამპარტავნება, სიკვდილის შიში და ა. შ.
 
მაშ, სძლიეთ! მძლეველს კი მივცემო მრავალგვარ სიკეთეთ - ბრძანებს უფალი.

წყარო: tsargrad.tv
Назад к содержимому